ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ამბებით თერაპია – სიტყვებით ჯადოსნობის შესახებ

ამბების სიყვარული და მისით ტკბობა ბებიამ მასწავლა, როდესაც აღტაცებით და ინტერესით ვუსმენდი მის საუბრებს, შელოცვებს თუ ფანდურზე დამღერებულ შაირებს – ჩვენი სახლის წინკარში, ჭიშკართან ხის ძელსკამზე, ბუხრის პირას თუ საძინებელ ოთახში, სადაც მის საწოლს მეც ვინაწილებდი. ამბების გახსენებით მოგვრილ სიხარულს და რაღაცნაირი მადლიანი კმაყოფილების განცდასაც ბებიას ვუმადლი. ამ განცდების შესაგრძნობად ისევ ვისურვებდი ბავშვობაში დაბრუნებას, მის გვერდით ჩამოჯდომას, რომ მისთვის მომესმინა.

 

ბებიას თხრობის გასაოცარი ნიჭი ჰქონდა და სიამოვნებით გვიყვებოდა უამრავ ამბავს. აქედან ზოგი რეალური იყო, ზოგიც არარეალური. წლების შემდეგ მივხვდი, რომ მას შეეძლო, ყველაფერი საკუთარ გამოცდილებასთან დაეკავშირებინა, ჩვენთვის საინტერესო გაეხადა მონათხრობი და დაგვემახსოვრებინა ხალასი იუმორით შეზავებული თუ უკიდურესად ნაღვლიანი ამბები.

 

როდესაც ბუხარში ნაკვერჩხლები მიინავლებოდა, ჭრაქის ლამფაც ისე კარგად ვეღარ ანათებდა და გარეთ ძილისწინა სიჩუმე ისადგურებდა, ვტოვებდით ბუხრის ოთახს და ბებიას ოთახში გადავინაცვლებდით. ეს ის დრო იყო, როდესაც ელექტროენერგია იშვიათად ან საერთოდ არ მოგვეწოდებოდა. იმ სიჩუმის გახსენება, რომელიც სოფელში ძილის წინ ჩამოდგება, ახლაც კი სიმშვიდეს მგვრის.

 

„- ღმერთო, დალოცე, ჩემი შვილები, შვილიშვილები. შვიდობიანი დღე გაგვითენე – დაილოცებოდა ბებია და უბრალო, შინაურული სიტყვებით დაელაპარაკებოდა ღმერთს ყვავილებიან ჩითის პერანგში დასაძინებლად გამზადებული. მას არასოდეს მოუყოლია ტრადიციული ზღაპრები შვილიშვილებისთვის, სადაც პროტაგონისტი მიდის სახლიდან და თავგადასავლებში ეხვევა; ისეთი ზღაპრები, როგორსაც სხვა ბებიები უყვებიან შვილიშვილებს. მისი ამბების მთავარი პერსონაჟი თავად იყო და ამბებიც გაჯერებული იყო ყოველდღიურობის, ცხოვრებისეული გამოცდილების, გადატანილი სიძნელეების, დამარცხებების და გამარჯვებების გაზიარების სურვილით. ბავშვობის დროინდელ რთულ ყოფაზე, ომში წასულ მამაზე, ყოჩაღ დედაზე და თავის 6 და-ძმაზე, შემდეგ სახლის დატოვების და ჩემს ბაბუასთან ახალი ცხოვრების დაწყებაზე როდესაც გვიყვებოდა, ეს ამბები, ყველა იმ ზღაპარს მერჩივნა, რომლებსაც ვკითხულობდი. ბებიას რთულ დროს მოუწია ცხოვრება, სიდუხჭირემ მის ცხოვრებას დაღი დაასვა, საკუთარი ოცნებების ახდენის საშუალება არ მისცა, განათლების მიღება ვერ შეძლო და ამას ძალიან განიცდიდა. 50 კაპიკი არ მქონდა, სკოლაში, რომ მიმეტანა. დედაჩემს ვერ ვუთხარი. საიდან ექნებოდა. ემრცხვა და მეორე დღეს აღარ წავედი სკოლაში, გვიამბობდა ბებია. როდესაც დაქორწინებას, ცხოვრების ამ მნიშვნელოვან ეტაპს იხსენებდა, სიამაყით ამბობდა:გაკერილი თეფში დამხვდა, როცა ბაბუაშენს გავყევი ცოლად და ეს ყველაფერი (სახლი, კარმიდამო) დიდი შრომით მოვიანეთ აქამდეო. ბებია მართლაც ძალიან ბევრს შრომობდა, სულ გვეუბნებოდა ადამიანმა მზის ამოსვლას უნდა დაასწროს ადგომაო და ყოველთვის ასე იქცეოდა. ჩვენს გაღვიძებამდე დილის საქმე უკვე მოთავებული ჰქონდა – ძროხა მოწველილი, ყველი ამოყვანილი, ჭურჭელი დარეცხილი და საუზმე მომზადებული.

 

დღეს ყველაზე რთულ მომენტებში, ზუსტად ვიცი, რა მიშველის – გარინდება და იმ დროში გადანაცვლება, როდესაც ყველაფერს სიმსუბუქის განცდა დაჰკრავდა, დაცულობის, უპირობო ნდობისა და სიყვარულის ატმოსფეროში.

 

ამბის ჯადოსნურობისა და მაკურნებელი თვისების რწმენაც ღრმა ბავშვობიდან მომყვება და დღესაც გულწრფელად მჯერა, როდესაც ბუხრის პირას მჯდარი ბებია კალთაში ჩამისვამდა, „შიშზე” და „ნათვალევზე” შემილოცავდა, „იყო და არა იყო რა”-სავით ჯადოსნურ სიტყვებს „ალისასა, მალისასა” წარმოთქვამდა, ვიცოდი, რომ სიტყვის მაგია ამოქმედებას იწყებდა. ავი თვალი მშორდებოდა, საშიშროება ჩავლილი იყო და ვერავინ ვერაფერს დამაკლებდა, როდესაც ბებიას შეეძლო სიტყვებით ეჯადოსნა.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი