ხუთშაბათი, ოქტომბერი 31, 2024
31 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2024

„რადიუმის გოგონები“

გინახავთ მანათობელი საღებავებით მორთული მაისურები, სპორტული ფეხსაცმელი და აქსესუარები? ისინი ლუმინოფორული საღებავითაა შესრულებული. ეს საღებავი შთანთქავს უი სხივებს და შემდეგ შეუძლია მისი სხვა სიგრძის ტალღად გარდაქმნა და უკან ხილული სინათლის სახით დაბრუნება. ასეთი სახის თანამედროვე საღებავები აბსოლუტურად უსაფრთხოა. ზოგჯერ მათ ფოსფორ შემცველსაც უწოდებენ, თუმცა გრამ ფოსფორსაც კი არ შეიცავს.

გასულ საუკუნეში არსებულ სამრეწველო მანათობელ საღებავებზე ვერავინ იტყოდა, უსაფრთხოაო. ამ პერიოდის ოციან წლებში წარმოებული საღებავები რადიოაქტიურ ელემენტებს შეიცავდნენ.

მეოცე საუკუნის დასაწყისში ფოტოთერაპია, ანუ სინათლით მკურნალობა განსაკუთრებულად მომხიბლავი გახდა. 1903 წელს ნობელის პრემია მედიცინის დარგში გაიცა მეთოდისთვის, რომელიც სინათლით მკურნალობას ეხებოდა. დანიელ ნილს ფინსენმა ნობელის პრემია მგლურას უი გამოსხივებით მკურნალობაში მიიღო. 20-იან წლებში მზე ხდება მნიშვნელოვანი სამკურნალო საშუალება. ჯერ კიდევ არაფერი იციან ვიტამინების შეთვისებაზე და იმუნიტეტზე, მაგრამ ყველა მასობრივად გარუჯვას იწყებს.

ამიტომ, როდესაც მარია და პიერ კიურიმ ახალი გამოსხივება აღმოაჩინეს, მაშინვე გაჩნდნენ მსურველები, რომ ამ ახალი სხივებით სხვადასხვა დაავადება დაესხივებინათ, იქნებ რამე გამოვიდესო. პირველ რიგში, ეს სიმსივნეს ეხებოდა. იონიზირებული გამოსხივება, ანუ ალფა, ბეტა და გამა გამოსხივება შლის ატომებს და ამგვარი დაშლის პროცესი ადამიანის კანზეც შეუძლია. შედეგი შესაძლოა ძალიან თვალსაჩინო იყოს და მაშინვე დამწვრობის სახით გამოვლინდეს, ან ჩუმად მიმდინარეობდეს და ზემოქმედებდეს უჯრედის მეტაბოლიზმზე. სიმსივნური უჯრედები ჯანმრთელთან შედარებით უფრო სწრაფად და უკონტროლოდ მრავლდება. ამიტომ, თუ მათ დავასხივებთ, ჯანმრთელ უჯრედებთან შედარებით, უფრო მეტ ტრავმას მიიღებენ და უფრო მალე მოკვდებიან. სხივურ თერაპიას ამ მიზნით თანამედროვე დროშიც იყენებენ. თუმცა, 20-იან წლებში ზოგადად, რადიაცია სამკურნალო საშუალებად იყო მიჩნეული და რადიაციული დასხივება ჯანსაღად ითვლებოდა. უფრო მეტიც, მცირე დოზით რადიაცია ჯანმრთელ ორგანიზმსაც სჭირდებოდა, ამიტომ, ბაზარზე გამოდიოდა უამრავი ნივთი, რომლებიც რადიაციულ წყაროს შეიცავდა. გამოდიოდა რადიუმიანი კბილის პასტა, ურანის შემცველი საღეჭი რეზინი. მუნდშტუკები ურანით, რომლებზეც არსებობდა მოსაზრება, რომ ნიკოტინის მავნე გავლენას ამცირებდა. ფრანგული კოსმეტიკური ქარხანა Tho-Radia უშვებდა თორიუმისა და რადიუმის შემცველ პროდუქციას. ძალიან გავრცელებული იყო საათები, რომელთა ისრები სიბნელეში ანათებდნენ სპეციალური საღებავით დაფარვის გამო. გამოდიოდა ასევე სიბნელეში მანათობელი სახლის სხვადასხვა სამშვენისები. ეს ნივთები დაფარული იყო სპეციალური დაპატენტებული საღებავით, რომელსაც UNDARK ეწოდებოდა. ის შეიცავდა რადიუმს. თავად რადიუმი სიბნელეში არ ანათებს. ანათებდა თუთიის სულფიდი, რომელიც რადიაციის არსებობისას ფოტონებს უშვებს. ამისთვის სულ მცირე რადიუმია საკმარისი. შესაბამისად, ასეთი საღებავით დაფარული ნივთები აბსოლუტურად უსაფრთხოდ ითვლებოდა და თუ სახლში ასეთ საათს დადგამდით, მართლაც არავითარი საფრთხე არ გელოდათ. დღეს, ბუნებრივია, რადიუმის შემცველ ნივთებს საწარმოებლად და გასაყიდად არ დაუშვებდნენ, თუმცა იმ პერიოდისთვის ეს ნორმალური იყო. არადა, საერთოდ არ იყო უსაფრთხო, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ ნივთებს ამზადებდა.

რადიუმის შემცველ საღებავს ციფერბლატსა და სხვა ნივთების ზედაპირზე ფუნჯით ხელით დაატანდნენ. ამიტომ, ლიდერი საწარმო ამ სამუშაოს აძლევდა ახალგაზრდა ჯანმრთელ გოგონებს, რომლებსაც მყარი ხელი და სრულყოფილი მხედველობა ჰქონდათ. გოგონებს, საწარმოს სხვა თანამშრომლებთან შედარებით სამჯერ მეტს უხდიდნენ, რადგან ისინი მხატვრებად ითვლებოდნენ. თან სუფთა, ნათელ ოთახებში მუშაობდნენ, ამიტომ ასეთი სამუშაო ძალიან პრესტიჟული იყო. ამავე დროს, ხუმრობა საქმე ხომ არ იყო, რადიუმთან ჰქონდათ საქმე, ასეთ რომანტიკულ და პოეტურ ელემენტთან.

გარდა ამისა, საწარმოს ხელმძღვანელობა გოგონებს არწმუნებდა, რომ მათ ძალიან გაუმართლათ. რადიუმი ხომ საყოველთაოდ იყო აღიარებული, როგორც სამკურნალო საშუალება, ასევე კოსმეტიკური ჰიტიც. ჰოდა, სხვა ქალები უზარმაზარ ფულს იხდიდნენ ფრანგულ, რადიუმის შემცველ კოსმეტიკაში, მაშინ როცა, გოგონებს, მასთან ყოველდღიურად უფასოდ ჰქონდათ შეხება. ჰოდა, გოგონებიც ამ საღებავს ხან სახეზე ისვამდნენ, ხან ფრჩხილებზე, ხან ტუჩებზე. შემდეგ, საღამოს ქუჩებში ან კაფეებში მიმავალნი ერთიანად ანათებდნენ. ეს ისეთი იდუმალი იყო… ყველას მათი შურდა. ოღონდ, არ დავივიწყოთ, რომ იმ პერიოდში ადამიანები შხაპს კვირაში ერთხელ თუ იღებდნენ. ჰოდა, წარმოიდგინეთ ამ საწყლების ამბავი, საღებავშეზელილებს დღეების განმავლობაში რომ უწევდათ ყოფნა.

გარდა ამისა, გოგონები მუდმივად კვნეტდნენ ფუნჯებს, რომ ფუნჯის ბოლო წაწვეტებული ყოფილიყო და საღებავი სწორად და ზუსტად გადანაწილებულიყო ზედაპირზე. ამას მათ საწარმო ავალდებულებდა. გამოდის, რომ საღებავს ჭამდნენ კიდეც.

თუ მენდელეევის პერიოდულობის სისტემას ჩახედავთ, ნახავთ, რომ კალციუმი და რადიუმი ერთ ჯგუფშია. ეს ნიშნავს, რომ მათ მსგავსი თვისებები აქვთ. როდესაც რადიუმი ორგანიზმში ხვდება, ორგანიზმი მას ვერ ასხვავებს კალციუმისგან და ძვლოვანი ქსოვილისკენ უხსნის გზას. ამის შემდეგ, რადიუმი იქ სამუდამოდ რჩება, რადგან მისი ნახევრადდაშლის პერიოდი 1600 წელი გახლავთ. მთელი ეს დრო, რადიუმი გამოყოფს ალფა და ბეტა სხივებს, რომლებიც ძლოვან და სხვა ქსოვილებში გაივლიან.

ნახევრადდაშლის პერიოდი არის დროის ინტერვალი, რომლის განმავლობაშიც რადიოაქტიური ნივთიერების საწყისი მასის ნახევარი იშლება. ამავე დროის განმავლობაში რადიოაქტიური გამოსხივების ინტენსივობაც ორჯერ მცირდება.

გოგონებმა მასობრივად ავად გახდომა დაიწყეს. პირველ რიგში კბილები ასტკივდათ. დაუსივდათ ღრძილები და დაეწყოთ შეუქცევადი აბსცესები. მთელი ყბის ძვალი ფოროვანი და რბილი გახდა. იგივე მოუვიდა მათ კუჭს და სულ ღებინების შეგრძნება ჰქონდათ. ექიმები ხელებს შლიდნენ და ვერაფერს იგებდნენ. თანდათანობით ეშლებოდათ მთლიანი ძვლოვანი სისტემა და სახსრები. 1922 წელს პირველი გოგო გარდაიცვალა. 1924 წლისთვის უკვე 50 გოგონა იყო ავად და მათგან 9-მ სიცოცხლე ლეტალურად დაასრულა. გოგონებმა ნელ-ნელა ეჭვი შეიტანეს, რომ შესაძლოა ყველაფერში საღებავი ყოფილიყო დამნაშავე. თუმცა, Unites States Radium ყველანაირად უარყოფდა საღებავის საფრთხეს და გოგონებს აქეთ ადანაშაულებდა, უწესო ცხოვრებას ეწევით ალბათ და გაურკვეველი დაავადება აიკიდეთო.

ასევე, აბრალებდნენ უწიგნურობასა და სიბნელეს. აბა, ბნელი უნდა ყოფილიყავი, რომ რადიუმიანი საღებავი რამეში დაგედანაშაულებინა. რადიუმი, რომელიც კიბოსაც კი კურნავდა!

საწარმოს ხელმძღვანელობამ ჰარვარდის პროფესორი სესილ დრინკერიც კი დაიქირავა, რომ მას ყველაფერი შეემოწმებინა და დასკვნა დაეწერა. სესილმა მართლაც გულდასმით შეისწავლა ყველაფერი და დასკვნაში დაწერა, რომ დიახ, შესაძლოა ყველაფერი საღებავის ბრალი ყოფილიყო. ამ დასკვნის გამოქვეყნება აუკრძალეს, დაემუქრნენ და ურჩიეს ჩუმად ყოფილიყო. ხელმძღვანელობამ კი ახალი ექსპერტი მოიწვია, რომელიც მსუყე ჰონორარით მიახვედრეს, როგორი უნდა ყოფილიყო ახალი დასკვნის შინაარსი.

აი, ასე განვითარდა მოვლენები… ყველა დააშინეს და გააჩუმეს, გარდა, გრეის ფრაიერისა, რომელმაც საწარმოს სასამართლოში უჩივლა. ფაბრიკაში მხოლოდ ორი წელი გაჩერდა, შემდეგ ბანკში გადავიდა სამუშაოდ და სწორედ ამ ეტაპზე დაეწყო კბილების პრობლემა. მას ორი წელი დასჭირდა, რომ მოეძებნა იურისტი, რომელიც ამ საქმეს ხელს მოჰკიდებდა. უზარმაზარი მონსტრი ფაბრიკის წინააღმდეგ წასვლა იურისტებსაც ეშინოდათ. საბოლოოდ მოინახა ახალგაზრდა და გულადი ადვოკატი, რომელიც სასამართლოში ხუთი „რადიუმის გოგოს“ საქმეს წარმოადგენდა. ეს გოგონები იყვნენ-გრეის ფრაიერი, ედნა ჰასმანი, კატერინ შაუბი, ქინდა მაკდონალდი, ალბინა ლარისი. დაიწყო უპრეცედნტო სასამართლო პროცესი, რომელმაც სათავე დაუდო ამერიკაში თანამშრომლების შრომის უსაფრთხოებაზე ზრუნვას. ფაბრიკის მესვეურები ყველანაირად წელავდნენ პროცესს. ამასობაში, ორი გოგონა გარდაიცვალა. დანარჩენები კი სიცოცხლის ბოლომდე კომპენსაციის გადახდას დათანხმდნენ. ფაბრიკას კომპენსაციის გადახდა დიდხანს არ დასჭირვებია…

ამასობაში, პროფესორმა დრინკერმაც სულაც არაფრად ჩათვალა კორპორაციის მუქარა და თავისი კვლევის შედეგები სამეცნიერო ჟურნალში გამოაქვეყნა. სტატიამ სამედიცინო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო და ნათელი გახდა, რომ ექიმები, რომლებიც სიმსივნიანებს ასხივებდნენ, თავად ავადდებოდნენ კიბოთი. ნათელი გახდა ისიც, რომ რადიაცია მავნებელია და მასთან მუშაობა დიდ სიფრთხილეს მოითხოვს. საღებავის საწარმო კი დახურეს.

გოგონებს, რომლებიც საღებავთან მუშაობდნენ „რადიუმის გოგონები“ შეარქვეს. იმ პერიოდში მათგან 109 ადამიანი გარდაიცვალა.

ზოგიერთი კი გადარჩა… მაგალითად მეი კინი, რომელიც გარდაიცვალა 2020 წელს, 107 წლის ასაკში. ფაბრიკაში მხოლოდ ერთი თვე იმუშავა, შემდეგ სამსახურიდან დაითხოვეს, რადგან ფუნჯის კბილებით წაწვეტებაზე უარი განაცხადა, საღებავის გემო არ მომწონსო. ჰოდა, როგორც ურჩი თანამშრომელი, სამსახურის გარეშე დატოვეს და, როგორც აღმოჩნდა, ამით სიცოცხლე გადაურჩინეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“