ხუთშაბათი, ივლისი 25, 2024
25 ივლისი, ხუთშაბათი, 2024

ენ შირლის კოლეგა

„-ადამიანებისთვის რაღაცების გაზიარების სურვილი შუაღამეს მეძალება და როცა სხვა არავინ არის, იძულებული ვხდები, მერი ჯოს მოვუყვე. თუმცა, რაკი შთაბეჭდილებას ვუქმნი, რომ „დალაგებული არ ვარ“, ამიერიდან ასე აღარ მოვიქცევი. მომეძალება და მოვითმენ!

– თუ სურვილი გაუსაძლისი აღმოჩნდება, შეგიძლია, „მწვანე მეზონინებში“ ამოირბინო და ფიქრი მე გამიზიარო, – შესთავაზა ენიმ მთელი სერიოზულობით, რომლის წყალობითაც ბავშვებს თავს აყვარებდა. ისინი აფასებდნენ, როდესაც თანატოლებად მიიჩნევდნენ“.

ეს დიალოგი ენ შირლისა და მის მოსწავლეს – პოლ ირვინგს შორის გაიმართა. ენი ის პატარა გოგონაა, „მწვანე მეზონინებში“ რომ იშვილეს ხანში შესულმა და-ძმა კათბერტებმა. ახლა უკვე დიდია, საჭირო განათლებაც მიიღო და სწორედ იმ სკოლაში დაიწყო მუშაობა, სადაც კუნძულზე მობრძანების დღიდან სწავლობდა. ენ შირლის თითქმის მთელი მსოფლიო იცნობს, ოღონდ უმეტესობა – არა ისე, როგორც წიგნების სერიის მეორე ნაწილშია. საქმე ის არის, რომ ლუსი მოდ მონტგომერის წიგნის მიხედვით 2017 წელს „ნეტფლიქსმა“ გადაიღო შესანიშნავი სერიალი, სახელად „Anne with a E. სერიალი სამი სეზონისგან შედგება, არც ისე სწორხაზოვნად მიჰყვება პირველი წიგნის სიუჟეტს და მოგვიანებით საერთოდაც გადაუხვევს მისგან. დარწმუნებული ვარ, პანდემიის პირველ თვეებში ჟღალთმიანმა გოგონამ ეკრანიდან ბევრი ადამიანის გამაყრუებელი ყოველდღიურობა ნამდვილ დღესასწაულად აქცია. მიუხედავად უამრავი სევდიანი ამბისა თუ მოგონებისა, ენის დიდი თუ პატარა თავგადასავლები მუდამ გჩუქნის მთავარს – იმედს, რომ თუ რაღაც, რაც ძალიან გინდოდა, ახლა არ ხდება, არა უშავს; ეს რაღაც ალბათ ოდნავ მოშორებით, მოსახვევთან დაგხვდება. მანამდე კი, ჯობია, მიმოიხედო და არსებულით დატკბე, რადგან ცხოვრება ისედაც ხანმოკლეა.

სერიის მეორე წიგნი „ენი ევონლიდან“ ჩემს მასწავლებლურ სულს განსაკუთრებით ეამა. ამ ნაწილში ენი უკვე 17 წლისაა და თავისივე სკოლაში მასწავლებლად იწყებს მუშაობას. ცხადია, ეს ასე მარტივად არ ხდება, ენის დიდი თავგადასავალი გადახდება, თუმცა, ვფიქრობ, ეს ნაწილი (და არამხოლოდ) ყველა მასწავლებელს უნდა ედოს სამუშაო მაგიდაზე. ენი თავის მასწავლებლურ საქმიანობას ახალი იდეებით სავსე შეუდგება. ევონლელები ხშირად დასცინიან იმის გამო, რომ ფიზიკურ დასჯაზე კატეგორიულ უარს ამბობს, თუმცა მისთვის მთავარი ისაა, რასაც თავად ფიქრობს, უფრო სწორად, გრძნობს.

პირველ ამაღელვებელ წელს მეორე მოსდევს და ენი, ამჯერად – ნაკლები იდეით, თუმცა მეტი პრაქტიკული გამოცდილებით, კვლავ ამაყად შეაბიჯებს სკოლაში, სადაც მოსწავლეები უკვე გულაჩქარებულები ელიან. ენის ორწლიანი მასწავლებლური თავგადასავლი ყველაზე საოცარი რამაა, რაც კი ბოლო დროს წამიკითხავს და ვეღარ ვხვდები, რომელი უფრო მიყვარს, პატარა და მოუღლელი ჭორფლიანი გოგონა თუ გაზრდილი და დაბრძენებული ჟღალთმიანი ქალბატონი. ერთი რამ კი ზუსტად ვიცი: ყველა მასწავლებელი იპოვის მასში და მის დღეებში თავის თავს: დღეებში, როცა არაფერი გამოდის და ქაოსის მეტი არაფერი იქმნება; დღებში, როცა გვგონია, რომ პროფესიის არჩევაში შევცდით და თავს ვერ ვართმევთ; დღეებში, როცა ნერვები გვღალატობს და იმის გაკეთება გვიწევს, რასაც აქამდე კატეგორიულად უარვყოფდით, მერე კი ვნანობთ; დღეებში, როცა ყველაფერი ისე კარგად მიდის, რომ სკოლიდან შინ ფრთაშესხმულები ვბრუნდებით; დღეებში, როცა მოსწავლეები ჩვენთვის წერილებსა და ნახატებს არ იშურებენ, თავიანთ ამბებს დაუღალავად გვიყვებიან და სანაცვლოდ ჩვენგან არაფერს ითხოვენ, გარდა მოსმენისა. ენ შირლი მუდამ უსმენდა თავის მოსწავლეებს და, რაც მთავარია, მათი ამბები, იდეები თუ საწუხარი არასდროს მიაჩნდა „ბავშვურად“. სწორედ ამით აყვარებდა მათ თავს. ენის კარგად ახსოვდა, რა მწარე იყო, როცა ბავშვობაში მის ნათქვამს არაფრად აგდებდნენ და გაჩუმებას უბრძანებდნენ. იქნებ სწორედ ეს არის კარგი მასწავლებლობის საიდუმლო – კარგად გახსოვდეს შენი ბავშვობა და, იმავდროულად, ყოველთვის დარჩე იმ ბავშვად, რომელიც დიდობამდე იყავი.

„მაგ წიგნს ჩემი და კითხულობს, მას“, – მითხრა და ენის პორტრეტს კალმით შეეხო მეხუთეკლასელი დემეტრე, რომელიც ბიბლიოთეკაში ჩემ წინ იჯდა და მათემატიკის დავალებას წერდა. ძალიან კარგი წიგნია და შენც უნდა წაიკითხო-მეთქი, მივუგე და ის-ის იყო, წიგნიდან პოლისა და ენის დიალოგის ამოწერა დავასრულე. გვერდით თამარ გეგეშიძის „საშლელებიც“ მედო, რაკი ენის ამბის კითხვას ვასრულებდი. „აი, მას, მე მაგ ავტორის წიგნს ვკითხულობ, „სული-ჩიტს“, და იცით, მას, ავტორი თებერვალში უნდა მოვიწვიოთ, ყველა ვკითხულობთ ერთად“. დემეტრეს საუბარი გავუბი, მიამბო, რაზეა „სული-ჩიტი“ და თავისი თეორიაც გამანდო იმის შესახებ, რატომ ჰქვია წიგნს ასე, ბოლოს ავტორის სურათიც დაგუგლა და რატომღაც გაოცდა, რა ახალგაზრდა ყოფილაო. შუა საუბარში „საშლელები“ ამოვატრიალე და უკანა ყდაზე უცებ ამ სიტყვებმა მომჭრა თვალი: „…თუმცა ერთი რამ ზუსტად იციან: უნდათ, რომ მათ აზრს პატივი სცენ, რომ გარშემო მყოფებმა მოუსმინონ, უთანაგრძნონ, ხადახან კი უბრალოდ მიიღონ ისეთები, როგორებიც არიან“. პოლ ირვინგმა და ენმა უცებ „საშლელების“ უკანა ყდაზე გადაინაცვლეს. „შენ როგორი მასწავლებელი გირჩევნია გყავდეს, დემე?“ – მოულოდნელად ვუბრუნებ შეკითხვას. „რა თქმა უნდა, მეგობრული, მას“, – მპასუხობს დაუფიქრებლად და ორივეს გვეცინება.

დღის ბოლოს 2021 წლის 8 ოქტომბრით დათარიღებულ ჩემს ნაწერს ვპოულობ და ყველაფერი სამუდამოდ უკავშირდება ერთმანეთს: „როცა გაკვეთილსა და გაკვეთილს შორის მოქცეულ ათ წუთში ჩემი სადამრიგებლო კლასისკენ გავრბივარ და გზად პატარა მეორეკლასელები ფანჯრებზე ცხვირმიჭყლეტილები მიქნევენ ხელს, ხოლო უკვე მეექვსეკლასელები (რომლებსაც აღარ ვასწავლი) ჩემი კლასის კართან აისვეტებიან, რათა სამოც წამში სამოცი ამბავი მიამბონ, მაგ დროს ვფიქრობ ხოლმე, ნეტავ როგორ შევძელი და ამდენი პატარა ადამიანის სიყვარული რით დავიმსახურე-მეთქი. ნუთუ მხოლოდ იმით, რომ მათი მოსმენა მიყვარს?!

რა სწრაფად გადის დრო და რა სასიამოვნოა იმაზე ფიქრი, რომ ენ შირლის კოლეგა ვარ!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“