ხუთშაბათი, ოქტომბერი 31, 2024
31 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2024

თვითშეფასება დაწყებით საფეხურზე 

ვინ ვარ მე?! ეს კითხვა ადამიანის ცხოვრების თანამდევი ნაწილია. მასზე პასუხის ძებნას ბავშვობიდან ვიწყებთ, თუმცა ამ უზარმაზარ სამყაროში საკუთარი ადგილისა და დანიშნულების აღმოჩენა არც ისე ადვილია. მე-კონცეფცია ნიშნავს პიროვნების აზრებსა და შეხედულებას საკუთარ თავზე. დადებითი და უარყოფითი შეხედულების მიხედვით კი თვითშეფასება ან დაბალია, ან – მაღალი.

როგორც წესი, თვითშეფასება ორი უმთავრესი ფაქტორის ზემოქმედების შედეგად ყალიბდება. იგი ეყრდნობა ხალხის წარმოდგენას ჩვენზე და ჩვენივე წარმოდგენას საკუთარ თავზე. ხშირად გარემოცვის დამოკიდებულება დომინირებს და ქმნის ყველაფერში ხელმოცარულ ინდივიდს, რომელიც საზოგადოების სარკეში დანახულ საკუთარ თავს უბრძოლველად იღებს და არც კი ცდილობს უკეთესი მომავლისკენ ნაბიჯის გადადგმას. თუმცა წარუმატებლობის მიზეზად საკუთარ თავზე გადაჭარბებული წარმოდგენაც შეიძლება იქცეს.

ობიექტური თვითშეფასების ჩამოყალიბება განაპირობებს ადამიანის თვითეფექტურობას, რაც მუდმივ პიროვნულ ზრდასა და განვითარებას უწყობს ხელს. თვითეფექტურ პიროვნებას სჯერა საკუთარი შესაძლებლობების, თუმცა თავი ყოვლისშემძლე არ ჰგონია. მას არ ეშინია შეცდომის დაშვების და პირველივე დაბრკოლებასთან ფარ-ხმალს არ ყრის. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ზემოაღნიშნულისგან სრულიად საპირისპირო დამოკიდებულება დომინირებს. მარცხის გამო დაცინვა/დატუქსვა ან იმედგაცრუების ღიად გამოხატვა აღზრდა-გაკაჟების ერთგვარ იდეოლოგიურ ფენომენს წარმოადგენს. არადა, თვითეფექტურ ადამიანს მუდმივი გამარჯვების მოლოდინი კი არ ამოძრავებს, საკუთარ კომპეტენციაში ობიექტურადაა დარწმუნებული და იცის, რომ შეცდომაზე დაკვირვება და გამოსავლის ძიება ახალი გამოცდილების/ცოდნის შეძენის საკმაოდ ეფექტური მეთოდია.

დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანები შეცდომის დაშვების შიშით უმოქმედოდ ყოფნას არჩევენ ან პირველივე დაბრკოლებასთან მოტივაციას კარგავენ. ყველაზე დიდ დემოტივატორს წარმოადგენს ე.წ. მკვლელი სიტყვები, რითაც ავტორიტეტული პირები (ოჯახი, სკოლა, საცხოვრებელი უბანი) გამუდმებით დომინირებენ ინდივიდზე და ისიც საკუთარ თავს საზოგადოების პოზიციაზე დაყრდნობით აფასებს. ამას გარდა, მოზარდები ხშირად ხდებიან არასწორი, გაზვიადებული შეფასების მსხვერპლი. ადრე თუ გვიან, პირველ მარცხს აუცილებლად იგემებენ და საზოგადოების მაღალი მოლოდინისგან განსხვავებული საკუთარი თავის დანახვა დიდ დარტყმას მიაყენებს მათ თვითშეფასებას.

ზემოაღნიშნული პრობლემები ხშირად ჩნდება სწავლის პროცესშიც. დაბალი თვითშეფასების მქონე მოსწავლისთვის ყოველი ახალი საკითხის დამუშავება დაუძლეველ დაბრკოლებად აღიქმება. შეიძლება პირიქითაც მოხდეს და დასახული მიზნ(ებ)ის მიღწევისთვის დაჭირო უნარ-ჩვევებით შეიარაღებული მოზარდი მაინც სწავლის/განვითარების დაბალი მოტივაციით გამოირჩეოდეს. „დამნაშავე“ ამ შემთხვევაშიც არაადეკვატური თვითშეფასებაა. შესაძლოა, ოდესღაც მისი მოსაზრება/ინიციატივა დაიწუნეს ან არაფრად ჩააგდეს, რამაც მას საკუთარი შესაძლებლობებისადმი რწმენა შეურყია.

როგორც ვხედავთ, არაადეკვატური წარმოდგენები (როგორც დადებითი, ასევე – უარყოფითი) აფერხებს პიროვნული ზრდის პროცესს და შედეგად ვიღებთ გადაჭარბებულ თავდაჯერებულობას ან შესაძლებლობის შეუსაბამო უმოქმედობას. არაადეკვატური შეფასების სასწორის ერთ პინას ამძიმებს კითხვა: „რაში მჭირდება სწავლა, მე ხომ ისედაც ყველაფერი ვიცი?!“ მეორეს კი – „მაინც არ გამომივა და რატომ უნდა ვცადო?!“

დაბალი თვითშეფასების მქონე მოსწავლეების ამოცნობა არ გახლავთ რთული. ისინი იშვიათად იჩენენ ინტერესს საგაკვეთილო პროცესის მიმართ, უჩივიან გადაღლას, თავს არიდებენ ურთიერთობებს და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ამყარებენ კომუნიკაციას. მათი ემოციური მდგომარეობა მყიფეა, ხშირად შფოთავენ და პატარა ბარიერსაც უდიდეს პრობლემად აღიქვამენ. ზოგიერთი მათგანი საკუთარი თავს ზემოაღნიშნული „მკვლელი სიტყვებით“ აფასებს (მე ხომ სულელი/მოუხერხებელი ვარ, არასოდეს გამომივა და ა.შ.). ამიტომაც ვსაუბრობთ სისტემატური, ეფექტური უკუკავშირის გაცემის აუცილებლობაზე, შეცდომებისადმი დამოკიდებულების შეცვლაზე, ემოციების მართვის უნარის განვითარებაზე და ა.შ. ადრე თუ გვიან, მოსწავლეები შეძლებენ მიმდინარე სასწავლო პროცესებისა და საკუთარი ქმედებების ობიექტურად შეფასებას, რაც, თავის მხრივ, დადებით გავლენას მოახდენს მათ თვითეფექტურობაზე.

მოსწავლეებს აუცილებლად უნდა მივცეთ ემოციების ვერბალიზაციის საშუალება. ეს მათ შფოთვას შეამცირებს და თვითშეფასებასაც აღარ მიაყენებს ზიანს. ემოციების გამოხატვასთან დაკავშირებული არაერთი აქტივობა არსებობს. მოსწავლეები მიუსადაგებენ თავიანთ განწყობებს სასწავლო მასალებს, ეძლევათ საკუთარი ემოციის კორექტულად გამოხატვის უფლება/საშუალება და სხვ. ალბათ გახსოვთ, როგორ ებრძვიან ერთგვარ შიშის ქამელეონს, ჯადოსნურ არსებას ბოგარტს (ჯ. როულინგი, „ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე“). მსგავსი ექსპერიმენტი ერთხელ მეც ჩავატარე დაწყებითი საფეხურის ერთ-ერთ კლასში, სადაც ზემოაღნიშნული ავტორის წიგნებს კარგად იცნობდნენ. ჯერ ზემოაღნიშნული წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმიდან ბოგარტთან ბრძოლის ნაწყვეტს ვუყურეთ. შემდეგ დავხატეთ ისეთი არსებები/მოვლენები, რომლებიც შიშს ან ბრაზს იწვევენ ჩვენში, ბოლოს კი ნამუშევრებს სასაცილო დეტალები დავამატეთ. ჩემი აზრით, ამ აქტივობამ უფრო დაგვაახლოვა, რადგან ერთად და თან სიცილით დავამარცხეთ თუნდაც ერთი უსიამოვნო ფიქრი.

რაც შეეხება წარუმატებლობის შიშს, ჩემი აზრით, ჩვენს აღსაზრდელებს პატარა მიღწევებით სიხარული უნდა ვასწავლოთ. მაქსიმალურად ფრთხილად უნდა მივუთითოთ შეცდომაზე, შევეცადოთ, გაკვეთილზევე გავასწორებინოთ და დადებითი კომენტარით განვამტკიცოთ მათი შრომა. მოსწავლეთა დამოკიდებულების შეცვლის მიზნით, კლასებში ხშირად ვაწყობ „შეცდომებზე ნადირობას“, შემდეგ კი ერთმანეთს ვეხმარებით ხარვეზების გამოსწორებაში. ამ გზით ტექსტის კორექტირების საწყის უნარებსაც ვეუფლებით და შეცდომის მიმართ შიშიც ნელ-ნელა ქრება.

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს უძნელდებათ შესასრულებელი სამუშაოს სწორად დაგეგმვა: დროის გადანაწილება, ვრცელი ინსტრუქციის საფეხურებად დაშლა, დავალების სრულად და თანმიმდევრულად შესრულება… საკუთარ ნაწერში ხარვეზების ხშირად აღმოჩენა კი მოსწავლეთა თვითრწმენას უქმნის საფრთხეს. ამიტომ დრო არ უნდა დაგვენანოს და, შეცდომების მიმართ დამოკიდებულების შეცვლასთან ერთად, მოზარდებს ინსტრუქციის სწორად წაკითხვა-გაგება ვასწავლოთ. ჩემს მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ ერთ-ერთი აქტივობა, რომელსაც ზემოაღნიშნული ხარვეზების აღმოჩენისას ვასრულებინებ. ვაძლევ გამართული დავალების ნიმუშს, რომლის მიხედვითაც უნდა ჩამოაყალიბონ ინსტრუქცია. ზემოაღნიშნული დავალების ერთგვარი ვარიაციაა მზა ინსტრუქციისა და არასრული დავალების ნიმუშის შედარება. მოსწავლეები ინსტრუქციას შლიან პატარა ნაბიჯებად და დავალებაში გამორჩენილ დეტალს ეძებენ. დაკვირვების უნარს ასევე კარგად წვრთნის არეული ტექსტის თანმიმდევრულად დალაგება, თხზულების გეგმის შედგენა, საყვარელი კერძების რეცეპტებისა და საყიდლების სიის შექმნა, საკლასო გამოკითხვა (კითხვარების შედგენა, შედეგების შეჯამება) და სხვ.

სასკოლო პრაქტიკისთვის სიახლეს აღარ წარმოადგენს თვითშეფასების ტესტები, რომლებსაც ფსიქოლოგები და საგნის პედაგოგები ადგენენ. მათი დახმარებით განსაზღვრავენ ინდივიდის თვითშეფასების დონეს და სასწავლო პროცესის მიმართ დამოკიდებულებას. პორტფოლიო, რეფლექსია, ყოველდღიური თუ ყოველკვირეული ჩანაწერები/სამუშაო დღიური, შესასვლელი/გასასვლელი ბილეთები, თვითშეფასებისა და გაკვეთილის შეფასების რუბრიკები… ეს იმ ინსტრუმენტების მცირე ჩამონათვალია, რომელთა დახმარებითაც მოსწავლეები განივითარებენ სასწავლო პროცესებისა და საკუთარი მიღწევების ობიექტურად შეფასების უნარებს, რასაც ადეკვატური თვითშეფასების ჩამოყალიბება მოჰყვება.

ნიმუში #1 

სამწუხაროდ, მასწავლებლებს ხშირად დრო არ რჩებათ შეფასების რუბრიკების გამოსაყენებლად (მათი შევსება უმეტესად გაკვეთილის დასასრულს იგეგმება, ამ აქტივობისთვის გამოყოფილი წუთები კი სამუშაო პროცესს ეწირება). ხანდახან გვგონია, რომ ყოველდღიური ზეპირსიტყვიერი უკუკავშირი დამატებითი ინსტრუმენტების ჩართვას აღარ საჭიროებს. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ სასწავლო პროცესისა და მასში საკუთარი ჩართულობის შესაფასებლად საჭიროა ამ საკითხებზე დაფიქრება, რასაც ზემოაღნიშნული რუბრიკები (იხ. ნიმუშები) მნიშვნელოვნად უწყობს ხელს  და მოსწავლეთა დამოკიდებულება თუ მოლოდინები უფრო კონკრეტული და გაზომვადი ხდება.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“