ხუთშაბათი, ოქტომბერი 10, 2024
10 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2024

მე, მე და მე

კიდევ ერთხელ თვითშეფასებაზე.

გვსურს თუ არ გვსურს, ვვარაუდობთ თუ მკაფიოდ ვაცნობიერებთ, ჩვენი სამყაროს სიღრმეში ჩვენი თვითშეფასება „მდებარეობს“. ხშირად, თუ ყოველთვის არა, მიმდინარე მოვლენებს სწორედ საკუთარ თავთან ვაკავშირებთ და ვსვამთ მარტივ და ზოგჯერ გაუცნობიერებელ კითხვას: რას ამბობს ეს მოვლენა თავად ჩემზე? როგორი ადამიანი ვარ მე, ამ შემთხვევის შემდეგ?

მაშინაც კი, როდესაც ვფიქრობთ, რომ ზოგიერთი მოვლენა ჩვენ, როგორც შეფასების ობიექტებს, არ გვიკავშირდება, თვითშეფასება ამ შემთხვევაშიც მოქმედებს.

ბევრს გვსმენია, რომ არსებობს მაღალი და დაბალი თვითშეფასება. თუმცა, რა მოხდება, თუ თვითშეფასებას არა უძრავ, მყარ, დაბალ ან მაღალ თვითშეფასებად წარმოვიდგენთ, არამედ სხვაგვარად გავიაზრებთ?

დღესდღეობით, არსებობს თვითშეფასების ჩამოყალიბებისა და მისი მოქმედების გზების ახსნის რამდენიმე მნიშვნელოვანი, ახალი თეორია.

ერთ – ერთი მათგანი ვარაუდობს, რომ ჩვენს მეხსიერებაში არსებობს შეფასებების ჩამონათვალი, რომელიც შედგება დადებითი და უარყოფითი მახასიათებლებისგან. მაგალითად, თითოეული ჩვენგანის მეხსიერებაში მოცემულია ზედსართავები – კეთილი, გულისხმიერი, მზრუნველი და ბოროტი, გულგრილი, უყურადღებო. იმის მიხედვით, თუ როგორ მოვიქცევით ჩვენ ან როგორ განვითარდება მოვლენები ჩვენს ცხოვრებაში, მეხსიერებიდან სწორედ ის შეფასებები გაცოცხლდება, რომლებიც განვითარებულ მოვლენებს თუ ჩვენს ქცევებს შეესაბამება. სწორედ ამიტომ, სასურველი იქნება, ჩვენს თვითშეფასებას დროებით მაინც მივაწოდოთ ისეთი ფაქტები, რომლებიც დაგვეხმარება საკუთარ თავზე დადებითი წარმოდგენები უფრო სწრაფად აღვიდგინოთ მეხსიერებიდან, ვიდრე – უარყოფითი წარმოდგენები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეხსიერებიდან გაცილებით მარტივი იქნება საკუთარ თავზე არსებული უარყოფითი წარმოდგენების აღდგენა, ვიდრე – დადებითის. გარდა ამისა, საკმაოდ სწრაფად გავიწვრთნებით უარყოფითი შეფასებების გახსენებაში, ვიდრე – დადებითი წარმოდგენების გახსენებაში. დროთა მანძილზე კი, მეტად და მეტად გაგვიჭირდება საკუთარ თავთან დაკავშირებული დადებითი შეფასებების მოძიებაც, რაც ჩვენს გუნება – განწყობაზე და ქმედების შესრულების უნარზე უარყოფითად აისახება.

მეორე თეორია, რომელიც თვითშეფასების მოქმედების გზებს ხსნის, საკუთარ თავზე არსებულ წარმოდგენებს შორის განსხვავების შედეგების ახსნას ცდილობს[1].

ამ თეორიის თანახმად, თვითშეფასება სამ დიდ განზომილებას შორის ურთიერთქმედების შედეგია.

თითოეული ჩვენგანი საკუთარ თავს სამი დიდი განზომილების შედარების და მათ შორის განსხვავებების განცდის საფუძველზე აფასებს.

ეს სამი განზომილებაა:

ამჟამინდელი „მე“ წარმოადგენს საკუთარ თავზე ამჟამინდელი, აწმყო და მიმდინარე მოვლენების, თუ ჩემ მიერ ამჟამად, აწმყოში განხორციელებული ქმედებების ერთობლიობას, რომელიც ამჟამინდელ „მე“ – ზე წარმოდგენებს ქმნის.

სრულყოფილი „მე“ მოიაზრებს იმედებსა და სურვილებს, მიზნებს, რომელთა მიღწევასაც ვისურვებდით, ოცნებებს და ქცევის ძირითად მამოძრავებლებს. სრულყოფილი „მე“ განგვაწყობს სასურველთან მიახლოებისკენ. ის, როგორც გზამკვლევი, გვიბიძგებს, ჩვენი ოცნებების ასრულებისთვის განსაზღვრული ქცევები განვახორციელოთ.

როდესაც ჩვენ სასურველს ვერ ვუახლოვდებით, მეტწილად, სევდას, დათრგუნვილობას და ამ ორი ემოციის მონათესავე ემოციებს განვიცდით.

„მე,“ რომელსაც პასუხისმგებლობები აქვს – მოიცავს პასუხისმგებლობებს, რომლებიც ადამიანს აქვს ირგვლივმყოფების წინაშე. გარდა ამისა, თვითშეფასების ეს განზომილება მოიცავს მოლოდინებს, როგორიცაა: რას ელიან ჩემგან, რა მევალება და რაზე ვარ პასუხისმგებელი ირგვლივმყოფების წინაშე? რამდენად ამართლებს ჩემი ქცევები სხვების მოლოდინებს? როგორი უნდა ვიყო მე სხვების აზრით?

ეს არის წარმოდგენები სრულყოფილ, უნაკლო და უზადო „მე“ – ზე.

ის, როგორც გზამკვლევი, გვიბიძგებს განრიდებისკენ და შფოთვისგან თავდაცვისკენ. მაშინ, როდესაც ჩვენ ამ განზომილებაში არსებულ რომელიმე მოლოდინს ვამართლებთ, ხშირად, ის განიცდება არა როგორც შენაძენი, არამედ – როგორც უსიამოვნო განცდებისგან განრიდება და, აქედან გამომდინარე, დამაჯილდოებელი გამოცდილება. ანუ, ადამიანი კმაყოფილია იმით, რომ უსიამოვნო ემოციების განცდის თავიდან არიდება შეძლო.

მაგალითად, როდესაც ჩვენ გავამართლეთ მშობლის მოლოდინი, მივიღოთ მაღალი შეფასება, ხშირად, ამ მოლოდინის გამართლებას არა შენაძენად აღვიქვამთ, არამედ უსიამოვნო ემოციებისგან განრიდების საშუალებად, რაც, თავის მხრივ, კმაყოფილებას აღძრავს.

ამ სამ განზომილებას შორის არსებული განსხვავებები ადამიანებს სხვადასხვაგვარად აგრძნობინებს თავს. რამდენად დიდია ჩემს ამჟამინდელ „მე“ – სა და სრულყოფილ „მე“ – ს შორის განსხვავება ან რამდენად ძლიერ განსხვავდება ამჟამინდელი „მე“ – ს მიერ შესრულებული ქმედებები და ეხმიანება თუ არა ჩემდამი მოლოდინებს? ანუ, შეესაბამება თუ არა ჩემი ქმედებები სხვების წინაშე გაშინაგნებულ პასუხისმგებლობებს?

როგორ შეიძლება აისახოს ამ სამ განზომილებას შორის განსხვავება სწავლის დროს?

სწავლა, როგორც მიღწევასთან და მოლოდინების გამართლებასთან თუ იმედგაცრუებებთან დაკავშირებული პროცესი, მჭიდროდ უკავშირდება განხილულ განზომილებებს.

სწავლა ჩვენი სურვილებისა და ოცნებების ასრულებას ისევე უკავშირდება, როგორც ირგვლივმყოფების მოლოდინებს ან სრულყოფილი ან უნაკლო „მეს“ შესახებ წარმოდგენებს.

მიღწევები თუ წარუმატებლობები, რომლებიც სწავლას ახლავს თან, აძლიერებს ან ასუსტებს არსებულ, სასურველსა და იმ სინამდვილეს შორის განსხვავებას, რომელსაც ჩვენგან ელიან.

რაც უფრო მკაფიოდაა გამოხატული ამ სამი განზომილების მიხედვით საკუთარი თავის შეფასების შედეგებს შორის განსხვავება, მით უფრო დიდია შანსი, ისეთ ემოციებს განვიცდიდე, როგორიცაა შფოთვა, დათრგუნვილობა, სევდა, ბრაზი და ა. შ. გარდა ამისა, იზრდება დაძაბულობა და სასურველთან მიახლოების სურვილი იცვლება მხოლოდ უსიამოვნოსგან განრიდების სურვილით.

 

როგორ შეგვიძლია, ვიზრუნოთ მოსწავლეების თვითშეფასების სიმყარეზე და განმტკიცებაზე?

სცადეთ, მოსწავლეებში გააღვივოთ პასუხისმგებლობის განცდა

პასუხისმგებლობის უნარი ფსიქიკური კეთილდღეობის ერთ – ერთი წინაპირობაა, რადგან ის არა მხოლოდ იმაში გვარწმუნებს, რომ შეგვიძლია, დაბრკოლებებს გავუმკლავდეთ და სხვებზე ვიზრუნოთ, არამედ, გვეხმარება ისეთი გამოცდილებებისგან განრიდებაში, რომლებიც ჩვენგან დიდ ძალისხმევას და სასიცოცხლო ძალას ითხოვენ. პასუხისმგებლობის უნარი ირგვლივმყოფებთან ხანგრძლივი, მყარი და კეთილგანწყობილი ურთიერთობის დამყარებაში გვეხმარება, რაც, თავის მხრივ, საკუთარ თავზე დადებით წარმოდგენებს აძლიერებს. ჩვენს ამჟამინდელ, წარმოსახულ და მომავალ „მე“ – ს შორის მცირდება განსხვავება, რაც ჩვენში ნაყოფიერი ქმედებების დაგეგმვის უნარსაც აძლიერებს.

ეცადეთ, მოსწავლეებს ასაკობრივი თავისებურებებისთვის შესატყვისი საზრუნავი ჰქონდეთ. მაგალითად, ოთახის მცენარეზე ზრუნვა. გარემოზე ზრუნვის პასუხისმგებლობა მოსწავლეებში ანგარიშვალდებულების განცდას აძლიერებს, რაც საკუთარ თავზე დადებითი წარმოდგენების ჩამოყალიბებასაც უწყობს ხელს.

უზრუნველყავით მართვის განცდა მოსწავლეებში

მართალია, მაცდუნებელია მოსწავლეებისთვის პრობლემური ამოცანის გადაჭრის გზის შეთავაზება, თუმცა, თუ თქვენ მოსწავლეებს თავსატეხების თავად ამოხსნის უფლებას მისცემთ, მათში გაძლიერდება მართვის განცდა. მართვის განცდა ადამიანის ერთ – ერთი ძირეული მოთხოვნილებაა.

მაგალითად, თუ თქვენი მოსწავლეები ერთმანეთს მასხრად იგდებენ გაკვეთილის დროს, სცადეთ შემდეგი მიდგომა სიტყვიერი შეხსენებების ნაცვლად:

ა) ჰკითხეთ თქვენს მოსწავლეებს, ფიქრობენ თუ არა, რომ გაკვეთილის დროს ერთმანეთის მასხრად აგდება პრობლემური სიტუაციაა. იმ შემთხვევაში, თუ ისინი ამ სიტუაციას არ აღიარებენ პრობლემურ სიტუაციად, სცადეთ, სწორედ მათი პასუხი გამოიყენოთ დისკუსიის დაწყებისთვის. მაგალითად, დაუსვით მათ კითხვა: „რატომ ფიქრობთ, რომ გაკვეთილის მანძილზე, ერთმანეთის მასხრად აგდება პრობლემური სიტუაცია არაა?,“ „როგორ ფიქრობთ, რატომ შეიძლება ერთმანეთის მასხრად აგდება ხელს გვიშლიდეს?“

ბ) მას შემდეგ, რაც მოსწავლეები აღიარებენ პრობლემური სიტუაციის არსებობას და გაიაზრებენ, რატომაა კონკრეტული სიტუაცია პრობლემური, შეგიძლიათ, ჰკითხოთ: „როგორ შეგვიძლია, ამ პრობლემის მოგვარება?“

გ) სცადეთ, გამოიყენოთ პრობლემის მოგვარების ისეთი გზები, რომლებიც, წესით, გონივრულია.

ეცადეთ, მოსწავლეებს დისციპლინირებულობის წვრთნაში დაეხმაროთ – არსებობენ მოსწავლეები, რომელთაც მეტად უჭირთ იმპულსის მართვა, ვიდრე – სხვა მოსწავლეებს. როგორც წესი, დისციპლინირებულობა არათუ ახირება, არამედ საშუალებაა, ჩვენს მიზნებს გაცილებით მარტივად და დამატებითი დაბრკოლებების გარეშე მივაღწიოთ.

მოსწავლეები, რომელთაც იმპულსის მართვის სირთულე აქვთ, დიდწილად, თვითშეფასებაში საკუთარი თავის შესახებ უარყოფითი წარმოდგენების გაბატონების საფრთხის წინაშე დგანან.

ამდენად, სასწავლო წლის დასაწყისშივე, სცადეთ, მოსწავლეებთან ერთად შექმნათ წესები, რომლებიც მათ გზამკვლევად ემსახურება.

ა) სთხოვეთ მოსწავლეებს, გაგიზიარონ, კლასის მართვის რომელი წესები მიაჩნიათ მნიშვნელოვნად როგორც მოსწავლისათვის, ასევე – მასწავლებლებისთვის.

ბ) როგორ ფიქრობენ, როგორ შეუძლიათ, წესები სწრაფად დაიმახსოვრონ იმისათვის, რომ წესების შეხსენება ხშირად არ დასჭირდეთ.

გ) როგორი შედეგები მოჰყვება წესების დარღვევას.

როდესაც წესების შექმნისთვის მოსწავლეები თავად გასცემენ ძალისხმევას, ისინი მეტად ცდილობენ წესების დაცვას.

ეცადეთ, გახსოვდეთ დადებითი გამოხმაურებისა და მხარდაჭერის მნიშვნელობა

ადამიანების მეხსიერება მიდრეკილია, მოვლენები, რომელთაც ძლიერი შფოთვა, ბრაზი ან მათთან მონათესავე ემოციები ახლავს თან, გაცილებით მძაფრად დაიმახსოვროს, ვიდრე – სიხარულის ან აღტყინების აღმძვრელი მოვლენები. ამდენად, თანმიმდევრულად მიღებული გამოხმაურება ჩვენი მიღწევების თუ ძლიერი მხარეების შესახებ გვეხმარება შევამციროთ განსვლა ზემოთ აღწერილი სამი განზომილების მონაცემებს შორის და მედეგი თვითშეფასება შევქმნათ.

ამისთვის შეგიძლიათ, გამოიყენოთ რამდენიმესიტყვიანი, გამამხნევებელი კომენტარები.

თუმცა, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, მოსწავლეს არა მხოლოდ მიღწევებზე, არამედ – გასაუმჯობესებელ უნარებზე, ცოდნაში არსებულ დანაკლისებზე თუ შეცდომებზე სწორი წარმოდგენა ჰქონდეს.

ეცადეთ, მოსწავლეები შეცდომების დაშვების გარდაუვალობას შეაგუოთ.

ბევრი ადამიანი შეცდომის დაშვებაზე სხვადასხვა მიზეზის გამო ღელავს. იმისთვის, რომ მოსწავლეებს შეცდომის დაშვების შიში შეუმსუბუქდეთ, შეგიძლიათ, სასწავლო წლის დასაწყისში მათ მარტივი კითხვა დაუსვათ: „ვინ ფიქრობს, რომ წელს შეცდომებს დაუშვებს და ზოგჯერ სწავლაში დაბრკოლებებიც შეექმნება?“ კითხვის დასმისთანავე, კითხვაზე დადებითი პასუხის ნიშნად, შეგიძლიათ, ხელი თავად აწიოთ და შეცდომის დაშვება მსჯელობის საკითხად აქციოთ. დასვით კითხვა: „როგორ ფიქრობთ, რატომ შეიძლება შეცდომის დაშვების შიშმა ხელი შეგვიშალოს სწავლაში?“ მსჯელობის შეჯამების დროს, აუხსენით მოსწავლეებს, რომ შეცდომის დაშვების შიში ბევრ ადამიანს ეუფლება. შეგიძლიათ, მათთან ერთად, ამ შიშის მიზეზების მოკლე ჩამონათვალიც შეადგინოთ. ბოლოს კი, მოკლე სამოქმედო გეგმაც შეადგინოთ, რომელიც შემდეგ კითხვას უპასუხებს: „როგორ შეგვიძლია, გავუმკლავდეთ შეცდომის დაშვების შიშს?“

შეცდომების შიშის შესუსტებაში საკუთარ თავზე დაკვირვებაც დაგეხმარებათ. შეგიძლიათ, საკუთარ თავს რამდენიმე კითხვა დაუსვათ:

ა) შემთხვევით, მძაფრ ემოციებს ხომ არ აღძრავს ჩემში მოსწავლეების შეცდომები?

ბ) კონკრეტულად, რომელ ემოციებს აღძრავს ჩემში მოსწავლეების შეცდომები?

გ) როგორ ვეხმაურები თავად მოსწავლეებს, რომლებიც შეცდომებს უშვებენ? როგორ წინადადებებს ვიყენებ, როდესაც მოსწავლეების შეცდომებს ვეხმაურები?

დ) როგორ ვიქცევი, როდესაც კლასში მოსწავლე კითხვას მცდარ პასუხს სცემს?

სცადეთ, მოსწავლეებს შეახსენოთ ხოლმე, რომ სასწავლო მასალის ათვისებაში სირთულეები მოსალოდნელია და თქვენ მზად ხართ, მათთან ერთად გაერკვეთ და დაძლიოთ ისინი.

ისეთი ფრაზების გამოყენების ნაცვლად, როგორიცაა − „კიდევ რამდენჯერ უნდა განვმარტო ეს საკითხი?,“ „ყურადღებით მისმენდი?“ − სცადეთ, გამოიყენოთ შემდეგნაირად ჩამოყალიბებული ფრაზა: „შესაძლოა, ეს ინსტრუქცია მეტისმეტად გრძელია და გაგება გაგიჭირდა. მოდი, ვცადოთ, ერთად გავერკვეთ, რა შეგვიძლია, გავაკეთოთ ინსტრუქციის უკეთ გაგებისთვის.“

როდესაც რომელიმე მოსწავლე მცდარ პასუხს გცემთ, ეცადეთ, სწორი პასუხის ძიებაში სხვა მოსწავლეზე არ გადაინაცვლოთ და მცდარი პასუხი პრობლემის გასაცნობიერებლად გამოიყენოთ. შესთავაზეთ კლასს: „მოდით, ხელახლა განვიხილოთ ეს პრობლემური სიტუაცია.“ ამ მიდგომის გამოყენებით მოსწავლეები შეცდომის დაშვების ბუნებრიობას გაიაზრებენ. ამავდროულად, ისინი ისწავლიან, რომ დაშვებული შეცდომის აღმოჩენა და სწორი პასუხის ძებნა შეუძლიათ, განვითარების საფუძვლად აქციონ.

და მაინც…

როგორი ვარ მე, როგორც ჩემი სამყაროს შუაგული? როგორ ვუყურებ სწავლას ამ შუაგულიდან?

[1] Self-discrepancy theory, Edward Tory Higgins, 1987.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“