ოთხშაბათი, ოქტომბერი 2, 2024
2 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

საკლასო ოთახში, მოსწავლის პირისპირ

ირაკლი კაკაბაძე

რამდენიმე შეთავაზება მასწავლებელს მოსწავლის მოტივაციის ამაღლებისთვის

დღეს თითქმის ყველა პედაგოგი თანამედროვე სკოლის ერთ-ერთ უპირველეს პრობლემად სწავლის მიმართ მოსწავლეთა დაბალ მოტივაციას დაასახელებს. ამას ზოგი საგანმანათლებლო პოლიტიკის ხარვეზებს მიაწერს, ზოგი _ სკოლისგან დამოუკიდებელ პრობლემებს და ზოგიც საზოგადოების ბრალეულობას ხედავს დამნაშავის ძებნა შორს წაგვიყვანს და ბოლოს მაინც საკლასო ოთახში, მოსწავლის პირისპირ დაგვაბრუნებს.

ცნობილია, რომ სწავლის სურვილსა და მოტივაციას ბავშვები მე-7-მე-8 კლასებში თანდათანობით კარგავენ, ანუ ეს პრობლემა ყველაზე მწვავედ საშუალო სკოლის მოსწავლეებთან დგას. რა თქმა უნდა, აქ გადამწყვეტ როლს გარდატეხის ასაკის თავისებურებები თამაშობს. ამ დროს ბავშვები დამოკიდებულებებს იცვლიან, საკუთარი თავის დამკვიდრების იოლ გზებს ეძებენ და სირთულეებს გაურბიან.

ალბათ ყველას გვყოლია სკოლაში ერთი მასწავლებელი მაინც, რომელმაც ესა თუ ის საგანი შეგვაყვარა. ფაქტია, რომ ყველა პედაგოგს შეუძლია, გავლენა მოახდინოს საკუთარი მოსწავლეების მოტივაციაზე.

რა ვერ მოგვიგვარებს პრობლემას

 

სპონტანურობა _ ეს ნიშნავს, რომ აქტიურად უნდა ვიმუშაოთ საგაკვეთილო გეგმაზე, გავთვალოთ ყველა ასპექტი: მოსწავლეთა როგორ ქცევას ველოდებით, წინ რა უძღოდა ამ გაკვეთილს, ჩამოვაყალიბოთ, რა სიახლე შეგვიძლია მივაწოდოთ ბავშვებს. თითოეული მოსწავლისთვის მოფიქრებული უნდა გვქონდეს ერთგვარი დავალება, რითიც ინდივიდუალური შესაძლებლობებიდან გამომდინარე გაკვეთილის პროცესში მის ჩართულობას უზრუნველვყოფთ, უნდა დავუკავშიროთ ერთმანეთს გაკვეთილის მიზნები, სტრატეგია და მოსალოდნელი შედეგები.

შეფასებაში ასახული დისციპლინა-

.

ხშირად მასწავლებლები ამ მხრივ ცდილობენ მოსწავლეთა დაინტერესებას საგნით და შეფასებას იყენებენ მოსწავლეთა დასასჯელად, რაც თავიდანვე მცდარი და არასწორი საქციელია ჩვენი მხრიდან, სჯობია ვცადოთ და

შეფასების განსხვავებული ფორმები მოვიფიქროთ კონკრეტული კლასისთვის (სასურველია ბავშვებთან ერთად). მოსწავლეები ამ ასაკში არაპროგრამულ დავალებებს ხალისით ასრულებენ, მაგალითად, საპრეზენტაციო თემების წერასა და კლასის წინაშე წარდგენას, ფილმების გადმოწერას ინტერნეტიდან, ვიზუალური თუ აუდიო წყაროების მოძიებას, ლაშქრობების, ექსკურსიების ან გასვლითი გაკვეთილების ორგანიზებას, დისკუსიებისა და დებატების მოწყობას. ამ ყველაფერში შეგვიძლია აქტიურად გამოვიყენოთ კომპონენტიანი შეფასების სისტემა,შევუფასოთ შეძენილი უნარ-ჩვევები, აზროვნების დემონსტრირების ფორმები და სხვა.

შევუქმნათ ყველა მოსწავლეს პორტფოლიო, რომელშიც მთელი წლის ნამუშევრებს შევუნახავთ (თემებს, ტესტებს, ილუსტრაციებს, მოძიებულ მასალებს და ა.შ.) სასწავლო წლის ბოლოს კი მისი შეფასება პორტფოლიოს მიხედვითაც შეგვეძლება.

სიმკაცრე – ამ ასაკში რაც მათ ყველაზე მეტად გვაშორებს, ეს სიმკაცრეა. ყოველ წამს უნდა დავანახოთ, რომ ჩვენ მეგობრები ვართ, მხოლოდ განსხვავებული უფლება-მოვალეობებით. ნუ მივცემთ საშუალებას, სხვაგან ეძებონ საკუთარი თავის გამოხატვისა და აზრის გამოთქმის გზები. დავანახოთ ღია და გულწრფელი დამოკიდებულება მათი პიროვნებების მიმართ, არასდროს მივცეთ შენიშვნა სხვისი თანდასწრებით (ამისთვის შესვენებაც შეიძლება გამოვიყენოთ და საგაკვეთილო პროცესის შემდგომი პერიოდიც). ყველა ხერხი უნდა მოვსინჯოთ მათი ნდობის მოსაპოვებლად, რადგან თანამედროვე მოსწავლე უშუალოდ ჩვენი და ჩვენი საგნის საჭიროების დასაბუთებასა და დამტკიცებასაც ითხოვს. თითოეულ შეცდომას სასჯელი კი არა, დახმარება უნდა მოსდევდეს.

რა შეიძლება დაგვეხმაროს მოტივაციის შექმნასა და ამაღლებაში:

დროის ეფექტურად მართვა – გაკვეთილის დროის არასწორ განაწილებას დისციპლინის პრობლემები მოსდევს. სასურველია, გაკვეთილის სტრუქტურა და დროის განაწილება კლასთან ერთად განვიხილოთ. გაკვეთილის ეფექტური დაგეგმვითა და მართვით მოსწავლეებს დროის ეკონომიურად გამოყენების მაგალითი უნდა მივცეთ.

აქტივობების მრავალფეროვნება – ნუ იქნება ჩვენი გაკვეთილი ერთფეროვანი და მოსაწყენი. რაც შეიძლება, მეტი ხალისითა და ენთუზიაზმით დავიწყოთ იგი. მივმართოთ სხვადასხვა სახის აქტივობასა თუ მეთოდს (ჯგუფური მუშაობა, დისკუსია, კონკურსი, წერითი დავალება, პრეზენტაცია, თვალსაჩინოებები, აუდიო ჩანაწერები, ვიდეო ჩანაწერები და ა.შ.), რაც გაკვეთილს უფრო აქტიურს გახდის, ხოლო მოსწავლეების ჩართულობის დონეს საგრძნობლად აამაღლებს.

ინტერნეტი და თანამედროვე ტექნოლოგიები – საინტერესო და ეფექტური გაკვეთილის დაგეგმვასა და წარმართვაში ყველაზე მეტად ვიზუალური მასალის სიმრავლე გვეხმარება. ბავშვების სამყაროს აღქმა ძირითადათ ხომ თვალის მეხსიერებას ეფუძნება. ყველაზე დიდ ინტერესს ისინი ფილმებისა და ინტერნეტის მიმართ იჩენენ _ რატომ არ გამოვიყენოთ ეს სიკეთეები? გაკვეთილის თემატიკიდან გამომდინარე, მოვძებნოთ მასალები ინტერნეტ-სივრცეში (ფილმი, კლიპი, ნაწყვეტი ფილმიდან, სიმღერა, დოკუმენტური მასალა, ფოტო-მასალა, საგნობრივი თამაშები და ა.შ), მასალის ნახვის ან მოსმენის შემდეგ დისკუსია მოვაწყოთ. თუ კომპიუტერი ან ინტერნეტი არ გვაქვს, შეგვიძლია მოსწავლეებს დავავალოთ მასალის მოძიებაცა და წარდგინებაც.

მეგობართა ჯგუფი – მეგობართა ჯგუფს სკოლის რამდენიმე მასწავლებელი ქმნის, რომლებიც საკუთარი საქმიანობის მუდმივი გაუმჯობესებითა და დახვეწით არიან დაინტერესებულნი. მეგობართა ჯგუფი იმისთვის იქმნება, რომ კოლეგები ერთმანეთს პედაგოგიური პრაქტიკის კრიტიკული შეფასებით დაეხმარონ. ისინი ერთობლივად განსაზღვრავენ სასწავლო მიზნებს და მათ მისაღწევად მეთოდებსა და სტრატეგიებს შეიმუშავებენ, აგრეთვე კონკრეტულ მოსწავლეთა საკითხებს, ან სასწავლო პროცესში წამოჭრილ პრობლემებს განიხილავენ. მეგობართა ჯგუფის წევრები ახალი რესურსების მოძიებისა თუ გამოყენების უნარ-ჩვევებს ერთმანეთისგან სწავლობენ. ჯგუფი თვეში ერთხელ ან ორჯერ იკრიბება რამდენიმე საათით. გამოცდილება მოწმობს, რომ მეგობართა ჯგუფის წევრი მასწავლებლის მოსწავლეები უფრო მეტად მოტივირებულები არიან და მაღალი აკადემიური მოსწრებითაც გამოირჩევიან.

როდესაც მასაწავლებელს ვურჩევთ რა საქმიანობა წარმართოს მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ გაკვეთილის დაგეგმვას, დოკუმენტების წარმოებას თუ კლასგარეშე ღონისძიებებს არც თუ ისე ცოტა დრო სჭირდება, არადა დროის სიმცირეს ყველა უჩივის, თუმცა წარსულს უნდა ჩაბარდეს ის შეხედულება, რომ მასწავლებლის ვალდებულებაში მხოლოდ საგაკვეთილო ცხრილით გათვლილი საქმიანობის შესრულებაა და საგაკვეთილო პროცესის შემდეგ იგი სკოლას აღარ ეკუთვნის; ერთი წუთით რომ წარმოვიდგინოთ, რა სიამოვნებას გავაღვიძებთ ჩვენს მოსწავლეებში აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილებითა და ღონისძიებებით, აუცილებლად მოვახერხებთ გამოვნახოთ დროც და შესაძლებლობაც. ერთიცაა, თანამედროვეობამ თავისი აჩქარებული რიტმით, ტექნიკური განვითარებითა და ახალი გამოწვევებით სხვა ტიპის და შეხედულებების ახალგაზრდობა ჩამოაყალიბა, უფრო მეტად კრიტიკულები, თავისუფლები, პრაგმატულებიც და ზოგადი ინფორმაციებით დატვირთულები, ჩვენ მათ წინაშე ვეღარ წარმოვჩინდებით მოუმზადებლები ისინი ჩვენგან ყოველ გაკვეთილზე სიახლესა და ისეთ ინფორმაციას ელიან რომელიც თანამედროვე მექანიზმებითა და ინსტრუმენტებით არის მოძიებული, გადმოცემული ან განმტკიცებული. მათ სურთ ყავდეთ აქტიური და თანამედროვე მასწავლებელი, რაც ვფიქრობ, არ უნდა იყოს ძნელი, მთავარია ჩვენი სურვილი და მონდომება.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

კომუნიზმი

ხელოვნება კადრს მიღმა

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“