ხუთშაბათი, ოქტომბერი 10, 2024
10 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2024

ისაუბრეთ მათთან

ბავშვებისთვის განუსაზღვრელობით სავსე დროა. მათ მეტად სჭირდებათ მფარველი ზრდასრული, რომელიც მათთან გულღიად ისაუბრებს მათთვის საინტერესო საკითხებზე. სიახლეების უწყვეტი ნაკადის ზემოქმედებისგან გამომდინარე, რთულია, ყველაფერს გაეცნო, რასაც მოსწავლეები ან შვილები ეცნობიან. თითქმის შეუძლებელია, პასუხი გქონდეს ყველა იმ კითხვაზე, რაც მათ აღელვებთ. თუმცა, ამ შემთხვევაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამშრომლობის, სიახლეების სანდოობის ერთად შემოწმების მზაობისა და მოსწავლეებში კითხვების დასმის უნარის განვითარება. ხშირად, მოსწავლეებს განცდილი ემოციების დასახელება უჭირთ. მათ ცხოვრებაში ახლა უჩვეულო ხანაა. მაგალითად, სწავლა – სწავლების ახალი გზები მათაც აფორიაქებს. ერთი მხრივ, ისინი სიახლეს სიხარულით ხვდებიან, მეორე მხრივ, თუ იმ გარემოებებს გავითვალისწინებთ, რომელთაგან გამომდინარეც, ისინი ამ სიახლის წინაშე აღმოჩნდნენ – დღის მანძილზე ერთი და იმავე სივრცეში ყოფნა, ერთი და იმავე გამღიზიანებლების ზემოქმედება – მივხვდებით, რომ დღევანდელობა ბავშვებში მოწყენილობის განცდას აძლიერებს. ბავშვებიც დაჟინებით ცდილობენ ამ განცდისგან გათავისუფლებას. მოწყენილობისადმი ასეთი განწყობის ერთ – ერთი განმაპირობებელი სტიმულების სიჭარბეა, რომლითაც თანამედროვე ზრდასრულების და ბავშვების ცხოვრებაა მოცული. თუ საკუთარ თავსაც გამოვუტყდებით, ჩვენც გვიჭირს, ყურადღება ხანგრძლივად დავუთმოთ ერთ კონკრეტულ აქტივობას ან საკითხს, რადგან სოციალური მედიის სივრცეში განთავსებული მორიგი სიახლე ცდილობს ჩვენი ყურადღების მიპყრობას. შეტყობინებები სოციალური მედიის სივრცეში დამეგობრებული ადამიანების ცხოვრების თუ სხვადასხვა, მეტად მნიშვნელოვანი სიახლეების ნაკადი ჩვენს ფსიქიკასა და თავის ტვინს შეგუების უწყვეტი აუცილებლობის წინაშე ამყოფებს.

ვფიქრობ, მასწავლებლებს შეუძლიათ, მოსწავლეებს სიახლეებთან შეგუებაში დაეხმარონ. მათ ამაში ემოციების ცნობა და თანაგრძნობის სწორად გამოხატვის უნარის გავარჯიშება დაეხმარება.

  • ყურადღების მართვის სირთულე და მოუსვენრობა – როდესაც ბავშვი ცქმუტავს და ყურადღებას არ გვაქცევს, შესაძლოა, ის შფოთვას განიცდიდეს. ხშირად, ამ ემოციით მოცული ბავშვები საგაკვეთილო პროცესიდან უეცრად განყენებულნი ხდებიან და მათი გამომეტყველება ოცნებით გატაცებული ადამიანის შთაბეჭდილებას გვიქმნის. არ არის გამორიცხული, ისინი მოცულნი იყვნენ მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე ფიქრით. მოუსვენრობა, ხშირ შემთხვევაში, შფოთვის თანმხლები სხეულებრივი შეგრძნებაა. შესაძლოა, მოსწავლე ხშირად ასრულებდეს მოძრაობებს, იმეორებდეს განსაზღვრულ ქმედებებს, უჭირდეს საუბრის დასრულება ან, ერთი შეხედვით, აღტყინებულიც იყოს.

 

ბავშვებს უჭირთ ემოციების დასახელება და განსაზღვრულ ასაკამდე შფოთვასთან გამკლავების აზრობრივი გზები, ანუ, ფაქტების აწონ – დაწონვის საფუძველზე დამშვიდების უნარი, განსავითარებელი აქვთ. ისინი, ძირითადად, ყურადღების მართვის სირთულესა და კუნთებში მტანჯველი მოუსვენრობის შეგრძნებებს ხშირი მოძრაობით და ყურადღების მართვის სირთულით პასუხობენ. მოზარდებს უჭირთ შფოთვის მიერ გაძლიერებული, ერთი და იმავე შინაარსის აზრებისგან გათავისუფლება.

  • განუსაზღვრელობა აძლიერებს შფოთვას – შესაძლოა, ბავშვებმა ვერ დაასახელონ, რას განიცდიან, თუმცა, მათ ისევე აღელვებთ განუსაზღვრელობა, როგორც ზრდასრულებს. ხშირად, ბავშვებს უჭირთ ფაქტებისთვის სწორი მნიშვნელობების მინიჭება, რაც ღელვას აძლიერებს. გარდა ამისა, მათ აწუხებთ კითხვები, რომლებზეც პასუხის გაცემას მთელი გულით ისურვებდნენ, თუმცა, სხვადასხვა მიზეზისგან გამომდინარე, თავს იკავებენ მათი გაჟღერებისგან. ბავშვებს აინტერესებთ, რატომ არიან შეზღუდული სახლში ყოფნით, რატომ არის აკრძალული გარეთ გასვლა, როდის დამთავრდება ასე სწავლება, როდის შეძლებენ მეგობრების პირისპირ ნახვას, რატომ არიან მათი მშობლები შეშფოთებული.

როგორ მოვიქცეთ?

  • აღიქვით მათი სადარდებელი სერიოზულად – ხშირ შემთხვევაში, შფოთვას განუსაზღვრელ გარემოებებში განვიცდით და თითოეული ჩვენგანი ცხოვრებაში რამდენჯერმე მაინც ავღელვებულვართ. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მოსწავლე გადაწყვეტს, გესაუბროთ სადარდებელზე, ეცადეთ, ეს გაბედულ ნაბიჯად ჩათვალოთ, რადგან, ხშირად, მცირეწლოვანი ბავშვები თუ მოზარდები თავს კიცხავენ იმ ემოციების გამო, რომელთაც განიცდიან. ზოგჯერ მათ სჯერათ, რომ მხოლოდ მათ ეშინიათ და არ უნდა ეშინოდეთ. შესაბამისად, თუ ისინი თქვენთან ისურვებენ ამ საკითხზე საუბარს, ეცადეთ, შეაქოთ გულწრფელობისთვის.
  • აღიარეთ შფოთვის საფუძველი და მიიღეთ შფოთვა რეალობად – ბოლო ერთი თვის მანძილზე, სწრაფად ცვალებადი რეალობა ფორიაქის საფუძველია. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ და თქვენი მოსწავლეები გულწრფელად საუბრობთ ამაზე, შეგიძლიათ, ასეთი ფრაზები გამოიყენოთ: „ბუნებრივია, რომ ღელავ. ნებისმიერი ადამიანი, მათ შორის, მეც, დროდადრო, ვშფოთავ.“ „მეც ვიღელვებდი იმ კითხვებზე, რომ არ მქონოდა პასუხი, რომელიც შენ გაწუხებს.“
  • თავი შეიკავეთ მოსწავლის შერცხვენისგან – როგორც წესი, შერცხვენა იმას გვაფიქრებინებს, რომ მიუღებელია როგორც ჩვენი ქცევები, ასევე – ჩვენი ემოციები. შესაბამისად, სასურველია, თავი შევიკავოთ ისეთი ფრაზების გამოყენებისგან, როგორიცაა: „რა გემართება?,“ „როგორ არ შეგიძლია, მშვიდად იჯდე?“
  • თავი შევიკავეთ მოსწავლის მდგომარეობისკენ თანაკლასელების ყურადღების მიპყრობისაგან – ხშირად, მოსწავლეები, გაურბიან საკუთარ ემოციებზე თანაკლასელებთან საუბარს. ასეთ დროს, სასურველია, განცალკევებით განიხილოთ მისი ქცევა. მაგალითად, მას შემდეგი სიტყვებით მიმართოთ: „ბოლო დროა, შევნიშნე, რომ ჩაფიქრებული ხარ. გინდა, მითხრა, რა გაწუხებს?,“ „იქნებ, შევძლო შენს კითხვებზე პასუხის გაცემა?,“ „ხომ ვერ დაგეხმარები?“
  • თუ მოსწავლეს არ სურს გულახდილად საუბარი, შეგიძლიათ, მას უთხრათ, თუ სურვილი ექნება, გესაუბროთ თავის მდგომარეობაზე, თქვენ მზად ხართ, მოუსმინოთ.
  • ხუთი წუთი ხშირად დასმული კითხვებისთვის – შეგვიძლია, საგაკვეთილო დროის მცირე ნაწილი ჩვენი მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხის გასაცემად გამოვიყენოთ. ან, იმისათვის, რომ გამოვავლინოთ, რომელ კითხვებზე ისურვებდნენ პასუხის მოსმენას. ბოლო თვენახევრის მანძილზე, ჩვენ ხშირად გვახსენებენ, რომ ჩვენი ქცევები ერთმანეთზე აისახება. შესაძლოა, ბავშვებს ბუნდოვნად წარმოედგინოთ, რატომ არის მნიშვნელოვანი ხელების ოცი წამის მანძილზე, საგულდაგულოდ დაბანა, რატომ უნდა ვიმყოფებოდეთ ერთმანეთისგან განსაზღვრულ მანძილზე, რატომ უნდა დავრჩეთ სახლში. ამ შემთხვევაში, დაგვეხმარება ისეთი წყაროების მოძიება, რომლებიც ბავშვებისთვის მკაფიოდ განსაზღვრავს პასუხისმგებლობას. მაგალითად, შეგვიძლია, მცირეწლოვან მოსწავლეებს UNICEF – ის მიერ გავრცელებული, სახალისო ვიდეორგოლის დახმარებით განვუმარტოთ, როგორ უნდა დავიბანოთ ხელები.
    მნიშვნელოვანია, მკაფიოდ განვუსაზღვროთ მოსწავლეებს მათი პასუხისმგებლობის სფერო. მაგალითად, შეგვიძლია, მოსწავლეები მცირე დისკუსიაში ჩავრთოთ, დავუსვათ კითხვა: „თქვენი აზრით, რა შეგვიძლია, გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი და საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობაზე ვიზრუნოთ?“ ამ კითხვის ირგვლივ მსჯელობა, ერთი მხრივ, დაგეხმარებათ, გამოავლინოთ, როგორ წარმოუდგენიათ მათ თავიანთი წვლილი ირგვლივ მყოფების ჯანმრთელობაზე ზრუნვაში. ასევე, შეგვიძლია, მოკლედ განვიხილოთ მათ მიერ წარმოსახული, მოვლენების შესაძლო განვითარება. თუ მათ დავუსვამთ შემდეგ კითხვას – „როგორ ფიქრობთ, რა მოხდება, თუ არ დავრჩებით სახლში და გარეთ გავალთ?“ – გავიგებთ, როგორ წარმოუდგენიათ მოვლენების განვითარება კონკრეტული რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში. მომავალი გაკვეთილის დასასრულისთვის კი შეგვიძლია, მოვიძიოთ ისეთი მასალები, რომლებიც მოსწავლეებში მნიშვნელოვნების განცდას და, აქედან გამომდინარე, პასუხისმგებლობის უნარის განვითარებას შეუწყობს ხელს.

 

ჩვენი მიზანი კი ისაა, რომ შფოთვის ნაყოფიერ ქმედებად გარდაქმნაში დავეხმაროთ მოსწავლეებს და, თუ შეგვიძლია, საგაკვეთილო გეგმის მიღმა არსებული ურთიერთობის სივრცეებიც, დროდადრო, მოვიკითხოთ და მოვინახულოთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“