სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

რას ნიშნავს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება

რამდენიმე დღის წინ ნაცნობმა ქალბატონმა, თბილისის ერთ-ერთი კერძო სკოლის მე-6 კლასელი მოსწავლის დედამ შეწუხებულმა დამირეკა და მთხოვა, მერჩია მისთვის, როგორ მოქცეულიყო – „არ ვიცი რა ვქნა, რა გავაკეთო, როგორ გადავჭრა პრობლემა, როგორ გამოვიდე შექმნილი სიტუაციიდან. ჩემი შვილის სკოლიდან დამირეკეს და მირჩიეს, რომ ბავშვი სხვა სკოლაში გადავიყვანო, წელს სავარაუდოდ საგამოცდო წელი გვექნება, თქვენი შვილი მათემატიკას ვერ ჩააბარებს, ჩვენი სკოლა აკრედიტაციის მოლოდინშია, ამიტომ, ჩაჭრილი და სუსტი ბავშვები სკოლას სახელს გაუტეხსო. ბავშვის გადაყვანა სხვა სკოლაში ნამდვილად არ მინდა; თავადაც ვიცი, რომ მათემატიკა უჭირს, კერძო მასწავლებელთანაც ვამეცადინებ, მაგრამ სასურველ ნიშნებს მაინც ვერ იღებს. თუმცა, ჰუმანიტარული საგნები ძალიან უყვარს, ხალისით სწავლობს და შეფასებებიც საკმაოდ კარგი აქვს“. სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი დედა ყველანაირად ცდილობდა შვილის ძლიერი მხარეების წინ წამოწევით, მისი სუსტი მხარეები როგორმე დაეჩრდილა. მეორე დღეს იმავე ქალბატონმა კვლავ დამირეკა, ამჯერად უკვე გახარებულმა – „გავარკვიე, თურმე წელს გამოცდები არ ჩატარდება. მგონი გადავრჩით, იმედია, ბავშვს სკოლიდან არ გააგდებენ“. იმ იმედით, რომ ერთი წელი შვილს საფრთხე აღარ დაემუქრებოდა, თანაც ამ პერიოდის განმავლობაში დამატებითი მეცადინეობები უფრო გააძლიერებდა მას, დედა შედარებით დამშვიდებული მომეჩვენა. მაგრამ, არის კი ეს გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან, როგორ მოვიქცეთ ბავშვებთან, რომლებიც ყველაფერში წარმატებულები არ არიან, ყველა საგანს ერთნაირი წარმატებით ვერ სწავლობენ. ასეთ ბავშვებს შეიძლება ნებისმიერ სკოლაში და ნებისმიერ კლასში შევხვდეთ.

უკანასკნელ წლებში ძალიან აქტუალური გახდა მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ცნება. ნებისმიერი სატრენინგო მოდული, რომელიც პედაგოგის პროფესიული განვითარებისთვის არის მოწოდებული, წარმოუდგენელია მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლებასთან დაკავშირებული  საკითხების გარეშე. მაინც რა არის მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება, რამდენად ჭირდება ის სკოლას და ბავშვს, რამდენად არის შესაძლებელი აღნიშნული ტიპის სწავლების პრინციპების რეალიზება ჩვენ სკოლებში და ახერხებენ თუ არა პედაგოგები მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ტრენინგზე მიღებული ცოდნის გამოყენებას პრაქტიკაში, იმ სასწავლო გარემოში, სადაც მათ უწევთ საქმიანობა.

ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლებასთან მაშინ გვაქვს საქმე, როდესაც პედაგოგი ნებისმიერ ბავშვს უქმნის საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენის და თვითრეალიზების მოთხოვნილების დაკმაყოფილების პირობებს. ასეთი სწავლების დროს აუცილებელია გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ შეიძლება ბავშვმა თავისი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენოს, ბევრს ეცადოს, მაგრამ ჩვენთვის მოსაწონ და სასურველ შედეგს მაინც ვერ მიაღწიოს. თუ ვიცით, რომ ბავშვმა ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო, თუმცა, შედეგი არ არის ის, რაც გვინდოდა, რომ ყოფილიყო, საყვედურების ნაცვლად, უკეთესი იქნება ინდივიდუალური მიდგომის გზით,  კონკრეტული ბავშვისათვის განმავითარებელი სასწავლო გარემოს შექმნის უზრუნველყოფა იმისათვის, რომ მომავალში მისი სასწავლო შედეგები შესაძლოა მაღალი არა, მაგრამ დღევანდელზე უკეთესი მაინც იყოს. მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება თავის თავში მოიაზრებს განმავითარებელ სწავლებას. განმავითარებელი სწავლების გარეშე ბავშვს ძალიან გაუჭირდება თვითრეალიზება. არარეალიზებული პიროვნება კი ძალიან სახიფათო ხდება, როგორც იმ ვიწრო სოციალური გარემოსთვის, სადაც მას ყოველდღიურად უწევს ყოფნა, ასევე მთელი საზოგადოებისთვისაც. ის ფაქტიურად ასაფეთქებლად გამზადებული ნაღმის როლს ასრულებს და არავინ იცის, როდის გამოავლენს თავს და რა ზიანის მომტანი იქნება როგორც გარშემომყოფებისთვის, ასევე საკუთარი თავისთვის.

რისი გაკეთება შეუძლია სკოლას, მასწავლებელს იმისათვის, რომ თითოეულმა ჩვენმა მოსწავლემ შეძლოს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენა და თვითრეალიზება. უპირველეს ყოვლისა, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ჩვენ, ადამიანები ძალიან განვსხვავდებით ერთმანეთისაგან ჩვენი, როგორც ტიპოლოგიური, ასევე ინდივიდუალური მახასიათებლებით. პედაგოგს უნდა შეეძლოს ამ განსხვავებების დანახვა და მათი გათვალისწინება სწავლა-აღზრდის პროცესში.

მაინც რა შეიძლება განასხვავებდეს ერთმანეთისაგან იმ ბავშვებს, რომლებთანაც პედაგოგს უწევს ურთიერთობა მთელი დღის განმავლობაში და როგორ შეიძლება ვცვლიდეთ სტრატეგიებს სხვადასხვა მახასიათებლების მქონე ბავშვებთან:

  • ბავშვებს შორის პირველი განმასხვავებელი ნიშანი მათი ასაკია. ნებისმიერი პედაგოგისთვის, რომელსაც სხვადასხვა ასაკის ბავშვებთან უწევს მუშაობა, კარგად არის ცნობილი, რომ ის სასწავლო მეთოდები, სწავლების ფორმები, სტრატეგიები, რომლებიც ერთი კონკრეტული ასაკის ბავშვებთან ურთიერთობისას სწავლების პროცესში ძალიან ეფექტიანია, შეიძლება არანაირი შედეგის მომტანი არ აღმოჩნდეს სხვა ასაკობრივ საფეხურზე. თუ გავითვალისწინებთ, რომ ხშირად შეიძლება ერთ კლასშიც შევხვდეთ განსხვავებული ასაკის ბავშვებს იმის გამო, რომ ერთი ბავშვი ადრე შემოიყვანეს მშობლებმა სკოლაში, მეორეს კი, ამა თუ იმ მიზეზის გამო მოაცდევინეს და ერთი წლით გვიან დააწყებინეს სასკოლო სწავლება, ადვილი მისახვედრი იქნება, თუ როგორი სირთულეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ამ კლასში შემსვლელი პედაგოგი, გამომდინარე იქიდან, რომ სკოლის პერიოდში ერთი წელი კი არა, შეიძლება რამდენიმე თვეც კი მნიშვნელოვნად ცვლიდეს ბავშვის განვითარების მაჩვენებლებს და სწავლების პროცესში აუცილებელი ხდებოდეს მისი ასახვა;
  • ერთ კლასში მყოფი ბავშვები შეიძლება განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან იმის მიხედვით, თუ რა მოტივი აღძრავს მათ სასწავლო საქმიანობას. ერთისათვის მამოტივირებელი ფაქტორი შეიძლება გახდეს ინტერესი, მეორისთვის – დასჯის შიში, მესამისთვის  – აღიარება, მეოთხისთვის – თვითდამკვიდრება და ა.შ. სასწავლო პროცესში წარმატების მისაღწევად პედაგოგს ესაჭიროება თითოეული მოსწავლის სასწავლო ქცევის აღმძვრელი დომინანტური მოტივის ცოდნა;
  • ბავშვებთან ურთიერთობის და სწავლების დროს, ასევე აუცილებელია მათი ემოციური თავისებურებების გათვალისწინებაც. ერთი და იგივე მოვლენაზე, შექებაზე, საყვედურზე შეფასებაზე შეიძლება სხვადასხვა ბავშვს სრულიად განსხვავებული რეაქცია ჰქონდეს, ვინაიდან, ემოციური თავისებურებებით ისინი ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისაგან – ერთი ემოციურად უფრო გაწონასწორებულია, მეორე – ადვილად აგზნებადი, აფექტური, მესამე – შფოთიანობის მაღალი დონით გამოირჩევა, მეოთხე – ნევროტულობით, მეხუთეს შეიძლება სკოლასთან და სწავლასთან დაკავშირებული შიშები ჰქონდეს და ეს უშლიდეს ხელს წარმატების მიღწევაში;
  • ნებისმიერ პედაგოგს სასწავლო პროცესში ბავშვთან ურთიერთობისას, თუ მას სასწავლო შედეგებზე გასვლის, წარმატების მიღწევის, თითოეული ბავშვის შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენის და მისი თვითრეალიზებისთვის საჭირო სასწავლო გარემოს შექმნის სურვილი აქვს, ასევე ესაჭიროება თითოეული ბავშვის აზროვნების, მეხსიერების,  ყურადღების ტიპოლოგიური თავისებურებების ცოდნა და გამოყენება.

უნდა ითქვას, რომ ზემოაღნიშნულ ჩამონათვალს შეიძლება კიდევ დაემატოს ბევრი  ისეთი რამ, რომლის გაუთვალისწინებლობა პედაგოგისთვის, რომლისგანაც მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლებას მოითხოვენ, სერიოზული პრობლემების შემქმნელი იქნება.

ვფიქრობ, ამ სტატიის კითხვისას ძალიან ბევრ პედაგოგს სრულიად სამართლიანად გაუჩნდება გულისწყრომა, დაეუფლება უკმაყოფილების განცდა და დასვამს შეკითხვას – „როგორ მოვახერხო ეს ყველაფერი, როცა 4-5 კლასთან მაქვს ურთიერთობა, თითოეულ კლასში 30 – 40 ბავშვი ზის და ყოველდღიურად  6-7 გაკვეთილს ვატარებ იმისათვის, რომ საარსებო მინიმუმი მქონდეს და ოჯახი გამოვკვებო“.  რასაკვირველია, პედაგოგის ასეთი უკმაყოფილება სრულიად გასაგებია, მაგრამ ბავშვს არანაირი ბრალი არ მიუძღვის იმაში, რომ მის მასწავლებლებს ასეთ რეალობაში უწევთ ცხოვრება და საქმიანობა.

იმისათვის, რომ მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება სრულფასოვნად და ეფექტიანად განხორციელდეს, აუცილებელია დროულად განსაზღვროს კლასში მოსწავლეთა ის ოპტიმალური რაოდენობა, რომელიც მასწავლებელს მოსწავლესთან ინდივიდუალური მიდგომის საშუალებას მისცემს. ასევე, ხელი შეუწყოს პედაგოგის მატერიალურ და ფინანსურ უზრუნველყოფას იმ დონეზე, რომ სამსახურიდან დაბრუნებულ დაღლილ-დაქანცულ მასწავლებელს დამატებითი შემოსავლის მოპოვებაზე ზრუნვა და კერძო გაკვეთილების ჩატარება კი არ უწევდეს, არამედ შეეძლოს ნორმალურად დასვენება და მეორე დღისთვის  მოსწავლეზე და მის განვითარებაზე ორიენტირებული გაკვეთილის მომზადება.

დაბოლოს, გავითვალისწინოთ, რომ ამ სამყაროში სრულყოფილების განსახიერება არავინ და არაფერია. ნებისმიერ ჩვენგანში შეიძლება როგორც დადებითის, ასევე უარყოფითის პოვნა. ყოველ ადამიანს, განურჩევლად ასაკისა,  აქვს როგორც  ღირსებები, ასევე ნაკლოვანებები. ამიტომ, უკეთესი იქნება, თუ ბავშვს მივიღებთ ისეთს, როგორიც არის, თავისი ძლიერი და სუსტი მხარეებით. ვაღიაროთ ის, განურჩევლად იმისა, თუ როგორია და ისიც გვაღიარებს  ჩვენ. ურთიერთაღიარება კი სასწავლო პროცესში და საერთოდ ბავშვთან ნებისმიერი სახის ურთიერთობაში წარმატების მიღწევის უცილობელი გარანტია შეიძლება გახდეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“