ბევრი დამნაშავე გვინახავს, რომელიც აღჭურვილია ცოდნითა და უნარებით, მაგრამ მორალურად გაუმართლებელი ღირებულებებით „შეიარაღებული“ იღებს არასწორ გადაწყვეტილებებს და ხდება საზოგადოებისთვის საფრთხის შემცველი. შესაბამისად, 21-ე საუკუნეში, არსებული გამოწვევების წინაშე მდგომნი ვხვდებით, რომ აქტუალურია მოსწავლეებისათვის არა მარტო ცოდნის გადაცემა, არამედ მათში ღირებულებების ჩამოყალიბება. ამ ყოველივეს ხელშესაწყობად აუცილებელია საგნობრივი ცოდნის გადაცემაზე ორიენტირებულ გაკვეთილებთან ერთად, დავგეგმოთ და ჩავატაროთ გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული გაკვეთილები. როგორც ეროვნულ სასწავლო გეგმაში ვკითხულობთ, სწორედ ეთიკა აძლევს ადამიანს საშუალებას გაითავისოს და დაიცვას ზნეობის, მორალისა და ქცევის საყოველთაო წესები.
მოსწავლეებისთვის ცოდნის გადაცემასთან ერთად, მათში მორალური ღირებულებების ჩამოყალიბების ხელშეწყობის მიზნით გამოვიყენე მეთოდი “VaKE” (Values and Knowledge Education-ცოდნა და ღირებულებითი განათლება). რატომ VaKE? როგორც აღვნიშნე ცოდნის მიღებასთან ერთად აქტუალურია მოსწავლეებში ღირებულებების ჩამოყალიბების ხელშეწყობა. იმ დროისთვის ინტერნეტ სივრცეში ქართულ ენაზე ამ მეთოდის შესახებ ინფორმაცია თითქმის არ მოიპოვებოდა. პროექტ ,,VaKE”ს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული მეთოდის თავდაპირველი სახე კი ასეთია:
N | აქტივობა | შინაარსი | დაჯგუფება |
0 | დილემის მომზადება | მოსწავლის ღირებულებების კონცეფცია; სათანადო სამუშაო უნარები. | კლასი |
1 | დილემის წარდგენა | წარდგენა, შინაარსის გაცნობიერება, აზრთა პირველადი გაცვლა: სად არის პრობლემა? რა ღირებულებებთან გვაქვს საქმე? | კლასი |
2 | რეფლექსია | რა მოსაზრება მაქვს დილემასთან დაკავშირებით? რას ვფიქრობ ამ საკითხზე? რა ღირებულებებთან გვაქვს საქმე? | კლასი |
3 | პირველადი გადაწყვეტილება | ვინ არის კონკრეტული გადაწყვეტილების მომხრე, ვინ წინააღმდეგი? ვინ ვერ მიიღო გადაწყვეტილება? | კლასი |
4 | დილემის პირველი განხილვა | რატომ ვარ მომხრე ან წინააღმდეგი? რატომ ხარ მომხრე ან წინააღმდეგი? სად ვთანხმდებით? | კლასი ან ჯგუფები |
5 | რეფლექსია | ახლა რას ვფიქრობ ამ პრობლემაზე? ახლა რა მოსაზრება მაქვს? რა კითხვები მაქვს? | ინდივიდუალური |
6 | გამოცდილებისა და ინფორმაციის გაცვლა | რომელი არგუმენტებია მყარი? რა ინფორმაცია მჭირდება ჩემი არგუმენტებისთვის? | ჯგუფები |
7 | დამატებითი ინფორმაციის ძიება | შეაგროვე ყველა ინფორმაცია რაც გჭირდება! გამოიყენე ინფორმაციის ყველა ხელმისაწვდომი წყარო! | ჯგუფები ან ინდივიდუალური |
8 | ინფორმაციის გაცვლა | ფაქტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდე ჯგუფს. არის ეს ინფორმაცია საკმარისი? | ჯგუფები |
9 | ინფორმაციის სინთეზი | წარუდგინეთ ინფორმაცია კლასს | კლასი |
10 | რეფლექსია | ახლა რას ვფიქრობ ამ პრობლემაზე? რა შეკითხვები მაქვს? | ინდივიდუალური |
11 | მეორადი გადაწყვეტილება | ვინ არის მიღებული გადაწყვეტილების მომხრე? ვინ წინააღმდეგი? ვინ ვერ მიიღო გადაწყვეტილება? | კლასი |
12 | დილემის მეორადი განხილვა | რატომ ვარ მომხრე ან წინააღმდეგი? რატომ ხარ მომხრე ან წინააღმდეგი? სად ვთანხმდებით? | კლასი |
13 | 5დან 12მდე ფაზების გამეორება, პერსპექტივის შეცვლა | გაიმეორე პროცესი სხვა თვალთახედვიდან (იმდენად ხშირად რამდენადაც შესაძლებელი და აუცილებელია) | კლასი/ჯგუფი/ ინდივიდუალური |
14 | რეფლექსია | ახლა რას ვფიქრობ ამ პრობლემაზე? რა შეკითხვები მაქვს? | ინდივიდუალური |
15 | სინთეზი | პროცესის დასრულება და შეჯამება (საუკეთესოა პროექტისთვის) | კლასი |
16 | შეჯამება და ტრანსფერი | პროცესის უკუკავშირი; მსგავსი საკითხებისა და პრობლემების განხილვა. | კლასი |
როგორც ვხედავთ იგი შედგება 16 ნაბიჯისგან, პირველ 4 ნაბიჯში მიმდინარეობს მსჯელობა ღირებულებების შესახებ. მოსწავლეები დამატებით ცოდნას იღებენ მე-5-8 საფეხურებზე, სანამ მეორეულ გადწყვეტილებას მიიღებენ მე-11,12 საფეხურებზე. თუ მოსწავლეებს სჭირდებათ მეტი ინფორმაცია არგუმენტირებისთვის შესაძლებელია გავიმეოროთ შესაბამისი ფაზა მე-13 საფეხურზე. მე-2, მე-5, მე-10, მე-14 საფეხურები ითვალისწინებს პრეზენტაციას, შეჯამებას და მიღებული ცოდნის ტრანსფერს.
მეთოდის მიზანია: მოსწავლეებმა მიიღონ სათანადო ცოდნა, გაეცნონ ღირებულებებს და დაეუფლონ მორალური პრობლემების გადაჭრის სტრატეგიებს, განუვითარდეთ კრიტიკული აზროვნება, დამოუკიდებელი სწავლის, პრობლემის გადაჭრის, ჯგუფური მუშაობისა და არგუმენტირებული დისკუსიის უნარი.
წარმოგიდგენთ ჩემ მიერ ჩატარებული გაკვეთილის თანმიმდევრობას.
გაკვეთილის თემა: საგანგებო სიტუაციები
გაკვეთილის მიზანი: ნაცნობი ლექსიკური ერთეულებისა და გრამატიკული სტრუქტურების (მოდალური ზმნები – should, can, must, have to; და წარსული განუსაზღვრელი დრო) გამოყენებას, ხელი შეეწყობა ლაპარაკის უნარ-ჩვევების და კრიტიკული აზროვნების განვითარებას. ხელი შეეწყობა ისეთი გამჭოლი უნარების და ღირებულებების განვითარებას, როგორიცაა კომუნიკაცია (პიროვნული ღირსების გააზრებისა და დაფასების უნარი), ეთიკა (საკუთარ აქტივობაზე პასუხისმგებლობის გააზრება) და პასუხისმგებლობა (საკუთარი ქცევის მართვა, საკუთარ ქცევებზე, სოციალურ აქტივობებზე პასუხისმგებლობის აღება).
მისაღწევი შედეგები: მოსწავლეებს შეუძლიათ გამოიყენონ ნაცნობი სათანადო ლექსიკური ერთეულები და მოდალური ზმნები მორალური დილემის გადაჭრის გზებზე საუბრისას. შეუძლიათ მიღებულ ცოდნასა და ღირებულებებზე დაყრდნობით დილემურ სიტუაციებში მოქმედების სტრატეგიებზე არგუმენტირებული მსჯელობა.
ესგ სტანდარტთან შესაბამისობა: უცხ.ს.III.16. მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა.
უცხ.ს.III.18. მოსწავლეს შეუძლია დამხმარე საშუალებებზე დაყრდნობით საუბარი.
უცხ.ს.III.29. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელებთან, მასწავლებლებთან, მეწყვილესთან თანამშრომლობა შედეგების გაუმჯობესების მიზნით.
პროცედურები:
მოსწავლეთა მოტივირების, თემამდე მიყვანისა და დილემის მომზადების მიზნით გაკვეთილი დავიწყე ვიდეოს ანალიზით, სადაც მოცემული იყო საგანგებო სიტუაცია ხანძრის დროს. მოსწავლეებს დავუსვი ორი კითხვა, მივეცი არჩევანი, თუ რას გააკეთებდნენ მსგავს სიტუაციაში, დარჩებოდნენ ხანძრის ადგილას, სადაც შეიძლებოდა დაზიანებულიყვნენ ან დაღუპულიყვნენ, თუ გადახტებოდნენ და დაზიანდებოდნენ ან შესაძლოა დაიღუპებოდნენ კიდეც. ამ გზით მოსწავლეები დადგნენ დილემის წინაშე, ორივე შემთხვევაში არჩევანი ცუდსა და უარესს შორის უნდა გაეკეთებიათ. იფიქრეს, მიიღეს გადაწყვეტილება, იმსჯელეს და მარტივადაც გამოიცნეს გაკვეთილის თემა და მიზანი.
მეორე აქტივობა იყო დილემის წარდგენა, სადაც მოსწავლეებმა შეძლეს პირველადი გადაწყვეტილების მიღება. გაარკვიეს, ვინ იყო მომხრე, ვინ წინააღმდეგი.
‘’ A train is coming on the track. You are standing nearby the lever. The railway has two tracks. You see the train approaching and you also observe that train will go on track, on which 5 children are playing. You are 400 metres away from children and you don’t have time to run to help them. What will you do?
Will you just wait and watch? Why?
Will you pull the lever and change the direction of the train? Why?
Will you feel guilt for your decision? (Yes/No)“
მათი შეხედულებების მიხედვით გადავანაწილე მოსწავლეები ოთხკაციან დიფერენცირებულ ჯგუფებად, სადაც შევეცადე გამეერთიანებინა სხვადასხვა შეხედულებების და შესაძლებლობების მქონე მოსწავლეები.
მესამე აქტივობის ორგანიზების ფორმა იყო ჯგუფური; მეთოდი: სეგმენტური აქტივობა; მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ პოზიციის არგუმენტირებას, საჭირო ინფორმაციის განსაზღვრასა და მეორეული გადაწყვეტილების მიღებას. ჯგუფებს მივაწოდე ტექსტის გავრცობილი ვარიანტი:
‘’ A train is coming on the track. You are standing nearby the lever. The railway has two tracks. You see the train approaching and you also observe that train will go on track, on which 5 children are playing. You are 400 metres away from children and you don’t have time to run to help them. Because of noise, they can’t hear your voice either. You want to pull the lever and change the direction of the train, but you see that 5 other men are walking on the railway, singing together. What will you do?
Pull the lever, change the direction to the men and they will die.
Wait and watch. Don’t do anything and the children will die“.
ჯგუფებს მაგიდებზე ედოთ წინასწარ ფლიფჩარტზე ჩემ მიერ მომზადებული სეგმენტი და ვთხოვე დაეფიქსირებიათ მათი მოსაზრება მათთვის განკუთვნილ სეგმენტში და დაემოწმებითან ხელმოწერით.
შემდეგ მოსწავლეები გაეცნენ ერთმანეთის ნააზრევს და დაურთეს ინდივიდუალური კომენტარები. ისეც დააფიქსირეს ხელმოწერით. ამის შემდეგ მოსწავლეებმა გამართეს დისკუსია და შეჯერდნენ საერთო პოზიციაზე, რომელიც დააფიქსირეს ცენტრალურ სეგმენტში და დაადასტურეს ხელმოწერით. საბოლოოდ, მოსწავლეთა ჯგუფებმა პრეზენტაციის სახით წარადგინეს თავიანთი ნამუშევრები. იმსჯელეს, თუ როგორ მივიდნენ საერთო პოზიციამდე, რომელ ღირებულებებზე დაყრდნობით მიიღეს ესა თუ ის გადაწყვეტილება.
მეოთხე აქტივობის დროს მოსწავლეებმა გამართეს ჯგუფური დისკუსია, რომლის მიზანი იყო რეკომენდაციების შემუშავების მცდელობა საგანგებო სიტუაციების დროს. ამ შემთხვევაში 3 ჯგუფი მუშაობდა იმაზე, თუ როგორ „უნდა“ ან „არ უნდა“ მოვიქცეთ საგანგებო სიტუაციების დროს, ხოლო 3 ჯგუფი მუშაობდა საგანგებო სიტუაციების პრევენციის გზებზე. დროის გასვლის შემდეგ ჯგუფებმა კლასს გააცნეს მათ მიერ შემუშავებული რეკომენდაციები.
დამეთანხმებით, რომ მხოლოდ გაკვეთილები მიზნის ბოლომდე მიღწევას არ შეუწყობენ ხელს, თუ მოსწავლეები უკუკავშირს გაკვეთილზევე არ გააკეთებენ. მით უმეტეს ისეთი ტიპის გაკვეთილები, რომლებიც ხელს უწყობენ ისეთი დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას, როგორიცაა: ეთიკა, საკუთარ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის აღების უნარი, არგუმენტირებულთან ერთად მორალურად გამართლებული გადაწყვეტილებების მიღება, პასუხისმგებლობების გააზრება. ასე ვიქცევი სულ და ამჯერადაც ასე გავაკეთეთ. ტრანსფერის და შეჯამების ფაზაზე მოსწავლეებმა განიხილეს მსგავსი საკითხები და პრობლემები. გაირკვა, რომ თურმე არაერთხელ მდგარან დილემის წინაშე და გადაწყვეტილება სპონტანურად, ღირებულებების გააზრების გარეშე მიუღიათ. ასევე დაამატეს, რომ ამ კონკრეტულ გაკვეთილზე მიღებულ გამოცდილებას რეალურად გამოიყენებენ, რადგან ცხოვრება წინ აქვთ და მიხვდნენ, რომ მომავალში კიდევ უფრო რთული დილემების წინაშე აღმოჩნდებიან.
ვფიქრობ, ამ გაკვეთილის ჩატარება აუცილებლად უნდა სცადოთ, იგი სასიამოვნო სამუშაოა თქვენთვის, მასწავლებლისათვის, და ბევრის მიმცემი თქვენი მოსწავლეებისათვის-რეალური ცხოვრებისეული პრობლემის კვლევის გზით მოსწავლეებმა მნიშვნელოვანი გამოცდილება შეიძინეს. მიღებული გამოცდილება შესაძლებელია გამოიყენონ მთელი ცხოვრების მანძილზე გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებისა და წარმატების მიღწევის მიზნით.
რეკომენდირებულია მსგავსი გაკვეთილის ჩატარებისას გავითვალისწინოთ მოსწავლეთა მზაობა და ლექსიკური მარაგი. აღნიშნული მეთოდით ასევე ხელი შეეწყობა მოსწავლეებში უცხოურ ენაზე ლაპარაკის უნარ-ჩვევების განვითარებას. ეფექტურია აღნიშნული მეთოდის გამოყენებით პროექტგაკვეთილის დაგეგმვა და განხორციელება. ამ შემთხვევაში პროექტი უნდა გაიწეროს 2-3 კვირაზე.
გამოყენებული ლიტერატურა:
- ლობჟანიძე ს. (2015) თანამშრომლობითი სწავლების მეთოდები. სეგმენტური მეთოდი.https://mastsavlebeli.ge/?p=1795
- Wiseman R. (ტექსტი ადაპტირებულია ჩემ მიერ)
https://richardwiseman.wordpress.com/2009/08/13/test-your-morals/
- https://www.youtube.com/watch?v=DwOFYzEpocQ&t=73s
- https://blog.vake.sbg.ac.at/about-vake/
- https://www.sciencedirect.com/science/article/pii/S1877042814068098