შაბათი, თებერვალი 24, 2024
24 თებერვალი, შაბათი, 2024

თომას გორდონი- როგორ გავხდე კარგი მშობელი. თავი 14

როგორ გადავურჩეთ „მშობლობის სამსახურიდან დათხოვნას

დღეს შვილები სულ უფრო ხშირად „ითხოვენ” მშობლებს. მოზარდობის დადგომასთან ერთად, ისინი თითქოს „ჩამოწერენ” ხოლმე მშობლებს, სათვალავში აღარ აგდებენ, უარს ამბობენ მათთან ურთიერთობაზე. ეს ათასობით ოჯახში ხდება მათი სოციალური თუ მატერიალური მდგომარეობის მიუხედავად. თანატოლების წრეში უფრო ნაყოფიერი ურთიერთობების ძიებისას უამრავი ახალგაზრდა ტოვებს მშობლებს ფიზიკურად თუ არა ფსიქოლოგიურად მაინც.

 

რა არის ამის მიზეზი? ჩვენს კურსებზე ათასობით მშობელთან ურთიერთობის გამოცდილება მარწმუნებს, რომ ამ ბავშვებს სახლიდან წასვლას მშობლების ესა თუ ის კონკრეტული ქცევა აიძულებს. შვილები მაშინ „ითხოვენ” მშობლებს, როდესაც ისინი გამუდმებით მოითხოვენ უარი თქვან მათთვის მნიშვნელოვან შეხედულებებსა და ფასეულობებზე. მოზარდები უარს ამბობენ მშობლებთან ურთიერთობაზე, როდესაც გრძნობენ, რომ ეს უკანასკნელნი არღვევენ მათ ელემენტარულ მოქალაქეობრივ უფლებებს.

მშობელი ვეღარ ზემოქმედებს საკუთარ შვილზე კონსტრუქციულად, რადგან მეტისმეტი დაჟინებით და თავგამოდებით ცდილობს მასზე ზემოქმედებას ისეთ საკითხებში, რომელზეც შვილს სურს საკუთარი აზრი ჰქონდეს. ქვემოთ ამ მნიშვნელოვან საკითხს დეტალურად შევეხები და კონკრეტულ მეთოდებს შემოგთავაზებთ, რომელთა დახმარებით მშობელი შეძლებს თავიდან აიცილოს „დათხოვნის” საფრთხე.

უდანაკარგო მეთოდის ეფექტურობის მიუხედევად, არსებობს ისეთი გარდაუვალი კონფლიქტები, რომელთა გადაჭრის იმედი არ უნდა გვქონდეს ამ მეთოდის ოსტატური გამოყენების შემთხვევაშიც კი, რადგან მათი გადაჭრა, უბრალოდ შეუძლებელია III მეთოდით. ამგვარი კონფლიქტები ღირებულებათა დაპირისპირების სახელით არის ცნობილი. ქცევის ფანჯარაში ეს ასეა წარმოდგენილი:


როდესაც მშობელი ცდილობს შვილი ღირებულებათა კონფლიქტთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრაში ჩართოს, როგორც წესი, მარცხდება. ჩვენი გამოცდილება ცხადყოფს, რომ ამ ფაქტის გაგება და აღიარება მშობელს ძალიან უჭირს, რადგან ის მოითხოვს მშობლისა და საზოგადოების როლის შესახებ სამყაროსავით ძველი შეხედულებებსა და იდეებზე უარის თქმას.

თუ ოჯახური კონფლიქტი მნიშვნელოვან ფასეულობებთან, შეხედულებებთან და პიროვნებისთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტებთან დაკავშირებით ჩნდება, მშობელს შეუძლია სხვადასხვა მიდგომა გამოიყენოს, რადგან შვილს შესაძლოა, არ სურდეს ამ საკითხების ღიად განხილვა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მშობელი აღარ უნდა ეცადოს შვილზე ზეგავლენას მცდელობაზე ამა თუ იმ ღირებულების სწავლების მიზნით. უბრალოდ, წარმატებისათვის მან სხვა მიდგომა უნდა გამოიყენოს.

ღირებულებათა საკითხი

შვილის ქცევა, რომელიც ამა თუ იმ ფორმით ეხება მათ რწმენას, ღირებულებებს, სტილს, პრიორიტეტებს, ცხოვრებისეულ ფილოსოფიას, გარდაუვლად ხდება მასა და მშობლებს შორის კონფლიქტის მიზეზი. მაგალითად, ავიღოთ გრძელი თმები. ბიჭების თვალში მას მნიშვნელოვანი სიმბოლური დატვირთვა აქვს. სრულიად არასაჭიროა მშობელმა იცოდეს გრძელი თმის სიმბოლური მნიშვნელობის ყველა დეტალი; მთავარია, ესმოდეს, რამდენად მნიშვნელოვანია ეს შვილისთვის.

მშობლის მცდელობა ხელი შეუშალოს შვილის იმ მოთხოვნილების დაკმაყოფილებას, რომელიც მისთვის ღირებულია, გარდაუვლად აწყდება მძაფრ წინააღმდეგობას. გრძელი თმები სიმბოლურად ასახავს იმ ფაქტს, რომ მოზარდი თავის საქმეს აკეთებს, თავისი ცხოვრებით ცხოვრობს, საკუთარი შეხედულებებისა და რწმენის შესაბამისად იქცევა.

თუ ეცდებით დაარწმუნოთ შვილი, რომ თმა შეიჭრას, მისგან დაახლოებით ასეთ პასუხს მიიღებთ:

„ჩემი თმაა”.

„მე ასე მომწონს”.

„თავი დაანებე ჩემთვის ჭკუის სწავლებას”.

„უფლება მაქვს, საკუთარ თმას ისე მოვექცე, როგორც მსურს”.

„ეს შენ არ გეხება”.

„მე ხომ არ გირჩევ, რა სიგრძის უნდა გქონდეს თმა”.

სათანადოდ გაშიფრული ყველა ეს შეტყობინება მშობელს ერთსა და იმავეს ეუბნება: „ჩემი აზრით, უფლება მაქვს, მქონდეს საკუთარი ღირებულებები, რადგან ისინი არანაირად არ გიშლის შენ ხელს”. თუკი შვილი ამას მეტყოდა, იძულებული ვიქნებოდი მეღიარებინა მისი სიმართლე. მისი თმების სიგრძე ნამდვილად არ მიშლის ხელს მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში; არ იწვევს სამსახურიდან ჩემს დათხოვნას, შემოსავლის შემცირებას, არ მიშლის ხელს ძველ მეგობრებთან ურთიერთობაში და ახლების გაცნობაში, გართობაში, არც წინამდებარე წიგნის დაწერაში მაფერხებს და არც პროფესიულ საქმიანობაში და, რაც მთავარია, არ მიშლის ხელს ჩემთვის სასურველი ვარცხნილობის არჩევაში. შეიძლება ითქვას, რომ ფულსაც კი მიზოგავს.

ხშირად შვილის ბევრს არჩევანს, ზემოთ აღწერილი თმის სიგრძის მსგავსად, მშობელი „საკუთარ” პრობლემად აქცევს ხოლმე. გთავაზობთ ამის მაგალითს:

მშობელი: არ შემიძლია შენი თმის ატანა. საშინლად გამოიყურები.

შვილი: მომწონს, როგორც გამოვიყურები.

მშობელი: ნუთუ სერიოზულად ამბობ! დაკარგულს ჰგავხარ.

შვილი: რას ამბობ, არ მესმის?

მშობელი: რაღაც უნდა ვიღონოთ, ჩემთვის მიუღებელია შენი ვარცხნილობა!

შვილი: თმა ჩემია და ისე მექნება, როგორც მინდა.

მშობელი: ნუთუ არ შეგიძლია რამე იღონო, რომ ღირსეულად მაინც გამოიყურებოდე?

შვილი: მე ხომ არ გეუბნები თმა როგორ დაივარცხნო!

მშობელი: ჰო, მაგრამ მე ასე დაკარგულად არ გამოვიყურები.

შვილი: ნუ მეუბნები ასე. ჩემს მეგობრებს მოსწონთ, განსაკუთრებით გოგოებს.

მშობელი: არ მაინტერესებს, ჩემში ზიზღს იწვევს.

შვილი: მაშინ ნუღარ შემხედავ.

ცხადია, ბიჭს არ სურს თმის გამო პრობლემის გადაჭრაში მონაწილეობა, რადგან, როგორც ამბობს, „ეს მისი თმაა”. თუკი მშობელი დაჟინებით გააგრძელებს თმის პრობლემაზე საუბარს, საბოლოო შედეგი ის იქნება, რომ შვილი შებრუნდება, შეიყუჟება თავის ოთახში, ან სახლიდან წავა.

ხშირად მშობელი დაჟინებით აგრძელებს ხოლმე მისთვის მიუღებელი ქცევის შეცვლის მცდელობას და ამგვარი ჩარევას აუცილებლად მიჰყავს შვილთან ბრძოლამდე, წინააღმდეგობამდე და შეურაცხყოფამდე, რაც საბოლოოდ სერიოზულ საფრთხეს უქმნის ხოლმე მშობლისა და შვილის ურთიერთობას.

როცა შვილი ეწინააღმდეგება მშობლის მცდელობას შეაცვლევინოს, მისი აზრით, უწყინარი ქცევა, ის ისევე იქცევა, როგორც ნებისმიერი ზრდასრული. არც ერთი ზრდასრულს არ სურს ქცევის შეცვლა, თუკი არ დარწმუნდება, რომ ვინმეს ზიანს აყენებს. ნებისმიერი ზრდასრული, ისევე როგორც ნებისმიერი ბავშვი, მტკიცედ იბრძოლებს საკუთარი თავისუფლების დასაცავად, თუკი მიხვდება, რომ ვინმე მისი ისეთი ქცევის შეცვლას ცდილობს, რომელიც არავის უშლის ხელს.

ეს მშობლების ერთ–ერთი სერიოზული შეცდომა და მათი არაეფექტურობის ყველაზე ხშირი მიზეზია. თუ მშობელი მხოლოდ იმ ქცევის შეცვლაზე იზრუნებს, რომელიც მის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება, შვილს ამბოხის, კონფლიქტის გაცილებით ნაკლები მიზეზი ექნება და მშობლისა და შვილის ურთიერთობაც უფრო მშვიდობიანი იქნება. მშობლების უმრავლესობა არა კეთილგონივრულად აკრიტიკებს, ითხოვს და ავიწროებს შვილს უვნებელი ქცევის შესაცვლელად. თავდაცვის მიზნით შვილი იბრძვის, ეწინააღმდეგება, ურჩობს ან გარბის.

არც ისე იშვიათად, შვილი ჯიბრზე აკეთებს ისეთ რამეს, რასაც მშობელი დაჟინებით უშლის იქნება ეს ჩაცმისა თუ თმის ვარცხნილობის სტილი, სვირინგი ან პირსინგი. ზოგჯერ მშობლის ძალაუფლების შიშის გამო შესაძლოა დათმოს კიდეც პოზიცია, მაგრამ აუცილებლად რჩება წყენა მშობლისადმი, რომელმაც აიძულა ქცევის შეცვლა.

ბავშვები არ უჯანყდებიან ზრდასრულებს, ისინი უჯანყდებიან ზრდასრულების მიერ თავისუფლების წართმევის მცდელობას. ისინი უჯანყდებიან ზრდასრულების მცდელობას შეიცვალონ მათი წარმოდგენების შესაბამისად, უჯანყდებიან ჩაგვრას, იძულებას მოიქცნენ ზრდასრულის ქცევის მოდელის შესაბამისად, ისე, როგორც ის მიიჩნევს სწორად ან არასწორად.

სამწუხაროდ, როდესაც მშობელი გავლენას იმ ქცევის შესაცვლელად იყენებს, რომელიც მას ხელს არ უშლის, ის იმ ქცევის შეცვლის შესაძლებლობასაც კარგავს, რომელიც მას უშლის ხელს. ნებისმიერი ასაკის ბავშვთან მუშაობის გამოცდილება გვარწმუნებს, რომ ისინი თანახმა არიან შეცვალონ ქცევა, თუკი ხედავენ, რომ ეწინააღმდეგებიან სხვა ადამიანის ინტერესებს. თუკი მშობელი შვილის მხოლოდ იმ ქცევის შეცვლას ცდილობს, რომელიც კონკრეტულ და აშკარა უარყოფით გავლენას ახდენს მშობელზე, როგორც წესი, შვილი პატივისცემას ამჟღავნებს მშობლის მოთხოვნების მიმართ და მზად არის მასთან ერთად გადაჭრას ინტერესთა კონფლიქტი.

ვარცხნილობის სტილის მსგავსად ჩაცმის სტილს უდიდესი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს ბავშვისთვის. ჩემს ახალგაზრდობაში მოდური იყო ჩალისფერი ველვეტის შარვალი და ჭუჭყიანი (აუცილებლად ძალიან ჭუჭყიანი) ფეხსაცმელი ფერადი თასმებით. მახსოვს, როგორი მოთმინებით ვაგლესავდი ჭუჭყს ახალ ნაყიდ ფეხსაცმელს, სანამ ქუჩაში გავიდოდი. შემდეგ გახეხილი ჯინსები, სვირინგი, პირსინგი, ძვირადღირებული სპორტული ფეხსაცმელი და სხვა შემოვიდა მოდაში.

როგორ ვიბრძოდი საკუთარი უფლებისთვის, ველვეტის შარვალი და ფერად თასმებიანი ფეხსაცმელი მცმოდა! მე ეს სიმბოლოები მჭირდებოდა! ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ მშობლებმა ვერც ერთი დამაჯერებელი არგუმენტი ვერ შემომთავაზეს, რომ მერწმუნა – ჩემი ჩაცმულობა ხელს უშლიდა ან საფრთხეს უქმნიდა მათ ინტერესებს.

არის მომენტები, როდესაც ბავშვი ხვდება და აღიარებს იმ ფაქტს, რომ მისი ჩაცმის სტილი ხელშესახებ, რეალურ გავლენას ახდენს მშობელზე. მაგალითისთვის გამოგვადგება არაერთხელ ციტირებული სიტუაცია ჯეინისა და „უშნო” ქურთუკის შესახებ. ამ შემთხვევაში ჯეინი მიხვდა, რომ თუკი რამდენიმე ქუჩას ავტობუსის გარეშე გაივლიდა, ქურთუკის გარეშე დასველდებოდა, შეიძლება გაციებულიყო და მამას სამსახურის გაცდენა მოუწევდა.

უდანაკარგო მეთოდის პრობლემის გადაჭრის კიდევ ერთ მაგალითად გამოგვადგება ჩემს ქალიშვილთან კონფლიქტი, რომელსაც ნიუპორტის სანაპიროზე უფროსების გარეშე სურდა სააღდგომო არდადეგების გატარება. ჩვენი შვილი მიხვდა, რომ დაჟინების შემთხვევაში რამდენიმე უძილო ღამის გატარება მოგვიწევდა მასზე ნერვიულობის გამო.

გრძელი თმების გამო კონფლიქტიც კი შეიძლება გადავჭრათ უდანაკარგო მეთოდით, როგორც ეს ერთ–ერთ ოჯახში მოხდა. მამა სკოლის დირექტორი იყო. ის შიშობდა, რომ მისი სამსახური საფრთხის ქვეშ აღმოჩნდებოდა, თუკი კონსერვატიულად განწყობილი მოსახლეობა მისი შვილის გრძელ თმებს მეტისმეტი ლიბერალიზმის ნიშნად მიიჩნევდა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა მის თანამდებობას. ვაჟიშვილმა საკუთარი თმის სიგრძე მშობლის ცხოვრებაზე რეალური გავლენის მქონე ფაქტორად აღიქვა. მამისადმი გულწრფელი პატივისცემის ნიშნად ის დათანხმდა გვარიანად შეემოკლებინა თმა.

რომელიმე სხვა ოჯახში იმავე გარემოებაში სხვაგვარად შეიძლება მომხდარიყო. მნიშვნელოვანია, შვილს ესმოდეს საკუთარი ქცევისა და მშობლის ინტერესების ურთიერთკავშირი. მხოლოდ ამ შემთხვევაში დათანხმდება ის უდანაკარგო მეთოდით პრობლემის გადაჭრას. მშობელმა უნდა უნდა შეძლოს შვილის კონკრეტული ქცევის უარყოფითი გავლენის დასაბუთება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, შვილი პრობლემაზე საუბარსაც კი არ ისურვებს.

გთავაზობთ ზოგიერთ ქცევას, რომელსაც, მშობლების აზრით, შვილები არ მიიჩნევენ განსჯის საგნად, რადგან დარწმუნებულები არიან, რომ არაფრით უშლიან ხელს მშობლებს.

მოზარდ ქალიშვილს მოსწონს სვირინგი.

მოზარდ ვაჟიშვილს ძალზე დიდი ზომის ჯინსები და დაგლეჯილი ფეხსაცმელები აცვია.

მოზარდს მშობლებისთვის მიუღებელი მეგობრები ჰყავს.

ბავშვს საშინაო დავალების მომზადება ეზარება.

ბავშვს სწავლისთვის თავის დანებება და რეპ–მუსიკოსობა სურს.

ხუთი წლის ბავშვი სახლში საბანს დაათრევს.

ქალიშვილს ცხვირისა და ჭიპის პირსინგი სურს.

ქალიშვილს ძალზე მოკლე კაბები ხიბლავს.

მოზარდს ეკლესიაში სიარული არ სურს.

ცხადია, IIIმეთოდი არ გახლავთ მშობლების გემოვნების შესაბამისად შვილის გამოძერწვის მეთოდი. თუ მშობელი ამ მეთოდის გამოყენებას აღნიშნული მიზნით ცდილობს, დაბეჯითებით შეიძლება განვაცხადოთ, რომ ბავშვები ვერ გაიგებენ და აუცილებლად შეეწინააღმდეგებიან. ამ შემთხვევაში მშობელი ხელიდან უშვებს მეთოდის წარმატებით გამოყენების შესაძლებლობას იმ პრობლემის გადასაჭრელად, რომელიც ნამდვილად ლახავს მის ინტერესებს. ეს შესაძლოა იყოს: საოჯახო საქმეში მონაწილეობა, მეტისმეტი ხმაური, საგნების დაზიანება, მანქანის სწრაფად ტარება, ტანსაცმლის დაუდევრად დაყრა, ჭუჭყიანი ფეხსაცმელებით სიარული, კომპიუტერთან დიდხანს ჯდომა, ნიჟარაში ჭუჭყიანი ჭურჭლის ჩატოვება, საგნების მიყრა–მოყრა, ეზოს დანაგვიანება და ა.შ.

სამოქალაქო უფლებების შესახებ

მშობელსა და შვილს შორის კონფლიქტზე საუბრისას, რომელიც ვარცხნილობასა და სხვა ისეთ ქცევებს ეხება, რომელიც რეალურად არ მოქმედებს მშობელზე, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ბავშვთა უფლებები. მოზარდმა იცის, რომ მას აქვს უფლება ჰქონდეს ის ვარცხნილობა, რომელიც მოსწონს, აირჩიოს მეგობრები, ჩაიცვას, როგორც მოსწონს და ა.შ. თანამედროვე მოზარდები, ნებისმიერი დროის მოზარდების მსგავსად, შეუპოვრად დაიცავენ ამ უფლებებს.

მოზარდები, ზრდასრულების ან ხალხების მსგავსად მუდამ იბრძოლებენ საკუთარი უფლებების დასაცავად. ისინი მათ ხელთ არსებულ ყველა რესურსს გამოიყენებენ თავისუფლებისა დ საკუთარი ავტონომიის დაკარგვის მცდელობის საწინააღმდეგოდ. ეს მათთვის ძალზე მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც არ ექვემდებარება განხილვას, კომპრომისს ან რომელიმე მეთოდით პრობლემის გადაჭრას.

რატომ არ ესმით ეს მშობლებს? რატომ არ ესმით, რომ მათი შვილები ადამიანები არიან და სწორედ ადამიანური ბუნების კარნახით იბრძვიან თავისუფლებისათვის, თუკი საფრთხეს გრძნობენ? რატომ ვერ ხვდებიან მშობლები, რომ საქმე რაღაც ძალზე არსებითთან გვაქვს – ადამიანის მოთხოვნილებასთან შეინარჩუნოს თავისუფლება? რატომ არ ესმით, რომ სამოქალაქო უფლებებს ოჯახში ეყრება საფუძველი?

ერთ–ერთი მიზეზი იმისა, რატომ ვერ ხედავენ მშობლები შვილებში სამოქალაქო უფლებების მქონე პიროვნებებს, ფართოდ გავრცელებულ შეხედულებაში უნდა ვეძებოთ, რომლის მიხედვით შვილი მშობელს „ეკუთვნის”. ამ შეხედულებით ამართლებენ მშობლები შვილების „გამოძერწვის”, შეცვლის, ჩაგონების, კონტროლის, ჭკუის სწავლების მცდელობას. ბავშვებისათვის სამოქალაქო უფლებების ან გარკვეული განუყრელი თავისუფლების მინიჭება, მოითხოვს ბავშვის ცალკეულ და დამოუკიდებელ პიროვნებად განხილვას, რომელსაც საკუთარი ცხოვრება აქვს. ბევრ მშობელს უჭირს იმ პრინციპის აღიარება, რომ ბავშვსაც აქვს უფლება გახდეს ის, რაც სურს გახდეს, იმ პირობით, რომ მისი ქცევა არ ზემოქმედებს მშობლის უფლებაზე გახდეს ის, რაც სურს გახდეს.

„შემიძლია თუ არა ვასწავლო ჩემი ღირებულებები?”

ეს მშობლების საყვარელი კითხვაა, რადგან მათ უმრავლესობას ძლიერ სურს, შთამომავლობას საკუთარი ნალოლიავები ღირებულებები გადასცეს. „რა თქმა უნდა! თქვენ არა მხოლოდ შეგიძლიათ ასწავლოთ, არამედ ასწავლით კიდეც”, ასეთია პასუხი. მშობელი ღირებულებების სწავლებას თავს ვერ აარიდებს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სურთ თუ არა შვილები ეცნობიან მის ღირებულებებს, დედისა და მამის ქცევაზე დაკვირვებით, მათი საუბრის მოსმენით.

მშობელი, როგორც ნიმუში

ზრდის კვალობაზე მშობლები და სხვა ზრდასრულები, რომლებთანაც ბავშვები ურთიერთობას ამყარებენ, მათთვის მისაბაძები ხდებიან. მშობელი მუდამ მაგალითია შვილისთვის, რომელიც თავისი ქმედებით გაცილებით მეტს ასწავლის, ვიდრე სიტყვით, თუ რისი სჯერა და რას აფასებს.

მშობელი ფასეულობებს მთელი თავისი ცხოვრების წესით გადასცემს. თუ სურს, რომ შვილი პატიოსნებას აფასებდეს, თავადაც პატიოსნად უნდა იქცეოდეს. თუ სურს დიდსულოვნება გახდეს შვილისთვის მნიშვნელოვანი, თვითონ უნდა აჩვენოს ამის მაგალითი. ეს საკუთარი ღირებულებების გადაცემის საუკეთესო, და შესაძლოა ერთადერთი გზაა.

“გააკეთე ისე, როგორც გეუბნები და არა ისე, როგორც მე ვაკეთებ” – არაეფექტური მიდგომაა ღირებულებების დასასწავლად. „გააკეთე ისე, როგორც მე ვაკეთებ” – მხოლოდ ამ შემთხვევაში აქვს მშობელს რეალური შესაძლებლობა იმოქმედოს შვილზე და შეცვალოს მისი ქცევა.

თუკი მშობელს სურს, პატიოსანი შვილი გაზარდოს და ტელეფონით სტუმრად მიპატიჟებაზე შვილის თანდასწრებით იცრუებს, სამწუხაროდ თავად ვეელოდებით სტუმრებსო, ის თავს მოიტყუებს. ამგვარი მაგალითების სია უსასრულოა: მამამ თავი ვერ შეიკავა და ვახშმობისას აღნიშნა, როგორ გონივრულად მოიქცა, როცა საგადასახადო დეკლარაციაში არარსებული ხარჯები აჩვენა; დედა თავის მოზარდ შვილს სთხოვს, არ უთხრას მამას, რამდენი გადაიხადა მაგიდის ნათურაში; ორივე მშობელი ცრუობს ცხოვრებისეული სირთულეების, სექსის, რელიგიის და ა.შ. შესახებ.

თუ მშობელს სურს შვილმა ადამიანთა არაძალადობრივი ურთიერთობები დააფასოს, მაგრამ შვილის დასასჯელად ფიზიკურ დასჯას იყენებს, თვალთმაქცობს. ერთი გონებამახვილური კარიკატურა მახსენდება, სადაც მამა ვაჟიშვილს სცემს და თან ეუბნება: „იმედი მაქვს, ახლა მაინც ისწავლი, რომ პატარების ცემა არ შეიძლება”.

შვილებმა რომ მშობლების ფასეულობები ისწავლონ, ამ უკანასკნელებმა სწორედ ამავე ფასეულობების მიხედვით უნდა იცხოვრონ და არ აიძულონ შვილებს გარკვეული აბსტრაქტული წესებით ცხოვრება. ჩემი ღრმა რწმენით, ერთ–ერთი მიზეზი თანამედროვე ახალგაზრდების მიერ ზრდასრულთა საზოგადოების მრავალი ფასეულობის უარყოფისა იმაშია, რომ ისინი ცხადად ხედავენ – უფროსები ხშირად თავადაც არ იქცევიან საკუთარი შეხედულებების შესაბამისად. იმედგაცრუებულები აღმოაჩენენ ხოლმე, რომ სასკოლო სახელმძღვანელოებში სრული სიმართლე არ წერია მთავრობისა და ქვეყნის ისტორიის შესახებ და მასწავლებელი ხშირად ცრუობს ზოგიერთ ცხოვრებისეულ ფაქტზე საუბრისას. შეუძლებელია არ გაბრაზდნენ უფროსებზე, რომლებიც სქესობრივი მორალის გარკვეულ პრინციპებს ქადაგებენ, ხოლო ფილმებში და ტელეეკრანზე ამ პრინციპებთან სრულიად შეუსაბამო სქესობრივ ქცევას ავლენენ.

დიახ, მშობლები შეძლებენ საკუთარი ფასეულობების გადაცემას, თუკი ამ ფასეულობებით იცხოვრებენ. რამდენი მშობელი ფიქრობს და იქცევა ასე? რამდენიც გნებავთ იქადაგეთ საკუთარი ფასეულობები, მაგრამ მხოლოდ საკუთარი მაგალითით და არა სიტყვებით ან მშობლის ავტორიტეტით. ასწავლეთ ყველაფერი, რაც თქვენთვის ფასეულია, მაგრამ თავად იყავით ამ ფასეულობებით ცხოვრების მაგალითი.

მშობელი ყველაზე მეტად იმის გამო დარდობს, რომ შვილმა შესაძლოა არ აღიაროს მისი ფასეულობები. რასაკვირველია, შესაძლებელია. მშობლის ზოგიერთი ფასეულობა შვილისათვის მიუღებელი შეიძლება აღმოჩნდეს; შეიძლება შეექმნათ სავსებით სამართლიანი შთაბეჭდილება, რომ მშობლის ზოგიერთი ფასეულობა (შეხედულება), მათი აზრით, არასასურველი შედეგების მომტანია (მაგალითად, ახალგაზრდების ნაწილი უარყოფს მშობლების სწრაფად შესასრულებელ, სტრესულ სამუშაოს, რადგან მას იმ „ფასეულობად” მიიჩნევს, რომელიც გულისა და ნერვიული სისტემის დაავადებებს იწვევს).

როცა მშობელი შიშობს იმის გამო, რომ შვილმა შესაძლოა არ აღიაროს მისი ფასეულობები, ის ერთგვარად ცდილობს გაამართლოს ძალაუფლების გამოყენება შვილზე ზეგავლენის მიზნით. „ისინი მეტისმეტად პატარები არიან იმისათვის, რომ გაარკვიონ ცუდი და კარგი” – ყველაზე გავრცელებული თავის მართლებაა ფასეულობების იძულებით თავს მოხვევისას.

განა შესაძლებელია ძალით ან ავტორიტეტით მოვახვიოთ ჯანსაღ ადამიანს ფასეულობები? ჩემი აზრით, არა. შედეგად იმას მივიღებთ, რომ ბავშვები უფრო მეტი გააფთრებით შეეწინააღმდეგებიან ასეთ დიქტატს და უფრო მტკიცედ დაიცავენ საკუთარ შეხედულებებსა და ფასეულობებს. ძალაუფლებით და ავტორიტეტით შესაძლებელია სხვათა მოქმედების კონტროლი, მაგრამ შეუძლებელია ვაკონტროლოთ მათი ფიქრები, იდეები, შეხედულებები.

მშობელი, როგორც მრჩეველი

კარგისა და ცუდის გარჩევის სწავლების მიზნით, საკუთარი ქცევით ფასეულობათა დემონსტრირების გარდა, მშობელს კიდევ ერთი მეთოდი შეუძლია გამოიყენოს. მას შეუძლია შვილს საკუთარი იდეები, ცოდნა და გამოცდილება გაუზიაროს სწორედ ისე, როგორც ამას კონსულტანტი აკეთებს, როცა კლიენტი რჩევისათვის მიმართავს. ამ მეთოდს თავისი ხიბლი აქვს – გამოცდილი კონსულტანტი ცდილობს აზრის გაზიარებას და არა დამოძღვრას, შეთავაზებას და არა აზრის თავს მოხვევას, კარნახს და არა მოთხოვნას. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ კონსულტანტი გვიზიარებს, გვთავაზობს და გვკარნახობს მხოლოდ ერთხელ. ეფექტური კონსულტანტი კლიენტებს თავის ცოდნასა და გამოცდილებას სთავაზობს, მაგრამ ის თავს არ აბეზრებს ყოველდღიურად, არ არცხვენს ვინმეს იმის გამო, რომ მისი აზრი არ გაითვალისწინა, არ ცდილობს საკუთარი აზრის დაჟინებით მტკიცებას, თუკი კლიენტი ეწინააღმდეგება. გამოცდილი კონსულტანტი საკუთარ იდეებს სთავაზობს კლიენტს, ხოლო შემდეგ პასუხისმგებლობას უტოვებს გადაწყვიტოს, მიიღოს, თუ უკუაგდოს რჩევა. კონსულტანტი რომ ისე მოიქცეს, როგორც მშობლების უმრავლესობა იქცევა, კლიენტი განუცხადებს, რომ აღარ სჭირდება მისი მომსახურება.

მოზარდები იმიტომ ამბობენ უარს ”მშობლების მომსახურებაზე”, რომ ამ უკანასკნელს იშვიათად შეუძლია კარგი კონსულტანტობა. მშობლები შვილებს უმეტესწილად ჭკუას ასწავლიან, არწმუნებენ, დაყოლიებას ცდილობენ, ემუქრებიან, აფრთხილებენ, სთხოვენ, მოძღვრავენ, არცხვენენ და ამას მხოლოდ იმ მიზნით აკეთებენ, რომ აიძულონ ის გააკეთებინონ, რასაც თვითონ მიიჩნევენ მართებულად. მშობლები ყოველდღიურად მიმართავენ საკუთარ შვილებს დარიგებისა და ჭკუის სწავლების შემცველი შეტყობინებებით. ისინი შვილებს არ აძლევენ ჩაგონების გაზიარებაზე ან უარყოფაზე პასუხისმგებლობის აღების საშუალებას; ისინი სრულად კისრულობენ შვილებისთვის ჭკუის სწავლების პასუხისმგებლობას. როცა მშობელი კონსულტანტის როლს ირჩევს, მისი მიდგომა იცვლება: მან იცის, რომ ”კლიენტი უნდა დაიყოლიოს”, მაგრამ თუკი კლიენტი უარყოფს რჩევას, კონსულტანტი თავს დამარცხებულად გრძნობს.

მშობელი დამნაშავეა საკუთარი ”საქონლის” თავისმოხვევაში. გასაკვირი აღარ არის, რომ ოჯახების უმრავლესობაში ბავშვების სასოწარკვეთილი შეტყობინებები გაისმის მშობლების მისამართით: ”თავი დამანებეთ”, ”მოეშვით ჭკუის სწავლებას”, ”ნუ მბურღავთ”, ”ისედაც ვიცი, რას ფიქრობთ. აღარ მჭირდება წამდაუწუმ გამეორება”, ”ნუ შემაწუხეთ გაუთავებელი ჭკუის სწავლებით”, ”მორჩით”, ”მივდივარ, ნახვამდის”.

მშობელს უნდა ახსოვდეს, რომ შეუძლია საკუთარი შვილის კარგი კონსულტანტი იყოს – გაუზიაროს საკუთარი იდეები, გამოცდილება, სიბრძნე, თუკი იმ გამოცდილი კონსულტანტივით მოიქცევა, რომელსაც კლიენტი დახმარებისთვის მიმართავს და ”არ დაითხოვს”.

თუ ფიქრობთ, რომ სასარგებლო ინფორმაცია გაქვთ ჯანმრთელობისთვის მოწევის ზიანის შესახებ, გაუზიარეთ შვილს. თუ თვლით, რომ რელიგიამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა თქვენს ცხოვრებაში, ესაუბრეთ ამის შესახებ შვილებს. თუ ნარკოტიკების გავლენის შესახებ საინტერესო სტატიას წააწყდით, შესთავაზეთ მისი წაკითხვა შვილებს, ან თავად წაიკითხეთ ყველასთვის ხმამაღლა. თუ მონაცემები გაქვთ უმაღლესი განათლების სარგებლიანობის შესახებ გაუზიარეთ შვილებს. თუ ბავშვობაში ისწავლეთ, როგორ გადაგექციათ საშინაო დავალების შესრულება დამღლელი პროცედურიდან სახალისო პროცედურად, შესთავაზეთ შვილებს საკუთარი მეთოდი. თუ საკუთარი თავი ქორწინებამდე სქესობრივი ურთიერთობების სფეროში ექსპერტად მიგაჩნიათ, გაუზიარეთ შვილებს ცოდნა. მხოლოდ ამ ყველაფრისთვის შესაბამისი დრო შეარჩიეთ!

ჩემი ერთ-ერთი რეკომენდაცია კონსულტანტობის პირად გამოცდილებას ემყარება. მივხვდი, რომ კლიენტებთან ურთიერთობისას ერთ-ერთი მძლავრი იარაღი აქტიური მოსმენაა. როდესაც ახალ იდეებს ვთავაზობდი, კლიენტები თავდაპირველად მეწინააღმდეგებოდნენ და თავის დაცვას ცდილობდნენ. ნაწილობრივ, ალბათ, იმიტომ, რომ ეს იდეები, როგორც წესი, ეწინააღმდეგებოდა მათ შეხედულებებს ან ქცევის სტანდარტებს. როგორც წესი, მათი გრძნობების აქტიური მოსმენის შემდეგ წინააღმდეგობა სუსტდებოდა და საბოლოოდ კლიენტი იზიარებდა ჩემს ახალ იდეებს. თუკი მშობელს სურს შვილებს საკუთარი შეხედულებები და ღირებულებები ასწავლოს, მზად უნდა იყოს წინააღმდეგობისთვის და არ უნდა შეშინდეს. წინააღმდეგობისას აუცილებლად გაიხსენეთ აქტიური მოსმენა, რომელიც აუცილებლად დაგეხმარებათ.

ცხადია, შეგიძლიათ შვილებს საკუთარი ფასეულობები ასწავლოთ, მაგრამ ღვთის გულისათვის, ნუ მოახვევთ თავს! ფასეულობებზე ღიად ისაუბრეთ, მაგრამ ნუ ეცდებით მათ იძულებას. გაუზიარეთ, მაგრამ თავს ნუ მოახვევთ. დაბეჯითებით შესთავაზეთ, მაგრამ ნუ ეცდებით ჩააგონოთ ნებისმიერი ხერხით. ამის შემდეგ თავი დაანებეთ და საშუალება მიეცით ”კლიენტს” აწყობს თუ არა შეთავაზება. არ დაივიწყოთ აქტიური მოსმენა! თუკი ამ რჩევებს გაითვალისწინებთ, შვილები არაერთხელ მოგმართავენ სამსახურისთვის. ისინი დარწმუნდებიან, რომ თქვენ სასარგებლო კონსულტანტი ხართ და აღარ მოუნდებათ თქვენი სამსახურიდან ”დათხოვნა”.

„მივიღო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია”

მკითხველს, ალბათ, ახსოვს სოლომონ ბრძენის სიტყვები,

„ღმერთო, მომეცი ძალა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია,

მომეცი სიმშვიდე შევეგუო იმას, რისი შეცვლაც არ შემიძლია და

მომეცი გონი, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან”.

„სიმშვიდე შევეგუო იმას, რისი შეცვლაც არ შემიძლია”, უშუალოდ ეხება იმას, რაზეც ახლა მსურს საუბარი. ბავშვის მრავალი ქცევა არსებობს, რომლის შეცვლაც მშობელს არ ძალუძს. ერთადერთი ალტერნატივაა ამ ფაქტის მიღება.

მრავალი მშობელი ეწინააღმდეგება ჩვენს რჩევას იმის შესახებ, რომ შვილისთვის უბრალოდ კონსულტანტი იყოს:

„ჩემი პასუხისმგებლობაა, რომ ჩემმა შვილმა არ მოწიოს სიგარეტი”.

„მთელი ჩემი ავტორიტეტი უნდა გამოვიყენო და შვილი ქორწინებამდე სქესობრივი ურთიერთობისაგან დავიცვა”.

„არ მსურს მხოლოდ კონსულტანტი ვიყო, როცა საქმე ნარკოტიკების გამოყენებას ეხება. დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ ჩემი შვილი არ ეწევა”.

„მშვიდად ვერ ვიქნები, როცა ვიცი, რომ ჩემი შვილი საშინაო დავალებას არ ასრულებს”.

მრავალი მშობელი იმდენად მტკივნეულად განიცდის შვილის გარკვეულ ქცევას, რომ უარს ვერ ამბობს შვილზე ზემოქმედების მცდელობაზე. მიუხედავად ამისა, უფრო ობიექტური თვალსაზრისი, როგორც წესი, არწმუნებთ ხოლმე არ აქვთ უფრო მისაღები ალტერნატივა, ვიდრე თავის დანებებაა – იმის მიღება, რისი შეცვლაც არ ძალუძთ.

განვიხილოთ სიგარეტის მოწევა. დავუშვათ მშობელმა ყველა რესურსი ამოწურა (უამბო იმ ზიანის შესახებ, რაც ამ მავნე ჩვევამ მოუტანა თავად მას, მოუძებნა სტატისტიკური მონაცემები, სტატიები). დავუშვათ, შვილი აგრძელებს სიგარეტის მოწევას. როგორ უნდა მოიქცეს მშობელი? თუ სახლში მოწევას აუკრძალავს, შვილი სახლის გარეთ მოსწევს (ან სახლშიც, როცა მარტო იქნება). ცხადია, მშობელი ყველგან ვერ გაჰყვება და ვერც სახლში დაუჯდება გვერდით. სიგარეტის მოწევისასაც რომ წაასწროს, რას გააკეთებს? თუკი „ხერხვას” დაუწყებენ, ის როგორმე აიტანს ამ ‘წამებას” და შემდეგ ისევ მოსწევს. თეორიულად, შესაძლოა სახლიდან გაგდებით დაემუქროს, მაგრამ არც ერთ მშობელს არ მოუნდება ამგვარი რადიკალური მეთოდის გამოყენება. სწორედ ამიტომ მშობელს ფაქტობრივად არ რჩება ხელმისაწვდომი ალტერნატივა, გარდა იმისა, რომ საკუთარ თავს გამოუტყდეს – ვერ აიძულა შვილი უარი ეთქვა მოწევაზე. ერთ–ერთმა მშობელმა ძალზე მკაფიოდ ჩამოაყალიბა დილემა: „ერთადერთი საშუალება, რომლის დახმარებით შემიძლია ვაიძულო ქალიშვილი უარი თქვას მოწევაზე ის გახლავთ, რომ საწოლის ფეხზე მივაბა”.

დამატებითი მაგალითის სახით შეგვიძლია განვიხილოთ საშინაო დავალების შესრულება, რომელიც მრავალ ოჯახში კონფლიქტის წყაროა. როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები, თუკი შვილს არ სურს დავალების შესრულება? თუ აიძულებენ ოთახში განმარტოებას, შეიძლება რადიო, ტელევიზორი, კომპიუტერი ჩართოს, ან ნებისმიერი სხვა რამ აკეთოს. საქმე იმაშია, რომ შეუძლებელია აიძულო ადამიანი ისწავლოს. ნათქვამი „შეიძლება ცხენი წყალთან მიიყვანო, მაგრამ დალევას ვერ აიძულებ” ბავშვის მიერ საშინაო დავალების შესრულებასაც ეხება.

რა შეიძლება ითქვას ქორწინებამდე სქესობრივ ურთიერთობებზე? აქაც იგივე პრინციპი მოქმედებს. მშობელი ვერ შეძლებს შვილის გამუდმებით თვალთვალს და კონტროლს. ერთ–ერთმა მამამ აღიარა: „შვილის ქორწინებამდე ურთიერთობებისაგან დაცვის ნებისმიერი მცდელობა უაზრობაა. ყველგან ფეხდაფეხ ხომ ვერ გავყვები”.

გრძელია იმ ქცევების სია, რომლის შეცვლაც მშობელს არ შეუძლია: კოსმეტიკური საშუალებები, ალკოჰოლური სასმელი, თანატოლებთან უსიამოვნებები, ნარკოტიკები და ა.შ. მშობელს მხოლოდ ის შეუძლია, რომ შვილისთვის მაგალითი იყოს, ეფექტური კონსულტანტი გახდეს და შვილთან „თერაპიული” ურთიერთობები დაამყაროს. სხვა რა შეუძლია? უნდა აღიაროს ფაქტი, რომ საბოლოო ანგარიშით მას არ შესწევს შვილის ამა თუ იმ ქცევის თავიდან აცილება, თუკი შვილი მიდრეკილია ამ ქცევისადმი.

შესაძლოა ეს არის ის ფასი, რასაც მშობლობისთვის ვიხდით. შეგიძლიათ ძალ–ღონე არ დაიშუროთ, უკეთესის იმედი გქონდეთ, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში მუდამ არსებობს რისკი, რომ თქვენი ძალისხმევა არასაკმარისი აღმოჩნდება. მაშინ, ალბათ, თხოვნაღა დაგრჩებათ: „მომეცი სიმშვიდე შევეგუო იმას, რისი შეცვლაც არ შემიძლია”.

თარგმნა ნინო ჭიაბრიშვილმა




კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი