ხუთშაბათი, ოქტომბერი 10, 2024
10 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2024

მსოფლიოს ხუთი ყველაზე შთამბეჭდავი ბიბლიოთეკა

 

ალექსანდრინა

ალექსანდრიის ბიბლიოთეკის დაწვა მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე საკრალურ მოვლენადაა შერაცხული. მიუხედავად დანაკარგისა, იმისა, რომ 700 000 უნიკალური ტექსტი, რომლებიც ხანძარმა იმსხვერპლა, ვეღარასოდეს აღდგება, 2002 წელს ეგვიპტემ ოფიციალურად გახსნა ახალი ბიბლიოთეკა სახელად ალექსანდრინა, რომელიც გლობალური კულტურის ჰაბად გადაიქცა. ეგვიპტელებმა ალექსანდრინა ოფიციალური შემოწირულობით გახსნეს. მათ დახმარებისთვის მსოფლიოს რამდენიმე დიდ ბიბლიოთეკას მიმართეს. ალექსანდრინას უზარმაზარი წიგნადი ფონდი გადასცა იტალიამ, უძველესი მანუსკრიპტების ჩათვლით. საბერძნეთმა ძვირფასი ანტიკვარიატიც უსახსოვრა. ამერიკის მთავრობამ კი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა. ამჟამად ალექსანდრინა – სწავლის, ტოლერანტობის, დიალოგისა და ურთიერთპატივისცემის ცენტრი – მასპინძლობს ხელოვნების ნიმუშთა გამოფენებს, ვორკშოპებს, აქვს ოთხი უდიდესი საგამოფენო დარბაზი და მომხმარებლებისთვის არაბულ, ინგლისურ, ფრანგულ და ესპანურ ენებზე მართავს ტურებს.

ოქსფორდის ბიბლიოთეკა

ოქსფორდის ბიბლიოთეკა ერთ-ერთი უძველესია ევროპაში და უკანასკნელი 400 წელია, მის ფონდში შედის ყოველი წიგნის ეგზემპლარი, რომელიც კი დიდ ბრიტანეთში დაბეჭდილა. ბიბლიოთეკაში ამჟამად 12 მილიონი წიგნი ინახება. შენობების ერთმანეთთან დამაკავშირებელი მიწისქვეშა ბილიკები მთელ ქალაქში გადის. ბიბლიოთეკის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილი მე-15 საუკუნეში აგებული დივიზიონია. მან განსაკუთრებული პოპულარობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც “ჰარი პოტერის” ფილმების სერიის გადაღების დროს ერთ-ერთ ლოკაციად გამოიყენეს.

Medicea Laurenziana

ალბათ, წარმოგიდგენიათ, რა ტრიალებს ფლორენციაში – რენესანსის მემკვიდრეობით სავსე ამ იტალიურ ქალაქში. სან ლორენცოს ტაძარმა, რომელიც მედიჩების ოჯახს ეკუთვნოდა, ბოლო სართული ბიბლიოთეკას დაუთმო. ბიბლიოთეკა 1571 წელს გაიხსნა და მისი დიზაინი მიქელანჯელოს ეკუთვნის. ბიბლიოთეკაში დღემდე ინახება მედიჩების დინასტიის პირადი კოლექციები. საცავები სავსეა იშვიათი მანუსკრიპტებითა და უძველესი ნაბეჭდი წიგნებით. ამჟამად ბიბლიოთეკა რეგულარულად მასპინძლობს გამოფენებს. მას წელიწადში 10 მილიონამდე ვიზიტორი ჰყავს.

 

ავსტრიის ეროვნული ბიბლიოთეკა

ვენაში მდებარე ეს ბიბლიოთეკა ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ღირსშესანიშნაობაა. მისი ცენტრალური დარბაზი 1723 წელს გაიხსნა და სამეფო ბიბლიოთეკა ეწოდა. დღეს აქ დაგხვდებათ ბაროკოს სტილისა და თანამედროვე დიზაინის შესანიშნავი კომბინაცია. გრანდიოზული მარმარილოს ქანდაკებები თაროების ფუნქციას ასრულებს და იონიური სვეტები ჭერს ებჯინება. აქვეა მცირე საგამოფენო დარბაზები.

ბოსტონის საჯარო ბიბლიოთეკა

ის მასაჩუსეტსში მდებარეობს და ევროპის ბიბლიოთეკებივით ძველი არ არის, თუმცა ფრესკებით მოხატულ ვეებერთელა დარბაზებში მსოფლიოში ყველაზე მეტი – 23 მილიონი წიგნი ინახება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“