ოთხშაბათი, ოქტომბერი 16, 2024
16 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

ავთენტური შეფასება

რა განასხვავებს ავთენტურ შეფასებას უკვე ტრადიციულად დამკვიდრებული ტესტირებისაგან და რა არის ავთენტური შეფასების უპირატესობა?

თანამედროვე განათლების მიზანი არ არის, რომ მოსწავლეს სკოლის დამთავრების შემდეგ ახსოვდეს მხოლოდ მშრალი ფაქტები, რომლებიც სხვადასხვა საგნის სახელმძღვანელოებიდან დაისწავლა. მისი უმთავრესი მიზანია, რომ მოსწავლე ცოდნასთან ერთად დაეუფლოს ამ ცოდნის ცხოვრებაში გამოყენების უნარ-ჩვევებსაც. შესაბამისად, შეფასებაც, როგორც სწავლა-სწავლების პროცესის განუყოფელი ნაწილი და აუცილებელი კომპონენტი, მაქსიმალურად უნდა ასახავდეს, რამდენად შეუძლია მოსწავლეს ნასწავლის გამოყენება ავთენტურ სიტუაციებში. თუკი მოსწავლეს კარგი მაჩვენებლები აქვს ტესტებში, ეს, ბუნებრივია, გვაძლევს საფუძველს დავასკვნათ, რომ მას ამ ცოდნის გამოყენება შეუძლია, მაგრამ ჩნდება ლოგიკური კითხვა: რატომ უნდა ავირჩიოთ მოსწავლის შეფასების ისეთი ინსტრუმენტი, რომელიც არაპირდაპირი გზით გვაძლევს ინფორმაციას მის შესახებ, როდესაც შეგვიძლია პირდაპირი გზით შევამოწმოთ მის მიერ ცოდნის გამოყენების უნარი? 

თანამედროვე განათლების სისტემების კიდევ ერთი უმთავრესი პრინციპი მოსწავლეთა თანაბარუფლებიანობაა. იმისათვის, რომ თითოეულ მოსწავლეს მივცეთ სათანადო განათლება, რომელიც მის საჭიროებებზეა მორგებული, აუცილებელია, დავინახოთ, მივიღოთ და გავაცნობიეროთ მათ შორის არსებული განსხვავებები.

არსებობს მოსაზრება, რომ ტესტირება შეფასების ყველაზე სამართლიანი ფორმაა, რადგან იგი თანაბარ პირობებში აყენებს ყველა მოსწავლეს. მაგრამ მოდით, დავფიქრდეთ, რამდენად არის შესაძლებელი, რომ ერთგვაროვანი (მთლიანად უნიფიცირებული), სტანდარტიზებული, ინდივიდუალიზმს მოკლებული შეფასება იყოს ბოლომდე სამართლიანი? განათლების სპეციალისტების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ შეფასება სამართლიანია მაშინ, როცა იგი ინდივიდზეა მორგებული, ბუნებრივია, მოქნილია და შესაძლებელია მისი მოდიფიცირება კონკრეტული უნარების გამოსაკვეთად, ასევე, როცა იგი ხელს უწყობს მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის ჩამოყალიბებას.

ავთენტური შეფასება თვითგამოხატვისა და ცოდნის წარმოჩენის მრავალ განსხვავებულ საშუალებას იძლევა. ბუნებრივია, ყველა მოსწავლეს (ისევე, როგორც ყველა ადამიანს) აქვს თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები. შესაბამისად, ისინი განსხვავებულები არიან როგორც სწავლაში, ისე საკუთარი ცოდნის წარმოჩენის თვალსაზრისითაც. შესაფასებლად მხოლოდ ტესტების შეთავაზება, ცხადია, არ იძლევა ამ განსხვავებების იდენტიფიცირების საშუალებას. თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ტესტირებას, როგორც შეფასების ინსტრუმენტს, აქვს დადებითი მხარეც – მისი საშუალებით ყველა მოსწავლე ერთსა და იმავე საკითხებში ერთი და იმავე მეთოდით მოწმდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ა) იგი უფრო კარგად იძლევა მოსწავლეთა შედარების საშუალებას და ბ) მისი საიმედოობის ხარისხი უფრო მაღალია, ვიდრე სხვა ტიპის შეფასებებისა. თუმცა ტესტის წარმატებით ჩაბარებას, გარდა ცოდნისა, სხვა სპეციფიკური უნარებიც სჭირდება. ჩვეულებრივ, უკეთესი შედეგები აქვს მას, ვინც უკეთ უღებს ალღოს ამ ტიპის სამუშაოს, არის სწრაფი, ან უბრალოდ გაწაფულია ტესტების შევსებაში. ფაქტია, რომ ტესტირება არ აძლევს მოსწავლეებს საკუთარი ცოდნისა და უნარების მათთვის უფრო ხელსაყრელი, კომფორტული ფორმით დემონსტრირების საშუალებას.

ცალკეული უნარ-ჩვევის ან დამახსოვრებული ფაქტის განცალკევებულად შემოწმება ტესტების საშუალებით საკმარისად ვერ აფასებს მოსწავლის რეალურ შესაძლებლობებსა და პოტენციალს. იმისათვის, რომ რეალურად გავიგოთ და შევაფასოთ, თუ რა აითვისა, რა ისწავლა მოსწავლემ სკოლაში, შეფასების ისეთი მეთოდი უნდა გამოვიყენოთ, რომელსაც შეუძლია შეამოწმოს მისი უნარები არა იზოლირებულად, არამედ ერთობლიობაში. ტერმინი “ავთენტური შეფასება” თავის თავში მოიცავს შეფასების ფორმათა მრავალფეროვნებას, რომელიც ადეკვატურად წარმოაჩენს მოსწავლის მიერ შეძენილ ცოდნას, მის მიღწევებს, მოტივაციასა და დამოკიდებულებას საკლასო აქტივობების მიმართ.

ავთენტური შეფასება ბუნებრივ გარემოს უქმნის მოსწავლეებს შეძენილი ცოდნისა და უნარების წარმოსაჩენად. მაგალითად, წარმოვიდგინოთ, რომ ზრდასრული ადამიანი ატარებს კვლევას ან ექსპერიმენტს იმ სფეროში, რომელშიც ის მოღვაწეობს. როგორ მუშაობს იგი? ხარჯავს იმდენ დროს, რამდენიც სჭირდება; დროს ანაწილებს საკუთარი შეხედულებისამებრ; საჭიროების შემთხვევაში, იყენებს შესაბამის რესურსებს; გადაამოწმებს ფაქტებს, რომლებიც შესაძლოა კარგად არ ახსოვდეს, ან იღებს ახალ, კონკრეტული მიზნისთვის საჭირო ცოდნას/ინფორმაციას; წერს რამდენიმე ვერსიას, ცვლის, გადაწერს მას და ა.შ. ახლა კი წარმოვიდგინოთ ტესტირების პროცესი, რომლის დროსაც მოსწავლე სრულიად ხელოვნურ გარემოშია მოხვედრილი, სამუშაო დროც ხელოვნურადაა შემოსაზღვრული, ხოლო საკუთარი ცოდნისა თუ მიღწევების დასადასტურებლად უწევს შეთავაზებული პასუხებიდან ერთ-ერთის არჩევა ან ფაქტების გახსენება, ზეპირად დამახსოვრებული ციტატების მოხმობა და ა.შ. ცხადია, შეფასების ამგვარი მოდელი ნაკლებად წარმოაჩენს მის რეალურ ცოდნასა და უნარებს.

მიუხედავად იმისა, რომ ავთენტური შეფასების ზოგიერთი ფორმის გამოყენება შესაძლებელია საკმაოდ დიდ დროს მოითხოვდეს, ეს ძალისხმევა გამართლებულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოსწავლეები ნაკლებად კომფორტულად გრძნობენ თავს ტესტირებისას, ღელავენ იმის გამო, რომ ტესტზე სამუშაოდ განკუთვნილი დრო შეზღუდულია და უჭირთ ამ დროში ჩატევა.

ავთენტური შეფასება აერთიანებს სამ ძირითად კომპონენტს – სწავლებას, სწავლასა და შეფასებას, რაც მას განასხვავებს ე.წ. უკვე ტრადიციულად დამკვიდრებული ტესტირებისაგან. ტესტირების მოდელი უმეტესად განაცალკევებს ერთმანეთისაგან სწავლა-სწავლებისა და შეფასების პროცესებს, ანუ ტესტირება ტარდება მას შემდეგ, რაც ივარაუდება, რომ მოსწავლეები დაეუფლნენ შესაბამის ცოდნასა და უნარებს. ავთენტური შეფასება კი მოსწავლეებს სასწავლო პროცესში სთავაზობს ავთენტური ტიპის დავალებებს, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია შემოწმდეს, თუ რამდენად შეუძლია მას გამოიყენოს მიღებული ცოდნა და უნარები სხვადასხვა ცხოვრებისეულ კონტექსტში. ის ეხმარება მოსწავლეებს სწავლის პროცესზე დაკვირვებასა და მის კორექტირებაში.
თუმცა მიგვაჩნია, რომ არ ღირს განსხვავებებზე აქცენტის გაკეთება, რადგან ავთენტური შეფასება ავსებს და ამდიდრებს ტესტირების ტრადიციული შეფასების მოდელს და მასწავლებლებიც, გაუცნობიერებლად თუ გაცნობიერებულად, ხშირად იყენებენ მას. ასე რომ, არ არის აუცილებელი, მასწავლებელმა არჩევანი გააკეთოს ერთ-ერთის სასარგებლოდ. შეფასების ორივე მოდელი მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს სწავლა-სწავლების პროცესში.
გთავაზობთ ავთენტური შეფასების რამდენიმე ყველაზე გავრცელებულ ფორმას:
ზეპირი გასაუბრება – მასწავლებელი უსვამს მოსწავლეს კითხვებს და აძლევს მას საშუალებას, ისაუბროს საკუთარი თავის, გამოცდილების, საქმიანობის, საყვარელი წიგნების, ზოგადად, ინტერესების შესახებ. ამ დროს მოსწავლესა და მასწავლებელს შორის ურთიერთობა არაფორმალური და დაუძაბავია, მასწავლებელს კი შეუძლია გაარკვიოს მოსწავლის შესაძლებლობები და განსაზღვროს მისი საჭიროებები.

ზეპირი და წერილობითი აქტივობები – მოსწავლეები საკუთარი სიტყვებით ზეპირად გადმოსცემენ ან ჰყვებიან წაკითხულ/მოსმენილ ტექსტს, ან წერილობით განიხილავენ მას, ასევე ქმნიან სხვადასხვა ტიპის ტექსტებს. ეს აქტივობები კომპლექსური და, ამავდროულად, მკაფიო კრიტერიუმების მიხედვით შეფასების საშუალებას იძლევა.
პროექტები/პრეზენტაციები/გამოფენები – მოსწავლეები მუშაობენ ინდივიდუალურად, წყვილებში ან ჯგუფებში. ამ ტიპის აქტივობებით კარგად არის შესაძლებელი როგორც პროცესის, ისე პროდუქტის შეფასება. გარდა ზეპირმეტყველებითი და წერითი უნარებისა, მოსწავლეებში მკაფიოდ ვლინდება მათი სააზროვნო და შემოქმედებითი შესაძლებლობებიც, რაც ასევე მათი კომპლექსური, მკაფიო კრიტერიუმების მიხედვით შეფასების საშუალებას იძლევა.

ექსპერიმენტები – მოსწავლეები ატარებენ ექსპერიმენტს და ახდენენ პროცესის დემონსტრირებას. ამ ტიპის აქტივობები, საგნობრივ ცოდნასთან ერთად, იძლევა ზეპირი პრეზენტაციის, წერილობითი ანგარიშის შექმნის, სააზროვნო უნარების შეფასების შესაძლებლობასაც.

ღია ტესტური კითხვები – მოსწავლეები წერილობით პასუხობენ ტესტურ კითხვებს. კონკრეტულ შინაარსთან ერთად შესაბამისი რუბრიკებით შეიძლება შეფასდეს წერისა და სააზროვნო უნარებიც.

მასწავლებლის დაკვირვება _ მასწავლებელი აკვირდება თითოეულ მოწავლეს, რამდენად ყურადღებით არის ის გაკვეთილზე, როგორ ითვისებს მასალას, აუმჯობესებს თუ არა შედეგებს, როგორ კომუნიკაციას ამყარებს თანაკლასელებთან და ა.შ. ამგვარი დაკვირვების წარმოება, ზოგადად, სასარგებლოა და ხელს უწყობს სასწავლო გარემოს ადეკვატურად შეფასებასა და გაუმჯობესებას.

პორტფოლიოების წარმოება – მასწავლებელი თავს უყრის მოსწავლის ნაშრომებს იმ მიზნით, რომ აჩვენოს მისი წინსვლა (ან, პირიქით, ჩამორჩენა) დროთა განმავლობაში. პორტფოლიოს წარმოება შეფასების სასარგებლო და მოსახერხებელი საშუალებაა, რადგან იგი იძლევა სრულყოფილ სურათს მოსწავლის შესახებ.

რა არის საჭირო ავთენტური შეფასებისათვის?

როგორც აღვნიშნეთ, მასწავლებელთა უმეტესობა იყენებს ავთენტური დავალებების საკმაოდ დიდ რეპერტუარს სასწავლო პროცესში, მაგრამ შეფასების ამ მოდელის ეფექტიანად ასამუშავებლად საჭიროა რამდენიმე აუცილებელი პირობის დაკმაყოფილება. ესენია:

თავად ავთენტური დავალების მომზადება. დავალება მაშინ ჩაითვლება ავთენტურად, თუკი ა) იგი მოსწავლეებისგან მოითხოვს პასუხის დამოუკიდებლად დაწერას (და არა შეთავაზებული პასუხებდან ერთ-ერთის არჩევას); ბ) დავალება ზედმიწევნით ეხმიანება პრობლემებს, რომელთა გადაწყვეტაც რეალურ ცოვრებაში უწევს ადამიანს;

სტანდარტის შექმნა. ეს არის ჩამონათვალი, თუ რა უნდა იცოდეს მოსწავლემ და რა უნდა შეეძლოს მას. ამგვარი სტანდარტი, ცხადია, უნდა ეყრდნობოდეს ეროვნულ სასწავლო გეგმას და, ამავე დროს, მასში გაწერილი თითოეული მიზანი უნდა იძლეოდეს მაქსიმალურად ობიექტური შეფასების საშუალებას, ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შესაძლებელი უნდა იყოს მისი გაზომვა;

შეფასების კრიტერიუმების შემუშავება. ეს გულისხმობს კარგად შესრულებული დავალების ძირითადი მახასიათებლების განსაზღვრასა და აღწერას. მაგალითად, დამარწმუნებელი ესეის შეფასების კრიტერიუმების ფორმულირება შეიძლება შემდეგნაირად: ნაწერი კარგად არის ორგანიზებული, სათქმელი მკაფიოდ არის გადმოცემული, საკმარისი არგუმენტებია მოყვანილი საკუთარი მოსაზრების/პოზიციის დასასაბუთებლად; 

შეფასების სქემის გაწერა შესაბამისი ქულების გრადაციით. რუბრიკაში წარმოდგენილი უნდა იყოს, სულ ცოტა, ორი კრიტერიუმი მაინც, რომელთა მიხედვითაც უნდა შეფასდეს მოსწავლის ნამუშევარი, ასევე აღწერილი უნდა იყოს ორი დონე მაინც თითოეული კრიტერიუმისათვის. 

ცალკე განხილვის თემაა მოსწავლეთა პორტფოლოები, რომელთაც ავთენტური შეფასების ერთ-ერთ ფორმად მიიჩნევენ (თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არსებობს).

რა არის მოსწავლის პორტფოლიო?

მოსწავლის პორტფოლიო მრავალი ფორმით შეიძლება არსებობდეს. რაც მთავარია, ეს არ არის უბრალოდ გროვა მოსწავლის მიერ სემესტრის ან წლის განმავლობაში შექმნილი ნამუშევრებისა. ისინი მიზნობრივად არის შერჩეული და თავმოყრილი იმის მიხედვით, თუ რას მოგვითხრობს კონკრეტული მოსწავლის შესახებ.

ამასთანავე, ამგვარი პორტფოლიოების მეშვეობით სკოლას შეუძლია უფრო მასშტაბური სურათის დანახვა, ანუ სხვადასხვა საგანში მოსწავლის მიერ განვლილი გზის, მისი მიღწევების შესახებ სრული ინფორმაციის მოპოვება და შეჯერება. მეტიც, უფრო დახვეწილი პორტფოლიოები შეიცავს თავად მოსწავლეების კომენტარებსა და მოსაზრებებს. ისინი აფასებენ საკუთარ ნამუშევრებს და ამის საფუძველზე, სახავენ სამომავლო მიზნებს. თვითშეფასება და მიზნის განსაზღვრა _ ეს არის ორი უმნიშვნელოვანესი ავთენტური უნარი, რომელთა განვითარებაც აუცილებელია ადამიანის წარმატებული საქმიანობისათვის მთელი ცხოვრების მანძილზე.
 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“