სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

SOL – თვითორგანიზებადი სწავლის სტრატეგიები (ნაწილი მესამე)

სტატიის მეორე ნაწილში შემოგთავაზეთ ინფორმაცია თვითორგანიზებადი სწავლის სტრატეგიების პრაქტიკული საფუძვლების შესახებ. სახელდობრ, ვისაუბრეთ იმაზე, როგორ გამოვიყენოთ იგი 45-წუთიან გაკვეთილზე, როგორ დავგეგმოთ რამდენიმეკვირიანი პროექტები, რა მნიშვნელოვანი წინაპირობები უნდა შესრულდეს და ა.შ. დასკვნით ნაწილში ვისაუბრებთ ამგვარი მიდგომით მუშაობისას რეკომენდებულ შეფასების მეთოდებსა და გაკვეთილის მიმდინარეობის დინამიკაზე.

აღნიშნული მეთოდით მუშაობისას გასათვალისწინებელია, რომ მასწავლებელზე ცენტრირებული გაკვეთილიდან SOL-გაკვეთილის წყობაზე გადასვლის პროცესი უწყვეტად უნდა გაგრძელდეს. დიდი მნიშვნელობა ენიჭება მუდმივ უკუკავშირს, რომელიც მოსწავლეებმა უნდა მიიღონ თითოეული დავალების შესრულების შემდეგ. შეფასების ეს ხერხი საერთო მიზნის, შენატანების, საკლასო სივრცის მოწყობის, დროის მენეჯმენტის, მოსწავლის ინდივიდუალური რეჟიმის (სწავლის განსხვავებული ტემპი, შესვენებები სწავლის დროს) განმსაზღვრელი იქნება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება, SOL მეთოდმა პრაქტიკაში შეისხას ხორცი.

უყურადღებოდ არ უნდა დაგვრჩეს ის გარემოება, რომ SOL მეთოდით სწავლება არა მხოლოდ საგნობრივ, არამედ გამჭოლ კომპეტენციებსაც ავითარებს. სხვა მიდგომებისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში გამჭოლი კომპეტენციები წარმოადგენს საფუძველს მოსწავლეთათვის საგნობრივი კომპეტენციების განსავითარებლად და არა პირიქით. აუცილებელია სწავლა-სწავლების თანმიმდევრული და ხანგრძლივი ციკლის დაცვა, რათა საგნობრივი და გამჭოლი კომპეტენციების კომბინაციამ სასურველ შედეგამდე მიგვიყვანოს. ამ შემთხვევაში SOL მეთოდით სწავლებას პრიორიტეტი უნდა მივანიჭოთ, რადგან იგი ბიძგს აძლევს მოსწავლეებს, ჩაერთონ ისეთ აქტივობებში, რომლებიც მოიცავს მედიატექსტებთან მუშაობას, ინფორმაციის სტრუქტურირება-ვიზუალიზაციას, გუნდში კონსტრუქციულ მუშაობასა და ნამუშევრების პრეზენტაციას, ჯგუფის მოტივირებას წარმატებისთვის, ეფექტურ კომუნიკაციას, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების განვითარებისკენ მიმართულ დავალებებს და ა.შ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, SOL მიდგომით სწავლება განსაკუთრებით ეფექტურია რამდენიმეკვირიანი პროექტების განხორციელებისას. ამ შემთხვევაში მასწავლებელს უხდება სხვადასხვა ტიპის სასწავლო აქტივობისა და მეთოდის გამოყენება, რომლებიც, თავის მხრივ, შეფასებას მოითხოვს. როგორ უნდა შეაფასოს მასწავლებელმა მოსწავლეთა წარმატება SOL მეთოდით მუშაობისას? აღვწეროთ რამდენიმეკვირიანი პროექტი და ვცადოთ ჩვენი შეფასების სისტემის კონკრეტულ დავალებაზე მორგება.

მასწავლებელს შეუძლია, პირობითად აიღოს 100 ქულა და შემდეგნაირად გაანაწილოს: ჯგუფური მუშაობა – 30%, საკლასო მუშაობა – 20%, ინდივიდუალური მუშაობა (თვითშეფასების დღიურის წარმოება) – 30%, პრეზენტაცია – 20%. აქ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მოსწავლის მიერ თვითშეფასების დღიურის წარმოებას, რომელიც ყოველი საკლასო სამუშაოსა და პროექტის ციკლის დასრულების შემდეგ უნდა შეივსოს. მოსწავლეებს ასევე მოუწევთ, ჩაატარონ ჩაღრმავებული ინტერვიუ ჯგუფის სხვა წევრებთან და, შემდგომ ამისა, შეაფასონ საკუთარი ჯგუფის წარმატება.

გაგაცნობთ მოსწავლეთა თვითშეფასების ფორმებს

 

საკლასო
სამუშაოს შეფასების კითხვარი: (ივსება აუცილებლად
საკლასო მუშაობის დასრულების შემდეგ)

საკლასო
სამუშაოს შინაარსი თემას შეესაბამებოდა:


o  

სავსებით;


o  

საშუალოდ;


o  

საერთოდ
არ შეესაბამებოდა.

აქედან
გამომდინარე, ჩემი მოლოდინი ____________________________________

 

მე
მოვემზადე საკლასო სამუშაოსთვის:


o  

კარგად;


o  

საშუალოდ;


o  

ცუდად.

აქედან
გამომდინარე, რა შედეგს შეიძლება ველოდე?

___________________________________

თემის
მოსამზადებლად დამჭირდა დაახლოებით ___  (საათი,
წუთი)

შესრულებულ
საკლასო სამუშაოში ველოდები ___  ქულას.

 

(საკლასო სამუშაოს შეფასების შემდეგ
მოსწავლე ფურცლის მეორე მხარეს ამატებს შემდეგ ტექსტს):

მე
მივიღე ___ქულა

რატომ?
(თუ მოლოდინსა და რეალობას შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა)

_________________________________

 

შეფასებისას
მთავარია, პროექტის დაგეგმვისას და ჯგუფების ფორმირებისას მასწავლებელმა წინასწარ შეფასოს
მოსწავლეთა უნარები, რათა იცოდეს, რას უნდა ელოდეს მათგან და გაითვალისწინოს ყველა
მათგანის ინდივიდუალური სწავლის ტემპი. მოსწავლეებისთვის წინასწარ უნდა იყოს ცნობილი
შეფასების კრიტერიუმები და პედაგოგმა დეტალურად აუხსნას მათ შეფასების დღიურის წარმოების
წესები. საბოლოო შეფასებისას მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს:

#  

როგორ შეძლეს მოსწავლეებმა ცოდნის ტრანსფერი;

#  

ჰქონდათ
თუ არა მოსწავლეებს თანაბარი შანსი წარმატების მისაღწევად;

 

#  

გათვალისწინებული
იყო თუ არა მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“