ახალი სასწავლო წელი ყკვე დაიწყო, მე კი ზაფხულის ამბები უნდა გავიხსენო თქვენთვის და გიამბოთ, რატომ გადავწყვიტე საზაფხულო სკოლის მოწყობა სოფელ უწერაში.
როცა სამი წლის განმავლობაში შენი ყოველდღიურობა სოფლის მცირერიცხოვან სკოლას უკავშირდება, ქალაქში დაბრუნებულს პატარა ადამიანებზე ფიქრი მოგყვება და ეძებ გზებს, რომ მათთან კავშირი არ გაწყდეს. ამ ფიქრებმა საზაფხულო სკოლამდე მიმიყვანა. ქალაქის სკოლაში სწავლა დასრულდა და, ახალი გამოცდილებითა და საინტერესო რესურსებით აღჭურვილი, სოფლის გზას დავადექი – ჩემს არდადეგებამდე რაჭველ მოსწავლეებთან ერთად მნიშვნელოვანი დღეები უნდა გამეტარებინა.
მთელი წელი ვაგროვებდი მცირე ზომის მოთხრობებს, ნოველებს, ლიტერატურულ ესეებს, ბავშვების წიგნიერების დონის საკვლევად წიგნიერ გარემოში ვიღებდი ფოტოებს და ასე ავაწყვე ფოტოკოლაჟი, რომელიც ბავშვებს ასოციაციურად უნდა დაეკავშირებინათ წაკითხულ წიგნებთან.
სოფელში წასვლამდე კი ხელში ჩამივარდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ გამოცემული წიგნი „იყო ერთი გოგო…“ და საზაფხულო სკოლის პროგრამა მკვეთრად შეიცვალა. წიგნის პერსონაჟები რეალური ადამიანები იყვნენ, ქალები, რომელთა შესახებ ცნობები ისტორიულმა წყაროებმა, ლექსებმა და თქმულებებმა შემოგვინახა. ლიტერატურული ზღაპრების ავტორები თანამედროვე მწერლები არიან. პერსონაჟთა თვისებები: მიზანდასახულობა, გამბედაობა, გონიერება, კეთილშობილება, სამართლიანობა, სიბრძნე, თვითმყოფადობა, – თანამედროვე ზღაპარს პატარა მკითხველისთვის მიმზიდველსა და საინტერესოს ხდის.
ისე მოხდა, რომ სწორედ იმ პერიოდში გავიგე მდგრადი განვითარების მეხუთე მიზნის – გენდერული თანასწორობის მიღწევის და ყველა ქალისა და გოგონას შესაძლებლობების გაუმჯობესების შესახებ და გადავწყვიტე, თანამედროვე ზღაპრების კრებული „იყო ერთი გოგო…“ სასწავლო რესურსად მექცია. სოფელში, სადაც ხშირია არასრულწლოვანთა ქორწინება, სადაც ქალებს ყოველდღიურად მძიმე შრომა უწევთ, აუცილებელია, თითოეულმა გოგონამ იცოდეს, რაოდენ მნიშვნელოვანია სწავლა, საკუთარი საქმისა და მიზნის პოვნა.
საზაფხულო სკოლა ყოველდღე ორი საათით იკრიბებოდა. სოციალურ ქსელში ჩვენი საქმიანობის ამსახველ ფოტომასალას ვაქვეყნებდი მოკლე კომენტარებითურთ, რამაც ხელი შეუწყო ურთიერთობის გაბმას ლიტერატურული ზღაპრების ავტორებთან.
ვცდილობდი, მეთოდები მრავალფეროვანი ყოფილიყო: ჩაღრმავებული კითხვა, სიტყვის რუკა, დახატე ის, რამაც გული აგიჩქარა, ჩრდილების თეატრი, მინისპექტაკლი, თავისუფალი ესე, სიტყვის აბლაბუდა…
დიანა ანფიმიადიმ გაგვაცნო ანა ბაჯი -ქართველი ფალავანი ქალი, სახალხო გმირი – და „გოგო, რომელმაც წიგნში იმოგზაურა“ – კალიგრაფი მანანა ზედგინიძე; მაია სარიშვილმა – სიმართლისთვის მებრძოლი თამარ ვაშლოვნელი („მაგრამ ასე ერჩია“) და პირველი ქართველი მფრინავი ქალი რუსუდან ჟორდანია („მაღალი და დაბალი ქვაბები და ცაში გაფრენა“); ნინია სადღობელაშვილმა – ხვარამზე, პირველი მელექსე ქალი საქართველოში; ნენე კვინიკაძემ – ქალთა განათლებისთვის მებრძოლი ბარბარე ჯორჯაძე („ბლამანჟეს ხიდი“), მაკა ლდოკონენმა – მარიამ დემურია, საბავშვო ჟურნალ „ნაკადულის“ დამაარსებელი.
რუსუდან ჟორდანიას ამბავი ბავშვებს ისე მოეწონათ, რომ ერთმა გოგონამ – დიდი ხანია, ვარცხნილობის შეცვლა მინდოდა, მაგრამ თავს ვიკავებდიო, მეორე დღეს კი საზაფხულო სკოლაში ახალი ვარცხნილობით გამოგვეცხადა. მეორე გოგონამ – ნეიროქირურგობაზე ვოცნებობ, მაგრამ მარწმუნებდნენ, რომ ეს მამაკაცის საქმეა და ფეხზე დიდხანს დგომაც გამიჭირდება, ახლა კი ზუსტად ვიცი, რომ პროფესიის არჩევისას მსგავსი არგუმენტებით ვეღარ შემაშინებენო. ამბავს განსაკუთრებული ძალა შემატა დედის წერილმა. ის რუსუდანს სწერდა: „მინდა, არ შეგეშინდეს და ის საქმე აკეთო, რომელიც მართლა ბედნიერს გაგხდის. ცაში ფრენაც რომ მოგინდეს, ისწავლო, იწვალო და უშიშრად გაფრინდე“.
მასწავლებლები ხშირად ვდგებით დილემის წინაშე – როგორ გავაბათ კავშირი XII საუკუნის ტექსტსა და XXI საუკუნის ბავშვებს შორის. მანანა ზედგინიძის მოგზაურობა არაბეთში, როსტევანის სასახლეში, და თინათინის გამეფებაში უშუალო მონაწილეობა არაჩვეულებრივი ლიტერატურული ხერხია პოემისადმი ინტერესის გასაღვივებლად.
შემეცნებითი თვალსაწიერის გაფართოებასთან ერთად, საინტერესო თავგადასავლებიც დაგვიგროვდა. მაგალითად, ჩემი თბილისელი მოსწავლე, გიორგი, მშობლებთან ერთად საგანგებოდ საზაფხულო სკოლისთვის ჩამოვიდა უწერაში და ხუთი დღე ჩვენთან ერთად გაატარა, სოციალური ქსელით გაცნობილი მარიამიც ძმასთან, საბასთან ერთად დედამ თბილისიდან ჩამოგვიყვანა. საზაფხულო სკოლაში ნებისმიერ მსურველს შეეძლო მოსვლა. იყო ერთი გადაძახილ-გადმოძახილი ორღობეებში, ეზოდან ეზოში, ერთმანეთს ატყობინებდნენ შეხვედრის დროს და ჩვენი მედიათეკაც ბავშვებს ვერ იტევდა.
მსურველები სიმრავლის გამო ორ ასაკობრივ ჯგუფად დავყავი, თუმცა ეს საკმაოდ რთული აღმოჩნდა. რაც მთავარია, საზაფხულო სკოლაში თავი მოიყარეს თბილისის კერძო თუ საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ანა კვლავ გვესტუმრა საფრანგეთიდან და არც ერთი დღე არ გაუცდენია. ბავშვებმა ერთმანეთი გაიცნეს, დაახლოვდნენ, ურთიერთობა დღემდე აქვთ, ზაფხულის დღეები გავიხალისეთ და ბევრი რამ შევიტყვეთ გამბედავი ქართველი ქალების შესახებ, თანამედროვე ავტორები გავიცანით, ვიმსჯელეთ, ვიფიქრეთ, ვწერეთ, ვხატეთ.
საზაფხულო სკოლის ამბავმა იმ დასკვნამდე მიმიყვანა, რომ ნებისმიერ მასწავლებელს შეუძლია არდადეგებზე თავისი სოფლის სკოლისთვის ასეთი სიახლის შეთავაზება. ვფიქრობ, ეს გაახალისებს ადგილობრივი მოსწავლეების ცხოვრებას და მასწავლებელსაც მნიშვნელოვან გამოცდილებას შესძენს.
ჩვენ კი კიდევ ბევრი ზღაპარი დაგვრჩა წასაკითხი, თუმცა წინ ზამთრის არდადეგებია და თუ საზაფხულო სკოლა არსებობს, რატომ არ შეიძლება, საზამთროც არსებობდეს? თან – ზამთრის არდადეგები, თან – ლიტერატურული მოგზაურობა ბავშვებთან ერთად.