სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

საქმიანი თამაში როგორც მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების საშუალება

თამაში ადამიანის საქმიანობის უძველესი ფორმაა, თანაც ისეთი, სადაც მას შეუძლია თავი გამოიჩინოს სხვადასხვა პოზიციაში – იყოს „უბრალოდ ის, ვინც არის” ან გახდეს „აქტიური პირი”, „წამყვანი”, „ორგანიზატორი”, „საქმის ინიციატორი” და ა.შ., ამიტომ თამაში კარგი მოტივატორია პიროვნების დასაინტერესებლად, ცოდნის ასამაღლებლად, უნარ-ჩვევების დასახვეწად. სასწავლო-შემოქმედებით საქმიანობაში თამაშის ჩართვის საჭიროებაზე დღეს განსაკუთრებით ბევრს საუბრობენ.

სათამაშო ტექნოლოგიების მთავარი დამსახურება  ის არის, რომ მოსწავლეები ვერც კი ამჩნევენ, როგორ ერთვებიან სასწავლო პროცესში და რა დადებითი ემოციებით ივსებიან, ეს კი მთავარია სწავლისას, ამიტომ მასწავლებელი უნდა ეცადოს განავითაროს მოსწავლეთა ინიციატივა თამაშების ორგანიზებისთვის და წაახალისოს კიდეც ისინი ახლის გამოგონებისთვის.

თამაში მოსწავლეს ეხმარება არა მარტო ცოდნის შეძენაში, არამედ პიროვნული თვისებების განვითარებაშიც: ის ავითარებს სააზროვნო პროცესებს, მეხსიერებას, წარმოსახვას, პროფესიულ ინტერესებს, აფართოებს თვალსაწიერს; ასწავლის მოსწავლეებს შრომას, გამომგონებლობას, ანალიტიკურ აზროვნებას, სწავლის მოდელირების ძირითად მეთოდებს, საქმისადმი პასუხისმგებლობას; ხელს უწყობს შემეცნებას, სისტემური აზროვნების პროვოცირებას, საგნობრივი დისციპლინების შესწავლას. თამაშს დიდი აღმზრდელობითი მნიშვნელობაც აქვს: მოსწავლეები ეჩვევიან სოციალიზაციას, ჯგუფურობას, მიზანსწრაფულობას და ა.შ. 

განსაკუთრებით დიდია მოსწავლეთა დაინტერესება, როდესაც საქმე ე.წ. საქმიან თამაშებს ეხება. საქმიანი თამაში, პრაქტიკულად, სემინარის სპეციალური ფორმატია, რომელიც ორიენტირებულია ისეთი ცოდნის შეძენასა და უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაზე, რომლებიც მაქსიმალურად უახლოვდება რეალურს. მისი ჩატარება შესაძლებელია კომპიუტერისა და რთული გამოთვლითი სისტემის გარეშეც, ამიტომ კონკრეტულ დროსა და სივრცეზე დამოკიდებული არ არის.

საქმიანი თამაშების არსი
 
I – საქმიანი თამაში (როგორც შესაძლებლობა პროფესიული საქმიანობის იმიტაციისა, რომელსაც წარმართავენ საქმიანი, კონკრეტულ სფეროში მოღვაწე ადამიანები);

II – იმიტაცია (პირობით სიტუაციებში საქმიანობის ფორმა, რომელიც მიმართულია მეცნიერებისა და კულტურის სხვადასხვა სფეროში საზოგადოდ არსებული გამოცდილების ათვისებისკენ);

III – მოდელირება (ჯგუფური, ინდივიდუალური);

IV – თამაში (რეალურად არსებული ობიექტების, პროცესების, მოვლენების შეცვლილი ფორმა, რომელიც სხვადასხვა საშუალებით ხორციელდება).

წარმოდგენილი სტრუქტურა გვიჩვენებს, რომ საქმიანი თამაში რეალურ რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციებს ასახავს და ამიტომ საგაკვეთილო პროცესში მისი ჩართვა სავსებით გამართლებულია (მაგალითად, საქმიანი თამაშების გამოყენება ისტორიის გაკვეთილზე წარმოადგენს რეალური ისტორიული მოვლენებისა და სიტუციების მოდელს, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ როგორც პროგნოზი მომავალი შესაძლო ისტორიული მოვლენების მსვლელობისთვის, მათი მოდელირებისთვის).

საქმიანი თამაშების მეშვეობით მოსწავლეებთან შესაძლებელია სხვადასხვა შედეგის მიღება, სხვადასხვა უნარ-ჩვევის განვითარება, მაგალითად:

  • უნარ-ჩვევების განვითარება მიღებული ცოდნის საფუძველზე (სხვადასხვა სფეროში პრაქტიკული საქმიანობის შედეგად);

  • უნარ-ჩვევების განვითარება საჭირო ინფორმაციის მოპოვების გზით;

  • უნარ-ჩვევების განვითარება ჯგუფური მოღვაწეობის რეალიზაციის მეშვეობით;

  • უნარ-ჩვევების განვითარება კომუნიკაციური კულტურის ჩამოყალიბებით;

  • საჭირო გამოსვლების, პრეზენტაციების უნარ-ჩვევის დაუფლება.

მიუხედავად გავრცელებული შეხედულებისა, რომ თამაში იძლევა უსაზღვრო თავისუფლებას, ის განსაზღვრული წესების დაცვას მოითხოვს, თუნდაც იმისთვის, რომ არ წარიმართოს სტიქიურად და იყოს გამართული. ამისთვის აუცილებელია საქმიანი თამაშების სტრუქტურის ცოდნა და დაცვა. ეს გულისხმობს:

·ჯგუფების ფორმირებას;
·რეალური სიტუაციების მოდელირებას;
·ჯგუფებში მუშაობას;
·პრეზენტაციის მომზადებას;
·ჯგუფების პრეზენტაციას;
·შედეგების შეჯამებას.
ჯგუფების ფორმირებისთვის მნიშვნელოვანია:

  • სურვილი; 

  • არჩევა ან დანიშვნა ლიდერისა, რომელიც აყალიბებს ჯგუფს (ამ გზას მიმართავენ მაშინ, როდესაც ლიდერის საქმიანობა ჯგუფში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია);

  • წევრთა რაოდენობის დადგენა, ჯგუფის მიერ დავალების მიღება და შეთანხმება მომზადებასა და პრეზენტაციის დროზე;

  • თამაშის ბოლოს აუცილებელია ჯგუფისა და თითოეული მოსწავლის შეფასება (შეფასების სქემაზე ჯგუფის წევრები შეიძლება ერთდროულად შეთანხმდნენ).

საქმიანი თამაშების წარმოების მეთოდოლოგიური პრინციპები სხვადასხვა სასწავლო დისციპლინაში მსგავსიცაა და განსხვავებულიც. სასწავლო პროცესში შედარებით ხშირად გამოიყენება ისეთი თამაშები, სადაც გვხვდება მოთხოვნები: „შეადგინე სიტყვა”, „შეადგინე დიაგრამა”, „…მატრაგრამა”, „…შარადა”, „…რებუსი”, „…კროსვორდი” და სხვ.

საქმიანი თამაშის ფორმებია:
◦ თამაში-ანალიზი – დეტალური ანალიზი კონკრეტული სიტუაციისა, რომელიც ამა თუ იმ გარემოებით არის გამოწვეული (მაგალითად, ისტორიის მასწავლებელი ამ დროს საგანგებოდ აწვდის მოსწავლეებს არასაკმარის მონაცემებს ისტორიული ინციდენტის შესახებ და სთავაზობს მათ, შეავსონ პრობლემების „ჩამონათვალი” სპეციალური ლიტერატურის გაცნობით);

◦ თამაში-„გონებრივი იერიში” – იმპროვიზაციისა და ორიგინალურობის საშუალებას აძლევს მოსწავლეებს და ათავისუფლებს დაძაბულობისგან. მასში კლასის მაქსიმალური რაოდენობის წევრია ჩართული და კარგი მოტივატორია საგაკვეთილო მიზნის მისაღწევად;

◦ თამაში-ინფორმაციული ლაბირინთი – ორიენტირებულია მოსწავლეთა მიერ დოკუმენტების შერჩევა-გადარჩევაზე.

◦ თამაში-ისტორიული როლების გათამაშება – დაკავშირებულია კონკრეტული სიტუაციის (მაგალითად, პარლამენტის სხდომის) ინსცენირებასთან;

◦ თამაში-სინთეტიკა (ბერძნ. „სხვადასხვაგვარი ელემენტების შერევა”) – წარმოადგენს „გონებრივი იერიშის” მეთოდის განვითარებას. თამაში იწყება იმ პრობლემებისა და სადისკუსიო თემის ფორმულირებით, რომლებიც გადაწყვეტილების მისაღებად არის საჭირო. მომდევნო ეტაპზე ჯგუფები მოიძიებენ მსგავს სიმბოლოებსა და ანალოგიებს, განიხილავენ შესაძლო სირთულეებს, დაბრკოლებებს, რომლებიც პრობლემის მოგვარებაში უშლით ხელს. მესამე ეტაპზე მოხდება იდეების ორგანიზება და ჯგუფებს შორის განაწილდება როლები:

  • ნოვატორები წარმოადგენენ და განიხილავენ ახალ იდეებს;
  • ოპტიმისტები გვიჩვენებენ იდეის კონსტრუქციულ მხარეს;
  • პესიმისტები გამოავლენენ იდეის „სისუსტეებს”;
  • რეალისტები იდეის რეალიზების შესაძლებლობებს დაამტკიცებენ;
  • ექსპერტები კი თამაშის მონაწილეებს დააკვირდებიან და ექსპერტიზის დასკვნას შემოგვთავაზებენ.
„სინთეტიკის” თამაში 6-8 საათს გრძელდება. ამ დროს ყურადღება უნდა გავამახვილოთ მიზნების იერარქიაზე, მისაღწევი შედეგების გააზრებაზე, იდეის მიმართ საზოგადოების სხვადასხვა ფენის დამოკიდებულებაზე.

მოცემული საქმიანი თამაშების ფორმატში შეიძლება ჩატარდეს გაკვეთილი-თამაშები საზოგადოებრივ მეცნიერებებში: „კონსტიტუციიდან რესპუბლიკამდე”, „ნაციონალიზმი და XXI საუკუნე”, „ხალხი ქვეყნის სიმდიდრეა, ხალხის სიმდიდრე – ქვეყნის სიმდიდრე”, „პოლიტიკური პარტიის ფორმირება”, „მე როგორც კერძო მეწარმე”, „თანამედროვე მსოფლიოს გლობალური პრობლემები” და ა.შ.
განვიხილოთ კონკრეტული მაგალითი:

საქმიანი თამაში „თანამედროვეობის გლობალური პრობლემები”

მიზანი:

ა) მოსწავლეთა ცოდნის განზოგადება თანამედროვეობის გლობალურ პრობლემებზე; პრობლემათა თავისებურებების, ურთიერთკავშირების გამოვლენა;

ბ) ჯგუფის წევრთა უნარ-ჩვევების განზოგადება, პრობლემის გადაჭრის გზების მოძიება, წარმოსახვის განვითარება;

გ) გლობალური პრობლემებიდან სოციალური ასპექტების გამოყოფა და მათზე ყურადღების გამახვილება, ერთობლივი ძალისხმევა მათ გადასაჭრელად.

დავალება:

● ამოირჩიეთ სიიდან საინტერესო თემა და ჩამოთვალეთ გლობალური პრობლემები:

I ჯგუფი – „ადამიანი-საზოგადოება”;
II ჯგუფი – „ადამიანი-ბუნება”;
III ჯგუფი – „საზოგადოება-საზოგადოება”.
მოვიყვანოთ სამყაროში არსებული გლობალური პრობლემების მაგალითები;

Øმარადიულ კითხვაზე – „რა ვაკეთოთ?” – შესთავაზეთ პრობლემების გადაჭრის თქვენეული გზა;
Øმოიგონეთ მომავლის ალტერნატიული სცენარი, დაასაბუთეთ თქვენი არჩევანი;
Øდახატეთ ესკიზი პლაკატისა, რომელიც ასახავს იმ პრობლემებს, რომლებიც თქვენმა ჯგუფმა წარმოადგინა.
სამუშაო დავალება:

ა) პლაკატის შეჯამება (მე-5 პუნქტის მიხედვით);

ბ) პრესფურცლის „მსოფლიოს გლობალური პრობლემები” დამზადება – შეარჩიეთ და გააფორმეთ საგაზეთო სტატიები, მოიძიეთ გლობალური პრობლემების დამადასტურებელი ელექტრონული მასალები, ილუსტრაციები, ამ პრობლემების გადაწყვეტაში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობის ამსახველი დოკუმენტები და სხვ. 

საქმიანი თამაშები ხელს უწყობს მოსწავლის აქტიურობას, ზრდის მის მოტივაციას, დაინტერესებას. ასეთი თამაშები გამოგვადგება პრაქტიკულ ცხოვრებაში, XXI საუკუნის საქმიანი ადამიანის თვისებების ჩამოყალიბებაში, ახალი ცხოვრებისეული მოთხოვნების შესაბამისი ახალგაზრდის აღზრდა-ფორმირებაში, მომავალი პროფესიების გააზრებაში, ცოდნისა და უნარ-ჩვევების სრულყოფაში, ამიტომ წარმატებით შეიძლება მათი ფართო გამოყენება სასწავლო პროცესში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“