შაბათი, თებერვალი 24, 2024
24 თებერვალი, შაბათი, 2024

არჩევანის თეორია

„არჩევანის თეორია” უილიამ გლასერის ნაშრომის სათაური და იმავდროულად ფსიქოლოგიაში დაახლოებით 50-წლიანი თეორიისა და პრაქტიკის შედეგია. არჩევანის თეორიის მიხედვით, ქცევა ჩვენი არსის განმსაზღვრელია და აბრაამ მასლოუსეული ცნობილი „მოთხოვნილებათა პირამიდით” იმართება:

1.(ყველაზე დაბალი) ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები: შიმშილი, წყურვილი, სქესობრივი ლტოლვა და სხვ.
2.უსაფრთხოების მოთხოვნილება: თავდაჯერებულობის გრძნობა, შიშისა და წარუმატებლობისაგან განთავისუფლება.
3.მიკუთვნებულობისა და სიყვარულის მოთხოვნილება.
4.პატივისცემის მოთხოვნილება: წარმატების მიღწევა, მოწონება, აღიარება.
5.შემეცნებითი მოთხოვნილებები: ცოდნა და უნარები, კვლევა.
6.ესთეტიკური მოთხოვნილებები: ჰარმონია, წესრიგი, სილამაზე.
7.(უმაღლესი) თვითაქტუალიზაციის მოთხოვნილება: საკუთარი მიზნების, შესაძლებლობების რეალიზაცია, პიროვნული განვითარება. 

დაბალი საფეხურის მოთხოვნილებების დაკმაყოფილების კვალდაკვალ აქტუალური ხდება უფრო მაღალი საფეხურის მოთხოვნილებები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ წინა საფეხურის მოთხოვნილების ადგილს მხოლოდ მისი სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაში იკავებს ახალი მოთხოვნილება. მოთხოვნილებებს არ აქვთ უცვლელი თანმიმდევრობა. ეს თანმიმდევრობა შედარებითი სიმყარით ხასიათდება, თუმცა კონკრეტული ადამიანისთვის მოთხოვნილებათა ურთიერთგანლაგება განსხვავებულია. 

ზოგიერთი მეცნიერი აკრიტიკებდა მასლოუს თეორიას და თვლიდა, რომ არ არსებობს მოთხოვნილებათა არათუ გარკვეული იერარქიით დალაგების, არამედ საერთოდ მათი დახარისხების საკმარისი საფუძველი. ჩილელი ეკონომისტი და ფილოსოფოსი მანფრედ მაქს ნიფი ამტკიცებდა, რომ ძირითადი ადამიანური მოთხოვნილებები არაიერარქიულია. 

იერარქია ეთნოცენტრულობის გამო გააკრიტიკა  გირტ ჰოფსტედმაც. მისი აზრით, იერარქია ინდივიდუალისტური შეხედულების მეცნიერმა შექმნა, რადგან მასლოუ შეერთებული შტატებიდან, ყველაზე ინდივიდუალისტური ქვეყნიდან იყო. ინდივიდუალისტურ საზოგადოებაში მოთხოვნილებები უფრო თვითორიენტირებულია, ვიდრე კოლექტივისტურ საზოგადოებაში. თვითგანვითარების მწვერვალი თვითაქტუალიზაციაა. კოლექტივისტურ საზოგადოებაში აღიარებისა და ერთობის მოთხოვნილება გადასწონის თავისუფლებისა და ინდივიდუალობის მოთხოვნილებას. 

მასლოუს პირამიდის ინდივიდუალისტურ ხასიათს მასში სქესობრივი ლტოლვის მოთხოვნილების ადგილის გამოც აკტირიკებდნენ. ინდივიდუალისტური ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები უნდა დაკმაყოფილდეს, მანამ, სანამ ადამიანი პირამიდის მაღალ დონეებზე „გადავა”.  სექსის ასეთი განხილვა უარყოფს მასზე კონკრეტული საზოგადოების ემოციურ, მემკვიდრეობით და ევოლუციურ გავლენას. 

მივუბრუნდეთ, არჩევანის თეორიას, რომელსაც საფუძვლად უდევს „ხარისხიანი სამყაროს” არსებობა. ფრაზა „ხარისხიანი სამყარო” წარმოადგენს პიროვნების მთლიან მსოფლმხედველობასა და მის გარშემო არსებული სამყაროს გაგებას – ადამიანებთან ურთიერთობას, ფლობას, შეხედულებებს და ა.შ. დაბადებიდან დაწყებული მთელი სიცოცხლის მანძილზე ჩვენ ადგილს ვუჩენთ ჩვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებს, საგნებს, შეხედულებათა სისტემებს (რელიგია, კულტურული ფასეულობები და ხატები და სხვ.) ჩვენეული „ხარისხიანი სამყაროს” ფარგლებში. გლასერი „შედარების ადგილის” არსებობასაც ამტკიცებს, რომლის საშუალებითაც ვადარებთ ჩვენ რეალურ სამყაროსეულ გამოცდილებასა და ხარისხიანი სამყაროს პერსპექტივას. ჩვენი ქცევა მიმართულია იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტად მივუახლოვოთ რეალური სამყარო ჩვენს წარმოდგენაში არსებულ „ხარისხიან სამყაროს”. 
ქცევა (გლასერის ტერმინით „ერთობლივი ქცევა”) ოთხი კომპონენტისგან შედგება: ქმედება, აზროვნება, გრძნობა და ფსიქოლოგია. გლასერის აზრით, ჩვენ მნიშვნელოვნად შეგვიძლია ვაკონტროლოთ ან ავირჩიოთ პირველი ორი, ხოლო ბოლო ორის პირდაპირი არჩევანის შესაძლებლობა ძალზე შეზღუდული გვაქვს. ეს კომპონენტები მჭიდრო ურთიერთკავშირშია და არჩევანი, რომელსაც აზროვნებასა და ქმედებაში ვაკეთებთ, დიდ გავლენას ახდენს ჩვენს გრძნობებსა და ფსიქოლოგიაზე.  

ჩვენი უსიამოვნებების ძირითადი წყარო არის დაძაბული ურთიერთობები ჩვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებთან: მეუღლესთან, მშობლებთან, მეგობრებთან და კოლეგებთან. უსიამოვნებათა სიმპტომები ცვალებადია და ხშირად ფსიქიკურ აშლილობაში გამოიხატება.

არჩევანის თეორია ამტკიცებს, რომ ფსიქიკური აშლილობა, ფაქტობრივად, იმის შედეგია, რომ არ შეგვიძლია ვისწავლოთ ისეთი ალტერნატიული ქცევის არჩევა, რომელიც მეტ კმაყოფილებას მოგვიტანს. „რეალობით თერაპია” არჩევანის თეორიაზე დაფუძნებული კონსულტაციების პროცესია, რომლის მიზანია დაეხმაროს კლიენტებს, ისწავლონ არჩევანის გაკეთება.  

არჩევანის თეორიის 10 აქსიომა ასე ჟღერს:

1. ადამიანს მხოლოდ საკუთარი ქცევის კონტროლი შეუძლია.
2. სხვა ადამიანისთვის მხოლოდ ინფორმაციის მიცემა შეგვიძლია.
3. ხანგრძლივი ფსიქოლოგიური პრობლემები ურთიერთობებთან დაკავშირებული პრობლემებია. 
4. პრობლემური ურთიერთობა ჩვენი ცხოვრების ნაწილია. 
5. წარსულში მომხდარს პირდაპირი კავშირი აქვს ჩვენს აწმყო ყოფასთან, მაგრამ ჩვენ მოცემულ მომენტში მხოლოდ ჩვენი ძირითადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება და მომავალში მათი დაკმაყოფილების დაგეგმვა შეგვიძლია. 
6. ჩვენი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება მხოლოდ ჩვენეულ „ხარისხიან სამყაროში” არსებული ხატების შესაბამისად შეგვიძლია. 
7. ერთადერთი რაც შეგვიძლია, ქცევაა. 
8. ყველა ქცევა ერთობლივი ქცევაა და ოთხი კომპონენტისგან შედგება: ქმედება, აზროვნება, გრძნობა და ფსიქოლოგია.
9. ადამიანები ერთობლივ ქცევას ვირჩევთ, თუმცა, მხოლოდ ქმედებისა და აზროვნების კომპონენტების პირდაპირი კონტროლი შეგვიძლია.
10. ყველა ერთობლივი ქცევა სახელდებულია ზმნის იმ ნაწილით, რომელიც ყველაზე მეტად  შეცნობადია. 
არჩევანის თეორია კლასის მენეჯმენტში

უილიამ გლასერის „არჩევანის თეორია” არის თეორია, რომლის მიხედვითაც ვირჩევთ როგორ მოვიქცეთ ნებისმიერ დროს და არ შეგვიძლია არავის ქცევის კონტროლი, გარდა საკუთარი ქცევისა. გლასერს ასევე სჯეროდა საკლასო შეხვედრების მნიშვნელობისა, რომლებიც კომუნიკაციასა და პრობლემების გადაჭრაზე იყო მიმართული. საკლასო ოთახში მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანია „დაეხმაროს მოსწავლეებს სკოლაში ცხოვრების ხარისხის წარმოდგენაში და ერთად დაგეგმონ არჩევანი, რომელიც მის მიღწევაში დაეხმარებათ”.  მაგალითად, ჯონი 18 წლისაა და გეგმავს კოლეჯში ჩაბარებას, სურს პროგრამისტი გახდეს.  გლასერი ამბობს, რომ ჯონი პლატონის შრომების კითხვის ნაცვლად, შეძლებისდაგვარად მეტს ისწავლის კომპიუტერის შესახებ. ამ კონცეფციას კურიკულუმის ხარისხი ეწოდება და შედგება იმ თემებისაგან, რომელსაც მოსწავლეები სასარგებლოდ და სახალისოდ მიიჩნევენ. გლასერის სტრატეგიის მიხედვით, ახალი თემის გაცნობისას მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად იმსჯელებს და სთხოვს იმ საკითხების განსაზღვრას, რომელთა შესწავლა მათ სიღრმისეულად სურთ. ამ დისკუსიის დროს მოსწავლეებმა უნდა ახსნან, რატომ არის მასალა ღირებული მათი ცხოვრებისთვის.     
არჩევანის თეორია და განათლება

არჩევანის თეორიისა და განათლების კავშირის კარგი მაგალითია სადბერის მოდელის სკოლები, სადაც ადამიანები თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას, როგორ გაატარონ საკუთარი ცხოვრება. ამ სკოლებში ყველა ასაკის მოსწავლე თავად განსაზღვრავს რა უნდა გააკეთოს, როდის და როგორ. ასეთი თავისუფლება სკოლის საფუძველია; ის მოსწავლეთა უფლებაა, რომელიც არ ირღვევა. სკოლის ძირითადი პირობა ასეთია: ყველა ადამიანი თავისი ბუნებით ცნობისმოყვარეა; სწავლა ყველაზე ეფექტური, მტკიცე და საფუძვლიანია, როცა მოსწავლე თავად იჩემს ინიციატივას და ცდილობს სწავლას; ყველა ადამიანი შემოქმედია, თუ საკუთარი განსაკუთრებული ნიჭის განვითარების საშუალებას მივცემთ; მოსწავლეთა ასაკობრივი განსხვავება ჯგუფის ყველა წევრის განვითარებას უწყობს ხელს; თავისუფლება არსებითია პიროვნული პასუხისმგებლობის განვითარებისთვის. პრაქტიკაში ეს იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეები თავად არიან საკუთარი აქტივობების ინიციატორები და ქმნიან საკუთარ გარემოს. სკოლა, მისი პერსონალი და ინვენტარი ემსახურება მოსწავლეთა საჭიროებებს. სკოლა ქმნის: ისეთ გარემოს, სადაც მოსწავლეები დამოუკიდებლები არიან, მათ ენდობიან და ეპყრობიან როგორც პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებს; და საზოგადოებას, რომელშიც მოსწავლეები აწყდებიან ცხოვრებისეულ სირთულეებს მონაწილეობითი დემოკრატიის ჩარჩოებში.

ყველა სხვა სკოლისგან განსხვავებით, სადბერის სკოლებში აღიარებენ, რომ მოსწავლეები პირადად არიან პასუხისმგებელნი საკუთარ ქმედებაზე. ჩვეულებრივ სკოლებში მოსწავლეებს უფლება არ აქვთ: აირჩიონ საკუთარი ქმედების კურსი; განახორციელონ არჩეული კურსი; და იწვნიონ არჩეული კურსისი შედეგები. არჩევანის თავისუფლება, ქმედების თავისუფლება და ქმედების შედეგების ზიდვის თავისუფლება ის სამი ძირითადი თავისუფლებაა, რომლისგანაც პიროვნული პასუხისმგებლობა შედგება. ამგვარად, ამ სკოლების მოსწავლეები დემოკრატიას საკუთარი გამოცდილებით სწავლობენ და ინდივიდის უფლებებით ტკბებიან. 

სადბერის სკოლებში არ წერენ ნიშნებს/ქულებს, არ აფასებენ, არ უწევენ რეკომენდაციას, რადგან აცხადებენ, რომ ისინი არ „ახარისხებენ” ადამიანებს და სკოლა არ არის მოსამართლე; მოსწავლეთა ერთმანეთისთვის ან რაღაც სტანდარტისთვის შედარება, მათთვის მოსწავლეთა პრივატულობისა და თვითგამორკვევის უფლებების დარღვევაა. მოსწავლე, რომელიც საკუთარი სურვილით იწყებს სწავლას, თავად წყვეტს როგორ გაზომოს საკუთარი წინსვლა, თვითშეფასება – ისინი 21-ე საუკუნის შესაბამის ჭეშმარიტ უწყვეტ განათლებასა და შეფასებას გვთავაზობენ.   
რაციონალური არჩევანის თეორია

რაციონალური არჩევანის თეორია, ან როგორც მას უწოდებენ, არჩევანის თეორია ან რაციონალური ქმედების თეორია, სოციალური და ეკონომიკური ქცევის გაგებაში გვეხმარება. ის ამჟამად გავრცელებული მიკროეკონომიკური სკოლის ძირითადი თეორიული პარადიგმაა. რაციონალურობა („უფრო მეტი საქონლის ქონის სურვილი ნაკლები დანახარჯებით”) ფართოდ გამოიყენება, როგორც მიკროეკონომიკურ მოდელებსა და ანალიზში ინდივიდთა მოსალოდნელი ქცევის ვარაუდი და გვხვდება გადაწყვეტილებების მიღების შესახებ დაწერილ თითქმის ყველა ნაშრომში. ის ასევე მნიშვნელოვანია თანამედროვე პოლიტოლოგიაში, სოციოლოგიასა და ფილოსოფიაში. ის ინსტრუმენტული რაციონალურობის სინონიმია, რომელიც გულისხმობს სპეციფიკური მიზნის მისაღწევად ყველაზე რენტაბელური გზების ძიებას. ამ პროცესში ხშირად აღარც გვახსობს ღირებულია თუ არა თვით მიზანი. ნობელის პრემიის ლაურეატი ჰარი ბეკერი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც რაციონალური აქტორის მოდელის უფრო ფართოდ გამოყენებას გვთავაზობდა.      

რაციონალური არჩევანის თეორიაში „რაციონალურობა” განსხვავდება ამ სიტყვის ყოველდღიური და ფილოსოფიური მნიშვნელობებისგან. უმრავლესობისთვის „რაციონალურობა” ნიშნავს „გონივრულობას”, „საღ აზრს” ან „იმის ცოდნასა და კეთებას, რაც სასარგებლოა გრძელვადიან პერიოდში”. რაციონალური არჩევანის თეორია იყენებს „რაციონალურობის” უფრო სპეციფიკურ და ვიწრო მნიშვნელობას იმის აღნიშვნისთვის, რომ ინდივიდი ისე მოქმედებს, თითქოს სურს დააბალანსოს დანახარჯები და სარგებელი იმ ქმედების განსახორციელებლად, რომელიც მაქსიმალურ პირად სარგებელს მოუტანს. მაგალითად, ეს შეიძლება გულისხმობდეს ვიღაცის კოცნას, ტესტირებისას თაღლითობას, კოკაინის გამოყენებას ან ვიღაცის მოკვლას. რაციონალური არჩევანის თეორიაში ყველა გადაწყვეტილება, სულელური თუ ჭკვიანური ამგვარი „რაციონალური” პროცესის იმიტაციის პოსტულატად მიიჩნევა.   

მკაცრი რაციონალური არჩევანის თეორიის მიმდევრები არასდროს ცდილობენ ადამიანური მოტივაციის (რატომ გვინდა ის, რაც გვინდა) საფუძვლების, ბუნებისა და სამართლიანობის დადგენას. მეტიც, ისინი უზღუდავენ საკუთარ თავს სპეციფიკურ სოციალურ ან ეკონომიკურ გარემოში მოცემული და აუხსნელი მოთხოვნილებების მიზეზების დადგენას. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი არ იკვლევენ იმ ბიოლოგიურ, ფსიქოლოგიურ და სოციოლოგიურ საფუძვლებს, რომელიც ადამიანს სხვისი კოცნის, ტესტირებისას თაღლითობის, კოკაინის გამოყენების ან ვიღაცის მკვლელობის სარგებელს დაანახვებს. ამის ნაცვლად, ერთადერთი რაც მნიშვნელოვანია, არის ამგვარი ქმედების დანახარჯები – დანაშაულზე წასწრების შიში.

რაციონალური არჩევანის თეორიაში ასეთი დანახარჯები ინდივიდისთვის გარეგანია და არა შინაგანი. ეს იმას ნიშნავს, რომ მკაცრი რაციონალური არჩევანის თეორია არ მიიჩნევს რელევანტურად დამნაშავის თვითდასჯას სინდისის ქენჯნის, დანაშაულის ან სირცხვილის შინაგანი გრძნობებით დანაშაულის ჩადენის დანახარჯების განსაზღვრისთვის. ზოგადად, რაციონალური არჩევანის თეორია ყურადღებას არ აქცევს ინდივიდის მორალურ ან ეთიკურ გრძნობებს გადაწყვეტილების მიღებისას. სწორედ ამიტომ თვლის ნობელის პრემიის ლაურეატი ამარტია სენი, რომ რაციონალური არჩევანის მოდელის გამზიარებელი ადამიანის მოდელი „რაციონალური სულელია”.           
რაციონალური არჩევანის თეორია ეკონომიკის გარდა სულ უფრო მეტად გამოიყენება ისეთ საზოგადოებრივ მეცნიერებებში, როგორიც არის სოციოლოგია და პოლიტოლოგია. მას სერიოზული გავლენა აქვს პოლიტოლოგიაზე, განსაკუთრებით ინტერესთა ჯგუფების, არჩევნების, სამართლებრივი ქცევის, კოალიციებისა და ბიუროკრატიის შესწავლისას. სოციოლოგია ხაზს უსვამს სოციალური ინსტიტუტების როლს ინდივიდუალური გემოვნებისა და შეხედულებების განსაზღვრისას და ამით ეწინააღმდეგება რაციონალური არჩევანის თეორიის დაშვებას იმის შესახებ, რომ ჩვენი გემოვნება და შეხედულებები მოცემული და აუხსნელია.  

 

რაციონალური არჩევანის თეორიის ძირითადი იდეის მიხედვით საზოგადოებაში ქცევის მოდელები ასახავს ინდივიდიების მიერ გაკეთებულ არჩევანს – მინიმალური დანახარჯებით მიიღოს მაქსიმალური სარგებელი. სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, ადამიანები მოქმედების შესახებ გადაწყვეტილებებს იღებენ სხვადასხვა ქმედებათა დანახარჯებისა და სარგებლის შედარებით. შედეგად საზოგადოებაში ქცევის მოდელები ამ არჩევანის შედეგია. 

რაციონალური არჩევანის იდეა კარგად ჩანს ეკონომიკურ თეორიაში. რაკი ადამიანებს სურთ რაც შეიძლება მეტი სასარგებლო პროდუქტი მიიღონ, რაც შეიძლება დაბალ ფასად, ისინი მსჯელობენ კონკრეტული საგნის სარგებლის (რამდენად მომხიბვლელია, სასარგებლოა) შესახებ სხვა საგნებთან შედარებით. შემდეგ ადარებენ ფასს (დანახარჯებს) და, როგორც წესი, ადამიანები ირჩევენ იმ საგანს, რომელიც უდიდეს სარგებელს მოუტანს უმცირესი დანახარჯებით. 

გადაწყვეტილების მიღება განიხილება, როგორც გონებრივი (კოგნიტური) პროცესი, რომელსაც შედეგად მოჰყვება რამდენიმე ალტერნატივიდან მოქმედების კურსის არჩევა. გადაწყვეტილების მიღების ყოველი პროცესის შედეგია არჩევანი. არჩევანი მოიცავს მრავალი ალტერნატივის (ღირსების) შეფასებისა და ერთ-ერთის არჩევის გონებრივ პროცესს. გადაწყვეტილების შედეგი შეიძლება იყოს ქმედება ან არჩევანის შესახებ შეხედულება. 

ადამიანის ქმედება გადაწყვეტილების მიღების კუთხით აქტიური კვლევის საგანია. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით აუცილებელია ინდივიდის გადაწყვეტილებების შესწავლა მოთხოვნილებებისა და უპირატესობების ნაკრებისა და მისთვის მნიშვნელოვანი ღირებულებების კონტექსტში. გარკვეულ დონეზე ის შეიძლება განვიხილოთ, როგორც პრობლემის გადაჭრის აქტივობა, რომელიც მაშინ სრულდება, როცა მიგნებულია დამაკმაყოფილებელი გადაჭრა. ამრიგად, გადაწყვეტილების მიღება განსჯის, ანუ ემოციური პროცესია, რომელიც შესაძლოა იყოს რაციონალური ან ირაციონალური, ეფუძნებოდეს ცხად ან არაცხად ვარაუდებს.  

კონკრეტული სფეროს სპეციალისტები საკუთარ ცოდნას ინფორმირებული გადაწყვეტილებების მისაღებად იყენებენ. მაგალითად, სამედიცინო გადაწყვეტილებების მიღება ხშირად მოიცავს დიაგნოზის დასმას და შესაბამისი მკურნალობის შერჩევას. თუმცა ხშირად დროის სიმცირის ან ბუნდოვანების პირობებში ექსპერტები ინტუიციურ გადაწყვეტილებებს უფრო იღებენ და უარს ამბობენ ალტერნატივების განსაზღვრისა და შეფასების ხანგრძლივ სტრუქტურირებულ მიდგომაზე.  
ემოციების როლი გადაწყვეტილების მიღებისას

ბოლოდროინდელი გამოკვლევების მიხედვით, ემოციები ისევე მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მიღებისას, როგორც კოგნიტური პროცესები. ეს საინტერესოა, რადგან ემოციები ხშირად განიხილება, როგორც ირაციონალური მოვლენა, რომელიც ამახინჯებს აზროვნებას (Barnes and Thagard, 1996). ემოციების მთლიანად განდევნა გადაწყვეტილების მიღების პროცესში საუკეთესო, თუმცა უმრავლესობისთვის შეუძლებელი გზაა. გადაწყვეტილების მიღების პროცესში წინასწარი ემოციები მყისიერი შინაგანი რეაქციებია – შიში, შფოთვა, გაურკვევლობის გამო ეჭვი. წინასწარი ემოციები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ გადაწყვეტილების მიმღებთა ქმედების განსაზღვრაში – დასაბუთება, რა აირჩიოს და რატომ.

1982 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა ემოციების გავლენა შემეცნების პროცესზე. 60 მოსწავლე შემთხვევითობის პრინციპით დააჯგუფეს და გამიზნულად შეუქმნეს განსხვავებული პირობები. ყველა მათგანს სთხოვეს ნაჩვენები ფოტოების შეფასება კრიტერიუმებით „სასიამოვნო”, „უსიამოვნო” და „გაურკვეველი”. იმ მოსწავლეთა შეფასებები, რომლებიც „კომფორტულ” პირობებში იმყოფებოდნენ, გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე იმათი, ვინც ნებისმიერ პირობებში იმყოფებოდა. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ „კარგი განწყობა ხელს უწყობს მეხსიერებაში დადებით ასოციაციებს, რაც, თავის მხრივ, დადებითად მოქმედებს შეფასებაზე”. ინდივიდის განწყობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გადაწყვეტილებებზე, განსაკუთრებით, ბუნდოვანი ობიექტების შესახებ, რომელიც შესაძლოა დადებითი ან უარყოფითი იყოს. 

1983 წელს აისენისა და პატრიკის მიერ ჩატარებულმა კვლევამ საფუძველი ჩაუყარა „განწყობის შენარჩუნების” თეორიას, რომლის მიხედვით, გადაწყვეტილების ბედნიერი მიმღები ეწინააღმდეგება რისკზე წასვლას. სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, ბედნიერი ადამიანი არასარისკო გადაწყვეტილებას იღებს, რადგან მას არ სურს საფრთხე შეუქმნას თავის დადებით გრძნობებს. შესაბამისად, ის უფრო ფრთხილად მოქმედებს.  

მთელი რიგი კვლევებით დადასტურდა, რომ შეუძლებელია ემოციებისა და გრძნობების განდევნა ადამიანის გონებიდან. კონკრეტულ სიტუაციაში განცდილი ემოციები იწერება ემოციურ მეხსიერებაში და აქტიურდება, თუ ადამიანი მსგავს სიტუაციაში მოხვდება ან მოუწევს რთული გადაწყვეტილების მიღება მოკლე პერიოდში.   

ამრიგად, ემოციები უნებურად ქმნიან მრავალი გადაწყვეტილების საფუძველს და სწორედ ჩვენი ემოციებისა და შემეცნების ურთიერთქმედება გვეხმარება გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 
გადაწყვეტილების მიღების საფეხურები

როგორ გავაკეთოთ სწორი არჩევანი და მივიღოთ გააზრებული გადაწყვეტილება? იმედია, ქვემოთ მოცემული ექვსი საფეხური ერთგვარი გზამკვლევის როლს შეასრულებს გადაწყვეტილების მიღების პროცესის ეფექტურად მართვაში (McMahon 2007).

1-ლი საფეხური – განსაზღვრეთ თქვენი მიზანი და შედეგი. ეს საშუალებას მოგცემთ დაინახოთ, კონკრეტულად რის მიღწევას ცდილობთ და იაროთ კონკრეტული გზით. 

მე-2 საფეხური – შეაგროვეთ მონაცემები. ეს დაგეხმარებათ მოიპოვოთ ფაქტობრივი მტკიცებულებები და მიხვიდეთ პრობლემის გადაჭრამდე.

მე-3 საფეხური – გონებრივი იარიშის გზით განსაზღვრეთ ალტერნატივები. რამდენიმე ალტერნატიული გადაწყვეტილების შემუშავება, დაგეხმარებათ, დაინახოთ, რომელი მათგანია უფრო ეფექტური. 

მე-4 საფეხური – ჩამოთვალეთ ყოველი ალტერნატივის არგუმენტები და კონტრარგუმენტები (დადებთი და უარყოფითი მხარეები). ამ ჩამონათვალით შეძლებთ იმ ალტერნატივაზე უარის თქმას, რომელსაც მეტი კონტრარგუმენტი ექნება და გაიადვილებთ გადაწყვეტილების მიღებას. 

მე-5 საფეხური – მიიღეთ გადაწყვეტილება. ყოველი ალტერნატივის გაანალიზების შემდეგ ირჩევთ იმ ალტერნატივას, რომელსაც მეტი არგუმენტი აქვს. 
და 
მე-6 საფეხური – ისწავლეთ გამოცდილებით და იფიქრეთ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. ეს დაგეხმარებათ, დაინახოთ რა გააკეთეთ სწორად ან არასწორად.
მოკლედ, ამდენი ინფორმაცია იმიტომ მოგაწოდეთ, რომ მთავარი მეთქვა: ვფიქრობ, დაწყებითი კლასებიდანვე (უფრო ადრე თუ არა!) კარგი იქნება, თუ მოსწავლეებს ვასწავლით, რომ ადამიანთა მოთხოვნილებები განუსაზღვრელია და მუდამ აჭარბებს მათ დასაკმაყოფილებლად საჭირო რესურსებს. სწორედ ამის გამო გვიწევს არჩევანის გაკეთება:

მოთხოვნილებები > რესურსები → შეზღუდულობა → არჩევანი

არჩევანის გაკეთების ეს საფეხურები პატარა ადამიანებს დაეხმარება დამოუკიდებელი, გააზრებული გადაწყვეტილების მიღებაში და ამ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობის ტვირთის ტარებაშიც. რა თქმა უნდა, შეცდომებს არასწორი არჩევანის სახით კვლავაც დაუშვებენ (ამისგან არც ზრდასრულები ვართ დაზღვეულები), მაგრამ ამის გამო პასუხს საკუთარ თავს მოსთხოვენ და მომავალში სწორი (არასანანებელი) გადაწყვეტილებების მიღების ალბათობაც გაიზრდება. 
 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი