სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

მშობელთან კომუნიკაცია – კლასში ოჯახური ძალადობის მსხვერპლია – ნაწილი მეორე

როგორ განვსაზღვროთ ბავშვის პრობლემების მიზეზები?

მშობელთან ერთად ბავშვის პრობლემის გამოკვეთის შემდეგ მასთან ერთადვე ვეძებთ ამ პრობლემის გამომწვევ მიზეზებს. სასურველია მშობელს არ მოვახვიოთ თავს ჩვენი მოსაზრებები, არამედ მოვუსმინოთ.

„ძალიან განვიცდი მის მდგომარეობას. რა არის მისი საგანგაშო ქცევის მიზეზი? რას ფიქრობთ ამის შესახებ?” – მსგავსი ფორმულირება გამოგვადგება საუბრის აღძვრისათვის.

ასე მარტო მშობლის აზრს კი არ შევიტყობთ, არამედ მიზეზების ძიებაზე პასუხისმგებლობასაც გადავუნაწილებთ. არაპირდაპირ ვაგრძნობინოთ ისიც, რომ ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი პიროვნებაა, მისი აზრი ანგარიშგასაწევია და მან მონაწილეობა უნდა მიიღოს შვილის პრობლემების მოგვარებაში. ასეთი მიდგომა მიზანშეწონილია იმ მშობლებთან, რომელნიც მიდრეკილნი არიან, საკუთარი და ოჯახის პრობლემებზე პასუხისმგებლობა გადაამისამართონ სხვა ადამიანებსა და სხვა სტრუქტურებზე.

მიზეზების ძიებისას შეიძლება ვკითხოთ ოჯახურ სიტუაციაზე, შესაძლო კონფლიქტებზე, ბავშვის ურთიერთობებზე მეორე მშობელთან, და-ძმასთან, ასევე დავინტერესდეთ იმით, როგორ ართმევენ თავს ოჯახში ბავშვის რთულ ქცევას. თუ მშობელი ისაუბრებს ოჯახურ სიძნელეებზე, ეს შეგვიძლია დავაკავშიროთ ბავშვის შფოთიანობასთან. მაგალითად:

„ამბობთ, რომ თქვენი მეუღლე ბავშვს უყვირის და ხანდახან სცემს კიდეც, როცა მას გაკვეთილების მომზადებაში ეხმარება. ამით გასაგები ხდება, თუ რატომ მოდის ბავშვი სკოლაში ასე დაძაბული და განერვიულებული. სწავლა მისთვის მუქარასთან, შიშის გრძნობასთან ასოცირდება”.

თუ უკვე გვაქვს ეჭვი, რომ მშობელი მიმართავს ბავშვზე ძალადობას, დაკონკრეტებული კითხვები (მაგალითად, სცემთ თუ არა შვილს ცუდი ნიშნებისათვის?), შეიძლება სარისკო გამოდგეს, მოსაუბრემ დაკარგოს ნდობა ან მიიჩნიოს, რომ ბავშვმა რაღაც გიამბოთ. აჯობებს დაუსვათ ღია კითხვა, რომელიც არაფერზე მიანიშნებს:

„თქვენ ამბობთ, რომ გაწუხებთ შვილის ცუდი აკადემიური მოსწრება. ცდილობთ გავლენა იქონიოთ მის სწავლაზე? როგორ იქცევით, როცა ის სახლში უარყოფითი ნიშნით ბრუნდება?”

მშობლები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ფიზიკური დასჯა კარგი აღმზრდელობითი მეთოდია, ასეთ შემთხვევაში, პირდაპირ იტყვიან, რომ სცემენ ბავშვს.

ასეთი ხერხი შედარებით უსაფრთხოა. ჩვენ მშობელს ნათლად ვუყალიბებთ, რომ ვხედავთ პრობლემის ნიშნებს და თან არ მივანიშნებთ რაიმე კონკრეტულზე. მშობელი, რომელიც თავად აყენებს შეურაცყოფას შვილს ან მეუღლის მხრიდან მისი შეურაცყოფის მოწმეა, ასეთ დროს შეიძლება დადგეს ფაქტის წინაშე, რომ ბავშვი მძიმე მდგომარეობაშია, ცუდი მოპყრობა გავლენას ახდენს მის განვითარებაზე და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. თუ ის არ არის მზად პრობლემის გასამხელად, შეიძლება თავად შეცვალოს ქცევა: ვთქვათ, დაიცვას ბავშვი ძალადობისაგან.

ასევე, შეიძლება დედამ, რომელიც მოწმეა მეუღლის მხრიდან შვილზე ძალადობისა, გახსნას პრობლემა. პრობლემის მოგვარების შესაძლებლობები გაიზრდება, თუ საუბარი წარიმართება კეთილგანწყობით და მშობელი ჩვენდამი ნდობით განიმსჭვალება. შეიძლება, ეს იყოს მისი პირველი საუბარი ამ თემაზე. საიდუმლოს გამხელას ხშირად ახლავს ძლიერი უარყოფითი განცდები: სირცხვილი, შიში, მოუსვენრობა, დანაშაულის განცდა. აუცილებელია ყურადღება გავამახვილოთ მშობლის არავერბალურ სიგნალებზეც (ხმის ტემბრი, მიმიკა, მდგომარეობის შეცვლა…), რომ სწორი რეაგირება გვქონდეს მის განცდებზე.

ასეთ დროს ყურადღებით ვუსმენთ და გამოვხატავთ გაგებას:

„მესმის, რომ თქვენც გეშინიათ მეუღლის…” „ალბათ, თქვენთვის ძალიან რთულია, როცა მეუღლე უყვირის და სცემს ბავშვს. გიფიქრიათ იმაზე, როგორ დაიცვათ ბავშვი?”

კარგია უთხრათ მშობელს, რომ გრძნობთ, რა რთულია მისთვის ეს საუბარი, საერთოდ ასეთი საუბრები ძალიან რთულია. თქვენი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული დანაშაულის განცდის მოხსნაზე და იმის ჩვენებაზე, რომ ანალოგიური პრობლემები ბევრ ოჯახს აქვს. ასევე მნიშვნელოვანია, იმედი მისცეთ, რომ „ასეთი პრობლემების მოგვარება შესაძლებელია”.

ძალიან მნიშვნელოვანია დახმარების შეთავაზება.

როგორ შევთავაზოთ დახმარება?

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვერ მოვისმენთ ბავშვის პრობლემების ,,ოჯახურ” მიზეზებს, მაგრამ ვიცით, რომ ის ძალადობის მსხვერპლია, მაინც ღირს მშობელთან იმაზე საუბარი, რა საჭიროებები აქვს ბავშვს და როგორ შეიძლება მისი დახმარება.
,,როგორ ფიქრობთ, რა სჭირდება თქვენს შვილს ახლა, როცა ცხადია, რომ ის რაღაცას ძალიან განიცდის? რით შეგვიძლია დახმარება?”

ვუკარნახოთ მშობელს, რომ მის შვილს ესაჭიროება სიმშვიდე, უსაფრთხოების შეგრძნება, პრობლემის გაზიარება, მოთმინება უფროსების მხრიდან და ასე შემდეგ.

ოჯახებში მშობლები დაკავებულნი არიან საკუთარი პრობლემებით და ახასიათებთ ბავშვის პრობლემების გაუბრალოების ტენდენცია: „ახლა მას რთული ასაკი აქვს. გაიზრდება და გაუვლის. თავისით გაუვლის…” საჭიროა ავუხსნათ, რომ ბავშვი საფრთხის წინაშეა და მარტო ამ საფრთხეს ვერ გაუმკლავდება.

,,ბავშვი ცხოვრობს დიდ დაძაბულობაში. ეს იწვევს პრობლემებს სწავლასა და ქცევაში. ის მარტო ამ პრობლემას ვერ მოერევა, მას ჩვენი დახმარება სჭირდება”.

ავუხსნათ მშობელს, რით შეგვიძლია ამ სიტუაციაში დავეხმაროთ ბავშვს და ვკითხოთ, თავად რით დაეხმარება. თუ ბავშვის მდგომარეობა უფრო სერიოზულია, შეიძლება ვიფიქროთ სპეციალისტის დახმარებაზეც (დიაგნოზი და დახმარება). მაგრამ გავითვალისწინოთ, რომ ბავშვის გაშვება სპეციალისტთან მაშინ, როცა ვერ დავადასტურეთ ბავშვზე ძალადობის ოჯახური მიზეზები, შეიცავს გარკვეულ რისკს: ბავშვს, რომელიც ცხოვრობს არაჯანსაღ ოჯახურ სისტემაში და განიცდის ძალადობას, ვაგზავნით ექიმ-ფსიქოლოგთან. ამან მშობელსაც და ბავშვსაც შეიძლება ჩამოუყალიბოს აზრი, რომ პრობლემის სათავეს თავად ბავშვი წარმოადგენს. მაგრამ თუ ბავშვის მდგომარეობა საგანგაშოა, ასეთ გადაწყვეტილებას ვერ გადავდებთ. სპეციალისტს აუცილებლად უნდა ჰქონდეს კომუნიკაცია მშობლებთან, რაც ზრდის ოჯახის და ბავშვის პრობლემების ნამდვილი სათავეების გამოკვეთის შესაძლებლობას.

თუ მშობელი იწყებს გულახდილ საუბარს ოჯახის პრობლემებზე, საჭიროა ყურადღებით მოსმენა და გაგებით მოკიდება. უნდა ავუხსნათ მას, რომ ასეთ დროს დახმარება სჭირდება მასაც და ბავშვსაც. უნდა შევთავაზოთ კონკრეტული დახმარება, შევთავაზოთ წინასწარ დაწერილი კონსულტანტის ან თერაპიული დაწესებულების მისამართი.

ინტერვენციული საუბარი მშობელთან

იმ შემთხვევაში, როცა გვაქვს ბავშვზე ოჯახური ძალადობის დამადასტურებელი ფაქტები, მნიშვნელოვანია საუბარი მშობელთან და დახმარების შეთავაზება ოჯახური პრობლემის აღმოსაფხვრელად. ინტერვენციული საუბრის სტრატეგიად რჩება მშობლის დადებით მოტივებზე (შვილისადმი სიყვარული) და საერთო მიზანზე – ბავშვის კეთილდღეობაზე აპელირება:

„მინდა, გესაუბროთ ბავშვზე, რადგან ძალიან მაწუხებს მისი მდგომარეობა. ვიცი, რომ მას ძალიან უყვარხართ და დარწმუნებული ვარ, ის თქვენთვისაც ყველაზე ძვირფასია”.

ჩვენ მშობელს ვაცნობთ ჩვენთვის ცნობილ ფაქტებს (მაგალითად: ბოლო სამი თვის განმავლობაში, თქვენს ოჯახში რამდენჯერმე იყო პოლიცია. მეზობლებს ბინიდან ესმით ბავშვების ყვირილი…)

ამ საუბრის დროს თავს ვარიდებთ პრეტენზიულ გამოთქმებსა და დადანაშაულებას, მაგრამ ვთხოვთ ბოლომდე მოსმენას. მშობლის რეაქცია გვიჩვენებს რამდენად აცნობიერებს ის პრობლემას და არის თუ არა მზად მასზე სასაუბროდ. ჩვენ არ უნდა შევეცადოთ მის გადარწმუნებას! საუბრისას დავეყრდნოთ ფაქტებს.

მთავარია ავუხსნათ, დავანახოთ მშობელს, რომ მისი საქციელი ცუდ გავლენას ახდენს ბავშვზე, აუცილებელია მისი შეცვლა. ამაში კი დახმარება სჭირდება და მივაშველოთ ასეთი დამხმარე სერვისის მისამართი. მასწავლებელი, მიუხედავად იმისა, რა დონის ინფორმაცია მიიღო მან გასაუბრებისას, არ არის უფლებამოსილი დაუსვას მას დიაგნოზი (თქვენ ალკოჰოლდამოკიდებული ხართ), ის აკვალიანებს მშობელს სპეციალისტის მისამართის მიცემით, ხელს უწყობს ეძებოს გამოსავალი იქ, სადაც პროფესიულ დასკვნებს გააკეთებენ და გამოსავალსაც შესთავაზებენ.

ამ ინფორმაციის მიწოდებასთან ერთად, თუ შევძლებთ მისთვის ამ სამსახურის მიერ შეთავაზებული სერვისების დაკონკრეტებასა და მათ მიერ მიღწეული შედეგების დასახელებას, ეს ჩვენს საუბარს უფრო დამაჯერებელს გახდის.
თუ ბავშვზე ძალადობა სერიოზულ ფორმებში გადადის, მაშინ საჭირო ხდება სხვა სტრუქტურების ჩარევა. ოღონდაც ამ შემთხვევაშიც კი, საჭირო იქნება მშობლის გაფრთხილება, რომ მას ერთხელ კიდევ მივცეთ შეცვლის შესაძლებლობა. მშობლის ზურგს უკან მოქმედება დაკავშირებულია მასთან თანამშრომლობის შეწყვეტის რისკთან.
„თქვენ თქვენი შვილისათვის ყველაზე ახლო და მნიშვნელოვანი ადამიანი ხართ. ამიტომ მსურდა, ერთად მოგვეგვარებინა პრობლემა. თუ თქვენ არ შეცვლით თქვენს საქციელს, იძულებული ვიქნები მივმართო შესაბამის ორგანოებს, რადგან მე მევალება ბავშვის დაცვა…”

მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცარიელი სიტყვები. ნათქვამს მსვლელობა უნდა მიეცეს. ამიტომ ჩვენი სათქმელის ფორმულირებას დიდი მნიშვნელობა აქვს. არ ვთქვათ ისეთი რამ, რასაც ვერ შევასრულებთ.

მთელ ამ პროცესში უნდა გვახსოვდეს, რომ მშობელთან ურთიერთობაში ჩვენს მიზანს არ წარმოადგენს მშობლის ,,გასამართლება-განსჯა” ან მისი სწავლება, ჩვენი მიზანია მშობელთან ბავშვის კეთილდღეობისათვის თანამშრომლობა. ამ პროცესში ვინარჩუნებთ კეთილგანწყობასა და პატივისცემას მშობლის მიმართ. ამავე დროს, სასურველია ვიმოქმედოთ მტკიცედ და თანმიმდევრულად.

(პირველი ნაწილი https://mastsavlebeli.ge/?action=page&p_id=19&id=930)

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“