ავად სახსენებელი რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ უკვე ცხრა წელი გავიდა და ამ ხნის განმავლობაში საქართველოშიც და სხვაგანაც ბევრი რამ შეიცვალა და გადასხვაფერდა. არ შეცვლილა მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებსა და დევნილთა ჩასახლებებში მცხოვრები ადამიანების რეალობა. მათი მთავარი სადარდებელი, ცხადია, საკუთარ სახლებსა და სოფლებში ვერდაბრუნებაა, მაგრამ სამაჩაბლოელებს ბევრი სხვა რამეც აწუხებთ.
ერთ-ერთი მთავარი და ხელშესახები პრობლემა ადგილობრივი ბავშვებისთვის სპორტის ხელმისაწვდომობაა. კარგად მახსოვს, ჯერ კიდევ 2008 წლის შემოდგომაზე დაიწყო იმაზე საუბარი, რომ დევნილი მოზარდებისთვის სპორტის ნებისმიერ სახეობაზე სიარული უფასო უნდა გამხდარიყო და ამას, სახელმწიფოსთან ერთად, საკუთარ თავზე კერძო კომპანიებიც იღებდნენ, მაგრამ გავიდა დრო და ვნახეთ, რომ, რამდენიმე კარგი მაგალითის მიუხედავად (ზოგიერთმა სახელმწიფო სტრუქტურამ და კერძო კომპანიამ ერთჯერადად დააფინანსა სხვადასხვა სპორტული ჯგუფი), ბევრი არაფერი შეცვლილა და სპორტით დაკავებული დევნილი ბავშვების მშობლებს ისედაც მწირი შემოსავლიდან დღესაც თანხების გადადება უწევთ, შვილების სპორტული მომავალი რომ დააფინანსონ.
ასეთი დაფინანსება, ცხადია, მყიფეა და თუ მშობელს ეკონომიკური პრობლემა შეექმნა, ოჯახის ბიუჯეტიდან პირველ რიგში ბავშვის სპორტზე სიარულისთვის გადასახდელ ფულს დაზოგავს, ხოლო უსახსრობის გამო სპორტზე ვერწასვლა მოზარდისთვის რამხელა ტრავმაა – ნამდვილად არ არის ძნელი გასაგები.
გიორგი ახლა 16 წლისაა. 7 წლის იყო, როდესაც ოკუპანტებმა სამაჩაბლოში მისი მშობლიური სოფელი გადაწვეს და მიწასთან გაასწორეს. გიორგიმ თავად მაჩვენა ფოტო, რომელზეც ლიახვის ხეობის ის ადგილია აღბეჭდილი, სადაც მისი სახლი იდგა – ომის შემდეგ სოფელს ბულდოზერები გადაატარეს და ნასახლარების კვალიც კი წაშალეს.
დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრები გიორგი უკვე 6 წელია ფეხბურთითაა გატაცებული და, როგორც თავად მითხრა, წელიწადში 1 თვე მაინც იყო ისეთი, როდესაც მამამ სპორტზე სიარულის საფასური ვერ გადაუხადა. ამის გამო ან თვის ჩაგდება მოუწია, ან მწვრთნელთან იმის მტკიცება, რომ პრობლემა მალე მოგვარდებოდა.
გიორგი ამობობს, რომ მისთვის პირველ რიგში მორალურადაა დამთრგუნველი გამუდმებით თანხის ძიება და არც ისე შორსაა ის დრო, როდესაც ფეხბურთზე საერთოდ აიღებს ხელს, მით უმეტეს, ტრავმების გამო მისი სპორტული კარიერა არც ისე კარგად წარიმართა, როგორც თავიდან ეგონა.
გიორგის უმცროსი ძმა კოტე თბილისში ჭადრაკზე დადის. მიუხედავად იმისა, რომ გადასახადი აქ არც ისე დიდია და პატარა კოტეს მწვრთნელსაც კარგად ესმის საქართველოში დევნილების მძიმე ყოფა, მასაც, ძმის მსგავსად, რამდენიმე თვით მოუწია საყვარელ სპორტზე უარის თქმა. მიზეზი იგივეა – უფულობა.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დევნილი ბავშვების რეაბილიტაციისა და საზოგადოებასთან უკეთ ინტეგრაციისთვის სპორტი და სპორტში ჩართულობა რაოდენ მნიშვნელოვანია, ბავშვთა ნებისმიერი ფსიქოლოგი გეტყვით. გარდა ამისა, საეჭვოა, დიდ ფინანსურ სირთულეს წარმოადგენდეს ამ ბავშვების დაფინანსება. ეს, სახელმწიფოს გარდა, კერძო კომპანიებსაც ეხება, რომლებიც, ვფიქრობ, ბევრს არაფერს დაკარგავენ, ასეთ მნიშვნელოვან საქმეში თუ ჩადებენ ფულს.
საქართველო პატარა ქვეყანაა და სპორტული პოტენციალიც იმაზე გაცილებით ნაკლები აქვს, ვიდრე შესაძლოა ბევრს წარმოუდგენია. სწორედ ამიტომ დასაკარგავი მომავალი სპორტსმენები ნამდვილად არ გვყავს. მით უმეტეს, იმ ბავშვებზე ვსაუბრობთ, რომლებზეც ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდმა უბედურებამ – ოკუპაციამ გადაიარა