სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

როგორ უნდა და როგორ არ უნდა გავაუმჯობესოთ სკოლები

„სასკოლო რეფორმა ნელი და რთული პროცესია.

მისი დაჩქარება პროცესის დაღუპვას ნიშნავს“.

პასი სალბერგი, ფინელი ავტორი, განმანათლებელი და მკვლევარი

 

სტატიაში გვთავაზობთ აშშ-ის სასკოლო სისტემის მრავალპროფილიანი პრობლემების მოკლე ანალიზს და ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სტეინჰარდტის კულტურისა და განათლების კოლეჯის პროფესორის, პრეზიდენტ ბილ კლინტონის ადმინისტრაციის პერიოდში აშშ-ის განათლების მინისტრის თანაშემწის,  დაიენ სილვერზ რავიჩის მოსაზრებებს დღევანდელი აშშ-ის საგანმანათლებლო სისტემის ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ.

პროფესორი თავის ბლოგში მოგვითხრობს იმ სერიოზული გამოწვევებისა და ალტერნატივების შესახებ, რომელთა შორისაც ამერიკელ სწავლულებს, პოლიტიკის ანალიზის სპეციალისტებს, მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს უწევთ მოძრაობა და ლავირება.

დაიენ რავიჩი: ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, თავის ერთ-ერთ გამოსვლაში მასწავლებლებს მოუწოდა „შეეწყვიტათ სკოლის მოსწავლეების მხოლოდ გამოცდებისთვის „გამოწრთობა“. საზოგადოებას კი მოსთხოვა „სათანადოდ დაეფასებინათ საუკეთესონი, ხოლო უარესები – ვინც ბავშვებს ცოდნის მიღებაში უშლის ხელს, მოეცილებინათ“.

პრეზიდენტის ნათქვამში თითქოს ყველაფერი ნათელი და სწორია. პროგრამა „გზა მწვერვალისკენ“, რომელსაც პრეზიდენტმა ობამამ მოაწერა ხელი, შტატების ადმინისტრაციას მოუწოდებს, მხარი დაუჭიროს და წაახალისოს ის მასწავლებლები, რომელთა მოსწავლეებიც ტესტებზე კარგ შედეგებს უჩვენებენ (ალბათ ესენი არიან „საუკეთესონი“) და გაათავისუფლოს ისინი, ვისი მოსწავლეებიც ტესტებზე დაბალ ჯამურ ქულებს იღებენ (ალბათ ესენი არიან „უარესნი“).

გამოდის, რომ მასწავლებლები, რომლებსაც ადგილის შენარჩუნება სურთ, ვალდებულნი იქნებიან ტესტებისთვის „გამოაწრთონ“ ბავშვები. პრეზიდენტის სიტყვების თანახმად, იგი მასწავლებლებს მოუწოდებს, ხელი აიღონ იმ პრაქტიკაზე, რომელიც თვითონ ობამას მიერ იყო ჩადებული აშშ-ის განათლების პოლიტიკის საფუძველში.

პროგრამა „გზა მწვერვალისკენ“ და უფრო ადრინდელი, პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უმცროსის დროინდელი პროგრამ, „არ გამოგვრჩეს არცერთი ბავშვი“, იმ ტენდენციის გამოვლინებაა, რომელსაც პასი სალბერგი (ფინეთის სასკოლო რეფორმის ერთ-ერთი ავტორი)  „მიკრობს“ უწოდებს (ალუზია ინგლისური ტერმინი  GERM-იდან, Global Education Reform Movement – მსოფლიო საგანმანათლებლო რეფორმის მოძრაობა, რომელიც თავისი პრინციპებით ბიზნეს-მოდელებს ემყარება და ფართოდ არის გავრცელებული აშშ-ში, ბრიტანეთში, ავსტრალიასა და სხვა განვითარებულ ქვეყნებში).

სალბერგის აზრით, სწორედ „მიკრობია“ ის ფორმატი, რომელიც ბავშვების მხოლოდ გამოცდებისთვის „გამოწრთობას“ გულისხმობს. „მიკრობის“ მიდგომა გულისხმობს იმას, რომ მოსწავლეები მუდმივად უნდა შეამოწმო და ამ შემოწმების შედეგები, წარმოადგენს როგორც მათი სწავლების შედეგს, ისე – საუკეთესო შეფასების კრიტერიუმს. ტესტირება საშუალებას იძლევა, არა მარტო გავიგოთ ამა თუ იმ სკოლის მუშაობის დონე, არამედ იძლევა იმის საფუძველს, წავახალისოთ თუ დავსაჯოთ მოსწავლე, მასწავლებელი და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და თვითონ სკოლაც.

ამავე დროს, განათლების სისტემის ხელისუფალნი, ჩინოვნიკები და ხელმძღვანელები, ანუ ის ხალხი, ვინც სკოლებისთვის ინსტრუქციებს წერს და სახსრებს ანაწილებს, საერთოდ არ აგებს პასუხს მათი გადაწყვეტილებების შედეგებზე! „მიკრობის“ მიდგომა იმ მოსაზრებიდან მომდინარეობს, რომელიც მასწავლებლების მოტივაციისა და დასჯისთვის, „მათრახისა და ორცხობილას“ პრინციპს ეყრდნობა.

ჩემს ერთ-ერთ წიგნში აღწერილი მაქვს ფინელი მასწავლებლების ერთობლივი, მუდმივად მიმდინარე მუშაობა განათლების სფეროს ხელმძღვანელებთან. ფინელ მასწავლებლებს არავინ აგებინებს პასუხს „ტესტების შედეგების გამო“ და ეს ასე იმიტომ ხდება, რომ ფინეთში ტესტების სისტემა არ არსებობს.

მასწავლებელი თვითონ მუშაობს  კონტროლის ფორმებზე, რაც საშუალებას აძლევს მას, გაიგოს, რა შეითვისეს მისმა მოსწავლეებმა და რომელ სფეროშია ბავშვების განათლება არასაკმარისი. უნდა აღინიშნოს, რომ ეს მუშაობა, ძალიან ინტენსიურია, რადგან ფინელ მასწავლებლებს ამისკენ პროფესიული პასუხისმგებლობის მაღალი დონე უბიძგებთ და არა ხელმძღვანელი ჩინოვნიკებისადმი შიში.

თავის წიგნში „ფინური გაკვეთილები“ პასი სალბეგი კარგად აღწერს იმ შინაგან სტიმულებს, რომლებითაც ფინეთის მასწავლებლები, როგორც ნებისმიერი საქმის ოსტატები,  სარგებლობენ კლასში სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისათვის. ეს ძირფესვიანად განსხვავდება გათავისუფლების შიშისა და ხელფასზე დანამატის მიღების მოტივაციისგან.

„მიკრობი“ თავისი ფილოსოფიით ცდილობს, შექმნას თავისუფალი ბაზრის ანალოგია, რომელიც მშობლებს მომხმარებლებად განიხილავს, ხოლო მოსწავლეებს – პროდუქტად. მასწავლებელს ამ სქემაში მორჩილი აღმასრულებლების როლი ენიჭება და მისი ერთადერთი ვალდებულება, მითითებებისა და ინსტრუქციების გულმოდგინედ შესრულებაა.

„მიკრობის“ ფორმატის მომხრეებს ძალიან აღიზიანებთ პედაგოგთა პროფკავშირები, რომლებსაც ისინი სწავლების „ეფექტური მენეჯმენტისა“ და მართვის ხელის შემშლელ ფაქტორად განიხილავენ.  პროფკავშირები მათთვის ართულებს სახსრების აუცილებელ „ეკონომიას“, რაც ხშირად მაღალანაზღაურებადი მასწავლებლების გათავისუფლებას და მათ ადგილებზე მცირე ხელფასზე თანახმა ახალგაზრდების მოყვანას გულისხმობს. „მიკრობის“ მომხრეების აზრით, ეს სკოლისთვის ბევრად უფრო „იაფია“.

ფინეთის წარმატებულმა გამოცდილებამ ეჭვქვეშ დააყენა მსოფლიო საგანმანათლებლო რეფორმის მოძრაობის თეორიული დებულებები – პრაქტიკულად ყველა ფინელი მასწავლებელი და სკოლის დირექტორი ერთიანი პროფკავშირის წევრია, რომელიც განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით მჭიდროდ თანამშრომლობს განათლების სამინისტროსთან. ამავე დროს მასწავლებლები ერთიანი ძალით აღწევენ ხელფასის ზრდას და ზოგადად, მასწავლებლის სამუშაო პირობების გაუმჯობესებას.

ამერიკაში სასკოლო რეფორმის მოძრაობის წევრები მსხვილი ბიზნესისადმი კეთილგანწყობილი დემოკრატების, მემარჯვენე რესპუბლიკელებისა და „ჩაის მოძრაობის“ წევრი გუბერნატორების, უოლ-სტრიტზე მომუშავე ფინანსური კომპანიებისა და მსხვილი ფონდების უცნაურ ნაზავს შეადგენენ. ყველა ეს ჯგუფი, მტკიცედ იცავს „მიკრობის“ ძირითად პრინციპებს.

ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ მეტი სკოლა იქნება კერძო მართვაში და  მცირე იქნება რეგულაციები  ზემოდან, არასასურველი მასწავლებლების სწრაფად „მოცილება“ -გათავისუფლება ან სკოლების ადვილად დახურვა ხელს შეუწყობს სკოლის მეტი კურსდამთავრებულის შესვლას უმაღლესში და სიღარიბის საბოლოოდ დამარცხებას. თუმცა აღსანიშნავია, რომ ასეთი წარმოდგენები ერთობ არამყარ ნიადაგზე დგას.

ცოტა ხნის წინ დიუკის უნივერსიტეტის ეკონომისტმა ჰელენ ლედმა გაავრცელა დიდი ზომის ანგარიში სათაურით „განათლება და სიღარიბე: მონაცემების შედარება“. ანგარიშში ნაჩვენებია, რომ სიღარიბე აფერხებს განათლების განვითარებას არა მარტო აშშ-ში, არამედ ყველა ქვეყანაში.

„ბიზნესრეფორმის“ მომხრეთა უაპელაციო განცხადებები იმის შესახებ, რომ სიღარიბე მხოლოდ მიზეზია, რომელსაც ცუდი მასწავლებლები იყენებენ თავის გასამართლებლად, სულ მცირე, გულუბრყვილობას წარმოადგენს (თუ არ ვიტყვით, რომ ეს სისულელეა).

ალბათ ამ განაცხადში გამოსჭვივის სურვილი, გვერდი აუარონ სიღარიბის და შემოსავლების უთანაბრობის პოლიტიკურად „მოლიპულ“ თემებს, რომლებიც წლებთან ერთად სულ უფრო მძაფრდება, და რომელთაც შეიძლება კითხვის ქვეშ დააყენონ ჩვენი საზოგადოების მშვიდობიანი განვითარება.

სკოლების “ბიზნესრეფორმატორების“ ჯგუფს იმედი აქვს, რომ კერძო ინიციატივის დანერგვა და ინტეგრაცია კარს გაუღებს შემოქმედებით ნოვაციებს განათლების სფეროში. თუმცა რეალობა საპირისპიროს გვიჩვენებს: კარი ხშირად იმათთვის იღება, ვინც ყველა მეთოდით ტესტირების შედეგების გაუმჯობესებას ცდილობს და კარს მიღმა ის მოსწავლეები რჩებიან, ვისაც შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ, ან რომელთათვისაც ინგლისური მეორე ენას წარმოადგენს, მშობლიურის შემდეგ.

მათ კიდევ ერთი მიზანი ამოძრავებთ – მაქსიმალური მოგების მიღება. ამ ტიპის რეფორმის კიდევ ერთი მიმართულებაა განათლებაზე ხარჯების მაქსიმალური შემცირება.  შედეგად, სკოლების ბევრი ხელმძღვანელი ხარჯებს ამცირებს და ათავისუფლებს მასწავლებლებს.

სხვები, იმავე „ბიზნესრეფორმების“ ჯგუფიდან, ცდილობენ ცოცხალი მასწავლებლები „დისტანციური სწავლებით“ ჩაანაცვლონ. კიდევ ერთი მეთოდი, რომელიც აქტიურად გამოიყენება ხარჯების შემცირებისათვის, გახლავთ ახალგაზრდა, გამოცდილების არმქონე მასწავლებლების დაქირავება, რომლებსაც მინიმალური განაკვეთებით უხდიან ხელფასს. ასეთი მასწავლებლების უმეტესობას ურჩევნია საპენსიო ასაკამდე დიდი ხნით ადრე დაასრულოს „მასწავლებლობა“ და სხვა უფრო ადვილ და სარფიან საქმეს მიჰყოს ხელი.

(პირველი ნაწილის დასასრული)

 

სტატია თარგმნა და მოამზადა ლევან ალფაიძემ

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“