ერთი კვირის წინ, აშშ-ის ძალიან ცნობილი წიგნის მაღაზიის Barnes & Noble-ში ფემინისტური ბიბლიოთეკის თვალიერების დროს სქელყდიან, ფერადსა და ჩემთვის აქამდე უცნობ წიგნს გადავაწყდი, რომელსაც ასე ერქვა – „Good Night Stories for Rebel Girls”. წიგნმა, რომელიც დაუფიქრებლად ვიყიდე 11-საათიანი ფრენა თბილისისკენ შესანიშნავად გადამატანინა და არაერთი ძლიერი ქალი გამაცნო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
„ძილისპირულის ამბები მეამბოხე გოგონებისთვის” რამდენიმე მიზეზითაა უნიკალური. წიგნს კონკრეტული გამომცემელი არ ჰყავს. მისი შექმნის იდეა იტალიელ ჟურნალისტს ელენა ფავილის და ამავე ეროვნების მქონე რეჟისორს ფრანჩესკა კავალოს ეკუთვნის. საჭირო თანხა, რომელიც წიგნის კონტენტის მომზადებას, ილუსტრაციებსა და უმაღლესი ხარისხით ბეჭდვას დასჭირდა, ხალხმა შეაგროვა. დიახ, ეს ერთ-ერთი პირველი წიგნია, რომლისთვისაც ფანდრაიზინგით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ხალხმა ერთ თვეში მილიონ დოლარზე მეტი შეაგროვა.
უნიკალურია წიგნისთვის ხელით ნახატი ილუსტრაციები. ილუსტრატორები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან გაერთიანდნენ და აქ არაერთ შესანიშნავ ნამუშევარს ნახავთ.
„ძილისპირულის ამბები მეამბოხე გოგონებისთვის” 100 ისტორიას გვიამბობს. ასივე ამბავი ქალების შესახებაა. სხვადასხვა ასაკის, ეროვნების, აღმსარებლობის, პროფესიის ქალების შესახებ. ზოგიერთი მათგანი ჩვენთვის უკვე კარგად ცნობილი და სახელოვანია. უმეტესობა – არავის ახსოვს, ან ნაკლებად იცნობენ – მათ, ვინც შექმნეს პრეცენდენტები, თავიანთი შესაძლებლობებით გააუმჯობესეს სამყარო
როგორ შევარჩიეთ? ამ წიგნში არაჩვეულებრივი ნიჭით დაჯილდოებული ქალები მოხვდნენ. მათ უმეტესობას არასოდეს ჰქონია შესაფერისი აღიარება საზოგადოებისაგან. მერე რა რომ ასეთი მნიშვნელოვანია მათი აღმოჩენები, ამდენად გამბედავია მათი თავგადასავლები, ამდენად ფართოა მათი ნიჭი – ისინი გამუდმებით ბორკილებდადებული, დავიწყებული და უმრავლეს შემთხვევაში, ისტორიიდან ამოშლილი არიან – წერენ ავტორები ელენა და ფრანჩესკა წიგნში აღწერილი ქალების თაობაზე.
წიგნის ენა მარტივზე მარტივია. იმის მიუხედავად, რომ ტექსტები უფროსებისთვისაც ძალიან საინტერესოა, მისი მთავარი აუდიტორია მაინც მცირე ასაკის გოგონებია, რომლებსაც ისტორიები ძილის წინ, მშობლებმა უნდა წაუკითხონ. ანტიპრინცესული ისტორიები გოგონებს შთააგონებენ, რომ მათ მიზანდასახულობით, შრომისმოყვარეობითა და გამბედაობით, თავიანთი მიზნებისა და ოცნებების ასრულება ძალიან მარტივად შეუძლიათ. რომ ისინი ისეთივე უფლებებითა და შესაძლებლობებით იბადებიან, როგორც ბიჭები. შესაბამისად, სურვილისამებრ, შეუძლიათ გახდნენ მეხანძრეები, მაშველები, მათემატიკოსები და აირჩიონ ნებისმიერი პროფესია, რაც დღეს გავრცელებული სტერეოტიპების თანახმად, გოგოების საქმე არ არის.
ჩვენთვის კარგად ნაცნობი სახელებიდან წიგნში შევხვდებით ალეკ ვეკს, ანა პოლიტკოვსკაიას, ასტრილ ლინდგრენს, შარლოტა ბრონტესა და მის დებს, კოკო შანელს, ამელია ერჰარტს, ევიტა პერონს, მალალა იუსაფზაის, მარგარეტ ტეტჩერს, მარია კიურის, მიშელ ობამას, მარია კალასს, ნინა სიმონეს, იოკო ონოს, ზაჰა ჰადიდს, სერენა უილიამსსა და სხვებს. და ასევე, გავიცნობთ შესანიშნავ ბრიტანელ მათემატიკოსს ადა ლავლეისს, რომელმაც პირველმა დაწერა კომპიუტერული პროგრამა; ველოსიპედისტ ალფონსინა სტრადს იტალიიდან, რომელმაც იტალიის ეროვნული ველო მარათონი მოიგო, თუმცა სქესის გამო ჯილდო არ გადასცეს; ამერიკელ ეშლი ფლოლეკს, რომელმაც თანდაყოლილი სიყრუის გამო არაერთი დაბრკოლება გადალახა და დღეს სახელგანთქმული მოტოციკლისტია. ბრაზილიელ კორა კორალინას, შესანიშნავ პოეტს, რომელმაც რთული ცხოვრების გამო, ლექსების წერას დრო მხოლოდ 60 წლის ასაკში დაუთმო და მათ საკუთარი სახლის კართან, თავის მიერვე გამომცხვარ ნამცხვრებთან ერთად ჰყიდდა. კორამ პირველი კრებული 75 წლის ასაკში გამოსცა, რითაც თავის ქვეყანაში უდიდესი აღიარება მოიპოვა. ბრიტანელ ექიმს, ფლორენს ნიგთინგეილს, რომელმაც სიკვდილისგან არაერთი ჯარისკაცი იხსნა და კიდევ ათობით ქალს, რომლებმაც თავისი ნიჭით, მონდომებითა და მაღალი პროფესიონალიზმით მსოფლიო უკეთესი გახადეს.
წიგნში, ასევე, ქოი მათისს გაიცნობთ, რომელიც ამჟამად მეათე კლასის მოსწავლეა, თუმცა მის შესახებ აქ არაფერს გიამბობთ.
„ძილისპირულის ამბები მეამბოხე გოგონებისთვის” ყველაზე კეთილი და მიზანზე ორიენტირებული პროექტია, რომელიც ხალხის ნებით გამოიცა და რომლის ონლაინ ვერსიის შეძენასაც amazon.com-ზე შეძლებთ.