სამშაბათი, აპრილი 30, 2024
30 აპრილი, სამშაბათი, 2024

კოლაბორაცია, ჯგუფური მუშაობა და კოოპერატიული სწავლება

მიუხედავად იმისა, რომ სკოლა კონცენტრირებულია აკადემიურ სტანდარტებზე, პრეზენტაციაზე, ტესტებზე… ის გაცილებით მეტს გულისხმობს, ვიდრე უბრალოდ აკადემიური სწავლაა. რა თქმა უნდა, აკადემიური სწავლება უპირველესი მიმართულებაა, მაგრამ სკოლას მთავარი პასუხისმგებლობა აკისრია მოსწავლის განვითარების სხვა ასპექტებზეც, მაგალითად, მოსწავლეებში იმ ატიტუდების, უნარ-ჩვევების, ორიენტაციების განვითარებაზე, რომლებიც მათ დასჭირდებათ, რათა იცხოვრონ, იყვნენ კარგი მოქალაქეები და ემსახურონ დემოკრატიულ სახელმწიფოს. ამას გარდა, განათლება ამზადებს მოსწავლეებს, მოერგონ ცხოვრებას და დააკმაყოფილონ მისი მოთხოვნები.

ორგანიზაციათა უმეტესობა ისეთ ადამიანებს ეძებს, რომლებიც არა მარტო კარგად ფლობენ გარკვეულ აკადემიურ უნარ-ჩვევებს, არამედ აქვთ უნარიც, ჰარმონიულად იმუშაონ სხვა და ადამიანებთან ერთად შექმნან შეკრული გუნდი, გამოიჩინონ ინიციატივა და პასუხისმგებლობის გრძნობა, შეძლონ ეფექტიანი კომუნიკაცია.

უკანასკნელი სამი ათწლეულის განმავლობაში მეცნიერები სკოლებში კოლაბორაციისა და თანამშრომლობის საკითხებს იკვლევდნენ. თუმცა არსებობს გარკვეული შეუსაბამობები. კვლევების უმეტესობამ გამოავლინა, რომ ნამდვილად თანამშრომლური ჯგუფები პოზიტიურ გავლენას ახდენენ მოსწავლის ემპათიაზე, ტოლერანტობაზე, შემწყნარებლობაზე, მეგობრობაზე, საკუთარი თავის ნდობასა და გაკვეთილებზე დასწრებაზეც კი. იმასაც ამტკიცებენ, რომ თანამშრომლობით სწავლებას ბავშვებისა და მოზარდებისათვის სოციალური პრობლემების მოგვარებაც კი შეუძლია.

ტერმინები – კოლაბორაცია, ჯგუფური სწავლა და თანამშრომლობითი სწავლა ხშირად ერთი მნიშვნელობით გამოიყენება. მათ შორის მსგავსება მართლაც არის, მაგრამ არის განსხვავებაც. განსხვავება კოლაბორაციასა და თანამშრომლობას შორის ყოველთვის ცხადი როდია. ტედ პანიცი შემდეგ განსხვავებებზე საუბრობს: კოლაბორაცია ესაა ხედვა, როგორ უნდა დაამყარო ურთიერთობა სხვებთან – როგორ ისწავლო და იმუშაო. კოლაბორაცია ურთიერთობის გზაა იმათთან, ვინც განსხვავებულია, აქვს ძალაუფლება. თანამშრომლობა კი ამავე დროს არის სხვა ადამიანებთან ერთად მუშაობა ერთი საერთო მიზნის მისაღწევად. კოლაბორაციულ სწავლებას პირველად ბრიტანელმა პედაგოგებმა ჩაუყარეს საფუძველი. მათ სურდათ, რომ მოსწავლეებს აქტიურად გამოეყენებინათ შესწავლილი ლიტერატურა. თანამშრომლობით სწავლებას საფუძველი ამერიკაში ჩაეყარა. ეს კარგად ჩანს ფსიქოლოგების, ჯონ დიუისა და კურტ ლევინის შრომებში. შეიძლება ისიც ითქვას, რომ თანამშრომლობითი სწავლება კოლაბორაციის ერთ-ერთი გზაა.

ჯგუფური მუშაობა გულისხმობს რამდენიმე მოსწავლის ერთობლივ მეცადინეობას – ისინი შეიძლება თანამშრომლობდნენ და შეიძლება არა. ჯგუფში შეიძლება განხორციელდეს მრავალი საქმიანობა. მაგალითად, მოსწავლეებმა შეიძლება ერთობლივად ჩაატარონ ადგილობრივი კვლევა. თუ მოსწავლეებმა 10 ახალი ცნება უნდა ისწავლონ ბიოლოგიაში, რატომ არ უნდა მივცეთ მათ უფლება, გაინაწილონ ეს ტერმინები და ერთმანეთს ასწავლონ? რაც მთავარია, დარწმუნდით, რომ ჯგუფის თითოეულ წევრს შეუძლია ამოცანასთან გამკლავება. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ მთელი ჯგუფის საქმეს ერთი-ორი მოსწავლე აკეთებს.

ჯგუფური მუშაობა ძალიან კარგია, მაგრამ თანამშრომლობითი სწავლება უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ბავშვების უბრალოდ ჯგუფებში განაწილებას. ანჯელა ო’დონელი და ჯიმ ო’კელი აღწერენ მასწავლებელს, რომელმაც განაცხადა, რომ „თანამშრომლურ სწავლებას” იყენებდა, როდესაც მოსწავლეებს აწყვილებდა და რეფერატის დაწერას ავალებდა. ოღონდ თითოეულ მოსწავლეს რეფერატის მხოლოდ ერთი ნაწილი უნდა დაეწერა. სამწუხაროდ, მასწავლებელმა მათ არ გამოუყო ერთად სამუშაო დრო. მოსწავლეებმა შეფასება მხოლოდ თავიანთი ნაწილის მიხედვით მიიღეს და ჯგუფური შეფასება კი – მთლიანი პროექტის შესაბამისად. ერთმა მოსწავლემ თავის ნაწილში მიიღო უმაღლესი შეფასება, მაგრამ C შეფასება მთლიან პროექტში, იმიტომ, რომ მისმა პარტნიორმა მიიღო F. გამოვიდა, რომ ერთი მოსწავლე C შეფასებით იმ ნაწილის გამო დაისაჯა, რომლის გაკონტროლებაც თავად არ შეეძლო. ხოლო მეორე მოსწავლე, რომელსაც არაფერი გაუკეთებია, დაჯილდოვდა C შეფასებით. ეს არ ყოფილა თანამშრომლური სწავლება, ამას ჯგუფურ მუშაობასაც კი ვერ დავარქმევთ.

კოოპერაციული ჯგუფების მიღმა. კოოპერაციულ სწავლებას დიდი ისტორია აქვს ამერიკის განათლების სისტემაში. ჯერ კიდევ ადრეულ 1900-იან წლებში ჯონ დიუი აკრიტიკებდა შეჯიბრის მომენტს განათლებაში და მოუწოდებდა პედაგოგებს, შეექმნათ სკოლის ისეთი სტრუქტურა, რომელიც დემოკრატიული სწავლების პრინციპებზე იქნებოდა აგებული. ეს იდეები უარყოფილ იქნა 40-50-იან წლებში და მათი ადგილი შეჯიბრებასთან დაკავშირებულმა იდეებმა დაიკავა. 60-იან წლებში კვლავ აქტუალური გახდა ინდივიდუალური და თანამშრომლური სწავლების სტრუქტურები. ეს, ერთი მხრივ, ადამიანის უფლებების დაცვით იყო განპირობებული და, მეორე მხრივ, ინტერაქციული კავშირებით. დღეს სწავლების კონსტრუქტივისტული პერსპექტივები კოლაბორაციისა და კოოპერაციული სწავლებისადმი იჩენენ ინტერესს. დიდია ინტერესი ისეთი სიტუაციების მიმართ, სადაც ჯგუფის საქმიანობაში ინტეგრირებულია დამუშავების, ინტერპრეტაციის, ახსნის, არგუმენტაციის პროცესები და სადაც სწავლას სხვა პიროვნებებიც უწყობენ ხელს.

სწავლების სხვადასხვა თეორია თანამშრომლობით სწავლებას განსხვავებული მიზეზების გამო უჭერენ მხარს. ინფორმაციის გადამუშავების თეორეტიკოსები ხაზს უსვამენ ჯგუფური დისკუსიების მნიშვნელობას მოსწავლეთა მიერ არსებული ცოდნის გახსენებაში, ელაბორაციაში, ცოდნის გაღრმავებაში. როდესაც ჯგუფის წევრები წამოჭრიან საკითხებს და ცდილობენ ამ პრობლემების ახსნას, მათ უწევთ საკუთარი ცოდნის ორგანიზება, მიმართებების დამყარება, მიმოხილვა. ერთი სიტყვით, ყველა იმ პროცესების განხორციელება, რომლებიც ხელს უწყობს ინფორმაციის გადამუშავებას. პიაჟეს მიმდევრები ამბობენ, რომ ინტერაქცია ჯგუფის შიგნით ქმნის კოგნიტურ კონფლიქტებსა და უწონასწორობას, რაც ინდივიდს უბიძგებს, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს საკუთარი შეხედულება და ახალი იდეის ძებნა დაიწყოს. ან, როგორც პიაჟემ განაცხადა : „გამოვიდეს არსებული გარემოებიდან და ახალი მიმართულებით წავიდეს”. ისინი, ვინც ვიგოტსკის თეორიას ანიჭებენ უპირატესობას, ამბობენ, რომ სოციალურ ინტერაქციას დიდი მნიშვნელობა აქვს სწავლისათვის, რამდენადაც მაღალი ფსიქიკური ფუნქციები, როგორიცაა განსჯა, გაგება, კრიტიკული აზროვნება სოციალურ ინტერაქციაში აღმოცენდება და შემდეგ ინდივიდის მიერ მათი ინტერნალიზება ხდება. ბავშვები სხვებთან ერთად უფრო მალე შეასრულებენ გონებრივ ამოცანებს, ვიდრე ინდივიდუალურად. ამდენად, თანამშრომლობითი სწავლება უზრუნველყოფს სოციალურ მხარდაჭერას და ამზადებს საყრდენს საიმისოდ, რომ მოსწავლეებმა სწავლის მხრივ წინ წაიწიონ.

თანამშრომლობითი სწავლების ფუნქციებმა რომ სარგებელი მოიტანოს, ჯგუფის წევრები ერთმანეთთან მჭიდროდ უნდა თანამშრომლობდნენ, თითოეული მონაწილე ჩართული უნდა იყოს საქმიანობაში. მაგრამ, როგორც ეს ყოველმა მასწავლებელმა თუ მშობელმა იცის, თანამშრომლობა ავტომატურად ბავშვების ჯგუფებში გადანაწილებით არ იწყება.

ჯგუფური სწავლების არასწორი გამოყენება. თუ ყურადღებით არ დაგეგმავთ და ყველაფერს კარგად არ გააკონტროლებთ, ჯგუფურმა ინტერაქციამ კლასში სოციალური კავშირების განმტკიცების ნაცვლად შეიძლება ხელი შეუშალოს სწავლას. მაგალითად, თუ არსებობს კონფორმიზმის წაქეზება – ვთქვათ, ჯილდოს გამოყენება ხდება არამართებულად ან ერთი მოსწავლე გავლენას ახდენს დანარჩენებზე – ინტერაქცია შეიძლება არაეფექტური და არაპროდუქტიული აღმოჩნდეს. შეიძლება განმტკიცდეს არასწორი შეხედულებები, ან შეხედულება ჩამოყალიბდეს არა საუკეთესო იდეების კომბინირებით. მოსწავლეები, რომლებიც ჯგუფში მუშაობენ და არასწორ პასუხამდე მიდიან, შეიძლება უფრო დარწმუნებულები იყვნენ, რომ მართლები არიან, იქიდან გამომდინარე, რომ „ორი თავი სჯობს ერთს”. ასევე დაბალი მოსწრების მქონე მოსწავლეების იდეები შეიძლება იგნორირებული იყოს და დაცინვის საგანიც კი გახდეს, მაშინ, როცა მაღალი სტატუსის მოსწრების მქონე მოსწავლეების იდეები ყოველთვის მოწონებულია, მიუხედავად ამ იდეების ხარისხისა და წყობისა. მერი მაკასლინმა და ტომ გუდმა ჯგუფური სწავლების რამდენიმე სხვა ნაკლიც ჩამოთვალეს:

•მოსწავლეები ხშირად პროცესსა და პროცედურებს მეტ ღირებულებას ანიჭებენ, ვიდრე სწავლას. სისწრაფე და სამუშაოს დროზე ადრე დასრულება მათთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დაფიქრებული აზროვნება და სწავლა;

•მოსწავლეები უფრო იშვიათად ცდილობენ შეცდომების გასწორებას, ვიდრე მცდარი შეხედულებების ჩამოყალიბებას;

•სოციალიზაციამ და ინტერპერსონალურმა ურთიერთობებმა შეიძლება დაჯაბნოს სწავლის პროცესი;

•მოსწავლეებმა უფრო დიდი ყურადღება შეიძლება, ჯგუფის „ექსპერტს” მიაპყრონ და არა მასწავლებელს. სწავლა პასიურია და რაც ისწავლება, შეიძლება შეცდომით ისწავლებოდეს.

•შემცირების ნაცვლად, სტატუსობრივი განსხვავება შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს. ზოგი მოსწავლე სრულიად უსაქმოდაა, რადგან ჯგუფი მასთან ერთად თუ მის გარეშე მაინც მიიწევს წინ. სხვები უფრო მეტად რწმუნდებიან, რომ ჯგუფის გარეშე ვერაფერს ახერხებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი