სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

ილია და სოციალური საკითხი

ერთი ახალგაზრდა ქართველი მწერალი თავის პატარა მოთხრობაში ილია ჭავჭავაძესთან დაკავშირებულ განსაკუთრებულ ფენომენზე ამახვილებს ყურადღებას. ავტორი შემოქმედის ღვაწლისა და საქმიანობის უსამართლო ინტერპრეტაციაზე სვამს აქცენტს. ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის სახელი ყველა თავზეხელაღებულის თავშესაფრად გადაიქცა. სხვადასხვა ტიპის ფუნდამენტალისტები საკუთარი ძალადობრივი იდეების გამართლებას კლასიკოსის კონტექსტიდან ამოგლეჯილი, საზრისდაკარგული ციტატებით ცდილობენ. ხშირად კუთხეში მიმწყვდეული პოპულისტებიც შედეგიანად იყენებენ „თერგდალეულის“ ფიგურას და საზოგადოებას ილიას მომხრეებად, კომუნისტებად, გაუნათლებლებად, განათლებულებად ანაწევრებენ. გამოჩნდნენ პოლიტიკური პარტიებიც, რომლებიც „ივერიის“ რედაქტორს ლიბერტარიანელად, ნეოკონსერვატორად და მარგარეტ ტეტჩერის დიდი ბაბუის გარე ბიძაშვილად ასაღებენ.

ჩემთვის ილია ჭავჭავაძე კარგი მწერალი, დიდი პატრიოტი და გულმხურვალე დემოკრატი გახლავთ. მწერლის ჰუმანიზმის სხვადასხვა მარგინალურ იდეოლოგიად დახურდავება მაინცდამაინც ქველი საქმე არ უნდა იყოს. თუმცა აღსანიშნავია, რომ ჰუმანიზმის იდეები გასულ საუკუნეებშიც და დღესაც მკაფიო პასუხებს გვთავაზობს სოციალურ გაჭირვებასა და მოქალაქეების ჩაგვრასთან დაკავშირებულ უმწვავეს კითხვებზე. აქედან გამომდინარე, ჩემი მეგობრების „კომუნისტებად“ შერაცხვისა და შეჩვენების შემდეგ, ჩემს სასკოლო წიგნებსა და ჭავჭავაძის მრავალტომეულს მივუბრუნდი. მიზნად კი „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ერთ-ერთი დამფუძნებლის მემკვიდრეობაში სოციალური საკითხების კონტექსტის გამოვლენა დავისახე და ჩემთვის საკმარისს ნამდვილად მივაკვლიე.

ჩემი მოსწავლეობის დროს ილია ჭავჭავაძის პირველი პოემა, რომელსაც სკოლაში გვასწავლიდნენ, „რამდენიმე სურათი ანუ ყაჩაღის ცხოვრებიდამ“ გახლდათ. ბავშვობიდან ხშირად მესმოდა კაკო ყაჩაღის შესახებ. ერთი სული მქონდა, კლასში როდის წავიკითხავდით და გავარჩევდით ნაწარმოებს. მახსოვს გაკვეთილისთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდი. მასწავლებელთან შეხვედრამ ჩემი მოლოდინები ვერ გაამართლა. განხილვის დროს ბევრი ვისაუბრეთ მჭმუნვარე ღამის გუშაგზე, ტყეში ფოთლებთან მოჩურჩულე ნიავზე, დამდურებულ და შეუპოვარ ალაზანზე, დაღლილ მიწაზე, ცაზე, მოჭრიალე ურემზე. მოკლედ, დაწვრილებით შევიმეცნეთ გენიალურად აღწერილი ბუნების თითოეული დეტალის მნიშვნელობა. პოემის სიუჟეტზე გადასვლა კი არ დაგვცალდა, რადგან სახემძღვანელოს ბედნიერ ავტორს დრამატული თავების წიგნში დაბეჭვდა ზედმეტ გარჯად მიუჩნევია. ჩემი თანაკლასელების უმრავლესობამ დიდი ხნის განმავლობაში ვერაფერი გაიგო პოემაში გადმოცემული უმძიმესი სოციალური ყოფის შესახებ. ჩემმა მეგობრებმა გვიან შეიტყვეს, რომ ბატონები გლეხთა ოჯახებს იმონებდნენ, ადამიანებს ღრმა მოხუცებულობამდე აიძულებდნენ შრომას და შვილებს მამების შიმშილით სიკვდილისგან დახსნის შესაძლებლობლობასაც კი არ აძლევდნენ. ჩემებმა გვიან გაიგეს, რომ მესაკუთრენი ძველ საქართველოშიც არ ერიდებოდნენ მომაკვდავი ადამიანების დაუნდობლად გაროზგვას. ბუნებრივია, სასკოლო წიგნებში აღმოჩენილი, უმოწყალოდ დანაწევრებული პოემის ერთადერთი მონაკვეთიდან ბავშვები ვერაფერს აღმოაჩენდნენ ილია ჭავჭავაძის აჯანყებული ადამიანებისადმი დამოკიდებულების თაობაზე. „თერგდალეულთა“ ლიდერი კაკოს პირით აქებს და სწორუპოვარ რაინდად აცხადებს ზაქროს, ჭაბუკს, რომელიც ჩაგვრას აუჯანყდა და თავისი საქციელიდან გამომდინარე უსამართლობის წინააღმდეგ თავგანწირულად ბრძოლის, ტყეში გახიზვნის გადაწყვეტილება მიიღო.

„ლუარსაბ თათქარიძე“ დაწვრილებით და ზედმიწევნით კარგად შეგვასწავლეს. შემდეგ უკვე „გლახის ნაამბობის“ დროც დადგა. სახელმძღვანელოს ნაცნობი, ბედნიერი შემდგენელი კვლავ დაუნდობლად მოგვექცა. ჩვენს წიგნში მოთხრობიდან მხოლოდ მღვდლის ეპიზოდისთვის გამოინახა ადგილი. ქართული პროზის შესანიშნავი ნიმუში კლერიკალურ, მარტოდმარტო მღვდლის საქმიანობის მადიდებელ ტექსტად წარმოგვიჩინეს (არავინ აკნინებს მღვდლის მნიშვნელობას მოცემულ ნაწარმოებში). უკვე დიდები გახლდით, უფრო მზრუნველი მასწავლებელიც გვყავდა, ამიტომ „გლახის ნაამბობი“ ბოლომდე წავიკითხეთ. წაკითხვის შემდეგ ბევრი ვიმსჯელეთ, ბოლოს კი გადავწყვიტეთ, რომ დიდ ქაღალდზე დაგვეწერა და კედელზე ჩამოგვეკიდებინა მთხრობელის სიტყვები, რომელსაც იგი მონადირებული და მომაკვდავი ირმის დანახვისას ამბობს: „უნდა ჰნახოთ ის ამაყი, თავისუფალი ნადირი, რა-რიგად უდრტვინველად და მშვიდადა კვდება, მაგრამ მე ყოველთვის მის ცრემლმორეულ თვალებში ეს აღმომიკითხავს: ჩემო მკვლელო! ქვეყანა ღვთისა დიდია და ფართო… რად შეგშურდა, რომ მეც, უბოროტოს და მშვიდსა, ამ ღვთის მიუწვდომელ ქვეყანაში ერთი მტკაველი ალაგი მეჭირა?.. ეს სიტყვები აღონებდნენ გულს, მინამდინ დედამიწა შეიშრობდა სისხლსა დაღვრილსა და როცა შეიშრობდა, მეც კი მომაგონდებოდა, რომ ჩვენ თითონ სულიერთა მეუფენი, ჩვენ თითონ ქმნილებათა გვირგვინნი, ჩვენ თითონ ღვთის სახისანი ერთი-ერთმანეთს არ ვუთმობთ ადგილსა“. ქვეყნად ყველასთვის სამყოფი სივრცე და რესურსები არსებობს, მაგრამ სიხარბე და უპირატესობის შეგრძნების დაუოკებელი სურვილი ნერგავს უსამართლობას, რომელიც ამაყ და თავისუფალ ადამიანებს ანადგურებს.

თანამედროვე საზოგადოება მოგების საზოგადოებაა. დღეს ყველა მოგების მნიშვნელობაზე ქადაგებს. ზოგიერთები ადამიანების სიცოცხლესაც კი არაფრად დაგიდევენ, ოღონდ კი მოგება ნახონ. ქართულ ლიტერატურაში ძნელად თუ მოიძებნება ავტორი, რომელიც ილიას მსგავასად უჭერს მხარს უბრალოებას, ხელმომჭირნეობას, ზედმეტი შემოსავლის სრულად გაცემის პასუხისმგებლობას. ალბათ, ყველას წაგიკითხავთ „ოთარაანთ ქვრივი“. ალბათ, ყველას გახსოვთ, რომ მუყაითად მშრომელ და წარმატებულ გლეხ ქალს ხუთი ქისა ჰქონდა. ოთხ მათგანში მეურნეობის ელემენტარული საჭიროებებისა და მოკრძალებული ცხოვრებისთვის ანაწილებდა შემოსავალს, მეხუთე ქისაში კი მთელ თავის მოგებას ინახავდა. „რაც პირველს ოთხს ქისას გადარჩებოდა, ყველას მეხუთე ქისაში დაუთვლელად ჩაჰყრიდა და, მინამ გამოილეოდა, დაუთვლელადვე ჰხარჯავდა“. მეხუთე ქისა უპოვართათვის და ღარიბთათვის იყო განკუთვნილი. ოთარაანთ ქვრივი მთელ თავის მოგებას სოლიდარობისთვის გასცემდა.

სოციალური საკითხი ჭავჭავაძის პატარა ლექსებშიც იჩენს ხოლმე თავს. წაუკითხეთ თქვენს შვილებს, უმცროს დებსა და ძმებს, მოსწავლეებს ილიას ლექსი „მუშა“, რომლითაც მწერალი მშრომელი ადამიანების პრობლემების წარმოჩენას ცდილობს. ვფიქრობ, მისი ბწკარები შესანიშნავად გამოხატავს საქართველოს პატარა ინდუსტრიულ ქალაქებში, ტყიბულში, ჭიათურასა თუ კაზრეთში მცხოვრები ადამიანების ბედს:

„შენ სიცოცხლესა დააღამებ ესრეთს შრომაში,
კაცი კაცურად ვერ იცხოვრებ ვერც ერთსა დღესა…
მერე, ვინ იცის, რომელ ქოხში, რომელ სარდაფში
დაუწყებ ბრძოლას სასიკვდილოდ მოსულსა სენსა. ……

მოჰკვდები და მსწრაფლ ჩაგჭედავენ საკაცეშია,
უცრემლოდ, ძმაო, ჩაგიშვებენ სამარეშია!
ეგრეთ უბრალოდ გაფუჭდები, — და ჩვენ ხსოვნასა
არაფერი არ მოაგონებს შენს ”აქ” ყოფნასა.“

ბოლოს კი იმ ადამიანებს მინდა გავუცრუვო იმედი, რომლებიც „ივერიის“ რედაქტორს ურცხვად მოიხსენიებენ ეგოისტური ინდივიდუალიზმის დამცველად. გადაშალეთ მეცხრამეტე საუკუნის ქართული პრესის ფლაგმანის ფურცლები. სხვა სტატიებთან ერთად შეიძლება ერთი პატარა წერილიც შეგეფეთოთ, რომელსაც სათაურად „ზოგიერთი რამ“ ეწერება. ტექსტში ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ხელმძღვანელი ქართულ საზოგადოების, ქართველი ხალხის მყარი კოლექტიური ცნობიერებისა და მის წევრებს შორის მუდმივი თანაგანცდის ტრადიციის ჩამოყალიბების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას: „ვაი იმ ხალხს, რომელსაც საერთო ძარღვი გაუწყდა; ვაი იმ ქვეყანას, საცა საერთო ძარღვში სისხლი გაშრა, საცა ყველაში თითო არ არის და თითოში – ყველა, საცა თვითეული ყველასათვის არ ჰფიქრობს და ყველა თვითეულისათვის, საცა “მე” ხშირია, და “ჩვენ” – იშვიათი!“.

ასე, რომ კარგად დავიმახსოვროთ – ილია ჭავჭავაძე ქართულ ენასთან, კულტურასთან, ისტორიასთან, მიწასთან, სკოლასთან, არისტოკრატიის საკუთრებასთან ერთად ღარიბ და გაჭირვებულ ადამიანებსაც იცავდა. ის საზოგადოებას მეტი სოლიდარობისა და თანამშრომლობისკენ მოუწოდებდა. სოციალური საკითხი ჭავჭავაძისთვის მემილიონეხარისხოვანი არ ყოფილა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“