სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

როგორი იქნება საოცნებო სკოლა?

მალე ერთი წელი გახდება, რაც აშშ-ში მიმდინარეობს უნიკალური,  ტოტალური და გონივრული საგანმანათლებლო რეფორმა. მისი ორგანიზატორი არც მთავრობაა, არც დეპუტატები, ან მეცნიერები, არამედ სტივ ჯობსის ქვრივი _ ლორენ ჯობსი.

როგორც ჩანს, ამგვარი ინიციატივისაკენ მას დარგის კონსერვატულობაზე მთელი ქვეყნის წუხილმა, ხელისუფლებისგან ცვლილებების უიმედო მოლოდინმა და რაც მთავარია, ქმრის ხსოვნის პატივისცემამ უბიძგა.

ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში  მან გამოაცხადა ,,XQ  ახალი სუპერ-სკოლის“ კონკურსი 50 მილიონიანი პრიზით  საუკეთესო პროექტის წარმდგენისათვის. ამასთან, მან თავიდანვე განაცხადა, რომ არ იქნებოდა არავითარი ინდივიდუალური პროექტი.

რადგანაც გამარჯვებული ინდივიდი  როგორ  მოახდენდა ამ სკოლის ტირაჟირებას მთელ ქვეყანაში? განათლების  სისტემის რეფორმირება  მასშტაბური პროცესია და მასში მონაწილეობს  მილიონობით ადამიანი, თან სწრაფად და თან ხანგრძლივად. ლორენ ჯობსმა შეძლო მთელი ეროვნული მოძრაობის ორგანიზება. მან კონკურსი დაანაწევრა ეტაპებად, რომ გაეხანგრძლივებინა ინტრიგა და პროცესი არ მოდუნებულიყო.

მონაწილეთა განაცხადების მიღება 2015 წლის 15 ნოემბერს შეწყდა, ესკიზების  წარდგენის ვადა 11 თებერვალი იყო, მონაწილეთა მოწვევა 4 აპრილისთვის დამთავრდა, ფინალისტების შერჩევა 23 მაისისათვის, ხოლო გამარჯვებულების გამოცხადების დრო ახლა დადგა: 2016 წლის აგვისტო.

კონკურსის პირობით  50 მილიონ დოლარს ნამდვილად მიიღებს 5 საუკეთესო პროექტი, მაგრამ არა ერთბაშად, არამედ ტრანშებად, 5 წლის მანძილზე _ 2-2 მილიონს წელიწადში.

მედიაში ამის გამო, ძუნწიც კი უწოდეს ქვრივს, მაგრამ ექსპერტებმა დადებითად მიიჩნიეს ასეთი მიდგომა, რადგან ინარჩუნებს რეფორმების ,,ცეცხლს“ მთელი 5 წლის განმავლობაში, მართავს, რომ ეს ცეცხლი არ მინავლდეს.

ასე წარმოიშვა მონაწილეთა 70 ათასიანი  ნიაღვარი, დაიწყო პირველი გუნდების შექმნა, მათი ლიდერების გამოყოფა. თვითდინებით შეიქმნა ასეთი 2000-ზე მეტი გუნდი, ყველა შტატის მასშტაბით.  იქვე დაიწყო საზოგადოების გაშლილად ინფორმირება!  შედეგად გამოიკვეთა წარმოუდგენელი მხარდაჭერა მთელი ქვეყნისაგან.

პროექტი შემდეგ  მიმართულებებს მოიცავს:

  1. კვლევა და პროგნოზები. (აქ უნდა აღეწერათ რა და როგორ უნდა ისწავლონ 21-ე საუკუნის მოსწავლეებმა დღეს, რომ გახდნენ ვინმე ან მიაღწიონ რამეს _ ხვალ.)
  2. დიზაინი. ( როგორია სკოლის მისია? რა გინდათ ააშენოთ? დღეს და ხვალ რა იქნება ყველაზე ეფექტური განათლებაში? როგორ უნდა აღვუძრათ მოსწავლეებს მოტივაცია დამოუკიდებელი სწავლისათვის? როგორი უნდა იყვნენ  მასწავლებლები?)
  3. განვითარება. (როგორ აღმოვაჩინოთ საკუთარ თავში ტალანტი? როგორ მოვახდინოთ მენეჯმენტისა და შეფასების ორგანიზება? როგორ მივაგნოთ წესებს იმის შესახებ, რა ვასწავლოთ, როგორ ვასწავლოთ და სად ვასწავლოთ? როგორი უნდა იყოს ვადები, სამუშაო სივრცე და ტექნოლოგიები. როგორ უნდა მართოს ხელმძღვანელობამ თქვენი სკოლა.

და ბოლოს, მთავარი: მზად ხართ ააშენოთ თქვენი ოცნების სკოლა ყველა მოსალოდნელი სირთულის გათვალისწინებით?

XQ  კონკურსის მიმდინარეობისას ბევრი არ ელოდა, ვადის ამოწურვასა და გამარჯვებულის გამოცხადებას. მათ უკვე დაიწყეს თავიანთი სასკოლო პროცესების მთლიანი გარდაქმნა, რადგან ამ განწყობამ მთელ ქვეყანაზე იმუშავა.

გზადაგზა იკვლევდნენ რა სურთ თავად მოსწავლეებს?

  • ქეისებითა და პროექტებით სწავლა და არა მოსაწყენი ლექციები და ტესტები.
  • გუნდური მუშაობა წყნარ, მყუდრო ოთახებში და არა ხმაურიან საკლასო ოთახებში.
  • კარგად აღჭურვილი კლასები, რომ შეიძლებოდეს ხელით რამის კეთება.
  • მასწავლებელი იყოს მრჩეველი და არა მასწავლებელი; მზად იყოს უსმინოს და უსმინოს და  ნიშნებით არ დააშინოს მოსწავლეები.
  • მეტი სივრცე სპორტისა და ტრენაჟორებისთვის.
  • საკლასო სივრცის გახსნა (ღია სივრცე) და არა _ დახურვა.

ასეთია ახალგაზრდების სურვილთა არასრული ჩამონათვალი.

და აი, მთელ ქვეყანაში უკვე ეძებენ და პოულობენ კიდეც საამისოდ დიდ თანხებს. ყველა აზარტშია.  არავინ ეხეთქება შუბლით კანონებსა და ინსტრუქციებს. არავინ ტეხავს წუწუნს: ოხ, რა ცუდია ყველაფერი, არავის  ესმის, არავის  უნდა გაგება….

რაც ყველაზე საინტერესოა, კონკურსში მონაწილე ყველა ადმინისტრატორი და განათლების მენეჯერი ამბობს, რომ თუნდაც არ მოიგონ პრიზი, ცვლილები უკვე ყველა შემთხვევაში დაწყებულია და გაგრძელდება, ძველებურად  გაგრძელება შეუძლებელია.

ნახევარფინალში გავიდა 50 გამარჯვებული. ამ წერილის ავტორი წერს, რომ მას, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს ძნელად, მაგრამ მაინც დართეს ნება ჩართულიყო ერთ-ერთი გუნდის მუშაობაში, როგორც რიგითი წევრი. ამ გუნდმა წარადგინა 5 ვარსკვლავიანი სკოლის პროექტი, რომელიც კარდინალურად ცვლის განათლების მთელ სისტემას.  გუნდის ნამუშევარი ნახევარფინალში გავიდა.

ამერიკელები იმედოვნებენ, რომ თუ XQ პროექტი  იქცევა უფრო დიდი მოძრაობის დასაწყისად, არქაულ სკოლას სრულიად ახალი სკოლა ჩაანაცვლებს. თუ ეს არ მოხდება, მაშინ ამერიკას სხვა ქვეყნები გაასწრებენ.

რაც შეეხება პროექტის სახელწოდებას ,,XQ სუპერ-სკოლის პროექტი“, თავდაპირველად, ბრენდის სახელწოდებაში აბრევიატურა IQ  გამოყენებას აპირებდნენ, მაგრამ განსჯის შედეგად მივიდნენ დასკვნამდე, რომ ახალი ,,კოეფიციენტი“ ყველასთვის უცნობია. ამიტომაც ის აღნიშნეს X-ით. ასე მიიღეს XQ.

ვინც ამ X -ს მიაგნებს პრიზიც მას დარჩება.

      

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“