სამშაბათი, ივლისი 15, 2025
15 ივლისი, სამშაბათი, 2025

AI ჩატბოტები ლიტერატურის გაკვეთილზე: ახალი ეპოქის დასაწყისი  

0

ციფრული სამყარო ცვლის ჩვენს რეალობას, და ეს ცვლილებები, რა თქმა უნდა, ეხება განათლებასაც. სწავლების ფორმებში სულ უფრო მეტად ინტეგრირდება AI ჩატბოტები. მნიშვნელოვანია, რომ ისინი გამოვიყენოთ როგორც დამხმარე ციფრული ასისტენტები მოსწავლეებისთვის და არ შევუწყოთ ხელი არასასურველ პრაქტიკას – როდესაც მოსწავლეები მაინც იყენებენ ჩატბოტებს, მაგრამ ძირითადად პლაგიატისთვის.

ამიტომ გთავაზობთ, რომ ნებისმიერი საგნის, და ამ შემთხვევაში ლიტერატურის, გაკვეთილზე გამოვიყენოთ ჩვენი “ციფრული ასისტენტები”. განსაკუთრებით საინტერესოა დავალებები AI ჩატბოტებთან თანამშრომლობით.

ლიტერატურის მასწავლებლებო, წარმოიდგინეთ კლასი, სადაც მოსწავლეები აღფრთოვანებით განიხილავენ “ვეფხისტყაოსანს” (ან რომელიმე სხვა ნაწარმოებს), ხოლო მათი დისკუსიის მონაწილე და პარტნიორი არის ხელოვნური ინტელექტი. ახლა ეს აღარ არის ფანტასტიკის ჟანრი, ეს – რეალობაა! რადგან არც ისე დიდი ხანია, რაც ჩატბოტები გამართული ქართულით ალაპარაკდნენ, ძირითადად Chat GPT-4 და Claude.ai.

როგორც იცით, AI ჩატბოტები არ არის მხოლოდ ინფორმაციის წყარო, არამედ არაჩვეულებრივი ინტერაქტიული თანამოსაუბრეც, რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს ტექსტების სიღრმისეულ ანალიზში.

 

მოდი, ვნახოთ, როგორ შეგვიძლია მათი ეფექტურად გამოყენება:

თავდაპირველად ავხსნათ ის მეთოდი, რომლის საშუალებითაც იმოქმედებენ მოსწავლეები. ეს არის როლის მინიჭება ჩატბოტისთვის, პერსონალიზაცია. (ამ მეთოდის გარდა, უამრავი სხვა მეთოდი არსებობს და ამის შესახებ სხვა წერილებში მოგიყვებით).

მეთოდის აღწერა: როლის მინიჭება და პერსონალიზაცია ჩატბოტისთვის ნიშნავს მისთვის კონკრეტული პიროვნების, პერსონაჟის ან ფუნქციის მიცემას, რაც მას საშუალებას აძლევს იმოქმედოს და უპასუხოს ამ როლის შესაბამისად. ეს მეთოდი შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს თქვენს გაკვეთილზე:

  1. პერსონაჟის როლის მინიჭება: ჩატბოტს შეიძლება მიენიჭოს რომელიმე ლიტერატურული ნაწარმოების პერსონაჟის როლი. მაგალითად, შექსპირის “ჰამლეტიდან” ჰამლეტის ან ოფელიას როლი, “ვეფხისტყაოსნიდან” ავთანდილის ან ნესტანის როლი;
  2. ავტორის როლის მინიჭება: ჩატბოტს შეიძლება მიენიჭოს კონკრეტული მწერლის როლი, მაგალითად, ილია ჭავჭავაძის ან აკაკი წერეთლის;
  3. ლიტერატურული ეპოქის წარმომადგენლის როლი: ჩატბოტს შეიძლება მიენიჭოს კონკრეტული ლიტერატურული მიმდინარეობის ან ეპოქის წარმომადგენლის როლი.

როლის მინიჭების შემდეგ, მოსწავლეებს შეუძლიათ დაუსვან კითხვები ჩატბოტს, რომელიც უპასუხებს მინიჭებული როლის პერსპექტივიდან. სწორედ ეს არის ძალიან საინტერესო, სახალისო და შედეგის მომტანი.

ეს მეთოდი მრავალმხრივ სასარგებლოა და ხელს უწყობს:

  • ინტერაქტიულ სწავლებას – პერსონაჟების და ავტორების უკეთ გაგებას;
  • კრიტიკული აზროვნების განვითარებას;
  • შემოქმედებითი წერის უნარების გაუმჯობესებას;
  • მასწავლებლებს შეუძლიათ ამ მეთოდის გამოყენება დისკუსიების წასახალისებლად, როლური თამაშებისთვის, ან შემოქმედებითი წერითი დავალებებისთვის.

 

პერსონაჟების ფსიქოლოგიური პორტრეტები

პრაქტიკული მაგალითი: სთხოვეთ მოსწავლეებს, შეადგინონ კითხვები ავთანდილისთვის და დაუსვან AI ჩატბოტს, რომელიც “მოირგებს” ამ პერსონაჟის როლს. მაგალითად:

მოსწავლე: “ავთანდილ, რატომ გადაწყვიტე ტარიელის დასახმარებლად წასვლა?”

AI (ავთანდილის როლში): უპასუხებს შესაბამისად (აუცილებლად მოსინჯეთ);

ეს მეთოდი ეხმარება მოსწავლეებს, ღრმად ჩასწვდნენ პერსონაჟების მოტივაციას და ხასიათებს.

 

ლიტერატურული სტილის ანალიზი

AI-ს შეუძლია დაეხმაროს მოსწავლეებს ავტორის უნიკალური სტილის იდენტიფიცირებაში. მაგალითად, შეგიძლიათ სთხოვოთ AI-ს, გააანალიზოს გალაკტიონ ტაბიძის ლექსი “მთაწმინდის მთვარე”. ამისათვის კი უნდა დასვას შესაბამისი კითხვები, შეადგინოს ინსტრუქცია/პრომპტი.

მოსწავლე: “რა არის გალაკტიონის სტილის თავისებურებები ამ ლექსში?”

AI: “გალაკტიონის სტილი ამ ლექსში გამოირჩევა…” და ამის შემდეგ უპასუხებს სრულყოფილად.

 

ინტერტექსტუალური კავშირების აღმოჩენა

AI შეიძლება დაგეხმაროთ სხვადასხვა ნაწარმოებს შორის კავშირების დადგენაში, იმ შემთხვევაშიც, თუ ერთი შეხედვით, ეს პერსონაჟები არ ჰგვანან ერთმანეთს. მაგალითად, ჰკითხეთ AI-ს:

მოსწავლე: “რა მსგავსებებია ვაჟა-ფშაველას ‘ალუდა ქეთელაურსა’ და შექსპირის ‘ოტელოს’ შორის?”

 

თემატური ანალიზი და დისკუსია

AI-ს შეუძლია წამოჭრას საინტერესო კითხვები ნაწარმოების შესახებ, რაც გააღვივებს ინტერესს და დისკუსიას კლასში.

მაგალითად, ილია ჭავჭავაძის “ოთარაანთ ქვრივის” განხილვისას დაასმევინეთ AI-ს კითხვები (უთხარით, რომ დასვას კითხვები):

AI: “როგორ ასახავს ოთარაანთ ქვრივის პერსონაჟი ქართულ საზოგადოებაში ქალის როლის ცვლილებას? რა გავლენა აქვს მის ქცევას სოფლის საზოგადოებაზე?”

ასეთი კითხვები აიძულებს მოსწავლეებს, კრიტიკულად გააანალიზონ ნაწარმოები და დააკავშირონ ის ფართო სოციალურ კონტექსტთან.

 

კრეატიული წერის სტიმულირება

განსაკუთრებით მდიდარი და მრავალფეროვანია ამ მიმართულებით დავალებები. აქ გიზიარებთ იმ ფორმატებს, რომლებიც თავად დავტესტე და ძალიან საინტერესო პასუხები მივიღე.

 

ლიტერატურის მასწავლებელს შეუძლია ჩატბოტი გამოიყენოს კრეატიული წერის სტიმულირებისთვის შემდეგნაირად (რა თქმა უნდა, უამრავი იდეა თავადაც გაგიჩნდებათ):

  • პერსონაჟის ინტერვიუ: მოსწავლეს შეუძლია ჩატბოტს მიანიჭოს ლიტერატურული ნაწარმოების პერსონაჟის როლი და გამართოს “ინტერვიუ” ამ პერსონაჟთან; შემდეგ დაწეროს სტატია ან ესე ამ ინტერვიუს საფუძველზე.
  • ალტერნატიული დასასრულები: ჩატბოტს შეიძლება მიენიჭოს ავტორის როლი. მოსწავლეებმა უნდა “შესთავაზონ” მას ნაწარმოების ალტერნატიული დასასრული და იმსჯელონ მასთან ამ ვერსიის შესახებ, შემდეგ კი დაწერონ საკუთარი ვერსია.
  • ეპისტოლარული ფორმატი: მოსწავლეებს შეუძლიათ მისწერონ წერილები ლიტერატურულ პერსონაჟებს (რომლის როლსაც ჩატბოტი ითამაშებს) და მიიღონ პასუხები. ეს დაეხმარება მათ პერსონაჟის უკეთ გაგებაში და წერის უნარების განვითარებაში.
  • ჟანრის ცვლილება: ჩატბოტს შეიძლება მიენიჭოს კონკრეტული ჟანრის სპეციალისტის როლი (მაგ., დეტექტივის ავტორი). მოსწავლეებმა უნდა გადაწერონ ნაცნობი ისტორია ამ ახალ ჟანრში და განიხილონ შედეგი ჩატბოტთან.
  • დიალოგის შექმნა: მოსწავლეებს შეუძლიათ შექმნან დიალოგი ორ ლიტერატურულ პერსონაჟს შორის სხვადასხვა ნაწარმოებიდან. ჩატბოტი შეიძლება გამოყენებულ იქნას ერთ-ერთი პერსონაჟის როლში.
  • ისტორიული კონტექსტი: ჩატბოტს შეიძლება მიენიჭოს კონკრეტული ისტორიული ეპოქის “მოწმის” როლი. მოსწავლეებმა უნდა დაწერონ მოთხრობა ამ ეპოქაზე, ჩატბოტთან კონსულტაციის საფუძველზე.
  • პოეზიის ანალიზი და შექმნა: ჩატბოტს შეიძლება მიენიჭოს პოეტის როლი. მოსწავლეებმა უნდა გააანალიზონ ლექსი მასთან ერთად და შემდეგ შექმნან საკუთარი ლექსი მსგავს თემაზე ან სტილში.
  • მხატვრული აღწერის პრაქტიკა: ჩატბოტს შეიძლება მიენიჭოს “მხატვრის” როლი, რომელიც აღწერს სცენას. მოსწავლეებმა უნდა გადაწერონ ეს აღწერა მხატვრული პროზის ფორმატში.

მასწავლებელს შეუძლია ამ იდეების ადაპტირება კლასის დონისა და სასწავლო მიზნების შესაბამისად. მთავარია, რომ ჩატბოტის გამოყენება იყოს ინტერაქტიული და ახალისებდეს და სტიმულს აძლევდეს მოსწავლეების შემოქმედებით აზროვნებას.

 

დასკვნა

 

ხშირად ისმის კითხვა: თუ ყველაფერს ხელოვნური ინტელექტი გააკეთებს, რა როლი რჩება მასწავლებელს?

AI ჩატბოტები არ ანაცვლებს მასწავლებლებს, არამედ აძლიერებს მათ შესაძლებლობებს. ისინი ქმნიან ინტერაქტიულ, დინამიურ სასწავლო გარემოს, სადაც მოსწავლეებს შეუძლიათ უფრო ღრმად ჩასწვდნენ ლიტერატურას, განავითარონ კრიტიკული აზროვნება და შემოქმედებითობა.

 

მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ AI არის ინსტრუმენტი და არ არის იდეალური. ყოველთვის წაახალისეთ მოსწავლეები, რომ კრიტიკულად შეაფასონ AI-ს პასუხები და გამოთქვან საკუთარი აზრი.

 

ლიტერატურის გაკვეთილზე AI-ის გამოყენებით, ჩვენ ვქმნით ახალ რეალობას – ერთგვარ ხიდს წარსულსა და მომავალს შორის, როდესაც კლასიკურ ნაწარმოებებს ვაცოცხლებთ თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით. ეს არის ახალი ეპოქის დასაწყისი ლიტერატურის სწავლებაში – ეპოქა, სადაც ტრადიცია და ინოვაცია ჰარმონიულად თანაარსებობს.

 

 

დედამიწის მოსახლეობის დაბერების ტემპი- აზია

0

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით დედამიწის მოსახლეობის დაბერების ტემპი მთელ მსოფლიოში თანდათან იზრდება და 2050 წლისთვის 60/65+ ასაკის მოსახლეობის  ხვედრითი წილი 22 % -ს მიაღწევს.  გასული საუკუნის განმავლობაში მოსახლეობის დაბერება მხოლოდ განვითარებულ ქვეყნებში მიმდინარეობდა, ამჟამად ეს პროცესი დაიწყო თვით ყველაზე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებშიც კი. ამავე დროს მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში სწრაფი ტემპით გაიზარდა ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაც. მოსახლეობის დაბერება ეს არის ადამიანთა ხანგრძლივი სიცოცხლის შედეგი. მიუხედავად ამისა, მოსახლეობის დაბერების ყველაზე ცნობილი ფაქტორი შობადობის შემცირებაა. მოსახლეობის დაბერება ეს არის 60/65+ ასაკის ადამიანთა ხვედრითი წილის ზრდა მოსახლეობის საერთო რაოდენობაში. როდესაც ბავშვთა შობადობა მცირდება ეს ნიშნავს, რომ ახალგაზრდა მოსახლეობის ხვედრითი წილი მცირდება მოსახლეობის საერთო რაოდენობაში. 2021 წლის მონაცემებით შობადობის ჯამობრივმა კოეფიციენტმა განვითარებულ ქვეყნებში შეადგინა 1.7 ბავშვი. შობადობის შემცირება განვითარებად სამყაროში ეს არის უკანასკნელი წლების მოვლენა. მიუხედავად იმისა, რომ შობადობის მაჩვენებლები უმეტესად განვითარებად რეგიონებში კლებულობს უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში, შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი კვლავ  მაღალი რჩება აფრიკაში (5.0 ბავშვი), ახლო აღმოსავლეთისა და აზიის ბევრ ქვეყანაში. მოსახლეობა დაბერებას იწყებს როდესაც შობადობა მცირდება და უფროს თაობაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი მცირდება.

ჩინეთი

განვითარებად ქვეყნებს შორის ყველაზე სწრაფად ჩინეთი “ბერდება”, სადაც 2050 წლისთვის 60/65+ ასაკში მყოფი მოსახლეობა შეადგენს ქვეყნის მოსახლეობის მეოთხედს. მიმდინარე საუკუნის შუა პერიოდისთვის ჩინეთში მოხუცებული მოსახლეობის რაოდენობა უკვე 500 მილიონს გადააჭარბებს. ექსპერტები ამ მოვლენას “შენელებული მოქმედების ბომბს” უწოდებენ.

ჩინეთში მოსახლეობის დაბერების პროცესი ერთი მხრივ ათწლეულების განმავლობაში შობადობის შემცირებით,  მეორე მხრივ კი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის მკვეთრი ზრდით არის განპირობებული. იმის გამო, რომ მოსახლეობის დაბერებას ეკონომიკაზე ძლიერი გავლენა აქვს, ჩინეთის საზოგადოებისთვის მომდევნო ათწლეულებში ეს გახდება მთავარი პრობლემა.

მაოისტური რეჟიმის პირობებში მოსახლეობის რაოდენობის უკონტროლო ზრდის შემდეგ, ჩინეთის მთავრობა მოსახლეობის ზრდის შემცირებას ცდილობდა, რადგან ეს აღიქმებოდა ეკონომიკური ზრდის მთავარ დაბრკოლებად. ეს იყო 1979 წელს ეგრეთ წოდებული „ერთი ბავშვის პოლიტიკის“ განხორციელების მთავარი მიზეზი. ამ პოლიტიკამ წარმატებით შეამცირა ჩინეთის შობადობის მაჩვენებელი. შობადობის მაჩვენებლებმა, სიცოცხლის ხანგრძლივობის მკვეთრად მატებასთან ერთად, გამოიწვია მოსახლეობის პირამიდის დამახინჯება. ვარაუდობენ, რომ 2040 წლისთვის  60/65+ ასაკის ასაკის მოსახლეობის ხვედრითი წილი 17,8 %-დან (2020 წ) 32 %-მდე გაიზრდება, ხოლო შობადობის მაჩვენებელი კვლავ დაბალი დარჩება. ეს ტენდენცია აისახება ხანდაზმულთა დამოკიდებულების კოეფიციენტში, რომელიც გამოხატავს საპენსიო ასაკის ადამიანთა ურთიერთობას სამუშაო ასაკის მოსახლეობასთან და ვარაუდობენ, რომ გაიზრდება 18 %-დან 66 %-მდე (2060 წ).

დაბერებული საზოგადოების გამოწვევები

პირველად ბოლო ათწლეულების განმავლობაში დემოგრაფიული ცვლა უკვე აშკარაა. შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის რაოდენობის კლება 2014 წელს დაიწყო. რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქვეყნის მთავრობისთვის, რადგან ჩინეთის ეკონომიკური მოდელი აქამდე დიდწილად მის იაფ და უხვ სამუშაო ძალაზე იყო დაფუძნებული. ჩინეთის მთავრობამ უკვე გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ეკონომიკური მოდელის შესაცვლელად. რესტრუქტურიზაცია მომავალში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება. ჩინეთის მთავრობის კიდევ ერთი გამოწვევაა საჯარო საპენსიო სისტემის გაუმჯობესება. წარსულში საპენსიო სისტემაში მხოლოდ ქალაქის მოსახლეობა იყო ჩართული. სოფლის მცხოვრებლებსა და ფერმერებს სიბერეში უწევდათ ძირითადად ნათესავების დახმარებაზე დაყრდნობა. 2010 წელს მთავრობამ წამოიწყო დამატებითი საჯარო საპენსიო სისტემა ყველა იმ ადამიანისათვის, რომელიც არ არის დაზღვეული. ეს საბაზისო დაზღვევა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაფართოვდა და დღეს უკვე ფარავს ადრე დაუზღვევი მოსახლეობის უმეტეს ნაწილს. თუმცა, ამ საბაზისო დაზღვევით გადახდილი პენსიები საგრძნობლად დაბალია და მთავრობას მოუწევს დიდი ძალისხმევა, რათა მხარი დაუჭიროს დაბერებული მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს, რომლის პენსია არ არის საკმარისი ცხოვრების საფასურის დასაკმაყოფილებლად და არ ჰყავს ნათესავები, რომელსაც დაეყრდნობიან.

სამხრეთ კორეა

სამხრეთ კორეის მოსახლეობა 2024 წლისთვის დაახლოებით 51,75 მილიონს მიაღწია.  მოსახლეობის თითქმის სამი მეოთხედი 15-დან 64 წლამდე ასაკისაა. სამხრეთ კორეის მოსახლეობა საგანგაშო სისწრაფით ბერდება. 2023 წელს სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობით მსოფლიოში მეორე ადგილზეა იაპონიის შემდეგ, ამავე დროს დაფიქსირდა მსოფლიოში ყველაზე დაბალი შობადობის მაჩვენებელი. ეს ტენდენცია გაგრძელდება და გაძლიერდება უახლოეს წლებში. მოსალოდნელია, რომ 2025 წლისთვის სამხრეთ კორეა გახდება „სუპერ ასაკოვანი საზოგადოება“, სადაც მოსახლეობის 20 %-ზე მეტი 65 წელზე უფროსი იქნება. მოსალოდნელია, რომ მთლიანი მოსახლეობა ამ დროისთვის დაახლოებით ექვსი მილიონი ადამიანით შემცირდება.

სამხრეთ კორეაში მოსახლეობის დაბერების ეკონომიკური გავლენა

2023 წელს მხოლოდ 230 000 ბავშვი დაიბადა, რაც 20 წლის წინანდელი დონის თითქმის მესამედი იყო. შობადობის ამ მკვეთრი კლების მიზეზებია ბავშვების აღზრდის მაღალი ხარჯები, უძრავი ქონების ფასების ზრდა და სამუშაო კულტურა, რომელიც აფერხებს ქალთა კარიერულ წინსვლას შვილის გაჩენის შემდეგ. თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდება, ქვეყნის მთლიანი მოსახლეობა 2072 წლისთვის შემცირდება 36 მილიონამდე – ამჟამინდელი მოსახლეობის დაახლოებით ორი მესამედი.

სამხრეთ კორეა: შობადობა 2012 წლიდან 2022 წლამდე(1000 მოსახლეზე)

ამის საპირისპიროდ, 65+ ასაკის მოსახლეობა, სავარაუდოდ, 2050 წლისთვის გაორმაგდება. შრომისუნარიანი მოსახლეობის შემცირება და დამოკიდებული ადამიანების ერთდროული ზრდა ახალ თაობას მნიშვნელოვან ფინანსურ და სოციალურ ტვირთად დააწვება. ოფიციალური შეფასებით ვარაუდობენ, რომ თუ არსებული საპენსიო სისტემა შენარჩუნდება ეროვნული საპენსიო ფონდი მომდევნო 30 წელიწადში ამოიწურება. გარდა ამისა, კორეის ბანკმა გააფრთხილა, რომ შობადობის შემცირებამ შეიძლება 2050 წლიდან  უარყოფითი ეკონომიკური ზრდა გამოიწვიოს.

როგორ უმკლავდება სამხრეთ კორეა დემოგრაფიულ გამოწვევებს?

სამხრეთ კორეის მთავრობამ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ქვეყნის შობადობის მაჩვენებლის გასაზრდელად დაახლოებით 280 ტრილიონი სამხრეთ კორეული ვონი (დაახლოებით 200 მილიარდი აშშ დოლარი) დახარჯა. გამოყოფილ ბიუჯეტს არ ჰქონდა მკაფიო მიზნები და არასაკმარისი თანხები იყო მიმართული ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლისთვის. საერთაშორისო შედარებისთვის, სამხრეთ კორეის დანახარჯები ოჯახურ შეღავათებზე იყო ერთ-ერთი ყველაზე დაბალი 2022 წელს. იუნ სუკ იოლის ამჟამინდელმა ადმინისტრაციამ გააცნობიერა სტრატეგიის ცვლილების გადაუდებელი აუცილებლობა და შესთავაზა ახალი გეგმები დემოგრაფიული კრიზისის მოსაგვარებლად. თუმცა, ჯერ კიდევ გასარკვევია, რამდენად ეფექტური იქნება ეს ზომები გრძელვადიან პერსპექტივაში.

სინგაპური

სინგაპური ამჟამად განიცდის მოსახლეობის დაბერებას, რაც გამოწვეულია სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის გაზრდით და შობადობის შემცირებით. 2021 წელს მას მსოფლიოში ერთ-ერთი, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა. თუმცა იმავე წელს სინგაპურში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შობადობის მაჩვენებელიც აღინიშნა -1,15 ბავშვი ქალზე. 2035 წლისთვის, გამოთვლილია, რომ სინგაპურის მოსახლეობის დაახლოებით მესამედი იქნება 65 წლის და უფროსი ასაკის, ხოლო მედიანური ასაკი ასევე მოსალოდნელია რომ 39,7-დან ( 2015 წ) 53,4-მდე (2050 წ) შეიცვლება.

ხანდაზმულთა რაოდენობა სინგაპურში 1970-2023 წწ

2023 წელს სინგაპურში 65 + ასაკის 717,84 ათასზე მეტი მცხოვრები იყო. სინგაპური ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად დაბერებული საზოგადოებაა აზიაში იაპონიასთან ერთად.

რა გამოწვევების წინაშეა სინგაპურის დაბერებული მოსახლეობა?

ხანდაზმულ მოსახლეობას აქვს უნიკალური გამოწვევები: ეკონომიკური ზრდის შემცირება,  ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების გაზრდილი ხარჯები. სინგაპურის მთავრობის მთავარი პრიორიტეტი ხანდაზმულთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება გახდა, რადგან მარტო დასაქმება არ იქნება საკმარისი სინგაპურელების მხარდასაჭერად სიცოცხლის ბოლო წლებში. 2015 წელს სინგაპურის მთავრობამ შეიტანა პაკეტი „პიონერების თაობა“ (The Pioneer Generation Package), რათა დაეხმაროს 1950 წლამდე დაბადებულ მოქალაქეებს ჯანმრთელობის დაცვისა და ცხოვრების ხარჯებთან გამკლავებაში. 2019 წელს პაკეტი -Merdeka Generation Package ამოქმედდა, რათა დაეხმაროს 1950-იან წლებში დაბადებულ „ბავშვებს“.

ასევე მზარდია მოთხოვნა ხანდაზმულთა დღისა და დემენციის მოვლის დაწესებულებებზე. კორპორატიულ დონეზე, რამდენიმე კომპანიამ, როგორიცაა სინგაპურის განვითარების ბანკმა (DBS) დანერგა პერსონალის ტრენინგი და კურსები უფროსებთან უკეთესი კომუნიკაციისთვის.

რა გამოწვევები აქვთ სინგაპურელ ხანდაზმულ მოსახლეობას?

სინგაპურში სიბერე ნიშნავს ცხოვრების მაღალ ხარჯებს. 2019 წელს, ლი კუან იუს საჯარო პოლიტიკის მოხსენებამ დაადგინა, რომ სინგაპურში 65 + ასაკის ხანდაზმულ მარტო მცხოვრებ მოქალაქეს სჭირდება თვეში დაახლოებით 1,379 S$ (სინგაპურული დოლარი), რათა ცხოვრების საბაზო ძირითადი სტანდარტები დაიკმაყოფილოს. 55-დან 64 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის ეს მაჩვენებელი 1721 S$ იყო. სინგაპურელების გამოკითხვამ აჩვენა, რომ 49% ფიქრობს, რომ არ იყო მზად სიბერისთვის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის თვალსაზრისით, ხოლო გამოკითხულთა 55 % ასევე ფიქრობს, რომ ფინანსურად არ იყო მზად სიბერისთვის. ამან შესაძლოა ხელი შეუწყო დღეს სინგაპურის სამუშაო ძალაში ხანდაზმულთა რაოდენობის შესამჩნევ ზრდას. 2030 წლისთვის საპენსიო და ხელახალი დასაქმების ასაკი შესაბამისად 65 და 70 წლამდე გაიზრდება. 2018 წლის მდგომარეობით 65 წელზე უფროსი ასაკის დასაქმებულთა რაოდენობა 145 000-ს შეადგენდა, მაშინ როცა ათი წლის წინ ეს დაახლოებით 50 000 იყო. დამსაქმებლების წახალისების მიზნით, დაიქირაონ უფროსი თაობის მუშაკები, მთავრობამ შემოიღო უფროსი თაობის მუშაკებისთვის გრანტი 125 000 S$ -მდე, რომელიც უზრუნველყოფს  დაფინანსებას იმ დამსაქმებლებისთვის, რომლებმაც გაზარდეს შიდა საპენსიო და ხელახალი დასაქმების ასაკი.

ინდოეთი

ინდოეთის ხანდაზმული მოსახლეობის რაოდენობა 1961 წლიდან სტაბილურად იზრდება .

ინდოეთის მოსახლეობის რაოდენობა და შემადგენლობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი დემოგრაფიული მაჩვენებლები, რომელიც გამოიყენება დაგეგმვისთვის. ქვეყანაში 65+ ასაკის მოსახლეობის ზრდის ტემპი ნაწილობრივ გამოწვეულია მედიცინის განვითარების შედეგად სიკვდილიანობის შემცირებით. ხალხი უფრო დიდხანს ცხოვრობს და ქვეყნის მოსახლეობის 10 %-ზე მეტი არის 60 წელზე მეტი ასაკის (2021 წ). ეს მიუთითებს ხანდაზმულთა მომსახურების მდგომარეობისა და ფინანსური საჭიროებების გააზრებაზე და, შესაბამისად, ხანდაზმულთა ცხოვრების გასაადვილებლად საჭირო პოლიტიკის განხორციელების მხარდაჭერაზე. ეს ასევე მიუთითებს იმაზე, რომ მომავალში უფრო მეტი ადამიანი მიიღებს პენსიას და სამთავრობო პენსიების გაზრდის საჭიროება გადაუდებელი პრიორიტეტი გახდება.

ეკონომიკური მდგომარეობა

ხანდაზმულთა დამოკიდებულების მაჩვენებელი გვიჩვენებს 65 წელზე მეტი ასაკის პირთა რიცხვსა და 15-დან 64 წლამდე ასაკის პირთა რაოდენობას შორის თანაფარდობას 100 ადამიანზე. ინდოეთში ეს კოეფიციენტი გაიზარდა თითქმის 11 %-დან 14 %-ზე 1961 წლიდან 2011 წლამდე და პროგნოზირებული იყო, რომ გაიზრდებოდა 20%-ზე მეტი 2031 წელს.

მოხუცების განაწილებამ, რომლებიც ეკონომიკურად არიან დამოკიდებულნი სხვა ადამიანებზე, გაიზარდა სოფლად. თუმცა, მთლიანად დამოკიდებულ მოხუცთა წილი სოფლად და ქალაქად შემცირდა. 2017 წელს ისინი, რომლებიც მთლიანად დამოკიდებულნი იყვნენ სოფლად, ეყრდნობოდნენ შვილებს ან მათ საჭიროებებს, ხოლო მეორე რიგში იყო ნათესავი, მეუღლე.

გამოწვევები ასაკის მატებასთან ერთად მატულობს. ქრონიკული დაავადებებისგან მაღალი ავადობის გამო ხანდაზმულებს აქვთ ხანგრძლივი ჯანდაცვის მოთხოვნილებები, რომლებიც დაკავშირებულია მაღალ დანახარჯებთან, რომელსაც მოსახლეობის სამ მეოთხედზე მეტი ვერ ახერხებს. ამ პრობლემების ეფექტურად გადასაჭრელად, აუცილებელია ხანდაზმულთა ჯანდაცვის სისტების და ხელმისაწვდომობის გაფართოება (საყოველთაო ჯანდაცვის დაფარვა). რაც სხვა სამთავრობო სქემებთან ერთად, რომლებიც ხანდაზმულების ფინანსურ უსაფრთხოებას იცავს ხელს შეუწყობს იმ ეკონომიკური და სოციალური პირობების შემსუბუქებას, რომლებიც გავლენას ახდენენ ხანდაზმული მოსახლეობის კეთილდღეობაზე.

 

გამოყენებული ვებგვერდები: https://www.statista.com/statistics/712843/south-korea-population-projections-by-age-group/ ; https://forbes.ge/blogs/mosakhleobis-sitsotskhlis-khangrdzlivobith-saqarthvelo-msophlioshi-93-e-adgilzea/ ; https://www.statista.com/topics/6000/aging-population-in-china/

 

 

 

 

ჩინეთის გეოგრაფია მოკლედ და რამდენიმე უცნობი ფაქტი მრავალეროვანი ჩინეთის შესახებ

0

“როცა ერმა ბევრი იცის, მისი მართვა რთულია“ ,
ლაო ძი (‘მოხუცი ოსტატი“), ძვ.წ. VI საუკუნის ჩინელი ფილოსოფოსი,
დაოსიზმის ფუძემდებელი, „დაო დე ძინის“ ტრაქტატის ავტორი

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა აგრძელებს თავისი ეკონომიკურ „სასწაულს“ და კიდევ ერთხელ აოცებს მსოფლიოს. გერმანიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს, „დოიჩე ველეს“ (Deutsche Welle – DW, 04/16/2024) მიხედვით, ჩინეთის ეკონომიკა 2024 წელს უფრო მეტად გაიზარდა, ვიდრე ამას ოფიციალური წყაროები პროგნოზირებდნენ: „მიმდინარე წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით, ჩინეთის მთლიანი შინა პროდუქტი (მშპ) 5.3%-ით გაიზარდა და ეს მნიშვნელოვნად აღემატება , „ბლუმბერგის“ (Bloomberg) ანალიიკოსების მიერ გაკეთებულ ადრეულ 4.8%-იან მაჩვენებელს“, გვატყობინებს „დოიჩე ველე“.
„ეროვნულმა ეკონომიკამ გააგრძელა კარგი ინერციით მოძრაობა და ნახტომისებურად მოიმატა“, წერს ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიურო.
დღევანდელი ეკონომიკური აზრის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა, არსებული საბაზრო წესების აქტიური კრიტიკოსი, გერმანელი პროფესორი იზაბელა მ. ვებერი (ამჰერსტის უნოვერსიტეტი, აშშ) თავის გახმაურებულ წიგნში „როგორ გადაურჩა ჩინეთი შოკურ თერაპიას: კამათი საბაზრო რეფორმის შესახებ“ (How China Escaped Shock Therapy: The Market Reform Debate ), მკითხველის ყურადღებას ამახვილებს ჩინეთის გეოგრაფიაზე და ჩინეთში შექმნილ, კლასიკურ, ორი ათასი წლის ასაკის მქონე ეკონომიკურ პრინციპებზე, რომლებიც, სხვა საკითხებთან ერთად, თანამედროვე ბაზარზე ფასების კონტროლის მექანიზმებსაც ეხმიანება.
შეგახსენებთ რომ ე.წ. „შოკური თერაპია“, გულისხმობს რომ ეკონომიკაში საერთოდ უნდა შეწყდეს ფასების კონტროლი და გეგმიური ეკონომიკა და აუცილებელია ფასების „შოკური“ ლიბერალიზაცია, ძალიან მოკლევადიანი, უცბად ჩატარებული პროვატიზაცია. მიუხედავად იმისა რომ ასეთი „შოკი“ აუცილებლად გამოიწვევს ეკონომიკურ ტკივილს, რაც გამოიხატება მასობრივ უმუშევრობასა და ინფლაციაში, ლიბერალური ბანაკის ეკონომისტების მოსაზრებით (და ღრმა რწმენით, ლ.ა.), ეს მეთოდები შედეგად მოგვცემს ეკონომიკის აღდგენას, გააქტიურებულ ბაზრებსა და კეთილდღეობას.
წარსულში, „შოკური თერაპია“, მე-20 საუკუნის 60-იანი წლების გერმანიის (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის) „ეკონომიკური სასწაულის“ შესავალი-პროლოგი გახდა და დიდი ეფექტი მოახდინა მსოფლიოს ეკონომიკის თეორიებზე. თუმცა გავიდა დრო და რამდენიმე ათწლეულში, „შოკური თერაპიის“ გავრცელებულმა პრაქტიკებმა ეკონომიკური კატასტროფა გამოიწვიეს რუსეთში, საქართველოში და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში. ჩინეთის ლიდერებმა „შოკური თერაპიული“ მიდგომები დიამეტრულად შეცვალეს და „ჩინური კაპიტალიზმის“, ან „კაპიტალიზმის ჩინური ვარიატის“ ასამოქმედებლად, ტრადიციული ჩინური, „გუანსის“ (关系 – „ახლო ურთიერთობების სისტემა“, ლ.ა.) ურთიერთობებისა და უერთიერთდამოკიდებული საქმიანობის უძველესი ეკონომიკური პრინციპები გამოიყენეს. როგორც პროფ. ვებერი გვეუბნება, „გუანსის“ ფილოსოფიური მიდგომები „ავალებს“ ადმინისტრატორებს აკონტროლონ ის რაც „მძიმეა“ (მნიშვნელოვანია) და „მიუშვან“ ის სფეროები და საკითხები, რაც არ ახდენს დიდი გავლენას საზოგადოებრივ სტაბილურობაზე (უმნიშვნელო თუ პერიფერიულია)“.
ჩინეთის ეკონომიკური წინსვლისა და ზრდის კიდევ ერთი დამატებითი ფაქტორია მისი მრავალფეროვანი ბუნება და გეოგრაფია, რაც ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩინეთის ეკონომიკის მრავალვექტორულ მიმართულებებსა და მასშტაბურობაში. ქვემოთ გთავაზობთ მოკლე ცნობებს ჩინეთის გეოგრაფიის შესახებ:
ჩინეთს აღმოსავლეთი და ცენტრალური აზიის კონტინენტის მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა (ჩინ. ‘ჟონგუო’), მსოფლიოს მესამე ქვეყანაა ფართობით, რუსეთის ფედერაციისა და კანადის შემდეგ. მისი ტერიტორიის ფართობი 9.6 მილიონ კვ. კმ-ს შეადგენს რაც აზიის კონტინენტის ¼-ის ტოლია!
ჩინეთის ლანდშაფტის მრავალფეროვნება სრულიად ბუნებრივია: ეს გახლავთ უზარმაზარი ქვეყანა, რომელიც გადაჭიმულია ხუთი ათას ხუთას კილომეტრზე, ციმბირული მდინარე ამურიდან, პალმებით გადამწვანებულ სამხრეთი ჩინეთის კუნძულებამდე; ჩინეთის უკიდურესი დასავლეთი, პამირის თოვლიანი უღელტეხილებიდან მდინარე ხუანხეს შესართავამდეა გადაჭიმული, შანდუნის ნახევარკუნძულამდე. ჩინეთის სახმელეთო საზღვრების საერთო სიგრძე 20 000 კმ-ს აჭარბებს (!), ხოლო ჩინეთის საზღვაო სანაპირო ზოლის სიგრზე 18 000 კმ-ია (შედარება: საქართველოს სანაპირო ზოლი შავ ზღვაზე დაახლოებით 315 კმ-ია, ლ.ა.). ჩინეთი სახმელეთო მეზობლები არიან რუსეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, ავღანეთი, ინდოეთი, ნეპალი, ბჰუტანი, ლაოსი, ვიეტნამი, ჩრდილოეთი კორეა, მონღოლეთი და მიანმა.
ჩინური პეიზაჟისთვის ბუნებრივი და ჩვეულებრივია 8 000 მეტრი სიმაღლის მწვერვალები ჰიმალაებში და გობისა და თაკლა-მაკანის უდაბნოების ბარხანები და ქვიშები; აღმოსავლეთ ჩინეთის დაბლობის უსაზღვრო მწვანე საძოვრები და მდინარეების ვიწრო, კლდოვანი ხეობები, აჭრელებულნი ბრინჯის ყანებისა და ჩაის პლანტაციების მწანე ტერასებით. ჩინეთში მიედინება ლიოსით გაყვითლებული მდინარე-გიგანტი, ხუან-ხე („ყვითელი მდინარე“) და ჩინეთისა და მსოფლიოს ერთ-ერთი უგრძესი მდინარე იანძი (ჩინ. ‘ჩანგ-ცზიანი’ – „გრძელი მდინარე“, ლ.ა.), რომელიც სათავეს ტიბეტის ზეგანზე, 5 170 მ-ის სიმაღლეზე იღებს და ქ. შანჰაიში უერთდება აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვასა და წყნარ ოკეანეს.
ჩინეთის დიდი ზომიდან გამომდინარე, მისი პროვინციები და იქაური ლანდშაფტები დიდად განსხვავდებიან. ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი (ყოფილი მანჯურია) დაბლობის ვაკეებისგან და დაბალი სიმაღლის მთებისგან შედგება. ქვეყნის ამ ნაწილისთვის დამახასიათებელია უხვთვლიანი, მკაცრი ზამთარი და მშრალი, ცხელი ზაფხული. ჩინეთის სახმხრეთ-აღმოსავლეთი ცნობილია ტრადიციული, დიდი ზომის სამრეწველო საწარმოებით რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქვანახშირის მოპოვებასთან და რკინის მადნის მოპოვება-გადამუშავებასთან. აქვე მდებარეობენ ჩინეთის მთავარი ფოლადსადნობი ქარხნები და კომბინატები.
ჩინეთის დასავლეთისკენ მოგზაურობისას, მთაგორიანი რელიეფი უკიდეგანო სტეპებით იცვლება. დღეს ამ ადგილებზე ბალახობენ ცხვრის, ცხენებისა და აქლემების მრავალმილიონიანი ფარები და რემები. კიდევ უფრო დასავლეთით, კუნ-ლუნისა და ტიან-შანის მთიანი მასივების 7000-მეტრიან მწვერვალებამდე მდებარეობს ჩინეთის უდიდესი უდაბნო, თაკლა-მაკანი, რომლის ფართობი 330 000 კვ. კმ-ს აღემატება (ეს მეტია ვიდრე ისეთი ქვეყნების ფართობი როგორებიცაა პოლონეთი, ახალი ზელანდია, ვიეტნამი, ომანი, იტალია, ფილიპინები, ბელარუსი და ნორვეგია, ლ.ა.). თაკლა-მაკანის უდაბნოში მიედინება მსოფლიოს ყველაზე უცნაური მდინარე ტარიმი, რომელიც სათავიდან მძლავრად შედის უდაბნოში და შემდგომ მის ქვიშები იკარგება და პერიოდულად ასაზრდოებს ხან ლობნორის, ხან კი – ყარაბურან-გიოლის ტბებს, ჩინეთის უკიდურეს დასავლეთში მდებარე, სინცზიან-უიგურების ავტონომიურ ოლქში. სწორედ მდ. ტარიმის ჩრდილოეთით მდებარეობდა სახელგანთქმული „აბრეშუმის დიდი საქარავნო გზა“ (ჩინ. ს’-ლუ – 丝路), რომელიც ჩინეთს, ცენტრალურ აზიასთან და ევროპასთან აკავშირებდა.
ჩინეთის კიდევ ერთ დიდ სიმდიდრესა და რესურსს წარმოადგენს ჩინეთის აღმოსავლეთით მდებარე დაბლობზე მდებარე ნაყოფიერი, ცენტრალური ჩინეთის ლიოსური ზეგანის მდინარეული დანალექი ქანებით აგებულის ვრცელი ვაკეები, რომელთა სიგანე, ზოგიერთ პროვინციაში, 500 კმ-ს აღწევს. სწორედ ეს რაიონებია ჩინეთის ინტენსიური და მაღალპროდუქტიული სოფლის მეურნეობის ზონა, რომელიც ქვეყნის მილიარდნახევრიან მოსახლეობას ამარაგებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით.
ჩინეთის ცენტრალური და სამხრეთი რაიონები, უმეტესწილად ჩინეთის დიად მდინარესთან, იანძისთან (ჩინ. ‘ჩანგ-ცზიანი’) არიან დაკავშირებულნი. „გრძელი მდინარე“, ჩინეთის ცენტრისა და სამხრეთის მთავარი საწყალოსნო და სატრანსპორტო არტერიასა და მძლავრი ჰიდროელექტოსადგურების კასკადს წარმოადგენს და მისი როლი და მნიშვნელობა ჩინური ცივილიზაციისთვის, განუზომელია. მდინარე იანძი ქვეყანას თითქმის შუაზე ჰყოფს.
იანძის ჩრდილოეთით მდებარეობს ჩინეთის დიდი დაბლობი, რომელზეც მიედინება ჩინეთის მეორე დიადი მდინარე, ჰუანხე („ყვითელი მდინარე“). ამ მდინარის პირას მცხოვრებნი (მდ. ჰუანხე ჰკვეთს ჩინეთის შემდეგ პროვინციებს: ცინგჰაი, განსუ, ნინგსია, შიდა მონღოლეთი, შაან-სი, შანსი, ხე-ნანი და შან-დუნი, ლ.ა) ათასწლეულების განმავლობაში აგებდნენ კაშხლებსა და დამბებს, რომელბიც აუცილებელი იყო მდ. ჰუანხეს დამანგრეველი წყალდიდობებისგან, ბრინჯისა და ბოსტნეულის ნაკვეთების დასაცავად.
საუკუნეების განმავლობაში, გლეხების მიერ აგებული კაშხლები და დამბები მუდმივად მატულობდა სიმაღლეში და მდინარის კალაპოტის ქვიშით გავსებასთან ერთად, მატულობდა მდინარის კალაპოტის სიმაღლეც! დღეს, მდინარე ხუანხე, გარშემო მდებარე დაბლობზე მაღლა მდებარეობს და მთებიდან ჩამოტანილი ქვიშის მიერ ბუნებრივად აგებულ შემაღლებულ კალაპოტში მიაგელვებს თავის მძლავრ ყვითელ ტალღებს. ამ მხრივ, მდ. ჰუანხე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მდინარეა, რადგან ბევრჯერ მომხდარა ისე რომ წყალდიდობისას, მდინარე ამოსულა კალაპოტიდან და რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან „დასხმია“ თავს დაბლამდებარე სოფლებსა და ქალაქებს.
მდინარე იანძის სამხრეთით, ასეულობით კილომეტრზეა გადაჭიმული ბრინჯის მინდვრები და ტერასები – ჩინეთის პეიზაჟის აუცილებელი ატრიბუტი, რომელიც ნაცნობია ჩვენთვის ჩინური მხატვრობიდან თუ კინოფილმებიდან. გაეროს მსოფლიო სასოფლო-სამეურნეო და საკვების ორგანიზაციის (Food and Agrivulture Organization, FAO) მონაცემებით, ჩინეთმა მიაღწია იმას რომ დედამიწაზე არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის 10%-ზე აწარმოებს მსოფლიოს მარცველულის 25% და საკვებით უზრუნველყოფს მსოფლიოს მოსახელობის 20%-ს (!) ეს გახლავთ უდიდესი მიღწევა, მსოფლიოს საკვებით უზრუნველყოფის საქმეში. გაგახსენებთ რომ გასული საუკუნის 1959-1962 წლებში, ჩინეთს თავს დაატყდა საშინელი შიმშილობა, რომელმაც ანჰუის, ჩუნცინის, სიჩუანის, ჰუნანისა და გუიჟოუს პროვინციებში, სხვადასხვა წყაროებით, 15-50 მილიონამდე ადამიანი შეიწირა!
ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ტერიტორია სამხრეთ-ჩინეთის მთიანეთს უკავია, რაც ხელს უწყობს ამ ადგილებში, რომელიც გამოირჩევა რბილი, სუბ-ტროპიკული ჰავით, ჩაის კულტურის ფართო განვითარებას. სწორად აქ შეიძლება ვნახოთ მარადმწვანე ტერასებზე გაშენებული ბუჩქნარი, სახელგანთქმული ჩინური ჩაის (ჩინური კამელია – ლათ. Camellia sinensis), ლუნ-ჯინის თუ უ-ლუნის უკიდეგანო პლანტაციები, რომელმაც რამდენიმე საუკუნის წინ მთელი მსოფლიო (მათ შორის საქართველოს ზღვისპირა სუბტროპიკული რაიონებიც) დაიპყრო და დღესაც, მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ არაალკოჰოლურ სასმელად რჩება.
როგორც ჩინელები ამბობენ, ჩინეთის სამხრეთში და აღმოსავლეთში (პროვინციები ხებეი, ძიანგსი, ანჰუი, გუანდუნი, ჰუნანი) ჩაი უხსოვარი დროიდან იზრდება და ჩაის, როგორც სასოფლო-სამეურნეო კულტურას, უკვე ორი ათას წელზე მეტია კრეფენ. ქრონიკების თანამხმად, ჩაის კულტურა, იაპონიაში და შემდეგ, კორეაში, ჩინეთიდან შევიდა მე-9 საუკუნეში, ხოლო შემდეგ, ჩაიმ თავისი ძველამოსილი მოგზაურობა „აბრეშუმის დიდი გზით“ აზიისა და ევროპის სხვა ქვეყნებისკენაც დაიწყო. შენიშვნა: საქვეყნოდ ცნობილი „ინდური ჩაი“, ინდოეთში მე-19 საუკუნეში გაჩნდა, როდესაც ბრიტანელებმა, ინდოეთის კოლონიზაციის შემდეგ, გადაწყვიტეს ინდური ჩაის მეშვეობით „შეეჩერებინათ“ ჩინური ჩაის მონოპოლია.
ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთი, ტიბეტის მძლავრ, თითქმის 4000-4500 მ-ის სიმაღლის ზეგანს უკავია – ტიბეტის მთიანების საერთო ფართობი 2 500 000 კვ. კმ-ს აჭარბებს და სიდიდით იგი ბევრად მეტია, ვიდრე გრენლანდიის, ბორნეოსა ან ახალი გვინეის ფართობი!
ჩინეთის შემადგენლობაში შემავალ ტიბეტის უზარმაზარ მაღალმთიან ზეგანს მჭიდროდ და საზიაროდ ეკვრის ჩინეთის, პაკისტანის, ინდოეთისა და ნეპალის უმაღლესი მწვერვალები კ-2 (ჩოგორი, 8612 მ), მაკალუ (8485 მ), ლჰო-ცზე (8,516 მ) და ჯომოლუნგმა (იგივე ევერესტი, მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალი, 8848 მ), რომელიც ჩინეთისა და ნეპალის საზღვარზე არის აღმართული. სწორედ აქ, ამ მაღალმთიან ზეგანზე იღებენ თავის სათავეებს მდინარეები ხუნა-ხე და იანძი, რომელბსაც მდინარის წყლები ყვითელ და აღმოსავლეთი ჩინეთის ზღვებში ჩააქვთ.
ჩინეთის გეოგრაფიაში აღსანიშნავია კუნძული ჰაინანი (ჩინ. „ჰაი-ნან“ 海- „ჰაი“ – ზღვის; 南 – „ნან“ – სამხრეთი, ლ.ა.), რომელიც ჩინეთის სამხრეთში, ჰონგ-კონგისა და მაკაოს სამხრეთით მდებარეობს, ჩინეთის თბილ სამხრეთ-ჩინეთის ზღვაში, ვიეტნამიდან მხოლოდ 300 კმ-ში. აქაური ფერმერებს მოჰყავთ ქოქოსი, ანანასი, მანგო, ფორთოხალი, სხვა ციტრუსოვნები, იჭერენ თევზს და მოიპოვებენ ზღვის მარგალიტს. კ. ჰაინანი სახელგანთქმულია თეთრქვიშიანი პლაჟებით და ქოქოსის პალმების ტროპიკული პეიზაჟებით, რაც მილიონობით ტურისტს იზიდავს მთელი წლის განმავლობაში.
ჩინეთის, როგორც „მიწის ცივილიზაციის“ (ცნობილი ბრიტანელი ისტორიკოსის, არნოლდ ჯ. ტოინბის/Arnold J. Toynbee თეორიის მიხედვით სამყარო იყოფა „ზღვის“ და „მიწის“ ცივილიზაციებად, რომლებიც განვითარების თავისებურებების გამო, მუდმივად უპირისპირდებიან ერთმანეთს, ლ.ა.) წარმომადგენლის ტერიტორია, ათასწლეულების განმავლობაში განიცდიდა ცვლილებებს და დღეს, უზარმაზარი სახმელეთო სახელმწიფოს სახით წარმოგვიდგება. ჩინეთის ისტორიული განვითარებისას, ჩინეთის შემადგენლობაში უამრავი მონათესავე თუ სხვა წარმოშობის ხალხი და ეროვნება შევიდა, რომლებსაც დღეს, უმეტეს შემთხვევაში, ავტონომიური მმართველობა აქვთ მინიჭებული ჩინეთის ცენტრალური მთავრობისგან. შესაბამისად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა დღეს არ წარმოადგენს ჰომოგენურ ან უნიფიცირებულ სახელმწიფოს, მასში რეგისტრირებული 56 ეთნიკური ჯგუფი და ერი, რომელბიც ჩინეთის ფარგლებში ცხოვრობენ ჩინელებთან (ჩინ. „ჰან“ – ჩინელი, ლ.ა.) ერთად. ჩინეთის ხალხებიდან აუცილებლად გამოვყოფთ რამდენიმე ეთნიკურ რაიონს, რომლებიც ფართო ავტონომიით სარგებლობე. ესენია ხუთი მსხვილი ეთნიკური ავტონომია ჩინეთის ფარგლებში: 1) გუანგ-სი/ Guangxi, ვიეტნამის მიმდებარე მსხვილი რეგიონი ჩინეთის სამხრეთში, გუანგჟოუს/კანტონის დასავლეთით; 2) შიდა მონღოლეთი („ნეი მონგოლ“); 3) შიდა მონღოლეთის იმდებარე მცირე ზომის „ნინგსიას“ (Ningxia) ავტონომია, ჩრდილოეთში, ისლამის მიმდევარი ჩინელებით; 4) ტიბეტის მთიანი ზეგანის ავტონომია, ე.წ. “სი-ზანგ/Xi Zang” და 5) სინძიან- უიღურთა ავტონომიური მხარე, ჩინეთის უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთში, ყაზახეთისა და ყირგიზეთის საზღვარზე, სადაც ყაზახებისა და ყირგიზების მონათესავე, თურქულენოვანი ხალხი – უიღურები (ჩინ. „ვეი-ძუ“) ცხოვრობენ, რომლებსაც ჩინურს პარალელურად, არაბულის საფუძველზე შექმნილი ანბანი აქვთ და უმეტესწილად სუნიტი მუსლიმები არიან.
საინტერესოდ გვეჩვენება ჩინეთის ავტონომიების მცხოვრებთა დამოკიდებულება ჩინეთისა და ჩინური ენისადმი – მაგალითად, ჩრდილოეთ ჩინეთში ნინგსიას (Ningxia) ავტონომიაში მცხოვრები ხალხი, ჰუი, სხვა მათ მეზობელ ხალხებთან ერთად, მუსლიმები არიან, თუმც მათთვის მშოვლიურია ჩინერუ ენა და ჰანის ჩინელთა ცხოვრების წესები.
ნინგსიასგან განსხვავებით, სინძიანის თურქულენოვანი უიღურები და ბუდისტი ტიბეტელები ყოველთვის ეწინააღმდეგებოდნენ „ჰანიზაციას“/„სინიზაციას“, ანუ ჩინელებთან ასიმილაციას, განსაკუთრებით მათ ავტონომიურ ტერიტორიებზე. ჩინეთის სახელმწიფოს რეაქცია ან პასუხი ამ მიმდინარეობებზე განსხვავებულია და ზოგან ასიმილაციის ზომებში, ზოგან კი – ჩინელების დემოგრაფიულ ექსპანსიაში გამოიხატება. ეს ღონისძიებები, ზოგიერთი მეცნიერისა და დემოგრაფიის სპეციალისტის მიერ, ცენტრალური მთავრობის ცენტრიდანული და ანტი-სეპარატისტული ტენდენციების პრეცენციად მიიჩნევა.
დღეს, ჩინეთის მთავრობა დიდ ყურადღება უთმობს (განსაკუთრებით დასავლეთის პროვინციებში, რომლებიც ჩინეთის პოლიტიკური და ეკონომიკური საკმაოდ შორს მდებარეობენ და შედარებით ნაკლებად არიან განვითარებულნი) „დასავლეთის დიდი განვითარების“ პროექტებს, რაც დასავლეთის პროვინციებში ცხოვრების პირობების მკვეტრად გაუმჯობესებას და საბაზო ინფრასტრუქტურის მოდერნიზებას ითვალისწინებენ. პროექტები არ შემოისაზღვრება მხოლოს გზების, ელექტოენერგიისა თუ წყლის მიეოდების ქსელებით, „დასავლეის დიდი პროექტები“ მოიცავს აეროპორტების, ავტობანებისა და დიდი ზომის საწარმოების და სასოფლო-სამეურნეო ფერმების მშენებლობას, სინძიანისა და ტიბეტის უმეტეწილად დაუსახლებელ ან მეჩხერად დასახლებულ, ძნელად მისადგომ მთიან რაიონებში.
აქვე უნდა აღინიშნოს რომ უიღურების, ტიბეტელების ძირითადი ნაწილი, სხვა უფრო მცირე ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან ერთად (გუანსის ჟუანგები, ნინგსიას ჰუი, მანჯურები ძილინის, ჰეილუნციანის და ლიაონინის პროვინციებიდან, მონღოლები, მიაო, კორეელები, დონგები და იაო) ხშირად „განვითარებას“ ჰანის ჩინელების (ჩინეთის ძირითადი მოსახლეობა) დემოგრაფიუოლ ექსპანსიას უკავშირებენ და შიშობენ რომ ეს ჰანის ჩინელების ეკონომიკურ და პოლიტიკურ დომინაციას გამოიწვევს მათ ავტონომიურ რაიონებში თუ ოლქებში. აქვე უნდა აღვნიშნოთ რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შორეული პროვინციების ყველა დედაქალაქი ჩქაროსნული, თანამედროვე სარკონიგზო მაგისტრალების არის დაკავშირებული ჩინეთის დედაქალაქ, პეკინთან. აქ გთავაზობთ ჩინეთის პროვინციების დედაქალაქების დასახელებს და მათ დაცილებას დედაქალაქიდან: ქ. ურუმჩი ( სინძიან-უიღურების ავტონომიური პროვინცია, 2400 კმ პეკინიდან), ქ. ჩენგდუ (, სიჩუანის პროვინცია, 1800 კმ პეკინიდან), ქ. ლჰასა (ტიბეტის ავტონომიური პროვინცია, 3100 კმ პეკინიდან), შიდა მონღოლეთის ავტონომია, ქ. ჰუჰ-ჰოტო (500 კმ პეკინიდან), ქ. ჰარბინი ( რუსეთის მოსაზღვრე ჰეილუნციანის პროვინცია, ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ყოფილი მანჯურია – 1200 კმ პეკინიდან) და ნან-ნინი (გუანსის ავტონომიური პროვინცია ჩინეთის სამხრეთი პროვინცია, ვიეტნამისა საზღვარზე, 2300 კმ პეკინიდან).
აღსანიშნავია რომ უმეტეს შემთხვევაში (გარდა პეკინი-ლჰასას/ტიბეტის მარშრუტისა, რომელიც ზოგან 5 000 მ სიმაღლეზე გადის!), ჩინური სარკინოგზო შემადგენლობის სიჩქარე, ქვეყნის დიდი ქალაქებს შორის მოგზაურობისას, საათში საშუალოდ 250-350 კმ აღწევს!

მაგალითზე დაფუძნებული სწავლებისთვის ბიოლოგიაში

0

მოსწავლეთა უმრავლესობას ინდუქციური აზროვნება აქვს, უფრო ნაკლებს კი – დედუქციური, რაც იმას ნიშნავს რომ, უმრავლესობა დასკვნას ადვილად აკეთებს ხელმისაწვდომ მტკიცებულებებსა და წარსულ გამოცდილებაზე დაყრდნობით. დედუქციური აზროვნების მოსწავლეები კი ლოგიკურ დასკვნას ორი ან მეტი არგუმენტიდან აკეთებენ. დედუქციური აზროვნება ლოგიკური წესების სწორად გამოყენებას გულისხმობს. მაგალითებზე, ანუ კონკრეტულ ქეისებზე დაფუძნებული სწავლების გამოყენება შეიძლება სამართლის, მედიცინის და ნებისმიერ სკოლაში, სადაც მასწავლებელს უნდა, რომ მოსწავლეებმა ნასწავლი რეალურ ცხოვრებაში გამოიყენონ. ქეისები მრავალფეროვანია, მაგალითად, „რას გააკეთებდი კონკრეტულ სიტუაციაში?“ კითხვას ახლავს დეტალური აღწერა სიტუაციისა, მონაცემები გაანალიზებისთვის და სხვა დამხმარე მასალა. ქეისის განხილვის ბოლოს მოსწავლეს უწევს პასუხის გაცემა ღია კითხვაზე, ზოგჯერ ერთაბზაციან დასკვნას აკეთებენ, ზოგჯერ პრობლემის ანალიზს, სამოქმედო გეგმაც კი დავალების პროდუქტია.

ქეისის განხილვისას მნიშვნელოვანია შემდეგ ძირითად კითხვებზე პასუხი:

  • რაშია საქმე?
  • რა არის ანალიზის მიზანი?
  • რა არის სიტუაციის კონტექსტი?
  • რა ძირითადი ფაქტები უნდა იქნას გათვალისწინებული?
  • რა ალტერნატიული გადაწყვეტილებების მიღებაა შესაძლებელი?
  • რას ურჩევდით ქეისის გმირს? რატომ?
  • როგორ დაუსაბუთებდით რჩევის სისწორეს?

ქეისის, ანუ კონკრეტული სიტუაციის ერთ-ერთი ნიმუში, რომელიც საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან, ან სამედიცინო კოლეჯის სტუდენტებთან სამუშაოდ გამოდგება, აღწერს ახალბედა დედის, ნინას მდგომარეობას, რომელიც შეშფოთებულია შვილის ჯანმრთელობით. მის ჭირვეულობას საფენს აბრალებს, მაგრამ აღმოჩნდება რომ პრობლემა ანატომიური წარმოშობისაა. დავალება ადაპტირებულია ქართული სკოლებისთვის, მოიცავს სამუშაო ფურცლებს, საპრეზენტაციო მასალას, დავალებებს, როგორც ფურცელზე, ასევე ონლაინ სამუშაოდ.

აქტივობა 1: სიტუაციის გაცნობა (გააცანით მოსწავლეებს მხოლოდ პირველი ნაწილი, სთხოვეთ უპასუხონ მის ბოლოს დასმულ შეკითხვებს). 

ქეისი: საფენის დრამა                 

 

ნაწილი I – ეს ნორმალურია?

ნინა და დავითი დიდი სიხარულით შეხვდნენ გოგოს დაბადებას. პატარა მარინა ჯანმრთელი ბავშვი იყო, წონაც ასაკის შესაბამისი ჰქონდა. ნინა ახალბედა დედა იყო, ძალიან ნერვიულობდა ყველაფერზე. ბევრიც წაიკითხა ბავშვის დაბადებამდე. იცოდა, რომ ღამე ჩვილის კვებაზე და საფენის გამოცვლაზე გაღვიძება მოუწევდა და მზად იყო ამისთვის. გამოიწერა სერვისი, რომელიც ბამბის ქსოვილის საფენებით მოამარაგებდა. იცოდა, რომ ქსოვილი უფრო კარგია, ვიდრე ერთჯერადი საფენი.

სახლში გატარებული ექვსი კვირის შემდეგ, მარინა ისე ბედნიერად აღარ გრძნობდა თავს, როგორც სამშობიაროდან გამოყვანისას. ბავშვი სულ ჭირვეულობდა და სიცხეც ხშირად ჰქონდა. ნინა ისევ ქსოვილის საფენს იყენებდა, თუმცა მარინას გენიტალიების ირგვლივ წითელი ლაქები გაუჩნდა.

ნინას პედიატრმა ურჩია, გამოეყენებინა ერთჯერადი საფენები და საფენქვეშა კრემი, რადგან გამონაყარი სველი იყო; სიცხის დროს კი – დამწევი. ნინამ გადაიკითხა ლიტერატურა ბავშვის მოვლის შესახებ და ფიქრობდა, რომ ეს გამონაყარი არ ჰგავდა საფენით გამოწვეულს. კრემისა და ერთჯერადი საფენების გამოყენების დაწყებიდან ერთ კვირაში, წითელი ლაქები უფრო გამუქდა. ამიტომ ჩვილი ექიმთან ჩაწერა.

ექიმმა გასინჯა მარინა და ჩათვალა, რომ გამონაყარი საფენებით იყო გამოწვეული. ნინას ურჩია საფენი აღარ შეეცვალა, გაეგრძელებინა საფენქვეშა კრემი და სიცხის დამწევი საჭიროებისამებრ. ნინას კი უთხრა მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტისთვის მიემართა, რადგან ზედმეტად შფოთავდა შვილის მდგომარეობაზე.

ნინა გაბრაზებული გამოვიდა ექიმის კაბინეტიდან, მიაჩნდა, რომ ექიმი მას ადანაშაულებდა გამონაყარის გამო და სერიოზულად არ აღიქვამდნენ მის პრობლემას. ის გრძნობდა, რომ რაღაცა კარგად ვერ იყო მისი შვილის ჯანმრთელობაში. ნინას დედამ შესთავაზა ბავშვი რამდენიმე დღე საფენების გარეშე ჰყოლოდა. როცა საფენები არ არსებობდა, ბავშვებს ხომ ასე ზრდიდნენ. თუმცა დედა მაინც მკაცრად იცავდა ყველაფერს, რაც ექიმმა ურჩია. გამონაყარმა იკლო, თუმცა ნინამ შეამჩნია, რომ შარდს არასასიამოვნო სუნი ჰქონდა. ჩვილი დაუსრულებლად ტიროდა და არ ჭამდა. ნინა მიიჩნევდა, რომ უფრო კომპეტენტური ადამიანის რჩევა სჭირდებოდა. ბოლოს მოძებნა უროლოგ-პედიატრი და მასთან კონსულტაციაზე ჩაეწერა.

 

კითხვები

  1. რა სიმპტომები აღენიშნებოდა მარინას?
  2. როგორ ცდილობდა ნინა მარინას სიმპტომების მკურნალობას?
  3. 3. მარინას პრობლემა მართლა საფენით იყო გამოწვეული? რატომ თვლი ასე?
  4. რატომ დატოვა გაბრაზებულმა ნინამ ექიმის კაბინეტი?
  5. რის სპეციალისტია უროლოგ-პედიატრი?

 

აქტივობა 2: საპრეზენტაციო მასალის გაცნობა (საპრეზენტაციო მასალა)

საპრეზენტაციო მასალა შეეხება ადამიანის საშარდე გზებისა და ზოგადად შარდ-გამომყოფ ორგანოებს.

აქტივობა 3: დავალებებზე მუშაობა (შესაძლებელია ჩამოთვლილი დავალებების ცალ-ცალკე აქტივობების დროს შესრულება)

ა) დავალება, მთელ კლასთან სამუშაოდ დავალებები pptx

ბ) დავალება ინდივიდუალური მუშაობისთვის გააფერადე ნეფრონი

გ) დავალება ინდივიდუალური მუშაობისთვის თირკმლის სტრუქტურები

დ) დავალება ინდივიდუალური მუშაობისთვის გააფერადე თირკმელი

ე) დავალება ინდივიდუალური ან წყვილებში მუშაობისთვის ასოების მესერი – გამომყოფი ორგანოები

ვ) ვიდეოს ანალიზი – სამუშაო ფურცელი N 1

 

 აქტივობა 4: ქეისის მეორე ნაწილის განხილვა – მოსწავლეები გაეცნობიან შარდის ანალიზის, როგორც მრავალი დაავადების დიაგნოსტირების საშუალებას.

ნაწილი II – დიაგნოზის დასმა

ახალი ექიმის კაბინეტში ექთანმა გაზომა და აწონა მარინა. გაუზომა ტემპერატურა და კიდევ ერთხელ ჩამოათვლევინა ნინას ჩვილის სიმპტომები. ამის შემდეგ შემოვიდა ექიმი ბავშვის მდგომარეობის შესაფასებლად. მოითხოვა შარდის ნიმუში ანალიზისთვის, რომლის შეგროვებაც ჭურჭელში რთული იქნებოდა პედიატრის პაციენტისთვის. ნინას აუხსნა, როგორ შეიძლება, მიიღონ შარდის ნიმუში. ჩვილებში შარდის ნიმუშის შეგროვების სხვადასხვა ტექნიკა არსებობს. ერთ-ერთი ტექნიკის შემთხვევაში კონტეინერი მზად უნდა ჰქონდეს, როგორც კი დაიწყებს მოშარდვას, შეაგროვებ. მოშარდვის დაჩქარება მუცელზე ცივი ბამბის ქსოვილის წასმით შეიძლება.

შარდის შეგროვება ასევე შეიძლება კათეტერით. პროცედურის დროს კათეტერი შეჰყავთ შარდსადენით შარდის ბუშტში. ამ მეთოდს მიმართავენ, როცა ნიმუში დაუყოვნებლივ სჭირდებათ. უარყოფითი მხარე ისაა, რომ ჩვილისთვის გარკვეული დისკომფორტია.

ნინამ გადაწყვიტა კათეტერით აეღოთ შარდი, რათა პასუხი დაუყოვნებლივ ყოფილიყო მზად. ჩვილი მშვიდად იყო პროცედურის გამავლობაში, დედა კი ძალიან ნერვიულობდა, მაგრამ ორიენტირებული იყო დიაგნოზის სწრაფ დასმაზე.

 

  1. რა უპირატესობა და ნაკლი აქვს შარდის ნიმუშის მოშარდვის დროს აღებას?
  2. რა უპირატესობა და ნაკლი აქვს შარდის ნიმუშის კათეტერით აღებას?
  3. არსებობს შარდის ნიმუშის შეგროვების რამდენიმე სხვა ტექნიკაც. შესთავაზე სხვა გზა, იფიქრე როგორც ინჟინერმა, ჩათვალე, რომ მცდარი პასუხი არ არსებობს.

აქტივობა ვიდეოს ანალიზი

აქტივობა5: კვლევის ჩატარება – სიმულაციური შარდის ანალიზი სამუშაო ფურცელი N 2

აქტივობა 6: ქეისის მესამე ნაწილის გაცნობა დიაგნოზის დასმის სხვა საშუალებები

ნაწილი III – შემდგომი კვლევები

მას შემდეგ, რაც დადასტურდა, რომ მარინას საშარდე გზების ინფექცია აქვს, ექიმმა ანტიბიოტიკები დაუნიშნა. დაუწერა ანტიბიოტიკების რეცეპტი მომდევნო კვირისთვის. პარალელურად სხვა გამოკვლევები დაუნიშნა, რომ გაეგოთ, საიდან მოდიოდა ინფექცია.

ექიმმა გადაწყვიტა, გაეკეთებინათ ჩვილისთვის საშარდე გზების ტომოგრაფია. ამ დროს იოდიანი კონტრასტი შეჰყავთ ვენაში (ინტრავენურად). წინა წლებში იყენებდნენ ინტრავენურ პიელოგრამას, რომელსაც ძალიან ბევრი რისკფაქტორი ახლავს. ამიტომ ჩაანაცვლეს ახალი ტექნიკით. კონტრასტიანი ორგანოები კარგად ფიქსირდება, მის გარეშე ისინი შეუმჩნეველი იქნებოდნენ.

 

  1. რატომ არის კონტრასტი საჭირო მანიპულაციის დროს?
  2. რა ცვლილება აღმოაჩინე ჩვილის საშარდე გზებში?

 

ნაწილი IV – მკურნალობის გზები

კვირის ბოლოს ყველა გამოკვლევის პასუხი მზად იყო, ოჯახი კიდევ ერთხელ მივიდა ექიმთან კონსულტაციაზე. ტომოგრაფიამ აჩვენა, რომ მარცხენა თირკმელში მარინას აქვს გამომტანი სისტემის ბილატერალური დუბლიკაცია. ასევე უწოდებენ გარე შარდსაწვეთს. ზოგჯერ დამატებითი შარდსაწვეთი არ ქმნის პრობლემებს, სხვა შემთხვევებში შარდის გამოტანა არ ხდება სრულყოფილად და ადვილად ვითარდება საშარდე გზების ინფექციები. პრობლემის მოგვარება შესაძლებელია ქირურგიული ჩარევით, პროცედურით, რომელსაც ჰქვია ნეფრექტომია.

ექიმმა ასევე აღნიშნა, რომ მოხდება თირკმლის იმ ნაწილის მოკვეთა, საიდანაც დამატებითი შარდსაწვეთი გამოდის. ეს შეაჩერებს შარდის გადასვლას და ინფექციების შანსს. თირკმლის დანარჩენი ნაწილი ჩვეულებრივ გააგრძელებს ფუნქციონირებას.

ნინას არ უნდოდა ასეთი პატარისთვის ქირურგიული ოპერაციის ჩატარება და ექიმს ჰკითხა, არსებობდა თუ არა რაიმე სხვა მეთოდი ამ პრობლემის მოგვარებისა. მკურნალობის დაწყება შეიძლება პროფილაქტიკური ანტიბიოტიკებით, ამ გზით შევაჩერებთ სამომავლო ინფექციებს. ეს იქნება დაბალი ხარისხის ანტიბიოტიკი, რომელსაც ყოველდღიურად მიიღებს. ხშირად როცა ბავშვი იზრდება, თირკმელებიც იზრდება და პრობლემა ავტომატურად გვარდება.

 

 

  1. 11. რა არის ექტოპიური შარდსაწვეთი? რა პრობლემას ქმნის?
  2. რა განსხვავებაა გარკვეული ინფექციის წინააღმდეგ გამოყენებულსა და საპროფილაქტიკო ანტიბიოტიკებს შორის?
  3. რა არის ნეფრექტომია?
  4. რას აირჩევდი ნინას ადგილზე რომ ყოფილიყავი, მედიკამენტურ მკურნალობას თუ ქირურგიულ ჩარევას? ახსენი პასუხი.

აქტივობა 7: ქეისის დასკვნის პრეზენტაცია.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. https://sites.psu.edu/pedagogicalpractices/case-studies/

https://sites.psu.edu/pedagogicalpractices/case-studies/#howto

ბებიები პროგრესის სადარაჯოზე

0

თანამედროვე მსოფლიო რადიკალიზმის გამოღვიძებისა და გაძლიერების ხანაში ცხოვრობს. საზოგადოებრივ-პოლიტიკური პრობლემებით დაინტერესებული ადამიანები ყოველდღიურად ვკითხულობთ სხვადასხვა შემაშფოთებელ ცნობას. მაგალითად, ევროპაში საკმაოდ ხმამაღლა ისმის იმ ადამიანების ხმა, რომლებიც დემოკრატიას მმართველობის საუკეთესო ფორმად არ მიიჩნევენ. ისინი ავტორიტარიზმისკენ, ერთმმართველობისკენ მიბრუნებას ემხრობიან. მათ გვერდით არსებობენ ჯგუფები, რომლებიც შემწყნარებლობას შხამად მოიხსენებენ და უცხო ადამიანების გარიყვას, განდევნას აუცილებელ ღონისძიებად აცხადებენ. აშშ-ში მილიონობით მოქალაქეს არწმუნებენ, რომ კლიმატის ცვლილება ჩინელების გამოგონილი ტყუილია დასავლური ეკონომიკის გასანადგურებლად. ბევრი აქტივისტი უკვე საჯაროდ აღიარებს, რომ ძალის გამოყენება მხოლოდ სახელმწიფოს ექსკლუზიური უფლებამოსილება არ არის, მათთვის ძალადობა თანამოქალაქეებთან ურთიერთობის ჩვეულებრივი ფორმაა.

რადიკალურ ჯგუფებზე დაკვირვების შედეგად ზოგიერთი სწავლული უცნაურ დასკვნამდე მივიდა. ბევრი მიმომხილველი ადამიანის ასაკსა და ანტიდემოკრატიულ ტენდენციებს შორის ხედავს კავშირს. თითქოს რაც უფრო მოხუცია მოქალაქე, მით უფრო ემხრობა რეტროგრადულ იდეებს. თუ საკითხს მხოლოდ ტექნიკურად შევხედავთ, შეიძლება მართლა აღმოვაჩინოთ ამგვარი კავშირი, მაგრამ სოციალური მეცნიერებები ფიზიკასა და მათემატიკას არ ჰგვანან. ჩვენ მხოლოდ რიცხვებით არ ვზომავთ მოვლენებს. აუცილებელია ყველა სოციალური ჯგუფისა თუ ასაკობრივი კატეგორიის უფრო ღრმად შესწავლა, გამონაკლისებზე განსაკუთრებული აქცენტის დასმა.

როგორც ჩანს, ბევრ ასაკოვან მოქალაქეს ძალიან ეწყინა ზოგიერთი დამკვირვებლის ზედაპირული მოსაზრებების საყოველთაოდ გავრცელება. მრავალმა ადამიანმა გადაწყვიტა თავისი შვილებისა და შვილიშვილების, მთელი საზოგადოების წინაშე ღიად გამოეცხადებინა მხარდაჭერა პროგრესული დღის წესრიგისათვის. რამდენიმე წლის წინ, ევროპის შუაგულში, ქალაქ ვენაში დაფუძნდა მოძრაობა „ბებიები რადიკალთა წინააღმდეგ“, რომელიც შემდეგ მთელს კონტინენტზე გავრცელდა.

რისთვის იბრძვიან ბებიები?

ბებიების ბრძოლის შინაარსის განხილვა რამდენიმე მაგალითის საფუძველზე შეგვიძლია.

ორიოდე წლის წინ ავსტრიის მთავრობამ ჰიტლერის მშობლიურ სახლთან დაკავშირებით საკამათო გადაწყვეტილება მიიღო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სასტიკი დიქტატორის ბინასთან განთავსებული მემორიალური ქვის აღება დააპირა. ქვას უზარმაზარი ასოებით აწერია: „მშვიდობისთვის, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის აღარასოდეს დავუშვათ ფაშიზმი, გვახსოვდეს მილიონობით დაღუპული“. სახელმწიფო უწყების ინიციატივა კეთილშობილური გახლდათ – ოფიციალურ პირებს სურდათ ტურისტად ჩამოსული ნაცისტებისთვის ნაკლებად თვალსაჩინო ყოფილიყო მათთვის საინტერესო ადგილი, პოლიცია მიზნად ისახავდა არასასურველი თავყრილობების თავიდან აცილებას. ამასთანავე, ცენტრალური ხელისუფლება თანაუგრძნობდა პატარა ქალაქ ბრაუნაუს კეთილშობილ მოქალაქეებს, რომლებიც წლებია, ოცნებობენ საშინელი დამღისგან მცირედით გათავისუფლებას მაინც.

აქტიურმა ბებიებმა დაუშვებლად მიიჩნიეს მემორიალის ქუჩიდან გაქრობა. მოძრაობის წევრებმა მაშინ განაცხადეს: „დღევანდელ ევროპაში ფაშისტებისა და რასისტების მომრავლების ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ზოგიერთები ჩვენი ისტორიის ნეიტრალიზებას ცდილობენ. ჰიტლერის მიერ ჩადენილი დანაშაულები უნდა გვახსოვდეს, მათზე მუდამ უნდა ვმსჯელობდეთ, სინანულს სამარადჟამოდ უნდა გამოვხატავდეთ, რათა ეს უბედურება აღარასდროს განმეორდეს. მიჩქმალვა, მემორიალების გადამალვა კუთხეში მიმწყვდეულ რადიკალებს დღის სინათლეზე გამოსვლის შესაძლებლობას აძლევს. ჩვენ არ ვითხოვთ მუდმივ გვემაში ყოფნას, ჩვენ გვინდა, რომ გვახსოვდეს, რათა აღარასდროს განმეორდეს“.

ბებიებმა ეს ბრძოლა მოიგეს, თუ ოდესმე ამ დაწყევლილ ადგილას აღმოჩნდებით, ვეებერთელა ქვას კვლავ შენიშნავთ პატარა ავსტრიული ქალაქის ქუჩებში.

არ იფიქროთ, რომ მოძრაობის წევრები მხოლოდ მემორიალების დასაცავად ირაზმებიან. 2024 წელს ბებიებმა ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ ულტრამემარჯვენე პარტიას – „ალტერნატივა გერმანიისათვის“ საშინელი თავსატეხი გაუჩინეს. პენსიონერებმა ათასობით ხელმოწერა შეაგროვეს და პეტიციით მიმართეს ბერლინის სახალხო ბანკს. პეტიციაში ისინი ფაშისტებითა და ექსტრემისტებით დაკომპლექტებული პარტიისთვის საბანკო ანგარიშის დახურვას მოითხოვდნენ. ბანკის ალყაშემორტყმულმა თანამშრომლებმა უყურადღებოდ ვერ დატოვეს მოძრაობის შემოტევა და წინასაარჩევნო კამპანიის სტარტზე პარტიას საბანკო ანგარიშები დაუხურეს.

გაერთიანება „Omas gegen Rechts“ მიიჩნევს, რომ კლიმატის ცვლილება და მისგან გამომდინარე შედეგები მხოლოდ გრეტა ტუნბერგისა და მისი თაობის წარმომადგენელთა სადარდებელი არ უნდა იყოს, გარემოს დაცვისა და გლობალური დათბობის პრობლემა პენსიონერთა საზრუნავსაც უნდა წარმოადგენდეს. აქედან გამომდინარე, მწვანეთა სამოქალაქო ჯგუფების მიერ ორგანიზებულ მასობრივ დემონსტრაციებზე მოსწავლეებისა და სტუდენტების გვერდით უკვე გამოჩნდნენ ერთ გუნდად შეჯგუფებული ბებიები, რომელთაც მწვანე დროშებთან ერთად თავიანთი მოძრაობის ტრანსპარანტებიც მოაქვთ. საერთოდ, მოძრაობის წევრების გამორჩევა ყველა ღონისძიებაზე ადვილად არის შესაძლებელი, თუ საშინელი მზე არ აჭერს, აქტივისტებს ნაქსოვი ქუდები ახურავთ თავზე.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, სადაც ადამიანებს, ბუნებას, დემოკრატიას დაცვა სჭირდება, სადაც ზიზღსა და ჩაგვრას ებრძვიან, ბებიები თავიანთი შვილიშვილების გვერდით დგანან და ზურგს უმაგრებენ ახალ თაობას.

მოძრაობის განვლილ გზაზე დაკვირვებისას სიხარულთან ერთად სევდაც მიპყრობს ხოლმე. სევდის მიზეზს ბებიების მიერ გამოქვეყნებულ მანიფესტში მივაკვლიე. საპროგრამო დოკუმენტის ბოლოს ევროპელი ასაკოვანი ქალები წერენ: „ჩვენ უკვე აღარ გვყავს პატარა შვილები, აღარ გვჭირდება დიდი დატვირთვით მუშაობა, გვაქვს მეტი დრო პოლიტიკაში მონაწილეობისთვის და, როგორც ჩანს, ახლა სწორედ შესაფერისი დრო დგას საერთო საქმეში საკუთარი წვლილის შესატანად. საქმე ეხება ურთიერთწახალისების, საერთო ქსელის მშენებლობისა და ხილვადობის საკითხს. სიბერე არ ნიშნავს ჩუმად ყოფნას“. ევროპელ ქალებს აქვთ საშუალება, ხმამაღლა ისაუბრონ არამხოლოდ საკუთარ, არამედ საზოგადოების პრობლემებზეც, ღარიბ ქვეყნებში კი მოხუცებს გადარჩენისთვის უწევთ ბრძოლა.

ეტიუდი “ერთი ლექსი” (ტერენტი გრანელის “დაბრუნება სოფელში”)

0

დაბრუნება სოფელში

ახლა არის ივნისი, ახლა გვიან ღამდება.
მაგონდება ბავშვობა. ეს ცა მაშინ სხვა იყო!
ამ მაღლობზე ველოდი ქრისტეს გამოცხადებას…
მერე თეთრმა სიჩუმემ ის იმედი წაიღო.

ახლა დედის აჩრდილი დებს და მამას მაბარებს,
(ახლა უფრო ხშირია დარდი და უძილობა).
მზერას მტაცებს საყდარი. ველზე გათხრილ სამარეს
ვაკვირდები შორიდან, როგორც მიწის ჭრილობას.

ახლა იქნებ ჭორებიც მომედება ტალახად:
მე ხომ ბედმა გამრიყა, თანაც მტანჯავს ციება!..
ახლა ჩემში ძნელია გენიოსის დანახვა,
ახლა ჩემი გაკილვა ყველას ეპატიება.

თუმცა თვალებს ცეცხლიანს არ ეტყობათ დაღალვა,
ვიცი, გაფითრებული ვგავარ შემოღამებას.
ნიჭმა ვეღარ მიშველა, როგორც ზეცამ მაღალმა…
არ თავდება ვარამი და იობის წამება.

ახლა მინდა ამ მზეში იმედები გახშირდეს
(თუმცა რაა იმედი? – წამიერი ფარ-ხმალი).
მელანდება სიკვდილი და სოფელი მამშვიდებს,
ჩემი ტკბილი ოცნების ლურჯი ნამოსახლარი.

ეს ხუთსტროფიანი ლირიკული შედევრი ტერენტი გრანელის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლექსია. უხეში გამოანგარიშებით, გრანელის ლექსების ოთხმოცდათხუთმეტი პროცენტი ყველაზე გავრცელებული საზომით – ლოგაედური ათმარცვლედით არის დაწერილი. აღნიშნულ ათმარცვლედს მან შესძინა სრულიად უნიკალური ინტონაციური აკუსტიკა, გრანელის ათმარცვლედის ინტონაციურ ეპიგონიზმს დღესაც მრავლად შევხვდებით. რაც შეეხება სხვა საზომებს, რომელთა ხვედრითი წილი, როგორც უკვე აღვნიშნე, გრანელთან ცოტაა: ამ საზომებით დაწერილ მის ლექსებში თვითკმარობა და ინდივიდუალიზმი კონცეპტუალურ-თემატური აქცენტებით უფრო მიიღწევა. ტერენტი, ზოგადად, არ იყო ნოვატორი ვერსიფიკატორი, უკვე არსებული, სულ რამდენიმე ფორმის ფარგლებში ოპერირებდა, თუმცა ეს ფორმები წარმოუდგენელ პოეტურ სიმაღლემდე აიყვანა, როგორც ჭეშმარიტად დიდ პოეტს სჩვევია.

ეს კონკრეტული ლექსი ფოლკლორული თოთხმეტმარცვლედით არის დაწერილი. ამ რამდენიმე თვის წინ, გალაკტიონისადმი მიძღვნილ ერთ გადაცემაში, ერთი პატივცემული ამ და სხვა ძველ საზომებს გალაკტიონს “აბრალებდა”, მისი შემოტანილიაო. სინამდვილეში ეს ფოლკლორული საზომია, რომელიც, საყოველთაო მოსაზრებით, გურამიშვილმა გაალიტერატურულა. თუმცა ამ საზომის მწიგნობრულ ვარიანტს გურამიშვილამდე გაცილებით ადრე – მეცხრე საუკუნეში ვხვდებით ატენის სიონის კედელზე, სადაც სხვადასხვა სახეობის (5/2 და 4/3) შვიდმარცვლედით დაწერილი ორი, მონორიმულად გარითმული ლექსის ფრაგმენტი იკითხება:

1. “იხილეთ ესე ჟამი,
წავა, ვითარცა წამი…” და ა. შ.

და

2. “ეგრე იტყვის მოძღვარი,
მუნ არ არის ვაჭარი…” – და ა. შ.

ზემოთ ნახსენები პატივცემული პირველ წარწერაში დამუშავებულ შვიდმარცვლედსაც (5/2) გალაკტიონს მიაწერდა, თუმცა დავანებოთ თავი, ამჟამად ჩვენ მეორე წარწერა გვაინტერესებს: ეს ის თოთხმეტმარცვლედია, რომლითაც ტერენტის, ზემოთ მოხმობილი, ლექსია დაწერილი, ოღონდ ეს თოთხმეტმარცვლედი, უბრალოდ, შუაზეა გახლეჩილი. მიუხედავად ამ წარწერისა, ამ და ათეულობით სხვა საზომის ლიტერატურული ლეგიტიმაცია, ცხადია, გურამიშვილის დამსახურება გახლავთ, წორედ გურამიშვილის მეშვეობით კულტივირდა ეს საზომი შემდგომდროინდელ ქართულ პოეზიაში და გალაკტიონმაც სწორედ მისგან აიღო (ისევე, როგორც – სხვა, არაერთი საზომი), უბრალოდ, გალაკტიონმა ამ საზომში შიდა რითმები შემოიტანა და ასე დაწერა “ლურჯა ცხენები”. ეს საზომი, გალაკტიონისეული შიდა რითმებით, გრანელსაც აქვს გამოყენებული და იქ “ლურჯა ცხენების” ინტონაციურ ტყვეობას ვერ აღწევს თავს, თუმცა ეს შეგირდობის პერიოდია. ამ პერიოდში გრანელთან ცისფერყანწელების საერთო პოეტიკის (ბესიკური თოთხმეტმარცლედის მონოტონური, მოსაწყენი ინტონაცია) შეინიშნება, თუმცა ტერენტიმ რეკორდულად მალე დაძლია გავლენები და თავის უნიკალურ ხმას მიაგნო, ოღონდ უნდა ითქვას, რომ ამ და კიდევ სხვა რამდენიმე საზომით მისი შემდგომი, უკვე ღრმად ინდივიდუალისტური, დაინტერესება სწორედ გალაკტიონიდან მოდის.

***

ლექსი (როგორც ტერენტის თითქმის ყველა ლექსი) ჯვარედინად გარითმული კატრენებით არის დაწერილი. რას გვეუბნება ლექსის კონცეპტუალური მხარე? – აქ ტერენტი მთელი თავისი გენიალური დიდებულებით არის წარმოდგენილი, მისი პოეზიის ყველა იმანენტური შტრიხია ამ ლექსში თავმოყრილი: სოფელში დაბრუნების თემა; რელიგიური მოტივები; გარიყულობა და უიმედობა; მუდმივი სიახლოვე ტრანსცენდენტურ სამყაროსთან.

გრანელმა წალენჯიხა სახარებისეული ტოპონიმიკის რეგისტრში აიყვანა. ჩემი ბავშვობა მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც წალენჯიხასთან იყო დაკავშირებული – დეიდაჩემი ცხოვრობს იქ, თანაც – გრანელის სახლ-მუზეუმიდან სულ ორასიოდე ნაბიჯში. მახსოვს გრანელის მოუვლელი სახლ-მუზეუმი…

ეს ლექსი ჩემში ბავშვობისდროინდელ, ტკბილ-მწარედ ინტიმურ ემოციებს აღძრავს: მახსენდება მოასფალტებული, დახვეული, ხეებით დაბურული გზა, რომელიც ფერდობს მიუყვება ეკლესიამდე (“ამ მაღლობზე ველოდი ქრისტეს გამოცხადებას…”), მახსენდება წალენჯიხის ძველი ტაძარი, სადაც მოვინათლე (“მზერას მტაცებს საყდარი.”) და მახსენდება ტაძრის გაყოლებაზე გათხრილი სამარე ჩემი ოცდაერთი წლის დეიდაშვილისა, რომელიც რუსეთში მოკლეს (“ველზე გათხრილ სამარეს / ვაკვირდები შორიდან, როგორც მიწის ჭრილობას…”)…

„ვინ“ იმალება E-ს უკან? (ჩანაწერები საკვები დანამატების შესახებ)

0

სადმე სუპერმარკეტში კალათასთან ჩამოყრდნობილ და პროდუქტების ეტიკეტების მკითხველ ქალბატონს თუ მოჰკარით თვალი, დიდი ალბათობით მე ვარ. შერჩევის პროცესს დიდ დროს ვანდომებ. ამიტომ საყიდლებზე წასვლა, ბოლო დროს, სულ უფრო და უფრო მეზარება.

არა, არც მთლად ასე ფრთხილი ვარ და ზოგჯერ „ნაგავს“ სრულიად შეგნებულად გეახლებით. მაგალითად, 2022 წლის ოქტომბერში ვენეციაში პროექტის ფარგლებში ვიყავი. ჩვენი ჯგუფი ხუთ მონაწილეს ითვლიდა. ისე დავგეგმეთ, რომ ორი დღე სრულად თავისუფალი გვქონოდა. ერთი – შეხვედრის დასაწყისში, მეორე კი – ბოლოში. ჰოდა, იმ პირველივე დღეს, მთელი დღის ფეხით ნასიარულები, სასტუმროს წინ, წყლის ნაპირას ჩამოვსხედით და ვახშმამდე რაღაც ადგილობრივი კოქტეილის წრუპვა დავიწყეთ. მერე ერთი ჩვენიანი გაიქცა (არავის უთხოვია, თავისით) და იქვე სუპერმარკეტიდან ყველას სათითაოდ ჩიფსი მოგვიტანა. ამითაც შევიქციოთ თავი და ჩვენი დაჯავშნილი ვახშმის დროც მოვაო.

და რას ფიქრობთ, რა გავაკეთე? ის ერთი შეკვრა ჩიფსი სრულიად შეგნებულად მივირთვი… უბრალოდ, როდესაც ასეთ ჯგუფურ სიტუაციაში ხვდები და უმრავლესობას „არაჯანსაღი“ პროდუქტის ჭამა სურს, თან მთელი გულით გეპატიჟებიან, უხერხულია „შეხტე“ რომელიმე ამაღლებულ ადგილას და მინი-ლექცია წაუკითხო, რა ცუდია არაჯანსაღი კვება. ამას სჯობს, ყველასთან ერთად შენც გემრიელად მიირთვა. ოღონდ, ნახეთ, ეს ამბავი 2022 წელს იყო. ახლა 2024 წელია და მას შემდეგ მე ჩიფსს აღარ გავკარებივარ. რის თქმა მსურს, მიხვდით ალბათ. ძალიან იშვიათად, ორგანიზმი როგორმე „ნაგავსაც“ გადაიტანს.

თუმცა, მთავარ სათქმელს დავუბრუნდეთ. დღეს პროდუქტების უმეტესობას ხანგრძლივი შენახვის ვადა აქვს და ეს კონსერვანტების წყალობით ხდება. ამ მიზნით უამრავი ქიმიური ნივთიერება ემატება საკვებს და ეტიკეტზე E სიმბოლოთი გამოისახება, რომელსაც ნომერი-კოდი მოსდევს.

E100-109-მდე საკვების ყვითელი საღებავია; E110-119-მდე – საკვების ნარინჯისფერი საღებავი; E120-129 – წითელი;E130-139 – ლურჯი და იისფერი; E140-149 მწვანეა, E150-159-ყავისფერი და შავია; E160-199 კი ყველა სხვა დარჩენილ ფერს მოიცავს.

გამოდის, რომ ერთი და იმავე ფერის მისაღებად სხვადასხვა ნივთიერების გამოყენებაა შესაძლებელი. მაგ. E100 ბუნებრივი საღებავია და კურკუმინი ეწოდება. მას კურკუმის ფესვიდან იღებენ.

ავიღოთ სუპერმარკეტში ნაყიდი კურკუმას ფხვნილი და დავასხათ სპირტი. დაყოვნებისა და მორევის შედეგად საღებავი გამხსნელში გადაინაცვლებს. გავფილტროთ, სითხე გავაცხელოთ და დაველოდოთ სპირტის აორთქლებას. შედეგად დაგვრჩება სწორედ ის საღებავი, რომელსაც E100 შეიცავს და რომლის მეშვეობითაც ყვითელ შეფერილობას აძლევენ ყველეულს, ნაყინს, ტორტებს, კანფეტებს. სუფთა სახით კურკუმინი აფთიაქებში იყიდება, ის ძალიან სასარგებლო ანტიოქსიდანტია და მეც წლებია, მისი მომხმარებელი ვარ.

სხვათა შორის, ასევე აფთიაქში იპოვით შემდეგ საღებავს – E101-რიბოფლავინს, იმავე B2 ვიტამინს. ჩვენს ორგანიზმს ის ძირითადად ერითროციტების სინთეზისთვის ესაჭიროება. ის ფლავინდამოკიდებული ფერმენტების კოფერმენტების შემადგენლობაშიც შედის. გვხვდება კვერცხში, ხაჭოში, ღვიძლში. ამ პროდუქტებს თავად ბუნებამ დაუმატა. სპეციალურად კი ამატებენ კარაქს, საბავშვო კვებას.

ავიღოთ ამპულა ვიტამინ B2-ით, გავხსნათ წყალში. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, როგორ შეიფერება წყალი მომწვანო-მოყვითალოდ. თუ ულტრაიისფერ სინათლეს დავასხივებთ, მკვეთრი ყვითელი უფრო ნათლად გამოჩნდება.

თუმცა… E101-ს დანამატად იშვიათად იყენებენ, ძვირი ჯდება. უფრო ხშირად E102-ს შევხვდებით. ეს სინთეზური საღებავი ტარტრაზინია. ყვითელი ფერის გაზიანი სასმელები, ჟელე, მდოგვი, ნაყინი, იოგურტი, კონფეტები და კრემიანი ნამცხვრები, სწრაფი მომზადების პიურე, დაკონსერვებული ხილი და ბოსტნეული-ყველაფერი ძირითადად ტარტრაზინს შეიცავს.

არადა, ბავშვებში ჰიპერაქტიურობას იწვევს… მაგრამ იაფია.

არადა, ასთმისა და ალერგიის მიზეზადაც შეიძლება იქცეს… არადა იაფია.

ბევრ ქვეყანაში ერთი პერიოდი აკრძალეს კიდეც, მაგრამ სამეცნიერო კვლევების არასაკმარისი მონაცემების გამო, აკრძალვა გაუქმდა. უბრალოდ, სავალდებულოა, რომ ეტიკეტზე მწარმოებელმა მიაწეროს პროდუქტში მისი არსებობის შესახებ.

E103-ალკანინი, მისი ფერი pH გარემოზეა დამოკიდებული და შეიძლება იყოს ოქროსფერი, წითელი და იისფერიც კი. ახლა მისი გამოყენება იკრძალება, რადგან დამტკიცდა, რომ სიმსივნის გამოწვევა შეუძლია. თუმცა, ადრე იაფფასიან ღვინოებში იყენებდნენ. სხვათა შორის, ერთ-ერთი სახეობის ფურისულას ფესვებიდან მოიპოვებენ.

ახლა აგვისტოა და ყველაზე მეტად ნაყინზეა მოთხოვნა. ბევრი ფერადი ნაყინი იყიდება, არა? რას უმატებენ ფერის მისაცემად? ავიღოთ თბილი წყალი და მასში გავხსნათ სოდა, ანუ შევქმენით ტუტე გარემო. დავამატოთ ოდნავ გამდნარი წითელი ფერის ნაყინი. თუ წითელი ფერი ლურჯით შეიცვალა, ნაყინში ანტოციანები ყოფილა. ანუ, მართლაც ხილის ექსტრაქტით ყოფილა შეღებილი. E163 ასევე ანტოციანია, ესეც ბუნებრივი გზით მიღებული. თუმცა, თუ მწარმოებელს იაფად სურს თავის დაძვრენა, მაშინ E124-ს დაამატებს (პონსო) ან E122-ს (აზორუბინი/კარმაზინი) გამოიყენებს. პონსო ყოველთვის წითელია, აზორუბინი კი ტუტე არეში ყავისფერ შეფერილობას იღებს.

ნამცხვრების თეთრი კრემის, საღეჭი რეზინის კაშკაშა თეთრ ფერს E171 უზრუნველყოფს და ეს ტიტანის დიოქსიდია. ავიღოთ სამი ჭიქა, ერთში დაქუცმაცებული თეთრი საღეჭი რეზინი მოვათავსოთ, მეორეში თეთრი კრემი, მესამეში კი არაჟანი, თითოეულს დავამატოთ კონცენტრირებული გოგირდმჟავა. ტიტანის დიოქსიდი გოგირდმჟავასთან ნელა შევა რეაქციაში და წარმოიქმნება ტიტანის სულფატი:

TiO2+2H2SO4=Ti(SO4)2+2H2O

მჟავასთან ასევე რეაქციაში შევა პროდუქტებში არსებული სხვა ორგანული ნივთიერებებიც, მაგ. შაქარი. შედეგად წარმოიქმნება ნახშირი, გოგირდის დიოქსიდი, წყალი და ნახშირორჟანგი. ამიტომ, ჭიქების შიგთავსი ჯერ ყვითლდება, შემდეგ ნელ-ნელა მუქდება, შავ ფერამდე. სამივე ჭიქის შემცველობა გავფილტროთ, მიღებულ სითხეს დავუმატოთ სისხლის წითელი მარილი. წარმოიქმნება მუქი ყავისფერი ნალექი, რადგან ოთხვალენტიანი ტიტანი კალიუმის ჰექსაციანო (III) ფერატთან შევა რეაქციაში:

Ti4++K4[Fe(CN6)]=Ti[Fe(CN6)]+4K+

თუ ფილტრატს სისხლის წითელი მარილის ნაცვლად, ნატრიუმის თიოსულფატს დავამატებთ, მაშინ შავი ფერის მეტატიტანის მჟავა წარმოიქმნება. გამოდის, რომ საცდელად აღებულ ყველა პროდუქტში ტიტანის დიოქსიდი შედის.

Ti(SO4)2+2Na2S2O3+H2O=H2TiO3+2SO2+2S+2Na2SO4

 რამდენად უვნებელია ტიტანის დიოქსიდი, საკამათოა. არსებობს მონაცემები, რომ ის ვნებს თირკმელებს და ღვიძლს (https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC3423755/ https://www.sciencedirect.com/science/article/pii/S2666911023000114).

ჰოდა, ხომ შეიძლება საღეჭ რეზინს თეთრი ფერი E170-ით შესძინონ? ეს ცარცი, იგივე კალციუმის კარბონატი გახლავთ. ხასხასა თეთრი ვერ, თუმცა უსაფრთხო იქნება.

ახლა, კიდევ ერთი ცდა. ჭიქაში მოვათავსოთ ორი კვერცხის ნაჭუჭი და დავამატოთ ტკბილი, მუქი, გაზიანი სასმელი. მოკლედ, ხვდებით, რომელიც… დავივიწყოთ ეს ჭიქა 24 საათით და მეორე დღეს ნაჭუჭი ამოვიღოთ. დავინახავთ, რომ ის შეიფერება. ზუსტად ასე ფერავს მუქი გაზიანი სასმელების უმრავლესობა ჩვენს კბილებსაც. ამ ტიპის სასმელებში კონსერვანტებსაც მოვიძიებთ – E200-299. ამ დანამატების მიზანია, მიკროორგანიზმების პროდუქტში გამრავლების შეფერხება და ვარგისიანობის გაზრდა. უნდა აღინიშნოს, რომ თავად ნახშირორჟანგიც კონსერვანტია E 290, თუმცა ძლიერი ვერ არის და ამიტომ უმატებენ სხვა ნებადართულ დანამატებს. მაგ. E202 კალიუმის სორბიტი, E211 ნატრიუმის ბენზოატი. ამ უკანასკნელის აღმოჩენა შემდეგი რეაქციით შეგვიძლია. ავიღოთ სინჯარა, ჩავასხათ რაიმე გაზიანი სასმელი და დავამატოთ რკინის (III) ქლორიდის ნაჯერი ხსნარი. შეინიშნება ოქროსფერი ნალექის წარმოქმნა. ეს რკინის ბენზოატია.

FeCl3+3C6H5COONa=Fe(C6H5COO)3+3NaCl

აი, ეს ნატრიუმის ბენზოატი კვლევების თანახმად, შეიძლება ნეიროდეგენერაციული დაავადებების გამომწვევი იყოს. არადა, იგივე ნივთიერება მოცვსა და სხვა კენკროვანებში შედის და ეს პროდუქტი ვიცით, რომ სასარგებლოა. საქმე რაოდენობაშია. ანუ, ამ უდავოდ სასარგებლო კენკროვანებში მცირე რაოდენობით არის და გაზიან სასმელებში უკვე ბევრი გამოდის, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ზოგიერთი უკონტროლოდაც მიირთმევს.

E240 ფორმალდეჰიდი აკრძალულია. ადრე ძეხვეულსა და შებოლილ პროდუქტებში იყენებდნენ, ახლა აღარ, თუმცა იაფფასიან წითელ ხიზილალაში შესაძლოა შეგვხვდეს.

E260 ჩვეულებრივი ძმარია. ასევე ნატრიუმის ქლორიდი, რომელიც დანამატებში არ შედის, თუმცა უდავოდ ეფექტური კონსერვანტია. ბევრი მარილი პროდუქტს ინახავს, თუმცა ბევრი მარილი დამანგრევლად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე.

აქვე ისიც უნდა დავწერო, რომ ძალიან კარგად ვაცნობიერებ იმას, რომ თანამედროვე კვების წარმოება დანამატების გარეშე ვერ იარსებებს. თუმცა, ალბათ ზომიერებაა დასაცავი და სანამ მწარმოებელი ამაზე იფიქრებს, მანამდე თავად ვიფიქროთ – რა, როგორ და რამდენი ვჭამოთ.

მათემატიკა მწვანე მინდორზე (შემოქმედებითი დავალება)

0

დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის მათემატიკის სწავლება ხშირად ასოცირდება მოსაწყენ და აბსტრაქტულ ამოცანებთან, მაგრამ როდესაც მათემატიკურ კონცეფციებს ვუკავშირებთ რეალურ ცხოვრებისეულ პრობლემებს, სწავლა საინტერესო და მოტივირებული ხდება. ჩემს მე-5 კლასში მართკუთხედის ფართობის სწავლებისას სწორედ ამ მიდგომას მივმართე. სკოლის სტადიონის ხელოვნური მინდვრის საფარის შეძენის პრობლემამ მოსწავლეები აქტიურად ჩართო სწავლის პროცესში და დაეხმარა მათ, უკეთ გაეაზრებინათ ფართობის კონცეფცია.

საგანი: მათემატიკა

კლასი: მე-5

სამიზნე ცნება:

მათემატიკური მოდელი:

გეომეტრიული მოდელი (მართკუთხედი. ფიგურის ელემენტები), ფართობის ერთეული.

კანონზომიერება:

შესაბამისობა (გეომეტრიულ ფიგურასა და მის ელემენტებს შორის), სიდიდეებს შორის დამოკიდებულება.

ლოგიკა მსჯელობა, დასაბუთება

საკითხი: მართკუთხედის ფართობი. კავშირი სიგრძისა და ფართობის ერთეულებს შორის

ესგ-ს მიხედვით მისაღწევი შედეგი: მათ. დაწყ (II). 4, 5.

  • ყოველდღიურ ცხოვრებაში ობიექტებსა და პროცესებში მათემატიკური ცნებების, მოდელებისა და მიმართებების შემჩნევა, მათი თვისებების გამოყენება მათემატიკური მოდელის აგებისას, პრაქტიკული ამოცანების გადაჭრისას;
  • პრობლემის გადასაჭრელად მათემატიკური მეთოდების საშუალებით ზუსტი ან მიახლოებითი გამოთვლების შესრულება და შედეგის შეფასება.

მოსწავლემ უნდა შეძლოს:

მსჯელობა იმის შესახებ, რომ:

  • ჩვენ გარშემო და გარემომცველ ბუნებაში უამრავ საგანს გეომეტრიული ფიგურების ფორმა აქვს;
  • გეომეტრიული ფიგურები ერთმანეთისგან განირჩევა თვისებრივი და რაოდენობრივი ნიშნებით – ფორმით, ზომით;
  • გეომეტრიული ფიგურების თვისებების ცოდნა გვეხმარება გეომეტრიული ობიექტებისა და მოდელების აგებაში;
  • სტანდარტული ერთეული საშუალებას გვაძლევს, აღვწეროთ, შევადაროთ, შევაფასოთ ობიექტი, მოვლენა, სიდიდე, მახასიათებელი;
  • გაზომვების შედეგად მიიღება ობიექტის მოვლენის რაოდენობრივი მახასიათებლები შესაბამისი ერთეულით;
  • გაზომვის შედეგები მხოლოდ იმ შემთხვევაშია სანდო, თუ გაზომვა სტანდარტული ერთეულებით და სტანდარტული ხელსაწყოებით ხორციელდება.

თემა დავიწყე სადისკუსიო კითხვით:

– სკოლის სტადიონს სჭირდება ხელოვნური მინდვრის საფარი. როგორ დავადგინოთ რა რაოდენობის საფარი დასჭირდება სკოლის სტადიონს?

კლასში გაიმართა მცირე დისკუსია. ბავშვებმა იმსჯელეს, რომ გაზომვებისა და გამოთვლების შედეგად უნდა ვიპოვოთ, რა რაოდენობის საფარი დასჭირდება სკოლის სტადიონს. სწორედ აქ ვაცნობ მოსწავლეებს გაკვეთილის თემასა და მიზანს: შევისწავლით მართკუთხედის ფართობის გამოთვლას და თემის ბოლოს შევძლებთ დასმული ამოცანის გადაწყვეტას (იხ. შემოქმედებითი დავალება).

2-3 გაკვეთილი დასჭირდა ინტერაქციული მეთოდების გამოყენებით მართკუთხედის ფართობის ცნების გააზრებას.  მოსწავლეები გამოთვლიან მართკუთხედის ფართობს კვადრატული ერთეულების დათვლით და სიგრძისა და სიგანის გადამრავლებით. აკავშირებენ სიგრძისა და ფართობის ერთეულებს. რეალურ გარემოში ცოდნის ტრანსფერისთვის კი უნდა შეასრულონ შემდეგი დავალება, რომელიც თემის დასაწყიში გავაცანი:

შემოქმედებითი/კომპლექსური დავალება

(ეს ინდივიდუალური დავალებაა და მოსწავლეებმა უნდა წარმოადგინონ 2-3 გაკვეთილის შემდეგ. შეიძლება, აზომვითი სამუშაოები შესრულდეს ჯგუფურად)

ჩვენი სკოლის ეზოში მართკუთხა ფორმის სტადიონია

სკოლის დირექციას სურს, სტადიონზე დააგოს ხელოვნური მინდვრის საფარი, ამიტომ აუცილებელია სტადიონის ზუსტი ფართობის გაზომვა.

დაეხმარე დირექციას სტადიონის ფართობის გამოთვლაში (შესაბამისი ოდენობის მასალების შეძენის მიზნით).

შენი დავალებაა :

  1. გააანალიზო რეალური პრობლემა: სკოლის სტადიონი როგორც მართკუთხედი, რომლის ფართობის გამოთვლაც აუცილებელია ხელოვნური მინდვრის საფარის შესაძენად.
  2. ჩაატარო გაზომვები: ფართობის გამოსათვლელად საჭიროა სტადიონის სიგრძისა და სიგანის გაზომვა.
  3. გამოთვალო ფართობი: მიღებული მონაცემების საფუძველზე უნდა გამოიყენო ფართობის ფორმულა (S = a * b) და გამოთვალო სტადიონის ფართობი.
  4. შედეგის ინტერპრეტაცია: მიღებული პასუხი უნდა გადაიყვანო რეალურ ერთეულებში (მაგალითად, კვადრატულ მეტრებში) და მოიფიქრო, რამდენი საფარი იქნება საჭირო.
  5. შეასრულო დამატებითი ამოცანა: შეადარო სხვადასხვა სახის საფარის ფასები და გამოთვალო საჭირო ბიუჯეტი.

პრაქტიკული აქტივობები:

  • სკოლის სტადიონზე გასვლა და გაზომვების ჩატარება;
  • სამშენებლო მასალების ფასების შედარება და ბიუჯეტის შედგენა;
  • სტადიონის გაუმჯობესების საკუთარი პროექტის შექმნა. (სურვილის შემთხვევაში).

პრეზენტაციის წარდგენა: შექმენი პრეზენტაცია ან პოსტერი, სადაც წარმოადგენენ  გამოთვლებს და დასკვნებს.

 

პრეზენტაციისას:

·         წარმოადგინე სკოლის სტადიონის მოდელი/ ნახაზი, (კვადრატული ბადით დაფარული);

·         ახსენი, როგორ იპოვე სკოლის სტადიონის სიგრძე და სიგანე, ვინ დაგეხმარა გაზომვების ჩატარებაში;

·         როგორ გამოთვალე, რამდენი კვადრატული მეტრი ხელოვნური ბალახის საფარია საჭირო;

·         როგორ მოიპოვე ინფორმაცია  ბაზარზე ხელოვნური ბალახის საფარის ფასების შესახებ;

·         როგორ გამოთვალე ბიუჯეტი.

 

ამგვარად, მართკუთხედის ფართობის გამოთვლის ჩვეულებრივი ამოცანა შეიძლება საინტერესო და პრაქტიკულ შემოქმედებით დავალებად იქცეს.

ამგვარი დავალებები:

  • მოსწავლეებს დაანახებს, როგორ გამოიყენება მათემატიკური ცოდნა რეალურ ცხოვრებაში. ისინი ხედავენ, რომ მათემატიკა მხოლოდ აბსტრაქტული ცნებები კი არ არის, არამედ ინსტრუმენტია, რომლის საშუალებითაც შეიძლება გადაიჭრას სხვადასხვა პრობლემა.
  • ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას. მათი შესრულებისას მოსწავლეებმა უნდა გააანალიზონ პრობლემა, განსაზღვრონ საჭირო მონაცემები, შეარჩიონ შესაბამისი ფორმულები და მიიღონ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები;
  • ხელს უწყობს მოსწავლეებში პრობლემის გადაჭრის უნარების განვითარებას. ბავშვები სწავლობენ, როგორ დაყონ პრობლემა ნაწილებად, შეადგინონ გეგმა და მიაღწიონ მიზანს;
  • შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს, გამოიჩინონ შემოქმედებითობა და მიიღონ სხვადასხვა გადაწყვეტილება. ისინი არ იზღუდებიან სტანდარტული მეთოდებით და შეუძლიათ, გამოიყენონ თავიანთი ფანტაზია.
  • მოსწავლეებს ასწავლის ერთმანეთთან თანამშრომლობას, იდეების გაზიარებას და კონსტრუქციულ კრიტიკას;
  • უფრო საინტერესო და მიმზიდველია, ვიდრე ჩვეულებრივი აბსტრაქტული ამოცანები. მოსწავლეები ხედავენ, რომ მათემატიკა შეიძლება იყოს სახალისო და სასარგებლო, რაც მოტივაციას ამაღლებს.
  • ხელს უწყობს მათემატიკის მნიშვნელობის გააზრებას და რეალურ ცხოვრებასთან მის დაკავშირბას.

ჯამში, შემოქმედებითი დავალებები ხელს უწყობს მოსწავლეების მრავალმხრივ განვითარებას და ამზადებს მათ წარმატებული მომავლისთვის.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ეროვნულისასწავლოგეგმა

https://mes.gov.ge/content.php?id=3929&lang=geo

  1. მათემატიკის გზამკვლევი, მე-5 კლასი, შედგენილი ქეთი ცერცვაძის მიერ ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში.

https://math.ge/mekhute-klasi/

პრეტესტების როლი სკოლებში: გამოცდებისთვის მომზადების ეფექტური სტრატეგიები

0

თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში სკოლების წინაშე დგას არა მხოლოდ ცოდნის სწორად გადაცემის გამოწვევა, არამედ იმის უზრუნველყოფაც, რომ მოსწავლეებმა ეს ცოდნა ეფექტიანად აითვისონ და წარმატებით გამოიყენონ გამოცდებზე. ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი მეთოდია პრეტესტები – ტესტები, რომლებიც ტარდება რეალურ გამოცდამდე, რათა შემოწმდეს მოსწავლეების ცოდნის დონე. პრეტესტების მნიშვნელობა სცდება მარტივი შეფასების ფარგლებს და მოიცავს სასწავლო და პედაგოგიური პრაქტიკის სხვადასხვა ასპექტს.

 

გამოცდებზე არასასურველი შედეგების მიღების თავიდან ასაცილებლად, მასწავლებლებს შეუძლიათ, მოსწავლეებს ადრეულ ეტაპზევე დაეხმარონ. ხარვეზების ადრეულ ეტაპზე იდენტიფიცირებით; კერძოდ, პრეტესტის შედეგების ანალიზით, მათ შეუძლიათ დაადგინონ, რა ცოდნა და უნარები აკლიათ მოსწავლეებს. ეს საშუალებას აძლევს მათ, მიმართონ მიზანმიმართულ ინტერვენციებს, რათა აღმოფხვრან ეს ხარვეზები.

 

პრეტესტის დროს უნდა მოხდეს მოსწავლეებისთვის საგამოცდო ფორმატის ანალოგიური დავალებების შეთავაზება და ის უნდა იმეორებდეს ზუსტად იმ სტრუქტურას, რომელიც აქვს რეალურ გამოცდას. მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა გამოცდებამდე კარგა ხნით ადრე იცოდნენ საგამოცდო თემატიკა და შეფასების კრიტერიუმები.

 

 რატომ არის პრეტესტები მნიშვნელოვანი?

 

  • ცოდნის ხარვეზების და ინდივიდუალური საჭიროებების იდენტიფიცირება:

პრეტესტები ეხმარება მასწავლებლებს, განსაზღვრონ მოსწავლეთა როგორც ცოდნის დონე, ასევე შეაფასონ მათი ცოდნა და უნარები კონკრეტულ საკითხებთან მიმართებით. ამის საფუძველზე, მათ შეუძლიათ, უკეთ მოარგონ გაკვეთილები მოსწავლეთა საჭიროებებს. გამოცდის ჩატარებამდე რამდენიმე თვით ადრე, ზუსტად გამოცდის სიმულაციის გზით, მიღებული შედეგების ანალიზის შედეგად, მასწავლებელი დაადგენს, რა მიმართულებით უნდა იმუშაოს მოსწავლეებთან.

 

  • სწავლის ინდივიდუალიზება:

წინასწარი ტესტირების საშუალებით მასწავლებელს შეუძლია შეიმუშაოს დიფერენცირებული სასწავლო გეგმები, რომლებიც ეფუძნება მოსწავლეთა არსებულ ცოდნას. ეს საშუალებას აძლევს მას, გაკვეთილები უკეთ მოარგოს მოსწავლის სხვადასხვა საჭიროებას. პრეტესტების შედეგებზე დაყრდნობით, მასწავლებლებს შეუძლიათ თავიანთი გაკვეთილების ადაპტირება, რათა მეტად დააკმაყოფილონ მოსწავლეთა საჭიროებები. ეს შეიძლება მოიცავდეს დამატებით ახსნა-განმარტებებს, პრაქტიკულ სავარჯიშოებს ან დიფერენცირებულ სასწავლო მასალებს, რომლებიც მიზნად ისახავს უპასუხოს თითოეული მოსწავლის წინაშე არსებულ სპეციფიკურ გამოწვევას.

 

  • დამატებითი მხარდაჭერის დაგეგმვა/მიზნობრივი მომზადება:

მოსწავლეებისთვის, რომლებსაც დამატებითი მხარდაჭერა სჭირდებათ, პრეტესტები იძლევა ადრეული იდენტიფიცირების საშუალებას. ეს საშუალებას აძლევს სკოლებს, დაგეგმონ მიზნობრივი მხარდაჭერის ღონისძიებები კონკრეტული ჯგუფებისთვის.

 

  • გამოცდის ფორმატების გაცნობა:

პრეტესტების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია, მოსწავლეების მომზადება საგამოცდო სიტუაციებისთვის. პრეტესტების გავლისას მოსწავლეებს შეუძლიათ, უკეთ გაიგონ, თუ როგორ არის სტრუქტურირებული საგამოცდო კითხვები და რა ტიპის ცოდნაა საჭირო წარმატების მისაღწევად. ეს ზრდის მათ თავდაჯერებულობას, რადგან ისინი იცნობენ გამოცდის ფორმატს და შეუძლიათ შეიმუშაონ უფრო სასარგებლო სტრატეგიები რეალურ სირთულეებთან გასამკლავებლად.

 

  • საგამოცდო შფოთვის შემცირება:

პრეტესტების გავლისას მოსწავლეები იძენენ მსგავს სიტუაციებთან გამკლავების გამოცდილებას, რაც ხელს უწყობს შფოთვის შემცირებას და აუმჯობესებს მათ ემოციურ მომზადებას. ისინი იღებენ რეალისტურ წარმოდგენას იმის შესახებ, თუ რას უნდა ელოდონ გამოცდაზე, რაც ამცირებს საგამოცდო შფოთვას და საშუალებას აძლევს მათ, უფრო ეფექტიანად გამოიყენონ დრო.

 

  • გამოხმაურება/უკუკავშირი და რეფლექსია:

პრეტესტები წარმოადგენს ასევე უკუკავშირის მექანიზმს მოსწავლეებისთვის, რათა შეამოწმონ საკუთარი სწავლის პროგრესი. იმის გაგებით, თუ რომელ სფეროს უკვე დაეუფლნენ და რომელ სფეროში სჭირდებათ გაუმჯობესება, მათ შეუძლიათ სწავლის სტრატეგიების ადაპტირება. ეს ხელს უწყობს მოსწავლეებში თვითრეგულირებისა და თვითმართვის უნარების განვითარებას და ეხმარება მათ სწავლის პროცესზე პასუხისმგებლობის აღებაში.

 

  • სასწავლო გეგმის/კურიკულუმის შემოწმება:

პრეტესტებს შეუძლიათ მასწავლებლებს დაეხმარონ იმის გაცნობიერებაში, რამდენად კარგად არის შემუშავებული სასწავლო გეგმა/კურიკულუმი, ან სჭირდება თუ არა გარკვეულ საგნებს/საკითხებს მეტი ყურადღება.

 

  • სწავლის შედეგების გაუმჯობესება:

სხვადასხვა სკოლების გამოცდილებამ აჩვენა, რომ სკოლები, რომლებიც ახორციელებენ პრეტესტებს, გამოცდებზე უკეთეს შედეგებს აღწევენ. სასწავლო პროცესის სტრუქტურირებითა და ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, პრეტესტებს შეუძლიათ დაეხმარონ მოსწავლეებს, გააცნობიერონ თავიანთი პოტენციალი და მიაღწიონ უკეთეს შედეგს.

 

პრეტესტების დანერგვა სკოლებში

 

პრეტესტების წარმატებით განხორციელება მოითხოვს სტრატეგიულ დაგეგმვას და მკაფიო მითითებებს. აქ მოცემულია განხორციელების დეტალური თანმიმდევრობა:

 

ნაბიჯი 1: მიზნების დასახვა და დაგეგმვა

 

მიზნის განსაზღვრა: მკაფიოდ განსაზღვრეთ პრეტესტების მიზნები და მოლოდინები. შესაძლო მიზნები შეიძლება იყოს: გამოცდის შედეგების გაუმჯობესება, ცოდნის ხარვეზების გამოვლენა, მოსწავლეებში თვითრეფლექსიის ხელშეწყობა.

 

რესურსების დაგეგმვა: განსაზღვრეთ საჭირო რესურსები, როგორებიცაა – დრო, პერსონალი და ტექნიკური მხარდაჭერა პრეტესტების ჩასატარებლად და შედეგების შესაფასებლად.

 

განრიგი: მიზანშეწონილია სასწავლო წლის განმავლობაში პრეტესტების ჩატარების განრიგის შემუშავება. გაითვალისწინეთ სილაბუსი და მნიშვნელოვანი გამოცდების თარიღები.

 

ნაბიჯი 2: მასწავლებელთა გადამზადება

 

მასწავლებელთა ინფორმირება და ჩართვა: მასწავლებლებს უნდა ეცნობოთ პრეტესტების მიზნებისა და საკლასო სარგებლობის შესახებ. მათ უნდა იცოდნენ, როგორ იქნება გამოყენებული შედეგები სწავლების მოსწავლეთა საჭიროებებზე უფრო მოხერხებულად მორგებისთვის. სკოლამ უნდა უზრუნველყოს, რომ მასწავლებლებს ესმოდეთ ტესტების არსი და შეეძლოთ მათი წარმატებით ჩატარება.

 

მასწავლებელთა ტრენინგი: აუცილებელია მასწავლებელთა გადამზადების უზრუნველყოფა, რათა ხელი შეეწყოს მათ პრეტესტების ეფექტურად გამოყენებასა და შეფასებაში. ეს შეიძლება მოიცავდეს ტრენინგს ტესტის დიზაინში, ტესტის შედეგების გამოყენებას ინსტრუქციის ადაპტაციისთვის და შედეგების ინტერპრეტაციას.

 

შეფასების კრიტერიუმების შემუშავება: საჭიროა მკაფიო კრიტერიუმების ჩამოყალიბება, თუ როგორ უნდა მოხდეს მოსწავლეების შეფასება და შედეგების ინტერპრეტაცია თანმიმდევრული შეფასების უზრუნველსაყოფად.

 

ნაბიჯი 3: ტესტის დიზაინი და შესრულება

 

ტესტის შემუშავება: შეიმუშავეთ პრეტესტები, რომლებიც ზუსტად ასახავს სასწავლო გეგმასა და გამოცდის მოთხოვნებს.

 

ტექნიკური ასპექტები: დარწმუნდით, რომ ტექნიკური ინფრასტრუქტურა, როგორიცაა კომპიუტერული ლაბორატორიები ან ონლაინპლატფორმები, ხელმისაწვდომი და ფუნქციონალურია ტესტების ჩასატარებლად.

 

კომუნიკაცია მოსწავლეებთან: დროულად აცნობეთ მოსწავლეებს პრეტესტების მიზნის, განრიგის შესახებ.

 

ნაბიჯი 4: ტესტის შესრულება და გამოხმაურება

 

პრეტესტების ჩატარება: ჩაატარეთ პრეტესტები დადგენილი გრაფიკის მიხედვით. დააკვირდით პროცესს, რათა დარწმუნდეთ, რომ ყველა მოსწავლეს შეუძლია ტესტის სამართლიან პირობებში გავლა.

 

უკუკავშირის მექანიზმები: მნიშვნელოვანია ტესტის შედეგების შეგროვებისა და ანალიზის მექანიზმების ჩამოყალიბება. ეს შეიძლება გაკეთდეს ელექტრონული შეფასების ხელსაწყოების, მოსწავლე-მასწავლებლის დისკუსიის ან უკუკავშირის სპეციალური ფორმატების გამოყენებით.

 

ნაბიჯი 5: მონაცემთა ანალიზი და კორექტირება

 

შედეგების ანალიზი: მნიშვნელოვანია ტესტირების შედეგების სწორი ანალიზი ცოდნის ხარვეზების ან ტენდენციური შეცდომების დასადგენად. შეადარეთ შედეგები სხვადასხვა კლასში ან მოსწავლეთა ჯგუფებში.

 

გაკვეთილის კორექტირება: შემდეგი ეტაპია პრეტესტების შედეგების მიხედვით გაკვეთილის კორექტირება. მიეცით მიზანმიმართული მხარდაჭერა მოსწავლეებს იმ სფეროებში, რომლებშიც ისინი ნაკლებად არიან კომპეტენტური, რათა უზრუნველყოთ სასწავლო მიზნების შესაბამისად მორგება.

 

ნაბიჯი 6: უწყვეტი გაუმჯობესება და შეფასება

 

გამოხმაურება: შეაგროვეთ უკუკავშირი მასწავლებლებისგან, მოსწავლეებისა და მშობლებისგან პრეტესტების ეფექტურობის შესახებ. გამოიყენეთ ეს გამოხმაურება პროცესის მუდმივად გასაუმჯობესებლად.

განხორციელების შეფასება: ჩაატარეთ რეგულარული მონიტორინგი, რათა შეამოწმოთ, მიღწეულია თუ არა პრეტესტების მიზნები და საჭიროა თუ არა კორექტირება ან გაუმჯობესება.

როგორც ვხედავთ, სკოლებში პრეტესტების განხორციელება მოითხოვს სწორ დაგეგმვას და სტრუქტურირებულ მიდგომას. მკაფიო მიზნების დასახვის, მასწავლებლის პროფესიული მომზადების, ტესტის სწორად შემუშავებისა და უწყვეტი შეფასების საშუალებით, სკოლებს შეუძლიათ, პრეტესტები ეფექტურად გამოიყენონ თავიანთი მოსწავლეების სწავლის შედეგების გასაუმჯობესებლად.

ამრიგად, პრეტესტების დანერგვა სკოლებში უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ მოსწავლეთა ცოდნის შეფასების ღონისძიება. ეს არის სტრატეგიული გადაწყვეტილება სასწავლო პროცესის ოპტიმიზაციისა და მოსწავლეების წარმატების შანსების მაქსიმალურად გაზრდის მიზნით. მკაფიო წარმოდგენით, თუ რას მოელიან მათგან გამოცდებზე და როგორ მოემზადონ მათთვის, პრეტესტები არა მხოლოდ მხარს დაუჭერს მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას, არამედ ხელს უწყობს სწავლის უფრო გრძელვადიან მიზნებზე ორიენტირებას.

პრეტესტების ინტეგრირება საგანმანათლებლო სისტემაში უზრუნველყოფს არა მხოლოდ მოსწავლეების ინდივიდუალურ განვითარებას, არამედ აძლიერებს მთლიანად სასწავლო პროცესის ხარისხს. სკოლებს, რომლებიც სტრატეგიულად იყენებენ პრეტესტებს, საგანმანათლებლო მიზნებს უფრო ეფექტიანად აღწევენ და სტაბილურად აუმჯობესებენ თავიანთი მოსწავლეების მომზადებას თანამედროვე სამყაროს მოთხოვნებისა და მომავალი გამოწვევების შესაბამისად.

დაწყებით საფეხურზე ბუნებისმეტყველების საგნის კავშირი სახალისო აქტივობებით

0

 

მდგრადი განვითარების N6 მიზანთან, სუფთა წყალი და სანიტარია

ბუნებისმეტყველების სწავლების დაწყებითი საფეხური მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვების ცნობიერების ამაღლებასა და გარემოს დაცვაში. ეს ასაკი არის იდეალური პერიოდი, როდესაც ბავშვები ყველაზე მარტივად ითვისებენ ახალ უნარებს და იღებენ ცოდნას. მდგრადი განვითარების მიზნებიდან (SDGs) მე-6 მიზანი სუფთა წყლის უზრუნველყოფას ეხება, რაც თანამედროვე მსოფლიოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ამიტომ, სასწავლო პროცესში სახალისო აქტივობების ინტეგრაცია მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ბავშვების ამ საკითხისადმი დაინტერესებისა და ჩართულობისთვის.

სახალისო აქტივობები ხელს უწყობს ბავშვების მოტივაციის ამაღლებასა და სწავლის პროცესის გამარტივებას. როდესაც ბავშვები თამაშობენ და ერთვებიან პრაქტიკულ დავალებებში, ისინი უკეთ ითვისებენ ახალ ინფორმაციასა და უნარებს. ბუნებისმეტყველების გაკვეთილებზე, აქტივობები, რომლებიც სუფთა წყლის მნიშვნელობას ეხება, ბავშვებს უფრო მრავალმხრივი შესწავლის შესაძლებლობას აძლევს ამ რესურსის მნიშვნელობისა და დაცვის აუცილებლობის შესახებ.

მდგრადი განვითარების N6 მიზნის, „სუფთა წყლის უზრუნველყოფის“ მიღწევა აუცილებელია ჯანმრთელობის, განათლების, სიღარიბის შემცირებისა და ეკოსისტემების დაცვისთვის. დაწყებით საფეხურზე ეს თემები უნდა იყოს მათთვის გასაგებ ენაზე, მარტივად წარმოდგენილი.

შემოგთავაზებთ პრაქტიკაში განხორციელებულ რამდენიმე აქტივობას:

N1 აქტივობა: დიორამების შექმნა წყლის მოძრაობა

წყლის ციკლის მოდელირება: ბავშვები ამზადებენ წყლის ციკლის მოდელებს. შეიძლება გამოყენებული იყოს ხელნაკეთი მოდელები ან სამეცნიერო თამაშები, სადაც ისინი ხედავენ, როგორ იწმინდება წყალი ბუნებაში და როგორ ბინძურდება ის.

მოსწავლეები ქმნიან წყლის წრებრუნვის ამსახველ დიორამას. დიორამის შესაქმნელად მთავარია მეორადი მასალების გამოყენება.

საჭირო მასალები:

  • ფეხსაცმლის ყუთი ან ნებისმიერი პატარა ყუთი;
  • ლურჯი ქაღალდი ან საღებავი;
  • ბამბის ბურთულები;
  • ღრუბლების, მზის, მთების, ხეების, მდინარეების და ოკეანეების მცირე პლასტმასის ან ქაღალდის აპლიკაციები;
  • წებო;
  • მაკრატელი;
  • მარკერები ან ფანქრები.

საკვანძო კითხვები:

  • როგორ ბრუნავს წყალი დედამიწაზე?
  • რა არის აორთქლება და როდის ხდება ეს?
  • რა ემართება წყალს აორთქლებისას?
  • როგორ წარმოიქმნება ღრუბლები ცაში?
  • რა იწვევს ღრუბლებიდან წვიმას?
  • როგორ მოძრაობს წყალი მდინარეებსა და ნაკადულებში?
  • რა არის მიწისქვეშა წყლები და როგორ მოხვდება იგი იქ?
  • რატომ არის მნიშვნელოვანი წყლის წყაროების დაზოგვა და დაცვა?
  • რა გზებით იყენებენ ადამიანები წყალს ყოველდღიურ ცხოვრებაში?

აქტივობა N2. გასეირნება ადგილობრივი წყლის ობიექტთან. ვიზიტი დავგეგმეთ მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე.

საკვანძო კითხვები:

  • საიდან მოდის წყალი ამ მდინარეში?
  • როგორ გავიგოთ მდინარის მარჯვენა და მარცხენა სანაპირო?
  • რა არის მდინარის სხვადასხვა ნაწილი, როგორიცაა, მდინარის ნაპირი, კალაპოტი და დინება?
  • რა მცენარეებისა და ცხოველების ნახვა შეგიძლიათ მდინარის შიგნით და მის გარშემო?
  • შეგიძლიათ, იპოვოთ რაიმე ნიშნები დაბინძურების ან ადამიანის ზემოქმედების მდინარეზე?
  • რა გზებით შეგვიძლია შევინარჩუნოთ მდინარის სისუფთავე?
  • როგორ მოქმედებს ამინდი მდინარის დინებასა და ვიზუალზე?
  • თუ შენიშნეთ რაიმე საინტერესო ან უჩვეულო რამ დღეს მდინარეზე?

აქტივობა N3. სტუმარი მომხსენებელი წყლის კონსერვაციის ექსპერტი

მოვიწვიეთ წყლის ადგილობრივი ექსპერტი, მშობელი, ისაუბრა კლასში წყლის ხარისხის მონიტორინგისა და წყლის რესურსების დაზოგვის მნიშვნელობაზე. მოწვეულმა სპიკერმა ბავშვებს გაუზიარა იდეები, რეალური მაგალითები და პრაქტიკული რჩევები წყლის რაციონალური გამოყენებისთვის.

საკვანძო კითხვები:

  • ვინ მოიხმარს ყველაზე ნაკლებ წყალს კლასში? რატომ?
  • ვინ მოიხმარს ყველაზე მეტ წყალს კლასში? რატომ?
  • ვინ მოიხმარს ერთნაირი რაოდენობის წყალს კლასში?
  • როგორ შეიძლება დავზოგოთ წყალი?
  • გამოთვალე, რა რაოდენობის წყალს ხარჯავს შენი ოჯახი დღის განმავლობაში? წლის განმავლობაში?
  • წარმოიდგინე, რომ სახარჯოდ მხოლოდ 10ლ. წყალი გაქვს. ახსენი, როგორ გაანაწილებ მას: ჩამოწერე, რამდენი წყალია საჭირო სხვადასხვა მიზნისთვის? შეადარე შენი მონაცემები სხვისას და დაადგინე, რა დაემთხვა და რა არის განსხვავებული.

აქტივობა N4. საკლასო წყლის აუდიტი ნორჩი ელჩები

ჩავატარეთ წყლის აუდიტი კლასში, სკოლაში, რათა დაგვედგინა ის ადგილები, სადაც წყალი იკარგება. ვთხოვე მოსწავლეებს, თვალყური ედევნებინათ წყლის მოხმარებაზე მთელი დღის განმავლობაში, მათ შორის საპირფარეშოების რეცხვა, იატაკის დასუფთავება, ხელების დაბანა და მცენარეების მორწყვა. ვიმსჯელეთ წყლის მოხმარების შემცირების გზებზე, როგორებიცაა: გაჟონვის გამოსწორება, წყლის ეფექტური მოწყობილობების გამოყენება და წყლის მოხმარების შესახებ ყურადღების გამახვილების პრაქტიკა.

დაწყებით საფეხურზე ბუნებისმეტყველების სწავლებაში სახალისო აქტივობების ინტეგრაცია მნიშვნელოვანი ნაბიჯია მდგრადი განვითარების მიზნების, განსაკუთრებით სუფთა წყლის უზრუნველყოფის მიღწევისთვის. ასეთი აქტივობები არა მხოლოდ ამაღლებენ ბავშვების ცოდნასა და ცნობიერებას, არამედ აძლევენ მათ პრაქტიკულ უნარებს, რათა მომავალში აქტიურად იყვნენ ჩართული გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების პროცესებში. დაწყებით საფეხურზე მიღებული გამოცდილება და ცოდნა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მათ დამოკიდებულებასა და ქცევას მომავალში, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს უწყობს სუფთა წყლის უზრუნველყოფას გლობალურად.

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...