შაბათი, მაისი 17, 2025
17 მაისი, შაბათი, 2025

ფუნქციური უნარების განვითარება გეოგრაფიის გაკვეთილებზე

0

ეროვნულ სასწავლო გეგმაში გამოკვეთილია ექვსი ფუნქციური უნარი.

ფუნქციური უნარის ფლობა იძლევა საშუალებას, მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოიყენო მიღებული ცოდნა, რათა გადაჭრა ცხოვრებისეული პრობლემების ფართო სპექტრი საქმიანობის, კომუნიკაციისა და სოციალური ურთიერთობების სხვადასხვა სფეროში. ფუნქციური ცოდნა მოსწავლეს საშუალებას აძლევს, სწრაფად მოერგოს ცვალებად გარემო პირობებს.

ფუნქციური ცოდნა ერთმანეთისგან იზოლირებულად არ არსებობს. ფუნქციური წიგნიერების საფუძველია საგნობრივი ცოდნის სინთეზი და ერთი დისციპლინის საზღვრებიდან გასვლა. ამ უნარის განსავითარებლად საჭიროა არა მხოლოდ „კარგი“, არამედ ინტერდისციპლინარული გაკვეთილები. მნიშვნელოვანია სხვადასხვა საგნის მასწავლებლებთან ურთიერთობის დამყარება და ინტეგრირებული გაკვეთილების ჩატარება.

სკოლაში ფუნქციური წიგნიერების გაუმჯობესების მრავალი გზა არსებობს. მასწავლებლის ამოცანაა, აჩვენოს მოსწავლეებს, რომ ცოდნა არ არის ფიქცია, არამედ ეს არის ის, რაც ნამდვილად დაეხმარება ცხოვრებაში.

მოსწავლეთა ფუნქციური უნარების განვითარებისთვის გთავაზობთ რამდენიმე დავალებას, რომელთა გამოყენებაც შეგიძლიათ როგორც სწავლა სწავლების პროცესში, ასევე შეფასებისთვის.

დავალება 1

კამერონის ექსპედიცია აფრიკაში. 1873 წლის თებერვალში ინგლისელი მეზღვაური ვერნი ლოვეტ კამერონი აფრიკის სანაპიროზე მდებარე ქალაქ ბაგაიმოსკენ (ს.გ.6° და ა.გ.39°) გაემგზავრა. მან მცირე რაზმით დასავლეთისკენ აიღო გეზი და ტანგანიკას ტბას მხოლოდ ერთი წლის შემდეგ მიაღწია. ტბის სამხრეთიდან შემოვლით, მათ გამოიკვლიეს და აღმოაჩინეს მდინარე ლუკუგას კალაპოტი, რომელიც ტანგანიკას ტბიდან დასავლეთის მიმართულებით მიედინებოდა. კამერონმა ტერიტორია დაათვალიერა და დაადგინა ტანგანიკას ტბის სიგრძე – 720 კმ (ტბის ნამდვილი სიგრძე, როგორც მოგვიანებით დადგინდა, არის დაახლოებით 650 კმ). კამერონმა ასევე გაარკვია, რომ ტბაში ასამდე მდინარე ჩაედინება, მაგრამ მხოლოდ ერთი გამოდის. მან სწორად განსაზღვრა, რომ ტბა ტექტონიკური წარმოშობისაა.

კითხვები:

  1. რომელი თანამედროვე ქვეყნის სანაპიროზე დაეშვა კამერონის ექსპედიცია?
  2. რა დასკვნის გაკეთება შეიძლება ტექსტის შინაარსის ანალიზის საფუძველზე?

ა) კამერონი ვარაუდობს, რომ ტბის ჩაღრმავება ტექტონიკური წარმოშობისაა;

ბ) კამერონის ექსპედიცია გადავიდა აღმოსავლეთით;

გ) კამერონმა დაადგინა, რომ ტანგანიკას ტბიდან 100 მდინარე გამოედინება;

დ) კამერონმა ზუსტად გაზომა ტბის სიგრძე, რაც დადასტურდა შემდგომი კვლევებით.

  1. რომელ ბუნებრივ ზონაშია მოქცეული ექსპედიციის მარშრუტის ძირითადი ნაწილი?
  2. როგორი ამინდი იყო აფრიკის იმ ნაწილში, როცა კამერონმა მოგზაურობა დაიწყო? პასუხი დაასაბუთეთ.

 

დავალება 2

ლეიჰჰარდტის ექსპედიცია ავსტრალიაში. 1844 წლის ოქტომბერში გერმანელი ნატურალისტი ლუდვიგ ლეიხჰარდტი ხელმძღვანელობდა ექსპედიციას, რომელიც ქალაქ ბრისბენიდან კარპენტარიის ყურისკენ გაემგზავრა.

ამ ექსპედიციას მოუწია წარმოუდგენლად გრძელი მოგზაურობა დარლინგის ქედიდან პორტ ესსინგტონამდე, რომელიც მდებარეობს ავსტრალიის ჩრდილოეთ სანაპიროზე. ლეიხჰარდტი აღიარებული იყო, როგორც ავსტრალიის ყველაზე გაბედული მკვლევარი.

ექსპედიციის წევრებმა აღმოაჩინეს მდინარეები დოუსონი და მაკენზი (ქუინსლენდი) მათი უდიდესი შენაკადებითა და წყალგამყოფებით. მაგრამ ლეიხჰარდტმა ვერ გაიგო, რომ მდინარე მაკენზის უერთდება მდინარე დოუსონი და ისინი ერთად მდინარე ფიცროის ქმნიან. შემდეგ მოგზაურმა 1845 წლის მარტ-აპრილში, ამ მდინარეების ხეობების ჩრდილოეთით აღმოაჩინა და გამოიკვლია წყნარ ოკეანეში ჩამავალი მეორე დიდი მდინარის – ბერდეკინის აუზი. ლეიჰჰარდტმა და მისმა თანმხლებმა პირებმა გადალახეს დიდი წყალგამყოფი ქედი ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარეების ლინდისა და მიტჩელის გასწვრივ. ივლისის დასაწყისში კარპენტარიის ყურეს მიაღწიეს. ივლის-ოქტომბერში მათ გაიარეს ყურის მთელი სამხრეთ სანაპირო ზოლი, აღმოაჩინეს მდინარეები გილბერტი და როპერი.

კითხვები:

  1. ავსტრალიის რომელი სანაპიროდან დაიწყო ლეიხჰარდტის ექსპედიცია?
  2. რა დასკვნის გაკეთება შეიძლება ტექსტის შინაარსის ანალიზიდან გამომდინარე:

ა) მოგზაურმა აღმოაჩინა, რომ მდინარეები დოუსონი და მაკენზი ერთდებიან და წარმოქმნიან მდინარე ფიცროის;

ბ) ეს მდინარეები ჩაედინება ინდოეთის ოკეანეში;

გ) მდინარე ბურდეკინის აუზი მდებარეობს ბრისბენის სამხრეთით;

დ) მდინარეები გილბერტი და როპერი ჩაედინება კარპენტარიის ყურეში.

  1. რომელ ბუნებრივ ზონაში გადის ექსპედიციის მარშრუტის ძირითადი ნაწილი?
  2. წვიმდა თუ არა, როცა ექსპედიცია კარპენტარიის სანაპიროს იკვლევდა? პასუხი დაასაბუთეთ.

დავალება 3

დიქსონ დენჰემისა და ჰიუ კლაპერტონის ექსპედიცია აფრიკაში. 1822 წელს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროდან, ტრიპოლიდან, ბრიტანელმა ოფიცრებმა დ. დენჰემმა და ჰ. კლეპერტონმა სამხრეთისაკენ აიღეს გეზი. მათი გზა დაახლოებით მერიდიანის გასწვრივ მდინარე ნიგერის ხეობამდე გადიოდა. 1823 წლის თებერვლის დასაწყისში, 2000 კმ-ზე მეტის დაფარვის შემდეგ, ბრიტანელებმა ჩადის ტბას მიაღწიეს და მის დასავლეთ სანაპიროზე გადავიდნენ. შემდეგ დასავლეთისკენ შეუხვიეს და ტბის სანაპიროსკენ გაემართნენ. გეზი კვლავ დასავლეთისკენ აიღეს და მდინარე კომანდუგუ-იობეს ხეობას აუყვნენ, რომელიც ჩადის ტბაში ჩაედინება. შეუმჩნეველი წყალგამყოფი რომ გადალახეს, ისინი სხვა მდინარის – სოკოტოს ხეობაში აღმოჩნდნენ, რომელიც ჩრდილო-დასავლეთით მდინარე ნიგერისკენ მიედინებოდა. ამ მდინარის შესართავამდე ვერ მიაღწიეს, რადგან ჩათვალეს, რომ მდინარე ნიგერი მის შუა წელში ჩადის ტბას არ უკავშირდებოდა.

კითხვები:

  1. რომელი თანამედროვე ქვეყნის სანაპიროზე დაიწყო ექსპედიციამ მოგზაურობა?
  2. რა დასკვნის გაკეთება შეიძლება ტექსტიდან:

ა) ლენჰემმა და კლაპერტონმა გადალახეს საჰარის უდაბნო ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ;

ბ) ექსპედიციამ მიაღწია მდინარე სოკოტოს შესართავამდე მდინარე ნიგერისთან;

გ) კლეპერტონმა დაადგინა, რომ მდინარე ნიგერი ჩადის ტბაში ჩაედინება;

დ) მდინარე კომანდუგუ-იობე ჩადის ტბიდან მოედინება.

  1. რა მიმართულებით მიედინებოდა მდინარე კომანდუგუ-იობე მდინარის კალაპოტის გასწვრივ, რომელსაც კლაპერტონი მიჰყვებოდა ჩადის ტბიდან?
  2. ჩადის ტბის ფართობი და წყლის დონე სეზონის მიხედვით იცვლება. თუ გავითვალისწინებთ იმ ბუნებრივ ზონას, რომელშიც ტბა მდებარეობს, გამოიცანი: იმ დროს, როცა ტბაზე ბრიტანელები მივიდნენ, ტბაში წყლის დონე მაღალი იყო თუ დაბალი? პასუხი დაასაბუთეთ.

დავალება 4.

ჯონ ფორესტი სამხრეთ ავსტრალიაში. 1874 წელს მარტში ჯონ ფორესტი გაემგზავრა ავსტრალიის სამხრეთ-დასავლეთში ქალაქ პერთისკენ. მისი მიზანი სატელეგრაფო ხაზამდე მიღწევა იყო, რომელიც 1872 წელს პორტ დარვინიდან ადელაიდამდე გაიყვანეს. ფორესტი პირველად მდინარე მურჩისონის კალაპოტის გასწვრივ დაეშვა. იგი სასმელად იყენებდა წყაროების წყალს, რომლებიც მალე გაქრა. აგვისტოში ფორესტმა მიაღწია იმ ტერიტორიას, რომელსაც წინა მკვლევრები ჯაილსი და გოსი გაუვალ ტერიტორიად მიიჩნევდნენ. თუმცა ჯიუტად წინ წაიწია და 1874 წლის 27 აპრილს ტელეგრაფის ხაზს მიაღწია. ამ ექსპედიციის დროს მან გაიარა საზღვარი გიბსონისა და დიდი ვიქტორიის უდაბნოებს შორის.

ფორესტმა ავსტრალიის მთელ სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე პერტიდან ადელაიდამდე კვლევები ჩაატარა და დაასკვნა, რომ მდინარე მურჩისონის ხეობა შესაფერისი იყო კოლონიზაციისთვის.

ფორესტის ექსპედიციის მარშრუტი

ფორესტის ექსპედიციებს ახასიათებდა ფრთხილი, კარგად დაგეგმილი მიდგომა და გულმოდგინე ჩანაწერების წარმოება.

კითხვები:

  1. ავსტრალიის რომელი სანაპიროდან დაიწყო ექსპედიციის მარშრუტი?
  2. რა დასკვნის გაკეთება შეიძლება ტექსტის შინაარსის ანალიზის საფუძველზე:

ა) 1874 წლისთვის მატერიკზე ჩრდილოეთიდან მთელ ტერიტორიაზე გაყვანილი იყო ტელეგრაფის ხაზი;

ბ) ფორესტი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მთელი ტერიტორია, რომელიც მან გაიარა, ნაყოფიერია;

გ) ფორესტის მოგზაურობა პერტიდან დანიშნულების ადგილამდე წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა;

დ) ფორესტის მარშრუტის ნაწილი გადიოდა იმ ტერიტორიაზე, რომელიც მისმა წინამორბედებმა ჯაილსმა და გოსმა ერთი წლის ადრე გამოსაყენებლად გამოსადეგად ცნეს.

  1. რომელ ბუნებრივ ზონაში დაიწყო ფორესტმა მოგზაურობა?
  2. წვიმდა თუ არა ფორესტის მოგზაურობის პირველ თვეებში? პასუხი დაასაბუთეთ.

გაგრძელებას შემოგთავაზებთ შემდეგ სტატიაში.

 

გამოყენებული ინტერნეტგვერდები: https://www.indeed.com/career-advice/resumes-cover-letters/functional-skills-definition ; https://qips.ucas.com/qip/functional-skills ; https://www.theguardian.com/science/2013/may/31/what-really-happened-ludwig-leichhardt ;

რა არის საშინაო დავალების მიზანი?

0

 

„სწავლაში ძირითდი მნიშვნელობა იმ პროდუქტს კი არა აქვს,

რომელსაც იგი კონკრეტული ჩვევის ან კონკრეტული შინაარსის

მქონე ცოდნის სახით გვაძლევს, არამედ

განსაზღვრული მიმართულებით

მოსწავლის ძალების განვითარებას”.

 

დიმიტრი უზნაძე

 

იშვიათად მაგრამ მაინც მიწევს, ჩემი შვილების საშინაო დავალებებში გარკვევა, მათთვის დახმარების გაწევა და ორიენტირების დასახვა. ვხედავ, როგორი ინტერესით ან როგორი მოწყენით ასრულებენ ზოგიერთ დავალებას და ზოგჯერ, როგორი აღშფოთებული არიან, იმის გამო, რომ ვერანაირ კავშირს ვერ ხედავენ სამეცადინოსა და მის პრაქტიკულ დანიშნულებას შორის.

ვფიქრობ, მოსწავლეში საშინაო დავალება არ უნდა იწვევდეს დეზორიენტირებას, არ უნდა იყოს მოსაწყენი საქმიანობა და მოსწავლე სიხარულით უნდა ასრულებდეს მას. საშინაო დავალების მიზანი უნდა იყოს მოსწავლის შესაძლებლობების ბოლომდე გამოვლენა. სწავლების საწყისი ეტაპი არ უნდა წარმოადგენდეს დაუძლეველ გზას, რომელსაც მოსწავლე ვერ გაუმკლავდება, მოიწყენს და გზაში მიატოვებს. პირიქით, დავალება იმგვარად უნდა იყოს მოწოდებული, მოსწავლეს უჩნდებოდეს მოტივაცია. ძიების, დაბრკოლებების გადალახვისა და საკუთარ თავში ახალი უნარებისა და ცოდნის გამომუშავების სურვილი.

ხშირად კი, როგორია საშინაო დავალება, რომელიც მოსწავლის გონებრივი შრომის საბოლოო პროდუქტი უნდა იყოს? მოსწავლეებს ისეთი დავალებები ეძლევათ, საფუძველშივე ეკარგებათ ხალისი და ინტერესი. ასეთი დავალებებია – უზარმაზარი პოემები, ლექსები, რომელთა დაზუთხვა მათ ძალებს აღემატება, მათი ასაკისთვის შეუფერებელია, მათ იმაზე მეტ დროს ართმევს, ვიდრე საშინაო დავალებამ უნდა წაართვას. მათ სხვა დავალებებიც აქვთ შესასრულებელი და მათი ყოველდღიური შრომის ლიმიტი არ არის ამოუწურავი საბადო, საიდანაც მუდმივად შეიძლება ის იღებდეს ენერგიას. ჩნდება მოწყენა, მობეზრება, ინტერესის დაკარგვა და გაღიზიანება. ამ დროს მოსწავლე იმის ნაცვლად, რომ ჩაუღრმავდეს ნაწარმოების შინაარს, გაიაზროს მისი მხატვრული თავისებურებები/ღირებულებები და კავშირი დაამყაროს ნაწარმოებში აღწერილ რეალობასთან, ფიქრობს მხოლოდ იმაზე, როგორ დაისწავლოს ლექსი/პოემა იმგვარად, რომ მეორე დღეს გაკვეთილზე სხაპასხუპით და შეუცდომლად წაიკითხოს.

„რატომ უნდა ვისწავლო ეს ტექსტი ზეპირად, როდესაც სხვა რაღაცებიც მაქვს სამეცადინო? სხვა გაკვეთილებისთვის დრო საერთოდ აღარ მრჩება. ყველაფერი ვიცი, რაც ამ ლექსში წერია, ყველაფერი კარგად გავიგე, ვიცი შინაარსი, ამბავი, რაც ხდება და რატომ დაიწერა. ბიჭები ამ ლექსის გამო სკოლაში მოსვლას არ აპირებენ, იმიტომ, რომ ძაან დიდია და ვერ ისწავლიან. წინასწარ იცოდე, თუ ორიანს დამიწერს, ეს იმიტომ, რომ ამხელა პოემას არ ვისწავლი ზეპირად“, – სამართლიანი გაღიზიანების კასკადს ვისმენ და ვხვდები, რომ ნამდვილად არასწორია ის მიდგომები, რომლითაც ვცდილობთ მოსწავლეებს, რომელთაც უკვე აქვთ გააზრებული სწავლის პრაქტიკული დანიშნულება, ზედმეტად ბევრი და ზოგჯერ მათთვის მართლა აუტანლად დიდი რაოდენობის ინფორმაცია ჩავუტვირთოთ გონებაში.

ბოლოს მაინც ერთად წავიკითხეთ ტექსტი, ვიმსჯელეთ იქ გადმოცემულ ამბავზე, მოგვეწონა ახალი და მშვენიერი სიტყვები და ვეცადეთ დაგვემახსოვრებინა, თუმცა იმაზეც დავთანხმდი, რომ პოემას ზეპირად ვერ ისწავლიდა და თუ საჭირო იქნებოდა, მასწავლებელს შინაარსს მოუყვებოდა. მთავარია, შინაარსთან და კონტექსტთან წვდომა, როგორ გავიგეთ ტექსტი შინაარსობრივად, აზრობრივად და ემოციურად.

რა უნდა იყოს საშინაო დავალების მიზანი? რისკენ უნდა განაწყობდეს ის მოსწავლეს? პირველ რიგში მიზანი უნდა იყოს მოსწავლეებისთვის გონებრივი რესურსების მობილიზაცია, მოტივაციის აღმძვრელი და საინტერესო პროექტი, რომელსაც სიამოვნებით დაუთმობენ დროს და გონებრივ რესურსებსაც ჩართავენ ამ პროექტის განხორციელებაში, ისიამოვნებენ პროცესით და ცოდნასაც აიმაღლებენ.

ხშირად ვსვამთ კითხვას – რა არის თანამედროვე განათლების სისტემის საბოლოო მიზანი? როგორი უნდა იყოს განათლება, რომელიც მოსწავლეებისთვის, ჩვენი შვილებისთვის საჭიროა, რომელიც მათში ცოდნის მიმართ ინტერესს და მისი დაუფლების სურვილს აღძრავს? ვხედავთ, როგორი მოქნილი არიან ბავშვები თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში და ამ დინამიკურ პროცესს ჩვენზე მეტადაც უწყობენ ფეხს. მათთვის ის უნარები, რომლებიც თანამედროვე სამყაროს მოქალაქეს დასჭირდება, საბაზისო უნარებია, რომლებსაც თამაშ-თამაშით ეუფლებიან. ასეთ აქტიურ, ცნობისმოყვარე მოსწავლეს ისეთი დავალება სჭირდება, რომელიც კიდევ უფრო დააინტერესებს მას შემეცნების დიდ გზაზე.

„იმის ცოდნა, რას ფიქრობდნენ არისტოტელე, მეფე სოლომონი და თომა აქვინელი პოლიტიკაზე, ხელოვნებასა და ეკონომიკაზე, კარგია, თუმცა, რადგან აზრისა და ძალაუფლების უმთავრესი წყარო თავად ჩვენშია, მთავარი ისაა, ამ საკითხებზე პირადად ჩვენ რას ფიქრობთ. ბაღის აღმზრდელი, სკოლის მასწავლებელი თუ უნივერსიტეტის ლექტორი ერთნაირად გიპასუხებენ კითხვაზე, რა არის მათი მიზანი.

„მე ბავშვებს ისტორიას, კვანტურ ფიზიკას ან ხელოვნებას ვასწავლი, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ვცდილობ, ყველა მათგანი დამოუკიდებლად აზროვნებას მივაჩვიო“, – ამოვიკითხე ისრაელელ ფილოსოფოსთან იუვალ ნოახ ჰარარისთან, რომელიც საკუთარ ნაშრომებში ხშირად მსჯელობს განათლების მიზნებსა და შესაძლებლობებზე.

თანამედროვე მოსწავლე პრაქტიკულია ცოდნის მიღებასთან მიმართებაში. პრაქტიკულია იმ გზების მოსინჯვის მიმართაც, რომელმაც ის ახალ სამყაროში უნდა ატაროს და შესაძლებლობებით აღჭურვოს. ის პრაქტიკულია მაშინაც, როდესაც შეუძლია, გამოარჩიოს თავისთვის სასურველი ცოდნა სხვა ცოდნების ერთობლიობისგან და გადაწყვიტოს, როგორ იშრომოს და რამდენი დრო დახარჯოს ამ ცოდნის დასაუფლებლად. საინტერესოა, რას ვფიქრობთ ჩვენ, როდესაც მათ რაიმე ახალს და საინტერესოს ვასწავლით? რა არის ჩვენი სწავლების საბოლოო მიზანი?

 

 

 

 

 

სელფი ლიფტის სარკეში

0

ერთ საღამოს მე და დედა სტუმრად ლამარა დეიდასთან წავედით. აქ ამბავში სულაც არ არის საინტერესო ის, თუ ვინ იყო ლამარა დეიდა, მთავარია, თეთრი პუდელი „ჟუჟიკო“ ჰყავდა, რომელზეც ვგიჟდებოდი. „ჟუჟაც“ იმავეს გრძნობდა, თუ არა ჩემ მიმართ, არ ვიცი. ის კი მახსოვს, სიამოვნებით ერთვებოდა ჩემთან ორთაბრძოლებში. მაშინ მეხუთე კლასელი ვიყავი. გრძელი და სქელი ნაწნავი მქონდა. ნაწნავს ჩემი ერთი კლასელი – გვარად  პირველი – ემტერებოდა. არც მე ვრჩებოდი ვალში და თუ მის საკმაოდ დიდი ზომის და გაფშეკილი ყურის ბიბილოს მოვიგდებდი ხელში, მანამდე არ ვუშვებდი ხელს, სანამ სუსტი ფხრიწინის ხმას არ გავიგონებდი. შემდეგ რა ბედი ეწია მას, არ ვიცი, ერთხელაც აღარ მომიკრავს თვალი და იმედი მაქვს, ასეც გაგრძელდება.

თუმცა, „ჟუჟასთან“ სტუმრობას დავუბრუნდეთ. მერვე სართულზე ცხოვრობდა და მე, როგორც დიდმა გოგომ (მეხუთეკლასელმა), დედას გამოვუცხადე, რომ ლიფტით მარტო თავად ავიდოდი. დედა ლიფტით არ სარგებლობდა, კლაუსტროფობია აწუხებდა და ყოველთვის ფეხით ამჯობინებდა სიარულს. სადღაც, მეექვსესა და მეშვიდეს შორის ლიფტი გაჩერდა… გაიჭედა…

  • აჰაჰაააა…, – ასეთი ხმები გაისმაო, შემდეგ იხსენებდა დედა.

ხმების ავტორი მე ვიყავი და უკანასკნელ ხმაზე მოთქმით ვღრიალებდი (სირცხვილი – დიდი, მეხუთეკლასელი, მეკადრებოდა?).

სანამ დედა ლამარას და ნოდარს, ანუ „ჟუჟას“ დედობილ-მამობილს მოუხმობდა, ბოლო ძალა მოვიკრიფე, პატარა ხელებით ლიფტის კარები გავწიე და ქვევით ჩავხტი. დიახ, სწორად მიხვდით, აცდენილი იყო სართულებს. ეს ღონე საიდან მომეცა, არ ვიცი, ეტყობა სასოწარკვეთისას მოვიდა. ლიფტში სარკეც იყო, მაგრამ შიგ ჩახედვა აზრადაც არ მომსვლია. მაშინ არც სელფის გადაღება იცოდნენ და მით უმეტეს, სად იყო მაშინ ან მობილურები, ან ციფრული ფოტო. სურათები ძველმოდური გზით იბეჭდებოდა.

პირველი ფოტო-სურათი 1826 წელს ფრანგ ჟოზეფ ნიეპსს გადაუღია. რაღაც სპეციალური კამერით შუქ-ჩრდილები ასფალტზე გამოსახა. სინათლის მოქმედებით ასფალტი გამყარდა. სინათლე სადაც ვერ მისწვდა, ის ადგილები ზეთით დაამუშავა. რვა საათი მოანდომა მუშაობას. „ხედი ჩემი ფანჯრიდან“ – ასე დაარქვა სურათს. ეს ნამუშევარი ვერცხლის გამოყენების გარეშე შეასრულა.

უფრო რთული იყო ფოტო-პორტრეტების შექმნა. კამერის წინ გაუნძრევლად სულ მცირე 10, 20 ან სულაც 40 წუთი უნდა მჯდარიყავი. ვერცხლი ფოტოგრაფიაში პირველად ინგლისელმა ტალბოტმა და ფრანგმა დაგერმა გამოიყენეს. ვერცხლის მარილებს სინათლის მიმართ მაღალი მგრძნობელობა აქვთ, ამიტომ პროცესს წუთები სჭირდებოდა.

ფოტოს გამჟღავნების პროცესში მთავარი სინათლე გახლდათ. სინათლე აინიციირებს ქიმიურ რეაქციას, მეტალური ვერცხლი მარილიდან გამოთავისუფლდება. იყენებდნენ ვერცხლის ქლორიდს, ბრომიდს ან იოდიდს. ამზადებდნენ ჟელეს, რომელშიც ჩამოთვლილი მარილებიდან რომელიღაცას წვრილი კრისტალების სახით ურევდნენ. სწორედ მათზე სინათლის დასხივებისას, ფოტოლიზის შედეგად მეტალური ვერცხლი წარმოიქმნებოდა. ფირზე დაფარული გამოსახულება მჟღავნდებოდა. პროცესის მაინიციირებელი რთული შედგენილობის ხსნარი იყო და შედგებოდა ნივთიერებებისგან, რომლებიც სინათლის მსგავსად მოქმედებდნენ, ანუ გამოყოფდნენ მეტალურ ვერცხლს.

ეს ხსნარი პირველ რიგში იმ უბნებზე მოქმედებს, რომლებზეც სინათლე მოხვდა. შედეგად, ვიღებთ ნათელ გამოსახულებას. თუმცა სურათის დამზადებისას მეორე ხსნარსაც იყენებდნენ, რომელსაც ფიქსატორი ეწოდებოდა. ის ფირიდან ვერცხლის მარილების იმ ნარჩენებს ჩამორეცხავდა, რომლებმაც გამოსახულების გამჟღავნებაში მონაწილეობა არ მიიღეს.

ფოტოების შესახებ სხვადასხვა მითქმა-მოთქმაც გავრცელდა.

მაგალითად…

როგორც კი ფოტოგრაფირება დახვეწეს, მაშინვე უცნაური მოდა შემოიღეს. ეს მოდა ვიქტორიანულ ეპოქას (ანუ, დიდი ბრიტანეთის დედოფალ ვიქტორიას მეფობის დროს, 1837-1901) ეხება. ზემოთ აღწერილი პროცესიდან ნათელია, რომ ფოტოს გადაღება საკმაოდ შრომატევადი და ძვირი პროცესი იყო (თანამედროვე ფულზე ერთი სურათი 100-150 დოლარი ღირდა). ამიტომ, ადამიანების უმრავლესობას ფოტო-სურათი არ ჰქონდა. ჰოდა, თუ ვინმე შეძლებული ოჯახის წარმომადგენელი  გარდაიცვლებოდა, ოჯახის წევრები იწვევდნენ ფოტოგრაფს, რათა გარდაცვლილთან ერთად სამახსოვრო სურათი გადაეღოთ. ოღონდ, ისე, თითქოს ცოცხალი იყო. ამისთვის გარდაცვლილს ყველაზე საუკეთესო სამოსს აცმევდნენ, თვალებს უხელდნენ და სპეციალურ საყრდენზე მიყუდებულს ამაგრებდნენ. შესაბამისად, სრულიად ცოცხალი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა.

ან… მეორე ვერსია

ამ სურათებზე სულაც არ იყვნენ გარდაცვლილები. ფოტოებიც გაიაფდა და ვინც კი ცოტას მაინც მუშაობდა, ფოტოს გადასაღები ფული ყველას ჰქონდა. დიახ, სურათებზე ყველა ისეთი დამწუხრებული და სერიოზულია, როგორც მიცვალებული. თუმცა ამის მიზეზი ის იყო, რომ, ჯერ ერთი, რამდენიმე წუთი გაუნძრევლად უნდა გეცქირა კამერისთვის და გაღიმებულ-გაკრეჭილი ყურება რთული იყო; მეორე კიდევ, ალბათ ეტიკეტი მოითხოვდა სიცივეს და სერიოზულობას. საყრდენი სამფეხებიც ჩანს სურათებზე და ამასაც თავისი ახსნა აქვს – ეყუდებოდნენ ბატონო, რომ ის წუთები, რომელთა დროსაც კამერაში უნდა ეცქირათ, წონასწორობა არ დაეკარგათ. ჰო, კიდევ კითხვის ნიშნები დედის მკლავებზე გადაწოლილი უმწეო ჩვილების სურათებზე რჩება. ზოგი ამბობდა, ეს ჩვილები გარდაიცვალნენო, ზოგიც იმას ამტკიცებს, ოპიუმგარეული სპეციალური სიროფი აქვთ მიღებული, რომ სურათის გადაღებისას არ „ეჭინჭყლათო“.

ახლა, ჯერი ჩვენზეა, რომელ ვერსიას დავიჯერებთ.

გადამავიწყდა, ამ სურათებისკენ საიდან გადმოვუხვიე.

თქვენ ხომ გახსოვთ, რომ მეხუთე კლასელი ვარ და ლამარა დეიდას თეთრ პუდელ „ჟუჟასთან“ მივდივარ სტუმრად. ლიფტში რომ გავიჭედე და თავადვე რომ გავდღლიზე კარები, ესეც ხომ არ დაგავიწყდათ? იმ ლიფტში სარკე იყო, მაგრამ შიგ ჩახედვა აზრად არ მომსვლია. ჰოდა, ვერცხლს სურათების გამჟღავნების გარდა, სარკეების, თერმოსებისა და ნაძვის ხის სათამაშოების დასამზადებლადაც იყენებდნენ/იყენებენ. ეს ვერცხლის იონის თვისებითი რეაქცია გახლავთ და „ვერცხლის სარკის რეაქციას“ უწოდებენ.

კოლბაში ჩაასხით ვერცხლის (I) ოქსიდის ამიაკური და
გლუკოზის ხსნარები, წინასწარ გაცხელებულ წყლიან ჭიქაში მოათავსეთ. სულ მალე
კოლბის კედლებზე ვერცხლის გამოლექვა დაიწყება. ეს „ვერცხლის სარკის” რეაქციაა.

ზოგადად, ქიმიური თვალსაზრისით ვერცხლი საკმაოდ ინერტულია. ამიტომ, აქტიური ლითონები და წყალბადი იოლად აძევებენ ნაერთებიდან:

2AgNO3+Mg=2Ag+Mg(NO3)2;

2AgNO3+H2=2Ag+2HNO3.

სინათლისა და სინესტრის პირობებში ვერცხლს ჰალოგენები ადვილად უერთდებიან ვერცხლის ჰალოგენიდების წარმოქმნით, მაგ. 2Ag+Cl2=2AgCl.

ვერცხლის ქლორიდი, ისევე როგორც ბრომიდი და იოდიდი, წყალში უხსნადია და თითოეული მათგანი ამიაკსა და ციანიდებში იხსნება.

როგორ გავიგოთ ვერცხლის ნაკეთობა მართლაც ვერცხლია, თუ მოვტყუვდით?

გვჭირდება განზავებული, დაახლოებით 60-იანი აზოტმჟავა, რომელსაც მინის პიპეტით ავიღებთ და ვერცხლის ნაკეთობას დავაწვეთებთ (ისეთ ადგილას, რომელიც ნაკეთობის ტარებისას არ გამოჩნდება). მაშინვე, დავაწვეთებთ კალიუმის ბიქრომატის ნაჯერ ხსნარსაც. თუ ნამდვილად ვერცხლთან გვაქვს საქმე, ჯერ წარმოიქმნება ვერცხლის ნიტრატი, რომელიც შევა რეაქციაში კალიუმის ბიქრომატთან წითელი ფერის კომპლექსური მარილის წარმოქმნით, ანუ, ნაკეთობის დამუშავებული ადგილი გაწითლდება.

ყველაზე დიდი თვითნაბადი ვერცხლი კანადაშია ნაპოვნი. მას „ვერცხლის ქვაფენილი“ უწოდეს, რადგან სიგრძით 30 მეტრი იყო. მისგან 20ტ. სუფთა ვერცხლი გამოადნეს.

სუფთა ვერცხლი შავდება. თუმცა, სახლში გაწმენდა შესაძლებელია.

მეთოდი #1. გვჭირდება 3%-იანი წყალბადის ზეჟანგი და ამიაკის წყალხსნარი, იგივე ნიშადურის სპირტი. შევურიოთ ერთმანეთს, ჩავდოთ შიგნით ნაკეთობა, დავაყოვნოთ მაქსიმუმ ნახევარი საათით და შემდეგ რბილი ღრუბლით გავწმინდოთ.

მეთოდი #2. გვჭირდება ალუმინის ფოლგა ან ალუმინის ფორმა. დავამატოთ ნატრიუმის კარბონატი, იგივე საცხობი სოდა, დავამატოთ ცხელი წყალი და ჩავაწყოთ ვერცხლის ნაკეთობები. შემდეგ, კვლავ ღრუბლით გავხეხოთ.

იმ შორეულ დროს, როდესაც ჟოზეფ ნიეპსმა თავისი აივნის ხედის ფოტო გადაიღო, რით წმენდდნენ სასახლეებში სარკეების ვერცხლის დეტალებს, არ ვიცი. თუმცა, დარწმუნებული ვარ შიგ ხშირად იცქირებოდნენ და საკუთარ თავს აფასებდნენ.

დღეს სარკეში მეც ვიყურები, ლიფტის სარკეშიც კი… თუმცა, სარკეში სელფებს არ ვიღებ.

კითხვის დასმა ცნობისმოყვარეობის აღსაძვრელად

0

აუდიტორიის ყურადღების მისაპყრობად საუბრის დასაწყისში  წარსადგენი წიგნის შესახებ კითხვის დასმა ეფექტური მეთოდი აღმოჩნდა. ამასთანავე, შეკითხვის მოფიქრება სააზროვნო უნარებს ავითარებს და მოსაუბრესაც წიგნზე სასაუბროდ განაწყობს. ამ მეთოდის შესახებ პირველად რამდენიმე წლის წინ ჩემმა მოსწავლემ დამაფიქრა, როდესაც ლიტერატურულ კაფეში საპრეზენტაციო სკამიდან იქ მყოფებს შემოგვხედა და ართურ კონან დოილის შერლოკ ჰოლმსის შესახებ კითხვა დაგვისვა. იმდენად მოულოდნელი და განსხვავებული იყო პრეზენტაციის ამგვარი დასაწყისი, რომ ყველა შთაბეჭდილების ქვეშ მოგვაქცია.

შეკითხვის დასმა აუდიტორიისთვის ამ ბოლო ხანს აქტიურად დავნერგე სწავლებისას.  გამოცდილებაზე დაკვირვებით, ეს მეთოდი:

  • გვეხმარება მრავალრიცხოვანი კლასის მართვაში, რადგან ყურადღების კონცენტრაციას უწყობს ხელს;
  • ნათლად წარმოაჩენს თითოეული ბავშვის აზროვნების პროცესს;
  • ცნობისმოყვარეობას აღძრავს;
  • შეკითხვის მომზადება მოსაუბრეს აიძულებს, წინასწარ იფიქროს წიგნის მთავარი გზავნილის შესახებ, შეარჩიოს კონკრეტული თემა, მიიღოს გადაწყვეტილება, შეადგინოს კითხვითი წინადადება.

შეკითხვის მოფიქრების სწავლებისთვის მოსწავლეებს ხშირად ვთავაზობ სხვადასხვა მეთოდს, მაგალითად: ხუთი კითხვა (რა?/ვინ? სად? როდის? რას შვრება? რატომ?), პირადი წერილის ქარგაში ბოლოს ვთხოვ ერთი კითხვის დასმას ადრესატისთვის, გაკვეთილს ვიწყებ შეკითხვით. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ სწავლობენ შეკითხვის ფორმულირებას.

სტატიაში გთავაზობთ მეხუთე კლასთან გამართული ლიტერატურული კაფესთვის მოფიქრებული შეკითხვების ანალიზს.

ამჯერად წარსადგენ წიგნად შევარჩიე ტუვე იანსონის „კომეტა მუმინების ხეობაში“, რომლის წაკითხვისკენ ჩემმა 10 წლის ბიჭმა მიბიძგა. მან მიამბო, რომ სწორედ ამ წიგნში ჩნდებიან პირველად ჰემულები და სნორკები. შემდეგ საყვარელი ეპიზოდიც გამიზიარა, მუმინტროლი და მისი მეგობრები ოჩოფეხებით გადაივლიან უდაბნოს და ვიცი, შენც მოგეწონებაო. ბავშვის თვალით აღქმული „კომეტა მუმინების ქვეყანაში“ ჩემი ცნობისმოყვარეობის აღსაძვრელად საკმარისი აღმოჩნდა და აგვისტოს ბოლო დღეები დაუვიწყარი გახადა.

კითხვისას ვფიქრობდი, რომ ამ წიგნს ჩემს მოსწავლეებს აუცილებლად გავაცნობდი. ტუვე იანსონის სიკეთითა და თავგადასავლებით სავსე წიგნებში მრავალი თემის გამორჩევა შეიძლება, თუმცა, წიგნში  „კომეტა მუმინების ხეობაში“ ასახულია შეყვარების ფაქიზი ეტაპი და საბავშვო ლიტერატურაში ამ თემის დიდი გულწრფელობითა  და მოვლენათა საინტერესო განვითარებით შემოტანამ აღმაფრთოვანა.

„კომეტა მუმინების ხეობაში“ მამა ხიდს აგებს. დედა ჩვეულად ფუსფუსებს. სნიფი გამოქვაბულს პოულობს, მუმინტროლი ზღვაში მარგალიტებს ეძებს. მუმინების ხეობაში სიმშვიდეს ონდატრას წინასწარმეტყველება არღვევს. ის ამბობს, რომ მალე კომეტა ჩამოვარდება. აფორიაქებული ბავშვების (მუმინტროლისა და სნიფის)  ყურადღების   გადასატანად მამა გადაწყვეტს, რომ სამოგზაუროდ უნდა წავიდნენ და ობსერვატორია მოინახულონ. დედა მუმინი მყისვე მხარს უბამს მამას და სამგზავრო ზურგჩანთებს თბილი ტანსაცმლითა და საჭირო ნივთებით ავსებს. ასე იწყება სნიფისა და მუმინტროლის ხიფათებით სავსე თავგადასავალი. გზად სნუსმუმრიკს გადაეყრებიან და მასაც თან გაიყოლიებენ. სნუსმუმრიკი ამბებს ჰყვება და ტუჩის გარმონზე უკრავს. ერთხელაც საუბრისას ახსენებს, რომ სნორკები გაიცნო და ისინი ძალიან ჰგვანან მუმინებს. ფრეკენ სნორკის შესახებ რაც უფრო მეტს ჰყვება, მუმინტროლს მით უფრო უმძაფრდება ინტერესი. სნუსმუმრიკი ამბობს, რომ ფრეკენ სნორკი ნაზი ბეწვით არის დაფარული, ფერს იცვლის, ძალიან უხდება შუბლზე ჩამოყრილი კულულები და რომ ფეხზე შებმული ოქროს რგოლის დაკარგვის გამო ძალიან ნაღვლობსო.

„- ეს გოგოები დიდი სასაცილო ვინმეები არიან! – ჩაილაპარაკა მუმინტროლმა, საძილე ტომარაში შეძვრა და ცხვირი კარვის კალთისკენ მიაბრუნა.

იმ ღამეს მუმინტროლს პატარა ფრეკენ სნორკი დაესიზმრა. გასაოცარია, როგორ ჰგავდა ფრეკენი თავად მუმინტროლს. და, რაც მთავარია, მუმინმა მას ვარდი აჩუქა თმაში ჩასაბნევად“. 1

გოგო შუბლზე ჩამოყრილი თმით მუმინტროლს უნახავად მოხიბლავს და აღფრთოვანების ამბავი ულამაზესი სიზმრით გრძელდება.

ამის შემდეგ მუმინტროლისთვის მოახლოებული კომეტისადმი შიში ძალას კარგავს და მოგზაურობა ფრეკენ სნორკის პოვნის, გაცნობისა და მოხიბვლის იმედით იმუხტება.

ტუვე იანსონი ახერხებს ისე განავითაროს მოვლენები, რომ ფოკუსი პერსონაჟთა ქცევაზე გაასწოროს და არსად ახსენებს სიყვარულს. თუმცა მუმინტროლისა და ფრეკენ სნორკის გაცნობის, ერთმანეთის აღმოჩენისა და მოხიბვლის ამბავი ერთ-ერთი საუკეთესო მონათხრობია, რაც შეყვარების  შესახებ წამიკითხავს. ურთიერთობების ასე ფაქიზად მიწოდება ბავშვებისთვის მართლაც საინტერესო და საჭიროა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, კითხვაც ამ თემის ირგვლივ მომეფიქრებინა.

-შეყვარებული თუ ყოფილხართ ოდესმე და რა სისულელე ჩაგიდენიათ სიყვარულის გამო? – ვკითხე  მეხუთე და მეშვიდეკლასელ ბიჭებს. ჩემმა კითხვამ რამდენიმე წამში მოიარა საკლასო ოთახში მყოფების გულები. ვუამბე, რომ ამ წიგნმა დამაფიქრა შეყვარების ამაღელვებელ მომენტზე და რომ შეყვარებული მუმინტროლის შესახებ მისი მეგობარი სნიფი ამბობს, რაც ის (ფრეკენ სნორკი) გაიცნო, მას შემდეგ სულელივით იქცევაო. მუმინტროლი ყურადღებას არ აქცევს მეგობრის შენიშვნებს და გამყიდველ ქალთან ერთად მთელი მონდომებით ეძებს საჩუქარს ფრეკენ სნორკისთვის. იპოვის კიდეც – სარკეს, რომელსაც ლალის თვლებით გაწყობილი ვარდი ამშვენებს. შემდეგ ამ სარკით ფრეკენ სნორკი საშიში რვაფეხას თავდასხმისგან იხსნის მუმინტროლს.

მუმინტროლი და ფრეკენ სნორკი ერთმანეთის დადებით თვისებებს ამჩნევენ, აღიარებენ და აფასებენ, საუბრობენ, ერთობიან, ცეკვავენ, საჩუქრებს დიდი გულმოდგინებით არჩევენ, გამუდმებით ზრუნავენ ერთმანეთზე. ვფიქრობ, მოზარდების დაფიქრება პატივისცემასა და ზრუნვაზე აგებული ურთიერთობების შესახებ ძალიან მნიშვნელოვანია.

ლიტერატურულ კაფეს 25 მოსწავლე ესწრებოდა. დროის დაზოგვის მიზნით წიგნის წარდგენის ფორმა ამგვარი იყო: საუბარი უნდა დაეწყოთ შეკითხვის დასმით და შემდეგ ერთი წუთის განმავლობაში უნდა ესაუბრათ, თუ რაზე დააფიქრათ მათ მიერ შერჩეული წიგნის წაკითხვამ.

ბავშვების შეკითხვები ამგვარი იყო:

  1. ოდესმე დირექტორის კაბინეტში თუ მოხვედრილხართ?
  2. ოდესმე თუ გნდომებიათ დეტექტივობა?
  3. რას გააკეთებდით თქვენ რომ მაწანწალა ყოფილიყავით და რა თავგადასავალი გადაგხდებოდათ, თქვენი აზრით?
  4. როდისმე გქონიათ სურვილი, ყოფილიყავით პოლიციელი და გყოლოდათ ძაღლი?
  5. რატომ უნდა დააზიანო ერთი რაღაც, რომელიც უსულოა და რატომ უნდა მოგწონდეს ის, რაც უსულო არ არის?
  6. მოგეწონებოდათ თუ არა მარტო სახლში ცხოვრება?
  7. გქონიათ ისეთი უცნაური თავგადასავალი, რომელზეც მერე თქვენ თვითონ დაფიქრებულხართ და ამოგიკითხავთ საკუთარი თავი?
  8. თქვენი აზრით, ვინ მოიგებდა ომს – კბილებიანი ტუალეტები თუ კაპიტანი ტრიკო?
  9. როგორ ექცევით თქვენს და-ძმებს?
  10. ოდესმე გნდომებიათ, რომ ყოფილიყავით ჯადოქარი?
  11. გიყვართ სკოლა?
  12. ოდესმე თუ გნდომებიათ, ვისაც კაპიტანი ტრიკო წაკითხული გაქვთ, მისნაირი ცხოვრება რომ გქონოდეთ?
  13. რატომ არის დიდი დათვი ამ წიგნში?
  14. როგორი წიგნების კითხვა მოგწონთ ყველაზე მეტად?
  15. თქვენი აზრით, რაზე უნდა იყოს ეს წიგნი – პირამიდებზე თუ კიდევ სხვა რამეზე?
  16. ოდესმე გნდომებიათ სხვა სკოლაში გადასულიყავით?
  17. ბაიას ადგილას რომ ყოფილიყავით და ვიღაც ბიჭმა გიხსნათ, რას გააკეთებდით?
  18. თქვენთან მაქვს ასეთი კითხვა, რას იზამდით თქვენი ნაცნობი ან ოჯახის წევრი რომ დაკარგულიყო?
  19. თქვენს მამაზე დაწერდით თუ არა ლექსს?
  20. სალამურა რომ ყოფილიყავით, რას იზამდით?
  21. როდისმე შველი გყოლიათ?
  22. რა არის სისხლჩაქცევა?
  23. თქვენ ფარნავაზის ადგილას რას გაააკეთებდით თქვენი მამის და ბიძის მკვლელთან ერთად?
  24. როდისმე ყოფილა ისე, რომ ჩაგძინებიათ და ვინმე მოგჩვენებიათ სიზმარში?
  25. რას იზამდით, თუ მიტოვებულ შენობას დაინახავდით?

 

ყველამ შეძლო შეკითხვის მოფიქრება. ამასთანავე, იგრძნობა მათი სილაღე, თავისუფლება, გაბედულება, რაც მასწავლებლებისთვის დიდი ბედნიერებაა  მაშინ, როცა თითოეული მოსწავლის ძალების თანაბრად წარმოჩენა ჩვენი უმთავრესი მიზანია. შეკითხვის დასმის სწავლებაც მათი თავისუფლების გამოსაწრთობად ერთ-ერთი საინტერესო და ეფექტური მეთოდი აღმოჩნდა.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. იანსონი, ტუვე. 2023. კომეტა მუმინების ხეობაში. თარგ. დავით გაბუნია. რედ. ლოლა ქადაგიშვილი, თამარ გავაშელიშვილი. თბილისი: სულაკაურის გამომცემლობა

მედლის მეორე მხარე ანუ ასსიტყვიანმა ესეიმ რა ჰქმნა

0

უკვე მეექვსე წელია, რაც პირველკურსელ სტუდენტებს წერას ვასწავლი, შესაბამისად, მშვენიერი გამოცდილებაც დამიგროვდა. ჩემი პირველკურსელების ნაწერები საუკეთესო თვალსაჩინოებაა, თუ რას ვაკეთებთ და ვაფუჭებთ სკოლის პერიოდში, როდესაც მოსწავლეებს წერას ვასწავლით.

მრავალი საგულისხმო დეტალი ჩავინიშნე, რამდენიმეს მიზეზსაც მივხვდი, ზოგიერთი ჯერ ვერ გავშიფრე, თუმცა, ძალიან სასარგებლო და ნაყოფიერი გამოცდილებაა.
ამ სტატიაში ერთ მნიშვნელოვან ნიშანსა თუ მოვლენაზე მინდა ვისაუბრო.

ერთ-ერთი მთავარი აზრობრივი თუ სტილისტური ხარვეზი, რაც თითქმის ყველა ნაწერს ახასიათებს, ზედმეტი, უფუნქციო სიტყვებია. მუშაობის პროცესში ასეთ სიტყვებს საპნის ბუშტები დავარქვით. ეს ისეთი სიტყვებია, რომელთა არსებობა თუ არარსებობა არაფერს ცვლის, ლუარსაბისა და დარეჯანის არ იყოს, მათი ყოფნა-არყოფნა არც არავის შეუმჩნევია, ეს სრულიად უფუნქციო სიტყვები წინადადების აზრსა და მნიშვნელობას არაფერს მატებენ, ხოლო სინტაქსს უფრო რთულს, მძიმეს, ჩახლართულს ხდიან.
ამ სიტყვა-ბუშტების როლში მეტყველების სხვადასხვა ნაწილები გვხვდება, ყველაზე ხშირად კი ნაცვალსახელები, კავშირები და ნაწილაკები, თუმცა არც უფუნქციო არსებითი და ზედსართავი სახელების ნაკლებობაა.

ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, მივხვდი! ამ უფუნქციო სიტყვების ერთ-ერთი მიზეზი ის დავალებებია, სადაც მოსწავლეებს ვთხოვთ, რომ ტექსტი განსაზღვრული რაოდენობის სიტყვების გამოყენებით შექმნან. ასეთ დავალებას მე პირობითად, ასსიტყვიან ესეის დავარქმევ და თქვენ შეგიძლიათ სიტყვების სხვა რაოდენობაც იგულისხმოთ და ტექსტის სხვა ჟანრიც.

მერე ჩემი „აღმოჩენა“ სტუდენტებს გავუზიარე და მათაც დამიდასტურეს. მითხრეს, რომ როდესაც თავიანთი არგუმენტირებული თუ ანალიტიკური ესე, ან სხვა ტიპის ტექსტი გარკვეული სიტყვების რაოდენობამდე უნდა შეავსონ, ხშირად შინაარსზე უფრო მეტ ყურადღებას სიტყვების რაოდენობას აქცევენ. ასეთ დროს გამოსავალი ხდება ნაცვალსახელის, ნაწილაკის, კავშირის, უფუნქციო სინონიმების, ტავტოლოგიების გამოყენება.

როგორ მოვიქცეთ?

არადა, როდესაც დავალების შესასრულებლად გარკვეულ პირობებს ვუყენებთ, როგორიცაა სიტყვების განსაზღვრული რაოდენობა, გარკვეული სამუშაო დრო და ა.შ, გვსურს, რომ რესურსებისა და დროის სწორად გამოყენების, მითითების მიხედვით მუშაობის, დაკვირვებისა და ყურადღების უნარი გამოვუმუშაოთ, მაგრამ გამოდის, რომ ამ ტიპის დავალების სიკეთესთან ერთად, ფუჭსიტყვაობასაც ვახალისებთ.
მოდით, ერთად ჩამოვაყალიბოთ ის წესები, რომელთა საშუალებითაც უფუნქციო სიტყვების გამოყენებას გავექცევით და ამავე დროს, არც დავალების იმ ტიპზე ვიტყვით უარს, რომელსაც ახლა ვსაუბრობთ.

1. მივცეთ მოსწავლეებს სიტყვების განსაზღვრული რაოდენობით შექმნილი დავალება, მაგრამ აქვე დავუზუსტოთ, რომ 10 სიტყვით ნაკლები ან მეტის გამოყენება, ხარვეზად არ ჩაითვლება.
2. ვასწავლოთ მოსწავლეებს ტექსტის წინასწარი ჩარჩოს შედგენა, სანამ წერას დაიწყებენ, კარგად განსაზღვრონ, რისი თქმა სურთ, ამ შემთხვევაში, უფუნქციო სიტყვების გამოყენებაც აღარ დასჭირდებათ.
3. ვასწავლოთ მოსწავლეებს ტექსტის სტრუქტურა, მაგალითისთვის, თუ დავალება შედგება ასი სიტყვისგან, ისე უნდა გაანაწილონ ეს ასი სიტყვა, რომ მისი ყველა ნაწილი: შესავალი, განვითარება, ძირითადი ნაწილი, დასკვნა -სრულყოფილი იყოს და თან, ყველა ნაწილისთვის თანაბრად გამოიყენონ სიტყვები.
4. აუცილებლად გავამახვილოთ ყურადღება წერის იმ უპირატესობაზე, რასაც ქართული ენა გვაძლევს, როგორიცაა ნაცვალსახელთა გამოყენების თავისუფლება, სიტყვათა რიგი და სხვა.
5. წინასწარ ჩამოვწეროთ ე.წ. „აკრძალული სიტყვების სია“, სადაც სწორედ უფუნქციო სიტყვებსა და კლიშედ ქცეულ ფრაზებს შევიტანთ.

მგლები. ახალი წელთაღრიცხვა

0

იასონ ბადრიძის წიგნს ბოლო ორ თვეში მეორედ ვკითხულობ – ისევ გატაცებით. „ამბავი მგლისა და კაცისა“ სხვაგვარი ავტორის ხელითაა დაწერილი – მგლების გამზრდელის, მათი ულუფისა თუ ცხოვრების წესის გამზიარებლის, რომანტიკოსის, ცოტა შეშლილის. ვკითხულობ და ვფიქრობ, რომელი მხარე დავანახო ცნობისმოყვარე მკითხველს, პირველი სურათები რომ უკვე დახატა გონებაში.

1974 წლის იანვარი. ზოვრეთი, ბორჯომის ნაკრძალი. შესაძლოა, ვიღაცისთვის ეს შორეული წარსული იყოს, მგლების გვერდით ცხოვრების, მათთან მეგობრობის ისტორია კი ძნელად სარწმუნოდ მოჩანდეს. მეც გამიჩნდა დაძაბულობის განცდა, როცა წიგნის კითხვა დავიწყე. თითქოს ძველ, შავ-თეთრ ფილმს ვუყურებდი, მარტივი ხერხებით, მაგრამ ისე ოსტატურად გადაღებულს, რომ სისხლის გამყინავი ყმუილი სულ ახლოდან მესმოდა.

„ისინი არა თუ უბრალოდ ჭკვიანები, არამედ წარმოუდგენლად ჭკვიანები არიან“, – წერს იასონ ბადრიძე მგლების შესახებ და წიგნის ყოველი თავი გვარწმუნებს ამ განცხადების სისწორეში. მათ უდავოდ შეუძლიათ ის, რასაც ადამიანის ენაზე მეგობრობა, ერთგულება, თავგანწირვა ჰქვია. არ მოვყვები, როგორ მიიღეს მკვლევარი თავიანთ წრეში, როგორ ჩაიარა შეჩვევის სახიფათო ხანამ, თუმცა ის კი სათქმელია, რომ მგლებისთვის შერქმეული სახელები: ნესტორი, ნიკო, მანანა, გურამი… – სულ უფრო ნაკლებად უცნაურად მოჩანს მათი მოულოდნელი საქციელის გათვალისწინებით.

მაგალითი: „პირველი გურამი წამოვიდა, რამდენიმე სანტიმეტრში ჩამიარა და კუდი წამომდო. ასე იქცეოდა ბოლო კვირის განმავლობაში და მეც მის ასეთ ქცევას მეგობრულად მხარზე ხელის მოთათუნებასავით შევეჩვიე“. გურამი ავტორს კიდევ ბევრჯერ გააოგნებს – ცოტა ხნის წინ გადაყლაპულ ხორცსაც ამოუნთხევს დასანაყრებლად. „ისეთი განცდა მქონდა, რომ ჩვენი ურთიერთობა ადამიანური დამოკიდებულების კატეგორიაში გადავიდა“, – იხსენებს იასონ ბადრიძე, რომლის სიტყვებსაც მეტი და მეტი დამარწმუნებელი ძალა ეძლევა.

სხვა მაგალითი: „[ნიკოს] პირით ახლად მონადირებული კურდღელი მოჰქონდა და ამაყად მოცეკვავდა. ნანადირევი ბუნაგის შესასვლელთან დააგდო, თვითონ სანახევროდ შიგნით შეძვრა, კუდით კი ჰაერში მონდომებით ხაზავდა რვიანებს. როგორც ვხვდებოდი, საკუთარი ნაშიერებით აღტაცებას ამგვარად გამოხატავდა“. ლეკვების დაბადება ავტორისთვისაც ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისია – ახალ სიცოცხლეზე დაკვირვება აღმოჩენის, დასკვნის გამოტანის მეტ შესაძლებლობას იძლევა, მით უფრო მაშინ, როცა გზის ყველაზე რთული მონაკვეთი გავლილი აქვს, ცხოველები თავისიანად მიიჩნევენ, ენდობიან.

თავის მხრივ, მკვლევარსაც უწევს დათმობაზე წასვლა – აბა, რომელი მეგობრობა იქნება კომპრომისების გარეშე? მგლებს ყავის სუნი აღიზიანებთ და იასონ ბადრიძეც მართალია, უხალისოდ, მაგრამ მაინც უარს ამბობს ამ სასმელზე: „მათი განწყობის პატივისცემის ნიშნად, ჩაის სმაზე გადავედი, რაც ჩემი მხრიდან დიდი მსხვერპლი იყო“. ხანდახან მგლისებურად ყმუის, სანადიროდაც ხალისით დაჰყვება მათ, ვისი მორჩენილი ირმის ხორცითაც ჩვეულებრივად ნაყრდება.

ცხადია, ის დილიდან ღამემდე მგლებს აკვირდება, მათი ქმედებების გასაგებად ახალ-ახალ ექსპერიმენტებს ატარებს. წიგნში მრავალი საყურადღებო ვარაუდი თუ დასკვნაა, რომლებიც სხვა თვალით დაგვანახებს ცხოველთა სამყაროს, არასწორად შეფასებულ და შედეგად, მეტად დაზარალებულ მგლების მოდგმას. მაგალითისთვის ერთს მოვიტან: „მგლებმა შემთხვევით შეიძინეს დადებითი გამოცდილება სიტუაციაში, რომელიც მათგან დამოუკიდებლად წარმოიქმნა, მაგრამ ამ შემთხვევას ყურადღება მიაქციეს და შემდეგ უკვე მიზანდასახულად ეცადნენ, იმავენაირი სიტუაცია შეექმნათ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მგლებს შეუძლიათ თავიანთი ქმედებების შედეგების პროგნოზირება“.

დაუვიწყარია დათვთან შეხვედრის ეპიზოდიც – როცა მგლები თავს გაწირავენ კაცის გადასარჩენად. ჰო, ეს მხოლოდ მათი ამბავი არ არის. იმ კაცისაცაა, რომლის გულიც საბოლოოდ მოინადირეს.

 

ინტერნეტგაზეთი „mastsavlebeli.ge”  12 წლისაა

0

დღეს,  1 მარტს,  ინტერნეტგაზეთი „mastsavlebeli.ge”  12 წლის გახდა. ძალიან დიდი მადლობა  ყველას და თითოეულს ვინც ინტერნეტგაზეთის შექმნის იდეიდან- დღემდე, თანამშრომლობდა და გულშემატკივრობდა, ვინც მხარს გვიჭერდა, კითხულობდა, გვეკამათებოდა, ვჭირდებოდით და გვენდობოდა.   განსაკუთრებული მადლობა   „mastsavlebeli.ge“- ს გუნდს,   გამორჩეულ, საინტერესო, სანდო, ნიჭიერ ადამიანებს, რომლებიც  კვლავ  შექმნიან  მრავალფეროვან, საინტერესო , საჭირო, აქტუალურ რესურსებს ჩვენი მკითხველებისათვის.

 

საგაკვეთილო აქტივობები მედიაწიგნიერების უნარების ფორმირებისთვის

0

თანამედროვე პირობებში სასწავლო პროცესის განხორციელება გულისხმობს მედიაწიგნიერების ფუნქციების – სწავლების (მედიაწიგნიერების), ადაპტაციის, განმავითარებელი და მაორგანიზებელი ფუნქციების გამოყენებასაც, სადაც:

  • „სწავლება“ მოიცავს მედიატექსტების გაცნობას/მიწოდებას/ათვისებას (მათ შორის – თეორიული კუთხითაც), მათ აღქმასა და ანალიზს, უნარს, გამოიყენო ცოდნა სხვადასხვა სიტუაციაში, იაზროვნო, განსაჯო ლოგიკურად;
  • ადაპტაციის ფუნქცია ვლინდება (წარმოიქმნება) უშუალოდ მედიაკულტურასთან კომუნიკაციის ეტაპზე, კონცეპტუალურ დონეზე;
  • განმავითარებელი ფუნქცია მოიაზრებს პიროვნების მოტივაციურ, ნებელობით და სხვა პიროვნულ თვისებებზე, მედიაგარემოსთან შემოქმედებითი კონტაქტების დროს მიღებულ გამოცდილებაზე აქცენტირებას;
  • მაორგანიზებელი ფუნქცია კი გამოიხატება მედიატექსტების ანალიზისთვის საუკეთესო პირობების შექმნით.

საგაკვეთილო პროცესში მედიაწიგნიერების მიდგომების გამოყენება გულისხმობს მრავალფეროვან აქტივობებს:

  • დესკრიპტორული (აღწერითი, ანუ ძირითადი აზრობრივი შინაარსის გამომხატველი დავალებების შეთავაზება მოსწავლეებისთვის), როგორიცაა შინაარსის გადახედვა/გამეორება, მედიატექსტში გადმოცემული მოვლენების ჩამოთვლა/დასახელება;
  • კლასიფიკაციაზე ორიენტირებული სავარჯიშოები (ისტორიულ და სოციოკულტურულ კონტექსტში მედიატექსტის ადგილის განსაზღვრა);
  • ანალიტიკური ხასიათის დავალებები (როგორიცაა მედიატექსტის სტრუქტურის ანალიზი, მედიატექსტის ენის განსაზღვრა, ავტორისეული კონცეფციების განხილვა და ა.შ.);
  • პერსონალური (მედიატექსტით გამოწვეული გრძნობების, მოგონებების, განცდების აღწერა);
  • დამოკიდებულებებზე, ღირებულებებზე ორიენტირებული დავალებები;
  • მედიატექსტის შეფასება, მისი ღირებულების განსაზღვრა (მაგალითად, ესთეტიკური და მორალური კრიტერიუმების შესაბამისად).

დავალებები, რომლებსაც ამ დროს ვთავაზობთ მოსწავლეს, ტიპოლოგიურად შეიძლება დაიყოს შემდეგნაირად:

  • სასწავლო მასალის შინაარსის (ფაქტებისა და მოვლენების) მიხედვით;
  • დავალების შინაარსის მიხედვით (კონკრეტულად რას ითხოვს მედიატექსტი: მხატვრულ ანალიზს, ჯგუფურ და ინდივიდუალურ მუშაობას თუ სხვ.);
  • ლიტერატურული და იმიტაციური (თეატრალიზებული, გამომსახველობითი) აქტივობები (სათამაშო თუ სხვ. ტექნოლოგიებით და ტექნიკური საშუალებებით) მედიატექსტზე მუშაობისას კრეატიული იდეების ინიცირებისთვის, როგორიცაა, მაგალითად, სცენარის და მინიგეგმის დაწერა მედიატექსტისთვის, მედიატექსტის შექმნის დროს მისი ამა თუ იმ ნაწილის ინსცენირება და ა.შ) და ა.შ;
  • ვიზუალური აქტივობები (აფიშების შექმნა, ფოტოკოლაჟი, ნახატები თემასთან ახლოს, ანიმაცია)

და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ შემოქმედებითი, „ლიტერატურულ-იმიტაციური“ ხასიათის დავალებები მეთოდურად ყოველთვის წარიმართება სათამაშო ტექნოლოგიებით. დასაწყისში მოსწავლეებს ვთავაზობთ, წარმოიდგინონ თავი მედიატექსტის სცენარისტად და დაწერონ:

  1. ორიგინალური სცენარის გეგმა მედიაკულუტურის ნებისმიერი სფეროდან (ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროებია: ბეჭდური მედია, აუდიოვიზუალური ფორმები – რადიო, ტელევიზია, ინტერნეტი); მაგალითად, ეკრანიზაცია, ტელესიუჟეტი რომელიმე ლიტერატურული ნაწარმოების, რომელიმე ისტორიული პირის შესახებ, პოლიტიკური მოვლენების მიმოხილვა, ისტორიული ქრონიკა და ა.შ., რომელიც დაახლოებით 3-5 წუთი გაგრძელდება;
  2. შემდეგ მინისცენარის მიხედვით შექმნან „რეჟისორული სცენარიც“, სადაც ორიგინალურ ტექსტთან ერთად, თუ ეს ფილმია, გამოჩნდება რაკურსი, კამერის მოძრაობა, მონტაჟის პრინციპები და სხვ.

ამ ტიპის სამუშაოსთვის სცენარის მომზადება მნიშვნელოვანი დეტალია. ამ დროს მოსწავლეებს შორის ნაწილდება „როლები“: „რეჟისორების“, „ტელეოპერატორების“, „ხმის ოპერატორების“, „დიზაინერების“, „მსახიობების“, „გრიმიორების“, „ჟურნალისტების“, „მულტიპლიკატორების“, „კომიქსების მხატვრების“, „ელექტრონული სპეცეფექტების სპეციალისტების“ (ტექნიკური მხარდაჭერა) – თანამედროვე ვიდეო- და კომპიუტერული ტექნიკის მცოდნეები მედიატექსტების შედგენისთვის და სხვ.

ჯგუფი ერთად მუშაობს სცენარზე და ერთად იქმნება საბოლოო პროდუქტი. მიღებული მედიაპროდუქტი შეიძლება სულაც არ იყოს თამაშის ანუ ანიმაციური ტექნოლოგიით შექმნილი და წარმოადგენდეს

ა) მხოლოდ დოკუმენტურ მედიატექსტს

ბ) ან ისეთ დოკუმენტურ მედიატექსტს, რომელიც დაეყრდნო მედიაკულტურისთვის დამახასიათებელ გამომსახველობით, მხატვრულ ხერხებს.

მასწავლებელი ორივე შემთხვევაში მხოლოდ მაკორექტირებელ როლს ასრულებს, მისი აუდიტორია კი, შეიძლება ითქვას, ფანტაზიორთა სივრცეა, სადაც საკუთარ მოსაზრებებს, შემოქმედებითობას თავისუფლებას აძლევენ. მიზანი სასწავლო ამოცანების გადაწყვეტაა და არ გულისხმობს დასრულებული ფორმის მედიაპროდუქტის შექმნას, რომელსაც პრეტენზია ექნება პროფესიულ დონეზე. შეიძლება ითქვას, რომ აქ:

  • მთავარია არა შედეგი, არამედ თავად პროცესი, აუდიოვიზუალური ენის, შემოქმედებითი უნარების გამომუშავება;
  • თუმცა, გარკვეულწილად, მზა მედიატექსტებიც საჭიროებს რეკლამირებას, „ბაზარზე“ „გაყიდვას“, „გავრცელებას“ და ა.შ. ამ მიზნებს ექვემდებარება პრაქტიკულ სამუშაოში კონკრეტული შემოქმედებითი ამოცანების ჩართვა, რომლებიც ავითარებს წარმოსახვას, ფანტაზიას, ასოციაციურ აზროვნებას და აუდიტორიის არავერბალური აღქმის უნარს;
  • რაც შეეხება საკუთარი მედიატექსტისთვის სარეკლამო პლაკატების მომზადებას (ვარიანტი: პლაკატები პროფესიული მედიატექსტებისთვის), ის შეიძლება შეიქმნას მედიაკულტურის თემაზე არსებული ნახატების/ფოტოების კოლაჟის საშუალებით ან ხელით დაიხატოს „კომიქსები“ კონკრეტული მედიატექსტების საფუძველზე, რომლებიც გარკვეული ასაკის აუდიტორიისთვის არის განკუთვნილი.

ნებისმიერი ეს აქტივობა დიდ ინტერესს იწვევს მოსწავლეთა შორის, მაგრამ განსაკუთრებით ემოციურად ხვდებიან ვიდეორგოლებს. შესაბამისად, მასწავლებელი მეტ ყურადღებას აქცევს ვიდეოსთვის მოსწავლეების მიერ სცენარის დაწერას. ვიდეოს შექმნისთვის სცენარი აუცილებელია. ის ვიდეოწარმოების ფუნდამენტური ელემენტია, ერთგვარი სახელმძღვანელო-ინსტრუმენტი და ამოსავალი წერტილი ყველასთვის, ვინც ვიდეოს შექმნაში მონაწილეობს.

ნებისმიერი ვიდეოსცენარი ძირითადად ოთხი ნაწილისგან შედგება:

  1. შესავალი (რომელმაც „უნდა აიძულოს“ მსმენელი, ყურადღება მიმართოს ეკრანისკენ);
  2. ძირითადი საკითხები (მიზანია, მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია მაყურებელს და გამოიწვიოს მათი ნდობა);
  3. დასკვნა (მიზანია, კიდევ ერთხელ გაააზრებინოს ინფორმაცია მაყურებელს);
  4. მოწოდება მოქმედებისკენ (რომელმაც მაყურებელს მოქმედებისკენ უნდა უბიძგოს. ღირებულებითი, დამოკიდებულებების თვალსაზრისით, ეს ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია მსმენელისთვის).

სასწავლო, საგანმანათლებლო ვიდეოსცენარის დასაწერად დასაწყისში შეიძლება შაბლონის გამოყენებაც. მთავარია, სქემა იყოს ძალიან მარტივი და მოსწავლეებისთვის ადვილად აღსაქმელი. მაგალითად, ვიდეო „სტიქიური მოვლენები – გზამკვლევი“:

  1. შესავალი ნაწილი: ვიდეოსცენარის დასაწყისში, შესავალში, გამოჩნდება ორგანიზაციის (ჯგუფის, გაერთიანების) ლოგო (ანუ ვინც ქმნის ვიდეოს), შემდეგ კამერა თანდათან გადადის გამოსახულებასა და წამყვანზე;
  2. ძირითადი საკითხები: წამყვანი ესალმება მაყურებლებს და აუწყებს: „დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ სასწავლო ვიდეორგოლს „სტიქიური მოვლენები – როგორ დავიცვათ თავი სტიქიური უბედურებისგან?“ თქვენი გიდი ვიქნები მე, ექსპერტი სამოქალაქო უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში. დღეს მე გაგაცნობთ ამ თემის ძირითად ასპექტებს“. ეკრანზე გამოჩნდება ვიდეოს ცალკეული ნაწილების ტიტრები: „რა არის სტიქიური მოვლენა?“, „როგორ მოვიქცეთ სტიქიის დროს?“, „შედეგები და აღდგენა“.
  • ნაწილი პირველი – „რა არის სტიქიური მოვლენა?“

ეკრანზე ჩანს სტიქიური მოვლენის განმარტება: სტიქია არის ბუნებრივი მოვლენა, რომელიც ატარებს საგანგებო ხასიათს და რომელსაც მოჰყვება მოსახლეობის ნორმალური ცხოვრების დარღვევა, მატერიალურ ღირებულებათა დანგრევა და განადგურება, საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს; ხასიათდება მნიშვნელოვანი მასშტაბებითა და სხვადასხვაგვარი ხანგრძლივობით, მაგალითად, მიწისძვრა შეიძლება რამდენიმე წამს გაგრძელდეს, ხოლო წყალდიდობა – თვეობით. სტიქიური უბედურებაა მიწისძვრა, ზვავი, ღვარცოფი, წყალდიდობა, ხანძარი და ა.შ. შესაბამისად, ამ დროს რასაც ვაკეთებთ, ეს არის დამაზიანებელი ზემოქმედების მინიმიზაცია და შეჩერება.

  • ნაწილი მეორე – „როგორ მოვიქცეთ სტიქიური მოვლენის დროს, როგორ დავიცვათ თავი?“

წამყვანი: ა) ახლა გადავიდეთ მომზადებაზე. უნდა გვქონდეს მოქმედების გეგმა ოჯახის წევრების ევაკუაციისთვის, რომელშიც გათვალისწინებული იქნება საკონტაქტო მონაცემები, შეხვედრის ადგილი, გადარჩენისთვის აუცილებელი ელემენტები; ბ) ეკრანზე ჩანს სქემები და ილუსტრაციები, რომლებიც წარმოაჩენს მომზადების ეტაპებს.

წამყვანი: ა) სტიქიური მოვლენის დროს უნდა ვიცოდეთ, როგორ მოვიქცეთ. მიწისძვრის დროს თავი შევაფაროთ მაგიდის ან მყარი საწოლის ქვეშ; წყალდიდობის დროს სასწრაფოდ მოვძებნოთ უფრო მაღალი ადგილები და ვაცნობოთ გადაუდებელი დახმარების სამსახურს; ბ) ეკრანზე ჩანს ანიმაცია, რომელიც გვიჩვენებს სწორ მოქმედებას სხვადასხვა სტიქიური მოვლენის დროს.

წამყვანი: „გახსოვდეთ, რომ თქვენი და თქვენი ახლობლების უსაფრთხოება მთავარია. იმოქმედეთ ინსტრუქციის მიხედვით და არ გარისკოთ“.

  • ნაწილი მესამე – „შედეგები და აღდგენა“

წამყვანი: ბოლოს, მოდი, ვისაუბროთ სტიქიური უბედურებების შედეგებსა და დაზიანებულის აღდგენაზე. ზიანის შეფასებისა და აღდგენისთვის საჭიროა იმ ადგილობრივ სამსახურებსა და ორგანიზაციებთან დაკავშირება, რომლებიც დაგეხმარებათ ამ პროცესში (ეკრანზე გამოჩნდება შესაბამისი რჩევები).

წამყვანი: გახსოვდეთ, რომ სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებული ცოდნა და უახლესი ინფორმაციის ფლობა დაგეხმარებათ, ეფექტურად იმოქმედოთ საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში.

  • დასასრული: წამყვანი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ეს იყო საგანმანათლებლო ვიდეო „სტიქიური უბედურებები – გზამკვლევი“: ვიმედოვნებთ, სასარგებლო ინფორმაცია მიიღეთ და ამიერიდან უფრო თავდაჯერებულად იმოქმედებთ სტიქიური მოვლენების შემთხვევაში. „მოემზადეთ და იყავით უსაფრთხოდ!“
  • მუსიკალური დასასრული.

მოსწავლეთა შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ხელოვნური ინტელექტის (მათ შორის – ნეიროქსელის) გამოყენებით შექმნილი ვიდეომასალები. ამით მასწავლებელს შეუძლია გაამრავალფეროვნოს სასწავლო პროცესი, მაგრამ ეფექტიანობისთვის მნიშვნელოვანია, აქტიურად გამოიყენოს მედიაპროდუქტის (მაგალითად, ფილმის/ფრაგმენტის) დეკოდირების (დეკონსტრუქციის) სქემა და მედიაპროდუქტი ეფექტურ სასწავლო რესურსად გადააქციოს.

მაგალითი: საგანი – ისტორია; თემა – „ანტიკური საქართველო“ (ზოგადი შედეგები: ისტ. საბ. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12)

მედიაწიგნიერების მიზანი მოცემულ მასალასთან მიმართებით: დესკრიპტორული

დავალების ტიპი: სასწავლო მასალის შინაარსზე ორიენტირებული

I – მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილ სამ-ხუთწუთიან მარტივ მედიაპროდუქტს ანტიკური საქართველოს შესახებ.

https://drive.google.com/file/d/111oSlwo-aOIRnxuz6g0MbKXV0fTN3kUa/view?ts=65b94645

II – შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს ფილმის დეკოდირების/დეკონსტრუქციის სქემას (სქემა 1) და სთხოვს, აღნიშნულ საკითხებზე იმუშაონ.

 სქემა 1.

III – დასასრულ, მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებენ მიღებულ შედეგებს.

IV – რეფლექსია / მოსწავლეთა თვითშეფასება

მასწავლებელს შეუძლია, მოსწავლეებს თავად შეაქმნევინოს ორ-სამწუთიანი მედიაპროდუქტები, ამგვარად წაახალისოს მათი შემოქმედებითობა და კიდევ უფრო გააუმჯობესოს მათი მედიაუნარები.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. Media Literacy: Potter, W. James (2001)

https://archive.org/details/medialiteracy0000pott_t0v8/page/n7/mode/2up

  1. ნატალია ინგოროყვა, „მედიაწიგნიერების გაკვეთილები“. სახელმძღვანელო მომზადდა „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების“ პროექტის ფარგლებში, კომუნიკაციების კომისიის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.
  2. მასწავლებლის წიგნი – „გამჭოლი კომპეტენციები“, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2015

 

 

როცა კლასი მრავალრიცხოვანია

0

ალბათ ყველას შეგიმჩნევიათ, როგორ ანათებს ზოგიერთი ადამიანი. პირველივე შეხვედრაზე ახდენს შთაბეჭდილებას, ყველას ამახსოვრებს თავს და ეს ყოველთვის ექსპრესიულობის ხარჯზე არ ხდება. შესაძლოა, ის სულაც არ საუბრობდეს ხმამაღლა, თავდაჯერებულად და მხოლოდ გარეგნულად იყოს დასამახსოვრებელი. მაინცდამაინც მიმზიდველ გარეგნობას არ ვგულისხმობ. ადამიანების ნაწილი ბუნებრივადაა ასეთი, როცა მეორე ნაწილი ნაკლებად შესამჩნევია. ამით თუ აიხსნება, რატომ გვახსოვს იმ უცხო ადამიანის სახე, რომელსაც ოდესღაც შემთხვევით გადავეყარეთ და შესაძლოა, მასთან გასაუბრების შანსიც კი არ მოგვცემია, მაშინ როდესაც გონებიდან ნელ-ნელა გვიქრება იმ ადამიანების სახეები, ვისაც დიდი ხნის წინ კარგად ვიცნობდით.

მეორე მხრივ, იყო ნაკლებად შესამჩნევი – არ ნიშნავს, ნაკლები სათქმელი გქონდეს.

ზოგი ადამიანი მეტისმეტად ხმამაღალია იმისთვის, რომ არ დაგამახსოვრდეს, ზოგი თვალებით საუბრობს, ზოგი – ხელების დახმარებით, ზოგი საერთოდ არ უწევს ხმას, თუმცა სწორედ ხმის ტემბრით ისაკუთრებს ჩვენს გონებას, ზოგს კი ხმის ამოღებაც არ სჭირდება იმისთვის, რომ გაფიქრებისთანავე მისი სახე თვალწინ დაგვიდგეს.

ცხადია, ამ პროცესს ყურადღებით ვერ დააკვირდებით, თუ ყოველდღე ასზე მეტ ადამიანთან მაინც არ გიწევთ შეხვედრა. ოდესმე დაბრუნებულხართ აფთიაქში იმის გამო, რომ რამე დაგრჩათ ან დაგავიწყდათ და გაგკვირვებიათ, რომ ფარმაცევტს ახსოვხართ? ან, პირიქით, არ ახსოვხართ, როდესაც ორიოდე წუთის წინ გესაუბრებოდათ? ხშირად გვიფიქრია, დღეში ჩვენნაირს იმდენს ესაუბრებიან, ყველას რა დაამახსოვრებთო. მართლაც, ზოგჯერ შეიძლება წესიერად არც კი შემოგხედონ, ისე მიიღონ შეკვეთა და კარის გახურვისთანავე თქვენი სახე მათი გონებიდან კვამლივით გაქრეს, ზოგჯერ კი, პირიქით, ისე გესალმებიან, თითქოს ყოველდღე გხედავდნენ, მაშინ როცა სულ მეორედ ხართ იქ.

ეს არც სილამაზეზეა დამოკიდებული და არც იმაზე, რამდენად მოხდენილად გამოვიყურებით მოცემულ მომენტში. ეს ბუნებრივი, თანდაყოლილი ფენომენია, თუმცა მეორე მხარეზეცაა დამოკიდებული – ის, ვინც სხვისთვის დასამახსოვრებელია, ჩემი გონებიდან განზე გახედვისთანავე ორთქლდება.

ასეა თუ ისე, საერთო ჯამში, მაინც ორ კატეგორიად ვერთიანდებით: ისინი, ვინც ამახსოვრდებათ და ისინი, ვინც არ ამახსოვრდებათ.

როდესაც კლასი ძალიან დიდია, მასწავლებელს მეტი დრო სჭირდება მოსწავლეების გასაცნობად. გულზე ხელი დავიდოთ: არიან ისეთი ბავშვებიც, რომელთა სახელებიც და სახეებიც პირველივე გაკვეთილიდან გვახსოვს და ისეთებიც, ვისი სახელის გასახსენებლადაც დღის ბოლოს სიის შემოწმება გვჭირდება. ამას არაფერი აქვს საერთო მათ აკადემიურ მოსწრებასთან.

რასაკვირველია, თანდათან ერთმანეთს ვეცნობით და ყველაფერი თავის ადგილას დგება, მაგრამ ფაქტი ჯიუტია: კლასიდან ერთი ან რამდენიმე სხვებზე ადვილად იკავებს ადგილს ჩვენი მეხსიერების ხვეულებში.

ყოველთვის, როდესაც მრავალრიცხოვან კლასზე ვსაუბრობდი, მაქსიმუმ 25-30 ბავშვს მოვიაზრებდი, მაგრამ დღეს, როდესაც კლასში შესვლისთანავე 60-65 წყვილი თვალი მოუთმენლად შემომყურებს, ვხვდები, რა ყოფილა ნამდვილი სირთულე. მით უმეტეს, მათ ყოველდღე არ ვხვდები, კვირაში ერთხელ ან ორჯერ ერთად გატარებული ორმოცი წუთი კი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ისინიც გაიცნო და მკაცრად გაწერილ საგაკვეთილო გეგმასაც მიჰყვე. მასწავლებელს თავისი შიმშილი აქვს, მოსწავლეებს – თავიანთი. ამ შიმშილს კარგად გაცნობის და კომუნიკაციის შიმშილი ჰქვია, ის რაღაც უფრო მეტს მოითხოვს, ვიდრე სწორხაზოვანი გაკვეთილის გეგმაა. სწორედ ასე ნადგურდება ჩემი შესვენებები და დაუსრულებლად ვპასუხობ ერთსა და იმავე, უკვე მილიონჯერ მოსმენილ შეკითხვებს, რაც მათ სახეებზე უზომოდ ბედნიერ და იმავდროულად მოუთმენელ გამომეტყველებას აჩენს. მეტი უნდათ და უნებურად მშობლიურ ენაზე გადადიან, მე კი მათი ენა არ მესმის, ჩემი ქართველი მოსწავლეები მახსენდება და მონატრება გულს მიკლავს.

პირველ კვირას კლასიდან მხოლოდ ერთი ან ორი მახსოვდა ხოლმე. რაღაც ასე: „ახლა სად მაქვს გაკვეთილი? მესამე მეცამეტეში? ეგ რომელი კლასია? ჰო, იმ გოგოსი“. „ახლა სად? მესამე მეოცეში? ეგ რომელია? ჰო, იმ ბიჭუნასი“. „მეორე მეექვსე? ჰო, ის სამი ბავშვი“.

მეორე კვირას კლასთან ასოცირებული ორი წყვილი თვალი ოთხი გახდა, მერე – ექვსი, მერე – რვა და ა.შ. მაგრამ სამოცი?! ეს ხომ ძალიან ბევრია! როგორ შეძლოს მასწავლებელმა ყველას გაცნობა, ყველას ამოცნობა, ყველას დამახსოვრება, მით უმეტეს, როცა სულ მათთან არ არის? ზოგი ძალიან თამამია, ბევრს ლაპარაკობს, შეცდომების არ ეშინია, სულ ხელს იწევს, ზოგი გამორჩეულად თბილია, სტიკერებს გჩუქნის, კლასში შესულს გეგებება და ნახატებს გაჩვენებს, ზოგი არასდროს გიყურებს, გგონია, არც კი გისმენს, გაკვეთილზე ხატავს და ასე იქცევს შენს ყურადღებას, თუმცა მაინც ყველაფერზე სწორად გცემს პასუხს. მაგრამ დანარჩენები? ვინც სულ ჩუმად ყოფნას ამჯობინებს და ცდილობს, თვალში არ მოგხვდეს? განა იმიტომ, რომ სათქმელი ან საჩვენებელი არაფერი აქვთ, – უბრალოდ, ასეთები არიან, შეუმჩნევლები. თან რა ადვილია, სამოც კაცში შეუმჩნეველი იყო! არადა, თუ შეამჩნიე და ბიძგი მიეცი, შესაძლოა, ყველაზე კაშკაშა სინათლით დაიწყონ შენთვის ნათება. მაგრამ ვიდრე ამას მიხვდები, ვიდრე მოქმედებაზე გადახვალ, რა უნდა ქნა მასწავლებელმა?

ამ კითხვებზე პასუხი საახალწლოდ გამართულ ზეიმზე მივიღე. ყველა კლასმა საკუთარ საკლასო ოთახში მოაწყო მცირე წვეულება და ეს წვეულება საოცრად ჰგავდა ერთმანეთის უკეთ გასაცნობად დაგეგმილ აქტივობას. მასწავლებლებმა მოსწავლეებს რამდენიმე დღით ადრე სთხოვეს, წარმოედგინათ ის, რაც უყვარდათ და რაც, მათი აზრით, ყველაზე უკეთ გამოსდიოდათ. ზოგმა იცეკვა, ზოგმა იმღერა, ზოგმა დაუკრა, ზოგმა კომედიური ნომერი წარმოადგინა, ზოგმა ფოკუსები გვაჩვენა, ზოგმა ლექსი წაიკითხა. ყველაფერი იყო, ინტერესიდან ჰობიმდე, ფოლკლორიდან თანამედროვეობამდე. მასწავლებლები არც მათ არჩევანში ჩარეულან და არც ნომრების დახვეწაში მიუღიათ მონაწილეობა. კლასიდან კლასში დავრბოდი, რომ ყველას ნახვა მომესწრო. ცხადია, სირბილში ბევრი რამ გამომრჩებოდა, მაგრამ რაც ვნახე, აღმაფრთოვანა. გამაგიჟა იმ ბავშვების წარმოდგენამ, რომლებსაც ამ ზეიმამდე დერეფანში რომ შევხვედროდი, ვერც კი გავიხსენებდი, ჩემს კლასში იყვნენ თუ არა!

ამიტომ ასე ვფიქრობ: იქნებ ღირდეს, თვეში ერთი გაკვეთილი ან ერთი საღამო „გავწიროთ“ იმისთვის, რომ მოსწავლეებს საშუალება მივცეთ, საკუთარი თავი, ინტერესები და შესაძლებლობები წარმოაჩინონ? ვუწოდოთ ამას თუნდაც ზეიმი. თუ მათ ასე აბედნიერებთ ერთმანეთის ხელახლა გაცნობა და თავის წარმოჩენა, განა ეს ზეიმი არ არის?!

„Teacher, let me try“, – გაისმის ხოლმე ჩემს ზურგს უკან და მივიხედავ თუ არა, მაშინვე მახსენდება – ეს ხომ ის ბიჭუნაა, ჰიპ-ჰოპი რომ იცეკვა, ეს კი ის გოგოა, უცნაურ საკრავზე რომ დაუკრა. „მოდი, იმან სცადოს, ფოკუსებს რომ ატარებდა“, – ვუპასუხებ ხოლმე და ფოკუსების მოყვარული სიცილით მოიკვლევს გზას ახითხითებულ თანაკლასელებს შორის. მეც საბოლოოდ ბედნიერი ვარ, ყველას სახე მახსოვს და ყველას საკუთარი ადგილი აქვს.

 

 

როგორ დავეხმაროთ ბავშვებს საშინაო დავალების შესრულებაში

0

აკადემიური უნარების გაუმჯობესებასთან ერთად საშინაო დავალებას აქვს არააკადემიური სარგებელიც. მაგალითად, ის ავითარებს პასუხისმგებლობას, დროის მართვის ჩვევას, შეუპოვრობას. ამასთან ერთად, საშინაო დავალება ზრდის მშობლების ჩართულობას შვილების სწავლის პროცესში.

თუმცა მეტისმეტად ბევრმა საშინაო დავალებამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს არააკადემიურ უნარებზე, ვინაიდან შეამცირებს თავისუფალი თამაშისთვის დარჩენილ დროს, თავისუფალი თამაში კი აუცილებელია ენის, კოგნიტიური, თვითრეგულირებისა და სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებისთვის. ბევრმა საშინაო დავალებამ შესაძლოა შეამციროს ფიზიკური აქტივობაც და ჭარბი წონის რისკი გაზარდოს. რამდენიმე კვლევის თანახმად, საშინაო დავალება შეიძლება იყოს სასარგებლო, როდესაც ის მინიმალური მოცულობისაა.

ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, საშინაო დავალების შესრულებაში ბავშვებს არ უნდა ეხარჯებოდეთ 2.5 საათზე მეტი, ხოლო დაწყებითი სკოლის მოსწავლეებისთვის საშინაო დავალება უნდა იყოს მინიმალური მოცულობის და ემსახურებოდეს თვითრეგულირებისა და დამოუკიდებელი მუშაობის უნარების ჩამოყალიბების მიზანს.

განათლების ეროვნული ასოციაციისა და მშობელთა და მასწავლებელთა ეროვნული ასოციაციის რეკომენდაციით, პირველკლასელებს დღეში 10 წუთზე მეტი არ უნდა ეხარჯებოდეთ საშინაო დავალების შესრულებაში. მეორეკლასელებისთვის მაქსიმუმი დღეში 20 წუთია, მესამეკლასელებისთვის – 30 წუთი და ა.შ. ​

 

რამდენიმე რჩევა მშობლებს:

ფოკუსირდით ზოგად ზედამხედველობაზე, ხელმძღვანელობასა და გამხნევებაზე, მაგრამ მიეცით ბავშვებს საშუალება, რამდენადაც შესაძლებელია, დამოუკიდებლად შეასრულონ საშინაო დავალება. კვლევები მოწმობს, რომ საშინაო დავალების შესრულებისას ბავშვებისთვის მეტი ავტონომიის მინიჭება დადებით გავლენას ახდენს მათ აკადემიურ უნარებზე.

დაეხმარეთ მხოლოდ მაშინ, როდესაც თქვენი შვილი გთხოვთ და განზე გადექით, როდესაც ეს შესაძლებელია. კვლევებმა აჩვენა, რომ საშინაო დავალებაზე მუშაობისას მშობლის გადაჭარბებული ჩარევა და კონტროლი ცუდ აკადემიურ მოსწრებასთან ასოცირდება.

დაეხმარეთ ბავშვებს, შექმნან სტრუქტურა და ჩამოაყალიბეთ რუტინა, რომელიც მათ საშინაო დავალების დასრულებაში დაეხმარება. კვლევებით დადგენილია, რომ ასეთი სტრუქტურისა და პასუხისმგებლობის შეთავაზებას აკადემიური უნარების გაუმჯობესება მოჰყვება.

დაადგინეთ სპეციფიკური წესები საშინაო დავალებისთვის. კვლევებმა აჩვენა კავშირი მშობლების მიერ საშინაო დავალებასთან დაკავშირებული წესების დადგენასა და აკადემიურ მოსწრებას შორის.

დაეხმარეთ ბავშვს, შეხედოს საშინაო დავალებას როგორც შესაძლებლობას, ისწავლოს და უნარები გაიუმჯობესოს. მშობლებს, რომლებიც საშინაო დავალებას განიხილავენ როგორც სწავლის შესაძლებლობას (ე.წ. დაოსტატებაზე ორიენტირება) და არა რაღაც ისეთს, რაც უნაკლოდ უნდა შესრულდეს მაღალი ნიშნის მისაღებად (შესრულებაზე ორიენტირება), უფრო მეტი შანსი აქვთ, აღაზრდონ ასეთივე დამოკიდებულების მქონე შვილები.

წაახალისეთ და გაამხნევეთ შვილი დავალებაზე მუშაობისას, წარმოაჩინეთ რთული დავალება როგორც ზრდის შესაძლებლობა. კვლევამ აჩვენა, რომ მსგავსი დამოკიდებულება მოსწავლის წარმატების საწინდარია. კვლევა იმასაც ამბობს, რომ რაც უფრო მეტია რთული დავალება, მით უფრო დიდია აკადემიური მოსწრების გაუმჯობესების შანსი.

შეინარჩუნეთ სიმშვიდე და პოზიტიური განწყობა. კვლევების თანახმად, როდესაც მშობელი საშინაო დავალების შესრულებაში დახმარებისას დადებით ემოციებს ავლენს, ბავშვის მოტივაცია იმატებს.

დააფასეთ თქვენი შვილის ძალისხმევა – ესეც გაზრდის მოტივაციას. გარდა ამისა, კვლევა გვიჩვენებს, რომ საშინაო დავალების შესრულებისას გაწეული მეტი ძალისხმევა კეთილსინდისიერების განვითარებას უწყობს ხელს.

ესაუბრეთ ბავშვს და მასწავლებელს ნებისმიერი პრობლემის შესახებ, რომელიც საშინაო დავალებაზე მუშაობისას იჩენს თავს. გაარკვიეთ მასწავლებლის საგანმანათლებლო მიზნები. კვლევა გვიჩვენებს, რომ საშინაო დავალების შესახებ ღია კომუნიკაცია აკადემიური მოსწრების ამაღლების ერთ-ერთი პირობაა.

 

წყარო: www.psychologytoday.com

 

 

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...