კვირა, ივნისი 8, 2025
8 ივნისი, კვირა, 2025

ოჯახი – საუკეთესო თუ  სახიფათო გარემო

0

ხშირად მშობლები და სკოლა გვიან იგებენ, რომ მოზარდს რაიმე სახის დამოკიდებულება აქვს – ალკოჰოლზე, ნარკოტიკულ ნივთიერებებზე, თამბაქოზე. ჩვენ არც იმის დაჯერება გვსურს, რომ ამ პრობლემის მახეში ჩვენი შვილებიც ებმებიან. განგაშს კი მაშინ ვტეხთ, როდესაც სიტუაცია კონტროლს აღარ ექვემდებარება. შესაძლებელია თუ არა ამისგან თავის დაზღვევა იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოს ამ მიმართულებით პრევენციული პროგრამები არ გააჩნია? რა შეიძლება მოვიმოქმედოთ?

არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ მოზარდს ჯანმრთელობისთვის სახიფათონივთიერებების მოხმარებისკენ არა მხოლოდ ცნობისმოყვარეობა ან ახალი სამეგობრო გარემო, არამედ ოჯახიც უბიძგებს. მოზარდთა ნარკო- და ალკოდამოკიდებულების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ არასრული ოჯახია, სადაც „მართვის სადავეები“ მხოლოდ ერთი მშობლის ხელთაა და მოზარდს დიდი დოზით აკლია მეორე მშობლის ყურადღება, მასთან ყოველდღიური ურთიერთობა. მოზარდი „სოციალურ შიმშილს“ განიცდის იმ შემთხვევაშიც, როცა მშობლის ჩანაცვლებას რომელიმე ნათესავი ცდილობს. ასეთი მოზარდის აღზრდა განსაკუთრებით რთულდება გარდატეხის ასაკში, ისეთ ოჯახში, სადაც ყველა პასუხისმგებლობა მხოლოდ ერთ მშობელს ეკისრება. როგორც წესი, დარღვეულ ოჯახურ ჰარმონიას ვერც სკოლა აბათილებს (ეს მისი ფუნქცია არც არის).

ხშირად მოზარდი სრულ ოჯახშიც არაკომფორტულად, იზოლირებულად გრძნობს თავს.  თუ ოჯახის წევრები ერთმანეთის მიმართ უნდობლად არიან განწყობილი, თანაც, ამას ერთვის ძალადობა, სიდუხჭირე, კულტურულ ღირებულებათა დეფიციტი, მოზარდის ნორმალური განვითარების შანსი იკლებს. ფსიქოლოგიური წნეხის იმპულსები, რომელსაც მშობლები გარემოსგან ან სხვა ოჯახის წევრებისგან განიცდიან, მოზარდებსაც გადაეცემათ. მათ სიმარტოვის განცდა, შფოთვა, დეპრესია, შიში იპყრობთ, უჩნდებათ სწრაფად გაზრდის სურვილი, რაც ხშირად ხდება ალკოჰოლისა და ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების მიზეზი. მოხმარება მოზარდს მატებს თავდაჯერებას, აგრესიას, ახლა მას ხშირად უწევს ტყუილის თქმა და ნელ-ნელა მსოფლმხედველობაც ეცვლება. თუმცა ამ ყველაფრის ათვლის წერტილი, უმეტესწილად, სიმარტოვე და იმის განცდაა, რომ მისი პირადი პრობლემები არავის აინტერესებს.

მოზარდებს პროტესტის განცდა უჩნდებათ და ამას სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ. მოზარდი, რომელსაც ოჯახი და სკოლა პოზიტიურად არ მუხტავს, არ უქმნის უკეთესი მომავლის მოტივაციას, უგულებელყოფს მის სურვილებს და ოცნებებს, მარტივად იღებს გადაწყვეტილებას – „გაექცეს დაუნდობელ სამყაროს“. მშობლები და მასწავლებლები ასეთი მოზარდებისთვის ავტორიტეტს აღარ წარმოადგენენ.

მოზარდებს მუდმივი ყურადღება სჭირდებათ, მაგრამ ეს ხშირად გვავიწყდება – არა იმის გამო, რომ ისინი არ გვიყვარს. უბრალოდ, რუტინული ცხოვრების წესი არ გვიტოვებს ძალას, გამუდმებით თვალი ვადევნოთ მათ და მივცეთ იმდენი თავისუფლება, რამდენიც მათ განვითარებას შეუწყობს ხელს.

ხშირად შეძლებული და ერთი შეხედვით, იდეალური ოჯახებიც ვერ მართავენ მოზარდის თავისუფლებას. ერთ მშვენიერ დღეს მათი ოჯახური იდილია მთავრდება და უკლებლივ ყველა წევრი მოზარდის ახალი თავგადასავლების ირიბი მონაწილე ხდება.

ბევრი მშობელი, ვისაც უკვე ზრდასრული ნარკო- და ალკოჰოლდამოკიდებული შვილი ჰყავს, იხსენებს და ნანობს აღზრდაში დაშვებულ მცირედ შეცდომებს, რომლებსაც თავის დროზე ნაკლები ყურადღება დაუთმეს. ეს პატარა შეცდომები გლობალურ პრობლემაში გადაიზარდა. შეცვალა მათი, შვილის, ოჯახის წევრთა, ნათესავებისა და ახლობლების ცხოვრება.

ამიტომ მშობლები, განუწყვეტლივ უნდა ვფიქრობდეთ მოზარდის თავისუფალ აღზრდაზე? აღზრდის რომელ ეფექტიან მეთოდს უნდა მივმართოთ, რომ შევუნარჩუნოთ მოზარდ თავისუფლება, არ შევზღუდოთ ის სურვილებში და ამავდროულად დავიცვათ მავნე გავლენებისგან. როდის სჭირდება ჩვენი ჰიპერმზრუნველობა და როდის ვუბიძგებთ ამით „უცხო ხილის“ დააგემოვნებისკენ, გაქცევისკენ? ალბათ ეს არის ყველაზე დიდი საფიქრალი, რომელიც მშობლებს გარდატეხის ასაკში უნდა აწუხებდეს.

თავისუფლების საზღვრები – ცხადია, მოზარდისთვის მათი დადგენა აუცილებელია. ზღვრის გარეშე მშფოთვარედ და დაუცველად თავს გრძნობს მოზარდიც და მშობელიც.

ამიტომ ყველა ოჯახს თავისი წესები სჭირდება.

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ მოზარდები მხოლოდ ჩვენი მეგობრები არ არიან. მათ სჭირდებათ მკაცრი იერარქია, დაფუძნებული სანდოობასა და მხარდაჭერაზე. საუბარია არა ჰიპერკონტროლზე. ჰიპერკონტროლი ისეთივე საშიშია, როგორც სრული უკონტროლობა. თუ მოზარდს არ ექნება თვითგამოხატვის საშუალებები, აუცილებლად მოძებნის მას და ძიების პროცესი ყოველთვის უსაფრთხო როდია.

თავისთავად, მოზარდობა თვითძიების პერიოდია, როდესაც მოზარდს სურს შეიცნოს, ვინ არის, რატომ არსებობს, რაშია სამყაროს დანიშნულება. მშობელი კი, უნებურად, ხელს უშლის ამ კითხვებზე პასუხის ძიების პროცესს.

მშობლებს ახასიათებთ რადიკალიზმი. მათ სურთ მოზარდის ქცევის ხაზი მკვეთრად შეცვალონ, ხვალიდანვე დააწყებინონ ახალი, საზრიანი ცხოვრება. აღზრდის ეს სცენარი უარყოფით გავლენას ახდენს მოზარდზე. ნებისმიერი ადამიანი „მცირე ნაბიჯებით“ ცვლილებებს გაცილებით იოლად ეგუება, თანაც ეს მას პასუხისმგებლობის გააზრების საშუალებას აძლევს.

მაგალითად, თუკი მშობელი გადაწყვეტს, რომ მოზარდს ინტერნეტით სარგებლობა შეუზღუდოს, ეს კატეგორიული მიდგომა არ უნდა იყოს. სასურველია, მშობელმა მოზარდს უსაფრთხოების წესები განუმარტოს, ვიდრე დასაჯოს ან დაგმოს. მკაცრი სანქციების შემოღება შვილის ცხოვრების გასაკონტროლებლად განწირული მცდელობაა. მოზარდი მაინც ახერხებს კონტროლის ზონიდან გაღწევას და მშობლის მიმართ იმედგაცრუება უჩნდება.

ინგლისის კოლეჯებში ნარკომოხმარების მიზეზთა კვლევის დროს, ერთ-ერთმა ახალგაზრდამ განაცხადა, რომ მთელ მის ცხოვრებას, ყოველ ნაბიჯს უფროსები აკონტროლებდნენ. ამიტომ მან ნარკოტიკების მოხმარება დაიწყო. „მშობლები ვერ აკონტროლებდნენ ჩემ მიერ ნარკოტიკების მოხმარებას. ეს იყო გარემო, რომელიც თავისუფლების განცდას მანიჭებდა“, – აღიარა ახალგაზრდამ.

მშობლების ჰიპერმზრუნველობის კიდევ ერთი ნაყოფი მოზარდი ადამიანის ინფანტილიზმია, მისი გახანგრძლივებული „ბავშვურობა“, ცხოვრების სირთულეებისადმი მოუმზადებლობა, დამოუკიდებლად პრობლემების გადაჭრის უუნარობა. ის ადვილად ექცევა უფრო გამოცდილი მეგობრების გავლენის ქვეშ. მას იოლად აჯერებენ, რომ ნარკოტიკების ან ალკოჰოლის გასინჯვა არაფერს ავნებს. „სათბურის“ პირობებში აღზრდილი, სოციალურად დაცულ მშობელთა შვილები და მათი „ჯიბის“ ფული მადას უღვივებს მომხმარებლებს. სამწუხაროდ, დღევანდელ საქართველოში არ არსებობს ამ კუთხით მოქმედი პრევენციული პროგრამები – არც სკოლებსა და არც სხვა სივრცის ფარგლებში, საკანონმდებლო ცვლილებებს კი საზოგადოების დიდი ნაწილი უნდობლობით ხვდება. ამიტომ მშობლებს და სკოლას ჯერჯერობით ისღა დარჩენიათ, თავად აკონტროლონ და არ დაუშვან სიტუაცია, როდესაც მოზარდები ნარკოტიკების მოხმარებას თავისუფლებასთან გააიგივებენ.

მოზარდის ნაბიჯი ნარკოტიკებისკენ არ არის კატასტროფა. ეს არის ასაკისთვის დამახასიათებელი ქმედება, რომლისთვისაც ნოყიერ ნიადაგს ხშირად უფროსი თაობა ვქმნით. მოზარდის სურვილი, მოიხმაროს ნარკოტიკი და ალკოჰოლი არის საპასუხო რეაქცია ჩვენივე ქმედებებზე ან უმოქმედობაზე. გარდა ამისა, ბევრ მოზარდს აინტერესებს ცნობიერების ხელოვნურად გაფართოება, ახალი, სენსორული გამოცდილების მიღება. ისინი ცდილობენ „ცხოვრებაში ყველაფერი ნახონ“, „უცხო ხილის“ დაგემოვნებით გახდნენ უფრო ავტონომიურები და სოლიდარობა გამოუცხადონ ნარკო- და ალკოდამოკიდებულ კუმირებს.

ჩვენი ზედმეტად აგრესიული რეაქციით შეიძლება დავაზიანოთ მოზარდი, გავუძლიეროთ პროტესტი ზრდასრული საზოგადოების წინააღმდეგ. თუ მოზარდმა ერთხელ მოიხმარა ნარკოტიკი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნარკომომხმარებელთა სიას უნდა მივაკუთვნოთ. მხოლოდ მოზარდთა მცირე ნაწილი, ვინც ნარკოტიკული ნივთიერებები ერთხელ დააგემოვნა, კვლავ იყენებს მათ. თუმცა აუცილებელია დაუყოვნებლივ დავარწმუნოთ, რომ სწორედ უწყინარი ცნობისმოყვარეობა ხდება ურთულესი გზის – ქრონიკული დაავადების საწყისი.

მაშინაც კი, თუ ოჯახი ყველაზე ჰარმონიულია, თქვენს შვილს არ აკლია მზრუნველობა და ყურადღება, კარგად სწავლობს, უყვარს კითხვა, იტაცებს სპორტი და პატივს სცემს ხანდაზმულებს, ეს მაინც არ ნიშნავს იმას, რომ მოზარდი არასოდეს მიიღებს ნარკოტიკს ან ალკოჰოლს. ეს ილუზიაა. ილუზიაა ისიც, რომ მხოლოდ დეპრესიული, რთული ან შემოქმედებითი მოზარდები არიან მიდრეკილნი ამის მიმართ. მოხმარება შეიძლება განაპირობოს საბედისწერო შემთხვევითობამ, კონკრეტული სიტუაციით გამოწვეულმა დროებითმა საჭიროებამ და სხვ.

„ჩემი ცხოვრება იმდენად საინტერესოა, რომ ნარკოტიკებზე უბრალოდ არ მიფიქრია“, – ეს არის ის იდეალური წინადადება, რომელიც ჩვენს მოზარდებს უნდა ვათქმევინოთ. მოზარდის ცხოვრება რომ საინტერესო და დატვირთული იყოს, მშობლის ხელშეწყობაა საჭირო. საჭიროა სახელმწიფოს თანადგომაც, რომელსაც ყოველთვის უნდა ჰქონდეს ამბიცია ჰყავდეს სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღი მომავალი თაობა.

 

რა უფლებები აქვს ცხოველს და რატომ უნდა იცოდეს ეს მოსწავლემ?

0

საკითხები მოსწავლეებთან განსჯისა და დისკუსიისთვის

ცხოველს აქვს უფლება დაცული იყოს ადამიანის გამოყენებისგან. ეს არის შეხედულება, მოსაზრება, რომელიც ჯერ კიდევ ბუნდოვანი და საკამათოა.

 

ცხოველთა უფლებები არ გულისხმობს ცხოველისთვის იმავე უფლებების მინიჭებას, რაც ადამისნს აქვს. და, აქვე, ცხოველთა უფლებები განსხვავდება ცხოველთა სამყაროს დაცვის კანონმდებლობისაგან.

 

თუ ცხოველთა უფლებებისთვის მებძროლ ადამიანებს დავუჯერებთ, ცხოველთა უფლებები ემყარება ცოდნას, რომ ცხოველიც განიცდის და აქვს ტკივილის შეგრძნების უნარი. მათი მოსაზრებები ეყრნობა შემდეგ არგუმენტებს:

 

რას ნიშნავს ცხოველის უფლება, დაცული იყოს ადამიანის მიერ  გამოყენებისაგან?

 

ადამიანები ცხოველებს მრავალი გზით იყენებენ, მათ შორის, ცხოველი გამოიყენება ხორცისთვის, ექსპერიმენტებისთვის, ბეწვისთვის (ტანსაცმლისთვის), ნადირობის დროს, თუ ცირკში.

 

ადამიანებს არ სჭირდებათ ხორცი, კვერცხი, რძე, ბეწვი, ნადირობა თუ ცირკი. რაც შეეხება ცხოველებზე სამეცნიერო ცდების ჩატარებას, ბევრი ადამიანი გაიზიარებს მოსაზრებას, რომ კოსმეტიკური პროდუქტის ტესტირება ცხოველზე არ არის საჭირო. ახალი პომადის დატესტვა არის დაუსაბუთებელი არგუმენტი იმისთვის, რომ მოკლა, მაგალითად, ასობით ან ათასობით კურდღელი.

 

მაგრამ, სამეცნიერო ცდების ჩატარება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ ასეთი სამეცნიერო ცდა შედეგად მოიტანს წინსვლას ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის საქმეში. თუმცა, აქტივისტები, რომლებიც იბრძვიან ცხოველის უფლებებისთვის, მიიჩნევენ, რომ მორალურად ეს ისევეა გამართლებული, როგორც ცდების ჩატარება, მაგალითად, ბავშვებზე.

 

რა არგუმენტებით არის გამყარებული ადამიანის მიერ ცხოველების გამოყენება?

 

ძირითადად, გავრცელებულია მოსაზრებები, რომ:

 

  • ცხოველს არ შეუძლია ფიქრი და განსჯა;
  • ცხოველი არ არის ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც ადამიანი;
  • ცხოველს არ აქვს ვალდებულებები;
  • ღმერთმა ცხოველი შექმნა იმისთვის, რომ ადამიანებმა გამოვიყენოთ.

ცხოველთა უფლებების დამცველი აქტივისტების აზრით, უფლებები არ შეიძლება დამოკიდებული იყოს ფიქრისა და განსჯის უნარზე, რადგან ამ შემთხვევაში, საჭირო იქნებოდა ჩაგვეტარებინა IQ ტესტი ადამიანებზე, თუ ვის შეიძლება ჰქონდეს უფლებები და ვის არა. მაგალითად, ამ ლოგიკით მცირეწლოვან ბავშვებს არ უნდა ჰქონდეთ უფლებები.

 

მნიშვნელობის მიხედვით უფლებების მინიჭებაც არასწორია, რადგან მნიშვნელობის განსაზღვრა მეტად სუბიექტურია და ადამიანებს საკუთარი წარმოდგენა აქვთ, თუ ვინ ან რა არის მნიშვნელოვანი მათთვის. ადამიანმა შეიძლება ჩათვალოს, რომ მისი შინაური ცხოველი უფრო მნიშვნელოვანია მისთვის, ვიდრე ის უცხო ადამიანი, რომელიც მისგან შორს, ქვეყნის დასალიერში ცხოვრობს.

 

მოვალეობებიც არ არის კარგი კრიტერიუმი უფლებების მინიჭების საფუძვლის განსასაზღვრად, რადგან მაშინ, ადამიანებს, რომლებსაც არ შეუძლიათ თავიანთი ვალდებულებების გაცნობიერება, არ უნდა მიენიჭოთ უფლებები.

 

ცხოველთა უფლებების მომხრეთა მოსაზრებით, რელიგიური არგუმენტებიც არ არის საკმარისი საფუძველი, უარი ვთქვათ ცხოველთა უფლებებზე, რადგან ასეთი მოსაზრებები სუბიექტური და პერსონალურია.

 

უნდა ჰქონდეთ თუ არა ცხოველებს ისეთივე უფლებები, როგორიც ადამიანებს აქვთ?

 

ზოგიერთის წარმოდგენით, ცხოველთა უფლებების მხარდამჭერებს სურთ, ცხოველებსაც ისეთივე უფლებები ჰქონდეთ, როგორიც ადამიანებს აქვთ. თუმცა, ეს მცდარი მოსაზრებაა. რადგან, ცხოველთა უფლებების დამცველები არ მოითხოვენ, რომ, მაგალითად, კატას ჰქონდეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება. საკითხი ასე არ დგას, არამედ ასე: გვაქვს თუ არა უფლება, ცხოველები გამოვიყენოთ ჩვენი მიზნებისა და ინტერესებისთვის?

 

ცხოველთა უფლებები და ცხოველთა სამყაროს დაცვა

 

ცხოველთა უფლებები განსხვავდება ცხოველთა სამყაროს დაცვის ვალდებულებისაგან. ზოგადად, „ცხოველთა უფლებები” გულისხმობს, რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება, გამოვიყენოთ ცხოველები ჩვენი ინტერესებისთვის, ხოლო ცხოველთა სამყაროს დაცვის ვალდებულება ნიშნავს, რომ ადამიანებს შეუძლიათ გამოიყენონ ცხოველები, თუ ცხოველთან მიმართებაში მოპყრობა „ჰუმანური” იქნება. მაგალითად, პირველ შემთხვევაში, ჩვენ არ შეგვძლია მოვკლათ ცხოველი გამოკვების მიზნით, ხოლო მეორე შემთხვევაში, თუ ცხოველს მოვკლავთ იმისთვის, რომ გამოვიყენოთ მისი ხორცი, მაშინ ეს უნდა გავაკეთოთ „ჰუმანურად” და ცხოველთა სასაკლაოებზე უნდა აღმოიფხვრას პრაქტიკა, როდესაც ცხოველი სიკვდილის წინ განიცდის ტანჯვას.

 

 

საქართველოში „მოქმედებს ცხოველთა სამყაროს” შესახებ კანონი. კანონის თანახმად, ცხოველთა სამყარო ბუნებრივი გარემოს ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ელემენტია. ცხოველთა სამყარო წარმოადგენს ქვეყნის და ასევე მსოფლიოს ბიოლოგიური მრავალფეროვნების უმნიშვნელოვანეს ნაწილს. მას განსაკუთრებული ადგილი უკავია ბიოსფეროს დაცვისა და მდგრადობის შენარჩუნების, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეთა სულიერ და მატერიალურ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებისა და მომავალი თაობების აღზრდის საქმეში. საქართველოს სახმელეთო ტერიტორიის, საჰაერო სივრცის, ტერიტორიული წყლების, კონტინენტური შელფისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ფარგლებში არსებული ცხოველთა სამყარო საქართველოს ეროვნული სიმდიდრეა და მას სახელმწიფო იცავს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად კი, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა დასჯადია. კერძოდ, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, აგრეთვე ცხოველის წვალება, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი:

 

ა) ჯგუფურად;

 

ბ) არაერთგზის;

 

გ) მცირეწლოვნის თანდასწრებით –

 

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

 

ვფიქრობ, საინტერესო უნდა იყოს, მოსწავლეებთან ერთად ცხოველთა უფლებებსა და ცხოველთა სამყაროს დაცვის ვალდებულებაზე დისკუსია და სტატიაში მოყვანილ არგუმენტებზე მსჯელობა და განხილვა.

 

 

 

 

კრეატიული სკოლების აუცილებლობის შესახებ

0

დროა დავასრულოთ საგამოცდო-საქარხნო ტიპის განათლება.

ჩრდილოვანი კაბინეტის განათლების ყოფილი მდივანი მიესალმება სერ კენ რობინსონისა და ლუ არონიკას განცხადება-მანიფესტს, რომელიც უპირისპირდება ტესტების სტანდარტიზებულ სისტემას და მოუწოდებს ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტს, სასკოლო სწავლებაში უფრო შემოქმედებით და შთამაგონებელ მიდგომებს დაუჭირონ მხარი.

 

„ჩვენი სასკოლო სიტემა დღეს გახლავთ ორგანიზაციული რიტუალებისა და ინტელექტუალური ჩვევების ისეთი მატრიცა, რომელიც არაადეკვატურად აღიქვამს დღევანდელი სკოლის მოსწავლეების ტალანტების მრავალფეროვნებას. ეს იმიტომ ხდება, რომ სისტემა ბავშვების ნიჭისა და მონაცემების განვითარების საპირისპიროდ მოქმედებს: უამრავ სტუდენტს ჰგონია, რომ მათ სწავლის პრობლემები აქვთ; რომ არასაკარისად გონიერნი არიან, ან უჭირთ საგნების ათვისება“ (სერ კენ რობინსონი, ბრიტანელი ავტორი, განათლების ექსპერტი, ბრიტანეთის ხელოვნების სამეფო აკადემიის წევრი).

 

კენ რობინსონის თეზისი დამაჯერებლად ჟღერს: ჩვენ დღემდე ვიყენებთ მასობრივი განათლების ფორდისტულ მოდელს[1], რომელიც დღეს აღარ შეესაბამება ახალგაზრდებისთვის საჭირო მზარდ სოციალურ-ეკონომიკურ  მოთხოვნებს, რომლებსაც მათ ციფრული ხანა უყენებს. კიდევ უფრო სავარაუდოა, რომ პოლიტიკოსები, რომლებიც სკოლებში სწავლების მოქნილობასა და ინოვაციურობას უნდა უჭერდნენ მხარს, დღეს სტანდარტიზებული ტესტებისა და შეფასებების მკაცრ დამცველებად გვევლინებიან და ეს კიდევ უფრო ამძიმებს არსებულ კრიზისს.

რობინსონს რევოლუცია სურს განათლების სფეროში, რომელიც „სტადარტების მოძრაობის სხვადასხვა პრინციპზეა დაფუძნებული“. მას სურს რომ ჩვენ/თქვენ – გავხდეთ ცვლილების საფუძველი. „ყველაზე სწორი ადგილი, საიდანაც განათლების სისტემაზე ფიქრი უნდა დავიწყოთ, სწორედ სკოლაა და ის გარემო, სადაც თქვენ ამჟამად ხართ. თუ შეძლებთ შეცვალოთ საკოლო გამოცდილება იმათთვის, ვისთან ერთადაც მუშაობთ, თქვენ გახდებით განათლების, როგორც ერთიანი სისტემის ცვლილების ფართო და რთული პროცესის ნაწილი“.

რობინსონი, რასაკვირველია, თვითონ არის ცვლილების ინიციატორი, ე.წ „change-maker“. მან საერთაშორისო აღიარება მოიპოვა მისი ცნობილი გამოსვლით, „სკოლები კლავენ შემოქმედებას?“, 2006 წლის  TED talk-ზე[2] (დღეს ეს გამოსვლა მსოფლიოში 300 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს ნანახი), თუმცა კენეტ რობინსონი, როგორც მასწავლებელი, მთავრობის მრჩეველი, ექსპერტი და მეცნიერი უკვე 40 წელზე მეტია საუბრობს მეტ კრეატიულობაზე სწავლებაში და სასკოლო სასწავლო პროგრამებში.

სერ კენ რობინსონისა და ლუ არონიკას 2016 წელს გამოცემული წიგნი „შემოქმედებითი სკოლები“ (Creative Schools: The Grassroots Revolution That’s Transforming Education), „ნიუ იორკ-თაიმსის“ ბესტსელერი, ძლიერი, ელეგანტური და მიმზიდველი მანიფესტი, აერთიანებს სასკოლო გამოცდილებასა და პოლიტიკას (საგანმანათლებლო პოლიტიკებს), რომელიც ცვლილებისკენ მოუწოდებს მკითხველს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგს შეიძლება მოეჩვენოს, რომ წიგნში ოდნავ მძაფრია „განათლების კონფერენციების ტონალობა“ – მასში ხაზგასმულია „ცნობისმოყვარეობის, კრიტიკის, კომუნიკაციისა და თანამშრომლობის“ საჭიროება, „მრავალფეროვნების, სიღრმისა და დინამიზმის“ მნიშვნელობა და, რაც მთავარია, წიგნი მკითხველს სთავაზობს საქმეში ღრმად ჩახედული ავტორების, კეთილგანწყობილი სტილით დაწერილ მოულოდნელ ამბებს შთაგონებით აღსავსე მასწავლებლებზე.

რობინსონისა და არონიკას წიგნი წარმოადგენს განათლების პოლიტიკაზე არსებულ იმ მზარდ საჯარო დისკურსს, რომელშიც გადმოცემულია ახალი იდეები და ინფორმაცია, ის არის შთაგონებული პრაქტიკოსებისა და სასკოლო ინოვატორების შესახებ. აქ არის დაგ ლემოვი (Doug Lemov) და პასი სალბერგი (and Pasi Sahlberg) – სწავლების საკითხებით, პოლ ტაფი (Paul Tough ) – ხასიათის საკითხებით, ანდრიუ ადონისი (Andrew Adonis) – სასკოლო რეფორმის შესახებ, ანასტასია დე ვაალი (Anastasia de Waal) – შერჩევა-სელექციის თემით, პოლ მარშალი (Paul Marshall) – მოსწრებისა და ცოდნის ათვისების საკითხებით. ამის გარდა, წიგნი მოიცავს ბლოგებს, Twitter-ის ჩანაწერებს, Teach-Meets[3] და EdTech[4]-ის სტატიებსა და გამოსვლებს, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის მასწავლებლებისა და განათლების სპეციალისტებისგან. ამას დაუმატეთ მსოფლიოს განათლების თავისებურებები, შედარებები და წინააღმდეგობები: შვედეთის თავისუფალი სკოლები, ფინური განათლების სისტემა; ახალი ორლეანის ჩარტერული სკოლები, სინგაპურის კურიკულუმის რეფორმები და სხვა.

რაც მთავარია, სისტემების ამ მრავალფეროვნებას წიგნი მიესალმება. რაც მეტ  დისკუსიას გავმართავთ განათლებაზე, მით უკეთესი. ეს აუცილებელია იმ 40-წლიანი სიცარიელის ამოსავსებად, რომელიც განათლების პოლიტიკის „შემოქმედთა“ მეცადინეობით დღევანდელ სისტემაში მათ მიერ დასახულ მიზნებსა და მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ სასკოლო სისტემას შორის გაჩნდა. პოლიტიკოსების საქმე კი ის უნდა იყოს, რომ ეცადონ ამ სიცარიელის ამოვსებასა და სხვადასხვა ნაპირზე მდგომთა ხიდით დაკავშირებას.

რობინსონის აზრით, ზემოთ ხსენებული პოლიტიკოსები, სამწუხაროდ, საწინააღმდეგოს აკეთებენ: სკოლების საქმიანობის „პიზის“ საერთაშორისო შეფასებებით შეშინებულებს, სხვა არაფერი დარჩენიათ, რომ ჩაიკეტონ ტესტებისა და შეფასებების უკვე არსებულ ჩიხურ.

შედეგად, ჩვენ ვრისკავთ, „დავფიქსირდეთ“ ინდუსტრიული (საწარმოო) ტიპის განათლების სისტემაში, რომელიც „აწარმოებს“ მორჩილ, სწორხაზოვან მოსწავლეებს. „ტესტირებზე აქცენტის გაკეთებით, ჩვენ უარს ვამბობთ იმ ტიპის სწავლებაზე, რომელიც ბავშვის ბუნებრივ კრეატიულობასა და სტრატეგიული ტალანტების განვითარებას შეუწყობს ხელს; იმ ნიჭისა და უნარების განვითარებას, რომლებიც მათ დაეხმარება მომავლის იმ არაპროგნოზირებადი მოულოდნელობების გადალახვისას, რომლებიც მათ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ელოდებათ“.

ამ სიტუაციის წამალია სწავლების უფრო მდიდარი პერსონალიზაცია – რომელიც გულისხმობს გონების მრვალფეროვნებისა და მრავალსახეობის დაფასებას; სასწავლო გრაფიკის მორგებას მასალის შეთვისების სხვადასხვა სიჩქარეზე; მოქნილობას, რომლებიც მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, მისდიონ თავიანთ ინტერესებსა და ძლიერ მხარეებს; და შეფასების განსხვავებული მოდელის შემოღებას. როგორც მოსალოდნელი იყო, რობინსონი მხარს უჭერს  სკოლებში ხელოვნების განათლების დიდი დოზით შეტანას – როგორც სასკოლო სწავლებისა და განათლების ძირითადი კომპონენტისა.

რობინსონი, თავის წიგნში საინტერესო მაგალითების მეშვეობით – შექსპირის სწავლებით, ლოს-ანჯელესის კორეულ კვარტალში A+ ხელოვნების პროგრამის აღწერით და ჩრდილო კაროლინის სკოლების ტრანსფორმაციით – გვიჩვენებს, თუ რა შედეგი შეიძლება მოგვცეს სკოლაში ხელოვნების სწორად და სერიოზულად სწავლებამ, განსაკუთრებით კი ღარიბულ, ქალაქის შიდა ნაწილში მდებარე რაიონებში[5].

პერსონალური ყურადღება მოსწავლისადმი, მათზე დახარჯული დრო და კვლავ ხელოვნება ზრდის მოსწავლეებში ჩართულობას.

მიუხედავად  რობინსონის ზოგჯერ „ზედმეტად“  „კალიფორნიული“ საუბრებისა – განსაკუთრებით „ორგანულ განათლებაზე“ და სახლში სწავლების შესახებ (ე.წ. „ჰოუმ-სქულინგზე“)- მისი შთამაგონებელი კრიტიკა სკოლებზე, როგორც „გამოცდებისა და ტესტების ქარხნებზე“, ღირებულია რეფლექსიისა და საკითხზე დაფიქრების კუთხით.

ამის მიზეზი ალბათ ის გახლავთ, რომ ინგლისური სასკოლო განათლება ძალიან არის ორიენტირებული ტესტების მომზადებაზე, ფოკუსირებულია საგნის შეფასების „C” და „D” (დაბალი შეფასების ზღვარი, როდესაც „A”, უმაღლესი შეფასებაა, ლ.ა.) ზღვარზე.

თუ წარმოვიდგენთ, რომ ყველა მოსწავლე შეძლებს აითვისოს საბაზო მინიმუმი წერა-კითხვასა და არითმეტიკაში, დაწყებითი კლასების დამთავრებისას სწავლის შედეგი და საგნების ათვისების უნარი შესამჩნევად მაღალი იქნება.

მსგავსად, ჩვენ ბევრად მეტი თანმიმდევრულობა გვჭირდება პროფესიულ განვითარებასა და მასწავლებლების სწავლება-ტრეინინგებში.

მიუხედავად რობინსონის გამკიცხავი ტონისა, „პიზის“ შეფასება-შედარების სისტემა ნათლად გვიჩვენებს განსხვავებებს განათლების არსებულ სისტემებში. „პიზის“ ცხრილებით ჩანს, რომ ახალგაზრდები პოლონეთიდან თუ გერმანიიდან, რომ არ ვისაუბროთ სინგაპურელ და შანხაელ მოსწავლეებზე, ბევრად უფრო წინ არიან მნიშვნელოვან საგნებსა და უნარებში.

რობინსონი მართებულად შენიშნავს შემოქმედებითი სწავლების სიმკაცრეზე – „კრეატიულობა ნებისმიერ სფეროში მოიცავს ღრმა, ფაქტობრივ ცოდნასა და პრაქტიკული უნარების მაღალ დონეს“ – მაგრამ აუცილებელია, თავი დავიცვათ დაბალი მოლოდინების რბილი ცრურწმენებისგან: შემაშფოთებელი ტენდენციაა, რომ თამაში და ექსპრესია თითქოს მხოლოდ მომუშავე კლასისთვის არის ადეკვატური, ხოლო ძნელი საკითხები, როგორებიცაა ფიზიკა ან ისტორია, მათი მდიდარი მეგობრების სამფლობელოა…

ის, რაც მე პირადად მივიღე რობინსონის ამაღელვებელი ნაშრომიდან, გახლავთ განათლების სფეროსთვის ინოვაციების აუცილებელი და დაუსრულებელი საჭიროება.

პროექტებზე დამყარებული სწავლება, შერეული საკლასო ოთახი, პერსონალიზებული კურიკულუმი – ყველა ეს ფაქტორი საჭიროა განათლების სფეროს განახლებისთვის, ტრანსფორმაციისა და მასწავლებლის როლის დასახვეწად.

ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა საინტერესო, ხანდახან არაკომფორტული შესაძლებლობა, რომლებსაც ციფრული ტექნოლოგიები გვთავაზობენ.

ნებისმიერი მასწავლებლის ამბიცია, პროფესიონალიზმი და საგანში განსწავლულობა ამ სისტემის მთავარი მამოძრავებელია. „არანაირი მნიშვნელობა არ აქვს კურიკულუმის დეტალირების ხარისხს ან რა ჯდება ტესტები თუ გამოცდები; განათლების ტრანსფორმაცია დამოკიდებულია სწავლების ხარისხზე“. სკოლის სტრუქტურა აშკარად უფრო ნაკლებმნიშვნელოვანია, ვიდრე ეფექტური და განათლებული მასწავლებლის ტვინი, მასწავლებელთა ნაკრები, რომლებიც ცვლილების ხელშემწყობი შეიძლება გახდეს და მათი პროფესიული განვითარების ხარისხი.

ჩვენ უნდა შევაჩეროთ საგამოცდო-საქარხნო მოდელი, ვუზრუნველვყოთ ფართო და გაწონასწორებული სასწავლო პროგრამა სკოლებისთვის და აქცენტი სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე გავაკეთოთ; დავანებოთ თავი სასკოლო სისტემის რეფორმირების უნაყოფო მცდელობებს – არა მხოლოდ იმიტომ, რომ ბავშვობა სკოლაში უფრო მდიდარი, სასიამოვნო და გამოწვევებით აღსავსე პერიოდად იქცეს, არამედ იმიტომაც, რომ მომავლის ეკონომიკა სწორედ ისეთ კრეატიულობას და მოქნილობას ითხოვს ახალგაზრდა თაობისგან, რომლის ადვოკატირებასაც სერი კენეტ რობინსონი ცდილობს თავის ნაშრომში.

 

წყარო: https://www.theguardian.com/books/2015/apr/23/creative-schools-revolutionising-education-from-the-ground-up-ken-robinson-lou-aronica-review

ავტორი: ტრისთრამ ჰანთი (Tristram Hunt), Victoria & Albert Museum-ის დირექტორი, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ყოფილი წევრი ლეიბორისტული პარტიიდან, ჩრდილოვანი კაბინეტის ყოფილი განთლების მინისტრი.

 

[1] ფორდისტული მოდელი, „ფორდიზმი“ – ტერმინი, რომელიც ფართოდ გამოიყენება ლიტერატურაში (1) მასობრივი წარმოების ეკონომიკის დასახასიათებლად, რომელიც პირველად მე-20 საუკუნეში „ფორდ მოტორს კომპანიაში“ ჰენრი ფორდმა დანერგა;  (2) ეკონომიკური ზრდის მე-2 მსოფლიო ომის შემდგომი ტიპური მოდელი, განვითარებულ კაპიტალიზმში, მასთან ასოცირებული პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური წესებით (https://www.britannica.com/topic/Fordism).

[2] TED – საერთაშორისო, ზეპარტიული, არამომგებიანი სატელევიზიო-ვიდეო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს სხვადასხვა სპეციალობისა და წარმოშობის მოაზროვნეთა და ინტელექტუალთა იდეების გავრცელებას (იხ. https://www.ted.com/talks და მისი ქართული ვერსია:    https://www.facebook.com/tedtalksgeo

[3] Teach-Meet – მასწავლებელთა საერთაშორისო სოციალური ქსელი, რომელიც დაიწყო მასწავლებელთა ბლოგებით შოტლანდიაში.

[4] EdTech – ონლაინ ჟურნალი სკოლისა და უმაღლესი განათლების სპეციალისტებისთვის.

[5] აშშ-ში, ქალაქის „შიდა ნაწილები“ (ე.წ. inner city), ამერიკის ურბანიზაციის თავისებურებების გამო, ძირითადად ღარიბი, აფრო-ამერიკული და ლათინური წარმოშობის მოსახლეობით არის დასახლებული.

ესმას ესმა

0

„ადამიანო, შენს წინა ვარ, თუ რამეს ეძებ, ადამიანო, შენს წინა ვარ, მიყვარხარ, მიცან!”

 

წელიწადის ერთადერთი დღე – 31 იანვარი არ უყვარს  – ირინე ონიანს. ამ დღეს მისი უმცროსი და, მხატვარი, პოეტი ესმა ონიანი გარდაიცვალა. ირინე ესმა ონიანის სახლის მასპინძელია. თუკი ვინმე აღმაშენებელის გამზირზე იმ შენობას ჩაუვლის, სადაც გახუნებულ შინდისფერ მარმარილოს ბარელიეფს ესმა ონიანის სახელი აწერია, შეუძლია შეჰყვეს ამ სახელს სადარბაზოში, ავიდეს ბოლო სართულზე და ესტუმროს დეიდა ირინეს, რომელიც ყოველდღე ისედაც სტუმარს ელოდება; გულშემატკივარს,  ესმას შემოქმედების თაყვანისმცემელს ელოდება და არის ამ მოლოდინში ვეებერთელა ტკივილიც და სიცოცხლით სავსე იმედიც!..

უცნაური ბედის შემოქმედია ესმა ონიანი. მისი რანგის ხელოვანს ალბათ, გაცილებით მეტი ყურადღება და დაფასება უნდა ჰქონოდა სიცოცხლეშიც და მერეც, თუმცა გარემოს (საზოგადოებას, კოლეგებს) დიდად არც არასდროს გაუნებივრებია. თითქოს ცხოვრებამ საგანგებოდ იმომჭირნევა მისი ამქვეყნიური „პატივი“, რათა მთლიანად ჩაძირულიყო ესმა ონიანი თავისი უკიდეგანო და ღვთაებრივი მარტოობის ბრწყინვალებაში და სრულყოფილად მიძღვნოდა შემოქმედებას – მის დედოფლურ ხვედრს, ნიჭს, ბოლოს კი, თავად ქცეულიყო თავისივე პოეზიად და მხატვრობად, როგორც ყველა ჭეშმარიტი რჩეული…

ხოლო მან, ვინც ასეთ სულებს ირჩევს ხოლმე თავისი ნების გამოსახატად, კარგად იცოდა, რა თიხაც იყო ესმა ონიანი – სამეფო ძღვენი, დიდი სული, რომელმაც უხმაუროდ და ღირსეულად დაიუნჯა ღვთაებრივი ჩანაფიქრი. ასეთ ხელოვანებს ვერც იჩერებს ხოლმე წუთისოფელი, თავის ბლანტ შრეებზე, ისინი მუდმივად სადღაც შორს არიან, ძალიან შორს, სხვაგან და თან ყველაზე ახლოს – ადამიანთან.

„მალტე ლაურიდს ბრიგეს ჩანაწერებში”, რაინერ მარია რილკე თავის პერსონაჟს, 28 წლის ყმაწვილს ასეთ რამეს ათქმევინებს: „მე ვსწავლობ ხედვას. არ ვიცი, რა არის ამის მიზეზი, რომ ყველაფერი უფრო ღრმად იჭრება ჩემში და იმ ადგილას აღარ ჩერდება, სადაც ადრე წყდებოდა ხოლმე. რაღაც შინაგანი სამყარო აღმოვიჩინე, რომლის შესახებ არაფერი ვიცოდი წინათ”.

მალტე ბრიგემ ეს ყოველივე საკუთარ თავში, პარიზში მოგზაურობისას აღმოაჩინა. რილკეს ეს ერთადერთი რომანიც აღმოჩენის, ხედვის სასწაულს ეძღვნება. არ ვიცი, ვისთან როგორ და როდის, მაგრამ, როცა ესმა ონიანს ვკითხულობ, მტკიცედ მგონია, რომ ნებისმიერ მის წამკითხველში, კითხვის და ხედვის „გახსნის” წამი ერთმანეთს დაემთხვევა. ესმას პოეზია იქცევა იმ ღვთაებრივ მომენტად, როცა ადამიანმა ხედვა უნდა დაიწყოს.

რადგან, თავად ესმას პოეზიაა ამ ღვთაებრივი წამის – ადამიანში გულის, იგივე უფლის თვალის ახელის შეყოვნება. გამუდმივება. თავადაა ეს პოეზია ამ ამაღლებულიდან განცდილი და დანახული სამყარო. ხილული სინამდვილე – უცხო, მაგრამ მშობლიური, თავისთავადი.

ეს სიტყვაც „ნამდვილი”, ესმა ონიანის საყვარელი სიტყვაა და „დიდის”, „ჭეშმარიტის”, „გენიალურის” ნაცვლად მხოლოდ მას იშველიებს. შესაბამისად, ჩვენ „დიდ პოეზიაზე” კი არა, ნამდვილ პოეზიაზე ვსაუბრობთ.

როდის გავიცანი ესმა ონიანი?

მახსოვს ნახატები. უფრო სწორედ, რამდენიმე პორტრეტი – დედის, დის, საკუთარი, გურამ რჩეულიშვილის. მახსოვს ფერები და ის, რომ ამ ფერებმა ჩემს ცხადშიც გადმოინაცვლეს – მთელი ცა და ცისქვეშეთი ბროწეულისფრად ღუოდა, სულშიც სამუდამოდ ჩამელექა, როგორც კაბაზე გადაქცეული ღვინის ღრუბელი… მახსოვს, სადღაც ეწერა ესმა ონიანის მეგობრობაზე ჩემს ორ უსაყვარლეს მწერალთან – გურამ რჩეულიშვილთან და ერლომ ახვლედიანთან. სახელებიც კი, უცნაურად მჟღერი შეარქვა თურმე მათ და ასე, ერთმანეთში მონათლულები ცხოვრობდნენ. მერე კი, საკუთარ ისტორიაშიც გახაზა წამი, სამუდამო სამანი, მიჯნა, რომლის აქეთაც „ესმას ესმა”. საკუთარ სახელში ზმნის სიმძიმით ჩაკირული ეს მისტერია მისივე ბედისწერად იქცა.

დიახ, ესმა.

ლაღობდა კიდეც თავისი სახელის მისტიკური ევფონიით:

„ეს იყო ვინმე ქალი ესმაო,

სუყველაფერზე ასე ამბობდა:

ეს მე ვიციო, ეს მე მესმაო”.

ადამიანს ალბათ ყველაზე უფრო, თავისი მგრძნობელობა აახლოებს ჭეშმარიტებასთან. ეს მგრძნობელობა, ცხადია, შემოქმედში კიდევ უფრო გაძლიერებულია. ზოგჯერ კი, ისეთი მძლავრიც, რომ კლდეს გახეთქავს თავისი გულისშემძვრელი სიფაქიზით. რილკეს რომანის პერსონაჟი ვახსენე, მისი ხედვის მთავარი მიზეზიც სწორედ უკიდურესად გაფაქიზებული მგრძნობელობაა; მდგომარეობა, რომელიც მთლიანობაში განაჭვრეტინებს მას სამყაროს. განაჭვრეტინებს როგორც ჭეშმარიტ ხელოვანს. პოეტს. ესმა ონიანის ლექსები მგრძნობელობის უმაღლეს რეგისტრშია შესრულებული. განცდის სინატიფე, სიღრმე და სიკამკამე ერთდროულად, საბედისწერო იერს სძენს და მთლიანად ლექსი კი ისე იკითხება, როგორც ხელისგულზე დაყურსული ნაღმი, ან როგორც ნოტიო ტოტზე აბერილი ქერქი – კვირტის გადმოსკდომამდე.

„და ჩემი მკლავების თეთრი ერთობა

ახლა ეჩვენებათ თრობად და სიკვდილად,

ასე ვისახებით ახლა ამ განფენით,

ჩემ მიერ სახებით შეკრულნი ირგვლივად”.

აქ ყველა დაბადებას განსაკუთრებული ელვარება ახლავს. განუზომელი, ღვთაებრივი დღესასწაული:

 

„ენის ბაღნარში ფშუოდნენ უკვე ფარშავანგები,

აღარ ჰქონდა შეუკვეცავს საყრდენი მყარი –

და დანის პირზე ბასრად აინთო ნამდვილი სიტყვა,

და ტყვიასავით დაიტენა სისხლის მზეთა გამოსასხმელად”.

ამ ლექსს „თავისუფლების მკაცრი საკანი” ჰქვია. პატარა, სულ რამდენიმე სტრიქონიანი ლექსია, მაგრამ ეპოსის სივრცე და ჰორიზონტი აქვს. სათაურშივე – ანტითეზის სიმძიმე – სად თავისუფლება და სად მისივე საკანი. მთელი ლექსი კი პარადოქსითაა გაჟღენთილი, ისევე, როგორც ესმა ონიანის პოეზია და აზროვნება.

შემოქმედის თავისუფლება – ენის, გნებავთ სიცოცხლის საკნითაა შემოზღუდული; მსხვერპლშეწირვის სისხლიან მზეს ბაღნარში მფშვინავი ფარშავანგების სიმშვიდე აცხრობს; ის ნამდვილი, ის მარადიული სიტყვა – შემოქმედის სულის ნაყოფი – დანის პირზე ანთია და საბედისწეროდ ელვარებს… ყოველივეს კი ერთი თვალი ჭვრეტს. ის, ვინც „არც როს ინებებს უღირს შვილთა გამოსარჩლებას – მწიფე შავით ნთქავს, ფარვა-საკმარით”.

უღირსთათვის არცაა ალაგი თავისუფლების მკაცრ საკანში.

ეს ანტინომიური სივრცეც – თავისუფლების საკანი – უკეთეს მსაზღვრელად მესახება იმ სივრცის აღსაწერადაც, რასაც ესმა ონიანის ლექსის კომპოზიცია, არქიტექტონიკა ჰქვია. მისი ლექსები იმდენად მონოლითური, მყარი, შეკრულია, რომ მკითხველს მთლიანობაში „ეძლევა” შესაგრძნობად და აღსაქმელად. თავადაც წერს ამის შესახებ: „თქვენ მე ვერ მიპოვით ბზარს (როდესაც მე დარწმუნებული ვაკონკრეტებ სათქმელს), ვერსაიდან შემომეღვრებით, ისეა აგებული ჩემი სათქმელის რაობა, ვერ მიეწებებით, მიემატებით, ვერ შეიჭრებით, ვერ პოულობთ ნაწიბურებს, რომელიც მისი გადახსნის საშუალებას მოგცემდათ”.

ესმა ონიანის პოეზიაში ეპოსის სული იძვრის. არამხოლოდ მითოსური სიუჟეტების, ინტერპრეტირებული ანდრეზების, დრამატული ეპიზოდების გამო. არამედ სათქმელის არქიტექტონიკაშიც ეპიკოსის ოსტატობა მჟღავნდება, ლექსის მხატვრული იდეის გადაწყვეტაშიც. ეს პოეზია ერთდროულად ძველიცაა და უახლესიც, ანუ, მარადიული. ნებისმიერი ქვეყნის ეპოსს დაამშვენებდა მისი ლექსები „დალი კლდეში მშობიარობს”, „მოღალატე ცოლის ამბავი”, „დედის დედა და უპოვარი ეფემია მეზობელი სოფლიდან”. ეს მძლავრი ეპიკურობა, ესმა ონიანის შემოქმედების მთავარი ბუნების – მთლიანობის, მონოლითურობის მიზეზი მგონია. ამ პოეზიაში ერთმანეთისგან გაუმიჯნავია სიცოცხლისა და სიკვდილის საიდუმლოებანი, თანაბარი მხურვალებითაა განცდილი დღისა და ღამის, ანუ მზისა და სიზმრის მისტერია. აქ ერთმანეთს ისე ენაცვლება თუნდაც შავი და წითელი, რომ მათი შინაგანი კონტრასტი საერთო დასაბამის, პირველ-ფერის არსებობას ადასტურებს.

ეპიკური, მტკიცე, შესაძლოა ოდნავ მკაცრიც კი, თუმცა ამომავალი მზის დიდებულებით სავსე შინაარსი ესმა ონიანის პოეზიაში მისმა სვანურმა წარმოშობამაც განაპირობა. ამ პოეზიას მზის სადიდებელი მუსიკა ახლავს. ხან სვანეთის მთებივით მძიმედ, ვეება აკორდებით მოზანზარებს (ეს სიტყვაც „ზანზარი”, ესმას საყვარელ სიტყვათა მწკრივიდანაა.), დუმილის პაუზებად კი, სქელი და მფშვინავი ნისლები წვება, ხან კლდეთა თავზე მოწმენდილი ცის სიკამკამე აქვს, მკაფიოდ გესმის, ბატკნის ეჟვნებივით როგორ წკრიალებენ ვარსკვლავები. ასეთი მოტივითაც გემღერება:

 

„მე – შთამომავალი შთამომავალთა,

როგორც მსხვერპლთა, ისე აფთართა,

ვარ წაგოზილი ერთ-ერთი გვარით –

მზის გვირგვინში ამომავალთა,

სისასტიკით შავად მართალთა,

მართლიდან კეთილ გამომავალთა,

გაშიშვლებული შუბლის გვირგვინით

წითელ გვირგვინში ამომავალთა,

შავი ღაზლით მაქვს შუბლი გაკრული

მე, შთამომავალს შთამომავალთა” (შთამომავალი”)

 

და, ასედაც:

 

„ამოვიწევთ ქვებიდან,

ამოვიშლით მხრებს,

ამართულებს ზევიდან

დაგვეცემა მზე.

მზე.

ვდგავართ ფეხებგამდგარი,

ემძიმება კლდეს,

თეძოჩაწურულები

თვითონ ვგავართ ქვებს,

მიშვერილებს ცისაკენ,

მიბჯენილებს მზეს”. (სვანების სიმღერა მზეზე).

 

არ ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია დიდი შემოქმედისთვის დროის, ეპოქის კონტექსტი. ისტორიულ გამოცდილებას ამაზე სხვადასხვა მოსაზრება აქვს. არ ვიცი, რამდენად აუცილებელია საუკუნეთა შემდგომ იმის გააზრება, თუ რა ეპოქაში, რა კონკრეტული სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი ფორმაციის ჟამს დაიწერა „ილიადა” ან „ვეფხისტყაოსანი” და, რა თავისებურებები განაპირობა ვიქტორიანულმა ინგლისმა შექსპირის შემოქმედებაში. მარადისობის უშველებელ ტილოზე ხომ ყოველი დრო ხანდახან ძალიან პირობითია და, როცა ყველაფერი ქრება, მტვერდება, მხოლოდ მარადიული მშვენიერებანი რჩება, როგორც მთის წვერზე ამართული ბაზილიკები… და მაინც, ადამიანურ სამყაროში, რახან ყველანი თავისუფლების საკანში გავჩნდით, ეპოქაც ჩვენ-ჩვენი გვერგო. შესაბამისად, სრული პორტრეტის წარმოსაჩენად, ეპოქის ფონი ალბათ უპრიანია.

ამ შემთხვევაში კი, ესმა ონიანი, თავისი შემოქმედებით, პიროვნული ისტორიით, თავისუფლების მძლავრი განცდით – აბსოლუტურად ამოვარდნილია თავისივე ეპოქის ფონიდან. კომუნიზმისა და მასთან დაკავშირებული უამრავი უკეთურობის პირობებში, სტერეოტიპული, შიშიან-კომპლექსებიანი აზროვნების ჩარჩოებში, ღვთისგან დაცლილი სულიერების შემზარავ ჭრიალში, ესმა წარმოუდგენლად სუფთა, თვითმყოფად, ღვთიურ ხმას გამოსცემდა. მისი მხატვრობა და პოეზია, მისი ესეისტიკა, იყო რაღაც ახალი, ჯერ აქამდე არგანცდილი და არნანახი მშვენიერება. ეს ქალი აზროვნებდა მოელვარე პარადოქსებით, „გაუთიშავი გონებით”, როგორც თავად იტყოდა; სამყაროს ჭვრეტდა რენესანსულ, მსუყე, თავბრუდამხვევად სურნელოვან ფერებში, თითქოს ვიღაცას მასში, მის ეპოქაში, მთელს სააქაოში, ძალიან მოშივდა და ამ დიდი, საყოველთაო სულიერი შიმშილის დამპურებლად გაჩნდა მისი შემოქმედებაც. აინტერესებდა თემები, რომლებსაც უფრთხოდნენ და ერიდებოდნენ – სიკვდილ-სიცოცხლის, ღვთაების, ზეცის, ბოლოს და ბოლოს, ადამიანის! მისთვის ადამიანის ბედი იყო მთავარი სავალალოც და სალხინებელიც, ადამიანს იწვევდა თავის უკიდეგანო მარტოობაში, მას უხმობდა. მისი პოეტური იერი, მისი სულის მდგომარეობა ჯვარცმის მისტერია იყო, იდგა ეპოქისა და მარადისობის მიჯნაზე, მკლავებგაშლილი და უშიშრად ამბობდა: „მაჭედებდნენ როცა ლურსმანს ძვალში ჭახუნით, მივიწყებული ამოინთხა ჩემში მაშინვე, გული გამრთელდა სიყვარულით, გადანაპრული”… ის მეტყველებდა უცნაური ენით. უცნაური ინტონაციით, თითქოს შეძლო და დუმილი თარგმნა. თითქოს დუმილის გლუვ, თეთრ კედელს სულის იარაღით მიადგა და სიტყვებად გამოტეხა, გამოთალა.

რაც  უნდა ცრუთა და ბრიყვთა ასპარეზი იყოს ეს დედამიწა, რაც  უნდა ყალბთა და უსახურთა – სამყაროს ღვთის დიდი თვალი დაჰყურებს და ამ უამრავს ისევ ის ერთი წამი გადაწონის, ერთი მშვენიერი, მაღალი წამი, როცა ნამდვილი მკითხველი ნამდვილ პოეზიას ეზიარება.

როცა ეს წამი იმ თვალს მკითხველშიც აახელს.

ესმა ონიანის პოეზია ამ წამის მარადისობად იქცა.

31 იანვრის იებს კი ვინმე აუცილებლად მიუტანს – ირინე ონიანს, ესმას ერთადერთ დას და ჭირისუფალს, ვინმე, ვისაც ესმის ესმას ძახილი, სიკვდილის მერეც და სამუდამოდ, ესმის, უყვარს და მხნევდება ამით.

 

 

 

 

ღვინის შენახვის საიდუმლოებები

0

თავიდანვე უნდა ვთქვათ, რომ ღვინის შენახვისთვის საუკეთესო პირობები მიწისქვეშა მარანშია, მაგრამ ასეთი პირობები ყველა ღვინის მოყვარულს არ გააჩნია. პირველ რიგში, უნდა გავერკვეთ, რა პერიოდით აპირებთ ღვინის შენახვას სახლში. თუკი თქვენი ღვინის მარაგი რამდენიმე კვირაზე ან თვეზეა გათვლილი, ღვინის შენახვა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანია, ღვინო მოარიდოთ სიცხესა და სინათლეს და რამდენადაც შესაძლებელია, გრილი ადგილი მოუძებნოთ. გაცილებით რთულია რამდენიმე წლით ღვინის შენახვა, რადგან თქვენ უკვე ნამდვილად დაგჭირდებათ კარგი სარდაფი ან სპეციალური ღვინის მაცივარი, სადაც ღვინო მომწიფდება და დაცული იქნება სიცხის, სინათლისა და რყევისგან. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ღვინის გადაცივება. ამ დროს სასმელში შეუქცევადი ცვლილებები მიმდინარეობს: წყალი იყინება, გამოცალკევებული ორგანული მასა კი ფსკერზე ილექება. ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებები ძალიან ვნებს ღვინოს. ოპტიმალური ტემპერატურა 15-16°С -ია. თუმცა უფრო მაღალი ტემპერატურაც დასაშვებია.

იმის გარდა, რომ საჭიროა რეგულარული დაბალი ტემპერატურა, სარდაფი საკმაოდ ნოტიოც უნდა იყოს. იმ შემთხვევაში, თუ ტენიანობა დაბალია (60-80%-ზე ნაკლები), საცობი შეიძლება გამოშრეს, რაც ბოთლში ჰაერის შეპარვას და, შესაბამისად, ღვინის დაჟანგვას გამოიწვევს. ამიტომ იდეალურია, თუ სარდაფს მიწის იატაკი ექნება და არა ბეტონის ან ქვის, რადგან მიწა ბუნებრივ ტენიანობას ინარჩუნებს. მშრალ შენობაში საცობი შრება და ჰერმეტულობას კარგავს, ნესტიანში კი სოკო და ობი უჩნდება. დამღუპველია არა მხოლოდ ტემპერატურული რეჟიმის ხანგრძლივი დარღვევა (რაც უფრო ცხელა, მით სწრაფად „ბერდება” ღვინო), არამედ ტემპერატურის მცირეხნიანი ცვალებადობაც (მნიშვნელობა არა აქვს, მატებაა თუ კლება). 7 გრადუსზე მეტით რყევა საკოლექციო ღვინისთვის ნამდვილი კატასტროფაა: ე.წ. „თერმული შოკის” შემდეგ მისი შველა შეუძლებელია. ბუკეტი ნადგურდება და რჩება საშუალოსტატიკური მშრალი ღვინო, რომელიც არც ცუდია, არც კარგი, უფრო მეორადი შეიძლება ეწოდოს.

ძალზე მნიშვნელოვანია ბოთლების შენახვა ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. ასე ღვინო უკეთ სუნთქავს და საცობიც არ შრება. შესაძლოა, უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ნებისმიერი უცხო სურნელი ადვილად აღწევს მჭიდროდ დახურულ ჭურჭელშიც კი. ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია, რომ შენობა, სადაც სასმელია მოთავსებული, კარგად ნიავდებოდეს. თუ სარდაფში ღვინოსთან ერთად ბოსტნეული და ხორცი ინახება, ან ჩახუთული ჰაერია, ღვინოც შესაბამის გემოს შეიძენს, შესაძლოა, გაფუჭდეს კიდეც. აღარაფერს ვამბობ გარაჟებში ღვინის შენახვაზე, სადაც საბურავები, ბენზინი, მანქანის ზეთი და სხვ. ინახება.

კიდევ ერთი პირობაა სიბნელე. სინათლე უარყოფით ზეგავლენას ახდენს ღვინოზე. თაროებზე გადანაწილებისას თეთრი და ვარდისფერი ღვინოები, მათ შორის, ცქრიალაც, უკეთესია იატაკთან ახლოს მოვათავსოთ, სადაც მეტი სიგრილეა. კახური ტიპის ღვინოებს, ნახევრადტკბილსა და წითელ ღვინოებს კი შეგვიძლია თაროს შუაში ან უფრო ზემოთ მივუჩინოთ ადგილი. სიმშვიდე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. თუ თქვენი სახლის ახლოს რკინიგზა ან მეტრო გადის, ვიბრაცია სტელაჟებს შორის სპეციალური საფენით გაანეიტრალეთ.

უნდა გვახსოვდეს, რომ ღვინის რამდენიმე წლით შენახვას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როცა ღვინოს ამის პოტენციალი აქვს, დაავადებული არაა და ღვინის იმ ტიპს მიეკუთვნება, რომლის დაძველებაც მიზანშეწონილია. მაგალითისთვის, არანაირი აზრი არა აქვს, დიდხანს შევინახოთ 2-ლარიანი თეთრი ჩამოსასხმელი ღვინო, ან ქინძმარაული, ხვანჭკარა და ნახევრადტკბილი ცქრიალა ღვინო. დავარგებისთვის უფრო მაღალხარისხიანი, განსაკუთრებულ ადგილებში მოწეული ყურძნიდან დაყენებული ღვინოებია კარგი – თეთრიც და წითელიც. კარგად ძველდება კახურად, ქვევრში დაყენებული ღვინო და, რა თქმა უნდა, საფერავი, რომელსაც გამორჩეული პოტენციალი აქვს და წლების მანძილზე სულ უფრო იხვეწება და იცვლის ბუნებას. ცხადია, დასაძველებელი ღვინოების რიცხვი ამ ჩამონათვალით არ ამოიწურება.

არანაკლებ პირობებს საჭიროებს სასმელი საწარმოში, მაღაზიაში თუ სადისტრიბუციო ქსელში შენახვისას. სამწუხაროდ, ყველა მწარმოებელი ფირმა ვერ იცავს პირობებს, ხშირად მიმწოდებლებიც გულგრილად ეკიდებიან ამ საქმეს, რომ აღარაფერი ვთქვათ მაღაზიებზე. წარმოიდგინეთ მყიდველის მდგომარეობა, რომელიც ერთ ბოთლში 85 ან 100 ლარს იხდის, ღვინისგან რაღაც განსაკუთრებულ შთაბეჭდილებებს მოელის და ამ დროს აღმოჩნდება, რომ ეს ღმერთების სასმელი არაფრით განსხვავდება მისი მეზობლის პლასტმასის კასრში ჩაწურული ღვინისგან. ასეთ დროს ბევრი იღბალს, საკუთარ გამოუცდელობას ან ცუდ წელიწადს ადანაშაულებს, მაგრამ ისეთებიც არიან, ვინაც ყველაფერს ბედისწერას არ აბრალებს და საფუძვლიანად უღრმავდება პრობლემის არსს, სწავლობს ღვინის შენახვის პირობებს; იცის, როგორი იყო ღვინო ჩამოსხმისას, ერთი წლის შემდეგ; ინტერესდება იმით, თუ როგორ დამზადდა ღვინო და ზუსტად ხვდება, რისი ბრალი შეიძლება იყოს ღვინის გაფუჭება.

ალბათ გინახავთ ღვინის მაღაზიებში ან სუპერმარკეტებში ვერტიკალურად გამოფენილი ძვირფასი ღვინოები. ამ ვიტრინებში სინათლეცაა, სითბოც და ტენიანობაც, ერთი სიტყვით, ყველაფერი ის, რაც სასმელს არ უყვარს. თუ ამ საკითხის განხილვას მენეჯერთან შეეცდებით, შესაძლოა გიპასუხონ, რომ მათ მაღაზიაში ღვინო ისეთი სისწრაფით იყიდება, ხანგრძლივ შენახვაზე ლაპარაკიც ზედმეტია. შედარებით იაფფასიანის შემთხვევაში ეს ასეცაა, მაგრამ როცა საქმე ეხება 50-დან 100 ლარის ღირებულების და უფრო ძვირიან სასმელს, მსგავსი არგუმენტები სიმართლეს არ შეესაბამება. ასეთი ღვინოები მყიდველს საკმაოდ დიდხანს ელის.

 

რაღაცა არაფრისაგან

0

ეკონომიკური კონცეფცია: ალტერნატიული ღირებულება

მოკლე შინაარსი: მაიას ბებოს სურს, მაიას ნაქონი საბნისგან რაღაც ახალი შეკეროს. ყოველი ახალი ნივთის შექმნისას მაია იძულებულია, უარი თქვას ძველზე.

მასალები: პატარა საბანი (ან საბნის იმიტაცია – ნაჭერი); სავარჯიშო 1 – „თარგი საბნიდან ღილამდე“, გამოჭრის ინსტრუქცია; სავარჯიშო 2 – „ალტერნატიული ღირებულება საბნიდან ღილამდე“, მაკრატელი და წებო მოსწავლეთა თითოეული ჯგუფისთვის

გაკვეთილის მსვლელობა: (სანამ მოთხრობას წაუკითხავდეთ):

  1. აჩვენეთ მოსწავლეებს პატარა საბანი და ჰკითხეთ, ჰქონდათ თუ არა ბავშვობაში საყვარელი საბანი. სთხოვეთ რამდენიმე მოსწავლეს, გაიხსენონ, რა მოუვიდა მათ საბანს.
  2. უთხარით, რომ მოთხრობა „რაღაცა არაფრისაგან“ არის ამბავი პატარა გოგოსი, რომლის საბანი დაძველდა და შეილახა.
  3. წაუკითხეთ მოთხრობა „რაღაცა არაფრისაგან“ (შეგიძლიათ, ის თავად შეადგინოთ ქვემოთ მოცემული კითხვების გამოყენებით).
  4. მოთხრობის წაკითხვის შემდეგ იმსჯელეთ:

. რა შეუკერა ბებომ მაიას, როცა ის პატარა იყო? (საბანი)

. რა მოუვიდა საბანს? (დაძველდა და დაიხა)

. როგორ გამოიყენა ის ბებომ? (საბნისგან შეუკერა პერანგი)

. რაზე თქვა უარი მაიამ პერანგის მისაღებად? (თავის საბანზე)

. პერანგთან დაკავშირებულ რა პრობლემას შეეჯახა მაია შემდგომში? (გაიზარდა და დაუპატარავდა)

. როგორ მოიქცა მაიას ბებო? (პერანგი გადააკეთა ჟილეტად)

. რა შესწირა მაიამ ახალ ჟილეტს? (თავისი პერანგი)

. რა მოიფიქრა მაიამ, როცა ჟილეტი რამდენიმე ადგილზე გაიხვრიტა? (ბებოს მისგან ცხვირსახოცის შეკერვა სთხოვა).

. საბოლოოდ რა გააკეთა ბებომ მაიას საბნისაგან? (ღილი).

  1. 5. აუხსენით, რომ ყოველთვის, როცა ბებო მაიას ახალ რაღაცას უკერავდა, გოგონა იძულებული იყო, უარი ეთქვა ძველზე. მაია უარს ამბობდა თავის ძველ ნივთებზე, რათა სანაცვლოდ ახალი მიეღო. სთხოვეთ მოსწავლეებს, მოიფიქრონ ანალოგიური ამბავი, რომელიც მათ ოჯახში მოხდა. მაგალითად, როცა თმის შესაჭრელად წავიდნენ, ახალ ვარცხნილობას შესწირეს ძველი; როცა ეზოში თამაშობენ, უარს ამბობენ ტელევიზორის ყურებაზე და ა.შ.
  2. 6. შემოიტანეთ ალტერნატიული ღირებულების ცნება. ალტერნატიული ღირებულება – ეს არის ის, რასაც არჩევანისას მსხვერპლად ვწირავთ.
  3. 7. იმსჯელეთ:

. როგორი იყო მაიასთვის ალტერნატიული ღირებულება, როცა ბებო შარფს უკერავდა? (ჟილეტი)

. როგორი იყო მაიასთვის ალტერნატიული ღირებულება, როცა ბებო ცხვირსახოცს უკერავდა? (შარფი)

  1. 8. გაყავით კლასი რამდენიმე ჯგუფად (5-5 ბავშვი თითოეულ ჯგუფში). დაურიგეთ თითოეულ ჯგუფს მაკრატელი, წებო და N1 სავარჯიშო. აჩვენეთ, როგორ გამოჭრან.
  2. 9. აუხსენით მოსწავლეებს, რომ თითოეული ჯგუფი იმასვე შეკერავს საბნისაგან, რაც მაიას ბებომ შეკერა. ჯგუფის პირველი წევრი ჭრის პერანგს და ჭრის მას უწყვეტი ხაზის კონტურზე, შემდეგ გადასცემს პერანგს ჯგუფის მეორე წევრს, რომელიც პერანგისგან ჟილეტს ჭრის და გადასცემს მას ჯგუფის მესამე წევრს და ა.შ.
  3. 10. დაურიგეთ თითოეულ ჯგუფს მეორე სავარჯიშო. სთხოვეთ, დაწერონ თავიანთი სახელები იმ ნაკეთობების გასწვრივ, რომლებიც “შეკერეს” და მიუთითონ თავიანთი ნახელავის ალტერნატიული ღირებულება. სთხოვეთ ჯგუფის უკანასკნელ წევრს, უკანასკნელი ნაკეთობა მიაწებოს N2 სავარჯიშოს ქვედა კუთხეში.

 

პირველი სავარჯიშო: თარგი საბნიდან ღილამდე და გამოჭრის ინსტრუქცია.

დასახზეთ პერანგის თარგი. გამოჭერით ________ ხაზის გასწვრივ.

დასახზეთ ჟილეტის თარგი. გამოჭერით …………….. ხაზის გასწვრივ.

დახაზეთ შარფის თარგი. გამოჭერით _ _ _ _ _ _ ხაზის გასწვრივ.

დახაზეთ ცხვირსახოცის თარგი. გამოჭერით ▪▪▪▪▪▪▪▪▪▪▪▪ ხაზის გასწვრივ.

დახაზეთ ღილის თარგი. გამოჭერით ________ ხაზის გასწვრივ.

მე–2 სავარჯიშო: ალტერნატიული ღირებულება საბნიდან ღილამდე.

 

  1. 1. – – – – – – – – – – – – შეკერა პერანგი.

ალტერნატიული ღირებულება იყო – – – – – – – – – – – -.

  1. 2. – – – – – – – – – – – – შეკერა ჟილეტი.

ალტერნატიული ღირებულება იყო – – – – – – – – – – – -.

  1. 3. – – – – – – – – – – – – შეკერა შარფი.

ალტერნატიული ღირებულება იყო – – – – – – – – – – – -.

  1. 4. – – – – – – – – – – – – შეკერა ცხვირსახოცი.

ალტერნატიული ღირებულება იყო – – – – – – – – – – – -.

  1. 5. – – – – – – – – – – – – შეკერა~ ღილი.

ალტერნატიული ღირებულება იყო – – – – – – – – – – – -.

 

 

მონაცემთა შეგროვების შემოქმედებითი მეთოდები (ნაწილი მეორე)

0

სტატიის პირველ ნაწილში გავეცანით მონაცემთა შეგროვების ერთ-ერთ მეთოდს -ფოტოშეფასებას. ამჯერად შემოგთავაზებთ სხვა მეთოდების მოკლე აღწერას, რომლებიც, კითხვარებისა და ინტერვიუებისგან განსხვავებით, შეფასების პროცესს სახალისოს და მოსწავლეთათვის სასარგებლოს ხდის.

 

უკუკავშირი – განწყობის სურათები

საკლასო გარემოს კვლევის დროს მასწავლებელს შეუძლია ისეთი საინტერესო და შემოქმედებითი მეთოდის გამოყენება, როგორიც განწყობის სურათებია. ამ შემთხვევაში საკვლევი პოპულაცია (მოსწავლეები) ახდენს თავისი აზრებისა და განწყობების ვიზუალიზაციას ფოტოებისა და სურათების საშუალებით. აღნიშნული მეთოდი ჩართული პირებისგან კრეატიულობას მოითხოვს. მას შეუძლია, მოსწავლეები თუ მასწავლებლები სრულიად მოულოდნელ აღმოჩენებამდე მიიყვანოს. უკუკავშირის მიღების შემდეგ კვლევას შეუძლია განსაზღვროს კონკრეტული ჯგუფის დამოკიდებულებები და განწყობები საკვლევი საკითხის მიმართ, დააჯგუფოს ისინი ან შეადაროს ერთმანეთს. მეთოდი ფუნქციონირებს ე.წ. გაწყობის სურათების მეშვეობით. ყველა სურათის საბოლოო მიზანი თითქმის ერთნაირია და მეტაფორული ხასიათი აქვს.

 

პეიზაჟი

მოდერატორი მოსწავლეებს წარუდგენს კონტურულ პეიზაჟს (ფოტო 1) (აჩვენებს ფლიპჩარტზე, პროექტორის საშუალებით, ან დაურიგებს ამობეჭდილ ვარიანტს). ის სთხოვს მონაწილეებს, აირჩიონ კონრეტული ფერი, ჩახატონ საკუთარი თავი პეიზაჟში თავიანთივე შერჩეულ ადგილას. მოსწავლეებს ასევე შეუძლიათ, დახატონ კონრეტული სიტუაცია. აუცილებელი პირობაა, საკუთარი თავი პიროვნებებად კი არ წარმოადგინონ, არამედ აირჩიონ სიმბოლოები, რომლებიც ყველაზე მეტად შეესაბამება მათ ხასიათს (მაგალითად, ღრუბელი, ხე). საბოლოოდ ყველა მოსწავლე ზეპირად აჯამებს, რატომ ხედავს საკუთარ თავს კონრეტულ სიმბოლოში, ფერში და პეიზაჟში შერჩეულ ადგილას. მეთოდის გამოყენება შეიძლება პატარა ჯგუფებშიც. ამ დროს მოსწავლეები იღებენ დიდ ფორმატზე ამობეჭდილ პეიზაჟს და ჯგუფურად ასრულებენ დავალებას.

 

 

ფოტო 1. პეიზაჟი

 

მოსწავლეთა უკუკავშირის მაგალითები:

„გვირაბში ვარ. გვირაბის ბოლოს სინათლეა, მაგრამ ჯერ არ ვიცი, ეს კარგის მომასწავებელია თუ ცუდის“.

„ცაში ვარ, საჰაერო ბუშტში. თავს მშვიდად ვგრძნობ, რადგან ზემოდან ყველაფერს ვხედავ“.

„სახლში ვარ, რომელიც ჩემი გემოვნებით მაქვს მოწყობილი. აქ ყოფნა ძალიან მამშვიდებს“.

 

აღნიშნული მეთოდის გამოყენებით მასწავლებელს შეუძლია, მიიღოს ინფორმაცია მოსწავლის ხასიათის, ემოციური მდგომარეობის, განწყობების, აღქმების, ოჯახური გარემოსა და ბევრი სხვა რამის შესახებ. მასწავლებელმა პასუხები უნდა დააჯგუფოს საკვლევი კითხვის შესაბამისად. თუ თემა ეხება სასკოლო გარემოს, შეიძლება, მოსწავლეებს შევთავაზოთ სკოლის ეზოს სურათი და ვთხოვოთ იმავე ნაბიჯების გამეორება.

 

საქათმე

განწყობის მეორე ყველაზე გავრცელებული სურათია ე.წ. საქათმის კარიკატურა (სურ. 2). მოსწავლეებს ურიგდებათ ამობეჭდილი კარიკატურა. მასწავლებელი სთხოვს მათ, დააკვირდნენ სურათს და უპასუხონ კითხვას: „კარიკატურაზე გამოსახულ რომელ ფრინველთან გააიგივებდი თავს?“

შესაძლო პასუხების მაგალითებია:

„მე ის ფრინველი ვარ, რომელიც სკამზე ზის. ასე შემიძლია მოვშორდე მოვლენებს და საერთოდ არ მივიღო ამ არეულობაში მონაწილეობა“.

„მე ვარ ფრინველი ამ პირამიდაში. ალბათ უფრო ქვედა საფეხურზე, რომელიც საძირკველია. მაქვს რაღაც წნეხის შეგრძნება, თითქოს ყველა პასუხისმგებლობა მე მაკისრია. მართალია რამდენიმე ადამიანი მეხმარება, მაგრამ ასე დიდხანს ვერ გავძლებ.“

 

ფოტო 2. საქათმე

 

 

ეს მეთოდი ძალიან კარგია კლასის განწყობათა შესასწავლად. ამასთანავე, სურათი სახალისოა და შეიძლება კლასში მხიარული დისკუსიის ისე გამართვა, რომ მნიშვნელოვან დეტალებსაც მივაქციოთ ყურადღება. მასწავლებელმა ხაზი უნდა გაუსვას, რომ ეს სახალისო აქტივობაა და არ ფასდება. ამით იგი წაახალისებს ყველა მოსწავლეს და მისცემს აზრის გამოხატვის საშუალებას.

„პეიზაჟისა“ და „საქათმის“ საშუალებით მკვლევართა/მასწავლებელთა ჯგუფს (სასურველია ფსიქოლოგის მონაწილეობაც) საინტერესო კვლევის ჩატარება შეუძლია. მოსწავლეთა აღქმებისა და ემოციური მდგომარეობის შესწავლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ კლასებში, რომლებიც გარდატეხის ასაკს ემთხვევა. ამ პერიოდში, ასაკობრივ ცვლილებათა ფონზე, მოსწავლეთა ემოციური მდგომარეობა მოწყვლადია. შესაბამისად, ამ სფეროს მასწავლებლის განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს. დაუშვებელია კონკრეტული მოსწავლეების ემოციური მდგომარეობის შესახებ გარეშე პირებთან მსჯელობა. არ უნდა დაგვავიწყდეს კონფიდენციალურობასა და მონაცემების დაცულობასთან დაკავშირებული საკითხების გათვალისწინება.

წიგნის სუნი?

0

– ყური დამიგდე, ჰეკი, ორ ბურთულას მოგცემ მაგაში. თუ გინდა პარასკევ ღამით ჩხრიალების დასაჭერადაც გაგყვები…

ჰეკლბერი ბარემ მკვდარ კატაშიც არ გაცვლიდა, მაგრამ იმ დღეს განსაკუთრებით კარგ ხასიათზე გახლდათ. მამამისი, მთელი კვირა შესრულდა, არ გამოჩენილა, თანაც ყური მოჰკრა, თითქოს მეთევზეებს სანაპიროზე მკვდარი ეპოვნათ.

– იცი რა, ეგებ თუთუნი მიშოვო, საუკუნეა არ დამიღეჭავს, ბოლო-ბოლო, შეფერდსონების წიგნების მთელი კარადა ეტევა აქ…

– მისმინე, ჰეკი, შენ მაინც არაფერში გჭირდება ეგ ყუთი, – საშინლად არ მინდოდა, ჩემი რეპუტაციის კაცს, თუთუნის მოსაპარად ბიძაჩემის ოთახში შეძრომა.

ჰეკლბერიმ ზარმაცად მოიხედა, ცოტაც გაწყდა – გულგრილ სტვენას მოჰყვებოდა და გზას გაუდგებოდა.

– ჯანდაბას, იყოს ეგრე, ოღონდ ახლავე მომეცი.

მესამე დღეს მთელი კლასის დასანახად ჯოხი ოცდაათჯერ დამკრეს, დამაფიცეს, რომ ამ საშინელ, ლუციფერის ყუთს არასდროს გავეკარებოდი, ხოლო სახლში რომ მივბრუნდი, დეიდა პოლიმ ისე ხმამაღლა მიყვირა, რომ… გამომეღვიძა.

რა საშინელი სიზმარი იყო. რაღაც რომ გაწვალებს, ჩაგყვება და ეგ არის. წინა დღეს მეგობრებს შევხვდი, ვსაუბრობდით და სხვათა შორის, ისიც მითხრეს, რომ არსებობს შეუცვლელი ფენომენები, მათ შორის ბეჭდური წიგნი და რომ მისი სუნი და ფურცელზე ხელის შეხების შეგრძნება განუმეორებელია და რომ ქინდლი… და რომ ქინდლი… და რომ ქინდლი და ა.შ.

მე მივუგე – ყველაფერი იცვლება, ადრე რაფსოდები იყვნენ, მერე ხბოს ტყავი გაშალეს, მერე ეშმაკის მანქანა ამუშავდა (გუტენბერგად უხმობდნენ), ახლა ეს არის – ელექტრონული ფორმატი, მერე ის იქნება – ჯერ არ ვიცი. და საერთოდაც – შევარბილე ტონი – რა უშლის ხელს მათ თანაცხოვრებას, ვისაც რა უნდა, იმას იყიდის და წაიკითხავს.

ხოლო მათ თავი გაიქნიეს და ერთხმად თქვეს გულში: „საწყალობელ იქმნა უბადრუკი გიორგი, რამეთუ უვარ-ჰყო ჭეშმარიტი ღმერთი და აღიარა ატროშანი და შეერთო იგი უღმრთოთა”.

ხოლო მე წამოვედი და გზაზე ვფიქრობდი, გაივლის კიდევ ასიოდ წელი და კედელთან… კედელთან კი არა, სადმე მდგარი ჩემი (შენი, მისი) შვილიშვილი ეტყვის ვინმეს, რომ არსებობს შეუცვლელი ფენომენები, მათ შორის ქინდლი და რომ მისი სუნი და ეკრანზე ხელის შეხების შეგრძნება განუმეორებელია…

კი, ასე იქნება… ვიხუმრებ ვულგარულად: ერთადერთი რაც შეიცვლება, საპირფარეშოს ქაღალდის კრიზისის დროს, ქინდლის ვერ დავეყრდნობით… ანუ „ტუალეტის ქინდლები” (ალბათ) არ იარსებებს.

ჰოდა, ახლა როცა გამეღვიძა, ერთხანს ვფიქრობდი. მერე გავბრაზდი, გავბრაზდი და ჯანდაბას სახეაწითლებული მასწავლებელი და მოქირქილე კლასელები. ოცდაათ ჯოხსაც აიტანს კაცი.

– ყური დამიგდე, ჰეკი…

 

რატომ უნდა ისწავლებოდეს ადამიანის უფლებები და თავისუფლებები სკოლაში?

0

მოსწავლემ უნდა იცოდეს, რა უფლებები აქვს, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებს, განსაზღვროს, როგორ უნდა მოექცეს სხვა ადამიანი მას და როგორ უნდა მოექცეს ის სხვას.

 

ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სწავლება მოსწავლეებისთვის უსაფრთხო გარემოს ქმნის. სწავლის პროცესში ისინი აკეთებენ აღმოჩენებს, აქვთ დისკუსიები, გამოწვევები, აყალიბებენ საკუთარ შეხედულებებსა და ღირებულებებს.

 

უფლებების ცოდნა და მათი პატივისცემა მოსწავლეს შესაძლებლობას აძლევს, იყოს ტოლერანტული, ებრძოლოს ცრურწმენებს. ეს საჭიროა, თუ გვსურს, ახალგაზრდებს ერთმანეთთან პოზიტიური დამოკიდებულებები და გახსნილი გონება ჰქონდეთ.

 

და თუ კარგად შეასწავლით ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, მოსწავლე მიღებულ ცოდნას გამოიყენებს საკლასო ოთახის გარეთ – დერეფნებში, სათამაშო მოედანზე, სახლში, საზოგადოებაში. უფლებებისა და თავისუფლებების სწავლება ეხმარება მასწავლებელსა და მის მოსწავლეს, შექმნან ჯანსაღი და სამართლიანი სასკოლო გარემო. შესაძლოა, უფლებების სწავლითა და გაცნობიერებით, სკოლაში ბულინგი და ძალადობა შემცირდეს კიდეც.

 

თუმცა, იმისთვის, რომ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სწავლების პროცესიდან სრული სარგებელი მივიღოთ, აუცილებელია სწავლება წარიმართოს ისეთ გარემოში, სადაც უფლებებსა და თავისუფლებებს პატივს სცემენ და იცავენ როგორც მოსწავლეები, ასევე მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაცია. ადამიანის უფლებების დაცვისა და პატივისცემის კულტურის გარეშე, შესაძლოა, სწავლების პროცესი მოსწავლემ აღიქვას როგორც არარელევანტური, მეტიც, ჩათვალოს, რომ ეს ფარისევლობაა.

 

ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სწავლებით, სკოლები და მასწავლებლები ასრულებენ თავიანთ სამართლებრივ ვალდებულებას, რაც განსაზღვრულია კანონმდებლობით. ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სწავლება, როგორც ვალდებულება, გამომდინარეობს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციიდან, რომლის მიხედვითაც ყველა ინდივიდი და საზოგადოების ყველა ორგანო ისწრაფვის ისეთი განათლებისკენ, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემის დამკვიდრებას. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის თანახმად კი, სკოლამ უნდა გამოუმუშაოს მოზარდს ადამიანის უფლებების დაცვისა და პიროვნების პატივისცემის უნარი, რომელსაც იგი გამოიყენებს საკუთარი და სხვისი თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად. მოზარდს უნდა შეეძლოს ადამიანის ძირითადი უფლებების შესახებ მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება და ამ პრინციპებით ცხოვრება.

 

დაბოლოს, მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების სწავლება არ იყოს მექანიკური. მოსწავლემ ადამიანის საყოველთაო უფლებათა დეკლარაცია ან კონსტიტუცია კი არ უნდა ,,დაიზეპიროს”, არამედ იძულებული უნდა იყოს, იფიქროს, იმსჯელოს, განსაჯოს, როგორი იქნებოდა ამ უფლებების გარეშე მისი ცხოვრება. დაუსვით კითხვა, რას ნიშნავს პირადად მისთვის, რომ ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალი და კანონის წინაშე თანასწორია? პასუხიდან გამომდინარე, დავფიქრდეთ, რამდენად ეფექტიანად ვასწავლით ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებას.

 

 

 

 

 

სამოდელო – ინტერდისციპლინური გაკვეთილი

0

 სალიცილმჟავას განსაზღვრა ასპირინში

გაკვეთილის მიზანი

გაკვეთილის მიზანია 2-ჰიდროქსიბენზომჟავას (სალიცილის მჟავას) განსაზღვრა ასპირინის (2-აცეტოქსიბენზომჟავა) აბებში. შენახვის პირობებიდან გამომდინარე, ასპირინი განიცდის ნაწილობრივ ჰიდროლიზს, რის შედეგადაც წარმოიქმნება თავისუფალი სალიცილმჟავა. ეს უკანასკნელი წარმოადგენს ფენოლის ნაწარმს, ამდენად, ურთიერთქმედებს Fe3+ იონებთან და იძლევა მეწამულ ხსნარს.

გაკვეთილის შედეგი

მოსწავლეები შეისწავლიან:

◦ ფენოლების რიგის ნაერთების აღმომჩენი რეაქციის ჩატარებას;

◦ მედიკამენტების ვარგისობაზე შენახვის პირობების გავლენას;

◦ დაკვირვების ცხრილის შედგენას;

◦ ექსპერიმენტული მონაცემების დამუშავებას, მიღებული შედეგების განსჯას;

◦ გაფილტვრას.

 

ქიმიით დაინტერესებული მოსწავლეები ასევე შეისწავლიან:

◦ ფენოლების რიგის ნაერთების რაოდენობრივ განსაზღვრას;

◦  სტანდარტული ხსნარების დამზადებას;

◦ მოლური ხსნარის დამზადებას;

◦ ასპირინის ჰიდროლიზის რეაქციას;

◦ რეაგენტის რეაქციისუნარიანობის გავლენას პროდუქტის გამოსავლიანობაზე.

 

გაკვეთილის თეორიული ნაწილი

ასპირინი წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას, რომელიც გამოიყენება როგორც სიცხის დამწევი, ოფლის მომგვრელი, ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება. ის პირველად ჩარლზ გერჰარდტმა მიიღო 1853 წელს, თუმცა საწარმოო სახით პირველად საღებრებისა და ფარმაცევტული პროდუქტების საქვეყნოდ ცნობილმა მწარმოებელმა – ფირმა “ბაიერმა” გამოუშვა 1897 წელს, ამიტომ მას დღესაც ხშირად „ბაიერის ასპირინს“ ეძახიან. ასპირინს მისი ქიმიური სახელით – აცეტილსალიცილმჟავათიც მოიხსენიებენ, თუმცა ზუსტი დასახელებაა 2-აცეტოქსიბენზომჟავა.

იგი მიიღება ძმარმჟავას ანჰიდრიდთან სალიცილმჟავას (ქიმიური დასახელება – 2-ჰიდროქსიბენზომჟავა) ურთიერთქმედებით. რეაქცია მიმდინარეობს ჟანგბადის ატომზე აცილირების მექანიზმით. თეორიულად ასპირინის მიღება შესაძლებელია ძმარმჟავასთან ესტერიფიკაციის რეაქციითაც, თუმცა, პრაქტიკული მიზნებიდან გამომდინარე (მაღალი გამოსავლიანობა), პირველ მეთოდს ამჯობინებენ.

 

ასპირინის მოლეკულას შეიძლება შევხედოთ როგორც ფენოლური ნაერთისა და ძმარმჟავას ესტერს (მოიცავს ესტერულ ბმას). ესტერებისთვის, საზოგადოდ, დამახასიათებელია ჰიდროლიზის რეაქცია, რომლის დროსაც წარმოიქმნება საწყისი ორგანული მჟავა და სპირტი (ან, ამ შემთხვევაში, ფენოლი).

აქედან გამომდინარე, უაღრესად მნიშვნელოვანია ასპირინის შენახვის პირობების სრულყოფილად დაცვა, ვინაიდან დროთა განმავლობაში ატმოსფეროში ან აბში არსებული ტენის საშუალებით შესაძლებელია მისი ნაწილობრივი დაშლა (ჰიდროლიზი).

ასპირინი წარმოადგენს თეთრ კრისტალურ ნაერთს. წყალში – ცუდად, სპირტში კი კარგად იხსნება.

 

სამუშაო ხსნარების სტანდარტიზაცია და მასალის მომზადება

(სრულდება გაკვეთილის დაწყებამდე ან საკლუბო მუშაობისას)

 

ჭურჭელი და მოწყობილობები

რეაქტივები:

  1. სალიცილმჟავა
  2. ეთანოლი
  3. რკინა (III)ნიტრატი
  4. გამოხდილი წყალი

 

  1. სალიცილმჟავას 0.1%-იანი ხსნარის მომზადება (ხსნარი A)
    • 100 მლ-იან ქიმიურ ჭიქაში ჩაასხით 10 მლ ეთანოლი და 10 მლ გამოხდილი წყალი. მოურიეთ.
    • სასწორზე აწონეთ 0.1 გ სალიცილმჟავა და გახსენით 1.1 პუნტში მომზადებულ ეთანოლისა და წყლის ნარევში.
    • მიღებული ხსნარი გადაიღეთ 100 მლ მზომ კოლბაში და ჭდემდე ფრთხილად შეავსეთ 100 მლ-მდე გამოხდილი წყლით.

 

  1. სალიცილმჟავას სამუშაო ხსნარის მომზადება (ხსნარი B)
    • 100 მლ ქიმიურ ჭიქაში მენზურის საშუალებით მოათავსეთ 15 მლ ეთანოლი და 15 მლ გამოხდილი წყალი (ხსნარი B1).
    • აიღეთ 25 მლ-იანი მზომი კოლბა და პიპეტის საშუალებით ჩააწვეთეთ მასში 5 მლ (0.0025 გ სალიცილმჟავა) ხსნარი A.
    • მზომი კოლბა ფრთხილად შეავსეთ ჭდემდე ხსნარით
  2. რკინა (III) ნიტრატის 0.1 მოლ/მლ კონცენტრაციის ხსნარის მომზადება (ხსნარი C)
    • სასწორზე აწონეთ 2.42 გ რკინა (III)–ისნიტრატი
    • ფრთხილად მოათავსეთ 100მლ-იან მზომ კოლბაში. შეეცადეთ, დანაკარგის გარეშე გადაიტანოთ.
    • კოლბა მოცულობის ¾–ზე შეავსეთ დისტილირებული წყლით (დაამატეთ 60-75 მლ დისტირილებული წყალი).
    • მოარგეთ საცობი და სრულად გახსენით მარილი.
    • მოხსენით საცობი და ფრთხილად შეავსეთ ჭდემდე დისტილირებული წყლით.

 

ექსპერიმენტი

(ტარდება გაკვეთილზე)

მასალის მომზადება გაკვეთილისთვის

კლასში ექსპერიმენტის ჩატარებისთვის საჭიროა შემდეგი მასალები (მოსწავლეთა თითოეული ჯგუფისათვის):

ლაბორატორიული ჭურჭელი:

რეაქტივები:

  • ასპირინის სამი სხვადასხვა ნიმუში (სხვადასხვა დროს გამოშვებული, სხვადასხვა ფირმის ნაწარმი, ან წინასწარ სხვადასხვა პირობებში შენახული)
  • რკინა (III) ნიტრატის ხსნარი (ხსნარი C)
  • სალიცილმჟავას ხსნარი (ხსნარი B)
  • გამოხდილი წყალი

 

  1. პირველ რიგში, სალიცილმჟავას სტანდარტული ხსნარისგან უნდა მოვამზადოთ სხვადასხვა კონცენტრაციის ხსნარები, რომლებსაც ექნება სხვადასხვა შეფერილობა.
    • ავიღოთ სინჯარების სადგამი და მოვათავსოთ მასში 6 სინჯარა გვერდიგვერდ
    • მარკერით ან წებვადი ქაღალდით დავნომროთ სინჯარები A1-დან A6-მდე.
    • ექვსივე სინჯარაში წვეთწვეთობით ჩავასხათ სალიცილმჟავას ხსნარი (ხსნარი B), წყალი და რკინა (III)ნიტრატის ხსნარი (ხსნარი C) ქვემოთ მოცემული ცხრილის მიხედვით:

შედეგად მივიღებთ ფერთა დაახლოებით ასეთ განაწილებას:

  1. აწონეთ ასპინის აბი და ჩაიწერეთ მისი მასა სამუშაო რვეულში.
  2. ასპირინის აბი გადაიტანეთ 100მლ-იან ჭიქაში.
  3. მენზურის საშუალებით დაამატეთ 10 მლ დაახლ. 50%-იანი ეთანოლის წყალხნარი (ხსნარი შეგიძლიათ წინასწარ მოამზადოთ თანაბარი მოცულობის ეთანოლისა და გამოხდილი წყლის შერევით).
  4. სრულად გახსენით ასპირინის აბი.
  5. მიღებული ხსნარი ჩაფილტრეთ 25მლ მზომ კოლბაში. ჭიქა გამორეცხეთ მცირე რაოდენობის ეთანოლისა და წყლის ნარევით და ჩაფილტრეთ იმავე კოლბაში.
  6. შეავსეთ კოლბა ჭდემდე, დაახურეთ საცობი და შეანჯღრიეთ.
  7. დაამატეთ 5 წვეთი რკინა (III) ნიტრატის ხსნარი (ხსნარი C) და შეანჯღრიეთ.
  8. აიღეთ ახალი სინჯარა და გაუკეთეთ აღნიშვნა
  9. მზომი კოლბიდან შეფერილი ხსნარი გადაიტანეთ სინჯარაში (შენიშვნა: ფერების შედარებისას მიზანშეწონილია, ხსნარები ერთი და იმავე დიამეტრის ჭურჭელში იყოს მოთავსებული)
  10. შეადარეთ B1 სინჯარაში არსებული ხსნარის ფერი A1-A6 სინჯარებს. სამუშაო რვეულში ჩაიწერეთ იმ სინჯარების ნომრები და მასში არსებული სალიცილმჟავის რაოდენობა, რომელთა შეფერილობა ერთმანეთს ყველაზე მეტად ემსგავსება.
  11. გაიმეორეთ ექსპერიმენტი (პუნქტები 5-15) ასპირინის სხვა აბებისთვის.
  12. გააფორმეთ სამუშაო რვეული:
    • დაადგინეთ, ასპირინი შეიცავს თუ არა სალიცილმჟავას.
    • დაადგინეთ, რა რაოდენობით შეიცავს ასპირინი სალიცილმჟავას.
    • გამოთვალეთ, რამდენი პროცენტი ასპირინია დაშლილი.
    • შეადგინეთ და შეავსეთ დაკვირვების შედეგების შესაბამისი ცხრილი.
    • გამოიტანეთ დასკვნა ასპირინის დაშლის მიზეზების შესახებ (მაგ. შენახვის პირობები, ხანდაზმულობა და ა.შ.).

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...