შაბათი, აპრილი 4, 2026
4 აპრილი, შაბათი, 2026

კლიმატის პოლიტიკა: ამბიციები და რეალობა

0

2024 წელს ინდუსტრიულ ეპოქამდე არსებულ დონესთან შედარებით დედამიწის საშუალო ტემპერატურამ პირველად გადააჭარბა 1.5°C-ს მთელი წლის განმავლობაში. რაც კლიმატის ცვლილების მნიშვნელოვანი ეტაპია. ეს ის ზღვარია, რომლის გადაჭარბებასაც მეცნიერები წლების განმავლობაში ყველაზე მძიმე შედეგების მაუწყებლად მიიჩნევენ. მიუხედავად მკაფიო გაფრთხილებებისა, ქვეყნების მიერ აღებული ვალდებულებები ხშირად კვლავ ქაღალდზე რჩება.

REN21-ის 2025 წლის ანგარიშის მონაცემებით, 90 ქვეყანას უკვე აქვს ნულოვანი ემისიების მიზანი, თუმცა მათგან მხოლოდ 68 ასახელებს 2050 წელს საბოლოო ვადად. თვალსაჩინოა მნიშვნელოვანი სხვაობა – კაბო-ვერდე ასახელებს 2025 წელს, ხოლო ინდოეთი – მხოლოდ 2070 წელს. ასევე, 43 ქვეყნის მიზანი მხოლოდ დეკლარაციის დონეზეა და ის პოლიტიკურად დაუფიქსირებელი რჩება. ეს ასახავს გლობალური ვალდებულებების ზრდის პარალელურ სისუსტეს: მიზნების გამოცხადება ადვილია, რთულია მათი განხორციელება.

ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე გადადგა ნაბიჯი უკან. ამბიციები ხშირად მიუღწეველი ხდება, როცა კონკრეტული მოქმედებების დრო დგება.

კლიმატის პოლიტიკა, თავისი არსით, სტრატეგიების ერთობლიობაა, რომელიც მიმართულია როგორც სათბური გაზების ემისიების შემცირებისკენ, ისე ადაპტაციისკენ – ადამიანებისა და ეკონომიკის მომზადების გარდაუვალი ცვლილებებისთვის. ის, უმეტესად, ეროვნული მთავრობების მიერ იქმნება, თუმცა ხშირად ჩნდება კონფლიქტი სხვადასხვა დონეს შორის: ვაშინგტონის შტატის პოლიტიკა განსხვავდება აშშ-ის ფედერალური მიდგომისგან, ხოლო ევროკავშირის კლიმატის პოლიტიკა ზოგჯერ ეწინააღმდეგება ცალკეული ქვეყნების ინტერესებს.

კლიმატის პოლიტიკის ერთ-ერთი საკვანძო ინსტრუმენტია ნახშირბადის ფასიანი მექანიზმები – გადასახადები და ემისიებით ვაჭრობის სისტემები (ETS). დასავლეთის ათეულობით ქვეყანამ უკვე დააკავშირა ეს პოლიტიკა ნულოვანი ემისიების მიზნებთან. მაგალითად, გერმანია, საფრანგეთი, შვედეთი და ნიდერლანდები, ისევე როგორც მსხვილი დამაბინძურებლები – ჩინეთი, ინდოეთი და ბრაზილია -ერთდროულად ორივე მიდგომას იყენებენ. ამის საპირისპიროდ, აშშ და რუსეთი იმ 45 ქვეყანას შორისაა, რომლებსაც ნულოვანი ემისიების მიზანი აქვთ, მაგრამ ნახშირბადის ფასიანი პოლიტიკა არ დაუწესებიათ.

სამხრეთ აფრიკა, ინდონეზია და მექსიკა იმ რვა ქვეყანას შორისაა, რომლებმაც უკვე შემოიღეს ნახშირბადის ფასიანი პოლიტიკა, მაგრამ ნულოვანი ემისიების მიზანი ჯერ არ დაუდგენიათ. ეს პარადოქსული სურათი მიუთითებს პოლიტიკის ფრაგმენტულობაზე და არა კოორდინირებულ გლობალურ მიდგომაზე.

სად მოქმედებს კლიმატის პოლიტიკა – 2024 წელი

რუკაზე მოცემულია კლიმატის პოლიტიკის გეოგრაფიული გაფართოება, თუმცა რეგიონებს შორის განსხვავებები თვალსაჩინოა: ზოგი ქვეყანა მხოლოდ მიზნებს ისახავს, ზოგს მხოლოდ ეკონომიკური მექანიზმები აქვს, ხოლო ზოგიერთი ორივე მიმართულებას აერთიანებს. ეს მრავალფეროვნება ნათლად ცხადყოფს, რომ გლობალური მიდგომა ჯერ კიდევ არ არის ერთგვაროვანი.

გარდა ამისა, არსებული მექანიზმების შინაარსი ხშირად სუსტია. ანალიტიკოსების შეფასებით, ნახშირბადის ფასიანი პოლიტიკების უმეტესობა მხოლოდ ეროვნული ემისიების მცირე ნაწილს მოიცავს ან კონკრეტულ სექტორებზეა ორიენტირებული. მაგალითად, 51 ქვეყანა მოიცავს ინდუსტრიიდან წარმოშობილ ემისიებს, 45 – ტრანსპორტის სექტორს (მათ შორის ავიაციას), მხოლოდ 23 – შენობების ემისიებს, ხოლო მხოლოდ 17 – სოფლის მეურნეობას. ეს სექტორული არათანაბრობა კიდევ უფრო ამცირებს პოლიტიკის ეფექტურობას.

ამასთან, კლიმატის პოლიტიკას თანმდევი სარგებელიც აქვს: ჰაერის დაბინძურების შემცირება, ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისება (სიარული, ველოსიპედით მგზავრობა, ხორცის მოხმარების შემცირება) და ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცება ნავთობის იმპორტის შემცირებით. თუმცა, საზოგადოებრივი მხარდაჭერა დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ეფექტურად მიიჩნევენ მოქალაქეები ამ პოლიტიკას, როგორ აისახება ის ღარიბ მოსახლეობაზე, რა გავლენას მოახდენს კონკრეტულ ოჯახებზე და რამდენად გასაგებადაა კომუნიკაცია განხორციელებული.

გლობალური კლიმატის პოლიტიკა დღეს მეტად წინააღმდეგობრივ სურათს გვთავაზობს. ერთი მხრივ, ვალდებულებების რაოდენობა იზრდება, და ქვეყნები საჯაროდ აცხადებენ ამბიციურ გეგმებს. მეორე მხრივ, რეალური ქმედებები ფრაგმენტულია, სექტორულად შეზღუდული და ზოგჯერ უკან გადადგმული ნაბიჯებითაც ხასიათდება.

თუ ქვეყნები ვერ შეძლებენ ქაღალდზე არსებული მიზნების პრაქტიკაში გადაყვანას, 1.5°C-იანი ზღვარი სრულიად მიუღწევად გახდება. კლიმატის პოლიტიკა უკვე აღარ არის მხოლოდ გარემოს დაცვის საკითხი – ის პირდაპირაა დაკავშირებული ეკონომიკასთან, ჯანმრთელობასთან და უსაფრთხოებასთან, რაც მას თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ გამოწვევად აქცევს.

 

გამოყენებული ინტერნეტგვერდები:

https://globalexchange.org/the-politics-of-climate-change/?gad_source=1&gad_campaignid=17275785297&gbraid=0AAAAADp8gOe3Pr74KQFUjfUM09dJ-2R7c&gclid=CjwKCAjw2vTFBhAuEiwAFaScwrXWRO1waJBv72hNcE9LlauawQs9gdYInGvZE_D1lWxM3Qmb6pRushoCGzcQAvD_BwE

https://www.statista.com/chart/34679/countries-with-enacted-climate-change-policies/

 

 

მოსწავლეთა ინტერესების კვალდაკვალ

0

მოსწავლეთა ინტერესების კვლევა ფონად გასდევს ჩემს პროფესიულ საქმიანობას. ვაკვირდები, რას უსმენენ, უყურებენ, როგორ საუბრობენ, გართობის რომელ ფორმებს ანიჭებენ უპირატესობას. მასწავლებლობისას მეშინია, არ დამავიწყდეს ჩემი ბავშვობა. ამიტომ ვებღაუჭები ჩემს ძველ დღიურებს, ფოტოებს, წერილებს – ყველაფერს, რაც ჩემს მოზარდობას ასახავს და მახსენებს, როგორი ვიყავი ჩემი მოსწავლეების თანატოლი. მათი ინტერესების გათვალისწინება მოსწავლეების გულების მოშინაურებაში მეხმარება. მთავარია, დავარწმუნო, რომ მათი მესმის. სწორედ ამ მიზეზების გამო და, ამავე დროს, ჩემს მოზარდ შვილებზე დაკვირვებით, მივხვდი, რომ სოციალური ქსელებიდან მათი თანატოლები ინსტაგრამს ანიჭებენ უპირატესობას. თავად ინსტაგრამის ვირტუალური გარემო უფრო საინტერესოდ არის აკინძული. მეტი შესაძლებლობაა სასწავლო რესურსების გასაზიარებლად. ჩემი მოსწავლეებისთვის ინტაგრამგვერდის შექმნის იდეა რამდენიმე თვის წინ დამებადა. ზაფხულის არდადეგების დასაწყისში კი დრო გამოვძებნე და დიდი შემართებით დავიწყე ჩანაფიქრის ასრულება.

რამდენიმე მოტივი მამოძრავებდა: 1. ვიცოდი, რომ ბავშვები დიდ დროს ატარებდნენ ამ სივრცეში. შემეცნებითი პოსტების შექმნით ბავშვების ვირტუალურ დროს მრავალფეროვანს გავხდიდი;

  1. გაკვეთილზე ხშირად მოთენთილები, უძილოები და მშივრები სხედან. ინსტაგრამგვერდზე ატვირთული დავალებების ინსტრუქციებისა თუ ჩემი პირადი გამოცდილების ნახვას კი სასურველ დროს შეძლებდნენ;
  2. ბავშვებს მოსწონთ, როდესაც მასწავლებელი მათ ინტერესებს ერგება;
  3. მოსწავლეებისთვის შექმნილ ინტაგრამგვერდზე მხოლოდ ისინი არიან. ამ გარემოში უფროსების ყოფნამ შესაძლოა დააკომპლექსოს ისინი. ამგვარად გავაერთიანე ჩემი ოთხივე კლასისა და შაბათის მკითხველთა კლუბის მოსწავლეები. ამ სივრცეში გაერთიანებულ მოზარდებზე რომ ვფიქრობ, მახსენდება, არაფორმალურ გარემოში დაგეგმილი პროექტები, მაგალითად, ლიტერატურული კაფეები, სადაც ხშირად სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეები იყრიან თავს. ჩემი დაკვირვებით, ამგვარი ერთიანობა დადებითად აისახება თითოეულ მოსწავლეზე. თითქოს სასწავლო პროცესს სულ სხვა ელფერი ეძლევა და სასიცოცხლო ენერგიით იმუხტება.

მოსწავლეთა ჩატებში გავაზიარე ინფორმაცია ჩემი გვერდის შესახებ და ვთხოვე, თუ სურვილი ექნებოდათ, ახალ წამოწყებაში გამომყოლოდნენ. ასე შეიქმნა ჩემი კლასი ინსტაგრამზე.

პოსტების შინაარსი

ამჯერად სულ 14 პოსტი მაქვს გამოყენებული. რამდენიმეს გაგიზიარებთ:

1.ზაფხულის დილა

7 ივლისის დილას ფანჯრიდან გადავიღე მერცხლების ფრენა და ვიდეოს შემდეგი ტექსტი დავურთე:

„დილა მშვიდობისა, ჩემო უსაყვარლესო ბავშვებო. რომელ საათზე იღვიძებთ? მე დილის 5 საათიდან მღვიძავს. მიყვარს ეს დრო. დაჰკვირვებიხართ მერცხლების ფრენას გამთენიისას? გიფიქრიათ, როგორი იმედითა და ხალისით ავსებს ადამიანს მერცხლის ჭიკჭიკი? იაკობ გოგებაშვილი მერცხლებზე ასეთ რამეს ამბობს:

„რა კარგი იქნებოდა, რომ ყველა ადამიანი და ყველა ყმაწვილი იყოს იმისთანა კეთილი, უვნებელი, გამრჯელი, მხიარული, მოსიყვარულე, სასიამოვნო და სასარგებლო ქვეყნისათვის, როგორიც არის მერცხალი!“. იაკობ გოგებაშვილის „ბუნების კარი“ ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი პირველი წიგნია, ახლა კი – სანუკვარი საკითხავი“.

ამ პოსტის მიზანი იყო, ბავშვები დამეფიქრებინა დღის რეჟიმზე, ბუნებასა და იაკობ გოგებაშვილზე.

  1. ბავშვობის წიგნი

„აბა, მომიყევით, რას კითხულობთ თქვენ. მე ჩემი ბავშვობის უსაყვარლეს წიგნს, ჟიულ ვერნის „კაპიტან გრანტის შვილებს“, ვკითხულობ და ვტკბები.

ჟიულ ვერნი ფრანგი მწერალია, მაგრამ ამ წიგნის მთავარი პერსონაჟები შოტლანდიელები არიან. ჟიულ ვერნიმ ამგვარად თანადგომა გამოხატა ინგლისის დამპყრობლური პოლიტიკის გამო დაზარალებული შოტლანდიელებისადმი და მთელ მსოფლიოს გააცნო 37-ე განედზე ჩაძირული გემის კაპიტნის, ჰარი გრანტის, საძებნელად წასული ცოლ-ქმარი გლენარვანები და კიდევ სხვა შოტლანდიელები.

კაცთმოყვარეობა – ეს თვისება ამოძრავებს და აერთიანებს რომანის მთავარ პერსონაჟებს.

მეც მათთან ერთად ვმოგზაურობ გემით, სახელად „დუნკანი“. მერე რა, რომ გლდანულის მეორე კორპუსის მეცხრე სართულზე ვარ გამოკეტილი. წიგნის ძალით დავნავარდობ მსოფლიოს გარშემო. გუშინ არგენტინაში ვიყავი, დღეს ავსტრალიაში აღმოვჩნდი“.

ტექსტს თან დავურთე შოტლანდიის ჰიმნი. ვცდილობ, ბავშვების მუსიკალური ცნობიერებაც ავამაღლო. ამასთანავე, ჩემი დაკვირვებით, რაც დრო გადის, მით უფრო ნაკლები დრო რჩებათ მოზარდებს კითხვისთვის. სწორედ ამიტომ ჩემი ბავშვობის წიგნის მათთვის გაზიარებით იქნებ თავადაც გასჩენოდათ კითხვის სურვილი.

  1. ფოტოამბავი და წინდები

მესამე პოსტმა დაუვიწყარი მოგონებები გვაჩუქა. გადავწყვიტე, წერითი დავალებისთვის, ბავშვების მოტივაციის ასამაღლებლად, ჯილდო დამეწესებინა. საჩუქარზე ფიქრისას გამახსენდა, რომ ჩემს შვილებს წინდები გამუდმებით ეკარგებათ. მაღაზიაში საგულდაგულოდ შევარჩიე ულამაზესი წინდები გოგოებისა და ბიჭებისთვის. წერით დავალებად მათთვის კარგად ნაცნობი ინსტრუქცია შევთავაზე ფოტოამბის შესახებ. პირობა ამგვარი იყო: პირველ სამ მოსწავლეს, რომლებიც ჩემ მიერ შეთავაზებული ფოტოს შესახებ თემას დაწერდნენ და გამომიგზავნიდნენ, წინდებით დავაჯილდოებდი. პირველი თემა ჩემმა შვილმა, რომელიც ასევე ჩემი მოსწავლეა, კომენტარში ატვირთა. თეკლას გამოვლენილმა ინტერესმა დამარწმუნა, რომ ჩანაფიქრმა გაამართლა. სულ ოთხი მოსწავლე გამოეხმაურა ამ პატარა წერით კონკურსს და ოთხივემ ძალიან საინტერესო თემა დაწერა. წინდების გადაცემის პროცესმაც გაგვახალისა: თეკლას რაჭაში გავუგზავნე, ნატალისა და ნინის ეზოში შევხვდი, მეთერთმეტეკლასელი ანანო სოფელში იყო და დღეს, გაკვეთილის დაწყებისას გადავეცი.

გიზიარებთ ფოტოამბის შესახებ ჩემს პოსტს:

„წერითი ინსტრუქციის დრო დადგა და გადავწყვიტე, თქვენი მოტივაციის ასამაღლებლად პირველი სამი მოსწავლე, რომლებიც ჩატში გამომიგზავნიან ამ ინსტრუქციის მიხედვით შექმნილ თემას, დავაჯილდოო.

ყველამ კარგად იცის ფოტოამბის შესახებ. ვფიქრობ, ეს იყო სემესტრის ყველაზე საყვარელი დავალება. გთავაზობთ ფოტოებს ჩემი მობილური ტელეფონიდან და სათაურებს. თუ სურვილი გექნებათ:

  • შეარჩიე ფოტო;
  • დააკვირდი და აღწერე, რას ხედავ;
  • მომიყევი, შენ რას გახსენებს ეს ფოტო;
  • დაწერე, ახლა რა ხდება შენთან (სად ხარ? რა გესმის? რას ხედავ? რას ფიქრობ? რა გახსენდება? რას გრძნობ?…)
  • დასვი ერთი შეკითხვა.

ჯილდო არის ერთი წყვილი წინდა“.

  1. დღის ჩანაწერი

აგვისტოში დღის ჩანაწერის შესახებ ავტვირთე პოსტი. წერის სურვილის გაღვივება მქონდა მიზნად:

„ახლა ვზივარ მეორე სართულის აივანზე. ველოდები მზის ამოსვლას. ჩემმა მეზობელმა ნათიამ ჩაიარა. ნესტანთან მიდის ყავის დასალევად. ამ სოფელში 7 წელია, ვისვენებ და დილას ნაზი დეიდასთან ყავის დალევის რიტუალი უცვლელია. ნათიას ვთხოვე, თუ ონში წავა, თეკლას სათამაშო კუ წაუღოს. მთელი გულით გაეცინა. მიყვარს სოფელში მცხოვრები ადამიანების მიმღებლობა, წვრილმანებით გახარების უნარი და უბრალოება. მესმის ჩიტების ჭიკჭიკის, ძროხების ეჟვნების წკარუნის, მამლის ყივილის, მდინარე ჯეჯორისა და მეზობლების გადალაპარაკების ხმები. ვხედავ ძეწნის ხეს, მთებს, ყავის ფინჯანს, მუხლზე შემოდებულ წიგნს, მერცხლებსა და მთიდან ამომავალ მზეს. ვფიქრობ ათას რამეზე: ვარჯიშზე, ჩემი შვილების დღის მენიუზე, ბავშვებზე, რომლებიც ამ ჩანაწერს წაიკითხავენ. ვგრძნობ სიხარულს, სიყვარულსა და სიმშვიდეს. ბედნიერი ვარ, რომ ამ სამყაროს ნაწილი ვარ. მახსენდება გუშინდელი საღამო და შვილებთან ერთად სამაგიდო თამაშისას განცდილი სიამოვნება. ბზიკების ბუდე რომ არ მოვანგრიო მთელი აგვისტო, შევძლებ?

სანამ მე მუსიკას ვარჩევდი, მზე ამოვიდა,

პ.ს. ბავშვებო, თქვენ წერთ დღის ჩანაწერებს? ძალიან გამახარებთ, თუ ამ პოსტის ქვეშ დამიწერთ თქვენი დღის ჩანაწერებს“.

  1. ფიქრები „ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმების შესახებ

დედაენის ბაღში რკინის ჯიხურებზე ამოტვიფრული აფორიზმების შესახებ კი შემდეგი მოსაზრებები გავუზიარე:

 

„კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყვარესა მოყვარულსა“;

„კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების“;

„ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა გულსა“.

დღეს ამ სამ აფორიზმზე ფიქრს გთავაზობთ.

ვინ არის მოყვარე? ის, ვისაც უყვარხარ, თუ ყოველი ადამიანი ამქვეყნად მოყვარეა? როდის ხდება ადამიანების დამოყვრება? სულ მიკვირს, „ვეფხისტყაოსნის“ გმირები მყისიერად რომ მეგობრდებიან. რა მაგარი შეგრძნებაა, არა? დადიხარ დედამიწაზე, ხვდები უცხო ადამიანს და პირველივე შეხვედრის წამიდან მასთან თავს ჰარმონიულად გრძნობ.

რასაც და რაზე ვლაპარაკობთ, ის ვართ ჩვენ. რაც გვაქვს შინაგანად, ის გადმოდინდება ჩვენგან. შენ როგორ ცდილობ შენი შინაგანი სამყაროს გაკეთილშობილებას?

ჩვენი მწერლები ძალიან ბევრს წერენ სიტყვის ძალის შესახებ. რუსთაველი, სულხან-საბა ორბელიანი, გურამიშვილი – აქედან დავიწყოთ. როცა საუბრობ, გულს დააკვირდი. როგორ ტალღაზე გადაჰყავს შენს ნათქვამ სიტყვას გული? ეს არის საზომი, მართალი ხარ, თუ – არა. გული არ მოგატყუებს. ბილწსიტყვაობა აზიანებს სხეულს, გონებას“.

ამას მოჰყვა შემდეგი შინაარსის პოსტები:

  • მტკვრის პირას გადაღებული ვიდეო, რომელშიც ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსს „ფიქრნი მტკვრის პირას“ ვკითხულობ. ლექსის ზეპირად სწავლისა და მოულოდნელად მისი წაკითხვის სურვილზე გავამახვილე ყურადღება.
  • ჩემი ფეისბუკგვერდის ფოტო, რომელზეც ასახულია 15 წლის წინანდელი ლათინური შრიფტით გამოქვეყნებული სტატუსი. ამ ბოლო დროს დავაკვირდი, რომ ბავშვები ერთმანეთს ლათინური შრიფტით წერენ. ვფიქრობ, კითხვის სურვილის გაქრობას ესეც ხელს უწყობს. სწორედ ამიტომ თვალსაჩინოებად გამოვიყენე, თუ როგორ ვწერდი მეც ლათინური შრიფტით და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ დაუფიქრებელ ჩვევას.
  • „მშრალ ხიდზე“ ძველმანებით მოვაჭრეებთან გადაღებული ვიდეო, რომელიც უცნობი მასწავლებლისა და მისი მოსწავლეების ფოტოებს ეხებოდა; ასევე, გავუზიარე ვიდეო, რომელშიც ბუკინისტი ვერმეერის ბიოგრაფიას მაცნობდა.
  • მიხაი ზიჩის ძეგლთან კი უნგრელი მხატვრის შესახებ ვსაუბრობ და „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციებისთვის ცოცხალ ადამიანებს რომ ეძებდა პოემის პერსონაჟების პროტოტიპებად, ისიც ვუამბე.

 

 

წიგნები, წერა, ლექსები, ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიული დეტალები, სახალისო ვიქტორინები, საინტერესო ინსტრუქციები, რჩევები, ფიქრი და მსჯელობა, აზრის ჩამოყალიბება, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ბუნებასთან ურთიერთობა, ციტატები – ასე გამოიყურება ჩემი მოსწავლეებისთვის შექმნილი ვირტუალური სივრცე ინსტაგრამში.

ფოტო-ვიდეომასალა, მუსიკა და ტექსტი – თანამედროვე ცხოვრებაში ამბის თხრობის გავრცელებული გზაა. სტატიაში გამიჭირდა ინსტაგრამგვერდზე საგანგებოდ მოსწავლეებისთვის შექმნილი ატმოსფეროს ზუსტი აღწერა, რადგან სოციალურ ქსელში ყველა კადრს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და ვიზუალური თხრობა ტექსტს აძლიერებს.

ვიცი, რომ მოზარდებს მოსწონთ „ინსტაგრამკლასი“. მჯერა, რომ თავის კვალს დატოვებს ჩემი მცდელობა და მათთვის მოფიქრებული გზავნილები. აქვე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ინსტაგრამზე ატვირთულ ინსტრუქციებს ხშირად ვიყენებ და მომავალშიც მრავალჯერ მივუბრუნდები.

თქვენც სცადეთ თქვენი საკლასო ოთახის შექმნა ინსტაგრამზე.

მამების ხმები ქართულ ხალხურ ზეპირსიტყვიერებაში

0

მშობლებისა და შვილების ურთიერთობა მარადიული, უკვდავი თემაა. საუკუნეები გადის, თაობები იცვლება, ურთიერთობის თანმდევი ემოციები, მიმართებები, გამოწვევები, გამოცდილებები კი იგივეა. სხვადასხვა ეპოქა მხოლოდ დეკორაციებს, ანტურაჟს, მიზანსცენის ელემენტებს ცვლის. სხვა ყველაფერი უნივერსალურია, დროის მიღმიერი, განმეორებადი.

 

ყველა წინა თაობა მომავალს „აყვედრის“ – ამდენი გაგვიკეთებიაო.

წინებს ახლებისა არ ესმით – ეს რა გმოსავთ და რას დამსგავსებიხართო.

ტრადიციების, ნორმების, არსებული წეს-ჩვეულებების ოლიმპიური ცეცხლივით გადაცემა და მომავალი თაობისთვის უცვლელი სახით გადაწოდებაა დათქმაცა და დაუწერელი კანონიც.

 

ახლებს კი ამ ყველაფრის გაგონება არც უნდათ და არც ეკუთვნით. მათი სავალი გზა მათთვის განკუთვნილი შეცდომებითაა მოპენტილი და მხოლოდ მათი გასავლელია. დამოუკიდებლად. მტკიცედ.

 

თაობათა კონფლიქტი განმეორებადი ციკლია, მუდმივი დიალოგია.

კაცობრიობა არსებობს, ვითარდება, დიალოგის მონაწილეები იცვლებიან, არსი იგივე რჩება.

უფროსებს უკვირთ მოზარდებისა, უფრთხიან მათთვის გაუგებარს, მისტირიან „ძველსა და გასაგებ დროს“. განსჯიან, დანანებით ადევნებენ თვალს ახალ ყოფას. ახალგაზრდები ეძებენ, პოვებენ, კარგავენ და კვლავ ეძებენ თავიანთ გზას, საკუთარი თავის შეცნობისა და თვითგამოხატვის საშუალებებს.

 

მშობლებსა და შვილებს, „ძველებსა და ახლებს“ შორის ურთიერთობა ფაქიზი, სიყვარულითა და ზრუნვით სავსეცაა. როგორი მნიშვნელოვანი და ძლიერი შეიძლება იყოს ეს კავშირი.

 

მხატვრული ტექსტები სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციაზე დაკვირვების საშუალებას გვაძლევს ხოლმე. დაკვირვების შედეგად არჩევანის გაკეთებისას მთელი არსენალი გვიგროვდება: ქცევის სხვადასხვა მოდელი, სცენარი, სხვადასხვა სამოქმედო ნაბიჯი, სიუჟეტი, სიუჟეტის განვითარების ვარიანტები, ემოციური რეაქციების სქემები.

 

ამ წერილში ჩვენი უმდიდრესი ხალხური სიტყვიერების ნიმუშები მინდა, გავაცოცხლო. ისინი, რომლებიც თაობათა ურთიერთობებს ასახავს და მამების ხედვის კუთხეს, მამების დანახულსა და განცდილს გვიზიარებს. მამები შერჩეულ ნიმუშებში არა ფართო, არამედ გადატანითი, კონკრეტული მნიშვნელობითაა ნაგულისხმევი. ეს სათქმელი მამების ამოთქმულია, მამების დაწერილი, ლექსად შეკრული და დატოვებული მარტო საკუთარი შვილებისთვის კი არა, ჩვენთვისაც, თანამედროვე მკითხველისთვის.

 

პირველი ლექსი მუშტათ ჭრელას „ამონათქომია“. ჭრელა მუშტაშვილი განთქმული მოკაფიავე ყოფილა. ცხოვრობდა სოფელ გომეწარში. შემდეგ გადასახლდა სოფელ კუჭეჭაში, ფშავში. ლექსში თავის შვილებს აკრიტიკებს, მოდას უაზროდ და „უშნოდ აყოლილთ“.

ამ ირონიულ, თვითირონიულ, საქილიკო, ღიმილისმომგვრელ ტექსტში იმ მამის ხმა ისმის, ახლებისა რომ აღარაფერი გაეგება და სიცილით რომ ცდილობს მათ გაპამპულებას. მამის ტონი გულისწყვეტასაც გამოხატავს, გაკვირვებასაც, დაბნეულობასაც, მაგრამ არა ბოღმას, არა ბრაზს. ამის მოსმენისას შვილს გაეცინება ან გაეღიმება მაინც და მოხდენილად ჩაივლის, გვერდს აუვლის „ძველ დროში ჩარჩენილ“, მაგრამ მაინც საყვარელ და ენამახვილ მშობელს. ეს ვიზუალურ-ემოციური დეტალებით სავსე ლექსი მკითხველშიც ამ განწყობას ბადებს:

ჩიოდა მუშტათ ჭრელაი:

დამიდიდგულდა შვილები,

ოთხთავ იყიდეს ცხენები,

ოთხთავ დაჭედილები.

რუსულებ პალტოები სცვავ,

გულზე მასკოის ღილები;

ქუდები რქეზულები,

საპირეჩაგრეხილები
ლასტიკის ახალუხები,

დადიან დადრეცილები.

ას თუმან ადგილში მისცეს,

მამას მე მჭამენ ტილები.

მე მაგათ დაზდას მერჩივნა,

რომ დამეზარდა ვირები,

ჩემ ჭკვაზე გადავხკაზმებდი,

ბარგს მაინც ვაზიდვინებდი“.

 

გასაოცარი პოეტური ძალის მქონეა შემდეგი კაფია, რომელიც მამისა და შვილის დიალოგის სახითაა წარმოდგენილი:

 

შვილი: შენ რომ ვაზებს ჩამოუვლი,

სულ გაწვრთნილი ჯარი არი.

მამა: შენ რომ ღიმილს გაიღიმებ,

გაზაფხულის ცვარი არი.

შვილი: შენ რომ ლურჯას გააჭენებ,

მინდვრის ნიავ-ქარი არი.

მამა: სიმღერას რომ წამოიწყებ,

ეკლესიის ზარი არი.

შვილი: კამეჩებს რომ გამოიყვან,

შავი ღამის დარი არი.

მამა: თონიდან რომ პურს ამოჰყრი,

ის ახალი მთვარე არი…

 

მამა-შვილის ეს გადაძახილი უსასრულოდ გინდა, გაგრძელდეს.

ეს თაობათა დიალოგის იდილიაა, იდეალი.

შვილი ხედავს და აღიარებს მამის ძლიერებას, მის გამოცდილებას, მის ჯაფასა და შრომას. მამა ხედავს და აღიარებს შვილის მოხდენილობას, მის უნარებს. ურთიერთპატივისცემა, ერთმანეთის ასე დანახვა, ემოციური ჰარმონია – აი, რა გამოსჭვივის ამ შესანიშნავ გაბაასებაში. ეს ლექსი ბრწყინვალე პოეტური ნიმუშია იმისა, როგორ უნდა აღიარონ, იგრძნონ და გამოხატონ სიყვარული და ზრუნვა ასეთმა ახლობელმა ადამიანებმა.

შემდგი ლექსიც გაბაასების ჟანრია. მამა და შვილები პირისპირ დგანან:

მამა: ნუ გეშინიათ,

შვილებო,

სანამ მამა გყავთ მაგარი,

არც წყალში გინდათ გახდომა,

არც მთა გაქვთ გადასავალი!

შვილნი: ღმერთმა ბებოჩემ აცხონოს,

კაც გაუზრდიხარ

მამალი!

 

ნდობა და რწმენა იმისა, რომ მშობელს ესმის შენი, უპირობოდ უყვარხარ და მზადაა, ასეთივე უპირობო, სასწაულმოქმედი მხარდაჭერა გამოგიცხადოს ნებისმიერ რთულ ვითარებაში ან ცხოვრებისეული კოლიზიებისას, მაკურნებელი ძალის მქონეა.

რას ნიშნავს უპირობო?

ეს არსებითი განმსაზღვრელია.

მოცემულ ლექსში მამა არანაირ პირობას არ აყენებს.

„შვილებო, თუ ისეთები იქნებით, როგორც ჩემს გულს გაუხარდება“…

ან

„შვილებო, თუ იმ გზით ივლით, რომელიც მე მგონია სწორი…“

აქ არც დათქმაა და არც „ვაჭრობა“. არის რწმენა იმისა, რომ მამა აქაა. შიში – იქა.

ლხინი აქაა და ჭირი – იქა.

ეს რწმენა შინაგანი ღუზაა. როცა ბობოქარი და მღელვარე ცხოვრების ზღვა გვარყევს, გვაფორიაქებს, ცხოვრების ნავს „ვნებათა ქარი“ აქეთ-იქით ახეთქებს, ასეთი მშობლის შვილმა იცის, რომ მას „სადგური მყუდროებისა“ აქვს და იქით მიიჩქარის წარმოსახვით ან რეალურად. იქ პოვებს სიმშვიდესაც და ძალასაც.

 

როცა შვილებზე ვფიქრობთ, როცა მათზე ვზრუნავთ, ამ ზრუნვით ნაკარნახევ დოქტრინებსა და დოგმებს შევიმუშავებთ და თავს ვახვევთ ხოლმე, იმაზეც ვიფიქროთ, რა ხმებად დავრჩებით მათ მეხსიერებაში, მათ შინაგან სამყაროში რა ორიენტირებს ვტოვებთ.

ეს არჩევანი ჩვენი გასაკეთებელია.

 

 

 

წარწერა წიგნის ყდაზე

0

 

პირველი წიგნი უნივერსიტეტში სწავლისას შევიძინე. ფოლკლორის სახელმძღვანელო სულ რაღაც 5 ლარი ღირდა, თუმცა მე და ჩემმა ბავშვობის მეგობარმა, ქეთიმ, ეს თანხა გავინაწილეთ და ყდაზეც ორივეს სახელი და გვარი დავაწერეთ. ჩემი პირადი ბიბლიოთეკისთვის წიგნების მოგროვება 15 წლის წინ დავიწყე. ახლა კი იმდენი წიგნი დამიგროვდა, თაროებზე აღარ ეტევა. წიგნის ყდაზე დატოვებული წარწერები თავდაპირველად მშრალი იყო და მხოლოდ სახელს, გვარსა და წელს მოიცავდა. მას შემდეგ, რაც მარკირებული კითხვის მეთოდებს გავეცანი, კითხვა ფერადი კალმის გარეშე ვერ წარმომიდგენია. ვფიქრობ, ამგვარად წიგნის ფურცლებზე ჩემს ცხოვრება ვტოვებ და ვინახავ. ძალიან სასიამოვნო განცდაა, მოულოდნელად რომ წავაწყდები რამდენიმე წლის წინანდელ წარწერას.

ამ სტატიაში გაგაცნობთ ჩემს ბოლოდროინდელ მიგნებასა და გატაცებას – წიგნის ყდაზე დღის ჩანაწერების მიწერის შესახებ. წიგნის მაღაზიაში სიარული ჩემი სისუსტეა. ცდუნებას ვერ ვუძლებ, როცა ახალ წიგნებს ვხედავ. სადილისთვის საჭირო პროდუქტებით სავსე ცელოფნის პარკებში ხშირად მოკრავთ თვალს ახალ წიგნებს. ჩემი ყოველდღიურობა ოთხი შვილის მოვლასა და პროფესიულ საქმიანობას მოიცავს, რაც საკმაოდ რთულ შრომას გულისხმობს. საქმე მოვიშინაურე და დამქანცველ რუტინაში სასიხარულო მომენტების შემჩნევა ვისწავლე. ამ ყოველივეზე ფიქრმა კი ნაყიდ წიგნებზე ჩემი ამბების დატოვების სურვილი გამიჩინა. გიზიარებთ რამდენიმე წიგნზე დატოვებულ წარწერებს. ერთი წარწერა ჩემს უფროს შვილს ეკუთვნის. თეკლამ პატი სმითის „მოგონებების მატარებელი“ დაბადების დღისთვის მიყიდა და წიგნზე მეტად ეს წარწერა მიყვარს.

კიდევ ერთი მეთოდი, რომელიც წიგნის ყდაზე დღის ჩანაწერს უკავშირდება, ჩემი მეშვიდეკლასელი მოსწავლეებისთვის მოვიფიქრე. კლასის საკითხავ წიგნად „მეკობრეთა სკოლა“ შევარჩიე, პარასკევი წიგნის კითხვის დღედ დავთქვით. ბავშვებს პირველად უტარდებოდათ მეშვიდე გაკვეთილი. სკოლის კედლებს გარეთ გაყვანა მთხოვეს. ასე აღმოვჩნდით ჩვენი უბნის ულამაზეს პარკში. ბავშვებს გავაცანი დღის ჩანაწერის ქარგა, რომელსაც თქვენც გიზიარებთ და ყველამ ერთად დავიწყეთ წერა. სტატიაში ჩემი და ჩემი ერთი მოსწავლის მიერ წიგნის ყდაზე  გაკეთებულ ჩანაწერსაც შეხვდებით.

 

წარწერა კარლოს ფუენტესის რომანზე „არტემიო კრუსის სიკვდილი“

„28 ივნისი – დღე, რომელმაც დაიტია ჩემი შრომა, ფუსფუსი, მოლოდინი, ქმედება, უამრავი ემოცია და საქმე. ვკერავდი და ვხატავდი ბალიშებს ჩემი შაბათის კლუბების მკითხველი ბავშვებისთვის, ვაცხობდი, ვწერდი, ვფიქრობდი. საღამოს გავიქეცი ახმეტელის მეტროსთან. თაბახის ფურცლების საყიდლად „ბიბლუსში“ შევედი და ეს წიგნიც ვიყიდე. სამაგისტრო თემაზე მუშაობისას კარლოს ფუენტესის შემოქმედება მაინტერესებდა. ყდამ „პედრო პარამო“ მომაგონა. ლილეს მეგობრის დაბადების დღე იყო და ლილესაც ვუყიდე საჩუქარი. „ლოტა აურზაურის ქუჩიდან“ შევარჩიე ორივე ლილესთვის. ეს იქნება პირველი სქელტანიანი წიგნი, რომელსაც ხმამაღლა წავუკითხავ. 2025 წელი“.

წარწერა ჯოზეფ კემპბელის წიგნზე „ათასსახოვანი გმირი“:

„ამ წიგნის შესახებ მარი კორინთელმა მითხრა. რა მომასვენებდა. ავტვირთე სამაგისტრო ნაშრომი და წიგნის მაღაზიაში ძალიან ბევრი ვეძებე გულისხმიერ კონსულტანტებთნ ერთად. ვერ ვიპოვეთ, მეორე მაღაზიაში გამგზავნეს. გვიან ღამით, ზებრაზე გადასვლისას, სარჩევს გადავავლე თვალი, ზუსტად შეესაბამება ჩემს თემას. ეს წიგნი მაგონებს ერთ სიტყვას – გულისხმიერებას. ახლა ღამის პირველი საათი დაიწყო. ნერსემ არ დაიძინა და გაბო და ლილე ართობენ. მეძინება. 31.01. 2025“.

წარწერა ჯორდი სიერა ფაბრას რომანზე „კაფკა და მოგზაური თოჯინა“:

„21 თებერვალია. მზიანი, თბილი დღე იყო. სკოლაში ორი გაკვეთილი ჩავატარე და მერე საცურაო აუზზე გავიქეცი. გზაში თიკოს ველაპარაკებოდი, ამ წიგნის მთარგმნელს. აუზდან წიგნის მაღაზიაში შევიარე და დიდი სიხარულით ვიყიდე „კაფკა და მოგზაური თოჯინა“. ორშაბათს ლიტერატურული კაფე გვაქვს და ამ წიგნს წარვადგენ. 2024 წელი“

წარწერა პატი სმითის წიგნზე „მოგონებების მატარებელი“:

„საჩუქრების ჩუქებას დიდი არა, მაგრამ საყვარელი ისტორია აქვს. მე და ნინი აქეთ- იქით დავდიოდით და ფუსფუსით ვეძებდით, ვმსჯელობდით შენს საჩუქრებზე. ეს წიგნი უკვე არჩეული მქონდა და დაუფიქრებლად წავავლე ხელი, თუმცა, ამ წიგნის ჩუქება მთლად 100%-ით ჩემი დამსახურება არაა. მაკა ბიბილაშვილს მივწერე, რომ დამხმარებოდა და ერთად შეგვერჩია წიგნი. მოკლედ, გისურვებ ძალიან კარგი მოგონებების დაგროვებას, ამ წიგნის კითხვისას ბევრი ცხელი ყავა თუ ჩაი დაგელიოს და გესიამოვნოს პატი სმითის ცხოვრებაში მოგზაურობით. ვფიქრობ, მოგეწონება ავტორის შეხედულებები სამყაროზე, მისი წუხილისა თუ სიხარულის გაზიარება და ფიქრები. სასიამოვნო კითხვას გისურვებ. სიყვარულით, შენი თეკო 23. 04. 2024“

 

წიგნის ყდაზე დასაწერი დღის ჩანაწერის ქარგა:

ახლა…

მესმის…

ვხედავ…

ვფიქრობ…

ვგრძნობ…

ეს წიგნი…

დასვი ერთი შეკითხვა

ჩემი წარწერა აგუსტინ ფერნანდეს პასის საყმაწვილო რომანზე „მეკობრეთა სკოლა“

„ახლა მეშვიდე გაკვეთილს ვატარებ მეშვიდე კლასთან. სკვერში ვართ. სასიამოვნოდ გრილა. ასეთი ცივი სექტემბერი არ მახსოვს. მესმის, რომ ბავშვები შეკითხვებს სვამენ. დათუნამ თქვა, წვიმსო. მარიამი თამარს ეკითხება, მძიმე სად „დავაყენოო“. მუსიკა მაქვს ჩართული. ვხედავ ბედნიერ, მშვიდ, ხალისიან ბავშვებს. ვფიქრობ, რა ზუსტად მივაგენი ჩემს პროფესიას და რა კარგი გადაწყვეტილება იყო აქ გაკვეთილის ჩატარება. ვგრძნობ დაღლილობასა და სიხარულს. ეს წიგნი სიხარულს მოგვიტანს. ნეტავ, სპექტაკლს თუ დავდგამთ?“.

მეშვიდეკლასელი მოსწავლის, ცოტნე შანგუას“ წარწერა წიგნზე:

„დღეს არის ჩვენი პირველი მე-7 გაკვეთილი. ახლა ვართ პარკში და ვწერთ დღის ჩანაწერს. ვხედავ უამრავ ჩიტს ლელა მასის უკან. ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღით კმაყოფილი დავრჩები. ვგრძნობ სიცივეს, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ. ეს წიგნი ვიყიდე „ბიბლუსში“ და ეს წიგნი რომ არა, აქ არ ვიქნებოდით. ნეტავ, კიდევ რომელი წიგნი გახდება ჩვენი მეგობარი? 19.09.2025“.

 

არ ვიცი, რა ბედი ელის ჩემს წიგნებს. ბუკინისტებთან შეძენილ წიგნებზე ხშირად ამომიკითხავს სიყვარულით სავსე სიტყვები. ამაზე ფიქრი სევდას მგვრის ხოლმე, მაგრამ ბოლოს ეს დარდიც მოვიშინაურე. იმდენად დიდი სიამოვნებით ვწერ წიგნის ყდაზე ჩანაწერებს, დროის შემდეგ რა ბედიც არ უნდა ეწიოთ და ვინც არ უნდა წაიკითხოს, შემთხვევითი რომ არ იქნება, ამის მჯერა.

ამიტომ ვაგრძელებ წიგნის ყდებზე დღის ჩანაწერების წერას და ჩემს მოსწავლეებსაც ვარწმუნებ იმაში, რომ ამბები საკუთარი ბავშვობის დღეების შესახებ რაც შეიძლება, ბევრ წიგნის ყდაზე დატოვონ.

 

 

გრამატიკის სწავლება თანამედროვე მიდგომებით –  სიმღერა როგორც  სტრატეგია

0

გრამატიკის სწავლება უცხო ენის შესწავლის ერთ-ერთი ყველაზე რთული და ხშირად ნაკლებად მოტივაციური კომპონენტია. ტრადიციულად, ის მოიაზრებოდა წესების მექანიკურ სწავლად — ფორმებისა და გამონაკლისების დამახსოვრებად. თუმცა თანამედროვე პედაგოგია ხაზს უსვამს იმას, რომ ენა არ ისწავლება წესებით, არამედ მნიშვნელობებით.

სწავლის ფსიქოლოგიისა და ნეიროდიდაქტიკის კვლევები (Immordino-Yang, 2015; Damasio, 2018) აჩვენებს, რომ სწავლა ხდება მხოლოდ მაშინ, როცა ინფორმაცია დაკავშირებულია ემოციასთან, გამოცდილებასთან და სოციალურ კონტექსტთან. ამიტომ გრამატიკის სწავლება უფრო ეფექტიანია, როცა ის ჩაშენებულია რეალურ, ცოცხალ კომუნიკაციურ აქტივობებში — დიალოგებში, ისტორიებში, თამაშებში ან მუსიკაში.

სტატია ეხება  იტალიური ენის გრამატიკის სწავლების თანამედროვე მიდგომებს, რომლებიც ტრადიციული წესების მექანიკურ დამახსოვრებას ცვლის მნიშვნელობით, ემოციითა და კულტურით გაჯერებული სწავლების ფორმატით. ავტორი ამტკიცებს, რომ გრამატიკა ეფექტიანად ისწავლება იმ შემთხვევაში, თუ ის განიხილება არა როგორც ცალკეული სტრუქტურა, არამედ როგორც აზრის გადმოცემის, თვითგამოხატვის და ემოციური კომუნიკაციის საშუალება. სტატიაში განხილულია კომუნიკაციური და კულტურათშორისი მიდგომები, მუსიკისა და სიმღერის გამოყენება როგორც გრამატიკის ინტეგრირებული სწავლების სტრატეგია. წარმოდგენილია პრაქტიკული მაგალითი იტალიური ენის გაკვეთილიდან („Nel blu dipinto di blu”), რომელიც აერთიანებს გრამატიკას, ემოციასა და შემოქმედებით აქტივობას.

 

კომუნიკაციური მეთოდი (Communicative Language Teaching), რომელიც განვითარდა 1970-იან წლებში, ეფუძნება პრინციპს, რომ გრამატიკა უნდა ისწავლებოდეს მნიშვნელობისთვის, არა ფორმისთვის (Richards & Rodgers, 2014). მოსწავლე სწავლობს ფორმებს მაშინ, როცა ისინი აუცილებელია აზრის გადმოსაცემად. ეს მიდგომა ეწინააღმდეგება ტრადიციულ გრამატიკა-თარგმნის მეთოდს და ამყარებს აქცენტს ენის ფუნქციურობაზე.

კონსტრუქტივისტური ხედვით (Piaget, Vygotsky), ცოდნა ყალიბდება მოსწავლის მიერ, როცა ის ქმნის, აზროვნებს  და ადარებს. ენობრივი სტრუქტურები არ „გადაეცემა” მოსწავლეს, არამედ მასზე დაუფლება ხდება პროცესში  მისი აქტიური ჩართულობით სოციალურ და კულტურულ კონტექსტში.

მუსიკა ქმნის გარემოს, სადაც გრამატიკა არ აღიქმება როგორც რთული წესი, არამედ როგორც ენერგიის, რიტმისა და განცდის ნაწილი. კვლევები (Mora, 2013; Milovanov & Tervaniemi, 2011) ადასტურებს, რომ მუსიკა აძლიერებს ენის შესწავლას რამდენიმე მიმართულებით:

სიმღერა ეხმარება მოსწავლეს:

  • ინტონაციისა და გამოთქმის ავტომატიზაციაში
  • ზმნურ ფორმათა კონტექსტში გაგებაში
  • მეხსიერების გააქტიურებაში (რიტმი = მეხსიერების ნაყოფიერება)
  • კულტურული სიმბოლოების აღქმაში
  • მოტივაციისა და ემოციური კავშირის შექმნაში

რიტმულ და მუსიკალურ ელემენტებთან მუშაობა ააქტიურებს ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს, რომელიც დაკავშირებულია ემოციასა და შემოქმედებით აზროვნებასთან. სწორედ ეს ორმხრივი ინტეგრაცია (მარცხენა + მარჯვენა ნახევარსფერო) აჩქარებს ენობრივი სტრუქტურების ავტომატიზაციას და გრძელვადიან დამახსოვრებას (Patel, 2011).

კრაშენის Input Hypothesis და აფექტური ფილტრი

სტივენ კრაშენის თეორიის (Krashen, 1982) მიხედვით, ენის ათვისება ხდება მაშინ, როცა მოსწავლე სწავლობს ენობრივ საკითხს, რომელიც ოდნავ აღემატება მის მიმდინარე უნარებს. მუსიკა ქმნის დაბალი „აფექტური ფილტრის” გარემოს — ამცირებს შფოთვას, ზრდის მოტივაციას და აღმოფხვრის ემოციურ ბარიერებს, რომლებიც ხელს უშლის სწავლას.

 

პრაქტიკული მაგალითი: სიმღერით გრამატიკის სწავლება

თემა: „Nel blu dipinto di blu (Volare)” – Imperfetto-ის გამოყენება

კლასი: VII–VIII
ხანგრძლივობა: 45 წუთი
მიზანი: მოსწავლეებმა ისწავლონ Imperfetto-ს ზმნების გამოყენება ემოციებისა და მოქმედებების აღწერისას კონტექსტში.

I ეტაპი – სიმღერამდე (10 წუთი)

მოტივაცია და წინარე ცოდნის გააქტიურება:

მასწავლებელი სვამს კითხვებს:

  • „Di che colore è il cielo?” (რა ფერია ცა?)
  • „Cosa significa volare?” (რას ნიშნავს ფრენა?)
  • „Quando hai sognato qualcosa di bello?” (როდის ნახე რამე მშვენიერი სიზმარში?)

მოსწავლეები წერენ ასოციაციებს ფერებსა და ემოციებზე დაფაზე ან ფურცლებზე:

  • blu → calma, libertà, cielo
  • rosso → amore, passione
  • volare → sogno, felicità

გრამატიკული კონტექსტი:
მასწავლებელი აცხადებს: „დღეს ვისაუბრებთ წარსულში მომხდარ მოქმედებებზე, რომელიც ხდებოდა წარსულის რომელიღაც მონაკვეთში და მოქმედება არ იყო დასრულებული.ეს არის Imperfetto — დაუსრულებული მოქმედება.”

მაგალითები დაფაზე:

  • Andavo a scuola ogni giorno → დავდიოდი სკოლაში ყოველ დღე.
  • Faceva bel tempo,il sole brillava → კარგი ამინდი იყო,მზე ანათებდა.
  • Tutti erano felici e ridevano→ ყველანი ბედნიერები იყვნენ და იცინოდნენ.

მასწავლებელი ყურადღებას ამახვილებს Imperfetto-ს უღლებაზე.

 

II ეტაპი – პირველი მოსმენა (5 წუთი)

მიზანი: ზოგადი გაგება, ემოციური შთაბეჭდილება

მოსწავლეები უსმენენ სიმღერას „Volare” (Domenico Modugno) და:

  • აღნიშნავენ საკვანძო სიტყვებს: blu, sogno, volare, cielo, mani, faccia
  • წერენ, რა ემოცია გრძნობენ სიმღერის მოსმენისას

განხილვა:

  • „Questa canzone è triste o allegra?” (ეს სიმღერა სევდიანია თუ მხიარულია?)
  • „Quali parole indicano azioni? Quali emozioni?” (რომელი სიტყვები აღნიშნავს მოქმედებას? რომელი — ემოციებს?)

 

III ეტაპი – მეორე მოსმენა (10 წუთი)

მიზანი: გრამატიკული სტრუქტურების იდენტიფიკაცია

მასწავლებელი გასცემს ტექსტს გამოტოვებული ზმნებით Imperfetto-ში:

Penso che un sogno così non ritorni mai più,

Mi _______ le mani e la faccia di _______,

Poi d’improvviso _______ dal vento rapito

E _______ a volare nel cielo infinito.

პასუხები:

  • dipingevo (ვხატავდი)
  • blu (ლურჯი)
  • venivo (მოვდიოდი)
  • cominciavo (ვიწყებდი)

მოსწავლეები ამოწმებენ პასუხებს მეორე მოსმენის შემდეგ.

გრამატიკული ანალიზი: მასწავლებელი საუბრობს:

  • „dipingevo, venivo, cominciavo” — ყველა imperfetto-ს  ფორმებია
  • უღლების დროს არ სჭირდება დამხმარე ზმნები
  • გამოიყენება ადამიანის,საგნების,ბუნების აღწერის დროს;წარსულში ისეთი მოქმედების აღწერისას,რომელიც მეორდებოდა ან ჩვევაში იყო;ორი ან ორზე მეტი ისეთი მოქმედების გამოსახატავად,რომლებიც წარშულში ერთდროულად მიმდინარეობდა.

 

IV ეტაპი – შემოქმედებითი აქტივობა (15 წუთი)

მიზანი: გრამატიკის პერსონალიზაცია და გამოყენება

მოსწავლეები:

  1. წერენ საკუთარ წინადადებას Imperfetto-ში და აღწერენ საკუთარ „ფრენის” სიზმარს:
    • „Nel sogno  volavo sopra la mia scuola.”სიზმარში დავფრინავდი ჩემი სკოლის თავზე.
    • „Nel sogno dipingevo il cielo di azzurro.” სიზმარში ვხატავდი ცას ცისფრად
  2. ხატავენ თავიანთ „ცის ფერს” — აბსტრაქტულ ხატვას, რომელიც გამოხატავს მათ ემოციას
  3. ნამუშევრები გამოიფინება კლასში (გალერეა), სადაც თითოეული მოსწავლე კითხულობს თავის წინადადებას

 

V ეტაპი – რეფლექსია (5 წუთი)

კითხვები:

  • „Cosa avete imparato oggi?” (რა ისწავლეთ დღეს?)
  • „Vi è piaciuto imparare con la musica?” (მოგეწონათ მუსიკით სწავლა?)
  • „Quando usiamo l’imperfetto?” (როდის ვიყენებთ imperfetto-ს?)

 

მასწავლებელთა პრაქტიკული დაკვირვებით (TPDL, Teacher Professional Development Lab, 2024 — 23 მასწავლებლის მონაწილეობით, 6-კვირიანი პროექტი), სიმღერის გამოყენება:

  • ზრდის მოსწავლეთა მონაწილეობას საშუალოდ 37%-ით (შედარებით ტრადიციულ გრამატიკულ გაკვეთილთან)
  • ამცირებს ზმნურ ფორმებში შეცდომებს 20-25%-ით მეორე და მესამე გამოყენებისას
  • ამაღლებს ინტერესს კულტურისა და ენის მიმართ — 82% მოსწავლემ აღნიშნა, რომ სურდა მეტის გაგება სიმღერის კულტურული კონტექსტის შესახებ

გარდა ამისა, მოსწავლეები უკეთ ამჩნევენ გრამატიკულ სტრუქტურებს კონტექსტში და ახდენენ მათ ბუნებრივ გამოყენებას საუბარში. სიმღერა ქმნის ემოციურ „წამყვანს”, რომელიც ეხმარება გრამატიკული ფორმის განმეორებით გახსენებას.

 

რჩევები პრაქტიკული გამოყენებისთვის

როგორ შევარჩიოთ სიმღერა გრამატიკული თემისთვის?

  1. სიმკვეთრე: სიმღერაში უნდა გვხვდებოდეს 5-10 მაგალითი სამიზნე სტრუქტურისა
  2. კულტურული ღირებულება: თუ სიმღერა ცნობილია და მნიშვნელოვანია კულტურისთვის — უკეთესია
  3. ენობრივი დონე: ტექსტი უნდა იყოს გასაგები (70-80%), მაგრამ შეიცავდეს გამოწვევას
  4. რიტმი და მელოდია: ადვილად დასამახსოვრებელი, არა ძალიან სწრაფი
  5. ემოციური ტონი: სასურველია დადებითი ან ნეიტრალური ემოცია

 

ონლაინ პლატფორმები სიმღერების შესარჩევად:

  • Lyrics Training (lyricstraining.com) — ინტერაქტიული სავარჯიშოები
  • YouTube — ოფიციალური ვიდეოები სუბტიტრებით
  • Spotify Playlists — „Learn Italian with Music”, „French Learning Songs”

რეკომენდებული იტალიური სიმღერები გრამატიკის სწავლებისთვის:

სიმღერა და შემსრულებელი დონე გრამატიკული საკითხი როგორ გამოვიყენოთ? კონკრეტული აქტივობა
„Felicità” (Albano & Romina Power) A2 Presente Indicativo, Aggettivi სიმღერა სავსეა მარტივი წინადადებებით აწმყოში. მოსწავლეები ავსებენ ფორმებს: „Felicità è…” და მიუთითებენ ზედსართავს (grande, piccola) დავალება: დაწერე 5 წინადადება „La felicità per me è…” + ზედსართავი. შეიქმნას კოლექტიური პოსტერი
„Azzurro” (Adriano Celentano) A2-B1 Presente, Imperativo, Pronomi diretti სიმღერაში არის ბრძანებითი ფორმები და პირდაპირი ნაცვალსახელები. ვარჯიში: იპოვე imperativo ფორმები და გარდაქმენი infinito-ში თამაში: მოსწავლეები იძლევიან ერთმანეთს ბრძანებებს სიმღერის სიტყვებით („Cerca l’estate!”, „Guarda le stelle!”)
„Caruso” (Lucio Dalla) B1 Passato Prossimo, Imperfetto, Congiuntivo კლასიკური სიმღერა, რომელიც აერთიანებს წარსულს და სურვილის გამოხატვას. იდენტიფიკაცია: მონიშნე წითლით passato prossimo, ლურჯით imperfetto აქტივობა: დაწერე ისტორია „Quando ero piccolo…” იმავე დროთა კომბინაციით
„Ti amo” (Umberto Tozzi) A2-B1 Presente, Pronomi (ti, mi), Riflessivi იდეალური სიმღერა ნაცვალსახელების (ti amo, mi fai…) და ზმნის ფორმების (sento, fai, muoio) შესასწავლად დავალება: ჩაანაცვლე „ti amo” სხვა გრძნობებით და შექმენი პარალელური ტექსტი („ti rispetto”, „ti capisco”)
„Occidentali’s Karma” (Francesco Gabbani) B1-B2 Presente, Gerundio, Lessico contemporaneo თანამედროვე სიმღერა კულტურული რეფერენსებით. ვარჯიში: იპოვე gerundio ფორმები და ახსენი მათი მნიშვნელობა კონტექსტში პროექტი: შექმენი „ჩემი თაობის კარმა” – აღწერე თანამედროვე ცხოვრება იტალიურად იმავე გრამატიკული სტრუქტურებით

 შეფასების კრიტერიუმები:

  1. გაგება: მოსწავლეს შეუძლია იდენტიფიცირება 4-დან 5 ზმნის ფორმის?
  2. გამოყენება: შეუძლია დამოუკიდებელი წინადადების შექმნა?
  3. ჩართულობა: იყო აქტიური აქტივობებში?
  4. ემოციური კავშირი: აჩვენა ინტერესი ან პირადი  კავშირი სიმღერასთან?

 

გრამატიკის სწავლება აღარ უნდა განიხილებოდეს როგორც ფორმალური და მოსაწყენი პროცესი. ის შეიძლება იქცეს შემოქმედებით, ემოციურ და კულტურულ გამოცდილებად, სადაც მოსწავლე სწავლობს ენის სტრუქტურას არამხოლოდ ტვინით, არამედ გულითაც.

სიმღერა — როგორც ტექსტი, რიტმი და ემოცია — ქმნის იდეალურ სივრცეს ამ მიზნის მისაღწევად. ამგვარი მიდგომა არ გამორიცხავს წესების შესწავლას, არამედ მათ აქცევს ცოცხალ და მნიშვნელობით სავსე გამოცდილებად. გრამატიკა ამ გზით აღარ არის მხოლოდ წესი — ის ხდება აზროვნების, გრძნობისა და თვითგამოხატვის იარაღი.

მუსიკა არის ხიდი გრამატიკასა და ცხოვრებას შორის. ის გვახსენებს, რომ ენა არის არა მხოლოდ საკომუნიკაციო კოდი, არამედ ადამიანური გამოცდილების, კულტურისა და იდენტობის ამსახველი. როდესაც მოსწავლე მღერის, ის არა მხოლოდ იმეორებს ფორმებს — ის ცხოვრობს ენაში.

 

ლიტერატურა

  1. Damasio, A. (2018). The Strange Order of Things: Life, Feeling, and the Making of Cultures. Pantheon Books.
  2. Ellis, N. (2006). Cognitive Approaches to Second Language Acquisition. In C. J. Doughty & M. H. Long (Eds.), The Handbook of Second Language Acquisition (pp. 33-68). Blackwell Publishing.
  3. Immordino-Yang, M. H. (2015). Emotions, Learning, and the Brain: Exploring the Educational Implications of Affective Neuroscience. W. W. Norton & Company.
  4. Krashen, S. (1982). Principles and Practice in Second Language Acquisition. Pergamon Press.
  5. Milovanov, R., & Tervaniemi, M. (2011). The interplay between musical and linguistic aptitudes: A review. Frontiers in Psychology, 2, 321.
  6. Mora, C. F. (2013). Making music and learning: An integrated perspective. International Journal of Music Education, 31(2), 195-207.
  7. Patel, A. D. (2011). Why would musical training benefit the neural encoding of speech? The OPERA hypothesis. Frontiers in Psychology, 2, 142.
  8. Richards, J. C., & Rodgers, T. S. (2014). Approaches and Methods in Language Teaching (3rd ed.). Cambridge University Press.
  9. Vygotsky, L. S. (1978). Mind in Society: The Development of Higher Psychological Processes. Harvard University Press.

 

 

როგორ ყალიბდება მკითხველი

0

„არ მომწონს თანამედროვე საბავშვო წიგნები. მე ჯერ პატარა ვარ და არ მინდა, ვიცოდე, როგორ კოცნიან გოგოები ბიჭებს; არ მინდა, ვიცოდე, რას ნიშნავს სექსი. ეს ინფორმაცია ჩემთვის ჯერ ძალიან ადრეა. სამაგიეროდ, შემიძლია გაუჩერებლად ვიკითხო ძველი საბავშვო წიგნები, მაგალითად ასტრიდ ლინდგრენის – პეპი გრძელიწინდა, კარლსონი, მადიკენი… ისეთი წიგნები, რომლებიც ძველი ცხოვრების ამბებს გვიყვებიან. იქ გმირები პატარა სოფლებსა და დაბებში ცხოვრობენ, არ აქვთ თანამედროვე ნივთები, დღესასწაულებს მხიარულად ზეიმობენ”, – გამიზიარა შთაბეჭდილება ერთმა პატარა მკითხველმა.

 

თუ ეს შესავალი უკვე წაიკითხე, ალბათ ჩემსავით იფიქრე, რომ პატარა მკითხველი საკმაოდ კრიტიკულია, თავად აკეთებს არჩევანს წიგნებს შორის, ტექსტს დამოუკიდებლად და თამამად აფასებს, თავად გვკარნახობს, როგორი წიგნები არის მის სამყაროსთან უფრო ახლოს, რა იზიდავს, რის ნახვა სურს ტექსტში… ვფიქრობ, ეს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი უნარია.

 

როგორ ყალიბდება მკითხველი?

 

მკითხველად ჩამოყალიბება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია ბავშვის პიროვნული და ინტელექტუალური განვითარების პროცესში. წიგნიერ გარემოში, სადაც წახალისებულია ბავშვების ურთიერთობა ტექსტებთან, ჯერ ჩნდება წიგნის მიმართ ბავშვის გამოხატული ინტერესი, შემდეგ ინტერესი კითხვის ჩვევაში გადაიზრდება, ბოლოს კი მკითხველი ტექსტის კრიტიკული და დამოუკიდებელი შემფასებელი ხდება.

 

ბავშვი წიგნების სამყაროში გზას ბუნებრივად მიიკვლევს, ის კითხულობს ყველაფერს, რაც ხელში მოხვდება, რასაც უფროსები მიაწოდებენ, რასაც მეგობრები ურჩევენ. მას ჯერ კიდევ არ აქვს კარგად ჩამოყალიბებული ლიტერატურული გემოვნება, არ აქვს გამოკვეთილი საყვარელი ლიტერატურული ჟანრი. მისთვის ყველაზე მთავარი – კითხვის პროცესით ტკბობა და ახალი ამბების აღმოჩენის სიხარულია. სწორედ ასე ეყრება საფუძველი მკითხველის გზას ლიტერატურის სამყაროსკენ.

 

კითხვის პროცესს, კითხვის ჩვევის განმტკიცებას, პირველ რიგში მშობლები და გარემო უწყობენ ხელს, სადაც ბავშვი იზრდება და ვითარდება. ამიტომ, უაღრესად მნიშვნელოვანია, დაინტერესებულ პატარა მკითხველს მივაწოდოთ ისეთი საბავშვო ლიტერატურა, რომელიც შეესაბამება მის ასაკს, ინტერესებსა და გონებრივ შესაძლებლობებს. სწორად შერჩეული წიგნები, არა მარტო კითხვის სურვილს აღვივებს, ასევე ავითარებს ფანტაზიას და ბავშვის ემოციურ გამოცდილებასაც ამდიდრებს.

 

რა არის კითხვის მიზანი?

 

როდესაც ბავშვი წიგნს კითხულობს, მისი მთავარი მიზანია, იმოგზაუროს ამ

სამყაროში, წარმოისახოს წაკითხული, იფანტაზიოროს და ისიამოვნოს ამ პროცესით. პატარა მკითხველი ამ დროს ნამდვილად არ ფიქრობს იმაზე, როგორ გაიმდიდროს ლექსიკური მარაგი, კრიტიკული თვალით წაიკითხოს ტექსტები, წაკითხულიდან შინაარსი გამოიტანოს, დეტალები საგანგებოდ დაიმახსოვროს, შემოქმედებითად განვითარდეს და ა.შ. მისი მთავარი საფიქრალი კითხვის პროცესით ტკბობაა, დანარჩენი კი, რაც ასე ძალიან გვსურს მივიღოთ წიგნებისგან, ძალდაუტანებლად მოდის პატარა მკითხველთან, ილექება მის გონებაში და თანდათან იწყებს გაცოცხლებას ახალი ცოდნის სახით ყოველდღიურ ცხოვრებაში.

 

შემდეგ ეტაპზე, როდესაც პატარა მკითხველი კითხვის გარკვეულ გამოცდილებას იძენს, ის ასევე იწყებს ტექსტის კრიტიკულ კითხვასაც.

 

ეს გულისხმობს:

 

  • კითხვა-პასუხის გზით სიუჟეტის გააზრებას;
  • პერსონაჟების ქცევისა და მოტივაციის შეფასებას;
  • ტექსტში არსებული ღირებულებების გადამოწმებას პირად გამოცდილებასთან და ღირებულებებთან;
  • ავტორის პოზიციის ამოცნობას;
  • საკუთარი პოზიციის დასაბუთებას.

 

ერთერთი საკვანძო კომპეტენცია

 

კრიტიკული აზროვნების განვითარება ერთ-ერთი საკვანძო კომპეტენციაა თანამედროვე სამყაროში, რომელიც ბავშვს/მოზარდს აძლევს იმის საშუალებას, აღარ იყოს მხოლოდ ტექსტის მიმღები, არამედ შეაფასოს, შეადაროს, ჩამოაყალიბოს საკუთარი აზრები და შეხედულებები გაბედულად.

 

ამიტომ მკითხველად ჩამოყალიბება გულისხმობს იმასაც, რომ მომავალში მოზარდმა შეძლოს, სწორად და კონსტრუქციულად ჩამოაყალიბოს საკუთარი სათქმელი და არ დაავიწყდეს სამყაროს კრიტიკული აღქმაც.

 

სკოლა და მასწავლებელი

 

კარგი მკითხველის ჩამოყალიბების პროცესში მასწავლებლის როლი გადამწყვეტია. კარგ პედაგოგს შეუძლია ცოცხალ, შემოქმედებით დიალოგად გადააქციოს წიგნის კითხვის პროცესი, მოსწავლეებთან ერთად კარგად შეისწავლოს ტექსტი, დასვას განმავითარებელი კითხვები, მოაწყოს დისკუსია კლასში, სადაც მოსწავლეები იმსჯელებენ, გაცვლიან აზრებს და მიეჩვევიან განსხვავებული შეხედულებების პატივისცემასაც. ბავშვებთან ერთად ერთობლივი ხმამაღლა კითხვა, პერსონაჟების გახმოვანება როლური თამაშებით, წაკითხულის დაკავშირება რეალურ ცხოვრებასთან, ყოველდღიურ მოვლენებთან – მკითხველად ჩამოყალიბების პროცესის შემადგენელი ელემენტებია.

 

სწრაფად ცვალებად სამყაროში, სადაც ბავშვები მეტ დროს ციფრულ მოწყობილობებთან ატარებენ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ოჯახისა და სკოლის თანამშრომლობა ბავშვის ინტელექტუალური და პიროვნული განვითარების ხელშეწყობისთვის. სწორედ ოჯახში იქმნება პირველი მყუდრო და მშვიდი განწყობა კითხვისთვის, რაც შემდეგ სკოლაში უნდა გაგრძელდეს ცოცხალი დიალოგის სახით – სადაც მოსწავლეს და მასწავლებელსაც ექნებათ საშუალება – ისაუბრონ წიგნებზე, იკამათონ ტექსტებზე და ერთად იკითხონ, რაც იქნება გაგრძელება მომავალი მკითხველის წიგნების სამყაროში მოგზაურობისა.

 

 

 

მეფეთმეფე

0

ჩვენ სეკულარულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, რელიგია და სახელმწიფო ფორმალურად ერთმანეთისგან გამიჯნულია. მოსწავლეთა მულტიეთნიკური და მრავალრელიგიური საზოგადოებაც დაცულია რომელიმე ერთი კონფესიის პროზელიტიზმისგან, რაც დიდ მიღწევად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

მსოფლიო რელიგიათა ძირითადი ცნებებისა და მთავარი მახასიათებლების შესახებ ბავშვებმა ცოდნა სკოლის მიღმა უნდა შეიძინონ. ბევრი ამგვარი განათლების მიღებას ვერ ახერხებს და დამამთავრებელ კლასებში ლიტერატურის, ისტორიისა და ხელოვნების გაკვეთილებზე მრავალ გაუგებრობას აწყდება. მასწავლებლის ძალისხმევაც აღარ არის საკმარისი მრავალი წლის წინ გაჩენილი და გაღრმავებული ნაპრალის ამოსავსებად.

ასეთ დროს მოუცლელ მშობლებს შეიძლება კლასიკური ინგლისური პროზისა და თანამედროვე კინემატოგრაფის ტანდემი დაეხმაროს.

მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში მსოფლიო და ბრიტანული ლიტერატურის კლასიკოსმა, გენიალურმა ჩარლზ დიკენსმა ერთი უჩვეულო და გამორჩეული წიგნი დაწერა, რომელიც ამ სიტყვებით იწყება:

„ჩემო საყვარელო შვილებო, ძალიან მინდა, რომ ბევრი იცოდეთ იესო ქრისტეს თავგადასავლის შესახებ. მისი ამბავი ყველამ უნდა მოისმინოს, რადგან დედამიწაზე არსად არასდროს არავის უცხოვრია მასზე კეთილს, გულთბილს, ნაზსა და თანაგრძნობით სავსეს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც არასწორად ცხოვრობდნენ, ავადმყოფობდნენ ან უბედურნი იყვნენ“.

დიკენსს მარტივი განზრახვა ჰქონდა. მას სურდა, შეექმნა ნაწარმოები, რომელსაც მისი შვილები წინასაშობაოდ სიამოვნებით გადაშლიდნენ და მარტივ, მათთვის გასაგებ ენაზე წაიკითხავდნენ ახალი აღთქმის ისტორიებს. დიდი ინგლისელის ამოცანა იყო, რომ კითხვის დროს ბავშვებში სილაღე, ცნობისმოყვარეობა, გაოცების უნარი წაეხალისებინა და ეხსნა ისინი რიგორისტული მიდგომისგან, რომელიც რელიგიურ საკითხებზე მსჯელობის დროს სიმკაცრესა და მეწვრილმანეობას აძლევს ბიძგს. „დევიდ კოპერფილდის“ ავტორი სადღესასწაულოდ დაწერილი წიგნით თავის შვილებს უხსნიდა, რომ ყველაზე ძლევამოსილი მეფე მხოლოდ სიკეთით ცდილობდა გზის გაკაფვას და არაფერში სჭირდებოდა მახვილი.

დიკენსს იესოზე დაწერილი საბავშვო წიგნი სიცოცხლეში არ გამოუქვეყნებია. მისი შთამომავლებიც კიდევ დიდხანს ინახავდნენ საყვარელ ხელნაწერს სასტუმრო ოთახის თაროზე. თუმცა, მრავალი ათეული წლის შემდეგ მხოლოდ ერთი ოჯახისთვის დაწერილმა მცირე რომანმა მაინც იხილა დღის სინათლე და მალევე მოიპოვა დამსახურებული ადგილი მრავალკონფესიური ინგლისის თითქმის ყველა ბინაში.

თუმცა, გამოხდა ხანი და ჩარლზ დიკენსის „ჩვენი უფლის ცხოვრება“ კვლავ დავიწყებას მიეცა, ველური კაპიტალიზმის ეპოქაში უხილავ სამყაროზე მსჯელობის დრო არავის რჩება.

წიგნს მტვერი გადაწმინდა კორეელმა რეჟისორმა – ჩან სონ-ჰომ. აზიელმა ქრისტიანმა იფიქრა, რომ XXI საუკუნეს არ აწყენდა იესო ქრისტეს ცხოვრების თაობაზე შექმნილი მაღალხარისხიანი, თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული ანიმაციური ფილმი.

მან ახალი აღთქმის სამყაროში ჩალზ დიკენსის, მისი ვაჟის – უოლტერისა და დიკენსების კატის – „უილას“ მოგზაურობა ფურცლიდან ტელეეკრანზე გადმოიტანა და ნამუშევარს „მეფეთმეფე“ უწოდა. კორეელი ხელოვანის დამსახურებით იესო ქრისტე ოსკარ ისააკის ხმით ამეტყველდა, ღვთისმშობელი უმა ტურმანმა გაახმოვანა, პილატე პონტოელის მესიტყვედ კი პირს ბროსნანი იქცა. ჩან სონ-ჰომ გუნდში ნამდვილი ვარსკვლავები შეკრიბა.

კორეელი პატიოსნად მიჰყვება დიკენსის ტექსტს, ნიუანსების დონეზე გადმოგვცემს ინგლისელის იუმორის დეტალებს, შესანიშნავად აღწერს პატარა ბავშვის ემოციებს. რაც მთავარია, ფილმში დახვეწილად, თვალში საცემი სიზუსტით არის გაცოცხლებული იესო ქრისტეს ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდი, სასწაულები, დიალოგები ახალი აღთქმის პერსონაჟებს შორის.

ერთი სიტყვით, „მეფეთმეფე“ შესანიშნავ კლასგარეშე სასწავლო მასალად შეიძლება იქცეს ნებისმიერი კონფესიის მოსწავლისთვის, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე მეტად გავრცელებული რელიგიის საფუძვლების, მისი ელემენტარული პრინციპების შესწავლა სურს.

„სასწავლო დუელის“, რეპროდუქციისა და ცოდნის ტრანსფერის ურთიერთმიმართება

0

თამაშის ტექნოლოგია, რეპროდუქცია და ცოდნის ტრანსფერი ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ცნებები და ერთი მთლიანი სასწავლო პროცესის შემადგენელი ნაწილებია. უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ ამ პროცესში თამაში და რეპროდუქცირება ცოდნის ტრანსფერის აუცილებელი წინაპირობაა:

  • თამაშისას იქმნება აქტიური, ემოციური, მამოტივირებელი გარემო, სადაც მოსწავლეების სააზროვნო უნარები აქტიურდება;
  • რეპროდუცირებისას (უკვე მიღებული ცოდნისა და ქმედებების განმეორებითი რეპროდუქცია შედეგის მისაღებად) მოსწავლე ზუსტად აღადგენს ნასწავლ ფაქტებს და პასუხობს კითხვებზე: ვინ? სად? როდის? როგორ? და ა.შ.
  • კარგად დამახსოვრებული და სტრუქტურირებული ინფორმაცია კი ადვილად ტრანსფორმირდება ახალ ცოდნად.

პრაქტიკული მაგალითი VII კლასის ისტორიის საგნობრივი კურსიდან:

თემა – „ბრინჯაოს ხანა და ძველი აღმოსავლეთი“. მასწავლებელი ირჩევს სათამაშო ტექნოლოგიას „სასწავლო დუელი“ და თემასთან დაკავშირებით ადგენს შეკითხვებს, მოსწავლეებმა კი სწრაფად (განსაზღვრულ დროში) და სწორად უნდა უპასუხონ:

  1. რა ტექნოლოგიურმა მიღწევამ განაპირობა ბრინჯაოს ხანის დასაწყისი?
  2. როგორ შეცვალა ლითონის დამუშავებამ ადამიანთა შრომა და წარმოება?
  3. რატომ გაჩნდა ქონებრივი უთანასწორობა პირველყოფილ თემებში?
  4. რა ფუნქცია ჰქონდა ყორღნებს და რას გამოხატავდნენ ისინი?
  5. რატომ წარმოიშვა პირველი სახელმწიფოები მდინარეთა ხეობებში?
  6. რა ნიშნით იყო აუცილებელი კანონების არსებობა ძველ სახელმწიფოებში?
  7. რა კავშირები ჰქონდა დიაოხს მეზობელ აღმოსავლურ ქვეყნებთან?
  8. რა ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები ჰქონდა კოლხას სხვა რეგიონებთან?
  9. რატომ მოიხსენებენ აქემენიანთა სპარსეთს როგორც პირველ სახმელეთო იმპერიას?
  10. რა გზით აღმოჩნდნენ ქართველური ტომები აქემენიანთა სპარსეთის შემადგენლობაში?
  11. რატომ არის მნიშვნელოვანი ძველი აღმოსავლეთის შესწავლა თანამედროვე ისტორიული ცნობიერებისთვის? და ა.შ.

მოცემული შეკითხვებით მასწავლებელი ქმნის ცოდნის რეპროდუქცირებისა და ტრანსფერის შესაძლებლობას. კერძოდ, კითხვაზე:

  • „რა ტექნოლოგიურმა მიღწევამ განაპირობა ბრინჯაოს ხანის დასაწყისი?“ – მოსწავლე პირდაპირ იხსენებს და იყენებს ნასწავლ ფაქტს (ლითონის დამუშავება);
  • „რა ნიშნით იყო აუცილებელი კანონების არსებობა ძველ სახელმწიფოებში?“ (პასუხი საჭიროებს ზუსტი განმარტების გახსენებას და ესეც რეპროდუცირებაა) და ა.შ.,
  • „რატომ არის მნიშვნელოვანი ძველი აღმოსავლეთის შესწავლა თანამედროვეობისათვის, თანამედროვე ისტორიკოსებისათვის ან თუნდაც ისტორიული ცნობიერების ჩამოყალიბებისათვის?“ (კითხვაზე პასუხის ძიებისას მოსწავლე ნასწავლ მასალას გამოიყენებს ახალ სიტუაციაში: ფაქტებს დააკავშირებს თანამედროვეობასთან და საკუთარ გამოცდილებასთან, რაც ტრანსფერული ცოდნა და უნარებია);
  • „რატომ მოიხსენებენ აქემენიანთა სპარსეთს როგორც პირველ სახმელეთო იმპერიას?“ (მსგავსი კითხვის პასუხი მოითხოვს ცოდნის გადატანას უფრო ფართო ისტორიულ კონტექსტში და მიზეზ–შედეგობრივი ანალიზის გამოყენებას, რაც ხელს უწყობს ტრანსფერული ცოდნის ფორმირებას).

 

დავალების შესრულების პროცესში სწრაფი პასუხის საჭიროება აიძულებს მოსწავლეს, იმუშაოს არა მხოლოდ მეხსიერებაზე, არამედ ოპერატიულ ანალიზზე, რაც არის ტრანსფერის რეალური აქტივაცია.

 

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, კითხვებზე პასუხის გაცემის პროცესში, ცოდნის ტრანსფერი გამოვლინდა რამდენიმე დონეზე:

  • ფაქტობრივი ცოდნის ადატანა: მოსწავლემ არა მხოლოდ გაიხსენა ლითონის დამუშავების ტექნოლოგია, არამედ ეს ცოდნა დააკავშირა სხვა ეპოქების ტექნოლოგიურ რევოლუციებთან (მაგ., ნეოლითური რევოლუცია);
  • მიზეზშედეგობრივი კავშირების მოძიება: ბრინჯაოს ხანაში რესურსების არათანაბარი განაწილების გააზრებით მოსწავლემ აღმოაჩინა, როგორ იბადება სოციალური დიფერენციაცია ადამიანებს შორის;
  • ღირებულებითი ტრანსფერი: თრიალეთის ყორღნების შესწავლის მაგალითზე მოსწავლემ გაიაზრა, როგორ იყენებს საზოგადოება სიმბოლოებს სოციალური იერარქიის გამოსახატავად, და ამ იდეას ადარებს თანამედროვე პრაქტიკას (მაგალითად, მემორიალები, ეროვნული სიმბოლიკები).
  • პრაქტიკული ტრანსფერი: ბრინჯაოს ხანის სახელმწიფოებრივი მართვის პრინციპები (სარწყავი სისტემების მართვა, სამართლის შექმნა და ა.შ.) დაეხმარა მოსწავლეს თანამედროვე სახელმწიფო მმართველობასთან პარალელების გავლებაში და ცნება „სახელმწიფოს“ უკეთესად გააზრებაში.

 

სქემა – ტრანსფერის სხვადასხვა საფეხური თემაზე „ბრინჯაოს ხანა და ძველი აღმოსავლეთი“

 

კითხვა პროცესი ტრანსფერის მაგალითი
„რა ტექნოლოგიურმა მიღწევამ განაპირობა ბრინჯაოს ხანის დასაწყისი?“ რეპროდუცირება ტექნოლოგიური ინოვაციის გამოყენება სხვა ეპოქების გაანალიზებისას (მაგალითად, თანამედროვე ტექნოლოგიური რევოლუციები).
„რატომ გაჩნდა ქონებრივი უთანასწორობა პირველყოფილ თემებში?“ რეპროდუცირება + მიზეზ–შედეგობრივი ანალიზი სოციალური უთანასწორობის მოდელის შექმნა სხვა საზოგადოებებზე (თანამედროვე სოციალური სტრუქტურების გააზრება).
„რატომ იყო აუცილებელი კანონების არსებობა ძველ სახელმწიფოებში?“ რეპროდუცირება პარალელები თანამედროვე სამართლებრივ სისტემებთან, კანონის სოციალური ფუნქციის გაცნობიერება.
„რატომ არის მნიშვნელოვანი ძველი აღმოსავლეთის შესწავლა თანამედროვე ისტორიული საზოგადოებისათვის?“ მაღალი დონის ტრანსფერი ისტორიული გამოცდილების გადატანა პირად და საზოგადოებრივ ცნობიერებაზე.

 

აღსანიშნავია, რომ რეპოდუცირება და ტრანსფერი თავად სათამაშო ტექნოლოგიის დინამიკასთან მჭიდრო კავშირშია:

  • თამაშის პროცესში (რომელიც კითხვა-პასუხის სხვადასხვა რეჟიმით შეიძლება იყოს წარმოდგენილი, როგორიცაა – ვიქტორინა, კროსვორდი და სხვ.), მოსწავლეები ჯერ იხსენებენ ფაქტობრივ ცოდნას (რეპროდუქცია), შემდეგ ამ ცოდნას გადაიტანენ ფართო კონტექსტში, ისეთ სიტუაციაში, რომელიც უშუალოდ არ ემთხვევა სწავლების საწყის პირობებს, იაზრებენ მნიშვნელობას, ადგენენ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს და ქმნიან ახალ ინტერპრეტაციებს (ცოდნის ტრანსფერი);
  • მოსწავლეს, ფაქტობრივად, სწრაფი პასუხის საჭიროება აიძულებს, იმუშაოს არა მხოლოდ მეხსიერებაზე, არამედ ანალიზზე და ტრანსფერული ცოდნის ჩამოყალიბებაზე.

თამაშის ტექნოლოგია „სასწავლო დუელი“ ერთგვარი დამაკავშირებელი მექანიზმი აღმოჩნდა, რომელმაც გააერთიანა რეპროდუქცირება და ტრანსფერი (კითხვებზე სწრაფი პასუხის მეშვეობით მოსწავლემ ჯერ გაიხსენა ფაქტები, გამოიყენა ცოდნა, შემდეგ კი ამ ცოდნის საფუძველზე ახალი კავშირები დაამყარა). თამაშის ტექნოლოგიის სტრუქტურამ გააძლიერა მათი ურთიერთკავშირი და სასწავლო პროცესი ხარისხობრივად ახალ ეტაპზე აიყვანა.

„სასწავლო დუელის“, როგორც რეპროდუქციული ხასიათის ინტერაქციული დავალების გამოყენება განსაკუთრებით ეფექტურია ახალი მასალის გამყარების ეტაპზე, თემის შემაჯამებელ გაკვეთილზე და სასწავლო პროცესის სწრაფი შეფასებისას. მასწავლებელს შეუძლია მასზე დაყრდნობით შექმნას ინოვაციური სასწავლო გარემო და მიაღწიოს მაღალ აკადემიურ შედეგს.

დედაქალაქები ცვლილებების ეპოქაში

0

გეოგრაფიის ტრადიციული სწავლება დიდწილად გეოგრაფიული ობიექტების მდებარეობისა და რუკაზე მათი ჩვენების მექანიკურ დამახსოვრებას გულისხმობდა. განსაკუთრებული აქცენტი დედაქალაქების სახელების ცოდნაზე კეთდებოდა. ნომენკლატურისა და სტატისტიკური მონაცემების დაზეპირება გეოგრაფიული განათლების საბაზისო კომპონენტად მიიჩნეოდა. მსგავსი პრაქტიკა ჯერ კიდევ გამოიყენება, თუმცა თანამედროვე საგანმანათლებლო პარადიგმა უფრო კომპლექსურ და ანალიტიკურ მიდგომას მოითხოვს. ამ კონტექსტში დედაქალაქები აღიქმება არა როგორც სტატიკური სახელები რუკაზე, არამედ როგორც სივრცითი, პოლიტიკური და კულტურული ფენომენები, რომელთა შესწავლაც აუცილებელია გლობალური პროცესების გასაგებად.

თანამედროვე გეოგრაფიაში დედაქალაქები განიხილება, როგორც მრავალფუნქციური ქალაქები, რომლებიც ასახავენ ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ მოწყობას, ისტორიასა და გეოპოლიტიკურ პრიორიტეტებს. მათი მდებარეობა, სიდიდე, მოწყობა და სიმბოლური მნიშვნელობა დამოკიდებულია როგორც ბუნებრივ, ისე ანთროპოგენურ ფაქტორებზე. მაგრამ რატომ არის ზოგი დედაქალაქი გლობალური მეტროპოლია, ხოლო ზოგი მხოლოდ მცირე ადმინისტრაციული ცენტრი? რა პირობები განსაზღვრავს დედაქალაქის სტატუსს და რა პროცესები იწვევს მისი მდებარეობის ან ფუნქციის ცვლილებას?

ამ სტატიაში დედაქალაქებს განვიხილავთ როგორც ქალაქებს, რომლებსაც საკუთარი სახე, ისტორია და მნიშვნელობა აქვთ. ზოგიერთ დედაქალაქში მილიონობით ადამიანი ცხოვრობს და ისინი გლობალური მეტროპოლიებია, ზოგი კი პატარა ადმინისტრაციული ცენტრია, რომელიც მხოლოდ ქვეყნის მართვას ემსახურება. მათი შედარება დაგვეხმარება გავიგოთ, რა განაპირობებს დედაქალაქის სახეს და რა როლს ასრულებს ის ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში.

მსოფლიოში ბევრი დედაქალაქი ეწინააღმდეგება სტერეოტიპულ წარმოდგენას მეგაპოლისის შესახებ და ვითარდება სრულიად განსხვავებულ სივრცულ, სოციალურ და ადმინისტრაციულ კონტექსტში. ყველაზე თვალში საცემი მაგალითები პატარა დედაქალაქებია, რომლებიც ძირითადად მიკროსახელმწიფოებსა და კუნძულოვან ქვეყნებში მდებარეობენ. ასეთი პატარა დედაქალაქები აჩენს მნიშვნელოვან კითხვებს ქალაქის დაგეგმარების, ადმინისტრაციული ფუნქციებისა და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური სტრუქტურის შესახებ, რაც საშუალებას აძლევს გეოგრაფებს გააანალიზონ, როგორ იქმნება და როგორ ვითარდება ურბანული ცენტრები სხვადასხვა პირობებში.

დედაქალაქების სივრცითი და დემოგრაფიული მრავალფეროვნება განსაკუთრებით თვალსაჩინოა მაშინ, როცა მათ აბსოლუტურ და ფარდობით მაჩვენებლებს ვადარებთ.

მსოფლიოში ყველაზე პატარა დედაქალაქი ვატიკანია – სუვერენული ქალაქ-სახელმწიფო, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 1000 ადამიანს შეადგენს. მათი უმრავლესობა კათოლიკური ეკლესიის წევრი ან ეკლესიის სტრუქტურაში დასაქმებული პირების ოჯახის წევრები არიან. მოქალაქეობა დროებითია და იწურება სამსახურებრივი მოვალეობის დამთავრებისთანავე. ვატიკანის უნიკალურობა ის გახლავთ, რომ მისი მოსახლეობის 100% თავად დედაქალაქში – ვატიკანში – ცხოვრობს.

მცირე ზომის დედაქალაქებს შორის გამოირჩევა ვადუცი (ლიხტენშტაინი) – მშვიდი ქალაქი დაახლოებით 5000 მცხოვრებით, და ფუნაფუტი (ტუვალუ), სადაც 7000-მდე ადამიანი ცხოვრობს ვიწრო, პალმებით დაფარულ ატოლზე, რომლის სიგანე ზოგ ადგილას 200 მეტრსაც არ აღემატება.

თანამედროვე გეოგრაფიულ რეალობაში მრავლად გვხვდება დედაქალაქები, რომლებიც არ წარმოადგენენ ისტორიულ ცენტრებს – ისინი მიზანმიმართულად აშენდა, როგორც ახალი მმართველი ცენტრები. შედარებითი მაჩვენებლებით პირველ ათეულში შესულ დედაქალაქთაგან ექვსი სწორედ ასეთი დაგეგმილი ქალაქია. მათ შორისაა დოდომა – ცენტრალურ ტანზანიაში მდებარე მოკრძალებული ადმინისტრაციული ცენტრი და ისლამაბადი – პაკისტანის პრესტიჟული დედაქალაქი, რომელიც ბერძენმა არქიტექტორმა კონსტანტინოს აპოსტოლუ დოქსიადისმა შექმნა. მიუხედავად სპეციალურად დაგეგმილი მშენებლობისა, ორივე დედაქალაქში ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 0.5%-ზე ნაკლები ცხოვრობს.

დედაქალაქის გადატანის მთავარი მიზეზებია: ნაკლებად განვითარებული შიდა რეგიონების გაძლიერება, ახალი „იდეალური ქალაქის“ აგება და, ზოგჯერ, ქალაქებს შორის კონკურენციის თავიდან აცილება. ამის მაგალითებია ავსტრალიის კანბერა და აშშ-ის ვაშინგტონი. ბოლო წლებში დედაქალაქის გადატანის მიზეზად კლიმატის ცვლილებაც იქცა: მაგალითად, ინდონეზია ახალ დედაქალაქ ნუსანტარას აშენებს, რადგან ჯაკარტას წყალდიდობა ემუქრება. კლიმატის ცვლილებითა და ზღვის დონის მატებით გამოწვეული საფრთხეების გამო, პალაუს დედაქალაქი კორორიდან ნგერულმუდში გადაიტანეს. ახალი დედაქალაქი უფრო დაცულია ზღვის დონის მატებისა და ქარიშხლებისგან.

ეგვიპტემ ახალი ადმინისტრაციული დედაქალაქის შენება კაიროს გადატვირთულობისა და გარემოს პრობლემების გამო დაიწყო. მსგავს შემთხვევას წარმოადგენს მიანმარიც, რომელმაც დედაქალაქი იანგონიდან ნაიფიიდოში 2005 წელს გადაიტანა, ქვეყნის შიდა რეგიონის განვითარების მიზნით.

მიზნობრივად დაგეგმილი დედაქალაქები გვიჩვენებენ, როგორ შეიძლება ურბანული სივრცე იქცეს არა მხოლოდ ადმინისტრაციულ ცენტრად, არამედ ქვეყნის პოლიტიკის, ეკონომიკისა და კულტურის სტრატეგიულ ინსტრუმენტად. ისინი ასახავენ ეროვნულ ხედვას, ღირებულებებსა და გლობალურ გამოწვევებზე რეაგირების უნარს.

დედაქალაქის გადატანა არ არის მხოლოდ ურბანული გადაწყვეტილება – ეს არის კომპლექსური სტრატეგია, რომელიც ქვეყნის მომავალს განსაზღვრავს და ხშირად იქცევა ეროვნული იდენტობის სიმბოლოდ.

მსოფლიოს ყველაზე პატარა დედაქალაქების მოსახლეობა და მათი ხვედრითი წილი ქვეყნის მთლიან მოსახლეობაში

დედაქალაქები ხშირად მოსახლეობის კონცენტრაციის ცენტრებია, სადაც ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილი ცხოვრობს. მაგალითად, რეიკიავიკში თავმოყრილია ისლანდიის მოსახლეობის 64%, მონტევიდეოში – ურუგვაის დაახლოებით 50%, ულან-ბატორში – მონღოლეთის 48%, ხოლო ასუნსიონში – პარაგვაის 46%. თუმცა არსებობს გამონაკლისებიც: მიკრონეზიის ფედერაციული შტატების დედაქალაქ პალიკირში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 6.2%-ს შეადგენს, რაც ბუნებრივია, რადგან ქვეყნის დაახლოებით 113 000 მცხოვრები 65 დასახლებულ კუნძულზეა განაწილებული. განსაკუთრებულ შემთხვევას წარმოადგენს გიგანტური დედაქალაქები, როგორებიცაა – ბეიჯინგი და ნიუ-დელი, სადაც 20 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, თუმცა მათი ხვედრითი წილი ქვეყნის მთლიან მოსახლეობაში მცირეა – მაგალითად, ბეიჯინგში ჩინეთის მხოლოდ 1.4%-ს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ გაეროს მონაცემებში არ შედის არასუვერენული ერთეულები, მრავალდედაქალაქიანი ქვეყნები და დე ფაქტო დედაქალაქები, რაც კვლევის ფარგლებს მკაფიოდ განსაზღვრავს.

დედაქალაქების განსხვავებულობა მხოლოდ დემოგრაფიული და ისტორიული პარამეტრებით არ შემოიფარგლება – მათ შორის არსებითი განსხვავებაა გარემოსდაცვით საკითხებშიც, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენს მოსახლეობის ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხზე. თუ ზოგიერთი მცირე ზომის დედაქალაქებში, როგორებიცაა – ვადუცი (ლიხტენშტაინი) ან ფუნაფუტი (ტუვალუ), სუფთა ჰაერი და ეკოლოგიური წონასწორობაა, მსხვილი მეტროპოლიები ხშირად სერიოზული გარემოსდაცვითი გამოწვევების წინაშე დგანან.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინდიკატორი, რომელიც ურბანულ გარემოში ცხოვრების დონეს განსაზღვრავს, ჰაერის დაბინძურების ხარისხია. განსაკუთრებით მჭიდროდ დასახლებულ დედაქალაქებში ჰაერის დაბინძურება პირდაპირ კავშირშია რესპირატორულ დაავადებებთან, სიცოცხლის ხანგრძლივობასთან და ზოგად კეთილდღეობასთან.

შვეიცარიული კომპანიის IQAir-ის 2024 წლის მსოფლიო ჰაერის ხარისხის ანგარიში, 138 დედაქალაქის მონაცემებზე დაფუძნებული, ცხადად აჩვენებს ჰაერის დაბინძურების გლობალურ განსხვავებებს. ანგარიშის თანახმად, ყველაზე დაბინძურებულია ნჯამენა (ჩადი), სადაც PM2.5 ნაწილაკების წლიური საშუალო კონცენტრაცია 90 მკგ/მ³-ს აღემატება, ოდნავ წინ უსწრებს ნიუ-დელის (ინდოეთი). ეს მაჩვენებელი ჯანმოს რეკომენდებულ ზღვარს 18-ჯერ აჭარბებს. მესამე ადგილზეა დაკა (ბანგლადეში, 78 მკგ/მ³), შემდეგ მოდიან კინშასა (კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, 58.2 მკგ/მ³) და ისლამაბადი (პაკისტანი, 52.4 მკგ/მ³). ანგარიში ეფუძნება 8 954 ქალაქის მონაცემებს.

მსოფლიოს ყველაზე დაბინძურებული დედაქალაქები

დედაქალაქების მრავალფეროვნება აჩვენებს, რომ მმართველი ცენტრები არაერთგვაროვანია როგორც ფორმით, ისე შინაარსით. ამ განსხვავებების ფონზე, ჰაერის ხარისხი ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. გარემოსდაცვითი პრობლემები, განსაკუთრებით PM2.5-ის მაღალი კონცენტრაცია, პირდაპირ გავლენას ახდენს მოსახლეობის ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხზე.

დედაქალაქები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნის იდენტობისა და განვითარების ჩამოყალიბებაში. ისინი არა მხოლოდ პოლიტიკური და ადმინისტრაციული ცენტრებია, არამედ კულტურული, ეკონომიკური და საგანმანათლებლო ცხოვრების მთავარი კერებიც. აქ კონცენტრირებულია სახელმწიფო ინსტიტუტები, საერთაშორისო წარმომადგენლობები, ისტორიული მემკვიდრეობა და თანამედროვე ინფრასტრუქტურა, რაც მათ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ქვეყნის შიგნითა და გლობალურ ასპარეზზე.

დედაქალაქები მრავალგანზომილებიანი ფენომენებია, რომელთა მრავალფეროვანი ხასიათი და გარემოსდაცვითი გამოწვევები ხაზს უსვამს თანამედროვე ურბანული დაგეგმარების აუცილებლობას, რომელიც ხელს შეუწყობს მდგრადობასა და მოსახლეობის კეთილდღეობას. შესაბამისად, საჭიროა ანალიტიკური ხედვა -დედაქალაქების გააზრება როგორც კომპლექსურ სივრცით, სოციალურ და პოლიტიკურ ფენომენებად. მხოლოდ ამ გზით შეიძლება გეოგრაფიის სწავლება იქცეს კრიტიკული აზროვნებისა და გლობალური პროცესების გააზრების ინსტრუმენტად.

გამოყენებული ინტერნეტგვერდები:

https://www.statista.com/chart/33405/national-capitals-with-the-highest-average-annual-pm25-concentration/; https://www.statista.com/chart/31399/most-air-polluted-cities-in-the-eu/ ; https://www.statista.com/chart/25114/smallest-capitals-in-the-world/

 

დიტერ ველერსჰოფის იმედგაცრუების წიგნი

0

,,სამოთხე არ არის სამყოფელი’’ ამბავია ადამიანად ყოფნის გარდაუვლობაზე. სწორედ იმაზე, რომ ჩვენ მისჯილი გვაქვს დედამიწა, მაგრამ ამ სასჯელში ტრაგიკული არაფერია და თუ არის – მაინც უფრო საინტერესოა, ვიდრე ერთფეროვანი დღეებით სავსე მარადიული კალენდარი

წიგნი მოგვითხრობს კაცზე, რომელიც საკუთარი ცხოვრების რადიკალურ გადახედვას იწყებს. ის ცდილობს გაექცეს რეალურ სამყაროს და ეძებს „სამოთხეს“—მდგომარეობას, სადაც შეძლებს სრულყოფილებას, თავისუფლებას ან სიმშვიდეს, თუმცა საბოლოოდ ხვდება, რომ ასეთი ადგილი არ არსებობს.

ველერსჰოფი ამ რომანშიც, როგორც  სხვა ნაწარმოებებში, იყენებს ექსპერიმენტულ თხრობას ფსიქოანალიტიკური ცოდნის დემონსტრაციით.

ტექსტი რთული, მრავალშრიანი ფსიქოლოგიური რომანია, რომელიც ადამიანის შინაგან სამყაროს, იდენტობის კრიზისს, რეალობის აღქმას და ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილებებს განიხილავს. წიგნი შეეხება არა მხოლოდ პერსონაჟის პირად ძიებას, არამედ ზოგად ფილოსოფიურ და ფსიქოლოგიურ თემებს, რომლებიც თანამედროვე საზოგადოების პრობლემებს უკავშირდება.

მთავარი გმირი  ეგზისტენციალური კრიზისითაა მოცული —ის ცდილობს გაერკვეს, ვინ არის სინამდვილეში და როგორი უნდა იყოს მისი ცხოვრება. მას არ აკმაყოფილებს არსებული რეალობა და ცდილობს ალტერნატიული „სამოთხის“ პოვნას, თუმცა აღმოაჩენს, რომ ეს იდეა ილუზორულია. ველერსჰოფი ხშირად იყენებს პერსონაჟის სუბიექტურ განცდებსა და ცნობიერების ნაკადის ტექნიკას. წიგნში მკითხველი ხედავს, როგორ იშლება რეალობისა და წარმოსახვის ზღვარი, როგორ იცვლება გმირის აღქმა გარემოს მიმართ და როგორ მოქმედებს ეს მის ფსიქიკაზე.

ავტორი ჭვრეტს, თუ როგორ ართმევს თანამედროვე საზოგადოება ადამიანს იდენტობას, როგორ ძალადობს მასზე კონფორმიზმითა და სტანდარტიზებული ღირებულებებით. გმირი ცდილობს ამ ჩარჩოებს გასცდეს, თუმცა ამაოდ.

 

წიგნი სვამს მარადიულ კითხვას— რა არის სიცოცხლის მიზანი და როგორ შეგვიძლია მისი გააზრება იმ სამყაროში, სადაც „სამოთხე არ არის სამყოფელი“? გმირის ფიქრები ხშირად სიკვდილს და არსებობის აზრს მიმემართება, რაც  კიდევ უფრო ღრმად ძირავს შინაგან ქაოსში.

მიწიერი ცხოვრება ვერასდროს იქნება სამოთხის მაგვარი, ყოფა  რთული და წინააღმდეგობებით სავსეა, ხოლო გაქცევა მასთან შეჯახებას ვერ აგარიდებს – ის ყველგანაა, სადაც ჩვენ ვართ, სადაც ვმყოფობთ, სადაც ადამიანი გვქვია.

თუმცა ტექსტის ფინალი ისეთია, რომ მაინც სხვა ფიქრს გიჩენს  და ეს ფიქრი გკარნახობს, რომ მიუხედავად მთელი სიმკაცრისა, რასაც რეალობა გვთავაზობს, შეიძლება ბუნების ერთ რიგით აღწერაში – დედამიწაც დაინახო და სამოთხე. ან ასე – სამოთხე დედამიწაზე: ,, მშვენიერი შემოდგომის დღე იდგა. ფოთლები უკვე შეფერილიყვნენ,  ზოგიერთი ტოტებს წყდებოდა და ნავივით მიტივტივებდა მიწისკენ. გზის მარცხნივ და მარჯვნივ საძოვრები ცარიელი იყო, ბალახი კი უკვე  გახუნებული. რამდენიმე წამით შეჩერდნენ, რათა ირგვლივ მიმოეხედათ, მერე კი უსიტყვოდ განაგრძეს გზა. ცა ლურჯად კამკამებდა.’’

აქ გახუნებული ბალახი დედამიწაა, ლურჯი ცა კი – სამოთხე. მთავარია ხან მაღლა ახედვა ვისწავლოთ და მოვახერხოთ. სხვა – არაფერი.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...