პარასკევი, მაისი 16, 2025
16 მაისი, პარასკევი, 2025

მშობლის როლი ბავშვთა კონფლიქტების მოგვარებაში

0

ალბათ ყველა შევსწრებივართ სიტუაციას, როცა რაიმე მიზეზით ერთმანეთთან წაკინკლავებული ბავშვების ურთიერთობაში ჩარეული მშობლები თავგამოდებით იცავენ საკუთარ შვილს, ადანაშაულებენ მასთან კონფლიქტში მყოფ ბავშვს და საყვედურობენ მის დედას შვილის ცუდად აღზრდის გამო. არცთუ იშვიათად მსგავს სიტუაციაში მშობლებს შორის ურთიერთობა ისე მწვავდება, რომ შეიძლება სამუდამოდ მოიმდურონ ერთმანეთი. ეს იმ დროს, როცა მათი შვილები რამდენიმე საათის შემდეგ ერთად თამაშობენ და მშვენივრად აწყობენ ერთმანეთთან ურთიერთობას.

როგორი უნდა იყოს მშობლის როლი მსგავს სიტუაციაში – თვითდინებაზე მიუშვას პატარების კონფლიქტი, თუ შეეცადოს მის მოგვარებას. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საჭირო იქნება იმის გაცნობა, როგორ ვითარდება ბავშვებს შორის ურთიერთობა საკმაოდ ადრეული ასაკიდან.

სკოლამდელი ასაკის ბავშვის ცხოვრებაში თანატოლებთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ურთიერთობის უნარი პიროვნების განვითარების ერთ-ერთი პირობაა, ის აუცილებელია ბავშვის შემდგომი სოციალიზაციისათვის. როცა ბავშვი საბავშვო ბაღში შეჰყავთ, მშობლები ხშირად დარწმუნებული არიან, რომ სწორედ იქ ისწავლის მათი შვილი ურთიერთობას, შეიძენს მეგობრებს. მაგრამ, არცთუ იშვიათად სწორედ აქ ჩნდება პრობლემები. საბავშვო ბაღში თანატოლებთან ბავშვის წარუმატებელმა ურთიერთობებმა შესაძლოა მოგვიანებით კომუნიკაციის მუდმივი პრობლემები გამოიწვიოს.

პატარები საკმაოდ ხშირად შედიან ერთმანეთთან კონფლიქტში, მათ უჭირთ საკუთარი მოქმედებების ერთმანეთთან შეთანხმება, დათმობა საჭირო დროს, თანაგრძნობის გამოხატვა. კონფლიქტურ სიტუაციაში ბავშვი ხედავს მხოლოდ იმას, რომ თანატოლი მას მიზნის მიღწევაში ხელს უშლის – ანგრევს მის მიერ აგებულ კოშკს, უნდა სათამაშოს წართმევა. ეს ბუნებრივია, რადგან პატარა ვერ ხვდება, რომ შეიძლება სხვა ბავშვსაც ჰქონდეს გრძნობები და ინტერესები.

ასაკის მატებასთან ერთად იცვლება ბავშვის თანატოლებთან ურთიერთობის თავისებურებები. ჩვეულებრივ, ადრეულ ასაკში პატარები სიამოვნებით იწყებენ თანატოლებთან თამაშს, მაგრამ ეს სიამოვნება დიდხანს არ გრძელდება და თამაში ხშირად ცრემლებით მთავრდება. სკოლამდელი ასაკის ბოლოსთვის კონფლიქტით მთავრდება თამაშის დროს როლების განაწილება და თამაშის წესების დაცვის მოთხოვნა.

ბავშვთა შორის კონფლიქტების პრევენციაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია მშობელს. მართალია, საბავშვო ბაღში კონფლიქტების თავიდან აცილება შეუძლებელია და ამისი აუცილებლობა არც არის, რადგან კონფლიქტური სიტუაციის გადაჭრა ამ პერიოდში ეხმარება ბავშვის სოციალიზაციას მომავალში, მაგრამ მშობლებს შეუძლიათ და საჭიროც არის, ასწავლონ ბავშვს, როგორ მოიქცეს კამათისა და ჩხუბის დროს. ასეთ შემთხვევაში მშობლები ხშირად ვარდებიან ორ უკიდურესობაში – ან ზედმეტად ერევიან ბავშვების ჩხუბში და ამით ცდილობენ საკუთარი შვილის დაცვას, ან საერთოდ განზე დგებიან, არ იღებენ არანაირ მონაწილეობას და არ ეხმარებიან ბავშვს მაშინაც კი, როცა ამის აუცილებლობაა. თუ მშობლებს ბავშვობაში პრობლემები ჰქონდათ თანატოლებთან ურთიერთობაში, მათ შეიძლება ზედმეტად მწვავედ აღიქვან ბავშვის მიმართ უსამართლო დამოკიდებულება. ამიტომ, სანამ ბავშვს ვუკარნახებთ, როგორ მოიქცეს ამა თუ იმ სიტუაციაში, აუცილებელია ვდისტანცირდეთ საკუთარი ბავშვობის მოგონებებიდან. ნებისმიერ შემთხვევაში, განვითარების უკვე ადრეული პერიოდიდან საჭიროა, ვასწავლოთ ბავშვს მეგობრობა. შესაბამისად, საჭიროა ვასწავლოთ მას, გაუმკლავდეს საკუთარ ეგოისტურ გამოვლინებებს, პატივი სცეს სხვების აზრს, თანაუგრძნოს და დაეხმაროს სხვა ადამიანებს. როგორ გავაკეთოთ ეს?

  • ვასწავლოთ ბავშვს, როგორ გაიცნოს თანატოლი – ერთმანეთის გაცნობა მნიშვნელოვანი ეტაპია ბავშვების მეგობრობაში. შეგვიძლია ამისათვის ბავშვებთან ერთად ვითამაშოთ თამაში – „მოდი გავიცნოთ ერთმანეთი“. ვასწავლოთ პატარას, როგორ შეუძლია მიუახლოვდეს სხვა ბავშვს, როცა მისი გაცნობა სურს, როგორ გაუღიმოს, შესთავაზოს გაცნობა, წარუდგეს, როგორ გაიგოს მისი სახელი, შესთავაზოს ერთად თამაში. ასევე შეგვიძლია გავითამაშოთ სიტუაცია, როცა ბავშვმა მიიღო უარი, ავუხსნათ, რომ ასეთ დროს უკეთესია მშვიდად რეაგირება, რადგან მეორე ბავშვმა შეიძლება უბრალოდ დაიმორცხვა. გავაცვლევინოთ როლები. ასეთი როლური თამაშები ბავშვს ყველაფერს გაცილებით გასაგებად, ნათლად უხსნის, ვიდრე ჩვეულებრივი ჭკუისდამრიგებლური საუბრები.
  • ვუჩვენოთ პირადი მაგალითი – თუ ჩვენ, უფროსები თავად არ ვართ კომუნიკაბილურები, კეთილგანწყობილები და ადამიანებში მხოლოდ მათ უარყოფით თვისებებს ვხედავთ, ამასთან, ამ ყველაფერს სახლში ბავშვის თანდასწრებით განვიხილავთ, ქცევის ასეთივე მოდელი მოზარდმა შეიძლება სწორედ ახლობელი უფროსებისგან გადაიღოს. მოვიწვიოთ სტუმრები, ვიაროთ სტუმრად, გვიხაროდეს მეგობრებთან შეხვედრა, შევაქოთ ისინი, დავეხმაროთ მათ – ეს ყველაფერი ურთიერთობის საუკეთესო გაკვეთილია ბავშვისთვის. გარდა ამისა, მოვუყვეთ მას ჩვენი ბავშვობის მეგობრებზე, როგორ გავიცანით, რას ვთამაშობდით, რის გამო ვჩხუბობდით, როგორ ვრიგდებოდით. ეს ყველაფერი ბავშვს არა მხოლოდ მეგობრობის სწავლაში დაეხმარება, არამედ გააუმჯობესებს მასთან ჩვენს ურთიერთობას.

მიუხედავად ჩვენ მიერ ჩატარებული ზემოაღნიშნული სამუშაოებისა, ნებით თუ უნებლიეთ, ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე მოზარდი შეიძლება მაინც აღმოჩნდეს თანატოლებთან კონფლიქტურ სიტუაციაში. როგორ მოვიქცეთ ასეთ დროს.

 რეკომენდაციები – როგორ დავეხმაროთ ბავშვს კონფლიქტების მოგვარებაში:

  • უპირველეს ყოვლისა ყურადღება მივაქციოთ იმას, თუ რამდენად ხშირად ხვდება ჩვენი ბავშვი კონფლიქტურ სიტუაციაში. ხომ არ გახდა თანატოლებთან ჩხუბი მისთვის უკვე ჩვეული და რეგულარული;
  • როგორია ჩვენი ბავშვის როლი კონფლიქტში – უფრო ხშირად ის დაზარალებული მხარეა, თუ თავდამსხმელი;
  • შევეცადოთ, გავერკვეთ კონფლიქტში მყოფი ბავშვის ემოციებში – გრძნობს თუ არა ის თავს დამნაშავედ იმის გამო, რომ სხვა გაანაწყენა. ან, ხომ არ უხარია, როცა სხვისთვის მისი მოქმედება მტკივნეულია და ის ადამიანი მისი საქციელის გამო ცუდად გრძნობს თავს. თუ ამ უკანასკნელს ვამჩნევთ, უკეთესი იქნება ყურადღების მიღმა არ დავტოვოთ აღნიშნული და მივმართოთ ბავშვთა ფსიქოლოგს;
  • გავიგოთ ბავშვის განზრახვა კონფლიქტურ სიტუაციაში – რა უნდოდა მას სინამდვილეში. ადვილი არ იქნება ისეთი ბავშვის პოვნა, რომელსაც სურს, მიზანმიმართულად გაანაწყენოს სხვა და მით უმეტეს გააბრაზოს მშობლები. სკოლამდელ პერიოდში პატარას ჩვეულებრივ სურს, მიიღოს რაღაც სასურველი, ან დაიბრუნოს ის, რაც მისი იყო, მაგრამ სხვამ წაართვა. ასეთ დროს კარგი იქნება, თუ ბავშვთან ერთად განვიხილავთ მომხდარ შემთხვევას. უპირველეს ყოვლისა, ვისაუბროთ მის გრძნობებზე. ამ გზით ის მიხვდება, თუ რა ემართება, რა ხდება მის თავს და გარდა ამისა, მიხვდება იმასაც, რომ ნეგატიური ემოციების განცდა ნორმალურია;
  • ვისაუბროთ ბავშვთან მომხდარზე ყოველგვარი დადანაშაულებისა და მტყუან-მართლის ძიების გარეშე. ფრაზებს: „გიო ცუდია იმიტომ, რომ შენ გაწყენინა“, ან „რატომ არ უპასუხე, არ ჩაარტყი – არ შეგიძლია თავის დაცვა?“, ვცვლით ახსნა-განმარტებით: „გიომ მანქანა წაგართვა და შენ განაწყენდი, გაბრაზდი კიდეც იმიტომ, რომ თავად გინდოდა ამ მანქანით თამაში. ასე იყო არა? სწორად გავიგე?“;
  • გამოვხატოთ თანაგრძნობა და თანადგომა – „კი, ნამდვილად საწყენია, როცა გართმევენ საჭირო ნივთს. მესმის რატომაც გაბრაზდი“. ასე ჩვენ დავეხმარებით ბავშვს, გააანალიზოს სიტუაცია და განთავისუფლდეს უარყოფითი გრძნობებისგან.
  • თუ ჩვენმა პატარამ თავად გაანაწყენა ვინმე, შეიძლება მასთან ერთად განვიხილოთ სიტუაციის მოგვარების რამდენიმე ვარიანტი:
  • ითამაშონ მორიგეობით სადავო მანქანით;
  • დაამტვრიოს მანქანა, რომ ვერავინ შეძლოს ამ მანქანით თამაში, მისი გამოყენება. თუმცა, ამ დროს არ დაგვავიწყდეს გავაფრთხილოთ, რომ თავად ისიც ვეღარ შეძლებს ამ სათამაშოთი თამაშს;
  • დაუთმოს, წავიდეს და თვითონ სხვა სათამაშოთი ითამაშოს;
  • წაართვას თავისი სათამაშო;
  • შესთავაზოს სათამაშოს გაცვლა;
  • აიღოს მეორე მანქანა და ერთად ითამაშონ, რაც თამაშს კიდევ უფრო საინტერესოს გახდის.

 

ყველა ეს ვარიანტი შეიძლება განვიხილოთ ბავშვთან ერთად და ვიმსჯელოთ იმაზე, რა შედეგები შეიძლება მივიღოთ თითოეულ შემთხვევაში. შეიძლება უფროს ბავშვებთან ერთად მოვიფიქროთ ვარიანტები, შემდეგ კი მოვისმინოთ მათი აზრი: „როგორ ფიქრობ, როგორ აჯობებდა, რომ მოვქცეულიყავით აღნიშნულ სიტუაციაში?“

  • თუ კონფლიქტები რეგულარული გახდა, ყურადღება მივაქციოთ ბავშვის ემოციურ მდგომარეობას, გადავხედოთ ჩვენს ოჯახში მიღებული აღზრდის მეთოდებს, ასევე ბავშვის ჩვეულ როლს ოჯახურ სისტემაში. მაგ. თუ ის მუდმივად ხდება თანატოლებთან კონფლიქტის მსხვერპლი, შესაძლოა ის ოჯახშიც ხშირად აღმოჩნდება ხოლმე ამ როლში, არ ხდება მისი აზრისა და სურვილების გათვალისწინება, აღმზრდელობითი მეთოდები კი ავტორიტარულ ხასიათს ატარებს.
  • ბავშვისთვის კონფლიქტების მართვის სწავლებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონფლიქტების მოგვარების ჩვენი, უფროსების საკუთარი პოზიტიური მაგალითი. შევეცადოთ, გავაცნობიეროთ საკუთარი გრძნობები კონფლიქტურ სიტუაციებში და შევარჩიოთ ქცევის კონსტრუქციული მოდელი არა მხოლოდ უფროსებთან, არამედ ბავშვთან ურთიერთობის დროსაც. როგორც ზოგადად აღზრდის პროცესში, ასევე ბავშვში კონფლიქტების მართვის უნარის გამომუშავებისას პირადი მაგალითი ბევრად უფრო მეტი გავლენის მომხდენია, ვიდრე გაუთავებელი ჭკუისდამრიგებლური საუბრები.

დაბოლოს, გვახსოვდეს, რომ კონფლიქტები არა მხოლოდ ჩვენი, ზრდასრული ადამიანების, არამედ ასევე ბავშვების ცხოვრების განუყოფელ ნაწილს შეადგენს. ამაში განსაკუთრებული და უჩვეულო არაფერია. მთავარია, ვასწავლოთ მოზარდს საკუთარი ქცევის მართვა კონფლიქტურ სიტუაციაში და შევძლოთ მისი მიღება და უპირობოდ სიყვარული მაშინაც კი, როცა ის შეცდომებს უშვებს და მისი ქცევა არ მოგვწონს.

 

 

დაო დოლორეს, ძმებო ბასკებო

0

ქვეყნის ფარგლებს გარეთ ყოფნისას საშინლად არ მიყვარს მარტო დარჩენა.
მიუხედავად იმისა, რომ უკვე დავბერდი, მაინც მეშინია დაკარგვის. მზარავს იმის
წარმოდგენაც კი, რომ რომელიმე უზარმაზარი აეროპორტის ლაბირინთებში
შეიძლება ახლობლების გარეშე მომიწიოს ხეტიალი. აქედან გამომდინარე,
ყოველთვის ვცდილობ, რომ ჯგუფს არ ჩამოვრჩე ან ჩემთვის სასურველ საქმეში
სხვები ავიყოლიო. გასული წლის მიწურულს, ესპანეთის დედაქალაქში
მოგზაურობისას ტრადიციას ვუღალატე. მომერიდა მეგობრების წვიმასა და ქარში
ქუჩაში გამოყვანა, თან ზუსტად ვიცოდი, რომ მაღალი კლასის IT სპეციალისტსა
და საერთაშორისო სავაჭრო პროექტების მენეჯერს ესპანეთის სამოქალაქო ომის
პერიპეტიები არ აინტერესებდათ. შესაბამისად, ევროპის სიდიდით მეორე
ქალაქში, უცნობი ადგილების მოსანახულებლად მარტოდმარტო დავიძარი.
ქარაშოტის მიუხედავად, ადვილად მივაგენი მადრიდის ცენტრში მდებარე
დასავლეთის პარკს. დასავლეთის პარკი სწორედ იმ ადგილზეა გაშენებული,
სადაც 1936-1939 წლებში ფაშისტები და ნაციონალისტები რესპუბლიკის
დამცველებს უტევდნენ. ველურ ტყედ ქცეულ ნაკრძალში ძლივს მივაგენი
ბეტონის პატარა კოშკებს, რომლებიც ფრანკოს ჯარისკაცებმა მსროლელთა
ჩასაფრების მიზნით ააგეს. ბოლომდე რაციონალური ადამიანი არ ვარ, მგონია,
რომ ადგილზე, სადაც დიდი ისტორიული მოვლენა განვითარდა, სრულიად
განსხვავებული ენერგეტიკული ველი და ატმოსფერო იქმნება. ასეთი სივრცეების
მონახულების შემდეგ ხშირად მეუფლება შეგრძნება, რომ დიდ ამბებში
მონაწილე ადამიანების ფიქრებისა თუ განცდების თანაზიარი ვარ. ამასთანავე,
ეჭვი არ მეპარება, რომ ბრძოლის ველზე მისვლით ომში დაცემულ ადამიანებს,
მათ ხსოვნას მივაგებ პატივს.
სუსხიან დღეს უკაცრიელ პარკში მარტო ყოფნა ერთი ადამიანის ნაკვალევზე
სვლის გულითადმა სურვილმა მაიძულა. მადრიდში, ველასკესისა და გოიას,
სერვანტესისა და უნამუნოს გარდა, დოლორეს იბარურის სამყაროს შეგრძნებას
ვესწრაფოდი.
1936 წლის 18 ივლისს სამხედროებმა ესპანეთის დემოკრატიულად არჩეული
მთავრობის დასამხობად ხელში იარაღი აიღეს. იმავე საღამოს რადიოთი ხალხმა
აჯანყებულთა არაერთი მეთაურის მიმართვა მოისმინა. ბევრს თავზარი დასცა
გენერალ ფრანკოს სიტყვებმა, რომლითაც იგი რესპუბლიკას განადგურებას
ჰპირდებოდა. ოფიციალური ხელისუფლების წარმომადგენლები შოკირებულნი
იყვნენ, ვერავინ შეძლო შედეგიანი საპასუხო სიტყვის უმალვე წარმოთქმა.

დაბნეული და შეშინებული რესპუბლიკელები თავგანწირულმა პარლამენტარმა
გადაარჩინა. ფალანგისტთა აჯანყებიდან მეორე დღეს რადიოს მიკროფონთან
დოლორეს იბარურიმ მიაღწია, რომელმაც თავისი სიტყვით სილა გააწნა
დემოკრატიის დასამხობად გამოსულ პუტჩისტებს:
„მშრომელებო, ანტიფაშისტებო, ესპანეთის პატრიოტებო! წინ აღუდექით
ფაშისტების სამხედრო-შეიარაღებულ აჯანყებას, დაიცავით თავისუფლება,
დაიცავით რესპუბლიკა, დაიცავით დემოკრატიის მიღწევები… მთელი ქვეყანა
აღშფოთებისგან ზანზარებს ამ უგულო ურჩხულების გამო, რომელთაც სურთ
ხალხის მიერ შექმნილი, დემოკრატიული ესპანეთი ტერორისა და სიკვდილის
ჯოჯოხეთში ჩაძირონ… ფაშისტებს არაფერი გამოუვათ, მათი გამარჯვება არ
ეგების, დაუშვებელია, No pasaran!“.
ბასკი ქალის შეუპოვრობამ, სიმამაცემ და გამბედაობამ, გონივრულად
შერჩეულმა სიტყვებმა დაუდო სათავე რესპუბლიკის გადარჩენისთვის ბრძოლას.
ყველა დარწმუნებული იყო, რომ მადრიდი 1936 წელსვე დაეცემოდა, მაგრამ
დედაქალაქმა კიდევ სამი წელი გაძლო… სამი წელი მთელს ესპანეთში
იმეორებდნენ დოლორესის სიტყვებს „არ გამოუვათ, არ ეგების, No Pasaran!“.
მხოლოდ სამოქალაქო ომის დროს გამოვლენილი უმაგალითო თავდადების გამო
არ ვცემ პატივს ესპანელ პარლამენტარს. ჩემს აღფრთოვანებას ყოველთვის
იწვევდა მისი არნახული გამძლეობა. მიუხედავად იმისა, რომ მან ფრანკოსთან
წინააღმდეგ ბრძოლაში უამრავი ნათესავი დაკარგა და მეორე მსოფლიო ომის
დროს საყვარელი შვილიც დაეღუპა, მას ფარ-ხმალი არასდროს დაუყრია.
ათწლეულების განმავლობაში ყველა ხელმისაწვდომი საერთაშორისო
ტრიბუნიდან დაუნდობლად აკრიტიკებდა ძალადობის გზით ხელისუფლებაში
მოსულ რეჟიმს. ის არ გატყდა და რეჟიმის დამხობასაც მოესწრო. მეტიც, 1977
წელს ის ხელახლა აირჩიეს ეროვნული კორტესების წევრად. 1936 წლის მოწვევის
პარლამენტის 473 დეპუტატიდან, იბარური ერთადერთი აღმოჩნდა, რომელმაც
ორმოცი წლის შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში მობრუნება მოახერხა.
საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია ესპანელი რევოლუციონერის კიდევ
ერთი პრინციპული გადაწყვეტილება. ცხადია, იგი საბჭოთა ხელისუფლებასთან
თანამშრომლობდა, ანტიფრანკისტებს მაშინდელ სამყაროში ბევრი მხარდამჭერი
არ ჰყავდათ, სხვა გზა სამოქალაქო ომში დამარცხებულებს არ ჰქონდათ. თუმცა,
ისინი ყურმოჭრილი მონები არ გამხდარან. ამას მოწმობს 1968 წელს დოლორეს
იბარურის მიერ ხმამაღლა ნათქვამი სიმართლეც. ესპანელი უპირობოდ დაუდგა
გვერდით ალექსანდრ დუბჩეკს, „პრაღის გაზაფხულის“ ლიდერს და დაგმო
„ვარშავის პაქტის“ ქვეყნების მიერ ჩეხოსლოვაკიის დედაქალაქის აღების ფაქტი.

სიმართლე გითხრათ, ესპანელი რესპუბლიკელები ლიტერატურამ უფრო
შემაყვარა, ვიდრე პოლიტიკამ და ისტორიამ. ერნესტ ჰემინგუეის „ვის უხმობს
ზარი?“ ხომ გახსოვთ?! ანდა ანა მარია მატუტეს „ჯარისკაცები ტირიან ღამით“…
თუმცა, რაღა შორს მივდივართ?! აუდიტორიაში, სტუდენტთა ყურადღების
მოსაპყრობად და მათი გამხიარულების მიზნით ხშირად მივმართავ ხოლმე
შეკრებილებს ტიციან ტაბიძის ტაეპით: „დაო დოლორეს, ძმებო ბასკებო!“. ამ
ფრაზით იწყება ქართველი სიმბოლისტის ერთი მშვენიერი ლექსი, რომლითაც
ავტორი ესპანეთის სამოქალაქო ომის არაერთ უმნიშვნელოვანეს მომენტს
მიმოიხილავს, დაუნდობელი მსჯავრი გამოაქვს ხუნტის მონაწილეებისთვის და,
რაც მთავარია, გამოთქვამს რესპუბლიკელთა გამარჯვების იმედს, რადგან მთელ
მაშინდელ მსოფლიოში დაირაზმნენ გულანთებული ადამიანები დემოკრატიის
გადასარჩენად და პირენეის ნახევარკუნძულს მიაშურეს. ტიციან ტაბიძემ ამ
ლექსით მხოლოდ სამართლიანობასა და თავისუფლებას კი არ დაუჭირა მხარი,
არამედ ქართული ლიტერატურა კიდევ ერთხელ მიაკუთვნა ევროპულ სამყაროს.
არ არსებობს ევროპის არცერთი ქვეყანა, რომლის ლიტერატურის ერთ მოწინავე
წარმომადგენელს მაინც არ ჰქონდეს დაწერილი ტექსტი ესპანეთის სამოქალაქო
ომის, ამ ეპოქალური მოვლენის შესახებ.
ტიციან ტაბიძის გარდა, ქართულ ლიტერატურას ნამუსი შეუნახა მეორე
გენიოსმა, ანა კალანდაძემ, რომელმაც ვერის სასაფლაოზე ხოსე დიასის საფლავის
მოსანახულებლად მისულ დოლორესს გენიალური სტრიქონები მიუძღვნა:
„ხედავთ იბარურს? უსმენთ იბარურს?
მაშ, გული ცრემლებს რად აუვსიათ?
სად არის შენი კასტანეტები,
ანდალუსია, ანდალუსია?
ხომ არ დამთავრდა მძიმე კორიდა?
ხომ არ ბომბავენ ისევ ბილბაოს?
თბილისის ლამაზ კვიპაროსებთან
ხედავთ იბარურს? უსმენთ იბარურს?“.
ანა კალანდაძეს დიდი სიხარულით ევსება გული, როდესაც თავისი ქვეყნის
შუაგულში ლეგენდარულ მებრძოლს ხედავს, მაგრამ ესპანელ ქალთან
შეხვედრას თან ცრემლიც ახლავს. მწუხარების მიზეზი კი ბილბაოსა და
ანდალუსიის ტრაგედიებია, პოეტი მიგვანიშნებს, რომ ჭრილობები კვლავ

მოუშუშებელია, კასტანეტები კვლავ დადუმებულნი არიან, „მძიმე კორიდა“ ჯერ
არ დასრულებულა.
გინდ დამიჯერეთ, გინდ არა… სამოქალაქო ომის ბრძოლის ველზე სეირნობისას
ერთი მოხუცი შემომხვდა, ძაღლს ასეირნებდა, გამოველაპარაკე, რამდენიმე
ამბავი გამიზიარა ომში მებრძოლი ბაბუამისის შესახებ, მე კი ორივე ლექსი
წავუკითხე (რიტმს ხომ შეიგრძნობდა?!), შემდეგ მოკლე შინაარსიც ვუთარგმნე
და ვუთხარი, რომ ქართველ პოეტებს მხოლოდ საკუთარი თავი ან მხოლოდ
საკუთარი ქვეყანა კი არ ანაღვლებდათ, არამედ მუდამ თანაუგრძნობდნენ
სამართლიანობასა და თავისუფლებას დედამიწის ყველა კუთხეში.

ინტერპერსონალური კომუნიკაციები

0

ინტერპერსონალური კომუნიკაციები სოციუმის, ვაჟა-ფშაველას პატრიარქალური თემის, ფონზე („სტუმარ-მასპინძელი“, „გველის მჭამელი“)

ლიტერატურული ტექსტის ანალიზი რთული და კომპლექსური საკითხია, რომელიც განსაკუთრებულ ჭრილში და სხვადასხვა რაკურსში დანახვას ეფუძნება და საშუალებას აძლევს მკვლევარს, ტექსტი განიხილოს, როგორც მხატვრული დროისა და სივრცის ავტონომიური სისტემა, რომელიც სახეობრივი და ხატოვანი მოდელების საშუალებით იგება და მისი მხატვრული მიზანდასახულობა იმთავითვე ნათლად გამოკვეთილია იმ სტრუქტურაში, რომელიც ნაწარმოებშია მოცემული. მაგრამ ლიტერატურული ტექსტი თავისთავად არის ანარეკლი იმ ემპირიული დროისა და სივრცისა, რომელშიც ის შეიქმნა და ამავე დროს, გახსნილი სისტემაცაა. მისი ავტონომიურობა მხოლოდ უშუალოდ ქსოვილის ანალიზისას და გარკვეული წმინდა ლიტერატურული მეთოდოლოგიების გამოყენებისასაა დაცული. სხვა შემთხვევაში, სხვანაირი მიდგომისას, ის კარგავს ამ საზღვრებს, მხატვრული დრო-სივრცე ხდება გახსნილი და ასე ვთქვათ, ორმხრივი გავლენის მაჩვენებელი – როგორ მოქმედებდა მასზე მისი შექმნის თანადროული ემპირიული დრო-სივრცე და ამავე დროს რას აძლევს იგი სხვადასხვა თვალსაზრისით იმ დრო-სივრცეს, რომელშიც მისი გაანალიზება ხდება, რას ინახავს და რას ქმნის, ან რის საფუძვლად შეიძლება იქცეს.

ჩვენი თემა – „აქსიოლოგიური კომუნიკაციები ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში” ამ თვალსაზრისს ადასტურებს: ლიტერატურული ტექსტი, მხატვრული ქსოვილი თავის თავში შეიცავს იმ ღირებულებრივ ორიენტირებს, რომლებიც მწერლის თანადროული სოციუმის მთავარ მახასიათებლებს წარმოაჩენს; ასევე მთის სისტემის დამატებით რეალობასაც, რომელიც კიდევ მეტ ნიშნებს მატებს მხატვრულ ტექსტში ჩატვირთულ ინფორმაციას საზოგადოების, ცალკეული ინდივიდის და მთლიანად საკომუნიკაციო სისტემის ურთიერთქმედებებსა და ამ ქმედებების შედეგებზე.

ზოგადად, თანამედროვე მეცნიერება ნათლად წარმოაჩენს დარგთაშორის მჭიდრო ურთიერთანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებას, რაც მეტი დასკვნების გამოტანის საშუალებას იძლევა და ტექსტის, როგორც ღია სისტემის, მოცემულ შემთხვევაში კი, საზოგადოების რეალურ სეგმენტად წარმოდგენის საშუალებას იძლევა. კვლევისას, როცა ლიტერატურატმცოდნებითი კონცეფციები შეირჩევა, მთავარი ყურადღება ეთმობა იმას, თუ ნაწარმოების რომელი ასპექტია მოქცეული ყურადღების ცენტრში. ამის მიხედვით გამოიყოფა შემდეგი კონცეფციები და მეთოდები: კულტურულ-ისტორიული, ფსიქოანალიტიკური, სოციოლოგიური, ინტერტექსტუალური, ბიოგრაფიულ თუ ფენომენოლოგიური და ა.შ.

ყველა მეთოდი ძალიან პროდუქტიულია, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში, როცა საკვლევი თემა ღირებულებრივი სისტემის წარმოჩენას ითვალისწინებს, ჩვენ გვაინტერესებს ვაჟას თანამედროვე საზოგადოებისა და მასში ცალკეული ინდივიდების ფუნქციონირების საკითხი, პერსონაჟების ხასიათების სტრუქტურული ანალიზი არა ჩაკეტილად, როგორც ერთი მხატვრული ხატი, არამედ მათ გარშემო არსებულ სოციუმთან მიმართებით, მათთან კომუნიკაციაში და ამ ურთიერთგავლენის შედეგები უშუალოდ ნაწარმოების დრო-სივრცეშიც და თანამედროვე ღირებულებირივ სისტემების ფორმირების თვალსაზრისითაც. ყველაზე ზუსტი და აქტუალური, სხვა მეთოდოლოგიების პარალელურად არსებობისა და თანამშრომლობის პირობებში, ხდება სოციოლოგიური მეთოდი.

სოციოლოგიური მეთოდი გულისხმობს ლიტერატურის, როგორც საზოგადოებრივი აზროვნების ერთ-ერთი ფორმის გაგებას. ნაწარმოებში, უპირველეს ყოვლისა, იკვეთება ისტორიული ტენდენციები, სოციალურად განპირობებული მომენტები, ეკონომიკური და პოლიტიკური კანონების მოქმედების შედეგები, ხასიათები, უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებული ,,საზოგადოებრივ ატმოსფეროსთან’’. სოციალურ მეთოდს აინტერესებს არა იმდენად ინდივიდუალური, არამედ სოციალურ-ტიპური. ლიტერატურაში, როგორც ცნობილია, ამ პრინციპს ლიტერატურაში ტიპიზაცია ეწოდება. აღვნიშნავ, რომ არ იქნება სწორი ტიპიზაციის უარყოფით თვისებად განხილვა. ტიპი – ეპოქის განზოგადებული ლიტერატურული გამოცდილებაა, რომელიც სხვადასხვანაირად გამოვლინდება, მაგრამ მისი შინაარსი მსგავსია.

როდესაც ლიტერატურათმცოდნე ირჩევს სოციოლოგიურ მეთოდს, ის დგება ლიტერატურისა და სოციოლოგიის მიჯნაზე, ემსახურება ორ საანალიზო ველს ერთდროულად, რაც გარკვეულ სირთულეებს უკავშირდება, თუმცა იმითაა მნიშვნელოვანი და პროდუქტიული შედეგი, რომ ჩვენ თვალწინ ეპოქის ისეთი ცოცხალი სახეებია, რომელთა რეკონსტრუქცია უკვე შეუძლებელია მხატვრული ტექსტის გარეშე. ვაჟა-ფშაველა, როგორც ნამდვილი რეალისტი, ტიპურ სახეებს გვიხატავს და მათი მეშვეობით ჩვენ იმ დროისა და სივრცის მოვლენათა თანამონაწილეობის, იმ სოციუმის ცოცხლად დაკვირვების და ტიპურის დანახვის უნიკალური საშუალება გვეძლევა. ამ საფუძველზე შეიძლება მთელი სისტემების რეკონსტრუირება, ფაქტობრივად, ტექსტში ერთგვარი ,,გარედან ინტერვიუს’’ მეთოდით და მოქმედების საფეხურებრივი ანალიზით. აქ შეიძლება გაჩნდეს კითხვა, არის თუ არა ეს ხასიათები, ანუ მხატვრული ტექსტის ხასიათების სისტემა ზედმიწევნით სანდო ეპოქის სურათის სრული რეკონსტრუქციისთვის. ბუნებრივია, მხატვრულ ტექსტს და თითოეულ მწერალს აქვს თავისი განუმეორებელი ინდივიდუალობა და ის რეალობის უბრალო ფოტოგრაფიული ანაბეჭდი არ არის, ისევე, როგორც ვიზუალურად უფრო იოლად აღსაქმელი ნამდვილი მხატვრული ტილო, ნახატი, რომელიც გარკვეულ რეალობას გამოსახავს. ფოტოგრაფიაც კი, როცა მას მხატვრული მიზანდასახულობა აქვს, არ არის სინამდვილის ნატურალისტური ასლი. სამაგიეროდ, სწორედ ამ შემთხვევაში იწყებს მუშაობას ტექსტის მეორე, კომუნიკაციური პლანი. მისი გახსნილობის (ამ მეთოდის შედეგად გახსნის) დადებითი შედეგი ისაა, რომ ჩვენ არა მარტო აღბეჭდილს ვხედავთ, არამედ გვეძლევა საშუალება დავინახოთ, რა გავლენა მოახდინა თავისი ინდივიდუალურობის ელემენტით მწერალმა სოციუმზე. რა გავლენა იქონიეს მის მიერ შექმნილმა ტიპურმა და, ამავე დროს, უნიკალურმა ხასიათებმა სოციუმის შემდგომ განვითარებაზე, ღირებულებრივი სისტემების ჩამოყალიბებაზე. ეს ორმხრივი კომუნიკაცია ტექსტთან უზრუნველყოფს მის არსებობას, როგორც თავისი სოციუმის ბუნებრივი ნაწილისა, ისე შემდგომი ეპოქის (ეპოქების) საყრდენისა და მისი გავლენების ჩვენება, უფრო მეტად კი ის, შემდგომში კიდევ დამატებით რა ცვლილებების მოტანა შეუძლია მწერლის სოციალურ ხედვას, ანიჭებს მას მხატვრულთან ერთად დიდ საზოგადოებრივ ღირებულებას, სხვადასხვა ასპექტში.

ვაჟა-ფშაველას ტექსტებში მისი გმირები არიან ტიპური სახეები, ფაქტობრივად, ცოცხალი ადამიანები, რომლებშიც მათი გარემომცველი სოციუმის ყველა ნიშანი აირეკლება და, რაც მთავარია, მაღალი მხატვრული ხარისხის გამო ეს მართლაც ცოცხალი ადამიანების არსებობაა ასევე ცოცხალ, გაცოცხლებულ რეალობაში და უტყუარ რეალობაზე დაკვირვების საშუალებას იძლევა. მწერლის მიერ ასახული სამყარო ზუსტად გადმოსცემს ყველა იმ პრობლემას, რომელიც დგას ამ სოციუმების (ვაჟასთან რამდენიმე სხვადასხვა მოდელია ნაჩვენები) წინაშე. და რაც მთავარია, მას აქვს გადაწყვეტა, თავისი კონცეფცია, რომელიც ტექსტშივე იწყებს მუშაობას, მაგრამ მისი გავლენა იქ არ მთავრდება და იქმნება ერთგვარი ღირებულებრივი მოდელები, რომლებიც მწერლისგან დროში დაშორებულ სოციუმზეც ახდენს გავლენას და შესაძლოა, ბოლომდე კიდევ არაა ამოწურული მათი შესაძლებლობები.

სოციოლოგიური მეთოდის გამოყენებისა და პრიორიტეტულობის მიუხედავად, ბუნებრივია, მხატვრული ტექსტი ვერ წარმოჩნდება მთელი სისავსით, თუ მისი ანალიზისას სხვა მეთოდებიც არ გამოვიყენეთ. მხოლოდ ასეთი კომპლექსური მიდგომის შემდეგაა შესაძლებელი, სრულად წარმოჩნდეს მწერლის მიერ ნაწარმოების სიუჟეტში, ხასიათების სისტემებში, მხატვრულ ანტურაჟსა და შიდა ტექსტურ კომუნიკაციებში ჩატვირთული ნაწარმოების მხატვრულ-საზოგადოებრივი მიზანდასახულობა და ღირებულებრივი სისტემა, ასევე ცალკეული აქსიოლოგიური მოდელები და მათი განსახოვნება-ფუნქციონირების გზები და მიმართულებები.

ამ თვალსაზრისით საინტერესოა მხატვრული ნაწარმოების, როგორც სპეციფიკური კომუნიკაციის ნაირსახეობის განხილვა. ლიტერატურა ხომ უძველესი საშუალებაა მასკომუნიკაციისა, რომელსაც აქვს თავისი ფუნქცია. პერსონაჟის სოციალური თუ ასოციალური ქცევა, ურთიერთობები კომუნიკაციის ნიმუშია. ისინი ასახავს ქართულ გენდერულ მენტალობას და ამკვიდრებს ზოგადადამიანურ ღირებულებებს ჩვენს ცხოვრებაში. ესაა სწორედ მასობრივი ზეგავლენა: ტექსტი ამყარებს კავშირს ადრესანტსა და მასობრივ საზოგადოებას შორის.

გასათვალისწინებელია სხვაობა ლიტერატურულ და საგაზეთო კომუნიკაციებს შორის. ამ უკანასკნელისთვის ინფორმაციის ღირებულება ეტალონია, რომელიც სინქრონს ასახავს და ხვალ არავის ემახსოვრება. კლასიკური მასმედიისთვის დამახასიათებელია სპონტანურობაც (მინიმალურ დროში ინფორმაციის მაქსიმუმის გადმოცემა). მოცემულ შემთხვევაში ინფორმაცია კლიშირებულია და ორიენტირებული გარკვეულ სტანდარტებზე. განსხვავებულია ლიტერატურისა და მასკომუნიკაციის სიტყვის კულტურასთან, სალიტერატურო ენასთან დამოკიდებულებაც. ლიტერატურა იმიტომაა მასკომუნიკაცია, რომ გათვლილია მკითხველის დიდ აუდიტორიაზე, მასობრივ ადრესატზე და მისი კოდი -ტექსტი ტირაჟირებულია. მაგრამ გაზეთი თუ კოლექტიური პროდუქტია, ლიტერატურა – ინდივიდუალური, დამუშავებული და ავტორიზებული ტექსტი. ლიტერატურული პერსონაჟები შეიძლება განვიხილოთ, როგორც ინფორმაციის მიმღებ-გადამცემები. ისინი გარკვეულ ღირებულებებს გადასცემენ ერთმანეთს და ასე ხდება ამ ღირებულებების მოძრაობა სოციუმში. მასმედიაც იგივე მოძრაობაა სოციუმში, ინფორმაციისა, იდეებისა, აზრებისა. რაც შეეხება ლიტერატურულ ღირებულებებს, ისინი შემთხვევითი არ არის და სოციუმითაა რეგლამენტირებული. ასე რომ, ლიტერატურასა და მასკომუნიკაციას შორის უფრო მეტია განსხვავება, ვიდრე მსგავსება და ეს ასეც უნდა იყოს, იქიდან გამომდინარე, რომ ერთი მიისწრაფვის ინდივიდუალიზაციისაკენ, მეორე – პირიქით, მასაზე, სიმრავლეზეა ორიენტირებული – გამოხატვის სხვადასხვა ტენდენციებია.

კომუნიკოლოგია არის მეცნიერების ახალი დარგი, რომელიც შეისწავლის ადამიანის საზოგადოებასთან და ბუნებასთან ურთიერთქმედების ფორმებს სოციოსფეროში, ბიოსფეროში და ა.შ. თავისი ისტორიის განმავლობაში კომუნიკაციის ცნებამ გარკვეული ევოლუცია განიცადა, დაწყებული დამწერლობამდელი პერიოდის მასკომუნიკაციური მოდელიდან (ფოლკლორი – ინფორმაციის მეხსიერებაში შენახვის მოდელი), დამთავრებული ინფორმაციული საზოგადოების კომუნიკაციური მაგალითით. მასკომუნიკაცია გულისხმობს ადრესანტის, კოდისა და ადრესატის ურთიერთობას. განსხვავება ლიტერატურული და მასკომუნიკაციური ტექსტების ადრესანტს შორის ისაა, რომ ერთგან ის ინდივიდია, მწერალი და მეორეგან ის კოლექტიურია. ლიტერატურის ადრესატი არის ერთი ადამიანი, რომლის სულიერი ინდივიდულიზაციისკენაცაა ის მიმართული, ხოლო მასკომუნიკაციის ადრესატი არის მასა, ის სოციალურ სიმრავლეზეა გათვლილი. კომუნიკაციის მიზანი არის ფართოდ გავრცელების მასშტაბი და, როგორც წესი, მასკომუნიკაციის ტექსტი არის ზემოქმედებითი ხასიათისა, რაც გულისხმობს ამ ზემოქმედების მექანიზმის ცვალებადობასაც და მასის დამოკიდებულების ცვლილებასაც ადრესანტისადმი, როგორც უკუზემოქმედებას.

კოდი – ინფორმაციის მატარებელი ერთეულია (ლიტერატურაში ტექსტი, მაგალითად). ტექსტი სიტყვიერიც შეიძლება იყოს, კომბინირებულიც: მუსიკა, გამოსახულება, ნახატი, სიტყვები. სწორედ ტექსტია ადრესანტსა და ადრესატს შორის ურთიერთობის წინაპირობა. რაც შეეხება ლიტერატურულ ტექსტს, ის არის მიმართული მასობრივი აუდიტორიისკენ. მისი საშუალებით მყარდება და მკვიდრდება სოციო-კულტურული ღირებულებები. მასზევეა ორიენტირებული ენობრივი ნორმა. ეს ყველაფერი ასოცირდება საზოგადოებაზე ზეგავლენასთან და მისი სააზროვნო-ემოციური პრიორიტეტებისა თუ მოდელების ჩამოყალიბებასთან.

მოდით, ზემოთქმულიდან გამომდინარე, განვიხილოთ ვაჟა-ფშაველას ორი პოემა: „სტუმარ-მასპინძელი“ და „გველის მჭამელი“, მათი მთავარი პერსონაჟების ღირებულებითი, აქსიოლოგიური კომუნიკაციები სოციუმთან ურთიერთობების ფონზე.

 

დიფერენცირებული სწავლების  სტრატეგიები

0

დიფერენციაციის თეორიის საკლასო ოთახში რეალიზება   მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა და ამ გამოწვევის გამკლავებაში პედაგოგებს ძალიან გამოადგებათ ის სტრატეგიები,  რაზეც ტომლინსონის, ჰოლის და ლოურენს-ბრაუნის მოდელებშია საუბარი.

ტომლინსონი – აქცენტს აკეთებს შინაარსის, პროცესისა და პროდუქტის ადაპტირებაზე.

ჰოლი – გვთავაზობს სხვადასხვა სასწავლო სტრატეგიას, როგორც დიფერენცირებული სწავლების პრაქტიკას.

ლოურენს-ბრაუნის  მოდელი, ფოკუსირებულია სასწავლო გეგმის ადაპტირებაზე იმისათვის, რომ მაქსიმალურად იყოს მიღწეული სასწავლო მიზანი.

განვიხილოთ,  დიფერენცირებული სწავლებისათვის სარეკომენდაციო სტრატეგიები:

  1. სასწავლო ცენტრები
  2. მულტისენსორული აქტივობები
  3. ინფოგრაფიკა
  4. სასწავლო მენიუები
  5. გაჩერებებით სწავლა
  6. ლეპბუკები
  7. რაფთ

 სასწავლო ცენტრები – დიფერენცირებული სწავლების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ეს სტრატეგია ხელს უწყობს ეფექტიან სწავლებას  საკლასო ოთახში, რაც განპირობებულია სასწავლო ცენტრების მოწყობით.  დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის  სასწავლო ცენტრებში მიზნობრივი დავალებების შესრულება უზრუნველყოფს, რომ მოსწავლეები კონცენტრირდნენ შესასრულებელ  სამუშაოზე და არ გაეფანტოთ  ყურადღება სხვა ცენტრში მიმდინარე აქტივობაზე, რომელიც მათი აქტივობის პარალელურად მიმდინარეობს.

  ენის შესწავლისას –  მასწავლებელს შეუძლია მოაწყოს კლასში თუნდაც სამი ცენტრი პირველი ცენტრი – კითხვის ცენტრი  და ის აღჭურვილია ლექსიკონებით მეორე  სასწავლო ცენტრი  წერის ცენტრია, სადაც განთავსებულია წერის  საშუალებები მესამე ცენტრი, შესაძლოა იყოს ტექნოლოგიების ცენტრი (სადაც ამის საშუალება არის, თუ არ არის ამის საშუალება, მასწავლებელი ანაცვლებს მას სხვა ცენტრით. მაგალითად. საგამოფენო ცენტრი და  ა.შ.). დაწყებით კლასებში  მუშაობისას მასწავლებელს შეუძლია ზოგიერთ ჯგუფს  მისცეს საკლასო სამუშაო, რომელსაც წერის ცენტრში შეასრულებენ, ხოლო სხვა ჯგუფს მისცეს სამუშაო, რომელსაც კითხვის ცენტრში შეასრულებენ. ერთდროულად მიმდინარე აქტივობების წყვილი ასე გამოიყურება:

წერის ცენტრში კითხვის ცენტრში
წერის ცენტრში – მოსწავლეები მასწავლებლის მიერ მიცემული სიტყვებისაგან მარტივ წინადადებებს  აწყობენ. კითხვის ცენტრში – მოსწავლეები ამუშავებენ მასწავლებლის მიერ მიცემულ ტექსტს ლექსიკონის გამოყენებით, რათა შეძლონ წაკითხულის  გაშინაარსება.

 

 ბუნების გაკვეთილზე –  მასწავლებელს შეუძლია მოაწყოს კლასში კვლევის ცენტრი. როდესაც მეოთხეკლასელი მოსწავლეები კვლევის ცენტრში ატარებენ ექსპერიმენტს – იკვლევენ, მონაცემებს აღრიცხავენ და ადარებენ წიგნში მოცემულ მასალას. მაგალითად, მეოთხეკლასელები აკვირდებიან: ა) იძირება თუ არა კვერცხი  მარილიან წყალში ბ) იძირება თუ არა კვერცხი მტკნარ წყალში.  ამ დაკვირვების შედეგებზე დაყრდნობით ცდილობენ ახსნან მკვდარი ზღვის თვისებები. ისინი იმდენად არიან ჩართული ამ ექსპერიმენტში, რომ აღარ უსმენენ საპრეზენტაციო ცენტრში მომუშავე ჯგუფს, რომლებიც   პოსტერებს ამზადებენ  საპრეზენტაციო ცენტრში.  ერთდროულად მიმდინარე აქტივობების წყვილი ასე გამოიყურება:

 

საპრეზენტაციო ცენტრშო კვლევის ცენტრში
საპრეზენტაციო ცენტრში – საპრეზენტაციო პოსტერების მომზადება-პრეზენტაციები. კვლევის ცენტრში – მიცემული ინსტრუქციის მიხედვით ატარებენ  მარტივ კვლევას.

 

 მულტისენსორული აქტივობები – დიფერენცირებული სწავლების ინსტრუმენტია. ამ ტიპის სასწავლო სტრატეგიები მიზნად ისახავს, მოსწავლემ  საპროგრამო საკითხის შესწავლისას მიიღოს სხვადასხვა სენსორული   გამოცდილება შესაბამისი მოდალობის გათვალისწინებით.

 მათემატიკის გაკვეთილი – მოსწავლეს შეუძლია გააკეთოს არჩევანი და მანიპულატივების გამოყენებით ააგოს მისთვის სასურველი  გეომეტრიული ფიგურა (პრაქტიკული აქტივობა).

მოსწავლეები აკეთებენ არჩევანს (საკლასო ოთახი, მერხის ზედაპირი, მაგიდის ზედაპირი…)მასწავლებლის ინსტრუქციის შესაბამისად ახორციელებენ საკლასო არჩეული ობიექტის აზომვას  და პერიმეტრის გამოანგარიშებას (პრაქტიკული აქტივობა.)

 ინფოგრაფიკა – გარკვეულ თემაზე შექმნილი მასალაა, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს: ტექსტს, სქემას, ცხრილს, დიაგრამას, ნახატს, ფოტოს, რუკას, სიმბოლოებს, პირობით ნიშნებს და ა.შ. ინფოგრაფიკაზე მუშაობა მოსწავლეს ეხმარება: მოახდინოს ინფორმაციის ტრანსფორმაცია, წარმოადგინოს რთული საკითხი მარტივ ქვესაკითხებად, უზრუნველყოს ინფორმაციის სხვადასხვა ფორმატის ერთად და სწრაფად თავმოყრა.  ინფოგრაფიკა შემდეგი სტრუქტურული ნაწილებისაგან შედგება: 1. სათაური /და ქვესათაური, 2. ლაკონიური ტექსტი, 3. ვიზუალური ელემენტები – რაც მკითხველს დაეხმარება საკითხის შინაარსობრივ აღქმაში,  4. გამოყენებული წყაროების ჩამონათვალი.

რადგან ინფოგრაფიკის შექმნა ერთგვარი შემოქმედებითი პროცესია და ზოგადად შექმნაზე ორიენტირებული სავარჯიშოა, მასზე მუშაობა  კარგად მომზადებული მოსწავლისათვის შინაგანი მოტივაციაა და ინფოგრაფიკის შექმნა საკუთარი კომპეტენციის შეგრძნებას ბადებს მოსწავლეში. ასევე ძალიან ეფექტიანი იქნება, თუ მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს, მათ მიერ საშინაო დავალების რვეულში შესრულებული  ცხრილი ან ასოციაციური სქემა საკლასო სამუშაოს დროს გადააქციონ ინფოგრაფიკად.

ლეპბუკი – დიფერენცირებული სწავლების  კარგი ინსტრუმენტია  – ინფორმაციის თავმოყრის, საკითხის გადმოცემის, არჩევანის გაკეთების ეფექტიანი საშუალებაა.  ეს არის ინტერაქტიური საქაღალდე. მისი შექმნისას იოლია  ინტერაქცია მოსწავლეებს შორის, მოსწავლესა და მშობელს შორის, მოსწავლესა და მასწავლებელს შორის. სინამდვილეში ეს არის გაკეცილი ფურცელი, რომელზეც დაწებებულია პატარა ზომის ფურცლები ისე, რომ ერთგვარ ჯიბაკებს ქმნიან. მისი ზომა დამოკიდებულია მოსწავლის სურვილზე, მოსწავლე-მასწავლებლის შეთანხმებაზე და მასში განსათავსებელი მასალების ზომებზე. ლეპბუკის შექმნის იდეა ეკუთვნის ამერიკელ  ტემი დიუიბს. მან ჩვეულებრივ საქაღალდეს პატარა თემატური ჯიბაკები დაამაგრა და თითოეულ ჯიბეს სახელი დაარქვა, რამაც მის შვილებს გაუადვილა  ინფორმაციების დახარისხება. მისი გამოყენება ეფექტიანია ამა თუ იმ თემაზე მუშაობის პროცესში, რადგან ის ეხმარება მოსწავლეს, თემის შესწავლის  კვალდაკვალ მოახდინოს მასალების დამუშავება და დახარისხება.  დასრულებისას კი  მოძიებულ მასალებზე დაყრდნობით  საკითხის ჰოლისტური გააზრება.

ლეპბუკების გამოყენება  დიფერენცირებული სწავლების ეფექტიანი სტრატეგიაა,  რადგან საკითხის დამუშავების პროცესში მოსწავლე თავად ირჩევს და იღებს გადაწყვეტილებას, რომელი კუთხით უნდა დაამუშაოს მასალა, რა ინფორმაციები უნდა მოიპოვოს და რომელ ჯიბაკში განათავსოს.

სასწავლო მენიუ – დიფერენცირებული სწავლების არაჩვეულებრივი ინსტრუმენტია. მისი შედგენისას მასწავლებელი ითვალისწინებს მის სტრუქტურას და

პირველ სტრუქტურულ ნაწილში ათავსებს იმ სავარჯიშოებს, რომლებიც სავალდებულოა შესასრულებლად.

მეორე ბლოკში მოცემული სავარჯიშოებიდან მოსწავლეს შეუძლია   შეარჩიოს მისთვის სასურველი და ის შეასრულოს.

მესამე ბლოკში კი არასავალდებულო დავალებაა.

სასწავლო მენიუ დიფერენცირებული სწავლების ინსტრუმენტია, მაგრამ ამასთან ერთად ის საშუალებას აძლევს მასწავლებელს, სასწავლო მენიუების მიხედვით  შეაფასოს მოსწავლეთა გაგება-გააზრების დონე; ამაზე დაყრდნობით განახორციელოს უკუკავშირი და შედეგების შესაბამისად დაგეგმოს შემდგომი სასწავლო პროცესი.

პროცესის გაცნობა მოსწავლეებისთვის: სასწავლო მენიუს გამოყენება იწყება მოსწავლეებისთვის სასწავლო მენიუს ცნებისა და მისი გამოყენების პირობების გაცნობით. მასწავლებელმა ყოველი კონკრეტული მენიუს შეთავაზებისას მოსწავლეებს უნდა მიაწოდოს ზუსტი ინსტრუქციები მასში მოცემული დავალებების შესრულების ფორმისა და გამოყოფილი დროის შესახებ.

ნამუშევრების შეფასება: მასწავლებელმა გულდასმით უნდა გააანალიზოს მოსწავლეთა ნამუშევრები და მიაწოდოს მათ  ამომწურავი უკუკავშირი. მოსწავლეთა შედეგების ჩანიშვნისთვის და ორგანიზებისთვის შეუძლია გამოიყენოს სოლო ტაქსონომიის გამოყენებით შექმნილი სქემა.

 სასწავლო გაჩერებები – დიფერენცირებული სწავლების  მოქნილი და მრავალფუნქციური ინსტრუმენტია.  მასწავლებელი საკლასო ოთახში აწყობს ფუნქციურ სივრცეებს – გაჩერებებს და მოსწავლეებისთვის თითოეულ გაჩერებაზე ათავსებს სხვადასხვა დავალებებს და უთითებს დროს, რამდენი ხანი შეიძლება გაჩერდნენ ამ გაჩერებაზე.

შესაბამის საგანში მიმდინარე თემაზე მასწავლებლის მიერ შერჩეული სავარჯიშოები, რომლებიც დალაგებულია მარტივიდან რთულისკენ, განთავსებულია 1,2,3,4 გაჩერებებზე.

სასწავლო გაჩერებების გამოყენებისას  მასწავლებელმა მუდმივად უნდა აწარმოოს დაკვირვება – როგორ მუშაობენ მოსწავლეები გაჩერებებზე. თუ შეატყობს, რომ მოსწავლეებს სჭირდებათ დახმარება, მასწავლებელმა დამხმარე კითხვების გამოყენებით უნდა გაუიოლოს მოსწავლეებს მუშაობის პროცესი, რათა მათ თავი გაართვან ამ გაჩერებაზე მოცემული დავალების შესრულებას. ყველა დავალება ამა თუ იმ გაჩერებისთვის შერჩეული სასწავლო მიზნის მიღწევისთვისაა საჭირო და  კონკრეტული კლასის მოსწავლეთა შესაძლებლობებზეა გათვლილი.

წერითი დავალება რაფთისეთი დავალებაა, რომლის დროსაც მოსწავლეს საშუალება ეძლევა, გააკეთოს გააზრებული არჩევანი და შეასრულოს დავალება – შექმნას წერილობითი პროდუქტი სახელწოდებით რაფთ. ის  არის აკრონიმი შემდეგი სიტყვებისა:  როლი, აუდიტორია, ფორმა, თემა.

როლი – ვისი პერსპექტივიდან სურს მოსწავლეს დაწეროს (ნაწარმოების ავტორის, მკითხველის, პერსონაჟის და ა.შ.)?

აუდიტორია – ვისთვის იწერება? ვისთვის წერს ავტორი (მათთვის, ვისაც არ წაუკითხავს ჯერ ეს ნაწარმოები? მკითხველებისთვის? ლიტერატორებისთვის?)?

ფორმატი – როგორია ნაწერის ფორმატი(წერილი, მოთხრობა, ესე, მიმართვა, ბლოგი და სხვა) ?

თემა – რა თემას ეხება ნაწერი (ლიტერატურას, პირადია, ღირებულებებს, ტრადიციებს და სხვა)?

 

ნამუშევრების შეფასება: მასწავლებელმა გულდასმით უნდა გააანალიზოს მოსწავლეთა ნამუშევრები და მიაწოდოს მათ  ამომწურავი უკუკავშირი. მოსწავლეთა შედეგების ჩანიშვნისთვის და ორგანიზებისთვის შეუძლია გამოიყენოს სოლო ტაქსონომიის გამოყენებით შექმნილი დაკვირვების ფორმა.

დაკვირვების ფორმის ეს ვარიანტი საშუალებას აძლევს მასწავლებელს დააკვირდეს, თითოეული მოსწავლის პროგრესს ასევე  კლასის  ყოველდღიურ შედეგს ასევე შედეგების დინამიკას. დაკვირვების ამ  ფორმაში ორგანიზებული შედეგებზე დაყრდნობით მასწავლებელს შეუძლია დაგეგმოს და მისი მოსწავლეების საჭიროებიდან გამომდინარე  გაამდიდროს სასწავლო კურსი  ან კორექტირება  შეიტანოს სწავლების მეთოდიკაში, ან საჭიროებისამებრ დაგეგმოს რემედიაციული აქტივობები.

გამოყენებული ლიტერატურა:

1.Tomlinson, C. A. 2003. Fulfilling the promise of the differentiated classroom: Strategies and tools for responsive teaching. Alexandria, VA: Association for Supervision and Curriculum Development.

2.Tomlinson, C. A. 2017ა. How to Differentiate Introduction in an Academically Diverse Classroom. 3rd ed. Alexandria, VA: Association for Supervision and Curriculum Development.

  1. https://scienceandliteracy.org/differentiated-instruction-strategies/

 

 

ახალი წლისა, ახალი იმედებისა

0

ახლა 31 დეკემბრის შუადღეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს წერილი არის ბოლო ტექსტი, რომელსაც 2023 წელს დავწერ. პირველადაა, წლის ბოლო ტექსტი რომ მაქვს. ისიც პირველადაა, ახალ წელს ახალი სიხარულით, უკეთესის მოლოდინით, უფრო სწორად, უკეთესის რწმენით რომ ვხვდები. როგორ მოხდა ასე?

კი, ბრწყინვალე წელი მქონდა, მადლობა ღმერთს, მაგრამ ჩემი სიხარულიანი მოლოდინის მთავარი მიზეზი ეს არ არის. ჩემი სიხარულის მიზეზი სწორედ ის ძალიან ცუდი გამოცდილებაა, რაც ასევე ამ წელს მივიღე და რაზეც, იმედი მაქვს, სხვა დროს და სხვა ფორმით დავწერ. ეს საშინელება წვეთ-წვეთად მწამლავდა და რა ძალისხმევად დამიჯდა, რომ შრომისუნარიანი ვყოფილიყავი ამ წელს, მხოლოდ მე ვიცი. გამორჩეულად მნიშვნელოვანი და კარგი ჩემთვის წლის ბოლო ორი თვე იყო: კურნების, საკუთარ თავთან დაბრუნების, ძველი სილაღის. ამ ორ თვეში იმასაც მივხვდი, შინაგანად რამხელა ძალა მქონია, რომ ყველაფრის მიუხედავად, იმას, რაც უმთავრესია ჩემს ცხოვრებაში, ლიტერატურას, ჩემგან არაფერი დაჰკლებია.

ალბათ, ამიტომ ვფიქრობ ახლა იობზე.

ნამდვილად გეხსომებათ იობის ამბავი ბიბლიიდან. თუმცა არ ვიცი, იმაზე თუ გიფიქრიათ, რასაც ახლა დავწერ:

რას ამბობს იობი მას მერე, რაც ღმერთი ეცხადება?

„ვიცი, რომ ყოვლისშემძლე ხარ[…] ყურმოკვრით მსმენია შენზე, ახლა კი ჩემი თვალით გიხილე.“ (იობი 42:1-5)

რა იხილა იობმა? ღმერთს არ გაუცია პასუხი მისი შეკითხვებისათვის და რაც უთხრა, ის ხომ იობმა ისედაც იცოდა.

ტექსტში არ წერია, მაგრამ მგონია, რომ იობი იღიმის, როცა ამას ამბობს, დაღლილი კაცის სევდიანი და შვებანარევი ღიმილით:

ვიცი, რომ ყოვლისშემძლე ხარ.

რადგან მიხვდა, რომ არათუ გადარჩა, გაიმარჯვა კიდეც, მიხვდა, რამხელა ძალა ჰქონია – ის, რაც იობს გადახდა, ცოტა უფრო ფაქიზი ფსიქიკის მქონე ადამიანს სამუდამოდ გატეხდა, გააბოროტებდა, ბრაზში ჩანთქავდა. იობი კი არ გატყდა. მან დაინახა ღვთაებრივი უსასრულობა თავის მოთმინებასა და უშიშობაში.

ყურმოკვრით მსმენია შენზე, ახლა კი ჩემი თვალით გიხილე.

ამას მაშინ იტყვი, როცა სიბნელით გარემოცულიც მხოლოდ სინათლეს ასხივებ, როცა შეურაცხყოფაზე შეურაცხყოფით არ უპასუხებ, როცა ბრაზს სიყვარულით ჩააქრობ. მაგრამ ამ ბრაზის უფლება უნდა მისცე შენს თავს დასაწყისში, ის უნდა თქვა, რასაც ფიქრობ, რასაც განიცდი – აკი იობთან ვითომ სანუგეშებლად მისულ მეგობრებს ღმერთი ამას ეუბნება: „აინთო ჩემი რისხვა შენ მიმართ და შენი ორი მეგობრის მიმართ, რადგან ჩემი მორჩილი იობივით გულწრფელად არ ილაპარაკეთ ჩემზე.“ (იობი 42: 7)

კი, უნდა აღიარო, რომ რაღაც ცუდი შეგემთხვა, რომ უსამართლოდ შეგემთხვა, რომ ასე არ უნდა დაემცირებინე არავის, მაგრამ სულ მაგ განცდაში არ უნდა დარჩე. რა მოხდება, თუ დაძლევ? როგორ სრულდება იობის ამბავი?

„და აღუდგინა უფალმა იობს მისი დოვლათი, […] ერთი იმდენი მიუმატა უფალმა იობის საბადებელს! […]უკურთხა უფალმა იობს დარჩენილი დღეები წინანდელზე უფრო მეტად […]“ (იობი 42:10-12)

იობის ამბავი არ არის ამბავი მოთმინებაზე – ეს არის ამბავი ბოროტების ღირსეულად ატანაზე მაშინ, როცა ვერაფერს ცვლი, ეს არის ამბავი სიმამაცეზე, ეს ძლიერი, მოუდრეკელი ადამიანის ამბავია. და ტექსტში არ წერია, მაგრამ, მგონია, რომ „წინანდელზე უფრო მეტად ნაკურთხი დღეები“ მხოლოდ მატერიალურზე არ უნდა მიუთითებდეს – ამ ფრაზით მინიშნებულია ის სიხარულიც, რომელმაც იობის გულში დაისადგურა. სხაგვარად რომ ვთქვათ, მხოლოდ იობის ცხოვრება კი არ გაუმჯობესდა, იობი თავად გახდა  უ კ ე თ ე ს ი  ა დ ა მ ი ა ნ ი.

არ ვიცი, თქვენი წელი როგორი იყო, მაგრამ, მგონი, ეს ისეთი რამეა, სულ რომ უნდა გახსოვდეს.

ამ წელს დიდი გეგმები მაქვს. ჰოდა, ვაპირებდი, დღეს 12 საათამდე 12 სურვილი ჩამომეწერა და ბალიშის ქვეშ დამედო – არის ასეთი რწმენაც, ახალი წლის პირველ დილას რომელიც ხელს გამოჰყვება, ის აგისრულდება. გადავიფიქრე – რისთვის უნდა ამოვირჩიო თორმეტიდან ერთი, როცა ნამდვილად ვიცი, თორმეტივე ამისრულდება?

თორმეტიც და იმაზე მეტიც.

დაე, ყველას დიდი სიყვარულის წელი გვქონდეს!

ნალექი გულში

0

სოფლის სახლის ჭიშკარს გასცდები თუ არა, მარცხნივ უნდა აიღო გეზი. გზის იქეთა მხარეს გადახვიდე, ოღონდ ფრთხილად, თორემ სწრაფი მოძრაობაა და მოხედვას ვერ მოასწრებ, მანქანა წამოგადგება თავს. შემდეგ ცოტა გაიარო და ისევ მარჯვნივ შეუხვიო. სახლი ეზოში ღრმად დგას. რაღაცნაირად „ორჩოფეხებზე“ შემხტარი ერთსართულიანი პაწაწა სახლუკაა. დღეს მიტოვებულია, აღარავინ არის. ადრე „ჯიქიძიანთ “ ქალი ცხოვრობდა.
ჰო, სოფლებში ყველას თავისი ზედმეტი სახელი აქვს მიკუთვნებული. ჩემს ქეთო ბებოს, მეორენაირად თებროსაც ეძახდნენ. თუმცა, „ვისაანთ“ თებრო იყო, აღარ მახსოვს. შესაბამისად, მეც „ვისაანთ“ ქეთო გამოვდივარ, არც ეგ ვიცი. თუმცა, „ვიღაციანთ“ უეჭველი ვიქნები.
ჰოდა, „ჯიქიძიანთ“ ქალიც, რომელსაც თამარა ერქვა, ალბათ ჯიქიძე იყო გვარად, ან სხვა რამე ნათესაობა ქონდა ჯიქებთან. ბებო მიკრძალავდა, მასე არ დაუძახო, თამარა ბებო უთხარიო. მარტოხელა იყო, ქმარი ომში დაკარგვოდა, შვილი არ ყავდა. ცხოვრობდა თავისთვის პაწაწა სახლში. წინ ბანზე ლიმონის ხე ედგა და სეზონზე რამდენიმე ლიმონს აუცილებლად მომიწყვეტდა.
ზოგჯერ, მე და ბებო საღამოობით ვესტუმრებოდით ხოლმე. თვითონ ვერ მოდიოდა, იმ სწრაფი გზის გადმოსვლის ეშინოდა. ლიმონის ხის გვერდით დავსკუპდებოდი და ამათ საუბარს ვუსმენდი ხოლმე.
-ეჰ, ქეთო, ქეთო (ბებიაჩემს მიმართავდა), ვინ რა იცის რამდენი ნალექი მაქვს გულშიო.
სულ მიკვირდა, გულში ნალექს რა უნდა, ან საიდან ხვდება, რომ ნალექი აქვს თქო.
როცა 8 წლისას მამა გარდამეცვალა, სამძიმარზე მოვიდა (აჯობა იმ დიდი გზის შიშს), გულში ჩამიკრა და ჩამჩურჩულა:
-აჰა, ბალღო, პირველი ნალექი შენც ჩაგიდგაო. ცოდვა ხარ ჯერ, პატარა ხარო.
მაშინ მივაყურადე გულს და ნალექი მართლა ვიგრძენი. მერე და მერე, მოგროვება განვაგრძე და მივხვდი, რომ ნალექების მოსაგროვებლად ვცხოვრობთ.
ჰოდა, რადგან ვერსად დავემალებით, ამ წერილში ნალექებს აღვწერ.
არა, ატმოსფერულ ნალექებზე არ ვსაუბრობ. მაგ ამბით, თუ გახსოვთ მეკობრეები იყვნენ დაინტერესებულნი. 25 პუნქტისგან შემდგარი თავისი კოდექსი ქონდათ, სადაც ზედმიწევნით ზუსტად იყო გაწერილი ქცევის წესები. მაგალითად:

1.ეკიპაჟის თითოეულ წევრს თანაბარი უფლებები აქვს მოპოვებულ ნადავლზე;
2.თითოეული წევრი ნადავლის მოპოვებაში თანაბრად მონაწილეობს;
3.ეკიპაჟს გადამეტებული ლოთობა ეკრძალება;
4.გემზე ჩხუბი და აყალმაყალი დაუშვებელია;
5.შიში მეკობრის საქმე არ არის;
6.ბავშვები და ქალები გემზე არ დაიშვებიან;
7.ერთ-ერთმა წევრმა თვალ-ყური უნდა ადევნოს ამინდის ცვლილებას და ატმოსფერულ ნალექებს, ამცნოს ეკიპაჟს.
აი, ეს მეშვიდე პუნქტი სწორედ ქიმიას უკავშირდებოდა , რადგან ატმოსფერულ ნალექებს ე.წ. „Storm glass” -ით წინასწარმეტყველებდნენ.
სპირტხსნარით სავსე მინის კოლბა იყო, მასში გარკვეული პროპორციით გახსნილი იყო ქაფური, ამონიუმის ქლორიდი და კალიუმის ნიტრატი. ჰერმეტულად იყო დახურული, მირჩილული საცობით. შიგნით მუდმივად რაღაც ხდებოდა – კრისტალები ხან წარმოიქმნებოდნენ, ხან ქრებოდნენ. კარგ ამინდში კოლბაში ხსნარი სუფთა და გამჭვირვალე რჩებოდა, ნალექი ფსკერზე ჩადიოდა. წვიმის მოსვლისას, ნალექი ზემოთ ამოდიოდა და გამჭირვალე ხსნარში პატარა კრისტალები შეიმჩნეოდა. აციებისას კრისტალები ნემსისებურ ფორმას იღებდნენ. ქარიშხლის დროს სითხე თითქოს დუღილს იწყებდა და ქაფურის კრისტალები ზედაპირისკენ მიემართებოდნენ.
„Storm glass” იმდენად მგრძნობიარეა, რომ ამინდის მკვეთრი გაუარესება ნახევარი საათით ადრე შეუძლია იწინასწარმეტყველოს.
ბუნებაში ნებისმიერ ცვლილებას მოვლენა ეწოდება. მოვლენებს, რომელთა დროსაც ნივთიერებათა ქიმიური გარდაქმნა არ ხდება, ფიზიკური მოვლენა ეწოდება. ამ დროს შეიძლება შეიცვალოს ნივთიერებათა აგრეგატული მდგომარეობა ან სხეულის ფორმა.
მოვლენებს, რომელთა დროსაც ნივთიერებათა ქიმიური გარდაქმნა ხდება, ქიმიური მოვლენები, ანუ ქიმიური რეაქცია ეწოდება. ის, რომ ქიმიური მოვლენა მართლაც მოხდა, რამდენიმე ნიშნით ხდება ნათელი: გამოიყოფა აირი ან იცვლება ფერი ან ვრცელდება სუნი ანდა ნალექი გამოიყოფა.

წერილში სწორედ ეს ნალექები განვიხილოთ.

პირველი ნალექის მისაღებად ავიღოთ ვერცხლის ნიტრატი და დავამატოთ ნატრიუმის ორთოფოსფატი. გამოიყოფა ლამაზი ლიმონის ფერი ყვითელი ნალექი.
3AgNO3+Na3PO4=Ag3PO4+3NaNO3
ეს რეაქცია წყალში ფოსფატ იონების აღმოსაჩენადაც გამოიყენება.
ვერცხლის ნიტრატის ხსნარზე თუ კალიუმის იოდიდით ვიმოქმედებთ, ასევე ყვითელი ფერის ნალექი გვექნება, ოღონდ ოდნავ უფრო ღია. ნატრიუმის ქლორიდის ხსნარით მოქმედებისას კი თეთრ ხაჭოსებრ ნალექს მივიღებთ. თუ ვერცხლის ნიტრატზე კალიუმის დიქრომატით ვიმოქმედებთ, მაშინ აგურისფერ ნალექს მივიღებთ.
შემდეგ რეაქციაში გამოვიყენოთ ნატრიუმის ორთოფოსფატი და დავამატოთ რკინის (III) ქლორიდს. გამოილექება მკრთალი ყვითელი ნალექი, რომელიც დაყოვნებისას გათეთრდება.
FeCl3+Na3PO4=FePO4+3NaCl
შემდეგი რეაქციისთვის დაგვჭირდება რკინის (II) სულფატის ხსნარი, რომელსაც წვეთობით დავამატებთ ნატრიუმის ტუტის ხსნარს. წარმოიქმნება რკინის (II) ჰიდროქსიდი, რომელსაც ჭუჭყისფერი მწვანე შეფერილობა აქვს. დაყოვნებისას კი მოწითალო შეფერილობაში გადავა, რადგან რკინის (III) ჰიდროქსიდად გარდაიქმნება.

FeSO4+2NaOH=Fe(OH)2+Na2SO4
4Fe(OH)2+O2+H2O=4Fe(OH)3
თუ რკინის (II) სულფატის ხსნარს ფოსფატს დავუმატებთ, Fe3(PO4)2 ღია ჭაობისფერი ნალექი წარმოიქმნება. სამვალენტიანი რკინის ფოსფატი კი თეთრი ფერის ნალექად გამოვა.
შემდეგი რეაქციისთვის სპილენძის სულფატია საჭირო. დავამატოთ კვლავ ნატრიუმის ტუტე, წარმოიქმნება სპილენძის (II) ჰიდროქსიდის მომწვანო ფერის ნალექი.
CuSO4+2NaOH=Cu(OH)2+Na2SO4
თუ ახლად წარმოქმნილ ნალექს გლიცერინს დავამატებთ, მაშინ კაშკაშა მოიისფრო ნალექი წარმოიქმნება. გლიცერინი სამატომიანი სპირტია და ეს რეაქცია თვისებითი რეაქციაა სპირტებზე.

თუ სპილენძის სულფატს ფოსფორმჟავას დავამატებთ, წარმოიქმნება სპილენძის ფოსფატის ღია ცისფერი ნალექი Cu3(PO4)2.
თუ სპილენძის სულფატს კალიუმის იოდიდს დავუმატებთ, სპილენძის იოდიდის მოყავისფრო ნალექი წარმოიქმნება.
თუთიის სულფატს თუ ნატრიუმის ფოსფატს დავამატებთ, თეთრი ფერის თუთიის ფოსფატი წარმოიქმნება.
3ZnSO4+2Na3PO4=3Na2SO4+Zn3(PO4)2
ასევე, ალუმინის სულფატის და ფოსფატის ურთიერთქმედებით წარმოიქმნება ალუმინის ფოსფატის AlPO4 თეთრი ნალექი.
თუ კობალტის ქლორიდს დავამატებთ ნატრიუმის ტუტის ხსნარს, ძლიან ლაზამი ლურჯი ფერის ნალექი წარმოიქმნება.
CoCl2+NaOH=Co(OH)2+NaCl
ნეტავ ცხოვრებისეული გულში დაგროვილი ნალექები მხოლოდ კობალტივით ლამაზი ფერის იყოს.

გმადლობთ, ფრაუ ასტრიდ!

0

ვის ცხოვრებაშიც ასტრიდ ლინდგრენის წიგნებს უარსებია, ვფიქრობ, ყოველთვის
იპოვის ძალას ცხოვრებისეულ სირთულეებთან გასამკლავებლად. შეიძლება მოიწყინოს,
მაგრამ როდესაც მისი ცხოვრება მუქი ფერებით აივსება ან ასე მოეჩვენება, მაინც
შეძლებს იმ სხივების დანახვას, რომლებიც ბავშვობაში ასტრიდის წიგნებმა გააჩინა
მასში და რომელიც ნამდვილად არსებობს ჩვენ ირგვლივაც.
ასტრიდის შემოქმედებამ უზარმაზარი სიკეთე და სიხარული მოუტანა სამყაროს
ბავშვებს და არა მხოლოდ მათ, ჩვენ – ზრდასრულებსაც, რომლებიც, როცა კი
მივუბრუნდებით მის უჩვეულოდ კეთილი სულით დაწერილ და გამთბარ წიგნებს,
ყოველ ჯერზე ვფიქრობთ, რომ მას ყველაზე კარგად ესმოდა ბავშვური, ადამიანური
სულის საიდუმლოებები.
ზრდასრულობაში ლინდგრენის ნაწარმოებების წაკითხვა კი უფრო მეტად გვაფიქრებს,
ახლა ხომ თავად გვყავს შვილები და ყოველდღიურად მათი სულის ანარეკლებთან
გვიწევს პირისპირ ყოფნა – ჩვენი შეცდომებით, ზოგჯერ არასწორი მიდგომებით ან
სწორი/არასწორი ქცევით. მათ ვძერწავთ, ვამზადებთ მომავალი ცხოვრებისთვის,
რომელიც გვინდა იყოს მათთვის კეთილი და საიმედო. ახლა უდიდესი
პასუხისმგებლობებით ვართ სავსე, გავუფრთხილდეთ, არ დავაზიანოთ, გავაძლიეროთ
და ბედნიერება ვაგრძნობინოთ მათ. ჩვენზეა დამოკიდებული როგორები იქნებიან ისინი
მომავალში, როგორ გაუმკლავდებიან სიძნელეებს, იქონიებს თუ არა გავლენას ჩვენ მიერ
ჩადებული სიკეთის მარცვალი მათზე და როგორ შეძლებენ გადარჩენას, როცა
იფიქრებენ, რომ ყველაფერი დამთავრდა, სამყარო საშინლად მოსაწყენი და უსახური
ადგილია მათთვის.
მწერლის პერსონაჟების სამყარო ბავშვებისთვის თბილი და მშობლიურია. ბავშვები აქ
თავს დაცულად და ლაღად გრძნობენ, აქ არის მზრუნველი გარემო, რომლის ცენტრიც
ბავშვია, მისი სიხარული და კარგად ყოფნა. ის უყვართ და პატივს სცემენ, ზრუნავენ და
მათ კეთილდღეობაზე ფიქრობენ. ასტრიდის ორიენტირიც ბავშვია, ბედნიერი, ცელქი,
თავგადასავლებისმოყვარე, ოინბაზი, ინტერესიანი, თავდაჯერებული, ზოგჯერ უმწეო
და თავის წიგნებში, ბედნიერ, მხიარულ ბავშვთან ერთად, მაინც შემოჰყავს ისეთი
პერსონაჟი ბავშვი, რომელზეც უნდა ვიფიქროთ, რომლის კარგად ყოფნაც უფროსების
პასუხისმგებლობაა და თუ ასე არ მოვიქცევით, ეს მძიმე ცხოვრებით ნაცხოვრები ბავშვი,
სადღაც ცხოვრების მრუმე ფერებში ჩაიკარგება და ვერავინ გადაარჩენს. ახლა ამაზე
მაფიქრებს დიდი საბავშვო მწერალი, რომ ემპათია აუცილებელია, რომ ვალდებული
ვართ სითბო და ყურადღება სხვებსაც გავუნაწილოთ.
ლინდგრენის სხვადასხვა ნაწარმოებებს ხშირად ვკითხულობ ჩემი რვა წლის
გოგონასთვის. ბოლო დროს მადიკენის არაჩვეულებრივ თავაგდასავალს ვუკითხავ,
ვეღარც ვიხსენებ უკვე მერამდენედ და ისევ შემოდის მნიშვნელოვანი სასაუბრო თემები,
ის, რაზეც სკოლაში უნდა ესაუბრებოდნენ ბავშვებს და ალბათ ესაუბრებიან კიდეც,
რადგან ბავშვებსაც სჭირდებათ მხარდაჭერა თანატოლებისგან, მათაც აშინებთ

გარიყულობა და ყველაზე მეტად მეგობრობა და თანადგომა სჭირდებათ
ერთმანეთისგან. ასტრიდის ლიტერატურულ სამყაროში კი ყველაფერი დგას სიკეთეზე,
ერთმანეთის მხარდაჭერაზე და იმ მოწყვლადი, უმწეო ბავშვის განსაცდელიდან
ამოყვანაზე, რომელიც, ვერ გრძნობს რომ განსაკუთრებულ ადგილას მოხვდა და
პირიქით, ეს სამყარო მისთვის დიდი ხათაბალაა.
როგორი გამამხნევებელი იქნება პეპი გრძელიწინდას წაკითხვა ისეთი გოგოსთვის,
რომელსაც დედა აღარ ჰყავს. პეპი ხომ შეუპოვრობის, დამოუკიდებლობის, სიძლიერისა
და ემპათიური ბავშვის მაგალითია ყველასთვის, რომელიც არაფრად დაგიდევს
სოციალურ წესებსა და ნორმებს, ცხოვრობს მარტო მაიმუნთან და ცხენთან ერთად. არ
დადის სკოლაში, არ ჰყავს მშობლები გვერდით. თუმცა ყველა წინააღმდეგობის
დაძლევას იოლად ახერხებს, რადგან ძლიერია და კეთილი გული აქვს, სხვის
დასახმარებლად მუდამ მზად არის. პეპი საოცრად კეთილი გულის ბავშვია, მზრუნველი
მეგობრებისა და სხვა უმწეო მდგომარეობაში ჩავარდნილი თანატოლების მიმართ.
როგორ უყვარს მეგობრების დასაჩუქრება, როგორ ზრუნავს მათზე. ერთი შეხედვით
თითქოს უყურადღებო გოგონა, როგორი დაკვირვებულია, რა უსაზღვრო თანაგანცდა
აქვს. შეუძლებელია პატარა მკითხველმა წაიკითხოს პეპი გრძელწინდას ამბავი და ეს
გამორჩეული სიკეთე ვერ დაინახოს მასში.
„ჩემი წიგნებით ბავშვებისთვის ჭკუის სწავლებას არ ვცდილობ, მუშაობის დროს მე არც
ლიტერატურაზე ვფიქრობ და არც პედაგოგიკაზე. ყველაზე მეტად ის მიტაცებდა, რომ
თავს კვლავ ბავშვად ვგრძნობდი… მე მხოლოდ ისეთ წიგნებს ვწერდი, რომლებიც
მომწონდა, რომელთა წაკითხვას, უპირველ ყოვლისა მსიამოვნებდა. ამის გარეშე არც კი
მექნებოდა იმედი, რომ ჩემი წიგნები სხვასაც მოეწონებოდა“, – ეს ასტრიდ ლინდგრენის
სიტყვებია.
ჩვენც ვკითხულობთ მის ნაწარმოებებს და ყოველ ჯერზე ჩვენში იღვიძებს მარადიული
ბავშვი, რომელიც უზომოდ მადლიერია იმ სამყაროში მოხვედრისთვის, რომელიც
უზომოდ ფერადი და დამაფიქრებელია.
გმადლობთ, ფრაუ ასტრიდ!

თუ ბავშვს სწავლა არ უნდა

0

ერთხელ, ორ ქალბატონს შორის საინტერესო და საყურადღებო საუბრის უნებლიე მოწმე გავხდი. მეორე და მეშვიდე კლასელი ბიჭუნების დედები ერთმანეთს შესჩიოდნენ საკუთარ გასაჭირს და წუხდნენ იმის გამო, რომ სერიოზული ძალისხმევა სჭირდებოდათ შვილების გაკვეთილების მოსამზადებლად დასასმელად. „ჩემი გიო უკვე მეორე კლასს ამთავრებს და ვერაფრით შევაყვარე სწავლა, ყოველდღე ბრძოლა მაქვს მასთან გამოცხადებული, რომ როგორმე სასკოლო დავალებები შევასრულებინო“ – წუხდა მეორეკლასელი გიოს დედა. „რას ამბობ!? – გაკვირვება ვერ დამალა მეშვიდეკლასელი დათუნას მშობელმა – მეორე კლასში ჩემი დათუნა წიგნს არ უშვებდა ხელიდან, ძალიან მოსწონდა და უყვარდა კიდეც სწავლა. კლასში ერთ-ერთ საუკეთესო მოსწავლედ ითვლებოდა. თუმცა, მეხუთე კლასიდან ყველაფერი შეიცვალა, თანდათან დაკარგა ინტერესი, სწავლასაც მოუკლო და ახლა საერთოდ აღარ მემორჩილება, არ ვიცი, რა მოვუხერხო“.

უნდა ითქვას, რომ სწავლისადმი ინტერესის არქონა, ან უკვე ჩამოყალიბებული სასკოლო საქმიანობისადმი დადებითი დამოკიდებულების და ინტერესის დაკარგვა უჩვეულო მოვლენა ნამდვილად არ არის. ამასთან, მართალია, სწავლის სურვილი შეიძლება ბავშვს ნებისმიერ ასაკში არ ჰქონდეს, მაგრამ მისი გამომწვევი მიზეზები განვითარების სხვადასხვა ეტაპზე მყოფ მოზარდთან სრულიად განსხვავებულია და ასევე განსხვავებულია ის გზებიც, რომლებიც აღნიშნულ პრობლემას დაგვაძლევინებს.

  სწავლისადმი ინტერესის და სურვილის არქონის გამომწვევი ძირითადი მიზეზები სასკოლო სწავლების სხვადასხვა ეტაპზე: 

  • დაწყებით კლასებში, განსაკუთრებით კი სწავლების პირველ წელს, ძირითადი მიზეზი, თუ რატომ არ უნდა ბავშვს სკოლაში წასვლა და სასკოლო სწავლებაში ჩართვა, შეიძლება იყოს სასკოლო სწავლებისათვის მზაობის დაბალი დონე. ამასთან, ეს ეხება, როგორც მოტივაციურ, ისე ინტელექტუალურ, სოციალურ, ემოციურ-ნებელობით და ფიზიკურ მზაობასაც კი. განურჩევლად იმისა, ყველა მიმართულებით ფიქსირდება სასკოლო მზაობის დაბალი დონე, თუ მხოლოდ ცალკეული მიმართულებებით, ბავშვს ნებისმიერ ვარიანტში ექნება სირთულეები სკოლასთან ადაპტაციასა და სწავლისადმი დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში;
  • სასწავლო საქმიანობის ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი უნარ-ჩვევები და ხერხები, რომლებიც ბავშვს სასწავლო მასალის დასწავლას გაუადვილებდა. დაწყებით კლასებში, უფროსების საყვედურების საპასუხოდ, არცთუ ისე იშვიათად, შეწუხებული ბავშვისგან შეიძლება გავიგოთ ასეთი ფრაზა – „არ ვიცი, როგორ ვისწავლო“;
  • ნაკლებად ხდება ბავშვის ინდივიდუალურ-ტიპოლოგიური თავისებურებების გათვალისწინება და მათი გამოყენება შემეცნებითი საქმიანობისათვის. ასე, მაგ., სწავლების პროცესში სირთულეები შეიძლება წარმოშვას მოსწავლის ტემპერამენტის ტიპის გაუთვალისწინებლობამ – როგორც წესი, ქოლერიკები ყველაზე შრომისუნარიანები, პროდუქტიულები არიან გაკვეთილის დასაწყისში ან გაკვეთილის ბოლოს. ფლეგმატიკები კი პირიქით – გაკვეთილის შუა ნაწილში. ფლეგმატიკს უჭირს მოულოდნელად დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა, მას აუცილებლად ესაჭიროება დრო აზრების დასალაგებლად, გონების მოსაკრებად, მაშინ, როცა ქოლერიკისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს დავალების დაუყოვნებლივ შესრულება და მოულოდნელად დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა;
  • სწავლისადმი უარყოფითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებისა და სწავლის სურვილის დაკარგვის მიზეზი შეიძლება გახდეს ასევე სასწავლო მასალის სირთულე („ძალიან რთულია, ვერაფერი გავიგე“), ან პირიქით – მისი სიმარტივე („ყველაფერი მარტივი, ნათელი და გასაგებია“). ასეთ შემთხვევაში ბავშვს შეიძლება მოწყენილობა დაეუფლოს და საერთოდ დაკარგოს ინტერესი სწავლის მიმართ;
  • მასწავლებლის ნეგატიური დამოკიდებულება მოსწავლის მიმართ, ან მასწავლებლის მიერ ბავშვების მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულების დემონსტრირება. პედაგოგის ფავორიტების ყოფნა კლასში ცალკეულ მოსწავლეებში სერიოზულ უკმაყოფილებას იწვევს და ადვილი შესაძლებელია სკოლისა და სწავლისადმი უარყოფითი დამოკიდებულების მიზეზიც გახდეს;
  • დღის არასწორი რეჟიმი, სწავლისა და დასვენების არასწორად ორგანიზება;
  • გადაჭარბებული მოთხოვნები ბავშვის მიმართ, მისი შესაძლებლობების შეუსაბამო დავალებებით დატვირთვა;
  • გარდატეხის ასაკში სწავლისადმი უარყოფითი დამოკიდებულებისა და სწავლის სურვილის დაკარგვის მიზეზი შეიძლება გახდეს ბავშვის განვითარების ამ ეტაპზე აღმოცენებული „დიდობის“ გრძნობა და ის პრობლემები, რომლებიც აღნიშნული გრძნობის გაჩენას უკავშირდება. თანდათან სუსტდება უფროსების, როგორც მშობლების, ასევე პედაგოგების ავტორიტეტი და ძლიერდება თანატოლთა გავლენა. ხშირად მოზარდი თანატოლის აზრს უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს, ვიდრე უფროსების აზრს. როგორც წესი, ის ხერხები და საშუალებები, რომლებსაც აღმზრდელები ადრე იყენებდნენ, ამ პერიოდში უკვე აღარ მუშაობს. მოზარდები ყველანაირად ცდილობენ თვითდამტკიცებას, თანატოლთა წრეში სასურველი ადგილის დამკვიდრებას. მათი მთელი ძალისხმევა, ენერგია სწორედ აქეთ არის მიმართული. სწავლა მათთვის მეორეხარისხოვანი ხდება და უკანა პლანზე გადადის;
  • ხშირად მოზარდისთვის სასწავლო საქმიანობაში აქტიურად ჩართვის სერიოზული ხელისშემშლელი ხდება სწავლის მიღმა სერიოზული გატაცებების გაჩენა, რის გამოც სკოლისათვის მას დრო აღარ რჩება;
  • უფროსკლასელებში სწავლისადმი დამოკიდებულებასა და სასწავლო ინტერესს ის საგნები განსაზღვრავს, რომლებიც მათ შერჩეული პროფესიისთვის მოსამზადებლად და თვითგამორკვევისთვის გამოადგებათ. ამიტომაც არის, რომ ამ ასაკობრივ საფეხურზე ერთი საგნის მასწავლებელი მას შეიძლება სწავლის სურვილის არქონის გამო საყვედურობდეს, მეორე პედაგოგი კი მის საგანში მაღალი სასწავლო მოტივაციის გამო აქებდეს.

რეკომენდაციები სხვადასხვა ასაკობრივ საფეხურზე მოსწავლეებში სწავლის სურვილის გასაძლიერებლად:

  • თუ სასკოლო სწავლების საწყის ეტაპზე ბავშვის უარყოფითი დამოკიდებულება სკოლასთან და სწავლის სურვილის არქონა სკოლისათვის მზაობის დაბალი დონით არის გამოწვეული, საჭიროა ფსიქოლოგთან თანამშრომლობით განვსაზღვროთ, სასკოლო მზაობის რომელი მიმართულებით განვითარებაზეა აუცილებელი მუშაობა. შევარჩიოთ სპეციალური განმავითარებელი სავარჯიშოები, რომლებიც დაგვეხმარება, გამოვუმუშაოთ ბავშვს საჭირო სასწავლო უნარ-ჩვევები, რაც, თავის მხრივ, შეუმსუბუქებს მას სასწავლო პროცესში წარმოშობილ სირთულეებს. გავითვალისწინოთ, რომ დაწყებით კლასებში გადაუჭრელი პრობლემა შეიძლება წლებთან ერთად კიდევ უფრო გამწვავდეს და მოგვიანებით ჩვენმა მცდელობამ, გავუღვიძოთ ბავშვს სწავლისადმი ინტერესი და ჩამოვუყალიბოთ სასწავლო პროცესისადმი დადებითი დამოკიდებულება, აღარანაირი შედეგი არ გამოიღოს;
  • სასწავლო საქმიანობის დაგეგმვისას გავითვალისწინოთ ბავშვის შესაძლებლობები, ინტერესები; უყურადღებოდ ნუ დავტოვებთ მის შიშებს, ეჭვებს და სასიხარულო მომენტებს სკოლაში. მიწოდებული დავალებები უნდა იყოს ბავშვის შესაძლებლობების შესაბამისი, მისთვის დაძლევადი, თუმცა არც ზედმეტად მარტივი იმისათვის, რომ მისი შესრულება ბავშვისთვის მოსაწყენი არ გახდეს;
  • ნამუშევრის შეფასებისას, პირველ რიგში, ყურადღება მივაქციოთ იმას, რაც კარგად არის გაკეთებული და არა შეცდომებს. წავახალისოთ წარმატებული ქმედებები და გადაწყვეტილებები. წარმატებულობის განცდა საუკეთესო გზაა სწავლის სურვილის გასაღვიძებლად და სწავლისადმი დადებითი დამოკიდებულების ჩამოსაყალიბებლად;
  • ვიპოვოთ ხერხი, გზა ბავშვთან ნდობით განმსჭვალული ურთიერთობის დასამყარებლად. მხოლოდ მიზეზის პოვნით, თუ რატომ არ სურს ბავშვს სწავლა, მივხვდებით, როგორ დავეხმაროთ მას. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ საჭირო განზრახვის აღმოცენებასა და მის შესრულებას შორის დიდი დრო არ უნდა გავიდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისწრაფება შეიძლება ჩაქრეს. მიზანშეწონილი იქნება უმცროსკლასელთა წინაშე დავაყენოთ არა შორეული და მსხვილმასშტაბიანი, არამედ არცთუ დიდი, ახლო და მათთვის გასაგები ენით მიწოდებული მიზნები;
  • შევეცადოთ გაკვეთილი ისე წარვმართოთ, რომ ის ბავშვისთვის უინტერესო და მოსაწყენი არ აღმოჩნდეს. გავითვალისწინოთ, რომ ბავშვები უფრო წარმატებულად სწავლობენ, როცა უფრო საინტერესოა მათთვის სასწავლო პროცესი. ამასთან, საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ მოწყენილობა აღმოცენდება მონოტონურობის სიტუაციაში. იმისათვის, რომ დავაინტერესოთ ბავშვი სწავლით, როგორც მინიმუმ, უნდა გავამრავალფეროვნოთ გამოყენებული საგაკვეთილო აქტივობები და შესასრულებელი სასწავლო დავალებები;
  • არ შეიძლება იმის გაუთვალისწინებლობაც, რომ ბავშვს გაკვეთილზე ყოფნა სწყინდება მაშინაც, როცა ყველაფერი ზედმეტად მარტივი და გასაგებია, ან პირიქით – მაშინ, როცა ყველაფერი გაუგებარია. სწორედ ამიტომაა საჭირო მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების პრინციპების გამოყენება და ინდივიდუალური დავალებების მიწოდება ბავშვებისთვის;
  • ყურადღება მივაქციოთ დღის რეჟიმს. სასურველია, რომ ადგილი ჰქონდეს ფიზიკური და გონებრივი დატვირთვის მონაცვლეობას. დღის რეჟიმის შედგენისას ბავშვთან ერთად განვიხილოთ თითოეული პუნქტი, გავითვალისწინოთ მისი პირადი დროც. ამასთან ერთად, არ დაგვავიწყდეს ბავშვის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინება. შევარჩიოთ ოპტიმალური, მისი ძალების, შესაძლებლობების შესაბამისი დატვირთვა, არ გადავღალოთ, მაგრამ არც ზედმეტად დიდი დრო დავუტოვოთ უსაქმურობისათვის;
  • გავითვალისწინოთ, რომ გარდატეხის ასაკში მყოფი ბავშვები ზედმეტად დიდ დროს კარგავენ არასასკოლო ინტერესების დასაკმაყოფილებლად და შემდეგ წუწუნებენ, რომ სწავლისათვის დრო აღარ რჩებათ. შევეცადოთ, მათთან ერთად ჩამოვაყალიბოთ მოქმედების მიზნები და ვასწავლოთ რამდენიმე მიზანზე ყურადღების გადანაწილება, პრიორიტეტების გამოყოფა და მიზნების მიღწევა გონივრული თანმიმდევრობით, ასევე დროის ორგანიზება;
  • შევეცადოთ, თავი შევიკავოთ მოზარდის ცხოვრებისეულ არჩევანზე ზეწოლისაგან. მხარი დავუჭიროთ მას საკუთარ არჩევანში მაშინაც კი, თუ მის ადგილას ჩვენ სხვანაირად მოვიქცეოდით;
  • ნუ ვაიძულებთ მოზარდს, ისწავლოს დაშინებით, მუქარით, დანაშაულის გრძნობის შთაგონებით;
  • დაუშვებელია ბავშვის დაცინვა მარცხის, წარუმატებლობის გამო და მისი სხვა ბავშვებთან შედარება, ასევე სრულყოფილების მოთხოვნა მისგან;
  • ნურასოდეს დავკარგავთ იმედს, ყოველთვის გვჯეროდეს ბავშვის, მაშინაც კი, თუ ის ვუნდერკინდად არ არის დაბადებული. გვახსოვდეს, რომ ჩვენზეა დამოკიდებული მისი წარმატებები, ჩვენს ძალებშია დავეხმაროთ მას შესაძლებლობების რეალიზებაში, საკუთარი ძალების რწმენის გაძლიერებაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სწავლის სურვილის არქონის შემთხვევაში, თუ მიზეზებს ზუსტად და დროულად აღმოვაჩენთ, არ გაგვიჭირდება, ნებისმიერ ასაკობრივ საფეხურზე ჩამოვუყალიბოთ ბავშვს სწავლისადმი დადებითი დამოკიდებულება.

 

ნიჭი, როგორც მემკვიდრეობა

0

„ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი“, ალბათ ეს ფრაზა მილიონჯერ მაინც გაგიგონიათ. მათ შორის, თქვენი მისამართითაც.

ან იქნებ პირიქით, თქვენი მისამართით ეს ფრაზა არასდროს თქმულა, მხოლოდ იმას გეუბნებოდნენ, რომ „ბეჯითი და მუყაითი“ ხართ?!

„ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი“ – ეს ფრაზა მასწავლებლებს ხშირად ქება ჰგონიათ. ერთი მხრივ, თუ დავაკვირდებით, ასეცაა. თუმცა მოსწავლეზე ის არ მოქმედებს, როგორც პოზიტიური შეფასება. ეს უფრო ეგოს გაგულისებაა, იმის დაჯერება, რომ ზარმაცი ვარ, მაგრამ ნიჭიერი და ბოლოს მაინც ყველაზე უკეთ გამომდის ყველაფერი. და როცა საბოლოოდ ყველას შესრულებულ სამუშაოს ნახავენ და მიხვდებიან, რომ ჩემი ყველას სჯობს, გაუკვირდებათ – რანაირად, ეს ხომ ზარმაცია, არ სწავლობსო. მაგრამ დააყოლებენ, სამაგიეროდ ნიჭიერია და ამიტომ ყველაფერს შეძლებს, წარმოიდგინეთ, ეს რომ იმდენს მეცადინეობდეს, რამდენსაც ის, ხომ საერთოდ მთებს გადადგამდაო.

ეს ამპარტავნული და, რაც მთავარია, სიცრუით სავსე შხამი ნელ-ნელა იკიდებს ფეხს მოზარდის გონებაში და ის იწყებს დაჯერებას, რომ ყველაზე ნიჭიერია და ყველაფერი ყოველთვის სხვებზე კარგად უნდა გამოუვიდეს. ამ ყველაფერს უამრავი უარყოფითი მომენტი ახლავს თან.

ნიჭიერს, პირველ რიგში, აუცილებლად ისეთ ბავშვს ეძახიან, რომელიც, როგორც წესი, დასაწყისიდანვე აჩვენებს აკადემიურ წარმატებას; მალე სწავლობს წერას, კითხვას, ანგარიშს, გამრავლების ტაბულას და სხვა საბაზისო რამეებს. ასეთ დროს მოსწავლეები ქების ზედოზირებას იღებენ ხოლმე, რაც ნელ-ნელა არწმუნებთ იმაში, რომ გამორჩეული არიან და ყველაფერი სრულყოფილად უნდა გამოუვიდეთ. სიტუაცია კიდევ უფრო რთულდება, თუ ეს ნიჭი „მემკვიდრეობით აქვთ მიღებული“ და ეს გამუდმებით ჩაესმით. მაგალითად, ასეთი ბაბუის შვილიშვილია და აბა რა იქნება; ასეთი ჭკვიანი დედა ჰყავს, აბა სხვანაირად როგორ და ა.შ. მსგავს ქებას დადებითი გავლენა იშვიათად აქვს: კი, შესაძლებელია, იმ მომენტში ბავშვისთვის წამახალისებელი აღმოჩნდეს, თუმცა პარალელურად ბავშვი იწყებს იმის დაჯერებას, რომ მისი ნიჭი სრულყოფილია და ასეთი ბებიისა და დედის შვილმა შეცდომა არაფრით არ უნდა დაუშვას. გაასმაგებულად საშიშ სიტუაციაში შევალთ, თუკი მოსწავლეს მართლა აქვს ისეთი ოჯახური გარემო, რომელსაც მის მიერ დაშვებული შეცდომის, დაბალი ქულის ან რაიმე მსგავსის მიმღებლობა არ აქვს. ასეთი სიტუაციიდან ვიღებთ პერფექციონისტს, რომელიც მთელი ცხოვრება ვერ პატიობს თავს დაშვებულ შეცდომებს, ყოველთვის მკაცრად ექცევა თავს და გამუდმებით ბევრს ითხოვს მისგან, სულ მცირე დეტალსაც დიდხანს უკირკიტებს და ა.შ.

„ნიჭიერს, მაგრამ ზარმაცს“ რომ დავუბრუნდეთ, ასეთ მოსწავლეებს არ ასწავლიან ყველაზე მთავარს, რომ ნიჭი უნივერსალური არასდროსაა. შეიძლება რაღაცაში მქონდეს ნიჭი, რაღაც კი საერთოდ არ გამომდიოდეს. ვიღაც კარგად წერს, ვიღაც კიდევ უკეთ; ვიღაც უკრავს, ვიღაც ლამაზად ხატავს; ვიღაცამ კი უკვე რაღაც ააწყო ფიზიკის კაბინეტში. ჩვენ ყველა სხვადასხვა კუთხით ვვითარდებით, ჩვენი ინტერესებისა და გატაცებების მიხედვით, და ამავდროულად საკუთარ თავზე მუშაობით ნებისმიერი უნარის შეძენა და დახვეწა შეგვიძლია. როგორც ჩანს, ამ ყველაფერზე ბავშვებთან საუბარი უფრო რთულია, ვიდრე უბრალოდ მათი ორ კატეგორიად – ნიჭიერებად და ბეჯითებად დაყოფა.

ამის გამო ე.წ. ნიჭიერები იჯერებენ, რომ ყველაზე უკეთესები არიან და ნებისმიერი რამ, რაც საპირისპიროზე მიუთითებს, მათთვის ტრაგედიად იქცევა. ყალიბდება შიში, რომ მათი გაკეთებული ნებისმიერი საქმე შეიძლება ისეთი კარგი არ იყოს, როგორც მათ ნაქებ ნიჭიერებას შეეფერება. სწორედ ასე იწყება პროკრასტინაცია. როცა ადამიანმა იცის, რომ რაღაც აქვს გასაკეთებელი, შფოთავს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქმის თავის დროზე დაწყება და შესრულება თავიდან აირიდოს. ეს ჩუმი, უმართავი შიშია იმისა, რომ მისი გაკეთებული საქმე არ ივარგებს, რომ რაღაც ისე ვერ გამოვა, რომ შეიძლება ჩაფლავდეს, ეს კი მას არ ეკადრება.

სწორედ ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი პატარა ადამიანებისაკენ მიმართული ყველა სიტყვის აწონა, თუნდაც ქება გვეგონოს, მასაც თავისი საზღვრები აქვს. არ დააჯეროთ მოსწავლე, რომ ყოველმხრივ ნიჭიერია და ყოველთვის ყველაფერი გამოუვა. უთხარით მას, რაშია საუკეთესო, რაში კარგი და რას შეძლებს უკეთესად, თუ უფრო მეტს იმუშავებს. უთხარით, რომ ის კარგია, მხოლოდ იმიტომ, რომ თავის თავს ჰგავს და არა ექიმ მამას ან მათემატიკოს ბებიას. უთხარით, რომ მილიონ შეცდომას დაუშვებს და მილიონ საქმეს ჩააფლავებს, მაგრამ ეს მხოლოდ პროცესია, რადგან ორ მილიონს გააკეთებს და ორმილიონჯერ იამაყებს ამით.

რაც მთავარია, სამუდამოდ დაივიწყეთ „ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი“, რადგან ეს მოსწავლეს არც ქებად წაადგება და არც დამუნათებად.

სადამრიგებლო საათისთვის: ის, რაც მოდაშია…

0

ახალგაზრდების ჩაცმულობა და იერსახე ყველა დროსა და ეპოქაში გარკვეულ არასასიამოვნო რეაქციებს იწვევდა წინა თაობის ადამიანებში. ახალგაზრდებს კი თავის დამკვიდრება და ყურადღების მიქცევა სურთ. განსაკუთრებით გარდატეხის ასაკში, როცა სხეულის პროპორციები დარღვეულია ჰორმონული ცვლილებების გამო, სახის კანზე არასასიამოვნო გამონაყარია, მოზარდს აღარ მოსწონს საკუთარი თავი და სხვა ელემენტებით ცდილობს თავის გამოჩენას – იკეთებს პირსინგს, იზრდის, იღებავს, იპარსავს თმებს, იხატავს ტატუს, იგრძელებს ფრჩხილებს, იკეთებს შილაკს… კიდევ ბევრი მაგალითის მოტანა შეიძლება. ჩვენი, როგორც დამრიგებლების და ზოგადად მასწავლებლების მოვალეობაა, მოსწავლეს ავუმაღლოთ თვითშეფასება, ოდნავ მაინც შევუწყოთ ხელი საკუთარი თავის შეყვარებაში. ამისთვის სადამრიგებლო საათის ფარგლებში აქტუალურ საკითხებზე მსჯელობა კარგი საშუალებაა. ქვემოთ შილაკის ამბებია განხილული.

მოსწავლეებში შილაკი ძალიან პოპულარულია, მეშვიდე კლასის ზემოთ გოგოების დიდ უმრავლესობას შილაკი აქვს გაკეთებული. ხშირად „შილაკიანი“ თითებით მოსწავლეები დაფასთან გამოსვლასაც ერიდებიან, ან ცარცს ვერ იკავებენ ხელში ან თვლიან, რომ ფრჩხილები გაუფუჭდებათ. ერთ დღეს ვიკითხე, რატომ იკეთებენ შილაკს. ერთმა ძალიან საყვარელმა გოგომ მითხრა, სახლში მაქვს შილაკის აპარატი და იმიტომო. ბევრ ოჯახში მართლაც არის შილაკის აპარატი. ამიტომ მნიშვნელოვანია, მათ იცოდნენ, რა სიხშირით არის მისი გამოყენება უსაფრთხო. ისიც ყურადსაღებია, რომ, მაგალითად, იტალიაში, სალონებში შილაკის გაკეთებისგან უკვე თავს იკავებენ, რადგან კვლევებით დაადასტურეს მისი სავარაუდო მავნე ზეგავლენა ფრჩხილის სტრუქტურაზე.

 

სინამდვილეში Shellac არის ფისი, რომელსაც ხეებზე მდედრი მწერი Kerria lacca გამოყოფს. სიტყვა წარმოდგება ორი ნაწილისგან: Shell – ნიჟარა, lac – კი მწერის სახელია.

 

ფრჩხილების არტი ისეთი პოპულარული როგორც დღეს არასდროს ყოფილა. ბზინვარების მინიჭება, გამაგრება, მოხატვა – მთავარია, გაამხილო სურვილი და ყველა სახის მომსახურების მიღება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ძალიან მარტივია.

 

შილაკი ლაქის ალტერნატივაა მათთვის, ვისაც ფრჩხილების მოწესრიგებული საფარის დიდხანს შენარჩუნება სურს. ეს არის ფრჩხილის მოვლის ორი საშუალების – ჩვეულებრივი ლაქისა და მოდელირებული გელის ჰიბრიდი. ის პირველს ჰგავს წასმის ტექნიკით და ფერების მრავალფეროვნებით, მეორეს კი – მედეგობით. შილაკის საფარი ფრჩხილზე შეიძლება უცვლელად სამ კვირამდე შენარჩუნდეს. ერთადერთი, რაც მის „ხანდაზმულობას” გასცემს, ფრჩხილის ფირფიტის ფუძესთან წამოზრდილი ფრჩხილის ნაწილია. შილაკის წასმის ტექნიკა ჩვეულებრივი ლაქის წასმასთან შედარებით რთულია, ამიტომ პროცედურა სალონებში ტარდება. სპეციალური ხელსაწყოების გარეშე მისი სახლში გაკეთება გართულდება.

შილაკის გასაკეთებლად მნიშვნელოვანი ეტაპებია:

  • ფრჩხილის ფირფიტის ზედაპირული დამუშავება და უსწორმასწორობების მოშორება (სწორი ზედაპირი ლაქის ფრჩხილთან მოჭიდების აუცილებელი პირობაა);
  • ცხიმის ფენის მოშორება;
  • ფრჩხილზე ბაზისური საფარველის დატანა. (ის ფრჩხილს იცავს ფერადი ფენის პიგმენტების მავნე ზემოქმედებისაგან და ზრდის ლაქის ფრჩხილთან მოჭიდებას);
  • ორ ფენად ფერადი საფარველის დატანა.

შილაკს ჩვეულებრივი ლაქისგან ის განასხვავებს, რომ ყოველი ფენის შემდეგ ფრჩხილს ერთი წუთის განმავლობაში აშრობენ ულტრაიისფერი სხივებით (ზოგიერთ შემთხვევაში LED ნათურით). საფარი პოლიმერიზდება და მყარდება სხივების ზემოქმედებით.

შილაკის ლაქი შეიცავს ფოტოინიციატორს და მონომერს. ეს უკანასკნელი ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით პოლიმერიზდება და მკვრივდება (ამ ნაწილში ქიმიით დაინტერესებაც შეიძლება). ულტრაიისფერი სინათლისგან ფოტოინიციატორი იღებს ენერგიას, მოლეკულები ვეღარ მოძრაობენ და უკავშირდებიან ერთმანეთს. აპარატიდან ხელების გამოღების შემდეგ გელის ზედაპირი ჯერ კიდევ წებოვანია, ამიტომ ზემოდან უსვამენ იზოპროპილის სპირტს, რომელიც ამავე დროს ინფექციისგან დაცვის საშუალებაცაა. გელის მონომერები გელს უფრო ასქელებს, შილაკის მონომერები კი ლაქს უფრო ათხელებს. შილაკის ერთ-ერთი კომპონენტია მეთაკრილატები, რომელთა საფუძველია მეთაკრილის მჟავა. მეთაკრილატები ჩვეულებრივი მონომერებია პოლიმერულ პლასტმასებში.

აცეტონით შილაკის მოშორება მარტივი არ არის. გაჟღინთეთ ბამბის ტამპონი ხსნარით, შემოახვიეთ ფრჩხილს და დაამაგრეთ ფოლგით. 10 წუთის შემდეგ შეიძლება შილაკის ჩამოფხეკვა. ამ დროს სიფრთხილეა საჭირო, რადგანაც დიდია ფრჩხილის გამოშრობის შანსი. სალონში შილაკს სპეციალური შემადგენლობის ხსნარით აშორებენ, რომელიც უფრო რბილად მოქმედებს, თუმცა საფარის ნარჩენებისგან ფრჩხილის შემდგომი გასუფთავება ასევე ტრავმული პროცედურაა ფრჩხილისთვის. აღსანიშნავია, რომ შილაკი ითვლება ნაკლებად ალერგიულ საფრად, რადგანაც არ გააჩნია სუნი და არ შეიცავს ტოლუოლს, დიბუთილფთალანს და ფორმალდეჰიდს (თუ დამრიგებელი ქიმიის მასწავლებელია შესაძლებელია ამ ნივთიერებებზე რამდენიმე წინადადებაც თქვათ).

რატომ არის საშიში შილაკი?

გავრცელებული მოსაზრებით, შილაკი ფრჩხილისთვის საშიში პროცედურაა, რადგანაც აგრესიულად მოქმედებს ფრჩხილის ფირფიტაზე. ამას გარდა, ზედაპირის დამუშავებისა და გაპრიალების პროცესმაც შეიძლება ფრჩხილის დაზიანება გამოიწვიოს, ამ მანიპულაციებმა კი – ფრჩხილის განლევა, გათხელება. ფრჩხილის სტრუქტურის სრულად და მუდმივად შეცვლა მას არ შეუძლია. შილაკისგან ორთვიანი შესვენების შემდეგ ფრჩხილი პირვანდელ სახეს იბრუნებს.

მეორე საკამათო საკითხი შილაკის შრობის პროცესია, რომელიც სპეციალური ნათურით ხდება. ზოგიერთი მეცნიერი იხრება იმ აზრისკენ, რომ შილაკის თითოეული ფენის გასაშრობად გამოყენებული ულტრაიისფერი სხივები შეიძლება ჯანმრთელობისთვის საშიში აღმოჩნდეს. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ კანის კიბოს პრობლემებზე მომუშავე ამერიკელი სპეციალისტები. დაავადების რისკი ძალიან მცირეა, თუმცა სრულად მისი გამორიცხვა არ შეიძლება.

რბილ და მტვრევად ფრჩხილებზე შილაკი უფრო საზიანოა, ვიდრე სასარგებლო.

  • ფრჩხილებმა უნდა დაისვენოს (ორ თვეში ერთხელ ორი კვირით მაინც).
  • ნათურის მავნე ზემოქმედებისგან მაქსიმალურად დასაცავად ექიმები პროცედურის წინ არანაკლებ 15 SPF-ით მზისგან დამცავი ხელის კრემის გამოყენებას გვირჩევენ.
  • მიმართეთ ისეთ სალონს, სადაც საფარს არა ულტრაიისფერი, არამედ LED-ნათურით ამაგრებენ, რაც გაცილებით უსაფრთხოა.

 

არსებობს სხვა ალტერნატივებიც:

აკრილი – ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების გარეშე ჰაერზე შრება და ფრჩხილის ზედაპირის ისეთი სიგრძე და ფორმა აქვს, როგორიც მომხმარებელს სურს. გელს ტოპინგსაც კი ამატებენ, რომ ნახატი დიდხანს დარჩეს. ეს იმ ადამიანებისთვისაა საუკეთესო დამცავი საშუალება, ვისაც ფრჩხილების კვნეტის მავნე ჩვევა აქვთ. ის ძალიან იაფი საშუალებაა. აკრილს აქვს ქიმიური ორთქლი, ამიტომ სალონი კარგად უნდა ნიავდებოდეს.

 

გელი აკრილზე უფრო მოქნილია, მისი გაშრობისთვის ულტრაიისფერი სხივებია აუცილებელი. აკრილისგან განსხვავებით სუნი ნაკლებია, გელის მოცილება სახლში სახიფათოა, აკრილის – არა, აცეტონითაც ძალიან მარტივად შორდება ფრჩხილის ზედაპირს. გელი ორ კვირამდე ძლებს, უფრო ძვირია. ვიდრე აკრილი, თუმცა უფრო ნაკლებად ძლებს.

  • თუ ბუნებრივად ძლიერი ფრჩხილები გაქვთ, შილაკი საუკეთესო ვარიანტია;
  • თუ სამოგზაუროდ მიდიხართ გელი საუკეთესოა;
  • თუ თქვენ გაქვთ სუსტი ფრჩხილები, მაშინ აკრილი გამოიყენეთ;
  • მაინც გაითვალისწინე, რომ ნებისმიერ ლაქს აქვს ფრჩხილების დაზიანების პოტენციალი.

(მასწავლებელმა უნდა მიანიშნოს, რომ არსებობს ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების რისკი, თუმცა ჯერ არც საკმარისი კვლევებია ჩატარებული, რომ ის დაადასტუროს და არც საკმარისი დროა გასული, რომ შილაკის მომხმარებელი ადამიანის ფრჩხილებისა და კანის მდგომარეობაზე მისი გავლენით გამოწვეული ცვლილებები შეაფასოს. ამიტომ სიფრთხილის გამოჩენა მაინც მნიშვნელოვანი და საჭიროა).

 

დამატებითი რესურსები:

https://youtu.be/7w2gCBL1MCg ვიდეოში საუბარია ფრჩხილისა და ბრჭყალების მსგავსებასა და განსხვავებაზე, მათ მნიშვნელობაზე.

https://youtu.be/aTSVHwzkYI4 ვიდეოში საუბარია ფრჩხილის აგებულებაზე, მისი სტრუქტურისა და ფერის ცვლილებაზე. ფრჩხილების როლზე ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად.

https://youtu.be/G35kPhbUZdg ვიდეოში საუბარია გინესის რეკორდების წიგნში შეტანილ ადამიანებზე უცნაურად გრძელი ფრჩხილებით.

თმა და ფრჩხილები, კანის რქოვანი დანამატები

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. https://www.compoundchem.com/2017/04/06/nail-polish/
  2. https://www.chemistryislife.com/the-chemistry-of-gel-and-shellac-nails
  3. https://youtu.be/G35kPhbUZdg
  4. https://youtu.be/aTSVHwzkYI4
  5. https://youtu.be/7w2gCBL1MCg

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...