პარასკევი, აგვისტო 1, 2025
1 აგვისტო, პარასკევი, 2025

ლამარა – ზრუნვის დიდოსტატი

0

„გარდაიცვალა დედაჩემი

მშვიდად მიიღეთ

ამოწურა თავისი სასიცოცხლო ძალები“

დაწერა დედაჩემმა ჩვენს საოჯახო „ჩატში“, მარტის დასაწყისის ერთ ცივ და სუსხიან დღეს. ისეთივე სუსხიანი და მკაცრი იყო ახალი მოვლენის გააზრება, რომელსაც ეს სამი წინადადება იტყობინებოდა, როგორც თავად ფაქტი. ამის შემდეგ, ჩვენთან ლამარა აღარ იქნებოდა, ბაღდათის სახლი მის გარეშე მოიწყენდა, ჩვენ ხომ მოვიწყენდით და მოვიწყენდით მის გარეშე და საშინელი სევდიანობა შეგვეყრებოდა. ყოვლად აუტანელი გახდა ამ მოცემულობასთან შეგუება, უცებ გავიზარდე რამდენიმე წლით და მძიმე ფიქრების ღრუბელში გავეხვიე.

ზრდასრულობის მიუხედავად, ყოველთვის ბავშვურად მჯეროდა, რომ ბებიები, ძალიან, ძალიან გვიან უნდა მიდიოდნენ ჩვენგან. ან როდის არის ეს „ძალიან გვიან“, რომ მათთან ყოფნას შეველიოთ და მათი წასვლა უმტკივნეულოდ გადავიტანოთ?! აი, მე კი თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ ლამარა არასდროს დაგვტოვებდა. არასდროს დატოვებდა საკუთარ სახლს, საკუთარ საქმეებს, საყვარელ ადამიანებს და კიდევ 100 წელი მაინც ივლიდა ბაღდათის კოპწია ქუჩებში ზამთარში ლურჯი ბერეტით, ზაფხულში შავი საზაფხულო ქუდით; კიდევ 100 წელი იქანავებდა ჩვენის სახლის ჭიშკართან, კარალიოკის ხეზე  ჩამოკიდებულ საქანელაზე გულის „დასასვენებლად“, კიდევ უფრო დიდხანს შეაწუხებდა გაზაფხულობით წნევები და შესაცვლელი ექნებოდა წნევის მარეგულირებელი წამლები, კიდევ უფრო დიდხანს გააგრძელებდა შვილებზე და შვილიშვილებზე ზრუნვას.  შეუძლებელი იქნებოდა სხვანაირად, რადგან თვითონაც ეცოდინებოდა, რომ მისი წასვლით ყველაფერი გაფუჭდებოდა და მეგონა, ამას  არაფრით დაუშვებდა.

ლამარა მაინც წავიდა, – მშვიდად და ღირსეულად, საყვედურების და წვალების გარეშე. წასვლისასაც არ უღალატია მისი საუკეთესო თვისებისთვის, ეტვირთა იმაზე მეტი, ვიდრე შეეძლო; აეღო იმაზე მეტი პასუხისმგებლობა, ვიდრე ამას სხვები მოელოდნენ მისგან. აქაც გაგვიფრთხილდა და დაგვიცვა… ამის მერე ბევრს ვფიქრობდი იმაზე, რომ მხოლოდ ისეთ ქალს, როგორიც იყო ლამარა ჭელიძე-ყურაშვილი, მხოლოდ  ასეთ დედას შეუძლია გაზარდოს მამა ანდრიასნაირი  ადამიანები, რომლებიც უპირობოდ, ზედმეტი კირკიტის, ორჭოფობის და რაციონალური განსჯის და ჩხრეკვის  გარეშე ხდებიან სხვების სიმძიმის თანამტვირთველები და ყველაზე მძიმე პასუხისმგებლობასაც პირველები იღებენ საკუთარ მხრებზე.

ბაღდათი, ბაღდათის სახლი, ლამარა, ჩვენ ყველა ერთად ამ სახლში – საუკეთესო მოგონებების კიდობანია. სახლში უამრავი საბავშვო წიგნია, ყველა მკითხველი ბავშვისთვის საოცნებო ადგილი. არც წიგნის კითხვას გიშლის ვინმე, არც საქმეს გაძალებს – იკითხე, დაისვენე, შეიფერე, დატკბი ბავშვობით! აქ წავიკითხე ასტრიდ ლინდგრენის, მარკ ტვენის, იანუშ კორჩაკის წიგნები. ამ სახლის წიგნების დახმარებით იძერწებოდა ჩემში პატარა მკითხველი. ეს სახლი ჩემი ყველა საყვარელი საბავშვო ლიტერატურული პერსონაჟის სახლიცაა, სადაც ვკითხულობდი პეპი გრძელწინდას, ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონის თავგადასავალს, ემილის თავგადსავალს, ბიულერბიულ ბავშვებზე ამბებს, „ჩვენ სალტკროკელები ვართ“ და ა.შ. და ა.შ. წიგნები, გაზეთები, ფურცლები, ჩანაწერები – ბაღდათის სახლის შეუცვლელი რეკვიზიტები იყო ყოველთვის და ასე დარჩება სულ. ხანისწყალი, სათავე და იქ გატარებული დრო ყველაზე ჯანსაღად გატარებული დროა, რაც კი შეიძლება გამახსენდეს ბავშვობიდან – მზისგან შებრაწულებს ბებია ლამარა ცხელ ჭადებს რომ დაგვახვედრებდა, ვარდისფერ პამიდორს, გემრიელ ყველს, მწვანე ლობიოს, აწეწილ ბადრიჯანს ნიგვზით. ბაღდათის სახლი ყოველთვის იყო გემრიელად გამასპინძლების კერა თითოეული ჩვენგანისთვის, სადაც ბუხარში მინავლულ ნაკვერჩხლებთან ერთად კეცებში თვლემდა ნეშოიანი ჭადები და რეგულარულად ფუვდებოდა ცომი ხაჭაპურებისთვის. ლამარა ყოველთვის ეზიდებოდა პროდუქტს ბაზრიდან და იყო შესყიდვის ნამდვილი ექსპერტი, რომელსაც ყველაფერი ბევრი და გამოულეველი უნდა ჰქონოდა სახლში შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის, შვილთაშვილებისთვის, მეზობლისთვის, მეგობრებისთვის და შეჭირვებულისთვის გასაგზავნად და „მისაკითხად“. ჩემი შვილები ღრმად იყვნენ დარწმუნებული იმაში, რომ ლამარა იყო მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ბებია, რადგან ბაღდათში ყოველი სტუმრობისას პენსიის ფულით ასაჩუქრებდა:“რამე იყიდეთო, ბებიაო“.

ადრეული ბავშვობის მოგონებებში მკრთალად ციმციმებს იმერული ზამთარი –  დიდთოვლობა ბაღდათში, ცელოფნის პარკებით სრიალი ჭიშკრამდე და სახურავიდან გადმოხტომა უზარმაზარ თოვლში.

შემდეგ უკვე, მე და ლამარა ბებია ძველ და ძნელ 90-იანებში, უშუქობის პერიოდში, საღამოს, ბაზრისთავში მივდივართ, ერთ-ერთ ჩვენს მეზობელთან, რომელსაც ე.წ. “დვიჟოკი“ აქვს, რომ სხვა ჩვენსავით შეკრებილ ბაღდათლებთან ერთად გვეყურებინა „ველური გულისთვის“ და , ერთად გვენერვიულა ვენესუელურ დრამაზე, ხუანის და მონიკას სასიყვარულო გამოწვევებზე.

ახლახანს ვიყავი. მწვანედ ხასხასებდა  ყველაფერი. მისაღებ ოთახში სარკმელი იყო ღია და მზის შუქ-ჩრდილები ფარდაზე ირეკლებოდა. ვარდებს უკვე გადაუყვავილიათ, ისეც ხდება, რომ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს გამოვტოვებთ ხოლმე. ბაღდათის სახლი მცხუნვარე მზით იყო განათებული, გამთბარი და ისეთი მშობლიური, როგორც ნამდვილი ბავშვობის სახლი. მძაფრდება სიმშვიდის და დაცულობის, სანდოობის და მიჯაჭვულობის შეგრძნება და პარალელურად ისმის ჭრიჭინების გაბმული ჭრიჭინი, ქათმების კრიახი, მამლების ყივილი… ზაფხულია. ეს სამყაროსთან თანაცხოვრების, თანაარსებობისთვის გაყვანილი ბილიკებია და ერთგვარი სამოქმედო მოდელი, სამყაროსთან საუბრის და დამეგობრებისთვის ჩაყრილი საძირკველი.

მე ყოველთვის მეშინოდა ბებიების სიკვდილის, ამიტომ ლამარას ისე ველაპარაკები, როგორც დროებით ჩვენგან წასულს რაღაც საქმეზე და მის არყოფნაზე ფიქრიც ისეთი დამთგრუნველი აღარაა. შეიძლება ბაზრისთავშია, იქნებ ელისოს მაღაზიაში, იქნებ ეკლესიაში, იქნებ პროდუქტებით დატვირთული ტაქსშია და მალე გაჩერდება ჩვენი ნაცრისფერი ჭიშკრის წინ და შემოგვძახებს:“ ნონა, ლელა, მომეშველეთ“. როგორ შეიძლება დაგეზაროს ჭიშკართან ჩარბენა და ნესვების, დიდი, ვარდისფერი პომიდორების, უგემრიელესი ყველის, სურნელოვანი ატმების სახლში ამოტანა და დაბინავება. ბოლო დროს ჭადის ფქვილის ყიდვა და თბილისში გამოგზავნა რაღაც ხერხებით და საშუალებებით ლამარას ფუნქციად იქცა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი სულ მავიწყდება ყიდვა, მგონია ამაზე კიდევ ლამარა იზრუნებს და ვინმე წამომიღებს ბაღდათიდან, კარგ, იმერულ ჭადის ფქვილს, თბილისში რომ ვერსად ვერ ვიშოვი ისეთს და  მარტო მან რომ იცის შერჩევა, მარტო მას რომ აქვს შეგულებული, კაი ნაცნობები რომ ჰყავს ბაღდათის ბაზარში და მისთვის რომ აქვთ გადანახული ყველაფერი კაი.

„შენ რაფერ ხარ ბებია? ბოვშები რაფერ არიან? ჩვენ რა გვიჭირს, კარგად ვართ ყველა“ – ეს ჩვენი სატელეფონო საუბრის დასაწყისია – ყოველთვის იმედიანი, გადამდები და გამამხნევებელი ტონით.

„კარგად ბებია, ერთმანეთს გოუფრთხილდით და მოუარეთ. მადლობა მოკითხვისთვის“ – ეს ტრადიციული დამშვიდობებაა.

ლამარა ჭელიძე მთელი მისი მონაგარის მეხსიერებაში დარჩება ზრუნვის მასწავლებლად და დიდოსტატად.

 

 

 

 

 

იდეიდან ტექსტამდე

0

(პირველი ნაწილი)

ამ წერილს უფრო ჩემთვის ვწერ და კიდევ – ჩემი მკითხველებისათვის. ჩემთვის იმიტომ, რომ შემოქმედებითი პროცესი უკეთ გავიაზრო (გამოცდილი მწერალი ამას უსტატიოდაც მოახერხებდა, მაგრამ მე ხომ ასეთი არ ვარ). მკითხველებისთვის კი იმიტომ, რომ ყველა მკითხველს სურს ხოლმე, თავის საყვარელი ავტორის შიდა სამზარეულოში შეიჭყიტოს. ეგ მეც მიყვარს, როგორც მკითხველს და ჩემი მკითხველებიც შემოქმედებითი საქმიანობის დეტალებით ხშირად ინტერესდებიან. ამ წერილში მხოლოდ ერთ, კონკრეტულ საკითხს შევეხები, მაგრამ იმედი მაქვს, მათ ცნობისმოყვარეობას ნაწილობრივ მაინც დავაკმაყოფილებ.

არ ვიცი, შეიძლება, ზოგი ავტორი, თავში იდეა მოუვა თუ არა, მაშინვე იწყებს წერას. მე – არა, იდეის მოსვლიდან წერის დაწყებამდე თვეები გადის და ზოგჯერ, შეიძლება წლებიც გავიდეს. ახლა, მაგალითად, მაქვს იდეა, რომელიც „აკუმის“ იდეაზე ადრინდელია, მე კი დღემდე არ შევდგომივარ მის განხორციელებას. არადა, სათაურიც მაქვს და პირველი ფრაზაც. სულერთია – ის დასაწერად მზად არ არის, არ არის მზად და მორჩა. აი, მზად როდის იქნება ან იქნება თუ არა საერთოდ, ეგ უკვე ჩემზე აღარაა დამოკიდებული.

აბა, ვისზეა დამოკიდებული?

იდეა ხომ ჩემია და მის განხორციელებასაც მე უნდა მოვაბა თავი?

ამ კითხვებზე პასუხი, სამწუხაროდ, არა მაქვს. მგონი, ესაა ზუსტად ის საიდუმლო, რაც შემოქმედებას შემოქმედებად აქცევს, ის, რისი წყალობითაც ჩანაფიქრი თუ მონახაზი ხელოვნების ნიმუში ხდება.

მე რაც ვიცი, იმას გეტყვით: იდეის გაჩენიდან დაწერამდე ჩემი ტვინის ერთი ნაწილი მუდამ მასზე ფიქრობს. ფიქრისთვის რაიმე განსაკუთრებული პირობები არ მჭირდება, თუმცა გამოგიტყდებით, რომ მგზავრობა, გზაში ყოფნა იდეალურია. მეტრო, ავტობუსი, თუნდაც მანქანით შორ მანძილზე წასვლა – აი, ასეთ დროს გონების მოკრება უფრო მიადვილდება ხოლმე. ამიტომ ყველა ჩანთაში, უფრო სწორად, ორივე ჩანთაში (რომელი ჩანთების კოლექცია მე მაქვს), ყოველთვის მიგდია პატარა წიგნაკი – თუ იდეამ ბევრი სხვა აზრი გამოისხა, ჩემი ბატიფეხურით იქვე რომ მოვინიშნო. მერე ზოგჯერ (ბოლო დროს უკვე – ხშირად) თვითონვე ვეღარ ვარკვევ, რა ჩავიწერე, რაც კიდევ დამატებითი ნერვიულობის წყაროა.

მარგარეტ ეტვუდი გვირჩევს, თუ სადმე მიდიხართ, თან იქონიეთ ფანქარი და ფურცლები, რადგან კალამი, შეიძლება გაგითავდეთ, ფანქარს კი გათლითო. მაგრამ თუ თვითმფრინავით გიწევთ მგზავრობა, მაშინ ეგრევე გათლილი ფანქრები წაიღეთ, სათლელს კაბინაში არ აგატანინებენო.

რა ვიცი, მე კალმით დავდივარ და მინდა გითხრათ, სულ არ ვუჩივი.

რატომ ვინიშნავ?

შიშის გამო ანუ შიშით, რომ დამავიწყდება. სინამდვილეში, არასოდეს არაფერი მავიწყდება. და თუ ბოლოს აღმოჩნდა, რომ ჩანაწერებში ჩანიშნული რომელიმე დეტალი გამომრჩა და ტექსტში არ გადამიტანია, როგორც წესი, ისიც აღმოჩნდება ხოლმე, რომ ეს დეტალი არც ყოფილა ტექსტისთვის საჭირო.

აბა, რა თავს ვიკლავ?

მ ე შ ი ნ ი ა.

და ეს საკმარისი მიზეზია თავის მოსაკლავად.

დამიჯერეთ.

ეს პირველი ეტაპია. მეორე ეტაპია შეგრძნება, რომ იდეა დასაწერად მზად არის. ამას როგორ ვხვდები, ვერ აგიხსნით – თვითონაც არ ვიცი. ამიტომ თუ იდეა მეტისმეტად დიდხანს ვხარშე გონებაში და მის დასაწერად მზაობას მაინც ვერ ვგრძნობ, შიში მიორმაგდება: რა ხდება? საერთოდ რომ ვერ დავწერო? ზედმეტი რომ ვიფიქრო და ფიქრში დაწერამდე გაუვიდეს ყავლი? რომ ვერ მივხვდე, რომ მზადაა? მაგას როგორ უნდა მივხვდე?

ფიქრში ყავლის გასვლა ჩვეულებრივი ამბავია. ჩემი აზრით, ეგ იმას მიგვანიშნებს, რომ ასეთი იდეა არც ღირდა დასაწერად. ამიტომ მასზე გულის ხეთქა ფუჭია. შეიძლება, პირიქითაც მოხდეს – დაიწყო წერა, შუამდე ჩახვიდე და აღარ დაასრულო, რადგან სანამ შუამდე ჩახვედი, შენი ცხოვრება შეიცვალა და ის აღარაა შენი სათქმელი, რაც წერის დაწყებისას იყო. მაქვს ერთი ეგეთი ტექსტი – აიოვაში ყოფნისას დაწყებული რომანი, რომლის პირველი ორასი გვერდი დაწერილია და მეტი აღარ დაიწერება – იქ იმდენი რამ მოხდა, რომ ჩამოვედი, უკვე სულ სხვა საფიქრალში ვიყავი. მერე რაც შემემთხვა, იმან კიდევ სხვა იდეის განვითარებას შეუწყო ხელი.

ერთი სიტყვით, გარდაუვალი კანონია – რაც დასაწერია, აუცილებლად დაიწერება. რაც არა და, ესე იგი, ასე უმჯობესი იყო ყველასთვის.

წერამდე მე კიდევ ერთი ეტაპი მაქვს: კვლევა. ზოგჯერ ის თავად წერის ეტაპსაც ემთხვევა ხოლმე. მოკლედ, ქრონოლოგიას მნიშვნელობა არა აქვს, თავად პროცესის მიმდინარეობაზე გეტყვით:

აიოვაში ყოფნისას მექსიკელმა პოეტმა, დავიდ ანუარმა ილაპარაკა წერისწინა სამუშაოებზე და რომელიღაც სხვა პოეტის ციტატა მოიხმო, როცა წერ, ყოველი სიტყვა სისხლში უნდა იყოს ამოვლებულიო. თავად კი დაამატა, საამისოდ ორი გზა არსებობს: ან პირად გამოცდილებას უნდა დაეყრდნო ან უნდა იკვლიო. თვითონ ორივე გზას კარგად იცნობს – თუ ერთი კრებულისთვის ბიძგი დედის ავადმყოფობამ მისცა, მეორე კრებულისთვის არქივებსა და ბიბლიოთეკებში ძრომიალი დასჭირდა.

დავიდს რომ ვუსმენდი, მივხვდი, რომ მე მეორე გზის მწერალი ვარ – მწერალი, რომელიც იკვლევს. პირად გამოცდილებას არასდროს ვეყრდნობი, დიდი-დიდი რაღაც მოტივები ავიღო იქიდან, რომლებსაც მერე კიდევ გარდავქმნი, მაგრამ მთლიანი ამბავი ჩემი ცხოვრებიდან ჩემს ტექსტებში არასდროს ხვდება. ბევრჯერ მსმენია ეს დარიგება: „დაწერე იმაზე, რაც იცი!“ მე კი პირიქით, ყოველთვის იმაზე ვწერ, რაც არ ვიცი. ვწერ იმისთვის, რომ ჩემი არცოდნა კითხვებად დავშალო, ვწერ შეცნობის იმედით, მაგრამ ამ მდგომარეობას ვერასდროს ვაღწევ. ალბათ, ამიტომ ვაგრძელებ წერასაც.

ცოდნისა და სწავლისადმი ჩემი სიყვარულის მიუხედავად, წერის წინა კვლევა მეზიზღება – მე ხომ ამ შემთხვევაში, ვიკვლევ იმას, რაც ტექსტს სჭირდება და არა იმას, რაც მაინტერესებს. ახლა იტყვით, რომ ჩემსავე თავს ვეწინააღმდეგები. სულაც არა – „ახალ აღქმაზე“ მუშაობისას ბიბლიის ეგზეგეტიკა, რაც იყო კიდეც ჩემი წერის საგანი, ნამდვილად მაინტერესებდა, აი, ძველი ისრაელის ყოფა-ცხოვრება და არქეულოგიური გათხრების შედეგები კი – არა. მაგრამ ამ უკანასკნელის შესწავლის გარეშე ტექსტის მხატვრულ სამყაროს ვერ ავაშენებდი. „აკუმის“ შემთხვევაში კიდევ უფრო მარტივადაა საქმე: ცხადია, მედიცინა არ მაინტერესებს, რომ მაინტერესებდეს, ექიმი გამოვიდოდი. მაგრამ რა მექნა? იდეა მოითხოვდა, რომ სამედიცინო ნაწილი კარგად შემესწავლა. მაგალითად გამოდგება ჩემი ზემოთ ნახსენები დაუსრულებელი რომანიც – მარტოხელა მამაზეა. მარტოხელა მამის თემა უთუოდ მაინტერესებდა და არ ვიცოდი (რადგან, როგორც მოგეხსენებათ, არც მამა ვარ და არც – მარტოხელა), მაგრამ მისი შვილის ავადმყოფობის შესახებ უამრავი სამედიცინო სტატია წავიკითხე და ეს სულაც არ იყო სასიამოვნო საქმე. მისი ცოლი პოსტსამშობიარო ფსიქოზით იტანჯებოდა – ეს თემაც მიზიდავდა, თუმცა აქაც უამრავ სამედიცინო ლიტერატურას გავეცანი და ბოლოს ცოტა მომწყინდა. აი, კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხსაც მივადექით – კვლევის კიდევ ერთი უბედურება ისიცაა, რომ დანამდვილებით იცი: უმეტეს ნაწილს იმისას, რასაც წაიკითხავ, წერისას არ გამოიყენებ. ეს ყოველთვის ასე ხდება. მით უფრო, რომანის შემთხვევაში – აბა, როგორ უნდა განსაზღვრო, საით წავა ამბავი და მესამასე გვერდზე რისი ცოდნა დაგჭირდება და რისი არა? ამიტომაც სჯობს, იცოდე მეტი, ვიდრე ნაკლები. არც ჰემინგუეის დასჭირდა ის ყველაფერი, რაც თევზაობაზე იცოდა, როცა „მოხუცი და ზღვა“ დაწერა, გამოვტოვეო, – დასძენს, – როცა იცი და ტოვებ, არ ეტყობაო. როცა არ იცი და ამის გამო გამოტოვებ, დაეტყობა.

ამიტომ კვლევისას სიზარმაცე გაუმართლებელია.

თუმცა არც კარგად ნაკვლევი საკითხია კარგი ტექსტის დაწერის გარანტია. შესაბამისად, ჩემ მიერ ზემოთ ნახსენები შიშიც არასოდეს გტოვებს. მაგრამ ეს უკვე შემდეგი წერილის თემაა…

გაგრძელება იქნება

 

სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშების უსაფრთხოება ონლაინ სივრცეში

0

ჩვენი უფროსი გოგონა ბარბარე 5 წლის ხდება. მან უკვე იცის როგორ უყუროს ვიდეოებს იუთუბში, დარეკოს მესენჯერით და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდული აქვს  წვდომა,  მაინც ახერხებს ასაკთან შეუსაბამო და არასასურველი ვიდეოების ნახვას. ამ სტატიაზე მუშაობისკენ სწორედ საკუთარმა გამოცდილებამ მიბიძგა. ძიების პროცესში ინტერნეტში ძალიან ბევრ სასარგებლო რესურსს გავეცანი. განსაკუთრებით მომეწონა ვებ-გვერდი www.commonsense.org და მათი საგანმანათლებლო რესურსები.

გაკვეთილი: უსაფრთხოება ონლაინ სამეზობლოში

საკვანძო შეკითხვა: როგორ ვესტუმროთ ვებ-გვერდებს უსაფრთხოდ?

ინტერნეტ შესაძლებლობები ბავშვებს საშუალებას აძლევს მოინახულონ ის ადგილები, რომლებსაც რეალურ ცხოვრებაში, მოზარდობამდე ვერ ესტუმრონ. როგორც რეალურ სამყაროში, ასევე ონლაინ „მოგზაურობისას“ მნიშვნელოვანია იყვნენ უსაფრთხოდ და იცოდნენ სად შეიძლება შესვლა და სად არა. ქვემოთ მოცემული გაკვეთილის გეგმა მასწავლებელს/მშობელს დაეხმარება სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვებს  განუვითარონ ინტერნეტ უსაფრთხოების უნარები და მისცენ სათანადო ცოდნა.

გაკვეთილის მიზნები:

  • ბავშვები აღმოაჩენენ, რომ ინტერნეტის გამოყენება შესაძლებელია შორეული/მიუწვდომელი ადგილების მოსანახულებლად და ახლი ინფორმაციის მისაღებად;
  • შეადარებენ, რამდენად ჰგავს რეალურ სამყაროში უსაფრთხოება ინტერნეტში უსაფრთხოებას;
  • ისაუბრებენ ინტერნეტში უსაფრთხოდ მოგზაურობის წესებზე.

აქტივობა პირველი – ვკითხოთ მოსწავლეებს თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დავრჩეთ უსაფრთხოდ, როცა ახალ და უცნობ ადგილებს ვსტუმრობთ?

მათი პასუხები დავაფიქსიროთ დაფაზე ან დიდ ფურცელზე. შემდეგ ვასწავლოთ სამი ძირითადი წესი:

  • ყოველთვის ვიაროთ ზრდასრულ ადამიანებთან ერთად;
  • თავი შევიკავოთ მარტო სიარულისგან;
  • ვისაუბროთ მხოლოდ ნაცნობ ადამიანებთან.

აქტივობა მეორე – როგორც ქუჩაშია საჭირო უსაფრთხოების დაცვა, ასევე ონლაინ/ვებ სივრცეშიც უნდა დავიცვათ შესაბამისი წესები.

როგორ შეიძლება მოვხვდეთ ონლაინ სამყაროში? ვთხოვოთ ბავშვებს დაასახელონ სხვადასხვა ტექნიკური საშუალებები, მათთვის ნაცნობი აპლიკაციები და სოციალური ქსელები.

აქტივობა მესამე – ვიდეო ჩვენება და განხილვა

მოსწავლეები უყურებენ ვიდეოს, სადაც მთავარი გმირი სტუმრობს რეალურ ადგილებსა და ინტერნეტ ვებ-გვერდებს.

სადისკუსიო კითხვები:

  • რა მოეწონა მთავარ გმირს ინტერნეტში?
  • რა სახის საქმის გაკეთება შეუძლია მას ინტერნეტის დახმარებით?

ვინიშნავთ პასუხებს და ვაგრძელებთ მუშაობას.

აქტივობა მეოთხე – რა წესები უნდა დავიცვათ ონლაინ სამყაროში „მოგზაურობისას“?

შეახსენეთ მოსწავლეებს ის წესი, რომელიც უნდა დაიცვან გარეთ ყოფნის დროს. აუხსენით, რომ ინტერნეტში შესვლამედც დაახლოებით იგივე წესები უნდა დაიცვან.

  1. აუცილებლად უნდა ჰკითხონ მშობლებს და მიიღონ ნებართვა;
  2. ინტერნეტში გაესაუბრონ მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც იცნობენ;
  3. ეწვიონ ისეთ ვებ გვერდებს, რომლებიც შესაბამება მათ ასაკს.

შეჯამება და დავალება

ისეთი მოწყობილობები, როგორებიცაა: კომპიუტერი, ჭკვიანი ტელეფონი, პლანშეტი გაზლევთ საშუალებას სახლიდან თუ საკლასო ოთახიდან მოინახულოთ საინტერესო ადგილები.

მოიძიეთ ინფორმაცია თბილისის ზოოპარკის შესახებ. როდის დაარსდა? როგორ შეიძლება მივიდეთ? რა ღირს შესვლა ბავშვებისთვის? უფროსებისთვის?  რომელი ცხოველების ნახვა შეგვიძლია?

მასალა მომზადებულია ვებ-გვერდზე www.commonsense.org განთავსებული ღია რესურსების მიხედვით და ადაპტირებულია ქართულ რეალობასთან.

 

კომენტარი – ვიდეორესურსი ინგლისურენოვანია. სასურველია მისი ყურების პროცესში ჩაერთოს საგნის პედაგოგი.

 

კინესთეტიკური აქტივობა

0

 ბიოლოგია, როგორც მეცნიერება, მოსწავლეებს სამყაროს მრავალფეროვნების, სიცოცხლის პროცესების და ეკოსისტემების ფუნქციონირების გააზრებაში ეხმარება. ტრადიციული მეთოდებით სწავლებისას მოსწავლეებს ხშირად უჭირთ თეორიული მასალის პრაქტიკაში გააზრება და აღქმა. ამიტომ სხვა ინტერაქტიურ მეთოდებთან ერთად მნიშვნელოვანია კინესტეტიკური სწავლების მეთოდების გამოყენება, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ფიზიკური აქტივობისა და შემოქმედებითი მიდგომების გამოყენებასთან.

კინესტეტიკური სწავლება მოიცავს აქტივობებს, სადაც მოსწავლეები უშუალოდ მონაწილეობენ ექსპერიმენტებში, მოდელირებებში და სხვა ფიზიკურ აქტივობებში, რაც ხელს უწყობს რთული კონცეფციების აღქმასა და გაგებას. ამ მეთოდმა შეიძლება მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს მოსწავლეების ჩართულობა და შედეგიანობა, განსაკუთრებით იმ მოსწავლეებში, რომლებიც განსხვავებულად სწავლობენ და ურჩევნიათ პრაქტიკული გამოცდილება თეორიულ მასალას.

 

ამ სტატიაში განვიხილავთ კინესტეტიკური  აქტივობების  ბიოლოგიის სწავლებაში გამოყენების პროცედურებს. გავაანალიზებთ მის ეფექტიანობას  და განვიხილავთ კონკრეტულ  მაგალითს, თუ როგორ შეიძლება მისი ინტეგრაცია სასწავლო პროცესში. ასევე, წარმოვადგენთ კონკრეტულ მაგალითებს და აქტივობებს, რომლებიც ხელს უწყობს  მოსწავლის მიერ მასალის უკეთ გააზრებას.

 თემა: არასრული დომინირება. გამეტების გამოყოფა

კლასი XI

მასწავლებელი ხსნის გენეტიკის ძირითად პრინციპებს არასრული დომინირების შესახებ თვალსაჩინოებისა და დაფის გამოყენებით. თეორიული მასალის ახსნის შემდეგ მოსწავლეებს სთხოვს წარმოიდგინონ მიღებული ინფორმაცია კინესთეტიკურად. ამისთვის მოსწავლეებს დაურიგა გენების აღმნიშვნელი ალელები, რომლებიც დაბეჭდილი იყო  შესაბამისი ფენოტიპის (ნიშნის გარეგანი გამოვლინების) განმსაზღვრელი ფერის ფურცელზე . მაგალითად, ზოგიერთ მოსწავლეს დაურიგდა A – დომინანტი გამეტის აღმნიშვნელი სიმბოლო წითელი ფერის ფურცელზე, ზოგიერთს კი a – რეცესიული გენის აღმნიშვნელი თეთრ ფურცელზე. შემდგომში ამოცანის პირობის მიხედვით, ბავშვები ჯგუფდებიან (წყვილდებიან), რისი საშუალებითაც გამეტების გადაადგილებით აღიქვამენ  არასრული დომინირების უჯრედულ მექანიზმს. A და a გამეტების ერთდროული მოხვედრისას ფენოტიპური გამოვლენაა ვარდისფერი შეფერილობა.

ამოცანა:

წითელკენკრიანი და თეთრკენკრიანი მარწყვის შეჯვარებით პირველ თაობაში ვარდისფერკენკრიანი ნაყოფი მიიღება. განსაზღვრეთ, როგორი გენოტიპის და ფენოტიპის ნაყოფი მიიღება F1 თაობების ერთმანეთთან შეჯვარებისას?

ამოცანის ამოხსნის პრინციპი: მოსწავლეები იღებენ შესაბამისი ფერის ფურცლებს (წითელს და თეთრს) და გადაადგილდებიან ისინი გამეტების შერჩევითი მოხვედრის პრინციპით. შემდგომში მიღებული ახალი თაობა Aa – ვარდისფერია. იგივე პრინციპით მიმდინარეობს მოსწავლეთა გადაადგილება P2 თაობების ერთმანეთთან შეჯვარების დროს.

მოსწავლეები ამოცანის პირობიდან გამომდინარე გადაადგილდებიან, გამეტების დაწყვილების შემდეგ კი ისინი იღებენ შესაბამისი ფერის ფურცელს, როგორ შთამომავლობასაც იძლევა შესაბამისი ალელური წყვილი.

ამ პროცესით მოსწავლე კინესთეტიკური ანუ გადაადგილების, მოძრაობის საშუალებით აღიქვამს და იგებს თუ როგორ ხორციელდება ალელურ გენთა დაწყვილება, რაც ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, საკმაოდ ხშირ პრობლემას წარმოადგენს.

 

კინესტეტიკური სწავლების მეთოდები ბიოლოგიის სწავლების პროცესში მნიშვნელოვანი და ეფექტიანი ინსტრუმენტებია, რომლებიც ეხმარება მოსწავლეს კონცეფციების ღრმა გაგებაში და პრაქტიკულ გამოყენებაში. ფიზიკური აქტივობებით, ექსპერიმენტებით და ინტერაქტიური მოდელებით გაძლიერებული სწავლება ხელს უწყობს მოსწავლეების მოტივაციას, შემოქმედებითობას და ცოდნის უფრო ეფექტურ აღქმას. ამ სტატიაში წარმოდგენილი მაგალითები მიზნად ისახავს ბიოლოგიის მასწავლებლებისთვის ახალი პერსპექტივების გახსნას და სწავლების პროცესის გამდიდრებას. თანამედროვე პედაგოგიკისა და სწავლების მეთოდების ინტეგრაციით ჩვენ შეგვიძლია გავაუმჯობესოთ სასწავლო გარემო და დავეხმაროთ მოსწავლეებს უკეთესად მოემზადონ ახალი გამოწვევებისთვის.

კინესთეტიკური სწავლების შესახებ შემდეგ ლიტერატურას შეგიძლიათ გაეცნოთ:

  • Dale, E. (1969). “Audio-Visual Methods in Teaching” – ეს წიგნი განიხილავს სხვადასხვა სწავლების მეთოდებს, მათ შორის კინესტეტიკურ მეთოდებს.
  • Gardner, H. (1983). “Frames of Mind: The Theory of Multiple Intelligences” – გარნერის მრავალფეროვანი ინტელექტების თეორია, რომელიც მოიცავს კინესტეტიკურ ინტელექტს.
  • Kolb, D. A. (1984). “Experiential Learning: Experience as the Source of Learning and Development” – კოლბის ექსპერიმენტული სწავლების მოდელი.
  • National Research Council. (1996). “National Science Education Standards” – ეს დოკუმენტი ასახავს სწავლების სტანდარტებს, რომლებიც შეიცავს აქტიური სწავლების მეთოდებს.
  • Jensen, E. (2008). “Brain-Based Learning: The New Paradigm of Teaching” – წიგნი, რომელიც განიხილავს სწავლების მეთოდებს ტვინის ფუნქციონირების საფუძველზე, მათ შორის კინესტეტიკურ მეთოდებს.

 

 

წიგნები და ამბები, რომლებიც ზაფხულს საოცარ და შთამბეჭდავ მოგონებად აქცევს….

0

ზაფხულის არდადეგები ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის, ამ დროს იზრდებიან, ისვენებენ, ეცვლებათ მსოფლხედვა, რაღაცებს აფასებენ და სხვანაირად იაზრებენ. ამიტომ მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ, თავისუფალი დრო ჰქონდეთ, ასევე ხელი შევუწყოთ სწორი ღირებულებების ჩამოყალიბებასა და აზროვნების განვითარებას. ხშირად, ზაფხულები წაკითხული წიგნებით გვამახსოვრდება, ა, ეს ის ზაფხული არ იყო, „ტომ სოიერის თავგადასავალი რომ წავიკითხე“? ახლაც მახსოვს ამ წიგნის გაცრეცილი ფურცლები და სუნი. ისიც კარგად მახსოვს, რას ვჭამდი ამ დროს (შოკოლადის კარაქიან შავ პურს), რა მეცვა (თეთრი საზაფხულო კაბა), როგორ პოზაში ვკითხულობდი (იატაკზე დაგდებულ ლეიბზე წამოწოლილი) და საერთოდ, რა ფიქრები მიტრიალებდა თავში.

წიგნებს გასაოცარი ჯადოსნური თვისება აქვთ, დროის კაფსულებად იქცევიან და ჩვენს მოგონებებს ინახავენ ხოლმე, საკუთარ ჩამოფშვნილ ყდებში და გაყვითლებულ ფურცლებზე. აი, ახლაც კი, როდესაც ჩავდივარ ჩემს პატარა ქალაქში, წიგნების თაროდან გადმოვიღებ ბავშვობის დროინდელ წიგნებს, გადავშლი და გამხმარი ვარდის ფურცლები, ოდესღაც გულყვითელა გვირილები,  გაცრეცილი მწვანე გვიმრები შრიალით მოფრინავენ, მოფრინავენ და ჩემს თვალწინ იფშვნებიან როგორც განვლილი დრო, რომელიც აი, ამ წუთას გაცოცხლდა, სულ ერთი წამით. სწორედ იმის გამო, რომ წიგნებთან მკითხველებს ემოციური კავშირები უყალიბდებათ, რომ წიგნები დროის შემნახველია და მოგონებების საცავი, მნიშვნელოვანია, ჩვენს ბავშვებს რას წავაკითხებთ, რა შთაბეჭდილებებით ავავსებთ და მათ ხედვას, თვალსაწიერს კიდევ უფრო როგორ გავაღრმავებთ.

გაგიზიარებთ რამდენიმე ახალ წიგნს, რომელიც ახლახან გამოსცა ქართულმა გამომცემლობებმა და ვფიქრობ მათი შეძენით, მათი წაკითხვით ზაფხულის ცხელ დღეებს კიდევ უფრო ავაკაშკაშებთ.

საგამომცემლო სივრცეში კიდევ ერთი ახალი, „აზროვნების აკადემიის გამომცემლობა“ შემოგვემატა, რომელიც გვანებივრებს საბავშვო წიგნებითა და საბავშვო ლიტერატურის კონკურსებით, ასევე, ძალიან საინტერესო თარგმანებით.

„ნანომტი ამტომიც“ ერთ-ერთი ასეთი კონკურსის გამარჯვებულია და მისი ავტორი ჩვენი საყვარელი ლელა ცუცქირიძე გახლავთ. წიგნში, პალეონტოლოგიის მუზეუმში, პატარა მამონტი იღვიძებს და თავგადასავალიც იწყება!  წიგნს თან ძალიან საინტერესო აქტივობები ახლავს, სადაც შეუძლიათ ბავშვებს იმუშაონ კიდეც.  ეს ამბავი დაწყებითი კლასის მოსწავლეებს დააინტერესებთ, რომლებიც მართლაც საოცარ მოგზაურობაში თავით გადაეშვებიან.

„მომო“  მიხაელ ენდეს ძალიან საინტერესო წიგნია, რომელიც 40 -ზე მეტ ენაზეა ნათარგმნი. მიხაელ ენდე „დაუსრულებელი ამბით გავიცანი“ და მაშინვე შემიყვარდა, როგორც დაუსრულებელი, უშრეტი ფანტაზიის ავტორი.

დარწმუნებული ვარ „მომოც“ ასეთივე ჯადოსნური და შთამბეჭდავი წიგნია. დააინტერესებს მოზარდებს თინეიჯერებს და უფროსებსაც კი. ამბავი ერთ პატარა გოგოზეა, რომელსაც აქვს განსაკუთრებული ნიჭი, ის დროს უთმობს, ისმენს ადამიანებს, თუმცა ქალაქში ჩნდებიან რუხი ბატონები, რომლებიც დროს იტაცებენ, მათი  ბნელი ძალების შეჩერება კი მხოლოდ მომოს შეუძლია.

„კუდამალეა ბოგის თავგადასავალი“ – შესანიშნავი ახალგაზრდა მწერლის, მასწავლებლის, ჩვენი ჟურნალის ავტორის და უბრალოდ კარგი ადამიანის, მარიამ ჯამდელიანის სადებიუტო წიგნია. მარიამთან ონლაინ მეგობრობა მაკავშირებს და ვხედავ, რა კარგად იცნობს ბავშვებს, მათ ბუნებას, მათ სურვილებს – იმიტომ, რომ  კარგი მასწავლებელია და იმიტომ, რომ უყვარს ბავშვები, მთლიანად მათითაა მოცული.

ამიტომ დარწმუნებული ვარ, ეს წიგნი ბავშვებს ძალიან, ძალიან მოეწონებათ, ის ხომ მათთვის შეიქმნა, მათი ინტერესების, ემოციებისა და შეხედულებების გათვალისწინებით. როცა მელა ხარ და კუდი არა გაქვს, ამას ვერასოდეს, ვერასოდეს დაივიწყებ!“ კუდამელა ბოგისაც არ შეუძლია დაივიწყოს, რომ სხვებისგან განსხვავდება. თუმცა მხოლოდ გარეგნულად, რადგან სინამდვილეში ზუსტად ისევე უყვარს მშობლიური ტყე, დედის მომზადებული გემრიელი კერძები, უმცროს ძმასთან კინკლაობა თუ მეგობართან ერთად მთაზე აძრომა, როგორც ყველას “. – ვკითხულობთ წიგნის ანოტაციაში. განსხვავებულის მიმღებლობა კი დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია, რომელიც სწორედ ბავშვობიდანვე უნდა ჩამოუყალიბდეს ადამიანს.

“პიტერ პენი კენსინგტონის ბაღებში“, ეს შესანიშნავი თარგმანი ჩემს მეგობარს, უკარგეს ადამიანსა და თავისი საქმის უბადლო შემსრულებელ ნინო საძაგლიშვილს ეკუთვნის. წიგნი პიტერ პენის აქამდე უცნობი ისტორიაა, როგორ დარჩა ის მარადიულ ბავშვად და როგორ ისწავლა ფრენა? საოცარი ამბები მოზარდებსა თუ მოზრდილებს ჯადოსნურ სამყაროში ამოგზაურებს, ანოტაციაში კი ვკითხულობთ: „როგორც ყველა ბავშვი, პიტერიც, ოდესღაც ჩიტი იყო და კენსინგტონის ბაღების კუნძულზე ცხოვრობდა − ადგილას, საიდანაც დედიკოებსა და მამიკოებთან მიჰყავთ ფრინველებს ბავშვები. მაგრამ როგორ აღმოჩნდა პიტერ პენი ისევ კუნძულზე? შეძლო თუ არა ფერიებთან დამეგობრება? ან გაუჩნდა თუ არა მშობლებთან დაბრუნების სურვილი?“

ჩემმა საყვარელმა გამომცემლობა „დიოგენემ“ საბავშვო თუ მოზარდების წიგნების ნამდვილი ფეიერვერკი მოაწყო, თავიდან გამოსცა ის საოცარი წიგნები, რომლებზეც წლებია გული მწყდებოდა ტირაჟების ამოწურვის გამო. წლევანდელი ზაფხული ამ წიგნებით მართლაც შთამბეჭდავი და დაუვიწყარი გახდება:

 

ჯინ ვებსტერის „გრძელფეხება მამილო“, აუცილებლად წასაკითხი წიგნია, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც უყვარს ოცნება, თავგადასავლები, ვინც გატაცებულია რომანებით და ასევე სურს ინგლისური ენის გამტკიცებაც, რადგან წიგნი ორენოვანია და მშვენიერი საშუალებაა,  მშობლიურ ენასთან ერთად უცხო ენაშიც წაივარჯიშონ.  ამბავი ობოლ გოგონაზეა, რომელსაც თავს გასაოცარი ამბავი გადახდება. როგორია სიყვარული, სიკეთე, ბოლოსდაბოლოს როგორია ცხოვრება – ეს წიგნი სწორედ ასეთ რამეებზე დააფიქრებს ახალგაზრდა მკითხველს. ასევე უნდა აღნიშნოს, რომ ტექსტი წერილების სახითაა მოცემული, რაც კიდევ უფრო განსაკუთრებულს და ორიგინალურს ხდის მოთხრობილ ამბავს.

თეა ლომიძის „პალომა – უცნაური მეფის ასული“, პირველად 2006 წელს გამოიცა და ჩემი გულიც მოინადირა. ეს არაჩვეულებრივი წიგნი, მეფის ასულზეა, რომელიც სულ არ ჰგავს ჩვეულებრივ მეფის ასულს, უბრალო გოგონაა, ერთი შეხედვით, თუმცა გარშემო სიკეთეს თესავს, მისი ყოველი ქმედება სიყვარულითაა ნაკარნახები. გოგონა სასახლიდან მიდის და საკუთარი თავის ძიებაშია, ამ გზაზე კი ვისთანაც კი გადაიკვეთება, ყველას ცვლის – ყველას ასწავლის, როგორია იყო კეთილშობილი, სიყვარულით სავსე, როგორ შეიძლება გიყვარდეს. წიგნი ასევე ორენოვანია და თანამედროვე მოზარდებისთვის ნამდვილი საჩუქარია.

თეა თოფურიას „გასაღვიძებელი ზღაპრებიც“ მეორედ გამოსცა გამომცემლობამ. ეს არის ძალიან სახალისო და სახითხითო საკითხავი, ბავშვები მასზე გიჟდებიან, ამ წიგნის წაკითხვა ერთი დიდი დღესასწაულია ხოლმე. მარტო ის რად ღირს, როდესაც ორი წლის ხარ, მაგრამ ვერ ხვდები, რომ დაიბადე და თავი ისევ დედიკოს მუცელში გგონია. რას იფიქრებდი ამ დროს? აი, ასეთი უცნაური და ამავე დროს ძალიან საყვარელი პერსონაჟებითაა სავსე „გასაღვიძებელი ზღაპრები“, რომელიც კი არ დაგაძინებთ, სულ პირიქით, იკითხება დილაადრიანად, სოფელში, მამლის ყივილის ფონზე 😊

 

სულაკაურის გამომცემლობა მუდმივად გვანებივრებს ახალი წიგნებით, განსაკუთრებით მრავალფეროვნებით კი სერია: „მოსწავლის ბიბლიოთეკა“ გამოირჩევა, სადაც საბავშვო კლასიკასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვან და საჭირო ახალ გამოცემებსაც მოუყრია თავი. არ შეგაწყენთ და რამდენიმე წიგნზე შევჩერდები, რომლებიც მართლაც რომ გააკაშკაშებს არა მხოლოდ ზაფხულის დღეებს, არამედ ბავშვის გონებასა და სულს.

“თევზი, სახელად ალეგრია” – იმ სასწაულზეა, ყველა ჩვენგანს რომ შეგვიძლია მოვახდინოთ და ზებუნებრივი ძალები არ სჭირდება. როგორ შეიძლება გალხვეს გაყინული გულები და როგორ შეიძლება დაიბზაროს დარდის საბურველი და  ჩაკეტილი, სევდიანი ხალხის გულებში სიხარულმა შეაბიჯოს.  მტრობას სიყვარული ანაცვლებს, ხოლო სადარბაზოს შესასვლელში პატარა გოგონას მიერ დატოვებული პატარა აკვარიუმი და აკვარიუმში – პაწაწა ოქროსფერი თევზი, სწორედ ასეთი სასწაული აღმოჩნდა… დარწმუნებული ვარ ეს წიგნი ძალიან ბევრს ასწავლის მოზარდებს, ძალიან ბევრ რამეზე დააფიქრებს, ზაფხული კი ფიქრისთვის იდეალური დროა.

“სიყვარულით, ელლი” – თანამედროვე ქართველი მწერლის, კატო ჯავახიშვილის წიგნია. ჩემმა მოსწავლეებმა  ეს წიგნი რომ წაიკითხეს, ძალიან დიდი ხანი მისი შთაბეჭდილების ქვეშ იყვნენ. როგორ უმკლავდება გოგონა დარდს, ამ დარდის გამკლავებაში როგორ ეხმარება მას უცნაური გოგონა ელლი, რომელიც სწორედ მაშინ გამოჩნდა ლილეს ცხოვრებაში, როდესაც ის დედის გარდაცვალების ტკივილს ებრძოდა. ანოტაციაში ვკითხულობთ: “ყველაზე ჯადოსნური ამბები მაშინ ხდება, როცა ფიქრობ, რომ შენი არავის ესმის და ყველაფერი არც ისე კარგადაა. დედის გარდაცვალების შემდეგ ლილესაც ეგონა, რომ მისი არავის სჯეროდა, მასზე აღარავინ ზრუნავდა… სწორედ ამ დროს გაჩნდა ლილეს ცხოვრებაში საოცარი გოგონა – ელლი.”

„ბიჭი, რომელიც ვარსკვლავებთან ცხოვრობდა“, 11 წლიდან საკითხავი წიგნია. ცოტა უცნაურ, მაგრამ ამავე დროს ძალიან საინტერესო სიუჟეტით, ამბავს ფსიქიატრი გვიყვება, რომელიც ერთხელ განსაკუთრებულ ბიჭს გაიცნობს, ბიჭს საოცარი ისტორია  და გარეგნობა აქვს, ის დაკარგულია, თუმცა ძალიან შორიდან მოსული, თან კი ისეთი ამბები მოჰყვება, ჩვენს მოზარდებს მთელ ზაფხულს თავგადასავლად რომ უქცევს.

„პალიტრა L“-მა  წელს სიურპრიზების ბუმი მოგვიწყო, ფერადი, ულამაზესი ილუსტრაციებით და საინტერესო ამბებით სავსე წიგნები აჩუქა პატარა მკითხველებს. განსაკუთრებით კი სულ პაწაწინა მკითხველები გაახარა, ასევე დიდი მადლობა ჩვენს ძვირფას პალიტრას იმისთვის, რომ ქართველ ავტორებს არ ივიწყებს და მუდამ გამოსცემს მათ შესანიშნავ წიგნებს. ჩვენს წერილსაც ამ გამომცემლობის წიგნებით დავასრულებთ და აქვე, წიგნიერ, ნაყოფიერ, მშვიდ და სასიამოვნო ზაფხულს ვუსურვებ როგორც პატარა, ისე დიდ მკითხველებს.

ლელა ცუცქირიძისგან განებივრებულები ვართ ახალი და მშვენიერი წიგნებით. „ვაუ და ემოციების გალაქტიკა“ – ისეთი წიგნია, ჩვენმა ბავშვებმა აუცილებლად რომ უნდა წაიკითხონ, თან თავად ლელა გახლავთ ამ ულამაზესი ილუსტრაციების ავტორიც. მოგეხსენებათ, რა მნიშვნელოვანია ემოციები პატარებთან, როგორ უნდა გავუფრთხილდეთ მათ, ჰოდა, წიგნის ანოტაციაში ვკითხულობთ: „როგორ გამოიყურება გაოცება? ან როგორ იქცევა ადამიანი, როცა ბრაზი მოერევა? სად უკეთესია ყოფნა – იქ, სადაც ყველა ბედნიერია, თუ იქ, სადაც ყველას რაღაცის ეშინია? და რა ხდება იქ, სადაც ირგვლივ ზიზღი მეფობს? თითქოს მარტივი კითხვებია, არა? მაგრამ, აბა, გადაფურცლე ეს ცოტა უცნაური წიგნი და გაჰყევი ვუუს ასევე ცოტა უცნაურ მოგზაურობაში! წინ მთელი გალაქტიკისა და, რაც მთავარია, ამ გალაქტიკაში საუკეთესო პლანეტის აღმოჩენა გელის.“         

წარმოგიდგენიათ ოდესმე ანგელოზი და ლეკვი მეგობრობდნენ? დიანა ანფიმიადის ამ განსაკუთრებულ და უსაყვარლეს წიგნში ზუსტად ასეთ ანგელოზს გადააწყდებით, რომელიც ანგელოზების სკოლაში სწავლობს და პატარა შავი ლეკვის მფარველობაზე ოცნებობს. ამბავი სიკეთეზე და მზრუნველობაზეა, წიგნის ილუსტრაციები კი ისეთი ჯადოსნურია, ისეთი ლამაზი, რომ სულ გინდა უყურო და უყურო. მოდით, ამ წიგნის ანოტაციასაც გაგიზიარებთ:

„იცი, რომ ანგელოზებიც დადიან სკოლაში? არა? მაშინ არც ის გეცოდინება, რას სწავლობენ იქ, ცაში, ღრუბლებზე მოწყობილ საკლასო ოთახებში, და ვერც წარმოიდგენ. ეს რომ გაიგო, ამ წიგნის ყდაზე დახატული ანგელოზი უნდა გაიცნო კარგად. მისი თავგადასავალი არცერთი სხვა მოსწავლის თავგადასავალს არ ჰგავს და ამიტომაც უბრალოდ საინტერესო კი არა, დაუვიწყარია. მთავარი კი ამ თავგადასავალში ფუმფულა, წკავწკავა, ნახშირივით შავი და ბრიალათვალებიანი ლეკვია, რომელზეც ოცნებობდა ჩვენი ანგელოზი. დიახ, ეს წიგნი ანგელოზისა და ლეკვის მეგობრობაზე გიამბობს, კიდევ – სიყვარულზე, ზრუნვაზე, ერთგულებაზე. და, რაც მთავარია, გასწავლის, როგორ შეიძინო პროფესია – ძაღლების მფარველი ანგელოზი.“

ო, ეს ისეთი წიგნია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული საბავშვო ლიტერატურის წლის მოვლენაა! როგორც იქნა გამოიცა წიგნი, სადაც ილუსტრაციები ძალიან მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ, წიგნი აგებულია ბავშვის შემეცნებითი უნარების განვითარებაზე და ცნობისმოყვარეობის გაღვივებაზე, ვფიქრობ, რომ წინასასკოლო მზაობის ასაკისთვის აუცილებელი საკითხავია. ჩვენი პაწაწინა მკითხველები ძალიან გაანებივრა პალიტრამ, „მოგზაური თაგუნია“ – ნამდვილი საჩუქარია, მიჰყვები თაგუნიას თავის პირველ და დაბრკოლებებით სავსე მოგზაურობაში და თან უამრავ ახალ რამეს აღმოაჩენ, განსაკუთრებით იმას, რომ ამქვეყნად უამრავი კეთილი ადამიანი არსებობს, რომ მთავარია, გაბედო და შენს მიზანს აუცილებლად მიაღწევ!

დაბოლოს, კიდევ ერთი სიურპრიზი ბავშვებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც თავგადასავლები და ჯადოსნური არსებები უყვართ, ვინც გმირების ამბებს სიამოვნებით კითხულობს. ქართველი ავტორის ქეთევან დეკანოსიძის წიგნი: „ამბავი ვაჟა-ბიჭისა და დევისა, რომელიც სხვილოს ციხეში ცხოვრობდა“  – ელოდებათ, როგორ შეიძლება მეგობრობამ და კეთილმა გულმა შიში დაამარცხოს, და რომ ყველაზე საშიშ არსებასთანაც კი ჭრის სიმამაცე და სიკეთე.

„ერთ მშვენიერ დღეს, მათ სიახლოვეს, უზარმაზარი დევი დასახლებულა. მისი გამოჩენით თავზარდაცემულ მოსახლეობას კი მოსვენება სულ მთლად დაუკარგავს. წაიკითხე წიგნი და გაიგე, როგორ მოახერხა გულადმა ვაჟა ბიჭმა სოფლის მაცხოვრებლების უბედურებისგან დახსნა და დევთან ერთად ბევრი კეთილი, სახალისო და საგმირო საქმის ჩადენა…“

წლის ბოლოს

0

არსებითად, წლის ბოლო ყველაზე რთული პერიოდია მასწავლებლის მასწავლებლურ ცხოვრებაში. ცხადია „წლის ბოლოში“ კლასიკურ წლის ბოლოს არ ვგულისხმობ, როდესაც ერთ მომდევნო წელს მომავალი წელი ანაცვლებს. არამედ სასწავლო წელს, როცა მეორეკლასელებად ქცეული პირველკლასელები ყველაზე დიდი მინიშნებაა იმისა, თუ რა სწრაფად გადის დრო.

რთულია, არა მხოლოდ იმიტომ, რომ უამრავ ფურცელთან გვიწევს გამკლავება, ან იმიტომ, რომ საშინლად გადაღლილები ვართ და ერთი სული გვაქვს, არდადეგების ჩვენი კუთვნილი ნაწილი როდის დაიწყება, არამედ იმიტომაც, რომ დასრულდა. დასრულდა ის, რასაც მთელი წელი ასე გულმოდგინედ, სათუთი მონდომებით ვაშენებდით.

არ ვიცი, კიდევ თუ არსებობს რამე სხვა ისეთი პროფესია, სადაც ასე ხშირად გიწევს იმ ურთიერთობების დათმობა, რომელიც შენთვის ძვირფასი და მნიშვნელოვანი გამხდარა. მასწავლებლები ამას ყოველ წელს აკეთებენ და, მგონი, ამაზე საკმარისს არც ვსაუბრობთ. ჰო, ვიცი, ურთიერთობები არ სრულდება და მერეც შეიძლება გაგრძელდეს და ყველაფერი. მაგრამ  მაინც, ის, რაც ყოველდღიურობაა, სულ მცირე სანახევროდ მაინც იქ სრულდება, როცა ყოველდღიურობა აღარ არის.

ყველა სკოლას სხვადასხვა პრაქტიკა აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გადადის კლასი ერთი მასწავლებლიდან მეორე მასწავლებლის ხელში. მე, როგორც მომთაბარეს, უამრავი სკოლა მინახავს: მინახავს ისეთებიც, სადაც კლასებს მთავარი მასწავლებელი (დამრიგებელი) ყოველ წელს ეცვლებათ; ისეთიც, სადაც პირველი რამდენიმე წელი ერთი და იგივე დამრიგებელი ჰყავთ; ისეთიც, სადაც დამრიგებლის ცვლილება საფეხურის ცვლილებასთანაა დაკავშირებული. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ხშირად ვწერთ და ვსაუბრობთ იმაზე, თუ რას განიცდიან ამ დროს პატარა ადამიანები, როგორი რთული შეიძლება იყოს მათთვის ამ სიახლეებთან გამკლავება და როგორ შეგვიძლია ჩვენ, ზრდასრულ ადამიანებს, მათი დახმარება.

დადებითი და უარყოფითი მხარე ყველა ზემოთ ხსენებულ პრაქტიკას შეიძლება გამოეძებნოს. ერთი მხრივ, კარგია, თუ სკოლაში ახალშესულ პატარებს გარკვეული დროის მანძილზე ერთი და იგივე მასწავლებელი ეყოლებათ, რადგან მათთვის სიახლეები განსაკუთრებულად მძაფრ მოვლენად აღიქმება. ამავდროულად, მასწავლებლის წლიური ცვლილება მათზე დადებითად შეიძლება აისახოს იმ კუთხით, რომ გამოიმუშაონ ახალ ადამიანებთან დამეგობრების, საერთო ენის გამონახვის და ნდობის უნარები. ეს კარგი პრაქტიკაა, იმის დასასწავლად, რომ ცხოვრებაში მუდამ ერთი და იგივე ადამიანები არ იქნებიან ჩვენს გვერდით. ზოგჯერ მათ სხვები ჩაანაცვლებენ და ყველას თავისი ადგილი ექნება, თუმცა ჩვენ უნდა ვისწავლოთ იმ ადამიანებთან ურთიერთობა, ვინც მოცემულ მომენტშია ჩვენ ირგვლივ.

თუმცა, მოდი, დღეს მასწავლებლებზე ვისაუბროთ.

გუშინ მეორეკლასელებთან ბოლო გაკვეთილები მქონდა. ცხადია, ეს ჩემთვის პირველი ბოლო გაკვეთილი არ იყო, რომელიც მეორეკლასელებს ჩავუტარე, თუმცა ამ კონკრეტულ მეორეკლასელებთან (რომლებიც უკვე მესამეკლასელები გახდნენ) პირველი იყო და, როგორც ყოველთვის, ყველაფერმა ბოლო გაკვეთილის ელფერით – მაქსიმალურად მხიარულად, თუმცა მაინც სევდიანად ჩაიარა. მერე დერეფანში დავდიოდი, მათ თამაშს ვაკვირდებოდი, რომელსაც სევდის არაფერი ეტყობოდა და ვფიქრობდი; რა მახსოვს იმ დროიდან, როცა მეორე კლასში ვიყავი? თუნდაც უფრო დიდი რომ ვიყავი იქიდან? ვინ დარჩა სკოლიდან ჩემს მეხსიერებაში ყველაზე მძაფრად? ყოველ წელს სკოლაში გატარებული უამრავი დღიდან რამდენის გახსენება შემიძლია ნათლად და ზედმიწევნით ზუსტად? ნუთუ უმეტესობა დღეების ადგილი ჩემს გონებაში მართლა არ იყო და ისინი სამუდამოდ წაიშალნენ? ამ ბავშვებს ვემახსოვრები? მომავალ წელს არა, ათი და ოცი წლის მერე გაიხსენებენ ჩემს სახეს? გაახსენდებათ ჩვენი ხითხითი გაკვეთილებზე? იქნებ ეს ყველა მოგონება, რომელიც ჩემთვის ასე ძვირფასია, მათ პატარა თავებში სკოლის უამრავი დღის მოგონებებს შორის აირევა, გაიდღაბნება, ფერს დაკარგავს და სადღაც მეხსიერების თაროზე დაიდება? ვნახავ კი მათ ოდესმე ისევ? ვნახავ, როგორები გაიზრდებიან, რა პროფესიას აირჩევენ, როგორი ზრდასრულები დადგებიან?…

ყველაფერი, რაც ვასწავლე მათთან დარჩება, ყველაფერი ჩემ გარდა. მე კვლავ უკან უნდა მოვბრუნდე და თავიდან დავიწყო, მაშინ, როცა ისინი მხოლოდ წინ აგრძელებენ გზას.

ჰო, ჩვენ გარკვეულწილად, ყოველ წელს უკან ვბრუნდებით და თავიდან ვიწყებთ მეორე, მეხუთე თუ მეათე კლასში ყოფნას. წლის ბოლოს კი ერთ-ერთი მოსწავლე გვეტყვის: „არ მჯერა, მას, მეთერთმეტეში გადავედი“ და ჩვენც ვხვდებით, რომ ერთი წლის ასაკი მოგვმატებია და თან უკვე ისევ უკან ვართ მოსაბრუნებლები. უკვე „ნახვამდის“ გვაქვს სათქმელი ყველაფერი იმისთვის, რასაც მთელი წელი ვაწყობდით და ვაშენებდით,  რომ კვლავ თავიდან, დიდი მოთმინებით და მოლოდინებით შევუდგეთ შენებას, ამჯერად სხვა მეათეკლასელთან, რომელსაც წლის ბოლოს ისევ ისე გაუხარდება მეთერთმეტე კლასში გადასვლა, შენ კი მისთვის ბედნიერი, თუმცა საკუთარი თავისთვის ცოტა დასევდიანებული დაფიქრდები და იტყვი, რომ წლის ბოლო ყველაზე რთული პერიოდია მასწავლებლის მასწავლებლურ ცხოვრებაში და არამხოლოდ იმის გამო, რომ ბევრ ფურცლებთან გვიწევს გამკლავება.

ყოველი წლის ბოლო დამშვიდობებაა იმასთან, რაც ასე ძვირფასი გახდა მთელი წლის მანძილზე ჩვენთვის; წლებთან, რომლებსაც ვეღარ დავიბრუნებთ; საკუთარი თავის იმ ვერსიასთან, რომელიც მაშინ სრულდება და იცვლება, როდესაც სხვა ბავშვების და კლასების მასწავლებლები ვხდებით.

ამასობაში ჩვენც ვიზრდებით და თან ვპატარავდებით, რადგან, სინამდვილეში, ეს ძალიან სევდიანია ხოლმე. იმაზე მეტადაც კი, ვიდრე წარმოვიდგენთ, თუკი ჩავუფიქრდებით.

და მერე ისევ თავიდან ვიწყებთ ფინჯან ყავასთან ერთად, სიახლის მოლოდინით აღტაცებულები.

დალაი ლამას „ემოციების ატლასი“ ემოციური ინტელექტის განსავითარებლად

0

”დადგა დრო, რომ შევცვალოთ ცნობიერება განათლების და ცოდნის დონის ამაღლებით. მნიშვნელოვანია, ხალხს გავაგებინოთ, რომ სამყაროს „ჩვენებად“ და „სხვებად“ დაყოფის იდეა მოძველებულია. ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ამ დაყოფაზე, რადგან ის ძალადობის წყაროა. ჩვენ, ყველანი, კაცობრიობის ნაწილი ვართ და ჩემი ამოცანაა, ხელი შევუწყო პლანეტის მთელი მოსახლეობის ერთიანობის იდეას“.

დალაი ლამა

რამ გამოიწვია ბოლო წლებში ემოციური ინტელექტის საკითხებით დაინტერესება? ამის რამდენიმე მიზეზს ასახლებენ მკვლევრები:

  • ციფრულმა ეპოქამ და ტექნოლოგიების განვითარებამ გამოიწვია ის, რომ ჩვენ დროის დიდ ნაწილს ვატარებთ ციფრულ გარემოში, რაც ამცირებს პირისპირ კომუნიკაციას და ემოციური უნარების განვითარების შესაძლებლობებს;
  • თანამედროვე სამყაროს ისტერიული რიტმი და სტრესული გარემო ძლიერად ზემოქმედებს ადამიანზე, იწვევს ემოციურ დაძაბულობებს, რაც საჭიროებს განტვირთვას და ემოციების მართვის უნარის გამომუშავებას;
  • ემოციური ინტელექტი მნიშვნელოვან როლს თამაშობს პროფესიულ წარმატებაში – ის აუცილებელია სამუშაო გარემოში ჰარმონიული ურთიერთობებისა და ლიდერული უნარებისათვის;
  • პიროვნული განვითარება – ადამიანის მთელი ცხოვრების საზრუნავია. აქაც ემოციური ინტელექტის გარეშე ფონს ვერ გავალთ. ემოციური ცნობიერება და თვითრეგულაცია ეხმარება ადამიანს პირად ცხოვრებაში მიიღოს საუკეთესო გადაწყვეტილებები;
  • და, რა თქმა უნდა, ემოციური განათლება ეხმარება ბავშვებსა და მოზარდებს, გააცნობიერონ და მართონ ემოციები, რაც არის მათი ჯანსაღი განვითარების საწინდარი.

სწორედ ამიტომ, ემოციური უნარების გაუმჯობესება განათლებისა და, ზოგადად, ცხოვრების ხარისხის ამაღლების მნიშვნელოვანი ნაწილია დღეს.

ჰარმონიული ადამიანის ფორმირება შეუძლებელია ემოციური ინტელექტის გარეშე. მნიშვნელოვანია დალაი ლამას წვლილი ემოციური ინტელექტის კვლევაში. მთელს მსოფლიოში იგი ატარებს სემინარებს და ტრენინგებს ემოციური უნარების განსავითარებლად. მისი სწავლებები, რომლებიც აერთიანებს დასავლურ მიდგომებსა და აღმოსავლეთის ტრადიციებს, დიდ გამოხმაურებას იწვევს და ეხმარება ადამიანებს ემოციური ინტელექტის ამაღლებაში.

დალაი ლამას აზრით,  თანამედროვე სამყაროში რელიგია ვეღარ იქნება ეთიკის ერთადერთი საფუძველი. ამის ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ უამრავი ადამიანია დღეს რელიგიის მიღმა.  სხვა მიზეზი კი ის არის, რომ გლობალიზაცია და მულტიკულტურული საზოგადოება სამყაროს სულ უფრო მეტად ურთიერთდამოკიდებულს ხდის, რაც ნიშნავს, რომ ერთ კონკრეტულ რელიგიაზე დაფუძნებული ეთიკა მიმზიდველი იქნება მხოლოდ ზოგიერთი ჩვენგანისთვის, მაგრამ არასოდეს გახდება სახელმძღვანელო ყველასთვის (დალაი ლამა). სწორედ ამიტომ დალაი ლამა ერთმანეთთან აკავშირებს რელიგიას და მეცნიერებას. ემოციური ინტელექტის კვლევასა და განვითარებას მრავალი შრომა მიუძღვნა სულიერმა მოძღვარმა.

2000 წელს Mind & Life Institute[1] -ში  შეიკრიბა დასავლეთის ფსიქოლოგები და ბუდისტი ბერები დალაი ლამას ხელმძღვანელობით. მათი კვლევისა და დისკუსიის საგანს წარმოადგენდა ემოციები და მათი მართვა.

20 წლის შემდეგ მათ შეაჯამეს თავიანთი მუშაობა Science & Wisdom of Emotions[2] – ის სამიტზე. დისკუსიაში მონაწილეობდნენ ემოციების ცნობილი მკვლევარი – პოლ ეკმანი[3] (Paul Ekman), ემოციური ინტელექტის ექსპერტი დანიელ გოლმენი (Daniel Goleman)  და ნეირომეცნიერი – რიჩარდ დევიდსონი (Richard Davidson).

ამ პროექტმა უდიდესი როლი შეასრულა აღმოსავლური და დასავლური მიდგომების დაახლოებაში ემოციური და ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე. იგი წარმოადგენს პრეცედენტს, თუ როგორ შეიძლება ტრადიციული ცოდნისა და თანამედროვე მეცნიერული კვლევების შერწყმა.

“ემოციების ატლასი” არის კიდევ ერთი საინტერესო პროექტი, რომელიც განხორციელდა დალაი ლამას თანამშრომლობით დასავლეთის მეცნიერებთან.

პროექტის მიზანი იყო ემოციების მაქსიმალურად დეტალური აღწერა და კლასიფიცირება აღმოსავლური და დასავლური ტრადიციების გაერთიანებით. საბოლოოდ უნდა შექმნილიყო თავისებური ემოციური “ატლასი” ან ენციკლოპედია.

პროექტის ფარგლებში დალაი ლამა და მისი თანამოაზრე ტიბეტელი ბერები ერთმანეთს უზიარებდნენ ბუდისტურ ცოდნასა და შეხედულებებს სხვადასხვა ემოციის შესახებ. დასავლეთის ფსიქოლოგები, ნეირომეცნიერები და ანთროპოლოგები კი აერთიანებდნენ ამ ცოდნას მეცნიერულ მიდგომებთან.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა მრავალი სამუშაო შეხვედრა და დისკუსია, რომლებსაც დალაი ლამა ხელმძღვანელობდა.  შედეგად შეიქმნა დეტალური და მრავალფეროვანი მონაცემთა ბაზა 700-ზე მეტი ემოციის აღწერით (ორივე ტრადიციიდან).

პროექტმა გამოავლინა, რომ არსებობს მრავალი უნიკალური ემოციური მდგომარეობა, რომლებსაც დასავლური ფსიქოლოგია ვერ გამოყოფს და ვერ აღწერს. მაგალითად, ტიბეტურ ენაში არსებობს განსხვავებული ტერმინები სხვადასხვა ტიპის სირცხვილის, სინანულის ან მოწიწების გამოსახატავად.

ასევე აღმოჩნდა, რომ ემოციები არ არის სტატიკური მდგომარეობები, არამედ ისინი უფრო დინამიკურად იცვლება და ერთმანეთზე ახდენს გავლენას. “ატლასმა” გვიჩვენა ამ კავშირების და ტრანსფორმაციების სირთულე.

მიუხედავად იმისა, რომ “ემოციური ატლასი” ჯერ არ გამოქვეყნებულა საბოლოო სახით, პროექტის მონაწილეებმა დაწერეს რამდენიმე სტატია და წიგნი, რომლებიც ეფუძნება აღნიშნული პროექტის ფარგლებში კვლევებს.

როგორ „მუშაობს“ „ემოციების რუკა/ატლასი“?

ამ რუკის ცენტრშია დადებითი ემოცია – ბედნიერება, როგორც ძირითადი სამიზნე, რომელსაც უნდა მივაღწიოთ. მის გარშემო განლაგებულია სხვა დადებითი ემოციები – სიყვარული, პატიება, ემპათია, მოკრძალება, ენთუზიაზმი და ა.შ. რაც უფრო ახლოს არიან ისინი ბედნიერებასთან, მით უფრო ხელს უწყობენ მის განცდას.

მეორე მხრივ, რუკის პერიფერიებზე განლაგებულია ნეგატიური ემოციები – შიში, რისხვა, ეჭვიანობა, სირცხვილი და სხვა. რაც უფრო შორს არიან ისინი ბედნიერების ცენტრიდან, მით ნაკლებად ხელს უშლიან მას. რუკა აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ერთი ემოცია მეორიდან. მაგალითად, შიშისგან შეიძლება აღმოცენდეს რისხვა, რისხვამ გამოიწვიოს ეჭვიანობა, რამაც შეიძლება შეაფერხოს ბედნიერების განცდა.

ამრიგად, რუკა ასახავს ემოციების დინამიკურ კავშირებს. დალაი ლამა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ რუკის მიზანია გააცნობიერონ ადამიანებმა თავიანთი ემოციური გამოცდილებები და შეძლონ უფრო მეტი კონტროლი მათ დასამორჩილებლად. რეგულარული პრაქტიკით შესაძლებელია ნეგატიური ემოციების დათრგუნვა და დადებითების განვითარება, რაც ბედნიერებას მოიტანს საბოლოოდ.

”ახალი სამყაროს საპოვნელად, ჩვენ გვჭირდება რუკა, ხოლო სიმშვიდის მოსაპოვებლად, გვჭირდება ჩვენი ემოციების რუკა.” ამ ატლასის მიზანია დაგვეხმაროს გავაცნობიეროთ ჩვენი ემოციები. ემოციური ცნობიერება არის იმის გაგების უნარი, თუ როგორ ვლინდება ემოციები, რას ვგრძნობთ და როგორ ვრეაგირებთ. ემოციების ატლასი განსაზღვრავს ხუთ ძირითად ემოციას – სიბრაზე, შიში, სევდა, ზიზღი და სიხარული, რომლებიდანაც სხვა მრავალი ემოცია გამომდინარეობს.

დალაი ლამა ხაზს უსვამს, რომ “ემოციების ატლასი” უნდა განვიხილოთ, როგორც პრაქტიკული ხელსაწყო და არა უბრალოდ აბსტრაქტული კონცეფცია. მისი გამოყენება საშუალებას გვაძლევს უკეთ გავაცნობიეროთ და ნაყოფიერად ვიმუშაოთ ჩვენს ემოციურ გამოცდილებებზე.

დალაი ლამა თავისი ცხოვრებით  იძლევა იმის მაგალითს, თუ როგორ შეიძლება ემოციური ჰარმონიის მიღწევა მშვიდობიანი და მეტაფიზიკური მიდგომებით. იგი მიიჩნევს, რომ თვითშეგნება, თანაგრძნობა და ემოციური თვითრეგულირება უმნიშვნელოვანესია ინდივიდუალური და საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის.

ემოციური ინტელექტის განვითარებისთვის (დალაი ლამას სწავლების მიხედვით) შემდეგი კითხვები შეიძლება იყოს საინტერესო ბავშვებისთვის:

  1. როგორ განიცდი სიხარულს? როგორ გამოიყურება შენი სახე და სხეული ამ დროს? რას და როგორ გრძნობს სხეული?
  2. შეგიძლია აღწერო, როდის გაბრაზდი ბოლოს და რატომ? რა იყო ამ გრძნობის მიზეზი?
  3. როცა განერვიულებული ან სევდიანი ხარ, როგორ ფიქრობ, რა შეიძლება გააკეთო იმისთვის, რომ დამშვიდდე?
  4. თუ შეამჩნევ, რომ შენი მეგობარი ნაწყენია, როგორ შეგიძლია მას დაეხმარო? რა სიტყვებს ეტყოდი?
  5. რა მოგწონს ყველაზე მეტად საკუთარ თავში, როცა კარგად გრძნობ თავს? რატომ ფიქრობ, რომ ეს თვისებაა მნიშვნელოვანი?
  6. შეგიძლია გაიხსენო დრო, როცა შენი საქციელით სხვას მიაყენე ტკივილი? როგორ იგრძენი ამ დროს თავი და რა გამოცდილება მიიღე?
  7. რა არის სიყვარული შენთვის? როგორი შეგრძნებები გაქვს მაშინ, როცა ვინმეს უყვარხარ?
  8. როგორ ფიქრობ, რატომ არის მნიშვნელოვანი სხვების გრძნობების გაგება და მათი გრძნობების პატივისცემა?
  9. თუ გექნებოდა შესაძლებლობა, რომელ ემოცია აირჩევდი, რომ არ გქონოდა და რატომ?

ეს კითხვები დაეხმარება ბავშვებს ემოციების უკეთ გაცნობიერებაში, მათი გამოხატვისა და მართვის უნარების განვითარებაში, თავის თავისა და სხვების მიმართ თანაგრძნობის გამომუშავებაში.

დალაი ლამა ხაზს უსვამს, რომ ემოციების ცოდნა და მათი კონტროლი არის გზა ბედნიერებისა და შინაგანი სიმშვიდისკენ. “ემოციების რუკა” კი შთამბეჭდავი მეტაფორაა ამ პროცესის გასააზრებლად.

[1] https://www.mindandlife.org/

[2] https://www.scienceandwisdomofemotions.com/

[3] https://en.wikipedia.org/wiki/Paul_Ekman

კლასიკური და პოსტმოდერნისტული ტექსტების სწავლების პარადიგმა

0

ქართული ლიტერატურა საინტერესოა ჟანრობრივი და შინაარსობრივი ვარიაციებით, რომლებსაც კლასიკური ტექსტის პოსტმოდერნისტულ სახესხვაობამდე მივყავართ. ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია – იაკობ ხუცესის ,,შუშანიკის წამებისა ‘’ და აკა მორჩილაძის ,,ვინ მოკლა ვარსქენ პიტიახში’’ – ტექსტები.

ზოგადად, ძველი ქართული ლიტერატურის სწავლება სკოლაში გარკვეულ სირთულეებს უკავშირდება. აქ წინააღმდეგობა შეიძლება გამოიწვიოს ენობრივმა და ლექსიკურმა ფორმებმა, რომლებიც ძველი ქართულისთვისაა ნიშანდობლივი და თანამედროვე მოსწავლისათვის რთულად აღსაქმელ-გასააზრებელი.

ჩემი აზრით, ამ ორი ტექსტის პარალელურად სწავლება ან ,,შუშნიკის წამების’’ სწავლის შემდგომ პოსტმოდერნისტული ვერსიის წაკითხვა-განხილვა მოსწავლეებთან, უფრო  საინტერესოს გახდის კლასიკურ ვერსიას და მეტ დაინტერესებას გამოიწვევს პოსტმოდერნიზმის ,როგორც ლიტერატურული მიმდინარეობის მიმართ.

ამგვარად , ტექსტების შესწავლის შემდგომ მსჯელობის საგანი იქნება მთავარი პერსონაჟების:

  •  ძველი და ახალი სიცოცხლე ლიტერატურაში;
  • მათი სახეების კლასიკურ და თანამედროვე ასახვა;
  • ჰაგიოგრაფიული ჟანრისა და პოსტმოდერნისტული მოთხრობის მახასიათებლების გამოკვეთა;
  • ავტორთა მიზნები ,თემები, იდეები.

ამ საკითხების სისტემატიზაცია, ჩემი აზრით , შესაძლებელია ,,დეკოდირების სქემის’’ გამოყენებით. ამ სქემაში კარგად იკვეთება ყველა ის კოდი, რომლის გაშიფვრაც მნიშვნელოვანია ავტორთა მიზნის, იდეის დასადგენად…

ტექსტის ავტორი; სათაური გამოსახვის საშუალებები(ლექსიკა, სტილი,მხატვრული სახეები)
იაკობ ცურტაველის ,,შუშანიკის წამება’’.

 

აკა მორჩილაძის

,,ვინ მოკლა ვარსქენ პიტიახში’’

,,შუშანიკის წამება’’ ,,ვინ მოკლა ვარსქენ პიტიახში’’
იაკობ ხუცესი იყო ქვემო ქართლის ერისთავის კარის მღვდელი. შუშანიკთან დაახლოებული პირი; დაბა ცურტავში მომხდარი ტრაგედიის თანამედროვე და მონაწილე.

თხზულება დაწერილია 476-483 წლებში ,შუშანიკის მოწამებრივი აღსასრულის შემდეგ და ვარსქენის მკვლელობამდე.  ფიქრობენ, რომ იაკობ ხუცესი იყო  ცურტავის ეპისკოპოსი და 506 წელს დაესწრო საეკლესიო შეკრებას. მისი ნაწარმოები მოღწეულია შეცვლილი სახით. უძველესი ხელნაწერი X საუკუნისაა.”შუშანიკის მარტვილობით” იწყება ქართული ლიტერატურის ისტორია.

სათაურის ცენტრშია შუშანიკი და მისი მოწამეობრივი აღსასრული, აგრეთვე ვარსქენი,რომელმაც გამოიწვია ეს მოწამეობა.

თანამედროვე ქართველი მწერალი, პოსტმოდერნისტი. არაერთი რომანის, მოთხრობისა და ნოველის ავტორი.

ამ მოთხრობაში ის აცოცხლებს V, XII, XVIII და სხვა საუკუნეთა გმირებს და ახალ სიცოცხლეს ანიჭებს მათ პოსტმოდერნისტული ხედვების თვალსაზრისითაც.

სათაურის ცენტრშია

ვარსქენ პიტიახში და ვახტანგ გორგასალი.

ლექსიკა-სტილი

ავტორი იყენებს არქაულ და ისტორიულ ლექსიკას, რომლებიც ნიშანდობლივია მისი ეპოქისთვის:

პიტიახში, სპასპეტი, ვითარცა, კელთა.

სტილისტიკიდან გვხვდება პარონომაზია: <დიდითა ტირილითა ვტიროდეთ განმწარებულნი>;

წინადადებები იქყება ,,და’’ კავშირით, რაც შეიძლება აიხსნას 2 მიზეზით – ბერძნულის გავლენა, დაწყებულის გაგრძელება.

მორფოლოგიური თვალსაზრისით აღსანიშნავია სახელობითი და მოთხრობითი ბრუნვების ძველქართული ვარიაციები:

,,რომელი -იგი<არა აქუნდა კელთა შუშანიკისაგან>’’, ,,კაცმან მან <ვერ იკადრა სიტყუად მისა>’’, ,,ცოლმმან ჩემმან’’, წმიდამან შუშანიკ’’.

ტმესი – <მეორესა დღესა შემო-ვინმე-ვიდა> და ჰრქუა წმიდასა შუშანიკს’’.

 

სინტაქსი – ძირითადად გამოყენებულია რთული თანწყობილი ან ქვეწყობილი წინადადებები.

<ხოლო პიტიახში ჩორდ წარემართა და ჯოჯიკ, ძმაი მისი, არა დახუდა, ოდეს საქმეი ესენ იქმნა წმიდისა შუშანიკისა ზედა>;

მსაზღვრელ-საზღვრულის პრეპოზიციური წყობა: <ძმაი მისი>…

 

მხატვრული სახეები

 

ეპითეტი – ნეტარი შუშანიკ, უბადრუკი ვარსქენ’’.

 

შედარება – ვითარცა მხეცი მძვინვარე ყიოდა და იძახდა  ვითარცა ცოფი“,

მეტაფორა – ,,მოვიდა მგელი იგი სასახლეში’’.

ლექსიკა-სტილი

ძველი თბილისის ენობრივი ნარატივი, 90-იანი წლების თბილისური , ყოველდღიური მეტყველება, ცნობიერების ნაკადი ტექსტში.  დიალექტური და ისტორიული ენობრივი ფორმები, გამოგონილი ენა…

,,არ ეჯერა’’, ,,უწინ რო ჩვენ ქვეყანას მართვდნენ’’, <ცოლად მეეყვანაო>, <რახან ამან გაიგო რომა>, <ვარსქენს უთხრა, რო ჩემსა გადმოდიო>, <ვახტანგ მეფეს ეთქო>.

ზღაპრისებრი დასაწყისი – ,,იყო ერთი ვარსქენ პიტიახში’’.

 

კალკირებული ფორმები –

,,სიყვარული არა ჰქონდა’’…

 

მორფოლოგია – სახელების დეფორმირება – ვარსქენ ბიჭიახში, შახაბაზი, ნიშნამს, ვაშკაცი, გორგასლანი, კიდობანის, ჰქონიყო…

 

სინტაქსი – სხვათა სიტყვათა ნაწილაკით წინადადებების დასრულება, დიალოგების გამოყენების გარეშე, ირიბი თქმის მაგალითები: ,,ასეთი ვაშკაცი უცხო ქვეყნისთვის არ მემეტებაო’’,

,,ვარსქენს უთხრა, რო ჩემსა გადმოდიო’’, ,,ახლა კიდე ბიძაშენთნ მიდიხარო“.

 

 

მხატვრული სახეები:

ალუზია – ბიჭიახში,

ირონია – ჩანს პერსონაჟების მიმართ, მაგალითად: <ვარსქენს ვახტანს გორგასლანის სიყვარული არა ჰქონდა, იმიტომ რო ვახტანგ გორგასლანს ვარსქენის და, რუსუდანი ჰყავდა შერთული და სახლში სულ ჩხუბი ჰქონიყო>.

<ვარსქენი ძაან კაი კაცი იყო და ქვეყნის მართვა გაუჭირდებოდა>.

 

ჟანრი და მიმდინარეობა

 

ფსიქოლოგიური კოდი კულტურული

კოდი

,,შუშანიკის წამება’’ ვინ მოკლა ვარსქენ პიტიახში? ,,შუშანიკის წამება’’ ვინ მოკლა ვარსქენ პიტიახში? ,,შუშანიკის წამება’’ ვინ მოკლა ვარსქენ პიტიახში?
ჰაგიოგრაფიული ჟანრის.

საეკლესიო -ლიტურგიკული, მხატვრულ-დიდაქტიკური;

აღწერს პერსონაჟის ცხოვრებას ან წამებას უფლისათვის.

თემა- სიყვარული, სიწმინდე;

იდეაალი – ღმერთთან დამსგავსება(თვითსრულყოფა);

ხორციელი მისწრაფებების დათრგუნვითა და საკუთარი ცოდვილი ბუნების შეგნების გზით;

გლოვა, ცრემლი ამაოების გამომვლენის.

 

 

მოთხრობის ჟანრის.

პოსტმოდერნისტული.

საშუალო ზომის ეპიკური ნაწარმოები.

იდეურ-თემატურად- მრავალფეროვანი.

მოცემული მოთხობის მთავარი თემაა, როგორც სათაურიდან  ჩანს ვარსქენ პიტიახშის სიკვდილი.

პოსტმოდერნისტული ესთეტიკიდან გამომდინარე ეს თემა პასტიშისა და რიზომის გავლენითაა შექმნილი;

აგრეთვე გვხვდება – ორმაგი კოდირება, სიმულარკა.

ავტორის მიზანია – შექმნა ასლი ორიგინალის გარეშე (სიმულარკა), გააცოცხლოს ახლებურად.

გლოვა , ცრემლი, მწუხარება, შეუდრეკელობა.„ჩემდა მარტოჲსა არიან ჭირნი ესე“.

„უმჯობჱს არს ჩემდა ჴელთა მისთაგან სიკუდილი, ვიდრე ჩემი და მისი შეკრებაჲ და წარწყმედაჲ სულისა ჩემისაჲ’’.

,,მიაგოს მას უფალმან, ვითარ მან უჟამოდ ნაყოფნი ჩემნი მოისთულნა და სანთელი ჩემი დაშრიტა და ყუავილი ჩემი დააჭნო, შუენიერებაჲ სიკეთისა ჩემისაჲ დააბნელა და დიდებაჲ ჩემი დაამდაბლა’’.

მრისხანება,დ

დაუნდობლობა, ფარისევლობა.

ვარსქენი ,,ხოლო საწყალობელი ესე ცოლსა ითხოვდა სპარსთა მეფისგან, რაჲთამცა სათნო ეყო მეფესა’’.

,,მაშინ იწყო უჯეროსა გინებად ვარსქენ და ფერჴითა თჳსითა დასთრგუნვიდა მას’’…

წყენა, სიხარული, ღალატი, ნეიტრალურადაა გადმოცემული და ირონიით გამსჭვალული –  არა მძაფრად.

,,ასე ბედნეირად ცხოვრობდნენ ვარსქენ პიტიახში და შუშანიკ დედოფალი’’;

<გორგასალმა ვარსქენი კლდიდან გადაადგო>.

გმირი ცხოვრობდა სასახლეში, შემდგომ ტაძრის ტერიტორიაზე; საპყრობილეში.

V საუკუნეში ვარსქენი მიემხრო სპარსეთს , დაუპირისპირდა ვახტანგ გორგასალს, უარყო ქრისტიანობა.

დედოფალი არ ეზიარა მის საქმეებს, მისი კულტურა განსაზღვრა პავლე მოციქულის სიტყვებმა: ,,არა დამონებულ არს დაი ,გინა ძმაი, არამედ განეყენენ’’. მეუღლესთან ამგვარმა დაპირისპირებამ მას დიდი ხორციელი ტანჯვა მიაყენა.

XX საუკუნე. თბილისი, ქართლი.

სასახლეები. შუშანიკი არ ერევა ვარსქენის პოლიტიკურ საქმიანობაში, მისი ირანთნ დამოკიდებულება , თამარ მეფის ღალატი არ იწვევს შუშანიკის შეშფოთებას, არამედ სხვა ქალებთან ვარსქენის ურთიერთობა.

ორიენტირი არის – არა  საქვეყნო გასაჭირი, არამედ პირადი.

 

შეფასება, დასკვნა
მოთხრობაში საინტერესოდაა რეკონსტრუირებული გმირების სახე. გამოკვეთილია პოსტმოდერნისტული ლიტერატურის ძირითადი მახასიათბლები.

პოსტმოდერნიზმი არის ახალი, თავისუფალი, ღია ესთეტიკური სისტემა, რომელიც ინტერესდება კლასიკური ხედვებით, შემოქმედებითი მემკვიდრეობით, ამუშავებს, გარდაქმნის მათ ამ მიმდინარეობისათვის დამახასიათებელი ხერხების მეშვეობით, რითაც ახალ სიცოცხლეს ანიჭებს კლასიკურ ტექსტებს, მათ გმირებს მეორედ აცოცხლებს და საკუთარი ინტერპრეტაციით წარმოგვიდგენს ბევრისგან მივიწყებულ და ქართული ლიტერატურისათვის მნიშვნელოვან ტექსტებს.

 

ამგვარად, პოსტმოდერნიზმმა  XX საუკუნის მეორე ნახევრიდან ხელოვნების თითქმის ყველა სფერო მოიცვა.  მისი ასახვა ლიტერატურაში განსაკუთრებით საინტერესოა. ამ მიმდინარეობის ჭრილში ტექსტების განხილვა, დაკვირვება იმ სახე-ფორმებზე, რომლებსაც მწერალი ქმნის , მათი შეფასება, ძველთან შეპირისპირება  ვფიქრობ, მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს მოსწავლეების ლიტერატურით დაინტერესების საკითხში. გარდა ამისა, აღსანიშნავია იმის გააზრება , რომ მწერლის წარმოსახვა უსაზღვროა ტექსტის  ინტერპრეტაციის მსგავსად, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინოდ იკვეთება სწორედ კლასიკური და უახლესი/თანამედროვე ვერსიების შედარებისას – ეს ყოველივე კი ერთ-ერთი აუცილებელი ფაქტორია შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარების თვალსაზრისით.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ბრეგაძე, ლევან. ,,პოსტმოდერნიზმი ქართულ მწერლობაში“. სჯანი.I (2000): (110- 124)
  2. 3. იმნაიშვილი, ანა. ,,შეხვედრა აკა მორჩილაძესთან“, კალმასობა, 2001:I (5–7)
  3. მორჩილაძე,აკა. წიგნი. თბილისი: ,,ბაკურ სულაკაურის“ გამომცემლობა, თბილისი, 2003
  4. ქართული პროზა, შუშანიკის წამება, გამომცემლობა ,,საბჭოთა საქართველო, თბილისი, 1982.
  5. წიფურია, ბელა. „პოსტმოდერნიზმი“. ლიტერატურის თეორია, XX საუკუნის ძირითადი მეთოდოლოგიური კონცეფციები და მიმდინარეობები. თბილისი: ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა, თბილისი, 2008

 

 

 

პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება-ინტელექტის განვითარების ეფექტური გზა

0

თანამედროვე ინფორმაციულმა საზოგადოებამ  მასწავლებლებს დაუსახა ახალი მოთხოვნები და ამოცანები განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად. ბოლო დროს, განათლებაში შეიმჩნევა ბავშვების შემეცნებითი ინტერესის დონის შემცირების ტენდენცია, რაც ეწინააღმდეგება თანამედროვე საზოგადოების მოთხოვნებს. პედაგოგიურ პრაქტიკაში სკოლის მოსწავლეების შემეცნებითი აქტივობის დონის ამაღლების პრობლემა ყოველთვის აქტუალური იყო.  მოსწავლეს სჭირდება გარკვეული სააზროვნო უნარები და თვისებები, რაც დაეხმარება მას მომავალში საზოგადოებაში დაიმკვიდროს თავი . ამ მხრივ, მას  სჭირდება ანალიზის, შედარების, პრობლემის გადაჭრის, ადეკვატური თვითშეფასების  უნარი. მასწავლებლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა სასწავლო პროცესის ისე სტრუქტურირება, რომ დაეხმაროს მოსწავლის  შესაძლებლობების გამოვლენას.

მიზანშეწონილია პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების ტექნოლოგიის  დანერგვა, რომელიც  ზრდის მასწავლებლის საქმიანობის ეფექტურობას, ეხმარება მოსწავლეებს დაეუფლონ ინტელექტუალურ, შემოქმედებით და პრაქტიკაზე ორიენტირებულ საქმიანობის მეთოდებს.

პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება არის საგანმანათლებლო პროცესი, რომლის დამახასიათებელი ნიშნებია:

  • შემეცნებითი ამოცანის დასახვა, რომელიც საჭიროებს ანალიზს და კვლევას;
  • შესწავლილი პრობლემის გადაჭრის ჰიპოთეზის ჩამოყალიბება;
  • პრობლემური სიტუაციის შექმნა;
  • პრობლემის გადაჭრის პოვნა;
  • დასკვნა.

პრობლემაზე დაფუძნებული სწავლის ეტაპები:

I  ეტაპი  – პრობლემური სიტუაციის ინფორმირებულობა;

II ეტაპი  – პრობლემის ფორმულირება სიტუაციის ანალიზის საფუძველზე;

III ეტაპი  – პრობლემის გადაჭრა;

როგორც ცნობილია, პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების საფუძველია მოსწავლეთა ანალიტიკური და სინთეზური აქტივობა, რომელიც რეალიზდება მსჯელობასა და რეფლექსიაში. ამიტომ, პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება არის ევრისტიკული, საძიებო სწავლების მეთოდი, რომელსაც აქვს მნიშვნელოვანი გააქტიურების პოტენციალი.

პრობლემაზე დაფუძნებული სწავლებისას შეიძლება გამოიყოს სირთულის ოთხი დონე:

  • I დონეს ახასიათებს ის ფაქტი, რომ პრობლემაზე დაფუძნებულ სწავლებას აქვს ძიების, პრობლემის წარმოშობის , ჰიპოთეზების წამოყენებისა და მათი გადაჭრის პოვნის თვისებები.
  • II დონე – მასწავლებელი ქმნის პრობლემურ სიტუაციას და მოსწავლეები  უერთდებიან მას.
  • III დონე მეორისგან იმით განსხვავდება, რომ როდესაც მასწავლებელი ქმნის პრობლემურ სიტუაციას, მოსწავლეები დამოუკიდებლად წყვეტენ მას .
  • IV დონის თავისებურებაა მოსწავლეთა წახალისება, იპოვონ პრობლემა მასწავლებლის მიერ წარმოდგენილ მასალაში და დაასაბუთონ მისი გადაწყვეტა.

მუსიკის გაკვეთილზე პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, თუ როგორ სრულდება პრობლემური დავალება და როგორ წყდება პრობლემური საკითხი.

პრობლემური დავალება გადაიქცევა კოგნიტურ პრობლემად, თუ ის აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

  • წარმოადგენს მოსწავლეთა შემეცნებით სირთულეს, მოითხოვს პრობლემის გადაჭრაზე ფიქრს;
  • აღძრავს კოგნიტურ ინტერესს მოსწავლეებში;
  • სასწავლო მასალის შინაარსი შეიცავს მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს და დამოკიდებულებებს , მიმართულია ცნებების, კანონებისა და თეორიების ჩამოყალიბებაზე.
  • მოსწავლეები ემზადებიან პრობლემაზე დაფუძნებული შესწავლისთვის და წყვეტენ პრობლემებს, რათა განავითარონ დამოუკიდებელი აზროვნება, კვლევის უნარები და შემოქმედებითი მიდგომა.

პრობლემური გაკვეთილის სტრუქტურა

  • პრობლემური სიტუაციის შექმნა, კითხვის ფორმულირება: „რატომ ვერ ვართმევთ თავს?“;
  • დავალების დადგენა, გაკვეთილის თემისა და მისი მიზნების ჩამოყალიბება;
  • გამოსავლის პოვნა, სუბიექტურად ახალი ცოდნის აღმოჩენა ჰიპოთეზების წამოყენებითა და ანალიზით;
  • ახალი ცოდნის გამოხატვა ხელმისაწვდომი ფორმით, მოდელირება;
  • პროდუქტის რეალიზება, შექმნილი პროდუქტის წარდგენა მასწავლებლის და კლასის წინაშე.

პრობლემური გაკვეთილის სტრუქტურიდან ირკვევა, რომ მისი ცენტრალური რგოლი პრობლემური სიტუაციაა.

პრობლემური სიტუაციების შექმნის მიზანი

ამ სიტუაციების რეალიზებასა და გადაჭრაში მოსწავლეთა და მასწავლებელთა ერთობლივი აქტივობების დროს, მოსწავლეების ოპტიმალური დამოუკიდებლობით და მასწავლებლის ზოგადი ხელმძღვანელობით,  მოსწავლეები იძენენ ცოდნისა პრობლემური პრობლემების გადაჭრის პროცესში.

პრობლემაზე დაფუძნებული სწავლის ტექნოლოგიას აქვს შემდეგი უპირატესობები

  • ქმნის შესაძლებლობებს ყურადღების, დაკვირვების, აზროვნების, შემეცნებითი აქტივობის გააქტიურებისთვის;
  • ავითარებს დამოუკიდებლობას, პასუხისმგებლობას, თვითკრიტიკას, ინიციატივას, ინოვაციურ აზროვნებას;
  • მიმართულია უნივერსალური საგანმანათლებლო საქმიანობის ფორმირებაზე;
  • უზრუნველყოფს შეძენილ ცოდნას, რადგან იგი მიღებულია დამოუკიდებელი საქმიანობით.

პრობლემური სიტუაციების შექმნის ტექნიკა.

  • მიიყვანეთ მოსწავლეები წინააღმდეგობაში და შესთავაზეთ, რომ თავად მოძებნონ გამოსავალი;
  • შესთავაზეთ კლასს განიხილონ სიტუაცია სხვადასხვა პოზიციიდან;
  • წაახალისეთ მოსწავლეები, გააკეთონ შედარება, განზოგადება, დასკვნები სიტუაციიდან და შეადარონ ფაქტები.
  • კონკრეტული კითხვების დასმა განზოგადების, დასაბუთების, დაზუსტების, ლოგიკის, მსჯელობის შესახებ.
  • პრობლემური თეორიული და პრაქტიკული ამოცანების განსაზღვრა;
  • პრობლემური სიტუაციების დასახვა;

მუსიკის გაკვეთილებზე პრობლემური სიტუაციის გადაჭრა განსაზღვრავს იგივე აზროვნების ტექნიკის გამოყენებას, რაც ხდება ამ სიტუაციების შექმნისას.

პრობლემის წარმოდგენა მუსიკის მასწავლებლისგან მოითხოვს დიდ მეთოდურ მუშაობას, დიდაქტიკური მასალის მნიშვნელოვან დამუშავებას, რათა მისი გარკვეული ნაწილი პრობლემური საკითხებისა და ამოცანების სახით წარმოაჩინოს.  მასწავლებელი კლასს მიმართავს კითხვების დახმარებით, რომლებიც მოსწავლეს უბიძგებს დამოუკიდებლად მსჯელობასა და პასუხის ძიებაში. („რას გააკეთებდით ამ პრობლემისას?“,  „როგორ გადაამოწმებთ რომელია სწორი?“, „ყურადღება მიაქციეთ შემდეგ გარემოებებს…“, და ა.შ.).  მასწავლებელი ოსტატურად დასმულ კითხვებს იყენებს და მის ანალიზს მიჰყავს მოსწავლეები რაიმე „აღმოჩენამდე“, მუსიკალური კონცეფციის ჩამოყალიბებამდე .

ამ მეთოდის არსი იმაში მდგომარეობს, რომ მასწავლებელი  იყენებს მცირე მინიშნებას, ამცირებს საძიებო ველს, ან ყოფს დავალებას ქვედავალებად. ამცირებს პრობლემის გადაჭრის ხარისხს, რაც უადვილებს მოსწავლეებს პრობლემის გადაჭრისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ სვლას. მასწავლებელს შეუძლია სთხოვოს მოსწავლეებს გამოიტანონ საბოლოო დასკვნა ან ჰიპოთეზა, ან მოიფიქრონ მისი შესამოწმებელი გზა.  მასწავლებელი რთავს მოსწავლეებს პრობლემის გადაჭრის ნაწილობრივ ძიებაში.

პრობლემური სიტუაციის შემდეგი ელემენტია მოსწავლის უნარი, მათ შორის მისი შემოქმედებითი შესაძლებლობები და ცოდნის მიღწეული დონე. უნარები და მიღებული ცოდნა საკმარისი უნდა იყოს მიღებული მუსიკალური ამოცანისა და განხორციელების პირობების დამოუკიდებელი გაგებისთვის (ანალიზისთვის).

მასწავლებელი მუსიკის გაკვეთილზე მიზანმიმართულად ქმნის სიტუაციას, რომელიც იწვევს კოგნიტურ სირთულე, მაშინ როცა მოსწავლეებს ახალი თემის დასაუფლებლად შემდეგი გონებრივი ოპერაციები სჭირდებათ: ანალიზი, სინთეზი, შედარება, ანალოგია, განზოგადება ან მათი კომბინაცია ერთდროულად. ამგვარად, ჩნდება შემეცნებითი სირთულის სიტუაცია, რომელიც ბავშვებს აერთიანებს ახალი თემის ელემენტების დამოუკიდებლად მოპოვებაში, იქმნება პრობლემური სიტუაცია.

მუსიკის მასწავლებლის მიერ შექმნილი პრობლემური სიტუაცია პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების საწყისი ეტაპია. შემდგომ მუშაობას მოსწავლეები ახორციელებენ დამოუკიდებლად მასწავლებლის ხელმძღვანელობით და მოიცავს შემდეგ ნაბიჯებს, რომლებიც მიმართულია შემეცნებითი პრობლემის გადაჭრაზე:

  • კოგნიტური პრობლემის გადაჭრის შესაძლო ვარიანტების წამოყენება;
  • ჰიპოთეზის წამოყენება;
  • ჰიპოთეზის თეორიული ან პრაქტიკული შემოწმება;
  • შემეცნებითი დასკვნის ფორმულირება.

პრობლემის ძიების მეთოდის მაგალითები

  1. პ. ჩაიკოვსკის მუსიკის მოსმენა ციკლიდან “წელიწადის დრონი” (“ნოემბერი”).

დავალება:

  • რამდენ სურათს ასახავს ეს ნაწარმოები?
  • ყველგან ერთნაირი განწყობაა?
  • ვიყენებთ ფერთა მოდელირებას (ფერის გამოყენებით ნაწარმოების ფორმის დახატვა).

ბავშვები განსაზღვრავენ:

  • პირველი და მესამე ნაწილი იგივეა
  • შუა ნაწილი კი მღერადია,

ბავშვები ხალისით აგებენ ნაწარმოების 3-ნაწილიან ფორმას ფერადი მუყაოს ქაღალდისგან.

  1. ,,ამოვიცნოთ მუსიკა“

დავალება 1.

მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს მოისმინონ მუსიკალური ნაწარმოები სენ-სანსის”აკვარიუმი” . აუცილებელია, მუსიკალური შთაბეჭდილებიდან გამომდინარე, დადგინდეს, მუსიკაში რაზეა საუბარი.  მოსმენის შემდეგ მოსწავლეების წინაშე წარმოდგენილია  სხვადასხვა სურათები. მოსწავლეებმა უნდა ამოიცნონ მუსიკა და ახსნან თავიანთი გადაწყვეტილება.

კურდღელი – ყველა ბავშვი ერთხმად უარყოფს ამ სურათს.

სპლიყვი – ბავშვების პასუხები: – “მიუხედავად იმისა, რომ პატარაა, მუსიკა მას არ უხდება.”

თევზი – მოსწავლეების უმრავლესობა ფიქრობს,  რომ  შეესაბამება მუსიკას.

მაგრამ მათი პასუხები არ არის დამაჯერებელი, რადგან მათ ესმით, რომ  შესაძლოა ვიზუალური გამოსახულების სხვა ვარიანტებიც იყოს. მოსწავლეების წინაშე ჩნდება  ყველა სურათი, მოსწავლეები ერთხმად პასუხობენ- თევზის გამოსახულება შეესაბამება მუსიკის ხასიათს.

დავალება 2

წარმოდგენილია ყველა ვიზუალური გამოსახულება .

ჟღერს მუსიკა ი. ბრამსის “იავნანა”. მუსიკა, რომელიც არ შეესაბამება ვიზუალურ პერსონაჟებს. ბავშვებს უჭირთ პასუხის გაცემა კითხვაზე „რას გვიამბობს მუსიკა“, მათი მსჯელობა ეფუძნება  მუსიკის ბუნებასა და ვიზუალური აღქმას ერთობლიობის შეუსაბამობას. მუშაობის ეს ეტაპი გულისხმობს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების განვითარებას.ბავშვებმა დამოუკიდებლად უნდა იპოვონ კითხვაზე პასუხი და დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილება.

შესაძლო პასუხები:

– არცერთს არ  შეეფერება, რადგან მუსიკა ძალიან მშვიდია.

ერთმა მოსწავლემ უპასუხა: ”ეს მუსიკა შესაფერისია ზღარბისთვის, რადგან მისი ცხოვრება ძირითადად ღამით არის და მუსიკაში  მშვიდი ღამეა”.

გაკვეთილზე დაკვირვებისა და ანალიზის მთავარი მიზანია იმის შესწავლა, თუ როგორ ვლინდება გაკვეთილზე მასწავლებლის ინტელექტუალური სამყარო, როგორ იზრდება მოსწავლეთა სულიერი ინტერესები, როგორ მდიდრდება მათი მეხსიერება და ვითარდება აზროვნება. ეს განსაზღვრავს გაკვეთილის ხარისხს და მის ეფექტურობას.

ამდენად, პრობლემური სიტუაცია და მისი გადაწყვეტა რთული პროცესია, მაგრამ მუსიკის გაკვეთილებზე ეს არის რაღაც განსხვავებული, განსაკუთრებული. ხელოვნება არის ადამიანის პიროვნების შინაგანი სამყაროს ინდივიდუალური სტრუქტურების განსახიერება .

  1. „შეგვიძლია დავინახოთ მუსიკა?“

მასწავლებელი მოსწავლეებს  აძლევს 4 სხვადასხვა სიგრძის  მრავალფერად ლენტებს.

მასწავლებელი: რას ხედავთ, რა მიჭირავს ?

მოსწავლეები: მრავალფერადი  ლენტები

მასწავლებელი: რა კავშირშია ეს მუსიკასთან?

მოსწავლეები: ლენტები შეიძლება გამოყენებულ იქნას საკონცერტო კოსტიუმების გასაფორმებლად.

მასწავლებელი: როგორ აღიქვამს ადამიანი მუსიკას?

მოსწავლეები: ჩვენ აღვიქვამთ მუსიკას მოსმენის შემდეგ .

მასწავლებელი: როცა ადამიანი მუსიკას უსმენს კონცერტზე, რას ხედავს?

მოსწავლეები: მუსიკოსებს, მუსიკალურ ინსტრუმენტებს.

მასწავლებელი: აიღეთ ლენტები და წარმოიდგინეთ, რომ მუსიკოსები ხართ.

მოსწავლეები იღებენ ლენტებს და აწყობენ ისე, თითქოს  ასახავს მუსიკალურ ინსტრუმენტებს. მასწავლებელი: როგორ ავხსნათ ლენტების სხვადასხვა სიგრძე?

მოსწავლეები: ლენტის სიგრძე გვიჩვენებს მუსიკალური ინსტრუმენტის ზომას.

მასწავლებელი: რა განსაზღვრავს მუსიკალური ინსტრუმენტის ზომას?

მოსწავლეები: სხვადასხვა ხმების ჟღერადობა,ხმის სიმაღლე,  ხმის რეგისტრი.

მასწავლებელი: ახლა მოისმენთ ქართველი  კომპოზიტორის სულხან ცინცაძის ნაწარმოები, ციკლიდან  ,,ტყის ბინადარი“,   პიესა ,,დათვის გასეირნება“ . გთხოვთ, ნაწარმოების მოსმენის შემდეგ, გაიგოთ  და „დაინახოთ“ მუსიკა.

ნაწარმოების მოსმენის შემდეგ მოსწავლეები ადვილად ადგენენ,  რას  ასახავს მუსიკა. განმარტავენ,

მუსიკალური გამოხატვის რა საშუალებებს იყენებს კომპოზიტორი ამ სურათის შესაქმნელად.

ამრიგად, მუსიკის მოსმენისას ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ შემსრულებლები , ასევე  წარმოვიდგინოთ მუსიკა ჩვენს წარმოსახვაში.

  1. პეიზაჟი ფერწერასა და მუსიკაში.

მიზანი: ხელოვნების აღქმაში სენსიბილიზაციის (მგრძნობელობის ამაღლების) გზების პოვნა

დავალებები:

  • სივრცითი გამოსახულებების გამოსახვისას ფერწერისა და მუსიკის გამომსახველობის საშუალებების განსაზღვრა;
  • ორი ხელოვნების გამოხატვის საშუალებებში საერთოს პოვნა;
  • დინამიკის განსაზღვრა, როგორც მუსიკალური გამოხატვის საშუალება.

რეპერტუარი: ედვარდ გრიგის ,,დილა“, სხვადასხვა მხატვრის პეიზაჟები მასწავლებლის არჩევანით.

პრობლემური სიტუაციის შექმნის მეთოდი პრობლემური სიტუაციის მოგვარების მეთოდი შენიშვნები
ანალიზისთვის- წარდგენილი ნახატების რეპროდუქციების ბგერითი ჟღერადობის შესახებ ვარაუდების ფორმულირება. მუსიკალური და მხატვრული გამოსახულების კომბინაცია. მუსიკალური და მხატვრული გამოხატვის საშუალებების შედარებითი ანალიზის ჩატარება. მუსიკისა და მხატვრობის კავშირის დადასტურება ბუნებასთან და ცხოვრებასთან. მოუსმინეთ, როგორ ჟღერს ხმა პატარა სივრცეში (საკლასო ოთახში) და დიდში (დერეფანში). დააკვირდით, რამდენად ჩუმად ,,პასუხობს ექო“.

გაკვეთილებზე დიდ როლს თამაშობს მუსიკალური ნაწარმოების აღქმისა და ანალიზის ფენომენოლოგიური მოდელები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლე  გაიხსნას ბგერების მუსიკალური სამყაროს მეშვეობით.

მუსიკალური ნაწარმოების ანალიზის პირველი ეტაპი არის კვლევა. ეს ეტაპი აუცილებელია შესწავლილ მუსიკალურ ნაწარმოებში რაიმე ახლის აღმოსაჩენად. მუსიკალური ნაწარმოები ბავშვებისთვის 4-ჯერ სრულდება.

  1. ნაწარმოების პირველად მოსმენის შემდეგ ბავშვები წერენ საკუთარ მეხსიერების სურათს.
  2. მეორე მოსმენის შემდეგ ბავშვები იწყებენ თავიანთი ორიგინალური სურათის აღწერას .
  3. ნაწარმოების მესამედ მოსმენისას ბავშვები იწყებენ იმ პრობლემების გაცნობიერებას, რომლებიც აწუხებდა კომპოზიტორს. ეს არის “სიკეთე თუ ბოროტება”, როგორც გადმოსცა ეს კომპოზიტორმა (ხმოვანი მელოდიების, ორკესტრის, მუსიკალური გამოხატვის საშუალებების დახმარებით).

ბავშვებს, რომლებიც ამ მეთოდით აანალიზებენ მუსიკალურ ნაწარმოებს, აქვთ თვითდადასტურებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობა. ყოველივე ამის შემდეგ, თითოეულ მსმენელს აქვს საკუთარი შეხედულება და საკუთარი განსჯის უნარი. მნიშვნელოვანია, რომ ნაწარმოების პრობლემების გაცნობიერებით, ბავშვებმა ისწავლონ საკუთარი აზრისა და განსჯის გამოხატვა.

  1. მუსიკალური ნაწარმოების საბოლოო აღქმის დროს ბავშვები ეყრდნობიან მათ ცოდნას, შესაძლებლობებს, უნარებსა და მუსიკალურ გამოცდილებას. ისინი ცდილობენ დაადგინონ მუსიკალური ნაწარმოების ეპოქა (შესრულების სტილით, ჟღერადობით) და ამ ნაწარმოების აქტუალობა ჩვენს დროში. მუსიკალური ნაწარმოების ანალიზის მთავარი პირობა მუსიკალური მაგალითებით უნდა იყოს გაჯერებული (რატომ ჟღერს ასე და არა სხვაგვარად, უკავშირდება თუ არა კომპოზიტორის სტილს) და ა.შ.

გაკვეთილის მიზანი:

მუსიკის გაკვეთილებზე პრობლემური სწავლების მახასიათებლების იდენტიფიცირება მუსიკალური ნაწარმოების  ანალიზის მეშვეობით.

ამოცანები:

  1. სწავლის თანამედროვე თეორიის შესწავლა, პრობლემაზე დაფუძნებული სწავლის ტექნოლოგიის თავისებურებების იდენტიფიცირება.
  2. მუსიკის გაკვეთილთან დაკავშირებით გამოვყოთ პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების ზოგადი და სპეციფიკური მახასიათებლები.
  3. მუსიკის აღქმაზე დიაგნოსტიკის ჩატარება და მიღებული შედეგების ანალიზი.
  4. მუსიკის ინტეგრირებულ გაკვეთილებზე პედაგოგიური ურთიერთქმედების პრობლემური სიტუაციების და პროცედურული თავისებურებების გაანალიზება.

გაკვეთილი იყო და რჩება საგანმანათლებლო პროცესის მთავარ ელემენტად, მაგრამ პიროვნებაზე ორიენტირებული სწავლების სისტემაში მნიშვნელოვნად იცვლება მისი ფუნქცია და ორგანიზაციის ფორმა.

მუსიკის სწავლების ტრადიციული მეთოდებისგან განსხვავებით, რომლებიც მიზნად ისახავს მუსიკოსების შესახებ მზა ინფორმაციის გადაცემას და მოსწავლეების მიერ მათ დამახსოვრებას, პიროვნებაზე ორიენტირებული გაკვეთილი პრობლემაზე დაფუძნებული სწავლის ელემენტებით საშუალებას აძლევს მოსწავლეებს გამოავლინონ ინიციატივა, დამოუკიდებლობა, მუშაობის მეთოდებში შერჩევითობა, აკადემიური აქტივობებისადმი ინტერესის გაზრდა, მოსწავლეთა თვითშეფასების შეცვლა, აგრეთვე თეორიული აზროვნების საფუძვლების ჩამოყალიბების წინაპირობების შექმნა.

პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება მუსიკის გაკვეთილებზე ვერ გადაჭრის ყველა საგანმანათლებლო პრობლემას. თუმცა, პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება შეიძლება იყოს მოსწავლეთა საგანმანათლებლო და შემეცნებითი აქტივობის გაძლიერების ერთ-ერთი ფორმა.

პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების არსი მდგომარეობს იმაში, რომ მასწავლებელი ქმნის პრობლემური სიტუაციების ჯაჭვს მოსწავლეთა საგანმანათლებლო და შემეცნებითი საქმიანობის პროცესში და მართავს მათ საძიებო საქმიანობას, რათა დამოუკიდებლად მოიძიონ ახალი ცოდნა საგანმანათლებლო პრობლემების გადაჭრის პროცესში.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ნ. ჯანაშია.ნ იმედაძე, ს. გორგოძე. განვითარებისა და სწავლების თეორიები. 2008. მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრი.
  2. ქლუსთერი დ – რა არის კრიტიკული აზროვნება? – წიგნიერი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, 2002-2004.
  3. ინტერაქტიური მეთოდები პრაქტიკაში ს. ლობჟანიძე, მ. ფირჩხაძე, მ. რატიანი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2016
  4. როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს აზროვნება, მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი, 2007;
  5. პრობლემაზე დაფუძნებული სწავლა, მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო სასკოლო სახელმძღვანელოების ავტორებისათვის, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი, 2008;
  6. სწავლება და შეფასება, დამხმარე სახელმძღვანელო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი, 2008;
  1. https://www.inotles.eu/ka/პრობლემაზე-დაფუძნებული-სწავლების-მეთოდი
  2. https://akhaliganatleba.ge/პრობლემაზე-დაფუძნებული-2/
  1. ლობჟანიძე ს. სწავლების მეთოდები და სწავლების სტრატეგიები, 16. 05. 2012, ჟურნალი მასწავლებელი https://mastsavlebeli.ge/?p=2536 (10. 04. 2019)

 

  1. მ. ბოჭორიშვილი . პრობლემაზე დაფუძნებული სწავლა და მეტაკოგნიცია https://mastsavlebeli.ge/?p=2174

 

 

სსიპ ქალაქ თბილისის № 126 და № 55 საჯარო სკოლების

მუსიკის წამყვანი მასწავლებელი,

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლექტორი

დალი დოლიძე

 

,,კვების კულტურა თუ წესები“ –  სადამრიგებლო საათისთვის  

0

     ,,ჭამით უნდა გადაიტანო“ . . . ეს ტერმინი ჩემი ბებიისგან მახსოვს. მაშინ ამბობდა, როცა პრობლემა არსებობდა და ამ დროს საკვების მიღებით ფიქრი სხვა რამეზე გადადიოდა. თითქოს პრობლემაც სადღაც ქრებოდა. პატარა როცა ვიყავი არც ვფიქრობდი რამდენი კუთხით შეიძლებოდა მასზე მსჯელობა.

  1. როცა ადამიანი საკვებს მიირთმევს მთელი სისხლი მიდის საჭმლის მომნელებელი სისტემისკენ და ორგანიზმი დუნდება, ძილი ერევა, პრობლემაც ,,ავიწყდება“;
  2. როცა ადამიანი ნერვიულობს და ამ დროს მიირთმევს არც ფიქრობს რას და რა რაოდენობით ჭამს, შეიძლება არც უყურებდეს რა გადაიღო თეფშზე.

მოზარდების სწორ და დაბალანსებულ კვებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და განათლების კოალიცია ინტენსიურად მუშაობს სასკოლო კვების საკითხებზე. მოზარდი სახელმწიფოს პრიორიტეტია და ალბათ ეს პრობლემაც მოგვარდება.

სასკოლო კვებას როგორც მომხრეები, ასევე მოწინააღმდეგეებიც ჰყავს, პრობლემა ჩვენს შესაძლებლობებს აღემატება, ამიტომ რაც ჩვენ, მასწავლებლებს, დამრიგებლებს შეგვიძლია გავაკეთოთ ისაა, რომ ვესაუბროთ მოსწავლეებს საკვების მიღების რეჟიმისა და წესების მნიშვნელობასთან დაკავშირებით. დასაფიქრებლად კი შეიძლება დასაწყისში წარმოდგენილი ფრაზა შევთავაზოთ.

ქვემოთ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს მოსწავლეებისთვის გასაგები ტექსტით წარმოვადგენ, რომელიც გამოდგება საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან სამუშაოდ, როგორც სადამრიგებლო საათის, ასევე ბიოლოგიის გაკვეთილის ფარგლებში.

  • წელიწადის რომელ დროს რა საკვები გამოვიყენოთ?

უმი, თხლად დაჭრილი ან კარგად მოხარშული ბრიუსელის კომბოსტო – სექტემბერი მარტის პერიოდში ყველაზე ეფექტურია. ის შეიცავს ბოჭკოს (ცელულოზას), C და K ვიტამინებს, რომელიც სისხლის შედედებისთვის და ძვლების სიძლიერისთვის არის საჭირო.  ვიტამინი K, Ca და ვიტამინი D ძვლების აღდგენაში მონაწილეობენ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოსტმენოპაუზის პერიოდში.

გოგრა უნდა მიირთვა ცივ დღეებში, ის შეიცავს კალციუმს, K და  C ვიტამინებს, მდიდარია ბოჭკოთი.

ჭარხალი გვიან შემოდგომამდე უნდა გამოიყენო საკვებად. კარგია გულისთვის, ნიტრატების ბუნებრივი წყაროა, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და არეგულირებს წნევას.

ფოთლოვანი კომბოსტო შემოდგომა -ზამთრის პერიოდშია უკეთესი. შეიცავს C, A და  K ვიტამინებს. აუმჯობესებს მხედველობას, შეიცავს ანტიოქსიდანტებს, კერძოდ ლუტეინს, ზეაქსანტინის. ისინი იცავენ თვალს კატარაქტისგან.

კურკუმა ანტიოქსიდანტებს შეიცავს.

სტაფილო შეიცავს ბეტა კაროტინსა და ანტიოქსიდანტებს.

ხახვი ანთების საწინააღმდეგო კვერცეტინს შეიცავს.

წვნიანები – იწვევს გათბობისა და დანაყრების შეგრძნებას. ბოსტნეულის ბოჭკო და ნაკლები ცხიმი ნაწლავის მოწესრიგებულ მოქმედებას განაპირობებს. ადამიანმა უნდა მიიღოს ბულიონი ნატრიუმის დაბალი შემცველობით, ან ნატრიუმის გარეშე.

ცივ დღეებში წვნიანი ხელს შეუწყობს ბოსტნეულის მიღებას. გოგრა, ჭარხალი, ქონდარი საუკეთესო შეხამებაა. ასევე კომბოსტო ან ბრიუსელის კომბოსტო  ლობიოს ან ოსპსა და ხორცთან ერთად სადილზე ყველა ნუტრიენტის (საკვები ნივთიერება) მოთხოვნას დააკმაყოფილებს.

  • რა უნდა გაითვალისწინო ლაშქრობის დროს საკვებთან დაკავშირებით?

ცივ ამინდში გასათვალისწინებელია სხეულის დამატებითი მოთხოვნები  დაბალ ტემპერატურასთან შესაგუებლად. დამატებითი კალორიებია საჭირო სხეულის სითბოს შესანარჩუნებლად, ჰაერის დასატენიანებლად და ნებისმიერ დროს წარმოშობილი უნებლიე კანკალისთვის.

ზამთარში ლაშქრობის დროს მძიმე ფეხსაცმელი, სხვა მძიმე ნივთების ტარება კიდევ მეტ ენერგიას მოითხოვს. თოვლში ლაშქრობაც კიდევ დამატებით მოთხოვნებს უყენებს ორგანიზმს. ენერგიისთვის მნიშვნელოვანია ცილა, ცხიმი და ნახშირწყალი. ისინი სხვადასხვა რაოდენობით, განსხვავებული სიჩქარით იძლევიან ენერგიას. ნახშირწყლები ყველაზე სწრაფად კონვერტირდებიან (გარდაიქმნებიან) ენერგიაში, ცხიმები კი ყველაზე ნელა, მისი დაშლისას ენერგია ნელა გამოთავისუფლდება, თანდათანობით. ზოგიერთი ცხიმი სწრაფად გამოიმუშავებს ენერგიას. თუმცა ასეთი ცხიმით მდიდარი საკვების ჭარბი მიღება იშვიათად გულის შეტევის მიზეზი ხდება.

პროცენტული რაოდენობა საკვების ნივთიერება ანალოგია აღწერილობა
 

 

 

 

 

55 %

 

 

მარტივი ნახშირწყალი

 

 

ცეცხლის გამჩაღებელი

4კალ/გ ენერგია ძალიან სწრაფად გამოიყოფა, მათი კვებითი ღირებულება დაბალია.

მიეკუთვნება: შაქარი, კანფეტები, სიდრი, კაკაო, პური, პასტა-ცომი (სპაგეტი, მაკარონი, ვერმიშელი).

მოიხმარეთ ყველაზე ნაკლები რაოდენობით მარტივი ნახშირწყლები

 

 

რთული ნახშირწყალი

წვრილი ჩხირები, რომლებიც კოცონის დანთებისთვის მოსახერხებელია 4 კალ/გ ენერგია სწრაფად გამოიყოფა, უფრო ადვილია მონელება. მათ მიეკუთვნება სახამებელი და ბოჭკო (ცელულოზა).

შეიცავს პური, ბრინჯი, პასტა, ხილი, მარცვლეული.

მიიღეთ უფრო მეტი რთული ნახშირწყალი.

 

 

 

30 %

 

 

 

ცხიმი

 

 

 

მორები (დიდი შეშა)

9 კალ/გ ნელა მიმდინარეობს ენერგიის გამოყოფა. ცხიმის გლიცერინად და ცხიმოვან მჟავებად დაშლას მეტი ენერგია და წყალი სჭირდება.

ბევრი ცხიმი მცენარეთა თესლებში (მზესუმზირა, თხილი, კაკალი, მიწისთხილი), შოკოლადში, კვერცხსა და ყველში. გარკვეული რაოდენობით შეიცავს რძე.

 

 

 

15 %

 

 

 

ცილა

 

 

 

მორები

4 კალ/გ ენერგია ნელა გამოთავისუფლდება. პირველ რიგში ცილა გამოიყენება უჯრედის აღდგენისთვის, კუნთების განახლებისთვის. ის არ არის ენერგიის წყარო, მხოლოდ მაშინ ასრულებს ამ ფუნქციას, როცა ორგანიზმში გლუკოზის მარაგი სრულად ამოწურულია.

ცილებს შეიცავს ბრინჯი, კვინოა, სოია, თხილი, პარკოსნები.

 

ზამთარში დეჰიდრატაციის  (წყლის დაკარგვის) რისკი უფრო მეტია, რადგან ჰაერში ტენიანობა დაბალია.  ყინვის დროს კი გამოშრობის საფრთხე მნიშვნელოვნად იზრდება.

უნდა აინაზღაურო სუნთქვისთვის, ოფლის აორთქლებისა და შარდის გამოყოფისას დაკარგული სითხის რაოდენობა სასმელი წყლით. ყინულიანი წყლის მოხმარება ამცირებს სხეულის შინაგან ტემპერატურას და პირველი ეფექტი შემცივნებაა. ცივი ამინდი ნიღბავს წყურვილის შეგრძნებას და ადამიანს არ სწყურდება, ამიტომ სითხე მაინც უნდა მიიღო. ზოგჯერ ცდილობენ წყალი არ მიიღონ, მოშარდვა რომ აიცილონ თავიდან, მაგრამ ეს დიდი შეცდომაა.

საუზმე უნდა იყოს მარტივი. მაგალითად ერთი სახის მარცვლეულის ფაფა. ისეთი, რომ ენერგია მთელი დღისთვის შეინარჩუნოთ. დილით შაქარი ცოტა მიიღეთ. ლაშქრობის წინ ბევრი შაქრის მიღება ასევე  დიდი შეცდომაა. მარტივი ნახშირწყლები დასაწყისშივე ენერგიას იძლევიან, თუმცა ცეცხლმოკიდებული ქაღალდივით ჩაიფერფლებიან. რთული ნახშირწყლები კი  ორგანიზმში ენერგიის მაღალ დონეს შეინარჩუნებენ.

ლანჩი – ლაშქრობის პერიოდში დიდხნიანი შესვენება შეამცირებს სხეულის ტემპერატურას და გზის გაგრძელება რთული იქნება. უმჯობესია პეჩენია ან მსგავსი საკვები მგზავრობის პარალელურად მიიღოთ.

ხემსი – ჩირი, ტკბილეული ბევრი არ უნდა მიირთვათ, ამ დროს სხეულის ტემპერატურა სწრაფად აიწევს და ასევე სწრაფად დაიწევს, ამიტომ გაჩნდება სიცივის შეგრძნება.

სადილი – ლაშქრობის დროს გაითვალისწინე რომ ჩაი ერთბაშად არ დალიო, ყლუპ-ყლუპად მიირთვი რომ გაგათბოს დიდხანს. კარგია თევზი, რთული ნახშირწყლები, ასევე ლობიო – ცილისთვის. შოკოლადის ფილა და თხილი სწრაფი გათბობისთვის გამოდგება.

  • რა პროდუქტები გამოდგება ზაფხულში სხეულის გრილად შენარჩუნებისთვის:

კიტრი – ის ახდენს სხეულის ჰიდრატაციას, ამცირებს სითბოს წარმოქმნას და აგრილებს ორგანიზმს;

ნესვი  და საზამთრო – შეიცავს ბოჭკოს, K და B ვიტამინებს,  Mg-ს. ხელს უწყობს სხეულის დატენიანებას;

მწვანილი – გამაგრილებელია, კალციუმს შეიცავს.

სხვა ბოსტნეული – ისპანახი, სალათა, ჩინური კომბოსტო, მანგო ამცირებს სითბოს წარმოქმნას;

ლიმონი – აძლიერებს იმუნურ სისტემას, იწვევს კანის სიჯანსაღეს C ვიტამინის შემცველობის გამო;

ხაჭო და იოგურტი – B ვიტამინს და ,,მეგობარ“ ბაქტერიებს შეიცავს;

თევზი – პროტეინის წყაროა, გასცემს სითბოს. ხელს უწყობს სისხლის გაგრილებას და ტოქსინების მოცილებას. ის ადვილად შეიწოვება, სხეულს მეტი ენერგია არ სჭირდება მის მოსანელებლად.

პიტნა –  ხელს უწყობს მონელებას შინაგანი სითბოს გაზრდის გარეშე, ხსნის ღებინების შეგრძნებას, თავის ტკივილს, ამსუბუქებს დეპრესიას და დაღლილობას.

გვირილა – აგრილებს სხეულს, ხელს უშლის უძილობას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას. ანტიოქსიდანტების შემცველობის გამო სასარგებლო ნაყენია.

ადამიანი ზაფხულში ბევრ ენერგიას კარგავს უხვი ოფლიანობის გამო და ძილის სურვილი უჩნდება, ზოგიერთი მაღალენერგეტიკული საკვები აჩქარებს მეტაბოლიზმს და წარმოიქმნება ბევრი ენერგია.

ნაყინი – ნახშირწყლების წყაროა, მაღლა სწევს ენერგიის დონეს. ათლეტებმა შეჯიბრის დაწყებამდე უნდა მიირთვან. მასში ბევრი მინერალი (Ca, P, Mg, I, Zn, ) და ვიტამინია (B, A, D, E, C).

ნაყინი ასტიმულირებს სიამოვნების ჰორმონების გამოყოფას. ამცირებს სტრესის დონეს. შეიცავს ტრიფტოფანს –  ბუნებრივ ტრანკვილიზატორს, ხელს უშლის ინსომნიას (უძილობას), ამშვიდებს ნერვებს. კალციუმი მატებს ძვლების სიმკვრივეს.

  • რა უნდა გაითვალისწინო საკვების მონელების გასამარტივებლად?

ხშირად, როცა მონელებაზე ვსაუბრობთ, კუჭში მიმდინარე პროცესს წარმოვიდგენთ. რეალურად მონელება მხოლოდ კუჭის საქმე არაა, პროცესში ხუთი ორგანო და სამი სახის ჯირკვალია ჩართული. მონელების დრო რამდენიმე საათიდან 72 საათამდე შეიძლება გაგრძელდეს. მაგრამ ძირითადად 24 საათი საკმარისია. ყველა ორგანოში მიმდინარე პროცესს საკუთარი დრო აქვს. კუჭში კი 3-4 საათს გრძელდება, წვრილ და მსხვილ ნაწლავებში 7-7 საათი.

მონელების დრო დამოკიდებულია:

  • კვების პროდუქტებზე, მათ კონსისტენციაზე;
  • საკვების შემადგენელ ნუტრიენტებზე;
  • ადამიანის საჭმლის მონელების მახასიათებლებზე;
  • ერთი დღის განმავლობაში კვების რაოდენობაზე.

საკვების კონსისტენცია – აგრეგატული მდგომარეობის მიხედვით საკვები ორი სახისაა, მყარი და თხევადი. თხევადი საკვები ადვილად გადადის პირის ღრუსა და საყლაპავი მილის ბარიერს, თითქმის შეუცვლელად ჩადის კუჭში. კუჭშიც ზედმეტი შერევა არ სჭირდება და სწრაფად გადადის წვრილ ნაწლავში. თუ საკვები მყარია, ყველა ორგანოს სერიოზული მუშაობა უწევს. თხევადი საკვების მონელებისას ნაკლები ფერმენტული და მეტი ჰორმონული პროცესი მიმდინარეობს.

ნუტრიენტების შემცველობა – ნახშირწყლები, ცილები და ცხიმები სხვადასხვა დროში იშლებიან. ნახშირწყლები სწრაფად იშლება, სხვები – ნელა. ბოჭკოს დაშლაში ბაქტერიები მონაწილეობენ. ვაშლი ძირითადად შეიცავს წყალს და ნახშირწყლებს. ვაშლის ჭამის შემდეგ ორგანიზმს მხოლოდ ნახშირწყლის დაშლა უწევს გლუკოზად და ფრუქტოზად. როცა ვაშლის ნამცხვარს მივირთმევთ, მასში არის ფქვილი, რძე (გლუკოზა, ფრუქტოზა), ცილები (კვერცხი და რძე), ლიპიდები (კარაქი, კვერცხი, რძე). ამიტომ დესერტის მონელებას გაცილებით მეტი ენერგია და დრო სჭირდება.

გაითვალისწინე: საკვებს, რომელსაც მეტი დრო სჭირდება მონელებისთვის (რთული ნახშირწყლები და ბოჭკო) ნელა შეიწოვება და ორგანიზმს ენერგიას აწვდის რამდენიმე საათის განმავლობაში.

ლიპიდები გავლენას ახდენს კუჭის დაცლის სიჩქარეზე, ნახშირწყლების მონელებას და შეწოვას კი ანელებს. ამცირებს საკვების გლიკემიურ ინდექსს, რაც იმას ნიშნავს რომ სისხლში გლუკოზის დონე ისე სწრაფად არ იზრდება.

ის საკვები, რომელიც სწრაფად მონელებადია (შაქრის პროდუქტები) მეტ ენერგიას იძლევა სწრაფად, მაგრამ არა ხანგრძლივად.

ფიზიოლოგიურად ზოგი ადამიანი უფრო სწრაფად ინელებს საკვებს, ვიდრე სხვები, რადგან მის მომნელებელ სისტემაში პერისტალტიკა უფრო სწრაფად მიმდინარეობს. მონელების შენელება შეიძლება გამოიწვიოს ფერმენტების ნაკლებობამ. პროტეაზები აქტიურდება პროტეინების არსებობისას, ლიპაზები ლიპიდების არსებობისას. როცა დეფიციტია, ნუტრიენტები ძნელად იშლება და ხდება მალაბსორბცია, მაგალითად, ლაქტაზას ნაკლებობისას ძნელად ინელებენ ლაქტოზას შემცველ პროდუქტებს.

კვების პერიოდი – ცირკადული რიტმი ბიოლოგიური რიტმია, რომელიც არეგულირებს მუშაობისა და ძილის ფაზებს, ადამიანების უმრავლესობაში რიტმი მოიცავს 24 საათიან პერიოდს. ციკლის განმავლობაში ორგანიზმს განსხვავებული საჭიროებები აქვს. ციკლის დასაწყისში ყველაზე მეტი ენერგიაა საჭირო. იმ ადამიანებში, ვისი ცირკადული რიტმიც დარღვეულია (ღამის ცვლაში მუშაობა, მოკლე ღამე  . . . ) უწევთ მძიმე და ცხიმიანი საკვების მიღება, უძილობის დროს მცირდება ლეპტინის რაოდენობა და იზრდება შიმშილის ჰორმონის, გრელინის დონე, ის სწრაფად შთაინთქმება. გრელინს კუჭი გამოიმუშავებს. ეს ნივთიერებები ფუნდამენტურ როლს თამაშობენ საკვების შერჩევაში. საკვების მიღების დრო დამოკიდებულია ადამიანზე, ცირკადული რიტმი და რეგულარული კვების რეჟიმი ხელს უწყობს საჭმლის ნორმალურ მონელებას.

მარტივი მონელების სამი პირობა

როცა მონელებას დიდი დრო სჭირდება, საკვების მიღება არც ისე სასიამოვნო პროცესია. ადამიანს აქვს შებერილობა, სიმძიმის შეგრძნება, ზოგჯერ პირღებინება.  რა შეიძლება გავაკეთოთ უკეთესი მონელებისთვის?

  1. აირჩიე დაბალანსებული საკვები – მძიმე, ცხიმიანი და მეტად ტკბილი საკვების მონელებას უფრო დიდი დრო სჭირდება, ენერგიაც მეტი ხმარდება ნუტრიენტებად მის გარდაქმნას. ამიტომ საკვები მდიდარი უნდა იყოს ბოჭკოთი ანუ ცელულოზით, რომელიც ძნელად ფერმენტირდება (ხილი და ბოსტნეული – ნესვი, ატამი, კიტრი, სტაფილო, კომბოსტო), პროტეინებით (თევზი და თეთრი ხორცი), ასეთია ფერმენტირებული საკვები, პრობიოტიკებით მდიდარი იოგურტი. ნედლი და ორთქლზე მომზადებული საკვები ვიტამინებს ინარჩუნებს. ხარისხიანი ცხიმის, მაგალითად ზეითუნის ზეთის მიღება, მნიშვნელოვნად ამარტივებს მონელების პროცესს.
  2. შეამცირე სტრესი კვების პერიოდში – იკვებე სტრესულ შეხვედრებს შორის. როცა ნერვიულობ, ეცადე, არ ჭამო, რადგან ამ დროს მონელება რთულდება. სტრესი გაიძულებს ჭამო უფრო სწრაფად და ბევრი. ზოგჯერ ყურადღებასაც არ ვაქცევთ რა გვიდევს თეფშზე. სტრესი გავლენას ახდენს კუჭის მუშაობაზე და ხელს უშლის მონელებას.
  3. ღეჭე ნელა – როცა დიდხანს ღეჭავ, ინფორმაცია ტვინამდე დროულად აღწევს. ამაში, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ზომის, ფორმისა და ფუნქციის კბილები მონაწილეობენ. მნიშვნელოვანია შიმშილისა და სიმაძღრის ნიშნების გათვალისწინება.

მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი წესები:

როცა განსხვავებული საკვებია ერთმანეთში შერეული, მრავალი მაკრონუტრიენტია ერთად და რთულდება მონელება, გართულებასთან ერთად პროცესიც ხანგრძლივდება.

მონელება მარტივდება, თუ საკვები მსგავს ნუტრიენტებს შეიცავს. სხვადასხვა საკვების შერევისას რთულდება და ხანგრძლივდება მონელება.

კონფლიქტური საკვები:

ერთდროულად არ შეიძლება –

  • სხვადასხვა ტიპის ცილის;
  • რძისა და ხორცის;
  • ყველისა და კვერცხის;
  • თევზისა და პარკოსნების;
  • ნახშირწყლებისა და ხორცის:
  • კარტოფილისა და ცომეულის;
  • რთული და მარტივი ნახშირწყლების (კვების დროს მოიხმარე მხოლოდ ერთი სახის რთული ნახშირწყალი: ბრინჯი, მაკარონი);
  • ერთსა და იმავე კვებაზე სხვადასხვა წარმოშობის ცილების;
  • მჟავე და ტკბილი ხილის;
  • საღამოს რძის მიღება;

ტუტე საკვები –  (ხილი და ბოსტნეული) მიიღე ოთხჯერ მეტი, ვიდრე მჟავე არის შემქმნელი საკვები (მაკარონი, პური, ცხოველური ცილები).

მოერიდე ტკბილეულს, თუ მაინცდამაინც აუცილებელია, მიიღე დამოუკიდებლად.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. Come abbinare gli alimenti in modo corretto – Parmalat Educational ti da il benvenuto.

I tempi necessari per la digestione degli alimenti e dei pasti

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...