შაბათი, აგვისტო 23, 2025
23 აგვისტო, შაბათი, 2025

თომას გორდონი- “როგორ გავხდე კარგი მშობელი” მერვე თავი

0
 მიუღებელი ქცევის შეცვლა გარემოს ცვლილებით
მშობელთა მცირე ნაწილი ცდილობს შვილის ქცევის შეცვლას გარემოს შეცვლით. 
გარემოს ცვლილება ძირითადად ჩვილებთან და მცირეწლოვანებთან გამოიყენება, რადგან შვილების ასაკის მატებასთან ერთად მშობლები მეტწილად ვერბალურ მეთოდებს იყენებენ, განსაკუთრებით კი ისეთს, რომელიც თრგუნავს ბავშვს ან აშინებს მშობლის ძალაუფლებით; ისინი უგულებელყოფენ გარემოს ცვლილებას და მიუღებელი ქცევის შეცვლის მიზნით მთლიანად საუბარის ძალაზე არიან მინდობილები. ასეთი მიდგომა სამწუხაროა, რადგან გარემოს ცვლილება ხშირად ყველაზე მარტივი და ძალზე ეფექტური გზაა ყველა ასაკის ბავშვისათვის.

მშობლები გარემოს ცვლილების მეთოდს მხოლოდ მას შემდეგ იყენებენ, როცა მის მრავალფეროვან შესაძლებლობებს გაეცნობიან ხოლმე:

1.გარემოს გამრავალფეროვნება (გამდიდრება)
2.გარემოს გაუფერულება (გაღარიბება) 
3.გარემოს გამარტივება
4.გარემოს შეზღუდვა
5.უსაფრთხოების ზომები
6.ერთი აქტივობის მეორით ჩანაცვლება
7.ბავშვის მომზადება გარემოს შეცვლისათვის
8.სივრცის განაწილება უფროსი და–ძმისთვის

გარემოს გამდიდრება

საბავშვო ბაღის გამოცდილმა მასწავლებელმა იცის, რომ მიუღებელი ქცევის შეწყვეტის ან თავიდან აცილების ერთ–ერთი ეფექტური გზა ბავშვებისათვის საინტერესო საგნების შეთავაზებაა – მათი გარემოს გამდიდრება სათამაშოებით, საკითხავი მასალით, პლასტილინით, თავსატეხებით და ა.შ. ამ პრინციპს ეფექტური მშობლებიც იყენებენ: თუ ბავშვი საინტერესო საქმიანობით არიან გართულნი, ნაკლებად აწუხებენ მშობლებს.

ზოგიერთმა მშობელმა გაგვიზიარა ავტოსადგომში ან ეზოს რომელიმე კუთხეში ბავშვისთვის სპეციალური ადგილის მოწყობის გამოცდილება, სადაც მას შეუძლია თავისუფლად თხაროს, აკაკუნოს, აშენოს, ხატოს, აურიოს და შექმნას. მშობელი არჩევს ისეთ ადგილს, სადაც ბავშვს შეუძლია ნებისმიერი სასურველი საქმიანობა ისე, რომ არაფერი გააფუჭოს.

მანქანით მგზავრობისას ბავშვები განსაკუთრებით აბეზრებენ თავს მშობლებს. ზოგიერთ ოჯახს ამ შემთხვევისთვის მომარაგებული აქვს სათამაშოები და თავსატეხები, რომ ბავშვებმა არ მოიწყინონ და სხვებიც არ შეაწუხონ.

მშობლების უმრავლესობამ იცის, რომ, როგორც წესი, ბავშვები კარგად იქცევიან, თუკი მეგობრების სახლში მოყვანის ნებას დართავენ. ხშირად ორი ან სამი ბავშვი ერთად უფრო ადვილად პოულობს „მისაღებ” საქმიანობას, ვიდრე მხოლოდ ერთი.

სახატავი მოლბერტი, პლასტილინი, თოჯინების თეატრი, თოჯინა და მისი სახლი, კონსტრუქტორი, ლოტო და სხვა მნიშვნელოვნად ამცირებს აგრესიულ, მოუსვენარ ან რთულ ქცევას. ძალზე ხშირად მშობლებს ავიწყდებათ, რომ ბავშვებსაც ისევე სჭირდებათ საინტერესო და მასტიმულირებელი საქმიანობა, როგორც ზრდასრულებს. 
გარემოს გაღარიბება

ზოგჯერ აუცილებელია, რომ ბავშვებს ნაკლები სტიმული ჰქონდეთ, მაგალითად ძილის წინ. მშობლები, განსაკუთრებით მამები, ზოგჯერ ზედმეტ მონდომებას იჩენენ, ზედმეტად აფორიაქებენ ბავშვებს ძილის ან ჭამის წინ და შემდეგ უკვირთ, რატომ ვერ წყნარდებიან და რატომ ხდებიან უმართავები. ასეთ დროს საჭიროა გარემოს გაღარიბება და არა გამდიდრება. მნიშვნელოვნად შევძლებთ ქარიშხლისა და სტრესის თავიდან აცილებას, თუკი ვეცდებით ბავშვის გარემოს მასტიმულირებელი ზემოქმედების შემცირებას. 
გარემოს გამარტივება

ხშირად ბავშვის „მიუღებელი” ქცევის მიზეზი გარემოს მეტისმეტი სირთულეა; ის თავს აბეზრებს მშობელს დახმარების თხოვნით, საერთოდ თავს ანებებს საქმიანობას, აგრესიულობას ავლენს, საგნებს იატაკზე ყრის, ზუზუნებს, გარბის, ტირის. 

სახლის გარემო მნიშვნელოვნად უნდა შეიცვალოს, რომ ბავშვისათვის შესაძლებელი გახდეს დამოუკიდებელი საქმიანობა, საგნებით უსაფრთხო მანიპულირება და უმწეობის განცდის თავიდან აცილება, რომელსაც გარემოს კონტროლის უუნარობა იწვევს. მრავალი მშობელი შეგნებულად ცდილობს გარემოს გამარტივებას შემდეგი გზებით:

ისეთ ტანსაცმელს ყიდულობს ბავშვისათვის, რომლის ჩაცმასაც დამოუკიდებლად შეძლებს.
აქვს სპეციალური ყუთი ან ტაბურეტი, რომ ბავშვი კარადაში საკუთარ ტანსაცმელს ან აბაზანაში ონკანს მისწვდეს.   
ბავშვის ასაკის შესატყვის არამტვრევად ჭურჭელს იმარაგებს.
გარდერობში ტანსაცმლის საკიდს ბავშვისთვის მოხერხებულ სიმაღლეზე ამაგრებს. 
დამატებით საკეტს ამაგრებს კარებებზე ბავშვისთვის მოხერხებულ სიმაღლეზე.
ბავშვის ოთახში ისეთ შპალერს აკრავს, რომლის გარეცხვაც შესაძლებელია. 
გარემოს შეზღუდვა

მიუღებელი ქცევის გამო შვილის მანეჟში ჩასმით მშობელი ცდილობს შეუზღუდოს მას „სასიცოცხლო სივრცე”, რათა შემდგომი ქცევები მშობლისათვის მისაღები გახდეს. ეზოს ნაწილის შემოღობვა ეფექტური საშუალებაა ისეთი ქცევის თავიდან ასაცილებლად, როგორიცაა ქუჩაში გასვლა, მეზობლის ყვავილნარის გაფუჭება, დაკარგვა და ა.შ.

ზოგიერთი მშობელი სახლში სპეციალურ სივრცეს გამოყოფს, სადაც ბავშვს შეუძლია  პლასტილინით ძერწვა, ხატვა, ქაღალდის დაჭრა ან დაწებება და სხვ. ამგვარი აქტივობები შეზღუდულია გამოყოფილი არით. აქ ბავშვებს შეუძლიათ ხმაურიც, ყირამალა სიარულიც, სირბილიც, დაბინძურებაც და სხვ.  

როგორც წესი, ბავშვები გაგებით ეკიდებიან სასიცოცხლო სივრცის ამგვარ შეზღუდვებს, რა თქმა უნდა, იმ პირობით, რომ ასეთი შეზღუდვები გონივრულია და მათ საკმარის თავისუფლებას უტოვებს მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ზოგჯერ ბავშვი ეწინააღმდეგება შეზღუდვებს, რასაც მშობელთან კონფლიქტი მოსდევს. (მომდევნო თავში განვიხილავთ, როგორ შეიძლება გადაიჭრას ამგვარი კონფლიქტები). 
   
უსაფრთხოების ზომები    

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მშობელი ისედაც ბავშვისათვის მიუწვდენელ ადგილზე დებს მედიკამენტებს, ბასრ დანებსა და შხამ–ქიმიკატებს, უსაფრთხოების ზომების სია შესაძლოა განვავრცოთ:
საჭმლის მომზადების დროს ქვაბის ყურის უსაფრთხო მდებარეობა.

არამტვრევადი ჭურჭლის ყიდვა.
ასანთის უსაფრთხო ადგილზე დადება.
ელექტროსადენებისა და ჩამრთველების შეკეთება და დაცვა.
აბაზანის კარების დაკეტვა.
ძვირფასი, მტვრევადი საგნების შენახვა.
ბასრი ინსტრუმენტების შენახვა.
აბაზანის იატაკზე რეზინის ხალიჩის დადება.

ყოველმა ოჯახმა, გარემოდან გამომდინარე, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს უსაფრთხოების დამატებითი ზომები. მშობელთა უმრავლესობას განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე შეუძლია უსაფრთხო გახადოს შვილის გარემო და თავიდან აიცილოს მრავალი მიუღებელი ქცევა.
ერთი აქტივობის მეორით ჩანაცვლება

თუ ბავშვი ბასრი დანით თამაშობს, შეიძლება ბლაგვი შევთავაზოთ. თუ ის იატაკზე თქვენი კოსმეტიკის ჩანთას ჩაუჯდა და გულდასმით სწავლობს შიგთავსს, პლასტმასის ცარიელი ბოთლები ან ყუთები შესთავაზეთ სანაცვლოდ. თუ ის იმ ჟურნალიდან აპირებს ფურცლების ამოხევას, რომლის შენახვაც გსურდათ, ისეთი შესთავაზეთ, რომელიც აღარ გჭირდებათ. თუ ის პასტელებით შპალერის მოხატვას აპირებს, დიდი ფორმატის ფურცელი დაუფინეთ იატაკზე და მასზე დახატვა სთხოვეთ. 

როგორც წესი, თუ მშობელი შვილს კონკრეტულ აქტივობას ისე დაუშლის, რომ ალტერნატივას არ შესთავაზებს, შედეგად წყენასა და ცრემლებს გამოიწვევს. ბავშვები ხშირად ხალისით თანხმდებიან მშვიდად შეთავაზებულ ჩანაცვლებას. 

ბავშვის მომზადება გარემოს შეცვლისათვის

მრავალი მიუღებელი ქცევა შეიძლება ავიცილოთ თავიდან, თუ ბავშვს წინასწარ მოვამზადებ გარემოს ცვლილებისთვის. თუ ძიძამ გაგაფრთხილათ, რომ პარასკევს ვერ შეძლებს მოსვლას, ეცადეთ ოთხშაბათიდანვე შეაგუოთ ბავშვი იმ აზრს, რომ ერთ დღეს სხვა ძიძასთან გაატარებს. თუ შვებულების გატარებას ზღვაზე აპირებთ, გამგზავრებამდე რამდენიმე კვირით ადრე დაიწყეთ ბავშვთან საუბარი მოსალოდნელი უჩვეულო საგნების/მოვლენების შესახებ: უცხო ლოგინში დაძინება, ახალი მეგობრების გაცნობა, უველოსიპედობა, დიდი ტალღები, ნავში ქცევის წესები და სხვ.

ბავშვებს სიახლეებთან შეგუების უჩვეულო უნარი აქვთ, თუკი მშობელი წინასწარ დაიჭერს თადარიგს და გააფრთხილებს. ასეთი მიდგომა მაშინაც ამართლებს, როცა ბავშვს ტკივილის ან დისკომფორტის გადატანა უწევს, მაგალითად, ექიმთან ვიზიტის და ნემსის გაკეთებისას. წინასწარ გულახდილი საუბრისა, გაფრთხილების წყალობით ბავშვი გაცილებით ადვილად გადაიტანს მოსალოდნელ სიტუაციას. 
სივრცის განაწილება უფროსი და–ძმისთვის

თინეიჯერებთან კონფლიქტების თავიდან აცილება შესაძლებელია გარემოს ფრთხილი და ყურადღებიანი დაგეგმვით. მათ სჭირდებათ ადეკვატური სივრცე პირადი ნივთების, განმარტოების, დამოუკიდებელი საქმიანობისათვის. გთავაზობთ რჩევებს უფროსი შვილებისთვის „მისაღები არეს” გაფართოების შესახებ:
უყიდეთ შვილს საკუთარი მაღვიძარა.

გარდერობში გამოუყავით შესაბამისი ადგილი.
დააწესეთ სახლში ადგილი, სადავ ოჯახის წევრები ერთმანეთს შეტყობინებებს დაუტოვებენ. 
უყიდეთ პერსონალური კალენდარი, რომ აღნიშნოს საკუთარი ვალდებულებები.
მასთან ერთად გაეცანით ახალი საყოფაცხოვრებო ტექნიკის ინსტრუქციას. 
წინასწარ აცნობეთ მოსალოდნელი წვეულების შესახებ, რომ შეძლოს თავისი ოთახის დასუფთავება.
მიეცით სახლის გასაღები და დაუკიდეთ ის მის მიერვე არჩეულ საკიდზე.
მიეცით ყოველთვიური და არა ყოველკვირეული სახარჯო (ჯიბის) ფული, ოღონდ წინასწარ შეუთანხმდით რისი ყიდვა შეუძლია და რისი არ შეუძლია.  
წინასწარ ისაუბრეთ ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ავტომობილის დაზღვევა, ავტო შემთხვევის გამო პასუხისმგებლობა, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების გამოყენება და ა.შ.
თუ დამოუკიდებლად ირეცხავს, შეუმსუბუქეთ სამუშაო აუცილებელი საგნების უზრუნველყოფით. 
ურჩიეთ ყოველთვის ჰქონდეს ტელეფონის ბარათზე თანხა სასწრაფო ზარისათვის.
წინასწარ გააფრთხილეთ, მაცივარში რომელი საჭმელია განკუთვნილი სტუმრებისათვის. 
სთხოვეთ ჩამოწეროს იმ მეგობრების გვარები და ტელეფონის ნომრები, რომლებთანაც შეგეძლებათ დარეკვა საჭიროების შემთხვევაში.
წინასწარ გააფრთხილეთ იმ სამუშაოს შესახებ, რომლის შესრულებაც მოუწევს სტუმრების მოსვლამდე. 
შესთავაზეთ შეადგინოს ოჯახურ მოგზაურობასთან დაკავშირებული საგნებისა და საქმეების პირადი სია.
შესთავაზეთ ყოველდღიურად გაეცნოს ამინდის პროგნოზს, რომ წინასწარ განსაზღვროს, რას ჩაიცმევს მომდევნო დღეს სკოლაში. 
წინასწარ უთხარით, რომ სადილი ან ვახშამი დროზე ადრე ექნება, რადგან მომდევნო დღისთვის სამუშაო გაქვთ დასასრულებელი. 
წინასწარ აცნობეთ, როდის აპირებთ ქალაქიდან გასვლას, რომ შეძლოს თქვენი არყოფნისას საკუთარი აქტივობების გეგმის შედგენა.
ასწავლეთ სატელეფონო შეტყობინებების მიღება.
ყოველთვის დააკაკუნეთ შვილის ოთახში შესვლამდე.
ჩართეთ ოჯახის ისეთ გეგმებთან დაკავშირებულ დისკუსიებში, რომელიც მასაც ეხება.

მშობელთა უმრავლესობას შეუძლია ყოველი კატეგორიის მიხედვით ბევრი სხვა მაგალითი შემოგვთავაზოს. რაც უფრო მოხერხებულად იყენებს მშობელი გარემოს ცვლილების მეთოდს, მით უფრო მშვიდობიან თანაცხოვრებას ახერხებს საკუთარ შვილთან და მით უფრო ნაკლებად უწევს კონფრონტაცია.

იმ მშობლებს, რომლებიც ჩვენი სისტემის გავლენით ეჩვევიან გარემოს ცვლილების მეთოდის ფართოდ გამოყენებას, პირველ რიგში, ფუნდამენტურად ეცვლებათ დამოკიდებულება ბავშვებისა და მათი უფლებების შესახებ. ერთ–ერთი ამგვარი ცვლილება უკავშირდება კითხვას: „ვისია სახლი?”

ჩვენი კურსების მსმენელთა უმრავლესობა აღიარებს, რომ სახლს საკუთარ კუთვნილებად მიიჩნევს; შესაბამისად, აუცილებელია, რომ შვილებს შესაბამისად მოქცევა ასწავლონ. ეს იმას ნიშნავს, რომ შვილი აუცილებლად უნდა „ვძერწოთ” და „ვკიცხოთ” მანამ, სანამ ის ტკივილით არ ისწავლის, რას ელიან მისგან მშობლების სახლში. ასეთი მშობლები იშვიათად ცდილობენ სახლის გარემოს ნებისმიერ ცვლილებას მაშინაც კი, როცა ოჯახში პატარა ჩნდება. მათი აზრით, სახლი ისეთივე უნდა იყოს, როგორიც ბავშვის დაბადებამდე იყო და ბავშვი თავითონ უნდა შეეგუოს გარემოს. 
ამ შემთხვევაში მშობლებს ვეკითხებით: „დღეს თუ შეიტყობთ, რომ მომდევნო კვირიდან თქვენთან ერთად ერთ–ერთმა ხანდაზმულმა მშობელმა უნდა იცხოვროს, რომელიც ნაწილობრივ პარალიზებულია და ზოგჯერ ყავარჯენს ან ინვალიდის ეტლს იყენებს, რას შეცვლიდით სახლში?”   

ჩვეულებრივ, ასეთ კითხვას ცვლილებათა ვრცელი სია მოჰყვება ხოლმე:
კიბეზე სპეციალური სახელურების  დამაგრება.
კიბეზე სპეციალური რელსის დამაგრება.
ავეჯის გადაადგილება ისე, რომ ინვალიდის ეტლის გადაადგილება შეიძლებოდეს. 
სამზარეულოს კარადის ქვედა თაროებზე ისეთი ნივთების დადება, რომელსაც ხშირად იყენებენ.
მშობლისათვის სპეციალური ზარის ყიდვა, რომლითაც შეუძლია გააგებინოს ცუდად ყოფნა.
ტელეფონის დამაგრძელებლის ყიდვა.
ისეთი ავეჯის გატანა, რომელიც არამდგრადია და შეიძლება შემთხვევით გადაყირავდეს.
გარე კიბის მოდიფიკაცია იმგვარად, რომ მშობელმა დამოუკიდებლად შეძლოს ეზოში ეტლით ჩასვლა.
აბაზანისათვის რეზინის ხალჩის ყიდვა. 

როგორც კი მშობელი რწმუნდება, რა ძალისხმევა დასჭირდებოდა, რომ სახლი მოხერხებული და უსაფრთხო გაეხადა ხანდაზმული მშობლისათვის, ის შვილისთვის ცვლილებებისთვისაც მზადყოფნას გამოხატავს. 
მშობელთა უმრავლესობა გაოცებულია საკუთარი დამოკიდებულების კონტრასტით ინვალიდი მშობლისა და შვილის მიმართ, როდესაც საქმე ეხება კითხვას: „ვისია სახლი?”

მშობლები აღიარებენ, რომ ეცდებოდნენ ხანდაზმული მშობლის დარწმუნებას იმაში, რომ სახლი მისიც არის, თუმცა, სხვაგვარად მოიქცეოდნენ შვილის შემთხვევაში.

მუდამ მაოცებს, რამდენ მშობელს შეუძლია საკუთარი დამოკიდებულებითა და ქცევით გაცილებით მეტი პატივისცემა გამოხატოს სტუმრის მიმართ, ვიდრე საკუთარი შვილის მიმართ. ძალზე ბევრი მშობელი ისე იქცევა, თითქოს შვილმა თვითონ უნდა იზრუნოს, რომ გარემოს მოერგოს.  

მასწავლებელი – სასწავლო მასალის, რესურსისა და აქტივობის ავტორი

0
მასწავლებელი მეთოდურად კარგად დაგეგმილი გაკვეთილითა და დამუშავებული სასწავლო მასალით მოსწავლეებს შესასწავლი საკითხების გააზრებაში ეხმარება. გაკვეთილის დაგეგმვას ის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტით – შესასწავლი მასალის მეთოდური დამუშავებით – იწყებს. კვლევები ადასტურებს, რომ დაგეგმილი გაკვეთილის თანმიმდევრული და მკაფიო სტრუქტურა განაპირობებს მაქსიმალურად კარგ შედეგს.

პრაქტიკოსი მასწავლებელი ოსტატურად ახერხებს სხვადასხვა ტიპის უნარებზე აგებული სავარჯიშოების სასწავლო მასალაში ინტეგრირებას, რათა თანაბრად უზრუნველყოს თითოეული მოსწავლის სწავლა. ყოველივე ამის გათვალისწინებით, აუცილებელია, მასწავლებელმა დაგეგმოს გაკვეთილი, დაამუშაოს მასალა ისე, რომ მოარგოს სხვადასხვა ტიპის მოსწავლეთა განსხვავებულ ჯგუფს. ამისთვის ის გამუდმებით უნდა იკვლევდეს თავის სამიზნე აუდიტორიას და პოულობდეს პასუხს კითხვაზე, როგორ და რა გზით დააკმაყოფილოს მოსწავლეთა ინდივიდუალური მოთხოვნები და სწავლის განსხვავებული სტილი.

სწავლების სხვადასხვა ეტაპზე მასწავლებელს სჭირდება, გასცდეს სახელმძღვანელოს ჩარჩოებს. რეალურად ბევრი მასწავლებელი ქმნის სასწავლო რესურსს. აქ იგულისხმება არა სახელმძღვანელო, არამედ გარკვეული სახის დამატებითი მასალა, რომელიც შესაძლოა დასჭირდეს მასწავლებელს სწავლების ამა თუ იმ ეტაპზე. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის გახლავთ, რომ საკუთარი რესურსის, მასალის შექმნისას მასწავლებელს, რომელიც ამ მომენტში ავტორადაც გვევლინება, შეუძლია თავისი მასალის კონტექსტუალიზაცია და, სხვადასხვა მოთხოვნის შესაბამსიად, კონკრეტულ ჯგუფზე მორგება, რომელიც ემსახურება მის ხელთ არსებული სახელმძღვანელოს მოდიფიცირებას და გამდიდრებას. ეს არ არის იზოლირებული, სასწავლო კურსისა და სახელმძღვანელოსგან ცალკე მდგომი მასალა. ნებისმიერ სახელმძღვანელოსთან მუშაობის შემთხვევაში მასწავლებელს აქვს თავისუფლად მოქმედების უფლება, ანუ მას შეუძლია: 

შემეცნებითი ხასიათის დავალებების გამოყენება მოსწავლეთა შეფასებითი უნარების ფორმირებისთვის

0
შემეცნებითი    ხასიათის   დავალებების  გამოყენება  მოსწავლეთა  შეფასებითი  უნარების ფორმირებისთვის  ისტორიის სწავლების მაგალითზე
უკანასკნელ პერიოდში მოსწავლეთა მსოფლმხედველობაში სერიოზული გარდატეხები მოხდა, რომელიც პირველ რიგში სოციოკულტურული ცვლილებებითაა გამოწვეული. მოსწავლეებიც მასწავლებლებისაგან იმ უნარ-ჩვევების  შეძენაში  მოელიან დახმარებას, რომელიც მათ  გარემომცველ სამყაროში ადაპტაციისთვის დაჭირდებათ. ეს განსაკუთრებით  ეხება  ისტორიის სწავლების საკითხებს. 

სკოლაში  ისტორიის   სწავლების მიზანია წარსულის შესწავლის საფუძველზე მოსწავლის პიროვნული განვითარება და სამომავლო გზების დასახვის უნარის გამომუშავება. პიროვნული განვითარება კი პირველ რიგში გულისხმობს შემოქმედებითი აზროვნების ფორმირებას, უნარს, კრიტიკულად  გაანალიზო  წარსული და აწმყო, ისტორიული წყაროების დამოუკიდებელი შესწავლის საფუძველზე გააკეთო საკუთარი   დასკვნები,  ისტორიული მოვლენებიდან გამოყო არსებითი და ძირითადი; ისტორიის შესწავლამ  მოსწავლე  უნდა დააყენოს ზნეობრივი არჩევანის წინაშე,  რითაც იგი იღებს  უფლებას, იყოს  სუბიექტური. მაგრამ ისტორიული პირების   სიმპათია-ანტიპათიის გამოხატვის შემდეგ მოსწავლეებმა   უნდა   მოახერხონ   მოვლენის   სხვადასხვა   კუთხით  წარმოდგენა და    არგუმენტირებული   შეფასება,  იმ კრიტერიუმების  გამოვლენა, რომელიც  მათ შეფასებას დაედო  საფუძვლად.      

     

ამ გზით მიღებული უნარ-ჩვევები უკვე გახდება ის საფუძველი, რომლითაც მოსწავლე  შეიძლებს თანამედროვე მსოფლიო მოვლენების საფუძვლიან და ყოველმხრივ  გაანალიზებას და შეფასებას.   

თანამედროვე სასწავლო სისტემები  მრავლად შეიცავენ ისეთ მეთოდებსა და ტექნოლოგიებს, რომელთა გამოყენებით  მასწავლებელს  შეუძლია დროის მოთხოვნების შესაბამისად სწორად წარმართოს სასწავლო პროცესი. მათ შორისაა პედაგოგიური თანამშრომლობის თეორიაც (ძირითადად იგი სწავლის  შემდეგ ტექნოლოგიებს აერთიანებს:  დიფერენცირებული  სწავლის   ტექნოლოგია და სწავლის ინდივიდუალიზაცია;  სწავლის ჰუმანურ ტექნოლოგია და განმავითარებელი სწავლის თეორია და ტექნოლოგია), რომელშიც მკვეთრადაა გამოკვეთილი „სუბიექტი-სუბიექტის”  („მოსწავლე-მასწავლებელი”)  ურთიერთობები.  მასში მთავარია მოზრდილებისა და ბავშვების „ერთობლივი განვითარება”   და  ურთიერთგაგება,  მოსწავლესა და მასწავლებელს  შორის მიმდინარე დიალოგი და აზრთა ურთიერთგაცვლა. 

ასეთი ტიპის ურთიერთობების  შესაბამისია ისეთი  დავალებები, რომელიც მოითხოვს მოსწავლეებისაგან საკუთარი აზრის  ჩამოყალიბებას:  „შეაფასეთ…”. „გამოთქვით თქვენი აზრი…”, „თანახმა ხართ თუ არა?..”  და ა.შ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან  მოსწავლეები ხშირად იზეპირებენ გაკვეთილებს, მათ შორის ისტორიის გაკვეთილებსაც, მაგრამ ძნელად ახერხებენ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას, რასაც სხვადასხვა სახის სირთულეები მოჰყვება ხოლმე, თუნდაც შეფასების კუთხით. სასწავლო პროცესის სწორად წარმართვა კი  ისეთ აქტივობებს გულისხმობს, რომელიც ყოველ მოსწავლეს „მიიყვანს”  თავისი საკუთარი,  სხვადასხვა სირთულის კითხვების დასმის უნარ-ჩვევამდე და შეფასების გაკეთებამდე. მოსწავლეთა მიერ გაკეთებული შეფასება კი ყველაზე  ცხადლივ ავლენს მათი ცოდნისა და  უნარების ზღვარს, რადგან  თავად  შეფასება მიეკუთვნება მაღალ სააზროვნო დონეს.

ერთ-ერთი მეთოდი, რომელიც საშუალებას  იძლევა არა მარტო ადექვატურად შევაფასოთ  მოსწავლეთა ცოდნა, არამედ ხელი შევუწყოთ  მათი სააზროვნო უნარების განვთარებას და თავად მოსწავლეთა მხრიდან შეფასებების გაკეთებას, ესაა  შემეცნებითი ხასიათის  დავალებების და ამოცანების გამოყენება სასწავლო  პრაქტიკაში და მათზე  დაყრდნობით მოსწავლეთა შეფასებითი უნარების ფორმირება.  

ტრადიციულად  შემეცნებითი ხასიათის  დავალებები  და ამოცანები  რამდენიმე ნაწილად იყოფიან:  

Øვიზუალური – იგი ისეთი  დავალებაა, რომელიც ეხმარება მოსწავლეს წარმოიდგინოს, მასალის ვიზუალიზაციის გზით  აღადგინოს  წარსული (მაგალითად,    ისტორიული  წარსული)   და მოახერხოს საკუთარი ცოდნით ოპერირება.  თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში   ამგვარი  დავალება  ივსება  შესაბამისი, უფრო მეტად სრულყოფილი თემებით და დავალებებით;  

Øლოგიკური   ( ლოგიკური  და  ინტელექტუალური ) – დავალებები მიმართულია თეორიული ცოდნის ათვისებისკენ და მოითხოვს აბსტრაქტულ-ლოგიკური აზროვნების უფრო მეტ  აქტივიზაციას.  ლოგიკური  ტიპის  შემეცნებითი  დავალება  ახლოსაა შემეცნებით ამოცანასთან. შემეცნებითი ამოცანა  არა მარტო „აიძულებს” მოსწავლეს   ცოდნა  გამოამჟღავნოს, არამედ მისი შეძენის  ახალ, აქამდე უცნობ საშუალებებსაც „აცნობს” მას; ის ხელს უწყობს  დამოუკიდებელ ინტელექტუალურ  საქმიანობას და ამავდროულად მიმართულია მიზეზ-შედეგობრივი კავშირების და არგუმენტირებული მსჯელობის განვითარებისკენ. ასეთი ტიპის სავარჯიშოების გასაკეთებლად  მასალის ცოდნა აუცილებელია და საამისოდაც კარგი მოტივია მოსწავლისათვის;

Ø შეფასებითი –   შეფასება არის აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევა და ზოგადად  გულისხმობს,  არჩეული კრიტერიუმების (მაგალითად,  რაოდენობა,  ხარისხი,   ხანგრძლივობა,  და ა. შ.) გარკვეული კატეგორიისადმი მიკუთვნებას, სტანდარტებზე  (ამ  კრიტერიუმის  შესაბამისი  სტანდარტული  საზომი ერთეულები,  საზოგადოებაში მიღებული ნორმები, ღირებულებები და წესები) და პირობებზე  (კონტექსტი, საზღვრები, რესურსები, მოქმედების დრო და ადგილი, სხვა)  დაყრდნობით  რაიმეზე   მსჯელობასა   და  დასკვნების  გამოტანას. 

შეფასებაში, კერძოდ,  იგულისხმება:      

                         

  • ფაქტების დასახელება; 
  • არგუმენტირება;
  • ანალიზი; 
  • გარკვეულ კრიტერიუმებსა ან სტანდარტებზე დაყრდნობით დასკვნების გაკეთება;
  • საკუთარი  მოსაზრების დაცვა; 
  • დამტკიცება; 
  • პროგნოზირება;
  • პოზიციისა და მისი კონტრარგუმენტების განხილვის საფუძველზე დასკვნის
გამოტანა;
  • პრობლემის გადაჭრის რამდენიმე გზიდან ერთ-ერთის არჩევის მართებულობის დასაბუთება;
  • მოდელის (სისტემის) მოქმედების შეფასება;
  • რამდენად  შეესაბამება მიღებული  დასკვნა იმ  მონაცემებს,  რომელთა  საფუძველზეც  დასკვნა  გაკეთდა  (მონაცემებისა და დასკვნების შესაბამისობის  დადგენა).
შეფასებითი   ხასიათის   დავალებისას  ანუ   შეფასების  გაკეთებისას   მოსწავლეში  იღვიძებს  საკუთარი  აზრის  გამოთქმის  სურვილი,   უვითარდებათ  შესასწავლი  საკითხის  მიმართ  თავისი  პირადი  დამოკიდებულების გამოხატვის უნარი,  ხდება   პიროვნული თვისებების ფორმირება; შეფასებისას მოსწავლე გრძნობს პასუხისმგებლობას, თავად აირჩიოს ფაქტები, გაანალიზოს ისინი, გამოიტანოს დასკვნები, ჩამოაყალიბოს თავისი შეხედულება  და  დაიცვას იგი. ამიტომ დავალებების  შერჩევის  დროს  ამ  ტიპის  დავალებებს განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებენ. 

თუმცა აქ არსებობს გარკვეული პრობლემა, როგორიცაა, მაგალითად, ის, რომ მოსწავლეები ხშირად ცდილობენ   უსაფუძვლოდ,  ფაქტების,  თავისი  პოზიციის  ჩვენების გარეშე   შეფასებას; ცდილობენ შემოიფარგლონ ფაქტების უმნიშვნელო რაოდენობით; ამტკიცებენ, რომ ასეთი დავალება აღემატება მათ ძალას და რომ არ შეუძლიათ შეფასება და საჭირო ფაქტების შერჩევა, თუმცა მასწავლებელს შეუძლია  სხვადასხვა დავალებებით და სავარჯიშოებით  მოსწავლეთა ამ ნაკლული მხარეების აღმოფხვრა. 

მაგრამ  რა  პირობები   უწყობს   ხელს  შემეცნებითი  ინტერესის  გაღვიძებას, რომლის  საფუძველზეც მოსწავლეს გაუჩნდება შეფასების სურვილი და გამოუმუშავდება შესაფერისი უნარ-ჩვევა? ესენია:

  • პრობლემური ხასიათის დავალებები და ახალი ცოდნის დამოუკიდებლად „აღმოჩენის” პროცესი;
  • საგნის მთლიანი და  ცალკეული ნაწილების  მიზანმიმართული შესწავლის  მნიშვნელობის  გაგება;
  • რაც უფრო მეტი ახალი მასალაა დაკავშირებული ადრე მიღებულ ცოდნასთან, მით მეტია მოსწავლეთა ინტერესი შესასწავლი საკითხის მიმართ;
  • დასწავლა უნდა იყოს ძნელი, მაგრამ შესაძლებელი;
  • მოსწავლეთა შემოწმება და შეფასება უნდა იყოს დროული;
  • მოსწავლეთა შეფასებების დროს ფსიქოლოგიური სურათის გათვალისწინება – ჯერ ყურადღება გავამახვილოთ პოზიტიურზე და შემდეგ – ნაკლოვანებებზე („უკეთესი იქნებოდა, რომ..”) და ა.შ. 
შემეცნებითი  ხასიათის აქტივობებს კი მიეკუთვნებიან:   შემოქმედებითი დავალებების გადასაწყვეტად ალგორითმების დამოუკიდებლად (მასწავლებლის დახმარებით) შექმნა; შემეცნებითი ხასიათის დავალების გამოყოფა და ფორმულირება; ინფორმაციის მოძიების უნარის გამოყენება; კონკრეტული პირობების მიუხედავად დავალების გადაწყვეტის, შესრულების ყველაზე ეფექტური გზების მოძიება; საქმიანობის პროცესისა და შედეგების შეფასება.
                                           

პრაქტიკული სავარჯიშო

მოსწავლეთა  შეფასებითი   უნარების   ფორმირებისთვის   შემეცნებითი    ხასიათის   დავალებების  გამოყენება  განვიხილოთ ისტორიის სწავლების მაგალითზე:  

     გაკვეთილის თემა  – „სსრკ  საშინაო პოლიტიკა  50-80-იან წწ-ში”
დავალება:  

I –  “XX საუკუნის 50-80-იანი წლების  სსრკ  საშინაო პოლიტიკის შეფასება” 
ორგანიზება –  მოსწავლეებს შეუძლიათ  შექმნან შემოქმედებითი ჯგუფები  და  თითოეულს მიეცეს თავისი დავალება –  გაანალიზონ    50-80-იან წლების  სსრკ საშინაო პოლიტიკის  უმნიშვნელოვანესი მოვლენებიდან ერთ -ერთი:
  • უნგრეთის კრიზისი 1956 წელს ბერლინის კრიზისი 1959 წელს
  •       კარიბის კრიზისი 1962 წელს;
  • ჩეხოსლოვაკიის კრიზისი 1968 წელს.
მოსწავლეებმა    მოვლენები უნდა განიხილონ  სხვადასხვა კუთხით და  დოკუმენტებზე   დაყრდნობით;     ყოველი დოკუმენტი  ყურადღებით, შემდეგი  ალგორითმის მიხედვით   შეისწავლონ:
Øყურადღებით წაიკითხეთ დოკუმენტი;
Øგანიხილეთ მოცემული ფაქტები და განსაზღვრეთ, რა პასუხს გვაძლევენ დასმულ კითხვებზე;
Øთუ დოკუმენტში ცოტა მონაცემებია, გაიხსენეთ, კიდევ რა იცით ამ საკითხს შესახებ და როგორ შეიძლება გამოიყენოთ ეს ცოდნა, რაში გამოგადგებათ;
Øთუ თქვენი დოკუმენტიდან  შეიძლება ფაქტების გამორჩევა სხვადასხვა მტკიცებულებებისთვის, დაასახელეთ  ამის  შესაბამის   ყველა შესაძლო ვარიანტი, თუნდაც ისინი ეწინააღმდეგებოდნენ ერთმანეთს.
ცხადია,  რომ  მოსწავლეთა მიერ გაკეთებული შეფასება  უნდა იყოს  ყოველმხრივი,  კარგად  მოფიქრებული  და  გააზრებული.  ამისთვის საჭიროა რამდენიმე წესის გათვალისწინებაც:
Øმოსწავლეები არ შემოიფარგლონ ერთ  დოკუმენტთან მუშაობით;
Øაუცილებელია სხვადასხვა შინაარსის დოკუმენტების გამოყენება:
Øისტორიული ხასიათის, პრესის   მასალების  და თვითმხილველთა შეხედულებების გამოყენება.
დავალების   შესრულებისას   შემოქმედებით  ჯგუფებს  დამატებით შეიძლება  მიეცეთ   ისეთი  ხასიათის  ინფორმაციის  გაცნობაც, როგორიცაა:
Øატომური, ქიმიური და ბაქტერიოლოგიური იარაღის აკრძალვა;
Øიმ  სახელმწიფოთა  ატომური განიარაღება, რომლებიც ფლობენ მას;
Øყველა  ტიპის შეიარაღების  შემცირება;
Øომის კერების ლიკვიდაცია და რეგიონალური კონფლიქტების აღმოფხვრა;
Øევროპის  და სხვა რეგიონების კოლექტიური  უშიშროების უზრუნველყოფა;
Øსახელმწიფოთა თანამშრომლობის გამტკიცება;
Øმსოფლიოს ხალხთა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა;
მუშაობისას  მოსწავლეებმა   უნდა მოახერხონ  თეორიული ცოდნის გამომჟღავნება   და  მოვლენების  პრაქტიკული შეფასება.  

დავლების  გაანალიზების   და  შესრულების  შემდეგ   მოსწავლეებისთვის ცხადი  ხდება, რომ აღნიშნული პერიოდი ხასიათდებოდა დაძაბულობით და ამ დაძაბულობის  შემცირებით. სახელმწიფოები  ცდილობდნენ  ურთიერთნდობა  მოეპოვებინათ და დაეთბოთ საერთაშორისო კლიმატი.

 გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები  აკეთებენ  მოვლენების შეფასებას  და  აქცენტს აკეთებენ მათზე,  რომელიც ამ პერიოდისთვის უფრო პოზიტიური იყო.  

II  –
 ასეთი  ტიპის  დავალებად  შეიძლება მივცეთ  ისეთი   მაგალითებიც,  როგორიცაა –  „შეაფასეთ   ფაქტები  და  შეარჩიეთ  ისინი,  რომლებიც  პოზიტურად  ახასიათებენ  საბჭოთა კაშირის  საშინაო  პოლიტიკას  60-80-იან წლებში”:

·კუბაზე  საბჭოთა  ატომურ ქობინებიანი რაკეტების  განლაგება  (1962 წ);
·ბერლინის კედელი აღმართვა და საკონტროლო-გამშვები პუნქტების მოწყობა (1981 წ.);
·სამშვიდობო  ხელშეკრულებები (1971-1981 წწ);
·საბჭოთა  ჯარების  შეყვანა  ჩეხოსლოვაკიაში (1968 წელს);
·გამალებული  შეიარაღების  შემცირებაზე  შეთანხმება;
·სტრატეგიული  შეიარაღების  შეზღუდვაზე შეთანხმება (1979 წ.);
·საბჭოთა  ჯარების შეყვანა ავღანეთში (1979 წ);
·ევროპაში  საშუალო  რადიუსის მოქმედების რაკეტების  განლაგებაზე  გადაწყვეტილების   მიღება (70-ანი წწ.);
·ერაყისა  და  ლიბიის რეჟიმების მხარდაჭერა;
· აშშ -ისა და საბჭოთა კავშირის ერთობლივი კოსმოსური პროგრამა „სოიუზ-აპოლონი”;
·ჰაერსა და წყალში ატომური იარაღის გამოცდის აკრძალვა;
· მოლაპარაკება  რაკეტსაწინააღმდეგო  თავდაცვაზე.

მოცემული დავალება სრულდება ინდივიდუალურად  ან პატარა ჯგუფებში (2-3 მოსწავლე). 

რაც შეეხება შეფასების კრიტერიუმებს, მათი გაკეთება ერთობლივადაა შესაძლებელი,  მთელი კლასის ჩართულობით და დავალებად მიცემული პირობების მიხედვით, შესაფერისი ზმნების (განსაზღვრე, დაახასიათე, დაახარისხე, შეუსაბამე  და ა.შ.) გათვალისწინებით.

მოსწავლეებში შეფასების სააზროვნო უნარების  ფორმირებაზე  მუშაობას  უმნიშვნელოვანესი  პრაქტიკული მნიშვნელობა გააჩნია  და აქტიურად   უწყობს   ხელს   საგანმანათლებლო  მიზნების მიღწევას,  რადგან  საგაკვეთილო   დავალების  შესრულებისას,   მასალების   შერჩევის,  ანალიზის   და  შეფასების  დროს   ფაქტების   დამახსოვრება  გაცილებით  ღრმად ხდება:  ვლინდება  არსებული  ცოდნა,  ვითარდება  კრიტიკული  აზროვნება,  მჟღავნდება  პირადი  დამოკიდებულებები, ღირებულებები,  მაღლდება   პასუხისმგებლობა,  იზრდება  მოსწავლეთა  კომპეტენცია,  ამიტომ   მსგავსი  ტიპის  დავალებები   და   ცოდნის  დაუფლების   მაღალი   კოგნიტური  დონეების  წვდომა  და  შეფასების სააზროვნო  უნარების განვითარება / გამომუშავება   მოსწავლეებისთვის  ძალიან  პროდუქტიულია  და მათი საზოგადო წარმატების   მიღწევის  ერთ-ერთი საუკეთესო   საშუალებაა.

„დამახსოვრების „განათლება“- შეფასების მძიმე ჯვარი“

0
განათლების სისტემას, რომელიც ეფუძნება ფაქტების დამახსოვრებას და სრულიად მოწყვეტილია რეალურ ცხოვრებას, აქვს კიდევ ერთი თავისებურება, რომელიც მას მოსაწყენს და „ნაცრისფერს” ხდის. 

ყველაზე „ნაყოფიერი” წარუმატებელი ბავშვების აღზრდის კუთხით არის შეფასების სისტემა. შეფასების მიღებული სისტემა დაწყებით კლასებშივე ავლენს წარუმატებელ მოსწავლეებს. ის, ვინც ცუდად ამთავრებს დაწყებით კლასს, იშვიათად თუ აღწევს წარმატებას მომდევნო კლასებში.

თავიდან შეფასება უნდა ყოფილიყო ბავშვის მოსწრების ობიექტური საზომი. მაგალითად, ის, ვინც კითხვაში იღებს შეფასებას 9 ან 10, დარწმუნებულია, რომ კითხულობს კარგად, ხოლო მან, ვინც იღებს შეფასებას 1 ან 2, იცის, რომ კითხულობს ცუდად ან საერთოდ ვერ კითხულობს. 1 ან 2-სა და 9 ან 10-ს შორის შუალედს ავსებს 3, 4, 5, 6, 7, 8, რომელთა საშუალებითაც მასწავლებელი აფასებს კითხვის უნარს არადამაკმაყოფილებელსა და ფრიადს შორის. მოსწავლე ხშირად იმედგაცრუებული რჩება ნიშნით, რომელიც არ შეესაბამება მათ მიერ დახარჯულ ძალისხმევას. ითვლება, რომ ნიშანმა მოსწავლეს უნდა მისცეს სტიმული მომავალი თავდაუზოგავი შრომისთვის, მშობლებს კი – ბავშვის სწავლის კონტროლის საშუალება. ითვლება, რომ ბავშვი, რომელსაც აქვს შეფასება 9 ან 10, ძალისხმევას არ იშურებს ნიშნის შესანარჩუნებლად, უფრო დაბალი შეფასება კი იმაზე მიანიშნებს, რომ ზარმაცობს. ამავე დროს, მოსწავლე, რომელიც 1 ან 2 ქულით შეაფასეს, ცდილობს აღმოფხვრას ჩამორჩენა, გამოასწოროს სავალალო მდგომარეობა.

ყველაფერი მართლა ასე რომ იყოს, უკმაყოფილების მიზეზი არ გვექნებოდა. სამწუხაროდ, შეფასება არ წარმოადგენს სწავლის სტიმულს არც ერთი და არც მეორე კატეგორიის ბავშვებისთვის და ნაკლებ მოსალოდნელია, ახლო მომავალში მდგომარეობა შეიცვალოს.

დღეს ნიშნები თავის თავში მოიცავს განათლების არსსაც და აზრსაც. მათ იმდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭებათ, რომ თვითონ განათლების შინაარსიც კი შეცვალეს. ჰკითხეთ ბავშვებს, რა არის სკოლაში მთავარი და ისინი გეტყვიან, რომ ნიშნები ან, საუკეთესო შემთხვევაში, უმაღლესში ჩაბარება. ცოტა თუ გეტყვით, რომ სკოლაში განათლების მისაღებად დადიან, ისიც იმიტომ, რომ ამ ბავშვებმა იციან – ეს სწორი პასუხია.

შეფასება მორალის თავისებურ ეკვივალენტად გადაიქცა. კარგი შეფასება კარგ ქცევასთან ასოცირდება, ცუდი – ცუდთან, რაც ხშირად არ შეესაბამება სინამდვილეს. ჩვენ ისინი არა მხოლოდ ქცევის, არამედ სიკეთისა და ბოროტების გაგების ეკვივალენტადაც კი ვაქციეთ. ნიშანი გახდა ცოდნის სიმბოლო და უფრო მეტი მნიშვნელობა მიენიჭა, ვიდრე განათლებას. ის თავისებური ვალუტაა განათლების სფეროში. უმაღლეს შეფასებას მეტი ფასი აქვს, რადგან უზრუნველყოფს პრესტიჟს და საუკეთესო სასწავლებელში მოხვედრას. მაგრამ ვინაიდან ნიშანი ძირითადად კარგი მეხსიერების მაჩვენებელია და არა აზროვნების უნარისა, მას ხშირად შეცდომაში შევყავართ.

ამერიკის ერთ-ერთ შტატში პროფესორთა ჯგუფმა გამოკითხვა გამართა ექიმებს შორის. დასკვნა ასეთი აღმოჩნდა: „სამედიცინო კოლეჯებში სტუდენტთა შეფასება პრაქტიკულად არ ახდენს გავლენას მათი შემდგომი სამედიცინო პრაქტიკის ხარისხსა და კომპეტენტურობაზე”. ჯგუფის თავჯდომარემ კი განაცხადა, რომ ეს მისთვის საოცარი აღმოჩენა იყო, რადგან მთელი თავისი პროფესიული მოღვაწეობის განმავლობაში სამედიცინო კოლეჯებიდან სტუდენტების შერჩევით იყო დაკავებული. მას ეჭვი შეეპარა არა მარტო აბიტურიენტების შერჩევის ადეკვატურობაში, არამედ იმაშიც, რამდენად ასახავს შეფასება სტუდენტების რეალურ ცოდნას.

არანაკლებ გაოცებული დარჩა სხვა სამეცნიერო ჯგუფის ხელმძღვანელი ნიუ-იორკიდან, რომელიც ანალოგიურ კვლევას ატარებდა. ექსპერიმენტში მონაწილეობდა კოლუმბიის უნივერსიტეტის 342 კურსდამთავრებული, რომლებიც სტიპენდიანტებიც იყვნენ. მეცნიერები იკვლევდნენ, რა წარმატებებს მიაღწიეს მათ უნივერსიტეტის დამთავრებიდან 15 წლის შემდეგ. შედეგები გასაოცარი აღმოჩნდა: ის კურსდამთავრებულები, რომლებიც დაჯილდოებული იყვნენ საპატიო ჯილდოებით, მედლებით სამეცნიერო საქმიანობისთვის ან სტუდენტობის დროს შედიოდნენ სამეცნიერო ჯგუფების შემადგენლობაში, პროფესიულ პრაქტიკაში კვალიფიკაციის უფრო დაბალ საფეხურზე აღმოჩნდნენ, ვიდრე სხვა სპეციალისტები.

ნათელი ხდება, რომ შეფასების მაღალი ქულა მხოლოდ სტუდენტური წარმატების მაჩვენებელია და არა პროფესიონალიზმისა.

როგორც ჩანს სტუდენტი დგება დილემის წინაშე: მაღალ ქულებზე გაამახვილოს ყურადღება თუ შემოქმედებითად მიუდგეს პრობლემებს. სამწუხაროდ, ვერც ერთი ამ მიმართულებით მოძრაობა მას წარმატებამდე ვერ მიიყვანს. 
შეფასების სისტემის კიდევ ერთი ნაკლია მისი სიცრუე. სინამდვილეში ხომ არავის სჯერა შეფასებისა 5 ან 6 ანუ დამაკმაყოფილებელი. ეს ქულები გარდამავალია და გულისხმობს, რომ მოსწავლემ გამოავლინა საგნის არა საუკეთესო, არამედ დამაკმაყოფილებელი ცოდნა. მაგრამ არავის სჯერა, რომ ეს შეფასება მართლა დამაკმაყოფილებელ ცოდნაზე მიუთითებს. როდესაც მასწავლებლები და განათლების სპეციალისტები შეფასების ამ სისტემას  იცავენ, მე ვეკითხები, კმაყოფილი იქნებიან თუ არა, მათმა ბავშვმა ასეთი შეფასება რომ მიიღოს და ჩათვლიან თუ არა, რომ მან დამაკმაყოფილებლად იმუშავა. არ შემხვედრია ადამიანი, რომელიც კმაყოფილი იყოს იმით, რომ მის შვილს ყველა საგანში ასეთი შეფასება აქვს. მოსწავლე შეფასებით 5 და 6, სკოლის საზომით, წარუმატებელია, რადგან დამაკმაყოფილებლად ითვლება მხოლოდ შეფასება 7, 8, 9, 10.

სამყაროში, სადაც ადამიანებს აფასებენ ფორმალური მაჩვენებლებით და არა პიროვნული თვისებებით, დაბალი შეფასების მქონე მოსწავლეს მცირე შანსი აქვს უმაღლესი განათლების მიღებისა. ხმამაღლა ჩვენ ვქადაგებთ სრულყოფილებისკენ სწრაფვას, დაუღალავ შრომას მიზნის მისაღწევად, მაგრამ შეფასების სისტემა არ იძლევა ამის საშუალებას. ჩვენ გვესმის, რომ სიმწიფის ხანა ადამიანს სხვადასხვა ასაკში უდგება, პირადი პრობლემები კი შესაძლოა დროებითი წარუმატებლობის მიზეზი იყოს, რომელიც სულაც არ არის სწავლისა და აზროვნების უუნარობის მაჩვენებელი, მაგრამ ნიშანი ნიშნად რჩება და მას ვერსად გაექცევი. ადამიანს ბევრი შანსი უნდა ჰქონდეს და არა ერთი, ეს საზოგადოებას არ დააზარალებს, პირიქით, დაშვებული შეცდომების გამოსწორების საშუალებას მისცემს.

შეფასება იმითაც არის ცუდი, რომ ხელს უწყობს ტყუილის დამკვიდრებას. ნიშნები – ქონებაა და ის, ვინც სიმდიდრისკენ ისწრაფის, მოტყუებას იწყებს.

კვლევებმა დაადასტურა, რომ ამერიკაში სტუდენტების 55% ცდილობს, უპატიოსნო გზით მოიპოვოს მაღალი ქულა.

კიდევ ერთი მიზეზი, რომელიც განათლებას „ნაცრისფერს” ხდის, ტესტირებაა. განსაზღვრულობისა და გაზომვადობის პრინციპებთან ერთად ის აცემენტებს სწავლების ფაქტოლოგიურ საფუძველს. მოსწავლე ტესტში იღებს მაღალ ქულას მაშინ, როდესაც დამახსოვრებულ ფაქტებს, თუ შეიძლება ასე ითქვას, „გადმოისვრის”, რაც აზროვნებას სწორი პასუხების გაცემის მექანიზმად აქცევს. ტესტირება ხელს უშლის ბავშვს დამოუკიდებელ კვლევაში, აზროვნებაში, გარემოს აღქმაში. სწავლისას ის ცდილობს დაიხსომოს კურსივით გამოყოფილი წინადადებები, თითქოს სხვა სიტყვები ავტორს მხოლოდ საღებავის დახარჯვის მიზნით დაეწეროს.

კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც აღრმავებს განათლების პრობლემებს, არის გამოცდების დროს წიგნების გამოყენების აკრძალვა. რატომღაც მიიჩნევა, რომ დაზეპირებული მასალა უპირატესია წიგნში გადამოწმებულზე. არავითარი სურვილი არ მაქვს ვიარო ისეთ ხიდზე, ვიმუშაო ისეთ შენობაში ან ვიფრინო ისეთი თვითმფრინავით, რომლის კონსტრუქტორი მხოლოდ საკუთარ მეხსიერებას ეყრდნობა. ცხოვრება გვასწავლის, რომ მეხსიერებას არ ვენდოთ, ჯობს, კიდევ ერთხელ გადავამოწმოთ ჩვენი ცოდნა. გამოცდები იმისთვის არსებობს, რომ წარმოაჩინოს, როგორ ვფლობთ განათლების მეთოდოლოგიებს. როდესაც ცხოვრებაში პრობლემებს ვაწყდებით, ვცდილობთ, ფაქტები გარკვეული წესის მიხედვით დავალაგოთ. მეხსიერების იმედად მხოლოდ გამოუვალ მდგომარეობაში ვრჩებით. საკონტროლო წერა, სადაც ნებადართულია წიგნების გამოყენება, ასწავლის ბავშვს, სწრაფად და სწორად გამოიყენოს ცნობარი, გაიაზროს მასალა და ფაქტების საფუძველზე შეეცადოს ამოცანის შესრულებას, იდეების განვითარებას, პრობლემების გაანალიზებას. სხვაგვარად განათლების მთავარი მიზნის მიღწევა შეუძლებელი ხდება.

წარუმატებელი ბავშვების რაოდენობა სკოლებში იმიტომაც იმატებს, რომ მოსწავლეებს აძლევენ ბევრ, მოსაწყენ და ხშირად გაუმართლებელ საშინაო დავალებას. თუ ზემოთ ჩამოთვლილი უარყოფითი ფაქტორები განათლების სისტემაში ათწლეულების განმავლობაში არსებობდა, უზომო საშინაო დავალებები ჩვენი დროის მოვლენაა. მშობლებს მიაჩნიათ, რომ ბევრი საშინაო დავალება მასწავლებლის სიკარგეზე მეტყველებს. გასაკვირია, რომ საშინაო დავალებებს ითხოვენ დაწყებითი კლასის მოსწავლეთა მშობლებიც. ბავშვს, რომელიც სახლში დამოუკიდებლად ასრულებს დავალებას, ხშირად მეხსიერებაში აღებეჭდება დაშვებული შეცდომა, ზოგჯერ კი მის ნაცვლად მშობლები ასრულებენ დავალებებს. ამ ყველაფრის გამო ბავშვებს სიძულვილი უჩნდებათ საშინაო დავალებებისადმი და მაღალ კლასებშიც მიჰყვებათ.

მაღალ კლასებში საშინაო დავალებები გამართლებულია, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა დეტალურად არის დაგეგმილი მასწავლებლის მიერ, გასაგებია მოსწავლისთვის და კეთილსინდისიერად სრულდება შინ. რეალურად კი საშინაო დავალებები უზომოდ გაბერილი და გაუმართლებელია. მოსწავლეები ხვდებიან, რომ მასწავლებელს არ ჰყოფნის დრო ყველას საშინაო დავალების შესამოწმებლად და თვითონ მასწავლებელმაც იცის, რომ სუსტი მოსწავლეები შინ დავალებებს ნაკლებად ასრულებენ, ამიტომ მათ უმეტესწილად ძლიერებს აძლევენ, რითაც ხელს უწყობენ ძლიერ და სუსტ მოსწავლეებს შორის დისტანციის ზრდას. გარდა ამისა, საშინაო დავალებები მშობლებსა და შვილებს შორის კონფლიქტის ძირითადი მიზეზია.

ბევრი საშინაო დავალება პრობლემებს უქმნის ნიჭიერ, შემოქმედებით, პასუხისმგებლობიან ბავშვებს, რადგან მათ აღარ რჩებათ დრო საკუთარი ინტერესების დასაკმაყოფილებლად. საშინაო დავალების შესრულება უჭირთ იმ ბავშვებსაც, რომლებიც მრავალსულიან და პატარა სახლებში ცხოვრობენ.

საშინაო დავალება კისერზე ჩამოკიდებული ლოდია არა მარტო მოსწავლეებისთვის, არამედ მასწავლებლებისთვისაც.

ქიმიური გასეირნება

0
რამდენიმე წლის წინ ერთი ფონდის დაფინანსებით ძალიან ნიჭიერ პროგრამისტთან ერთად ქიმიაში საგანმანათლებლო პროგრამაზე ვმუშაობდი. ნიჭიერი კი იყო ეს პროგრამისტი, მაგრამ ერთი ცუდი თვისება ჰქონდა – თუ გვერდით არ ვეჯექი, ყურადღება ეფანტებოდა. ვეხუმრებოდი, დედა რომ ზარმაც პირველკლასელს დაადგება თავზე, ისე ვართ-მეთქი. ვმუშაობდით შეუსვენებლად, უქმეებზეც კი.

ერთ შაბათ დღესაც საქმეზე გავედი, თვითონ ჩემს ოთახში დავტოვე დავალებით. რომ დავბრუნდი, მუსიკის ხმა შემომესმა და რას ვხედავ – ეს ჩემი პროგრამისტი ეკრანს ჩასცქერის და ვიღაცას ბედნიერებას უსურვებს. თურმე სკაიპით მეგობრის ქორწილს ესწრებოდა და ნეფე-დედოფალს ადღეგრძელებდა…

ეს ამბავი იმიტომ გავიხსენე, რომ დღეს ყველა მეტისმეტად მივეჯაჭვეთ კომპიუტერის ეკრანს, რაც სულაც არ არის კარგი, ამიტომ მანჩესტერში, ქიმიის ისტორიის მსოფლიო კონგრესზე ყოფნისას თავისუფალ დროს რეალური (და არა ვირტუალური) გასეირნების არც ერთ შესაძლებლობას ხელიდან არ ვუშვებდი. ჰოდა, როდესაც „ქიმიური გასეირნება” შემომთავაზეს, უყოყმანოდ დავთანხმდი.

უნივერსიტეტის ძველი შენობის ულამაზეს ბაღში შევიკრიბეთ. ეზოში რომ შევუხვიე, მე და ჯგუფის წევრებმა ერთმანეთს შევცინეთ. ეს ის ადამიანები აღმოჩნდნენ, ვისაც თითქმის ყველა სესიაზე ვხვდებოდი. პარალელურ რეჟიმში უამრავი პრეზენტაცია მიმდინარეობდა, მაგრამ მე და ეს ოციოდე ადამიანი ერთმანეთთან შეუთანხმებლად სულ ერთნაირ სესიებზე ვიყრიდით თავს და აი, ახლაც, საღამოს რვა საათზე, როცა კონგრესის სხვა მონაწილენი ალბათ პაბებში ერთობოდნენ, ჩვენ აქ შევიკრიბეთ ქიმიური გასეირნების მოლოდინში.

ვინ ვიყავით? თქვენ როგორ ფიქრობთ? – ქიმიკოსები. სხვა ვინ გადადებდა თავს დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ ქიმიური გასეირნებისთვის?!

მალე ჩვენი მთხრობელი, უნივერსიტეტის ვეტერანი თანამშრომელი ქეთრინ ვოლი გამოჩნდა, ხელში ტრაფარეტი ეჭირა: „Chemistry Walk” – და დაიწყო…

უნივერსიტეტის ძველი შენობის შიდა ეზოს მივყევით და იქვე, მარჯვენა მხარეს, გოთური სტილის ერთსართულიან შენობასთან შევჩერდით. ეს ჰენრიხ როსკოს მიერ აგებული პირველი ქიმიური ლაბორატორია ყოფილა. პირველი-მეთქი, ვამბობ, რადგან მანამდე მანჩესტერის უნივერსიტეტში ქიმია როგორც მეცნიერება არ არსებობდა, სწორედ როსკომ დაუდო მის კვლევას საფუძველი. ლონდონში დაიბადა, ლივერპულის ვაჟთა ინსტიტუტი და ლონდონის უნივერსიტეტთან არსებული კოლეჯი დაამთავრა. 1857 წელს მიავლინეს მანჩესტერში, სადაც 1886 წლამდე დარჩა. სწორედ იქ დააარსა ქიმიური ლაბორატორია და ბიბლიოთეკა, სადაც ვანადიუმისა და მისი ნაერთების შესწავლა დაიწყო. ცდილობდა, ვანადიუმი ნაერთებიდან სუფთა სახით გამოეყო. ამ სამუშაოსთვის 1868 წელს სპეციალური პრიზითაც დააჯილდოეს. Bakerian Lecture – ასე ერქვა წოდებას, რომელსაც გამორჩეულ ქიმიკოსებს და ფიზიკოსებს სამეფო საზოგადოება ანიჭებდა.
https://en.wikipedia.org/wiki/Bakerian_Lecture
მოგვიანებით განაგრძო მუშაობა ნეობიუმზე, ვოლფრამსა და ამონიუმის ნაერთებზე. დღეს მანჩესტერის უნივერსიტეტის კორპუსებს შორის ჰენრიჰ როსკოს სახელობის შენობაც არის – Roscoe Building 
https://conferences.visitmanchester.com/plan-an-event/conferences-guide/venues/the-roscoe-building,-the-university-of-manchester
როსკოს ძველი ლაბორატორიიდან პირდაპირ თუ წახვალთ და შემდეგ მარცხნივ შეუხვევთ, სწორ ბილიკზე აღმოჩნდებით. იქაურები ამ ბილიკს „პრისტლის გზას” უწოდებენ. სწორედ ამ გზით ჰყვარებია ჯოზეფ პრისტლის თავის ლაბორატორიაში სიარული. თავისი ცხოვრების გარკვეული პერიოდი პრისტლიმ მანჩესტერში გაატარა და ლაბორატორიასთან საოცარი ბაღიც გააშენა. ბაღი, ბუნებრივია, მის სახელს ატარებს.

ბავშვობიდან ხიბლავდა პრისტლის მცენარეები. ხომ გახსოვთ, რა ცდებს ატარებდა ჯერ კიდევ სრულიად მცირე ასაკში: მინის ქილაში ერთად ათავსებდა თაგვს, სანთელს და მცენარეს და აკვირდებოდა. შეამჩნია, რომ მცენარესთან ერთად სანთელიც უფრო მეტხანს იწვოდა და თაგვიც უფრო მეტხანს ცოცხლობდა. უკვე მოზრდილი, ბავშვობაში ჩატარებულ ამ ცდას დაუბრუნდა და სხვა გამოკვლევებთან ერთად „სასიცოცხლო ჰაერი” – ოქსიგენიუმი (როგორც ლავუაზიემ უწოდა) ანუ ჟანგბადი აღმოაჩინა. სხვათა შორის, ამბობენ, რომ ჟანგბადი პირველმა კარლ შეელემ მიიღო, სტატიაც მიიტანა ამის შესახებ ჟურნალში, მაგრამ გამომცემელს მისი გამოქვეყნება… დაავიწყდა. მერე თავი უმართლებია, ზედა თაროზე შემოვდე და თავიდან ამომივარდაო. გამომცემლის გულმავიწყობა შეელეს ძვირად დაუჯდა – ამასობაში პრისტლიმაც აღმოაჩინა ჟანგბადი და რაკი, შეელესგან განსხვავებით, მან კარგი მეხსიერების პატრონ გამომცემელს მიმართა, ეს აღმოჩენაც სწორედ მის სახელს დაუკავშირდა. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაფერი გაირკვა და ისტორიამ არც შეელეს დაუკარგა ღვაწლი. დღეს ნებისმიერ წყაროში ამოიკითხავთ, რომ ჟანგბადი პრისტლის და შეელეს აღმოჩენილია.

პრისტლიმ ნახშირბადის დიოქსიდის შეგროვების ახალი მეთოდი დანერგა. თუ მანამდე მას წყლიანი ჭურჭლის თავზე აგროვებდნენ და ამის გამო დიდი დანაკარგი ჰქონდათ (წყალში იხსნებოდა და ნახშირმჟავას წარმოქმნიდა), პრისტლიმ მისი შეგროვება ვერცხლისწყლით სავსე ჭურჭლის ზედაპირზე დაიწყო და დანაკარგიც საგრძნობლად შემცირდა. ისიც უნდა იცოდეთ, რომ შუშხუნა სასმელების წარმოებაც სწორედ პრისტლის სახელთანაა დაკავშირებული.

პრისტლი ვეგეტარიანელი იყო. მისი ლაბორატორიის პირველ სართულზე დღეს ვეგეტარიანული კაფეა, სადაც ზედმიწევნით ცდილობენ მაშინდელი, პრისტლისეული ინტერიერისა და განწყობის შენარჩუნებას.

მოკლედ, პრისტლის ბილიკზე აღმოვჩნდით თუ არა, ყველა ავხმაურდით, სურათების გადაღებას მოვყევით და ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ ჩვენმა კეთილმა მთხრობელმა ქეთრინ ვოლმა სიცელქისთვის დაგვტუქსა კიდეც. ჩვენც გაგვახსენდა, რომ ზრდასრულები ვიყავით, სამეცნიერო ხარისხი გვქონდა და აქეთ გვეკისრა სტუდენტების აღზრდა, ამიტომ დავსერიოზულდით და სეირნობაც გაგრძელდა.

სადღაც მიხვეულ-მოხვეულ ადგილებში ვიარეთ, სწრაფი ნაბიჯით ჩავუარეთ სტომატოლოგების კორპუსს, ოტორინოლარინგოლოგების კორპუსს, შენობას, სადაც ფრედი უილიამსმა შექმნა პირველი კომპიუტერი, პირველი სართული მთლიანად რომ ეკავა…

შორიდან ალბათ ძალიან სასაცილო სანახავები ვიყავით. წინ ქალბატონი ქეთრინი მირბოდა, კვალში ამერიკელები ედგნენ. მე და ირლანდიელი კოლეგა ვცდილობდით, არ ჩამოვრჩენოდით, ბოლოს კი შვიდიოდე იაპონელი ქიმიკოსი მორბოდა. გზადაგზა ფოტოაპარატებს ვაჩხაკუნებდით. ასე სირბილ-სირბილით მივედით ერთსართულიან, სამკუთხასახურავიან შენობასთან, – აქ საწვავის მამად წოდებული ჩარლზ სილვესტერ დიქსონის ლაბორატორია ყოფილა და იმისთვის გვირბენია, რომ დაკეტვამდე შიგნით შესვლა მოგვესწრო. აქ დიქსონზე არაფერს ვიტყვი, რადგან ცოტა მეტი სივრცე მინდა მოვიტოვო ქიმიის თანამედროვე შენობაზე დასაწერად. 

ის ჰენრიხ როსკოს სახელობის კორპუსის მოპირდაპირე მხარეს დგას ძალიან სახალისო სახელწოდების კაფეთი – Cafe2O4. პირველ სართულზე, მარჯვენა მხარეს, კედელს პერიოდული სისტემის ულამაზესი გამოსახულება ამშვენებს. თითოეული ელემენტის უჯრაში ჩამაგრებულია გამჭვირვალე თავდახურული სინჯარა ამ ელემენტის ნიმუშით. განსაკუთრებით სახალისო ინერტული აირების ცარიელი სინჯარებია – უნდა ვიგულისხმოთ, რომ შიგნით მართლაც ესა თუ ის ინერტული აირია.

საგანგებოდ ჩვენთვის მანჩესტერის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯონატან აგერმა ქიმიური შოუც გამართა. იყო ბევრი აფეთქება, ცეცხლი, ამოფრქვევა და საოცარი ოსტატობა, უსაფრთხოების წესების დაცვა.

ერთი უსაფრთხო ექსპერიმენტის მსვლელობას თქვენც ჩაგაწერინებთ. კარგი იქნება, თუ ნეიტრალიზაციის რეაქციის შესწავლის შემდეგ ჩაატარებთ.

აიღეთ ორლიტრიანი ცილინდრი და 1,6 ლ-მდე ონკანის წყლით აავსეთ. შიგნით მოათავსეთ კალიუმის ან ნატრიუმის ტუტის ოთხი მარცვალი (მეტი არ გინდათ). უშუალოდ ექსპერიმენტის წინ რამდენიმე წვეთი უნივერსალური ინდიკატორი ჩაამატეთ (ისე, რომ მკვეთრი იისფერი მიიღოს). მერე ცილინდრში მშრალი ყინულის მარცვლები (გაყინული ნახშირბადის დიოქსიდი) ჩაყარეთ და ნახავთ, რაც მოხდება. ახლავე გეტყვით, საშიში არაფერია. აი, მოსწავლეების მოტივაცია კი ორი-სამი კვირით მაინც გარანტირებული გაქვთ.
გასეირნება დასრულდა. დაღლილებსა და კმაყოფილებს, ერთმა ჩრდილოეთირლანდიელმა კოლეგამ შემოგვთავაზა, აქვე მყუდრო პაბი ვიცი, წავიდეთ, ქიმიის სადღეგრძელო შევსვათო. 
ჰმ… რატომაც არა?

ცოდნის ჯიხურები

0
პოლიტიკური მეცნიერების ან სოციოლოგიის შემსწავლელთათვის უამრავი სოციალური მოძრაობის შესახებაა ცნობილი. მკვლევართა ინტერესის სფეროში ყოველთვის ხვდებიან პროფკავშირული, ეკოლოგიური, ქალთა და აფროამერიკელთა უფლებების დაცვისთვის მებრძოლი საზოგადოებრივი გაერთიანებები. ახალ საუკუნეში შინაარსით განსხვავებული და უცნაური სამოქალაქო ინიციატივების ჩამოყალიბებაც დაიწყეს. ფართო საპროტესტო კამპანიების ორგანიზებით, მოქალაქეთა ნაწილი ხან ლოთ მძღოლებს უპირისპირდება, ხან მადაგასკარელი ლემურების სიცოცხლის ხელყოფის აკრძალვას ითხოვს, ხან კი პირდაპირი ინტერნეტდემოკრატიის დამკვიდრებას ცდილობს. თითქოს წარმოუდგენელი გახდა სრულიად განსაკუთრებული, ირგვლივმყოფთათვის სასარგებლო და საყოველთაო სოციალური მოძრაობის აგორება. თუმცა აღნიშნული მოსაზრება რიგითი ვისკონსინელი მასწავლებლისადმი სიყვარულმა გააბათილა.
2009 წელს, ქალაქ ჰადსონის (ვისკონსინი, აშშ) მკვიდრმა ტოდ ბოლმა საკუთარი სახლის წინ, კოხტად გაკრეჭილ გაზონზე პატარა ხის ჯიხური დადგა. წყალგაუმტარ ჯიხურს სკოლის შენობის ფორმა და პატარა კარები ჰქონდა. იდეის ავტორმა ორიგინალურ ხელნაკეთ ყუთში წიგნები შეალაგა და მეზობლებს პატარა თავისუფალი ბიბლიოთეკით სარგებლობა შესთავაზა. მკითხველთათვის ერთადერთი რეგულაცია დაწესდა: ბიბლიოთეკიდან წიგნის გამოტანის შემთხვევაში, იგი სხვა ლიტერატურით თავად მოსარგებლეს უნდა ჩაენაცვლებინა. ტოდ ბოლმა გამოგონება გარდაცვლილი დედის, საშუალო სკოლის პედაგოგის საპატივცემულოდ შექმნა, რომელიც თურმე ბევრს ცდილობდა და აკეთებდა მოსწავლეებს შორის წიგნის კითხვისა და სხვადასხვა მხატვრული ნაწარმოების პოპულარიზებისათვის.

ტოდის მეზობლებმა პატარა ბიბლიოთეკის ეგოისტურ, ცალმხრივ გამოყენებაზე უარი თქვეს, ენთუზიაზმით აიტაცეს მეგობრის ინიციატივა და თავიანთი სახლების წინაც დაიწყეს ჯადოსნური ჯიხურების დამონტაჟება. მალევე, წიგნების გაცვლის კეთილი მეთოდის შესახებ მთელმა ქალაქმა და მთელმა შტატმაც შეიტყო. ბუნებრივია, უმოკლეს დროში შესანიშნავმა იდეამ მსოფლიოს სხვადასვა კუთხეში მიმოფანტული მილიონობით ადამიანის ყურამდეც მიაღწია. დღეს უკვე ხუთივე დასახლებულ კონტინენტზე ხუთი ათასი რეგისტრირებული და  ათასობით გაუფორმებელი წიგნთსაცავი დგას. ზოგიერთი მათგანი გამოშიგნულ მაცივარში, ძველ „ტაქსოფონში” ან გადასაგდებად გამზადებულ გარდერობში არის „გახსნილი”.

ვისკონსინელი პედაგოგის სიყვარულით აგორებული სოციალური მოძრაობის ოფიციალურად დასაფუძნებლად ტოდ ბოლმა სპეციალური ვებგვერდიც შექმნა (იხ.https://www.littlefreelibrary.org/), რომელზეც უამრავი საინტერესო ინფორმაცია, პატარა თავისუფალი ბიბლიოთეკების ამსახველი ფოტოები და ახალი ინიციატივები ერთადაა თავმოყრილი. აქვე, შესაძლებელია მოძრაობის შემოწირულობებით დახმარებაც. ინტერნეტით შეგროვებული თანხა ღარიბ ქვეყნებში, ქალაქებსა თუ სოფლებში ცოდნის ჯიხურების დასადგმელად გამოიყენება.


გასულ წლებში საქართველოში არაერთი ბიბლიოთეკა დაიხურა, უამრავი სკოლის წიგნთსაცავი ლიტერატურის დეფიციტს განიცდის, ათობით დასახლება ნორმალური სამკითხვლოს გარეშეა დარჩენილი, ბევრ წიგნის მაღაზიაში ფასებს ჯოჯოხეთური ცეცხლი უკიდია. გარდა ამისა, გავლენიანი საერთაშორისო კვლევების მიხედვით, ჩვენს ქვეყანაში წიგნირების დონე ზრდის ტენდენციით არ ხასიათდება. აქედან გამომდინარე, მგონი, შესანიშნავი იქნება თუ ჩვენს ორღობეებსა და ქუჩებშიც გამოჩნდება რამდენიმე ცოდნის ჯიხური. არ არის გამორიცხული, რომ „პატარა თავისუფალი ბიბლიოთეკა” უსინდისოდ გაძარცვონ, დაამტვრიო ან ბუხარს შეუკეთონ, მაგრამ ცდა მაინც ბედის მონახევრედ შეგვიძლია მივიჩნიოთ.

სწავლის თეორიების პრაქტიკული გამოყენება

0
განათლების სამინისტროს პროგრამის „ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად” შესახებ მეგობრისგან შევიტყვე და პრეზენტაციაზე დასასწრებად მშობლიური ილიას უნივერსიტეტისკენ გავწიე. ინფორმაცია ამომწურავი იყო, ფინალამდე მისასვლელი გზა – არც ისე მოკლე. ზუსტად არ მახსოვს, დღის რომელ მონაკვეთში გადავწყვიტე მარათონში ჩართვა, მაგრამ საბუთების შეგროვება იმ დღესვე დავიწყე. სია საკმაოდ ვრცელი გახლდათ. დაახლოებით ერთი კვირა დამჭირდა ყველა დოკუმენტისთვის თავის მოსაყრელად. ამას წერითი და ზეპირი გამოცდები მოჰყვა, გამოცდებს კი უკანასკნელი აკორდი – ერთკვირიანი ტრენინგი. და მეორე დღესვე დაიწყო დასასრულის დასაწყისი… ცხოვრება სრულიად უცხო მხარეში – სამცხე-ჯავახეთში, სოფელ ალასტანში. სომხურენოვან საჯარო სკოლაში პირველიდან მეშვიდე კლასის ჩათვლით წელიწად-ნახევრის განმავლობაში ბავშვებისთვის ინგლისური უნდა მესწავლებინა.

ადგილზე ჩასულს ბევრი რამ მეუცხოვა, მაგრამ გამახსენდა გენიალური რუსი მწერლის ლ. ტოლსტოის სიტყვები: „არ არსებობს ისეთი პირობები, ადამიანი რომ ვერ შეეგუოს, მით უმეტეს, როდესაც ხედავს, რომ ირგვლივ ყველა ასე ცხოვრობს”. ამ სიტყვების სიმართლეში დღითი დღე ვრწმუნდებოდი…

პირველ დღეებში ძალიან გამიჭირდა. ვღელავდი, რადგან მოთხოვნები დიდი იყო, ინფორმაცია – უზარმაზარი, სკოლაში, მით უმეტეს არაქართულენოვანში, მუშაობის გამოცდილება არ მქონდა. ერთმანეთში ირეოდა ნანახი და გაგონილი, არ მასვენებდა კითხვები: შევძლებ? რა იქნება? როგორ გავართმევ თავს დასახულ ამოცანას? როგორ მოვახერხებ მთავარს – კომუნიკაციას ოჯახსა და საზოგადოებასთან?

ამ სკოლაში ინგლისური ენა არასოდეს უსწავლებიათ (ისწავლებოდა გერმანული, რუსული). ბავშვების პირველი კითხვა ასეთი იყო: „სომხური იცით?” არ ვიცოდი. ისევე როგორც მათ – ქართული. და აი, ამ პირობებში მათთვის ინგლისური უნდა მესწავლებინა. რთული, მაგრამ საინტერესო გამოწვევა იყო… 

გაკვეთილზე კომუნიკაციის ძირითად საშუალებად – სხეულის ენა (Body language), ინსტრუქციების მისაცემად და ყველა შესაძლო შემთხვევაში – მხოლოდ და მხოლოდ ინგლისური (English in english) ავირჩიე. პლაკატები, ნახატები და სხვა ვიზუალური მასალა ეფექტურს ხდიდა საგაკვეთილო პროცესს. ამრიგად, გამოვკვეთე ჩემი მთავარი ინსტრუმენტები: ჟესტები (gestures), სხეულის ენა (body language), პლაკატები (posters), დასურათებული ლექსიკური ერთეულები (flashcards), სასწავლო რესურსები.

მეორე მხრივ, ვცდილობდი, ყოველი საგაკვეთილო საათი მოსწავლეთა მრავალმხრივი ინტელექტის გამოვლენის ასპარეზი ყოფილიყო. მაგალითად:

. ლინგვისტურ/ენობრივი ინტელექტი – საუბრის, წერის უნარები, პრეზენტაციების მომზადება;

. მუსიკალური ინტელექტი – გაკვეთილის თემასთან კავშირში სიმღერების, დიალოგების, ლექსების შესრულება;

. ფიზიკურ-კინესთეტიკური – ბურთისა და სხვადასხვა სასწავლო ნივთის საშუალებით დავალებების შესრულება;

. სივრცული – ვიზუალური თვალსაჩინოების, სურათების, პლაკატების გამოყენებით მრავალფეროვანი აქტივობა. 

კოგნიტური განვითარების თეორიის ავტორს ჟან პიაჟეს მიაჩნდა, რომ სუბიექტი აქტიურად შეიმეცნებს გარემოს – ცვლის მას (ასიმილაცია) და საკუთარ გამოცდილებას (აკომოდაცია), ანუ სუბიექტი პასიურად კი არ ითვისებს ცოდნას, არამედ გარემოსთან აქტიური ურთიერთქმედების პროცესში აგებს მას. ამიტომ გამუდმებით ვაწვდიდი მოსწავლეებს ახალ ინფორმაციას რეალობასთან კავშირში და გარკვეულ წინარე ცოდნაზე დაყრდნობით. მაგალითად, ახალი ლექსიკური ერთეულების მიწოდებისას ჩემი მიზანი იყო დამახსოვრება გარკვეულ კონტექსტში და დაკავშირება კონკრეტულ სიტუაციებსა თუ ყოველდღიურობასთან, რაც თვალსაჩინო იყო, როცა ახერხებდნენ ნასწავლი სიტყვებით წინადადებების, დიალოგების, წერილებისა თუ მისალოცი ბარათების შექმნას. ვფიქრობ, მიდგომა ნათელია – მოხდეს არსებული ცოდნის გადატანა და მისადაგება რეალურ, ყოველდღიურ ყოფასთან, აქტიური ურთიერთქმედებით ახალი ცოდნის კონსტრუირება და გამოცდილებასთან დაკავშირება. 

სწავლა-სწავლების პროცესში მნიშვნელოვანია ბავშვის ინტერესებისა და სურვილების გათვალიწინება, ამიტომ ვცდილობდი, რთული და ადვილი დავალებები, მათთვის საინტერესო და სახალისო აქტივობები ერთმანეთის მონაცვლეობით გამომეყენებინა გაკვეთილზე. საზოგადოდ, წერა ბავშვებისთვის არცთუ სახალისო დავალებაა, ამიტომ, პრემარკის პრინციპზე დაყრდნობით (ნაკლებად სასურველ დავალებას უფრო სახალისო მოსდევს), წერის შემდეგ საყვარელ აქტივობას ან უფრო ადვილ დავალებას ვთავაზობდი.

განათლება არ ნიშნავს მხოლოდ ფაქტების სწავლებას; მთავარია, მოსწავლეებმა შეიძინონ ის უნარები და ცოდნა, რომელთაც ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენებენ. სწორედ ამიტომ ვიზიარებ ჯ. დიუის ხედვას. მისი განათლების ფილოსოფია ცოდნის პრაქტიკულობაზე იყო ორიენტირებული. მიმაჩნია, რომ ბავშვები უფრო ადვილად სწავლობენ კეთებით, პირადი გამოცდილებით, ესე იგი მაშინ, როცა თვითონვე ქმნიან რამეს და ყოველდღიურ ცხოვრებაში ხედავენ ცოდნის მნიშვნელობას. ჩემი მოსწავლეების ამგვარი დამოკიდებულება დავინახე, როდესაც მათ თავიანთი სურვილით დაიწყეს დღესასწაულებზე მისალოცი ბარათებისა და კედლის გაზეთების შექმნა.

დაბოლოს, მინდა ვთქვა, რომ სკოლაში მუშაობისას ყოველდღიურად ვრწმუნდებოდი კ. როჯერსის ჰუმანისტური თეორიის სიმართლეში: „ადამიანები არსებითად კარგი და კეთილი არსებები არიან. მათ აქვთ თვითაქტუალიზაციის ტენდენცია, ანუ თანდაყოლილი მიდრეკილება ზრდისა და თავიანთი უნიკალური შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლენისკენ”. მართალია, თვითაქტუალიზაცია ადამიანის თანდაყოლილი უნარია, მაგრამ, როჯერსის მიხედვით, ის აღზრდის შედეგად ყალიბდება. ვფიქრობ, უდავოდ მნიშვნელოვანია ბავშვებისადმი უფროსების დამოკიდებულება, რადგან სწორედ ის განსაზღვრავს მათ თვითაღქმას, წარმოდგენას საკუთარ თავზე და თვითაქტუალიზაციას. მოკლედ, მივადექი მთავარ სათქმელს – მიმაჩნია, რომ ნებისმიერ საქმიანობაში, მით უმეტეს – სკოლაში, ბავშვებთან, წარმატებული ურთიერთობისთვის უმნიშვნელოვანესია „უპირობო პოზიტიური დამოკიდებულება”.

თქვენთვის წერილია

0

არტურო პერეს რევერტეს

ჩემი უმცროსი მეგობარი, თანაკლასელ გოგოს გაუმიჯნურდა. მორიდებული ყმაწვილია, ხმამაღალს ვერ დააცდენინებ. მისვლა ვერ გაბედა, წერილის მიწერა განუზრახავს და დახმარება მთხოვა. მეც ვურჩევ, ოღონდ ღიად და მხოლოდ თქვენი თანდასწრებით:

შავმელნიანი, წვრილბურთულიანი კალმით წერე – ასე უფრო სოლიდურია, სერიოზული ტიპის შთაბეჭდილებას დატოვებ. ვინაობა არ გათქვა.  ერთი წერილი არ ივარგებს, წერილების სერია შექმენი. იყავი სიტყვაძუნწი. თითქოს ჩახლართული დეტექტივისთვის მოგეკიდოს ხელი. სიუჟეტის ჩონჩხი მოიფიქრე. ნელ-ნელა გახსენი კარტი. მერე გახსნილი კარტებიც აურიე, ძაფი აბლანდე. იმოქმედე სერიული მკვლელივით. ააფორიაქე, დააბნიე და დაასუსტე. კვანძი მხოლოდ დასასრულსღა გახსენი. 

არ წამოგცდეს რომ მოგწონს. არ გაბედო იმის თქმა, რომ ლამაზი თვალები აქვს, მისი კანი ხავერდს გაგონებს, თვალები კი – ბაიკალს. შეგიძლია გრძელი ფეხები შეუქო, მაგრამ ღია ხოტბა არც მაგისა ივარგებს. მაგ მხრივ, 2000-იანების პირველ ნახევარში იაღლიში მომივიდა: ერთი უფროსკლასელისთვის, რომელსაც ვენებგადმოყრილი ბაბულიკა მოსწონდა, შექსპირად გარდავისახე – ფეხქვეშ გავეგე. მეორე დილით, სკოლის დერეფანში თავზე ხელი გადამისვა და მითხრა შენ რა სასაცილო ბიჭი ყოფილხარო. ლამის ვიტირე. 
ასო „რ” – ყოველთვის ორი ფეხი გაუკეთე. სტრიქონებს შორის ადგილი დატოვე, რათა წინადადებებმა ისუნთქონ. არ ჯღაბნო, მაგრამ გაკრული ხელით მიჰყევი ტექსტს. ამით დარწმუნდება, რომ ცხოვრება არ გბოჭავს და წერისას ფიქრობ. 

სანამ წერად მოჯდები, სუნამო მიიპკურე. „ჟივენშის” ან „კაროლინა ჰერერას” ნაწარმი სცადე. რაც გრილი სურნელი – მით უკეთესი. ქაღალდი სურნელს აიღებს. თუმცა არავითარ შემთხვევაში ფურცელს არ აპკურო. ზედმეტად პრანჭია ყმაწვილად აღგიქვამს. 

იყიდე რაც შეიძლება სქელი თაბახი, მაგრამ არამც და არამც სახაზავი ფორმატის სისქის. წერტილები დასვი გარკვევით, რათა ნაჭდევი ხელითაც იგრძნობოდეს – ამით ძალას და ტემპერამენტს აჩვენებ. როცა წერას დაარულებ, ქაღალდი ზუსტად გაკეცე, ოღონდ ფრჩხილს ნუ გამოიყენებ – მელანი გაიდღაბნება. აკურატულობის ეტალონი უნდა გახდე მისთვის. 

აუცილებლად უყურე „ჰანიბალს”. კარგად შეისწავლე, თუ რა ჰაეროვნ წერილს სწერს ჰანიბალ ლექტერი კლარისა სტერლინგს. მის მსგავსად, ტექსტის ბოლოს გააკეთე მინახატი, თუნდაც უაზრო და არასოდეს ახსნა მისი მნიშვნელობა. შეეცადე სექსუალური მანიაკი არ ეგონო. 

აიძულე ნაწერით შენი ხმა ამოიცნოს – ბოხი, ოდნავ ხრინწიანი ტემბრი, გამოცდილი ყმაწვილისა. ამისთვის გირჩევ ოსკარ ბენტონის და რაიან ბინგემის სიმღერებს მოუსმინო. ტექსტში მძიმეები მოათავსე ისე, რომ ჩახველებას ჰგავდეს. დეფისი კი – ულვაშებში ჩაღიმებას. 

წერისას ხმამაღლა ააკვნესე ავე მარია ან მთვარის სონატა, რათა დაგამშვიდოს და გოგონამ შენი დაწმენდილი გულისცემა იგრძნოს. ეს აფიქრებინებს, რომ გაწონასწორებული პიროვნება ხარ. 

როგორმე მოახერხე და წერილში ოქროს შუალედი გაავლე: ილაპარაკე ქარაგმებით, მაგრამ არ მიბაძო იესოს; ჩასვი თავსატეხები, მაგრამ კონან დოილად ნუ გადაიქცევი; იფილოსოფოსე, მაგრამ პლატონად არ გადაეგო; იარშიყე, მაგრამ დონ ჟუანი ნუ გახდები; დაუგე ხაფანგები, თუმცა პროფესორი მორიარტი გონებიდან ამოიგდე; ისაუბრე უშუალოდ, მაგრამ არა ლაწირაკი ბაცანასავით. 

აუცილებლად გამოიყენე კონვერტები. წებო დაივიწყე – ნერწვით შეადუღაბე. კონვერტის გარე ფასადის გაფორმებაშიც იძუნწე – ერთი ან ორი სიტყვით შემოიფარგლე. ქათქათა კონვერტი და შავი მელნით გადასმული მიჯნურის სახელი – ნახე რა რომანტიკაა. 

პირველი წერილი სკოლის კედლებს გარეთ ნახოს, თორემ იაფად გაყიდი თავს. თავდაპირველად უცნობი თაყვანისმცემელი უნდა ეგონო – იდუმალი. მეორე წერილამდე ადროვე, ეიფორიამ გადაუაროს, იფიქროს, რომ დაგავიწყდა. მერე უეცრად გამოჩნდი – კონვერტი სახლლის კართან დაუტოვე. 

ისევ გადაიკარგე. დააკვირდი გაკვეთილებზე როგორ მოიქცევა. დამიჯერე, თვალებში ცეცხლი ფეხდაფეხ ნაბიჯ-ნაბიჯ მიუნელდება და მაშინ, როცა ჩაქრობას დააპირებს, ისევ გამოჩნდი. მოაწყე ისე, რომ კონვერტი მის ჩანთაში ჩადო. ამაზე იფიქრებს, რომ იდუმალი თაყვანისმცემელი მის გამო უკვე საკლასო ოთახში შემოიპარა და სიგიჟეებს სჩადის. 

სანამ საკონტროლო გასროლებზე გადახვალ, ტომ ჰენქსისა და მეგ რაიანის ფილმს უყურე – „თქვენთან წერილია” ჰქვია. მისი სიუჟეტი მომაკვდინებელი დარტყმებისთვის გამოგადგება. ნელ-ნელა დაუახლოვდი. მოახერხე და მისი მესაიდუმლე გახდი. 

საფანტი ისროლე – შეხვედრაზე შეაპარე. 

როცა საკუთარ თავგადასავალსა და იდუმალ მიჯნურზე მოგიყვება, ჯერ ცხვირი აიბზუე, დროთა განმავლობაში კი ურჩიე უცნობს შეხვდეს. იმ დღეს უნდა ელანდებოდეს, რომ მის ნაბიჯებს სხისი ნაბიჯები მიჰყვება კვალდაკვალ. მოეჩვენოს, რომ მის კისერთან ვიღაც სუნთქავს. ცოტა ჟივენშის სურნელიც იგრძნოს. 

მერე კი შაშხანაში ტომას ბეკეტისეული ტყვია მოათავსე. შეხვედრა დაუთქვი. იმდენად განსაკუთრებულად იზრუნე საკუთარ გარეგნობაზე, რომ კვალი დარჩეს – თითქოს არც გიზრუნია. თმას მაინცდამაინც რადიოზე ნუ მომართავ. აკადემიურად არ ჩაიცვა. სუნამო – კი იცი. 

როცა დაგინახავს და ბოლომდე გადახარშავს რაც მოხდა, პირს დააღებს. სანამ პირღია იდგება, საუბარი სხვა მხარეს წაიყვანე და შეხვედრის ადგილს მოაშორე. წერილებზე არ დაელაპარაკო. ესაუბრე ოდრი ჰეფბერნზე, კალათბურთზე, ცისფერ მთებზე, ისტორიის მასწავლებელზე და ნაყინზე. მერე კი შესთავაზე კიდეც. სიყვარულზე სიტყვა არ დაგცდეს. 

საღამოს სადარბაზოსთან მიაცილე და უთხარი: „აი, ჩვენ უკვე ერთი დიდი საიდუმლო გვაქვს”. 

… ისე, თუ მართლა გინდა მაგ გოგოს თავი მოაწონო, ნუ მაწერინებ ამ სისულელეებს. უაზრო მოსე მწერლობას მოეშვი, მიაჭერი და ყველაფერი პირდაპირ უთხარი. 

ბიჯოს!

აგვისტოს რიტუალი

0
ეს წერილი, ალბათ, უფრო მოსწავლეებისთვისაა, ვიდრე _ მასწავლებლებისთვის, ვინაიდან ეს არ ამბავი არის სხვის აღზრდაზე, ეს ის ისტორიაა, შენ თვითონ რომ ზრდი საკუთარ თავს. საკუთარი თავის ქცევა ისეთად, როგორიც გინდა რომ იყოს, კი, ჩემი აზრით, ადამიანის ყველაზე დიდ და საპატიო ბრძოლათაგანია. ჩემს რიტუალზე მინდა, გიამბოთ, რომელიც 5-6 წლის ასაკიდან მომდევს და ყოველ წელს უცვლელი სიამოვნებით ვასრულებ, ეს რიტუალი სკოლის პერიოდში ზოგჯერ მთელი ზაფხულს იკავებდა, მერე კი მხოლოდ აგვისტო შემომრჩა მისთვის _ ამიტომაც ვუწოდე ,,აგვისტოს რიტუალი”.

ჩემი მეგობარი ეკა ამბობს, დღეში ათი წუთი მაინც ვჯდები სადმე, სიჩუმეში და ჩემს ბავშვობას ვიხსენებო. მე კი, მართალი გითხრათ, იშვიათად მსიამოვნებს საკუთარი ბავშვობის მოგონება: არადა, არც საკმარისი ლუკმა-პური მაკლდა ოდესმე და არც ოჯახის წევრების დიდი სიყვარული და მზრუნველობა, უბრალოდ, არ ვიყავი ისეთი, როგორიც მინდოდა, ვყოფილიყავი და ეს ტანჯვა მიჩენდა სურვილს, რამე შემეცვალა საკუთარ თავში. მერე, როცა ნელ-ნელა ვაღწევდი მიზანს, სულ უფრო იშვიათად მინდოდა, იმ პერიოდის გახსენება, როცა არასრულფასოვნების კომპლექსი მართავდა ჩემს ცხოვრებას, ამიტომ თითქოს ბევრი რამ დამავიწყდა თუ დავივიწყე. ახლა კი, როცა სულ მალე თვითონ უნდა გავხდე მშობელი, ვცდილობ, ყველაფერი დავიწყებული, ტკბილიც და მწარეც, ისე ცხადად და ხელშესახებად წარმოვიდგინო, რომ ყველაფერი ძველებური სიმძაფრით შევიგრძნო. ერთი რამ ზუსტად ვიცი, ბავშვობა სულაც არაა იოლი რამ _ ეს ,,უდარდელობის ხანასთან” ერთად, იმ ტკივილების და შიშების განცდის პერიოდიცაა, რომლებთან გამკლავებასაც მთელი შემდეგი ცხოვრება სწავლობ.

ყველაზე მეტად მაშინ სამი რამ მიყვარდა: ბებია, ,,პრიანიკები” (შეგნებულად არ ვწერ მის ქართულ შესატყვის ,,თაფლაკვერს”, რომელიც სრულებით არაფრისმთქმელია ახლა ჩემთვის) და წიგნები. ხანდახან, ზაფხულობით, ხდებოდა ისეც, რომ შვიდის ნახევარზე ჭიშკარს სამსახურიდან დაბრუნებული, ლამაზი და გამოწყობილი ბებიაჩემი მოადგებოდა, ჩანთიდან ბუთხუზა და უგემრიელეს ,,პრიანიკებს” ამოიღებდა და სამ-ოთხ საბავშვო წიგნსაც მოაყოლებდა. ეს იყო პირველი გამოცდილება იმისა, რომ ცხოვრება შეიძლება იყოს უხინჯო დღესასწაული.
მაშინ გავიგე პრივილეგიის გემოც: ბებიაჩემი პატარა რაიონის საბავშვო ბიბლიოთეკაში მუშაობდა და თუ სხვა ბავშვებს მხოლოდ ერთი-ორი წიგნი შეეძლოთ წაეღოთ შინ და თან დროზე უნდა დაებრუნებინათ, მე შემეძლო დილით ბებიას გავყოლოდი სამსახურში, შევსულიყავი წიგნსაცავში, სადაც მანამდე 32 ზომა ფეხსაცმლით არავის გაევლო და დავკარგულიყავი იქ, ვიდრე ბებოს ჩემი სადილი არ გაახსენდებოდა, მერე თუ რამის წაკითხვას ვერ დავასრულებდი, სახლში მომქონდა, რამდენი ხნითაც მინდოდა, რამდენჯერაც გამიხარდებოდა, ვკითხულობდი და უკან ბებო აბრუნებდა. ერთადერთი შეზღუდვა იყო, რომ  წიგნის თბილისში წაღება არ შეიძლებოდა, ამიტომ ზაფხულის მიწურულამდე ყველა წიგნი უნდა დამესრულებინა.

როცა ბებო პენსიაში გავიდა, ბიბლიოთეკამ აჩუქა სამი წიგნი: მონტეირუ ლობატუს ,,ყვითელი კოდალას ორდენი”, ერიხ კესტნერის ,,ტყუპთა ოინები” და ნიკოლოზ დუბოვის ,,ობოლი” _ ეს სამი წიგნი იყო, რომელსაც ყოველ ზაფხულს ყველაზე ხშირად ვითხოვდი ხოლმე. ისე, მუდამ ეკლექტიკური გემოვნების მკითხველი ვიყავი.

როცა ბებიები პენსიაში გადიან, შვილიშვილებს ინტერესები ეცვლებათ _ რასაკვირველია, იცვლებოდნენ წიგნებიც, მაგრამ არ იცვლებოდა ერთი რამ: აგვისტოში ახალ წიგნებს აღარ ვკითხულობდი, აგვისტო გახდა სოფელში წასვლისა და იქ ძველი, საყვარელი წიგნების გადაკითხვის თვე, საყვარელ წიგნებს ყოველ წელს ემატებოდა რამდენიმე ახალი, მაგრამ აკლდებოდა კიდეც, თან მე ყოველ წელს უფრო და უფრო სწრაფად კითხვას ვსწავლობდი და ვასწრებდი: ,,ყვითელი კოდალას ორდენს” დაემატა ,,გრაფი მონტე-კრისტო”, მერე ,,შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი” (სულ მინდა, არ მახსოვდეს, რომელი ამბავი როგორ მთავრდება), მერე ჯეკ ლონდონის ,,მარტინ იდენი”,  ნაირა გელაშვილის ,,სერსო”, მერე ,,ანა კარენინა”, მერე ,,ჯადოსნური მთის” I ტომი, ლიოსას ,,დეიდა ხულია” _ ყველას არ ჩამოვთვლი, ბოლო აკორდი ბორის ვიანის ,,დღეთა ქაფი” იყო. ამის შემდეგ, ალბათ, ძალიან იშვიათად თუ დაემატება რამე… ახლაც, როცა ჩემგან ბევრად უფრო გონივრული საქციელი იქნება, აგვისტოში თავისუფალი დრო უფრო პრაქტიკული მიზნით გამოვიყენო, მე ამ რიტუალის ერთგული ვარ.

საერთოდ, პრაქტიკულობა და რაციონალურობა მეტად პირობითი ცნებებია: ეგებ ,,აგვისტოს რიტუალი” ძალიანაც რაციონალური რამაა _ ეს ხომ ის წიგნებია, რომლებმაც მე ,,მედ” მაქცია და მე ყოველ წელს ვიმეორებ თვითგანვითარების გზას _ ვიხსენებ, რომელი წიგნის რომელმა მონაკვეთმა რა თვისება შემძინა, რისკენ მიბიძგა ცხოვრებაში. ამ წიგნებით ვიხსენებ რა გზა გავიარე და იმასაც ვიხსენებ _ ვინ ვარ, რადგან, თუ ცოტა ხანს არ შევჩერდით, შეიძლება ცხოვრების სწრაფმა დინამიკამ თანდათან დაგვავიწყოს ვინ გვინდოდა ვყოფილიყავით. 

ეს წერილი მოსწავლეებისთვისაა, პატარა ადამიანებისთვის, რომლებიც მშობლებს და მასწავლებლებს ძალიან უყვართ, მაგრამ რომლებიც მშობლებსა და მასწავლებლებზე უკეთ იცნობენ საკუთარ თავს და ინტუიციით გრძნობენ, ვინ არიან სინამდვილეში და როგორ უნდა გაუხსნან გზა საკუთარ მისწრაფებებს. იმედი მაქვს, ჩემი მომავალი შვილისთვისაც ვწერ ამას. ჩემს თავზე საუბრის უფლებას კი ის მაძლევს, რომ აღარ მრცხვენია ჩემს თავზე გულწრფელად საუბარი.

დატვირთული გრაფიკი თანდათან გვართმევს თვითშემეცნების დროს, ასე თავზესაყრელად, ლამის შემაწუხებლად ბევრი რომ გვქონდა ბავშვობაში, მან ჯერ აგვისტო დამიტოვა, ახლა უკვე აგვისტოს ბოლო კვირა, რომ ბებიაჩემის ჭიშკარს მივადგე, მივუტანო ,,პრიანიკები”, ოღონდ წიგნები _ არა, რამე მისთვის უფრო საჭირო, ხოლო მეორე დღეს, ნასაუზმევს, როცა გულს დავაჯერებ, რომ ცხოვრება უხინჯო დღესასწაულია, ავიდე მეორე სართულზე წიგნების დიდ, დამტვერილ კარადასთან, გადმოვიღო ,,შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი” _ დიდი, დამტვერილი ტომი, ტვინში მსუბუქი მოძრაობით გადავკეტო ის სივრცე, რომელშიც ამ ამბების დასასრული ინახება და ვიოცნებო საკუთარ თავზე მომავალში ან უკვე მხოლოდ საკუთარ თავზეც აღარ.

ციფრული ვნება

0

კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა მოზარდისთვის უსაფრთხო რომ არ არის, ალბათ ყველა დაგვეთანხმება, თუმცა არც ისეა საქმე, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. რა თქმა უნდა, კომპიუტერის ეკრანს აქვს გამოსხივება, რომელიც მხედველობაზე უარყოფითად მოქმედებს, თანაც კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ ადამიანი გადაღლილობას გრძნობს, მაგრამ არც იმის უარყოფა იქნებოდა მართებული, რომ კომპიუტერსა და მის ზეგავლენის შესახებ ბევრი რამ მითია. ჩვენ რამდენიმე სპეციალისტის დახმარებით შევეცდებით იმის გარკვევას, რეალურად რამდენად მავნეა კომპიუტერი ადამიანის ჯანმრთელობისთვის, პირველესად კი მხედველობის სისტემისთვის.

ოფთალმოლოგი ნანა ქებაძე: კომპიუტერიზაციის პირველსავე წლებში აშკარა გახდა, რომ კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობის შედეგად თავს იჩენს მხედველობის სიტემის გადაღლილობა. ამ ფაქტორს მოგვიანებით პირობითად მხედველობითი კომპიუტერული სინდრომი ეწოდა. ამ სინდრომის წარმოშობის მიზეზი სხვადასხვა რამაა. საქმე ს არის, რომ დისპლეის გამოსახულება მკვეთრად განსხვავდება თვალისთვის ჩვეული აღქმის ობიექტებისგან ის ანათებს, შედგება დისკრეტული წერტილებისგან, რომლებიც გარკვეული სიხშირით ქრება და ინთება. გარდა ამისა, არც ფერები შეესაბამება ბუნებრივს.

მაგრამ მხოლოდ ეს არ იწვევს მხედველობის სისტემის გადაღლას. კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობისას თვალს განტვირთვის საშუალება არ აქვს. ამის გამო თავისთავად იძაბება მხედველობა და იკლებს მისი ქმედობაუნარიანობა. თვალი ყველაზე მეტად მაშინ იტვირთება, როცა კომპიუტერში ინფორმაცია შეგვყავს. ამ დროს იძულებული ვართ, ხშირად გადაიტანომზერა ეკრანიდან ტექსტზე და ტექსტიდან კლავიატურაზე, რომლებიც ერთმანეთისგან სხვადასხვა მანძილითაა დაშორებული და, ბუნებრივია, სხვადასხვანაირადაა განათებული. ამიტომ მე, როგორც ექიმი, ადამიანებს, რომლებსაც დიდხანს უწევთ კომპიუტერთან მუშაობა, ვურჩევ, დროდადრო მოშორდნენ მონიტორს., მზერა სხვა რამეზე გადაიტანონ, თვალი დაასვენონ და მხოლოდ ამის შემდეგ განაგრძონ მუშაობა“.

 

ექიმფსიქოთერაპევტი ეკა ზოიძე: დღეს კომპიუტერების შესახებ უამრავი მითი არსებობს, ამიტომ დამკვიდრებულია მცდარი წარმოდგენა, თითქოს კომპიუტერი ადამიანის ჯანმრთელობაყოველმხრივ ვნებდეს. ასე არ არის. უდავოა, რომ კომპიუტერი გარკვეულწილად მავნებელია ჯანმრთელობისთვის, მაგრამ არა ისე, როგორც ზოგიერთი სპეციალისტი ირწმუნება. შევეცდები, მოკლედ ჩამოვაყალიბო კომპიუტერის დადებითი და უარყოფითი მხარეები:

 

მითი #1: „კომპიუტერს აქვს გონება, რომლის საშუალებითაც ადამიანზე ზემოქმედება შეუძლი

სინამდვილეში ყველაზე ინტელექტუალურ კომპიუტერსაც კი არა აქვს იმაზე მეტი გონება, ვიდრე ადამიანს სჭირდება კონსტრუქტორის ასაწყობად. კომპიუტერი იმ პროგრამის მიხედვით მუშაობს, რომელიც შექმნა, ამიტომ მისი გონიერებისმტკიცება მხოლოდ ფანტასტიკური ჟანრის მწერლებს თუ მიეტევებათ. ერთ დროს ადამიანურ თვისებებს ავტომობილებსა და თვითმფრინვებსაც აწერდნენ, მაგრამ გავიდა დრო და აშკარა გახდა, რომ არც ერთნი და არც მეორენი საკუთარი ინიციატივით გაგიჟებას არ აპირებდნენ. იგივე შეიძლება ითქვს კომპიუტერის შესახებაც. ფაქტია, რომ მანქანებს ადამიანები ჭკუიდან არ გადაჰყავთ. პირიქით, ის, ვისაც არაადეკვატური წარმოდგენა აქვსამყაროზე, კომპიუტერთან უფრო ადვილად პოულობსაერთო ენას, ვიდრე ადამიანებთან.

 

მითი #2. კომპიუტერი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას

 

მართალია, კომპიუტერის მონიტორს აქვს გამოსხივება, მაგრამ არა თხევადკრისტალურ, ბრტყელ მონიტორებსა და ნოუთბუქებს. რაც შეეხება ჩვეულებრივ მონიტორებს, ისინი ელექტრომაგნიტური, დაბალი სიხშირის გამოსხივების წყაროდ ითვლება, თუმცა მათი გამოსხივება არ აღემატება ტელევიზორისას. მონიტორი რენტგენული, ინფრაწითელი, ულტრაიისფერი გამოსხივების წყაროცაა, მაგრამ მისი რენტგენული გამოსხივების დონე გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ბუნებრივი რადიაციული ფონი, ხოლო მონიტორისგან მიღებული ულტრაიისფერი და ინფრაწითელი სხივების რაოდენობა ელექტრონათურებთან შედარებით სათვალავშიკი არ არის ჩასაგდები. ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა შიშს დიდი თვალები აქვს. ამ თვალსაზრისით შესაძლოა საშიში გახდეს ძველი, 7-8 წლის წინ გამოშვებული მონიტორები. მაგრამ ამ შემთხვევაშიც შესაძლებელია დამცავი ეკრანის შეძენა.

კომპიუტერთან ხანგრძლივ მუშაობას მხედველობისთვის შედარებით მეტი ზიანის მიყენება შეუძლია (თუმცა არა იმაზე მეტისა, ვიდრე ტელევიზორს).

კიდევ ერთი ზიანი, რაც კომპიუტერმა შეიძლება იაყენოს ადამიანს, ცხოვრების უმოძრაო წესია. დაძაბული ინტელექტუალური მუშობის დროს ტვინი ხშირად ითხოვს ტკბილეულს და თუ კომპიუტერთან მუშაობისას ინტენსიურად იღებთ მას, მალე ჭარბ წონა შეგაწუხებთ.

კომპიუტერულ ვირუსებხომ საერთოდ არ არის საშიში ადამიანისთვის. დიდი-დიდი, მათ გამო მრავალწლიანი მუშაობის შედეგები წაგვეშოს და ამის გამო ინფრქტი დაგვემართოს…

 

მითი #3. კომპიუტერი განსაკუთრებით მავნეა ბავშვებისთვის, ამიტომ რაც გვიან გაეცნობა ბავშვი მას, მით უკეთესი

 

კომპიუტერის გამო ბავშვს თანატოლებთან ურთიერთობა უჭირს“, ეს არის მთავარი არგუმენტი, რის გამოც მშობლებს არ სურთ ბავშვის კომპიუტერთან ურთიერთობა. სინამდვილეში ისინი ერთმანეთში ურევენ მიზეზებსა და შედეგებს. ფაქტია, რომ კომპიუტერი თავისთავად ურთიერთობებზე გავლენას არ ახდენს. თუ ბავშვს თავიდანვე უჭირდათანატოლებთან ურთიერთობა, მას კომპიუტერთან ურთიერთობა უფრო გაუადვილდება. ამიტომ მშობლებმა პირველესად შვილის ჩაკეტილობის მიზეზები უნდა ეძებონ. რაკი ბავშვი თანატოლებთან ურთიერთობას კომპიუტერთან ჯდომას ამჯობინებს, ესე იგი მას პრობლემები აქვს და ამიტომაც იკეტება საკუთარ, ვირტუალურ მიკროსამყაროში.

 

მითი #4. კომპიუტერული თამაშებ ადამიანში სისასტიკეს აღვივებს

 

მართალია, კომპიუტერყველაზე ნაკლებად შეიძლება ეწოდოს სათამაშო საშუალება, მაგრამ არც მთლად ამისობაა. კომპიუტერული თამაშების ირგვლივაც დიდი აჟიოტაჟია ატეხილი, მაგრამ რეალურად მათ სარგებლობის მოტანაც შეუძლიათ, თუ, რაღა თქმა უნდა, სწორად შევარჩევთ.

უდავოა, რომ ბავშვი რაღაცით უნდა გაერთოს. ბავშვთამაშის ისეთივე მოთხოვნილება აქვს, როგორ შიმშილის ან წყურვილისა. ეს ისთვის სამყაროს შეცნობის ძირითადი საშუალებაა. უფროსები ყველანაირად ცდილობენ, მოახდინონ თამაშების კლასიფიკაცია და გაარკვიონ, რომელი თამაშებია საჭირო გოგონებისთვის და რომელი ბიჭებისთვის, ამიტომ ხშირად მკაცრი ვერდიქტი გამოაქვთ: ესა თუ ის თამაში ნარკოტიკია. ის იმდენად ითრევს ბავშვს, რომ მას აღარ შესწევს უნარი, იცხოვროს ნორმალური ცხოვრებით. თუმცა აქაც ყველაფერი თამაშსა და ბავშვის პიროვნებაზედამოკიდებული.

 

თამაშები გოგონებისა და ბიჭებისათვის

 

მშობლების უმრავლესობა თვალყურს ადევნებს, რომ გოგნამ არ ითამაშოს ომობანა, ბიჭი კი თოჯინებით არ გაერთოსმათ ხომ გაგონიათ, რომ თამაში ბავშვის ფსიქიკის ფორმირებას ახდენს. მაგრამ ასეთი სიფრთხილე გამართლებლია. ბავშვმა დაბადებისთანავე სულაც არ იცის, ბიჭია ის თუ გოგონა. ხანდახან ბიჭები თოჯინით თამაშობენ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მათ სქესობრივ იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით პრობლემები აქვთ. საფრთხე რეალურად სხვა რამ არის: თუ გოგონა ბიჭთან ერთად ომობანა არ ითამაშ, ის ვერ გაუგებს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს. ბიჭსაც გაუჭირდება ქალებთან ურთიერთობაარა ინტიმური, არამედ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით.

იგივე შეიძლება ითქვას კომპიუტერულ თამაშებზე. არ გეგონოთ, რომელიმე კონკრეტულ თამაშს ან თავად კომპიუტერს ვუწევდე რეკლამას. მხოლოდ მცდარი წარმოდგენის გაბათილება მინდა.

კომპიუტერული თამაშები გარკვეული კუთხით სასრგებლოცაა. მაგალითად, „ენქაუნთერის” თამაშის დროს ბავშვი სწავლობს მიზანში სროლას, ფიქრო, შეიმუშავებ გარკვეულ სტრატეგია. იმას არ ვგულისხმობ, რომ რელურ ცხოვრებაშიც უნდა აიღოს იარაღი. უბრალოდ, ამ დროს გონებრივად ვითარდება.

 

თუმცა არც იმის უარყოფა შეიძლება, რომ კომპიუტერულთამაშებგარკვეული დოზით ნარკოტიკია“. კომპიუტერიც ისეთსავე ფსიქოლოგიურ დამიკიდებულებას იწვევს, როგორსაც, მაგალითად, ჰეროინი, ამიტომ მშობელმა თვალყური უნდა ადევნოს, რომ ბავშვი ზედმეტად არ გაიტაცოს თამაშებმა.

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...