სამშაბათი, ივლისი 29, 2025
29 ივლისი, სამშაბათი, 2025

სიმულაციების გამოყენება ზოგიერთი მათემატიკური კონცეფციის გასააზრებლად

0

ექსპონენციალური ფუნქციები მათემატიკის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. ის გამოიყენება   ბევრ რეალურ სიტუაციაში, როგორიცაა ფინანსები, მოსახლეობის ზრდა, რადიოაქტიური დაშლა, ვირუსების გავრცელება და სხვა. წინა სტატიაში ჩვენ ამ რეალური მაგალითების მოდელირება გავაკეთეთ ფორმულის / ფუნქციის განტოლების სახით, თუმცა ეს ზოგჯერ საკმარისი არაა, საჭიროა მათი ვიზუალური „ფერწერული“ გამოხასვა. ექსპონენციალური ზრდის ან ექსპონენციალური დაშლის, მოდელირება ექსპონენციალური ფუნქციის გრაფიკით მძლავრი ინსტრუმენტია რეალურ სამყაროში არსებული სიტუაციის აღწერისა და პროგნოზირებისათვის.

გაგიზიაროთ მე-11 კლაში დაგეგმილი გაკვეთილის ზოგიერთი აქტივობა, მაჩვენებლიანი ფუნქციის გრაფიკისა და მისი თვისებების გასაცნობად.

ალგებრა  და კანონზომიერება

თემატური ბლოკი

მოდელირება ტექნოლოგიებისა და სიმულაციების მეშვეობით.

თემა: შესაბამისობა,  გრაფიკი, დამოკიდებულება, ფუნქცია

 

სამიზნე ცნება:

მათემატიკური მოდელი

ფუნქცია/ფუნქციის გრაფიკი

კანონზომიერება

შესაბამისობა, მიმართება

ლოგიკა

მსჯელობა

საკითხი: მაჩვენებლიანი ფუნქცია.

 

მიზანი:  მოსწავლეები შეძლებენ მათემატიკური ცნებების გააზრებას, ცნებებს შორის ლოგიკურ მიმართებათა გარკვევას;  მაჩვენებლიანი ფუნქციის გრაფიკის აგებას ტექნოლოგიების გამოყენებით. განუვითარდებათ  კვლევის განხორციელებისას კომპიუტერული სიმულაციების გამოყენების, ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის უნარები

მისაღწევი შედეგი სტანდარტის მიხედვით

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა https://mes.gov.ge/content.php?id=3929&lang=geo
  2. მათემატიკის გზამკვლები მე-11 კლასი. შედგენილი ქეთი ცერცვაძის მიერ, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში. https://math.ge/metertmete/
  3. მათემატიკური წიგნიერება. ალგებრა. მე-9 თავი ავტორი: ქეთევან ცერცვაძე, ევგენი გუგულაშვილი https://drive.google.com/file/d/1ZDQasUQZh8rrdP3RNu_qfj4qUb9jijUm/view

 

 

ფილმი, როგორც სასწავლო რესურსი  გეოგრაფიაში

0

გეოგრაფიაში სხვადასხვა საკითხების სწავლებისას მნიშვნელოვანია  სასწავლო რესურსად ფილმების გამოყენება. რაც არის შესანიშნავი საშუალება მოსწავლეების ინტერესის გაძლიერების და სხვადასხვა თემის უკეთ გააზრებისთვის. განსაკუთრებით აქტუალურია ვიზუალური მასალების გამოყენება ბიომების შესწავლისას.

ბიომების სწავლება მულტიმედია რესურსების გამოყენებით არის ინოვაციური და ეფექტური მიდგომა, რომელიც ხელს უწყობს  საკითხის უკეთ აღქმას, მოსწავლეთა მეხსიერების გაუმჯობესებას, ემოციური ჩართულობის ზრდას და გლობალური პერსპექტივის გააზრებას. ვიზუალური და აუდიტორული სტიმულები ეხმარება მოსწავლეებს უკეთ გაიგონ და დაიმახსოვრონ ინფორმაცია, რაც საბოლოოდ ზრდის სწავლების ეფექტიანობას.

  1. “Planet Earth” (BBC)

ეს დოკუმენტური სერია, რომელიც წარმოადგენილია დევიდ ატენბოროს მიერ, მოიცავს დედამიწის სხვადასხვა ბიომებსა და ეკოსისტემებს. სერია აჩვენებს ცხოველების ცხოვრების ციკლს და მათ ადაპტაციას გარემოში. იგი განსაკუთრებით გამოსადეგია ბიომების და ბიომრავალფეროვნების დაცვის თემების გასაგებად.

  1. “An Inconvenient Truth”

ეს დოკუმენტური ფილმი ალ გორის მიერ შექმნილია და განიხილავს კლიმატის ცვლილების პრობლემებს. ფილმი კარგად ასახავს გარემოს დაცვის და დაბინძურების პრობლემებს, რაც მოსწავლეებს დაეხმარება გლობალური დათბობისა და მისი შედეგების უკეთ გაგებაში.

  1. “Chasing Ice”

ეს დოკუმენტური ფილმი მოგვითხრობს ჯეიმს ბალოგის ექსპედიციაზე, რომელიც იკვლევს გლობალური დათბობის შედეგებს მყინვარებზე. ფილმი უჩვენებს ფოტოებს და ვიდეოებს, რომლებიც აღბეჭდავს მყინვარების დნობას და კლიმატის ცვლილების ეფექტებს.

  1. “The 11th Hour”

ლეონარდო დიკაპრიოს მიერ შექმნილი დოკუმენტური ფილმი, რომელიც განიხილავს გარემოს დაცვის პრობლემებს, როგორიცაა გლობალური დათბობა, ხეების გაჩეხვა და წყლის რესურსების დეფიციტი. ფილმი აჩვენებს, როგორია კაცობრიობის ზემოქმედება ბუნებაზე და რას შეიძლება გავაკეთოთ მის დასაცავად.

  1. “Our Planet” (Netflix)

ეს დოკუმენტური სერია, რომელიც ასევე დევიდ ატენბოროს მიერ არის წარმოდგენილი, აჩვენებს მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში არსებულ ბუნებრივ გარემოს და ბიომებს. სერია მოიცავს ოკეანეებს, უდაბნოებს, ტუნდრას და ტროპიკულ ტყეებს.

  1. “Before the Flood”

ლეონარდო დიკაპრიოს დოკუმენტური ფილმი, რომელიც განიხილავს კლიმატის ცვლილების პრობლემებს და როგორ მოქმედებს ეს პრობლემა ადამიანებზე და ბუნებაზე. ფილმი აჩვენებს გლობალური დათბობის შედეგებს და მოითხოვს მოქმედებას მის შესაჩერებლად.

  1. “The Lorax” (2012)

ეს ანიმაციური ფილმი, რომელიც ეფუძნება დოქტორ სიუსის წიგნს, მოსწავლეებს აცნობს ეკოლოგიის თემებსა და გარემოს დაცვის მნიშვნელობას. ფილმი უჩვენებს, როგორ მოქმედებს ინდუსტრიული საქმიანობა ბუნებაზე და რას შეიძლება გავაკეთოთ გარემოს დასაცავად.

  1. “March of the Penguins”

ეს დოკუმენტური ფილმი აღწერს იმპერატორ პინგვინების ცხოვრებას და მათ რთულ გარემოში გადარჩენის უნარს. ფილმი მოსწავლეებს აცნობს ანტარქტიკის ბიომს და ცხოველების ადაპტაციის პროცესს.

  1. “Blue Planet II” (BBC)

ეს სერია, რომელიც ასევე დევიდ ატენბოროს მიერ არის წარმოდგენილი, აჩვენებს ოკეანეების და ზღვის ბიომების ცხოვრების უნიკალურობას. სერია ასახავს ზღვის ცხოველების ცხოვრებას და ზღვის ეკოსისტემების სირთულეებს.

  1. “Wall-E”

ეს ანიმაციური ფილმი პიქსარის სტუდიის მიერ შეიქმნა და მომავალში ცხოვრებას აჩვენებს, სადაც დედამიწა დაბინძურებულია და დაღუპულია. ფილმი მოსწავლეებს აჩვენებს დაბინძურების შედეგებს და გარემოს დაცვის მნიშვნელობას.

ფილმების გამოყენების უპირატესობები ბიომების სწავლებაში

1. ვიზუალური აღქმა და მეხსიერების გაუმჯობესება

ფილმები ვიზუალურ და აუდიტორულ სტიმულებს აერთიანებს, რაც ხელს უწყობს ინფორმაციის უკეთ დამახსოვრებას. ვიზუალური მასალები, როგორიცაა დოკუმენტური ფილმები და ანიმაციები, აშკარად აჩვენებს ბიომების გეოგრაფიულ განლაგებას, კლიმატურ პირობებს და ეკოსისტემების ურთიერთობას. ვიზუალური მედია ეხმარება მოსწავლეებს უკეთ გააცნობიერონ და გაიაზრონ ისეთი კონცეფციები, რომლებიც მხოლოდ ტექსტური ინფორმაციისგან შეიძლება რთულად გასაგები იყოს .

2. ემოციური ჩართულობა

ფილმები ემოციურად ჩართულობის მაღალი დონით გამოირჩევიან. ისინი იწვევს ემოციურ რეაქციებს, რაც ხელს უწყობს ინფორმაციის უფრო ღრმად დამახსოვრებას და გააზრებას. მაგალითად, დოკუმენტური ფილმები, რომლებიც აჩვენებს ბიომების დაცვის აუცილებლობას და კლიმატის ცვლილების შედეგებს, შეიძლება შთააგონონ მოსწავლეებს და გაზარდონ მათი მოტივაცია გარემოს დაცვისკენ .

3. სხვადასხვა სასწავლო სტილის მხარდაჭერა

სწავლების პროცესში მოსწავლეების განსხვავებული სასწავლო სტილების გათვალისწინება მნიშვნელოვანია. ზოგი მოსწავლე უკეთ სწავლობს ვიზუალური მასალების გამოყენებით, ზოგი – აუდიტორულად. ფილმების გამოყენება სწავლებაში ეხმარება ყველა ტიპის მოსწავლეს, რათა მათ უკეთ გაიგონ და დაიმახსოვრონ ინფორმაცია. აუდიოვიზუალური მასალა აერთიანებს ტექსტურ, ვიზუალურ და აუდიო სტიმულებს, რაც ხელს უწყობს მოსწავლეების მრავალფეროვანი საჭიროებების დაკმაყოფილებას .

4. გლობალური პერსპექტივის მიწოდება

ბიომების სწავლება ფილმების გამოყენებით მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, გაიაზრონ გლობალური პერსპექტივა და გარემოს გლობალური პრობლემები. ფილმები, რომლებიც აჩვენებს სხვადასხვა ბიომების მდგომარეობას და მათ პრობლემებს, ეხმარება მოსწავლეებს, უკეთ გაიგონ, როგორ არის დაკავშირებული ბუნება და როგორ მოქმედებს გლობალური კლიმატის ცვლილება სხვადასხვა ბიომებზე .

ბიომების შესახებ ფილმის “Planet Earth”  ნახვა და  მასზე დაყრდნობით პრეზენტაციის მომზადება

მიზნები:

  1. მოსწავლეების ინფორმირებულობის ამაღლება ბიომების შესახებ.
  2. გუნდური მუშაობის უნარების განვითარება.
  3. პრეზენტაციის და კომუნიკაციის უნარების გაძლიერება.

ინსტრუქციები:

      1. ჯგუფებად დაყოფა:

მოსწავლეები დაყავი 4-5 კაციან ჯგუფებად. თითოეულ ჯგუფს მივეცი დავალება, მოამზადონ პრეზენტაცია კონკრეტული ბიომის შესახებ, რომელიც ფილმში “Planet Earth” ნაჩვენებია.

https://mykadri.tv/1529-bbc-planet-earth-jungles.html

2. ბიომების არჩევა:

თითოეული ჯგუფი აირჩევს ერთ კონკრეტულ ბიომს ფილმიდან, როგორიცაა:

  • ტროპიკული ტყე
  • სავანა
  • უდაბნო
  • ტუნდრა
  • ტყის ბიომი
  • მარჯნის რიფები

3.მოსამზადებელი პრეზენტაციის შინაარსი:

        • გეოგრაფიული მდებარეობა: აღწერონ ბიომის გეოგრაფიული მდებარეობა და მოიყვანონ მსოფლიო რუკა.
        • კლიმატი: ახსნან ბიომის კლიმატური პირობები, ტემპერატურის დიაპაზონი და ნალექების რაოდენობა.
        • ფლორა და ფაუნა: აღწერონ, რა სახის მცენარეები და ცხოველები ბინადრობენ ამ ბიომში.
        • ეკოლოგიური პრობლემები: განიხილონ ბიომის ეკოლოგიური პრობლემები, მაგალითად, კლიმატის ცვლილება, ადამიანის მოქმედება, დეგრადაცია და მათი გადაჭრის გზები.

4.პრეზენტაციის ფორმატი:

          • სლაიდები: თითოეულ ჯგუფს უნდა ჰქონდეს მინიმუმ 10 სლაიდი, რომელიც შინაარსის მიხედვით იქნება დაყოფილი.
          • ვიზუალური მასალა: გამოიყენონ სურათები, გრაფიკები, რუკები და სხვა ვიზუალური მასალა ინფორმაციის უკეთ გადასაცემად.
          • დამოწმება: მითითებული უნდა იყოს წყაროები, საიდანაც მიღებულია ინფორმაცია.

5.დროის მართვა:

            • ჯგუფებს მიეცემათ 1 კვირა პროექტის მომზადებისთვის.
            • თითოეული პრეზენტაცია არ უნდა იყოს 10 წუთზე ნაკლები და 15 წუთზე მეტი.

EPA – Environmental Protection Agency

WWF – World Wildlife Fund

National Geographic – Environmental Issues

ამ ლინკებზე მოცემულია   დამატებითი ინფორმაცია და რესურსები, რომლებიც დაეხმარებათ მოსწავლეებს უფრო ღრმად გააანალიზონ სხვადასხვა სახის დაბინძურების ზემოქმედება ბიომებზე და ცოცხალ არსებებზე.

პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა SOLO ტაქსონომიით:

 

დონე აღწერა შეფასების კრიტერიუმები
პრესტრუქტურული დონე

1-2

ჯგუფი ვერ აჩვენებს ბიომის ძირითად მახასიათებლებს. ინფორმაციის ნაკლებობა, არ არის განხილული გეოგრაფია, კლიმატი, ფლორა და ფაუნა.
უნისტრუქტურული  დონე

3-4

ჯგუფი აღწერს ბიომის ერთ მახასიათებელს. წარმოდგენილია ერთი მარტივი სეგმენტი ბიომის შესახებ (მაგალითად, მხოლოდ გეოგრაფია ან კლიმატი).
მულტისტრუქტურული დონის

5-6

ჯგუფი აღწერს რამდენიმე მახასიათებელს, მაგრამ მათ შორის კავშირი არ არის სრულდ აღწერილი და გაანალიზებული. წარმოდგენილია რამდენიმე მახასიათებელი (მაგალითად, გეოგრაფია და კლიმატი), მაგრამ სრულფასოვნად არ არის აღწერილი კავშირი მათ შორის.
მიმართებითი დონე

7-8

ჯგუფი აერთიანებს სხვადასხვა მახასიათებლებს და ქმნის კავშირებს. წარმოდგენილია ყველა მნიშვნელოვანი ასპექტი (გეოგრაფია, კლიმატი, ფლორა და ფაუნა) და გაანალიზებულია  კავშირები მათ შორის.
გაფართოებული აბსტრაქტული დონე

9-10

ჯგუფი აკეთებს ღრმა ანალიზს და აფასებს ბიომის ეკოლოგიურ პრობლემებს და გვთავაზობს გადაჭრის გზებს. წარმოდგენილია ღრმა ანალიზი, გლობალური და ლოკალური პრობლემების შესახებ. აფასებს ბიომის ეკოლოგიურ პრობლემებს და გვთავაზობს გადაჭრის გზებს.

ეს აქტივობა ეხმარება მოსწავლეებს, ღრმად შეისწავლონ და გააცნობიერონ ბიომების მრავალფეროვნება და მათთან დაკავშირებული ეკოლოგიური პრობლემები. SOLO ტაქსონომიის რუბრიკა უზრუნველყოფს ობიექტურ და სისტემატურ შეფასებას, რაც ხელს უწყობს მოსწავლეების პროგრესის მონიტორინგს.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. National Geographic. (2020). The Importance of Visual Learning in Education. National Geographic Education.
  2. Smith, J. (2018). Visual Learning: Engaging Students with Effective Visuals. Journal of Educational Technology.
  3. Brown, A. (2017). Emotional Engagement in Learning: The Role of Media. Educational Psychology Review.
  4. Gardner, H. (1999). Intelligence Reframed: Multiple Intelligences for the 21st Century. Basic Books.
  5. WWF. (2021). Global Environmental Issues and Their Impact on Biomes. World Wildlife Fund Report.
  6. BBC Earth. (2006). Planet Earth. BBC Earth.
  7. Gore, A. (2006). An Inconvenient Truth. Paramount Classics.
  8. Attenborough, D. (2019). Our Planet. Netflix.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

პროექტი – ჩემი თვალით დანახული ფიროსმანი

0

პროექტი „ჩემი თვალით დანახული ფიროსმანი“ მოიცავდა – მოსწავლეებისთვის  ნიკო ფიროსმანის შემოქმედების გაცნობას, მოსწავლეების მიერ ფიროსმანის სტილში ნახატების შექმნას, მოწვეული მხატვრის დავით გუა/დავით ბაძაღუას მასტერკლასს და გამოფენის მოწყობას. ეს პროექტი მიმართულია 1-3 კლასის მოსწავლეების მხატვრული უნარების განვითარებაზე და ქართული ხელოვნების ისტორიის გაცნობაზე.

პროექტი გულისხმობს მუშაობას შემდეგ ქვეცნებებზე: ელემენტები: ხაზი; ფერი (ძირითადი, კონტრასტული); შუქ-ჩრდილი; ფაქტურა; ფონისა და გამოსახულების ურთიერთმიმართება.პრინციპები: კომპოზიციური განაწილება, ხედვის წერტილი.დარგები: დაზგური ფერწერა.ჟანრები: პეიზაჟი, ყოფითი და სხვ.ტექნიკა: ფერწერა.ეპოქა/მიმდინარეობა/სტილი: მე-XX საუკუნის ქართული ხელოვნება

მიზნები:

  • ნიკო ფიროსმანის შემოქმედების გაცნობა.
  • ფიროსმანის სტილში ხატვის უნარების განვითარება.
  • შემოქმედებითი აზროვნების წახალისება.
  • მოსწავლეების მოტივაციის ამაღლება ხელოვნებაში.
  • ნამუშევრების გამოფენის ორგანიზება.

აქტივობები და ეტაპები:

  1. ნიკო ფიროსმანის  შემოქმედების გაცნობა:
    • ლექცია და პრეზენტაცია ნიკო ფიროსმანის ცხოვრების და შემოქმედების შესახებ.
    • ფიროსმანის ცნობილი ნახატების ჩვენება და განხილვა.
    • ფიროსმანის ხატვის სტილის ანალიზი და განხილვა.
    • მხატვრული ტექნიკის შესწავლა:
    • ნახატების დეტალების ყურადღების ცენტრში მოქცევა: ფერთა პალიტრა, ფორმები, თემატიკა.
  2. მოსწავლეების ხატვა ფიროსმანის სტილში:
    • ინდივიდუალური მუშაობა და ჯგუფური აქტივობები.
    • თითოეული მოსწავლის მიერ ნამუშევრის შექმნა ფიროსმანის სტილში.
  3. მასტერკლასი მოწვეული მხატვრისგან:
    • პროფესიონალი მხატვრის მოწვევა, რომელიც მოსწავლეებს ფიროსმანის ტექნიკაზე და სტილზე უკეთესად აუხსნის.
    • პრაქტიკული გაკვეთილი და მოსწავლეების მიერ შექმნილი ნამუშევრების განხილვა.
  4. გამოფენის მოწყობა:
    • მოსწავლეების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა სკოლის ან სხვა შესაბამის სივრცეში.
    • გამოფენის გახსნა და მოსწავლეების ნამუშევრების პრეზენტაცია მშობლებისა და სხვა სტუმრების წინაშე.

საჭირო მასალები:

  • ფერწერის მასალები (ფანქრები, ფუნჯები, აკვარელის ან აკრილის ფერები).
  • ფურცლები და ტილოები ხატვისთვის.
  • კომპიუტერი და პროექტორი პრეზენტაციისთვის.
  • გამოფენის მოწყობისთვის საჭირო აქსესუარები (ჩარჩოები, სტენდები).

შეფასების კრიტერიუმები:

  • მოსწავლეების ჩართულობა და აქტიურობა.
  • ფიროსმანის სტილში ნახატების ხარისხი.
  • შემოქმედებითი აზროვნების გამოვლენა.
  • ჯგუფური მუშაობის უნარები.
  • ნამუშევრების პრეზენტაციის უნარები.

მოსალოდნელი შედეგები:

  • მოსწავლეების უფრო ღრმა ცოდნა ნიკო ფიროსმანის შემოქმედების შესახებ.
  • გაძლიერებული მხატვრული უნარები და ტექნიკები.
  • შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარება.
  • ნამუშევრების პრეზენტაციის და გამოფენის ორგანიზების გამოცდილება.

SOLO ტაქსონომიით შეფასების რუბრიკა პროექტისთვისჩემი თვალით დანახული ფიროსმანი

დონე კრიტერიუმები განმარტება
Prestructural პროექტის დასაწყისი და ჩართულობა მოსწავლე ჯერ კიდევ არ არის ჩართული და არ გააჩნია ინფორმაცია ფიროსმანის შესახებ. არ ჩანს პროექტის მიმართ ინტერესი.
Unistructural ფიროსმანის შესახებ ინფორმაციის ცოდნა მოსწავლე იცის ფიროსმანის რამდენიმე ფაქტი, მაგრამ არ შეუძლია მათ შორის კავშირების შექმნა. მხოლოდ რამდენიმე ძირითადი ინფორმაციაა დაფიქსირებული.
Multistructural ფიროსმანის სტილის ანალიზი მოსწავლე ფლობს რამდენიმე ფაქტს ფიროსმანის შესახებ და შეუძლია რამდენიმე ელემენტის ანალიზი, მაგრამ არ შეუძლია მათი ურთიერთდაკავშირება.
Relational ფიროსმანის სტილში ნახატის შექმნა მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს სხვადასხვა ელემენტები ფიროსმანის სტილში, ანალიზი და ურთიერთდაკავშირება. მისი ნახატი ავლენს ფიროსმანის სტილის გარკვეულ მახასიათებლებს.
Extended Abstract შემოქმედებითი აზროვნებისა და ტექნიკის განვითარების უნარები მოსწავლე აქტიურად და შემოქმედებითად იყენებს ფიროსმანის სტილს საკუთარი ნამუშევრის შესაქმნელად. ახორციელებს ინოვაციებს და გამოფენის ორგანიზებაში ჩართულია აქტიურად.

რუბრიკა დაეხმარება მოსწავლეებს და მასწავლებლებს უკეთ გაიგონ შეფასების კრიტერიუმები და შესაძლებლობები, რათა პროექტის ყველა ეტაპზე  გაითვალისწინონ.

პროექტი „ჩემი თვალით დანახული ფიროსმანი“ ხელს შეუწყობს მოსწავლეების მხატვრული უნარების განვითარებას და ნიკო ფიროსმანის შემოქმედების ღრმა შესწავლას, რაც მათი შემოქმედებითი და კულტურული განვითარებისათვის მნიშვნელოვანია.

 

სიტყვები და მეტაფიზიკა

0

„და და-ვე-ჰბადა უფალმან ღმერთმან ყოველი მჴეცი ველისაჲ ყოველი მფრინველი ცისაჲ და მოიყვანნა იგინი ადამისა ხილვად და ყოველთა მშჳნვიერთა ცხოველთა, რომელიცა უწოდა ადამ, იგი არს სახელი მათი, რაჲძი უწოდოს მათ. და ყოველი, რომელი უწოდა მათ ადამ სახელები ყოველთა საცხოვართა და ყოველთა მფრინველთა ცისათა და ყოველთა მჴეცთა ქვეყანისათა, ხოლო ადამისი არა ეპოვა შემწე მსგავსი მისი“ (დაბადება, 2, 19-20).

ძველი აღთქმა გვაუწყებს, რომ ადამმა, ღმერთის დავალებით, ყველაფერს თავისი სახელი უწოდა. მაინც, რა უწოდა ადამმა თითოეულს? რა ენაზე? რომელი ენის ბუნება გაითვალისწინა? პასუხი ამ კითხვაზე, რა თქმა უნდა, არ გვაქვს.

სიტყვებსა და მათ მნიშვნელობებს ენის ბუნება განსაზღვრავს, ენის ბუნებას კი, თავის მხრივ, რაოდენ სტერეოტიპულადაც არ უნდა ჟღერდეს, ადამიანი და ეროვნება განაპირობებს. იმის მიხედვით, როგორია ბუნება ადამიანისა, ენა იცვლის დამოკიდებულებას სათქმელის მიმართ, ენა გამოხატავს თავისებურ ფილოსოფიას, თავისებურ ფსიქოტიპს. რასაკვირველია, არ ვგულისხმობ ფონეტიკურ ჟღერადობას სიტყვებში (თუმცა, ესეც საინტერესო და თავისთავადია), არამედ ვგულისხმობ სათქმელის მიმართ მთქმელის დამოკიდებულებას. მაგალითად, გავიხსენოთ ქართულ ლექსიკაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა „მადლობა“ – ის მადლს, მადლის ქმნას უკავშირდება და თითქოს, შენით კმაყოფილი ადამიანი გლოცავს ამ სიტყვით, შენ მიერ გაღებულს უკან ლოცვის, მადლის სახით გიბრუნებს. ამ მხრივ ქართული მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვა ენებისგან. როგორ ჟღერს ეს სიტყვა სხვა ენებში? რუსული გავიხსენოთ: спасибо, სიტყვა ხსნასთან ასოცირდება. სხვა ენებსაც რომ გადავხედოთ, ყველგან სპეციფიკური იქნება.

მისასალმებელი ლექსიკაც განსხვავებულია, თავისთავად. „გამარჯობა!“ – უკვე გამარჯვების სურვილს აღვიძებს, გამარჯვებაზე გვესაუბრება. ვიღაცისთვის პრიორიტეტული ჯანმრთელობაა (здравствуйте სწორედ ჯანმრთელობიდან მოდის), სხვისთვის – დიდება (ave), პატივი, ან, უბრალოდ, გამომაფხიზლებელი შეძახილი (hallo)…

აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ არის სიტყვები, რომლებიც მხოლოდ ჩვენ, ქართულად მოლაპარაკეებს გვესმის ზუსტად, ყბადაღებული „შემომეჭამასი“ არ იყოს… რომელი ენა შეძლებს, ზუსტად გადმოსცეს ეს მნიშვნელობა ერთი სიტყვით?

ან თუნდაც სიტყვა „ზეგ“ – ყველგან ასე იქნება: დღე ხვალის შემდეგ. ქართული ამ მხრივ გამონაკლისია.

სიტყვების გარდა, ხშირად ენაში ფორმებიც არის გამორჩეული. ასეთი ჩვენთვის მოთხრობითი ბრუნვის ფორმაა, რომელიც არც ერთ ენას არ აქვს მსოფლიოში, ქართველური ენებისა და ბასკურის გარდა…

განსაკუთრებული ემოციური მნიშვნელობის მატარებელია სიტყვები: „გენაცვალე“, „შენი ჭირიმე“, „შენ შემოგევლე“… ამ ფრაზებით და მათი ემოციური გამოხატულებით ალბათ უნიკალურია ქართული. ეს უნიკალურობა, რასაკვირველია, მხოლოდ ჩვენს ენას არ აქვს. ყველა განსხვავდება ერთმანეთისგან და სწორედ იმის თქმა მინდა, რომ ესაა უნიკოდი, რომელიც ყოველ ენას განსაკუთრებულს ხდის, რომელიც ყველა ენას თავის ადგილს მიუჩენს სხვა ენათა შორის, თორემ ჩვენ სულაც არ ვიცით, რომელ ენაზე დაარქვა პირველყოფილმა ადამიანმა ყველაფერს თავისი სახელი, ან, ზოსიმეს თქმისა არ იყოს, რომელ ენაზე ამხელს კაცობრიობას ღმერთი განკითხვის დღეს.

 

ვარსკვლავებს დამსგავსებული ნაჭამი კვერცხის ნამცეცები

0

(ანრი ბერგსონი – „მატერია და მეხსიერება“/გი დე მოპასანი „ფუნთუშა“)

 ყველანაირი დისციპლინისა თუ საგნის არსი ცხოვრების ხედვის კუთხეა. ყველგან, ყველა რაობაში, ცხოვრება მოედინება. ფილოსოფია იმდენად მიყვარს, რომ რელიგიაც მასთან მიმართებითაა ჩემთვის უფრო გასაგები და ჩემი უძვირფასესი პროფესიაც – ლიტერატურაც. მოდი, ამჯერად ავიღოთ მსგავსი კონცეფციები სამყაროს ფილოსოფიურ-ლიტერატურული „გაშლით“.

ანრი ბერგსონის ეს გამოკვლევა სხეულისა და სულის ურთიერთმიმართებაზეა ანუ უმთავრესი საკითხისა ფილოსოფიაში. ფილოსოფოსი ამ შემთხვევაშიც ყოფიერების სიღრმეებში გონით წიაღსვლებს მიმართავს, მიუხედავად იმისა, რომ მისი კვლევა ასე ჰგავს სამეცნიეროს, – ესაა სხეულის ცნების ირგვლივ ტრიალი, მატერიის რეალისტური და იდეალისტური თეორიების შედარება მათ შორის არსებული განსხვავებებისა და ურთიერთკავშირის მექანიზმებზე. ასე მივადგებითო მეტაფიზიკის უზოგადეს პრობლემებს. ხოლო გზამკვლევი ამ შემთხვევაში შეიძლება ფსიქოლოგია იყოსო…

სწორია კი ის მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, ჩვენს აზროვნებას დაუძლეველი მიდრეკილება აქვს საკუთარი კონცეფციების რეალობად ქცევისკენ, ოცნებების „გამატერიალურების“ ანუ ამოქმედებისკენ. ეს სულსა და სხეულს შორის კავშირია თუ წინააღმდეგობა?!

სად არის სულისა და მატერიის შეხების წერტილები? როგორ აღმოვჩნდეთ „იქ“? „ამგვარად განსაზღვრული ფილოსოფია შეგნებული და გააზრებული შემობრუნებაა ინტუიციის მონაცემებისკენ“ (79). ეს კი რაციონალურიდან „გადახვევაა“ აშკარადო, ბერგსონმა…

ჩვენი წარმოდგენები არჩევენ სახეებს. როგორია სხეულის – რომელიც სამყაროს აღიქვამს ხუთი გრძნობით – როლი ამ მხრივ? ჩვენ განვიხილავთ იმ პირობებს, რომლებშიც ეს გრძნობები ჩნდება. თითქმის ყოველი გრძნობათაგანი შეიცავს მოქმედებისკენ სხეულის გამოწვევას და, „ამასთანავე, მოლოდინისა და თვით უმოქმედობის ნებართვასაც“ (80). აქ ნაკლებადაა ძალდატანება, რომელიც არჩევანს გამოხატავს. თუმცა როცა სხეულის მოქმედება ხდება ავტომატური, ის ცნობიერებასთან კავშირს აღარ საჭიროებს.

ჩვენი ნერვული სისტემის ცენტრალური მოძრაობები სხეულს გადააადგილებს, ეს კი ქმნის, წარმოშობს წარმოდგენას გარეგანი სამყაროს შესახებ; ტვინია მატერიალური სამყაროს ნაწილი და არა პირიქით – მატერიალური სამყარო ტვინის ნაწილი (თუმცა ზოგი ფილოსოფოსი ამტკიცებს, რომ სამყარო ისაა, რაც ჩემშია. როცა აღარ ვიქნები, არც ეს სამყარო იქნებაო). „მატერიალური სამყაროს მთლიანობაში ჩემი სხეული ის სახეა, რომელიც სხვა სახეთა მსგავსად მოქმედებს, იღებს და გადასცემს მოძრაობას, შესაძლოა, იმ ერთადერთი განსხვავებით, რომ ჩემი სხეული, გარკვეულწილად, თითქოს ირჩევს მიღებულის გადაცემის წესს“ (83).

ჩემი სხეული – საგანი, რომელიც განკუთვნილია სხვა საგანთა მოძრაობაში მოსაყვანად – მხოლოდ მოქმედების ცენტრია და ის ვერ წარმოშობს წარმოდგენებს. თუმცა უკვე მივადექით „მაგრამს“ – თუ წარმოვიდგენთ, რომ სკალპელის რამდენიმე მოძრაობით გადაიჭრება ზოგიერთი სისხლძარღვოვანი კონა: სამყაროს და თვით ჩემი სხეულის დანარჩენი ნაწილი დარჩება ის, რაც იყო. ცვლილება თითქოს უმნიშვნელოა, სინამდვილეში კი სავსებით ქრება მთელი „ჩემი აღქმა“. სამყაროსეულ სახეებს ჩვენ თავისა და ზურგის ტვინის ნერვული უჯრედებით აღვიქვამთ. ცენტრალური ნერვების გადაჭრას მოჰყვება ტვინში იმ მოძრაობათა გადაცემის შეწყვეტა, რომლებსაც ეს პერიფერიები აპროვოცირებს. ანუ ჩემს სხეულს აღარ შეეძლება გარემოზე, საგნებზე ზემოქმედება.

ეს – რაც შეეხება მოქმედებას.

მაგრამ ჩემი აღქმაც ხომ ქრება? ანუ სკალპელმა მოახდინა ჩემში მატერიალური სამყაროს ცვლილება; მეორე მხრივ, ის, რაც გაქრა, მატერიის „ჩემეული აღქმაა“. გამოდის, აქ ორი მოცემულობაა: მატერია და მატერიის აღქმა – ერთიანობაში!

ახლა – რაც შეეხება წარმოდგენებს: რომ შევცვალოთ საგნები, მათი მიმართება ჩემი სხეულისადმი, ყოველივე შეიცვლება არა მარტო „ჩემი აღსაქმელი ცენტრალური წერტილების შინაგან მოძრაობებში, არამედ ყოველივე შეიცვლება „ჩემს აღქმაშიც“. ეს კი ნიშნავს, რომ მე მარტო ჩემი ტვინის ნივთიერებების მოლეკულურ მოძრაობებს კი არ წარმოვადგენ, არამედ ამ მოლეკულურ მოძრაობებში შეიძლება ისეთი რამის დანახვაც, რაც მხოლოდ მატერიალური სამყაროს ანალოგია არ არის, მას ბევრად აღემატება, მისგან განსხვავებული ბუნებისაა და ქმნის წარმოდგენებს, რომლებიც ჭეშმარიტი სასწაულის გზით გვევლინება.

ამ კვლევების გაგრძელებამ შესაძლოა მიგვიყვანოს ეგზისტენციალიზმთან, პერსონალურ კონცეფციებთან, ფროიდთან, ჰაიდეგერთან, შელესთან და ა.შ. მაგრამ ამაზე – სხვა დროს…

მოდი, ახლა ადამიანის სხეულსა და ჭკუაზე დაკვირვება გადავიტანოთ ლიტერატურაში და გავაანალიზოთ სხეულებრივისა და სულიერის სინთეზურობა, ურთიერთჩაწნეხილობა, ერთმანეთში გადადინება გი დე მოპასანის „ფუნთუშას“ მიხედვით.

გაგახსენებთ კონტექსტს ამ ნოველისა: ფრანგები დამარცხდნენ პრუსიელებთან და ფრანგი მოსახლეობის ერთი, საკმაოდ ჭრელი ნაწილი განერიდება ერთ ადგილს და მიემგზავრება მეორისკენ დილიჟანსით. ზემოთქმული კონცეფციიდან გამომდინარე, საინტერესოდ მოგვეჩვენება მწერლის საოცრად რეალისტური და ვიზუალურის მიღმა არსის დამნახავი მახვილი მზერა მგზავრი მონაზვნების აღწერისას: „ერთი მოხუცი იყო და სახე დაკენკილი ჰქონდა ყავილისგან, თითქო ვიღაცას საფანტით გატენილი თოფი მიბჯენილად შიგ სახეში უსვრიაო. მეორეს, ძალზე მიკნავებულს, ლამაზი და ავადმყოფური სახე ჰქონდა, გულმკერდი – ჩავარდნილი და ჭლექიანი, დახრული იმ სარწმუნოებისგან, რომელიც მოწამეებსა და ფანატიკოსებს წარმოშობს ხოლმე“ (17). ეს სარკაზმი არ არის გასაკვირი, თუ გავიხსნებთ, რომ გი ძალიან მოუთოკავი ცხოვრების წესით ცხოვრობდა, დიდად მორწმუნეც არ იყო ალბათ ან სულაც გარკვევას ცდილობდა იმ უდიდეს საიდუმლოში, ღმერთს რომ უწოდებს ადამიანთა მოდგმა. თუმცა ეს სკეპტიციზმი მოპასანს სიცოცხლის ბოლოს უფრო გაუძლიერდა, რაც მისმა სულიერმა დაავადებამ, ცალკე გენეტიკით, ცალკე კი ათაშანგით გამოწვეულმა, გადაულახავ უფსკრულად აქცია – მან, ავადმყოფმა, დაძაბუნებულმა და ალბათ სასოწარკვეთილმაც, ღმერთი „დუელში“ გამოწვია.

აი, როგორ აღწერს ცნობილი მექალთანე გი დე მოპასანი მსუბუქი ყოფაქცევის ფუნთუშას პორტრეტს (მან ხომ ასე ბევრი იცოდა მსგავსი ტიპის ქალებზე): „ადრეულად დამსხვილებულიყო და იმიტომ მეტსახელად ფუნთუშას ეძახდნენ. პატარა ტანისა იყო, ჩამრგვალებული, ჩასუქებული; ფუნთუშა თითები, სახსრებთან ჩაჭერილები, მოკლე ძეხვების ასხმას მიუგავდა. ხორცის კანი მოლაპლაპე და დაჭიმული ჰქონდა, უშველებელი გულმკერდი ტანისამოსში არ ეტეოდა. მაინც იმის წყალობით, რომ ქორფა იყო, კაცს მისი ყურება ესიამოვნებოდა, მადას უღვიძებდა, პირზე ნერწყვს მოადენდა. მისი სახე ჰგავდა თურაშაულ ვაშლს, გასაშლელად გამზადებულ იორდასალამის ყვავილის კოკორს; შიგ ესხდა ორი მშვენიერი, ყუყასავით შავი თვალი, დაჩრდილულ, გრძელ და სქელწამწამებიანი, რომლებიც შიგ ჩრდილს აყენებდა; თვალებს ქვემოთ მოსდევდა მომხიბვლელი პირი, კოპწია, ნამიანი, საკოცნელი, მიჯრით მიწყობილი პაწაწუნა და თვალისმომჭრელ სითეთრის კბილებიანი…“ ჩვენ წინაშეა ხორციელი სილამაზე ამ ქალისა, თუმცა სული ყოველთვის მეტს არ ამბობს ადამიანზე?!

ფუნთუშა პატრიოტია, იგი ნაწარმოებში არა მარტო ვიწრო სოციალურ ფენას, არამედ სამშობლოსაც წარმოადგენს, თანაც სხვებზე გაცილებით ღირსეულად! „უთხარით ამ საზიზღარს, ამ ბინძურს, ამ პრუსიელ ლეშს, რომ თავის დღეში არ ვიზამ, გაიგონე, თავის დღეში!“ არადა, წარმოსადეგ პრუსიელ ოფიცერს ყველა ქალს შორის ის მოეწონება და დაადგამს თვალს. ეს ქალი მტერთან ლოგინის გაზიარებას არასდროს იკადრებდა, რომ არა გარემოებანი. სხვა მედილიჟანსეები, რომლებიც გზაში ყოვნდებიან ქალის სიჯიუტის გამო, თითქოს ემდურებიან ფუნთუშას – „რატომ არ ინახულა ჩუმად პრუსიელი და სახათაბალოდ რად გაუხადა თავის თანამგზავრებს საქმე. იმაზე ადვილი, რაღა უნდა ყოფილიყო და ან ვინ გაიგებდა რასმე? შეეძლო ეთქვა ოფიცრისთვის, ისინი მეცოდებიან და ამიტომ დავყევი თქვენს ნებასო, და ამით თავის გასამართლებელი საბუთი ექნებოდა. მერე ოფიცერთან დაწოლით რა უნდა დაშავებოდაო“ (49). რომელს აქვს ღირსება, რომელიც აქვს ფუნთუშას?! ქალისთვის ეს მსხვერპლია, მათთვის – ირონიული გასართობი, საქონელივით „ცოხნა“ ცინიზმისა, რომლითაც ფუნთუშას წინააღმდეგ შეთქმულება „გააჩაღეს“.

ფუნთუშას სოფელ ივტოში გლეხებისთვის აღსაზრდელად მიბარებული შვილი ჰყავს, რომელსაც წელიწადში ერთხელ ნახულობს.

„- რა კარგია ზოგჯერ ლოცვა!“ – სევდიანად ეიფორიულია ნათლობიდან დაბრუნებული ფუნთუშა.

„შეთქმულები“ კი რა გზას არ მიმართავენ ქალის გადასაბირებლად: მოუყვანენ მაგალითად ივდითსა თუ კლეოპატრას, არც წმინდანთა ცხოვრებები ავიწყდებათ, რომლებსაც ეკლესიამ ადვილად შეუნდო ცოდვები, მოყვასის საკეთილოდ ჩადენილი, რამეთუ ბრძოლის ველად სხეული აქციეს, რადგან ის გახდა საშუალება მტრის დამორჩილებისა.

მიზანი ამართლებს ყოველგვარ საშუალებას! – ასეთია ბევრ მეძავზე გარყვნილი საზოგადოებრივი მორალი, ადამიანური სამართლის „ჭრა-კერვა“. ასე განმარტავენ ღვთის განგებას მრავალნი ადამიანური მერკანტილიზმით, „ისეთ საქმესაც რომ მოახვევენ ხოლმე თავს ზეციერს, რაც მას სრულებითაც არ ეკითხებოდა“ (59). არადა, მონაზვნებიც, კაცო, მონაზვნებიც ცოდვისკენ, ღირსებაზე უარის თქმისკენ მოუწოდებენ ადამიანს, ღმერთმა საკუთარ ხატად რომ შექმნა… და მიაღწევენ თავისას – საბრალო ქალს აცდუნებენ.

„- ყველას უნდა მოგახსენოთ, რომ თქვენ საძაგლობა ჩაიდინეთ!“ (64) – ამბობს ერთ-ერთი მგზავრი.

აი, როგორაა დახატული გი დე მოპასანთან ნათლისა და ბნელის, სულიერისა და მატერიალურის, მშვენიერისა და მდორეს შერწყმა; განზრახ გვაჩვენებს ამას მწერლის გენიალური კალამი: „თეთრი მტრედების მთელი გუნდი, მოქურუხებულები, ვარდისფერთვალებიანნი, შუაგულში შავი წინწკლები რომ ესხათ, მძიმე-მძიმედ მიდი-მოდიოდნენ ექვსი ცხენის ფერხთქვეშ, მათს აორთქლებულ მჩორესა ჰქექდნენ და შიგ საკენკს ეძებდნენ“ (66).

ეს საზოგადოება კი, რომელიც ფუნთუშას მსხვერპლის წყალობით ისევ გაუდგება გზას, მას ახლოს აღარ იკარებს – „თითქოს თავის კაბებით რამე გადამდები სენი მოეტანოსო“. მონაზვნებსაც კი ეს ჰგონიათ ქრისტიანობა, თუმცა ღმერთი, უბრალოდ, არ ტყუვდება – „მონაზვნებმა ქამარზე დაკიდებული კრიალოსანი ხელში დაიჭირეს, ორივემ ერთად პირჯვარი გამოისახეს და ერთბაშად ტუჩები ააცმაცუნეს, მერე უფრო და უფრო აუჩქარეს და მოუხშირეს რაღაც ჩურჩულს, როგორც წირვაზე მღვდელთან ერთად ლოცვის დროს იცოდნენ ხოლმე, ჟამ-და-ჟამ პატარა ხატს ჰკოცნიდნენ, ხელახლა პირჯვარს ისახავდნენ და მერე ისევ განაგრძობდნენ ჩქარ და გაგრძელებულ ბუტბუტს“ (68). ხატის კოცნა კარგია, მაგრამ იქვე გვერდით ღვთის ხატს რომ ვერ გრძნობ, თვალებზე ლიბრგადაკრულივით, მის ტანჯვა-ვაებას, ეს სულიერი სიჩლუნგეა სწორედ და მზერის სიბლაგვე, როცა ხედავ სხეულს და გიჭირს მის მიღმა სულის ამოცნობა.

მოპასანმა კარგად გვაჩვენა ადამიანის მიწიერი, ბნელი ბუნების ზეობა, ჩვენი „მგლობა“ უფრო, ვიდრე „კრავობა“. მტრედების ეპიზოდისა არ იყოს, იქვე, დილიჟანსის მგზავრთა ტრაპეზის აღწერისას, ხაზგასმულია ადამიანის სხეულის წარმავალ-ხრწნადობა, ჟამისჟამად სულსაც რომ რყვნის, როგორც წესი… ასეთი სულმდაბალი ადამიანური აგრესია თუ ამბიცია ხან რელიგიას არის ამოფარებული, ხან – კლასობრივ წოდებას, ხანაც – ქონებრივ მდგომარეობას, ანუ ესაა მაინც „ძალა აღმართს ხნავს“ ფილსოფია.

ტირის ფუნთუშა, ტირის კაბირია, ტირის გრიგოლ ხანძთელის „დედაკაცი სიძვისაჲ“ და „მაღალგანვითარებული საზოგადოება“ (აი, ის, მარიტასთვის ქვისა და ტალახის სასროლად პირველი რომ დაიხრება) ამაზე ზიზღით „ღაღადებს“, ეს სირცხვილის ცრემლებიაო. არადა, ბევრი მეძავი სწორედ ამ საზოგადოების უნიათობის გამოა „საშოვარზე“ გასული, ქალობადაკარგული, მის მიერ ცოდვისკენ ნაბიძგები, როგორც მოპასანთან. „პატიოსან არამზადებს“ უწოდებს მათ ჩემი დიდებული გი. ხალხს, რომელსაც, დამშეულს, ფუნთუშამ დაუნანებლად უწილადა ხვავიანი საგზალი.

ფუნთუშას რაც შეეხება, მან იცის ის მთავარი (დოჩანაშვილისეული „გრიშა და მთავარი“), რაც ბევრმა არ იცის – ჩვენი სიცოცხლე სხვა არაფერია, თუ არა ეს „საგზლის გაზიარება“. ამის დაგროვებით მიგვყვება იმქვეყნიური „საგზალიც“.

…არადა, ეს ცრემლები აგორებულ გუნდასავითაა, სამყაროს წამლეკავი ტკივილების სიღრმით, „წუთისოფლის წყევლა-კრულვიანი საკითხავით“…

როგორც თქვა პოეტმა:

 

მიმღერე შენი უკუღმართი იავნანა, შვების სიმღერა

მათთვის, ვინც მხოლოდ დილისპირზე ბრუნდება სახლში

და ვიდრე ღამე მზის სხივებით არ აიმღვრევა –

ვერ შელევია მის წმინდა და სევდიან ნახშირს.

ვინც უკეთესი ვერაფერი ვერ შეძლო, ვიდრე

ღამის ხიდიდან ჯოჯოხეთში ვარდნაა; და ვინც

მზის პირველ სხივებს, როგორც ფილმის მოსაწყენ ტიტრებს,

ისე აჰყურებს. ვისაც სძულს და ვერა თმობს მაინც

თუნდაც ერთ წარსულს, უმახინჯესს.

ჰოდა მიმღერე შენი ხმამწარე იავნანა – მათთვის, ვინც ღმერთზე

მხოლოდ ის იცის, რომ ახლოა, და ვერ იყენებს

მისკენ მიმავალ ვერცერთ რწმენას, არადა ეძებს.

მიმღერე შენი იავნანა, მიმღერე შენი

კანონგარეშე იავნანა მათთვის, ვინც ახლა

ღამენათევი და ნათრევი მიიწევს ქშენით

ცივი სახლისაკენ; იმისაკენ, რასაც ჯერ სახლად

ნათლავს და სჯერა, რომ იქ მაინც დახვდება სითბო,

რომელიც თუნდაც მხოლოდ სხეულს სჭირდება ჯერაც;

სჯერა, რომ სიკვდილს და სიყვარულს რაც უფრო ითმენ,

მით უფრო მშვიდად დაიძინებ. რატომღაც სჯერა.

(იმღერე მისთვის, ვინც თავისი ნახა საფლავი

და თითქმის გული აუჩუყა წარწერამ ნიშში.

სახლებს ანგრევენ, ზღვებს აშრობენ, ტყეებს კაფავენ,

მან კი ვერაფრით მოიკვეთა სიკვდილის შიში.)

 

მიმღერე შენი იავნანა, შვების სიმღერა

მისთვის, ვინც ლიფტის წითელ ღილაკს დილითღა აჭერს

და მერე სამჯერ წარმოიდგენს, როგორ იღება

ლიფტის კარი და ვიღაც როგორ დაახლის სამჯერ

სახეში ტყვიას. ვინც საკუთარ გასისხლულ სახეს

და აყმუვლებულ ჭირისუფალ ძაღლებსღა ფიქრობს,

როცა კანკალით დილისპირზე სახლის კარს აღებს

და გაუხდელად მიეგდება; და რათა იკლოს

ძილგამძლე ფიქრმა, ყვავილს ხატავს ბალიშზე თითით

ან წარმოიდგენს, რომ დალია აბი საძილე,

ან თავზე საბანს წაიფარებს, ან კიდევ ითვლის,

ან ცდილობს, თავი მოუყაროს ლექსის ნაწილებს

და გრძნობს, რომ სისხლი თვალებიდან აღარ იღვრება.

აღარც ცრემლები. მხოლოდ შიში, დაღლა და შიში.

მიმღერე შენი უკუღმართი იავნანა, შვების სიმღერა

მათთვის, ვინც მხოლოდ დილისპირზე ეფლობა ძილში.

(ზვიად რატიანი)

 

 

ციტატები წიგნებიდან:

. ლარი, N1, „ხელოვნება“, 1991

. გი დე მოპასანი „ფუნთუშა“, გამომცემლობა „პალიტრა“, 2020

 

 

ფეხბურთის საქმე

0

ათასგვარად შეიძლება გაიხსენო, თუ რას ნიშნავს საქართველოსთვის ფეხბურთი – ბევრია ასეთი მოგონება და კადრი – მხატვრულიც, ნამდვილიც და მითიურიც.

არის ეს მსოფლიოში ფეხბურთზე გადაღებულ საუკეთესო ფილმის ფინალში (მარტო ის ღირს საამბოდ, ქალმა რომ შექმნა ,,პირველი მერცხალი”) მოტყუებული ფოთელი ფეხბურთელების სიმღერა თუ სხვა სურათში, იპოლიტე-ფეოლას უნებლიე მწვრთნელობა და მღელვარება.

არის ეს უიმედო რიგები ბილეთისთვის სტადიონზე მოხვედრის მოსურნე ჯიბის ქურდებით, საზარელი იმადგაცრუბისთვის რომ წირავდნენ ბილეთშეძენილ პატიოსან მოქალაქეებს თუ მესხისტი ორბილეთიანები, რომლებიც საგანგებოდ ყიდულობდნენ ორ საშვს ორივე კარის უკან და ტაიმებს შორის გადაინაცვლებდნენ, იმის მიხედვით, თუ საით უტევდა მიშა მესხი – ზოგი ამბობს, ტყუილია ორი ბილეთის ამბავი, ერთსაც ძლივს იშოვიდი, უბრალოდ გადაჯგუფდებოდნენ და ერთ სკამს ორი იყოფდაო, მაგრამ ორივე ლეგენდა ლამაზია – ტყუილიც და მართალიც.

არის ეს ყიფიანის კისერზე გაყინული ბურთი თასების თასის ფინალში თუ გაბელიას მოულოდნელად გადაწერილი პირჯვარი გადამწყვეტი პენალტისას.

არის ეს მიკერძოებული მსაჯის მოსაკლავად აზვირთებული სამოციათასი გულშემატკივარი სტადიონზე, 1977 წლის 23 ივლისს, ,,დინამოს” და ,,ზარიას” შეხვედრისას და ხალხის დასაშოშმინებლად მინდორზე გასული ცეკას პირველი მდივანი ედუარდ შევარდნაძე თუ 1981 წლის ტრიუმფი და ადამიანებით სავსე თბილისის ქუჩები, როცა მოსისხლე მტრებიც კი ერთმანეთს კოცნიდნენ და ულოცავდნენ.

დემიკო ლოლაძის მოცახცახე ხელით გადაღებული საოცარი ფოტოები ამავე ფინალიდან თუ ერთი ფოტო, ქართული ფეხბურთის პატრიარქის, ანდრო ჟორდანიასი, როცა სახურავგადახდილ მანქანაში ფეხზე მდგარი ისეთი ამაყი სიხარულით იმზირება, თითქოს, ნოე ჟორდანიას ძმისშვილობის გამო, ყოველწუთიერად თავს ბოლშევიკური ტერორის აჩრდილი არ დასტრიალდება.

გენიალური ეროსი მანჯგალაძის მიერ წაყვანილი რადიო-რეპორტაჟები, რომელიც ცალკე, ტრაგი–კომიკურ მონო-სპექტაკლად ღირდა თუ გენიალურივე მწვრთნელის, ნოდარ ახალკაცის თითქოს აუღელვებელი სახე და იშვიათი ბოლთის ცემა გატანილი გოლებისას, თითქოს სიხარულის გამხელა ერიდებაო.

პანტიანის მინდორი, სადაც ფეხბურთის ტელე-სიგნალთან ერთად, ქართველები წლების წინ უგზო-უკვლოდ გაფრენილ თავისუფლებასაც იჭერდნენ. შეულამაზებელს, ზუსტს და აუცილებელს. ეს იყო ამ ამბავის მთავარი მაგია და არსი. ეს არის ალბათ ფეხბურთის უმთავრესი ძალაც.

ოთხმოცდაათიანების უნიჭიერესი და უიღბლო თაობა, საგანგებოდ დატენილ აკუმულატორზე შეერთებულ პატარა ,,კორფუჯებში” რომ ვამხნევებდით. გვეგონა, რომ ესმოდათ. და მგონი – ესმოდათ კიდეც.

არავინ იცის. ალბათ ყველა ერთად და ცალცალკე.

ჩემს ბავშობაში საბჭოთა კავშირი უკვე დანგრეული იყო, მაგრამ ფეხბურთის ყურება მაინც რთული საქმე გახლდათ. ჯერ ხომ ელექტროენერგიის უქონლობის გამო, დიდწილად ფეხბურთს უფრო ვკითხულობდით – ,,სარბიელში’’ თუ სხვა რომელიმე გაზეთში. მომისმენია ტრანსლაცია ტელევიზორიდან, რომელსაც გამოსახულება აღარ ჰქონდა – ეს რადიო-რეპორტაჟს როდი ჰგავს – აბა, რა იცის კომენტატორმა, რომ სადღაც დასავლეთ საქართველოში, ზის ერთი ბიჭი და რასაც უნდა უყურებდეს, იმას აყურადებს. ვწევარ და თვალდახუჭული საკუთარ ბავშვობას ვსუნთქავ. ვსუნთქავ და ეს სუნი მახსენებს იმ ღამეებსაც, რომელთაც ვათევდით, ლიბერტადორესის თასის მატჩები რომ გვენახა. უბრალოდ ფეხბურთის ცქერა გვინდოდა და იმიტომ, თორემ იმ კლუბებისა დიდი არაფერი გაგვეგებოდა, ვერც უმეტეს ფეხბურთელს ვცნობდით, მაგრამ გამთენიისას ხომ ბედნიერს გვეძინებოდა – მეორე დღეს ამბავი იყო მოსაყოლი.

ახლა საცქერელი და მოსაყოლი მეტი გვაქვს. თან სულ ჩვენზე და ჩვენებზე.

////

საავადმყოფოში, გარდაცვალებამდე ასე კვირით ადრე მამაჩემმა მითხრა, ევროპის ჩემპიონატს ახალ, დიდ ტელევიზორში ვნახავთო. თქვენ იცით, რა არის ახალი, დიდი ტელევიზორი? გაგიმხლეთ: მე და მამაჩემმა ერთ მსოფლიოს და ერთ ევროპის თამაშებს ვუყურეთ ერთად პირველად ისეთ ტელევიზორში, თავში რომ უნდა ჩაგერტყა და ციმციმი ათი წუთით ჩერდებოდა. სახელად ,,ჰორიზონტი’’ ერქვა. სიმბოლური კი იყო ეს სახელი. კარგად აჩვენებდა იმდროინდელი ჰორიზონტის ახლო საზღვარს, თუმცა მაშინ ასეთი დასაზღვრულობაც მიხაროდა.

ბავშვობა უმიზეზო სიხარულების დროა და იქ მთავრდება, სადაც სიხარულის მიზეზებს ეძებ. სადაც ხვდები, რომ საზღვარი არ არსებობს, ყველა სიხარული გეცოტავება და ახალს ითხოვ. ამიტომაც ყველა სხვა ასაკში უბედურების განცდა ჭარბობს.

ეს იქით იყოს და მეორე ტელევიზორი უკვე ფერადი გახლდათ, ოღონდ ხშირად დასაბომბი ეკრანით. ფერები ადვილად ბაცდებოდა და ამ საკითხის ოზურგეთელი ოსტატი, რაღაც ხელსაწყოს ადებდა და გეფიცებით, ამუქებდა. დაბომბვა უწოდებდენ ამ ალქიმიას. მგონი ,,ტაურასი’’ ერქვა. მგონი არა, ნაღდად. შუა ჩემპიონატისას, ერთ-ერთ ასეთ დაბომბვას ემსხვერპლა. მერე ჩემი ზაფხულები ოზურგეთს აცდა. იმ წელს კიდევ ახალ, დიდი ტელევიზორში უნდა გვეყურებინა. მაგრამ უკვე ხომ გითხარით – ბავშვობა დამთავრდა. ბავშობის მერე ძნელია ასეთი ამბების მოხერხება.

ახლა რომ ამბავს გიყვებით, ეს არ მომიყოლია. მაშინ სტუდენტი ვარ და სხვადასხვაგან ვათევ. მეგობართან, ნათესავთან და ხან სასულიერო აკადემიის საერთო საცხოვრებელშიც კი. ამ საცხოვრებელში ჩემი მამიდაშვილი, გელა ცხოვრობს. გელა იმიტომ ცხოვრობს, რომ აკადემიის სტუდენტია. მე იმიტომ, რომ გელას ბიძაშვილი ვარ.

უკვე ზაფხულია და სწავლა მორჩა. სტუდენტები და ლოგინები ერთდორულად გათავისუფლდნენ და მეც წამოვწექი ერთ–ერთ მათგანზე. ხის ლოგინი ჭრელი და ცხელი ,,ადიალათი’’. თავთან ხატები მეკიდა და პატარა რადიო. ხელის რადიო. ასე ეძახდნენ. უკვე ზაფხულია და წესით გურიაში უნდა წავიდე. მეც ხომ არდადეგები მაქვს და თან მსოფლიო ჩემპიონატი იწყება. მამაჩემს დავპირდი, ერთად ვუყუროთ მეთქი. ზამთარში რომ ვიყავი, მაშინ. გაუხარდა. ძალიან, ძალიან გაუხარდა. ისე, რომ შეტრიალდა და რადგან შეტრიალდა, ესე იგი თვალებში ცრემლი იგრძნო. მორცხვი კაცების ამბავია. ნაცნობი. კი, კი უეჭველი ჩამოვალ მეთქი.

უკვე ზაფხულია და შარდენზე გოგოები დასეირნობენ. თან ცალი თვალით გოგოებს დავსდევ, ცალით განცხადებებს ვკითხულობ სამსახურზე, ცალი ყურით გელასგან დოგმატიკის ამბებს ვისმენ, ცალით ცნობებს ფეხბურთელების ჯანმრთლობის შესახებ. ვფიქრობ, იმ საშინელ ტელევიზორში ყურებას, იმ კიდევ უფრო საშინელ მოწყენილობაში ალბათ ჯობს, რომ აქ დავრჩე. თან რამე სამსახურსაც მოვძებნი, თან ვინმე გოგოსაც გავიცნობ, თან ფეხბურთსაც ვუყურებ. უფრო კარგ ტელევიზორში.

ამ ტელევიზორის საქმეც უცნაურად იყო, ისე როგორც ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში. აჩვენებდა და ხმა არ ჰქონდა. ამ ხელის რადიოს ვრთავდით და რადიოში ვუსმენდით და ტელევიზორში ვუყურებდით. მაგრამ ხარისხი იყო უკეთესი და თან სასულიეროს ბიჭებიც გადასარევი ხალხი, ყველა სხავადასხვანაირი და ახლაც განსხვავებული გზის გამყოლი, მაგრამ მართლა ყველა გადასარევი. ვინც იმ ოთახში ცხოვრობდა. ჰოდა, ალბათ ასე ღიად ვერ ვფიქრობდი, მრცხვენოდა საკუთარი თავის, მაგრამ მაინც მათთან ერთად ყურება მერჩივნა და მხიარულება. ჰოდა, დავრჩი.

ჩავედი აგვისტოში. ვერც სამსახური ვიშოვე და ვერაფერი. გოგოების ამბავი კარგად არ მახსოვს და რადგან არ მახსოვს, ალბათ მანდაც ვერაფერი. მამაჩემი ბოსტანში მუშაობდა. რაფერ ხარ და ამბავი. ჩვეულებრივი კითხვები. ველოდები, როდის მკითხავს, რატომ არ ჩავედი. ველოდები. მინდა, რომ მკითხოს. არაფერს ამბობს. ვერც მე. აგრძელებს პამიდვრების აკონვას. დახრილი. ძალიან, ძალიან მინდა, რომ მკითხოს, ისე რომ გული გამისკდება სადაცაა.

არ არსებობს ასეთ დუმილზე უფრო საშინელი, გირჩევნია, გლანძღოს და გაძაგოს დაუსრულებლად. მამაჩემი კი დახრილია და მუშაობს. მუშაობს. მუშაობს. მამაჩემი, მამაშენი და მამამისი. ისინი ოდესღაც ოცნებოდნენ რაღაც სხვაზე და უფრო მეტზე. ვიდრე პამიდვრის აკონვაა. ვიდრე გაფუჭებული ტელევიზორია. ვიდრე ფეხბურთის ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ ჩამოსული შვილია. მაგრამ უცებ რაღაც მოვარდა – დრო, უიღბლობა და კიდევ რაღაც და წალეკა ეს ხალხი. მას მერე თავდახრილები მუშაობდნენ. და არაფერს გვეკითხებოდნენ და ამით ყველაფერს გვეუბნებოდნენ და ვერაფერს ვპასუხობდით.

////

გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ, რომ ყველა ეგ ჩვენი წყრომა და აღფრთოვანება ფეხბურთელებით, დიდწილად პერსონალურია. მოლოდინიც. იქითაც და აქეთაც. პოლიტიკურს დავარქმევდი, მაგრამ მესმის ეგ – იმდენად ცხელი ზურგი აქვს ამბავს. იყოს. პერსონალურიც. პილიტიკურიც. ადამიანი ეგეთია. ოღონდ ფეხბურთის არაფერი სცხია დიდწილად დავას. ფეხბურთის რომ იყოს, იოლად გაგიგებდით. ახლაც გაგიგებთ – ოღონდ ფეხბურთს ნუ აბრალებთ. იმაზე არ მოგდევთ, ფეხბურთი იცით თუ არა. ფეხბურთის მაგია სწორედ ეგ არის, რომ ცოდნას არ ითხოვს, ამიტომაც ჰყავს მილიარდობით ფანი, თორემ მხოლოდ ცოდნა და მეცნიერება რომ ჭირდებოდეს საცქერლად, უყურებდა გიო ახვლედიანი და ბიძინა ბარათაშვილი და მორჩა. ფეხბურთზე ლაპარაკის უფლება ყველას აქვს. ალბათ – ყველაფერზე, მაგრამ ფეხბურთზე განსაკუთრებით.

თუ მაინცდამაინც, ცოდნა-არცოდნის დავა ეს არის და პასუხი მარტივი აქვს; ამ სცენარის და მუხტის თამაშში კარგი მეკარე საჯარიმოში აუცილებლად ჩაირბენს. აუცილებლად. მესმის ბურთების შეფარდების საქმე და სხვა – მაგრამ იმ წუთს და იმ მომენტში ეგრე მოხდება. ცარიელ კარში კიდევ, როცა მოედანზე წაქცეული არავინაა, ყველა გაიტანდა – დი კანიოც და ლუკას რადებეც – დიდი მკითხაობა არ ჭირდება ამას.

მაგრამ თუ ძალიან გვინდა, ვიკამათოთ ამაზეც – ფეხბურთი ხომ სუბიექტური საქმეა. ადამიანიც. ჩვენ ვიკამათოთ. ოღონდ დიდი ფეხბურთელი – დიდ ფეხბურთელად დარჩება. კარგი მოქალაქე – კარგ მოქალაქედ.

 

 

ქეისი – უჯრედული სუნთქვის შესასწავლად

0

 ,,1982 წლის სექტემბერში მარი კელერმანმა 12 წლის ქალიშვილს ტკივილგამაყუჩებელი მისცა, როცა ბავშვი შუაღამისას ყელის საშინელმა ტკივილმა გააღვიძა. დილის 7 საათზე გოგონა სააბაზანოს იატაკზე კრუნჩხვების მდგომარეობაში იპოვეს, მალე გარდაიცვალა. ჩიკაგოს სხვა უბანში ფოსტალიონი ადამ ჯენიუსი მოულოდნელად გულის შეტევით  დაიღუპა. ვიდრე მისი ოჯახის წევრები შეიკრიბებოდნენ, მისი და და ძმა ასევე მოულოდნელად გარდაიცვალნენ. ამათ გარდა ჩიკაგოს უბნებში კიდევ სამი ადამიანის სიკვდილი დაფიქსირდა. გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ ყველა მათგანმა სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე ერთი და იგივე ტკივილგამაყუჩებელი მიიღო“.

სიკვდილამდე ყველა მსხვერპლის საერთო სიმპტომები აღენიშნებოდა:

  • სისისტე, თავბრუსხვევა. ძილიანობა;
  • სახის კანის ოდნავი ან ძლიერი სიწითლე;
  • თავის ტკივილი;
  • ხშირი და ხანმოკლე სუნთქვა;
  • ღებინება;
  • დაბნეულობა და დეზორიენტაცია;

კითხვები:

  1. კიდევ რისი ცოდნაა საჭირო სიკვდილის მიზეზის დასადგენად?
  1. როგორ უნდა გაგრძელებულიყო გამოძიება, თუ ჩათვლიდნენ, რომ მიზეზი შხამის მოქმედებაა?

აუტოფსიის შედეგები: შვიდივე ადამიანი ჰიპოქსიით გარდაიცვალა. ჰიპოქსია ჟანგბადის ნაკლებობაა. ჰიპოქსიის მიზეზი ყოველთვის ნათელი არ არის. მათ სისხლში ჟანგბადის პარციალური წნევა 110 mm Hg-ია. ნორმალური დონე კი 75-100 mmHg-ს ფარგლებში მერყეობს. გულის, ღვიძლისა და თირკმელების ქსოვილების ნიმუშებში უჯრედები მასიურად მკვდარი აღმოჩნდა. კიდევ უფრო ღრმა ციტოლოგიური გამოკვლევით დაადგინეს, რომ უჯრედებში დაზიანებული იყო მიტოქონდრიები.

  1. გაიხსენე ორგანელების ფუნქციები, რომელი პროცესი შეფერხდება უჯრედში, მიტოქონდრიის დაზიანების შემთხვევაში?
  2. კიდევ რამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის ჰიპოქსიური მდგომარეობა?
  3. როგორც აუტოფსიამ აჩვენა ჰიპოქსიის მიზეზი არც ერთ გარდაცვლილში უჟანგბადობა არ ყოფილა. როგორ ფიქრობ, რას უნდა გამოეწვია ჰიპოქსიით დახრჩობა?

ტოქსიკოლოგიის შედეგები: გაირკვა, რომ შვიდივე ადამიანი ციანიდით იყო მოწამლული. შხამის კვალი აღმოჩნდა გამაყუჩებელში. გამომძიებლების ვარაუდით მკვლელმა გახსნა კაფსულები და მასში ტკივილგამაყუჩებელის ნაცვლად ციანიდი მოათავსა. ციანიდი ძალიან სწრაფად მოქმედი შხამია. ის მოქმედებს პირდაპირ უჯრედულ სუნთქვაზე.

(ბრალი თავიდან არავისთვის წაუყენებიათ. შემდეგ დაიჭირეს და ჯეიმს ლევისიმ 12 წელი გაატარა ციხეში. ის 2023 წელს 76 წლის ასაკში გარდაიცვალა).

  1. რატომ უწოდებენ მიტოქონდრიას უჯრედის ენერგეტიკულ სადგურს? რა სახის ენერგია მიიღება მასში? რატომ არის ის ასეთი მნიშნელოვანი?
  2. რა კავშირია სუნთქვის ჯაჭვსა და ჟანგბადს შორის?
  3. ა) მწვანედ გააფერადე ელექტრონების სატრანსპორტო ჯაჭვი;

ბ) X-ით აღნიშნე ცილა, რომელსაც ციანიდი  უკავშირდება;

გ) ლურჯად გააფერადე ფოსფოლიპიდები;

დ)  წითლად გააფერადე ატფ-სინტაზა.

 

  1. ციანიდი უსწრაფესად მოქმედი შხამია, ის შეიქმნა როგორც თვითმკვლელი აბი ამერიკელი და ბრიტანელი ჯაშუშებისთვის მეორე მსოფლიო ომის დროს, ისინი დაკავებისთანავე სვამდნენ, რომ ცოცხლად არ ჩაბარებოდნენ გერმანელებს. რატომ მოქმედებს ის ასე სწრაფად?
  2. როგორი ეფექტი ექნება ჟანგბადიან კამერაში ციანიდით მოწამლული პაციენტის მოთავსებას? რატომ?
  3. ახსენი რას უნდა გამოეწვია დეზორიენტაცია და თავბრუსხვევა;
  4. რატომ იყენებდნენ მეორე მსოფლიო ომის დროს ციანიდს, სხვა შხამის გამოყენებასთან შედარებით რა უპირატესობა ჰქონდა მას?
  5. უჯრედული სუნთქვის რომელ ეტაპს უტევს ციანიდია? რატომ?

დამხმარე რესურსები:

სიმულაცია მიტოქონდრია და უჯრედული სუნთქვა

სიმულაციაში მუშაობის ინსტრუქცია

უჯრედული სუნთქვა

უჯრედული სუნთქვის ეტაპები

 

გამოყენებული ლიტერატურა:

https://www.biologycorner.com/#google_vignette

 

ქეისი ქიმიის გაკვეთილისთვის

0

წერილი მალიმიტირებელ რეაგენტთან დაკავშირებით საკუთარი გამოცდილების გაზიარებაა. მოსწავლეები სიტუაციის გაცნობისა და ანალიზის გამოყენებით იმსჯელებენ შემზღუდველ ფაქტორზე, მის შინაარსსა და მისი ცოდნის მნიშვნელობაზე.

გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეებს გავაცანი სიტუაციური ამოცანა:

„სკოლის თვითმმართველობის ოთხ წარმომადგენელს საბჭომ დაავალა, მომდევნო სემესტრისთვის გაემართათ სასკოლო ღონისძიება, რომელზეც უნდა გამასპინძლებოდნენ მოწვეულ სტუმრებს ადვილად მოსამზადებელი ტკბილეულით, მათ თანხმობა მიიღეს ადმინისტრაციისგან.

„მაფინები ხომ არ მოვამზადოთ?“ – იკითხა ნიკამ.

„კარგი აზრია!“ – უპასუხა ელიზამ.

„მშვენიერი წინადადებაა, თან მაფინები ყველას უყვარს!“ – წამოიძახა ნინამ.

„მე მაფინის საუკეთესო რეცეპტი ვიცი, – თქვა ლუკამ. – მომდევნო შეხვედრაზე მოვიტან“.

საორიენტაციოდ, გაიყიდება 100 ბილეთი. კომიტეტი მომავალ კვირას შეიკრიბება და დაითვლის საჭირო მასალისა და ინვენტარის რაოდენობას.

პირობისამებრ, ლუკა მაფინების რეცეპტით მოვიდა.

„ამ რეცეპტით 12 მაფინი მზადდება. თუ ერთ ადამიანზე გათვლი ოთხ მაფინს, 100 ბილეთისთვის 400 ცალი მაფინი დაგვჭირდება“.

კითხვა: რამდენი ულუფა ცომი უნდა მოვზილოთ, რომ 100 ადამიანის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს?

 

მაფინის რეცეპტი – გამოდის 12 მაფინი

3 კვერცხი;

120 გრამი შაქარი;

250 გრამი მაწონი;

1 პაკეტი გამაფხვიერებელი;

100 მლ ზეთი;

ვანილი დანის წვერით;

300 გრამი ფქვილი;

შოკოლადის ღერღილი, მოცვი ან ხილფაფა გემოვნებით.

ცხვება 250 გრადუსზე.

 

ნიკამ ანგარიში დაიწყო. „400 მაფინისთვის 34 ულუფა ცომის მომზადება გვჭირდება“.

მოსწავლეებმა შეიძინეს შემდეგი რაოდენობის პროდუქტები:

110 ცალი კვერცხი;

4.500 კგ შაქარი;

20 ქილა მაწონი (500-გრამიანი ქილები);

35 ცალი გამაფხვიერებელი;

3.5 ლიტრი ზეთი;

სამი ვანილი;

11 კგ ფქვილი;

500 გრამი შოკოლადის ღერღილი;

500 გრამი მოცვი.

 

გაისტუმრეს ბილეთის ყველა მფლობელი. დამატებით 10 უბილეთო მსურველი გამოჩნდა.

მოსწავლეებს კითხვები გაუჩნდათ:

1) აქვთ საკმარისი მარაგი, რომ დამატებით 10 მოსწავლეს გაუმასპინძლდნენ?

2) თუ არა, მაშინ რამდენი ადამიანის მიღებას შეძლებენ?

 

ამ ორ კითხვაზე საპასუხოდ გარკვეული მათემატიკური ოპერაციის ჩატარებაა საჭირო. ნაყიდი პროდუქტებიდან რა რაოდენობით არის დარჩენილი თითოეული? დაიწყეს ანგარიში. სწრაფად შეიტანეს მონაცემები ცხრილში:

(ცხრილი ჩემი გაკვეთილის მონაცემებს შეესაბამება, თუმცა მასწავლებელი თავისუფალია როგორც ნამცხვრის, ისე მისი რეცეპტისა და პროპორციების არჩევანში).

გამოყენებული რაოდენობა შეძენილი რაოდენობა დარჩენილი პროდუქტი მაფინების რაოდენობა, რომლის დამზადებაც შესაძლებელია ადამიანების რაოდენობა, რომლის გამასპინძლებაც შესაძლებელია
102 კვერცხი 110 8 26 6
17 ქილა მაწონი 20 ქილა 3 ქილა 72 18
4.08 კგ შაქარი 4.5 კგ 0.420 კგ 42 10
ზეთი 3.5 ლ 100 მლ 12 3
10.2 ფქვილი 11 კგ 0.8 კგ 32 8
34 გამაფხვიერებელი 35 1 12 3

 

მოსწავლეებმა გააანალიზეს ცხრილში წარმოდგენილი ინფორმაცია და დაასკვნეს, რომ მხოლოდ სამი დამატებითი ბილეთის გაყიდვა შეიძლება. 7 ადამიანისთვის უარის თქმა მოუწევთ.

 

„შემდეგ ჯერზე მეტი პროდუქტი ვიყიდოთ, ასე რომ არ დაგვემართოს!“ – წამოიძახა ნიკამ. დანარჩენებიც დაეთანხმნენ.

შეძენილი ზეთისა და გამაფხვიერებლის რაოდენობა ზღუდავდა მეტი მაფინის დამზადების შანსს, მიუხედავად იმისა, რომ სხვა პროდუქტი საკმარისზე მეტიც კი იყო.

შემდეგ გადავედი ქიმიის საკითხის ახსნაზე. სტექიომეტრიაზე ვმსჯელობ და დაფაზე ვხსნი ამოცანას მოსწავლეების დახმარებით.

რეაქციის ტოლობის გამოყენებით ავხსენი მალიმიტირებელი რეაგენტის შინაარსი. მალიმიტირებელი რეაგენტი ის ნივთიერებაა, რომელიც განსაზღვრავს პროდუქტების რაოდენობას.

 

3 H2 () + N2 () 2 NH3()

 

სამი მოლი წყალბადი რეაგირებს 1 მოლ აზოტთან და მიიღება 2 მოლი ამიაკი. გათანაბრებული რეაქციის ტოლობა „რეცეპტს“ შეესაბამება.

 

კლასს ვუსვამ რამდენიმე შეკითხვას:

1) 4.0 მოლი წყალბადი და 2 მოლი აზოტი შეურიეს ერთმანეთს. რამდენი მოლი ამიაკი წარმოიქმნებოდა?

2) რომელი რეაგენტი ზღუდავს ამიაკის წარმოქმნას?

3) რომელი აირი დარჩება ზედმეტი? რა რაოდენობით?

1-ელ კითხვაზე საპასუხოდ მონაცემების ანალიზის მეთოდი გამოვიყენე. ყურადღება გავამახვილე რეაქციის ტოლობის სწორად გათანაბრების მნიშვნელობაზე თანაფარდობების სწორად დასადგენად.

 

4.0 მოლი H2 (2 მოლი NH3/3 მოლი H2)  –     2.7 მოლი NH3 წარმოიქმნება;

2.0 მოლი N2 (2 მოლი NH3/1 მოლი N2) –     4.0 მოლი NH3 წარმოიქმნება.

 

2.7 მოლი NH3 წარმოიქმნა. მონაცემი შეესაბამება რეაქციის თეორიულ გამოსავალს. ეს რაოდენობა გამოთვლილია მალიმიტირებელი რეაგენტით. მას შემდეგ, რაც მალიმიტირებელი რეაგენტი ამოიწურება, პროდუქტიც აღარ წარმოიქმნება.

 

მე-2 კითხვაზე საპასუხოდ ვამბობ, რომ წყალბადი მალიმიტირებელი რეაგენტია, რადგან ის ნაკლები რაოდენობით ამიაკს წარმოქმნის. აზოტი ჭარბია, რადგან მას მეტი ამიაკის წარმოქმნა შეუძლია. ე.ი. წყალბადის მოლების რაოდენობა აფერხებს ამიაკის წარმოქმნას, რაც იმას ნიშნავს, რომ ის შემზღუდველი ფაქტორი ანუ მალიმიტირებელი რეაგენტია.

 

მე-3 კითხვაზე საპასუხოდ ხელახლა გავაკეთეთ რეაქციის ტოლობისა და მონაცემების ანალიზი.

 

4.0 მოლი H2(1 მოლი N2/3 მოლი H2) = 1.3 მოლი N2-ია საჭირო 4 მოლ წყალბადთან რეაქციაში შესასვლელად;

 

2.0 მოლი N2 (3 მოლი H2/1 მოლი N2) = 6.0 მოლი H2-ია საჭირო 2.0 მოლ N2-თან ურთიერთქმედებისთვის.

 

არ არის საკმარისი აზოტი, რომ რეაქციაში შევიდეს 2.0 მოლ აზოტთან. აზოტი საკმარისია 4 მოლ წყალბადთან ურთიერთქმედებისთვის. ჭარბი რაოდენობის დასადგენად არსებულ რაოდენობას აკლდება საჭირო რაოდენობა:

2.0 მოლი (ხელმისაწვდომია) – 1.3 მოლი (საჭიროა) = 0.7 მოლი აზოტი (ზედმეტია). ჭარბი აზოტი დარჩება სარეაქციო ჭურჭელში.

 

„ისევე, როგორც ჩვენი მაფინების რეცეპტში, – წამოიძახა ლუკამ, – ზეთისა და გამაფხვიერებლის მარაგი ამოიწურა. ე.ი. ისინი მალიმიტირებელი რეაგენტები ყოფილან. ჩვენ სხვა პროდუქტები საკმარისად გვქონდა, თუმცა ზეთისა და გამაფხვიერებლის უქონლობის გამო მაფინების მომზადებს საშუალება აღარ მოგვეცა“.

მე თეორიული და პრაქტიკული გამოსავლის გასაგებად სხვა მაგალითი მოვიყვანე:

ყველა ვსარგებლობთ კომპიუტერით, ტელეფონით. ქიმიური ელემენტი სილიციუმი კი გამოიყენება მიკროპროცესორების ჩიპებში. სუფთა სილიციუმი ინდუსტრიაში ქვემოთ მოცემულ რეაქციას ეფუძნება:

 

SiCl4(მყ) + 2 Mg(მყ) Si(მყ) + 2 MgCl2(მყ)

1) 525.0 გ SiCl4 შეურიეს 650.0 გმეტალურ Mg-ს, რა მასის სილიციუმი შეიძლება მივიღოთ? რას უდრის რეაქციის თეორიული გამოსავალი?

2) რომელი რეაგენტია მალიმიტირებელი?

3) რომელია ჭარბი რეაგენტი და რა მასის დარჩა რეაქციაში შეუსვლელი?

 

კლასს მივეცი რამდენიმე წუთი კითხვებზე სამუშაოდ. მათ გაიარეს შემდეგი ეტაპები:

  1. პერიოდულობის ცხრილის გამოყენებით დაადგინე SiCl4-ისა და მაგნიუმის მოლური მასები:

M(SiCl4)= 170 გ/მოლი; M(Mg) = 24 გ/მოლი.

  1. მოლური მასების გამოყენებით გამოთვალე თითოეული ნივთიერების მოლების რაოდენობა:

SiCl4 = 3.09 მოლი; n(Mg) = 20.08 მოლი.

  1. რეაქციის ტოლობისა და ამოცანის პირობის მონაცემების გამოყენებით დაადგინე მოლური თანაფარდობები და განსაზღვრე მალიმიტირებელი რეაგენტი. გათანაბრებულ ტოლობაში 2 მოლი მაგნიუმი შედის რეაქციაში 1 მოლ სილიციუმის ქლორიდთან. ე.ი. ჭარბია მაგნიუმი.
  2. რადგან მოლური თანაფარდობა SiCl4-სა და Mg-ს შორის არის 1:2, მხოლოდ 6.18 მოლი მაგნიუმია საჭირო რეაქციისთვის. ჭარბია 20.08 – 6.18 = 13.9 მოლი Mg.
  3. თეორიული გამოსავლის დასადგენად საჭიროა, ანგარიში დაიწყო შემზღუდველი ანუ მალიმიტირებელი რეაგენტის მოლების რიცხვიდან. 3.090 მოლი SiCl4. გათანაბრებულ ტოლობაში თანაფარდობა SiCl4-სა და Si-ს შორის არის 1:1, ამიტომ მიიღება 3.090 Si. სილიციუმის მოლური მასაა 28 გ/მოლი. რეაქციის შედეგად წარმოიქმნებოდა 86.52 გ სილიციუმი.

 

მაგალითზე მუშაობის შემდეგ მოსწავლეებმა წყვილებში შეასრულეს რამდენიმე მსგავსი ამოცანა. ბოლოს მეგობრები შეხვდნენ ერთმანეთს და განიხილეს გაკვეთილის საკითხები.

 

„ვინ წარმოიდგენდა რომ მაფინების დასათვლელად საჭირო მათემატიკა ქიმიაში გამოდგებოდა?“ – იცინოდა ნიკა.

„მე ვერა!“ – ერთხმად წამოიძახეს დანარჩენებმა და მუშაობა გააგრძელეს. მაფინების მაგალითზე უკვე ძალიან მარტივად გაარკვიეს ქიმიაში მოცემული ამოცანები.

 

ამოცანები დამოუკიდებელი მუშაობისთვის:

  1. მეტალური ქრომი რეაგირებს ჟანგბადთან, შედეგად მიიღება ქრომ (III)-ის ოქსიდი Cr2O3.

ა) შეადგინე რეაქციის ტოლობა და შეარჩიე კოეფიციენტები;

ბ) რა მასის ქრომ(III)-ის ოქსიდი მიიღება 0.175 გრამი ქრომის სრულად გარდაქმნის შედეგად?

გ) რა მასის ჟანგბადია საჭირო რეაქციის მიმდინარეობისთვის?

  1. ჰექსენი(C6H12) სრულად იწვის ჟანგბადში(O2), მიიღება CO2და H2O.

ა) შეადგინე შესაბამისი რეაქციის ტოლობა და შეარჩიე კოეფიციენტები.

ბ) 215.0 გ ჰექსანი შეურიეს 215.0 გ ჟანგბადს. რომელია მალიმიტირებელი რეაგენტი? პასუხი დაასაბუთე.

გ) რომელი რეაგენტი რჩება ჭარბად და რა რაოდენობით?

დ) რა მასის ნახშირორჟანგი და წყალი მიიღება რეაქციის შედეგად?

  1. ამიაკის მიღება შესაძლებელია ჩაუმქრალი კირისა და ნიშადურის ურთიერთქმედებით.

CaO (მყ) + 2NH4Cl(მყ) 2NH3(ა) + H2O (ა) + CaCl2(მყ)

ა) შეურიეს 112 გ ჩაუმქრალი კირი და 224 გ NH4Cl. რომელია მალიმიტირებელი რეაგენტი?

ბ) რას უდრის რეაქციის თეორიული გამოსავალი?

გ) რეაქციის შედეგად 16.3 გ ამიაკი რომ მიეღოთ, რისი ტოლი იქნებოდა რეაქციის გამოსავალი?

 

დამხმარე მასალა:

  1. მალიმიტირებელი რეაგენტი
  2. მალიმიტირებელი რეაგენტის დადგენა
  3. რეაქციის თეორიული და პრაქტიკული გამოსავალი
  4. რეაქციის პრაქტიკული გამოსავალი, მარგი ქმედების კოეფიციენტი და ენერგიის პირამიდა

დავალებაზე მორგებული განმავითარებელი შეფასების რუბრიკები

0

გთავაზობთ განმავითარებელი შეფასების რუბრიკებს, რომლებიც მორგებულია კონკრეტულ დავალებაზე. მისი გამოყენება  გვეხმარება, გავაანალიზოთ, კრიტერიუმებთან მიმართებით რამდენად დაძლია მოსწავლემ შედეგების მიღწევის ინდიკატორები გრძელვადიანი სამიზნე ცნებების მიხედვით.

გრძელვადიანი სამიზნე ცნება  ტექსტი (ჟანრები)

დავალების პირობა დახატე/გამოძერწე  ზღაპრის,   „არჩილ სულაკაურის  „სალამურას თავგადასავლის’’ ის ეპიზოდი, რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონა და შეურჩიე ნახატს სათაური.

შეფასების კრიტერიუმები:

ნამუშევრის წარდგენისას ისაუბრე:

  • რით უკავშირდება შენი ნახატი/ნაძერწი ეპიზოდს, რა მინიშნებები გამოიყენე ნახატის/ნაძერწის შესაქმნელად (ტ.1,2,3).
  • რით არის ეს ეპიზოდი შენთვის საინტერესო, რას გახსენებს იგი (ტ.1, .3).
  • რომელი სიტყვა ან სიტყვები მოგეწონა ამ ეპიზოდში ყველაზე მეტად და რატომ (ტ.1).
  • რატომ დაასათაურე ნახატი ამგვარად, როგორ უკავშირდება სათაური ეპიზოდის  შინაარსს  (ტ.1).

როგორც აღვნიშნე, ძალიან მარტივია განმავითარებელი შეფასების რუბრიკის შექმნა გრძელვადიან სამიზნე ცნებებსა და კრიტერიუმებზე დაყრდნობით.

მარცხენა სვეტში ვწერთ იმდენ სამიზნე ცნებას, რამდენსაც კონკრეტული დავალება ეფუძნება. შესაძლებელია, სხვა დავალებაში რამდენიმე იყოს, კრიტერიუმების სვეტშიც დავამატებთ სამიზნე ცნების შესაბამის კრიტერიუმებს.

დავალების განმავითარებელი შეფასების რუბრიკა

 

სამიზნე ცნება

 

კრიტერიუმებთან მიმართებით მოსწავლემ უნდა შეძლოს:
ტექსტი (ჟანრები) ახსნას, რით უკავშირდება მისი ნახატი ეპიზოდს, რა მინიშნებები გამოიყენა ნახატის/ნაძერწის შესაქმნელად.

 

ახსნას, რით არის მის მიერ შერჩეული ეპიზოდი საინტერესო.

 

გადმოსცეს, რომელი სიტყვები მოეწონა ამ ეპიზოდში ყველაზე მეტად და რატომ.

 

ახსნას, რატომ დაასათაურა ნახატი /ნაძერწი ამგვარად, როგორ უკავშირდება სათაური ეპიზოდის  შინაარსს.

 

 

დავალების განმავითარებელი შეფასების რუბრიკა უკვე შევქმენით.

ახლა შევქმნათ მოსწავლეთა შედეგების მიღწევის ინსტრუმენტი.

პირობითი აღნიშვნები:

კრიტერიუმებთან მიმართებით მოსწავლემ შეძლო    ნაწილობრივ შეძლო    ვერ შეძლო

 

 

  სახელი, გვარი სამიზნე ცნება – ტექსტი

კრიტერიუმებთან მიმართებით მოსწავლემ შეძლო:

ზეპირსიტ.

რეკომენდაცია

     
ახსნა, რით უკავშირდება მისი ნახატი ეპიზოდს, რა მინიშნებები გამოიყენა ნახატის/ნაძერწის შესაქმნელად.

 

ახსნა, რით არის მის მიერ შერჩეული ეპიზოდი საინტერესო. გადმოსცა, რომელი სიტყვები მოეწონა ამ ეპიზოდში ყველაზე მეტად და რატომ. ახსნა, რატომ დაასათაურა ნახატი/ნაძერწი ამგვარად, როგორ უკავშირდება სათაური ეპიზოდის შინაარსს.
1      
2    
3    
  საბოლოო შედეგი          

 

დოკუმენტს ვავსებთ მოსწავლეთა რაოდენობის შესაბამისად.

საბოლოო შედეგი, რამდენმა მოსწავლემ დაძლია გრძელვადიანი სამიზნე ცნება ტექსტი, კრიტერიუმებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ავსახოთ პროცენტული მაჩვენებლით.

მნიშვნელოვანია, შედეგების გაანალიზების შემდეგ, თითოეულ მოსწავლეს მივცეთ ზეპირსიტყვიერი რეკომენდაცია, როგორ გააუმჯობესოს არსებული შედეგი.

გთავაზობთ დავალების განმავითარებელი შეფასების რუბრიკების ჩარჩო დოკუმენტებს (ჩამოსატვირთი ვერსია).

დავალების განმავითარებელი შეფასების რუბრიკები

მისი გამოყენება შეუძლია ნებისმიერი საგნისა და საფეხურის მასწავლებელს (სამიზნე ცნებებისა და შესაბამისი სტანდარტის შედეგების ინდიკატორების გათვალისწინებით).

სალონური ზღაპრიდან ქიმიისკენ…

0

ამას წინად, ავტობუსით დაღლილ-დაქანცული სახლისკენ მივდიოდი. ლაბორატორიაში საკმაოდ შემომაღამდა, პიკი საათმაც გადაიარა და ამიტომაც გავბედე ავტობუსში ასვლა, თორემ, სხვანაირად გამბედაობა არ მეყოფოდა. გადავსებულ ხალხში მაშინვე სუნთქვის რიტმი მერღვევა და დახრჩობას ვიწყებ.

მძღოლი ერთ ადგილას გაჩერდა, თურმე ხუთ წუთიანი შესვენება ჰქონდა. გაღებულ კარებში ბებო და შვილიშვილი ამოვიდნენ და ზუსტად ჩემს წინ ცარიელი სავარძლები დაიკავეს.

-მერე? მოუთმენლად იკითხა პატარა ბიჭმა, რა გააკეთა მგელმა?

-ჰოო, მგელმა წითელქუდას მოტყუება განიზრახა, ბები.

არ დაგიმალავთ და მეც ყურები ვცქვიტე. ისეთი გადაღლილი ვიყავი, ზუსტადაც ერთი ზღაპარი წითელქუდაზე, წამადგებოდა.

ეს ზღაპარი ყველას გვახსოვს, არა? თუმცა, ის რაც ბავშვობაში წაგვიკითხეს, სინამდვილეში „ძმები გრიმების“  მოყოლილი ვერსია გახლდათ. თუმცა, ჩვენ ავტორად შარლ პიერო გაგვაცნეს.  „ძმებმა“  ზღაპრის თავისებური, შემოკლებული ვერსია 1812 წელს „საშინაო ზღაპრების“ წიგნში გამოაქვეყნეს. ზღაპრის ამ ვერსიას კეთილი დასასრული აქვს. ბებია და წითელქუდა მონადირეებს უვნებლები ამოჰყავთ მგლის მუცლიდან. ისტორიის მკვლევრები წერენ, რომ „ძმებმა“  ეს ამბავი რომელიღაც სალონურ წვეულებაზე, ვინმე ფროილინ მარიამ ჰასენფლუგისგან  მოისმინეს. საინტერესოა, რომ ჰასენფლუგების გვარი ფრანგ ჰუგენოტებს ენათესავებოდა. ჰოდა, სავარაუდოდ, ეს ფრანგული ზღაპარი გერმანიაში გამოქცეულ ჰუგენოტებთან ერთად შემოვიდა. ის პირვანდელი ვერსია, მართლაც შარლ პიეროს ეკუთვნის, ოღონდ უფრო დიდების ზღაპარია და პატარებთან არ წაიკითხება. ლუდოვიკო მე-14-ე ხომ გახსოვთ? მეფე -მზე… ახალ მიწაზე, ტაიტიზე გაშენებული შაქრის პლანტაციებისგან უზრუნველი ფული, რომ შემოსდიოდა… ჰოდა, სწორედ მისი დასის მხიარული ცხოვრების ერთ-ერთი ჩვეულება სალონებში „ზღაპრები დიდებისთვის“ მოყოლა და მოსმენა ყოფილა. პიეროს ზღაპრებსაც ასეთ სალონებში უსმენდნენ. ამბებ-ზღაპრებიც ახალგაზრდა გოგონებზე გახლდათ, რომლებიც დედებს არ უსმენდნენ. წითელქუდამაც აკი არ მოუსმინა და სრულიად უცნობ მგელს გამოელაპარაკა გზად. თან გეგმებიც გააცნო, სად მიდიოდა და რატომ. პიეროს ამ ვერსიის მორალი ისიც არის, რომ „მგელი“ მრავალნაირია, მათ შორის ტკბილმოსაუბრენიც არიან და სწორედ ისინი გახლავთ საშიში. პიეროს ვერსიაში მგელი ბებია-შვილიშვილს ჭამს და მორჩა, ზღაპარი მთავრდება. არავითარი მონადირე იმ ზღაპარში არ არის. მონადირე და კეთილი დასასრული „ძმებმა“ დაამატეს.

ზღაპრის სალონურ ვერსიაში მგელს პირიდან ქაფიღა სდის, ისე სურს, რომ წითელქუდა და ბებია მალე შესანსლოს.

ქიმიაში „მგლის ქაფს“ ვოლფრამს ეძახდნენ… თუმცა, ყველაფერს ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ და სალონური ზღაპრიდან ქიმიისკენ გადავინაცვლოთ.

პერიოდული სისტემის მეექვსე ჯგუფში განთავსებული ელემენტებია-ქრომი, მოლიბდენი და ვოლფრამი.  ამ ელემენტების აღმოჩენა მე-18-ე საუკუნის ბოლოს მოხდა. პირველი ორი ელემენტი შვედმა ქიმიკოსმა და აფთიაქარმა  შეელემ აღმოაჩინა. მისი თანამედროვენი ხუმრობდნენ, შეელე თუ რამეს შეეხო, უეჭველი ახალ ელემენტს იპოვისო. ჟანგბადი (პრისტლის პარალელურად), ბარიუმი, მანგანუმი, ქლორი- დიახ, შეელეს აღმოჩენების არასრული სია გახლავთ.

1778 წელს მინერალ მოლიბდენიტს იკვლევდა. მისი სახელწოდება ბერძნული „მოლიბდესი“-დან მოდის, რაც ტყვიას ნიშნავდა. არადა, ტყვია და მოლიბდენი საერთოდ არ ჰგავს ერთმანეთს. თუმცა, იმ დროისათვის ყველა იმ მინერალს, რომელიც ქაღალდზე კვალს ტოვებდა „მოლიბდენს“ უწოდებდნენ. გრაფიტს (C) გალინიტს (PbS) და მოლიბდენიტს(MoS2) მეთვრამეტე საუკუნის შუა წლებამდე ერთმანეთისგან საერთოდ ვერ ასხვავებდნენ. ჰოდა, შეელემ გადაწყვიტა ენახა, როგორ იმოქმედებდნენ მოლიბდენიტზე მჟავები. კონცენტრირებულ აზოტმჟავასთან რეაქციაში შევიდა და თეთრი ფერის ნალექიც გამოიყო. ამ ნალექის შესწავლისას შეელემ დაასკვნა, რომ ის რომელიღაც უცნობი ელემენტის ოქსიდი იყო.

MoS2+18HNO3=MoO3+18NO2+2H2SO4+7H2O

სამი წლის შემდეგ, ანალოგიური მეთოდით ვოფრამიც აღმოაჩინა. ანუ, უცნობი მინერალი დაამუშავა აზოტმჟავათი. დღეს ამ მინერალს, მის პატივსაცემად შეელიტი ეწოდება.

CaWo+2HNO3=WO3+Ca(NO3)2+H2O

რეაქციით მიიღო ვოლფრამის ოქსიდი და კალციუმის ვოლფრამატი. სახელი „ვოლფრამი“ გერმანულიდან ითარგმნება, როგორც „მგლის ქაფი“. ვოლფრამი ხშირად კალას საბადოებს ახლავს თან და დამუშავებისას დამახასიათებელ ქაფს წარმოქმნის. გამოთქმაც არსებობს-„სანსლავს კალას, როგორც მგელი ცხვარს“ (ან, „წითელქუდას“).

სუფთა სახით, შეელემ ვერც მოლიბდენი და ვერც ვოლფრამი, ვერ მიიღო. ამისთვის, საჭირო იყო ღუმელი, რომელიც ძალიან მაღალ ტემპერატურაზე გახურდებოდა. მე-18-ე საუკუნის ბოლოს ასეთი ღუმლის ქონა ფუფუნება გახლდათ. ამიტომ, თხოვნით მიმართა კოლეგას და მეგობარს პიტერ იაკობ გიელემს. სწორედ მან გამოყო თავისუფალი სახით მოლიბდენი, ხოლო ვოლფრამი, ესპანელმა ქიმიკოსმა ძმებმა ელუარებმა მიიღეს.

რაც შეეხება ქრომს, 1766 წელს ეკატერინბურგთან ახლოს იპოვეს მინერალი, რომელსაც „ტყვიის წითელი კრიალა ” უწოდეს, თუმცა ტყვიის გარდა მინერალი კიდევ რაღაცას შეიცავდა. მეცნიერები 30 წელი ეძებდნენ და ბოლოს 1797 წელს ფრანგმა ქიმიკოსმა  ნიკოლა ლუი ვაკლენმა მისგან ახალი მეტალი მიიღო და  ქრომი უწოდა.  ბერძნულად „ქრომა” ფერს ნიშნავს.  თვითონ მეტალი შეფერილი არ არის, თუმცა მისი ნაერთები მკვეთრი ფერის არიან.  ქრომის მთავარი ღირსება  მდგრადობაა ჟანგბადისა და მჟავების მიმართ. ამიტომაც, ქრომი მშვენივრად იცავს ფოლადს დაჟანგვისგან და მას ბრწყინვალე იერს აძლევს.  ანუ ფოლადის ქრომირებას აკეთებენ. თუმცა, როგორც წესი, ქრომით დაფენვა სხვა მეტალზე ხორციელდება და ეს ყველაზე ხშირად სპილენძია. რკინას  ჯერ სპილენძით ფარავენ და უკვე შემდეგ მის ქრომირებას ახდენენ. ქრომი ძალიან მაგარიცაა და მას მინის გაჭრაც შეუძლია.

გამოვიკვლიოთ სამივე მეტალის ქიმიური თვისებები. სამ ჭიქაში ჩავასხათ კონც. გოგირდმჟავა და ჩავუშვათ აღნიშნული მეტალების ნიმუშები. რეაქცია არ წარიმართება, რადგან გოგირდმჟავაში წარმოიქმნება პასიური ოქსიდი ფენა და რეაქცია ვეღარ ვითარდება.

2Cr+H2SO4(კონც)=Cr2O3+S+H2O

Mo+2H2SO4(კონც)=MoO2+2SO2+2H2O

თუმცა, თუ ქრომის და მოლიბდენის ნიმუშიან ჭიქებს გავაცხელებთ, რეაქცია წარიმართება.

2Cr+6H2SO4=Cr2(SO4)3+3SO2+6H2O

Mo+4H2SO4=Mo(SO4)2+2SO2+4H2O

კონცენტრირებულ აზოტმჟავაში ყველა მეტალი ოქსიდის ფენით იფარება და პროცესი აღარ ვითარდება.

2Cr+6HNO3(კონც)=Cr2O3+6NO2+3H2O

Mo+6HNO3(კონც)=MoO3+6NO2+3H2O

W+6HNO3(კონც)=WO3+6NO2+3H2O

განზავებულ აზოტმჟავასთან მხოლოდ მოლიბდენი რეაგირებს.

Mo+6HNO3 =H2MoO4+6NO2+2H2O

მარილმჟავასთან მხოლოდ ქრომი რეაგირებს, ისიც გახურებისას.ვოლფრამი გაცხელებითაც კი არ ურთიერთქმედებს მასთან.

2Cr+6HCl=2CrCl3+3H2

სამივე მეტალი ურთიერთქმედებს ჰალოგენებთან. მაგალითად, ქლორთან და წარმოქმნიან  სხვადასხვა ფერის ქლორიდებს.

ვოლფრამის იასამნისფერი ჰექსაქლორიდი:

W+3Cl2=WCl6

ან, თუ სარეაქციო სისტემაში ჟანგბადიც იყო, წარმოიქმნება ვოლფრამის ყვითელი ოქსიქლორიდიWO2Cl2;

ან, თუ წარმოქმნილი ჰექსოქლორიდი დაიშლება, მწვანე პენტაქლორიდი წარმოიქმნება: 2WCl6=2WCl5+Cl2

WCl2-ორვალენტიანი ვოლფრამის ქლორიდი კი რუხი ფერისაა.

სტაფილოსფერი კალიუმის ბიქრომატი ალბათ ყველა ლაბორატორიაში მოიპოვება. ყოველ შემთხვევაში, ვოლფრამი შეიძლება ვერ მოიპოვოთ და ამ მარილს იპოვით. ავიღოთ და მცირე რაოდენობით სინჯარაში ჩავყაროთ. დავამატოთ მარილმჟავა და გავაცხელოთ. არა, თუ ამწოვი არ გაქვთ, არ გააკეთოთ, რადგან ქლორი გამოიყოფა.

K2Cr2O7+4HCl=2CrCl3+2KCl+7H2O+3Cl2

ამავე მარილის ხსნარის და გოგირდმჟავას ნარევს თუ ვერცხლის ნაკეთობას დავაწვეთებთ, მუქი წითელი ფერი განვითარდება, რადგან ეს ვერცხლზე თვისებითი რეაქცია გახლავთ და რაც უფრო მუქი წითელი ფერი განვითარდება, მით მაღალი იქნება ვერცხლის სინჯი.

12Ag+5K2Cr2O7+11H2SO4=6Ag2CrO4+5K2SO4+2Cr2(SO4)3+11H2O

დაახლოებით ასეთი წითელი ფერის ქუდი ეხურა წითელქუდასაც. თუმცა, ქუდი „ძმებთან“ ეხურა, თორემ პიეროსთან გოგონას თავი „შაპერონით“ (მოსასხამი „კაპიუშონით“) ჰქონდა შემოსილი. ჰოდა, რატომღაც ამეკვიატა… დღეს, რომ ტყეში შეხვედროდნენ ერთმანეთს წითელქუდა და მგელი, რა მოხდებოდა?

ალბათ, არც არაფერი. ერთმანეთს ვერ დაინახავდნენ, ტელეფონები ექნებოდათ ცხვირზე აფარებული.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...