კვირა, მაისი 11, 2025
11 მაისი, კვირა, 2025

დიდი, პატარა – რა სახალისოა!

0

წარმოიდგინეთ თქვენი პატარა მოსწავლეები, რომლებიც აღფრთოვანებული არიან ყველა სიახლით. როგორ შეგვიძლია, გავაღვივოთ მათში ცნობისმოყვარეობა და დავეხმაროთ, გაიგონ სამყაროს მრავალფეროვნება? დავიწყოთ ყველაზე მარტივით – ზომებით! ვეშაპი თუ ხოჭო, ქვიშის მარცვალი თუ ლობიოს მარცვალი? – ეს ყველაფერი ჩვენ გარშემოა და ჩვენი პატარა მეცნიერები მზად არიან ამ საინტერესო სამყაროს აღმოსაჩენად. სტატიაში გაგიზიარებთ პრაქტიკულ იდეებს, როგორ შეგიძლიათ პირველკლასელებს ზომების შესახებ სახალისოდ და მარტივად ასწავლოთ.

თემატური ბლოკი: გეომეტრია და სივრცის აღქმა

თემა: ორიენტირება

საკითხი: დიდი, პატარა. ზომების შედარება

 სამიზნე ცნება

  • მათემატიკური მოდელი: სხვადასხვა ფორმისა და ზომის (დიდი და პატარა) გეომეტრიული ფიგურები, (რომლებიც წარმოადგენენ რეალურ სამყაროში არსებულ ობიექტებს)
  • კანონზომიერება: ობიექტების შედარება, ამოცნობა, დალაგება ზომის მიხედვით
  • ლოგიკა: მსჯელობა, დასკვნების გამოტანა
  • სტანდარტთან შესაბამისობა:

მათ.დაწ.(I).2 სიდიდეებს შორის, საგნებსა და საგნების ატრიბუტებს შორის კანონზომიერების ამოცნობა, აღწერა და გაგრძელება მათემატიკური, საბუნებისმეტყველო ან ყოფითი მოვლენების გასააზრებლად.

მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ „დიდი“ და „პატარა“ ცნებების გააზრებას ვიზუალური მასალების დახმარებით. სამი სხვადასხვა ობიექტის დალაგებას ზომის მიხედვით. ზომების შედარებით განუვითარდებათ ფორმის აღქმისა და სივრცული აღქმის უნარები გარემოში ორიენტირებისათვის.

რესურსები

  • სხვადასხვა ზომის ობიექტების ფოტოები (სპილო და ჭიანჭველა, ბურთი და ღილი, ყუთი და კოლოფი და ა.შ.)
  • სხვადასხვა ზომის ფიგურები/ საგნები/ სათამაშოები

გაკვეთილის მსვლელობა:

აქტივობა 1. მოტივაცია:

  • გაკვეთილი დავიწყე საუბრით სხვადასხვა ზომებზე. ვკითხე ბავშვებს, რა არის მათთვის „დიდი“ და რა არის „პატარა“.
  • მოსწავლეებს ვუთხარი: „დღეს ჩვენ ერთად შევქმნით ძალიან საინტერესო სიმღერას!“, რომელსაც დიდი ინტერესით ელოდნენ, და ძალიან მოინდომეს ტექსტის შექმნის დროს.

აქტივობა 2. ახალი მასალის ათვისება:

 

  • ვაჩვენე ფოტოები. თითოეულ ფოტოსთან დაკავშირებით დავუსვი კითხვები:
    • რა არის ამ სურათზე?
    • რომელი ცხოველია უფრო დიდი?
    • რომელი ობიექტი/საგანი არის უფრო პატარა?

·         ბავშვებთან ერთად შევადგინოთ მარტივი წინადადებები თითოეული ფოტოსთვის: „სპილო უფრო დიდია, ჭიანჭველა პატარა“.

 

აქტივობა 3. სიმღერის შექმნა:

  • გავიმეორეთ ერთად შედგენილი წინადადებები.
  • შევთავაზე ბავშვებს, რომ ამ წინადადებებით შეგვექმნა სიმღერა.
  • შევარჩიეთ მარტივი მელოდია და ვიმღერეთ ერთად.
  • საპრეზენტაციო პროგრამა „Powerpoint“-ში დალაგებულ ფოტოებს, მივეცი ვიდეოს გაშვების რეჟიმი, თან დავურთეთ ჩვენი ერთობლივად შექმნილი ტექსტი და გავიმეორეთ სიმღერა.
  • სიმღერის ტექსტი არის შემდეგი:
დიდი, პატარა – რა სახალისოა,

ყველაფერს აქვს თავისი ზომა.

სპილო უფრო დიდია, ჭიანჭველა პატარა,

შევადაროთ ერთმანეთს, მართლაც სასაცილოა!

ბურთი დიდია, ღილი პატარა,

ყუთი დიდია, კოლოფი პატარა.

რა არის უფრო დიდი,

რა უფრო პატარა?

 

 

აქტივობა 4. გამოყენება:

ვიყენებ სხვადასხვა ზომის სათამაშოს, ობიექტებს, რომლებსაც ბავშვები შეეხებიან და შეადარებენ. ვთხოვ, შეადარონ – რომელია უფრო დიდი, რომელია უფრო პატარა; რომელია ყველაზე დიდი, ყველაზე პატარა. ბავშვები ხელის შეხებით ასახელებენ დიდი ზომის ნივთებს. ასევე აღწერისას იყენებენ მათემატიკურ ტერმინებს, მაგალითად: „წითელი მანქანა უფრო დიდია, ცისფერი უფრო პატარა“; „ტანკი ყველაზე დიდია“.

 

 

აქტივობა 5. ინდივიდუალური დავალება

  • ბავშვებს ვურიგებ ნაწილობრივ შევსებულ სქემას. მათ ევალებათ, დაინახონ კანონზომიერება და შეავსონ ბოლომდე, დახატონ დიდი და პატარა ფიგურები სახლი, ყვავილი, თვითმფრინავი.

 

დავათვალიეროთ ბავშვების მიერ შექმნილი სურათები.

თვითშეფასება: ბავშვებს მივეცი შესაძლებლობა, თავად შეეფასებინათ თავიანთი ნაშრომები და გამოეხატათ თავიანთი აზრები.

 

  1. შეჯამება:
  • გავიმეოროთ სიმღერა და ვისაუბროთ იმაზე, რაც გავიგეთ გაკვეთილზე და როგორ შეიძლება მისი გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში.

„დიდი“ და „პატარა“ ცნებების სწავლება არა მხოლოდ მათემატიკური აზროვნების საფუძველს ქმნის, არამედ ხელს უწყობს ბავშვების ზოგადი განვითარებას. ამ დროს მათ უვითარდებათ ლოგიკური აზროვნება, კრიტიკული აზროვნება და შემოქმედებითობა.

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა https://mes.gov.ge/content.php?id=3929&lang=geo;
  2. დაწყებითი საფეხურის დეტალური განაწილება მასწავლებლებისთვის, ინდიკატორებით https://math.ge/kurikulumi/ ;
  3. მათემატიკის გზამკვლევი პირველი კლასი. შედგენილი ქეთი ცერცვაძის მიერ, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში. https://math.ge/pirveli-klasi/.

 

 

მოძღვრება ლტოლვების შესახებ

0

სასიკვდილო ბედნიერება თუ წყლის სიღრმეში ჩავარდნილი კენჭების ტურბულენტობა?

(ფროიდის ფსიქოანალიზი და შტეფან ცვაიგის „უცნობი ქალის წერილები“)

როგორც გერმანიაში ამბობენ, ძნელია, წარმოვიდგინოთ მე-20 საუკუნე ფროიდის გარეშე. მან დაამკვიდრა ტერმინი-აღმოჩენა „არაცნობიერი“, რომელსაც თუმცა ჰიპოთეზად თვლიდა, მაგრამ ამ ჰიპოთეზაზე დაყრდნობით შეეცადა იგი ადამიანის ცნობიერების თავისებურებათა, თვითონ ადამიანის ქცევისა და შემოქმედების – კულტურის ფენომენის ახსნასა და გაგებას.

ზიგმუნდ ფროიდის მსოფლმხედველობა ფსიქოლოგიზმებია: ფიზიკური და ფსიქიკური, სოციალური და გონითი სინამდვილე, მისი გაგებით, ფსიქიკას წარმოადგენს.

ფროიდმა ადამიანის რაობა ფსიქიკის სახით წარმოადგინა და ადამიანის ფსიქიკური ფენების – „იგი“, „მე“, „ზე-მე“ – ურთიერთმიმართებაზე დაყრდნობით შეეცადა, ჩასწვდომოდა სპეციფიკურ-ადამიანური მოვლენების არსს…

ფისქოანალიზის ნარკვევი (ფსიქიკურის ბუნება; ფსიქიკის აპარატი)

 

ორი რამაა, რამაც, აპრიორი, შეიძლება ჩვენი ფსიქიკური „ამინდი“ განაპირობოსო, – იგივე სულიერი ცხოვრება, როგორც მას ფროიდი უწოდებს. ესაა სხეული, მისი მოქმედების არე, ტვინი (ნერვული სისტემა) და ცნობიერების აქტები, რომლებიც ჩვენთვის ხშირად ისე ნაცნობი და შინაგანი არაა, როგორც გვგონია. რა ურთიერთმიმართებაა ამ წერტილებს შორის, ძნელი დასადგენია, რადგან „ცნობიერების პროცესების ზუსტი ლოკალიზაცია შეუძლებელია“. მოდი, ვთქვათ, რომ სულიერი ცხოვრება არის ფუნქცია იმ აპარატისა, მრავალი ნაწილისგან რომ შედგება, ანუ სხეულისა.

ფსიქიკური აპარატის ცოდნამდე შეიძლება მიგვიყვანოს ადამიანური არსების ინდივიდუალური განვითარების შესწავლამ. ფროიდთან ამ „უძველეს პროვინციასა თუ ინსტანციას“ ეწოდება იგი. მისი შინაარსია ყველაფერი, რაც მემკვიდრეობითია, დაბადებიდან თანდაყოლილი – ძირითადად, ესაა სხეულის ორგანიზაციიდან მომდინარე ლტოლვები, რომლებიც ჩვენთვის უცნობ ფსიქიკურ გამოხატულებასაც პოულობენ.

გარემომცველი, რეალური სამყარო ზემოქმედებს იგი-ს ერთ ნაწილზე და ავითარებს მას. ქერქის ფენამ, რომელიც მოიაზრებს გამღიზიანებლების მიმღებ ორგანოებსა და გაღიზიანების დაცვით ორგანიზაციას, შექმნა განსაკუთრებული სტრუქტურა, ამიერიდან შუამავლობა რომ დაეკისრა იგი-სა და გარე სამყაროს შორის; ჩვენი სულიერი სამყაროს აღნიშნულ სფეროს ფროიდი უწოდებს მე-ს.

რა არის მე-ს მახასიათებლები? მის განკარგულებაშია ნებისმიერი მოძრაობანი, რომლებიც წარმოიქმნება გრძნობად აღქმასა და კუნთურ აქტივობას შორის. ამას ის თავად როდი ახორციელებს, – ეცნობა გამღიზიანებლებს, მათ შესახებ გამოცდილებას აგროვებს (მეხსიერებაში – ზეინტენსიურ გამღიზიანებელს თავს არიდებს, მისგან გაქცევით; ზომიერ გამღიზიანებლებს ხვდება შეგუებით) და ბოლოს სწავლობს, მიზანდასახულად უკეთესობისკენ როგორ შეცვალოს გარე სამყარო (აქტივობა). შინაგანად იგი-სთან დაპირისპირებულია იმით, რომ აღწევს პრეტენზიებზე ბატონობას; მე წყვეტს, შეიძლება თუ არა მათი დაკმაყოფილება ან, საერთოდ, უნდა დათრგუნოს მათი აღგზნებანი. მათი (გამღიზიანებლების ინტენსივობის) ზრდა შეიგრძნობა, როგორც უ ს ი ა მ ოვ ნ ე ბ ა, მათი შემცირება კი – როგორც ს ი ა მ ო ვ ნ ე ბ ა. მე მიისწრაფვის სიამოვნებისკენ და განერიდება უსიამოვნებას. მოსალოდნელ, განჭვრეტილ უსიამოვნების ზრდას პასუხი გაეცემა შიშის სიგნალით. დროდადრო მე წყვეტს გარე სამყაროსთან კავშირს და გადადის ძილის მდგომარეობაში, რათა გაანაწილოს სულიერი ენერგია განსაკუთრებული გზით.

ბავშვობის პერიოდის, რომელშიც არსებობს მშობელთა ზემოქმედება, ნალექი ქმნის განსაკუთრებულ ინსტანციას, რომელსაც ფროიდი უწოდებს ზე-მე-ს და ესაა მესამე ძალა, რომელიც უპირისპირდება მე-ს, ამ უკანასკნელმა კი ანგარიში უნდა გაუწიოს მას.

მე-ს მოქმედება მაშინაა სწორი, როცა ის ერთდროულად აკმაყოფილებს იგი-ს, ზე-მე-სა და რეალობის მოთხოვნებს, მაშასადამე, ერთმანეთთან ათანხმებს მათ პრეტენზიებს.

„მშობელთა ზემოქმედებაში“ იგულისხმება, ბუნებრივია, არა მხოლოდ მშობელთა პიროვნება, არამედ გავლენა, ზემოქმედება ოჯახისა, რასისა თუ ხალხისა; ასევე სულიერი გარემოს შესატყვისი მოთხოვნები. ასე რომ, ზე-მე ინდივიდუალური განვითარების მსვლელობაში იძენს ე.წ. „ზნეობრივი ცენზორის“, მშობელთა მოგვიანო გამგრძელებლისა და შემცვლელის მნიშვნელობას, როგორც აღმზრდელი, საზოგადოებრივი მორალის ნიმუში, მასში არსებული იდეალი. გამოდის, იგი და ზე-მე, ფუნდამენტური სხვაობების მიუხედავად, ამჟღავნებენ მსგავსებასაც: ისინი წარმოადგენენ წარსულის ზეგავლენას, განსაზღვრულნი არიან თანშობილით, – ზე-მე, არსებითად, სხვისგან გადმოღებულით, ხოლო მე, უმთავრესად, თვითონ განცდილით, ე.ი. აქციდენტალურითა და აქტუალურით.

ფსიქიკური აპარატის სქემა აქვთ უმაღლეს, ადამიანთან სულიერად მსგავს ცხოველებსაც. ზე-მე

ყველგანაა დასაშვები, სადაც კი ადამიანის მსგავსად მოცემულია ბავშვური დამოკიდებულებების გრძელი გზა. ხოლო გამოყოფა, მე-სი და იგი-ს აუცილებელი დაშვებაა.

იგი-ს ძალა, რომელიც გამოხატავს ცალკეულ არსებათა სიცოცხლის თავდაპირველ მიზანს, მდგომარეობს თანდაყოლილ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებაში. სიცოცხლის შენარჩუნებისა და საშიშროებისაგან შიშის საშუალებით თავის დაცვა იგი-ს არ მიეწერება. ეს მე-ს ამოცანაა, რომელიც ამოზრდილია გარე სამყაროსადმი ანგარიშის გაწევით. მე-ს შეუძლია, ახალი მოთხოვნილებები რეალობად აქციოს, მაგრამ მისი მთავარი ფუნქცია, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების შეზღუდვაა.

იგი-ს მოთხოვნილებათა დაძაბულობის საფუძველ ძალებს ეწოდებათ სწორედ ლტოლვები.

ეს უკანასკნელნი სულიერ ცხოვრებაში წარმოადგენს სხეულებრივ მოთხოვნებს. განუსაზღვრელია მათი რაოდენობა ჩვეულებრივ ცხოვრებაში. მოდი, გავარკვიოთ, ეს დიდი რაოდენობა შეიძლება თუ არა, რომ ზოგიერთ ძირითად ლტოლვაზე დავიყვანოთ. ხანგრძლივი დაკვირვების შემდეგ ფროიდი უშვებს მხოლოდ ორ ძირითად ლტოლვას – ეროსი და დესტრუქციის ლტოლვა (თვითდამკვიდრებისა და გვარის დამკვიდრების ლტოლვების დაპირისპირება). პირველის მიზანია დაკავშირება, მეორისა – კავშირების დარღვევა. ამ უკანასკნელს სიკვდილის ლტოლვასაც უწოდებენ, რადგან მისი საბოლოო მიზანი ორგანულის, სიცოცხლის, არაორგანულ მდგომარეობაში გადაყვანაა. როცა მატერიალიზმი უშვებს, რომ სიცოცხლე არაცოცხალზე გვიანდელი და მეტიც, მისგან წარმომავალია, ეს ნიშნავს ფორმულას: ლტოლვა მიისწრაფვის საწყისი მდგომარეობის აღდგენისკენ. თვითგანადგურების რაღაცა ნაწილი, ინსტინქტი, ყველა ვითარებაში რჩება სუბიექტის შიგნით, სანამ საბოლოოდ არ მოკლავს ინდივიდს. ეს კი ხდება შინაგანი კონფლიქტებით ან უშედეგო ბრძოლით გარე სამყაროს წინააღმდეგ.

ჩემი აზრით, ფროიდის ამ სქემით, შეგვიძლია, შეძლებისდაგვარად, სრულყოფილად შევაფასოთ ერთ-ერთი ლიტერატურული, არაჩვეულებრივი პერსონაჟის ქცევის მოტივაციაცა და შინაარსიც. შეძლებისდაგვარად კი იმიტომ, რომ ადამიანზე, სულიერების ამ ურთულეს „მექანიზმზეა“ საუბარი.

ესაა დიდი გერმანელი მწერლის, მსოფლიო კლასიკოსის, შედევრი-მოთხრობა „უცნობი ქალის წერილები“, რომლის მთავარი გმირის სულისშემძვრელი ისტორია და განცდები, სწორედაც რომ, ერთი პატარა, მშიშარა, მორიდებული ბავშვის მოგონებებით იწყება…

მოთხრობის დასაწყისში ცნობილი მწერალი რ., 41 წელში გადამდგარი კაცი, იღებს აკანკალებული ხელით დაწერილ წერილს, 50 გვერდამდე, რომელზეც არც ხელმოწერაა, არც გამომგზავნის მისამართი, სათაურით: „შენ, ვინც არც კი მიცნობდი“. თხრობა ბავშვის, ადრესანტის შვილის, ბიჭუნას სიკვდილით იწყება და ეს სიკვდილის „სუნთქვა“ გასდევს წერილს ბოლომდე; – „ახლა მხოლოდ შენღა დამრჩი ამ სამყაროში, მხოლოდ შენ, ვინც არაფერი იცის ჩემ შესახებ, ვინც უდრტვინველად ეთამაშება საგნებსა და ადამიანებს, მხოლოდ შენ, ვინც არ მიცნობდა და ვინც ასე მიყვარდა“ (4-5).

საიდუმლო ინკოგნიტო ქალბატონის სიკვდილის შემდეგ უნდა გამჟღავნდეს, რადგან თუ ცოცხალი დავრჩები, წერილს დავხევ, თუ მიიღებ, უკვე გარდაცვლილი გესაუბრებაო. შვილის ცხედართან არ ცრუობენო და ქალი ნდობას ითხოვს… და იწყება ისტორია სიყვარულით შეპყრობილობისა ადრეული ბავშვობიდან; სიყვარული პატარა, ღატაკი გოგონასი სიმდიდრით, განსაკუთრებულობისა და საიდუმლო შარავანდედით მოსილი მწერლის მიმართ. აი, ამ უკანასკნელის ფსიქოლოგიური პორტრეტი, „პორტრეტისტი“ შეყვარებული ქალია: „შენ ორმაგი ბუნების ადამიანი ხარ, მგზნებარე, სიცოცხლის მოყვარული, მთლიანად თამაშსა და ფათერაკებს თავმიცემული ახალგაზრდა და ამავე დროს, შენს შემოქმედებაში აუცილებლად სერიოზული, მოვალეობის გრძნობით აღსავსე, უზომოდ ნაკითხი და განათლებული“(11). ეს დორიან გრეის პორტრეტივითაა, გაორებული სულიერების ადამიანისა, მწერლის ორსახოვნების საიდუმლოთი – ერთი ნაწილი სამყაროსთვის გახსნილია; მეორე – ძალიან ბნელია, რომლის შესახებ მხოლოდ მან იცის.

ქალი ჰყვება თავის ბავშვობის საბედისწერო შთაბეჭდილებაზე: „მე თითქოს ცეცხლში შევაბიჯე“ – რა არის ეს, ებადება დასაწყისში მკითხველს კითხვა – უცნაური ვნება თუ სიყვარული? „დამიჯერე, არავის ჰყვარებიხარ ასე მონურად, ძაღლური ერთგულებით, ასე თავდავიწყებით, როგორც იმ მხდალ არსებას, მაშინ მე რომ ვიყავი“. სიმხდალეა ეს თუ, პირიქით, სიმამაცე, რა შთაბეჭდილებაც ნაწარმოების ბოლოს გვრჩება? ეს შეუმჩნეველი სიყვარული ამ მარტოსული ბავშვისა, „ასე უიმედო, მორჩილი და ვნებიანი. არასოდეს იქნება ასეთი მოწიფული ქალის, მართალია, გაუცნობიერებელი, მაგრამ მაინც მომთხოვნი სიყვარული“, წერს ცვაიგის გმირი. მამა გოგონას მკვდარი ჰყავს დიდი ხანია, დედა მწუხარებით შეპყრობილი, შიშით დათრგუნული და შვილთან გაუცხოებულია. მეგობარი თავქარიანი გოგონები მისი სულით თამაშობენ, ამიტომ ბავშვის სიცოცხლეს მხოლოდ ამ სიყვარულის ობიექტთან თუ განსხეულებულ იდეასთან კავშირით აქვს აზრი, სატრფო-მწერალი მისი იდუმალი სულის თანაზიარია, ისე, რომ ამის შესახებ ვერაფერს გაიგებს ქალის სიკვდილამდე… გოგონა სწავლას მოუმატებს, საუკეთესო ხდება, უამრავ წიგნს კითხულობს, პიანინოზე დაკვრას სწავლობს, წმენდს და კემსავს ძველ კაბებს.

დრო გარბის, დედა ქვრივ ვაჭარზე თხოვდება და გოგონას სასოწარკვეთილი წინააღმდეგობის მიუხედავად, სხვა ქალაქში გადადიან… მაგრამ წერილის ავტორს თავის იდუმალ სატრფოსთან შეხვედრა არაერთხელ უწერია ბედისწერისა თუ განგების „წიგნში“.

გოგო ქალი ხდება, ნაღვლიანი და უმშვენიერესი; იგი მარტოა ადამიანებს შორის; ყმაწვილებს, რომლებიც თავს ევლებიან, ხელს კრავს; ქუჩაში იშვიათად გადის და ნაყიდ ჭრელ კაბებს არ იცვამს. მე გამახსენდა სახარებისეული სენტენცია და თქვენი არ ვიცი: „ნეტარ არიან მგლოვიარენი, ვინაიდან ისინი ნუგეშცემულნი იქნებიან“. ასე ვარდება იგი საკუთარ, როგორც ამბობს, „მიტოვებული ბავშვის ტრაგიკულ, უიმედო ფანატიზმში“ ამოზრდილ სატრფოსგან ვერცნობის ბედისწერაში, რომლითაც იცხოვრებს და კვდება…

ისინი ხვდებიან ჯერ პატარა რესტორანში, შემდეგაც, ეყოლებათ საერთო შვილი, ულამაზესი ბიჭუნა, რომელიც კაცის უდარდელი, წუთიერი გრძნობის შედეგია და მოთხრობის ბოლოს იღუპება („რა უნდა ყვავილებს კუბოზე?“). ქალს არ უნდოდა შვილიანად ტვირთად ქცეულიყო და არ გაამხელს შვილის არსებობას. „არა, შენ არაფერში გადანაშაულებ, საყვარელო“, – იქნებ ეს მსხვერპლშეწირვაა, მაგრამ რატომ?! ეს არგუმენტად გამოდგება, ვითომ? – „მე კი იმდენად ამაყი ვიყავი, რომ მინდოდა, მთელი სიცოცხლის განმავლობაში ჩემზე უდარდელად, მსუბუქად გეფიქრა. მერჩია, მთელი სიმძიმე ჩემს თავზე ამეღო…“(36). იქნებ ქალის გრძნობა შიშთანაა თანაზიარი? („სიმართლე რომ გითხრა, შენ გაჭირვებული ადამიანები ნაკლებად გიყვარს, ვიდრე ბედნიერებაში მყოფი თანამოძმეები“). აი, როგორ აძლევს მოთხრობის გმირი, უმწველესი ტრფობის ობიექტი მწერალი, მათხოვარს მოწყალებას: „სწრაფად და უხვად დაეხმარე, თხოვნაც ვერ მოასწრო, მაგრამ მიცემისას სახეზე შიში და სიძულვილი გეტყობოდა… თითქოს მისთვის თვალებში ჩახედვის გეშინოდა“(37). ესაა ნერვული, ზიზღნარევი, შეცბუნებული დახმარება, ისე, კარში ხურდას რომ მოგაწვდიან და სასწრაფოდ მოგიხურავენ, სიღატაკე არ „გადმოგვედოსო“. ქალიც სიღარიბეშია დაბადებული, მისი „შვილია“ და იქნებ ეშინია, რომ ისიც ამ ამრეზილობას დაიმსახურებს, თუ თავს გაამხელს?

იმშობიარებს მარტოდმარტო, სამშობიარო თავშესაფარში, რადგან მშობიარობამდე ერთი კვირით ადრე, კარადიდან მრეცხავი ქალი დარჩენილ ფულს მოიპარავს. ესაა სირცხვილის სასაკლაო, ჯოჯოხეთი, ყოველთვის გაჭედილი და აქოთებული პალატა, „სავსე კვნესით, განწირული ყვირილითა და ვულგარული სიცილით“(39), გვიყვება მწერალი ქალის პირით… ქალიც გადაწყვეტს, ნებისმიერ ფასად, უარი თქვას სიღარიბეზე, თავს ყიდის, თავის სილამაზეს, სხეულს, მაგრამ სული არ ღალატობს, სიყვარულის ერთგული რჩება. ამას იგი აკეთებს არა მარტო ფარული სატრფოსთვის (მოტივაციაა შიში – მ.ი.), არამედ შვილისთვისაც, რომ მას არაფერი მოაკლდეს, სიღარიბის სიოც კი არ იგრძნოს; შვილისა, რომელიც ასე ჰგავს მამას – „საათობით შეეძლო საგნებთან ეთამაშა, ისე, როგორც შენ ცხოვრებას ეთამაშებოდი და შემდეგ სერიოზულად, აჭიმული წარბებით მისჯდომოდა წიგნებს“(41), ანუ ბავშვი მამის ორეულია, ორმაგი ბუნებით მასავით: სერიოზულობისა და თავქარიანობის ნარევი პატარა არსება, უნიფორმასა და პატარა ხმალს მეთვრამეტე საუკუნის პაჟივით რომ ატარებს.

მთელ მოთხრობას, როგორც სიკვდილის აჩრდილი, გასდევს ქალი-პერსონაჟის ცხოვრების ფილოსოფია – „ვიცოდი, რომ ამ სამყაროში ღარიბი ყოველთვის გათელილი, დამცირებული და მსხვერპლია“(42). ამიტომ არ უნდა მისი მშვენიერი შვილი საზოგადოების ფსკერზე გაიზარდოს, სიბნელესა და ქუჩის სასტიკ უხამსობაში; „შენი შვილის ბაგეს არ უნდა შეხებოდა უწმაწური სიტყვები, მის თეთრ სხეულს არ უნდა შეხებოდა ღარიბული, უხეში სამოსი – შენს შვილს ყველაფერი უნდა ჰქონოდა, სამყაროს ყველა სიკეთე, სიხალისე და შენამდე უნდა ამაღლებულიყო“(43).

მოთხრობის განმავლობაში ქალი ამაოდ ელის, თუმცა ვერ მიიღებს ვერცერთ სტრიქონს სატრფოსგან; რამდენჯერმე ხვდებიან (ქალი სხვადასხვა ასაკშია ამ დროს), კაცი კი ვერ ცნობს, მისი მსახურის, მოხუცი იოჰანისგან განსხვავებით, რომელიც ქალში მათთან სახლში ცნობისმოყვარეობის გამო არაერთხელ მისულ გოგონას ამოიცნობს („მინდოდა, მუხლი მომეყარა მის წინაშე და ხელები დამეკოცნა“), ქალი თავისთვის მიცემულ ბანკნოტებს მას ჩაუკუჭავს ხელში, აკანკალებული მოხუციც მთელი სიცხადით გრძნობს მის უბედურ ცხოვრებას („ყველა მანებივრებდა, ყველა კეთილად მექცეოდა – შენ, მხოლოდ შენ დამივიწყე, მხოლოდ შენ ვერ მიცანი“).

რა არის ეს?! იქნებ ისინი არ იყვნენ „ერთისთვის ერთნი“, ანუ ერთმანეთისთვის დაბადებულნი? აბა, მწერალს, რომელმაც ცხოვრების „სული“ უნდა ამოიცნოს, გვერდით ასეთი მოსიყვარულე არსება როგორ ვერ უნდა ეგრძნო?! იქნებ მისი მწერლობა იდეალური ხელოსნობა იყო და არა ხელოვნება, მაღალი შემოქმედება, ღვთაებრივთან წილნაყარი?

ქალი ტოვებს ანდერძს… „შეიძლება სიკვდილის შემდეგ დამიძახო და პირველად მაშინ გიღალატებ, სიკვდილის შემდეგ ვეღარ გავიგონებ შენს ძახილს… ყველაფერია კარგია, რაც იყო“. ბოლო სიტყვები საფლავის ეპიტაფიასავითაა, მართლაც.

ჩვენ, ადამიანები, ყოველთვის შევნატრით ცხოველებს, რადგან მათ ჩვენი უპირობო სიყვარული შეუძლიათ, ჩვენ კი – არა, რადგან პირობითობების ნებითა თუ უნებური მსხვერპლნი ვართ. აგერ დიდი მწერლის ამ შესანიშნავ მოთხრობაში ჩვენ წინაშე ასეთი უპირობო სიყვარულია. რეალური გვეჩვენება ის? მოგვწონს? მგონი, ნაკლებად… სადღაც აუცილებლად უნდა ჩანდეს ადამიანის პიროვნება, საკუთარი მოვალეობებითაც, მსხვერპლობითაც თუნდაც, მაგრამ უფლებებითაც, სულიერი საჭიროებებითაც, რომლებიც აუცილებლად უნდა დაიკმაყოფილოს, თორემ ისე უინტერესოა, მხოლოდ ტანჯვაა, კრახია ცხოვრება, ისე სამყაროს გვირგვინი ადამიანს არ ეკადრება; თორემ ჩვენი სიცოცხლის პატარა ქროლა, როგორც ამბობს შტეფან ცვაიგი, უცბად, თვალსა და ხელს შუა, გაიფანტება, როგორც ტბორში ჩავარდნილი კენჭების ვიბრაცია – პაწაწინა, საოცარი, სუსტი გეომეტრიული სიზუსტის წრეები…

ციტატები წიგნებიდან: „ლარი“ (ფროიდი, კირკეგორი, ბერგსონი, ჰაიდეგერი), გამომცემლობა „ხელოვნება“, 1991; შტეფან ცვაიგი „უცნობი ქალის წერილები“, გამომცემლობა „პალიტრა L“, 2021

ხელოვნება კადრს მიღმა

0

ახალი სასწავლო წლისთვის მზადებაში ხელოვნების გაკვეთილებზე გადაღებულ ფოტომასალას გადავხედე და მონატრებული მოსწავლეების სახეებმა შემახსენეს, რომ წელსაც ყურადღებით უნდა დავაფიქსირო კადრებში მათი შემოქმედების პროცესი.

მე და ჩემს მოსწავლეებს, ასევე ჩვენი გამოფენების დამთვალიერებლებს, ეს კადრები ძალიან კარგად გვადგება ხელოვნებაზე, როგორც ცოცხალ შემოქმედებით პროცესზე, დაკვირვებისთვის და ანალიზისთვის.

ხელოვნების მასწავლებლისთვის ყველაზე ამაღელვებელი და საპასუხისმგებლო მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენის წარდგენაა სკოლაში. წარმტაცი და ყოვლისმომცველი ექსპოზიციის შექმნას საკმაო დრო, კარგი დაგეგმვა სჭირდება, რომ ყველა მოსწავლის შემოქმედების შედეგი თანაბრად და ეფექტურად წარმოვაჩინოთ. მაგრამ ხელოვნების სწავლება მხოლოდ საბოლოო შედეგით არ განისაზღვრება. ხელოვნების შექმნის, შემოქმედების პროცესი თანაბრად მნიშვნელოვანია.

მოსწავლეები უმეტესად სიხარულითა და ღირსების განცდით ათვალიერებენ სკოლაში გამოფენილ თუ ჩვენი ხელოვნების გაკვეთილების ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებულ საკუთარ ნამუშევრებს. მაგრამ არიან საკუთარ შესაძლებლობებზე მერყევი წარმოდგენის მქონე ბავშვებიც, ცოტა მორცხვებიც, რომლებსაც წლის დასაწყისში როცა ვხვდებით ერთმანეთს, კატეგორიულად არ სჯერათ რომ კარგად გამოსდით ხელოვნებასთან შეხება, ან ჯერ კიდევ ჰგონიათ რომ მაინცდამაინც აკადემიურ ჩარჩოებს უნდა ესადაგებოდეს მათი ნამუშევრები. მერე როცა ნელნელა ვუახლოვდებით ერთმანეთს, ხვდებიან, რომ ხატვის თუ ძერწვის დროს, არ უნდა იფიქრონ საბოლოო შედეგზე, პროცესით უნდა ისიამოვნონ. წლის ბოლოს კი გამოფენაზე როცა ხედავენ საკუთარ ქმნილებებს, სიამაყით გადმოგვხედავენ ხოლმე დამთვალიერებლებს.

ჩვენი ხელოვნების გაკვეთილების ფეისბუკგვერდი პანდემიის პერიოდში შევქმენით და მას შემდეგ აქტიურად ვიყენებთ სკოლის აუდიტორიისთვის როგორც დასრულებული ნამუშევრების, ისე შემოქმედებითი პროცესის ამსახველი კადრების გასაზიარებლად. მოსწავლეებს განსაკუთრებით უყვართ „კადრს მიღმა სცენები“, სადაც აღბეჭდილია როგორ ფუსფუსებენ, მეგობარს ეხმარებიან… აკვირდებიან ამ ფოტოებს და იცინიან, დეტალურად იხსენებენ განვლილ აქტივობებს.

მოკლე ვიდეოებზე მეხუთე კლასის ერთერთ პროექტზე მუშაობის მთელი ისტორია გვაქვს შემონახული. ბავშვებმა თავიდან 5 ჯგუფად განაწილებულებმა გადაწყვიტეს მუყაოსა და მეორადი ქაღალდებისგან შენობების მაკეტების გაკეთება და მუშაობის პროცესში ისე შეხმატკბილდნენ, ბოლოს შეერთდნენ და ეს პატარ-პატარა ქაღალდის ნაგებობები გრანდიოზულ ერთიან კომპლექსად გადააქციეს. სწორედ ეს, შემოქმედებითი პროცესით გატაცება და ერთმანეთის მხარდაჭერა და გაერთიანებაა მთავარი რის მიღწევასაც ვცდილობ ხელოვნების გაკვეთილებზე.

ვირტუალურ გალერეაში საკმაოდ ვრცელი ფოტო-ვიდეო მასალა მოგვიგროვდა, რა თემებზე მუშაობდნენ ბავშვები, ჩანიშნული გვაქვს სასწავლო მიზნები, შთამაგონებელი ხელოვანები და ა.შ. წლის ბოლოს კი ერთად ვქმნით სკოლაში დიდ ექსპოზიციას ან ჩვენი ონლაინ გამოფენისთვის შემაჯამებელ ვიდეოკოლაჟებს.

ჩემმა მოსწავლეებმა იციან, რომ ხატვის თუ ძერწვის პროცესში, მათი ნებართვით, მუშაობის ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალას ვიღებ. მაშინაც, კი, როცა ბავშვები დისტანციურად მეცადინეობდნენ, ვთხოვდი შემოქმედების მომენტები ახლო ხედის კადრებით და მოკლე ვიდეო ჩანაწერებით თავადვე, როგორც შეძლებდნენ, ისე დაეფიქსირებინათ.

სკოლაში გაკვეთილზე ცოტა მეტი დატვირთვა კი მემატება, გადაღებისას სათანადოდ თვალყური უნდა ვადევნო მოსწავლეების მუშაობის პროცესს, რომ მნიშვნელოვანი დეტალები არ გამომრჩეს და ყველას თანაბრად გავუნაწილო ყურადღება. დღის ბოლოს გადაღებული მასალის დალაგებასაც საკმაო დრო მიაქვს. ჩემმა მერვეკლასელმა მოსწავლეებმა ტელეფონში ფოტოს და ვიდეოს სწრაფად დასამუშავებლად კარგ აპლიკაციებს მიმაგნებინეს. რამდენიმეს დღემდე აქტიურად ვიყენებ. წამებში შემიძლია ფოტოების სასურველ ზომაზე მოჭრა, გამონათება, ფაქტობრივად ფოტოშოპის მსგავსი ინსტრუმენტები მაქვს ტელეფონში Snapseed-ის აპლიკაციის სახით. ვიდეოს მონტაჟს კი, ისევ და ისევ, ჩემი მოსწავლეების რჩევით, Capcut-ის დახმარებით უსწრაფესად ვახერხებ.

ბავშვებიც ნელნელა ითვისებენ შემოქმედებითი პროცესის ხარისხიანად გადაღებას. თავიდან რამდენიმე რჩევა მივეცი, რა უნდა გაითვალისწინონ რომ საინტერესო მასალა გამოუვიდეთ. გაიგეს რა მნიშვნელოვანია რაკურსი გადაღებისას, რომ ფოტოზე ჩრდილი არ უნდა ფარავდეს გამოსახულებას, მოჭრილი კადრის ხიბლიც გაიაზრეს და ა.შ. გადაღებული ფოტოების სერიიდან თავად  შეუძლიათ შეარჩიონ ერთი ან ორი ფოტო ყველაზე გასაგებად რაც გადმოსცემს პროცესს, რომ მერე ხელოვნების ვირტუალურ გალერეაში გავაზიაროთ.

ასე შეთანხმებულად ვმუშაობთ, ერთმანეთისგან ვსწავლობთ ხელოვნების გაკვეთილებზე. შემოქმედების პროცესის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა კი ამ ჩვენს გამოცდილებას გვახსენებს, გვახარებს, გვაფიქრებს, რა გამოუვიდათ კარგად, რა ისწავლეს ახალი, რა შეიძლებოდა უკეთესად გაეკეთებინათ. მეც ყურადღებით ვაკვირდები ამ პროცესებს და მომავალი პროექტებისთვის ვითვალისწინებ კარგსაც და ნაკლსაც.

ახლა როცა ახალი სასწავლო წლის გამოფენებზე ვფიქრობ, საგულდაგულოდ ვინიშნავ, რომ საეტაპო ნამუშევრებთან ერთად, მოსწავლეების მუშაობის პროცესის ამსახველი კადრები არ გამოგვრჩეს. შემოქმედებითი პროცესის ამსახველი რამდენიმე ფოტოს დამატება ჩვენს ექსპოზიციას უფრო ცოცხალს, დინამიურს გახდის.

მგონია, რომ ეს კადრები უმალ მიიპყრობს მნახველის თვალს და გულს. ყველამ არ იცის რა ხდება ხოლმე ხელოვნების ოთახში, როგორ მიმდინარეობს ჩვენი გაკვეთილები. სკოლის გამოფენაზე დამთვალიერებლები ხედავენ დასრულებულ ნახატებს და სკულპტურებს, მეორადი ნივთებით შექნილ ობიექტებს და ა.შ. და უმეტესწილად მაინც საბოლოო შედეგზე არიან ფოკუსირებულები. ამ შედეგს კი წინ უძღვოდა მოზარდების შრომა, მონდომება, ძალისხმევა, კითხვების დასმა, ანალიზი, კვლევა, ექსპერიმენტები, საკმაოდ ვრცელი და აღმოჩენებით სავსე გზა ნამუშევრების დასრულებამდე. ამიტომ  მე და ჩემი მოსწავლეები ვცდილობთ მნახველი ვირტუალურად შემოვახედოთ ხელოვნების ოთახში, ვაჩვენოთ ჩვენი მუშაობის ეთიკა და ხელოვნების შექმნის პროცესი, რომ გამოფენის დამთვალიერებლებმა თავი შემოქმედების თანამონაწილეებად იგრძნონ.

სკოლაში გამართულ ექსპოზიციაზე არაერთხელ მომისმენია ასეთი კომენტარი: “დავიჯერო ეს მეექვსეკლასელმა თავად დახატა?! ნუთუ ეს შესაძლებელია?“ ჩემი პასუხია: დიახ, შესაძლებელია… ვფიქრობ, პროცესის ამსახველი კადრების გაცნობა არის ყველაზე გასაგები და სასარგებლო გზა ვაჩვენოთ აუდიტორიას თუ როგორ იქმნება ხელოვნება.

წელს ასეთი კადრები ხელოვნების ოთახშიც უნდა გამოვფინოთ, ერთ კუთხეს მივუჩენთ კედელზე და ხშირად განვაახლებთ, რომ მოსწავლეები დადებითად დაიმუხტონ, გაახსენდეთ გავნლილ პროექტებზე როგორი ხალისით მუშაობდნენ, ახლები კი შთაგონებით აღივსონ.

ორსახა იანუსი – მოდი, ერთად ჩავყვინთოთ იდიომების ზღვაში!

0

ქართულის გაკვეთილზე ლექსიკურ მარაგზე მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა, განსაკუთრებით ისეთ სიტყვებზე, რომლებსაც ყოველდღიურ საუბარში იშვიათად ვიყენებთ და მათი ცოდნა ადამიანის განათლებულობაზე და ინტელექტზე მიუთითებს. მაგალითად, ინგლისური ენის სწავლებისას განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ასეთი ფრაზებსა და სიტყვებზე მუშაობას ექცევა. უამრავი რესურსი, წიგნი, სავარჯიშოების რვეულები თუ ტესტური დავალება გვთავაზობს მხოლოდ იდიომებს, მხატვრულ გამონათქვამებს, იმიტომ, რომ ინგლისელებმა ზუსტად იციან, რომ ენის სიღრმისეული ცოდნა სწორედ ასეთი „მარგალიტების“ გააზრებასა და გაგებას გულისხმობს. ქართულში ასეთი გამონათქვამები თითქოს მივიწყებული გვაქვს. მათ სასკოლო სახელმძღვანელოებშიც კანტიკუნტად შევხვდებით და ისიც მხოლოდ მშრალი განმარტებით შემოიფარგლება. არადა, რა ზღვა მასალა და რესურსი გვაქვს, რა საინტერესო! თითოეულ მათგანს ისტორიულ თუ მითოლოგიურ მოგზაურობაში მივყავართ, აქტიურდება წარმოსახვა, ასოციაციები, შემოქმედებითობა…

თუ ბავშვებთან თითოეულ იდიომს საგულდაგულოდ დავამუშავებთ, შედეგით თავადაც განცვიფრდებით – როგორ ჩაყვინთავენ სიტყვათა ზღვაში, როგორ გაფრინდებიან შორეულ წარსულში, როგორ მოაგროვებენ ამბებს და შემდეგ ერთ ფაზლად როგორ ააწყობენ, როგორ გაამთლიანებენ და მიიღებენ უნიკალურ გამონათქვამს… შარშან ჩემს მესამე კლასელებთან დავამუშავე იდიომები: „ვარსკვლავებს ეთამაშება“, „ოლიმპიური სიმშვიდე“ , „ფორტუნამ გაიღიმა“, „სიტყვის ბანზე აგდება“ – წელს რომ დაბრუნდნენ, ეს ფრაზები ისე ბუნებრივად ექციათ საკუთარ ყოველდღიურ ლექსიკად, ძალიან გამიკვირდა და გამიხარდა!

(აღნიშნულ იდიომებზე აქტივობებს იპოვით ჩემს გვერდზე).

აქვე გთავაზობთ ალექსანდრე ონიანის „ქართული იდიომების“ ელექტრონულ ვერსიას:

https://dlab.ug.edu.ge/books/detail/5826

 

სიტყვა რომ აღარ გავაგრძელოთ, ამ წერილში კიდევ ერთი საინტერესო იდიომის თავგადასავალს გთავაზობთ, რომელზეც მუშაობის სიამოვნებას თქვენს მოსწავლეებთან ერთად მიიღებთ.

ვინ არის ორპირი იანუსი? რას ნიშნავს იანუსობა?

ადამიანი, რომელიც ორგულია, გაიძვერა, ორპირი – ორსახა იანუსად მოიხსენიებენ ხოლმე.

იანუსი რომაული ღვთაებაა, თავდაპირველად მზისა და სინათლის ღმერთი იყო, შემდეგში კი უფრო მეტი დატვირთვა შეიძინა.

ხსნიდა ზეციურ კარიბჭეს, რომ იქიდან დედამიწაზე დღე გამოეშვა. იანუსის, როგორც გუშაგის ხელთ იყო შესასვლელი და გასასვლელი კარის გასაღები, აღებდა და ხურავდა ჭიშკრებს. თავად სიტყვა „იანიც“ – გასასვლელებს აღნიშნავს.

მხოლოდ კარიბჭის ღვთაება, როდი იყო იანუსი, ის დროებას, წარსულსა და მომავალს, დასაბამსა და დასაწყისს განაგებდა. დედამიწაზე, რომაელთა ყველა კარი და კარიბჭე იანუსს ეძღვნებოდა და იქ მის ქანდაკებებს აღმართავდნენ ხოლმე.

იანუსი შემოქმედ ღმერთად მიაჩნდათ, მან გააცოცხლა დედამიწა, გააჩინა ყველა მდინარე და ნაკადული. მისი მეუღლე წყლის ნიმფაა, ხოლო შვილი წყაროთა და შადრევანთა ღვთაება.

იანუსი მოგზაურებსაც და გზაზე დამდგარ ადამიანებსაც მფარველობდა, სწორედ მას უსწავლებია ადამიანისთვის ხომალდის აგება.

ეს გასაოცარი ღმერთი, ომსა და მშვიდობასაც განაგებდა, მისი სახელობის ტაძრის კარიბჭე მხოლოდ ომიანობისას იღებოდა, რომ საბრძოლველად გამზადებულ ლაშქარს ამ კარიბჭეში გაევლო და მათთვის გზა დაელოცათ.

რადგან დროც მას უკავშირდება, წლის ერთ თვეს მისი სახელი უწოდეს, რომელიც დღემდე შემორჩა: იანუსი – იანვარი.

მისი სადიდებელი დღესასწაული ჩვენს ახალ წელს შეერწყა. ამ დღესასწაულზე აკრძალული იყო: ჩხუბი და ალიაქოთი, რათა ადამიანებს მშვიდი წელი ჰქონოდათ და იანუსს მათთვის ცუდი წელი არ გამოეგზავნა.

ორსახა იანუსის ერთი სახე წარსულისკენ იმზირება, ხოლო მეორე მომავლისკენ. ერთი ახალგაზრდა კაცისა აქვს, მეორე – მოხუცებულის. ამიტომ გახდა ორსახა იანუსი ორგული ადამიანის სინონიმი. თუმცა, იანუსი კეთილი და დამლოცველი ღმერთია. ადამიანებს გვჩვევია, როდესაც მხოლოდ გარეგნობაზე ვამახვილებთ ყურადღებას, მას ვიმახსოვრებთ, ვინახავთ, შინაარსი, სინამდვილე კი ადვილად გვავიწყდება.

 

ლექსიკონი

კარიბჭე – ქალაქის, ციხის შესასვლელი კარი

გუშაგი – დარაჯი, მცველი

 

 

აქტივობა 1:

დააკვირდი აღწერას: ორსახა იანუსის ერთი სახე წარსულისკენ იმზირება, ხოლო მეორე მომავლისკენ. ერთი ახალგაზრდა კაცისა აქვს, მეორე – მოხუცებულის. აღწერის მიხედვით დახატე იანუსის პორტრეტი.

 

აქტივობა 2:

 

ტექსტის უკეთ გააზრებისთვის

 

  1. რატომ უწოდებენ იანუსს გუშაგს?
  2. რის ღვთაება იყო იანუსი?
  3. რატომ აღმართავდნენ კარიბჭეში იანუსის ქანდაკებებს?
  4. რატომ მიაჩნდათ იანუსი შემოქმედ ღმერთად?
  5. რომელ თვეს ჰქვია იანუსის სახელი?
  6. რატომ იყო ჩხუბი და აურზაური აკრძალული იანუსის დღეს?

 

აქტივობა 3:

წარმოიდგინე, როგორ ქმნის იანუსი მდინარეებს, აცოცხლებს დედამიწას. შექმენი კომიქსი. შენი კომიქსის პერსონაჟებად, იანუსთან ერთად აქციე იანუსის ცოლი ტყის ნიმფა და ასული – წყაროთა და შადრევანთა ქალღმერთი. არ დაგავიწყდეს ღრუბლებში პერსონაჟთა სიტყვების ჩაწერა.

აქტივობა 4:

 

შეავსე კროსვორდი

აქტივობა 5:

მოიფიქრე ერთი ამბავი იანუსზე. გაითვალისწინე მისი უნარები და ისტორია. დაასათაურე და გააკეთე ილუსტრაცია.

 

 

 

შემთხვევის ანალიზი – ბიოლოგიის სწავლებისთვის

0

შემთხვევის ანალიზი მიეკუთვნება სწავლების ინტერაქციულ მეთოდს. ის მოსწავლეს გადაწყვეტილების მიღებისკენ უბიძგებს. მეთოდის მიზანია შემსწავლელს განუვითაროს შემოქმედებითი, კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება, ასევე – დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი. შემთხვევის ანალიზი პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების ერთ-ერთი კერძო შემთხვევაა. ამ დროს მოსწავლეები იძენენ ცოდნას, რომელიც ცხოვრებაში გამოადგებათ, მსჯელობენ პრაქტიკულ სიტუაციებზე, ჯგუფური დისკუსიით მიდიან გადაწყვეტილებამდე, ასაბუთებენ თავიანთი გადაწყვეტილების მართებულებას. შემთხვევების ანალიზის სხვადასხვა ვერსია არსებობს, თუმცა მათი მთავარი მახასიათებელია ის, რომ შემთხვევა აღებულია რეალური ცხოვრებიდან, მოსწავლე თეორიულ ცოდნას აკავშირებს რეალურ ცხოვრებასთან. ის პროცესის ნაწილია, თავად უნდა გადაჭრას პრობლემა. არკვევს, რა თეორიული ცოდნა სჭირდება პრობლემის გადასაჭრელად. იძენს ახალ ცოდნას და იწყებს პრობლემის გადაჭრისთვის გზის ძიებას. გზის არჩევის შემდეგ მოსწავლეები აჯამებენ საკითხს და ადარებენ მას რეალურ პასუხს.

შემთხვევის ანალიზი ექვს საფეხურს მოიცავს:

საფეხურების (ფაზების) თანმიმდევრობა აქტივობა მიზანი
შემთხვევასთან შეხვედრა შემთხვევის გაცნობა მოსწავლეებმა გაიაზრონ მაგალითის შინაარსი და ზოგიერთ შემთხვევაში გაეცნონ მიღებულ გადაწყვეტილებას.
საჭირო ინფორმაციაზე მუშაობა სიტუაციის ანალიზი და ინფორმაციის საკმარისობის დადგენა, საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ინფორმაციის მოძიება. მოსწავლები აანალიზებენ ინფორმაციას, აფასებენ და მოიპოვებენ დამატებით ინფორმაციას პრობლემის გადაწყვეტის მიზნით.
დისკუსია ჯგუფში პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზების დამუშავება, თავმოყრა და ყველა გზის ძლიერსა და სუსტ მხარეებზე მსჯელობა. მოსწავლეს უვითარდება დივერგენტული აზროვნება.
კონსენსუსი ჯგუფში პრობლემის გადაჭრის ჩამოთვლილი გზებიდან საუკეთესოს, ყველაზე რელევანტურის არჩევა. მოსწავლეებს უვითარდებათ დისკუსიის, მსჯელობის უნარი.
დებატები აუდიტორიის მონაწილეობით ჯგუფში მიღებული გადაწყვეტილების მთლიანი კლასისთვის გაცნობა და მათთვის იმის დასაბუთება, რომ პრობლემის გადაჭრის გზა ნამდვილად კარგია. ამ ფაზაში დისკუსია მიმდინარეობს მთლიან კლასში. მოსწავლეებს უვითარდებათ არგუმენტირების უნარი.
შედარება ჯგუფების მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედარება რეალურად მიღებულ გადაწყვეტილებასთან. ასევე რეკომენდაციის შემუშავება. მოსწავლეებს უვითარდებათ რეფლექსიის უნარი.

გთავაზობთ ამ მეთოდის გამოყენებას ბიოლოგიის გაკვეთილზე:

ნებისმიერ ასაკში ადამიანს დაავადების დიაგნოსტირებისთვის სჭირდება სისხლის ანალიზის ჩატარება. მოსწავლეები წარმოიდგენენ, რომ ექიმები არიან და სისხლის ანალიზის საფუძველზე უნდა დაადგინონ დაავადება; დაასაბუთონ, რატომ თვლიან ასე და როგორ მივიდნენ კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე. რესურსი (პრეზენტაცია) მოიცავს ექვს სიტუაციას. მე ერთ ჯგუფს ერთი ნიმუში მივეცი განსახილველად. რესურსი ადაპტირებულია ინგლისურენოვანი Case study წყაროს მიხედვით. შესაძლებელია პერსონალური მონაცემების დაცვით გამოვიყენოთ ანალიზების სხვა ნიმუშები.

შემთხვევა გამოვიყენე მერვე კლასში, როცა მოსწავლეები სისხლის აგებულებასა და მისი ცალკეული უჯრედების ფუნქციებს სწავლობენ. უფრო მოსახერხებელი იქნება გამოიყენოთ მეთორმეტე კლასში, რადგან აქ უფრო ღრმად არის საკითხი განხილული და მოსწავლეების წინარე ცოდნაც უფრო მეტად შეესაბამება შემთხვევებს.

მნიშვნელოვანია მასწავლებელმა ყურადღება გაამახვილოს ადამიანის ბიოლოგიის ცოდნით შეიარაღების მნიშვნელობაზე – რაც უფრო მეტი ინფორმაცია აქვთ ბავშვებს საკუთარი ორგანიზმის შესახებ, მით უფრო ადვილად და ადრეულ პერიოდში დაფიქრდებიან ჯანმრთელობის პრობლემებზე.

ასევე უნდა წახალისდეს ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავების ეტაპი, რადგან ჯგუფები უფრო მარტივად მივლენ სწორ დასკვნამდე და არგუმენტის მოტანაც გაუადვილდებათ.

მერვე კლასში გამოყენებისას ჯერ წარვადგინე პრობლემა, შემდეგ დავამუშავე პარაგრაფები. მეთორმეტე კლასში უკვე არის საშუალება მოსწავლეებმა დამოუკიდებლად დაამუშაონ შემთხვევა.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. გზამკვლევი პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის.

როგორ ვასწავლოთ ბავშვს მიზნის დასახვა და მისი მიღწევა

0

მიზნის დასახვისა და მისი განხორციელების უნარი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უნარია, რომელიც ესაჭიროება ბავშვს სასწავლო პროცესში წარმატების მისაღწევად. უფრო მეტიც, მიზანდასახული მოქმედების უნარი საკვანძო უნარია წარმატების მისაღწევად ცხოვრების ნებისმიერ სფეროში, იქნება ეს სწავლა, თუ ნებისმიერი სხვა საქმიანობა. ის ერთნაირად მნიშვნელოვანია, როგორც მოზარდებისთვის, ისე ზრდასრულთათვის. ეს ბუნებრივია რადგანაც, როცა ადამიანს რაღაცის მიღწევა სურს, ის მუდმივად წინ მიიწევს. მიზნები მოქმედებს როგორც კომპასი, რომელიც მოგვმართავს სწორი მიმართულებით და გვეხმარება დავრჩეთ ფოკუსირებული დავალებაზე და შევინარჩუნოთ მოტივაცია.

 რა დადებითი შედეგების მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს მიზანდასახული მოქმედების უნარი:

  • მიზნები ქმნის სიცხადეს. მიზნის დასახვით ჩვენ განვსაზღვრავთ, თუ კონკრეტულად რის მიღწევა გვინდა. ეს ჩვენს ქმედებებს აზრს და მიმართულებას აძლევს; გვეხმარება, თავიდან ავიცილოთ ენერგიისა და რესურსების ფუჭად ფლანგვა, ოპტიმალურად გამოვიყენოთ ისინი;
  • მიზნები ზრდის ჩვენს მოტივაციას, მოტივაციის წყარო ხდება, რადგანაც ვიცით, რომ ვმუშაობთ კონკრეტული შედეგის მისაღწევად. მიზანი გვეხმარება ვიყოთ კონცენტრირებული და დაჟინებული მაშინაც კი, როცა სირთულეებს ვეჯახებით;
  • მიზნები გვეხმარება პროგრესის გაზომვაში. ის წარმოადგენს მკაფიო კრიტერიუმს, რომლითაც შეიძლება პროგრესის გაზომვა. ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ რამდენად ახლოს ვართ მიზნის მიღწევასთან და აუცილებლობის შემთხვევაში მოვარგოთ მოქმედებები დასახულ მიზანს, კორექტირება გავუკეთოთ ჩვენს ქმედებებს, ცვლილებები შევიტანოთ მათში;
  • მიზნები ხელს უწყობს თვითგანვითარებას. მიზნის დასახვისა და მიღწევის პროცესი მოითხოვს, საჭიროებს თვითრეფლექსიას, დაგეგმვას, გადაწყვეტილების მიღებასა და პრობლემის გადაჭრას, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ამ მნიშვნელოვანი უნარების განვითარებას;
  • მიზანდასახულ მოქმედებას არცთუ იშვიათად წარმატებამდე მივყავართ. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ადამიანები, რომლებიც მიზნებს ისახავენ, უფრო ხშირად აღწევენ წარმატებას ცხოვრებაში, რადგანაც იციან, რა სურთ და აქტიურად მუშაობენ მის მისაღწევად;
  • მიზნის დასახვა ნებისმიერ ასაკობრივ საფეხურზე ეხმარება მოზარდს სირთულეების დაძლევაში, სიტუაციის რაციონალურად შეფასებაში, გეგმის შედგენასა და ეტაპობრივად ამ გეგმის მიხედვით მოქმედებაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თუ გვსურს, რომ მოზარდი წარმატებული იყოს არა მხოლოდ სასწავლო საქმიანობაში, არამედ სხვა სფეროებშიც, დროულად უნდა ვიზრუნოთ მასში მიზნის დასახვისა და მისი მიღწევის უნარის გამომუშავებაზე.

 რეკომენდაციები – როგორ ვასწავლოთ ბავშვს მიზნის დასახვა და მისი მიღწევა:

  • უპირველეს ყოვლისა, ავუხსნათ, განვუმარტოთ ბავშვს მიზნების მნიშვნელობა, გავარკვიოთ იმაში, თუ რა არის მიზანი და რატომ არის ის მნიშვნელოვანი;
  • დავეხმაროთ მიზნის ჩამოყალიბებაში და მის სწორად ფორმულირებაში. გავითვალისწინოთ, რომ მიზანი უნდა იყოს კონკრეტული, გაზომვადი, მიღწევადი და დროში განსაზღვრული;
  • თუ ბავშვი ისახავს დიდ და გრძელვადიან მიზანს, ვურჩიოთ დაყოს ის უფრო პატარა და მოკლევადიან მიზნებად. ეს მიზნის მიღწევის პროცესს უფრო გააადვილებს და დაეხმარება ბავშვს, დაინახოს საკუთარი პროგრესი;
  • გამოვხატოთ მხარდაჭერა და გავუძლიეროთ ბავშვს მოტივაცია მიზნის მისაღწევად. ჩვენი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვისთვის. შევაქოთ, როცა ის აღწევს პატარა მიზნებს დიდი მიზნისკენ მიმავალ გზაზე, დავეხმაროთ გაუმკლავდეს წარუმატებლობას და დაბრკოლებებს;
  • ვურჩიოთ ბავშვს უფრო მარტივად, მსუბუქად შეხედოს წარუმატებლობას. ის, რომ რაღაც არ გამოგვივიდა, სრულიადაც არ ნიშნავს მარცხს. წარუმატებლობა არ უნდა გახდეს იმედგაცრუების მიზეზი, ვინაიდან ის შეიძლება წინსვლის წინაპირობადაც კი ვაქციოთ. უარყოფით ემოციებთან გამკლავება და არდანებება მსგავს სიტუაციებში ბავშვს მომავალში აუცილებლად გამოადგება. გვახსოვდეს, რომ პატარებისთვის ძალიან მტკივნეულია წარუმატებლობა და წაგება. ასეთ სიტუაციებში თავის ემოციებს ისინი შესაბამისად გამოხატავენ. 5-6 წლამდე ასაკის ბავშვისთვის სრულიად ნორმალურია მწვავე რეაგირება მარცხზე. ამიტომ, უშედეგო მცდელობა იქნება ჩვენი მხრიდან მოვითხოვოთ მისგან „ნებისმიერი შედეგის მიღება“ და მისი დარწმუნება იმაში, რომ „მთავარია არა მოგება, არამედ მონაწილეობა“;
  • ავუხსნათ ბავშვს, რომ დასახული მიზნისკენ მიმავალ გზაზე მას აუცილებლად დასჭირდება სიმტკიცე და დაჟინებულობა, რადგანაც ის მთავარი ფაქტორია მიზნის მისაღწევად. ამასთან, საჭირო იქნება იმის გათვალისწინებაც, რომ ყოველთვის ყველაფერი დაუბრკოლებლად, უმტკივნეულოდ არ კეთდება. მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ მოძრაობა წინ, მაშინაც კი, თუ ეს საკმაოდ რთულია;
  • მოვერიდოთ ბავშვის განებივრებას საჩუქრებით და მისი ნებისმიერი სურვილის ასრულებას. დავუტოვოთ მას რაიმე საოცნებოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში მოზარდს ძალიან გაუჭირდება მიზნების დასახვა და აღნიშნული მიზნების მისაღწევად მოქმედება. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს ჰქონდეს ოცნება, რომელიც თავისით არ ახდება. საჭიროა მოზარდს გავაგებინოთ, რომ ეს ოცნება რეალობად იქცევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის გარკვეულ ძალისხმევას გამოიჩენს მის მისაღწევად. ბავშვი იწყებს ფიქრს იმაზე, თუ რა შეიძლება და რა უნდა გაკეთდეს ოცნების ასასრულებლად. ასე ჩნდება მიზნები. შევთავაზოთ მოზარდს, თავად მოიფიქროს გეგმა მის მისაღწევად და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში აღმოვუჩინოთ დახმარება;
  • გავათავისუფლოთ მოზარდი უმწეობისა და უსუსურობის განცდისაგან. ბევრ ბავშვს ეჩვენება (ხშირად არცთუ უსაფუძვლოდ), რომ მშობლები მათ ნაცვლად წყვეტენ ყველაფერს – რა წიგნი წაიკითხოს, სად გაატაროს არდადეგები, რით დაკავდეს სკოლის შემდეგ, რომელ წრეზე იაროს და ა.შ. ასეთ დროს ბავშვს ესაჭიროება მასზე კონტროლის ცოტა შესუსტება. როდესაც მოზარდის ნაცვლად ყველაფერს დედა და მამა წყვეტს, მისთვის ძალიან რთულია, გაერკვეს, რა სურს თავად მას. ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში საკმაოდ გართულდება მიზნის დასახვისა და მისი მიღწევის უნარის გამომუშავება ბავშვში. ვენდოთ მოზარდის არჩევანს. რაც არ უნდა დიდი იყოს ცდუნება, მის ნაცვლად გადავწყვიტოთ ყველაფერი, არ ღირს ამის გაკეთება. თუ ბავშვს ყოველთვის მივუთითებთ რა გააკეთოს, ის ვერასოდეს გაიგებს, რა სურს თავად და ძნელად თუ შეძლებს ბოლომდე დაიჯეროს საკუთარი შესაძლებლობების. ვესაუბროთ ბავშვს მის ოცნებებსა და ინტერესებზე, მივცეთ საშუალება დამოუკიდებლად გადაწყვიტოს, რა სურს და დავეხმაროთ სამოქმედო გეგმის შედგენაში. ამ პროცესში მას ჩვენი დახმარება დასჭირდება, მაგრამ გვახსოვდეს, რომ ფასდაუდებელ ცხოვრებისეულ გამოცდილებას ის მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ საკუთარ მიზნებს დამოუკიდებლად დაისახავს;
  • ვიყოთ მაგალითი ბავშვისთვის, ვუჩვენოთ მას, როგორ ვისახავთ მიზნებს და ვაღწევთ მათ იმ ამოცანების ჩართვით, რომელთა გადაწყვეტა ყოველდღიურად გვიწევს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზნის დასახვისა და მისი მიღწევის უნარი ერთ-ერთი ის უმნიშვნელოვანესი უნარია, რომელიც აუცილებლად უნდა განვავითაროთ ბავშვში იმისათვის, რომ მან შეძლოს წარმატებების მიღწევა. მიზნის დასახვისა და მისი მიღწევის სწავლება მნიშვნელოვანი, წინგადადგმული ნაბიჯია ბავშვის განვითარებაში. ეს დაეხმარება მას, გახდეს უფრო დამოუკიდებელი, თავდაჯერებული და წარმატებული.

 

პარლამენტარიზმის ისტორია და მოდელის გავრცელება მსოფლიოში

0

პარლამენტარიზმის სამშობლოდ დიდი ბრიტანეთი მიიჩნევა. 1215 წელს ჯონ უმიწაწყლოს მიერ ხელმოწერილი „თავისუფლების დიდი ქარტიით“ მეფეს მთელი რიგი უფლებამოსილებები ჩამოერთვა, რამაც პარლამენტარიზმს დაუდო საფუძველი. აღნიშნულის შემდეგ პარლამენტარიზმმა ბევრჯერ იცვალა შინაარსი, ფორმა და საბოლოოდ და წარმომადგენლობითი დემოკრატიის ყველაზე დახვეწილ ფორმად ჩამოყალიბდა.

2017 წელს საქართველოში მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო რეფორმა განხორციელდა, რომელმაც ქვეყნის მმართველობის სისტემა შეცვალა. 2018 წლის დასასრულისთვის საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკად გარდაიქმნა. ამ ცვლილებების შედეგად, საქართველოს პარლამენტის მნიშვნელობა საგრძნობლად გაიზარდა, განსაკუთრებით აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის თვალსაზრისით. მთავრობა უფრო მეტად ანგარიშვალდებულია საკანონმდებლო ორგანოს წინაშე. პარლამენტის რეგლამენტის რეფორმით კიდევ უფრო გაფართოვდა საპარლამენტო ფუნქციები და დაინერგა ახალი და ეფექტური მექანიზმები პარლამენტის საკანონმდებლო, საზედამხედველო და წარმომადგენლობითი საქმიანობის განსახორციელებლად.

მნიშვნელოვანია, ამაღლდეს ამომრჩევლის ცნობიერება. ამ წერილში ვეცდები, ავხსნა მმართველობის საპარლამენტო მოდელის უპირატესობები, გაგაცნოთ ის ქვეყნები, რომლებშიც საპარლამენტო მმართველობის მოდელია დამკვიდრებული.

დღეს საპარლამენტო მმართველობის მოდელი წარმატებით მუშაობს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: ესტონეთი, ლატვია, მოლდავეთი, სომხეთი (ოთხივე პოსტ საბჭოთა ქვეყანაა) ბულგარეთი, ავსტრია, ხორვატია, ფინეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ბოსნია, ისლანდია, ირლანდია, ისრაელი, იტალია, მალტა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი, სინგაპური, სლოვაკეთი, სლოვენია, სამხრეთი აფრიკა, შვეიცარია, ჩეხეთი.

საპარლამენტო მოდელებია ზოგიერთ ეგზოტიკურ თუ არადემოკრატიულ ქვეყანაში. მაგალითისათვის, ბანგლადეშში, ბარბადოსში, ბოტსვანაში, დომინიკის რესპუბლიკაში, ეთიოპიაში, ფიჯიზე, გაიანაში, ინდოეთში, ერაყში, კირიბატიში, ლიბანში, მარშლის კუნძულებზე და ა.შ. აღმასრულებელ ხელისუფლებას სწორედ პარლამენტი ამტკიცებს.

ამავდროულად ისეთ ქვეყნებში, სადაც მმართველობის ფორმა კონსტიტუციური მონარქიაა (შეზღუდული ფორმით), მოქმედებს საპარლამენტო მოდელები. ასეთი ქვეყნებია: ანდორა, ავსტრალია, ბელგია, კანადა, დანია, იაპონია, ლუქსემბურგი, ახალი ზელანდია, ნიდერლანდები, ნორვეგია, ესპანეთი, შვედეთი, დიდი ბრიტანეთი.

სტატიაზე მუშაობის დროს შევისწავლე რამდენიმე ჩვენთვის საინტერესო სახელმწიფო. იმ საპარლამენტო რესპუბლიკებში, რომლებშიც მართვის დემოკრატიული მოდელია დამკვიდრებული, ძირითადად კოალიციური მთავრობებია. რაც ნიშნავს, რომ მთავრობის (აღმასრულებელი ხელისუფლების) დაკომპლექტებას კონკრეტული პარტია ერთპიროვნულად ვერ ახერხებს.

პრაქტიკული მაგალითები

ესტონეთის 101-ადგილიანი პარლამენტის 2023 წლის არჩევნებში პირველი ადგილი რეფორმების პარტიამ დაიკავა. მათ მხოლოდ 37 მანდატი მიიღეს. ცხადია, აღნიშნული შედეგი არ აღმოჩნდა საკმარისი მინისტრთა კაბინეტის დასაკომპლექტებლად. პარტიას მოუწია მოლაპარაკებების დაწყება სხვა სუბიექტებთან მინისტრთა კაბინეტის დასაკომპლექტებლად. საბოლოოდ შეიქმნა კოალიცია, რომელშიც შევიდნენ „ესტონეთი 200“ და სოციალ-დემოკრატიული პარტია. აღნიშნულმა პარტიებმა 14 და 9 მანდატით მეოთხე და მეხუთე შედეგი აჩვენეს.

https://en.wikipedia.org/wiki/2023_Estonian_parliamentary_election

ლატვიის 100-მანდატიან პარლამენტში (სეიმი) 2022 წლის არჩევნების შედეგად 26 მანდატით პირველ ადგილზე გავიდა „ახალი ერთობა“ (JV). აღნიშნულმა პარტიამ, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება შეძლო მეორე („მწვანეებისა და ფერმერების პარტია“) და მეექვსე („პროგრესი“) ადგილებზე გასულ სუბიექტებთან ერთად.

https://en.wikipedia.org/wiki/2022_Latvian_parliamentary_election

საინტერესოა გერმანიის მაგალითი. 2021 წლის შემოდგომაზე გამართულ ბუნდესტაგის არჩევნებში, მაშინდელი კანცლერის, ანგელა მერკელის „ქრისტიან დემოკრატიული პარტია“ 24.%-ით მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო 25.7%-ით პირველ ადგილზე გავიდა ოლაფ შოლცის „სოციალ-დემოკრატიული“ პარტია. ცხადია, მიღებული შედეგი მთავრობის დასაკომპლექტებლად არ იყო საკმარისი (735 წევრიან საკანონმდებლო ორგანოში, უბრალო უმრავლესობის მოსაპოვებლად მინიმუმ 368 მანდატია საჭირო).

შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, გამარჯვებულმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ კოალიციური კაბინეტის ჩამოყალიბებაზე წარმატებით ითანამშრომლა „მწვანეებთან“ და „თავისუფალ დემოკრატიულ პარტიასთან“. სწორედ ამ ალიანსის გაფორმების შემდეგ გახდა ოლაფ შოლცი გერმანიის კანცლერი.

https://www.theguardian.com/world/ng-interactive/2021/sep/26/german-election-results-exit-poll-and-possible-coalitions

რატომ საპარლამენტო რესპუბლიკა?

საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა. აღნიშნულიდან მოყოლებული ქვეყანას ერთი პოლიტიკური ლიდერი/პარტია მმართავდა (გამონაკლის წარმოადგენს 2012-2016 წლები, როდესაც ქვეყანას მართავდა საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიებისგან დაკომპლექტებული მთავრობა).

2024 წლის ოქტომბერს გაიმართება საპარლამენტო არჩევნები, რომელიც სრულად პროპორციული წესით ჩატარდება. ამომრჩევლებს პირველად გვექნება უნიკალური შანსი, ძალაუფლება გავუნაწილოთ სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს. იმ შემთხვევაში, თუ ვერცერთი პოლიტიკური პარტია ვერ შეძლებს მთავრობის დასაკომპლექტებლად საჭირო მანდატების მოგროვებას, ჩვენ მივიღებთ კოალიციურ მმართველობას. ეს კი იქნება იმის გარანტი, რომ მთავრობა ვერ შეძლებს გამოავლინოს გულგრილობა საზოგადოების დაკვეთებისა და საჭიროებების მიმართ.

საპარლამენტო მმართველობის მოდელი და მასთან დაკავშირებული რისკები

საპარლამენტო რესპუბლიკებში ხშირია პოლიტიკური კრიზისები. ასეთ კრიზისებს, ძირითადად კოალიციაში შემავალ სუბიექტებს შორის დაწყებული უთანხმოება ქმნის, რაც მინისტრთა კაბინეტის დაშლითა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებით სრულდება. ამის ნათელი მაგალითია იტალია, სადაც პარლამენტის არჩევნები თითქმის ყოველ მეორე წელიწადში იმართებოდა.

https://www.iemed.org/publication/the-historical-reasons-behind-italys-instability/

საპარლამენტო რესპუბლიკებისთვის დამახასიათებელი რისკები:

  • მთავრობის არასტაბილურობა: კოალიციური მთავრობების დაშლის რისკი;
  • პოლიტიკური კრიზისების გახანგრძლივება: პარლამენტში უმრავლესობის არარსებობის შემთხვევაში;
  • მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების გაჭიანურება (კომპრომისისა და შეთანხმების გამო).

შეჯამება

კოალიციაში შემავალი პარტიები აბალანსებენ ერთმანეთს, უფრთხილდებიან რეპუტაციას, უშვებენ ნაკლებ შეცდომებს, რასაც დადებითი შედეგები მოაქვს ქვეყნისა და მოსახლეობისთვის. საბოლოო ჯამში საპარლამენტო მმართველობის მოდელის უპირატესობები შემდეგნაირად შეიძლება ჩამოვაყალიბოთ:

  • მთავრობის პასუხისმგებლობა პარლამენტის წინაშე – მთავრობას აკომპლექტებს და ნდობას უცხადებს პარლამენტი. ნებისმიერი გადაცდომის დროს შეუძლიათ, დააყენონ მთავრობის/ცალკეული მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი;
  • პოლიტიკური პარტიების როლი – ვიღებთ მრავალპარტიული სისტემას, სადაც არის პარტიული კონკურენცია;
  • დემოკრატიული კონტროლი – ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლები აკონტროლებენ ხელისუფლების საქმიანობას;
  • პოლიტიკური პლურალიზმი – ქვეყანაში თანაარსებობენ სხვადასხვა მსოფლმხედველობის პოლიტიკური ძალები და მათ შორის არის კონკურენცია;
  • ხელისუფლების განაწილება – მარტივია ერთი ინსტიტუციის ძალაუფლების კონცენტრაციის თავიდან აცილება.

 

 

დამოწმებული წყაროები და გამოყენებული ლიტერატურა:

რა ვიცით პარლამენტის შესახებ – https://www.undp.org/sites/g/files/zskgke326/files/migration/ge/undp_ge_dg_what-we-know-about-parliament_students-textbook_7-grade_2021_geo.pdf

ზურაბ ჟვანია – ჩვენი თაობის პრივილეგია – https://www.zurabzhvania.ge/publications/%E1%83%A9%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98%20%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%92%E1%83%98%E1%83%90.pdf

https://worldpopulationreview.com/country-rankings/republic-countries

https://civil.ge/ka/archives/220037
https://civil.ge/ka/archives/271341

https://www.iemed.org/publication/the-historical-reasons-behind-italys-instability/

https://www.theguardian.com/world/ng-interactive/2021/sep/26/german-election-results-exit-poll-and-possible-coalitions

https://en.wikipedia.org/wiki/2022_Latvian_parliamentary_election

https://en.wikipedia.org/wiki/2023_Estonian_parliamentary_election

https://www.undp.org/ka/georgia/projects/parliament

 

ეტიუდი „ერთი ლექსი“ (გივი გეგეჭკორის „კინოში წასვლა“)

0


კინოში წასვლა

როცა შეგევედრება,
კვირით სადმე კინოში
მიგყავს ბავშვი ზოგჯერ,
გარეთ მისი პერანგი
თითქოს რქებით ჰკიდია
თიკანივით თოკზე.

სანამ ქუჩას გაივლით,
სანამ შეუერთდებით
მოფუთფუთე მორევს,
ის ხელიდან გისხლტება
და ქუჩაზე კონსერვის
ქილას მიაგორებს.

ისე გაცრეცილია
და ისეთი ნაზია,
ვით ყვავილი ბალბის,
სანამ ბილეთს იყიდი,
შორიახლო ტრიალებს,
ღიღინებს და დარბის.

ესეც კინოს დარბაზი.
ახლა ხან წინ გაუშვი,
ხან წინ გაუძეხი,
მერე პალტო გახადე,
თითქოს ბუტერბროდიდან
ენას გიყოფს ძეხვი.

მერე ვიოლინოზე
უკრავს ბატი დონალდი
და იძახის: „დარლინგ!“
მერე დარბის კაცუნა
და დარბაზის სიხარულს
ჰქვია მხოლოდ ჩარლი…

მერე ესეც თავდება,
ქვითინი და ხარხარი
უკან რჩება, უკან.
გარეთ წვიმა შრიალებს,
ფეხსაცმელზე დახრილი
შეხსნილ ზონარს უკრავ…

ოდნავ დაცილებული
ორი წინა კბილი და
ორი წვრილი კანჭი
ბნელში შენს წინ ციმციმებს,
როცა გესაუბრება
გამოზრდილი ტანჯვით.

კითხვა განსაცდელია
და რამდენი ეჭვია
კიდევ გასაფანტი,
უვარდება მანქანას
შუქით დაგრძელებული
მხოლოდ შენი ლანდი.

წვიმა ლექსიკონივით
ღამის მწუხრში შრიალებს,
არ აჩერებს ტაქსი.
ბოლოს მაინც ჩერდება…
გამოაღე კარი და
მძღოლის გვერდით დასვი.

ბავშვი – კითხვის ნიშანი
შემოგყურებს თვალებში,
იცინის და ცმუკავს,
დიახ, ჭეშმარიტება
ემალება დროებით
ყველას ფარდის უკან.

იგი არის თამამი,
ყველა მოხიბლულია
და იქცევა კარგად
და ჯერ მისი პასუხი
მატარებლის კუპეში
კარის ჯახუნს არ ჰგავს…

იგი მოგეყუდება,
ვიდრე ფეხზე დადგება,
ვიდრე მონახავენ,
ვიდრე ალუბალივით
მისკენ გამოიწვდიან
მაქმანიან მკლავებს.

ის ცხოვრებას ურდულზე
ჯერ არ ეჯაჯგურება,
გამზრდელს გვერდით უზის,
მისთვის არა შრიალებს
შემოდგომის წვიმების
სევდიანი ბლუზი.

იგი მერე იფიქრებს,
როცა მოვა სიბერე
და თმას გაუთეთრებს,
რომ შენს გვერდით ცხოვრობდა
თუ ვაგონის ფანჯრიდან
დაგინახა ერთხელ?..

გივი გეგეჭკორი თავისი დიდი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული პოეტი და მთარგმნელი იყო. ფრანგული პოეზიის მისეულმა თარგმანებმა, როგორც დიად თარგმანებს სჩვევია ხოლმე, ორიგინალურ პოეზიაში შეაღწია და პოზიტიური გავლენა მოახდინა წამყვან ქართველ პოეტებზე. სიღრმეებში რომ არ შევიდეთ და მხოლოდ რეტინალურ მაგალითს დავჯერდეთ – მისი თარგმანების მერე მომძლავრდა ჩვენში პოეტური ტექსტების განლაგება პროზის ფაქტურით. ფრანგული პოეზიის მისეული ანთოლოგია დღეს უკვე ეჭვშეუტანელ კლასიკად ითვლება და იმ თარგმანებს შორის მოიხსენიება, რომლებმაც ბევრი რამ შესძინეს ქართულ პოეზიას. ეს თარგმანები დღესაც ძალიან ვიტალური და კითხვადია, სოციალურ ქსელებში ხშირად იდება ცალკეული ლექსი აღნიშნული ანთოლოგიიდან, ბევრმა ზეპირადაც კი იცის. მეტსაც ვიტყვი – ზოგიერთი ლექსის ინტონაციურ თუ კონცეპტუალურ გავლენასაც გადავწყდომივარ ცალკეული ავტორების ლექსებში. ამ ანთოლოგიის შინდისფერყდიანი გამოცემის ორი ეგზემპლარი მქონდა, ერთი ძმაკაცს ვაჩუქე, მეორე კი მეორე ძმაკაცს ვათხოვე ერთხელ და დამიკარგა. ამჟამად კი, დიდი ხანია, მოყვითალოყდიანი გამოცემა მაქვს ნათხოვარი კიდევ ერთი ძმაკაცისგან – გიო ლომიძისგან, და ხშირად ვკითხულობ.

რაც შეეხება გივი გეგეჭკორის ორიგინალურ პოეზიას: მისი არაერთი ლექსი ქართული პოეზიის საგანძურშია შესული. თარგმანებისა არ იყოს, მისი ლექსებიც კითხვადია დღეს, აქტუალურია სოციალურ ქსელებში. თუ სწორად მახსოვს, ერთ-ერთ ლექსში მიმართავს საკუთარ თავს, მომავალში მხოლოდ ბიბლიოთეკის ბინადარი არ იქნება შენი წიგნებიო, და ასეცაა. ის უდავოდ დიდი პოეტია, მაგრამ დიდი პოეტია მხოლოდ მისი შედგენილი ჰეტერომეტრით (4/3-4/3-4/2) და ამ ჰეტერომეტრში შემავალი საზომებით დაწერილი შედევრებით, სადაც ის აბსოლუტურ ინტონაციურ ინდივიდუალიზმს აღწევს. ზოგადად მისი შემოქმედება ვერსიფიკაციული მრავალფეროვნებითა და სიახლით (აღნიშნული ჰეტერომეტრის გარდა) არ გამოირჩევა, ძირითადად სულ რამდენიმე, ძალიან გავრცელებული საზომით ოპერირებს და ამ საზომებით დაწერილი აქვს სრულიად ბრწყინვალე ლექსები, თუმცა ვერ ახერხებს, ამ საზომებს ინდივიდუალური ინტონაციური აკუსტიკა შესძინოს. მარტივად რომ ვთქვათ: სხვა საზომებით დაწერილი მისი უცნობი ლექსი რომ წაიკითხოს მკითხველმა, ავტორს ვერაფრით გამოიცნობს, განსხვავებით – მისი შედგენილი ჰეტერომეტრით და ამ ჰეტერომეტრის შემადგენელი საზომებით (4/3; 4/2) დაწერილი ლექსებისგან. ეს ჰეტერომეტრი და მისი შემადგენელი საზომები დამორჩილებული აქვს აბსოლუტურად, აქ მკაფიოდ ისმის გივი გეგეჭკორის საფირმო ინტონაცია, რომელიც არავისში აგერევა და, რომელსაც დღესაც უამრავი მიმბაძველი ჰყავს, არაერთგან გადააწყდები გივი გეგეჭკორის ხმას. ლექსმცოდნეები უკვე საუბრობენ იმაზე, რომ ამ ჰეტერომეტრს – 4/3-4/3-4/2 – მისი სახელი უნდა ეწოდოს. ორი ფოლკლორული საზომის (4/3 და 4/2) შეერთებით მან სრულიად უნიკალური ევფონიის მქონე სალექსო საზომი შექმნა. ეს საზომები გურამიშვილმა გაალიტერატურულა (თუმცა პირველი მათგანის – შვიდმარცვლედის – მწიგნობრულ ვარიანტს გაცილებით ადრე, მეცხრე საუკუნეში ვხვდებით ატენის სიონის კედელზე), გეგეჭკორმა კი ამ ორი საზომის ინდივიდუალური პოტენციალები შეადუღაბა. 4/3 – საფერხულო საზომია, ამ საზომითაა შექმნილი ქართული საფერხულო-საცეკვაო სიმღერები, რადგან ამ შვიდმარცვლედის რიტმი თავისთავად გიბიძგებს კინეტიკური აქტივობისკენ, მოძრაობისკენ. გივი გეგეჭკორმა ბინარულ შვიდმარცლედს ქორეთი მოსხეპილი ექვსმარცვლედი დაამატა და მიიღო ეს უნიკალური საზომი. ზედიზედ ორი დაქტილური და ბოლოს ერთი ქორეული კადენციის მოდულაცია დაუვიწყარ ეფექტს იძლევა.

*

რაც შეეხება ზემოთ კოპირებულ ლექს-შედევრს: ჩვენს წინაშეა გივი გეგეჭკორის საფირმო ჰეტერომეტრით დაწერილი თოთხმეტსტროფიანი ლექსი, რომელიც მისი პოეტიკისთვის დამახასიათებელ ყველა იმანენტურ შტრიხს ატარებს. საერთოდ გივი გეგეჭკორი იშვიათად წერდა კომპაქტურ ლექსებს, მისი ლექსები, როგორც წესი, ვრცელია. ბევრჯერ მომისმენია, რომ ლექსი ვრცელი არ უნდა იყოს, რომ დიდი ლექსის კითხვა მოსაბეზრებელია და ა. შ. ამ პრიმიტიული მიდგომის საპირწონედ ვიტყვი, რომ ლექსის პრობლემა არა – მოცულობა, არამედ სათქმელი და მხატვრული ხარისხია. ყველა ძლიერი ლექსი ზუსტად იმხელაა, რამხელაც უნდა იყოს, ანუ ყოველი შემდგარი, ვიტალური, ექსპრესიული პოეტური ტექსტი თვითონ წერს თავის თავს და თვითონ კარნახობს პოეტს, სად და როგორ უნდა დასრულდეს, ნებისმიერი სახის ხელოვნური რევიზირება იმის შიშით, რომ ვიღაცას კითხვა დაეზარება, კლავს ლექსში პოეზიას. მთავარია, ლექსში სათქმელი იყოს, ლექსი თავის სათქმელს ამბობდეს. ვაჟა-ფშაველას ვრცელი ლექსი – „მთაში (შემოდგომის სურათები)“ – გაცილებით სასიამოვნოდ იკითხება პოეზიის გურმანისთვის, ვიდრე სხვა პოეტის რომელიმე, სათქმელისგან დაცლილი და ხელოვნური, პატარა ლექსი (შემეძლო, მაგალითად ვაჟას ნებისმიერი პოემა მომეყვანა, მაგრამ სპეციალურად ავარჩიე ლირიკული შეფერილობის ვრცელი ლექსი). გივი გეგეჭკორის ყველა ლექსი კი სწორედ სათქმელზეა ორიენტირებული, ამიტომ შეუძლებელია, ვინმეს კითხვა მოჰბეზრდეს.

გეგეჭკორის აღნიშნულ ლექსში პოეტისა და მისი პატარა შვილის ერთი კვირადღის ერთი ეპიზოდი – კინოში წასვლაა აღწერილი. საერთოდ გეგეჭკორს ახასიათებს სრულიად „არაპოეტური“ თემების ქცევა პოეზიის ობიექტად და ამას გენიალურად აკეთებს. ზოგადად მის თაობაში პოეზიის თემატური მონოქრომულობის გარღვევის საკითხი აქტუალური იყო, გეგეჭკორი ერთ-ერთია, ვინც მნიშვნელოვნად გააფართოვა სამოცი-სამოცდაათიანი წლების ქართული პოეზიის თემატური არეალი (აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ის ოცწლიანი იძულებითი კონსერვაციის შემდეგ რეგენერირებული ქართული ვერლიბრის სათავეებთანაც დგას – ერთ-ერთი პირველია, ვინც ორმოცდაათიან წლებში ვერლიბრებს წერს). ისევე, როგორც მის სხვა ლექსებში, ამ ლექსშიც შემოდის არასაბჭოთა, კაპიტალისტური მოტივები, რომლებიც ზოგჯერ – ტერმინოლოგიურ-ლექსიკურ, ზოგჯერ კი თემატურ დონეზეა გამოხატული. ის არასოდეს აგებს (გასაგები მიზეზების გამო) ლექსს მთლიანად არასაბჭოთა მოტივებზე, მაგრამ ხშირად კმაზავს ლექსებს ასეთი სანელებლით და ეს ერთგვარ ავანგარდისტულ ელფერს სძენს მის პოეზიას.

გეგეჭკორი თავისუფლად ახერხებს არაფრით გამორჩეული მარშრუტი – სახლიდან კინოთეატრამდე და უკან – ერთგვარ, ონტოლოგიური საკითხებით დახუნძლულ, ოდისეად წარმოგვიდგინოს და ჩვეულებრივი გასეირნება, უზუსტესი ნიუანსებით, მამა-შვილობის ჰიმნად აქციოს. შეუძლებელია, მგრძნობიარე მკითხველი (მითუმეტეს, თუ მშობლად ყოფნის გამოცდილება აქვს) ამ ლექსმა უკიდურესად არ ააღელვოს და დაუვიწყარი შთაბეჭდილება არ მოახდინოს მასზე…

*

ერთადერთი, რასაც ვისურვებდი, ისაა, რომ გივი გეგეჭკორს უფრო მეტი ლექსი დაეწერა თავისი შედგენილი ჰეტერომეტრით და ამ ჰეტერომეტრში შემავალი ორი საზომით, თუმცა რაც გვაქვს, ესეც საკმარისია დიდპოეტობისთვის და პოეტური შარავანდედის მუდმივი ნათებისთვის.

აი, სკოლაშიც დავბრუნდით!

0

სწავლა დაიწყო. ჩვენმა მოსწავლეებმა, რომლებსაც მოლოდინები და იმედები ზურგჩანთებად აუკიდიათ, საკლასო კლასები აახმაურეს და გააფერადეს. როგორ ძგერს მათი გულები, როგორ სწყურიათ რაღაც ახალი, განსხვავებული, საინტერესო! დღეს სკოლიდან დაბრუნებული ბავშვების ჯგუფი შემომხვდა და გავიგონე, ერთი გოგონა როგორ ეუბნებოდა მეორეს – რა მაგარი გაკვეთილი იყო, ვიმღერეთ, ვიცეკვეთ და ახალი სიტყვებიც ვისწავლეთო! როგორ მოჰბეზრდათ ბავშვებს მონოტონური, რუტინული გაკვეთილები, რომლებსაც, რა თქმა უნდა, გვერდს ვერ ავუვლით, თუმცა სკოლის დაწყების რამდენიმე კვირა შეგვიძლია დღესასწაულად ვაქციოთ და ეს განწყობა მათაც საგზლად გავატანოთ და ჩვენც გავიყოლოთ მთელი წლის განმავლობაში. განწყობის მნიშვნელობა კი ქართველებს ძალიან კარგად მოგვეხსენება. მაშ ასე, გიზიარებთ რამდენიმე აქტივობას, რომელთა განხორციელებაც ნებისმიერ მასწავლებელს შეუძლია.

აქტივობა 1:

ქილაში კითხვები ან

ქილავ, ქილავ გვითხარი – ამის პატრონმა რა ქნას?

ვიღებთ შუშის ქილას, შიგნით ვყრით პატარა ბარათებს, სადაც სხვადასხვა მოქმედება წერია. მაგალითად: „გაიხსენე ზაფხულის ერთი დღე“; „ჯადოსნური ჯოხი რომ გქონდეს, რას იზამდი?“; „ჩაეხუტე მეგობარს“; „გაიხედე ფანჯრიდან და რასაც პირველს დაინახავ, აღწერე“; „წაიღიღინე შენი საყვარელი სიმღერა“; „სამი სიტყვით დაახასიათე საკუთარი თავი“ და ასე შემდეგ. თქვენს მიზნებზე და სურვილებზეა დამოკიდებული, რას დაწერთ ქილაში მოთავსებულ ბარათებზე.

შეგიძლიათ უბრალოდ რამდენიმე ფერის ბარათი ჩააგდოთ, თითოეულ ბარათს თავის მნიშვნელობა ექნება, მაგალითად: წითელი: მოჰყევი სასაცილო ამბავი; ყვითელი: დაუხატე ყვავილი თანაკლასელს; მწვანე: მოჰყევი შენს თავზე და ასე შემდეგ.

ჰოდა, ბავშვები ამოიღებენ ბარათს და ჩვენ ვკითხავთ: ქილავ, ქილავ გვითხარი – ამის პატრონმა რა ქნას?

 

აქტივობა 2: კარგი წლის რეცეპტი

ეს აქტივობა ძალიან გემრიელია. ჩვენ ერთად რეცეპტი უნდა მოვიგონოთ. კერძის თითოეული ინგრედიენტი უდრის თვისებას, რომელიც კარგ სასწავლო წელს ქმნის… სიკეთე, ძალისხმევა, გუნდური მუშაობა, სამართლიანობა, სიამაყე, პატიოსნება, ცნობისმოყვარეობა და თანაგრძნობა.

როდესაც მოსწავლეები თითოეულ ინგრედიენტს ირჩევენ, თან განიხილავენ – რაში დაგვჭირდება. ცალ-ცალკე ძალიან კარგია, მაგრამ ერთად არაჩვეულებრივი. რაც საბოლოოდ შესანიშნავ სასწავლო წელს მოგვცემს. მაგალითად, მასწავლებელი ჩამოუწერს:

სიკეთე – ფქვილი

ძალისხმევა – კარაქი

გუნდური მუშაობა – ვანილი

სამართლიანობა – დარიჩინი

სიამაყე – ვაშლი

პატიოსნება – შაქარი

ცნობისმოყვარეობა – ვანილი

თანაგრძნობა – წყალი.

ბავშვები ირჩევენ ინგრედიენტს, ქმნიან საკუთარ კერძს, ხატავენ, წერენ რეცეპტს და კლასის წინაშე წარადგენენ. საუბრობენ – რატომ შეარჩიეს ეს კონკრეტული ინგრედიენტები და რას დაარქმევდნენ საკუთარ კერძს?

 აქტივობა 3:

ჩემი საუკეთესო ნაწილი

რა მომწონს ყველაზე ძალიან ჩემს თავში? რატომ მომწონს? ბავშვები საკუთარი სხეულის ნაწილებს ხატავენ, წერენ და საუბრობენ.

 

აქტივობა 4: ამ სასწავლო წლის იმედებისა და ოცნებების ჩემი პატარა წიგნი.

აქტივობა 5:

რა გირჩევნია შენ?

იცხოვრო მთაში თუ სანაპიროზე?
იყო ცნობილი ავტორი თუ ცნობილი მუსიკოსი?
გქონდეს აზრების წაკითხვის უნარი თუ იყო უხილავი?
გაატარო დღე გასართობ პარკში თუ სავაჭრო ცენტრში?
გყავდეს პირადი თვითმფრინავი თუ ლამაზი სპორტული მანქანა?
იცხოვრო სადმე, სადაც ამინდი ყოველთვის თბილი და მზიანია, თუ, სადაც ყოველთვის ცივი და თოვლიანი?
ყოველი კითხვის დასმის შემდეგ, სთხოვეთ მოსწავლეებს გადავიდნენ ოთახის ერთ მხარეს, თუ აირჩევენ პირველ ვარიანტს და თუ მეორეს აირჩევენ, მაშინ – ოთახის მეორე მხარეს. შესაძლებელია წინასწარ მიცემული ფერადი ალმების აწევაც.

აქტივობა 6:

სკოლის პირველი დღის წერილი საკუთარ თავს, რომელსაც წლის ბოლოს წაიკითხავს…

 

აქტივობა 7:

მე ვარ ლექსი…

აქტივობა 8:

ჩემი გარეგანი და შინაგანი მხარე, ავტოპორტრეტი.

ბავშვები ხატავენ საკუთარ ავტოპორტრეტებს, ყოფენ ორ ნაწილად: ერთ მხარეს ხატავენ გარეგნულ მხარეს, ხოლო მეორე მხარეს – რა უყვართ, რა არის მათი ჰობი, ინტერესი, რას გრძნობენ, რა ემოციები აქვთ…

 

 

გაკვეთილის სათაური – სკოლაში ვბრუნდები!

0

სკოლის პირველ დღეებს განსაკუთრებული მღელვარებით უმცროსკლასელები და მათი მასწავლებლები ველოდებით. გვინდა, პირველი შეხვედრა დაუვიწყარი იყოს, პირველი გაკვეთილები კი – მხიარული, დაუძაბავი, სიხარულითა და ბრჭყვიალა განწყობით სავსე.

გთავაზობთ რამდენიმე მარტივ ტექსტსა და აქტივობას, რომლებიც სკოლის პირველ დღეებში გამოგადგებათ.

 

ტექსტი N1

მართას დღიური  

 

31 აგვისტო

სწავლა იწყება. ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემი სკოლა მომენატრა. მიხარია, რომ კლასელებსა და მასწავლებლებს ვნახავ. კარგი იყო ზაფხული, ბევრი ვითამაშე, გავირუჯე, ვიცურავე, ვიმოგზაურე. ერთი წიგნიც წავიკითხე და ძალიან მომეწონა. წიგნები და რვეულები უკვე მოვიმზადე, ჩანთაც ჩავილაგე. ახალი ჩანთა აღარ ვიყიდე, რადგან შარშანდელიც ძალიან მომწონს. არც გაკვეთილების ცხრილი მიყიდია, მე თვითონ დავხატავ.

დღეს ადრე უნდა დავიძინო, თორემ დილით გაღვიძება გამიჭირდება.

რა კარგია, უკვე მეორეკლასელი ვარ!

 

მოდი, ვილაპარაკოთ:

  • შენ როგორ ემზადები სკოლისთვის?
  • დღიურში ეს ჩანაწერი მართამ 31 აგვისტოს გააკეთა. როგორ ფიქრობ, რომელი თვე იქნება, როცა ის სკოლაში წავა?
  • რატომ აპირებს მართა ადრე დაძინებას?
  • შენ როდის იძინებ?
  • თავად მიდიხარ დასაძინებლად თუ მშობლები გახსენებენ, რომ ძილის დროა?
  • მართას შარშანდელი ზურგჩანთა მიაქვს სკოლაში, შენ როგორ ფიქრობ, აუცილებელია ახალი ზურგჩანთა?

 

ტექსტი N2

სკოლისაკენ!

 

მართა მთელი დღეა ცქმუტავს, ადგილს ვერ პოულობს, ფაციფუცობს. ხუმრობა ხომ არ არის, ხვალ სკოლა იწყება. სკამზე მისი სამოსი ჰკიდია, ჩანთაში საყვარელი ფანქრები და კალამი უწყვია.

მაინც როდის გათენდება!

– დაიძინე, დაიძინე, – ეუბნება თავის თავს, – თორემ ხვალ მთქნარებას ვერაფერს მოუხერხებ.

მართას ძილი ძალიან უყვარს, თუმცა საღამოობით მაინც წუწუნებს. ზოგჯერ მშობლებთან ერთად ჯდომა და ტელევიზორის ყურება უნდა. ხანდახან გვიან დაძინების უფლებასაც რთავენ. ეს მაშინ ხდება, როცა ვინმეს დაბადების დღეა ან ახალი წელია და მონატრებული ბებია ჩამოდის ხოლმე.

ხვალ სკოლა იწყება, ამიტომ ადრე უნდა დაიძინოს. დილით მომზადება ხომ უნდა მოასწროს? სკოლაში ხომ არ დააგვიანებს?

ჩანთას და სამოსს წინა საღამოს იმზადებს.

დილით დრო სწრაფად გარბის და ჰაიდა, სკოლაში წასვლის დროა!

 

  • მოდი, ერთად ვითამაშოთ:

 

ორი ჩანთა

 

 

 

 

 

დავალება:

 

მართას ორი ზურგჩანთა აქვს, ერთს არდადეგებზე, სამოგზაუროდ იყენებს, მეორეს კი – სკოლაში. დააკვირდი ორივე ზურგჩანთას და მიპასუხე (ზეპირად):

 

  1. რომელი ზურგჩანთაა სამოგზაურო? რომელია სკოლისთვის განკუთვნილი ზურგჩანთა?
  2. რომელი ნივთები უნდა ჩააწყო პირველ ზურგჩანთაში?
  3. რომელი ნივთები დაგჭირდება სკოლის ზურგჩანთაში ჩასალაგებლად?
  4. რომელია ისეთი ნივთი, რომელიც შეიძლება ორივე ზურგჩანთაში ჩადო?
  5. კიდევ რა ნივთებს ჩაალაგებდი სკოლის ზურგჩანთაში?
  6. გახსენი შენი ზურგჩანთა და ჩამოთვალე, რომელი სასკოლო ნივთები წამოიღე სკოლაში.

ტექსტი N3

 

თინიკო და მზე

კომენტარი მასწავლებლებისთვის:

გაბრიელ ჯაბუშანურის ეს საბავშვო ლექსი ძალიან კარგი რესურსია ბავშვებისათვის დილის რუტინის, დამოუკიდებლად მომზადების სასწავლებლად, ერთგვარი დილის განრიგია, რომელიც სავარჯიშოდ შეგიძლიათ აქციოთ. მაგალითად:

  1. შეცვალოთ მთავარი პერსონაჟის სახელი მოსწავლის სახელით. აქვე უფრო მცირე ან უფრო მეტმარცვლიანი საკუთარი სახელის ლექსში ჩასმისას ლექსის მნიშვნელოვან მახასიათებელს, რიტმს შეეხებით და იმსჯელებთ, როგორ უნდა მოიქცეთ, რომ ლექსის რიტმი არ დაირღვეს.
  2. შეგიძლიათ, ეს ლექსი ე.წ. სმაილების, ხატულების ენაზე თარგმნოთ. მზის, გოგონას, ღიმილისა და მოქმედებათა სახელების გამეორება მეტყველების შესანიშნავი საშუალება იქნება.

 

გაბრიელ ჯაბუშანური

 

თინიკო და მზე

 

დილით ადრე იღვიძებენ

თინიკო და მზე

 

თინიკო რომ ხელ-პირს იბანს,

ხელ-პირს იბანს მზეც.

 

თინიკო რომ თმას ივარცხნის,

თმას ივარცხნის მზეც .

 

თინიკო რომ ისაუზმებს,

ისაუზმებს მზეც.

 

სკოლაში რომ მიდის თინა,

მზეც უმშვენებს გვერდს.

 

მაგრამ, აი, დედაენა

ჯერ არა აქვს მზეს.

 

 

მოდი, ვილაპარაკოთ

 

  • როგორ ემზადები სკოლისთვის? ჩამოთვალე მოქმედებები დაწვრილებით.

* მარტო გამოდიხარ შინიდან თუ ოჯახის წევრებთან ერთად?

  • ბევრი დრო გჭირდება სკოლაში მისასვლელად?

 

ტექსტი N4

გაცნობა

 

მადსის ახალი სკოლა

 

ანე-კატარინე ვესტლის საბავშვო წიგნის „დიდედა და რვა ბავშვი ტყეში“ მიხედვით

 

ზარი დაირეკა და მადსი კლასში შევიდა.

– ბავშვებო, ახალი ბიჭი გვყავს კლასში, გაიცანით, მას მადსი ჰქვია, – თქვა მასწავლებელმა, – შეგიძლია, აი, აქ დაჯდე, – უთხრა ბიჭს, – ახლა ის გვითხარი, მადს, სად ცხოვრობ?

– ტყეში, – იყო პასუხი.

ამის თქმაზე ბავშვებს ერთხმად გაეცინათ.

– მაშ, არ იცი მისამართი? – ისევ ჰკითხა მასწავლებელმა.

– ჩვენი მისამართია ტყე, – უპასუხა ბიჭმა, – ტყეშია ჩვენი სახლი.

– ძალიან კარგი, – თქვა მასწავლებელმა, რამდენიმე ბიჭმა კი ჩაიცინა.

შესვენებაზე მადსი ეზოში გავიდა და სკოლის შორეულ კუთხეში დაიმალა. ეწყინა, რომ დასცინეს, თანაც ახალ სკოლაში მოიწყინა. ზარი როცა დაირეკა, ისევ კლასში ავიდა.

– სად იყავი, ბევრი გეძებეთ, შენთან თამაში გვინდოდა, – უთხრა ერთმა ბიჭმა. სხვებმაც გაუღიმეს. მადსმა შვება იგრძნო. აქაც ისეთივე ბავშვები იყვნენ, როგორიც ძველ სკოლაში. მადსი გამხიარულდა, გახალისდა, დასვენებაზე თანაკლასელებთან ერთად ბევრი ითამაშა.

 

მოდი, ვილაპარაკოთ

 

  • რატომ გაიცინეს ბავშვებმა?
  • რა ეწყინა მადსს?
  • რა მოხდა მერე?
  • თქვენს კლასში არის ახალი მოსწავლე?
  • როგორ უნდა გაიცნოთ ადამიანი?
  • რა სიტყვებს ვიყენებთ ადამიანის გაცნობისას?
  • რაზე შეიძლება ვესაუბროთ ახალგაცნობილ ადამიანს?

 

ტექსტი N5

დიალოგი

მართა: გამარჯობა, მე მართა ვარ, ეს ელენეა.

დიმიტრი: მე დიმიტრი მქვია.

ელენე: რა ლამაზი სახელია!

დიმიტრი: გმადლობ, ელენეც ლამაზია.

მართა: რომელი სკოლიდან გადმოხვედი?

დიმიტრი: ბათუმის მეორე საჯარო სკოლიდან.

მართა: ბათუმელი ხარ? როგორ მიყვარს ბათუმი, ხშირად ჩავდივართ ხოლმე.

დიმიტრი: მეც მიყვარს და უკვე ძალიან მენატრება!

ელენე: ყველაზე მეტად რა გენატრება?

დიმიტრი: ყველაზე მეტად – ჩემი მეგობრები, ზღვა და თოლიები.

მართა: არ მოიწყინო, თოლიები მტკვარზეც დაფრინავენ

დიმიტრი: მართლა? არ ვიცოდი, თბილისშიც თუ იყვნენ.

 

მოდი, ვილაპარაკოთ

 

  • როგორ დაიწყო საუბარი მართამ?
  • რომელი ქალაქიდანაა დიმიტრი?
  • რა ენატრება ყველაზე მეტად დიმიტრის?
  • როგორ ამშვიდებს მართა?
  • გაინაწილეთ როლები და ისე წაიკითხეთ ბავშვების საუბარი.

 

დავალება

როგორ გავიცნოთ ერთმანეთი

ახალი ადამიანის გაცნობა თან მარტივია, თან რთული. მარტივი იმიტომ, რომ სულ ერთი სიტყვა გჭირდება, რთული კი იმიტომ, რომ ამ ერთი სიტყვის პოვნა ძნელია.

გვასწავლე, შენ როგორ პოულობ ხოლმე საჭირო სიტყვას.

  • როგორ იწყებ საუბარს?
  • როგორ ეცნობი მეორე ადამიანს?
  • რომელ სიტყვებს იყენებ ადამიანის გაცნობისას?
  • რაზე ესაუბრები?

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...