შაბათი, აგვისტო 2, 2025
2 აგვისტო, შაბათი, 2025

ჩვენი ევოლუცია 

0

   ,,ჩემნაირი საშუალო შესაძლებლობების კაცისგან მართლაც გასაკვირია, რომ მოვახერხე და საგრძნობი გავლენა მოვახდინე მეცნიერებზე და მათ შეხედულებებზე ზოგიერთ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით“. ჩარლზ დარვინის ავტობიოგრაფია.

,,ადამიანი ე.წ. ,,გონებრივ“ სამუშაოს მიბაძვით ასრულებს . . .  {თუმცა} მიბაძვითაც არ შეუძლია პირველივე ცდაზე, მაგალითად, ქვის, ცულის ან ნავის გაკეთება – ეს უნდა ისწავლოს . . .  მაშინ, როცა ობობა ქსელს პირველივე ცდაზე ისევე სრულყოფილად ქსოვს, როგორც გამოცდილების მიღების შემდეგ“. ადამიანის წარმომავლობა, 1871 წელი.

პირველი ჩანართით მინდა, დარვინი დაინახოს მკითხველმა სხვა მხრიდან, რადგან მისი გვარის გაგებისთანავე ადამიანების გარკვეულ ჯგუფს არასასიამოვნო ემოცია ეხატება სახეზე, რადგან ,,ვერ პატიობენ“ ადამიანის წარმოშობის მაიმუნთან დაკავშირებას.

მეორე ჩანართით კი წერილის მთავარ საკითხზე მინდა დავაფიქრო მკითხველი. ყველა ორგანიზმი უნიკალურია. საოცარია მათი გარემოსთან შეგუებულობების მაგალითები.

წერილში მცირე ზომის პროექტია წარმოდგენილი, მოსწავლეები გაეცნობიან ქეისს, სალომეს შესახებ. საკითხის დამუშავების შემდეგ კი გააკეთებენ დასკვნას.

ქეისი: შეიძლება ევოლუციამ ტკივილი გამოიწვიოს?

ერთ დილით, 30 წლის სალომემ გაიღვიძა წელის ძლიერი ტკივილით. სიარულიც უჭირდა, ჯდომაც, მხოლოდ წოლის დროს იყო შედარებით კომფორტულად. როცა სამსახურში მივიდა, მენეჯერმა ჰკითხა, როგორ ,,დაიზიანა“ საკუთარი თავი, სალომეს იდეაც არ ჰქონდა.  ბოლო დროს ზურგი მტკიოდა, თუმცა როგორი ტკივილიც იმ დილით მქონდა, ასეთი არასდროს განმიცდია. იქნებ მებაღის ცხოვრების წესმა გამოიწვია? ან დიდხანს ჯდომამ? ან ძველ მატრასზე წოლამ?  სალომემ იცოდა, რომ ასეთ ახალგაზრდას უმიზეზოდ ზურგი არ უნდა ასტკივებოდა. რადგან ტკივილი რამდენიმე დღეს გაგრძელდა, ექიმთან წავიდა. ექიმმა უთხრა, რომ ადამიანების 80%-ს წელის ტკივილი აწუხებს ცხოვრების გარკვეულ პერიოდში, პირველად კი ეს ტკივილი 30 -დან 50 წლამდე ასაკში იჩენს თავს.  ხშირად არც არსებობს ამ ტკივილის გამომწვევი რაიმე კონკრეტული მიზეზი და გარეგნული დაზიანება ძალიან უკიდურეს სიტუაციაში ვლინდება. წელის ტკივილის უმთავრესი გამომწვევია მალთაშუა დისკებისა და მალების მექანიკური პრობლემები. ზოგჯერ მათი ბუნებრივი დეგენერაცია ხდება. მაგალითად, მალთაშუა დისკები დროთა განმავლობაში შეიძლება შეიკუმშოს, ან გამოვიდეს მალებს შორის თიაქრის სახით, რაც იწვევს ტკივილს.  წელის ტკივილი უმრავლეს შემთხვევაში რამდენიმე კვირაში გადის, მით უფრო, თუ გამოიყენებ ცივ და ცხელ პაკეტებს, ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებს.

 

მცირე შემთხვევებში ტკივილი ხდება ქრონიკული, ამიტომ სალომეს ურჩია, თუ ტკივილი რამდენიმე კვირაზე მეტ ხანს გაგრძელდებოდა, ისევ კონსულტაციაზე მისულიყო.

საბედნიეროდ, სალომეს წელის ტკივილი გაქრა, თუმცა პროცესი ძალიან ნელა მიმდინარეობდა. ამიტომ მოუწია სამსახურის გაცდენა რამდენიმე დღის განმავლობაში, უჭირდა ძირითადი საქმიანობების შესრულება, მაგალითად, ფეხსაცმლის ჩაცმა-გახდა, დაბლა დახრა და ბაღში მუშაობა.  მიუხედავად იმისა, რომ წელის ტკივილი არ არის უმრავლესად ძალიან სერიოზული პრობლემა, საზოგადოებას და ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვან ზიანს აყენებს. მაგალითად, აშშ-ში 2010 წელს ყველაზე პრობლემური დაავადებების სიაში წელის ტკივილი მესამე ადგილზე იყო.  2014 წელს მკვლევრებმა დაადგინეს, რომ წელის ტკივილით გამოწვეული შესაძლებლობების შეზღუდვის შემთხვევები მთელ მსოფლიოში ყველაზე მეტია, სხვა ნებისმიერ დაავადებასთან შედარებით.

რატომ არის წელის ტკივილი ყველაზე გავრცელებული ადამიანებში? ერთი მინიშნება შეიძლება იყოს პრიმატები და შიმპანზეები.  მიუხედავად იმისა, რომ ადამიანისა და შიმპანზის დნმ-ს შორის მსგავსება 98%-ია, ადამიანებს უფრო მეტად ახასიათებთ წელის ტკივილი. რატომ?  კვლევებმა აჩვენა, რომ ჩვენი წელის ტკივილი ევოლუციის არასასიამოვნო მხარეა. თუ საკითხი გაინტერესებს, გაეცანი ადამიანის ევოლუციის პროცესს.

 

შეისწავლე ადამიანის ევოლუციაშორეული პრიმატიდან თანამედროვე ადამიანამდე, ასევე გაეცანი ფაქტორებს, რომლებმაც ეს ცვლილებები განაპირობა, კონკრეტულად კი:

  • პრიმატების კლასიფიკაციასა და ევოლუციას;
  • ადამიანის ოჯახის ჰომინიდების კლასიფიკაციას, ევოლუციასა და თვისებებს;
  • რა გავლენას ახდენს ადამიანის საქმიანობა პრიმატების მრავალფეროვნებაზე;
  • ჰომინინების ევოლუციას, რომელიც მოიცავს თანამედროვე ადამიანს და ავსტრალოპითეკებს;
  • ადამიანის გვარის ,,ჰომოს” ცვლილებას(Homo habilis, Homo erectus და  Homo heidelbergensis). ასევე კლიმატის, ფიზიკურსა და ქცევის ცვლილებებს, რომელიც მოხდა ადამიანების აფრიკიდან განსახლების პერიოდში.
  • არქაული ადამიანის ევოლუციას, მათ შორისHomo neanderthalensis, Homo floresiensis, და Homo denisova.  როგორ თანაარსებობდნენ და როგორ შეჯვარდნენ Homo Sapiens-თან;
  • თანამედროვე ადამიანების ევოლუციას, როგორ გავრცელდნენ მთელ მსოფლიოში, როგორ გახდაHomo sapiens ადამიანის ერთადერთი გავრცელებული სახეობა.
  • როგორ იმოქმედა დედამიწის კლიმატის ცვლილებამ ჰომინინების ევოლუციაზე, რამაც გამოიწვია მათი ინტელექტის ზრდა და გარემოსთან შეგუებულობების ჩამოყალიბება;
  • რა გავლენას ახდენს კულტურა ადამიანის ახალ გარემოსთან ადაპტაციაზე, მათ შორის ენის, შრომის იარაღების, ტანსაცმლის, თავშესაფრის, ცეცხლის მოპოვებისა და საკვების თერმული დამუშავების ჩათვლით.

შეეცადე უპასუხო კითხვებს:

  1. რა კავშირია ადამიანსა და შიმპანზესა და ორანგუტანგს შორის?
  2. რა განსხვავებაა ადამიანისა და შიმპანზეს ხერხემლის აგებულებას შორის?
  3. რა არის ჰომინინების განმსაზღვრელი მახასიათებელი? რატომ შეიძლება ამ თვისებამ გამოიწვიოს ზურგის ტკივილი?

 

აქვე გთავაზობთ სარეკომენდაციო ხასიათის აქტივობებს, რომლებიც საკითხის დამუშავებისთვის შეიძლება გამოიყენოთ.

აქტივობა 1: ვიდეოს ყურება პაუზებით, რომელიც შეეხება ადამიანის სახეობის ჩამოყალიბებას. მოსწავლეები ჩაინიშნავენ საკვანძო საკითხებს და უპასუხებენ მასწავლებლის შეკითხვებს.

ვიდეო: ქვის ხანის საქართველო და ადამიანის ევოლუცია.

დოკუმენტური ფილმი დმანისის შესახებ

დმანისის ნაქალაქარი – ვიდეო სამუშაოების შესახებ.

აქტივობა 2: სამეცნიერო სტატიებზე მუშაობა.

ა) სამეცნიერო აღმოჩენები;

ბ) არიან თუ არა ზეზვა და მზია ქართველები;

გ) პირველი ევროპელები;

დ) მზია;

ე) კლიმატის გავლენა ევოლუციაზე

ვ) როგორ ცხოვრობდნენ ნეანდერტალელები          

ზ) დმანისის ჰომინინები

აქტივობა 3: ინფორმაციის გაცნობა ოროზმანის აღმოჩენის მნიშვნელობის შესახებ. ოროზმანის აღმოჩენა საკითხავი,  ვიდეო -ოროზმანი.

აქტივობა 4: პროექტის შეჯამება  – ქეისის დასკვნა.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. დარვინი – სახეობების წარმოშობა;
  2. ბიოლოგია – მოსწავლის წიგნი 9 კლასი, მეორე ნაწილი – ზაალიშვილი – ტრიასი, 2021 წელი;
  3. კეინესი, რენდელი – ,,დარვინი, მისი ქალიშვილი და ადამიანის ევოლუცია“ – 2013 წელი;

 

 

 

 

 

 

სახალისო წერითი აქტივობა

0

დიდი წიგნების შექმნაში მოსწავლეთა ჩართულობა კარგი სახალისო წერითი  აქტივობაა   სწავლების დაწყებით საფეხურზე. ის  ხელს უწყობს ბავშვის მრავამხრივი განვითარების ხელშეწყობას.  ამ დროს ხდება:  

შემოქმედებითი აზროვნების სტიმულირება დიდი წიგნების შექმნა  ბავშვებს აძლევს საშუალებას გამოხატონ საკუთარი ფანტაზია და შემოქმედებითი იდეები. ეს ხელს უწყობს მათი შემოქმედებითი უნარების განვითარებას.

ენობრივი უნარების გაუმჯობესება სათაურის და ილუსტრაციის მიხედვით ტექსტების შექმნა თუ  ილუსტრაციების  შემოქმედებითად აღქმა და აღწერა ეხმარება ბავშვებს: სიტყვების შერჩევაში, გრამატიკული ცოდნის გამოყენებაში და წერითი უნარების გაუმჯობესებაში.

ვიზუალური აღქმის განვითარება ილუსტრაციების ნახვა და მათი  შემოქმედებითად გაანალიზება – აღწერა აუმჯობესებს მოსწავლეების ვიზუალური აღქმის და გამოსახულებების ანალიზის უნარებს.

გუნდური მუშაობის წახალისება დიდი წიგნების შექმნა კლასში  ეხმარება ბავშვებს გუნდური მუშაობის უნარების განვითარებაში, ერთმანეთთან თანამშრომლობაში და სოციალურ კომუნიკაციაში.

ემოციური განვითარება საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაცია და სხვების ნამუშევრების შეფასება აძლიერებს ბავშვების თვითშეფასებას და ემოციურ მხარდაჭერას.

აკადემიური სარგებლობა  – საკითხების ინტეგრაცია დიდი წიგნების შექმნა შეიძლება მოიცავდეს სხვადასხვა საგნებს, როგორიცაა ქართული ენა, ხელოვნება, და სოციალური მეცნიერებები, რაც ხელს უწყობს მრავალმხრივი ცოდნის მიღებას. სწავლების მეთოდების გამრავალფეროვნება ასეთი პროექტები უფრო საინტერესო და სახალისოა ბავშვებისთვის, რაც ხელს უწყობს მათ სწავლის მოტივაციის ზრდას.

დიდი წიგნების შექმნა დაწყებით საფეხურზე  მნიშვნელოვანი და მრავალმხრივ სასარგებლო აქტივობაა, რომელიც უზრუნველყოფს შემოქმედებით, ენობრივ, ვიზუალურ, სოციალურ და აკადემიურ უნარების სინქრონულ განვითარებას. ეს პროცესი ხელს უწყობს მოსწავლეების სრულფასოვან პიროვნულ და აკადემიურ განვითარებას.

მინდა გაგიზიაროთ ჩემს მიერ განხორციელებული მცრე სასწავლო -პროექტი –  ” დიდი წიგნი  ანუ  ამბები ილუსტრაციებიდან

პროექტის მიზანი:

მოსწავლეებმა შექმნან დიდი წიგნი, სადაც თითოეული გვერდზე  წინასწარ მოცემული ილუსტრაციის  და სათაურის მიხედვით მომზადდება  ტექსტები და შემდეგ შეიკვრება დიდი წიგნი.

მასალები:

  • ცარიელი, დიდი ფორმატის სქელი ფურცლები, რომლებსაც შემდეგ გავაერთიანებთ;
  • ფერადი ფანქრები, მარკერები, კალმები;
  • წინასწარ შერჩეული  ილუსტრაციები და სათაურები  ფურცლებზე;
  • სტიკერები, დეკორატიული და სხვა საკანცელარიო ნივთები (დამატებითი გაფორმებისთვის).

ეტაპები:

  1. პროექტის მოსწავლეებისთვის წარდგენა:

მასწავლებელმა უნდა აუხსნას მოსწავლეებს პროექტის მიზანი და ის, თუ როგორ განხორციელდება.

  1. ილუსტრაციების განაწილება:

მასწავლებელმა წინასწარ უნდა მოამზადოს ილუსტრაციები ფურცლებზე და გაუნაწილოს მოსწავლეებს. თითოეულ მოსწავლეს მიეცემა ერთი ილუსტრაცია, რომელზეც  იმუშავებს.

  1. ამბის დაწერა:

მოსწავლეებმა უნდა დაწერონ პატარა ამბავი მოცემული ილუსტრაციის  და სათაურის მიხედვით. მოსწავლეებს წერის გასაადვილებლად შეიძლება მივცეთ შემდეგი კითხვები:

  • ვინ არიან პერსონაჟები?
  • სად ხდება მოქმედება?
  • რა ხდება სიუჟეტში?
  • როგორ სრულდება ამბავი?

მოსწავლეები სათაურის, ილუსტრაციის, ფანტაზიის, ლექსიკური მარაგის, გრამატიკული წესების, მათლწერის   და დამხმარე კითხვების  გამოყენებით ქმნიან ტექსტებს – დიდი წიგნის ილუსტრირებული გვერდებისთვის. 

  1. ტექსტის გადატანა ილუსტრირებულ გვერდებზე.

როდესაც ბავშვები დაწერენ  ამბებს, მათ შეუძლიათ შექნილი ტექსტები  გადაიტანონ ილუსტრირებულ გვერდზე.

  1. ფურცლების წიგნში ჩასმა:

როდესაც ყველა ტექსტი და ილუსტრაცია მზად იქნება, მოსწავლეებმა უნდა დააკავშირონ ეს ფურცლები ცარიელ წიგნში;   შექმნან ახალი წიგნი სქელი ფურცლებით და  ყდით .

  1. წიგნის გაფორმება:

მოსწავლეებმა უნდა გააფორმონ თავიანთი დიდი წიგნი. ისინი შეძლებენ გამოიყენონ სტიკერები, დეკორატიული ნივთები და სხვა ნივთები, რომ წიგნი კიდევ უფრო ლამაზი და შემოქმედებითი იყოს.

  1. პრეზენტაცია:

პროექტის ბოლოს, მოსწავლეებმა უნდა წარმოადგინონ თავიანთი დიდი წიგნი კლასის წინაშე. მათ შეუძლიათ წაიკითხონ თავიანთი ისტორიები და აჩვენონ ილუსტრაციები.

ეს პროექტი დაეხმარება მოსწავლეებს შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაში, წერის უნარების გაუმჯობესებაში და გუნდური მუშაობის პრაქტიკაში. ბავშვები არა მხოლოდ სწავლობენ ახალი ამბების დაწერას და ილუსტრაციების გამოყენებით წერას, არამედ ისწავლიან, როგორ უნდა იმუშაონ ერთობლივად საერთო მიზნის მისაღწევად.

დამატებითი იდეები:

  • შეგიძლიათ მოიწვიოთ მშობლები წიგნის პრეზენტაციაზე, რომ ნახონ ბავშვების ნამუშევრები.
  • შეგიძლიათ გააკეთოთ ფოტო ალბომი ან ვიდეო პრეზენტაცია პროცესის შესახებ, რომელიც შემდეგ გაზიარებთ მშობლებთან და მოსწავლეებთან.

პროექტის შეფასების კრიტერიუმები:

  1. შემოქმედებითობაამბის შექმნა ილუსტრაციის მიხედვით, უნიკალური და ორიგინალური იდეები; ილუსტრაციისა და ტექსტის შემოქმედებითი და ლამაზი გაფორმება.
  2. შინაარსიამბის სიუჟეტი არის ლოგიკური და თანმიმდევრული; ამბის სიუჟეტი შეესაბამება ილუსტრაციას და აღწერს მის ელემენტებს.
  3. ენა და გრამატიკატექსტი სწორადაა დაწერილი, გამოყენებულია შესაბამისი სიტყვები და სტილი; ტექსტში არ არის გრამატიკული და ორთოგრაფიული შეცდომები.
  4. ვიზუალური მხარეტექსტი სწორად არის განთავსებული და კარგად ჩანს; წიგნი ლამაზად არის გაფორმებული და გამოიყენება დეკორატიული ელემენტები.
  5. პრეზენტაცია მოსწავლეები წარმატებით წარმოადგენენ თავიანთი ნამუშევრებს კლასის წინაშე. მოსწავლეები თანაკლასელებს გააცნობენ მათ მიერ შექმნილ ტექსტებს  და იმ ილუსტრაციებს, რაზეც მოსწავლეებმა ააგეს  ნარატიული მასალა.

 

 

ინტერვიუ მწერალთან

0

გავიგე, რომ ბატონი ირაკლი ლომოურის მოთხრობათა კრებული ისევ გამოვა. გამიხარდა, რადგან 2010-ში რომელიც გამოვიდა, ჩემს კადეტს ვაჩუქე, ერთიც სხვას ვათხოვე და აღარ დავიბრუნე. წიგნის გამოცემამდე ავტორის მოთხრობებს მის ფბგვერდზე ვკითხულობდი, მერე მოწაფეებს ვუზიარებდი, ერთად განვიხილავდით, ვმსჯელობდით… მერე რესპუბლიკური კონფერენცია გამოცხადდა და ერთმა კადეტმა (მანაც ირაკლიმ) ბატონ ირაკლისთან ინტერვიუ აირჩია გასატან თემად. თბილისიდან იყო და, რაკი საქმე მოითხოვდა, ქუთაისში შაბათ-კვირასაც რჩებოდა, ყველაფერი წავიკითხეთ, ვიფიქრეთ, ვიმსჯელეთ, ვწერეთ და გავიმარჯვეთ, თუმცა კი კარგად მომეხსენებოდა, რაც მოჰყვებოდა ამ გამარჯვებას! მაგრამ ლიტერატურის სწავლება აბა ისე როგორ იქნება-მეთქი, ვფიქრობდი და აღტაცებით ჩავკირკიტებდით გონებამახვილური სათაურების მიღმა ტექსტებს: „შოკორთველოს ბორჯღალადი”, „მუწ”, „უჟმური გულმარიხიანთა სამეფოში”, „დიმა დრიმა, ანუ სიზმრად ჩაჩეხილი”, „საქართველოს მუმია”, „შემთხვევა”, „ბიბოლი”, „ბუტუნდა”, „სტალინი სარდაფში”, „იბერი სამურაის ხარაკირი” და სხვ. – ბატონი ირაკლი ლომოურის ეს მოთხრობები არასდროს დაკარგავს აქტუალურობას (ყოველი შემთხვევისთვის, ამ 14 წლის თავზე ასეა) და მეც სულ ასე ვიფიქრებ, რომ ლიტერატურის სწავლების უფლება მხოლოდ მას აქვს, ვისაც გაკვეთილებზე, გაფრთხილებების მიუხედავად, სიტყვა „თავისუფლების“ ხსენებისა არ ეშინია.

მოთხრობებზე კი იმავე აზრით ვიტყვი, რომ ისევ საინტერესოა,  როგორც ინდივიდუალური სტილით, ისე  — ინფორმატიულობით, მსოფლიო ისტორიათა და კულტურათა ღრმა ცოდნით, სახასიათო ფსიქოლოგიური ასპექტებით, უნივერსალური გამომსახველობითი ხერხებით, სიტყვათქმნადობის ნიმუშებით, რაც მთავარია, მაღალი იუმორითა და  ლამაზ ზედაპირთან ერთად, ძალიან ლამაზი სიღრმით, რომელიც აუცილებლად ჩაგვაფიქრებს და ბევრ რეალურ, პასუხსაძიებელ კითხვასაც გააჩენს ჩვენში.  წერილის ამ ნაწილში მეორე ირაკლის, კადეტის სიტყვებს დავესესხები: ძალიან საინტერესოა ბატონი ირაკლის წერილებიც. მაგალითად,  გული, ბანაკში განბრძნობილი, ან თვითგადარჩენის თვითმასწავლებელი”. აღნიშნულ წერილში ავტორი მოგვითხრობს ერთი წიგნის შესახებ, რომელიც ყოველგვარი გაზვიადების გარეშე შეიძლება შეფასდეს, როგორც ადამიანის სულიერი სიმტკიცისა და, იმავდროულად, ადამიანთა ანტიადამიანურობისა თუ კაცთმოძულეობის ამსახველი განსაცვიფრებელი დოკუმენტი. ავტორი მიმოიხილავს ბრუნო ბეტელჰეიმის ფსიქოლოგიურ გამოკვლევა-ნაშრომს, რომელიც  ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკში შეიქმნა. ბეტელჰეიმისეული განცდა “იდეალური ტუსაღის მდგომარეობისა” ყველა ჩვენგანისათვის დამაფიქრებელი და სულისშემძვრელია:  ბეტელჰეიმი წერს, რომ ბანაკში მყოფ ადამიანს, რაც უფრო უახლოვდება იგი იდეალური ტუსაღის მდგომარეობას, მით უფრო უვითარდება ამნეზია _ მეხსიერების ნაწილობრივი დაკარგვა. სამყარო მავთულხლართს მიღმა მისთვის არარეალური ხდება, ფაქტობრივად, აღარც არსებობს. ადამიანს ავიწყდება ის, რისი დავიწყებაც არ შეიძლება, ავიწყდება მშობლებისა და ოჯახის წევრების სახელები, მშობლიური ქალაქის სახელი, ავიწყდება წარსული ცხოვრება. ადამიანი გრძნობს, რომ რაღაც საშინელება ემართება და ეს გრძნობა კიდევ უფრო აძლიერებს და ამწვავებს იმ დამანგრეველ პროცესს, რაც მის სულში მიმდინარეობს. წიგნმა, რომელსაც ბეტელჰეიმი ბანაკში წერდა, დაიცვა ის ბანაკისგან, მისცა საშუალება ადამიანად დარჩენილიყო.”[1]

ბეტელჰეიმის ისტორია და ამბავი, რომელიც ნებისმიერ საზოგადოებაში ადამიანის პიროვნულობის გადარჩენის სამსახურში დგას, მწერლის მიერ მართლაც საინტერესოდ არის გადმოცემული: „საკონცენტრაციო ბანაკის მიზანს წარმოადგენდა ადამიანის გარდაქმნა არსებად, რომელსაც შეიძლება ეწოდოსიდეალური ტუსაღი”. ის ჰგავს მექანიზმს, რომელსაც რადიოთი მართავენ: მართვის პულტზე ერთი ადამიანი ღილაკს აჭერს თითს და ათასობით თუ ათიათასობით იდეალური ტუსაღი ასრულებს ბრძანებას, თანაც ისე, რომ არ უფიქრდება, თუ რა უბრძანეს. ბრძანების მიღებასა და მის შესრულებას შორის არ არის არავითარი პაუზა, არავითარი წამი, წამის მეასედიც კი, ბრძანება პირდაპირ, დაუყოვნებლივ, მეყსეულად სრულდება, რადგან იდეალური ტუსაღი, ფაქტობრივად, აღარ არის პიროვნება, ადამიანი, ის უკვე ავტომატია, რობოტია. სწორედ ეს იყო ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკის უმთავრესი მიზანი ნორმალური ადამიანის გარდაქმნა იდეალურ ტუსაღად. ფაქტობრივად, ანალოგიური მიზანი ჰქონდა კომუნისტურსტალინურ ბანაკსა თუ ციხეს ადამიანის გარდაქმნა კონფორმისტად, რომელიც გამზადებული იქნებოდა დამამცირებელი თანამშრომლობისა და ნებისმიერი ბრძანების შესრულებისათვის (ამის შესახებ იხილეთ, თუნდაც, ამერიკელი ფსიქოლოგის, . ლეფევრის მოსაზრებანი ჩვენს წერილში კომპრომისი _ ბოროტება? კომპრომისი _ სიკეთე? _ ჟურნალი ომეგა, 2000 . #5).

ინტერვიუში  მწერალმა მისი ბიოგრაფიის შესახებ აი, რა გვიამბო:

„ — დავიბადე 1959 წლის 12 აპრილს თბილისში. 1981 წელს დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი, ირანის ისტორიის სპეციალობით. ვმუშაობდი ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში, “საქართველოს სულიერი კულტურის ეთნოგრაფიული შესწავლის განყოფილებაში”. 1992 წელს ჩავაბარე თბილისის სასულიერო აკადემიაში, სადაც სწავლის დასრულების შემდეგ ლექტორად დამტოვეს _ ლექციებს დღემდე ვკითხულობ: ქრისტიანულ ეთიკასა და შედარებით ღვთისმეტყველებაში.

სხვადასხვა დროს თბილისის რამდენიმე სკოლასა და გიმნაზიაში ვასწავლიდი ისტორიასა და საღვთო სჯულს.

პერიოდიკაში ვიბეჭდები 1982 წლიდან. გამოცემული მაქვს მოთხრობების სამი კრებული: „შემთხვევა” (2000), „ექსლიბრისი” (2003), „სიტყვაკაზმული კაქტუსი” (2005) და ორი დეტექტიური რომანი: „მკვლელობა სექსოლოგიურ ცენტრში” (2007) და „ქალაქ ტფილისის მარკა ანუ მკვლელობა ოჯახურ წრეში” (2008). ასევე, საბავშვო წიგნი „33 სახალისო რითმოცანა” (2009).

ვიყავი სცენარისტი თოჯინური სერიალისა „ჩვენი ეზო”(” Save the Children”-ის  და „ტელეიმედის” ერთობლივი პროექტი).

დაწერილი მაქვს სამი პიესა (დაიდგა გორის დრამატულ, მარჯანიშვილის _ ალექსი ჯაყელთან თანაავტორობით _ და „ზღაპრის” თეატრში) და ოთხი რადიოპიესა (დაიდგა საქართველოს რადიოში).

ინგლისურიდან ნათარგმნი და გამოცემული მაქვს ო.ჰენრის მოკლე მოთხრობების კრებული და მარიო პიუზოს რომანი „ნათლია”.

მერაბ კოკოჩაშვილმა ჩემი მოთხრობის მიხედვით გადაიღო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი “უსუი”…

პატარაობაში ბევრს ვკითხულობდი _ ერთობ გულჩათხრობილი, უკარება ბავშვი ვიყავი, გარეთ იშვიათად გავდიოდი, ვიჯექი შინ და, აბა, უნდა მეკეთებინა (მაშინ პერსონალური კომპიუტერი ჯერ არ არსებობდა), ვკითხულობდი, — ასე რომ, ლიტერატურა ჩემთვის იყო ყველაფერი, ანუ — ცხოვრება…

…თავის დროზე გურამ დოჩანაშვილმა დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე. ასევე, შემიძლია, დავასახელო: ჯოზეფ კონრადი, რეი ბრედბერი, ჯორჯ ორუელი, ვარლამ შალამოვი, ანდრეი პლატონოვი…

 

წერა, დაახლოებით, 12 წლის ასაკში დავიწყე.  ვწერდი ჩემთვის. უკვე სტუდენტი ვიყავი, როცა ჩემს სიძეს (დის ქმარს) პოეტსა და ექიმს, არაჩვეულებრივ კაცს, ცხონებულ ბიძინა მინდაძეს ვაჩვენე ჩემი მოთხრობები _ ის დამეხმარა ”ცისკარში” მიმეტანა, სადაც დაბეჭდეს კიდეც  ჟურნალის დამატებაში „ნობათი”.

 

(ინტერვიუერი:)რაც შეეხება თქვენს მოთხრობებს, საუბარსბიბოლითდავიწყებ. ძალიან მომეწონა თქვენეული ახალი თამაში — „ძაან ახალი, არც გაგონილი, არც ნანახი, სიზმარშიც რომ არავის მოლანდებია”. ჩვენს ქვეყანას ნამდვილად სჭირდება ისეთი თამაში”, რაც მსოფლიოში სახელს გაუთქვამს”, რაც გაგვაერთიანებს, გაგვამართლებს, გვიხსნის და გადაგვარჩენს”.  ჩემი და ჩემი მეგობრების სურვილიც ეგ არის, რომ საქართველო  კულტურისა და ცივილიზაციის ახალი კერა გახდეს”.  მაგრამ ეს ხომ მხოლოდ ლიტერატურული ხედვაა. მაინტერესებს თქვენი თვალით გაზომილი ზღვრის სიდიდე მწერლურ ხილვასა და ობიექტურ რეალობას შორის.

 

  • ლიტერატურა ჩემთვის პარალელური რეალობაა. ნამდვილი რეალობა, ანუ ჩვენი ყოფა თუ ცხოვრება, ჩემს ნაწერში პირდაპირ, უშუალოდ არ აისახება (ან _ ნაწილობრივ აისახება). წერისას ახალ სამყაროს ვქმნი (ზოგჯერ უფრო საშინელსაც კი, ვიდრე ეს ჩვენი რეალობაშია).

მინდა მკითხველში გამოვიწვიო ასოციაციური თანაგანცდა. ემოციური გამოძახილი. ზღვრის სიდიდეს კი ვერ გავზომავ — იმ წვეთივითაა, რომელშიც ოკეანე ეტევა.

 

(ინტერვიუერი:)თქვენს მოთხრობებში ბევრი ისტორიული პარალელია. მოთხრობათა ციკლსაც ასე ჰქვია — „პარალელური საქართველოს ქრონიკებიდან”. გარდა ისტორიული პარალელებისა, სხვა პარალელებზეც მინდა, გვესაუბროთ.

ამ კითხვაზე ნაწილობრივ უკვე გიპასუხეთ  — ჩემთვის მთავარია, მკითხველი დავაფიქრო იმაზე, რაც მაწუხებს. თუ მის გულს რაღაც შეეხო, ჩავთვლი, რომ ტყუილად არ მიწვალია. ასე რომ, პარალელები შინაგანია, ასოციაციური — ანუ ფაქტობრივ პარალელებს მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს.

 

(ინტერვიუერი:)ძალიან მოგვწონს თქვენი ზღაპრებიც”. გარდა იმისა, რასაც მათში გვთავაზობთ, რა რეცეპტს გვირჩევდით უჟმური ბოროტებისაგან თავდასახსნელად?

 

— რწმენითა და სიყვარულით უნდა ვიცხოვროთ, პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ ჩვენს თავზე ყოველმა ჩვენგანმა. ჩვენი უბედურება ისაა, რომ ყველანი საკუთარ ტყავში ვართ ჩამძვრალი და ქვეყნის საქმე არ გვენაღვლება ან არასაკმარისად გვენაღვლება, ანუ კონფორმისტები ვართ. მხოლოდ თავგანწირული სიყვარული  (სხვისთვის ცხოვრება) გვიხსნის და გადაგვარჩენს. ეს სხვა — ღმერთი და მოყვასია.

(ინტერვიუერი:)ლიტერატურა სინამდვილის მხატვრული ასახვა და სამართლიანობის სამსახურში დგომაა. თქვენი მოთხრობები კი  მშვენიერი ლიტერატურული შედევრებია. მათგან ყველაზე უფრო რომელი მოგწონთ ან გიყვართ?

 

  • ­ლიტერატურა სინამდვილის მხატვრული ასახვა მხოლოდ ნაწილობრივადაა _ ანუ ლიტერატურა არ არის ცხოვრების სარკე. სამართლიანობის სამსახურშიც ყოველთვის არ დგას. ეს შემოქმედის პიროვნულ არჩევანზეა დამოკიდებული. ყველას უნდა გვახსოვდეს ვაჟას სიტყვები: „ბილწს არ შავეკვრი ზავითა”.

რაც შეეხება ჩემს მოთხრობებს, „შედევრები” ძალიან ხმამაღლა ჟღერს. მერე გამოჩნდება, რამედ ღირს თუ არა.

 

(ინტერვიუერი:) — რამდენადაც ჩვენთვის გახდა ცნობილი, თქვენ დაიმსახურეთ „ქართული მწერლობის პრემია”. გილოცავთ ამ ჯილდოს და, თუ შეიძლება, გვითხარით თქვენთვის მის მნიშვნელობაზე.

ჟურნალმა „ქართულმა მწერლობამ” აღნიშნა ჩემი მოთხრობა „შოკორთველოს ბორღალადი”, როგორც ამ ჟურნალში ერთი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული პროზაული ნაწარმოებებიდან ყველაზე საინტერესო.

რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა.

 

(ინტერვიუერი:) — მე, როგორც კადეტს, ძალიან მენიშნა თქვენი ერთ-ერთი მოთხრობის ფინალი: „ქვეყანას ჯარისკაცები სჭირდებოდა”.

რას გვირჩევთ, როგორ ვიცხოვროთ, რომ მწერლისეული მსგავსი ტკივილი და რისხვა ჩვენმა თაობამ მაინც აიცილოს?

 

  • მოთხრობაში „ქუდზე ქალი”, საიდანაც მოიყვანეთ ციტატა, აღწერილია ყალბი და ანტიადამიანური რეჟიმი. უნდა ვიცხოვროთ სიმართლით. არ უნდა დავიბრმაოთ თავი. ვეცადოთ, გვქონდეს „გული გონიერი” და ვაჟას სიტყვები გვახსოვდეს.

სხვათა შორის, იმპუსლი ამ მოთხრობის დასაწერად გამიჩნდა მას მერე, რაც 2010 წლის 24 თებერვალს ჩვენმა პრეზიდენტმა კოჯორში, დაღუპული იუნკრების მემორიალზე გამოაცხადა: „თუ საჭირო გახდება, ქუდზე კაციც გამოვა და ქუდზე ქალიცო”.

(ეს ბოლო ფრაზა შეგიძლიათ ამოიღოთ :)“

 

წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო, უთქვამთ. ლიტერატურაც ესაა, ფრაზების ამოღება კი აბა რა საჭირო იყო!

 

 

 

[1] ირაკლი ლომოური –  გული, ბანაკში განბრძნობილი, ანუ თვითგადარჩენის თვითმასწავლებელი

https://www.facebook.com/profile.php?id=1138517904#!/note.php?note_id=477316995664 com, by Irakli Lomouri on Sunday, 21 November 2010 at 18:23

 

საზაფხულო დავალებების ნუსხა

0

გასულ წელს სასწავლო წლის დასრულებისას, 15 ივნისს, ჩემი ოთხი კლასისთვის სკოლის სტადიონზე კარნავალი გავმართე. ერთ-ერთ აქტივობად მოვიფიქრე საზაფხულო დავალებები, რომლებიც თითოეული კლასის ხასიათის გათვალისწინებით ავკინძე, ფურცელზე გადავიტანე და შინ გამომცხვარ მაფინებში მოვათავსე. დავალებები იყო შემეცნებითი და სახალისო ხასიათის. წერა, კითხვა, კვლევა-ძიება, ფიზიკური აქტივობები ერთმანეთს ცვლიდა.  მუსიკა, წიგნები, ანიმეები, მითები, ჰერბარიუმი, პოეზია, მუზეუმში სტუმრობა – დროის ნაყოფიერად გასატარებლად მრავალფეროვანი იდეები არ ილეოდა. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მაფინების გამოცხობაში ჩემი სამი მოსწავლე მეხმარებოდა. სწორედ იმ დროს ვწერდი დავალებების ნუსხას და მათაც გაუჩნდათ რამდენიმე აქტივობის  მოფიქრების სურვილი.

100-მდე მოსწავლისთვის გამომცხვარ მაფინში მოვათავსე ერთი დავალება და როდესაც საკუთარ პერსონაჟს აცნობდნენ აუდიტორიას, საუბრის დასრულების შემდეგ დავალებიან მაფინს იღებდნენ.

გიზიარებთ მასწავლებლისა და მოსწავლეების მიერ მოფიქრებულ აქტივობების ნუსხას. შეგიძლიათ, საკუთარი კლასის საჭიროებებისა და ცოდნის გათვალისწინებით, დავალებები შეცვალოთ. ჩემ მიერ შედგენილი აქტივობები მთელი წლის განმავლობაში საგაკვეთილო პროცესში დაგროვებულ ცოდნასა და გამომუშავებულ უნარებზე დაყრდნობით ავაგე.

თავისუფალი არჩევანი, სასურველი აქტივობის შერჩევა მოსწავლეებს ქმედებისკენ განაწყობს. სასწავლო წლის დასაწყისის პირველი შეხვედრაც შეიძლება საზაფხულო დავალების პრეზენტაციას დავუთმოთ.

 

  1. დღიური – ეს სიტყვა გეცნობა? ზაფხული მშვენიერი დროა დღიურის შესაქმნელად. აიღე რვეული, გააფორმე ყდა და დაწერე ყოველდღიური ამბები: როგორ გაატარე დღე? ვინ შეგხვდა? ვის ესაუბრე? ვისთან ითამაშე? რას უყურე? რა მოისმინე? რა დაინახე? როგორი ამინდი იყო? რა წაიკითხე? როგორ ხასიათზე იყავი?
  2. უყურე ჰაიაო მიაძაკის ანიმეებს: „ჩემი მეზობელი ტოტორო“, „ჰაულის მოსიარულე ციხე-კოშკი“, „არიეტე“, „პრინცესა მონონოკე“, „გულის ჩურჩული“.

 

ანიმეს ყურების შემდეგ:

  • ერთი აბზაცით დაწერე შენი შთაბეჭდილებები;
  • დახატე ეპიზოდი, რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონა;
  • მისწერე პირადი წერილი შენს საყვარელ პერსონაჟს.
  1. მოიძიე ქართული ხალხური მითები და გაეცანი მითურ გმირებს: ამირანს, კოპალას, დალის, წყარიშდიდას, პირქუშს, დალის…
  • საყვარელი მითური გმირების მიხედვით შექმენი კომიქსი.
  1. მისწერე პირადი წერილები შენს თითოეულ კლასელს. უამბე შენი ყოველდღიურობის შესახებ. წერილები გააფორმე ნახატებითა და გამხმარი ყვავილებით.
  2. ზაფხულის ფოტოებიდან შეარჩიე 10 მნიშვნელოვანი ფოტო:

 

  • დაწერე პატარა ამბავი თითოეული ფოტოს შესახებ: სად გადაიღე? რატომ გაგიჩნდა გადაღების სურვილი? რას გახსენებს ახლა? როგორ ემოციებს აღძრავს?
  1. იკითხე „ვეფხისტყაოსანი“ ხმამაღლა.
  2. მოაგროვე ჰერბარიუმი – დაკრიფე ყვავილები, გაახმე და ერთ სახატავ რვეულში მოუყარე თავი (ჩააკარი). თითოეულ ყვავილს ქვეშ მიუწერე სად იპოვე, რა ჰქვია (თუ სახელი არ იცი, შენ დაარქვი).
  3. მოინახულე რომელიმე მუზეუმი შენი ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად. ჩაიხატე რამდენიმე ექსპონატი. შინ დაბრუნებულმა შექმენი მუზეუმის დღიური. დაწერე შთაბეჭდილებები.
  4. უყურე ქართულ მულტფილმებს. დაწერე რომელი პერსონაჟი ან ეპიზოდი მოგეწონა ყველაზე მეტად.
  5. შექმენი პოეზიის რვეული და ჩაწერე 10 ლექსი. ლექსების მოსაგროვებლად ჩაატარე პატარა კვლევა – ჰკითხე შენს საყვარელ ადამიანებს, მასწავლებლებს საყვარელი ლექსების შესახებ, მოიძიე მათი შერჩეული ლექსები და ჩაწერე შენს დღიურში.
  6. შენს მობილურ ტელეფონში მოძებნე აპლიკაცია Note და ყოველდღიურად ჩაწერე დღის ჩანაწერი.
  7. რამდენიმე ბებოსთან ან ბაბუასთან ჩაწერე ინტერვიუ. შეადგინე 10 კითხვა, დაითანხმე ინტერვიუზე და მობილური ტელეფონის ხმისჩამწერით ჩაიწერე თქვენი საუბარი, შემდეგ ფურცელზე გადაიტანე თქვენი საუბარი და ინტერვიუსთვის მოიფიქრე შესავალი აბზაცი, რომელშიც გამოთქვამ შენს მოსაზრებას ინტერვიუს შესახებ.
  8. ესტუმრე უბნის ან სოფლის ბიბლიოთეკას. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი მოძებნე და ამოწერე 33 სიტყვა. მიუწერე განმარტებები.
  9. დაწერე ერთი დღის გეგმა და დღის ბოლოს გააკეთე ჩანაწერი, რა შეასრულე და რისი გაკეთება ვერ მოასწარი.
  10. ერთი კვირის განმავლობაში უყურე მზის ამოსვლას და ჩაინიშნე დრო, როდის ამოდის მზე.
  11. გადაუღე ვიდეო შენი ოჯახის წევრებს, შეარჩიე მუსიკა და ააწყე რილსი.
  12. მოძებნე ინტერნეტში ქართული ხალხური ლექსი „საბრალო დედაბრისასა“. წაიკითხე ხმამაღლა.
  13. მოაწყვე პერსონაჟის დღე
  14. ითამაშე სამაგიდო თამაშები, მაგალითად, „დურაკა“ და წაგებული გამურეთ.
  15. „სალამურას თავგადასავლის“ მიხედვით მოიფიქრე სამაგიდო თამაში შენი მეგობრებისთვის.
  16. მოაწყვეთ მკითხველთა თეატრი.
  17. ჩრდილების თეატრში გააცოცხლე შენი საყვარელი წიგნის პერსონაჟები.
  18. წადი წიგნის მაღაზიაში და შეარჩიე ერთი წიგნი შენი საყვარელი მეგობრისთვის. ყდაზე დაწერე დღის ჩანაწერი და აჩუქე მეგობარს.
  19. მოძებნე ბებიის ან დედის რეცეპტების წიგნი ან რვეული და უფროსების დახმარებით გამოაცხვე რომელიმე ნამცხვარი.
  20. იკითხე ქართული ხალხური ლექსები.
  21. ისწავლე ქართული ხალხური ანდაზები.
  22. ცარიელი კვერცხის კოლოფში ჩაასხი წყალი, ჭურჭლის სარეცხი ჟელე, ჩაყავი საწრუპი, ჩაბერე და გაბერე ბუშტები.

VI კლასი

  1. აიღე ერთი რვეული ჩანაწერებისთვის. შენ ამჯერად ნივთები უნდა აალაპარაკო. მე გთავაზობ ჩამონათვალს, შენ სურვილისამებრ შეარჩიე:
  • შენი კედები;
  • შენი სავარცხელი;
  • შენი სახლის სარეცხი მანქანა;
  • შენი სახლის მაცივარი;
  • სახლის რომელიმე დიდი სარკე.
  1. დაგეგმე ტური ძველ თბილისში.

დაიწყე მეტრო რუსთაველიდან, ფეხით დაუყევი ქუჩას, მოძებნე ოპერის შენობა, ცისფერი გალერეა, ქაშვეთის ტაძარი, 9 აპრილის ბაღი, ეროვნული მუზეუმი, პირველი კლასიკური გიმნაზია, მოსწავლეთა სასახლე, გადადი ლესელიძის ქუჩაზე, ინახულე სიონის ტაძარი, იქვე მოიკითხე სომხური ეკლესია, სინაგოგა და შემდეგ მოძებნე ჭრელი აბანოები. იქიდან ერთი ქუჩა ადის ბოტანიკური ბაღისკენ. გზად შეგხვდება მეჩეთი და მოინახულე. მეჩეთში შესვლისას ფეხზე გახდა არ დაგავიწყდეს.

ბოტანიკურ ბაღამდე ნარიყალას ციხეს ესტუმრე. ბოტანიკურ ბაღში დააკვირდი ხეებსა და ბუჩქებზე მიკრულ პაწია განმარტებებს.

შინ დაბრუნებულმა დაწერე 10 რამ, რაც მოგეწონა.

  1. მოუსმინე Nick cave-ის სიმღერას „O’children. სიმღერის მოსმენისას დაწერე თავისუფალი თემა სახელად – ბავშვები.
  2. წადი ეროვნულ გალერეაში, მოძებნე ფიროსმანის ნახატები და აალაპარაკე მითი ნახატების პერსონაჟები.
  3. იკითხე მურმან ლებანიძის ლექსები. ლექსიდან შეარჩიეთ ერთი სტრიქონი და დახატე.
  4. იკითხეთ შოთა ნიშნიანიძის ლექსები.
  5. წაიკითხე მირზა გელოვანის პირადი წერილები
  6. იწუწავეთ შენ და შენმა მეგობრებმა.
  7. აალაპარაკე საპნის ბუშტი/ბუშტები.
  8. აალაპარაკე შენი საყვარელი ნაყინის ქაღალდი.
  9. წაიკითხე „ცნობილი ხუთეულის“ რომელიმე ნაწილი და გააცანი შენს მეგობრებს.
  10. წაიკითხე თეა თოფურიას „უჩინარი სახლი“ და წაკითხვის შემდეგ დაწერე შენი შთაბეჭდილებები.
  11. გამოაცხვე რომელიმე ნამცხვარი შენს მეგობრებთან ერთად, გადაუღე ფოტო და გამოუგზავნე ლელა მასწავლებელს.
  12. აალაპარაკე მაცივრის მაგნიტი.
  13. ჩაიცვი ბებია-ბაბუის ან მშობლების ტანსაცმელი, გადაიღე ფოტო და გამოუგზავნე ლელა მასწავლებელს.
  14. შექმენი განძის რუკაა, დამალე და აპოვნინე შენს მეგობარს.
  15. დაუწერე ლელა მასწავლებელს წერილი (არ დააწერო სახელი), დაუტოვე კართან, დააკაკუნე და გაიქეცი.
  16. კანფეტის ქაღალდში გაახვიე: ანდაზები, წიგნის ციტატები, ფრაზები, ლექსები…. და დაურიგე ბავშვებს.
  17. აალაპარაკე შენი სახლის კედელი.
  18. მოუსმინე Сheers Elephant-ის სიმღერას „people“.
  19. აალაპარაკე შენი სახლის რომელიმე საყვარელი კუთხე.
  20. აალაპარაკე შენი სახლის რომელიმე ჭაღი.
  21. ჩაყარე ბუშტში კანფეტები და საყვარელი წიგნის ციტატები, გაბერე და შენ მეგობარს გაუხეთქე თავზე.
  22. დაწერე შენი საყვარელი წიგნის სათაურები, ჩაყარე ბუშტში, გაბერე და აჩუქე მეგობარს. ამოარჩიოს და წაიკითხოს.
  23. შენ და შენმა მეგობრებმა მოიგონეთ სამაგიდო თამაში და ითამაშეთ.

 

VIII კლასი

  1. მიიღე შხაპი ჩაცმულმა.
  2. ეზოდან მოწყვიტე ყვავილები, ჩაყარე წყალში და დატოვე ცოტა ხნით. ამის შემდეგ კი წაისვი სახეზე, დაელოდე ცოტა ხანი. შენი კანი სურნელოვანი გახდება.
  3. მოკრიფე ყვავილები, გაახმე და შემდეგ ჩააკარი რვეულში, დღიურში. მიუწერე დღის რომელიმე ამბავი.
  4. მოიფიქრე სამაგიდო თამაში და დატესტე მეგობრებთან.
  5. შენ და შენმა მეგობრებმა აავსეთ წყლით ბუშტები, დაახატეთ მარკერით რამე და შემდეგ ძირს გახეთქეთ.
  6. წყლით აავსეთ ბუშტები, დაახტით და გახეთქეთ. თან გაგრილდებით და თან იმხიარულებთ.
  7. გააფორმე შენი ოთახი მრავალფეროვნად.
  8. შექმენი პოსტერი. დაახატე/დააწერე შენთვის სასურველი პერსონაჟები ან ციტატები საყვარელი წიგნიდან.
  9. დაწერე შენი რომელიმე დღიდან სამი მნიშვნელოვანი ამბავი.
  10. დაწერე მოთხრობა(ები) თემებზე:
  • ბულინგი;
  • კიბერბულინგი;
  • გამოცდები…
  1. თიხისგან შექმენი რაიმე ნივთი/სუვენირი და გამოიყენე ან გააჩუქე.
  2. ამოარჩიე რომელიმე შენი საყვარელი ადამიანი ( წიგნიდან, მსახიობი, სპორტსმენი, მუსიკოსი…) და მოამზადე პატარა პრეზენტაცია. გააცანი შენს მეგობრებს.
  3. დაწერე წიგნი შენთვის სასურველ თემაზე. წიგნი შეგიძლია დაწერო რვეულში, დღიურში, კომპიუტერში ან ტელეფონში.
  4. იწუწავე მარტომ ან მეგობრებთან ერთად უცნაური ნივთებით ( კოვზით, სათლით, ჭიქით…).
  5. მოიფიქრე რამდენიმე სახალისო გამოცანა და დაუსვი შენს მეგობრებს.
  6. თუ სოფელში ხარ, დაათვალიერე გარემო, ისეირნე და დაწერე შთაბეჭდილებები, ხოლო თუ თბილისში ხარ, წადი თავისუფლების მოედანზე ან რუსთაველის პროსპექტზე (უსაფრთხოების მიზნით მშობელი ან მეგობარი გაიყოლე), მიირთვით ფერადი ნაყინები. ამ სეირნობისას რაიმე თავგადასავალი გადაგხდებათ თავს და სახლში მოსულმა დაწერე შთაბეჭდილებები.
  7. გააკეთეთ შენ და შენმა მეგობარმა ერთად ნამცხვარი. გადაუღეთ ფოტო და გადმოუგზავნეთ ლელა მასწავლებელს.
  8. მოუსმინე ჯგუფ Gorillaz-ს.
  9. წაიკითხე ლილე იროელის გაგრძელება – „ოთხი მხარე და ოთხი სვეტი“.
  10. წაიკითხე მოირა ფაული-დოილის „უბედური შემთხვევების სეზონი“.
  11. დაუწერე შენს მეგობრებს ან მეგობარს ანონიმური წერილი და დაუტოვე სახლის კართან.
  12. მოძებნე com-ზე, კლასის მიერ წაკითხული რომელიმე წიგნი: „ნისლებში და ნისლებს მიღმა“, „ საშლელები“, „ ჩუმად უნდა იჯდე“, „დაკარგული სიტყვების ლექსიკონი“, „ ლილე იროელი“, „ ორდროშობანა“ და დაწერე review. ბმული გამოუგზავნე ლელა მასწავლებელს.
  13. სკოლის ბლოგისთვის დაწერე რომელიმე წიგნზე თავისუფალი ესე, გამოუგზავნე ლელა მასწავლებელს და სთხოვე, რომ ბლოგზე გამოაქვეყნოს.

სკოლის სტადიონზე გამართულმა კარნავალმა ფანტასტიკურად ჩაიარა. ხშირად ვათვალიერებდი იმ დღეს გადაღებულ ფოტო-ვიდეო მასალას და გული სიხარულით მევსებოდა. ბავშვებიც მეკითხებოდნენ, კიდევ როდის გავმართავდით კარნავალს.

მეექვსეკლასელების საზაფხულო დავალებების ნუსხაში ასეთი დავალებაა: „დაუწერე ლელა მასწავლებელს წერილი (არ დააწერო სახელი), დაუტოვე კართან, დააკაკუნე და გაიქეცი.“

კარნავალის გამართვიდან 12 დღის შემდეგ, 27 ივნისს, ჩემს ოთახში ვიყავი წამოწოლილი და ვტიროდი. რთული სასწავლო წლის შემდეგ არდადეგების დასაწყისი ჩემთვის ყოველთვის ემოციურია. ამ დროს იჩენს ხოლმე თავს ავადობები. თითქოს მთელი წელი ცუდად გახდომის უფლებას არ ვაძლევ საკუთარ თავს და როგორც კი საგაკვეთილო რუტინას ვშორდები, დაგროვებული სტრესი, რაც მასწავლებლის ყოველდღიურობას თან ახლავს, თავს იჩენს. სწორედ ასეთ დროს გაისმა კარზე კაკუნი. კარი ჩემმა შვილმა გააღო და ცოტა ხანში ოთახში შემომიტანა ულამაზესი ანონიმური წერილი. ადრესანტის ვინაობა რამდენიმე თვის შემდეგ შევიტყვე. სევგის წერილმა სულზე მომისწრო, მანუგეშა, სევდა და ტკივილი გამიქრო. სამყარომ მეათასეჯერ გამომიგზავნა მინიშნება, რომ ბავშვებისთვის შრომას თუკი უფროსები ვერ იგებენ და გულს გტკენენ, შენ არ უნდა გაჩერდე, რადგან ბავშვების სიყვარული გიცავს. წარწერა „მიყვარხართ მას ძალიან!“ ჩემი ფარია, რომელიც ბავშვების გახარების მიზნით შერჩეულ გზაზე სიარულისას ყველა უარყოფით ენერგიას აისხლეტს.

 

 

 

 

 

როგორ ვიპოვოთ „სულის კოდი“ ბავშვობიდან?

0

რას გვირჩევს ჯეიმს ჰილმანი

ადამიანთა ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა ჩვენი თეორიები მასზე. ადრე თუ გვიან რაღაც მოგვიხმობს უხილავი მოგზაურობისკენ. შეიძლება თქვენ გახსოვთ ეს „რაღაც“, როგორც თქვენი ბავშვობის მნიშვნელოვანი მომენტი, როდესაც საიდანღაც მოსული აუცილებლობა, მოვლენათა განსაკუთრებულობა გვევლინება ერთგვარ მოწოდებად: „ეს ის არის, რაც მე უნდა გავაკეთო, ეს ის არის, რაც მე მჭირდება, ეს ის არის,

რაც თავად მე ვარ“.

ჯეიმს ჰილმანი, „სულის კოდი“

სტატიის ანოტაცია:  მასწავლებლებისა და მშობლებისათვის მნიშვნელოვანია ჰილმანის თეორია: მოუსმინეთ ბავშვებს, გამოიკვლიეთ მათი სურვილები და მისწრაფებები და დაეხმარეთ მათთვის საინტერესოს აღმოჩენაში. განათლება არსებობს სწორედ იმისთვის, რომ დაანახოს ბავშვებს საკუთარი გზა და არა იმისთვის, რომ თავს მოახვიოს სხვათა ინტერესები. მნიშვნელოვანია ის, რაც ბავშვობაში გიზიდავდათ, რადგან ის შესაძლოა იყოს თქვენი „სულის კოდი“.

თითოეულ ადამიანს აქვს უნიკალური ხასიათი და მოწოდება, რომელიც მოითხოვს რეალიზაციას. გენეტიკური სტრუქტურა, გარემო ფაქტორები და მშობლების გავლენა ვერ თრგუნავს ჩვენს ღრმა სურვილებს გავხდეთ ის, ვინც უნდა ვიყოთ – ასეთია ჯეიმს ჰილმანის წიგნის „სულის კოდის“ მთავარი გზავნილი მკითხველებისთვის.

შეიძლება გვეჩვენებოდეს, რომ ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი შემთხვევით ხდება: შემთხვევით ვირჩევთ პროფესიას, ადამიანებს და ასე შემდეგ, მაგრამ თუ ვაღიარებთ, რომ თითოეული ადამიანი უნიკალურია და მას ინდივიდუალური ცხოვრებისა და განვითარების გზა აქვს, „შემთხვევითობების“ საფუძველიც შეიძლება მოვძებნოთ და ეს შეიძლება იყოს: გარკვეული ნიჭი, უნარები და შესაძლებლობები, რომლებიც გარკვეულ არჩევანს განაპირობებენ.

ცხოვრებაში ჩვენი ქცევები და  მოქმედებები ყოველთვის არ არის ცნობიერი, ხანდახან თითქოს რაღაც ძალას მივყავართ კონკრეტული გადაწყვეტილებისკენ და მოგვიანებით ვხვდებით: რატომ მოხდა ის, რაც შემთხვევით მოხდა. ამ მხრივ ძალიან საინტერესოა სტივ ჯობსის სიტყვა სტენფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებისადმი. თავის სიტყვაში ის საუბრობს „წერტილების შეერთების“ შესახებ. რაც გულისხმობს შემდეგს: როცა აკეთებ რაღაცას დიდი სურვილით, მაგრამ არ იცი, რაში გჭირდება. სტივ ჯობსი ჰყვება: წარმოდგენა არ მქონდა, რა მინდოდა ცხოვრებაში და უნივერსიტეტიც ვერ მეხმარებოდა ამის დანახვაში. ამიტომ მე მივატოვე უნივერსიტეტი და დავიწყე კალიგრაფიის კურსის შესწავლა. პატარა იმედიც კი არ არსებობდა იმისა, რომ მე ეს როდისმე ცხოვრებაში გამომადგებოდა… მაგრამ 10 წლის შემდეგ შეიქმნა მაკინტოშის კომპიუტერი და მივხვდი, ეს ყველაფერი რატომ მოხდა.

სწორედ ამას ეძახის ჯობსი „წერტილების შეერთებას“ ანუ აწმყოს პერსპექტივიდან წარსულში მომხდარი მოვლენები ცხადი ხდებიან და იძენენ სულ სხვა მნიშვნელობას. შესაძლოა, ამას ინტუიციაც ვუწოდოთ: „უსმინეთ თქვენს გულს, მან საიდანღაც იცის, რა არის თქვენთვის საჭირო“ (სტივ ჯობსი).

ამ შესავლის შემდეგ მინდა გესაუბროთ ამერიკელი ფსიქოლოგის, ჯეიმს ჰილმანის (1926-2011) ერთ-ერთ საუკეთესო და ცნობილ წიგნზე: „სულის კოდი“, რომელიც დაგეხმარებათ, თქვენს მოსწავლეებს და შვილებს დაეხმაროთ საკუთარი გზის პოვნაში.

“The  Soul’s  Code“  გამოვიდა  1996 წელს. ამ წიგნში ავტორი განიხილავს სულისა და ბუნების ურთიერთკავშირის იდეას, რომ ყოველ ადამიანს აქვს უნიკალური “სულის კოდი” ან დანიშნულება, რომელიც ვლინდება გარესამყაროში და ფორმირებულია დაბადებამდე და განსაზღვრავს მის გზას ცხოვრებაში.

ჰილმანი ამტკიცებს, რომ ადამიანის ცხოვრება წარმოადგენს “სულის კოდის” გამოხატვის მცდელობას, ხოლო ცხოვრებისეული მეტაფორები და სიმბოლოები გვეხმარება ამ უნიკალური დანიშნულების გააზრებასა და რეალიზაციაში.

რას ნიშნავს ცხოვრებისეული მეტაფორები  და როგორ გამოხატავენ ისინი ჩვენს უნიკალურ მისიას ამ ცხოვრებაში?

ჯეიმს ჰილმანის თეორიის მიხედვით, “სულის კოდად” შეიძლება ჩაითვალოს ისეთი ცხოვრებისეული მოვლენები და გამოცდილებები, რომლებიც გვეხმარება გავიაზროთ ჩვენი უნიკალური დანიშნულება და შინაგანი მისწრაფებები. კერძოდ:

  1. განსაკუთრებული ინტერესები და მიდრეკილებები – ის, რაც გვიზიდავს ყველაზე მეტად და რისკენაც გვაქვს განსაკუთრებული მიდრეკილება ბავშვობიდანვე;
  2. განმეორებადი სიზმრები და ხილვები – სიზმრები და ფანტაზიები, რომლებიც მუდმივად მეორდება და გვიძლიერებს გარკვეულ გრძნობებს;
  3. მნიშვნელოვანი შეხვედრები – ადამიანები, რომლებმაც დიდი გავლენა მოახდინეს ჩვენს ცხოვრებაზე და ჩვენი გზის არჩევაზე;
  4. სინათლის მომენტები – უნიკალური გამოცდილებები, როდესაც ვგრძნობთ სიცხადეს და ჰარმონიას;
  5. მიზნის გრძნობა – რომელიმე საქმიანობა ან მოვლენა, როდესაც გრძნობთ განსაკუთრებულ მიზანმიმართულებას და ცხოვრების აზრს;
  6. გამოწვევები და გარდატეხები – რთული პერიოდები ცხოვრებაში, რომლებმაც იძულებული გაგვხადეს შეგვეცვალა კურსი;
  7. განმეორებადი სიმბოლოები და მეტაფორები – განსაკუთრებული სიმბოლოები და სურათები, რომლებიც მუდმივად გვხვდება.

ჰილმანის თანახმად, ამგვარი მოვლენები და გამოცდილებები გვაძლევს მინიშნებებს ჩვენი სულიერი დანიშნულების შესახებ და უნდა მივაქციოთ მათ ყურადღება, რათა გავიაზროთ და გამოვხატოთ “სულის კოდი”.

ჯეიმს ჰილმანი თავის წიგნში „სულის კოდი“ წერს იმის შესახებ, თუ როგორ სურდა იეჰუდი მენუჰინს (Yehudi Menuhin- ამერიკელი მევიოლინე), რომელიც ჯერ კიდევ ოთხი წლის არ იყო, ვიოლინო. როდესაც მას სათამაშო ვიოლინო აჩუქეს,  ცრემლები წამოუვიდა… მენუჰინი გაიზარდა და გახდა ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი მევიოლინე ამერიკაში. მან გასტროლები 11 წლის ასაკიდან დაიწყო.

ჰილმანს ათეულობით მსგავსი მაგალითი მოჰყავს. თითოეულ მათგანში ბავშვის გონებაში მოქმედებს ერთგვარი მექანიზმი ან გრძნობა, რაც მიუთითებს იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოს მან მომავალში.

ეს გრძნობა შეიძლება შევადაროთ ფანარს, რომელიც ბავშვის შთაბეჭდილებების ქაოსს ანათებს და სიბნელიდან ამჟღავნებს ზუსტად იმ მონახაზებს, რომლებიც გახდება ამ ადამიანის მომავალი: ვიოლინო, თეატრის სცენა, ხარები არენაზე და სხვა. ეს „რაღაც“ ყველას შეუძლია ამოიცნოს მანამდე, სანამ ისინი ნამდვილად მნიშვნელოვანი გახდებიან ადამიანისთვის. თითქოს „რაღაცამ“ წინასწარ იცოდა, როგორი ცხოვრებით იცხოვრებს მისი მფლობელი, ან რა კარიერას აირჩევს. ამის ნიმუშია ზემოთ მოყვანილი სტივ ჯობსის ცხოვრების ფრაგმენტები.

ჯეიმს ჰილმანი ადამიანს იაზრებს, როგორც ერთიან სურათ-ხატს. როგორც კედელზე დაკიდებულ სურათს მაყურებელი აღიქვამს ერთიანად და განუყოფლად, რომელშიც ყველაფერი იმთავითვე მოცემულია, ყველა დრო ერთადაა, – სწორედ ასეა ადამიანიც.

რა თქმა უნდა, ადამიანის ცხოვრება ვითარდება დღიდან დღემდე,- დასძენს ჰილმანი, –  ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ და გამოვიკვლიოთ გარკვეული უნარების განვითარება. ამავე დროს, თქვენი ცხოვრების ბუნებრივი ხატი/სახე შეიცავს ყველა ნიშანს, რომელიც მონაწილეობს წარსულში, აწმყოში და მომავალში. თქვენი პიროვნება არ არის პროცესი ან განვითარება. თქვენ ხართ ერთიანი სახე-ხატი, რომელიც ვითარდება, თუ საერთოდ ვითარდება. როგორც პიკასო იტყოდა: „მე არ ვვითარდები, მე ვარსებობ!“ ასეთია ყველა სახე-ხატის ბუნება: მასში ყველაფერი ერთდროულად და ერთადაა მოცემული. ასეთ უნიკალურ არსებად იბადება ადამიანი: თავისი მოცემულობით, რომელიც არსებობს მანამდე, ვიდრე მას „იცხოვრებს“ კონკრეტული ადამიანი. ჰილმანის აზრით, სწორედ ეს უნდა აღმოაჩინოს ადამიანმა და მიჰყვეს მისთვის უნიკალურ გზას. ეს არის მისი მისია.

„Neither Nature nor Nurture – Something Else – არც ბუნება და არც აღზრდა, – არამედ რაღაც სხვა“ – ასე ჰქვია ჰილმანის წიგნის ერთ თავს. ავტორი აჩვენებს, რომ არც ბუნებას და არც აღზრდას არა აქვს კავშირი სულის ლოგოსთან;

ამ გზაზე ადამიანს თან ახლავს მინიშნებები, რომლებსაც ჰილმანი პლატონის დემონებს ადარებს, ისინი არიან ერთგვარი შუამავლები, მხარზე ასხედან ადამიანს და თუ მოსმენას ისწავლით, ყოველთვის „გისმენენ და გემსახურებიან“.

„- ბოლოს და ბოლოს, რა არის იგი, დიოტიმა? – დიდი დემონია იგი, სოკრატე, ხოლო ყოველივე „დემონიურს“ ხომ საშუალო ადგილი უჭირავს ღმერთსა და კაცს შორის. – რას ემსახურება-მეთქი დემონი? – დემონი ღმერთებს ამცნობს და გადასცემს კაცთა ლოცვა-ვედრებას და შესაწირავებს, ხოლო ღმერთთა ნება-სურვილსა და წყალობას – ადამიანებს. საშუალო ადგილი რომ უჭირავს კაცთა და ღმერთთა შუა, ის მთელს სივრცეს ავსებს მათ შორის და, ამრიგად, შინაგანი კავშირით აერთებს ყველას და ყველაფერს.“ (პლატონი, „ნადიმი“).

და ბოლოს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სინერგია და ურთიერთქმედება. „სულის შექმნა კი არა მხოლოდ და არა იმდენად ინდივიდუალური პროცესია, რამდენადაც სხვებში და საკუთარ თავში უხილავის გამოვლენა სხვებთან ურთიერთობით“. ამ პროცესს ჰილმანი „უხილავთან დაბრუნებასაც“ უწოდებს…

 

 

 

Q & A ინტერაქციული მეთოდი ბიოლოგიის გაკვეთილისთვის     

0

   მეცნიერება ბოლო წლებში ისე სწრაფად ვითარდება, როგორც არასდროს. უკანასკნელ დღეებში ფინეთში გაიხსნა საწარმო, რომელიც აწარმოებს ცილა სოლეინს. პროტეინს უდიდესი პოტენციალი გააჩნია დედამიწა გაათავისუფლოს ინდუსტრიული სოფლის მეურნეობის მრავალი ტონა დამაბინძურებლისგან. ოცდამეერთე საუკუნის მოსწავლეების დაინტერესება, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, დღითი დღე რთულდება. ამიტომ მე, მასწავლებელს, მსოფლიოს პულსზე უნდა მედოს ხელი და ვაგრძნობინო რომ ვვითარდები, ვსწავლობ. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მენდობა, მისთვის არაფერ სარგებელს არ მოვიტან. ამიტომ სულ რაღაცას ვეძებ, ყველაფერს ქეისად ვაყალიბებ, სიტუაციას ვუხამებ და შედეგიც ნორმალურია. დღევანდელი წერილი ინტერაქციული მეთოდის ბიოლოგიის გაკვეთილზე გამოყენების პრაქტიკის გაზიარებაა. ქვემოთ წარმოდგენილია სოლეინის შესახებ სტატია და შეკითხვები.

საკითხავი მასალა:

ფოტოზე ნაყინია გამოსახული . . .

არც მცენარეულია, არც ცხოველური . . .

მასში არსებული ცილა საუკეთესოა საკვებისთვის . . .

ის იქმნება აირისგან, რომელსაც ამოვისუნთქავთ . . .

საუბარია ცილა სოლეინზე, რომელიც ბუნებრივია, საკმაოდ მაღალი კვებითი ღირებულებით,  მდგრადი და ნამდვილია.

2024 წლის 17 აპრილს ჯონათან სეიდმენმა გამოაქვეყნა სტატია საკვებზე, რომელიც ჰაერიდან მიიღება. ფინურმა კომპანიამ ქარხანაში შექმნა ცილა სოლეინი, რომელიც შემდეგ საკვები პროდუქტების დასამზადებლად გამოიყენება. ცილა სოლეინს ბუნებრივად აწარმოებს ბაქტერია ჟანგვა-აღდგენითი პროცესის საფუძველზე. სოლეინი ყვითელი ფხვნილია, რომელსაც შეუძლია ჩაანაცვლოს საკვებში ხორცისა და რძის ცილები. სოლეინისგან ნაყინი ჯერ კიდევ 2022 წელს დაამზადეს სინგაპურში. ფინეთის ბიორეაქტორში დღეში იმდენი ცილა მზადდება, რა რაოდენობის ცილასაც შეიცავს სამასი ძროხის რძე. სოლეინის მიღება და შემდეგ საკვებში გამოყენება მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოზე მესაქონლეობის მავნე გავლენით გამოწვეულ საფრთხეებს. სოლეინს აქვს ყველაზე დიდი პოტენციალი პლანეტა გაათავისუფლოს ინდუსტრიული სოფლის მეურნეობისგან.

სოლეინი მდგრადი პროტეინია და არ არღვევს საკვების გემოს. მას უმამის არომატი აქვს. სინგაპურის რესტორნების ჯგუფმა The Lo & Behold Group დაიწყო სოლეინის საკვებში დატესტვა. მათმა შეფმა, ოლივერ ტრუსდეილ ჯუტრასიმ, რომელიც მიშელინის ვარსკვლავის მფლობელია, გუნდისგან სრული თავისუფლება მიიღო შეექმნა სოლეინის საფუძველზე დამზადებული დესერტების მენიუ. შეფი ყოველთვის ცდილობს შეიტანოს სიახლეები საკუთარ საკვებში და მომხმარებელიც კმაყოფილი ჰყავს. მან ივარაუდა, რომ სოლეინი ყოველდღიური საკვების დასამზადებლადაც გამოდგებოდა და ადგილობრივ ინგრედიენტებთან ერთად დაამზადა წვნიანი და მშრალი კერძები. აღმოჩნდა, რომ რესტორნებში გაიზარდა მომხმარებლის რაოდენობა, განსაკუთრებით იმატა ვეგეტარიანელების რიცხვმა.

ბაქტერიის ორგანიზმში მიმდინარე ბიოქიმიური პროცესი:

ბაქტერია ფაკულტატიური ავტოტროფია. ელექტრონების დონორად იყენებს მოლეკულურ წყალბადს, რომელიც სამყაროში ყველაზე გავრცელებულია. მოლეკულური წყალბადი ჰაერში ძალიან მცირე რაოდენობითაა. ამ ბაქტერიებს შორის არსებობენ აერობებიც და ანაერობებიც. ბაქტერია ცხოვრობს ყველგან, მტკნარ წყალში, დანალექებში, ტალახში, ნიადაგში, ცხელ გეოთერმულ წყლებში, მჟავე წყლებში. მას ფერმენტ ჰიდროგენაზას საშუალებით შეუძლია ცილები დაასინთეზოს. აერობული ბაქტერია ფაკულტატიური ავტოტროფი, მიქსოტროფი ან სრულად ჰეტეროტროფია. ისინი ორგანულ სუბსტრატზე ცხოვრობენ.

ჰაერიდან ბაქტერიები წელიწადში 70 ტონა წყალბადსა და ნახშირორჟანგს შთანთქავენ და მონაწილეობენ ჰაერის შემადგენლობის ჰომეოსტაზში. ავსტრალიის მონაშის უნივერსიტეტის მკვლევრებმა გამოყვეს ფერმენტი, ჰიდროგენაზა.წყალბადს, როგორც ელექტრონების დონორს, შეუძლია დაასინთეზოს ორგანული ნივთიერებები ნახშირორჟანგთან ურთიერთქმედების შედეგად.

6H2 + 2O2 + CO2  = 5H2O + CH2O

ბიოლოგიური პროცესი, რომელიც ბაქტერიის უჯრედში მიმდინარეობს, უჯრედული სუნთქვისა და ფოტოსინთეზის მსგავსია, თუმცა ანალოგიური არ არის.

ბაქტერიის მემბრანაში ჩაშენებულია ინტეგრალური ცილები ჰიდროგენაზა და ატფ-სინტაზა. ამ დროს ელექტრონების დონორია წყალბადის მოლეკულა. ის იჟანგება და გასცემს ორ ელექტრონს. ელექტრონების აქცეპტორია ჟანგბადის მოლეკულა. უჯრედში ციტოპლაზმაში არის კიდევ მეორე ჰიდროგენაზა.

უჯრედული სუნთქვის მსგავსად იქმნება ელექტრული და კონცენტრაციული გრადიენტი, ელექტრონები გადაეცემა ცილებს, რათა ერთბაშად არ მოხდეს ენერგიის გამოთავისუფლება. ბოლოს აქტიურდება ატფ-სინტაზა და წარმოიქმნება ატფ. ფოტოსინთეზისგან განსხვავებით ბაქტერიის უჯრედში მიიღება ცილა სოლეინი.

უდაბნოში ბაქტერია მნიშვნელოვანია, რადგან იქ მცხოვრებ ორგანიზმებს უზრუნველყოფს საკვებით. წყალი ააქტიურებს მის ცხოველქმედებას. წვიმის დროს უდაბნოს ორგანიზმებში იზრდება ფოტოსინთეზის ინტენსივობა და ასევე ძლიერდება წყალბადის ჟანგვის პროცესიც. მეცნიერები იკვლევენ, რა გზით ახდენს წყალი პროცესის გააქტიურებას, ასევე შეისწავლიან ბაქტერიის ცხოველქმედებაზე ტემპერატურის გავლენას.

მიმდინარეობა:

  • მოსწავლეები ეცნობიან ყველა კატეგორიის შეკითხვას;
  • წაიკითხავენ ტექსტს (მეთოდს მასწავლებელი შეარჩევს);
  • მასწავლებელი კიდევ ერთხელ გააცნობს ინსტრუქციას;
  • მოსწავლეები უპასუხებენ შეკითხვებს წერილობით;
  • შეკითხვებს დაყოფენ ორ კატეგორიად: პირველი, რომელიც ახლო კავშირშია ტექსტთან და მეორე, რომელიც უშუალოდ უკავშირდება მოსწავლის გამოცდილებას;
  • მოსწავლეები წარადგენენ პასუხებს.

 

შეკითხვების ოთხი ტიპი:

  1. იქვე ტექსტში;
  • ვინ დაამზადა პირველად სოლეინის შემცველი ნაყინი?
  • სად ცხოვრობენ წყალბადის მჟანგავი ბაქტერიები?
  • როდის მოხდა პირველად ფინეთის ქარხანაში სოლეინის სინთეზი?
  • როგორ ხდება ბაქტერიის უჯრედში ატფ-ის მიღება?
  1. იფიქრე და მოიძიე;
  • შეაჯამე მიკროორგანიზმების როლი ადამიანის ცხოვრებაში;
  • გააანალიზე, რა მნიშვნელობა აქვს სოლეინის მიღებას გარემოს დაბინძურების თავიდან ასაცილებლად?
  • რამ გამოიწვია სოლეინის მიღების ინტერესი მეცნიერებსა და ტექნოლოგებში?
  • შეადარე ერთმანეთს ფოტოსინთეზი, უჯრედული სუნთქვა და წყალბადის ჟანგვა ბაქტერიის უჯრედში;
  • ეადარე ერთმანეთს ბაქტერიისა და საფუარი სოკოს უჯრედებში მიმდინარე პროცესები;
  • მოიყვანე მაგალითები ბაქტერიის გამოყენების შესახებ;
  1. ავტორი და შენ;
  • ივარაუდე, რა მოხდებოდა, თუ არ მოძებნიან მეცხოველეობის გარემოზე გავლენის შესამცირებლად?
  • რა არის წერილის მთავარი იდეა?
  • რას გულისხმობს ავტორი, როცა საუბრობს ბაქტერიების მნიშვნელობის შესახებ?
  • შენ როგორ ფიქრობ, რა მნიშვნელობა აქვს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებას ადამიანის ცხოვრებაში?
  1. მე თვითონ . . .
  • რას ფიქრობ სოლეინის საკვებ პროდუქტებში გამოყენების შესახებ?
  • როგორია შენი დამოკიდებულება ასეთ საკვებთან მიმართებით?
  • სოლეინის წარმოების მნიშვნელობასთან დაკავშირებით მოიყვანე არგუმენტები და კონტრარგუმენტები.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ინტერაქციული მეთოდით – კოლოიდები ქიმიაში https://mastsavlebeli.ge/?p=37623
  2. Future alternative – მომავლის საკვები, 2024 წლის 17 აპრილი;
  3. როგორ მუშაობს ბაქტერიის ორგანიზმში ფერმენტი ჰიდროგენაზე – ვიდეო;
  4. Bacteria in desert soil – ვიდეო;
  5. Structurale basis for bacterial energy extraction from atmospheric hydrogen – Nature 08.03.
  6. Asia Pacific Food Industry  2023, May 26;
  7. Ice cream made from Solar Foods Solein launches in Singapore – Fiona Holland;
  8. Hydrogen-Oxidizing bacteia – Wikipedia;
  9. ბაქტერიების საშუალებით მეცნიერებმა ჰაერისგან ელექტროენერგია მიიღეს, 2023 წლის 15.03;
  10. ფინურმა კომპანიამ ჰაერისგან საკვები შექმნა 21 მაისი, 2023 წელი;

ირმას ერთი მოთხრობა

0

წერილი ეძღვნება ცნობილი ჟურნალისტის, მწერლის, მკვლევრისა და საზოგადო მოღვაწის, ირმა კახურაშვილის ნათელ ხსოვნას                                                                      

რამდენჯერაც დავიწყე ირმაზე წერა, ყელში ბურთი მომებჯინა და შევჩერდი, სიმართლე რომ ვთქვა, არც კი ვიცი, საიდან და როგორ დამეწყო. გუშინწინ მისი მოთხრობის კითხვა ჩემს მეოთხეკლასელ შვილთან ხმამაღლა წამოვიწყე, ძალიან დაინტერესდა ოთო, იოლად გაიგო და მოიწონა ირმას ფრაზა, სიტყვა, შინაარსი. ჰოდა კვლავ იმ მოთხრობას მივადექი, ირმას საავტორო ფოტოს ჩავჩერებივარ და მისი წყლიანი თვალები თითქოს ღიმილით მანიშნებენ, რომ აქ, ერთ პატარა მოთხრობაში შეუხვია თავისი დარდი და  საფიქრალი ყველა დიდ თუ პატარა მოქალაქეს, განსაკუთრებით კი, მასწავლებელს. ყველა ასაკისთვის საინტერესოა ირმას სათქმელი, ხშირად გასამეორებელი და ძალდაუტანებლად დასასწავლი.

„რატომ არ მოვკალი მიშო“, ალბათ, ირმას ბოლო მოთხრობაა, რომელიც ჟურნალი „მასწავლებლის“ 2022 წლის, სპეციალურ  ნომერში  გამოქვეყნდა. მაშინდელია. ჟურნალის საზეიმო პრეზენტაციამდე საკუთარი ნეირონული ჩარჩოს უკვე განსხვავებულ მდგომარეოაბზე მელაპარაკა დიდხანს. მერე კი მალე წავიდა, თუმცა მის სხვა, ძალიან საინტერესო ტექსტებთან ერთად, მღელვარე ხმად ეს მოთხრობა დაგვიტოვა.

ტექსტის კითხვას იწყებ და გეგონება, ირმა ისევ აქ იყო და წინა კვირების მოვლენებით დაიწყო წერა. მეოთხეკლასელ ოთოსაც არ უჭირს გაგება, ყოველ დღე, სკოლიდან „თავისუფლებამდე“[1] და იქიდან სახლის გზაზე,  ასევე — პირიქით, სახლიდან „თავისუფლებამდე“ და იქიდან სკოლამდე — თითქმის ყოველდღე — აქციებს, მოპროტესტეებს და მათ დასაშლელად მომართულ პოლიციელთა ჯგუფებს ხედავს. „მოთხოვნა“, „პროტესტი“, მომავალი ახალგაზრდობამ რომ უნდა შეცვალოს, სხვა სამოქალაქო პასუხისმგებლობები და სოციალურია თუ სამართლებრივი ვალდებულებაც არაა უცხო პროტაგონისტზე თითქმის 4 წლით უმცროსი ბიჭისთვის. — რა გულწრფელია! შენი მეგობარი, ალბათ, ძალიან მაგარი მასწია, — მეუბნება ოთო. — არაა მასწი, უბრალოდ, მწერალია, ასე  დაწერა, — ვუხსნი მე, თუმცა არ ვიცი, რამდენად კარგად და ვფიქრობ, რამდენად „მაგარი“ მწერალია ირმა. ერთ პატარა მოთხრობაში მთელი ქვეყანა ჩაატია — რამდენი თემა, საზოგადოების ტკივილები და სენი, „ჩინოვნიკების“ და იმათი შვილების ხალხისადმი დამოკიდებულება, მოკლედ,  შედეგები, რომელსაც ყოველდღე ვიმკით,  ტელევიზიითაც ხშირად ისმის, მე კი, ეს რამდენიმე თვეა, სასამარლო განჩინებებად მეჩეხება და მაცამტვერებს. მართლა ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ამდენი პატარა გოგო-ბიჭის გაუპატიურების ან მისი მცდელობის ფაქტს ჰქონდა ადგილი „წილხვდომილ“ საქართველოში, მით უფრო, ოჯახის წევრების ან ახლობლების მხრიდან.

ძალიან მტკივნეული თემებია, მაგრამ ოთო ყურადღებით მისმენს, დროდადრო ჩამეკითხება ხოლმე, მეც ვპასუხობ, ღიად და — როგორც შემიძლია. არ შეიძლება ასეთი თემების წაყრუება ან მიფუჩეჩება, ყველა მშობელმა ან მასწავლებელმა უნდა გამონახოს დრო ბავშვებთან მათზე სასაუბროდ, თუნდაც 8-9 წლის ასაკის ბავშვებთან, რადგან 14 წელს მიუღწეველ მოზარდებს ზოგჯერ ნორმა ჰგონიათ, რასაც იმათგან გარყვნილი ზრდასრულები ითხოვენ  ან მუქარის შემდეგ შინდებიან, ჩუმდებიან და მერე, ამის გამო, სამუდამოდ იტანჯებიან. დამნაშავენი კი ციხიდან რამდენიმე წელში ბრუნდებიან დაშვებით, რომ მათ მსხვერპლთან კვლავ მოუწიოთ შეხვედრა და — ერთ სივრცეში თანაარსებობაც.

წარმოგიდგენიათ რამოდენა პრობლემას შეეხო ირმა? როგორი გაბედულებით, თან რა მარტივად ჩაატია მთელი დრამა სამიოდ გვერდში? ოსტატურად, ეპისტოლარულად, მეორე პირში?  სხვათა შორის, გამოსახვის ამ მეთოდს ტიუიზმი (ლათინური სიტყვიდან — tu[2] ჰქვია, ილეიზმის[3] მსგავსი რამაა, ოღონდაც ობიექტივირდება მეორე პირი.

აუცილებლად წააკითხეთ მოსწავლეებს ირმას ეს მოთხრობა, აპოვნინეთ  თითოეული ფასეულობა, როგორც თეზა და ის, რაც იმათ საპირწონედ კონტრასტს ქმნის.  აპოვნინეთ საგასაღებო სიტყვები და ზედაპირზე მოტივტივე ყველა შეკითხვა. თუნდაც ერთ მათგანზე პასუხის გაცემა დიდი, წინგადაგდებული საქმე იქნება. ასეთი საქმეებისთვის იცხოვრა ირმამ და ახლა ჩვენგან ელის სამაგიეროს.

 

 

 

[1] მეტროსადგურ „თავისუფლებამდე“, ცხადია.

[2] https://en.wiktionary.org/wiki/tuism

[3] ილეიზმის შესახებ ჩემი წერილი შეგიძლიათ, იხილოთ  ბმულზე: https://mastsavlebeli.ge/?p=1625

სამოქალაქო წიგნიერება ბავშვებში

0

 

ერთ დღესაც ჩემმა 12 წლის შვილმა ასეთი რამ მითხრა:“მათემატიკას უკეთესად ვისწავლიდი, ჩვენს მასწავლებელს უნარი რომ ჰქონდეს, ყველა ბავშვს ღირსეულად მოექცეს. ზოგიერთ ბავშვს უფრო მეტი პატივისცემით ექცევა“.

საკუთარი ღირსების გააზრება ადამიანის  ის უნივერსალური უნარი და მოთხოვნილებაა, რომელზეც დაშენებულია მისი პიროვნება. საკუთარი ღირსების გააზრებით ადამიანები ქმნიან თავიანთ მომავალს, აღწევენ მიზნებს, წარმატებებს და ცხოვრობენ უკეთესი ცხოვრებით. ყველა ადამიანს აქვს სურვილი და მოთხოვნილება გარშემომყოფებისგან იგრძნოს  პატივისცემა, იქნას აღიარებული, დანახული და არ შეილახოს მისი ღირსება არცერთი წამით. ღირსების შეგრძნება და ამ თვისების ჩამოყალიბება ბავშვებში ის მნიშვნელოვანი ღირებულებაა, რომლითაც შეიძლება დავასაჩუქროთ პატარა ადამიანი და გავუჩინოთ სამყაროს მიმართ ნდობა; გავხადოთ უფრო თვითკმარი, ძლიერი და მიზანზე ორიენტირებული. ისევე როგორც ოჯახი, მასთან ერთად  სკოლაც ეხმარება და გამოუმუშავებს მოზარდს სამოქალაქო წიგნიერების უნარებს, ამიტომ მნიშვნელოვანია თითოეულმა მასწავლებელმა, თითოეულმა მშობელმა და ბავშვთან დაკავშირებულმა პირმა, გაიაზროს მისი როლი და მოვალეობა მათთან ურთიერთობისას. კრიტიკული აზროვნება კი ასეთ დროს ის დამხმარე ინსტრუმენტია, რომლითაც შეგვიძლია აღვჭურვოთ მოზარდები.

რაც უფრო იზრდებიან ბავშვები, ეცვლებათ შთაბეჭდილებები და მოსაზრებები გარემოზე, მოვლენებზე და ურთიერთობებზე. უფრო ხშირად სვამენ კრიტიკულ კითხვებს, უფრო მძაფრად აღიქვამენ გარემოდან წამოსულ იმპულსებს; ითხოვენ პატივისცემით მოპყრობას. უფრო ხშირად აინტერესებთ სხვადასხვა ქცევის მოტივაცია  და უფრო ხშირად აფასებენ მოვლენებს, როგორც  პირუთვნელი შემფასებლები.

თანამედროვე მოზარდი მრავალი ინფორმაციის გამტარია, ეს ინფორმაციები რიგ შემთხვევებში ეხმარება მათ  უფრო კრიტიკულად გაიაზროს საკუთარი პიროვნება და მოვალეობები, საკუთარ დამოკიდებულება გარემოსამყაროსთან და მეგობრებთან.  ამიტომ მნიშვნელოვანია ცხოვრების ყველა ეტაპზე გავაძლიეროთ მათში ის უნარები, რომელიც მათ დაეხმარება  სხვადასხვა ცხოვრებისეული გამოწვევების დროს თამამად გაუმკლავდნენ ამ პრობლემებს და სხვასაც დაეხმარონ რთულ სიტუაციებში.

სამოქალაქო წიგნიერების ერთ-ერთი კომპონენტი თანაარსებობის უნარ-ჩვევებია.  კარგი სოციალური უნარები ყველა ასაკის ადამიანისთვის, იქნება ის მოზარდი თუ ზრდასრული უმნიშვნელოვანესია. სოციალიზაციის კარგი უნარები ბავშვს ეხმარება მოიქცეს უფრო ბუნებრივად, გაბედულად და თავისუფლად უცხო გარემოში. როდესაც ბავშვი აღჭურვილია კარგი საკომუნიკაციო ჩვევებით, მას არ გაუჭირდება საკუთარი თავის წარდგენა, საუბრის წამოწყება,  ახალი ურთიერთობების გაბმა და დამეგობრება თანატოლებთანდ.

წარმოიდგინეთ სიტუაცია. სტადიონზე ბავშვები ფეხბურთს თამაშობენ. ამ დროს იქაურობას პატარა ბიჭი უახლოვდება, რომელსაც თამაში ძალიან სურს, მაგრამ მოთამაშე ბიჭებს არ იცნობს, რის გამოც ვერ ბედავს მივიდეს მათთან და შესთავაზოს ხომ არ დაიმატებდნენ კიდევ ერთ წევრს. ბიჭები ფეხბურთის თამაშს განაგრძობენ, უცნობი ბიჭი მათ ყურებას, სამწუხაროდ, მათ შორის კომუნიკაცია ვერ დგება. ასეთი სცენას ხშირად შევსწრებივარ – ხან ჩემი შვილი არის უცნობი ბიჭის როლში, ხან კიდევ სტადიონზეა თამაშში გართული და ვერ ამჩნევს, რომ იქვე მის გვერდით, ფეხბურთის თამაში შეიძლება უცნობ ბიჭსაც ძალიან უნდოდეს, რომელიც ინტერესით  ადევნებს მათ თვალს და გულაჩქარებული ელოდება იქნებ შეამჩნიონ და სათამაშოდ მიიწვიონ. წინასწარ განჭვრეტა რა შეიძლება სურდეს სტადიონზე მდგარ უცნობ ბიჭს და რისი დანახვა უნდა შეძლონ სტადიონზე მოთამაშე ბიჭებმა  ემპათიის, კარგი ემოციური ინტელექტის და  კარგი სოციო-კომუნიკაციური  გამოცდილების შედეგია. როდესაც ამაზე ყურადღებას გავამახვილებთ ბავშვებთან, ვასწავლით და ვაჩვენებთ, როგორ უნდა შემოვიერთოთ ახალი მეგობრები, როგორ არ გავრიყოთ ისეთი ბავშვი, რომელიც შესაძლოა ვერ ახერხებდეს ურთიერთობის სწრაფად გაბმას, ამის შემდეგ ის უფრო მეტ გამბედაობსაც გამოიჩენს მსგავს სიტუაციებში და სხვებსაც დაეხმარება თავი აგრძნობინოს შინაურად.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი – პასუხისმგებლობის აღებაა. ჩვენს პიროვნებაზე დადებითად მეტყველებს ის პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებები, რომელსაც ჩვენ ვიჩენთ კონკრეტულ შემთხვევებში. ორგანიზებულობა კი გვეხმარება უკეთესად დავგეგმოთ საქმიანობები და არ დავრჩეთ იმედგაცრუებული საკუთარი თავით. ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ ბავშვს ამ უნარის განვითარებაშიც. ეს მაგალითი ყველა მშობლისთვის იქნება ნაცნობი: მშობელი შვილს სთხოვს საღამოს ჩაალაგოს სპორტული წრისთვის ჩანთა, მაგრამ ის მრავალი თხოვნის მიუხედავად ამ საქმეს დილისთვის გადადებს. დილით კი, ადრიანად ის ვერ ასწრებს საჭირო ნივთების ჩაწყობას, რადგან  სკოლის წიგნებიც აქვს ჩასალაგებელი – უნდა ჩაიცვას, მოასწროს საუზმე და სკოლაში წავიდეს. აღმოჩნდება , რომ მნიშვნელოვანი სპორტული ნივთი იმ დღეს სახლში რჩება, რადგან დილით სიჩქარეში არც გახსენებია. იმ დღეს სპორტული აქტივობა ცდება, რის გამოც ბიჭი იმედგაცრუებულია. ბიჭი ამის შემდეგ , ყოველ საღამოს წინასწარ თავად ალაგებს ჩანთას და დედაც ხვდება, რომ ამაზე ფიქრი და დაგეგმვა  ბიჭის მოვალეობაა და მეტჯერ აღარ უნდა შეახსენოს. საკუთარ მოვალეობებზე პასუხისმგებლობის აღება მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული უნარ-ჩვევაა, რომელიც მომავალში მას აუცილებლად დაეხმარება.

ჩვენს პიროვნებაზე ასევე დადებითად მეტყველებს, რამდენად გვაქვს უნარი, შევეწინააღმდეგოთ მავნე გავლენებს და დავრჩეთ მყარად ჩვენს პოზიციაზე. გავლენების მიმართ მოწყვლადობა მოზარდობის  ასაკს ახასიათებს, როდესაც მოზარდის წინაშე მრავალი გამოწვევა იჩენს თავს, იქნება ეს ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური. იზრდება თანატოლთა ავტორიტეტიც  და მოზარდი უფრო მეტად მეგობრების აზრით და მათი შეფასებით არის დაინტერესებული, რის გამოც ისინი ხშირად ექცევიან მავნე ზეგავლენის ქვეშ, რაც გულისხმობს თამბაქოს და ალკოჰოლური სასმელის მოხმარებას. ასეთი ანტისოციალური ქცევები საკმაოდ  გავრცელებულია მოზარდებში და მისთვის რთულ გამოწვევას წარმოადგენს შეეწინააღმდეგოს ასეთ გავლენებს  და დარჩეს მყარად საკუთარ გადაწყვეტილებაში.

დაფიქრებულხართ საკუთარ თვისებებზე? გვაქვს თუ არა კრიტიკული ფილტრი, რითაც საკუთარ ქცევებს განვსჯით? რას გამოვასწორებდით პირველ ყოვლისა ამის შესაძლებლობა რომ გვქონდეს? – ხომ არ ვაგვიანებთ შეხვედრებზე? ვახერხებთ თუ არა ვიყოთ ორგანიზებული? ხომ არ ვივიწყებთ დაპირებებს? შეგვიძლია  თუ არა მრავალი საქმიდან უფრო მნიშვნელოვანი გამოვარჩიოთ და ჯერ ის შევასრულოთ? როგორ ვმართავთ ემოციებს, როდესაც ჩვენთვის სასურველ და არც ისე მისაღებ წინადადებებს ვისმენთ? რამდენად შეგვიძლია ემოციური რეგულაცია? გვაქვს თუ არა ემპათიის განცდა და რამდენად ხშირად ვიყენებთ ამ უნარს, იმის დასანახად რას ვიგრძნობდით სხვის ადგილზე? როგორ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, ნაჩქარევად და იმპულსურად, თუ დაფიქრებულად და დინჯად? როგორ ვუმკლავდებით ფინანსურ ვალდებულებებს და რამდენად სწორად ვმართავთ საოჯახო ბიუჯეტს? რას ვფიქრობთ მომავალზე ? როგორ ვუფრთხილდებით საკუთარ ჯანმრთელობას და ვზრუნავთ თუ არა მასზე? ვივიწყებთ თუ არა მავნე ჩვევებს და ვცდილობთ თუ არა დავნერგოთ ჯანსაღი ჩვევები – ვარჯიში, სეირნობა, სპორტული აქტივობები.  შეგვიძლია თუ არა მეგობრების მოსმენა, ყურადღებით ვისმენთ თუ გაფანტულად? შეგვიძლია გარდაუვალი კონფლიქტი არ გავამწვავოთ თუ პირიქით, ჩავებათ ომში და ბოლომდე ვამტკიცოთ საკუთარი აზრი? ვართ თუ არა საკუთარი თავით კმაყოფილი? შეგვიძლია თუ არა საკუთარი შემოქმედებითი ძალების გააქტიურება და მუდმივი განვითარება?  შეგვიძლია თუ არა კრიტიკულად შევხედოთ საკუთარ თვისებებს და გვაქვს თუ არა მზაობა, მათ გამოსწორებაზე ვიზრუნოთ?

ყველაფერი, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ, ის უნარ-ჩვევებია, რომელიც აუცილებლად გვჭირდება ყოველდღიურობაში. სჭირდებათ  ბავშვებს, მოზარდებს, ზრდასრულებს. მისი ჩამოყალიბება მცირე ასაკიდან იწყება, თუმცა ამ უნარების განვითარებაზე მუშაობა დაგვიანებული არასდროს არ არის.

 

როგორ გამოვუმუშავოთ ბავშვებს საძიებო უნარები საყვარელი არტისტების დახმარებით 

0

დღეს ბავშვების ცხოვრება ბევრად მარტივია – თუ ჩვენს ბავშვობაში ფავორიტი მსახიობის, მუსიკოსის, მწერლის ან მხატვრის მხოლოდ პოსტერი შეიძლება გქონოდა სიყვარულის ნიშნად კედელზე გამოკრული და მისი ცხოვრების შესახებ ამბები ყვითელ ჟურნალებში გეკენკა, ახლა ყველა ცოცხალ ავტორს და შემსრულებელს შეგიძლია სოციალურ ქსელებში “აეკიდო”, მასთან და მის აგენტებთან მიმოწერა გააჩაღო, ფოტოზე კომენტარი დაუტოვო, კითხვა დაუსვა. ინტერნეტმა სხვა ბევრ რამესთან ერთად ვარსკვლავებიც უფრო ხელმისაწვდომი გახადა, მაგრამ ხაფანგიც დააგო: ზღვა ინფორმაციაში მართალის და ტყუილის, მნიშვნელოვნის და უმნიშვნელოს, სანდოს და არასანდოს გარჩევა უნდა ვიცოდეთ. ეს უნარები თანამედროვე სამყაროში გადარჩენისთვის ალბათ ისეთივე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როგორც გამოქვაბულში მცხოვრები ქვით შეიარაღებული ადამიანისთვის ცეცხლის დაცვა იყო.

ჩემი შვილებისთვის საინფორმაციო ნაკადებში მშვიდად და უსაფრთხოდ ცურვის სასწავლებლად ხშირად “ვემეგობრები” ხოლმე მათ საყვარელ არტისტებს, იქნებიან ესენი მუსიკოსები, რეჟისორიები, მწერლები თუ მხატვრები. უფრო მარტივია საჭირო უნარები სიყვარულით და ცნობისმოყვარეობით განვითარება, ვიდრე მოსაწყენი თეორიების კითხვით და აბეზარი დავალებების გაკეთებით. ცნობისმოყვარე ტვინი მეტად ღიაა ახალი ცოდნისა და პერსპექტივების მისაღებად და მეტ კითხვასაც სვამს. იდეალურია, თუკი ბავშვისთვის ინფორმაციებში გზის გაკვლევა თავგადასავლებითა და აღმოჩენებით სავლე მოგზაურობას დაემსგავსება.

ძიების უნარების განსავითარებლად მარტივი პრინციპები ასეთია:

  • განსაზღვრე ამოცანა, კონკრეტულად რას ეძებ.
  • გადაამოწმე რამდენიმე წყაროში ცნობები. შეაფასე მათი ხარისხი და სანდოობა.
  • გამოყავი მთავარი და მეორეხარისხოვანი ინფორმაცია.
  • თუკი ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, გაეცანი სხვადასხვა მხარის პოზიციებს.
  • ყურადღება მიაქციე დროს – კონკრეტული ინფორმაციის მოძიებას კონკრეტული დრო სჭირდება და ეს პროცესი უსასრულოდ არ უნდა გაიწელოს.
  • აღწერე ძიების ინსტრუმენტები
  • გააკეთე ჩანაწერები მოძიებული ინფორმაციის მიხედვით
  • გახსოვდეს რომ ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და ამბებს მნიშვნელობას მისი ინტერესებისა და გამოცდილებების მიხედვითაც ანიჭებს – საინტერესოა იმის დანახვაც, ერთსა და იმავე თემაზე სხვადასხვა ადამიანი რას მიიჩნევს საყურადღებოდ.
  • შეაჯამე შენი სიტყვებით – ინფორმაციის გადამუშავება და საკუთარ პერსპექტივაში გატარება არანაკლებ მნიშვნელვოანია.
  • გაუზიარე შენი აღმოჩენები მეგობრებს და გარშემომყოფებს.

როგორ გადმოვიტანოთ ეს პრინციპები პრაქტიკაში მარტივად?

მაგალითად, რამდენიმე დღის წინ გამოვიდა ჩემი შვილების საყვარელი შემსრულებლის, ამერიკელი მომღერლის, ბილი აილიშის ახალი ალბომი. ალბომის მოსმენის შემდეგ შეგვიძლია გადავავლოთ თვალი მის წინა ალბომებს, ვნახოთ როგორ იცვლებოდა მისი მუსიკა და სიმღერების თემატიკა, რა რჩებოდა მუდმივად, გადავხედოთ ალბომების გაფორმების ვიზუალურ მხარეს და ვიდეოების ესთეტიკას და თუკი დრო გვაქვს, არც თავად შემსრულებლის ინტერვიუების მოსმენა იქნებოდა ურიგო – დავიჭიროთ რა აქვს საერთო მის მუსიკას მის ცხოვრებასთან, მის ღირებულებებთან, როგორ ირეკლავს შემოქმედება ავტორს. ეს კონკრეტული მომღერალი ძალიან ახალგაზრდაა, სულ რაღაც 22 წლის და ბავშვებისთვის შეიძლება სარკეში ჩახედვა ან მომავლის განჭვრეტაც კი იყოს მასზე დაკვირვება – როგორ იცვლება პატარა გოგოს სხეული, მისი გარეგნობა, ლექსიკა, ჩაცმის სტილი, როგორ ეძებს საკუთარ თავს, როგორ პოულობს გზებს თვითგამოხატვისას. და ბარემ ისიც ვნახოთ, რისგან შედგება ბიოგრაფია – ვინ არიან მისი მშობლები, თამაშობენ თუ არა მისი ოჯახის წევრები რაიმე როლს მის მუსიკალურ ცხოვრებაში, სად გამოჩნდა მისი პირველი სიმღერა, რამდენკაციანი გუნდი დგას მისი მუსიკალური წარმოების  უკან, სად ჰქონია კონცერტი და სად გეგმავს, რომელ ქვეყნებშია ყველაზე მეტად პოპულარული და რა ჯილდოები მიუღია გამოჩენიდან ამ დრომდე – ამ კითხვებზე პასუხები ერთდროულად გაზრდის ცოდნას გეოგრაფიის, ისტორიის, შემოქმედებითი ინდუსტრიების მუშაობის მექანიზმების შესახებ.

ან ავიღოთ იაპონელი ანიმატორი, რეჟისორი, ჰაიაო მიაძაკი – მის ფილმებზე უკვე თაობებია გაზრდილი, ის არის ხიდი იაპონიასა და დანარჩენ სამყაროს შორის ბავშვებისთვის, პირველი გზამკვლევი ამ უცხო კულტურაში. თუკი ბავშვებს ვთხოვთ მოძებნონ მისი ფილმების სცენარების ავტორები ან დაინტერესდნენ მის ანიმაციებში გამოყენებული მითოლოგიური ამბების წარმომავლობით, თვალსაწიერსაც გაიფართოვებენ და ახალ სახელებს, მანამდე უცნობ ამბებსაც აღმოაჩენენ. ბავშვებს შეიძლება იმის კვლევაც ვთხოვოთ, რა განასხვავებთ მიაძაკის გოგო  და ქალ პერსონაჟებს მაგალითად დისნეის გოგოებისა და ქალი პერსონაჟებისგან. შეგვიძლია მიაძაკის შესახებ დოკუმენტური ფილმის ყურება ვთხოვოთ და მასში მოყვანილი ისეთი ფაქტების ჩანიშვნა დავავალოთ, რაც მანამდე არ იცოდნენ საყვარელი რეჟისორის შესახებ, მოკლედ ყველაფერი ჩვენს ფანტაზიასა და ბავშვების ინტერესებზეა დამოკიდებული.

შეგვიძლია კვლვის უნარების გამოსამუშევებლად უფრო მარტივი გზაც ავირჩიოთ – არსებობს ასეთი გადასარევი არხი იუტუბზე – Great Art Explained, სადაც სხვადასხვა ეპოქისა და სტილის მხატვრებზე ყვებიან; შეგვიძლია კვირის დასაწყისში ბავშვებს ამ ვიდეოებიდან ერთი სერია ვაჩვენოთ და ვთხოვოთ ამ არტისტზე პარასკევამდე მეტი ინფორმაცია მოიპოვონ, გაიგონ მეტი მისი ბიოგრაფიის შესახებ, შეისწავლონ ნამუშევრები, მათგან 5 ფავორიტი გამოყონ და შეეცადონ ახსნან, რამ მოხიბლა. შეიძლება მხატვრების სამეგობროს სქემის აწყობაც და იმ ადგილების რუკის შედგენაც, სადაც ისინი მუშაობდნენ, გამოიფინებოდნენ, რასაც ხატავდნენ.

 

როგორ  ვასწავლოთ პოეზია?

0

დამეთანხმებით, რომ პოეზიის სწავლება სკოლებსა და უნივერსიტეტებში განსხვავებული უნდა იყოს სხვა სილაბუსებისგან; პოეზიის სწავლება არ გულისხმობს ლექსის ზეპირად დასწავლას და მის განხილვას სახელმძღვანელოების მიხედვით. პოეზიის სწავლება საერთოდ არ არის სწავლება კლასიკური გაგებით. ეს უფრო შემეცნება, რეფლექსია და ემოციური გამოცდილებების მიღებაა ტექსტისგან.

პოეზიის სწავლება პოეზიით თავდავიწყებაა! ეს ნიშნავს, რომ ისე ღრმად შეხვიდე ენის სიღრმეებში, რომ დროის შეგრძნება დაგეკარგოს და ენერგიის მორევში თავისუფალ ცურვაში აღმოჩნდე.

პოეტური თავდავიწყება არის ხელოვნების/პოეზიის გზით საკუთარი ინდივიდუალური მე-ს, ეგოს გადალახვა, როცა მინებებული ხარ ენის პოეტურ მაგიას და იძირები პოეტურ სახეებში, ემოციებში, განცდებში, სიღრმესა და უნივერსალურობაში.

ეს პროცესი რაღაცით ჰგავს კიდეც მედიტაციას და, ამავე დროს, განსხვავებულიცაა; რადგან პოეზიით ბუნებრივად ხდება შენი საზღვრების გაბუნდოვანება და პოეტურ ენერგიასთან თანაზიარობა.

ამ მდგომარეობაში ადამიანი ნაკლებად ზრუნავს პიროვნულ იდენტობაზე, რადგან პოეზიის მეშვეობით თავად ენისა და პიროვნულობის საზღვრები ირღვევა და გადადიხარ ყოფიერების უთქმელ საიდუმლოებებში, სადაც სიტყვები აღარ არსებობენ.

პოეტური თავდავიწყება არის პოეზიის მაგიასა და უნივერსალურობაში საკუთარი თავის დაკარგვის ტრანსფორმაციული გამოცდილება; ინდივიდუალური მე-ს საზღვრების გადალახვა, რათა დაუკავშირდე საკუთარ თავზე უფრო დიდს.

მაგრამ, ბუნებრივია, სულ ამ მდგომარეობაში არ რჩები… ამ მდგომარეობიდან გამოსვლის შემდეგ სიტყვები, საგნები, ემოციები, მთელი სამყარო – უფრო კაშკაშა ხდება. უფრო მძაფრად განიცდი ენის/სიტყვის გავლენას, უფრო მეტად იწყებ ენის/სიტყვის გამოკვლევას, მოგზაურობ განსხვავებულ ავტორებში, განსხვავებულ სტილებში, კულტურებში და ემოციური გამოცდილებით მდიდრდები პიროვნულადაც…

მაგრამ როგორ მივაღწიოთ პოეზიით თავდავიწყებას?

ამ დროს მასწავლებლის ხმაც კი განსაკუთრებული ხდება… ტვინის სიხშირეები იცვლება და ბეტა სიხშირიდან ალფაზე ბუნებრივად გადადის. ხმა ამ შემთხვევაში არის უნივერსალური აგენტი, გადამრთველი, რომელიც მაგიურად მოქმედებს მსმენელზე. ამისთვის წინასწარ შეგიძლიათ მოამზადოთ და თავად წაუკითხოთ ლექსი ან შეარჩიოთ მასალა და მოასმენინოთ აუდიტორიას.

მაგალითისთვის ავიღოთ გალაკტიონ ტაბიძის ლექსი „უსიყვარულოდ“, რომელსაც კითხულობს მსახიობი ზვიად დოლიძე.

ცნობილმა ნეირომეცნიერმა, რიჩარდ დევიდსონმა გამოიკვლია ტვინზე პოეტური თავდავიწყების/მედიტაციის  გავლენა. დევიდსონის შრომებმა აჩვენა, თუ როგორ იცვლება ტვინის აქტივობა პოეტური შთაგონებისა და მედიტაციის დროს.[1]

ტვინს ახასიათებს ელექტრული აქტივობა, რომლის გაზომვა შესაძლებელია ელექტროენცეფალოგრაფიით (EEG). ეს აქტივობა იყოფა სხვადასხვა სიხშირეებად, თითოეული სიხშირე დაკავშირებულია გონებრივი აქტივობის სხვადასხვა მდგომარეობასთან.

ტვინის ტალღების პირველადი სიხშირეებია:

ბეტა (14-30 ჰც): ასოცირდება სიფხიზლესთან და აქტიურ აზროვნებასთან.

ალფა (8-13 ჰც): ასოცირდება შემოქმედებით, მშვიდი გონების მდგომარეობასთან;

ტეტა (4-7 ჰც): ასოცირდება ღრმა რელაქსაციასთან, მედიტაციასთან;

დელტა (0,5-3 ჰც): ასოცირებულია ღრმა ძილთან, უგონო მდგომარეობასთან და რეგენერაციასთან.

ტვინი ნეიროპლასტიურია, რაც ნიშნავს, რომ მას  აქვს   უნარი შეიცვალოს და ადაპტირდეს ცოდნის, გამოცდილების საპასუხოდ;  ტვინის ალფა სიხშირე ხელს უწყობს ყურადღების გაუმჯობესებას, არეგულირებს ემოციებს, ამცირებს სტრესის ჰორმონებს სწორედ ეს არის პოეზიის სიხშირე! სწორედ ამიტომ პოეზიის სწავლება  ავითარებს ინტელექტუალურ, ემოციურ და შემოქმედებით  უნარებს;

უფრო დაწვრილებით კი უმჯობესდება:

ენისა და წიგნიერების უნარები: პოეზია აცნობს სტუდენტებს მდიდარ და მრავალფეროვან ენას, მათ შორის ლექსიკას, სინტაქსს და ფიგურალურ ენას, როგორიცაა, მეტაფორები, ფრაზეოლოგიზმები და სხვა. პოეზიის ანალიზი ეხმარება მოსწავლეებს/სტუდენტებს განივითარონ წაკითხულის გააზრების უნარები, გააუმჯობესონ ინტერპრეტაციის შესაძლებლობები და გაიფართოონ ლექსიკა. გარდა ამისა, პოეზია სტიმულს აძლევს სტუდენტებს, ჩაატარონ ექსპერიმენტები  და დახვეწონ კომუნიკაციის უნარი.

კრიტიკული აზროვნება და ანალიზი: პოეზიის სწავლებისას მსმენელები ბუნებრივად არიან ჩართული კრიტიკულ ანალიზშიც, როცა მუშაობენ სიტყვების მეტაფორულ მნიშვნელობებზე და ავლენენ ლექსის სიმბოლურ და სხვა შინაარსებს სხვადასხვა ეპოქის და კულტურისა ლექსების შესწავლით; ისინი ავითარებენ კრიტიკული აზროვნების უნარს – აფასებენ ინტერპრეტაციებს,  პოეტური ტექსტების ანალიზი აძლიერებს მოსწავლეების კრიტიკულ აზროვნების და ტექსტურ ელემენტებს შორის კავშირების დამყარების უნარს.

ემოციური ინტელექტი და თანაგრძნობა/ემპათია: პოეზია იწვევს მრავალფეროვან  ემოციას. პოეზიის კითხვის/სწავლების საშუალებით მოსწავლეები იკვლევენ რთულ ემოციებს, ხდებიან განსხვავებული ემოციის თანამგრძნობნი და ავითარებენ ემოციურ ინტელექტს. პოეზია საშუალებას აძლევს სტუდენტებს დაფიქრდნენ საკუთარ გამოცდილებაზე და გაიგონ სხვების გამოცდილებაც, განივითარონ თანაგრძნობის უნარი.

კრეატიულობა და თვითგამოხატვა: სტუდენტებს/მოსწავლეებს პოეზიის მეშვეობით შეუძლიათ თვითგამოხატვა: წაიკითხონ ლექსები სხვადასხვა პლატფორმაზე, შექმნან ვიდეო, ანიმაციური პოეზია სხვების ტექსტებზე ან საკუთარ ტექსტებზე;

კულტურული და ისტორიული კონტექსტი: სხვადასხვა დროისა და კულტურული ტრადიციის პოეზიის ტექსტების შესწავლა ხელს უწყობს კულტურულ შეფასებას,  ინკლუზიურობას და აფართოებს სტუდენტების მსოფლმხედველობას.

ესთეტიკა და პიროვნული ზრდა: პოეზია არის ხელოვნების ფორმა, რომელიც ეფუძნება ენის სილამაზესა და სიტყვის ძალას. პოეზიის სწავლება მოსწავლეებს აცნობს ლიტერატურის ესთეტიკურ განზომილებებს. პოეზიის კითხვასა და განხილვას შეუძლია გაამდიდროს სტუდენტების ცხოვრება ემოციებით: შიშის, აღფრთოვანების, სიყვარულის, და სხვა ადამიანურ გამოცდილებას ისინი უფრო ღრმად ეცნობიან და ამით იზრდებიან პიროვნულადაც.

მოკლედ, პოეზიის სწავლება  არა მხოლოდ აძლიერებს ენისა და წიგნიერების უნარებს, არამედ ხელს უწყობს კრიტიკულ აზროვნებას, ემოციური ინტელექტის განვითარებას, კრეატიულობას, კულტურათა გაგებას და პიროვნულ ზრდასა და გამდიდრებას.

პოეზიაში ჩართვით და თანაზიარობით მოსწავლეები/სტუდენტები უფრო ღრმად აფასებენ ენის/სიტყვის ძალას და მისი მეშვეობით სამყაროს შეცნობის პერსპექტივას.

 

[1] Richard Davidson,  The Neuroscience of Happiness;

https://centerhealthyminds.org/assets/files-publications/Davidson-Neuroscience-of-happiness.pdf

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...