ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

სპექტაკლი ხელისგულზე

მასწავლებელი უნდა იყოს მსახიობი, არტისტი, 

რომელიც თავდავიწყებითაა შეყვარებული თავის საქმეზე.
ა.პ. ჩეხოვი

 

მასწავლებლობის დაახლოებით ათწლიანი გამოცდილება მაქვს. ათი წელი არცთუ ბევრია, მაგრამ არც ძალიან ცოტა. ყოველ შემთხვევაში, იმის გასაცნობიერებლად მეყო, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, შემოქმედებითი პროფესია, რომელიც მუდმივად ტონუსში გამყოფებს. პროფესია წრეზე მბრუნავი ენერგიით – გასცემ და გიბრუნებენ პატარა ადამიანები. კიდევ გასცემ – კიდევ გიბრუნებენ. გგონია, აღარ დაგრჩა გასაცემი, გამოწურული ხარ… მაგრამ მეორე დღეს კვლავ აღდგები ფენიქსივით და კვლავ ირთვება ენერგიების გაცვლის უჩინარი მექანიზმი. სულ პატარა, ოცდაერთი წლისა აღმოვჩნდი სკოლაში. მაშინ ბევრი არც სწავლების თანამედროვე მეთოდებზე ვიცოდი რამე და არც ბავშვთა უფლებებზე. ერთადერთი, რაც არ მეშლებოდა, თექვსმეტამდე თვლა იყო, რადგან სწორედ ამდენი პირველკლასელი მოსწავლე მყავდა, რომლებიც სულ გარს მეხვივნენ და რომელთაც გამუდმებით ვითვლიდი. ოდნავ მოგვიანებით, როდესაც მათი სახელები და სახეები ერთმანეთში აღარ მერეოდა და მათი ჩემ გარშემო ტრიალი თავბრუს აღარ მახვევდა, მივხვდი – ერთდროულად ყველაზე რთული და მარტივია, მიიჩვიო, მოათვინიერო, დააინტერესო, გაააქტიურო, შეიყვარო პატარა ადამიანები. შეიყვარო არა როგორც მშობელმა, არც როგორც მოვალეობის პირნათლად შემსრულებელმა პირმა, არამედ როგორც ადამიანმა, რომელიც ითავისებს თავის პასუხისმგებლობას, რომ მას უდიდესი წვლილი მიუძღვის პატარა ტვინების, პატარა გულების, ცნობიერების ფორმირების საქმეში. შეიყვარო იმ ადამიანის დაჟინებული, ფრთხილი სიყვარულით, რომელიც აცნობიერებს, რომ სწორედ მისი შრომის ანარეკლი იქნება ის საზოგადოება, რომელსაც რამდენიმე წელიწადში ხალხთან ერთად თავადაც შეაქებს ან აძაგებს.
ზემოთ ვახსენე, ეს ერთდროულად რთული და მარტივია-მეთქი. სწორედ ამ პასუხისმგებლობის გამოა რთული. ხანდახან მეგონა, ეს გიგანტური პასუხისმგებლობა, ღამე რომ არ გაძინებს, არდადეგებზე რომ გაფუსფუსებს, დაღლილს რომ მაღაზიაში წაგალასლასებს მეორე დღისთვის რესურსების შესაძენად, ქვეშ მომიყოლებდა და გამსრესდა. მაგრამ იმხელაა ბავშვებისგან წამოსული ენერგია და იმდენად ჯადოსნურად მაცოცხლებელი, მთების გადადგმაც კი გიღირს მის ფასად! აი, სწორედ ამიტომაცაა რთულთან ერთად მარტივიც. ბავშვები ძალიან მარტივად გენდობიან, უშურველად გაძლევენ სიყვარულს, მუხტებს… მთავარია, შენ მთელი ეს ემოციური არსენალი სწორად მიმართო და შედეგი აუცილებლად მოვა! შეიძლება გვიან, მაგრამ უეჭველად!
ამ ყველაფრის გაცნობიერებასთან ერთად მუდმივად ვფიქრობდი იმაზე, როგორ დამემყარებინა მათთან სწორი კომუნიკაცია, როგორ მომეხერხებინა, რომ დამეცვა ოქროს შუალედი მაგიდაზე დიდი ბეჭდით დამკაკუნებელ, თვალებდაწკურულ, მკაცრსახიან პედაგოგსა და იმ მასწავლებელს შორის, რომლის გაკვეთილიც შეიძლება არ ვისწავლოთ, რადგან მაინც არაფერს იტყვის – „ჯიგარია“; როგორ მომეხერხებინა, რომ მე და მათ ერთ ენაზე გვესაუბრა; როგორ მეგრძნობინებინა, რომ მართლა ვგულშემატკივრობ, მართლა მიხარია მათთან ერთად რაღაცების კეთება, მართლა მაინტერესებს მათი ამბები…
გამოცდილების, მიგნებების გაზიარება ხომ მნიშვნელოვანი, საჭირო და კეთილშობილი საქმეა…
ჰოდა, აი, რამდენიმე რჩევა რიგითი მასწავლებლის პირადი გამოცდილებიდან:

რჩევა 1. ჩამოდი კვარცხლბეკიდან!
პირველი, რასაც მივაგენი, იყო, რომ დიდობის კვარცხლბეკიდან უნდა ჩამოვსულიყავი და მათი  სიმაღლიდან ცქერა, მსჯელობა, დაკვირვება მესწავლა.
აგრძნობინე, რომ მათ აღიქვამ ინდივიდებად, რომ შენთვის მნიშვნელოვანია, რას ფიქრობენ ისინი შენზე, რომ მათი რჩევა მნიშვნელოვანია, რადგან რაღაცების მიხვედრაში, შეცვლაში დაგეხმარება. ლაღად იცინე, იხუმრე მასთან ერთად და ნუ შეგეშინდება, რომ თავს გაუვა და გაგითამამდება. სწორედ შენი სწორი დამოკიდებულებები, შენი ქცევის მაგალითი იქნება მათთვის ნიმუში, თუ როგორ კალაპოტში უნდა მიედინებოდეს თქვენი ურთიერთობა.

რჩევა 2. ესაუბრე – გაიგებს!

ხანდახან სულ მარტივი რამეა საჭირო – დაელაპარაკო. მხოლოდ საქმეზე, გაკვეთილის ცოდნაზე, წესიერად მოქცევაზე საუბრებს არ ვგულისხმობ (თუმცა, ცხადია, ეგეც მნიშვნელოვანია), არც ჭკუის დამრიგებლური გამოგონილი სიუჟეტების მოყოლას. უბრალოდ, ესაუბრე. მოუყევი, რამ გაგაკვირვა დღეს დილით, რა გაგახსენდა ავტობუსში და გაგეცინა, რა დაინახე ფანჯრიდან, რას აკეთებდით შენ და შენი მეგობარი არდადეგებზე, როგორ გიკითხავდა დედა, რა გეზარება, რა შეგშლია, რისი გრცხვენია…
მოუყევი შესვენებაზე, კლასში, ეზოში, სოციალურ ქსელში, წერილში…
მოუყევი და ნახავ, როგორ გაქრება თვალსა და ხელს შუა მისი შებოჭილობა. მოუყევი და ნახავ, როგორი კარგი მსმენელია. ეს საუბრები იქნება ის ხიდი, რომელიც მის შინაგან სამყარომდე მიგიყვანს.

რჩევა 3. მოუსმინე!
როცა მასწავლებელი ხარ, თვალი, ყური, გული – ყველაფერი ორმაგად გაწაფული და გამახვილებული გაქვს. სულ მარტივად შეატყობ, როდისაა საჭირო, გვერდით მიუჯდე, ცალკე დაელაპარაკო, აგრძნობინო, რომ მის გვერდით ხარ, შენი პედაგოგიური ოსტატობა გამოიყენო და გაიგო, რამე ხომ არ უჭირს, ხომ არ შეგიძლია დახმარება. იქნებ მას უბრალოდ უნდა ვინმეს გაუზიაროს, როგორ აჭამა ეზოში ძაღლს, იქნებ კლასელი ეუხეშა და მან თავის დაცვა ვერ მოახერხა, იქნებ უნდა ვინმეს წერილი მისწეროს და რჩევა სჭირდება, იქნებ უნდა, გკითხოს, დაბადების დღეზე რა ჩაიცვას… აგრძნობინე, რომ გაინტერესებს ის, რაც მისთვისაა მნიშვნელოვანი, რომ გახარებს მისი შენდამი ნდობა და ეცდები გაამართლო, რომ მზად ხარ სიხარულით მოუსმინო და გაიზიარო მისი ემოციები.

რჩევა 4. იქნებ რაღაც გაერთიანებთ?
ახლაც მახსოვს, როგორ ვუსმენდი ხოლმე გაყურსული, როდესაც თავიანთ საყვარელ სათამაშოებზე, მსახიობებზე, მულტფილმებზე, კომპიუტერულ თამაშებზე საუბრობდნენ. ვუსმენდი და ბუტბუტით ვიმეორებდი ჩემთვის უცნობ სახელებს, რომ არ დამვიწყებოდა.
მერე იყო მეცადინეობა. ნამდვილი და სერიოზული. დავჯექი, მოვძებნე, მოვუსმინე, ვუყურე, გავიაზრე… არასოდეს დამავიწყდება, როგორი აღფრთოვანებით მიყურებდნენ, როცა აღმოაჩინეს, რომ მესმის, რაზეც ლაპარაკობენ, შემიძლია აზრი გამოვთქვა იმაზე, რაც მათ აინტერესებთ. არც ჩემი სიხარული დამავიწყდება, როცა ვიგრძენი, რომ მათიანად მიგულეს და მენდნენ. პირველი ხიდი გაიდო! მერე უკვე ადვილია – ხან იმაზე საუბრობთ, რაც შენ მოგწონს, ხან ისინი გიზიარებენ თავიანთ შთაბეჭდილებებს, ხან ერთად მიდიხართ ახალი აღმოჩენების გასაკეთებლად. ერთი ცხადია, აუცილებლად გაიბმება ძაფი, რომელსაც შეუძლია მჭიდროდ დაგაკავშიროთ. ჰოდა, მოძებნე!

რჩევა 5. თავად იყავი მაგალითი!

აბსტრაქტულია ნებისმიერ ღირებულებაზე საუბარი ბავშვებთან, თუ თავად არ აჩვენე მაგალითი იმისა, რაც გინდა შეასწავლო. შენ მათ ხელისგულზე ჰყავხარ, შენი თითოეული ქცევა, მიმიკა, შეფასება, ჟესტიკულაცია იქნება ის მაგალითი, რომელსაც ღრუბლებივით შეისრუტავენ და არეკლავენ თავიანთ საქციელში.
გინდა იყვნენ კაცთმოყვარეები? თავად აჩვენე ყოველდღიური მაგალითით, როგორ გიყვარს ადამიანები.
გინდა, შეძლონ პატიება და ბოდიშის მოხდა? თავად არ შეგეშინდეს მათ წინაშე დაშვებული შეცდომების აღიარების და ნურც მასწავლებლურ წყენას ჩაიდებ გულში.
გინდა ჰქონდეთ კითხვის მოტივაცია? თავადაც იკითხე მათთან ერთად შენი საყვარელი წიგნი და სიხარულით ისაუბრე მასზე.
გინდა ყოველთვის მომზადებულნი მოვიდნენ სკოლაში? თავად იყავი თავდაჯერებული და სიღრმისეულად მომზადებული მათთან შესახვედრად.
გინდა სიხარულით მოდიოდნენ გაკვეთილზე? თავად გამოხატე გულწრფელი სიხარული მათთან შეხვედრისას.
გინდა, რომ არ დასცინონ ერთმანეთს, იყვნენ გულისხმიერები, კეთილგანწყობილნი ერთმანეთის მიმართ? თავად მოექეცი ამგვარად და ბუმერანგივით დაგიბრუნებენ ყველაფერს. არ იყო ცინიკური მათი გულუბრყვილო ქმედებების ან თუნდაც შეგნებული ცუდი საქციელის მიმართ, არ დაგრჩეს რომელიმე მათგანი უყურადღებოდ ან არ დაამძიმო ზედმეტი ყურადღებით, არ მიაკერო იარლიყები, რომლებიც შეიძლება მთელი ცხოვრება ვეღარ ჩამოიხსნან, არ დაგეჩაგროს შენი უფროსული უპირატესობის გამო.

გახსოვდეს, შენ ყოველდღიურად მონოსპექტაკლს თამაშობ! ყველაზე საპასუხისმგებლო სპექტაკლს, რომლის დადგმაც, როლის გათავისებაც, რეკვიზიტისა და დეკორაციის მომზადებაც უზარმაზარ ენერგიას, ფიზიკურსა თუ ემოციურ რესურსს მოითხოვს შენგან მსხვერპლად. ზოგჯერ ძალა არ შეგწევს, ზოგჯერ გარეგანი ფაქტორები სულაც გიკლავენ მოტივაციას, მოირგო შენი როლი და გამოხვიდე ავანსცენაზე…
მაგრამ თავდაუზოგავი შრომის შედეგიც აქვეა:
შენი „აპლოდისმენტები“ რამდენიმე წყვილი ცნობისმოყვარედ აციმციმებული თვალია,
შენთვის „მორთმეული ყვავილები“ – საინტერესო პრეზენტაციებია,
შენი „ბის“ – „მას, კიდევ როდის გვექნება თქვენი გაკვეთილი“-ა.
ჰოდა, გამოდიხარ, დაღლილი, ფეხებდაქანცული, წინა ღამის უძინარი, მაგრამ მაინც გაღიმებული – შედგა! – იმსჯელეს, იკითხეს, იფიქრეს, ივარაუდეს, წარმოიდგინეს, პარალელები გაავლეს, გაიაზრეს, შეაფასეს… სწორედ ეს გინდოდა!
საიდანღაც გამოწურული ენერგიაც გიბრუნდება, ახალი იდეები თავში ფუთფუთს იწყებენ…
ერთგვარი ჟინიც გიპყრობს – ხვალ უფრო საინტერესო მასალას მივუტან, ტექსტს ასე დავამუშავებინებ, ამას ვაჩვენებ, იმას გავაკეთებინებ…
და იწყებ ახალი დღისთვის მზადებას ხელისგულისოდენა სცენის მსახიობი – მასწავლებელი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი