პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

მეტყველების განვითარებისთვის გამიზნული აქტივობები უცხოური ენის სწავლებისას

ცნობილია, რომ მოსწავლეებს უჭირთ უცხო ენაზე მეტყველება. ხშირად შევხვედრივარ კოლეგებს, რომლებიც ამბობენ: „ჩემი მოსწავლეები კარგად წერენ და კითხულობენ, მაგრამ მეტყველება უჭირთ”. უცხო ენაზე მეტყველების უნარის გამომუშავება ადრეული ასაკიდანვე იწყება – პირველი კლასიდან, ზოგჯერ – საბავშვო ბაღიდანაც კი. უცხო ენის მასწავლებლები ხშირად კარგავენ დროს კითხვის სწავლებაზე. პრაქტიკამ აჩვენა, რომ უმჯობესია, პირველი კლასი მეტყველებისა და მოსმენის უნარის განვითარებას დაეთმოს. ქვემოთ გაგიზიარებთ ჩემს პრაქტიკულ გამოცდილებას და მეტყველების უნარის განვითარებაზე ორიენტირებულ აქტივობებზე დავსვამ აქცენტს.

 

მაგილითი 1. მოსწავლეებს ვაძლევ რამდენიმე მარტივ ლექსიკურ ერთეულს და მათგან ფრაზების შედგენას ვთხოვ. მაგალითად, an apple, a bag, a cat, it’s, not, my და ა.შ. ამ სიტყვებისგან უამრავი მარტივი ფრაზისა თუ წინადადების აგება შეიძლება. ხშირად ეს მიდგომა აქტუალურია უცხო ენის შესწავლის პირველ წლებში.

მაგალითი 2. მეტყველების უნარის განვითარებისთვის საინტერესო აქტივობაა დიალოგის გათამაშება, როლური თამაშები. მოსწავლეებს ვაძლევ პატარ–პატარა დიალოგებს, რომლებიც ნაცნობ ლექსიკურ ერთეულებს შეიცავს, ვუნაწილებ როლებს და დიალოგის გაცოცხლებას ვთხოვ. დიალოგისა თუ როლური თამაშის არჩევისას, უმჯობესია, ყურადღება მათ შინაარსსა და ავთენტურობაზე გავამახვილოთ. რაც უფრო საინტერესო და ავთენტურია მასალა, მით უფრო სახალისო და საინტერესოა მათი სწავლა და შემდეგ წარმოდგენა.

მაგალითი 3. სახალისო აქტივობა, რომელიც მოსწავლეებისთვის მეტყველების უნარის განვითარებაში დაგვეხმარება, არის „დაკარგული სიტყვები”. დავყოთ მოსწავლეები წყვილებად და მივცეთ ერთი და იგივე ტექსტი, სადაც სიტყვები სხვადასხვა ადგილას იქნება გამოტოვებული, ანუ ერთ ჯგუფს ექნება ის მონაკვეთი, რომელიც მეორის ტექსტში გამოტოვებულია და ა.შ. მოსწავლეებმა უნდა მოახერხონ კითხვების დასმით გამოტოვებული ადგილების აღდგენა. აქტივობა საკმაოდ სახალისო და შედეგიანია. თავდაპირველად შეიძლება მარტივი სიტყვების გამოტოვება, მომდევნო ეტაპზე სასურველია მათი გართულება.

მაგალითი 4. ერთ-ერთი აქტივობა, რომლითაც შეიძლება მოსწავლეებს მეტყველების უნარის განვითარებაში დავეხმაროთ ან სუსტებს ვუბიძგოთ მეტყველებისკენ, არის „გამომიცანი” („Guess me”). მასწავლებელი დაფაზე წერს რამდენიმე საკითხს. მოსწავლეებმა უნდა დასვან კითხვები მანამდე, სანამ არ გამოიცნობენ ინფორმაციას პედაგოგის შესახებ. მაგალითად:

My favourite country is

My hobby is

Food I don’t like

My star sign

My favourite book

კითხვები პირდაპირ პასუხზე არ უნდა იყოს ორიენტირებული (ამაზე წინასწარ უნდა შევუთანხმდეთ მოსწავლეებს). ისინი ისეთნაირად უნდა დაისვას, რომ მოსწავლეები ლოგიკურად მივიდნენ სწორ პასუხამდე. მაგალითად: Is your favourite country located in Europe? – Yes. Is it in the south? – No. Is it in the north? – Yes. Is its capital Stockholm? –Yes. Is it Sweden? – Yes. აქტივობა საკმაოდ სახალისოა, ყველა მოსწავლე თანაბრადაა ჩართული მასში და, რაც მთავარია, ვიღებთ სასურველ შედეგს – მოსწავლეები ივითარებენ მეტყველებას. მოცემული ნიმუში შეგვიძლია შევცვალოთ ნებისმიერი სხვა წინადადებით – შედეგი ყველა შემთხვევაში ერთი და იგივეა. აქტივობა ისე იტაცებს ჯგუფს, რომ შედარებით სუსტ მოსწავლეებსაც კი უჩნდებათ კითხვების დასმის და საგაკვეთილო პროცესში მონაწილეობის სურვილი.

მაგალითი 5. კიდევ ერთი საინტერესო აქტივობაა „აბსურდის ფილოსოფია”. მასწავლებელი დაფაზე ხატავს ხეს და რაოდენიმე ტოტს. მერე სთხოვს მოსწავლეებს, დაასახელონ ნებისმიერი მეტყველების ნაწილი ისე, რომ ჯერ არ ხსნის თამაშის არსს. მოსწავლეების მიერ ნათქვამ სიტყვებს ის ტოტებზე განალაგებს და სთხოვს მათ, შეადგინონ მათგან ტექსტი. მოსწავლეებს არ აქვთ უფლება, გამოტოვონ სიტყვა ან შეცვალონ მათი თანმიმდევრობა. მაგალითად, საწყის ეტაპზე შეიძლება როგორც სიტყვების რაოდენობის, ასევე ტოტების შემცირება. პირველ ცდაზე შეიძლება სიტყვის გამოტოვების ნება დავრთოთ. მომდევნო ცდაზე სასურველია, გავამკაცროთ წესები.

მაგალითი 6 – სიტყვების ახსნა. ერთ-ერთ მოსწავლეს ვთხოვოთ დაფასთან გამოსვლა, მივცეთ რაიმე სიტყვა (სასურველია, ის ეწეროს ლამაზად გაფორმებულ და ფერად flashcard–ზე) და ვთხოვოთ, აუხსნას კლასს მისი მნიშვნელობა. ყოველი სასურველი პასუხი წავახალისოთ, რათა მოსწავლეები აქტიურად ჩაერთონ სასწავლო პროცესში. ლამაზად დაწერილი სიგელი ან თუნდაც სიტყვიერი წახალისება ნამდვილად აამაღლებს მოსწავლეთა მოტივაციას.

ეს და უამრავი სხვა აქტივობა, მათი დაგეგმვა და განხორციელება, უდავოდ დაგვეხმარება, პირველივე კლასებიდან გამოვუმუშაოთ და შემდეგ გავუღრმაოთ მოსწავლეებს მეტყველების უნარ-ჩვევა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ენობრივი უნარ-ჩვევები მოიცავს ოთხ კომპეტენციას: წერას, კითხვას, მოსმენასა და მეტყველებას. ერთ-ერთის უგულებელყოფა მიგვიყვანს იმ შედეგამდე, რასაც დღეს უჩივიან პედაგოგები – მოსწავლეებს გაუჭირდებათ მეტყველება.

დავით ახვლედიანი

პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის” კონსულტანტ–მასწავლებელი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი