შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ვაშლის ხე და ბიჭი – პოსტერის შექმნა

ზოგადი განათლების რეფორმა და კურიკულუმის დანერგვისა და განვითარების პროცესი დღეს საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესის საგანია.

აღსანიშნავია, რომ კომპლექსური დავალებების სარეკომენდაციო სცენარების ავტორები, საგნობრივი ექსპერტები, იმავდროულად წარმატებით მოღვაწეობენ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში და პრაქტიკულად ახორციელებენ დოკუმენტში გაწერილ დავალებებს.

წლის ბოლოს კეთდება ანალიზი, რომელმა აქტივობამ გაამართლა, რა არის შესაცვლელი, რომელი მოერგო კარგად ამა თუ იმ კლასის მოსწავლეთა ინდივიდუალურ თავისებურებებს და ა.შ.

მინდა, გაგიზიაროთ დაწყებითი განათლების ექსპერტის, სსიპ თბილისის 72-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებლის ნატო ხაჭაპურიძის მიერ შექმნილი ორიგინალური კომპლექსური დავალების სარეკომენდაციო სცენარი.

სამიზნე ცნება: ტექსტი (ჟანრები) (შედეგები: (I).1, 2, 3, 4, 5)

ქვეცნება: პოსტერი

სამიზნე ცნების მკვიდრი წარმოდგენები:

  1. ტექსტის მეშვეობით ავტორი გვიზიარებს თავის სათქმელს, რომელიც ჩვენს ცხოვრებას უკავშირდება.
  2. ტექსტში მოცემული მინიშნებების საფუძველზე შესაძლებელია მისი სიღრმისეულად გააზრება, ახალი კუთხით წარმოჩენა.
  3. ტექსტი შეიძლება იყოს სხვადასხვა ჟანრის; ყოველი ჟანრის ტექსტს აქვს თავისებური შინაარსი, ენა და სტრუქტურა/აგებულება.

საკითხი: თანამედროვე ზღაპრის – „ვაშლის ხე და ბიჭის“ – დედააზრის გამომხატველი პოსტერის შექმნა.

ქვესაკითხი: „ვაშლის ხე და ბიჭის“ თემა, დედააზრი; პერსონაჟი – ქცევა, შინაგანი სამყარო – ფასეულობები, პიროვნული მახასიათებლები, გრძნობები. ურთიერთობა სხვა პერსონაჟთან, სათაური. პოსტერის მახასიათებლები.

საკვანძო კითხვები: როგორ შევქმნა მკითხველის პოსტერი ზღაპრის „ვაშლის ხე და ბიჭის“ დედააზრის გამოსახატავად? როგორ დავუკავშირო ჩემს პოსტერზე წარმოდგენილი მაგალითები ნაწარმოების დედააზრს?

კომპლექსური დავალების პირობა: შექმენი პოსტერი, რომელზეც ასახავ თანამედროვე ზღაპრის – „ვაშლის ხე და ბიჭი“ – მთავარი სათქმელის/დედააზრის შენეულ გაგებას. პოსტერზე გამოკვეთე აზრობრივი კავშირი სათაურს, წარწერებსა და ილუსტრაციებს შორის; გამოიყენე ვიზუალური ეფექტები სათქმელის გამოსაკვეთად (მაგ., სხვადასხვა ზომისა და ფერის ასოები, სურათებისა და ილუსტრაციების განლაგება); გამოიყენე მოკლე წინადადებები.

შეფასების კრიტერიუმები

ნამუშევრის წარდგენისას წარმოაჩინე:

  • რატომ ფიქრობ, რომ შენი ნამუშევარი პოსტერია (ტ. 3);
  • რით და როგორ უკავშირდება შენი პოსტერი ნაწარმოების მთავარ აზრს (ტ. 1);
  • ტექსტში მოცემული რა ინფორმაცია და მინიშნებები გამოიყენე დედააზრის ამოსაცნობად (ტ. 2);
  • რა ვიზუალური ეფექტები გამოიყენე სათქმელის გამოსაკვეთად (ტ.3).

 კომპლექსური დავალების განხორციელების ეტაპები (აქტივობები, რესურსები, შეკითხვები)

ეტაპი I კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა

დავალების მოთხოვნების გაცნობიერება

  • ახსენით თქვენი სიტყვებით, რას მოითხოვს დავალება.
  • რა ცოდნა-გამოცდილება გამოგადგებათ?
  • რისი შესწავლა დაგჭირდებათ?
  • თქვენი აზრით, რა გაგიადვილდებათ, რა გაგიძნელდებათ?
  • რაში დაგჭირდებათ დახმარება?
  • აქამდეც თუ შეგისრულებიათ მსგავსი დავალება? რას ეხებოდა?

ეტაპი II კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა

ნაბიჯი 1. რით, რა საშუალებებით, რა მინიშნებებით გამოხატავს შენი პოსტერი ნაწარმოების მთავარ აზრს (ტ. 1,2)?

ქვესაკითხები: თემა, დედააზრი, პერსონაჟი

 რესურსი, აქტივობები

რესურსი 1. „ვაშლის ხე და ბიჭი“ (თანამედროვე ზღაპარი) შელ სილვერსტაინის მიხედვით

რესურსი 2. დაკვირვების ცხრილი (კითხვის ხერხების/სტრატეგიების დასადგენად)

  • პასუხი პირდაპირ ტექსტში მოვიძიე;
  • ერთმანეთს დავუკავშირე მინიშნებები და გამოვიტანე დასკვნა;
  • მინიშნებები დავუკავშირე ჩემს ცოდნას, გამოცდილებას და გამოვიტანე დასკვნა.

 

შეკითხვა კითხვის რომელი ხერხი/სტრატეგია უნდა გამოიყენო? რატომ ფიქრობ ასე?
ა) სად და როგორ გაიცნეს ერთმანეთი ვაშლის ხემ და ბიჭმა?  

 

ბ) როგორ ვიგებთ, რომ ვაშლის ხე ლამაზი იყო?
ბ) რა ანიჭებდა ხეს ბედნიერებას?  

 

გ) ვინ იყო შორი გზიდან მოსული მოხუცი?
დ) როგორ ვიგებთ, როგორი მეგობარია ბიჭი?

 

აქტივობა 1. წინასწარი ვარაუდები სათაურზე დაყრდნობით

აქტივობა 2. ბოლო ნაწილის აღდგენა

აქტივობა 3. სიტყვები და შესიტყვებები; კუნძი, კუნძული; ფრაზეოლოგიზმები: „შიმშილი მოიკლა“, „თვალი ვერ მოსწყვიტა“, „ცეცხლი გააჩაღა“

აქტივობა 4. ტექსტიდან მოყვანილი გამოთქმების შეცვლა შესაბამისი მნიშვნელობის ფრაზებით/სიტყვებით

ü  მოვიდა ბიჭი და ხეს თვალი ვერ მოსწყვიტა (თვალი ვერ მოაშორა).

ü  ბიჭი ასეც მოიქცა: ვაშლის ხეს ტოტები დაამტვრია, ცეცხლი გააჩაღა (ცეცხლი დაანთო) და გათბა.

ü  ბიჭი ასეც მოიქცა: დაკრიფა ვაშლები და შიმშილი მოიკლა (დანაყრდა).

 

გეზის მიმცემი კითხვები:

ü  თქვენი აზრით, რაზე იქნება ეს ტექსტი? (აქტ.1)

ü  რა კავშირი/ურთიერთობა შეიძლება ჰქონდეთ ხეს და ბიჭს?

ü  ილუსტრაციის მიხედვით რა დასკვნას გამოიტანდით?

ü  ტექსტის რომელ მინიშნებეზე დაყრდნობით აღადგინეთ ნაკლული ადგილები?

ü  დააკვირდით, რომელი სიტყვა ან გამოთქმაა თქვენთვის უცნობი? (აქტ.3-4 )

ü  მაგ.: რა არის კუნძული? როგორ ადგილს უწოდებენ კუნძულს? რას ეძახიან კუნძს?

ü   როგორ გესმით: „შიმშილი მოიკლა“, „თვალი ვერ მოსწყვიტა“, „ცეცხლი გააჩაღა“?

ü  რომელი ფრაზებით/ სიტყვებით შეცვლიდით ამ გამოთქმებს? შეადარეთ, შეიცვალა წინადადებამ აზრი?

აქტივობა 5. ახალი გამოთქმების გამოყენებით წინადადებების შედგენა

აქტივობა 6. კითხვის სტრატეგიებზე/ხერხებზე დაკვირვება (ცხრილის გამოყენებით მოცემული კითხვის ხერხების გაცნობა)

რესურსი 3. მოსწავლის წაკითხულის აუდიოჩანაწერი

აქტივობა 7. მუშაობა გაწაფულ კითხვაზე

გეზის მიმცემი კითხვები:

ü  სად იპოვე დასმული კითხვის პასუხი? (აქტ. 6)

ü  რა დაგეხმარა/როგორ მოახერხე დასკვნის გამოტანა? (მინიშნებები)

ü  კიდევ რამ შეიძლება გაგვიადვილოს დასკვნის გამოტანა? (მინიშნებებს ვუკავშირებ ჩემს ცოდნას, გამოცდილებას და გამომაქვს დასკვნა)

ü  შენი შეფასების რუბრიკის მიხედვით, რაზე უნდა გაგემახვილებინა ყურადღება კითხვის დროს? (აქტ.7)

ü  არის თუ არა განსხვავება ჩანაწერებს შორის? არის თუ არა უკეთესი მეორე ჩანაწერი? კერძოდ, რით?

ü  დაგეხმარა თუ არა პირველ აუდიოჩანაწერზე დაკვირვება კითხვის გაუმჯობესებაში? როგორ?

 

აქტივობა 8. ნაწარმოების შინაარსობრივ მხარეზე მუშაობა

 

აქტივობა 9 . მკითხველის დღიურის შევსება

 

რესურსი 4. ცხრილი-დღიური

 

ტექსტი: _______________________________________________________

 

მთავარი მოვლენა, მთავარი აზრი,

სიტყვა, წინადადება ან წინადადებები

ტექსტის დაკავშირება გარე სამყაროსთან

 

შეიძლება თუ არა, მოხდეს ასეთი ამბავი სინამდვილეში/რეალურ ცხოვრებაში?

რა შეიძლება მოხდეს, რა – არა?

 
 

 

 

 

 

გეზის მიმცემი კითხვები:

 

ü  სად გაიცნეს ერთმანეთი ვაშლის ხემ და ბიჭმა? (აქტ. 8)

ü  როგორ ვიგებთ, რომ ბიჭს ხე მოეწონა?

ü  როდის შესთავაზა პირველად ხემ დახმარება? მეორედ? მესამედ? ბოლოს?

ü  რას გრძნობდა ყოველ ჯერზე ხე? ბიჭი?

ü  რომელი პერსონაჟი მოგეწონა? რატომ? (ახსენი შენი მოსაზრება)

ü  როგორ შეაფასებ ხის საქციელს? როგორ შეაფასებ ბიჭის საქციელს?

ü  შენი აზრით, რას გვასწავლის ეს ზღაპარი? /რისი თქმა უნდა ავტორს?

ü  რატომ ფიქრობ ასე?

ü  ვის აქვს განსხვავებული მოსაზრება?

ü  შენი აზრით, რა არის ზრუნვა?

ü  რომელი თვისებაა მეგობარში/ადამიანში დასაფასებელი?

ü  თუ შეუცვლიდი ზღაპარს სათაურს? როგორ დაასათაურებდი მას?

 

ნაბიჯი 2. რატომ ფიქრობ, რომ შენი ნამუშევარი პოსტერია? რა ვიზუალური ეფექტები გამოიყენე სათქმელის გამოსაკვეთად (ტ. 3)?

 

ქვესაკითხები: პოსტერის მახასიათებლები; სტრატეგია

რესურსი 5. პოსტერების ნიმუშები

https://drive.google.com/file/d/1_1w2GBmiI02PrBsyMsn_Akjn222cHbyj/view

აქტივობა 10. სხვადასხვა თემაზე შექმნილ პოსტერებზე დაკვირვება და მახასიათებლების გამოკვეთა (გახსენება)

აქტივობა 11. მომზადება მკითხველის პოსტერის შესაქმნელად

იდეების გენერირება, გონებრივი იერიში

გეზის მიმცემი კითხვები :

ü  რა საერთო მახასიათებლები აქვს ამ პოსტერებს?

ü  რით განსხავდება პოსტერები ერთმანეთისგან?

ü  აქვთ თუ არა წარწერები, ილუსტრაციები?

ü  შეესაბამება თუ არა აზრობრივად ერთმანეთს წარწერები და ილუსტრაციები?

ü  თვალსაჩინოა თუ არა ავტორის სათქმელი?

ü   გამოკვეთს თუ არა გამოყენებული ვიზუალური ეფექტები (მაგ., სხვადასხვა ზომისა თუ ფერის ასოების, წარწერებისა და ილუსტრაციების მიზნობრივი განლაგება) ავტორის სათქმელს, პოსტერის თემას?

ü  როგორი წინდადებებია გამოყენებული?

ü  რომელი სასვენი ნიშნებია გამოყენებული და რატომ?

ü  რას იტყოდით, როგორი უნდა იყოს კარგი პოსტერი?

ü  რომელი მოგეწონა ყველაზე მეტად? რატომ?

ü   რა მოგაგონათ ბიჭის და ვაშლის ხის ამბავმა?

ü  ხომ არ გახსენდება რაიმე პირადი ცხოვრებიდან, ფილმიდან, წიგნიდან, რაც ზღაპრის დედააზრს ეხმიანება?

ü  როგორ დაგეხმარებათ ნაწარმოების დედააზრის თქვენეული გაგება პოსტერის შექმნაში? როგორ ასახავთ ტექსტის მთავარ იდეას პოსტერზე?

 

პოსტერის მომზადება

აქტივობა 12. წინმსწრები მეტაკოგნიტური პაუზა

რა უნდა გააკეთოთ პოსტერის შესაქმნელად და რა თანმიმდევრობით?

(პოსტერისთვის ილუსტრაციების, ტექსტის, წარწერების შერჩევა/ მომზადება; პოსტერის პირველადი ვერსიის მომზადება; თვითშეფასება ან ურთიერთშეფასება; გაუმჯობესება, საბოლოო ვერსიის შექმნა და წარდგენა;

რესურსი 6. მოსწავლეთა ნამუშევრები

რესურსი 7. მსმენელის დღიური

რა მომეწონა? რით იყო საინტერესო, დასამახსოვრებელი?

 

გამომსვლელი 1.
გამომსვლელი 2.

 კომპლექსური დავალების შესრულების და პრეზენტაციის პროცესში დასასმელი კითხვების ბანკი კონკრეტულ მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობისთვის, თითოეული მათგანის წინსვლისა და რეფლექსიის უნარის ხელშესაწყობად.

 ხსენი, რა ცოდნა შეიძინე და წარმოაჩინე კომპლექსური დავალების საშუალებით:

  • შეესაბამება თუ არა შენ მიერ მოყვანილი მაგალითი/მაგალითები ნაწარმოების დედააზრს?
  • შეესაბამება თუ არა ერთმანეთს აზრობრივად პოსტერის სათაური, წარწერა და ილუსტრაციები?
  • რა ვიზუალური ეფექტები გამოიყენე. ხელს უწყობს თუ არა ისინი სათქმელის გამოკვეთას?
  • მართებულად გამოხატე სასვენი ნიშნებით წინადადებათა შინაარსი?
  • რით გაიმდიდრე ცოდნა-გამოცდილება? სად და როგორ გამოიყენებ შეძენილ ცოდნას?
  • რისი თქმა გინდოდა ამ ნამუშევრით? რით არის ის მნიშვნელოვანი?

აღწერე, როგორ იმუშავე დავალებაზე:

  • აღწერე შენი ნამუშევარი, ახსენი, კონკრეტულად რით არის ის ზრუნვის მაგალითი.
  • რა გააკეთე პოსტერის შესაქმნელად და რა თანმიმდევრობით?
  • რომელ მინიშნებებს მიაქციე ყურადღება?
  • რატომ არის საჭირო დავალების პირველადი ვერსიის შექმნა?
  • რით განსხვავდება შესრულებული დავალების პირველადი ვერსია საბოლოოსგან?
  • რას გააკეთებდი განსხვავებულად, ახლა რომ იწყებდე დავალებაზე მუშაობას?
  • შენი თანაკლასელების ნაუშევრებიდან რომელი მოგეწონა განსაკუთრებით? რამ მიიქცია შენი ყურადღება?

აღწერე, რა დაბრკოლებებს წაააწყდი და რა დაგეხმარა კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში:

  • რა გამოგივიდა კარგად კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში?
  • რა გაგიძნელდა, რა გაგიადვილდა? რატომ?
  • ვისთან ერთად იმუშავე კომპლექსურ დავალებაზე? რით და როგორ დაეხმარეთ ერთმანეთს?
  • იყო თუ არა განსხვავებული მოსაზრებები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისას?
  • გამოიყენეთ თუ არა ტექნოლოგიები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში? რაში დაგეხმარათ ტექნოლოგიების გამოყენება?

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი