პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

კომპლექსური დავალება – შექმენი თამაში ბავშვებისთვის

ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში ჩატარებული 2021-2022 სასწავლო წლის შემაჯამებელი ეროვნული კონფერენციიდან გთავაზობთ სახალისო და მხიარულ კომპლექსურ დავალებას – ,,შექმენი თამაში ეზოს ბავშვებისთვის’’ – საგან ,,მე და საზოგადოებაში’’.

დავალება განახორციელა სსიპ ალექსანდრე ცინცაძის სახელობის ქალაქ თბილისის 150-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელმა, ხათუნა ბაგრატიონმა.

კლასი – მე-3

თემა – გარემო, რომელშიც ვცხოვრობ

სამიზნე ცნება – საზოგადოება (შედეგები-საზ.მეც.დაწყ.(I)1,2,3,4,6,7)

ქვეცნება – სამეგობრო (ეზოში)

საკითხი – სპორტული თამაშის შექმნა

 

საკვანძო შეკითხვა:

  • რატომ და როგორ ვქმნით თამაშებს?
  • რას ვითვალისწინებთ თამაშის შექნის დროს/თამაშის დროს?

 

კომპლექსური დავალების პირობა – სპორტული თამაშის შექმნა

შექმენი თამაში შენი ეზოს ბავშვებისთვის. წარმოადგინე ინსტრუქცია. შეურჩიე სახელი. მოფიქრებული თამაშის სახელი და შინაარსი დაუკავშირე ერთმანეთს.

ინსტრუქციაში ასახე: თამაშის წესები; საჭირო რესურსები მოთამაშეების ფუნქციები.

ნაშრომის პრეზენტაციისას წარმოაჩინე:

რა საერთო ინტერესი აერთიანებს თამაშის დროს შენი სამეზობლოს ბავშვებს (მ.წ.1. მ.წ.2);

რა წესებს ვიცავთ თამაშის დროს? რატომ არის მნიშვნელოვანი ამ წესების დაცვა (მ.წ.3).

1-ლი ეტაპი. კომპლექსური დავალების პირობის გაცნობიერება.

ნაბიჯი 1. როგორ წარმოვაჩინო ჩემი ცოდნა საკითხთან დაკავშირებით?

  • ვინ ახსნის თავისი სიტყვებით, რას მოითხოვს დავალება თქვენგან?
  • რა უნდა შექმნათ? ვინმეს ხომ არ უნდა რაიმეს დამატება?
  • ხომ არ გაიხსენებთ მსგავს დავალებას?

მე-2 ეტაპი. კომპლექსური დავალების შინაარსი.

ნაბიჯი 1. რა საერთო ინტერესი აერთიანებს თამაშის დროს შენი სამეზობლოს ბავშვებს (მ.წ.1. მ.წ.2).

აქტივობა: ჩვენ მეგობრები ვართ – ჩვენი ეზოს ამბები.

მოსწავლეებმა მკვიდრი წარმოდგენების „გამოღვიძების’’ პროცესში ისაუბრეს უბნის, ეზოს, თემის, დასახლების შესახებ, სადაც თავად ცხოვრობენ. თანაუბნელებთან მეგობრობა არის ურთიერთობა, რომელიც დამყარებულია საერთო ინტერესებზე, პატივისცემაზე, ერთგულებაზე, ნდობასა და მოთმინებაზე.

შეკითხვები სამიზნე ცოდნის კონსტრუირებისთვის:

  • როგორია შენი ეზო?
  • ვისთან ერთად ერთობი და თამაშობ ეზოში?
  • რას გულისხმობს თანაუბნელებთან მეგობრობა?

 

აქტივობა: ბავშვებმა ისაუბრეს სხვადასხვა თამაშის შესახებ. აღნიშნეს, რომ სპორტული მოედანი სხვადასხვა სახისაა: კალათბურთის, რაგბის, ფეხბურთის, ფრენბურთის და სხვა. გაიმართა დისკუსია.

შეკითხვები სამიზნე ცოდნის კონსტრუირებისთვის:

  • როგორ ფიქრობ, საჭიროა სპორტული მოედანი?
  • არის თუ არა შენს სახლთან სპორტული მოედანი? გვიამბე, როგორია ის.
  • რომელი სპორტული თამაშია შენთვის ნაცნობი?
  • უფრო ხშირად შენ რომელს თამაშობ ხოლმე?
  • რომელი სპორტული მოედნები იცი?

 

აქტივობა: მოსწავლეებმა შეავსეს სქემა, რით განსხვავდება სპორტული მოედნები და დასასვენებელი პარკები ერთმანეთისაგან?

დასასვენებელი პარკი სპორტული მოედანი
 

 

 

 

 

აქტივობა: დააკავშირე ბურთები სახელებთან

 

აქტივობა: დისკუსია. მოსწავლეებმა ვიდეოკოლაჟის ნახვის შემდეგ იმსჯელეს, რა ფაქტორებმა განაპირობა სპორტული თამაშის წარმატებით განხორციელება.

 

ნაბიჯი 2. რა წესებს ვიცავთ თამაშის დროს? რატომ არის მნიშვნელოვანი ამ წესების დაცვა (მ.წ.3).

აქტივობა-ექსპერიმენტი – ვითამაშოთ, გავერთოთ, ვისწავლოთ ერთად!

მასწავლებელმა ჩაატარა ექსპერიმენტი და მოსწავლეებს ექსპრომტად, წესების გარეშე შესთავაზა:

– მოდი, ვითამაშოთ ბურთის გადაწოდება ტაშის დაკვრით, ბურთს ისვრით ნებისმიერი მიმართულებით, ბურთის დამჭერი ჯერ უკრავს ტაშს და შემდეგ იჭერს.

ბუნებრივია, ამგვარად დაგეგმილმა თამაშმა ქაოსი გამოიწვია.

ექპერიმენტის შემდეგ მოსწავლეებმა გააკეთეს დასკვნა, რამდენად აუცილებელია თამაშის წესების ცოდნა, შეთანხმება, წინასწარ შექმნა, რომ არ ჩაიშალოს თამაში და ერთად ჩამოაყალიბეს წესები:

  • ვინ იქნება პირველი;
  • უსაფრთხოების წესები;
  • ბურთის გადაწოდების პრინციპი;
  • სისწრაფე;
  • ტაშის დაკვრა;
  • ვინ ტოვებს თამაშს.

აქტივობა: მოსწავლეებმა შექმნეს წესები ეზოს თამაშისთვის.

აღნიშნული აქტივობების განხორციელების შემდეგ მოსწავლეებმა საკუთარი ინტერპრეტაციით შექმნეს ეზოს თამაშები: ,,დედამიწელები და უცხოპლანეტელები’’, ,,რგოლები და ქვიშა’’, ,,კენგურობანა’’, ,,აკენწვლა’’ და სხვა.

 

– ყველა ნამუშევარი ორიგინალური და განსხვავებულია – აღნიშნა ქ-ნმა ხათუნა ბაგრატიონმა.

მოსწვლეებმა კრიტერიუმების გათვალისწინებით შექმნეს ის პროდუქტი, რომელიც მითითებული იყო პირობაში. ამავდროულად, მათ ახალი დავალებაც შექმნეს და გაუკეთეს მოდიფიცირება. მასწავლებელმა ყველა მოსწავლის ნამუშევარი შეაფასა განმავითარებელი კომენტარით, მოსწავლეებმა გამოიყენეს ურთიერთშეფასების სტრატეგია.

სახალისო, მხიარული კომპლექსური დავალების შესრულებამ ბავშვებს მიანიჭა თავისუფლების განცდა. საშუალება მისცა, გაეკეთებინათ აღმოჩენები, გამკლავებოდნენ ახალ გამოწვევებს, ხელი შეუწყო მათ ფიზიკურ და ემოციურ სიჯანსაღეს.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი