ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

კალისგან დამზადებული ჯარისკაცი…

მუდმივად ჟურნალ „მასწავლებლის“ სტატიებზე ვფიქრობ. მარტში იუბილე ჰქონდა, 10 წლის გახდა და პატივად ვთვლი, რომ დაბადებიდან ვიცნობ. მის გასაცნობად მეგობარმა კოლეგამ წამიყვანა. ასეთი და ასეთი „გოგო“ დაიბადაო და წამოდი, გაიცანი, წერა ხომ გეხერხებაო. წერა ბავშვობიდან გამომდის, რაღაცების მოფიქრების უნარიც, იცოცხლე – მაქვს. მთავარია, რამეს მოვეჭიდო და ამბავს ნამდვილად შევთხზავ.

 

ჰო, იმის თქმა დამავიწყდა, რომ ჟურნალი ჩემს თვალში „გოგოა“. ოღონდ, ძლიერი და საზრიანი. არავის რომ დაეჩაგვრინება და სხვების დაუხმარებლად „არამკითხემოამბეს“ მშვენიერ პასუხს მიაგებს.

 

ჰოდა, მის სტატიებზე ფიქრი უკვე ჩვევად მექცა. გარეთ სულ ხალხს და საგნებს ვაკვირდები. სად რა ხელმოსაჭიდი ვიპოვო და შემდეგ რომელ ქიმიურ ამბავს დაუკავშირო.

 

აი, ერთხელ სამარშრუტო ტაქსით საცობში ვიდექით. თავს იმითღა ვირთობდი, რომ ზეცას ვუჭვრიტინებდი. მაშინ თურმე კარგი დრო მედგა, სახლში დედა მელოდებოდა და ტელეფონიდან მამხნევებდა:

  • მოდი, დედა გენაცვალოს, მალე მოდი…

 

ოჰ, ნეტა იცოდეთ, როგორ მაკლია ეს ფრაზა… რას არ გავიღებდი, ეს ხმა კიდევ რომ გამაგონა…

 

თუმცა, ახლა თემას გადავუხვიე და ისევ საცობს დავუბრუნდები. ცაზე ღრუბლებს უჩვეულო ფიგურები გამოესახათ და მეც ჩემდაუნებურად, დევების და ციკლოპების ბრძოლებს შევადარე. შედეგად, ეს წერილი დაიწერა:

mastsavlebeli.ge

ასეთი ფესვები აქვს ყველა წერილს, სადღაც რაღაცის გადაწყდომა-დაკვირდებით იწერება. იმ დღესაც ოდნავ ჩამძინებოდა, რომ „მესენჯერის “ ხმებმა გამაღვიძეს. დავხედე და ფატი მწერდა, ჩვენი ადრინდელი უნივერსიტეტის ერთი უკარგესი ქალბატონი. ბატონი როზლანდი ხომ გახსოვსო, ჰოდა, დარეკვა სურს შენთან და ნომერი შემახსენე, რომ მივცეო. ახლავე-მეთქი, გამოვფხიზლდი, ადრე სულ მე ვეკითხებოდი ბატონ როზლანდს ათას რამეს, მოსიარულე ენციკლოპედიასაც კი ვეძახდით და ახლა როგორ დავზარდებოდი რამეს.

 

გულთბილი მოკითხვის შემდეგ როზლანდმა კალაზე მკითხა რაღაც. ჰოდა, მეც მაშინვე მივხვდი, რომ შემდეგი სტატიის თემა ეს მეტალი იქნებოდა.

კალა იმ ელემენტთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელსაც კაცობრიობა ერთ-ერთ პირველს გაეცნო. მას იღებენ კალაქვის-კასიტერიტის ნახშირით, ანუ ორგანული ნივთიერებების აღდგენით. მიღების პროცესი შედარებით ადვილია და ამით აიხსნება, რომ ჯერ კიდევ ჩვ. წ. აღრიცხვამდე 6000 წლის წინ იყო ცნობილი. ბუნებაში გვხვდება, როგორც თვითნაბადი, ისე ნაერთების სახით. ძირითადად, დიოქსიდის SnO2-კასერიტის სახით, რომელიც თეთრი ფერის კრისტალური ნივთიერებაა.

 

კალაქვას ხშირად ახლავს კალის კოლჩედანი -Cu2S·FeS·SnS2. თვითნაბადი კალა ძირითადად ოქროსთან ერთად გვხვდება.

მეტალურ კალას იღებენ სპეციალურ ღუმელებში კალაქვის ნახშირით აღდგენის გზით:

SnO2+2C=Sn+2CO

SnO2+2CO=Sn+2CO2

ამ გზით მიღებული კალა მთელ რიგ მინარევებს შეიცავს. მინარევებისგან განთავისუფლების მიზნით მიღებულ მასას ადნობენ. კალა როგორც დაბალი დნობის ტემპერატურის მქონე მეტალი გადადის თხევად მდგომარეობაში. ამით მას გამოყოფენ სხვა მინარევებისგან და შედარებით სუფთა სახით იღებენ.

მრეწველობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს კალის რეგენერაციას – გამოყენებული კალის ისევ აღდგენისა და წარმოებისთვის ისევ დაბრუნებას. მაგ. კონსერვის ქილა 2-3% კალას შეიცავს. მისი გამოყოფისთვის ქილის ნაჭრებს ჩაუშვებენ ტუტის ხსნარში (ანოდი) და ელექტროლიზის გზით კათოდზე კალას გამოყოფენ.

კალა მოვერცხლისფრო თეთრი ბრჭყვიალა მეტალია, კარგად იჭედება, იგლინება და მისგან ძალიან თხელი ფურცლების დამზადებაა შესაძლებელი. გამლღვალი მდგომარეობიდან მისი გაცივებისას კალა კრისტალდება ტეტრაგონალური კრისტალების სახით (თეთრი კალა). 161 ცელსიუს გრადუსზე რომბულ მდგომარეობაში გადადის. ეს ფორმა მყიფეა, ადვილად იმსხვრევა და ფხვიერდება. კალის მესამე მდგომარეობა ნაცრისფერი კალაა, რომელიც -13,2 ცელსიუს გრადუსსა და უფრო დაბალ ტემპერატურაზე, ფხვიერი მასის სახით მიიღება. ამიტომ კალისგან დამზადებული საგნები დაბალ ტემპერატურაზე ფხვიერ მასად იოლად იშლება.

კალის ნაცრისფერ მოდიფიკაციაში გადასვლა მით უფრო სწრაფად ხდება, რაც უფრო დაბალია ტემპერატურა. თეთრი კალის ნაცრისფერ მოდიფიკაციაში გადასვლას აჩქარებს თეთრი კალის ნაცრისფერთან შეხება. ამიტომ თეთრი კალისგან დამზადებულ ნაკეთობებს ეს ადვილად გადაედებათ (დაახლოებით კოვიდის ან სხვა ვირუსული დაავადების მსგავსად). ამ მოვლენას ადრე „კალის ჭირი“ ეწოდა. უნდა აღინიშნოს, რომ -13,2 ცელსიუსზე ზემოთ გათბობისას ნაცრისფერი კალა ისევ თეთრ კალაში გადადის.

ჩვეულებრივ პირობებში კალა ჟანგბადისა და სინესტისადმი მდგრადია, მხოლოდ გახურების შემდეგ შედის რეაქციაში ჟანგბადთან და SnO2 წარმოიქმნება.

ქიმიური თვისებებით საკმაოდ აქტიურია. ჰალოგენების მოქმედებით მიიღება ტეტრაჰალოგენკალა SnX4. ფთორი ოთახის ტემპერატურაზე კალაზე არ მოქმედებს, გაცხელებით კი რეაქცია აალებით წარიმართება. ქლორი და ბრომი ჩვ. ტემპერატურაზე, ხოლო იოდი ოდნავ გაცხელებით შედის კალასთან რეაქციაში. კალა ენერგიულად რეაგირებს გოგირდთან, სელენთან, ტელურთან. ფოსფორთან კი გაცხელებით შედის რეაქციაში.

კალა ადვილად იხსნება კონც. მარილმჟავაში:

Sn+2HCl=SnCl2+H2

კალა ენერგიულად რეაგირებს კონც. აზოტმჟავასთან, რის შედეგად წარმოიქმნება წყალში უხსნადი ბეტა-კალამჟავა.

Sn+4HNO3=H2SnO3+4NO2+H2O

კალა სამეფო არაყშიც იხსნება. ამ შემთხვევაში, თეზაფი მარილმჟავას ჭარბი რაოდენობით შეიცავს.

2Sn+18HCl+3HNO3=3H2[SnCl6]+4NO+8H2O

მეტალური კალა იხსნება ცხელ ძლიერ ტუტეებში ჰექსაჰიდროქსისტანატების წარმოქმნით:

Sn+2KOH+4HOH=K2[Sn(OH)6]+2H2.

მეტალური კალა მართლაც საუკეთესო თვისებებით ხასიათდება – კარგი ჭედადობა, პლასტიკურობა, დაბალი ლღობის ტემპერატურა, ჟანგბადისადმი და სინესტისადმი მდგრადობა. ეს თვისებები კალის პრაქტიკაში გამოყენებას ზრდის.

კალა დიდი რაოდენობით გამოიყენება, ე.წ. თეთრი თუნუქის დასამზადებლად. ამისთვის რკინის ფურცელს გოგირდმჟავათი დაამუშავებენ (ოქსიდების მოსაცილებლად), შემდეგ ჩაუშვებენ გამლღვალ კალაში (მოკალვა). კალა რკინას კოროზიისგან იცავს.

ის საკონსერვო ქილების დასამზადებლად გამოიყენება. ამ შემთხვევაში გამოყენებული უნდა იყოს სუფთა კალა, რომელიც არ შეიცავს ტყვიას. კალა სხვადასხვა შენადნობშიც გვხვდება. მაგ. ბრინჯაო 10% კალას და 90% სპილენძს შეიცავს. გამოიყენება ასევე მეტალის მეტალთან მირჩილვისთვის (50% კალა და 50% ტყვია). მას იყენებენ სასტამბო შენადნობის დასამზადებლად (5-30% კალა, 10-20% სტიბიუმი, დანარჩენი კი ტყვია).

სხვათა შორის, 2000 კონსერვის ქილის გადამუშავებით 1კგ. კალის მიღება შეიძლება. 1809 წელს ფრანგმა მზარეულმა ფრანსუა აბერმა პროდუქტების ხანგრძლივად შენახვის მეთოდი, ანუ კონსერვირება გამოიგონა. კონსერვების ქილები კი თეთრი თუნუქისგან უნდა დამზადებულიყო, რომელიც კალით იქნებოდა დაფარული. ასეთი ქილების გადამუშავებით მეორადი კალა მიიღება და როგორც მეცნიერები ფიქრობენ, კალის მარაგი დაახლოებით 40-50 წელი კიდევ საკმარისად არის.

რვა წლისას დედამ კალისგან ჩამოსხმული რამდენიმე ჯარისკაცი მაჩუქა. მახსოვს, სულ გამორჩეულ ადგილას იდგნენ ხოლმე. ახლა კი ვეღარ ვპოულობ, ცხოვრების წლებმა სად გადახვეწეს, ვერც კი გავიგე.

ანდერსენის ზღაპარი ალბათ ყველას გახსოვთ. პატარა ბიჭს 25 პატარა ჯარისკაცი აჩუქეს. ისინი ერთი თუნუქის კოვზიდან ჩამოასხეს, თუმცა სულ ნაბოლარაზე კალა საკმარისი არ აღმოჩნდა და მხოლოდ ერთი ფეხით დარჩა. თუმცა, ამ ცალ ფეხზე მყარად იდგა. ბიჭმა ყველა ჯარისკაცი მაგიდაზე განათავსა. ამავე მაგიდაზე სხვა ბევრი სათამაშოც იყო, მათ შორის სასახლე ტბითა და გედებით. სასახლეში ერთი მზეთუნახავი ცხოვრობდა, რომელსაც ამ ცალფეხა ჯარისკაცმა თვალი მოკრა თუ არა, მაშინვე შეუყვარდა.

ღამე, როდესაც ბიჭი იძინებდა, სათამაშოები ცოცხლდებოდნენ და ცხოვრებისეულ ფერხულში ებმებოდნენ. ჯარისკაცს რომ მზეთუნახავი შეუყვარდა, ტროლს არ გამოჰპარვია. ჰოდა, ერთ-ერთ ღამესაც ომი გამოუცხადა. შემდეგ ათასი რამ მოხდა, ჯარისკაცი ქუჩაში გადავარდა, იქ ხელნაკეთი ნავით საკანალიზაციო წყლებში იმოგზაურა, საიდანაც ზედაპირულში (ანუ მდინარეში) გადავიდა, სადაც თევზმა შესანსლა. ეს თევზი მებადურმა დაიჭირა და პატარა ბიჭის დედას მიჰყიდა. ასე აღმოჩნდა ბიჭის სამზარეულოში, სადაც მუცლის გაფატვრისას ჯარისკაცი იპოვეს და უკან მზეთუნახავთან დააბრუნეს.

ბოლოს კი მაინც ყველაფერი ცუდად დასრულდა, მზეთუნახავიც და ჯარისკაციც ბუხარში გადაცვივდნენ, სადაც ერთი დაიწვა, მეორე კი დადნა, მაგრამ გულის ფორმა მიიღო.

კალაზე ზღაპრის დაწერა და ასე სევდიანად და ლამაზად დასრულება, ალბათ მხოლოდ ანდერსენს შეეძლო.

მე კი ვიტყოდი, რომ კალისგან დამზადებულმა ჯარისკაცმა უშიშრად, ლამაზად და საინტერესოდ იცხოვრა… ზუსტად ისევე, როგორც ეს ელემენტი გადის სამყაროში თავის დაუსრულებელ გზას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი