ოთხშაბათი, თებერვალი 1, 2023
1 თებერვალი, ოთხშაბათი, 2023

ნახატებით წერა

ჟან-ფრანსუა ლიოტარი პოსტმოდერნზე საუბრისას აღნიშნავს, რომ თანამედროვე ადამიანი საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების შედეგად ინფორმაციულ წნეხში იმყოფება. ასეთ ვითარებაში, ეპოქა, რომელშიც ვცხოვრობთ, შეგვიძლია განვსაზღვროთ, როგორც „სლოგანების ეპოქა“.

„სლოგანების ეპოქას“ სოციალურ ქსელში შეგვიძლია დავუმატოთ ღიმილაკების ეპოქაც. ინფორმაციის სწრაფად აღქმის  ტენდენციამ ჩვენი კომუნიკაცია აავსო, ე.წ. ხატულებით. არსებობს „ემოჯების“ ლექსიკონები, რომლებიც სულ უფრო მეტად იხვეწება და მდიდრდება[1].

2020 წელს პანდემიის პირობებში ლექსიკონს Unicode Consortium-ის მიერ დამტკიცებული ახალი ღიმილაკების მთელი სერია  დაემატა[2], რომლებიც ასახავს ადამიანის ემოციებს კორონავირუსის დროს. ერთ-ერთია: „სახე სპირალის თვალებით”, ანუ „თავბრუსხვევა”. დეზორიენტაციის გამომხატველი ეს ემოჯი ჯენიფერ დენიელმა წარადგინა. მან ემოჯის მნიშვნელობები გამოხატა შემდეგნაირად: „ო, არა”, „გასაჭირი”, „ვაჰ”, „უფ”.  ახალი ემოჯი  დაბნეული, თავბრუდახვეული ადამიანის აღმნიშვნელია  ან ზოგადად გადატვირთვის ისეთი მდგომარეობის, როცა საკუთარ მოქმედებებს ვეღარ აკონტროლებ და ვერც სამყაროს აღიქვამ ადეკვატურად. როგორც The Verge-ის ჟურნალისტი, რასელ ბრენდონი აღნიშნავს, 2020-ში ჩვენ ყველას თვალების ნაცვლად სპირალები გვაქვს[3].

მნიშვნელოვანი ის არის, რომ ღიმილაკების ენა უნივერსალურია და მას ნებისმიერი კულტურის ადამიანი იყენებს. უნივერსალურობა ნიშნავს, რომ ემოციების ენა სტანდარტიზებულია და განსაზღვრული.

პრობლემა:

  • ვერბალური/ლინგვისტური ტექსტების ჩანაცვლება სტანდარტიზებული ღიმილაკებით რას უქადის ენას?
  • ასუსტებს თუ არა ეს ადამიანის ინდივიდუალურ ემოციურ თვითგამოხატვას?

უფრო შორსაც წავედით და დავიწყეთ ერთგვარი თამაში: ტექსტების ჩაწერა ღიმილაკებით.

„ვეფხისტყაოსნის“ ტვიტერატურული კონკურსის ერთმა მონაწილე მოსწავლემ, ნიკა ფარტენაძემ, ერთი სტროფი:

იყო არაბეთს როსტევან, მეფე ღმრთისაგან სვიანი,

მაღალი, უხვი, მდაბალი, ლაშქარ-მრავალი, ყმიანი.

მოსამართლე და მოწყალე, მორჭმული, განგებიანი,

თვით მეომარი უებრო, კვლა მოუბარი წყლიანი“.

– ასე ჩაწერა:

ხშირად ბავშვებისთვის კრეატიულობის სავარჯიშოებად სწორედ „ემოჯების“ ენას მიმართავენ, რათა ბავშვებს განუვითარონ ვიზუალური აზროვნება. აი, მაგალითად:

განმარტება ასეთია:

1) ერთი თხილის გული ცხრა ძმამ გაიყო;

2) გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი;

3) ადრე ამდგარსა კურდღელსა ვერ დაეწევა მწევარი.

მსგავსი აქტივობები (ბავშვების მიერ შედგენილი) შეგიძლიათ ნახოთ ლალი ანთიძის საკვირაო სკოლის გვერდზე[4].

ეს პროცესები (ვერბალურის ვიზუალურში გადატანა) სულ უფრო მეტად დამახასიათებელი ხდება ვირტუალური კომუნიკაციისათვის. ისეთი სურათია, თითქოს მომავალი – ეს არის უკან, პიქტოგრაფიისკენ.

დამწერლობა ხომ პიქტოგრაფიით დაიწყო. რა არის პიქტოგრაფია:

 პიქტოგრაფია [ლათ. pictus დახატული და ბერძ. graphō ვწერ] – დამწერლობის უძველესი სახეობა – საგნების, მოვლენების, მოქმედების გადმოცემა ნახატების საშუალებით; ხატოვანი დამწერლობ[5].

რამდენი დრო გავიდა, ვიდრე პიქტოგრაფიული დამწერლობიდან ანბანურ დამწერლობამდე მოვიდოდით. ახლა კი – პირიქით…

2020 წელს ალდაგმა 30 წლისთავთან დაკავშირებით საინტერესო კონკურსი წამოიწყო. ნებისმიერ მონაწილეს შეეძლო ემოჯების გამოყენებით მოეთხრო სახალისო საგზაო თავგადასავალი.

ერთი სახალისო ისტორია ასეთია:

„17 ივლისი იყო, თბილი და მზიანი დღე — ჩვენი ქორწილის დღე. ვისხედით ნეფე-პატარძალი საქორწილო ესკორტში და მივდიოდით. უეცრად, შუქნიშანზე ფეხმძიმე შევნიშნეთ, რომელიც ტიროდა და დახმარებას ითხოვდა. აშკრად მშობიარობა ეწყებოდა. ჩვენ ჩავისვით ჩვენსავე მანქანაში და წავედით სამშობიაროში. პატარა ძალიან მალე დაიბადა და ჩვენც დავბრუნდით ჩვენს გზაზე – ჯვრის დასაწერად ტაძარში“.

[6]

 

შეადარეთ პიქტოგრაფიულ დამწერლობას.

 

მუქოში (დუშეთის რაიონში) აღმოჩენილი უძველესი დამწერლობის ნიმუში ასეთია:

როგორც ხედავთ, უძველესი პიქტოგრაფიული დამწერლობის ნიმუშებსა და თანამედროვე ვირტუალური კომუნიკაციის ღიმილაკებით შექმნილ ტექსტებს შორის არავითარი სხვაობა არ არის. ორივე  ნახატებით წერაა.

როგორც ჩანს, ინფორმაციით გადატვირთულმა ვირტუალურმა სივრცემ კომუნიკაცია დააბრუნა იქ, საიდანაც ის დაიწყო – ნახატებით წერასთან. თუმცა ციფრულ სამყაროში პიქტოგრაფიას კრეატიულობის კონტექსტში მიმართავენ, გამორჩეულობის მიზნით.

 

 

[1] https://www.emojiall.com/

[2] https://unicode-org.github.io/emoji/emoji/charts-13.1/emoji-released.html#1f9d4

[3] https://bit.ly/3kFxofv

[4] ლალი ანთიძის საკვირაო სკოლა – https://www.facebook.com/media/set/?set=a.330712841660843&type=3

[5] http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=3&t=31308

[6] https://bit.ly/3wPnjBx

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი