სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

ტექსტების მოშინაურება

სახელმძღვანელო სავსეა რთული ტექსტებით. XXI საუკუნეა, ციფრული ტექნიკის ეპოქა. ბავშვის თითები სწრაფად დასრიალებენ ეკრანებზე. ირგვლივ ათასი გასართობია. გაწაფული კითხვა უჭირთ. შენ, ქართულის მასწავლებელმა, მცირე დროში ათასი რამ უნდა მოასწრო.

„ჩუგლუგი“, „ტაგანი“, „ჟამთააღმწერელი“, „დეკა“, „ბუერა“, „ჩადუნიანი“… – დღეს ვინღა იყენებს ამ სიტყვებს? ვფიქრობ, ძველი ტექსტების გაცნობა ჰაერივით აუცილებელია, თუმცა ეს პროცესი ბეწვის ხიდზე სიარულს ჰგავს – ყოველ წამს შეიძლება, ჩაწყდეს და თან გაიყოლოს ინტერესი, გულმოდგინება, პატივისცემა, ისტორიული მეხსიერება და ყველაზე მთავარი, სიტყვის სიყვარული.

მე და ჩემს მეექვსეკლასელებს ერთი სემესტრის განმავლობაში დაგვიგროვდა მრავალფეროვანი აქტივობები, რომლებიც მკაფიო მიზნით გამოვიყენე – ტექსტების მოსაშინაურებლად. აქტივობების აღწერილობას დროდადრო სოციალურ ქსელში ვაქვეყნებდი. გადავწყვიტე, მათ ერთ სტატიაში მოვუყარო თავი და ამგვარად თქვენც გაგიზიაროთ.

პირველ რიგში რეალობას თვალს ვუსწორებ – ასაკის თავისებურებებისა და ზოგადი სოციალური ფონის გათვალისწინებით, მოტივაციის არქონას ჩვეულებრივ ამბად მივიჩნევ და მომართული ვარ მათი მოწყენილობისა და უინტერესობის დასამარცხებლად.

როგორც წესი, რამდენიმე მოსწავლე ყველა საგანს თითქმის ერთნაირი ინტერესით სწავლობს. მათ შორის არის ჩემი 11 წლის გოგონაც, რომლის მასწავლებელი ვარ. მას პერფექციონიზმის წყალობით, ყველაფრის დაზუთხვა შესანიშნავად გამოსდის, თუმცა, არის კი ეს საკმარისი?! ჩემი დაკვირვებით, თუ გულით არ შეიყვარებს იმას, რასაც სწავლობს, გონება მალევე ათავისუფლებს ადგილს სხვა ტექსტისთვის. რა უნდა ქნას კლასის უმრავლესობამ, ბავშვებმა, რომლებსაც წაკითხვაც კი ეზარებათ? როგორც ვხედათ, პრობლემა მწვავეა და მის გადასაჭრელად დროული ჩარევაა საჭირო.

ძვირფასი ტექნოლოგიები

პანდემიის გამო სასწავლო პროცესში აუცილებელი გახდა რამდენიმე პლატფორმის ჩართვა. ჩემს გოგონას აქამდე არასდროს ჰქონია ფეისბუკი, მესენჯერი. დისტანციურმა სწავლებამ სოციალური ქსელის შექმნის საჭიროება დაგვანახა. ვფიქრობ, ხისტი აკრძალვა სწორი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ სოციალური ქსელის გამოყენებისას დროის ლიმიტის დაცვა მოზარდებს ნამდვილად უჭირთ. შექმნეს კლასის ჩატი და მეც დამამატეს. თვალს ვადევნებდი მათ მიმოწერას და გული მწყდებოდა იმაზე, რომ, თუკი საშინაო დავალების წერისას გრამატიკული შეცდომები მინიმალური იყო, ონლაინმიმოწერისას პირისა და სასვენი ნიშნები უმოწყალოდ უგულებელყოფილნი იყო. ერთი რამ კი თვალნათელი იყო – ჰაერივით სჭირდებოდათ ემოციების გაზიარება.

ამასობაში ფარნავაზის გაცნობის დროც დადგა. XI საუკუნიდან ლეონტი მროველი გვეხმიანებოდა: „ესე ფარნავაზი იყო კაცი გონიერი, მხედარი შემმართებელი და მონადირე ხელოვანი“. კლასის ჩათში კი მოფახფახებული ფრაზები მიმოქრიან, მაგალითად, ისეთი, როგორიც არის – „ქართულში რა გვაქ დავალება?“

 

ფარნავაზის მესენჯერი

ფარნავაზის შესახებ ლეონტი მროველი „ქართლის ცხოვრებაში“ მოგვითხრობს. ლეგენდარული მეფის ისტორია განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ზღაპრული ჩანართებით – სიზმარს ვგულისხმობ – სარკმლიდან შემოჭრილი მზის სხივები ჭაბუკს წელზე შემოერტყმება და მინდვრად გაიყვანს. ძირს ჩამოსულ მზეს ცვარს მოჰხოცავს და სახეზე იცხებს. საყვარელი ეპიზოდის გარდა, ტექსტი სავსეა ისტორიული თუ ლეგენდარული ფაქტებით, პირთა სახელებით.

ვფიქრობდი, რა გზა გამომეძებნა 11-12 წლის გოგო-ბიჭების ინტერესის გასაღვივებლად. ფარნავაზის მესენჯერის იდეაც მაშინ დამებადა. სოციალური მახასიათებლების გათვალისწინებით შევქმენი მარტივი სქემა და შევარჩიე რამდენიმე პერსონაჟი.

თამაშის წესი მარტივი იყო: თითო თაბახის ფურცელი წყვილებად დაყოფილ კლასს დავურიგე. პერსონაჟები გადაინაწილეს და მიმოწერა გააჩაღეს. ზოგი აზონი იყო, ზოგი – ქუჯი, ზოგიც ფარნავაზი ან მისი დედა და და.

ინსტრუქცია ამგვარი იყო:

  • წარმოიდგინე, რომ ფარნავაზ მეფეს აქვს მესენჯერი და დედას სწერს თავისი უცნაური სიზმრის შესახებ. მოიფიქრე, რას უპასუხებდა დედა. „გამოიყენე“ სათანადო ემოციის გამომხატველი ღიმილაკი.
 

ფარნავაზი

 

დედა

 

ფარნავაზი

 

დედა

 
ჩემი კომენტარი ამ დავალების შესახებ

 

 
 

 

 

 

 

  • წარმოიდგინე, რომ ფარნავაზს აქვს მესენჯერი და განძის აღმოჩენის შესახებ თავის დას სწერს. მოიფიქრე, რას უპასუხებდა ფარნავაზს და.

 

  • წარმოიდგინე, რომ ფარნავაზს აქვს მესენჯერი და ეგრისის ერისთავ ქუჯის დახმარებას სთხოვს. მოიფიქრე, რას უპასუხებდა ფარნავაზს ქუჯი.

 

სქემის შედგენისას გასათვალისწინებელია დრო და მათი შესაძლებლობები. შემიძლია თამამად გითხრათ, რომ „ფარნავაზის მესენჯერი“ დღემდე დაუვიწყარ გაკვეთილად დარჩა მათ მეხსიერებაში. ჩემი საქაღალდე კი საგულდაგულოდ ინახავს ფარნავაზისა და მისი გარემოცვის „მიმოწერას“.

 

გამოძერწილი სიტყვები

საკუთარ თავს ხშირად ვეკითხები – რა არის ჩემი მიზანი? ბევრი ფიქრისა და დიდი დაკვირვების შემდეგ მე მაქვს მკაფიო პასუხი, სახლში დაბრუნებამდე ყველა ბავშვის გააქტიურება უნდა მოვახერხო. ჩანაფიქრის შესასრულებლად ყველაზე ნაყოფიერი კეთებით სწავლებაა. იმ დროს, როცა ჯგუფური მუშაობისგან თავს ვიკავებთ, კეთებით სწავლებისას თითოეული მოსწავლის ჩართულობა მაინც შესაძლებელია. ყველას ნამუშევარმა საბოლოო პროდუქტის სახით შეიძლება თავი მოიყაროს კოლაჟზე, დიორამაზე ან საგამოფენო თაროზე.

პლასტილინით ამგვარად გავაცოცხლეთ ფარნავაზის ეპოქის სიტყვები: „ჩუგლუგი“, „სანელსაცხებლე“, „ბეჭედი“, „სამაჯური“ თუ „სამკლაური“.

შემაჯამებელი ტესტის ერთ-ერთი საკითხი იყო – დაასახელეთ სიტყვა, რომელიც ყველაზე მეტად დაგამახსოვრდათ და თქვენი პასუხი დაასაბუთეთ. უმეტესობამ „ჩუგლუგი“, „რკინის კომბალი“ გამოარჩია და კლასის გამაერთიანებელი სიტყვა უწოდა.

 

კლასში ჟამთაღმწერელია

აკაკის ბრჭყვიალა წებოვანი ქაღალდისგან გამოჭრილი ულვაშები მივაწებეთ. მელანში ძველებურ კალამს აწებს და ქაღადზე ჭრიალით გამოჰყავს საუკუნეების წინ დაწერილი სიტყვები: „განდგომილება ვგონეთ თქვენ ქართველთა და აქ ვინათგან ჰყავ სათნოება კეთილი, ყოველთა ქართველთა შენ მოგანიჭებთ, და შენდა მონდობილ ვართ“.

ყველა მას უყურებს. იცინიან. ერთი სული აქვთ გაიგონ, როგორ გაგრძელდება გაკვეთილი. სანამ აკაკის ხელნაწერს მელანი შეაშრება, ჩვენ როლური თამაშისთვის ვემზადებით.

 

დეტალები – მოსასხამი დიდებულებისთვის და ფარ-ხმალი

მწვანე მოსასხამი და ჩემი პატარა ბიჭის ფარ-ხმალი კოხტასთავის შეთქმულთათვის ჩავიფიქრე. ამგვარი დეტალები ცნობისმოყვარეობას აღვივებს და მერე რთული ტექსტის გაგებაც იოლდება.

როლური თამაში

სანამ როლურ თამაშს შევუდგებოდეთ, დაფაზე ჩამოვწერე კოხტასთავის შეთქმულთა სახელები – „კუპრი შოთა“, „ვარამ გაგელი“, „ეგარსლანი“, „ყვარყვარე“, „თორღაი“… რიტმული მუსიკა ჩავრთე და ყველა ავმღერდით. სიმღერის ტექსტად პერსონაჟთა სახელებს ვამბობდით. მანამდე პერსონაჟები სათითაოდ დახატეს და გამოჭრეს. მართალია, კუპრი შოთა ანიმეს გმირს უფრო ჰგავდა, ვიდრე XIII საუკუნის ადამიანს, მაგრამ თუნდაც ეს შემთხვევა საკმარისი აღმოჩნდა მის დასამახსოვრებლად.

როლების გადანაწილებისას მწვანე მოსასხამი და ფარ-ხმალი ცოტნე დადიანს შეხვდა, ბიჭს, რომელსაც დიდი მცდელობის მიუხედავად ტექსტი ვერაფრით წავაკითხე. ვუამბეთ, რას წერდა ჟამთაღმწერელი და ამის შემდეგ ხალისით ჩაება თამაშში.

ბიჩუ და ანგურგის როლები გოგონებს ერგოთ. გამოჭრილი ულვაშები მიიმაგრეს, ხმა გაიმკაცრეს და ასე წაასხეს ტყვეები ანისში, ჩორმაღან ნოინთან, რომლის როლს მარიამი თამაშობდა.

კლასის დამრიგებელი, ნინო მასწავლებელი, კლასში იმ დროს შემოვიდა, როდესაც მუხლდაჩოქილი ქართველი ტყვეები თაკარა მზის ქვეშ იტანჯებოდნენ. არასდროს დაგვავიწყდება მისი გაოცებული სახე.

 

ვაჟას ბიოგრაფია და ჩრდილების თეატრი

მშრალ ფაქტებს, რომლებიც მოზარდებისთვის გაუგებარი შეიძლება აღმოჩნდეს, ჩრდილების თეატრით ახალი სიცოცხლე ვაჩუქეთ. მეორე შემაჯამებელიც ჩრდილების თეატრს დავუკავშირეთ – წინასწარ გამოჭრილი პერსონაჟები უნდა აელაპარაკებინათ. უმეტესობამ ვაჟა-ფშაველა და მისი დედ-მამა, გულქანი და პავლე, პირველ პირში ასაუბრა.

„მე გულქანი ვარ, ლუკას დედა. ყმაწვილქალობისას ხილვა მქონდა, ციდან ორი ოქროსფერი ჯაჭვი იყო წამოსული და ზედ ორი ცეცხლის ბალღები ადი-ჩამოდიოდნენ, თან ტკბილ ხმაზე გალობდნენ“, – კლასში გულქანის მონათხრობს კულა გლდანელის ხმა ცვლიდა, რომელიც გვიამბობდა, როგორ გამართა ჭიდაობა თიანეთში ვაჟას პეტერბურგში გასამგზავრებელი თანხის მოსაგროვებლად.

ამ ამბიდან რამდენიმე კვირის შემდეგ თამარ გეგეშიძეს შევხვდით დისტანციურად. დაჩიმ თამარს ჰკითხა, როგორი კაცია ვაჟა-ფშაველაო. მას ჩრდილების თეატრში პერსონაჟი არ გაუცოცხლებია, თუმცა, როგორც ჩანს, ოთხდღიანი პრეზენტაციების მოსმენისას მკაფიოდ დაამახსოვრდა ვაჟა-ფშაველა და მის შესახებ მეტის გაგების სურვილიც გაუჩნდა.

მინი-დიორამები   

         ვაჟა-ფშაველას ენა თანამედროვე ბავშვებისთვის რთული გასაგებია. ჩემი სიყვარული და ხმამაღალი კითხვა ტექსტის მოსაშინაურებლად საკმარისი არ არის. მგონია, რომ მოთხრობების – „ია“ და „მთის წყარო“ – სამყაროში გადასაბიჯებლად მინი-დიორამა დაგვეხმარა. რატომ მინი-დიორამა? იმიტომ, რომ უფრო მოსახერხებელია, დრო და რესურსიც ნაკლები სჭირდება. მოზრდილი ყუთების ნაცვლად ასანთის კოლოფები გამოვიყენეთ. მინი-დიორამა რომ არა, ყურადღების მიღმა დარჩებოდათ ჩადუნიანი, ლოდებს შორის მორაკრაკე წყარო, ქედანი, ბუერა, იის ფოთლებზე დაცემული ქედნის სისხლის წვეთები.

თანამედროვე მდიდარი მამაკაციდან ტარიელამდე

         საღეჭი რეზინის მარკები, რომლებზეც მანქანებია გამოსახული, უცხო მოყმის გასაცნობად გამოვიყენე. დამეთანხმებით, დამაბნეველი დასაწყისია გაკვეთილისთვის, მაგრამ რატომ არ შეგვიძლია გავავლოთ პარალელი გერმანულ „მერსედესსა“ და ტარიელის შავ ცხენს შორის?

შემდეგ ჩამოვწერეთ მსოფლიოში ცნობილი და ძვირადღირებული სათვალის, საათის, შარვლის, სპორტული ფეხსაცმლის, პერანგის სახელწოდებები. ბიჭებმა XXI საუკუნის ტარიელის პროტოტიპს Nike-ის კაპიუშონიანი სვიტერი შეურჩიეს. შემდეგ უკვე ტექსტის გაცნობისა და წაკითხვის დრო დადგა. გაკვეთილის უცნაურმა დასაწყისმა ბავშვებში ცნობისმოყვარეობა აღძრა, რაც საშინაო დავალებასაც დაეტყო – ჟურნალისტის როლი მოირგეს და სტატია დაწერეს სკოლის ეზოში შემჩნეულ მდიდრულად ჩაცმულ მამაკაცზე.

 

ვფიქრობ, არასდროს დაავიწყდებათ ფარნავაზი, ცოტნე დადიანი, ჟამთააღმწერელი, მონღოლი დამპყრობლები, ვაჟას ოჯახი და ფშავის მოლაპარაკე ბუნება. მე კი მადლიერი ვარ, ჩემთვისაც რომ უფრო ახლობელი გახადეს ისტორიული თუ ლიტერატურული პერსონაჟები. საგულდაგულოდ შენახულ ნამუშევრებს დროდადრო ვკითხულობ. სტატიის ბოლოს 11 წლის თიკოს ჩანაწერს გთავაზობთ:

ფარნავაზი: გამარჯობა, ქუჯი. უთვალავი განძი მაქვს. მოვალ შენთან, ძმებივით ვიყოთ და აზონს ერთად დავესხათ თავს.

ქუჯი: გამარჯობა, ფარნავაზ. მოდი ჩემთან, განძს ნუ დაიშურებ. სანამ აზონს თავს დავესხმებით, მაგ განძით ლაშქარს გაგიმრავლებ.

ფარნავაზი: ოკ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი