ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

აქტივობები პირველკლასელებისთვის ონლაინ სწავლებისას

შემოდგომა ჩვენს ქვეყანაში სწავლის დაწყებასთანაც ასოცირდება. განსაკუთრებული ემოციებით, ფიქრებით, განცდებით, ინტერესით ელიან ამ დღეს მშობლები, რომელთა შვილებიც პირველად მიდიან სკოლაში და, რა თქმა უნდა, თვითონ პატარებიც, აწ უკვე სკოლის მოსწავლეები. ზოგი მათგანი ბაღს ემშვიდობება, ზოგი კი, ვისაც საბავშვო ბაღში არ უვლია, სადაცაა, პირველად მოხვდება სკოლისმაგვარ გარემოში.

მას შემდეგ, რაც ჩვენს ცხოვრებაში კორონავირუსი შემოიჭრა და გასული სასწავლო წლის ნახევარი მთლიანად მოიცვა, მასწავლებლებმა, მშობლებმა და მოსწავლეებმა გამოსავალი ვიპოვეთ და, სასწავლო პროცესი რომ არ შეგვეწყვიტა, ჩვენს პრაქტიკაში ონლაინ სწავლების ფორმატი დავნერგეთ. ყველას გვეგონა, რომ ეს დროებითი იყო და ახალ სასწავლო წელს ჩვეული, ტრადიციული ფორმატით დავიწყებდით. გადაწყვეტილებამ სწავლის ონალინ რეჟიმში დაწყების თაობაზე ყველა აგვაფორიაქა და გულიც დაგვწყვიტა, რადგან გავაცნობიერეთ, რა მნიშვნელოვანი ყოფილა სასკოლო გარემოში ჩვენი ერთად ყოფნა.

განსაკუთრებით შეაშფოთა ამ გადაწყვეტილებამ პირველკლასელების მშობლები. მართლაც, ონლაინსწავლება ყველაზე რთულად აღსაქმელი მათთვისაა. გთავაზობთ რამდენიმე იდეას, რომლებიც შესაძლოა ონლაინსწავლების რეჟიმში ბავშვებთან ნაყოფიერი ურთიერთობისთვის გამოგადგეთ.

პირველია ერთგვარი საშინაო დავალება, რომელიც, ვფიქრობ, მოეწონებათ პატარებს. მთავარია, ამ ტექსტმა ყველა მოსწავლის მშობლამდე მიაღწიოს.

* პირველი დავალება პირველკლასელებისთვის

მინდა იცოდე: ძალიან მიხარია, ამ წერილს რომ გვწერ! 😊 სანამ თავად, სხვის დაუხმარებლად შეძლებ წაკითხვას, მოდი, სთხოვე რომელიმე უფროსს, შენი მასწავლებლის წერილი წაგიკითხონ 😊

ეს იქნება ჩემი პირველი თხოვნა შენდამი. ჩემი აზრით, სახალისოა. გამიხარდება, თუ ეს იდეა შენც მოგეწონება და თხოვნას შემისრულებ.

რაკი 15 სექტემბერს ჩვენს ლამაზ საკლასო ოთახში ვერ შევხვდით, მოდი, დავიწყოთ დღეების თვლა შეხვედრამდე. ამაში პატარა თამაში დაგვეხმარება:

მინდა, მოძებნო სახლში რაიმე ქილა ან ყუთი, ოღონდ აუცილებლად თავსახურითურთ. შეგიძლია, გარედან ლამაზად გააფორმო.

ქილას „ჩემი დღის სიტყვა“ დავარქვათ. ყოველ საღამოს, სანამ სკოლაში მოსვლის დღე დადგება, მასში მოათავსე ერთი სასიამოვნო სიტყვა, რომელსაც დღის განმავლობაში გაიგონებ და მოგეწონება. მაგრამ სიტყვას, აბა, როგორ დაწერ, ჯერ შენთვის წერა რომ არ მისწავლებია?! ამიტომ ასეთ რამეს გთავაზობ:

როდესაც ისეთ სიტყვას გაიგონებ, რომელიც შენს გულსა და ყურთასმენას ესიამოვნება, მაშინვე დაიმახსოვრე და დაიწყე ფიქრი, როგორ შეიძლება გამოხატო ის დაუწერლად. მაგალითად, მთელი დღე კარგად იქცეოდი და საღამოს დედამ გითხრა, რომ ძალიან უყვარხარ. ამ სიტყვამ გული გაგითბო, მოგინდა, ის შენს ქილაში შეგენახა, მაგრამ წერა ჯერ არ იცი. ამიტომ სხვა გამოსავალი უნდა მოიფიქრო. ჩვენ, ადამიანები, სიყვარულს გულის ფორმით –  გამოვხატავთ ხოლმე. ამიტომ მიირბენ შენს სასწავლო კუთხესთან, მოძებნი ფანქარს, ფურცელს, შემოხაზავ მასზე გულს  და ქილაში მოათავსებ. ასე შეინახავ ძალიან კარგ სიტყვას: „მიყვარხარ“.

💕

შეგიძლია, ეს გული ლამაზად მოხატო. საზოგადოდ, ეცადე, ყველაფერს, რასაც შენი ხელით შექმნი, სილამაზე და განსაკუთრებულობა შესძინო. თუ მოინდომებ, შეძლებ! 😊

ასევე შეძლებ ყველა სიტყვის გამოსახვას. მთავარია, დაფიქრდე და შენი საზრიანი გონება აამუშაო.

სკოლაში რომ მივალთ, ვნახოთ, რა სიტყვები გექნება შეგროვებული ქილაში. ეცადე, არც ერთი დღე არ გამოგრჩეს. ვიცი, რომ ბევრ სასიამოვნო სიტყვას მომიტან.

დაგელოდები! 😊

სიყვარულით,

შენი მასწავლებელი

ინა მეცხვარიშვილი

 

აქტივობა ონლაინ შეხვედრისას

ბავშვებს უყვართ მხიარულება, სიმღერა, ცეკვა. გიზიარებთ სიმღერის ბმულს. დაგჭირდებათ მისი ბოლო ნაწილი. გადაახვიეთ ვიდეო 2 წუთსა და 58 წამამდე და შესთავაზეთ ბავშვებს, „ლა“-ს ყოველი გაგონებისას ტაში შემოჰკრან. თუ თქვენც აჰყვებით, აქტივობა კიდევ უფრო სახალისო იქნება. ასე გაიგებთ, რამდენად აქვთ ბავშვებს მოსმენის, ლოდინის უნარი, რიტმის შეგრძნება. უმჯობესია, ინსტრუქციის გაცნობის შემდეგ ჯერ მხოლოდ მოასმენინოთ ეს ნაწილი, მეორე მოსმენაზე კი ააყოლოთ ტაშიც.

 

გავეცნოთ თანაკლასელებს – 3 რამ ჩემ შესახებ

ხშირად, მშობლების თხოვნით, ბაღში ერთ ჯგუფში მყოფ ბავშვებს სკოლაშიც ერთ კლასში რიცხავენ. ასე რომ, ერთმანეთს ისინი კარგად იცნობენ. თუმცა თანაკლასელების უმეტესობა ერთმანეთს არ იცნობს. პირველი შეხვედრისას, თუნდაც ონლაინრეჟიმში, შესაძლოა გამოგადგეთ აქტივობა – „3 რამ ჩემ შესახებ“ . სთხოვეთ ბავშვებს, დაასახელონ 3 რამე, რაც მათ ახასიათებთ. დაიწყეთ თავად და მიეცით მაგალითი, მერე კი მომდევნო მოხალისეს მოუსმინეთ.

 

ჩემი მხიარული თავგადასავალი

ჩვენი მიზანია, ეკრანის მიღმიდან მომზირალი პატარა, აღელვებული, დაბნეული ადამიანი ავალაპარაკოთ და დავამშვიდოთ, ამიტომ უნდა ვეცადოთ, მისთვის საინტერესო, მარტივი და ახლობელი რამ შევთავაზოთ. ვთხოვოთ ბავშვებს, გაიხსენონ ერთი მხიარული ამბავი, რომელიც თავად გადახდენიათ თავს და ბევრი უცინიათ.

 

რას შევადარებ სკოლას?

კარგი იქნება, ბავშვების ყურადღება გავამახვილოთ სკოლაზე. გავიგოთ, რას ფიქრობენ მის შესახებ, რასთან ასოცირდება ამ პატარა ადამიანებისთვის სკოლა. შეგვიძლია, მათი პასუხები ფერად წებოვან ფურცლებზე ჩავინიშნოთ და ერთ მოზრდილ ფორმატზე მივაწებოთ. როდესაც სკოლაში დავბრუნდებით, საკლასო ოთახში გავაკრათ. კითხვას რომ ისწავლიან, თავადაც წაიკითხავენ საკუთარ ნააზრევს.

 

გისურვებთ მხნეობას და ძალას, რომ ბავშვებთან ერთად ეკრანის წინ გატარებული დღეები რაც შეიძლება მრავალფეროვანი, საინტერესო და ნაყოფიერი გამოგივიდეთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი