ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

სახალისო აქტივობები, რომლებიც პოლონელი მეგობრებისაგან ვისწავლე

ორი წლის წინ ერთ საინტერესო პოლონურ პროექტში ჩავერთე. პროექტი მიზნად ისახავს სერვისების დანერგვას საქართველოში სმენა-მხედველობადაქვეითებული და სმენა-მხედველობის არმქონე ადამიანებისთვის (განურჩევლად ასაკისა) და დაფინანსებულია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ორი ორგანიზაციის: Human Doc და TPG-ის – მიერ. ჩემთვის, განათლების სპეციალისტისთვის, ეს პროექტი საინტერესოა არა მხოლოდ  ზოგადპროფესიული, არამედ საკუთრივ მეთოდოლოგიური თვალსაზრისითაც. ჩვენი პოლონელი ინსტრუქტორები მეტად მნიშვნელოვან ინფორმაციას მრავალფეროვანი ხერხებით გვაწვდიდნენ. ძალიან მინდა, რამდენიმე მათგანი თქვენც გაგიზიაროთ.

ვინაიდან არ მახსენდება, ჩვენს ინსტრუქტორებს რომელიმე აქტივობის სახელწოდება ეთქვათ, მათ მე თვითონ შევურჩევ პირობით სახელებს.

 

„ქსელი“

ერთ დილით მიჰალ დრზევეკმა პროექტის მონაწილეები წრეზე დაგვსხა – ხელში ცისფერი ძაფის გორგალი ეჭირა – და თამაშის წესები აგვიხსნა:

ძაფის მესაკუთრე ამბობს თავის ჰობის და გორგალს მოპირდაპირე მხარეს ისვრის ისე, რომ ძაფის ბოლო ხელით უჭირავს. ახლა ახალი მესაკუთრე ამბობს თავის ჰობის, ძაფის ნაწილს მაგრად იჭერს ხელით, გორგალს კი მომდევნო მოთამაშისკენ ისვრის და ასე  –გორგლის ყოველი ახალი მესაკუთრე თავისი ინტერესების გამჟღავნებისთანავე ძაფის ბოლოს ხელით იჭერს, გორგალს კი სხვა მონაწილეს ესვრის. ერთმანეთის ჰობის დამახსოვრება აქტივობის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია.

სურ.1

ძაფი თანდათან ილევა და წრეში ქსელი იბმება.

ახლა, როცა ყველა მოვყევით ჩვენ-ჩვენი ინტერესების შესახებ და სხვების ჰობიც დავიმახსოვრეთ, ქსელი ნელ-ნელა, თანმიმდევრულად უნდა დავშალოთ, ძაფი ავახვიოთ და გორგალი იქით ვისროლოთ, საითაც ძაფის ბოლო უახლოეს მესაკუთრეს უჭირავს, თან მისი ჰობიც დავასახელოთ და ასე, ვიდრე ძაფი ბოლომდე არ აიხვევა. ამგვარად, თამაშის ბოლოს ერთმანეთის შესახებ გაცილებით მეტი ვიცით, ვიდრე დასაწყისში.

ჩვენი უცხოელი ინსტრუქტორი მადლობას გვიხდის თამაშში ხალისით ჩართვისა და გულახდილობისთვის, მერე კი ამბობს, რომ ახლა ჩვენ ვართ ძაფით მოქსოვილი ფერადი ქსოვილი, რომლის დაშლა ძალიან ძნელია.

 

სურ. 2

 

ვფიქრობ, ამ აქტივობის გამოყენება სწავლების ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება. ის ხელს უწყობს ერთმანეთის უკეთ გაცნობა/შესწავლას, ავითარებს გუნდურ და, იმავდროულად, მეტაფორულ აზროვნებას, ქმნის თანამშრომლობის ატმოსფეროს, კარგ განწყობას და სწავლა-შრომის მოტივაციასაც ამაღლებს.

 

„საგანი ჰგავს…“

ეს აქტივობა კამილა სკალსკამ და მიჰალმა შედარებისა და აღწერის სწავლების სტრატეგიებთან დაკავშირებით შემოგვთავაზეს, რადგან საგნების ხმოვანი აღწერის (აუდიოდესკრიფციის) სტრატეგიების ცოდნას მხედველობის პრობლემების მქონე ადამიანებთან მუშაობისას თუ უბრალოდ ურთიერთობისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ტექნიკის ინსტრუქტორმა აბგაში ოთხი ერთნაირი ფლომასტერის ყუთი ჩაცალა, მერე წრეზე მსხდომ მონაწილეებთან სათითაოდ მოვიდა და თითო ფლომასტერი ამოგვაღებინა. გადავჯგუფდით ფერების მიხედვით. თითოეულ ჯგუფში 4-4 წევრი აღმოვჩნდით: ოთხი ყვითელი, ოთხი მწვანე და ა.შ. დიდ ეკრანზე რამდენიმე საინტერესო ფოტო გვაჩვენეს. თითოეული მათგანი ჯგუფში უნდა აღგვეწერა და რამე საგნისთვის შეგვედარებინა, მაგალითად:

კოშკები ჰგავს სამრეკლოებს, სამკუთხედებს, დროშებს…

ჭრილი ჰგავს ტყეპარკს სინჯარაში, ლუპას ფართო ტარით, სოკოს…

კედელი ჰგავს ცხრილს, კომოდს, უჯრებს…

ჭაღი ჰგავს ობობას, გულს, ცეცხლს, რობოტს ჭერზე…

მოკლედ, ასოციაციებით მიგნებულ შედარებებს ჯერ გუნდის შიგნით ვუზიარებთ ერთმანეთს, საერთო პრეზენტაციისას კი გუნდის წევრები ერთმანეთის მეტაფორებს ასახელებენ.

აქტივობა კონცენტრაციას, დეტალებზე ყურადღების გამახვილებას მოითხოვს, ავითარებს მეხსიერებას, მოსმენის, წარმოსახვის უნარს, კონკრეტულ და მეტაფორულ აზროვნებას, გარდა ამისა – შედარება-აღწერასთან დაკავშირებულ მაღალ სააზროვნო: ანალიზურ და სინთეზურ, შეფასების უნარებსაც. ყველამ ვიცით, რომ აღწერა თხრობა-მსჯელობასთან ერთად მეტყველების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტიპია, მისი ტექნიკების საფუძვლიანი ცოდნა კი, გარდა იმისა, რომ ადამიანებს დავეხმარებით, საინტერესო მიგნებებსაც გვაპოვნინებს და კრეატიულ აზროვნებასაც ჩამოგვიყალიბებს.

აი, ასე. იმედი მაქვს, ყველა გაერთობით და თქვენს სასწავლო სივრცეებში აღწერილ აქტივობებს აქტიურად დანერგავთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი