პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

სასკოლო განათლება გერმანიაში

მიჩნეულია, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი განათლების სისტემა გერმანიას აქვს. აქ საშუალო განათლება ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე ხანგრძლივია – ცამეტწლიანი. მისი გასრულების შემდეგ მოსწავლე იღებს ატესტატს სახელწოდებით Abitur. მხოლოდ ამ საბუთით შეიძლება გერმანიის უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვა.

გერმანიის ზოგადსაგანმანათლებლო სექტორში ლომის წილი სახელმწიფო სკოლებზე მოდის, სადაც განათლება უფასოა როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ისე უცხოელებისთვისაც. გერმანული ენის არმცოდნე ბავშვებს კვირის განმავლობაში რამდენიმე დამატებითი მეცადინეობის უფლება აქვთ. გერმანიაში სასკოლო განათლება სავალდებულოა პირველიდან მეცხრე კლასის ჩათვლით. სკოლების სახეობები და სახელწოდებები, ასევე კრიტერიუმები სხვადასხვა რეგიონში (ფედერალურ მიწაზე) სხვადასხვაა. შეიძლება მათგან ოთხი ძირითადი ტიპის გამოყოფა:

დაწყებით სკოლაში (Grundschule) ირიცხებიან 5-6 წლის ბავშვები და სწავლა 4-6 წელიწადი გრძელდება. მეცადინეობა ყველა კლასში ერთი და იმავე პროგრამით მიმდინარეობს. პირველი ორი წელი ყველა დისციპლინას კლასის დამრიგებელი ასწავლის. მესამე კლასიდან გაკვეთილებს უძღვებიან საგნობრივი პედაგოგები. დაწყებითი სკოლის დამთავრების შემდეგ მოსწავლეები იღებენ რეკომენდაციას, სად უმჯობესი მათთვის სწავლის გაგრძელება: ძირითად სკოლაში, რეალურში თუ გიმნაზიაში.

ძირითადი სკოლა (Hauptschule) გულისხმობს მეცხრე კლასამდე სწავლას. როგორც წესი, აქ ყველაზე სუსტი მოსწავლეები ხვდებიან. ამ სკოლის მთავარი პედაგოგიური მიზანია მოსწავლეების მომზადება პროფესიის ასარჩევად, ამიტომ მეცადინეობისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პრაქტიკული ჩვევების გამომუშავებას. არდადეგების დროს მოსწავლეები ვალდებულნი არიან, გაიარონ საწარმოო პრაქტიკა. სკოლის დამთავრებისას გაიცემა არასრული საშუალო განათლების დამადასტურებელი ატესტატი, რომელიც პროფესიულ სკოლაში (Berufsschule) ჩაბარების უფლებას იძლევა. ეს უკანასკნელი უახლოეს წარსულში ჩვენთან არსებული პროფტექნიკუმის ანალოგია.

რეალური სკოლა (Realschule) გულისხმობს მეათე კლასამდე სწავლას. აქ მოსწავლეები შედარებით ვრცელ, მაგრამ მაინც არასრულ განათლებას იღებენ. რეალური სკოლის კურსდამთავრებულებს უფრო დიდი არჩევანი აქვთ, ვიდრე მათ თანატოლებს, რომლებმაც ძირითადი სკოლა დაამთავრეს. გარდა პროფსკოლებისა, მათ შეუძლიათ ორწლიანი კურსის გავლა სახელმწიფო სამსახურში ჩასადგომად (მათ შორის – პოლიციასა და ბუნდესვერშიც), ასევე – სწავლის გაგრძელება გიმნაზიაში (Gymnasium) ან სპეციალიზებულ გიმნაზიაში (Fachoberschule).

გიმნაზია (Gymnasium) გულისხმობს მეთორმეტე ან მეცამეტე კლასამდე სწავლას. კლასების რაოდენობა იმაზე დამოკიდებული, რომელ ფედერალურ მიწას ეკუთვნის სკოლა, თუმცა სკოლების უმეტესობა 13-კლასიანია. მეთერთმეტე კლასში მოსწავლეები, როგორც წესი, სიღრმისეული შესწავლისთვის 2-3 საგანს ირჩევენ, თუმცა ეს პროფილის დავიწროებას არ ნიშნავს – გიმნაზიის მოსწავლე მრავალმხრივ განათლებას იღებს. აქ მიღებული ატესტატი მას ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების უფლებას აძლევს. სხვათა შორის, გერმანიის უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდები არ ტარდება, აბიტურიენტს ატესტატის ნიშნების მიხედვით იღებენ. თუ ჩარიცხვის პრეტენდენტი უმაღლეს სასწავლებელში არსებულ ადგილზე მეტია, იღებენ საუკეთესოებს, დანარჩენი კი მომლოდინეთა რიგში გადაინაცვლებს. ეს უკანასკნელნი მომდევნო სასწავლო წელს ჩაირიცხებიან.

გერმანიაში სულ უფრო პოპულარული ხდება ე.წ. ერთიანი სკოლები (Gesamtschule). აქ ყველა მოსწავლე ათწლიან სწავლებას გადის და არასრული საშუალო განათლების ატესტატს იღებს. ამ სკოლის დამთავრების შემდეგ მოზარდები გიმნაზიაში აგრძელებენ სწავლას ან რომელიმე ხელობის ათვისებას იწყებენ. გერმანიის ზოგიერთ ფედერალურ მიწაზე „ერთიანი სკოლა” ნიშნავს იმას, რომ ერთსა და იმავე შენობაში განთავსებულია ძირითადი სკოლა, რეალური სკოლა და გიმნაზია. ამას ორმაგი მიზანი აქვს: გაუადვილოს მოწაფეებს ერთი სკოლიდან მეორეში გადასვლა და სუსტი მოსწავლეები, რომლებიც, როგორც წესი, Hauptschule-ში სწავლობენ, არასრულფასოვნების კომპლექსისგან გაათავისუფლონ.

გერმანიაში არის ე.წ. განსაკუთრებული სკოლებიც (Sonderschule) ამა თუ იმ ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლის მქონე მოსწავლეებისთვის. ყოველ ქალაქში არსებობს დაწყებითი და საშუალო განსაკუთრებული სკოლები, რომლებიც სწორედ ამგვარ ბავშვებს ემსახურება, რომელთა აღზრდა-განათლება ჩვეულებრივ სკოლებში შეუძლებელია. ასეთი მოსწავლეები სპეციალური პროგრამებით სწავლობენ და შესაბამისი სპეციალისტების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. ამგვარ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს განეკუთვნება: სკოლები უსინათლოებისთვის, ყრუ-მუნჯებისთვის, გონებრივად ჩამორჩენილთათვის, ძნელად აღსაზრდელთათვის და მისთ. უნდა ითქვას, რომ ამგვარ სკოლებში გადასვლა სავალდებულო არ არის, ამას თავად მოსწავლეები და მათი მშობლები წყვეტენ (ექიმის რეკომენდაციით).

კერძო სკოლების რაოდენობა ქვეყანაში ორ პროცენტს არ აღემატება. როგორც წესი, ამ სკოლებს საკუთარი პედაგოგიური კონცეფციები აქვთ და სასწავლო პროცესისადმი ინდივიდუალურ მიდგომებს იყენებენ. აქ მოსწავლეები სწავლობენ ორ და მეტ უცხო ენას, დამოუკიდებლად ირჩევენ საგნებს. სასწავლო პროგრამა ძირითად და ინტენსიურ კურსებად იყოფა. გამოსაშვები გამოცდების ჩასაბარებლად ანუ Abitur-ის ასაღებად კერძო სკოლის მოსწავლემ ფრიადზე უნდა შეისწავლოს ორი საგანი ორი ინტენსიური კურსიდან და შვიდიდან ათამდე საგანი ორი ძირითადი კურსიდან. გარდა სასწავლო პროგრამებისა, კერძო სკოლებში არის ფაკულტატივები, უცხო ენების კურსები, კლუბები ინტერესების მიხედვით, სპორტული სექციები.

კერძოთა რიცხვს განეკუთვნება, მაგ., მონტესორისა (Montessori-Schulen) და ვალდორფის სკოლები.

მონტესორის სკოლები ეფუძნება მოსწავლეთა „თავისუფალი განვითარების” პრინციპს. ყოველი დიდაქტიკური და აღმზრდელობითი მეთოდი ბავშვებთან ინდივიდუალური მუშაობის სტიმულირებას ახდენს, აჩვევს რა მათ იმავდროულად დამოუკიდებლობასა და დისციპლინას. ამ სკოლების სპეციფიკური ნიშანია აღზრდის კათოლიკური მიმართულება.

გერმანიაში ყველაზე უფრო ცნობილია ვალდორფის სკოლები, რომელთა სწავლება-აღზრდის პრინციპები სათავეს რუდოლფ შტაინერის მოძღვრებიდან იღებს. ამ სკოლებში არ იწერება ნიშნები და არ ტარდება გამოცდები; ასევე არც ერთ მოსწავლეს არ ტოვებენ იმავე კლასში. ვალდორფის სკოლებში მთავარი ყურადღება ბავშვების შემოქმედებითი უნარების განვითარებაზეა გადატანილი.

აღსანიშნავია, რომ გერმანიაში სასკოლო განათლების სისტემა მუდმივად ვითარდება. დღევანდელ სამყაროში კარგი სასკოლო განათლება უმნიშვნელოვანესი რამაა, რადგან მას შეუძლია, ადამიანის მომავალი ცხოვრება განსაზღვროს და ეს, როგორც ჩანს, კარგად ესმით გერმანიაში.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი