შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ფიქრები ალუდაზე

 

 

 

                „ მტირალის სტვირის პატრონი

                                                                          ფეხს როგორ გავსწვდი  თქვენთანა?!

                                                                         მაგრამ გავიგებთ ერთხელაც,

                                                                         ვინ ახლოს არის ღმერთთანა’’…  

                                                                                                                             ვაჟა-ფშაველა

     კონსტანტინე გამსახერდიას   უთქვამს : “უტოლო ლოდს მაგონებს ვაჟა-ფშაველა. პირიქითა ხევსურეთში,მუცოს ციხის სანახებში , ერთი უზარმაზარი ლოდი იცავს ხეობის ყელს…არავინ იცის,საიდან გაჩნდა იგი. საიდან მოსულა ან საიდან მოუტანიათ ამ ხეობის ყელში…ყოველ დროში, ყოველ პოზაში, ყოველი მხრიდან სხვადასხვა აღნაგობისა მოგეჩვენება იგი. ვაჟა-ფშაველა მომაგონა ამ უტოლო ლოდმა“…

ხეობის ყელის  დამცველი ლოდივით დგას ვაჟა ყველა მისი ნაწარმოების შესავალში.თავისუფლად გიშვებს თავის ქმნილებებში,მაგრამ გამოსვლისას ლოდი დიდ წინააღმდეგობად გექცევა და გიჭირს თავი დააღწიო  მის სამყაროს,   რომლსაც  იმდენად გრძნობ,  რამდენადაც მიუხვდები  სათქმელს.

მისი    პერსონაჟებისათვის ძნელია  კაცებრივი  ტვირთის  ტარება,მაგრამ ბედნიერებაცაა  ამავდროულად.თავად ბრძანა-„მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ,როცა ვარ შეწუხებულიო“ და ,ალბათ, ამ წუხილის  ბრალია მისი მსოფლხედვა,აზროვნება, შემოქმედებითი ინდივიდუალიზმი და პერსონაჟთა შექმნის  საოცარი ნიჭი.გაოცებს ესთეტიკური იდეალისაკენ მიმავალი გზა,რომლის ბოლოში თავად დგას და ყოველთვის მაღლია თავისივე ქმნილებებსა და პერსონაჟებზე.

ყოველ წელს  ვცდილობ ალუდა ქეთელაურს პოემის დასრულებისთანავე  გამოვეთხოვო,აღარ გავაგრძელო ფიქრი მასზე, მაგრამ პირიქით- უფრო მეტად მაფიქრებს  იგი. მიხარია, რომ ბავშვებიც იზიარებენ ჩემს განცდებს.

ზოგადად მწერალი პერსონაჟებს მხატვრული იერსახის შესაქმნელად ქმნის, იგონებს, ძერწავს.ეს იერსახე უნდა განზოგადდეს,მკითხველი დაფიქრდეს თუ რატომ,რის სათქმელად, რის საკეთებლად წერს მასზე ავტორი.ასე იქნებოდა ალუდა ქეთელაურის შემთხვევაშიაც.მას დიდი მისია დააკისრა ავტორმა და საამისიდ მრავალი მიზეზი მოუძებნა.ეს მიზეზებია:

  • ტრადიცია რომ  დაერღვია: „მკლავზედაც გებას მარჯვენა,შენზედ ალალი არიო,შენ ხელ შენ გულზედ დამიწდეს,ნუ ხარობას ქავის კარიო…“
  • თავი არ მოსწონებოდა: „პირს დასწოლია ნისლები, გულით ნადენი, შავია…“
  • საკუთარი ცხოვრება შეეფასებინა- „ვისაც მტერობა მოსწყურდეს,გააღოს სახლის კარია,სისხლ დაიგუბოს კერაში, თვითონაც შიგვე მდგარია,..“
  • სისხლში ცხოვრება ეღიარებინა- „სისხლშია ჰქონდეს ქორწილი, იქ დაიწეროს ჯვარია. დაიპატიჟოს სტუმრები, დაამწკრიოდეს ჯარია. სისხლში დაიგოს ლოგინი, გვერდს დაიწვინოს ცალია. ბევრი იყოლოს შვილები, ბევრი ქალი და ვაჟია,იქვე საფლავი გათხაროს,იქ დაიმარხოს მკვდარია…“
  • საკუთარი ცხოვრების მიზანი შეეფასებინა- „შენ რო სხვა მაჰკლა, შენც მოგკვლენ, მკვლელს არ შაარჩენს გვარია…“
  • ნანახი სიზმრით მიმხვდარიყო,რომ თემის კანონებით ცხოვრებამ კაციჭამიად აქცია: „დავჯე,ჯამ ვინმემ დამიდგა,კაცის ხორც იყო წვნიანი,ვსჭამდი,მზარავდა თუმცა-ღა კაცის ხელ-ფეხი ძვლიანი…“
  • უარი ეთქვა ქავის კავზე დაეკიდა მინდიას მოტანილი მუცალის მარჯვენა- „თუ ხელის მოჭრა მდომიყო, გან ვერ მოვსჭრიდი თავადა?… რაად მინდარის, ვერ მიხმლობს, არ გამოდგება ფარადა… წაიღე თუ გწამ უფალი, ნუღარ მაჩვენებ თვალითა,კაი ყმის მარჯვენა არი,გული მეწვება ბრალითა“….
  • დაპირისპირებოდა თემს-„მტერს მოვკლავ, კიდევ არ მოვსჭრი, მარჯვენას მაგათ ჯაბრითა…“
  • შეეფასებინა თემის კანონი- „წესი არ არის მტრის მოკვლა, თუ ხელ არ მასჭერ  დანითა“ვაი, ეგეთას სამართალს, მონათლულს ცოდვა -ბრალითა…“
  • დანანებოდა უცხო ყმა- „კაი ყმის მარჯვენა არი, გული მეწვება ბრალითა“
  • პატივი მიეგო ურჯულოსათვის- „ეგ სამხვეწროა, ბერდიავ, ძოღან მოკლულის ქისტისა, მუცალს ეტყოდნენ სახელად, მაუნათლავის შვილისა. კარგადაც დამიმწყალობნე, გამიმეტებავ მისთვინა…“
  • თავად აღესრულებინა მსხვერპლშეწირვა- „ხელი დაიკრა ფრაგულსა, შუქი ამოხდა მზისაო. უქნივა მოზვერს ქედზედა, თავი მიგორავს ძირსაო. თან შაეხვეწნა ბატონსა, ნუ შამიცოდებ შვილსაო. ალლადა ჰქონდეს მუცალსა, მაგ მოუნათლავ გმირსაო…“
  • თავს დასტყდომოდა თემის რისხვა- „სამართალი ვქნათ, ვუმტვრიოთ, ალუდას სახლის დირენი; ნუ დაინანებთ, ექმენით, ცოლ-შვილის ამატირენი. მოკვეთილ იყოს, სხვა ქვეყნის ცა-ღრუბლის შენამზირები. წადით, უმტვრიეთ შავ-ბნელსა სახლისა, ციხის კარები. ცეცხლი მიეცით საძნოვარს,- ცასა სწვდებოდეს ალები. სათემოდ გამაირეკეთ ცხვარი, ძროხა და ხარები. შატილს ცოლ-შვილი უტირეთ, გუდანს- შინშნი და ქალები; ჰრისხავდეს ჩვენი ბატონი, არ არის შესაბრალები.“
  • იძულებით დაეტოვებინა მშბლიური მხარე- „ წინ მიდის მგზავრი მიჰკვალავს, ხუთიც უკანა ჰყვებისა…“
  • წასულიყო უგზო- უკვლოდ, დანანებოდა მთები და სოფელი- „ ერთხელ მოუნდის ალუდას,ერთხელ მობრუნვა თავისა“
  • ოჯახთან ერთად ევლო სითეთრეში ზეციური თოვლის ფანტელების ქვეშ და კვალიც არ დაეტოვებინა, რადგან თოვლი ავსებდა მის ნაფეხურებს…

ვინ დარჩა უკან ალუდას?

  • თემი,რომელიც ისევ მოიმარჯვებს ფარებს და „კაპასად“ააჟღებებს რვალს ახალი მოწოდების შესასრულებლად;
  • სოფელი, რომელმაც მიწასთან გაასწორა მისი  ოჯახი;
  • ახალგაზრდები-„ახალ-უხლები“ სიახლის გამოჩენისას „გადაიქციან ტყემლადა“;
  • ბერდია- „ღვთისმოსავი“, „მსხვერპლშემწირავი“,მოყვასის გამმეტებელი,ავი ტრადიციის  გამგრძელებელი;
  • მინდია-რომელმაც ცრემლიანი თვალებით გამოაცილა იგი…

თემი ვერ მიხვდა, რომ გასწირა კარსმომდგარი სიახლე, სიკეთე,სიყვარული, დაკარგა პიროვნება,რომელმაც კარგად იცოდა,რომ  ურაჯულოს სანთელს ვერ აუნთებდა, არც შესაწირს მიღებდა მისგან მუცალის სული,რომ  სხვაზე მეტადაც უწყოდა ეს ყველაფერი ალუდამ, მუცალთან შეხვედრამდე იცავდა თემის კანონებს, საფიხვნოს თავში  მჯდომს ეს არ შეეშლებოდა,მაგრამ  ამ შემთხვევაში, იგი ამწყალობებდა მუსულმან კაი ყმას და ზოგადად  ვაჟკაცობას,მოყვასს,ეს ერთგვარი  ჟესტი იყო დამარცხებული კაი ყმის პატივისცემისა და არა ხატის- სალოცავის შეურაცხყოფისა.  ცხადია,ამას თემი ვერ მიხვდებოდა,ვერც მინდია მიახვედრებს,რადგან  თავად ამის გასაგებად ჯერ მზად არ არის.

რა დაკარგა თემმა ალუდას სახით? მომავალი,ზოგადად ჰუმანური იდეები და გაღვიძებული შემეცნება –  “ჩვენ ვიტყვით მარტო ჩვენა  ვართ ,მარტოდ  ჩვენ  გვზრდიან დედანი,ჩვენა ვცხონდებით, ურჯულოთ კუპრში მოელის ქშნანი,ამის თქმით ვწარა-მარაობთ, ღვთის შვილთ უკეთეს იციან….“

ერთად-ერთი მინდია ვეღარ იქნება ისეთი,როგორიც იყო:თუ ტყემლად   ქცეულმა ახალგაზრდებმა შენიშნეს  თვალცრემლიანი, ეტყვიან–  ალუდას „გადუქცევიხარ  ქალადაო“.შეარცხვენენ, შეაჩვენებენ. აი, ამიტომაც „დადის ურმით სიმართლე და ჭეშმარიტება“. „ ჭეშმარიტება ზოგჯერ მსხვერპლსა გვთხოვს“-ბრძანებს ვაჟა.რაც უფრო ბევრი და „ღირებული“ იქნება ეს მსხვერპლი, ცნობიერებაც შეიცვლება,სიბნელეს სინათლე მოიცავს და გზის  გაგრძელების მსურველებიც მეტნი იქნებიან.

პერსონაჟები სიცოცხლეს აგრძელებენ ნაწარმოების დასრულების შემდეგაც. ისინი თავიანთი ღვაწლით ცოცხლები რჩებიან მკითხველის გონებაში. მათი მომავალი ჩვენი საფიქრელია.ბევრნი არ არიან ასეთები,  „ცოცხლადდარჩენილთა“ შორის ალუდა ქეთელაური ყველაზე გამორჩეულია და მასზე ფიქრი  დიდხანს მიჰყვება დაკვირვებულ მკითხველს, რადგან გარკვეული მისია აკისრია და ამას განზოგადება სჭირდება.

რამდენად მზადაა ალუდა ამ ცვლილებებისთვის? ის არ არის მზად.მან ამ ცვლილებებს მხოლოდ საფუძველი ჩაუყარა.ამიტომაცაა,რომ  დედას თემის საყვედურს არ ათქმევინებს- „ღმერთ  ეს  გვარგუნა ბედადა,  ჯვარს არ აწყინოთ,თემს ნუ სწყევთ“…თემის  განაჩენი  ღვთის ნება   ჰნგონია,ალბათ,მართალიცაა,რადგან  მტერში კაი ყმა დაინახა,მოყვასად აღიარა და ესაა ქრისტიანული მორალიც-„გიყვარდეს მტერი შენი“.წარმართულ თემს ამის გაგებაში ალუდასნაირი ადამიანნები  უნდა დაეხმაროს. მთავარია ,სულიერი სიმაღლისაკენ გზის გაკაფვა,დანარჩენი სხვებმა უნდა გააკეთონ,ოღონდ  არა ცრემლიანი თვალებით,არამედ ანთებული გულით,  ნათელი გონებითა და სწორი ქმედებით.

ყოველი  ქმნილება  ხელოვნებისა მომავლისთვის იქმნება. ლიტერატურაში ამ ტრადიციასთან თანხვედრას დიდი ძალისხმევა სჭირდება.  მწერალიც ასეა,იწერება აწმყო ვითარება,მაგრამ ის სამომავლო  საფიქრალიც ხდება.ჰოდა, ასეა დღესაც,  გრძნობა-გონების ჭიდილში დაკარგული ალუდა-ჯოყოლები,ცრემლიანი თვალებით  ხედვა და  ისევ შიში თანადგომისა.ვჯერდებით ფორმულირებას–მე მესმის შენი,მაგრამ ვერ  ვიზიარებ.

სად წავიდოდა ალუდა? გოდერძი ჩოხელის მოთხრობამ „სამანს იქეთ დასახლებულნი’’ მაპოვნინა ამის პასუხი.   საოცარი მოთხრობაა.თემის განაჩენით  მოკვეთილი ადამიანები ცხოვრობენ იქ. შემზარავი ისტორიებით აღწერს ავტორი მათი მოკვეთის მიზეზებს.  აქ  შვლის მკვლელი  მამაა; დედა-ახალშობილის მკვლელი; ქურდი; ლუკმის  ფასის არმცოდნე; მკვდრის ხსოვნის უარმყოფელი; მხდალი ჯიშის კაცი; მოშინაურებული ხის მჭრელი; ძმის მკვლელი; გვარის სიწმინდის ბზარის გამჩენი გოგონა; მკვლელ ხევსურთა მფარველი…,მაგრამ ალუდასთვის არ მიუსჯიათ სამანს იქით გადასხლება.ეს სხვა თემია,სხვა კანონებით. ალუდას ადგილი იქ არ არის.იქ  სხავა „ალუდა“უნდა გაჩნდეს.

ალუდს  მომავალი გაურკვეველია.მკითხველიც იქ ეთხოვება მას,სითეთრეში  დარჩენილს,რომლის გზა ეს  ფეხდაუდგმელი  თეთრი  თოვლი იქნება  და  ეს სითეთრე გააგებინებს მკითხველს,რომ ალუდა  „ ახლოს არის ღმერთთანა“,რადგან სრულოფილების მაძიებელი ჯერ არაა,ის სრულყოფილების გზის გამჩენია,ავტორის მზანიც   ეს იყო, ეჩვენებინა  ალუდას შინაგანი ფერისცვალება,ჭიდილი საკუთარ თავთან (მესთან) და პიროვნებად გარდაქმნის მცდელობა.ამით  იგი აამაღლა  დანარჩენ ხევსურებზე, შეარყევინა,შეაზანზარებინა დრომოჭმული ტრადიციები.

ალუდა წვიდა… როგორც „მამამ“,ძველმა,დრომოჭმულმა დამკვიდრებულმა მორალმა,თავისი მისია შეასრულა, მაგრამ დატოვა ნათელი კვალი ამაღლებული სულისა და ამ კვალის თვალის მადევნებელი მინდია, რომელიც ხვდება,რომ გაჩნდა  რაღაც ახალი,რაც მისგან პასუხისმგებლობას მოითხოვს, ეს  საკუთარი წვლილის შეტანაა თემის გამოღვიძებაში. სხვა რისი მანიშნებელი უნდა იყოს მისი ცრემლები  ან „გულზედ გადიწყვის მკლავები“. გულზე ხელების ჯვარედინად დადება ცალსახად  ჯვრის გამოსახვაა,ასევე მოკრძალებაც ბარძიმისაკენ მიმავალ გზაზე. ცხადია,ეს ყველფერი გაცნობიერებული  არა აქვს მინდიას ,მაგრამ იგი თაობათა ცვლაში „შვილად“ წარმოჩნდება,რომელმაც ალუდას- მამის კვალი უნდა  შიცნოს და გააგრძელოს იმ მიმართულებით,რომლითაც ალუდა წავიდა.ეს გზა ასევე ღვთისკენ მიმავალი იქნება.

ამით  ალუდას მისია დასრულდა,ახლა მინდიას მისია უნდა გაგრძელდეს,რადგან თუ ერთი კაცი მაინც იქნება „პატიოსანი“ „სოდომი“ გადარჩება,ესე იგი   თემს ნათელი მომავალი  ექნება. ეს მისია დააკისრა ალუდამ  მინდიას. თემის  სულიერ ამაღლებას დიდი დრო სჭირდება,ეს დრო აუცილებლად დადგება,მთავარია, მინდია-ალუდას ჟაჭვი არ გაწყდეს,ადამიანის ევოლუცია არ შეჩერდეს,მანამ კი ასე  ივლის ალუდა ფეხდაუდგმელ ქათქათა თოვლში   და ამით მიახვედრებს მკითხველს „ვინ ახლოს არს ღმერთთანა“…

ღმერთისკენ სვლა თავისუფლებისაკენ სვლაა. ვაჟა-ფშაველას აზრით,“თავისუფლება გამოიხატება ადამიანის ნდომა-მისწრაფებაში,თავისუფლება მოქმედებაა,განხორციელებაა ნებისა,აზრის,გრძნობისა.თავისუფლება თავმოყვარეობაა.თავმოყვარეობა ოგვარია:ბრიყვული და გონივრული“… აქედან გამომდინარე,თემის თავმოყვარეობა ბრიყვულია,რადგან იგი მხოლოდ თემზეა ორიენტირებული,ამიტომაც ემსგავსება მხეცს,ამიტომაცაა ასეთი დაუნდობელი.გონივრული თავმოყვრეობა კი პირიქით,სხვაზე ზრუნვაა,ამისთანა ადამიანი კი იშვიათად,მაგრამ მაინც გამოჩნდება ხოლმე.ასე გამოჩნდა ალუდა მხეცად ქცეულ თემში.იქ სინათლის სხივი შეიტანა,მიმდევარიც გაიჩინა და წავიდა!

„ვაჟა სულ სხვაგან არის,ჩენ კიდევ სულ სხვაგან დავეძებთ და ვერ გვიპოვნია ჯერ.ვერც ვიპოვით…ვაჟა-ფშაველა მომავალში დაელოდება თავის მპოვნელს“.(მიხო მოსულიშვილი)

მე არ  მაქვს „მტირალი სტვირი“,არ ვიცი „ფეხს როგორ გავსწვდი თქვენთანა“,მაგრამ მაინც შევბედე უტოლო ლოდს  მეფიქრა მასზე და ჯერ ჩემი მოსწავლეებისთვის გამეზირებინა,მერე კი თქვენთვის ის, რომ  ალუდაზე ფიქრი ამიტომაც მიმყვება დიდხანს და ყოველ წელს მიჭირს ვაჟას დიდებული სამყაროდან გამოსვლა.ვიცი ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს გასაგები. ასევე  ვფიქრობ, ვაჟა-ფშაველას „მპოვნელი“ სადღაც,რომელიღაც საკლასო ოთახში ქართული ლიტერატურის გაკვეთილზე ზის და დიდი ინტერესითა და სიყვარულით ისმენს ალუდას ამბავს,რომ მომავალში ჯეროვნად შეაფასოს იგი. ის ლოდი კი ისევ იქა დგას და,ასე მგონია, მას  ელოდება!

 

გამოყენებული ლიტერატურა

ვაჟა-ფშაველა – “ალუდა ქეთელაური”

ლევან ბერძენიშვილი „ალუდა ქეთელაური“ – მთა და ლიტერატურა

ლალი დათაშვილი- ალუდა ქეთელაური, თემი და საზოგადოება.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი