პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

გარე დაკვირვება – სასარგებლო გამოცდილება

ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია. თუ ამ გამონათქვამს დავუჯერებთ, მაშინ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ გარე დაკვირვებაც არ უნდა იყოს უახლესი.

ვინ არის პირველი მასწავლებელი, რომელიც ახლა გახსენდებათ? დროსა და სივრცეში უფრო შორს მყოფი, ვიდრე რამდენიმე კილომეტრი და წელიწადია? ვინ არის მასწავლებელთა მასწავლებელი? ჩემთვის ეს სოკრატეა.

ბერძენი ფილოსოფოსი და მასწავლებელი კი ამბობდა, რომ მან მხოლოდ ის იცოდა, რომ არაფერი იცოდა, მაგრამ ჩვენ ვთანხმდებით, რომ მას ბევრი საკითხის შესახებ ჰქონდა ცოდნა.

ვინ შეიძლება ყოფილიყვნენ მისი გარე დამკვირვებლები? ათენის მცხოვრებლები. მას ბევრი დამკვირვებელი ჰყავდა. მას არასოდეს ეშინოდა თავისი მოსაზრების ხმამაღლა გამოთქმის და მოსწავლეებისთვის ცოდნის გადაცემის.

ვფიქრობ, არც ჩვენ უნდა გვეშინოდეს. ხმის კანკალი, ხელების ნერვული თამაში და მსგავსი, რაც თავიდან უნდა ავიცილოთ. თავადაც მოგეხსენებათ, რომ მაღალი პროფესიონალიზმი თქვენი ცოდნისა და უნარების მოსწავლეთა გააქტიურებისკენ მიმართვას გულისხმობს.

გარე დაკვირვებამდე, მის პროცესში  და მის შემდეგაც, მთავარია, რომ თქვენ შეძლოთ მოსწავლეებისთვის კომფორტული გარემოს შექმნა. მიზანი ნაკლები დანაკარგებით/ნერვიულობით საუკეთესო შედეგის დადებაა. გარე დაკვირვებისას გასაღები თქვენს ხელში იქნება, თუ ბუნებრივად, მშვიდ გარემოში შეძლებთ მიზნის მიღწევას – თქვენ მიერ არსებული ცოდნის მოსწავლეებისთვის მარტივად და ეფექტურად გადაცემას.

მე გირჩევთ, რომ იყოთ  თავდაჯერებული, რადგან მთავარი მიზანი ცოდნის გაზიარებაა, გადაცემაა და არა გარშემო მყოფებზე შთაბეჭდილების მოხდენა. გასაღები ალბათ, გაკვეთილის  რეალისტური დაგეგმვაა. დაგეგმეთ გაკვეთილში მიღწევადი მიზანი და მასზე ორიენტირებული აქტივობები, რომლებიც ამ დროში ჩაეტევა.

ამ სტატიაში მინდა მოგიყვეთ, თუ როგორ გავიარე მე ეს გზა.

გაკვეთილი მეხუთე კლასში ჩავატარე. ამ კლასში 33 მოსწავლეა.

თემა: მონაცემების წარმოდგენა ცხრილების გამოყენებით.

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლემ უნდა შეძლოს მოპოვებული მონაცემები /გამოკითხვის, გაზომვის, დაკვირვების შედეგები/ წარმოადგინოს ცხრილის სახით, მოახდინოს მონაცემების კლასიფიკაცია; შეძლოს ცხრილით წარმოდგენილი მონაცემების შეკრება. მონაცემთა ერთობლიობის გამოკვლევით მიღებული შედეგების მიხედვით შეძლოს ვარაუდების გამოთქმა მონაცემთა უფრო ფართო ერთობლიობისთვის.

 

გაკვეთილი მოსწავლეების ინფორმირებით. კერძოდ, მათ გავაცანი გაკვეთილის თემა და მისი მიზანი, მოვაგვარე საორგანიზაციო საკითხები, აღვწერე შეფასების ფორმები და რუბრიკები, რომელთაც გაკვეთილზე გამოიყენებენ.

ამის შემდეგ მოსწავლეებთან ერთად დავიწყე საშინაო დავალების ერთობლივი განხილვა.

აქტივობა N1.

შემამზადებელი საშინაო დავალება გავარჩიე მთელ კლასთან ერთობლივი ინტერაქციით.

 

საშინაო დავალება

1) რა მეთოდით მიიღებდით ინფორმაციას იმის შესახებ, ვინ რა სიმაღლისაა თქვენი კლასებიდან?

2) რა მეთოდით მოიპოვებთ ინფორმაციას, როცა გჭირდებათ ინფორმაცია საქართველოს მდინარეების სიგრძის შესახებ?

3) რა მეთოდით მიიღებთ ინფორმაციას თქვენი თანაკლასელების დაბადების დღეების შესახებ?

4) რა მეთოდით მოიპოვებთ ინფორმაციას, თუ გჭირდებათ ინფორმაცია ტემპერატურის ცვლილების შესახებ დილის 8 საათიდან დღის 2 საათამდე?

5) გაარკვიეთ რომელი მონაცემია თვისობრივი და რომელი რაოდენობრივი?

ა) ანიმ შეაგროვა ინფორმაცია, ვინ რომელ სპორტულ სახეობაში მიიღო მონაწილეობა:

გიორგი – ფეხბურთი;

ლაშა – კალათბურთი;

ნინო – ჭადრაკი;

ელენე – შაში;

დათო – მკლავჭიდი.

ბ) ხუთი მოსწავლე ფერად დროშებს ამზადებდა. ბექამ გაარკვია, ვინ რამდენი დროშა დაამზადა და ჩაწერა ცხრილის სახით:

 

ლანა 10
გიგა 12
ოთარი 15
ლელა 18
კოტე 9

 

გამოსაძახებელი ჩხირის საშუალებით ერთ-ერთი მოსწავლე დაფასთან გამოვიდა და გაარჩია მათთვის მიცემული დავალება, დანარჩენებმა კი თავიანთი დავალების პასუხებს შეადარეს და თავიანთი პოზიცია ბარათების გამოყენებით დააფიქსირეს  (სწორი პასუხი ,,დიახ“,   არასწორი – ,,არა“)

 

აქტივობა N2:

ინტერაქტიული მინი-ლექცია (7-10წთ)

დაგვჭირდა სხვადასხვა რესურსი: ელექტრონული პრეზენტაცია, პროექტორი და კომპიუტერი;

აქტივობის მიზანი: მოსწავლემ შეძლოს გაიაზროს მასწავლებლის მიერ მიწოდებული ინფორმაცია და სწორად გასცეს პასუხი დასმულ შეკითხვებს.

აღწერა:

საშინაო დავალების გარჩევის შემდეგ წინარე ცოდნის გააქტიურებისა და ახალი თემის შესამზადებლად დავსვი შეკითხვები:

რა ხერხს ვიყენებთ მონაცემთა შესაგროვებლად?

(გამოვიყენეთ წინა გაკვეთილის რესურსი)

 

„რომელიმე ხერხით მიღებული ინფორმაცია რომ უკეთესად აღიქვან, აღებულ მონაცემებს უფრო მოხერხებული სახით წარმოადგენენ ხოლმე. მონაცემთა წარმოდგენის ყველაზე მარტივი ფორმაა მათი ცხრილის სახით წარმოდგენა. მონაცემების ცხრილის სახით წარმოდგენას უძველესი ისტორია აქვს. ძველი შუმერების ჩანაწერებშიც კი ვხვდებით ცხრილებს, რომლებიც ასტრონომიული მოვლენების, მაგალითად: მზის დაბნელების, მთვარის ფაზების, პლანეტების მოძრაობის და სხვათა შესახებ გვამცნობენ “.

მოვიყვანეთ მაგალითები, თუ როგორ შეიძლება მონაცემები ცხრილების სახით ჩავწეროთ და რა ინფორმაცია შეიძლება წავიკითხოთ ცხრილებიდან.

განვიხილეთ ასეთი სავარჯიშო:

ვატოს აინტერესებს, სპორტის რომელი სახეობა უფრო მოსწონთ მის თანაკლასელებს. ჩამოთვლილი სახეობებიდან მოსწავლეებს სამი სახეობა უნდა დაესახელებინათ. შედეგები ვატომ ასეთი სახით წარმოადგინა.

  • ამ მონაცემის მიხედვით, როგორ ნაწილდება ადგილები სპორტის პოპულარულ სახეობებს შორის?
  • რომელია ამ ცხრილის მიხედვით სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობა?

სანდრომ მიიჩნია, რომ საყვარელი სახეობა მხოლოდ თითო სახეობის დასახელებით უნდა  გაირკვეს და ახალი გამოკითხვა ჩაატარა. ყოველ დასახელებას იგი მხოლოდ თითო ხაზის გავლებით ( ჭდეების საშუალებით) აღნიშნავდა, მასწავლებელი საჭიროების შემთხვევაში განმარტავს მათემატიკურ და არამათემატიკურ ტერმინებს. რომელიმე სახეობის მეხუთე დასახელებისას წინა ოთხეულს ასე აჯამებდა –

ასე შეადგინა ვატომ სიხშირეთა ცხრილი.

  • რას ფიქრობთ ასეთი აღნიშვნა, რატომ შემოიტანა?
  • მიღებული ცხრილის მიხედვით, რომელმა სახეობამ მიიღო ყველაზე მეტი ხმა, რომელმა – ყველაზე ნაკლები?
  • რომელი გამოკითხვაა თქვენი აზრით უფრო სანდო?

 

მოსწავლეებს ვესაუბრე ამ მონაცემების სწორად გაანალიზებისა და გადამუშავების მნიშვნელობაზე.

 

აქტივობა N3

შემდეგი აქტივობა წერას მოითხოვდა და მას10 წუთი დავუთმეთ.

აქტივობის მიზანი იყო, მოსწავლეებს გაეაზრებინათ ჩემ მიერ მიწოდებული ინფორმაცია, შეძლებოდათ ამ ინფორმაციის წარმოდგენა ცხრილის სახით და ასეც მოხდა

მივმართე კლასს: „განვიხილოთ საშინაო დავალების მე-5 სავარჯიშო. წარმოადგინეთ მოცემული ინფორმაცია სიხშირეთა ცხრილის (ჭდეების, ხაზების) სახით“. გამოსაძახებელი ჩხირით გამოვიძახე პირველზე ერთი, მეორეზე – მეორე და ა.შ

ხუთი მოსწავლე ფერად დროშებს ამზადებდა. ბექამ გაარკვია, ვინ რამდენი დროშა დაამზადა და ჩაწერა ცხრილის სახით:

 

ლანა 10  
გიგა 12  
ოთარი 15  
ლელა 18  
კოტე 9  

 

აქტივობა N4

აქტივობა ჯგუფურ პრეზენტაციას გულისხმობდა, რომლისთვისაც მოსწავლეებს 15 წუთი ჰქონდათ.

აქტივობის მიზანი: ნამუშევრის წარდგენა.

კლასი შემთხვევითი პრინციპით 5 ჯგუფად დავყავი და მათ ერთი და იგივე დავალება მივეცი.

 

1)  ნამცხვრის გამყიდველს აინტერესებდა, დაედგინა რომელი ნამცხვარი სარგებლობს ყველაზე მეტი პოპულარობით. ამისთვის გადაწყვიტა შეედგინა სიხშირის ცხრილი. ჩამოწერა ყველა ნამცხვრის დასახელება და ყოველი გაყიდული ნამცხვრის გასწვრივ აღნიშვნებს აკეთებდა.

დღის ბოლოს შემდეგი ცხრილი მიიღო:

ცხრილიდან გამომდინარე უპასუხეთ შემდეგ შეკითხვებს.

  • რომელი ნამცხვარია ყველაზე პოპულარული?———
  • შუ უფრო უყვართ თუ ეკლერი?——————–
  • რამდენი ნაპოლეონი გაიყიდა?——————-
  • იდეალზე რამდენით მეტი ნაპოლეონი გაიყიდა?—————————-

 

2) სურათზე წარმოდგენილია სამკუთხედები, მითითებულია ერთი ან ორი კუთხის ზომები.

შეავსეთ ცხრილი სურათის მიხედვით.

 

სამკუთხედის სახეობა

კუთხეების მიხედვით

ოდენობა (სიხშირე)
 

ჯგუფის  ნამუშევარი:

 

მთელი ამ დროის განმავლობაში ვაკვირდებოდი დავალების შესრულების პროცესს, საჭიროებისამებრ მოსწავლეებს ვაძლევდი მითითებებს, ერთი ჯგუფიდან შემთხვევითობის პრინციპით ერთმა მოსწავლემ გააკეთა პირველი დავალების პრეზენტაცია, მეორიდან მეორე დავალების პრეზენტაცია.

 

აქტივობა N5

აქტივობის მიზანი: მოსწავლეებთან ერთად გაკვეთილის შეჯამება, საშინაო დავალების გაცნობა. განხილული საკითხების გააზრების დონის შესაფასებლად გასასვლელი ბილეთების გამოყენება.

ბილეთის კითხვებია:

1)  ერთი საკითხი, რომელიც კარგად გავიაზრე;

2) ერთი აქტივობა, რომელმაც ყველაზე მეტად დამაინტერესა;

3) ერთი საკითხი, რაც გასარკვევი დამრჩა.

მოსწავლეებმა შეავსეს გასასვლელი ბილეთები და თვითშეფასების რუბრიკა. მოსწავლეები შევაფასე განმავითარებელი შეფასებით.

 

თვითშეფასების რუბრიკა

  1 2 3
აქტიურად ვიყავი ჩართული ყველა აქტივობაში      
მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანე ჯგუფის მუშაობაში, ჯგუფს ვაწვდიდი სასარგებლო იდეებს      
ვთანამშრომლობდი ჯგუფის წევრებთან                                   

 

 

დასასრულ, მოსწავლეებმა გაკვეთილის პროცესი შემდეგნაირად შეაფასეს – ღიმილებით მორთეს ტორტი.

 

ვფიქრობ, მოსწავლეების შეფასებების მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გაკვეთილი მათთვის საინტერესო და სახალისო იყო. ჩემს კოლეგებს ვურჩევ, რომ მსგავსი ტიპის დავალებები მოსწავლეებისთვის ხშირად მოამზადონ, რადგან ეს ზრდის მათ მოტივაციასა და ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში.

ამ გზით მიღებულ ცოდნას კი, ვფიქრობ, მოსწავლეები რეალურ ცხოვრებაში აქტიურად გამოიყენებენ.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა;
  2. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების გზამკვლევი;
  3. V კლასის მათემატიკის სახელმძღვანელო

ავტორები: გ.გოგიშვილი, თ.ვეფხვაძე, ლ.ქურჩიშვილი, ი.მებონია;

  1. V კლასის მათემატიკის სახელმძღვანელო.

ავტორები: ქ.კუთხაშვილი, ი.ნოსელიძე, კ.თავზარაშვილი;

  1. სასწავლო მეთოდოლოგიური რესურსების კრებული მათემატიკის სწავლებისათვის I-VI კლასებისათვის G-pried.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი