პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

როგორ აღიქვამს ბავშვი დასჯის სიტუაციებს

ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნიკოლაი კოზლოვი, რომელიც “კონსულტირების ევროპულ ასოციაციისა” (EAC) და “გამოყენებითი ფსიქოლოგიის საერთაშორისო ასოციაციის” (IAAP) წევრი, არაერთი მეცნიერულ-პოპულარული წიგნის ავტორია. ახლახან მან გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით “ბავშვის მიერ დასჯის სიტუაციების აღქმა”, რომელშიც არა მხოლოდ იძლევა ზოგად რეკომენდაციებს ბავშვთა აღზრდის ამ მნიშვნელოვან ელემენტზე, არამედ მოაქვს კონკრეტული მაგალითები – მათ შორის საკუთარი ცხოვრებიდანაც.
ბავშვები ძალიან საინტერესო არსებები არიან! ისინი თავისებურად აღიქვამენ ყველაფერს, დასჯასაც კი. ის, რაც ობიექტურად სასჯელს წარმოადგენს, ბავშვმა სხვანაირად შეიძლება აღიქვას (მაგალითად, როგორც თამაში ან ფიქრის საბაბი). პირიქით, სასჯელად და საზიზღრობად შეიძლება მოეჩვენოს ისეთი დავალება, რომლის მიცემისასაც თქვენ მსგავსი არაფერი გიფიქრიათ.

დავუშვათ, თქვენმა შვილმა იცელქა და მთელ ბინაში მიმოყარა სათამაშოები. თქვენ ის გააჩერეთ, კუთხეში დააყენეთ და მშვიდი ტონით უთხარით: “იფიქრე, როდის აალაგებ შენს სათამაშოებს. როგორც კი მოიფიქრებ, მითხარი”. ობიექტურად ეს დასჯაა, რადგან ბავშვს წაართვით თამაშის შესაძლებლობა. სუბიექტურად კი, სრულიად შესაძლებელია, ბავშვმა იმსჯელოს ასე: “დასჯილი არ ვარ. მე ვფიქრობ, როგორ ავალაგო სათამაშოები”.
საპირისპირო მაგალითი: მამამ ქალიშვილს ჭურჭლის გარეცხვა სთხოვა. თუ გოგონას ჰკითხავთ: “რას აკეთებ?” – სრულიად შესაძლებელია, გაგცეთ ასეთი პასუხი: “მამამ დამსაჯა, ჭურჭლის გასარეცხად გამომიშვა”. სინამდვილეში, მამას არ დაუსჯია, მაგრამ შვილი ამას დასჯად აღიქვამს…

ასეთ სიტუაციებში გადამწყვეტი მნიშვნელობა, როგორც წესი, ორ ასპექტს აქვს. პირველი არის ინტონაცია, რომელსაც იყენებთ დავალების (სასჯელის) ჩამოსაყალიბებლად. ბრაზიანი ტონი შვილს უფრო ხშირად ესმის, როგორც დასჯის მანიშნებელი, მშვიდი კი დავალებასთანაა ასოცირებული. მეორე ასპექტი: როგორი სიტუაციიდან როგორ სიტუაციაში გადადის ბავშვი? თუ ის მოსწყვიტეს ტელევიზორს და გაუშვეს ჭურჭლის გასარეცხად, ეს დასჯაა. თუ ბავშვს აშკარა დანაკარგი არ განუცდია, მაშინ – უბრალოდ დავალებაა.

დასჯის სიტუაციის აღქმის სუბიექტურობა ვლინდება თავად მოზრდილებშიც. მამაკაცები, როგორც წესი, გაგებით ეკიდებიან ფიზიკურ დასჯას, ქალები, ჩვეულებრივ, მისი სასტიკი წინააღმდეგები არიან. კაცები, ძირითადად, დარწმუნებულები არიან, რომ პედაგოგიური „შემოლაწუნება” არაფერს აშავებს, ქალები კი დარწმუნებულნი არიან, რომ ესაა პირდაპირი გზა ფსიქოლოგიური ტრავმისკენ. ქალებისთვის (უფრო სწორად, ქალური გენდერის ფარგლებში აღზრდილი ადამიანებისთვის) მსუბუქი მირტყმა უკვე ნიშნავს დარტყმას, დარტყმა აღიქმება ცემის სურვილად, შემდეგ უკვე ისმის – “ბავშვების ცემა არ შეიძლება”; არ შეიძლება კი იმიტომ, რომ სიტყვა “ცემაში” იგულისხმება უკვე არა ერთი მირტყმა, არამედ მთელი ცემა-ტყეპა.

უფროსები ხშირად ზედმეტად მძიმედ აფასებენ ბავშვის განცდებს: არც ისე იშვიათად ნამდვილი განცდის მაგივრად, ბავშვი მხოლოდ თავს იკატუნებს; ამასთან ერთად, ბავშვებს, როგორც წესი, ადვილად შეუძლიათ ახალ მოვლენებზე ყურადღების გადართვა. თქვენ დასაჯეთ ბავშვი – დააყენეთ კუთხეში, მაგრამ ერთი წუთის შემდეგ ის უკვე პოულობს გართობის ახალ საშუალებას. ყურადღების ადვილი გადართვა ბავშვს ეხმარება სასჯელის სიმძიმის გადატანაში: ბავშვს შეუძლია ადვილად გადაერთოს გარე სამყაროს ახალ ელემენტებზე და დაივიწყოს ის უსიამოვნება, რომელიც ახლახან განიცადა. 

მეორე მხრივ, თითქოსდა მსუბუქი, მაგრამ საწყენი და უსამართლო სასჯელი შვილს შეიძლება წლობით ახსოვდეს და მასში ბრაზსა და მშობლებისთვის სამაგიეროს გადახდის, შურისძიების სურვილს იწვევდეს.

თუ თქვენ შვილს „გაულაწუნეთ”, მისთვის ეს ჯერ არაფრის მანიშნებელი არაა: ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ აღიქვა ეს ბავშვმა. გალაწუნებას ბავშვი ხარ მშობლების მხრიდან ყურადღების გამოვლენად, ხან კი მითითებად აღიქვამს; ხანდახან კი ბავშვი საერთოდ არ აქცევს მას ყურადღებას. მართალია, ძლიერი და აშკარად მტკივნეული დარტყმა თითქმის ყოველთვის აღმოჩნდება უარყოფითი განმამტკიცებელი, მაგრამ მთავარი ისაა, რას ეტყვის ეს სასჯელი ბავშვს, რა დასკვნის განმტკიცებას შეუწყობს ხელს – “მე აღარ უნდა ვიცელქო”; “მშობლები შტერები არიან”; “მე ვარ შტერი”.

დასჯა უაზროა, როცა მას ბავშვი სწორად ვერ აცნობიერებს. 

თუ ბავშვს გულწრფელად სჯერა, რომ ის მომხდარში დამნაშავე არაა, მაშინ დასჯა ვერ იმუშავებს. თუ მოზარდი დარწმუნებულია, რომ მამინაცვალს არც ერთ შემთხვევაში არ აქვს მისი დასჯის უფლება, მაშინ ჩვეულებრივი სასჯელი მასზე ვერ იმოქმედებს. დასჯას შედეგი მხოლოდ მაშინ მოაქვს, როცა დასჯილი ბავშვი მას შინაგანად ეთანხმება ან, სულ ცოტა, ესმის ის. სასჯელი, რომელიც ბავშვში მხოლოდ პროტესტს იწვევს, კონტრპროდუქტულია. თუ ბავშვს ეჩვენება, რომ სასჯელი, სრულიად უსამართლოა ან ზედმეტად მკაცრია (“ამისთვის ქამრით ცემა არ შეიძლება!”), დასჯას მხოლოდ მისი გაბრაზება მოჰყვება. ძალიან ბევრ მცირეწლოვან ბავშვსა და ზოგიერთ გარეულ ცხოველზე დასჯა საერთოდ არ მოქმედებს და იწვევს მხოლოდ პროტესტს – საპასუხო აგრესიას ან გაქცევას. 

სასჯელმა რომ შედეგი გამოიღოს, ბავშვმა რომ ის შინაგანად მიიღოს, უნდა აუხსნათ, რატომ და რისთვის ისჯება. თუ მშობლები გონიერი და მოსიყვარულე ადამიანები არიან, მაშინ შვილი, სავარაუდოდ, დასჯას მშვიდად და ბუნებრივად აღიქვამს, როგორც მისი ქცევის საპასუხო გონივრულ უკუკავშირს. მაგრამ თუ, ბავშვის აზრით, მშობლები მართლები არ არიან (და ასეთი რამ არც ისე იშვიათად ხდება) მაშინ მშობლებმა კი არ უნდა მოუმატონ ყვირილს, არამედ გარკვევით უნდა აუხსნან შვილს, რატომ და რისთვის სჯიან. რთულ შემთხვევებში ასეთი ახსნა შეიძლება ნამდვილ მოლაპარაკებაში გადაიზარდოს. 

როგორც მახსოვს, ჩემი ქალიშვილები (ნასტია და მაშა) სერიოზულად დავსაჯე – მივარტყი – მხოლოდ ერთხელ. (თუმცა, როცა მათთან ვცადე ამის დაზუსტება, მიპასუხეს: “ერთხელ კი არა, ორჯერ დაგვარტყიო!” კეთილი.) თუ არ ვცდები, ისინი დაახლოებით ოთხი წლისები იყვნენ და ერთმანეთს სცემეს. მე ჩავდექი მათ შორის და ვუთხარი “შეწყვიტეთ-მეთქი!”. ისინი არ მისმენდნენ და ისევ ცდილობდნენ ერთმანეთისთვის დაერტყათ. სერიოზულად და ხმამაღლა გავუმეორე: “ნუ ჩხუბობთ-მეთქი!”, მაგრამ ისევ არ მომისმინეს და თავისას აგრძელებდნენ. მაშინ მე ერთსაც და მეორესაც და კარგად გავულაწუნე. დაიწყეს ტირილი, მე ჩავიმუხლე და დაველოდე, სანამ დაწყნარდებოდნენ. შემდეგ ვუთხარი: “გოგოებო, მე ძალიან არ მინდა დაგსაჯოთ. გთხოვთ, როცა რამეს სერიოზულად გეუბნებით, მომისმინეთ და ასეთ შემთხვევაში არასოდეს არ დაგსჯით!” ნასტიამ დამიქნია თავი, მაშამ კი მოულოდნელად მთხოვა: “ეგრევე არ დაგვსაჯო, ჯერ გაგვაფრთხილე – გვითხარი, რომ ახლა უნდა გცემოთო!” მე აღფრთოვანებული დავრჩი და პირობა მივეცი, რომ ასე მოვიქცეოდი. საინტერესოა, რომ ერთი კვირის შემდეგ გოგოებს ისევ გავუბრაზდი და ცემა დავუპირე, მაგრამ მაშამ გამაჩერა: “არა! არ შეიძლება ჩვენი გალახვა – შენ ხომ არ გაგიფრთხილებივართო!” როგორც ჩანს, ხანდახან ბავშვები უფროსებზე უფრო ბრძენნი და ყურადღებიანნი არიან. მე დავეთანხმე მაშას და მადლობა ვუთხარი შეხსენებისთვის. იმის შემდეგ ყველა სიტუაცია წყდებოდა მშვიდობიანად, ურთიერთგაგებითა და მოლაპარაკებით.



წყაროები:

·Как ребенок воспринимает ситуацию наказания? 

https://www.psychologos.ru/articles/view/kak_rebenok_vosprinimaet_situaciyu_nakazaniya_vop_zn_

·https://www.uppcenter.ru/psychologist/index

·https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%9A%D0%BE%D1%83%D1%87%D0%B8%D0%BD%D0%B3

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი