პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

წერილი 1: გაცოცხლებული ფოლკლორი-საგამანათლებლო რესურსი

წელს ერთ-ერთ საერთაშორისო კონფერენციაზე თურქი კოლეგა გავიცანი, რომელიც საქართველოში გამოცდილების გასაზიარებლად  და კონტაქტების დასამყარებლად იყო ჩამოსული. მასთან საუბარის შედეგად რამდენიმე საპროექტო იდეა გამიჩნდა. სანამ გიამბობთ, როგორ შევასხით ხორცი ამ იდეას მე და ჩემმა თანამოაზრეებმა, მოკლედ გეტყვით, რომ დღევანდელ მსოფლიოში განსაკუთრებული მნიშვნელობა ექცევა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, განსაკუთრებით, ფოლკლორის დაცვას. რატომ? იმიტომ რომ ზეპირსიტყვერების ნიმუშები ხშირ შემთხვევაში უძველესი მასალაა, რომელიც ინახავს საუკუნეების მანძილზე ხალხში დაგროვილ გამოცდილებას. საქართველოში ზეპირსიტყვიერებას მეცხრამეტე საუკუნიდან შეისწავლიან, რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მყოფი ქართული კულტურა და, კერძოდ, ფოლკლორული ტექსტები, რუსეთს თავისი იმპერიალისტური მიზნით აინტერესებდა, ამიტომაც ხელს კი არ უშლიდა, პირიქით, ხელს უწყობდა მათი შეგროვების პროცესში ჩართულ ქართველ მამულიშვილებს. ფოლკლორის შეგროვების საქმე გაგრძელდა საბჭოთა პერიოდშიც. მიუხედავად იმისა, რომ ზეპირსიტყვიერების მეცნიერულ შესწავლას საკმაოდ ხანგრძლივი ტრადიცია აქვს, მათ ნაკლებად იცნობენ ახალგაზრდები. რადგან, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, საქართველოშიც მოყოლის ტრადიცია ჩაანაცვლა პოლიგრაფიულად მიმზიდველმა გამოცემებმა, მულტიპლიკაციურმა და საბავშვო ფილმებმა. თურქი კოლეგისგან შევიტყვე, რომ თურქულ მხარეს ზღაპრების გაცოცხლების ტრადიციის ძალიან კარგი გამოცდილება აქვს. ამ მიზნით ისინი მიმართავენ ცნობილ სახეს, პოპულარულ მსახიობს, რომელიც ბავშვების ჯგუფებს ასწავლის ზღაპრებს. ბავშვები აცოცხლებენ ზღაპრებს: ხატავენ მათთვის საინტერესო პერსონაჟებს, ასურათებენ ეპიზოდებს, მოცემულ თემატიკაზე ქმნიან ხელნაკეთებ ნივთებს ხისგან და სხვა მასალისგან, დგამენ სხვადასხვა ფორმატში სპექტაკლებს (იქნება ეს სპექტაკლები ბავშვების მონაწილეობით თუ ჩრდილების თეატრი). სპექტაკლები იმართება რეგიონებში სხვადასხვა დროს, გარკვეული ფესტივალების ფარგლებში, დღესასწაულებზე და სრულდება პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. ბავშვები რეგიონებიდან ამ დღეებში სტუმრობენ იმ ქალაქს, სადაც ტარდება ღონისძიებები. ზღაპრების შესწავლის პარალელურად ბავშვებს პროფესიონალი პედაგოგები შეასწავლიან ხატვას, ძერწვას, ხეზე მუშაობას, ქსოვას და სხვა ტიპის აქტივობებს. ამ აქტივობის შედეგად ბავშვები სხვადასხვა მიმართულებით იღრმავებენ ცოდნას, იმდიდრებენ ლექსიკას, თანაც ახალგაზრდებს ეცოდინებათ თავიანთი ქვეყნის ზღაპრები, სწავლობენ საკუთარი კულტურის პატივისცემას. ეს კი ხელს შეუწყობს არამატერიალური კულტურის ძეგლების პროპაგანდას. ამგვარი პროექტის სამიზნე ჯგუფია არა მარტო პროექტში უშუალოდ ჩართული ბავშვები, არამედ მათი მომავალი აუდიტორიაც, რადგან შემდგომში მსგავსი ღონისძიებები სამაგალითო იქნება მომავალი ინიციატივების განხორციელების საქმეში.

როდესაც ეს ამბავი მოვისმინე და ფოტომასალასაც გავეცანი, გადავწყვიტე, მომეძებნა დაინტერესებული მოსწავლე, რომელიც გაიზიარებდა ჩემს ინიციატივას და გააცოცხლებდა ფოლკლორს. ამისთვის დახმარება ვთხოვე ჩემს კოლეგას, ია ღადუას, რომელიც ყოველთვის გვერდში მიდგას და მეხმარება შეძლებისდაგვარად. მან დააინტერესა ერთ-ერთი მეათეკლასელი მოსწავლე, ნინი გოთოშია და ასე ერთობლივად შევუდექით იდეისთვის ხორცის შესხმას. თურმე ნინის ბებია საბჭოთა პერიოდში პიონერთა სასახლეში ფოლკლორის წრეს ხელმძღვანელობდა. როდესაც ნინის ოჯახის წევრებმა შეიტყვეს ინიციატივის თაობაზე, მათ სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადეს და ყველანაირ დახმარებას შეგვპირდნენ. პროექტზე მუშაობისას მივხვდით, რომ, ზღაპრების ნაცვლად, აჯობებდა, ნინის პატარა ბავშვებისთვის ისეთი თამაშები ესწავლებინა, რომლებიც აღარავის ახსოვს და მათი გაცოცხლება მართლა ძალიან კარგი ინიციატივა იქნებოდა.

ბავშვთა თამაშები ტრადიციულად გათვლებით იწყება და შემდეგ ფიზიკური აქტივობით გრძელდება. ხანდახან ფიზიკურ აქტივობას ტექსტებიც ახლავს. ეს ტექსტები და გათვლები ფოლკლორისტთა მიერაა ჩაწერილი და შესულია ფოლკლორის კრებულებში. საბჭოთა პერიოდში სპორტის კომიტეტმა, გაზეთი „ლელოს“ დახმარებით, მასშტაბური პროექტი წამოიწყო. მათ აღწერეს და გამოაქვეყნეს საქართველოს ყველა რეგიონში შეკრებილი თამაშები. ნინიმ ბევრი იმუშავა ბიბლიოთეკაში, მოძებნა გაზეთის ის ნომერები, რომლებშიც ქვეყნდებოდა აწ უკვე დაკარგული თამაშები, შეარჩია რამდენიმე საინტერესო თამაში და ასწავლა დაწყებითი კლასების მოსწავლეებს. მან ასევე შეარჩია სახალისო გათვლები, ისინიც შეასწავლა პატარებს და, როდესაც საკმარისად დათბა, ბავშვები სკოლის შენობიდან ბუნებაში გაიყვანა და გააცოცხლებინა შესწავლილი რეპერტუარი. პროექტი რომ უფრო შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი ყოფილიყო, მან მიმართა მუზეუმების გაერთიანებას და თხოვა, ნება დაერთოთ და რეპერტუარის წარმოსადგენად ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორია დაეთმოთ. გაერთიანებამ, რა თქმა უნდა, უარი არ უთხრა სკოლის მოსწავლეს და, როგორც კი დადებითი პასუხი მიიღო, ნინის ოჯახმა დაწყებითი კლასის მოსწავლეები ტრანსპორტით უზრუნველყო და პატარები ღია ცის ქვეშ სათამაშოდ წაიყვანა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს დღე ბავშვებს არასოდეს დაავიწყდებათ, ეს დღე არ დაავიწყდებათ არც მათ მშობლებს და არც სხვა სტუმრებს, რომლებმაც ძალიან მოიწონეს ნინის პროექტი. მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ ბავშვებს არასოდეს დაავიწყდებათ ტრადიციული თამაშები და ამიერიდან, როგორც კი დათბება, ხშირად გავლენ გარეთ და გაერთობიან ამ თამაშებით ჩახუთულ ოთახში ჯდომის ნაცვლად.

პროექტის მიზანი იყო მივიწყებული საბავშვო თამაშების გაცოცხლება. პროექტის ფარგლებში ახალმა თაობამ მივიწყებული თამაშები ისწავლა და, იმედია, უკვე გაზრდილი ბავშვები თავიანთ ცოდნას გადასცემენ თავიანთ შვილებს და შვილიშვილებს, მომავალ თაობებს, ამდენად თამაშები აღარ დაიკარგება და მხოლოდ გაყვითლებულ საგაზეთო ფურცლებზე არ დარჩება. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი თამაშები ხელს უწყობს ბავშვების ადაპტაციას საზოგადოებაში, ფიზიკური აქტივობები კარგია ჯანმრთელობისთვის, ხოლო ვერბალური რეპერტუარი – მეხსიერების გასავარჯიშებლად. დღევანდელ სამყაროში, როდესაც ტრადიციული თამაშობები ჩაანაცვლა პოპულარულმა თამაშებმა, როდესაც ურბანიზაციამ ბავშვი მოწყვიტა ეზოს, განვითარებულმა ტექნოლოგიებმა კი შეცვალა კომუნიკაციითვის უფრო სასარგებლო აქტივობები, დამეთანხმებით, რომ ტრადიციული თამაშების შესწავლის საქმე ნამდვილად შესაშურია და ფასდაუდებელ საქმეს წამოიწყებთ, თუკი თქვენც გაიზიარებთ ნინის პროექტს და თქვენც შეუერთდებით ამ წამოწყებას. თანაც პროექტი ხომ მიზნად ისახავს განადგურების პირას მყოფი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, რომელიც პოპულარული კულტურის სამიზნეა. ტრადიციული თამაშების გაცოცხლებით ბავშვები ისწავლიან საკუთარი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემას და ასე ამაღლდება მათი ცნობიერება ადგილობრივ, ეროვნულ დონეზე.

ძალიან გთხოვთ, ნუ დაველოდებით, როდის გაახსენდება ეს საქმე იმას, ვისაც უნდა გაახსენდეს, ავიღოთ ჩვენს თავზე პასუხისმგებლობა და ერთად დავიწყოთ ჩვენი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობა, გავაცოცხლოთ ფოლკლორი: როცა დათბება, თამაშების შესწავლა დავიწყოთ, ხოლო ზამთრის მოღუშულ დღეებში ერთად გავაცოცხლოთ ზღაპრები! შეიძლება ჩვენ ისეთი მასშტაბური ღონისძიებები არ გამოგვივიდეს, როგორც თურქებს – მათ ხომ სახელმწიფო ედგათ მხარში, მაგრამ, მოდით, ჩვენ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში არ დავიშუროთ ძალ-ღონე და პირველი ნაბიჯი მაინც გადავდგათ ამ საშვილიშვილო საქმეში.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი