პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ვსწავლობთ დაკვრას მარტივად და სწრაფად

დღეს მსურს, ვისაუბრო მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ნაწარმოების შესახებ, რომელიც ვიცით ყველამ – დიდმა თუ პატარამ. „ძაღლების ვალსის“ რიტმულად დამარცვლისას მეხსიერებაში უმალ აღვიდგენთ ბავშვობის დროინდელ „მუსიკალურ თამაშს“:

პარა რამ პამ-პამ, პარა რამ პამ-პამ,

პარა რამ პამ პამ პამ რამ პამ-პამ,

პარა რამ პამ-პამ, პარა რამ პამ-პამ,

პარა რამ პამ პამ პამ რამ პამ-პამ.

მუსიკალურად რა მოუმზადებლებიც უნდა ვიყოთ, გარკვეული მცდელობის შედეგად მის დაკვრას ყველა ახერხებს, თუნდაც ერთი თითით.

გაგიკვირდებათ, მაგრამ პიესის ავტორი უცნობია, ამიტომ ვალსს ვის აღარ მიაწერენ. არსებობს ვერსია, თითქოს ავტორი ფრიდერიკ შოპენი იყოს, რის საფუძველსაც იძლევა მისი ცნობილი ნაწარმოები „პატარა ძაღლის ვალსი“ („წუთიერი ვალსი“, რე ბემოლ მაჟორი, ოპ. 64 № 1), მაგრამ ეს მხოლოდ დამთხვევაა.

პიესა იმდენად პოპულარულია, რომ ყოველი ქვეყანა საკუთარ სახალისო სახელს არქმევს. გერმანიაში ის „რწყილის ვალსადაა“ ცნობილი, ბულგარეთში – „კატის მარშად“, უნგრეთში – „ვირის მარშად“, მაიორკაზე – „ჩერჩეტის პოლონეზად“, საფრანგეთში – „დაბეგვილ კატლეტად“, მექსიკაში – „პატარა მაიმუნებად“, ხოლო იაპონიაში „კატას დავაბიჯე ფეხის“ სახელითაა ცნობილი.

საინტერსოა, რომ პიესა სრულიადაც არ არის ვალსი. პროფესიულ მუსიკაში მყარად დამკვიდრებული და ყოფა-ცხოვრებაში გავრცელებული წყვილთა ცეკვა „ვალსი“ სამწილადი ზომისაა (3/4, 3/8 და 6/8), ის ნაწარმოები კი, რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, პოლონეზია და იქნებ გალოპიც. ხშირად სწორედ ამ პატარა საფორტეპიანო პიესით იწყება მუსიკალური საკრავის გაცნობა ნორჩი მოსწავლის მიერ.

 

თქვენი გზამკვლევი

1-2-3-4 ტაქტები:

ეს სახუმარო ნაწარმოები შეიძლება ნოტებში ჩაჭყეტის გარეშეც დაიკრას, თუ ორიენტირებას შავ ნოტებზე მოვახდენთ. შავი ნოტები კი შემდეგნაირადაა დაჯგუფებული: ორი – სამი, ორი – სამი, ორი – სამი ნოტისგან და ა.შ. (შეგახსენებთ, ყოველ ოქტავაში 5 შავი ნოტია)2

ფორტეპიანოს კლავიატურაზე (ცენტრში) ვიპოვოთ ორი შავი კლავიშისგან (ნოტისგან) შემდგარი ჯგუფი. ეს იქნება დო დიეზი და რე დიეზი. ამ წყვილიდან ჯერ მარჯვენა ხელის მე-3 თითი დავაჭიროთ ზედას (მარჯვენას) – რე დიეზს, ხოლო შემდეგ მე-2 თითი – ქვედას (მარცხენას), დო დიეზს, ანუ ორი საფეხურით ქვევით „ჩამოვირბინოთ“ და კლავიატურის მარცხენა ფლანგზე გადავინაცვლოთ, ქვედა სამკლავიშიანი ჯგუფიდან მარცხენაზე – ფა დიეზზე და დავუკრათ მარცხენა ხელის მე-2 თითით. ამგვარად, ზემოთ აღნიშნული სამი კლავიშის კომბინაცია მარჯვნიდან მარცხნივ ორივე ხელის საშუალებით უწყვეტ მოძრაობას ქმნის. ამავე ტაქტის მომდევნო ორ თვლაზე ვიღებთ ლა დიეზისა და ფა დიეზისგან შემდგარ ინტერვალს (პ.6) ანუ სამკლავიშიანი ჯგუფიდან მარჯვენა ხელის ნეკა თითით ქვედა შავ კლავიშს (ფა დიეზი) ვიღებთ, ხოლო მის მარცხნივ (ქვევით) განლაგებული მეორე სამკლავიშიანი ჯგუფიდან – ზედას (ლა დიეზს) ცერა თითით. ამ ორი კლავიშის (წყვილის) აღება (დაკვრა) აუცილებლად ერთდროულად და ამავე დროს ორჯერ უნდა მოხდეს.

ახსნილი მონაკვეთი ანუ ერთტაქტიანი პირველი ფრაზა ორჯერ უნდა გამეორდეს, რომელიც საბოლოოდ ორი ტაქტის ტოლი იქნება.

მესამე ფრაზა ისევე იწყება, როგორც წინა ორი (მარჯვენა ხელით – რე დიეზ-დო დიეზი, მარცხენა ხელით – ფა დიეზი და ისევ მარჯვენა ხელით – ლა დიეზ-ფა დიეზი). გაგრძელების შემთხვევაში ამავე ტაქტის ბოლო თვლაზე მარცხენა ხელის მე-3 თითით რე დიეზი დაემატება (ორკლავიშიანი ჯგუფიდან). მეოთხე ტაქტი დაიწყება ანუ ფრაზა გაგრძელდება მარჯვენა ხელით აღებული ინტერვალით – ლა დიეზ-ფა დიეზი. მას მოჰყვება მარცხენა ხელის მეოთხე თითით აღებული დო დიეზი, ხოლო მეოთხე ტაქტის მესამე და მეოთხე თვლაზე (ლა დიეზ-ფა დიეზ წყვილის ნაცვლად) მარჯვენა ხელით სი-ფა ბეკარის წყვილს ორჯერ დავუკრავთ თეთრ კლავიშებზე.

5-6-7-8 ტაქტები:

მომდევნო მე-5 ტაქტი პირველი ტაქტის პირველ თვლას ანუ რე დიეზისა და დო დიეზის „ჩამორბენას“ ზუსტად იმეორებს. რაც შეეხება მარცხენა ხელს, ამჯერად ქვედა სამკლავიშიანი ჯგუფის ნაცვლად ორჯგუფიანი კლავიშიდან ვიღებთ დო დიეზს. შემდეგ ვუბრუნდებით მარჯვენა ხელს ინტერვალით სი-ფა ბეკარი და ორჯერ ავაჟღერებთ.

მე-6 ტაქტი მეხუთე ტაქტის ანალოგია. მე-7 ტაქტის პირველი და მეორე თვლაც ზუსტად იმეორებს მე-6 ტაქტს, მხოლოდ მესამე-მეოთხე თვლაში იცვლება, სადაც მარჯვენა ხელის სი-ფა ბეკარ ინტერვალის წყვილი ორის ნაცვლად ერთხელ იკვრება, ხოლო მარცხენა ხელში რე დიეზი ჩნდება.

მივადექით მე-8 ტაქტს. პირველ თვლაზე მარჯვენა ხელით სი-ფა ბეკარ ინტერვალურ წყვილს ვიღებთ და მარცხენა ხელის მე-2 თითით ფა დიეზის აჟღერებას განვაგრძობთ. ამის შემდეგ გვრჩება „საფინალო“ ლა დიეზ-ფა დიეზისგან შემდგარი ინტერვალი, რომელსაც ორჯერ დავუკრავთ და ამით დავასრულებთ ვალსის 8-ტაქტიან წინადადებას.

ვალსის გარჩევის გაგრძელება მონდომების შემთხვევაში ქვევით მოცემული სანოტო გზამკვლევით სავსებით შესაძლებელია.

 

  • დავუკრათ ნელა, თანაბარი სიჩქარით და სტაკატოთი ანუ კლავიშებზე თითების მოწყვეტის ტექნიკით.
  • დავაკვირდეთ თითებს და შევეცადოთ ერთი და იმავე, მორგებული აპლიკატურით დაკვრას, ვინაიდან მათ მუსიკის დამახსოვრების კარგი უნარი აქვთ.
  • სანოტო ტექსტის ასათვისებლად თავიდან ბოლომდე არ უნდა დავუკრათ, უმჯობესი, ცოდნა ოთხ-ოთხი ტაქტით გავამყაროთ და ტაქტების რაოდენობა თანდათან გავზარდოთ.
  • უშეცდომო დაკვრის შემთხვევაში შეგვიძლია გავთამამდეთ და ტემპს მოვუმატოთ.
  • ყურადღება მივაქციოთ ხელის აპარატს (მხრის, იდაყვისა და მაჯის მდგომარეობას), რომ არ გადაგვეღალოს; ასევე – სწორად ჯდომას.

P.S. ნორჩი მუსიკოსებისთვის ინტერესისა და სურვილის გასაღვიძებლად გთავაზობთ მხიარულ და სანახაობრივ ძაღლების ვალსს:

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი