პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

დაკვირვებაზე დაფუძნებული სწავლა

გასული საუკუნის 70-იან წლებში ალბერტ ბანდურამ აღნიშნა, რომ სწავლის თაობაზე ტრადიციული ბიჰევიორისტული შეხედულებები სწორი იყო,  მაგრამ  არასრული, რადგან ისინი სწავლის მხოლოდ ნაწილობლივ ახსნას იძლეოდა და მნიშვნელოვან ელემენტებს, ძირითადად – სოციალურ გავლენებს, არ განიხილავდა. სწავლის შესახებ მისი ადრეული ნაშრომები ეფუძნებოდა განმტკიცებისა და დასჯის ბიჰევიორისტულ პრინციპებს, მაგრამ მათ დაუმატა სხვებზე დაკვირვებით სწავლააც. ამ შეხედულებას ეწოდა სოციალური სწავლის თეორია და იგი ნეობიჰევიორისტულ მიდგომად იქნა მიჩნეული

ბიჰევიორისტული მოდელის გარკვეული შეზღუდულობის ასახსნელად ბანდურა ერთმანეთისგან განასხვავებდა ცოდნის შეძენას (სწავლა) და ამ ცოდნაზე დაფუძნებულ მოქმედებას (ქცევას). სხვა სიტყვებით,  ბანდურას მიაჩნდა, რომ ადამიანმა შესაძლოა იცოდეს უფრო მეტი, ვიდრე ამჟღავნებს. მაგალითების პოვნა ბანდურას ადრეულ კვლევებში შეიძლება. დაწყებითი სკოლების ბავშვებმა ნახეს ფილმი, სადაც ერთი ბავშვი გამეტებით ურტყამდა თოჯინას. ერთმა ჯგუფმა ნახა, რომ ბავშვი აგრესიისთვის დაჯილდოვდა, მეორემ – რომ დაისაჯა, მესამეს შედეგი არ უნახავს. როცა ისინი თავად გადაიყვანეს თოჯინიან ოთახში, ბავშვებმა, რომლებმაც ნახეს ფილმში ცემის განმტკიცება, თოჯინის ცემისას განსაკუთრებული აგრესიულობა გამოიჩინეს. ის, ვინც სასჯელი ნახა, ნაკლებაგრესიულად იქცეოდა. მაგრამ როცა ბავშვებს ჯილდოს დაჰპირდნენ ფილმში ნანახი აგრესიის მიბაძვისთვის, ყველა მათგანმა გამოამჟღავნა, რომ ისწავლეს ეს ქცევა.

ამრიგად, წამახალისებლებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს ქმედებაზე. აღწერილ სიტუაციაში დასწავლა შესაძლოა მომხდარიყო, მაგრამ არ მჟღავნდებოდა, სანამ არ შეიქმნებოდა მის გამოსავლენად შესატყვისი სიტუაცია ან წამახალისებლები არ გაჩნდებოდა. ამან შესაძლოა ახსნას, რატომ არ იმეორებს ზოგი მოსწავლე „ცუდ საქციელს”, რომელიც უფროსებთან, თანატოლებთან ან მედიის საშუალებით უნახავს და გაუგონია, მაგალითად, არ ეწევა და არ იგინება. ამაში მათ შესაძლოა პიროვნულმა დასკვნებმა შეუშალოს ხელი. სხვა მაგალითებში ბავშვებს შესაძლოა ნასწავლი ჰქონოდათ ასოების წერა, მაგრამ ცუდად წერდნენ, რადგან მათი მოტორული კოორდინაცია შეზღუდული იყო; ან შესაძლოა სცოდნოდათ წილადის გამარტივება,  მაგრამ ტესტებში ცუდი შედეგები ჰქონოდათ, რადგან მათი შევსებისას ღელავდნენ. ამ შემთხვევებში ბავშვების მიერ მოქმედების შესრულება არ არის მათი ცოდნის მაჩვენებელი.

ბოლო დროს ბანდურამ ყურადღება გაამახვილა ისეთ კოგნიტურ ფაქტორებზე, როგორებიცაა რწმენა, თვითაღქმა და მოლოდინი. აქედან გამომდინარე, მის თეორიას ახლა სოციალურ-კოგნიტური თეორია ეწოდება. სოციალურ-კოგნიტური თეორია ერთმანეთისგან განასხვავებს დადგენილ და ჩანაცვლებულ სწავლას. დადგენილი სწავლა არის სწავლა კეთებით და მისი შედეგების განცდით. ეს შესაძლოა ოპერანტულ განპირობებას მოგვაგონებდეს, თუმცა ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან შედეგების მნიშვნელობით. ოპერანტული განპირობების მომხრეებს მიაჩნიათ, რომ შედეგები აძლიერებს ან ასუსტებს ქცევას, დადგენილ სწავლაში კი შედეგები ინფორმაციის წყაროდ მიიჩნევა. შედეგების ჩვენეული ინტერპრეტაცია ქმნის მოლოდინს, გავლენას ახდენს მოტივაციაზე და აყალიბებს რწმენას.

ჩანაცვლებული სწავლა გულისხმობს სწავლას სხვებზე დაკვირვებით.  ადამიანებს და ცხოველებს შეუძლიათ ისწავლონ იმაზე დაკვირვებით, თუ როგორ სწავლობენ სხვა ადამიანები ან ცხოველები. ეს ფაქტი ეწინააღმდეგება ბიჰევიორისტულ იდეას, რომ სწავლის ასახსნელად კოგნიტური ფაქტორები არ არის საჭირო. თუ ადამიანებს შეუძლიათ ისწავლონ ცქერით, ისინი უნდა ძაბავდნენ ყურადღებას, ქმნიდნენ სურათებს, იმახსოვრებდნენ, აანალიზებდნენ და იღებდნენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც გავლენას ახდენს სწავლაზე. ამრიგად, სანამ მოქმედება და განმტკიცება დაიწყება, გონებაში უკვე ბევრი რამ მიმდინარეობს. 

დაკვირვებით სწავლის მეშვეობით ჩვენ ვსწავლობთ არა მარტო იმას, როგორ განვახორციელოთ ესა თუ ის ქცევა, არამედ იმასაც, რა მოჰყვება ამგვარ ქცევას სხვადასხვა სიტუაციაში. დაკვირვება შესაძლოა სწავლის ძალიან ეფექტური გზა იყოს. როდესაც ბავშვები პირველად იღებენ ხელში სავარცხელს, ფინჯანს ან ჩოგანს, ისინი, როგორც წესი, ივარცხნიან, სვამენ ან ურტყამენ კუნთოვანი სისტემისა და კოორდინაციის განვითარების დონის შესაბამისად. მოდი, უფრო დეტალურად განვიხილოთ, როგორ მიმდინარეობს სწავლა.  ბანდურამ აღნიშნა, რომ დაკვირვებითი სწავლა მოიცავს ოთხ ელემენტს: ყურადღების მიქცევას, ინფორმაციისა და შთაბეჭდილების დამახსოვრებას, ქცევის განხორციელებასა და მისი გამეორების მოტივაციას.

ყურადღება. იმისათვის, რომ დაკვირვების შედეგად ისწავლო, საჭიროა ყურადღების მიქცევა. სწავლების პერიოდში უნდა ეცადოთ, გაკვეთილის მასალის ნათელი პრეზენტაციებითა და უმნიშვნელოვანესი მომენტების ხაზგასმით მიიპყროთ მოსწავლეთა ყურადღება.  უნარის დემონსტრირებისას (მაგალითად, საკერავ მანქანაზე ან სახარატო ჩარხზე ჭრის სწავლებისას) საჭიროა, მოსწავლეები მხარს ზემოდან გაკვირდებოდნენ, როგორ ასრულებთ სამუშაოს, ხედავდნენ თქვენს ხელებს იმავე პერსპექტივიდან, საიდანაც ისინი თავიანთ ხელებს უყურებენ. ეს სწორ მიმართულებას მისცემს მათ ყურადღებას და გაუიოლებს დაკვირვებით სწავლას.

შენახვა. იმისთვის, რომ გაიმეორო მოდელის ქცევა, საჭიროა მისი დამახსოვრება. ეს გულისხმობს ნიმუშის მოქმედების გონებრივ ასახვას ვერბალური ინსტრუქციების ან ვიზუალური ხატების სახით ან ორივეთი ერთად. შენახვა შეიძლება გაუმჯობესდეს გონებრივი რეპეტიციით (ქცევის იმიტაციის წარმოდგენა) ან რეალური ვარჯიშით. დაკვირვებით სწავლის შენარჩუნების ფაზაში ვარჯიში გვეხმარება სასურველი ქცევის ელემენტების (ნაბიჯების თანმიმდევრობის) დამახსოვრებაში. 

ქცევის აგება. მაშინაც კი, როცა უკვე „ვიცით”, როგორ უნდა გამოიყურებოდეს ქცევა და გვახსოვს მისი ყველა ელემენტი და ნაბიჯი, შესაძლოა, ის მაინც ვერ განვახორციელოთ სრულყოფილად. ხანდახან ძალიან ბევრი ვარჯიში, უკუკავშირი და გაძღოლა გვჭირდება მოდელის ქცევის გამეორებისთვის. ქცევის აგების ფაზაში ვარჯიში მას უფრო სრულყოფილსა და მოქნილს ხდის.

მოტივაცია და განმტკიცება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, სოციალური სწავლის თეორია ერთმანეთისგან განასხვავებს სწავლასა და შესრულებას. ჩვენ შეიძლება დავეუფლოთ ახალ უნარს ან ქცევას დაკვირვებით,  მაგრამ ვერ შევძლებთ მის შესრულებას, თუ არ გვექნება ქცევის შესრულების მოტივაცია ან წამახალისებელი ფაქტორი. განმტკიცებამ შესაძლოა გარკვეული როლი შეასრულოს დაკვირვებით სწავლაში. თუ მოველით განმტკიცებას ქცევის მოდელის გამეორებისთვის, შესაძლოა უფრო მეტად ვიყოთ მოტივირებულნი, რომ ყურადღება მივაქციოთ, დავიმახსოვროთ და გავიმეოროთ ეს ქცევა. განმტკიცება მნიშვნელოვანია ცოდნის შესანარჩუნებლად.  ადამიანი, რომელიც ახალი ქმედების მოსინჯვას ცდილობს, ამას განმტკიცების გარეშე ვერ გააკეთებს. მაგალითად, თუ არაპოპულარული მოსწავლე ჩაიცვამს სკოლაში პოპულარული ჯგუფის სტილში,  მაგრამ ეს ჯგუფი მის იგნორირებას მოახდენს ან დასცინებს, ნაკლებმოსალოდნელია, მოსწავლემ გააგრძელოს ასე ჩაცმა.

ბანდურა გამოყოფს განმტკიცების სამ ფორმას, რომელთაც შეუძლიათ წაახალისონ დაკვირვებაზე დაფუძნებული სწავლა.

დამკვირვებელმა შესაძლოა გაიმეოროს ნიმუშის ქცევა და მიიღოს პირდაპირი განმტკიცება. მაგალითად, როცა ტანმოვარჯიშე წარმატებით ასრულებს ბრუნს ან სხვა ვარჯიშს და მწვრთნელისგან (ნიმუშისგან) ქებას იღებს.

არ არის აუცილებელი, განმტკიცება პირდაპირი იყოს – არსებობს არაპირდაპირი ჩანაცვლებული განმტკიცებაც. დამკვირვებელი შესაძლოა ხედავდეს სხვების განმტკიცებას განსაზღვრული ქცევის გამო და ამან გაზარდოს მის მიერ ამ ქცევის განხორციელების შესაძლებლობა. მაგალითად, თუ შეაქებთ ორ მოსწავლეს მოხსენებებში ლამაზი ილუსტრაციების ჩართვისათვის, რამდენიმე სხვა მოსწავლემ, რომლებიც აკვირდებიან თქვენს ქებას, შესაძლოა მომდევნო ჯერზე ილუსტრირებული მოხსენებები ჩაგაბაროთ. სატელევიზიო რეკლამების უმრავლესობა ამ ეფექტზეა აგებული.  ადამიანები რეკლამებში კმაყოფილები ჩანან იმით, რასაც აკეთებენ და ნავარაუდევია, რომ მაყურებელსაც იმავეს გაკეთება მოუნდება. მაყურებლის ქცევა ჩანაცვლებულად განმტკიცებულია მსახიობის აშკარა სიამოვნებით. სასჯელიც შეიძლება იყოს ჩანაცვლებული: მაგისტრალზე სიჩქარეს აღარ გადააჭარბებთ, როცა დაინახავთ, როგორ დააჯარიმეს ამისათვის რამდენიმე ადამიანი. 

განმტკიცების უკანასკნელი ფორმაა თვითგანმტკიცება ან საკუთარი განმამტკიცებლების კონტროლი. ამ სახის განმტკიცება მნიშვნელოვანია როგორც მოსწავლისთვის, ისე მასწავლებლისთვისაც. ჩვენ გვინდა, ჩვენი მოსწავლეები უკეთესები იყვნენ არა იმისთვის, რომ გარკვეული ჯილდო მიიღონ, არამედ იმისთვის, რომ დააფასონ თავიანთი კომპეტენტურობის ზრდა და ამით სიამოვნება მიიღონ.  მასწავლებლისთვის თვითგანმტკიცება ხშირად საქმიანობის, გაგრძელების ერთადერთი საშუალებაა.

დაკვირვებაზე დაფუძნებულ სწავლაზე მოქმედი ფაქტორები. რა უბიძგებს ადამიანებს სწავლისკენ და ნიმუშის ქცევისა და უნარების გამეორებისკენ? აქ რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს. დამკვირვებლის განვითარების დონე ცვლის სწავლის პროცესს. რაც უფრო იზრდებიან ბავშვები, უფრო მეტხანს შეუძლიათ ყურადღების ფოკუსირება, დამახსოვრების სტრატეგიების გამოყენება ინფორმაციის შესანახად და საკუთარი თავის მოტივირება მეტი ვარჯიშისთვის. მეორე გავლენიანი  ფაქტორია ნიმუშის სტატუსი. ბავშვები უფრო მეტად იმ ადამიანის ქცევებს ბაძავენ, ვინც უფრო კომპეტენტურად, პრესტიჟულად, ძლიერად და ხალისიანად მიაჩნიათ. ამრიგად, მშობლები, მასწავლებლები, უფროსი და-ძმა, სპორტსმენები, ფილმების გმირები, მუსიკოსები შესაძლოა ნიმუშებად იქცნენ. ეს ბავშვის ასაკსა და ინტერესებზეა დამოკიდებული. მესამე ფაქტორი ისაა, რომ სხვებზე დაკვირვებით ვხვდებით, რომელი საქციელი უფრო შეგვეფერება კონკრეტულად ჩვენ. ამრიგად, ისეთი მისაბაძი ნიმუშები, რომლებიც ადამიანს თავისი მსგავსი ჰგონია, უფრო ადვილად და სწრაფად იქცევა მიბაძვის ობიექტად. ყველა მოსწავლეს სჭირდება წარმატებული,  უნარიანი მისაბაძი ნიმუშები, რომლებიც მასავით გამოიყურებიან და მასავით იქცევიან, მიუხედავად განსხვავებული ეთნიკური წარმომავლობისა, სოციალურ-ეკონომიკური სტატუსისა თუ სქესისა.
არსებობს დაკვირვებით სწავლის ხუთი შესაძლო შედეგი: ყურადღების მიმართვა, არსებული ქცევის წახალისება, აკრძალვების შეცვლა, ახალი ქცევისა და დამოკიდებულების სწავლება და ემოციების გაღვიძება. განვიხილოთ თითოეული მათგანი.
ყურადღების მიმართვა. სხვებზე დაკვირვებით ჩვენ ვსწავლობთ არა მარტო ქმედებას, არამედ ვამჩნევთ ამ ქმედებაში ჩართულ, გამოყენებულ ობიექტებსაც. მაგალითად, დაწყებით კლასში, როცა ბავშვი ენთუზიაზმით იწყებს თამაშს ყველასგან იგნორირებული სათამაშოთი, სხვა ბავშვებსაც უნდებათ ამ სათამაშოთი თამაში. ეს იმიტომ, რომ ბავშვის ყურადღება ამ კონკრეტულმა სათამაშომ მიიპყრო.

უკვე ნასწავლი ქცევის რეგულირება. ყოველ ჩვენგანს გამოუცდია საკუთარ თავზე, როგორ ცდილობ, „დაიჭირო” უცხო სიტუაციაში სხვა ადამიანებისგან წამოსული მინიშნებები და სიგნალები. უცხო ადამიანების ქცევაზე დაკვირვება გვკარნახობს, უკვე ნასწავლი ქცევებიდან რომელი გამოვიყენოთ და ავამოქმედოთ: რომელი ჩანგალი ვიხმაროთ სალათის საჭმელად, როდის დავტოვოთ თავშეყრის ადგილი, როგორ ვისაუბროთ და ა.შ. ტელევიზიისა და მუსიკის ვარსკვლავების ჩაცმისა და ქცევის სტილის გადაღებაც ამ ეფექტის ერთ-ერთი მაგალითია.

აკრძალვების გაძლიერება ან შესუსტება. როცა მოსწავლეები ხედავენ, როგორ არღვევს მათი თანაკლასელი საკლასო წესებს და დაუსჯელი რჩება, მათ შესაძლოა ისწავლონ, რომ წესების დარღვევას ყოველთვის არ მოსდევს არასასურველი შედეგი. თუ წესების დამრღვევი მოსწავლე კლასში პოპულარობით სარგებლობს, მიმბაძველობის ეფექტი შესაძლოა უფრო მკვეთრადაც იყოს გამოხატული. თუმცა ეს „ტალღის ეფექტი” ზოგჯერ მასწავლებლის სასარგებლოდაც მოქმედებს: როცა მასწავლებელი ეფექტურად უმკლავდება წესების დამრღვევს, განსაკუთრებით კი პოპულარულ დამრღვევს, სხვა მოსწავლეს შესაძლოა წესის დარღვევის სურვილი აღარც გაუჩნდეს. ეს არ ნიშნავს, რომ მასწავლებელმა უნდა დასაჯოს ყველა მოსწავლე, ვინც წესებს არღვევს, მაგრამ როცა ის კონკრეტულ ქმედებას მოითხოვს, მისი მოთხოვნის შესრულება „ტალღის ეფექტისგან” სარგებლობის მიღების წინაპირობაა.

ახალი ქცევების სწავლება. მიბაძვა დიდი ხანია გამოიყენება ქორეოგრაფიაში, სპორტში, სხვადასხვა ხელობის შესწავლისას, აგრეთვე უნარების სასწავლებლად ისეთ სფეროებში, როგორებიცაა სუფრის წესები, ქიმია თუ ელექტროშედუღება. მიბაძვა შეიძლება განგებაც იქნეს გამოყენებული კლასში გონებრივი უნარების შესაძენად და ჰორიზონტის გასაფართოებლად – ფიქრისა და აზროვნების ახალი გზების სასწავლებლად. ზოგჯერ მისაბაძ მაგალითს თავად მასწავლებლები წარმოადგენენ: სიტყვების სწორად წარმოთქმით დაწყებული, ეპილეფსიით დაავადებულ ბავშვთან მოქცევის ცოდნითა და სწავლისადმი ხალისიანი განწყობით დამთავრებული. მაგალითად, მასწავლებელმა შესაძლოა აჩვენოს ბავშვებს კრიტიკული აზროვნების ნიმუში მოსწავლის მიერ დასმულ კითხვაზე „ხმამაღლა” ფიქრის სახით. საშუალო სკოლის მასწავლებლებს, რომლებსაც აღელვებთ გოგონების სტერეოტიპული შეხედულებები კარიერის თაობაზე, შეუძლიათ, კლასში სასაუბროდ მოიწვიონ ქალები, რომლებიც „არაქალური” საქმიანობას ეწევიან. კვლევები მოწმობს, რომ მიბაძვა განსაკუთრებით ეფექტურია, როდესაც მასწავლებელი იყენებს დაკვირვებითი სწავლების ყველა ელემენტს, განსაკუთრებით – განმტკიცებასა და ვარჯიშს.

მოსწავლეთათვის შესაძლოა განსაკუთრებით ეფექტური აღმოჩნდეს მათსავე თანატოლ ნიმუშზე დაკვირვება. მაგალითად, შანკმა და ჰანსონმა ერთმანეთს შეადარეს მეორეკლასელთათვის გამოკლების სწავლების ორი მეთოდი. მოსწავლეთა ერთი ჯგუფი აკვირდებოდა მეორეკლასელთა მეორე ჯგუფის სწავლების პროცესს, ხოლო მეორე ჯგუფი – მასწავლებელს. შემდეგ ორივე ჯგუფი ერთსა და იმავე სასწავლო პროგრამაში მონაწილეობდა. მოსწავლეები, რომლებიც სწავლისას თანატოლებს აკვირდებოდნენ, უფრო მაღალ ნიშნებსაც იღებდნენ ტესტებში და უფრო მეტადაც იყვნენ დარწმუნებულნიც თავიანთ თავსა და შესაძლებლობებში.  მოსწავლეთათვის, რომელთაც თავიანთ შესაძლებლობებში ეჭვი ეპარებათ, კარგი ნიმუში იქნებოდა ცუდი მოსწრების მოსწავლე, რომელიც მრავალი მცდელობის შემდეგ მაინც აღწევს მიზანს – ეუფლება მასალას.

ემოციათა აღმოცენება. დაბოლოს, დაკვირვებაზე დაფუძნებული სწავლის საშუალებით ადამიანს შესაძლოა გაუჩნდეს ემოციური რეაქცია ისეთი სიტუაცის მიმართ, როგორიც პირადად არასდროს გამოუცდია, მაგალითად, ფრენის ან მანქანის მართვის მიმართ. ბავშვი, რომელიც ხედავს, როგორ გადმოვარდა მისი მეგობარი საქანელიდან და მოიტეხა ხელი, ამის შემდეგ შესაძლოა ერიდოს საქანელებს. ტელევიზორში ნაჩვენები ზვიგენთა თავდასხმები ბევრს უჩენს ოკეანეში ღრმად შეცურვის შიშს. აღსანიშნავია, რომ რაიმეს შესახებ ინფორმაციის მიღებაც დაკვირვებითი სწავლის ფორმაა. როცა ასაკით ან სიტუაციით თქვენი  მოსწავლის მსგავს ადამიანს რამე ცუდი შეემთხვევა, თქვენს  მოსწავლეებს შესაძლოა ვინმესთან თავიანთ ემოციებზე საუბარი დასჭირდეთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი