კითხვის სიყვარულისთვის

გასულ წელს ჩვენი ინტერნეტგაზეთისათვის სტატია დავწერე, რომელსაც „წიგნის თასი” ერქვა. სტატია მოზარდების წიგნის  კითხვასთან დაკავშირებულ პრობლემებს ეხებოდა.  სათაური სტატიაში აღწერილი ერთი აქტივობის  მიხედვით იყო შერჩეული. აქტივობის მთავარი არსი ბავშვების რამდენიმეწევრიანი ჯგუფებისათვის (3-5) წიგნების შერჩევასა და შემდეგ ამ წიგნების მიხედვით შედგენილ კითხვებზე პასუხების გაცემაში გამოიხატებოდა, რომელსაც შეჯიბრების ფორმა უნდა ჰქონოდა. ეს აქტივობა პროექტად ვაქციეთ და გასულ წელს ჯერ 3 სკოლის, ხოლო წელს კიდევ უფრო გამრავალფეროვნებული უკვე 5 სკოლის ბაზაზე განვახორციელეთ. პროექტმა ნამდვილად გაამართლა, შარშანდელი მონაწილეები მოუთმენლად ელოდნენ წლევანდელ შეჯიბრებას. დარწმუნებულები ვართ, ახალბედები უკვე ელოდებიან მომდევნო ,,წიგნის თასს”. პროექტის მიმდინარეობისას ბავშვებმა წაიკითხეს მათთვის წინასწარ შერჩეული  წიგნები, დაწერეს ესეები, მოამზადეს პრეზენტაციები, ბოლოს ერთმანეთსაც გაეჯიბრნენ და გამარჯვება-დამარცხების მიუხედავად ყველანი ნასიამოვნები დარჩნენ. ვფიქრობთ, რომ პროექტისგან მიღებულმა გამოცდილებამ სავსებით გაამართლა ჩვენი ერთი ადრინდელი ვარაუდი – რადგანაც წიგნების კითხვა  მოსწავლეებმა მათთვის უფრო მიმზიდველი საქმიანობით ჩაანაცვლეს, თუ მოვახერხებთ კითხვაც მიმზიდველი გავხადოთ, ისინი სიამოვნებით წაიკითხავენ წიგნებს. დამეთანხმებით, რომ ეს იოლი ამოცანა სულაც არ არის, პირიქით, ძალიან რთულია და კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს. როგორც მიხვდით, ამ სტატიის თემაც ისევ ჩვენი ციფრული ეპოქის დიდი პრობლემა – ბავშვების კითხვის მიმართ გულგრილი დამოკიდებულება გახლავთ. 21-ე საუკუნის ტექნოლოგიებმა საგრძნობლად შეავიწროვეს უფროსი თაობის ადამიანების ბავშვობის  ერთგული „მეგობარი”.  არადა, დამეთანხმებით,  წიგნები ბავშვების მართლაც საუკეთესო მეგობრები არიან. ისინი   შესანიშნავ კომპანიას უწევენ მოზარდებს. მშობლებს შეუძლიათ დარწმუნებული იყვნენ, მათ შვილებს თანატოლებისაგან განსხვავებით  არასოდეს ,,მოუვათ” წიგნებთან  კონფლიქტი, რომლებიც დღის ნებისმიერ მონაკვეთში მზად არიან ,,ემეგობრონ” ბავშვებს და ამოგზაურონ  თავიანთ ჯადოსნურ სამყაროში. თუმცა ამის სანაცვლოდ ჩვენ სხვა სურათს ვხედავთ, მოზარდები ისე ატარებენ კვირებს და თვეებს, რომ შესაძლოა ერთხელაც არ გაიხედონ წიგნისაკენ. რა მოვუხერხოთ ამ რეალობას? შევეგუოთ და დაველოდოთ, თავისით როდის დაუბრუნდება წიგნებს პატარა მკითხველები? იქნებ წიგნების მიმართ გაუცხოება არც ისე ცუდია და სანერვიულოდაც არ გვაქვს საქმე? შესაძლოა 21-ე საუკუნის მოქალაქეს სხვა უნარ-ჩვევები უფრო მეტად სჭირდება და ბუნება თავად ზრუნავს, რომ ზედმეტი წიგნიერება მათთვის მოუხერხებელ ბარგად არ იქცეს? ამ კითხვებზე ჩემი პასუხი ასეთია: არ შევეგუოთ, არ დაველოდოთ, ეჭვიც არ შეგვეპაროს,   რომ წიგნიერება არასოდეს გახდება ზედმეტი ბარგი. 

არადა, დღევანდელ ციფრულ ეპოქაში ძალზე რთულია დაარწმუნო  საკუთარ გაჯეტზე მაგიურად მიჯაჭვული მოზარდი, რომ არსებობს  უკეთესი ნივთი, რომელსაც შეუძლია მისი სულ სხვა სამყაროში გადასროლა, მისთვის უამრავი ერთმანეთისაგან კარდინალურად განსხვავებული ადამიანის გაცნობა, წარმოსახვისა და ფანტაზიის უნარის ისეთი განვითარება, რომელსაც ვერცერთი კომპიუტერული თამაში ვერ მოახერხებს. თანაც ეს ყოველივე ისე უნდა მოვახერხოთ, რომ არც ტექნოლოგიების მნიშვნელობის დამცირება-დამცრობა მოვინდომოთ, რაც არამარტო უიმედოდ  განწირული მცდელობა იქნება, არამედ  პრობლემის მიმართ არასწორი მიდგომაც.   როგორც იტყვიან, „კეისარს კეისრისა”. 

სტატიას სხვადასხვა კვლევებით დადასტურებული ფაქტებით განვაგრძობ. ეს უკვე ცნობილი ფაქტებია,  შესაბამისად  სადაოც არ გახლავთ.  ამჯერად მათ  სოლიდური საგანმანათლებლო ორგანიზაციების მიერ მეცნიერული მეთოდოლოგიით წარმოებული კვლევების ჭრილში განვიხილავთ, სადაც წიგნების კითხვის ყველა სიკეთე ციფრებსა და პროცენტებშია ასახული.  ამ მონაცემებს თქვენის ნებართვით გვერდით გადავდებთ და მხოლოდ რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტს მოგაწვდით ჩვენეული კომენტარებით იმის საილუსტრაციოდ, თუ რატომ ღირს ,,ბრძოლის” გაგრძელება. დავიწყოთ ჩვენთვის (მასწავლებლებსა  და მშობლებს ვგულისხმობ) ყველაზე მნიშვნელოვანით. კვლევები აჩვენებს, რომ მაღალი კლასის ის მოსწავლეები, რომლებიც კითხულობენ, გაცილებით უკეთეს აკადემიურ  შედეგებს აღწევენ იმათთან შედარებით, რომლებსაც კითხვა არ უყვართ. ამასთან კითხვის მოყვარული ბავშვები ბევრად გონებამახვილები არიან. ფსიქოლოგიური ფაქტორებიდან მკვლევრები ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზე, რომ კითხვის პროცესს შეუძლია მოზარდებისათვის დამახასიათებელი სხვადასხვა სახის სტრესის წარმატებით შემცირება-განეიტრალება.  ეს გასაკვირი სულაც არ არის. კითხვის დროს მოზარდი დროებით სხვა სამყაროში გადადის. „უკან დაბრუნებულს” ან საერთოდ  ავიწყდება თავისი წუხილი, ან ბევრად შეუმსუბუქდება იგი. ცნობილია, არაფერი ისე არ ამდიდრებს ლექსიკურ მარაგს, როგორც კითხვა, ხოლო მდიდარი ლექსიკური მარაგი ის რესურსია, რომლის   გამოყენება მთელი ცხოვრების მანძილზე წარმატების გარანტი გახლავთ. 

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს კითხვის სიყვარული ადრეული ასაკიდანვე გავუღვივოთ. საბავშვო ლიტერატურის ყველა კარგ ნაწარმოებს თავისი ასაკობრივი ზღვარი აქვს, რომელშიც ის ყველაზე ემოციურ დადებით გავლენას ახდენს  ბავშვის წარმოსახვაზე. ამ ასაკობრივი ეტაპის გასვლის შემდეგ ესა თუ ის კონკრეტული ნაწარმოები თანდათანობით პირვანდელ ეფექტს კარგავს, ხოლო დაგვიანებით მათი წაკითხვა უსარგებლოდ თუ არა, ცოტათი სასაცილო და ექსცენტრიკულ საქციელად მოჩანს. საბავშვო ლიტერატურა (მაგ; ცნობილი ზღაპრები) ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება და რესურსია ბავშვებში მორალური ღირებულებების ჩამოსაყალიბებლად. ბავშვები დიდი მონდომებით ცდილობენ  საყვარელი ზღაპრის გმირების საუკეთესო თვისებების თავიანთ ცხოვრებაში დამკვიდრებას. ბავშვებს წიგნების სიყვარული ცხოვრებისათვის მომზადებაშიც დაეხმარება. საბავშვო მოთხრობებში და ზღაპრებში მათთვის გასაგები, მარტივი ენით არის აღწერილი ცხოვრებისეული კონფლიქტები  და ამ პრობლემებისგან თავის დაღწევის გზებიც არის გადმოცემული. ჩვენ, რასაკვირველია, არ ვამტკიცებთ, რომ კითხვის მოყვარული ბავშვები სამომავლოდ ყველა პრობლემას წარმატებით გადაჭრიან, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ისინი გაცილებით ინფორმირებულები იქნებიან როგორც მოსალოდნელ პრობლემებზე, ასევე მათთან გამკლავების ხერხების თაობაზე. ლიტერატურის მეშვეობით ბავშვები სწავლობენ ერთმანეთის დახმარებას, კარგი და ცუდი საქციელის გარჩევას, სიმართლის თქმის მნიშვნელობას,  ცხოველებისა და ბუნების სიყვარულს და ა.შ.  ეს თვისებები დაეხმარება ბავშვს, გახდეს კარგი ადამიანი ცხოვრებაში. საუკეთესო საბავშვო ლიტერატურა მშვენივრად ახერხებს ერთნაირად დააინტერესოს ბიჭები და გოგონები, მიუხედავად იმისა, თუ  ვინ არის ნაწარმოების მთავარი გმირი. 

     საყურადღებოა ის გარემოება, რომ ხშირად ლიტერატურა ხდება ბავშვებში ცნობისმოყვარეობის აღძვრის და ახალი ცოდნის შეძენის  სტიმულატორი. ეს  მაშინ ხდება, როცა ნაწარმოებში ნახსენებია კონკრეტული ქვეყნები და ადგილები, ცხოველები და ფრინველები, ბავშვებისათვის მანამდე უცნობი ნივთები და ა.შ.  ბავშვები აუცილებლად შეეცდებიან, მათ შესახებ უფრო მეტი გაიგონ, რაც მათ ცოდნას გააფართოებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი ინტერესის რომელიმე ობიექტი   მოგონილი და სინამდვილეში არარსებული აღმოჩნდება, მათი მცდელობა უსარგებლო მაინც არ იქნება.
     ასევე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ბავშვების მიერ დამოუკიდებლად კითხვის საწყისი ეტაპი. მნიშვნელოვანია, რომ მათში გავაღვივოთ წარმატების მიღწევის პერმანენტული განცდა, როცა ისინი ამა თუ იმ მცირე ნაწარმოებს (შესაძლოა, სულაც ერთ გვერდს) წაიკითხავენ. კითხვის არაპოპულარულობას მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს დამკვიდრებული აზრი, რომ იგი რთული პროცესია. ამ სტერეოტიპის დამსხვრევა  და ბავშვის კითხვის მოყვარულ პიროვნებად ჩამოყალიბება დიდწილად  დაწყებით კლასში, სკოლის მერხთან წყდება. რაც უფრო იოლად შეძლებს მოსწავლე კითხვის სწავლას, მით უფრო კარგი მკითხველი იქნება იგი მომავალში. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვისთვის კითხვა თავიდანვე წარუმატებლობასა და მოსაბეზრებელ, რთულ საქმიანობასთან არ ასოცირდეს.  უმნიშვნელოვანესია, ბავშვებმა გამართული კითხვა ისწავლონ სწავლების პირველსავე წელს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სკოლაში შესვლამდე ყოველგვარი ფორმალური განათლების გარეშე ბავშვები ახერხებენ უამრავი სიტყვის სწავლას, სწორი მეთოდოლოგიის მეშვეობით ზემოთ დასახელებული ამოცანა მათთვის დიდ სიძნელეს არ უნდა წარმოადგენდეს.  

        დაბოლოს, კითხვა შესაძლოა გახდეს სრულიად ახალი კრეატიული იდეების წარმოშობის წყაროც. მაგალითად, დიდია იმის ალბათობა, რომ ყოველი წაკითხული წიგნი მხატვრული ნიჭით დაჯილდოებული ბავშვების ფანტაზიას განსაკუთრებულ სტიმულს მისცემს ახალი,  უკეთესი ნახატების შესასრულებლად. ამგვარად წიგნების მეშვეობით ნიჭიერი ბავშვები არამარტო შემოქმედებით უნარებს იუმჯობესებენ, არამედ უძლიერდებათ ლტოლვა ხელოვნების ამა თუ იმ დარგის მიმართ.  

კომენტარები

comments